პირჯვრისწერა - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
სამი თითით პირჯვრისწერის უარყოფა
ძველმართლმადიდებლურ და გაბატონებულ ეკლესიებს შორის მრავალი საწესჩვეულებო, ლიტურგიკული და დოგმატური შინაარსის სწავლა-მოძღვრებითი განსხვავებაა, მათ შორის ერთ-ერთია პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის წესები. ძველმართლმადიდებლური ეკლესია პირჯვრისწერას ასწავლის ძველი, საეკლესიო გადმოცემის თანხმიერად. თუ როგორ უნდა გამოისახოს პირჯვარი მართლმადიდებელმა ქრისტეანმა მიერ, ეს შესანიშნავად არის გადმოცემული რუსეთის პატრიარქის, იობის წერილში ქართველ მიტროპოლიტ ნიკოლოზისადმი:

"ყოველ მართლმადიდებელ ქრისტეანს ორი თითით მართებს პირჯვრის გამოსახვა. ვაერთებთ ცერა, ნეკა და არათითს ნიშნად იმისა, რომ გვწამს წმ. სამება: მამა, ძე და სულიწმიდა; ორ დანარჩენს კი - საჩვენებელსა და შუათითს ვტოვებთ გამართულად, ქრისტეს ორბუნებოვნების - ღვთაებრივის და კაცობრივის, - სიმბოლოდ. ოდნავ მოხრილი შუათითი მოგვანიშნებს ღვთაებრიობაზე მაცხოვრისა, რომელმან მოსდრიკა ზეცა და განკაცდა დედამიწაზე. აღმართული თითი კი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მაცხოვრის ამაღლებაზე მიანიშნებს" (იხ. სურ. 1).

პირჯვრისწერა მართლმადიდებლური ქრისტეანული სარწმუნოების ის აღმსარებლობითი ნიშანია, რომლის უმთავრეს დოგმატებს ყოვლადწმიდა სამების (მამის, ძისა და სულიწმიდის) და მისი მეორე იპოსტასის, - განკაცებული ძე ღმერთის მაცხოვნებელი მსხვერპლისა და მკვდრეთით აღდგომისადმი რწმენა წარმოადგენს; სწორედ ამ ფუძემდებლურ ჭეშმარიტებათა გამოსახატავად უძველესი დროიდან მოგვეცა ქრისტეანთ პირჯვრის საწერი თითების განსაკუთრებული წყობა.

როგორც პირჯვრის საწერი თითების წყობა, ასევე მათი მოძრაობის მიმართულება (ზემოდან ქვემოთ, შემდეგ კი მარჯვნიდან მარცხნივ) დოგმატური შინაარსის შემცველია და მათში ცვლილებების შეტანა ყოვლად დაუშვებელია. წმიდა მამათა განმარტებებით, პირჯვრისწერა აღნიშნავს ჯვარცმული ქრისტეს და წმიდა სამების აღიარებას. წმ. ბასილი დიდი ბრძანებს, რომ პირჯვრისწერის წესი ეკლესიას მიეცა ზეპირი გადმოცემით: "სასწაული ჯუარისა სახელისა მიმართ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა მორწმუნეთა ზედა დაბეჭდუაი ვინ გუასწავა ჩვენ წერით?" (დიდი რჯულისკანონი, "მეცნიერება", თბილისი, 1975 წ., გვ. 506). წმ. ეპიფანე კვიპრელი კი აღნიშნავს, რომ პირჯვრისწერა არის მაცხოვრის ნიშანი, რომელიც ყოველთვის იქადაგება ჯვრის ნიშით "რამეთუ ქრისტე არს თავ და ეკლესიაი ასოი მისა და სძალ მის დიდისა, რომელი ქადაგის ყოველსა ჟამსა ნიშითა მით ჯუარისაითა" (შატბერდის კრებული, თბილისი, 1979 წ., გვ. 139, ედ. ჭელიძე. "ეკლესია - სძალი უფლისა").

ამიტომაც, ძველი, მართლმადიდებლური ეკლესია საეკლესიო განწესებებითაც იცავს ამ უძველეს ჩვეულებას. ამის დასტურია თუნდაც არსენ იყალთოელის "დოგმატიკონი". სწორედ ამ წიგნშია ორი თითით ჯვრის გამოსახვის შესახებ ის ძველბერძნული მოწმობა, რომელსაც არარსებულად მიიჩნევენ ჩვენი თანამემამულენი. კერძოდ, წიგნის იმ ნაწილში, სადაც მოცემულია მონოფიზიტთაგან მართლმადიდებლურ ეკლესიაში გადმოსულთა მიღების წესი, უარყოფის ლოცვაში, რომელსაც კითხულობს მართლმადიდებლობად მოქცეული მონოფიზიტი, წერია: "ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯვარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, - შეჩვენება!"

საყურადღებოა, რომ მოგვიანებით, XVI საუკუნეში, იგივე განჩინება რუსეთის ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიასაც მიუღია, სადაც ნათქვამია: "Аще кто не крестится двема перстома, якоже Христос - да будет проклят!" (Стоглав, изд. втор. Казань, 1887 г., гл. 31, стр. 65).

აქვე განმარტებულია, რომ ეს კრულვა წმ. მამათა განჩინებას ეყრდნობა, ხოლო თუ გვკითხავენ, ამგვარი ანათემა სადღა წარმოთქვეს წმ. მამებმაო, პასუხად იმავე იაკობიტთა და მონოფიზიტთა მწვალებლობიდან გადმოსულთა მიღების წესს დავასახელებთ, სადაც გამოთქმულია ეს კრულვა.

ამრიგად, მართლმადიდებელი ქრისტეანი პირჯვარს უნდა იწერდეს ორი თითით და არა სხვაგვარად. წინამდებარე განყოფილება მთლიანად ეძღვნება ამ საკითხს და წარმოაჩენს ამის დამამტკიცებელ ფაქტობრივ მასალას.
მაცხოვრის ხატი


არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის შესახებ (იხ. ნაშრ. "გზა - მართლად სავალი". ნაწილი II. თ. IX. ჯვრის გამოსახვის შესახებ)

"მართლმადიდებლურ ხატებზე გამოსახული თითთაწყობის შესახებ" (გამოხმაურება ბ-ნ ბესარიონ გუგუშვილის სტატიაზე: "წმინდა სამების ხატის კანონიკური მართლმადიდებლური იკონოგრაფია").


პროფ. ე. გოლუბინსკი



ს. ვ. რასკინი



ფიოდორ მელნიკოვი




მღვდელი დმიტრი იურიევიჩი (მოსკოვის სასულიერო აკადემიის მასწავლებელი)



ბორის ანდრიას ძე უსპენსკი



ს. ი. ბისტროვი

ორთითიანი წყობა ქრისტეანული ხელოვნებისა და მწერლობის ძეგლებში (იხ. ნაშრ. "გზა - მართლად სავალი". ნაწილი II. თ. IX. ჯვრის გამოსახვის შესახებ. 10-13.)


ჯორჯე ტრიფუნოვიჩი

oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому