პირჯვრისწერა - რა არის "მალაქსა"? - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
სამი თითით პირჯვრისწერის უარყოფა
რა არის "მალაქსა"?
სახელობითი კურთხევის წყობა
როგორც ცნობილია, "მალაქსას" ძველმორწმუნეები უწოდებენ სახელობით თითთა წყობას (1), რომლითაც ახალმოწესე სასულიერო პირები აკურთხებენ ერისკაცთ. ის ატარებს ნიკოლა მალაქსის სახელს, რომელიც წარმოშობით ქ. ნაფპლიონიდან იყო, რომელიც პელოპონესის ნახევარკუნძულზეა.
 

 
1. სახელობითი ან სახელწყობითი (Именословное) კურთხევა. ილუსტრაცია ნიკოლოზ მალაქსას თხზულებაზე წიგნიდან "Скрижаль" 1565 წ.) (დღევანდელი ასოები და ისრები თვალსაჩინოებისთვის დამატებულია თანამედროვე პერიოდში, თვით წიგნში ამგვარი დამატებები არ გვაქვს).
 
სახელობითი (ან სახელწყობითი) კურთხევა - ეს არის თითების განსაკუთრებული წყობა, რომელსაც ახალმოწესეთა ოფიციალურ, მართლმადიდებელ ეკლესიაში მხოლოდ მღვდელმთავარი ან მღვდელი იყენებს კურთხევისთვის. ამასთან, ყოველი თითი გამოხატავს ბერძნული ალფავიტის ასოს, რაც საბოლოო ჯამში წარმოადგენს იესუ ქრისტეს სახელის მონოგრამას - IC ХС (საჩვენებელი თითი გამართულია, რაც შეესაბამება ასოს I, შუათითი ოდნავ მოხრილია და წააგავს ასოს C, დიდი თითი გადაჯვარედინებულია უსახელო თითთან და წააგავს ასოს X (თუმცა, თუ კარგად დავაკვირდებით, ეს უფრო α-ს (ალფა) წააგავს, ვიდრე χ-ს. და ბოლოს, ნეკა თითი აწეულია და ოდნავ მოხრილი, რითაც წააგავს ასოს - C. აქედან კი გამოდისო - IC ХС - იესუ ქრისტე (იხ. სურ. ქვემოთ).
 

სახელობითი თითების წყობა "მალაქსა"
 
ნიკოლა დაიბადა 1573 წლის შემდეგ, განათლება კონსტანტინოპოლში მიიღო. 1540 წელს თურქების მიერ ქვეყნის დაპყრობის შემდეგ, ის ვენეციაში გადავიდა. არქიმანდრიტ პორფირის (უსპენსკი) თქმით, 1558 წელს ნიკოლა წიგნთა შემსწორებელი იყო ვენეციაში ანდრია სპინელის ბერძნულ ტიპოგრაფიაში, რომელიც, მაშინ არსებული ჩვეულებისამებრ, ბეჭდვით წიგნებს საკუთარი შეხედულებებისამებრ ასწორებდა. ნიკოლა მალაქსას განმარტება სახელობითი თითთაწყობისა 1656 წელს გადაითარგმნა და დაიბეჭდა ნიკონ პატრიარქის "ფილაქანში" ("Скрижаль") სახელწოდებით "О знаменовании соединяемых перстов руки священника, внегда благословите ему христоименитые люди" ("ქრისტიანთა საკურთხებლად მღვდლის თითების შეერთების შესახებ").
 
იმის შემდეგ, რაც ბერძნული ეკლესია დაექვემდებარა უძლიერეს კულტურულ და რელიგიურ ზეწოლას მუსლიმთა და ჯვაროსანთა მხრიდან, მან დაკარგა ქრისტეს აღსარების მსოფლიო, კათოლიკე (საყოველთაო) ხასიათი, და უფრო საკუთარი რწმენის ეროვნული იდენტიფიკაციისგან გადაიხარა. ასე, მაგალითად, ბერძნებმა დაიწყეს მტკიცება, რომ მხოლოდ მათი თანამედროვე ბერძნული ენა, ახალბერძნული წეს-ჩვეულებები და ტრადიციები ავლენენ მართლმადიდებლური რწმენის საფუძვლებს.
 
