სამი თითით პირჯვრისწერის უარყოფა
პასუხი დეკანოზ ი. გ. ვინოგრადოვს თითთა წყობის შესახებ
(შემოკლებით)
ავტორი: პროფ. ე. გოლუბინსკი (1834 - 1912) — რუსეთის ეკლესიის ისტორიისა და საეკლესიო არქიტექტურის ისტორიკოსი. საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის ორდინარული აკადემიკოსი რუსული ენისა და სიტყვიერების დარგში (1903).
***
მეცნიერებაში მყარად ფესვგადგმული ისეთი აზრის უარყოფა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მტციკედ ეპყრათ, მხურვალედ იცავდნენ და ქადაგებდნენ, რა თქმა უნდა, არც ადვილია და არც სასიამოვნო. მაგრამ ხშირად ამგვარ სამეცნიერო შეხედულებასთან დაკავშირებით ცნობილი ხდება ახალი ფაქტები, რომლებიც მის სიმცდარეს ააშკარავებენ. რა უნდა ვქნათ ასეთ შემთხვევაში?
რაც უნდა მძიმე და არასასიამოვნო იყოს, ამგვარ შეხედულებას უნდა დავემშვიდობოთ, რადგან სიჯიუტის გამოჩენა იმ საკითხის დაცვაში, რომელიც მცდარი აღმოჩნდა, უცნაურიც იქნებოდა და ამაოც. სწორედ ასე მოხდა ჩვენს პოლემიკაში ძველმოწესეებთან პირჯვრის გადასაწერი თითების წყობასთან დაკავშირებით. ძველმოწესეების წინააღმდეგ შემართულ ჩვენს პოლემისტებს, უკიდურეს შემთხვევაში ზოგიერთი მათგანს, არ სურთ გააკეთონ ის, რისი გაკეთებაც მართებთ, ანუ უარი თქვან იმ შეხედულებაზე, რომელიც მცდარი აღმოჩნდა.
ძველმოწესეების მოწინააღმდეგე ჩვენი პოლემისტები მიიჩნევენ, რომ ჩვენ მიერ გამოყენებული სამი თითით პირჯვრისწერა ორი თითით პირჯვრისწერაზე უფრო ძველია, რომელსაც ძველმოწესეები მისდევენ. ჩემს სტატიაში “პირჯვრისსაწერი და კურთხევის გასაცემი თითების წყობის შესახებ”, რომელიც “საღვთისმეტყველო მაცნის” ("Богословский Вестник") 1892 წლის აპრილის ნომერში დაიბეჭდა, იმ ვარაუდის სასარგებლოდ, რომ ორი თითით პირჯვრისწერა სამი თითით პირჯვრისწერაზე უფრო ძველია, დავუმატე კიდევ ერთი მოწმობა, რომელიც საბოლოოდ, დადებითად წყვეტს ამ საკითხს.
ადრე ცნობილი მოწმობები შეიძლებოდა გაგვეგო ისე, რომ ჯვრის გამოსახვის ორთითიანი წესი უსწრებდა სამთითიანს მხოლოდ საბერძნეთის აღმოსავლეთით - ანტიოქიის საპატრიარქოში, ხოლო დასავლეთში - კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში, ძველთაგანვე გავრცელებული იყო სამი თითი. მე მივუთითე მოწმობა, რომელიც ცხადყოფს, რომ კონსტანტინოპოლშიაც ორი თითი სამ თითზე უფრო ადრე გამოიყენებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელს ბერძნულ ეკლესიაში ორი თითი წინ უსწრებდა სამ თითს. ჩემი ამ მოწმობის წინააღმდეგ დაწერა სწორედ თავისი სტატია დეკანოზმა ვინოგრადოვმა, რომელიც მოთავსებულია “ძმური სიტყვის” ("Братское Слово") 1893 წლის მე-9 ნომერში.
ჩემს მიერ მითითებული მოწმობა განეკუთვნება XII საუკნის მეორე ნახევარს. იმპერატორმა მანუილ კომნინოსმა დაამყარა კავშირები სომეხ კათალიკოსთან (პატრიარქთან) იმ იმედით, რომ დაამყარებდა ერთობას მართლმადიდებლებსა და სომხებს შორის. მოლაპარაკებისთვის იმპერატორმა კათოლიკოსს გაუგზავნა ერთი სწავლული ბერი, სახელად თეორიანე. თეორიანე ორჯერ გაემგზავრა სომხეთში, 1170 და 1172 წლებში, თვითონვე აღწერა თავისი გასაუბრებები სომხებთან სარწმუნოებრივ საკითხებზე, რომლებსაც ის აწარმოებდა თავისი ორივე მოგზაურობის დროს.
მეორე მოგზაურობის გასაუბრებაში თეორიანეს თხზულებაში ვკითხულობთ: "ერთ-ერთი მოლაპარაკებისას ადგა ერთი სირიელი მღვდელი (ცხადია, სირიელ იაკობიტთა წარმომადგენელი, რომლებიც ისეთივე მონფიზიტები იყვნენ, როგორიც სომხები და მონაწილეობდნენ მოლაპარაკებებში. ამ მიზნით იაკობიტმა პატრიარქმა სომეხ კათოლიკოსთან გამოაგზავნა ეპისკოპოსი მღვდლებითურთ) და თეორიანეს ჰკითხა: "რატომ იწერთ თქვენ პირჯვარს ორი თითით? განა აქ განცალკევებულნი არ არიან თითები ერთმანეთისგან? შედეგად, თქვენი რწმენით განცალკევებულია ქრისტეში ორი ბუნება (აზრი ის არის, რომ თუ ვაღიარებთ ორ განცალკევებულ ბუნებას, რომელიც არ შეერთებულა ერთ იპოსტასში, როგორც ასწავლიდნენ მონოფიზიტები, უნდა გვეღიარებინა ორი პირი, რაც იქნებოდა ნესტორიანელობის მწვალებლობის განმეორება).
ამაზე თეორიანემ უპასუხა: ქრისტეში ორ განცალკევებულ ბუნებას არ ვაღიარებთ, მაგრამ... (შემდგომი იხ. ქვემოთ).
რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო ცხადი მოწმობა? ადამიანს, კონსტანტინოპოლის ეკლესიის წარმომადგენელს, რომელიც კონსტანტინოპოლის იმპერატორმა და პატრიარქმა ოფიციალურად გააგზავნეს მოლაპარაკებებზე, ეკითხებიან: "რატომ იწერთო პირჯვარს ორი თითით"? განა სრულიად უდავო არ არის, რომ ეს შეკითხვა ნიშნავს: "თქვენ, კონსტანტინოპოლელი ბერძნები, რატომ იწერთ პირჯვარს ორი თითით" და შეიძლება თუ არა ეს შეკითხვა გაგებულ იქნას სხვაგვარად? მაგრამ, ადრინდელი შეხედულებების ერთგული მიმდევარი დეკ. ვინოგრადოვი შენიშნავს, რომ მოწმობა არ არის მკაფიო და თურმე სრულიადაც არ ადასტურებს იმას, თითქოსდა XII საუკუნის მეორე ნახევარის კონსტანტინოპოლელ ბერძნებს შორის ორი თითით პირჯვრისწერა ყოფილიყო გაბატონებული. მაგრამ, ის რაც სრულიად ცხადია, ხომ არ უნდა გადააქციოს მამა ვინოდგრადოვმა სრულ გაუგებრობად, ამიტომაც მისი არგუმენტები ჩემს მიერ მოტანილი მოწმობის წინააღმდეგ სრულიად უსუსურია.
უპირველეს ყოვლისა, მამა დეკანოზი მადანაშაულებს, თითქოსდა ჩემს მიერ მოტანილ მოწმობაში ვაკეთებ არასწორ დასკვნას, კერძოდ - თითქოსდა მე, ვარღვევ ცნობილი ლოგიკურ პოზიციას, რომლის მიხედვითაც კერძოდან არ კეთდება ზოგადი დასკვნა, რაც, თურმე, ჩანს ჩემ მიერ მოტანილი მოწმობიდან და გაკეთებული დასკვნიდან - "არა მარტო კონსტანტინოპოლში, არამედ ყველგან, ბერძნებში დაცული იყო საყოველთაო ჩვეულება პირჯვარი დაეწერათ ორი თითით".
მაგრამ მამა დეკანოზი სრულიად უსაფუძვლოდ მადანაშაულებს. მე ნამდვილად დავასკვენი, რომ XII საუკუნის მეორე ნახევარში და ადრეც, ორი თითით პირჯვრისწერა ნამდვილად საყოველთაო იყო ბერძნებში, მაგრამ ამ დასკვნას მარტო ერთ მოწმობაზე დაყრდნობით კი არ ვაკეთებ, არამედ ყველა იმ მოწმობიდან გამომდინარე, რაც კი ორი თითით პირჯვრისწერაზე არსეობობს; ან კიდევ, ორი თითით პირჯვრისწერის შესახებ ჩემს მიერ მოტანილი მოწმობებისა და ადრე ცნობილი მოწმობების ურთიერთ შეჯერების საფუძველზე.
ორი თითით პირჯვრისწერაზე აქამდე ცნობილ მოწმობებთან დაკავშირებით, თუ ვინმეს ექნებოდა სურვილი დაეცვა სამი თითით პირჯვრისწერის სიძველე, შეეძლო დამდგარიყო იმ აზრზე, რომ მათში მთლიანი ბერძნული ეკლესია კი არ იგულისხმება, არამედ მხოლოდ მისი აღმოსავლეთი ნაწილი, - ანტიოქიის საპატრიარქო, ხოლო დასავლეთ ნაწილზე - კონსტანტინოპოლის საპატრიარქოზე შეეძლო ემტკიცებინა, რომ მასში, ძველი დროიდანვე გაბატონებული იყო სამი თითით პირჯვრისწერა. ჩემს მიერ მოტანილი მოწმობიდან კი ცხადი ხდება, რომ ბერძნული ეკლესიის დასავლეთ ნაწილშიც, ანუ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოშიც, ორი თითითი პირჯვრისწერა იყო გაბატონებული.
ორი თითით პირჯვრისწერაზე დამოწმებული უკვე ცნობილი ახალი წყაროებიდან გამომდინარე ვასკვნი, რომ საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ორი თითით პირჯვრისწერა საერთო და საზოგადო იყო ბერძნებისთვის და ამით, სრულიადაც არ ვარღვევ ლოგიკის პრინციპებს, როგორც მამა ვინოგრადოვი მაბრალებს, და კერძოდან არ ვაკეთებ ზოგად დასკვნებს.
მაგრამ მამა დეკანოზმა აღმართა ჩემს წინააღმდეგ სრულიად უსაფუძვლო და მისთვისაც უსარგებლო ბრალდებები.
დავუშვათ კერძო მოწმობიდან გამომდინარე გავაკეთე ზოგადი დასკვნა, ანუ კონსტანტინოპოლის საპარტრიარქოს მაგალითი განვავრცე მთელს ბერძნულ ეკლესიაზე. ეს უსამართლო დასკვნა (რომელიც მე არ გამიკეთებია) მოცემულ შემთხვევაში არაფერ შუაში იქნებოდა (საქმესთან მიმართებაში). საკუთრივ საკითხი დგას ასე: რას მეტყველებს ჩემ მიერ დამოწმებული ახალი მოწმობა კონსტანტინოპოლის პატრიარქზე? მ. დეკანოზის აზრით, ჩემი ახალი მოწმობა "მრავალ ეჭვს ტოვებს იმაში, რომ მხოლოდ კონსტანტინპოლშიც კი ყველას მიერ გამოიყენებოდა ორი თითი", რომ ახალი მოწმობის საფუძველზე საკმარისია ითქვას, რომ ორ თითს XII ს-ის კონსტანტინოპოლში იყენებდა ზოგიერთი (კურსივი ავტორისაა) და არ არსებობს არანაირი საფუძველი (კურსივი კვლავ მისია) ვამტკიცოთ, რომ ამ დროისთვის მას გააჩნდა ფართო გამოყენება".
მკითხველმა იცის ეს მოწმობა და მანვე განსაჯოს: რამდენად საფუძვლიანია და სამართლიანი მოწმობა განვიხილოთ იმ შეზღუდული აზრით, როგორის მიცემას სურს მისთვის მ. დეკანოზს.
კონსტანტინოპოლის ეკლესიის წარმომადგენელს მიმართავენ შეკითხვით: "რატომ იწერთ პირჯვარს ორი თითით?" მაშ, კაცთაგან, თუკი დაინტერესებული არ არის ამ მოწმობის ძალის უარყოფაში, განა გაიგებს შეკითხვას ისე, რომ მასში მხოლოდ ზოგიერთი კონსტანტინოპოლელი იგულისხმოს, და არა ყველა ან უკიდურეს შემთხვევაში უმრავლესობა ეკლესიის მეთაურის ჩათვლით?
შეკითხვის დამსმელ იაკობიტელ მღვდელს სულაც არ აინტერესებდა ზოგიერთები კონსტანტინოპოლში, მისთვის მნიშვნელოვანი იყო ეკლესიის წარმომადგენელთა ჩვეულება და მისი მიმდევარი უმრავლესობა, ამიტომაც კითხულობს ასე: "რატომ იწერთ პირჯვარს ორი თითით?" თუკი თეორიანეს დროს ორი თითით პირჯვრისწერა კონსტანტინოპოლში გაბატონებული ჩვეულება არ იყო, არამედ მას მხოლოდ ზოგიერთი მისდევდა, მაშინ თეორიანე ასეც იტყოდა, რომ ორი თითით პირჯვრისწერას კონსტანტინოპოლში მხოლოდ ზოგიერთი მისდევს, და არა ეკლესიის წარმომადგენლები ერის უმრავლესობასთან ერთად, მაშინ როდესაც ის მკაფიოდ პასუხობს: დიახ, ჩვენ ვიყენებთ ორი თითით პირჯვრისწერას, ოღონდ მას ვუკავშირებთ არა იმ აზრს, რომელსაც შენ ფიქრობ.
არ ჩერდება რა იმაზე, თეორიანეს სიტყვებს მიანიჭოს შეზღუდული აზრი, მ. დეკანოზი გამოთქვამს ვარაუდს, თითქოსდა თეორიანემ პირჯვრის საწერად გამოიყენა სამი თითი, რომელიც სირიელ მღვდელმსახურს შეეძლო ორ თითად მოჩვენებოდა (იმის შედეგად, რომ ვინც პირჯვრისმაწერალს უმზერს ხედავს მხოლოდ ხელის მტევნის ზედა მხარეს, რადგან თითები სახისკენ არის მიმართული და ამასთან ვერ ხედავს რა წყობითაა შეკრული თითები): მაგრამ ეს ვარაუდი უკიდურესად უსუსურია თავისთავად, ყოველ შემთხვევაში მას სრულიად აცამტვერებს თორიანე თავისი მკაფიო სიტყვებით (რითაც თავიდან გვაშორებს აუცილებლობას ვაჩვენოთ ოპონენტის არგუმენტის უსუსურობა) და ამბობს, რომ კონსტანტინოპოლელი ბერძნები პირჯვარს იწერდნენ ორი თითით.
ჩემ მიერ მკაფიო მოწმობის წინააღმდეგ მ. დეკანოზი უთითებს იმას, რომ: 1) თეორიანე ორი თითს ანიჭებს უჩვეულო მნიშვნელობას, 2) რომ, როცა ორ თითზე ლაპარაკობს, ის იყენებს მრავლობით და არა ორობით რიცხვს. მ. დეკანოზს ახლა მითითებულ შემოპასუხებათა საფუძველზე რომ განეცხადებინა ეჭვი ჩემ მიერ მოტანილ მოწმობებში, უფრო გასაგები იქნებოდა; მაგრამ, რადგან ის ეჭვებს არ აცხადებს, მისი შემოპასუხება ჩემთვის ხდება სრულიად გაუგებარი. რაში გვაინტერესებს ჩვენ ის, რომ თეორიანე ორ თითს ანიჭებს უჩვეულო მნიშვნელობას და, რომ ის იყენებს მრავლობით რიცხვს, და არა ორობითს? ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის, რომ თეორიანე სრულიად მკაფიოდ მოწმობს მის დროს კონსტანტინოპოლში ბერძნების მიერ ორი თითის გამოყენებაზე.
რაც შეეხება მნიშვნელობას, რომელსაც თეორიანე ანიჭებს ორი თითს, უნდა ითქვას, რომ ის ეუბნებოდა მღვდელმსახურს: "ჩვენ ასე ვიქმთ (ანუ ორი თითით ვიწერთ პირჯვარს) არა იმიტომ, რომ ორი თითით ქრისტეს ორ ბუნებაზე მივუთითებთ, არამედ იმას, რომ გავთავისუფლდით ეშმაკის მონბისგან, და განსწავლულნი ვართ მის წინააღმდეგ ვიღვაწოთ ხელებით, რადგან მათით ვიქმთ სიმართლეს, მოწყალებას და სხვა სათნოებებს, ეს არის სწორედ ღვაწლი, ხოლო თითებით, აღვიბეჭდებით რა ქრისტეს ბეჭდით, ვიბრძვით მის (ეშმაკის - რედ.) წინააღმდეგ, ამით ვამარცხებს მას და დავითთან ერთად ვადიდებთ უფალს, სიტყვებით: "კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რომელმან ასწავა ჴელთა ჩემთა ღუაწლი და თითთა ჩემთა - ბრძოლა" (ფსალმ. 143:1), - თითი კი არ იგულისხმება (როგორც თქვენში გულისხმობენ, იაკობიტებში), არამედ თითები".
რატომ არ უნდა თეორიანეს იმისი აღიარება, რომ მართლმადიდებლები ორი თითით გამოხატავდნენ იესუ ქრისტეს ორბუნებოვნების შესახებ სწავლებას და ორ თითს აძლევს სხვაგვარ განმარტებას? ამაზე გარკვეული პასუხის გაცემა არ ძალგვიძს, ყველაზე სავარაუდოდ კი მივიჩნევთ იმ აზრს, რომ მას სურდა სირიელ მღვდელმსახურთან დავაში თავი აერიდებინა საკითხისთვის კარგად თუ ცუდად გამოიხატება ორი თითით მართლმადიდებლური სწავლება ქრისტეს ორი ბუნების შესახებ (1).
________________________
1. მ. დეკანოზი თეორიანეს სიტყვებში ეძებს შეუსაბამობას; მაგრამ ეს მხოლოდ შარიანობაა მისი მხრიდან (თან სრულიად უსარგებლო მისი მიზნებისთვის), სინამდვილეში თეორიანეს სიტყვებში არ არის არავითარი შეუსაბამობა.
________________________
რაც შეეხება თეორიანეს მიერ ორობითი რიცხვის ნაცვლად მრავლობითის გამოყენებას, დაე მ. დეკანოზმა კარგად ჩაიხედოს ბერძნული გრამატიკის დიდ და კარგ სახელმძღვანელოებში, სადაც ის იპოვის პასუხს თავის კითხვაზე ან საკუთარი გაურკვევლობის გადაწყვეტილებას.
და ბოლოს, მ. დეკანოზის უკანასკნელი არგუმენტი ჩემ მიერ მოტანილი ახალი მოწმობის წინააღმდეგ არის ის, რომ თურმე ჩემი სტატია პირჯვრისწერის შესახებ "არცთუ საფუძვლიანია" და სავსეა უძლური დასკვნებით, რომელთაც მე მხოლოდ ვარაუდების საფუძველზე ვაკეთებ. მ. დეკანოზი სამართლიანადაც რომ მადანაშაულებდეს იმაში, რომ ჩემი სტატია ავსებული იყოს საკმაოდ უძლური დასკვნებით: ესეც კი ვერანაირად შეასუსტებდა ჩემ მიერ მოხმობილ ახალ მოწმობას, რადგან ყველა ჩემი "ფრიად უძლური" დასკვნები სულაც არ არის მასთან კავშირში. მომყავს რა ახალი მოწმობა, მე მხოლოდ ვიმოწმებ მას და არ ვაკეთებ არავითარ დასკვნებს, რადგან ის, როგორც თავისთავად სრულიად მკაფიო მოწმობა, არავითარ დასკვნებს არ საჭიროებს (2) (უძლურ დასკვნებთან დაკავშირებულ ბრალდებებზე, ვაცხადებ რა მათ უსამართლოდ, თავის მართლებას საჭიროდ არ ვთვლი, რადგან ეს საქმეს სულაც არ ეხება).
________________________
2. შეუძლებელია ეჭვ ქვეშ დაყენება იმისა, რომ თეორიანეს სიტყვა შეიცავს მკაფიო მოწმობას იმისა, რომ XII ს-ში ორთი თითით პირჯვრისწერა საყოველთაოდ იყო გაბატონებული კონსტანტინოპოლში. თეორიანეს ორი თითით პირჯვრისწერის თავისებური განმარტება რომ არ გაეკეთებინა, მაშინ, შესაძლოა, მასში გაურკვეველი ყოფილიყო: თუ რომელ თითთაწყობაზე მსჯელობდა იგი, - პირჯვრისსაწერ წყობაზე თუ კურთხევის გასაცემზე, რადგან მსურველებს შეეძლოთ მისი სიტყვა ამ უკანასკნელთა მიმართაც გაეგოთ. მაგრამ ორი თითით პირჯვრისწერის თავის განსაკუთრებულ განმარტებაში ის მკაფიოდ გვიცხადებს, რომ ლაპარაკობს პირჯვრისსაწერ თითების წყობაზე.
________________________
მ. დეკანოზი მსაყვედურობს იმისთვის, რომ ადრინდელი მოწმობები ორთითიან პირჯვრისწერასთან დაკავშირებით ოდენ რწმენით მივიღე, საკუთარი კრიტიკული გადამოწმების გარეშე და თვითონ განიხილავს ამ მოწმობებს მათი უმნიშვნელობის საჩვენებლად. მე ადრინდელი მოწმობები რწმენით არ მიმიღია, ხოლო თუ ჩემს სტატიასი არ ვიძლევი მათი შემოწმების კრიტიკულ ანალიზს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს საჭიროდ არ ჩავთვალე. მე ამ გადამოწმებას არც ახლა მივმართავ, რათა უარვყო მ. დეკანოზის განხილვები, რადგან ეს ძალიან შორს წამიყვანდა, არადა ჩვენი მიზნისთვის ამგვარი რამ სულაც არ არის საჭირო (3).
________________________
3. მ. დეკანოზს სანიმუშოდ მივუთითებთ იმას, თუ როგორ შეიძლება ერთი და იგივე მოწმობა აკვიატებული აზროვნების მქონე (არაობიექტური) ადამიანისა და ობიექტური მკვლევარისთვის შეიძლება იყოს სრულიად განსხვავებული მნიშვნელობის მქონე. ის, - მ. დეკანოზი, - რომელსაც მხოლოდ სამთითიანი წყობის უძველესობის დამტკიცების სურვილი ამოძრავებს, პეტრე დამასკელის მოწმობას უმნიშვნელოდ მიიჩნევს; ხოლო ბერძნული პიდალიონის გამომცემელი, რომელსაც მითითებული მიდრეკილება არ გააჩნდა, ყოველგვარი შენიშვნების გარეშე იღებს იმ მოწმობას, რომ პეტრეს თანამედროვე ბერძნები (არა მარტო ანტიოქიის საპატრიარქოში, არამედ საზოგადოდ) პირჯვარს იწერდნენ ორი თითით. იხ. მე-2 შენიშვნა ბასილი დიდის 91-ე კანონის განმარტებაში.
________________________
რაკიღა ჩვენ ვაღიარებთ თეორიანეს მოწმობას, - ხოლო მისი არაღიარება შეუძლებელია, - ჩვენთვის მარტო ამ მოწმობით საკითხი პირჯვრისსაწერი თითების შესახებ უეჭველად უნდა გადაიჭრას იმ აზრით, რომ კონსტანტინოპოლელ ბერძნებში, მათ კვალობაზე კი ჩვენშიც, ანუ რუსებშიც, ორი თითით პირჯვრისწერა სამი თითით პირჯვრისწერაზე უძველესია და, რომ მათთანაც და ჩვენშიც პირველი წინ უსწრებდა მეორეს.
შეუძლებელია საქმე ისე წარმოვიდგინოთ, რომ კონსტანტინოპოლელ ბერძნებში თავდაპირველი ერთი თითით პირჯვრისწერის შემდეგ ხმარებაში შემოვიდა ორი თითი, რათა სამი თითით პირჯვრისწერა შეცვლილიო ორი თითით და, რათა შემდეგ ის კვლავ ყოფილიყო მიღებული ორთითიანი წყობის სანაცვლოდ. მაგრამ რადგან შეუძლებლად მიგვაჩნია საქმის ამგვარი წარმოდგენა და ვხედავთ, რომ მოწმობები სწორედ ორი თითით პირჯვრისწერის უძველესობაზე მოწმობენ თვით კონსტანტინოპოლელ ერძნებში, აუცილებელია, რაკიღა ეს სრულიად აშკარაა, საქმე ისე წარმოვიდგინოთ, რომ პირველდაწყებითი ერთი თითით პირჯვრისწერა კონსტანტინოპოლში შეიცვალა ორი თითით და, რომ მხოლოდ ამის შემდეგ შეცვალა ორი თითი სამთითიანმა წყობამ (პირჯვრისსაწერი თითების წყობის განვითარების თეორიის შესახებ იხ. ჩვენი: "გზა - მართლად სავალი". წიგნი II. "გრანდიოზული დივერსია". თ. IX. ჯვრის გამოსახვის შესახებ - რედ.).
ხოლო თუ ეს ასეა და ჩვენ უეჭველად ვიცით, რომ ორი თითით პირჯვრისწერა გაბატონებულ იყო კონსტანტინოპოლში უკიდურეს შემთხვევასი 1172 წლამდე (როდესაც თეორიანე დავას აწარმოებდა სომხებთან0, მაშინ აქედან აუცილებლად მომდინარეობს ის, რომ ჩვენ - რუსებმა, პირველდაწყებითად, ქრისტიანობასთან ერთად კონსტანტინოპოლელი ბერძნებისგან მივიღეთ ორთითიანი პირჯვრისწერაც
ამრიგად, თეორიანეს სრულიად მკაფიო მოწმობა, რომ XII ს-ის მეორე ნახევარში კონსტანტინოპოლელ ბერძნებში გაბატონებულ იყო ორთითიანი პირჯვრისწერა, ურყევად დადასტურებულია და მას მ. დეკანოზი ვინოგრადოვი ვერ უარყოფს, რადგან ამისი უარყოფა შეუძლებელია. ხოლო მოწმობიდან აუცილებლობით მომდინარეობს ის, რომ კონსტანტინოპოლელ ბერძნებში, მათ კვალობაზე კი ჩვენშიც - რუსებში, ორი თითით პირჯვრისწერა სამი თითით პირჯვრისწერაზე უძველესია...
თეორიანეს მოწმობა ორთითიან პირჯვრისწერაზე სრულიად მკაფიოა და შეუძლებელია მისი სხვაგვარად განმარტება. შევახსენებთ რა მ. დეკანოზს "რასკოლის" მოწინააღმდეგე ადრინდელი პროფესიონალი პოლემისტების მიერ იმის ჯიუტ უარყოფაზე, რაც მეცნიერთა მიერ დამტკიცებული და აღიარებული იყო, ვაძლევთ მას (სხვა პროფესიონალ პოლემისტებთან ერთად) (4) ჩვენს გულწრფელ რჩევას შეიცვალონ ეს აზრი. ამ შემთხვევაში ის (სხვებთან ერთად) გაჰყვება კეთილ მაგალითს მაღალყოვლადუსამღვდელოესი მაკარისა, რომელიც სწორედ ასე იქცეოდა და, ურყევად, სიჯიუტის გარეშე, უარს ამბობდა იმ შეხედულებებზე, რომლებიც მცდარი იყო (5).
________________________
4. ვგულისხმობთ ასმუხლიანი კრების უარყოფას, და ე. წ. მცირე პროსკინიტარიონის ანუ არსენი სუხანოვის მუხლებრივი სიის "რასკოლნიკურ" სიყალბედ აღიარებას, მტკიცებულებებს, თითქოსდა "რასკოლნიკები" თვითონ იყვნენ წიგნების შემსწორებლები პატრ. იოსების დროს.
5. რაც შეეხება მაღალ და თავდაჯერებულ ტონზს, რომლითაც მ. დეკანოზი გველაპარაკები თავისი სტატიიდან, მივუთითებთ მას სამწუხარო-ჭკუის სასწავლ მაგალითზე ანალოგიური მაღალი და თავდაჯერებული ტონისა, რომელიც ეჭირა აწ გარდაცვლილ დობროტვორსკის. ასმუხლიანი კრების გამოცემის წინასიტყვაობაში დობროტვორსკი წერდა: "ასმუხლიან კრებასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი უკვე გადაწყვეტილია; ახლა ვერავინ, გარდა ყველაზე ბნელი ადამიანისა, მას არც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკურ წიგნად ჩათვლის, არც ნამდვილ წყაროდ, ანუ თვით კრების დაუზიანებელ აქტებად; გამოკვლეულია და დამტკიცებულია, რომ უკიდურეს შემთხვევაში, ზოგად მონახაზებში, ეს წიგნი შედგენილია ვიღაცის მიერ, შესაძლოა თვით ასმუხლიანი კრების რომელიმე წევრის მიერ, მაგრამ უკვე კრების დამთავრების შემდეგ..." და ა. შ. და რა მოჰყვა ამგვარ მაღალფარდოვან და თავდაჯერებულ ლაპარაკს? ... თუ რა მოჰყვა, ეს მ. დეკანოზმა, რა თქმა უნდა, იცის...
________________________
წყარო: Е. Е. Голубинский. К нашей полемике со старообрядцами: Ответ о. протоиерею И. Г. Виноградову о перстосложении. // Журнал "Богословский Вестник, издаваемый Московскою Духовною Академиею". – 1893. – Том ИИИ. – с. 315-326.