არადა ზოგიერთი ახალბერძნული ტრადიცია სრულიად ეწინააღმდეგებოდა საყოველთაო მართლმადიდებლურ გადმოცემას. ასე, მაგალითად, ბერძნებმა დაიწყეს მტკიცება, თითქოსდა სასულიერო პირებმა ერი უნდა აკურთხონ ე. წ. "სახელობითი წყობით", ანუ თითები უნდა შეკრან ისე, რომ მათით წაკითხულ იქნას ბერძნული ასოები IС и ХС. ამასთან ამბობდნენ, რომ თითები, რომლებიც გამოსახავენ ბერძნულ ასოებს, ადამიანს მისცა უფალმა: "საღმრთო განგებულებით დასაბამიდანვე მისგან, ყოვლისშემქმნელისგან, ადამიანური ხელის თითები ასე მოეწყო, არც მეტი არც ნაკლები..." (Скрижаль, об. 817 листа).
 
გარდა ამისა, ბერძნები და მათი მიმდევარი ახალმოწესეები ირწმუნებოდნენ, რომ ბერძნული ასოებით ისრაელში პირველად აკურთხა მაცხოვარმა: "ამგვარი თითების წყობა და კურთხევა თვით ჩვენი უფლის იესუ ქრისტესგან გვისწავლია" («Жезл». Л. 63). ბერძენ და რუს ახალმოწესეთა მსგავსი "მჭევრმეტყველებანი" გახდა შედეგი ბერძენი ხალხის ქრისტიანული პირველშობილობისა და მესიანობის იდეისა. ალექსანდრიის პატრიარქი მიტროფანე (კრიტოპულო) "აღმოსავლეთის კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის აღმსარებლობაში" (1625 წ.) ბერძენი ერის განსაკუთრებულობას ასაბუთებდა იმით, რომ ებრაელებმა და რომაელებმა უარყვეს და ჯვარს აცვეს ქრისტე, ელინებმა კი ის განადიდესო.
 
 


ძველთაძველი, ე. წ. "ორთითიანად" სახელდებული წყობა,
 
რომელიც ეკლესიის რწმენით თვით მაცხოვარმა ასწავლა მოციქულებს
 
(იხ. ჯვრის გამოსახვასთან დაკავშირებული ანათემატიზმა არსენ იყალთოელის "დოგმატიკონში", სადაც ნათქვამია: "ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ-იგი ქრისტეცა, შეჩუენება!" (მაია რაფავა. "უცნობი ავტორის ანტიმონოფიზიტური ტრაქტატი". ჟურნ. "მაცნე". ენისა და ლიტერატურის სერია. 1975 წ. # 1. გვ. 29).
 
 
მიიღეს რა ბერძენთა სწავლება სახელობითი თითთა წყობისა და სხვა მათი ნაციონალისტური ჩვეულებები, რუსი (და არა მარტო) ახალმოწესეები კიდევ უფრო შორს წავიდნენ. მათ დაიწყეს მტკიცება, თითქოსდა უფლის სახელი "იისუს" (Иисус) შეიძლება იყოს მაცხოვნებელი, დანარჩენი გამოთქმა არა. 1666-1667 წლების კრებებზე მაცხოვრის სახელის სლავური ფორმა "Исус" ("ისუს") აიკრძალა. ახალმოწესე არქიეპისკოპოსი დიმიტრი როსტოველი (ტუპტალო) ამას ასე ხსნიდა: "უმჯობესია ჩვენთან დაიწეროს Иисус და არა Исус, რადგან მაცხოვრის წაგრძელებული სახელი, ისევე როგორც ბერძნებთან, იყოფა სამ მარცვლად, და არა მხოლოდ ორ მარცვლად. რუსულ ენაში კი სქიზმატიკოსები, რომლებიც ორმარცვლოვან Исус-ს წარმოთქვამენ, აღიარებენ არა მაცხოვარს და ჩვენი სულების მკურნალს... არამედ ვინმე ყურისტოლა იესუს..." (Дмитрий, митр. Ростовский. Розыск о раскольнической брынской вере. М., 1855. С. 47, 48).
 
სწავლება სახელობითი თითთა წყობისა და მაცხოვრის სახელის დაწერილობის შესახებ უეჭველი მწვალებლობაა იმიტომაც კი არა, რომ უფალს ადამიანის თითები არ შეუქმნია იმისთვის, რომ მას ბერძნულად ან სლავურად გამოეხატა ასოები და მაცხოვარსაც იუდეველთა შორის არ უქადაგია ბერძნულ ენაზე, არამედ იმიტომ, რომ ეს სწავლებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ქრისტეს მცნებებს, მოციქულებს და წმიდა მამებს, - ძე ღმრთისა ქადაგებულ იქნას "ყველა ენაზე".


საიტი: ძველმართლმადიდებლობა.

მასალა მოამზადა არქიეპისკოპოსმა პავლემ (ხორავა). 2023 წ.
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому