პირჯვრისწერა - საკურთხებელ თითთა წყობის შესახებ - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
სამი თითით პირჯვრისწერის უარყოფა
ფ. მელნიკოვი

საკურთხებელ თითთა წყობის შესახებ
ორი თითით კურთხევა
1908 წლის 16 მარტს მოსკოვში, როგოჟის სასაფლაოსთან მდებარე სერგი რადონეჟელის სახელობის ეკლესიაში, შედგა საჯარო მისიონერული გასაუბრება. მოსკოვური გასაუბრებებისთვის დამახასიათებელი ჩვეულების თანახმად, ჯერ საეკლესიო სტიქარონები იგალობეს, შემდეგ ფსალმუნები და ტროპარები. ამის შემდეგ მოისმინეს საკვირაო სახარება მისიონერული განმარტებებით, რომელიც დასრულდა მისიონერ ვ. ბისტრიცკის რეფერატით “საკურთხებელ თითთა წყობის შესახებ”. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ძველმოწესეები აღიარებენ მხოლოდ თითთაწყობის ერთ ფორმას როგორც საკურთხებლად, ასევე პირჯვრის გადასაწერად, კერძოდ, ორ თითს, რომლითაც, ძველმორწმუნეთა მტკიცებით და ძველრუსული ეკლესიის სწავლებით, თვით ქრისტემ აკურთხა თავისი მოწაფეები. ბისტრიცკი შეეცადა იმის დამტკიცებას, რომ ქრისტემ თავისი ამაღლებისას მოციქულები აკურთხა ძველაღთქმისეულად ისე, რომ თითები არანაირად არ შეუკრავს, ხოლო იმის მცდელობა რომ დამტკიცებულ ყოფილიყო, თითქოსდა ქრისტემ კურთხევის დროს სიმბოლურად შეკრა თითები, მომხსენებელმა მიიჩნია ეშმაკობად და მზაკვრობად. თავის მხრივ, ის ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ ძველად ქრისტეანები პირჯვრისწერისას იყენებდნენ სხვადასხვა ფორმებს. მან დაიმოწმა წმ. კირილე იერუსალიმელი, რომელიც გვარიგებს პირჯვრისწერისას ჯვარი გამოვისახოთ თითებით (ანუ რამოდენიმე თითით - მთარგმნ.) და წმ. იოანე ოქროპირი, რომელიც თითქოსდა ერთი თითით პირჯვრისწერას ასწავლიდა (იხ. მისი ჰომილია მათეს სახარებაზე).

ამის შემდეგ მისიონერი ბისტრიცკი მიადგა სახელობით თითთაწყობას. ის მთელი რიგი ისტორიული ფაქტების გამოყენებით ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ კურთხევის ასეთი ფორმა და თითთაწყობა ძველთაგანვე მომდინარეობს. ვ.ბისტრიცკის აზრით, წმ. სოფრონი, იერუსალიმის პატრიარქი, რომელიც VII საუკუნეში ცხოვრობდა, მოწმობს სახელობითი თითთაწყობის სასარგებლოდ. წმ. გერმანე კონსტანტინოპოლელიც (VIII ს.), როდესაც სამღვდელმთავრო კურთხევის შესახებ მსჯელობს, თითების წყობას უკავშირებს 6500-ე რიცხვს. აქ სწორედ სახელობით თითთაწყობაზეაო ლაპარაკი. ათონელი მღვდელმონაზონი დიონისე თავის დარიგებებში ხატმწერთა მიმართ, რომელიც შედგენილია 1458 წ., ხატმწერებს ასწავლის, თითები გამოსახონ სახელობითი წყობით. იმავეს ამბობსო ნავპლიელი დეკანოზი ნიკოლოზ მალაქსა, რომელიც XVI საუკუნეში ცხოვრობდა.

ბისტრიცკის მტკიცებით, სახელობითი წყობა კურთხევის დროს გავრცელებული იყო ძველ რუსეთშიც. კერძოდ, მაკარისეულ საკითხავ თვენში ნათქვამია, რომ, როდესაც სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი ფოტი მისულა წმ. სვიმეონის მონასტერში და საპურეში მძინარე ბერი იონა, სრულიად რუსეთის მომავალი მიტროპოლიტი უხილავს, შეუმჩნევია, რომ მას ხელი ჰქონია “მოხრილი, თითქოსდა აკურთხებსო”. გაკვირვებით დაუხედავს ფოტის იონას ხელისთვის და მისთვის სრულიად რუსეთის მღვდელმთავრობა უწინასწარმეტყველებია. ცხადიაო, - ასკვნის აქედან ვ. ბისტრიცკი, - იონას ხელი სახელობითი წყობით ჰქონდა შეკრულიო. მოტანილი მოწმობებიდან მამა ბისტრიცკიმ გააკეთა დასკვნა, რომ ძველმორწმუნეების შეხედულებებს რომელიც უარყოფს სახელობით თითთაწყობას საფუძველი არა აქვს. ამით რეფერატი დასრულდა. რეფერენტი ჩამოვიდა კათედრიდან და მისი ადგილი დაიკავა მღვდელ-მისიონერმა ვალერიან ცვეტკოვმა. მან ძველმოწესეებს დაუსვა შეკითხვა: “რომელ მწვალებლობას შეიცავს მართლმადიდებელი ეკლესია (იგულისხმება გაბატონებული ნიკონიანური საკრებულო - მთარგმ.) სახელობით თითთაწყობით კურთხევის წესში?” ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა თავს იდო ფ. ე. მელნიკოვმა. მიმართა რა მისიონერებს, მან განაცხადა:

- თქვენს მიერ არჩეული წესის თანახმად, რომლის მიხედვითაც ატარებთ გასაუბრებებს, მე ჩემი სიტყვით უნდა მივმართო არა ხალხს, არამედ თქვენ. შესაძლოა ეს არცთუ გონივრულია, მაგრამ უმჯობესია, მოცემულ საკითხზე გელაპარაკოთ თქვენ და არა ხალხს, რომელიც სრულებითაც არ იყენებს ამ ე. წ. სახელობით თითთაწყობას და შესაძლოა არაფერი იცის მისი არსებობის შესახებ. ამ თითთაწყობით სარგებლობთ მხოლოდ თქვენ, სასულიერო პირები, ეს არის თქვენი გამოგონება და თქვენვე უნდა აგოთ პასუხი თქვენს გამონაგონზე და არა ხალხმა.

ჩვენს დროს, როდესაც წყდება განსაკუთრებული მნიშვნელობის რელიგიურ-ფილოსოფიური საკითხები, როდესაც თვით ქრისტეანს ახალი რელიგიური აზრები და მიმართულებები ემუქრება, - დავა რაღაც ნაკლებად ცნობილ სახელობით თითთაწყობაზე, უმნიშვნელოდ და სასაცილოდ მეჩვენება. წაკითხული რეფერატი, რომელშიაც გადმოცემულია ბრძნული დასკვნები თითთაწყობის შესახებ, მრავალს უფრო იუმორისტულ თხზულებად ეჩვენება, ვიდრე სერიოზულად. და მართლაც, თითთაწყობა - აღებული შინაარსის გარეშე, რომელიმე საეკლესიო დაწესებისგან მოწყვეტით, უმიზნო და უსაფუძვლო - თავისთავად შეუძლებელია რაიმე საეკლესიო ან დოგმატურ ღირებულებას წარმოადგენდეს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს მხოლოდ თითებთან. მაგრამ სურათი სრულიად შეიცვლება, თუკი აღმოჩნდება, რომ ის შექმნილი ყოფილა გარკვეული მიზნით ან მასში ჩადებული ყოფილა მთელი დოგმატური შინაარსი; და თუკი კონკრეტული თითთაწყობა წმ. ეკლესიის გადმოცემის საწინააღმდეგოა ან არის ბაირაღი, პარტიის, საზოგადოების თუ ეკლესიის სიმბოლო; ან, თუკი მისი სახელით და მისთვის აღესრულებოდა ათასგვარი სიყალბე, სიცრუე, იქადაგებოდა ტყუილი, იქმნებოდა ცილისწამება, ქუხდა წყევლა-კრულვა, ადგილი ჰქონდა ძალადობას და სხვა დანაშაულობებს - მაშინ ეს უბრალოდ თითები კი არა, რაღაც ბევრად უფრო მეტი და მნიშვნელოვანი ყოფილა.

ეს უეჭველად მწვალებლობაა და მასზე უარესიც. და თუ ამ თვალსაზრისით მივუდგებიტ სახელობით თითთაწყობას, მაშინ, ბუნებრივია, როგორც საეკლესიო, ასევე თანამედროვე, ოდენ კაცობრივ გონებაზე დაფუძნებული თვალთახედვით აღვიარებთ მას სიცრუედ და მწვალებლობად. ის, თავისი შინაგანი უსაფუძვლობით და იმ მნიშვნელობით, რომელსაც ანიჭებს მას გაბატონებული ეკლესია, ასევე თავისი არცთუ შორეული წარმომავლობით, და იმ წინააღმდეგობითაც, რომელშიც ის არის ძველ ეკლესიასთან, - არის ტყუილი, სიცრუე და ცრუმადიდებლობის სიმბოლო. გაბატონებული ეკლესია ასწავლის, რომ ეს თითთაწყობა “შეიცავს განსაკუთრებულ მადლს, რომელსაც სხვებისთვის გადასაცემად სამღვდლო ქიროტონიაში ღებულობენ მხოლოდ ღვთისმსახურები”.

“როგორც ჯვრის ნიში, - ბრძანებს პეტერბურგელი მიტროპოლიტი გრიგოლი, - რომელიც გამოიყენება საკურთხებლად, წარმოადგენს მხოლოდ მღვდელმსახურთა პრეროგატივას და საკუთარ თავში შეიცავს განსაკუთრებულ მადლს, განსხვავებულს იმისგან, რომელიც აქვს ჯვრის ნიშს და რომლითაც პირჯვარს იწერენ რიგითი ქრისტეანები. ამიტომაც, რაკიღა განსხვავებულია მადლი კურთხევის გაცემასა და საკუთარ თავზე პირჯვრისწერას შორის, განსხვავებული უნდა იყოს ამ პირობებისთვის გათვალისწინებული ჯვრის გამომსახველი თითთაწყობაც”. “კურთხევის გაცემის დროს თითების წყობა აუცილებლად სახელობითი უნდა იყოს, რადგან მხოლოდ ამგვარ წყობას ითხოვს მოციქულთა გადმოცემა. ჭეშმარიტი სამოციქულო გადმოცემა კი მთელ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მისი განუწყვეტელი გამოყენებით იცნობა. ის, რომ მხოლოდ სახელობითი თითთაწყობა უნდა იყოს გამოყენებული ქრისტეს ეკლესიაში საკურთხებლად, დასტურდება იქიდან, - ასკვნის მიტროპოლიტი გრიგოლი, - რომ მხოლოდ ეს წყობაა ყველაზე შესაფერისი კურთხევისთვის და მასზე უფრო საკადრისის პოვნა უბრალოდ შეუძლებელია” («Истинно древняя и истинно-православная церковь». М., 1883 г.С. 112-116).

აი, როგორ არაჩვეულებრივ მნიშვნელობასა და დოგმატურ შინაარსს ანიჭებს გაბატონებული ეკლესია სახელობით თითთაწყობას. თურმე ნუ იტყვით და, მხოლოდ ამ თითთაწყობით ყოფილა შესაძლებელი “განსაკუთრებული მადლის” მინიჭება, რომელიც ზეციდან, სპეციალურად, სახელობითი კურთხევისთვის გარდამოივლინება, თითქოსდა ღმრთისთვის შეუძლებელი იყოს, მის გარეშე მისცეს ხალხს თავისი ღვთაებრივი მადლი და კურთხევა, რამეთუ "სხვა, მასზე უფრო საკადრისი წყობის პოვნა უბრალოდ შეუძლებელია".

ამ მტკიცებულებაში იმდენი მკრეხელობაა, რამდენიც უკეთურება და ტყუილი. ცრუობთ თქვენ მაშინაც, როდესაც ამტკიცებთ, თითქოსდა სახელობითი კურთხევა სამოციქულო გადმოცემა იყოს. ის არათუ მოციქულთათვის არ იყო ცნობილი, არამედ ჩვენი უახლოესი წარსულის ეკლესიისთვისაც, რასაც ჩემს უახლოეს გამოსვლებში დავამტკიცებ. მე არა მაქვს შესაძლებლობა თხუთმეტწუთიან სიტყვაში განვიხილო ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ოპონენტმა სახელობითი თითთაწყობის სასარგებლოდ თვის რეფერატში დაიმოწმა. მაგრამ აუცილებლად მივიჩნევ ამ მტკიცებულებათაგან ყველაზე არსებითზე შევაჩერო თქვენი ყურადღება. თქვენ დაიმოწმეთ აღმოსავლეთის ეკლესიის ორი ძველი მღვდელმთავარი, სოფრონი და გერმანე, რომლებიც მათ დროს პრაქტიკაში არსებულ თითთაწყობაში ხედავდნენ რიცხვს 6500-ს. აქედან კი აკეთებთ დასკვნას, თითქოსდა მაშინ ყოფილიყო ისეთი წყობა საკურთხებელი თითებისა, რომელიც მაცხოვრის სახელს - “იესუ ქრისტე” -ს გამოხატავდა.

მე არ ვიცი, რომელი მათემატიკური წესებით ხელმძღვანელობდით თქვენ ამ გაანგარიშებისას, მაგრამ გონების დიდი დაძაბვა არ არის საჭირო, რათა სახელობით თითთაწყობაში დაიანგარიშოთ მხოლოდ 2358. აქედან, ნებისმიერისათვის გასაგები უნდა იყოს, რომ პატრიარქებს სოფრონსა და გერმანეს არ უგულისხმიათ თქვენი, ე. წ. სახელობით თითთაწყობა. სხვაგვარად, ისინი დაიანგარიშებდენენ რიცხვს 2358-ს და არა 6500-ს. მე ხელთა მაქვს უეჭველი და ნათელი მოწმობა იმისა, რომ წმ. გერმანე ლაპარაკობდა ორი თითით (ანუ ჩვენებურ) თითთაწყობაზე. წმ. ლიტურგიის მისეულ განმარტებაში ვკითხულობთ: “წმიდაო ღმერთოს” გალობის წინ მღვდელმთავარი მთელი ერის წინაშე, გამოსახავს რა ღვთაებრივ ფერიცვალებას, აღაპყრობს ხელებს და სამჯერ ჯვრის სახედ გადაწერს მათ ისე, როგორც ქრისტემ აკურთხა თავისი მოწაფეები” (Дионисия Ареопагита о церковной иерархии, в русск. пер. С. 282. Изд. 1855 г.). ნიკოდიმოსის სტატიათა მე-15 მუხლში ნათქვამია: “როგორც პამბო ბერინდა მოწმობს, უწმიდესმა პატრიარქმა გერმანემ ლიტურგიის განმარტებაში ახსნა, თუ როგორ აკურთხებს ეპისკოპოსი შეკრებილ ერს… ანუ ორი თითით, როგორც აკურთხა ქრისტემ მოწაფეები, ვიდრე ამაღლდებოდა და მარჯვენით მამისა დაჯდებოდა; რომ მოვიდოდა მეორედ ასევე ორი ბუნებით, ერთ იპოსტასში, როგორც ღმერთი სრული და კაცი სრული”. ამ მოწმობას არ უარყოფს თქვენი უმთავრესი მისიონერი და თქვენი მამამთავარი - აწ განსვენებული პავლე პრუსიელიც (იხ. მისი Замечания на «Вопросы Никодима», с. 74, М., 1877).

ამრიგად, დასტურდება, რომ სრულიად ტყუილად იმოწმებთ წმ. გერმანესა და სოფრონის. თქვენი ეს მოწმობა უსაფუძვლოა და სინამდვილეს არ შეეფერეაბა. სხვა თქვენი მოწმობაც სახელობით თითთაწყობაზე ტყუილს ეფუძნება. კერძოდ, თქვენ დაიმოწმეთ ათონელი მღვდელმონაზონი დიონისე, ვისაც ვითომდა 1458 წ. შეუდგენია დარიგებანი ხატმწერთათვის, რომელშიც ასწავლის ხატმწერთ, რომ მაკურთხებელი თითები წმინდანებისა გამოსახონ სახელობითი წყობით. არადა, ცნობილია და ეს თქვენც კარგად იცით, რომ ამ დარიგების დედანი XVIII საუკუნეს განეკუთვნება. “ეს დედანი, - როგორც აკადემიკოსი ე. გოლუბინსკი მოწმობს, - ნამდვილად უნდა განვაკუთვნოთ გვიანდელ პერიოდს, კერძოდ XVIII საუკუნის დასაწყისს, - იხ. მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის პორფირე უსპენსკის წერილები არქიმანდრიტ ანტონის მიმართ ფერმწერ პანსელინოზე, რომელიც “კიევის სასულიერო აკადემიის შრომებში” 1867 წელს დაიბეჭდა (ტ.IV, გვ. 128 და 140) («К нашей полемике с старообрядцами», Е. Голубинского. М., 1905 г., с. 177). თქვენ 300 წლით შეაყოვნეთ ეს წყარო და არც კი გრცხვენიათ, შეცდომაში რომ შეგყავთ აქ შეკრებილი და სიმართლის მოსმენის მსურველი მორწმუნე ადამიანები. დოკუმენტი, რომელიც ნიკონის პატრიარქობიდან თითქმის ასი წლის შემდეგ შეითხზა, თქვენ წარმოადგინეთ როგორც ნიკონამდე ორასი წლის წინათ დაწერილი. მარტო ესეც ნათელყოფს იმ ჭეშმარიტებას, რომ სახელობითი წყობა თითებისა არის უსაფუძვლო: მას არა აქვს არც ეკლესიური, არც მეცნიერული და არც ისტორიული საფუძველი და დამყარებულია ოდენ სიცრუეზე. ამიტომაც სრულიად სამართლანად და სწორად იქცევიან ძველმოწესეები, როდესაც უარყოფენ ამ წესს კურთხევისა, როგორც ტყუილს, სიახლესა და მწვალებლობას.

დასასრულს, დავსვამ შეკითხვას: მიმითითეთ თუნდაც ერთი, წმინდა მამა, რომელიც ასწავლის პირჯვრისწერას სამი თითით, ერის კურთხევას კი სახელობითი თითთაწყობით? მიპასუხეთ.

მისიონერი ცვეტკოვი:

- ბ-ნი მელნიკოვი ბრალს დებს მართლმადიდებელ (?) (1) ეკლესიას იმაში, რომ ის ერს აკურთხებს სახელობითი თითთაწყობით.

მან გაბედა მწვალებლურად მოეხსენიებინა იგი. ამით ის გმობს თვით სახელს უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, რომელიც გამოისახება ამ თითთაწყობით. დავუშვათ, რომ წმ. მამათაგან არავის უსწავლებია ამგვარი წყობა. მაგრამ ეკლესიას უფლება ჰქონდა, დაემკვიდრებინა იგი. ცნობილია, რომ წმ. ბასილი დიდმა შეცვალა წმ. ლიტურგია. როგორც მის წინააღმდეგ აღდგნენ ამით აღშფოთებული სქიზმატიკოსები, ასევე ჩვენი სქიზმატიკოსები წინ აღუდგებიან მართლმადიდებელ ეკლესიას თითთაწყობის გამო. სახელობითი თითთაწყობა იმ აღთქმის თანხმიერია, რომელიც ღმერთმა მისცა აბრაამს: “კურთხეული იქნება შენში მიწიერთა მთელი მოდგმა” (დაბ. 12:3). ეს მოციქულთა დაუწერელი გადმოცემაა. წმ. ბასილი დიდის 91-ე განწესება ბრძანებს, რომ “ეკლესიაში დაცული სჯული და ქადაგებები ზოგი წერილობით მოცემული მოძღვრების სახით გვაქვს, ხოლო ზოგი მიღებული გვაქვს მოციქულთაგან, საიდუმლოდ გადმოცემული. ამათგან ორივეს ერთი და იგივე ძალა აქვს კეთილმსახურებისთვის… თავდაპირველად ვახსენებ პირველსა და საერთოს: მორწმუნეების მიერ ჯვრის სასწაულის გამოსახვა ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახელის მიმართ ვინ გვასწავლა წერილობით? ლოცვის დროს აღმოსავლეთის მხარეს თაყვანისცემა რომელმა წიგნმა გვაუწყა? მადლობის (ევქარისტიის) პურის ან სასმელის კურთხევის დროს სათქმელად რომელმა წმინდანმა დაგვიტოვა ჩვენ წერილობით რაიმე?... მაშასადამე, ამდენი და ასეთი ძალის მქონე კეთილმსახურების საიდუმლო მოცემული გვაქვს დაუწერლად. განა არ უნდა მოგვეცეს ნება, რომ გვქონდეს მამათაგან ჩვენამდე მოღწეული გადმოცემა, რაც ვნახეთ დაუზიანებელ ეკლესიებში შემორჩენილი. ეს არ არის გამოგონილი ჩვეულებით დამტკიცებული და მას შეუძლია არა მცირე ძალისა და სისრულის მინიჭება საიდუმოსთვის.

მელნიკოვი შეეცადა, დაეკნინებინა წმ. გერმანე კონსტანტინოპოლელის მოწმობა, როდესაც ამტკიცებდა, რომ სახელობით თითთაწყობაში არ გამოდის რიცხვი 6500. მე ახლახან შევიტყე ეს რიცხვი ამოკითხულია ხერსონის არქიეპისკოპოსის, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, ნიკანორის წიგნში. ამ გაანგარიშებას მე ჩამოვაყალიბებ ჩემს შემდეგ სიტყვაში. მაგრამ ის უეჭველად ცნობილია ბ-ნ მელნიკოვისთვის, ამიტომაც მიკვირს მისი დაჟინება და კადნიერება, როგორითაც უარყოფს ის პატრიარქ გერმანეს ამ მოწმობას. უეჭველია, რომ ძველად არსებობდა ორთითიანი წყობაც, მაგრამ მასთან ერთად არსებობდა სახელობითი კურთხევაც. მე ვთხოვ მელნიკოვს, პასუხი გასცეს ჩემს შეკითხვას: რომელმა მსოფლიო კრებამ დაგმო სახელობითი კურთხევა, როგორც მწვალებლობა?

ფ. ე. მელნიკოვი:

- ჩვენ მოვიტანეთ მამა ცვეტკოვის ყველა არგუმენტი. მისი სიტყვა მეტად სუსტი იყო, ის ხშირად ერთსა და იმავეს იმეორებდა, დროს ჭიმავდა; შესამჩნევი იყო, რომ მისთვის გამოყოფილ 15 წუთს ვერაფრით ავსებდა. თქვენ არ გამეცით პირდაპირი პასუხი ჩემს შეკითხვაზე: რომელი წმ. მამა ასწავლიდა სახელობით თითთაწყობას, თავი აარიდეთ მას და განაცხადეთ: “დავუშვათ, რომ არავინ წმიდა მამათაგან არ ასწავლიდა”-ო კურთხევისგასაცემ ამ წყობას. თქვენ, სამწუხაროდ, არ გყოფნით ვაჟკაცობა და უბრალო კეთილსინდისიერება, აღიაროთ, რომ მართლაც არც ერთი წმინდა მამათაგან არსად არ მოწმობს სახელობითი კურთხევის შესახებ და რომ ეს არცთუ შორეულ ნოვატორთა გამონაგონია. სამარისებური მდუმარებით აუარეთ გვერდი ჩემს მიერ მოტანილ მოწმობას, სადაც წმ. გერმანე მოწმობს არა სახელობით, არამედ ორთითიან წყობაზე. ამავე დროს, თქვენ ცდილობთ ამ მღვდელმთავარს მიაწეროთ ვითომცდა სახელობითი თითთაწყობის ციფრული განმარტება. თქვენი მცდელობა, რა თქმა უნდა, ჩაფლავდა და, ვგონებ, ყველა თქვენმა მღვდელმთავრმა თავისი პირდაპირი მოვალეობა რომ მიატოვოს და მხოლოდ მათემატიკური გამოანგარიშებები აწარმოოს, მაშინაც კი ვერანაირად ვერ გამოიანგარიშებდნენ საკურთხებელი თითების სახელობით წყობაში 6500-ს. ნუთუ გასაგები არ უნდა იყოს თქვენთვის, რომ სახელში “იესუ ქრიტე”, შეიძლება მხოლოდ 2358-ის მიღება და არა უმეტესის. თავად განსაჯეთ: И =10, с =200, о =70 (სლავური «у» იწერება «о» -სთან ერთად, როგორც - оу), у =400, с =200, სულ 880. X =600, р=100, и =8, с =200, т =300, о =70, с =200, всего 1478+880 = 2358?

მაშ, ვისთვის არის გაუგებარი, რომ, , როდესაც 6500-ზე ლაპარაკობდა, წმ. გერმანეს მხედველობაში არ ჰქონია სახელობითი წესი კურთხევისა და არც შეიძლება რომ ჰქონოდა, რადგან ეს წესი მხოლოდ XVII საუკუნეში აღმოცენდა. თქვენ ირწმუნებით, რომ სახელობითი თითთაწყობის მწვალებლობად აღიარება ქრისტეს გმობას ნიშნავს, რომლის სახელიც ვითომცდა ამ წყობაში გამოიხატება და რომელიც თურმე ეხმიანება აბრაამისთვის მიცემულ საღმრთო აღთქმას: “კურთხეული იქნება შენში მიწიერთა მთელი მოდგმა” (დაბ. 12:3). ხოლო პავლე ამბობს, რომ ეს მოდგმა აბრაამისა არის ქრისტე (გალატ. 3:16). ამიტომ, ყველა ერი, ბრძანებს, განადიდებს მასო” (Толков. Псалтырь. Пс. 71:17. С. 439). თქვენეული თითთაწყობა შეუძლებელია ყველა ხალხმა მიიღოს, რამეთუ ის მისადაგებულია მხოლოდ სლავურ ენასთან. შეეცადეთ, ლათინურ ან ფრანგულ ენებზე გამოსახოთ თითებით ქრისტეს სახელი, - არაფერი გამოგივათ. ყველასთვის ცნობილია, რომ პირველი სამახარობლო სიტყვა ქრისტეს შესახებ გაისმა ებრაულ ენაზე. მაგრამ იმისათვის, რომ ებრაულ ენაზე გამოისახოს იქნეს სახელი ჩვენი მაცხოვრისა – თითები უნდა დაიმტვრიოს კაცმა. იგივეს ქმნა მოუწევდათ ასირიელებს, არაბებს, ჩინელებს და იაპონელებს, თუკი ისინი მათ ენაზე მოინდომებდნენ თითებით ქრისტეს სახელის გამოსახვას. სახელობითი თითთაწყობა - ეს მხოლოდ სლავების მონოპოლიაა, ამიტომაც მისი გამართლება არანაირი წინასაწარმეტყველებით არ შეიძლება.

მეტიც, ის სლავურ ენასაც კი ვერ ესადაგება, რამეთუ თქვენეულ წყობაში, რომელსაც მეტად უცნაური ლოგიკით სახელობით (именословное) წყობა უწოდეთ, ქრისტეს სახელი საერთოდ არ გამოისახება; დიდის გაჭირვებით შეიძლება მივიღოთ მხოლოდ ასოები იცხც, თანაც თათრულად თუ წაიკითხავთ - მარჯვნიდან მარცხნივ; სლავური დამწერლობის წესს თუ დაიცავთ და წაიკითხავთ მარცხნიდან მარჯვნივ, მაშინ გამოვა ცხცი, რაც - რაღაც აბდაუბდაა და მასში არავითარი სახელი არ მოიაზრება. ასეთი აბრაკადაბრა აღთქმა, ცხადია შეუძლებელია ღმერთს მიეცა ჩვენი მამამთავრის, აბრაამისთვის. მაგრამ სწორედ ეს უაზრობა აიყვანა დოგმატის რანგში თქვენმა ეკლესიამ და სთავაზობს მას თავი მორწმუნეებს,როგორც უდავო ჭეშმარიტებას, რომლის გარეშეც თურმე შეუძლებელია მადლის მიღება. იმაზე კი არ ფიქრობთ, როგორ სცილდებით ქრისტეს, როდესაც ამ წყობას ტყუილებზე აგებთ.წმ. გრიგოლ ნოსელი წერს: “გულბოროტი და სიცრუის მაძიებელი თავის ლოცვა-ვედრებაში არა ზეციერ, არამედ ქვესკნელის მამას მოუწოდებს” (იხ. кн. Никона Черной горы, сб. 50. Л. 404 об.). წმ. იოანე ოქროპირიც ამბობს, “ჯადოქარსა და შემლოცველს, წმიდა სამებასაც რომ მოუწოდებდეს, წმინდანებსაც ევედრებოდეს და ქრისტეს პატიოსანი ჯვრის ნიშსაც იდებდეს პირისახეზე, გაექეცი; ჯერ არს, გავურბოდეთ ამდაგვართ” (Стоглав. Гл. 93). კიდევ უფრო საზიზღარია სიცრუე და უგუნურება, როდესაც მას, ბოროტგანზრახვით ქრისტეს სახელით შემოსავენ. “ერეტიკოსია ის, - ბრძანებს ღირ. მაქსიმე ბერძენი, - ვინც დარიგების მიუხედავად, თავის სიცრუეს მტკიცედ მიეკრობა, ჭეშმარიტების საწინააღმდეგოს ქადაგებს და გამოსწორების იმედსაც კი არ ტოვებს. ღვთაებრივი მოციქულისა და წმინდა ოქროპირის მიხედვითაც, მწვალებელია ის, “ვინც თავის ცრუ შეხედულებას მტკიცედ მიეკრობა და განუხრელად მისდევს” (Сл. 87, старописьменная кн. его).

თქვენ კითხულობთ თუ რომელმა მსოფლიო კრებამ განიკითხა სახელობითი თითთაწყობა? რატომ დასვით ეს შეკითხვა? თუ სახელობითი თითთაწყობის გასამართლებლად, მაშინ ამ გზით შეგიძლიათ დაიცვათ და გაამართლოთ ნებისმიერი მწვალებლობა, რომელიც კი შვიდი მსოფლიო კრების შემდეგ აღმოცენდა. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ის არ განკითხულა. მსოფლიო კრებები გმობდნენ არა მარტო მათ, თანამედროვე მწვალებლობებს, არამედ ყოველგვარ სიახლეს, რომელიც საღი აზროვნებისა და საეკლესიო გადმოცემის საწინააღმდეგოა. მეშვიდე მსოფლიო კრებამ მიიღო პატრიარქ გერმანეს ეპისტოლე, რომელიც, როგორც უკვე დავამტკიცე, მოწმობს ორთითიან წყობაზე. ამ ეპისტოლეში ნათქვამია: “ჩვენ გადავწყვიტეთ, საფუძვლიანად გამოგვეკვლია ეს საქმე (ხატების შესახებ), მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სიახლეთაგან თავის ყოველმხრივი დაცვა გვმართებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ამ სიახლეთა გამო ქრისტეს მორწმუნე ადამიანებს შესაძლოა მიეცეთ მიზეზი მშფოთვარებისა და საცთურისა; თანაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხანგრძლივმა დრომ განამტკიცა ეს ჩვეულება ეკლესიებში”. თუ წერილი ღვინის დალევას არ გვირჩევს რჩევის გარეშე (იგავნი. 31:4), როგორი ყურადღებითა და დაკვირვებით უნდა მოვეკიდოთ უფრო მნიშვნელოვან საკითხს, რათა შემდგომ არ დავექვემდებაროთ ღმრთისგან დადგენილ იმ საშინელ სასჯელს, რომელიც დადგენილია მაცთურთათვის. მეორეს მხრივ, ჩვენი ვალია “ვამხილოთ და გავაცამტვეროთ მწვალებელთა სიტყვა და საქმე, რომელიც ღმრთის ეკლესიის შეურაცხყოფისკენ არის მიმართული; ხოლო, რაც ღისეულია და ღვთაებრივი, განვამტკიცოთ” (Деян. Вселенских соборов. Т. VII. С. 334. Изд. 1873 г.) თქვენ სახელობითი თითთაწყობის შემოტანით დაამკვიდრეთ საცთური, ატყუებდით მით ხალხს, შეგნებულად ცრუობდით და ირწმუნებოდით, რომ ეს მოციქულთა წესია. ამ თითთაწყობის გამო ძალადობდით ხალხზე, ხოცავდით მორწმუნეებს. ეს ჩვეულება აყვანილი გაქვთ დოგმატის რანგში, ამიტომაც უეჭველად ეს არის ერესი და როგორც ასეთი დაგმობილია მსოფლიო კრებათა მიერ.

თქვენ ამბობთ, რომ ეკლესიას შეუძლია დაამკვიდროს ახალი რეფორმები და ჩვეულებები. მაგრამ ამის მტკიცება თქვენ დაიწყეთ არცთუ დიდი ხნის წინათ, როდესაც მიხვდით, რომ თქვენი რეფორმები არც სამოციქულოა და არც საეკლესიო წარმომავლობისა. ადრე თქვენი ეკლესია სულ სხვანაირად მსჯელობდა საეკლესიო ჩვეულებათა და გადმოცემათა, განსაკუთრებით კი პირჯვრისსაწერ და კურთხევის გასაცემ თითთაწყობის შესახებ. ასტრახანის არქიეპისკოპოსის, ნიკიფორეს წიგნში ნათქვამია: “გინდ პეტრე მოციქულს, გინდ თეოდორიტეს, ან მაქსიმეს, ან მაკარის, ან კიდევ რომელიმე კრებას იმის საწინააღმდეგო თუ უთქვამს ან დაუწერია, რასაც უძველესი გადმოცემის თანახმად იცავს მთელი ეკლესია, შეწყნარებულ არ უნდა იქნეს. არ უნდა დავემორჩილოთ ამგვარ მოწმობას და არც უნდა ვუსმინოთ მას, არამედ მივიჩნიოთ სიახლისდამამკვიდრებლად და რაღაც ახალისა და უცხო სახარების მქადაგებლად. რამეთუ მოციქულთა მიერ არის დაწესებული, დავიცვათ გადმოცემები, რომლებიც მოციქულთაგან მიუღია ეკლესიას ან სიტყვით, ან წერილით”. “მაშ, მტკიცედ იდექით, ძმანო, და იპყარით მოძღვრება, რომელიც გისწავლიათ სიტყვითა თუ ჩვენი წერილით” (2 თესალონიკ. 2:15).

ვინც ასე არ მოქმედებს ამაოდ იღვწის და ნაკვერჩხლებს იგროვებს საკუთარ თავზე, რამეთუ წერილ არს: თუ მღვდელმთავარი ღვთის ნების საწინააღმდეგოდ დასწყევლის ვინმეს, ანუ არა წმინდა განწესებათა თანხმიერად, ღმრთის მსჯავრი მას არ დაამტკიცებს. ხოლო დაწყევლილნი ღმრთისგან დამწყალობებულნი იქნებიან; მაგრამ თუკი ვინმე ღმრთის ნებისაებრ, ანუ საღმრთო განწესებათა თანხმიერად იქნება დაწყევლილი, მაშინ ვის თავს დაეცემა წყევლა თუ არა დაწყევლილისას; არსებობს საშინელი განსაზღვრება, რომელიც წმიდა საეკლესიო გადმოცმათა უარმყოფელთა მისამართით გამოთქვა მეშვიდე მსოფლიო კრებამ: “ვინაც გააუქმოს რომელიმე საეკლესიო გადმოცემა დაწერილი თუ დაუწერელი, ანათემა!” (Кн. Никифора Астраханского. С. 131-132. Изд. 1854 г.). ასე, რომ ნათელი უნდა იყოს თქვენთვის, რომ თქვენივე ეკლესიის განმარტებით, მსოფლიო კრების ანათემა ეხება ნებისმიერ სიახლეს, მათ შორის თქვენს სახელობით თითთაწყობასაც.

წმ. ბასილი დიდის 91-ე კანონი, რომელიც აქ დაიმოწმეთ, თქვენეული თითთაწყობის საფუძვლად ვერ გამოგადგებათ. უნდა ვიცოდეთ, საეკლესიო გადმოცემებს დაუწერელს იმიტომ კი არ უწოდებენ, რომ მათ შესახებ ძველად არავინ არაფერი იცოდა ან არ მოწმობდა მათ შესახებ, არამედ იმიტომ, რომ ისინი ქრისტეს და მოციქულთა მიერ გადმოცემული იყო სიტყვიერად, დაუწერლად. ისე რომ გავიგოთ დაუწერელი გადმოცემა, როგორც ეს თქვენ გესმით, მაშინ ნებისმიერ მწვალებელსაც შეუძლია დაიმოწმოს 91-ე კანონი და განაცხადოს, რომ მისი მწვალებლობა არის დაუწერელი სამოციქულო გადმოცემა, რომელიც მოციქულთაგან დღემდე საიდუმლოდ, მაგრამ ურყევად შენახულა. წმ. ბასილი დიდის დროს გამოიყენებოდა ორთითიანი, და არა სახელობითი წყობა, რასაც მოწმობს აღმოსავლეთის ეკლესია. “ძველი ქრისტეანები, - ნათქვამია ბერძნულ პიდალიონში, - სხვაგვარად აერთებდნენ თითებს პირჯვრისსაწერად, ვიდრე ამჟამინდელნი, ანუ პირჯვარს იწერდნენ ორი თითით - შუათითითა და საჩვენებელით” (Пидалион, исслед. И.Никольского. М., 1988. С. 259).

ამ უეჭველი და უცვალებელი სამოციქულო გადმოცემის საპირისპიროდ, თქვენი ეკლესია ასწავლის, თითქოსდა სახელობითი თითთაწყობა, რომელიც მაცხოვრის სახელს გამოხატავს სლავურ ენაზე, დაწესებული იყოს თვით ქრისტეს მიერ. წიგნში Жезл Правления, რომელიც გამოცემულია კრების კურთხევით, ნათქვამია: “დასაბამიდანვე გვაქვს მადლი ვაკურთხოთ ერი ჭეშმარიტი მესიის, იესუ ქრისტეს სახელით, როგორც უთხრა ღმერთმა აბრაამს: “კურთხეული იქნება შენში მიწიერთა მთელი მოდგმა” (დაბ. 12:3). ეს კურთხევა თითებით ასე გამოიხატება: საჩვენებელი თითი აღმართულია, ეს არის ასო Ии, საშუალო ოდნავ მოხრილია, რითაც გამოიხატება ასო с. ამ ორი ასოთი მოკლედ გამოიხატება სახელი Иисус. შემდეგ, ცერა თითი გადაჯვარედინებულია არათითზე, ხოლო ნეკი კვლავ ოდნავ მოხრილია, რითაც აღინიშნება სიტყვა Христос. და აი, ასე, თითების მოხრით გამოხატული ქრისტეს სახელით თვით მაცხოვრის მიერ იკურთხება მორწმუნე ერი, რაც დამოწმებულია წმინდა მამებისეული გადმოცემით. ცნობილია, რომ ქრისტემ თავისი ამაღლების წინ “იერუსალემიდან ვიდრე ბეთანიადმდე გაიყვანა მოწაფეები, აღაპყრო ხელნი და აკურთხა ისინი” (лис. 63 об. и 64). რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი. ნებისმიერი განათლებული ადამიანისათვის ცნობილია, რომ სლავური ანბანი გამოგონებულია მე-9 საუკუნეში ქრისტეს შობიდან. ამიტომაც გაძლევთ ახალ შეკითხვას: მითხარით - სიმართლეს ამბობდა თქვენი ეკლესია, როდესაც ამტკიცებდა, რომ ქრისტემ შეკრებილი მოციქულები აკურთხა სახელობითი თითთაწყობით, თუ ცრუობდა? მითხარით გაბედულად და გულწრფელად!

მისიონერი ცვეტკოვი:

- არ გაგიკვირდეთ, მართლმადიდებელნო, ასე აგდებით და ცინიკურად რომ ეკიდება მელნიკოვი სახელობით თითთაწყობას. ის ხომ თავისი პირველი მოძღვრისა და სქიზმატიკოსის, ამბაკუმის ღირსეული მიმბაძველია, რომელიც ასე ახასიათებდა ჩვენს თითთაწყობას: “ნიკონიანელები პეშვით (ანუ სამი თითით) იწერენ პირჯვარს და კურთხევასაც რაღაც უცნაურად გასცემენ - ხუთი თითით, როგორც მათ ჯოჯოხეთის ძუკნამ, დეკანოზმა მალაქსამ ასწავლა”. მაგრამ ამ გმობისა და სიცრუისთვის განხეთქილების მოქმედნი პასუხს მისცემენ ღმერთს, განსაკუთრებით კი მელნიკოვი, რომელიც ძველმოწესეობის მოდურ აპოლოგეტად ითვლება და ბაძავს კი ამბაკუმს. მელნიკოვი ცდილობდა, უარეყო კონსტანტინოპოლის პატრიარქის გერმანეს მოწმობა სახელობითი კურთხევის შესახებ, როდესაც გამოითვალა სახელი “იესუ ქრისტე” და რომელშიც, რა თქმა უნდა, არ გამოდის რიცხვი 6500. მაგრამ წმ. გერმანე ქრისტეს სახელს კი არ ანგარიშობდა, არამედ თითთაწყობას, თანაც გამოთვლა იყო განსაკუთრებული ნიშნების მიხედვით, რაზეც საუბარია ჩვენი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, ხერსონის არქიეპისკოპოსის ნიკანორის წიგნში. ეს – სახელობითი კურთხევის სიძველის დამადასტურებელი უეჭველი მოწმობაა. ამიტომაც არის ის საყოველთაო და მართლმადიდებლური. ჩვენმა ეკლესიამ პატრიარქ ნიკონის დროს რაღაც ახალი კი არ დაამკვიდრა, არამედ ძველი აღადგინა. მელნიკოვი ტყუის, როდესაც ამბობს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია თითთა წყობის გამო დევნიდა ძველმოწესეებს. მათ ეკლესია კი არ დევნიდა, არამედ საერო ხელისუფლება, და თანაც არა წესებისა და სარწმუნოების გამო, არამედ წმ. ეკლესიისა და მის საიდუმლოებათა გმობის გამო. მაგრამ ამგვარი გმობისთვის დევნიდა ნიკონამდელი რუსული ეკლესიაც. ალექსი მიხეილის ძის "УложениеЭ - ში, რომელიც გამოიცა პატრიარქ იოსების კურთხევით, პირდაპირ დაკანონებულია ეკლესიის მგმობართა ცოცხლად დაწვა. მაშ, რატომ ძველ ეკლესიას არ ამხელს ამ დადგენილებისთვის მელნიკოვი, არ შერაცხავს ამას მწვალებლობად და არ ამხედრდება პატრიარქ იოსების წინააღმდეგ? ჩვენი ეკლესია, რომელსაც უპყრია სახელობითი თითთაწყობა, არ მიიჩნევს მას სარწმუნოების უცვალებელ დოგმატად, როგორც ამას მელნიკოვი ამტკიცებდა. აი, რას წერდა კონსტანტინოპოლის პატრიარქი პაისი ნიკონ პატრიარქს: “რაც შეეხება კითხვას, რომელსაც გვაძლევთ, თუ რომელი თითებით უნდა აკურთხებდეს მღვდელმთავარი ან მღვდელი? გიპასუხებთ, როგორც აღუთქვა ღმერთმა აბრაამს, რომ მის მოდგმაში, რომელიც არს იესუ ქრისტე, იკურთხებოდა ყველა ერი და დავითიც, შეჰღაღადებდა რა უფალს, ამბობდა, რომ იკურთხებოდა მასში დედამიწის ყველა ტომი; ეკლესია აკურთხებს თავის შვილებს მღვდლის ხელით, რომელსაც თითებით გამოსახული აქვს მესიის სახელი, რომელიც არის იესუ ქრისტე, ანუ მეორე და მესამე თითთა მიერთებით გამოხატავს I-ს და С-ს, რაც გულისხმობს "Иисус"-ს; პირველი და მეოთხე თითების გადაჯვარედინებით X-ს და ნეკა თითის მოხრით С-ს, რაც შესაბამისად ნიშნავს "Христос"-ს. კურთხევა აღესრულება მღვდლის მიერ, მაგრამ აკურთხებს თვით ქრისტე (Скрижаль . С. 741-743.). ამრიგად, ეკლესია დასაშვებად მიიჩნევს, რომ თითთა წყობა შესაძლოა სხვადასხვა იყოს. და ამაში არაფერია მწვალებლური. მელნიკოვმა ამაში ვერ ამხილა ჩვენი ეკლესია.

ფ. ე. მელნიკოვი.

თქვენ, მამაო ვალერიან, უპასუხოდ დატოვეთ ჩემი შეკითხვა: სიმართლეს ამბობდა თქვენი ეკლესია, როდესაც ამტკიცებდა, რომ ქრისტემ თავისი ამაღლების წინ სახელობითი თითთაწყობით აკურთხა მოციქულნი, თუ არა? უეჭველია, რომ სულის სიღრმეში თქვენ აღიარებთ ამ მტკიცებულების მცდარობას. მაგრამ რატომ არ გსურთ ღიად და გულწრფელად აღიაროთ ეს ხალხის წინაშე? დაე ყველამ იცოდეს, რომ სახელობითი თითთაწყობით კურთხევა დაფუძნებულია თქვენი კრების მცდარ და ყალბ მტკიცებულებებზე, რომლებითაც “აღჭურვა” მან წიგნი “კვერთხი” («Жезл»). დაე ყველამ გაიგოს, რომ ქრისტეს არ უკურთხებია მოციქულნი სახელობითი თითთაწყობით. თქვენ გსურდათ დაგემტკიცებინათ, რომ თქვენი ეკლესია არ აღიარებს ამ წყობას, როგორც უცვალებელ დოგმატს. თქვენ პატრიარქი პაისიც კი დაიმოწმეთ წიგნიდან «Скрижаль», სადაც ნათქვამია, რომ არა აქვს მნიშვნელობა თუ რომელი თითებით იქნება გამოსახული ეს ოთხი ასო (ანუ. IC XC) («которыми персты начертовает кто сия четыре писмена, (т.е. IC XC), ничто же разньствует»). მაგრამ განა უცნობია თქვენთვის, რომ პაისის ამ სიტყვებთან ერთად, იმავე “სკრიჟალში” ნიკოლოზ მალაქსა გვმოძღვრავს: “ჯერ არს, - რომ საკურთხებელ ხელში, სხვა არაფერი უნდა იყოს ნაგულისხმევი ქრისტეს სახელის გარდა, ვისითაც ვიკურთხებით. ამიტომაც, საღმრთო განგებულებით, დასაბამიდანვე, სწორედ ასე შეიქმნა ხელი ადამიანისა არც მეტი, არც ნაკლები (მიეცა მას ხუთი თითი - რედ.), რათა სახელობითი ფორმით კურთხევა შესძლებოდა” (Скрижаль, после 817 листа).

რას უნდა ვერწმუნოთ - იმას, რომ შეგიძლია, რომლითაც გნებავს, იმ თითებით გამოსახო ოთხი ასო იცხც, თუ იმას, რომ თვით ადამიანის შექმნისას ღმერთმა ისე მოაწყო ადამიანის ხელი, რომ მას ადვილად შესძლებოდა თითების იმგვარად გამოსახვა, რომელსაც კურთხევისას იყენებენ თქვენი მღვდელმსახურები? მე არ შევჩერდები იმაზე, რომ პირველი ადამიანი, ადამი, სრულებითაც არ იყო სასულიერო პირი და მას, რა თქმა უნდა, არაფერი სმენოდა თქვენი ე. წ. სახელობითი კურთხევის შესახებ. ყველასთვის ცხადია, რომ ჩემს მიერ მოტანილი მოწმობა “სკრიჟალიდან” უფლის მიერ ადამიანის სხვადასხვაგვარი თითებით შექმნის შესახებ გათვლილია უბრალო და გულუბრყვილო ხალხის მასაზე. მაგრამ თქვენი ამ მოწმობიდანაც კარგად ჩანს, რომ თქვენმა ეკლესიამ სახელობით თითთაწყობას მიანიჭა ისეთი დიდი მნიშვნელობა, რომ ის თვით ღმრთის ავტორიტეტით გაამაგრა: თუკი თვით ღმერთს შესაქმისას ისე შეუქმნია ადამიანის თითები, რომ მათით ადვილად შესაძლებელი ყოფილიყო სახელობითი წყობის გამოსახვა, ვინ გაბედავს ამის შემდეგ მის უარყოფას?!

ასე ამტკიცებს თქვენი ეკლესია ამ თითთაწყობის შესახებ. წიგნიდან “კვერთხი” (Жезл) მე უკვე წაგიკითხეთ ადგილი, სადაც თვით მაცხოვარს მიაწერთ სახელობითი თითთაწყობის წარმოშობას. “თვით ქრისტესაგან ვისწავლეთ, - ნათქვამია ამ წიგნში, - თითების ამგვარი წყობა” და გვიპყრიაო ის, როგორც “ქრისტეს სწავლება, სჯულით განმტკიცებული. ასე გვიპყრია და ვიცავთ, ხოლო ამის საწინააღმდეგოდ ფუჭმეტყველებს ჩვენი კვერთხით საეკლესიო ერთობისგან განვდევნით და მოვიკვეთავთ” (Жезл. Л. 63 об., 64.). აქედან ცხადი ხდება, რომ თქვენი ეკლესია უცვალებელ დოგმატურ მნიშვნელობას ანიჭებდა სახელობით თითთაწყობას, რომელიც ვითომცდა დაწესებულია თვით ქრისტეს მიერ. ყველა ადამიანს, ვინც არ ღებულობს ამ სწავლებას. ის (ნიკონიანური ეკლესია - ადმ.) “მოიკვეთს და განიშორებს” თავისგან, როგორც მწვალებელსა და სქიზმატიკოსს. ამიტომაც სრულიად გასაგებია, ბატონო მისიონერო, თქვენი დუმილი ჩემს მიერ დასმულ შეკითხვაზე. კეთილსინდისიერად რომ გასცეთ მას პასუხი, საკუთარი ეკლესიის ანათემის ქვეშ მოექცევით, არადა, ისიც იცით, რომ ამ სწავლების დაცვა აშკარა სიცრუის ქადაგებას ნიშნავს. ამიტომაც გიჯობთ დადუმება.

მოვიტან კიდევ ერთ მოწმობას, რომელიც ნათლად ააშკარავებს ნიკონის დროინდელი მღვდელმთავრებისა და კრებების შეხედულებას ამ თითთაწყობაზე: “კიდევ ბედავთ და ამობთ, - ეუბნება ძველმორწმუნეებს 1667 წლის კრების საქმეთა ავტორი, არქიმანდრიტი დიონისე, - თითქოსდა როგორც თქვენ ამტკიცებთ შესაძლებელია აკურთხოთ ადამიანი იმ თითთაწყობით, რომლითაც პირჯვარს იწერთ. თქვენებურად ასე გამოდის, რომ ნებისმიერ ადამიანს, დედაკაცი იქნება ის თუ მამაკაცი, ღორების მწყემსი იქნება თუ მღვდელმთავარი, მღვდლებივით შესძლებია პირჯვრის გადაწერა და არავითარი სხვაობა არ ყოფილა მათ შორის. ეს არის უთავო ლუთერანთა და კალვინისტთა აშკარა მწვალებლობა, რომელთაც სამღვდელოება არ ჰყავთ და არც მიაგებენ მას რაიმე პატივს” (Арх. Дионисий. Сочинение против раскола. М., 1888 . С. 23 и 55.). აქ მწვალებლურად ცხადდება არა მხოლოდ ძველმოწესეობა, არამედ მთელი ძველი ეკლესია, რომელიც ყოველთვის ასწავლიდა მხოლოდ ორი თითით პირჯვრისწერასა და კურთხევას. მაგრამ დღეს ამას კი არ აქცევენ ყურადღებას, არამედ იმას, რომ ბებრუხანა დედაკაცს, ღორების მწყემსსა და მღვდელმთავარს შორის განმასხვავებელ ნიშნად აღებულია არა საეკლესიო ხელდასხმით მიღებული ხარისხი, არამედ თითების წყობა. ადრე ჩვენ ვნახეთ, რომ წიგნ “ფილაქანის” (Скрижаль) მიხედვით, ღმერთს თურმე თითოეული ადამიანი ისე შეუქმნია, რომ მას თითებით ადვილად შესძლებოდა სახელობითი კომბინაციის გამოყვანა, ახლა კი ვკითხულობთ, რომ უბრალო ადამიანს და ღორების მწყემსს მისი გამოყენების უფლება არ ჰქონია, სხვაგვარად ეს იქნება “უთავსო ლუთერანთა და კალვინისტთა აშკარა ერესი”. აი როგორი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სახელობით თითთაწყობას. მე სრული სიმართლე ვთქვი, როდესაც აღვნიშნე, რომ ეს სწავლება ნიკონ პატრიარქის დროს აღიარებული იყო, როგორც უცვალებელი და მარადიული დოგმატი! ამიტომაც არის ის სიცრუე და მწვალებლობა, რაიც უკვე დავამტკიცე ჩემს წინა გამოსვლებში.

თქვენ უარყოფთ, რომ თქვენი ეკლესია აწამებდა ჩვენს წინაპრებს პირჯვრსსაწერი თითთაწყობის გამო. თქვენი მტკიცებით, ძველმოწესეებს დევნიდა სამოქალაქო ხელისუფლება და თანაც ეკლესიის გმობისთვის და არა წეს-ჩვეულებების გამო. ამას ამბობთ და არ გრცხვენიათ! ისმინეთ, რა განაწესა თქვენმა კრებამ 1666 წელს: “და კვლავაც, გაუწყებთ თქვენ და ყველა სამღვდელო პირს, როგორ უნდა აკურთხოთ ერი და ასევე ცალკეული მართლმორწმუნე ქრისტეანი სიტყვისამებრ: “კურთხევა უფლისა თქვენზედა”. საღმრთო კურთხევა სასულიერო პირმა კი ასე უნდა აღასრულოს: აღმართავს თავისი მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითს, საშუალოს კი მოხრის, რაც აღნიშნავს იესუს ( Иисус ). და ისევ გადააჯვარედინებს არათითთან ცერა თითს, ხოლო ნეკას აღმართავს და ოდნავ მოხრის, რაც აღნიშნავს ასო “ს”-ს ( С ): ყველა ეს სამი თითი აღნიშნავს ქრისტეს ( Христос ). და აი ასე, მაცხოვრის სახელით მართლმორწმუნეთა კურთხევას გიბრძანებთ, როგორც უთხრეს აბრაამს ქრისტეს შესახებ, რომ მის მოდგმაში იკურთხებოდა ყველა ერი. თუ ვინმე გაბედავს და თუნდაც უმცირესში არ დაემორჩილება ჩვენს მიერ ნაბრძანებს და დავას დაგვიწყებს, ჩვენ გვაუწყეთ და დავსჯით მათ სულიერად, ხოლო თუ ამ სასჯელის უგულებელყოფასაც გაბედავს სხეულებრივად მათ ტანჯვასაც ვბრძანებთ” (რუსულშია: Аще же кто вас не послушает хотя во едином чесом, повелеваемых от нас или начнет прекословити и вы на таковых воззвещайте нам, и мы таковых накажем духовно, аще же и духовное наказание наше начнут презирати, и мы таковым приложим и телесныя озлобления») (Деян. соб. 1666 . Л. 47 об., 48.).

ეს განწესება იმდენად ნათელია და ცალსახა, რომ მისი სხვაგვარი ახსნა ყოვლად შეუძლებელია. არა სამოქალაქო ხელისუფლებამ, არამედ სასულიერო კრებამ განაწესა სხეულებივი დასჯა და თანაც არა ეკლესიის გმობისთვის, არამედ კრებისადმი დაუმორჩილებლობისთვის “თუკი ვინმე უმცირესში არ დაემორჩილება მის მიერ ნაბრძანებს”. როგორი იყო ეს სასჯელები, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. მათი გახსენებაც კი გვზარავს. ტანჯვა, წამება, თავის მოკვეთა და ცოცხლად დაწვა... და ამის შემდეგ თქვენ კიდევ ბედავთ დაადანაშაულოთ ძველმორწმუნეები რაღაც ეკლესიისადმი დაუმორჩილებლობაში. ეკლესიას კი არა გამოვეყავით ჩვენ, არამედ სისხლისმსმელებს და ცრუმოძღვრებს. თქვენი მითითება მეფე ალექსი მიხეილის ძის “დებულებაზე” ვერ გაამართლებს თქვენს ეკლესიას, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ “დებულება” განაწესებს ნამდვილ ღმრთისმგმობელთა დასჯას მაშინ, როდესაც თქვენ სჯით მართლმადიდებელ ქრისტეანთ მართლმადიდებლური გადმოცემების დაცვისათვის; და მეორეც, “დებულება” არ არის საეკლესიო წიგნი, იგი სამოქალაქო განწესებათა კრებულია - მეფე ალექსი მიხეილის ძის ქმნილება, რომელიც თქვენს ეკლესიაზე არანაკლებ დამნაშავეა ძველმორწმუნეთა დევნა-შევიწროებაში. სასულიერო პირები კი მას ხელს იძულებით აწერდნენ (Из истории возникновения раскола при Никоне, гр. Гейдена. С. 9-10). მას ნიკონიც კი წმ. განწესებათა საწინააღმდეგოდ და არამართლმადიდებლურად მიიჩნევდა. აი, ასეთია თქვენი საფუძვლები. ამაზე უკეთესი არ არის თქვენი არგუმენტაცია სახელობითი თითთაწყობის სასარგებლოდ. თქვენ ჯერაც ვერ მიუთითეთ, რომელი წმინდა მამა ასწავლიდა ამგვარ წყობას და, ვიმედოვნებ, რომ ვერც მიუთითებთ. ჩემს მიერ ადრე მოტანილ პატრიარქ გერმანესეულ მოწმობას ორი თითის შესახებ თქვენ ისევ აუარეთ გვერდი, ალბათ, იმ შეგნებით, რომ არაფერი გაქვთ სათქმელი მის საწინააღმდეგოდ. ხოლო რიცხვ 6500-ის მნიშვნელობის ნიკანორისეული განმარტება არა მარტო მსმენელისთვის არის გაუგებარი, არამედ, ვგონებ, თქვენთვისაც. იმის გამო, რომ თქვენ გამუდმებით თავს არიდებთ ჩემს შეკითხვას, იძულებული ვარ, კვლავ გავიმეორო იგი: მითხარით, სიმართლეს ქადაგებს თქვენი ეკლესია, როდესაც ამტკიცებს, რომ ქრისტემ ამაღლების წინ ხუთი თითით აკურთხა თავისი მოწაფეები, თუ სიცრუეს? მიპასუხეთ!

მისიონერი ცვეტკოვი:

- ეკლესია სხვადასხვა საგნებით აკურთხებს თავის შვილებს: სახარებით, მაგალითად, მასში კი, როგორც ეს ყველამ კარგად იცის, არის ქრიტეს სახელიც - “იესუ”. შედეგად, სრულიადაც არ არის საძრახისი კურთხევა სახელობითი წყობით, რომლითაც გამოიხატება ჩვენი მაცხოვრის სახელი. მე შეგპირდით, რომ წაგიკითხავდით მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის ნიკანორის განმარტებას რიცხვ 6500-ის შესახებ, რომელიც კონსტანტინოპოლის პატრიარქის წმ. გერმანეს სწავლებიდან გამოდის. აი რას ბრძანებს მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ნიკანორი: “ეს მოწმობა განეკუთვნება VIII საუკუნეს და აღებულია წმ. გერმანე კონსტანტინოპოლელის წიგნიდან “საეკლესიო მსახურებათა და ჩვეულებათა ჭვრეტა” რომელიც ცხოვრობდა VIII საუკუნეში. წმ. გერმანე, სხვათა შორის, ლაპარაკობს კურთხევის შესახებაც, რომლითაც მღვდელმთავარი ერს აკურთხებს ლიტურგიაზე სახარების წაკითხვის შემდეგ. ამასთანავე, უთითებს იმ დროს გაბატონებულ საზოგადო აზრზე, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლა უნდა მოხდეს ათასი წლის გასვლის შემდეგ ქრისტეს შობიდან. პატრიარქი აღნიშნავს, თუ როგორ გამოიხატებოდა ეს შეხედულება სამღვდელმთავრო - საკურთხებელი თითების წყობაში; რამეთუ, ბრძანებს წმ. გერმანე, თითების გამოთვლით ვღებულობთ რიცხვს 6500”. თავისთავად, წმ. მამის სიტყვა მეტად ბუნდოვანია: თითების რომელ გამოთვლაზეა ლაპარაკი და როგორ გვაძლევს ეს გამოთვლა 6500? ძველად ცნობილი იყო სხვადასხვა რიცხვის გამოსახვის ჩვეულება თითების პირობითად მიღებული წყობის მეშვეობით, ხოლო რადგან ძველ ენებში ასოებსაც გააჩნდათ რიცხობრივი მნიშვნელობა, ამ მეთოდს იყენებდნენ, როცა ერთ პირს, სხვებისგან შეუმჩნევლად და უხმაუროდ სურდა გადაეცა მეორე პირისთვის რაიმე ინფორმაცია.

ეს ხელოვნება ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე იყო ცნობილი ბერძნებისთვის, შემდეგ ის გადავიდა რომაელებშიც, შემდეგ კი, უკიდურეს შემთხვევაში VIII საუკუნემდე, მას იყენებდნენ ქრისტეანული ეკლესიის მწერლებიც კი, როგორც აღმოსავლეთში, ასევე დასავლეთში. ამგვარი მეთოდით, ანუ თითებით, თვლისა და ლაპარაკის ჩვეულება დაცულია VII საუკუნის მწერლის ბედას წიგნებში, რომელმაც ის ისესხა ნიკოლოზ სმირნელის თხზულებებიდან. მანამ, სანამ ვაჩვენებდეთ, რომ ”თითებით გამოთვლა”, რომელსაც ახსენებს წმ. გერმანე, იდენტურია იმ ”თითების გამოთვლისა”, რომლის შესახებაც ბედა ლაპარაკობს, შევეცადოთ განვსაზღვროთ რომელ წყობას გვაძლევდა ბედას ანგარიშით 6500, რიცხვი, რომელიც წმ. გერმანემ იხილა სამღვდელმთავრო საკურთხებელ წყობაში. ”ათასი, ამბობს ბედა, მარჯვენა ხელზე ისევე გამოისახება, როგორც ერთიანი მარცხენა ხელზე; ორი ათასი, როგორც ორი - მარცხენაზე, და სამი ათასი, როგორც სამი - ასევე მარცხენაზე და ა. შ. ცხრა ათასამდე”. შედეგად, 6000 მარჯვენა ხელზე გამოისახებოდა ისევე, როგორც რიცხვი 6 მარცხენაზე. ისევ მივმართოთ ბედას ანგარიშს. ის ამბობს, რომ რიცხვები 1-დან 9-მდე გამოისახებოდნენ მარცხენა ბოლო სამი თითის განსხვავებული მდგომარეობით: ნეკით, არათითითა და შუათითით; და ამბობდნენ: ერთი, ორი, სამი, ამასთანავე სათითაოდ ხრიდნენ. ”როდესაც ამბობ, - წერს ბედა, - ოთხი, გამართე ნეკა; როდესაც ამბობ ხუთი, აღმართე მეორე თითიც; ხოლო როდესაც იტყვი ექვსი, მესამეც გაშალე, ხოლო შუათითი, რომელსაც უწოდებენ სამკურნალოს, დატოვე თავისსავე მდგომარეობაში”. რიცხვი 500, ბედას თქმით, გამოისახებოდა მარჯვენა ხელზე ისე, როგორც 50 - მარცხენაზე; კერძოდ: ”როდესაც იტყვი: ორმოცდაათი, მოხარე ბოლო თითი (ლაპარაკია ცერზე - მთარგმნ.), ბერძნულ Г - სავით და მისდრიკე იგი ხელისგულისკენ” (Арх. Никанор «О перстосложении для крестн. знамения». С. 174-175.).

ფ. ე. მელნიკოვი:

- მომიტევეთ, მამაო ვალერიან, რომ გაწყვეტინებთ. ჩემთვის, და, როგორც ჩანს, მთელი პუბლიკისთვის გაუგებარია ეს გამოთვლა. თხოვთ განმარტოთ თქვენი სიტყვებით როგორ არის შესაძლებელი სახელობით თითთაწყობაში გამოვთვალოთ რიცხვი 6500.

ვალერიან ცვეტკოვი:

- გთხოვთ ნუ მაწყვეტინებთ.

ფ. ე. მელნიკოვი:

- ძალზედ სასურველია, მსმენელმა გაიგოს თქვენი განმარტება. თქვენ თუ გესმით?

- წმ. გერმანეს მოწმობის გარდა, - გააგრძელა ცვეტკოვმა, - სახელობითი წყობის სასარგებლოდ მეტყველებენ ძველი წმ. ხატები ამგვარი გამოსახულებით. მაგალითად, კონსტანტინოპოლში, VI საუკუნის მეორე ნახევარში, ღვთისმოსავი მეფის, იუსტინიანეს მიერ ხელახლა აშენებულ და გამშვენებულ წმ. სოფიის ტაძარში. მისი რესტავრაციის დროს, რომელიც ამ ტაძარს თურქეთის მთავრობის დავალებით არქიტექტორმა ფოსსატიმ ჩაუტარა, ბათქაშის ქვეშ აღმოაჩინეს მოზაიკური და ფრესკული გამოსახულებები და სხვა მორთულობანი. მოზაიკურ მოხატულობაში, წმინდანთა: მღვდელმოწამე ანთიმოზის, დიონისე არეოპაგელის, გრიგოლ პართეველის, ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და კიდევ სამი განმანათლებლის გამოსახულებებზე, რომლებზეც წარწერები ვერ შენარჩუნდა, მაკურთხებელი თითები აშკარად სახელობითი კურთხევის ფორმას გამოხატავენ. ამ გამოსახულებათა ზუსტი ფოტოსურათები ჯერ თვით ფოსსატიმ გამოსცა ლონდონში, ხოლო შემდეგ, 1854 წ., ბერლინში ერისტმა და კორნმა ზალცენბერგის აღწერილობით. აჰა, თქვენ, ურყევი მოწმობა სახელობითი კურთხევის წესისა, რომელსაც იყენებს ჩვენი ეკლესია. რა მწვალებლობა იგულვეთ ამ ფორმაში? ჩვენი ეკლესია მისდევს არა ახალ რაღაც ჩვეულებას, არამედ იცავს ძველ წყობას საკურთხებელი თითებისა და ამიტომაც მისი განკითხვა ამის გამო საფუძველს არის მოკლებული.

ფ. ე. მელნიკოვი:

თქვენ მიერ გასაუბრებებზე დაწესებული პირობების თანახმად მე ეხლა საბოლოო სიტყვის თქმა მიწევს. სამწუხაროდ, ეს არ მაძლევს შესაძლებლობას მეტი სისავსით ვილაპარაკო სახელობითი კურთხევის შესახებ. ჩემი ეს სიტყვაც, როგორც წინანდელი გამოსვლები, იძულებული ვარ დავიწყო იმის შეხსენებით, რომ თქვენ, მამაო მისიონერო, დუმილით უვლით გვერდს ჩემს მტკიცებულებებს და ამ დრომდე არ გიპასუხიათ ჩემს მიერ დასმულ შეკითხვაზე. მარტო ესეც საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ ყველაფერი რიგზე ვერ არის თქვენს ეკლესიაში თავისი სახელობითი კურთხევითურთ. თქვენ დღეს არაერთხელ შეეცადეთ მიგეწერათ წმ. გერმანესთვის სახელობითი კურთხევა და, ბოლოს, წაგვიკითხეთ თქვენი არქიეპისკოპოსის, ნიკანორ ოდესელის განმარტება, თუ როგორ უნდა გავიგოთ სახელობითი კურთხევა წმ. გერმანესთან, რომელიც მიანიშნებს რიცხვს 6500. მაგრამ ეს განმარტება იმ დონეზე გაუგებარია, რომ იძულებული გავხდი, თქვენი გამოსვლის დროს მეთხოვა თქვენთვის მოგეცათ უფრო ცხადი განმარტება და საკუთარი სიტყვებით აგეხსნათ ამ რიცხვის მნიშვნელობა. თქვენ, რა თქმა უნდა, უარი განაცხადეთ, რითაც გამოააშკარავეთ, რომ თვითონაც ვერ გაგიგიათ წესიერად ნიკანორის განმარტება - იმდენად გაურკვეველი და ბუნდოვანია იგი. მეტიც, ვგონებ თვით ნიკანორსაც არ ესმის ბედას მითითებები თითებით რიცხვების დაანგარიშების შესახებ. ყოველ შემთხვევისთვის ბედას მითითებიდან, როგორც თქვენ წაიკითხეთ ეს ნიკანორის განმარტებიდან, ყოვლად შეუძლებელია იმგვარი აზრის გამოტანა, რაც თქვენ გამოგაქვთ - თითქოსდა წმ. გერმანე ასწავლიდა სახელობითი თითების წყობით ერის კურთხევას. ეს წმინდა მამა იყენებდა ორ თითიან წესს კურთხევისა და პირჯვრისწერისა.

პამბა ბერინდას ცნობით, წმ. პატრიარქ გერმანეს საღმრთო ლიტურგიის განმარტებაში უწერია: ”როდესაც ეპისკოპოსი ერს აკურთხებს... აკურთხებს მათ ორი თითით, ნიშნად იმისა, რომ როგორც ავიდა მამასთან ქრისტე, ისევე მოვა დიდებით, ორი ბუნებით ერთ იპოსტასში, სრული ღმერთი და სრული კაცი” (15-е показание Никодимовых статей). აი, ნამდვილად ურყევი და თავისი სიცხადით ნათელი და ყველასთვის გასაგები მოწმობა იმისა, რომ წმ. გერმანე არა სახელობით, არამედ ორთითიან წყობაზე რომ ლაპარაკობდა. რაც შეეხება თქვენს მითითებებს კონსტანტინოპოლის წმ. სოფიის ტაძრის მოხატულობაზე, უნდა მოგახსენოთ, რომ ეს მოწმობა ვერ გამოგადგებათ სახელობითი წყობის სიძველის დასამტკიცებლად. ასმუხლიანი კრება მოწმობს, რომ მხატვრები ზოგჯერ თითების წყობას გამოსახავდნენ ”თვითნებურად, საკუთარი მოსაზრებით, ვარაუდებით და არა ზუსტად” (რუს. ასეა: «самовольством, самосмышлением и своими догадками, не по образу» (Стоглав, гл. 43). პეტერბურგის მიტროპოლიტ გრიგოლის წიგნში, ”ჭეშმარიტად ძველი და ჭეშმარიტად მართლმადიდებელი ეკლესია” მოთავსებულია თითების წყობის რამდენიმე სხვადასხვა და უცნაური ფორმა (იხ. ნაწილი 2. გვ. 120-125), რომლებიც გადმოწერილია ძველი ხატებიდან, მაგრამ განა შესაძლებელია ამის საფუძველზე ვამტკიცოთ, რომ ყველა ეს წყობა ძველ ეკლესიაში ან პირჯვრის საწერად ან კიდევ კურთხევის გასაცემად გამოიყენებოდა?

აკადემიკოსი ე. გოლუბინსკი ამტკიცებს, რომ ”თავისი წარმომავლობით და თავდაპირველი მნიშვნელობით ხელის თითების წყობა ხატებზე წარმოადგენდა პირობით ნიშანს, ან სიმბოლოს, რომელიც მიღებული იყო ხატმწერთა შორის, რომ ხატზე გამოსახული პირი (მაცხოვარი ან სხვა რომელიმე წმინდანი), თითების ამგვარი წყობით ლაპარაკობს (ვთქვათ მახარობლობენ, ან ქადაგებენ), ანუ მოლაპარაკედ (მახარობლად, ან მქადაგებლად) უნდა წარმოვიდგინოთ” (К нашей полемике со старообрядцами. 1905. С. 179). ის ეყრდნობა "პავლე სლენციარიუსს, რომელიც იუსტინიანეს წმ. სოფიის აღწერაში ლაპარაკობს საკურთხევლის ერთ-ერთ კრეტსაბმელზე გამოსახულ მაცხოვრის ხატზე, რომელზეც ქრისტეს გამართული აქვს მარჯვენა ხელის თითები უწყების, ქადაგების ნიშნად, ხოლო მარცხენა ხელში უჭირავს წიგნი, რომელშიც მოცემულია ღვთის სიტყვა (ანუ სახარება)" (იქვე. გვ. 181). გოლუბინსკი მოწმობს, რომ "ჩვენამდე შემონახულია მთელი რიგი კლასიკური, ანუ წარმართული თხზულებები, რომლებიც მორთულია მინიატურებით, რომლებზეც მოლაპარაკე პირები გამოსახულნი არიან თითების ისეთივე წყობით, როგორც იკვრება თითები სახელობითი კურთხევისთვის (გვ. 180).

მაშ, შეიძლება თუ არა აქედან დავასკვნათ, რომ წარმართებს, ჯერ კიდევ ქრისტეს მოსვლამდე უკვე გააჩნდათ სახელობითი თითთა წყობა? თუ არა და, არც სოფიის ტაძარში არსებული გამოსახულებებით შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ იმ დროს, როდესაც ისინი იწერებოდნენ, არსებობდა სახელობითი კურთხევა. ბეგოლუბინსკი, რომელიც კარგად იცნობს ბერძნულ ლიტერატურასა და იკონოგრაფიას, თავისი სამეცნიერო გამოკვლევების საფუძველზე ამტკიცებს, რომ ცნობილ ნიკოლა მალაქსამდე საბერძნეთში არავითარი სახელობითი თითების წყობა არ არსებობდა (გვ. 177) და თქვენ უნდა დაუჯეროთ ბ-ნ გოლუბინსკის, როგორც თქვენს მასწავლებელს და სოლიდურ მეცნიერს, რომელიც საფუძვლიანად არის ჩახედული პირჯვრისსაწერი თითების წყობის საკითხში. მაგრამ, თქვენი მითითებები ძნელი დასაჯერებელია. თქვენ იმდენჯერ მოგვატყუეთ, ათასგვარი ხრიკებითა და სიყალბეებით, რომ თქვენი თითოეული მოწმობა უკვე ბუნებრივად იწვევს ჩვენში უნდობლობას. სიცრუისა და სიყალბის თქვენეული სისტემიდან ავიღოთ რამოდენიმე მაგალითი. მიტროპოლიტი გრიგოლი დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ "კონსტანტინოპოლის წმ. სოფიის ტაძარში, არც ერთ მღვდელმთავარს ხელის თითები არა აქვს გამოსახული ორთითიანი წყობით" (Истинно-древняя и истинно-православная церковь. 1883. Ч.1. С. 118). და თქვენი "მღვდელმთავარი" ამას ამბობს წიგნში, რომელიც გამოუცია წმ. პეტრეს სახელობის მოსკოვურ საძმოს. მაგრამ, სხვა წიგნში, რომელიც იმავე საძმოს მიერ არის გამოცემული, დამოწმებულია, რომ წმ. სოფიის ტაძარში, "წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველს ხელის თითები შეკრული აქვს ორთითიანი პირჯვრისსაწერი წყობის მსგავსად" (Выписки Озерского. 1883. Ч.2. С. 290). მაშასადამე, მიტროპოლიტს სიცრუე დაუწერია. ოზერსკის ამავე წიგნში ნათქვამია, რომ "ნოვგოროდის სოფიის ტაძარში არის წმიდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხატი, რომელსაც კორსუნის ხატსაც უწოდებენ; მასზე გამოსახულ პავლე მოციქულს თითები შეკრული აქვს სახელობითად, პეტრეს კი ორი თითით" (1862. Ч. 2. Отд. V, С. 269). თუმცა იმავე გამოსახულებაზე, თქვენი თანამოძმე, მოსკოველი მისიონერი, მღვდელი იოანე ვინოგრადოვი, წერს, რომ "ნოვგოროდის სოფიის ტაძარში არის მოციქულთა პეტრესა და პავლეს კორსუნის ხატი (რომელსაც იმოწმებს "პომორულ სიტყვისგებათა" ავტორი. პასუხი 5. მ. 7), რომელიც გადმოცემით უძველეს ხატად მიიჩნევა და კორსუნიდან ჩამოუტანია დიდ თავად წმიდა ვლადიმირს. მასზე მოციქულ პავლეს თითები შეკრული აქვს სამთითიანი წყობით" (იხ. მისი წიგნი: О Феодоритовом слове». М.: 1866. С. 80).

ეს რა სასწაულები ხდება თქვენთან: ერთ მისიონერს მოციქული პავლე ეჩვენება სახელობითი თითების სახელობითი წყობით, მეორეს კი - სამთითიანი წყობით! ზუსტად ასეთივე მოწმობები გაქვთ წმინდა ნაწილებზე, - კორსუნის ხატის მსგავსი ცვლილებებით. მისიონერულ წიგნში "ოზერსკის ამონაწერები" ("Выписки Озерского") ნათქვამია, რომ "მოსკოვის ხარების ტაძარში არის ვერცხლის კიდობანი, რომელშიც დაცულია წმ. არქიმანდრიტ კომნენოსის მარჯვენა, სადაც თითები აშკარად აჩვენებენ სახელობით წყობას" (1883. Ч. 2. С. 327). ამას მოწმობენ მოსკოველი მისიონერები, რადგან ამ ხელის დანახვა მათ შეეძლოთ ყოველდღიურად. ვინ გაბედავს და დაეჭვდება მათი მტკიცებულების სინამდვილეში! მაგრამ ისმინეთ, რას მოწმობს ამ ხელზე უფრო ავტორიტეტული პირი, თვით "უწმიდესი" პატრიარქი იოაკიმე, რომელსაც, ცხადია, ასევე საკუთარი თვალით ჰყავს ნანახი იგი: "გაჯიქებულ მოწინააღმდეგეთა სამხილებლად გამოდგებაო, - წერს ის, - ღირსი მამის, კომნენოსის მარჯვენა ხელი, რომელიც მოსკოვში ჩამოიტანა იერუსალემის უწმიდესმა პატრიარქმა თეოფანემ ადამითგან 7127 წელს. ამ ხელზე პირველი სამი თითი არის შეკრული, რაც იმაზე მოწმობს თუ ეს ღირსი მამა როგორ იწერდა პირჯვარს... რაც 7170 წელს, მართლმადიდებლობის ზეიმზე, იხილა მთელმა სამღვდელო დასმა, ერმა და მეფემ..." (см.: «Извещение чудесе о сложении триех первых перстов Иоакима, патр. московского». Печатано в Москве в 1677 г., июля 15 дня. Л.13-14). და, ვისღა დავუჯეროთ: "მთელ სამღვდელო დასს, ერსა და მეფეს, რომელსაც 7170 წელს უხილავს, რომ არქიმანდრიტ კომნენოსის ხელის თითები შეკრულია სამი თითით თუ თქვენ, ამჟამინდელ მისიონერებს, რომლებიც წერილობითადაც და ზეპირსიტყვიერადაც ამტკიცებთ, რომ ამ ხელზე თითები აშკარად შეკრულია "სახელობითი წყობით"? რომელი ტყუის თქვენგან? იქნებ ყველანი მატყუარები ბრძანდებით? მთელი თქვენი ქადაგება ძველმოწესეობის წინააღმდეგ თავიდან ბოლომდე არის ბოროტგანზრახული ტყუილი, რომლითაც სუნთქავთ და იკვებებით. სხვა საფუძველი თქვენ არ გაგაჩნიათ.

მაშ, ვის დავუჯეროთ ბატონებო? მთელი საეკლესიო კრება მეფითა და თავისი სამეფო კარითურთ, თვით ხალხიც კი საკუთარი თვალით ხედავდა 7170 წელს (1662 წ. ?), რომ არქიმანდრიტ კომნენოსის ხელი შეკრული იყო სამ თითად; ხოლო დღეს, ბ-ნო მისიონერებო, გვარწმუნებთ სიტყვითაც და წერილობითაც, რომ იგივე ხელი, იგივე არქიმანდრიტისა თურმე "აშკარად სახელობითი წყობითაა შეკრული"! ვინ ტყუის თქვენს შორის? თუ ყველანი მატყუარები და ფლიდები ხართ? მთელი თქვენი ქადაგება ძველმოწესეობის წინააღმდეგ თავიდან ბოლომდე ბოროტგანზრახული ტყუილია, რომლითაც იკვებებით და სუნთქავთ. სხვა საფუძველი თქვენ არ გაგაჩნიათ. აი, რატომ არ იმსახურებთ თუნდაც იოტისოდენა ნდობას! მთელი ჩვენი გასაუბრების განმავლობაში ვერ დამიმოწმეთ ვერც ერთი ფაქტი, რომელიც დაამტკიცებდა ძველ ეკლესიაში სახელობითი თითების წყობის არსებობას. და ვერც მიუთითებთ, რადგან ასეთი წყობა ქრისტეს ეკლესიაში არასოდეს არსებულა.

მწვალებლებს შორის არსებობდა ერთგვარი ხუთთითიანი კურთხევის წესი, რასაც, საკუთრივ, წარმოადგენს თქვენი ე. წ. სახელობითი კურთხევა. მაგრამ ეკლესიამ ანათემას გადასცა ამგვარად მაკურთხებელნი. "ვწყევლი, - ნათქვამია საპატრიარქო კურთხევანებში, - ლათინთა მიერ უცნაურად, ხუთი თითით გაცემულ კურთხევას და ერთი თითის მეშვეობით პირჯვრისწერას" (იხ. см.: «Богослужение в русской церкви в XVI веках», исследов. А. Дмитриевского. Казань, 1884. Ч. I. С. 94 в прилож.). ხოლო თქვენი კრებები, ძველი ეკლესიის საწინააღმდეგოდ, საშინელ წყევლა-კრულვასა და ანათემებს უთვლიდა არა მწვალებლებს, არამედ მართლმადიდებელ ქრისტეანებს, და თანაც, არა საეკლესიო გადმოცემების დარღვევისთვის, არამედ მათი მტკიცე და განუხრელი მიყოლისთვის. მე უკვე წაგიკითხეთ თქვენი ეკლესიის სწავლება სახელობითი თითთაწყობის შესახებ, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს წყობა თითქოსდა გადმოცემულია თვით ქრისტეს მიერ და, რომ სხვა წყობა საკურთხებლად შეუძლებელია იყოს. ვინც სხვაგვარად იმსჯელებს ამ საკითხზე, ანუ იტყვის, რომ სახელობითი წყობა ქრისტეს მიერ არ გადმოგვცემია და ის, როგორც უმნიშვნელო, საწესჩვეულებო საგანი ყოველთვის შეიძლება შეიცვალოს სხვა თითთაწყობით, - თქვენი ეკლესიის 1667 წლის კრება ამდაგვარ ადამიანთა მიმართ განაწესებს: "ვინც დაიწყებს გადმოცემულ საკითხთა შესახებ დავას, როგორიცა სწავლება ალილუიას, ჯვრის და სხვა საკითხთა შესახებ, რომლებიც აღწერილია წინამდებარე, ღმრთის განკაცებიდან 1667 წელს მოწვეული კრების საქმეებში; ასევე წიგნში "Жезл Правления", დე თვითდასჯილ იყოს მოციქულ პავლეს მიხედვით და ამ კრების კრულვის მემკვიდრე, ვითარც უფლის წინააღმდგომი და წმიდა მამათა განწესებების დამრღვევი" (Деяния собора 1667 г. Л. 93, 93 об.). აი თვით წყევლაც: «Аще ли же кто не послушает повелеваемых от нас..., да будет и по смерти отлучен, и часть его, и душа, со Иудою предателем, и с распеншими Христа жидовы: и со Арием, и со прочими проклятыми еретиками. Железо, камение, и древеса, да разрушатся, и да растлятся: а той, да будет не разрешен и не растлен, и яко тимпан, во веки веков» (там же, лист 7). (ანუ, ვინც არ შეისმენს ჩვენგან ნაბრძანებს... სიკვდილის შემდეგაც განკვეთილ იყოს და სული მისი იუდა გამყიდველთან, ქრისტეს ჯვარმცმელ ჰურიებთან: არიოზთან და სხვა წყეულ ერეტიკოსებთან ერთად დაემკვიდროს. რკინა, ქვა და ხე დაირღვევა და განიხრწნება; ის კი დაურღვეველი და განუხრწნილი ეგოს (ჯოჯოხეთში - მთარგმნ.) უკუნითი უკუნისამდე" (იქვე. ფურცელი 7).

ეს სასტიკი, სულისშემძვრელი და გაშმაგებული წყევლა აღმონთხეულ იქნა სრულიად მართლმადიდებელ ქრისტეანთა წინააღმდეგ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ შეეძლოთ დაეჯერებინათ, მაგალითად, ის სიცრუე, რომ სახელობითი თითთაწყობა დაწესებულია ქრისტეს მიერ. მარტო ეს უგუნური წყევლაც კი საკმარისია იმისთვის, რომ თქვენი კრებები და იერარქები მოწყდნენ მართლმადიდებლობას. ამგვარ მაწყევართათვის ბრძანებდა წმ. თევდორე სტოდიელი: "თითქოსდა სრულყოფილი მწვალებლებლის სახელს ეტრფიანო, მათ სხვა კრებაზე ანათემას გადასცეს მათთან და მათ უსჯულო სწავლებასთან შეუთანხმებელი ქრისტეანები, უკეთ რომ ვთქვათ, მთელი კათოლიკე ეკლესია, და ვინც მათ გადაეყარა მართლმადიდებელთაგან, ერთნი შორს გადაასახლეს, სხვები საპყრობილეებში ჩაამწყვდიეს და აქაური ჩვეულებისამებრ, ისევ დევნა-შევიწროება განაახლეს" (Творения Феодора Студита. Ч.1. С. 220. Пис. 33). როგორ გავბედავთ მართლმადიდებლურად შევრაცხოთ ის კრებები, რომლებიც აშთობდნენ მორწმუნეთა თავისუფლებას, აკერებდნენ მათ ათასგვარ სისაძაგლეს და წყევლიდნენ ყველაზე საშინელი სიტყვებით, მხოლოდ იმისთვის, რომ სურდათ ერთგულნი ყოფილიყვნენ თავიანთი საეკლესიო გადმოცემებისა? ამ კრებებს არ ჰქონდა ქრისტეს სული, არ იყო მათში ის მორჩილება, რომელიც აცხოვნებს ადამიანს და მიჰყავს ის ღმერთთან. წმ. თევდორე სტოდიელის სიტყვებით რომ ვთქვათ, ასეთი მაწყევრები: "ანათემას გადასცემენ თვით ღმერთს, ღვთის სჯულის დამცველთა წყევლის გამო" (Ч.1. С. 233.).
მე დავამთავრებ ჩემს სიტყვას; ვიცი, რომ თქვენ მეტად აღარ მომცემთ სიტყვის გაგრძელების შესაძლებლობას და აქედან, თქვენი პასუხი დარჩება უპასუხოდ; ამიტომაც, შეეცადეთ იყოთ გულწრფელნი, მართალნი და პატიოსანნი. მე ისევ მოვითხოვ მომცეთ პასუხი ჩემს შეკითხვაზე: ქადაგებს თუ არა თქვენი ეკლესია სიმართლეს, როცა ამტკიცებს, რომ ქრისტემ თავისი მოციქულები აკურთხა სახელობითი თითთაწყობით?


* * *


მელნიკოვის გამოსვლის შემდეგ მთელი პუბლიკა, ვითარც ერთი კაცი, წამოდგა და მოითხოვა, რათა მისიონერ ცვეტკოვის სიტყვაზე მოკლე პასუხი გაეცა მელნიკოვს. მისიონერები, ცხადია, ამაზე არ დათანხმდნენ. იმ ძლიერი მღელვარების მიხედვით, რომელმაც მსმენელები მოიცვა, იმ კატეგორიული მოთხოვნებისა და პროტესტების მიხედვით, რომლებიც მათ გამოამჟღავნეს დისპუტის განმკარგულებელთა მიმართ, ნათელი იყო, რომ მისიონერების სულელურმა და უგუნურმა პირობებმა, რომლებსაც მხოლოდ მოსკოვურ შეხვედრებზე იყენებდნენ, თავისი უსამართლობითა და მედიდურობით, რომელიც თავისუფლებისა და თანასწორობის უმცირეს გამოვლინებებსაც კი სპობდა, ყველა იქ მყოფი აღაშფოთა. პუბლიკა დიდხანს მშფოთვარებდა. ფ. ე. მელნიკოვმა მისიონერებს შესთავაზა ასეთი პირობა: "გამოცდილებით ვიცი, რომ მისიონერის უკანასკნელ სიტყვაში, რომელიც შეპასუხებას არ ექვემდებარება, ყოველთვის, წინასწარგამიზნულად ამბობენ ტყუილს, მე გთხოვდით, ბ-ნო მისიონერებო, მომცეთ შესაძლებლობა, მამა ცვეტკოვის გამოსვლის შემდეგ თუნდაც ხუთი წუთით შევეპასუხო. ცვეტკოვი კი 15 წუთის მაგიერ ლაპარაკობს რამდენიც უნდა". ამ პირობას, რა თქმა უნდა, მისიონერები არ დათანხმდნენ. ასე, რომ ხმაურის, პროტესტებისა და აღშფოთების გამომხატველი რეპლიკების ფონზე, გასაუბრება დაიხურა. მისიონერებს უნდა ეგრძნოთ, რომ თუ მათში ჯერ კიდევ არ ჩამცხრალა სინდისის ნატამალი, ძველმოწესეებთან მხოლოდ ძმური დამოკიდებულების გზით, გასაუბრებებში მათთვის თანაბარი უფლებების მინიჭების გზით, შეიძლებოდა მისიონერებისადმი ნდობისა და სიყვარულის აღდგენა. ხოლო სხვადასხვა შევიწროებანი, მედიდურობა, უგუნური და ძველმორწმუნეთა დამამცირებელი პირობები, მხოლოდ შეურაცხყოფას აყენებდა ადამიანებს, აღიზიანებდა მათ და კიდევ უფრო აღრმავებდა უფსკრულს მათ შორის.



* * *


საკითხი იმის შესახებ თუ როგორ უნდა შევკრათ თითები პირჯვრისსაწერად, სადღეისოდ, გაბატონებული ეკლესიის მიერ აღიარებულია წვრილმანად და უმნიშვნელოდ. მაგრამ არცერთი საკითხი ისე არ აწუხებდა რუსი ხალხისა და ოფიციალური ეკლესიის გონებას მთელი ორსაუკუნე ნახევრის განმავლობაში, როგორც თითების წყობის საკითხი. "ქუხდა" შემაძრწუნებელი წყევლები და ანათემები ძველმორწმუნეთა მისამართით, იწერებოდა სიყალბეები და ტყუილები, გიზგიზებდნენ კოცონები, იდგმებოდა საჯალათო კუნძები, იღვრებოდა უდანაშაულო მსხვერპლთა სისხლი, ყოველი მხრიდან, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, ისმოდა ტანჯულ მართლმადიდებელთ კვნესა, ყვირილი და გოდება... შემაძრწუნებელი იყო რუსეთში ცხოვრება., ეს იყო ენით აუწერელი საშინელებისა და სისხლიანი სანახაობის პერიოდი. და რისი გულისთვის ეს ყოველივე? თითების წყობის გულისთვის, იმისთვის, რასაც დღეს ოფიციალური ეკლესია წვრილმანად და არაფრის მომცემად მიიჩნევს. ესოდენ ხანგრძლივი სისასტიკისა და თავის იპონენტებთან სისხლიანი ანგარიშსწორებს შემდეგ, რამ მიიყვანა დღეს ასეთ დასკვნამდე ოფიციალური ეკლესია? იქნებ მათ შეიგნეს საკუთარი დანაშაული და შეინანეს წარსული შეცდომები? არა. ასეთ აღიარებამდე ისინი მივიდნენ არა საღი აზროვნებითა და დანაშაულის შეგნებით. მათ ეს აიძულა უსაფუძვლობამ საკუთარი პოზიციისა, უნიათობამ, უსუსურობამ და აუცილებლობამ.

ოფიციალურ ეკლესიაში არ არსებობს განსაზღვრული და მკაფიო სწავლება საეკლესიო გადმოცემებსა და ჩვეულებებზე. მისი პოლემიკური და სიმბოლური ხასიათი წიგნები წინააღმდეგობრივი და ურთიერთგამომრიცხავია ამ საკითხში. ერთსა და იმავე დროს, წეს-ჩვეულებებს ისინი მიაწერენ მარადიულად მოქმედ ნორმებს და როგორც წვრილმანი საკითხისადმი, სულის ცხოვნებისთვის მათ ყოველგვარ მნიშვნელობასაც უარყოფენ. განსაკუთრებით მკაფიოდ ეს გაორება გამოხატულია მის სწავლებაში პირჯვრის საწერი და კურთხევის გასაცემი თითების შესახებ. ამიტომაც ეს საკითხი მისიონერებისთვის არის ყველაზე მტკივნეული და გადაუჭრელი. რა უნდა ეპასუხა მისიონერ მამა ცვეტკოვს მისთვის დასმულ შეკითხვაზე: ქადაგებდა თუ არა მისი ეკლესია სიმართლეს, როცა ამბობდა, რომ ქრისტემ მოციქულები აკურთხა სახელობითი წყობით? მიიჩნევდა რა თავის ეკლესიას წმიდად და უბიწოდ, მას, როგორც მის მორჩილ შვილს, უნდა ეთქვა, რომ მისი ეკლესია ქადაგებდა სიმართლეს. მაგრამ მან ეს ვერ თქვა, ვერ გაბედა, ცხადია, იმიტომ, რომ შეგნებული ჰქონდა, რომ ამ "სიმართლეს" ჩვენს დროში არავინ დაიჯერებს. და უპირველეს ყოვლისა არ დაიჯერებს მას თვით გაბატონებული ეკლესია. თავისი "წმინდანის", დიმიტრი როსტოველის წიგნში ის ამტკიცებს: "ლუკას სახარებაში ნათქვამია, როგორ აკურთხა ქრისტემ წმიდა მოციქულების თავისი ამაღლების წინ: აღმართა ხელები და აკურთხა, ხოლო თითების როგორი წყობით იქ მითითებული არ არის. ჩვენთვის ცნობილი ცნობებით, აკურთხა ყველა თითით. ხოლო თითების წყობა კურთხევის გამოსახატავად მოგვიანებით დამკვიდრდა მართლმადიდებლებში" (Розыск. 1877. 4.2. Гл. 26. С. 259).

ამიტომაც, მისიონერს უნდა ეთქვა, რომ ნიკონის დროინდელი ეკლესია ქადაგებდა აშკარა ტყუილს. მაგრამ ამის თქმა ნიშნავს იმის აღიარებას, რომ მისი წყევლა-კრულვებიც, რომლებიც მან მართლმადიდებელ ქრისტეანთა წინააღმდეგ მიიღო ამ ტყუილის არმიღებისთვის, არის საშინელი უსამართლობა და უსჯულობა; აღიარებას იმისა, რომ მან უღალატა ქრისტეს და მის ჭეშმარიტ ეკლესიას და გახდა უმადლო და არამართლმადიდებლური. აი, რატომ აირჩია პასუხად დუმილი ბ-ნმა ცვეტკოვმა. იმ დროს, როდესაც განსაკუთრებული სიჯიუტით ამტკიცებდნენ, რომ სახელობითი კურთხევის წესი თავის დასაბამს იღებს ქრისტესგან, ხოლო სამი თითით პირჯვრისწერა მოციქულთაგან, ნიკონიანური ეკლესია ჯიუტად ქადაგებდა, რომ ეს ჩვეულებები უცვალებელია, მარადიულია, როგორც მარადიულია თვით ჭეშმარიტება (იხ. 1667 წ. კრების საქმენი. ფურცელი 32). ხოლო როდესაც საჭირო გახდა ამ ახალი თითების წყობის "სიძველის" დამტკიცება და იძულებული გახდნენ მიემართათ გაყალბებებისა და ფალსიფიკაციებისთის, მაშინ ამ საკითხების უცვალებლობის დოგმატი მნიშვნელოვნად შეირყა, ხოლო ოფიციალური ეკლესიის სიყალბეებისა და ფალსიფიკაციების აღმოჩენა-გამოაშკარავების შემდეგ, შეცვალეს რა თავიანთი ადრინდელი სწავლება, დაიწყეს ღიად მტკიცება იმისა, რომ წეს-ჩვეულება ეს არის "უმნიშნელო საგანი" და რომ ეკლესიას, როცა მას მოესურვება, შეუძლია ერთი წესი შეცვალოს მეორით.

ეს სწავლება რაღაცით უნდა შემაგრებულიყო. ამისთვის გამოაცხვეს შრომები და გამოკვლევები თითების წყობის საკითხთან დაკავშირებით. გაბატონებული ეკლესიის თეოლოგები და სასულიერო აკადემიის პროფესორები უკვე ამტკიცებდნენ, რომ ეკლესიაში თურმე, სხვადასხვა ეპოქაში არსებობდა სხვადასხვაგვარი წყობები პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემისთვის: იყო ერთი თითი, ორი თითი, სამიც და ხუთიც... არ ყოფილა მხოლოდ ოთხი თითით პირჯვრისწერა. და სადღაა ამ "ჭეშმარიტების" მამტკიცებელი წყაროები? დაიწყეს ეკლესიის წმიდა მამათა დამოწმება. მაგალითად, წმ. იოანე ოქროპირი და კირილე იერუსალიმელი აშკარად ასწავლიანო ერთი თითით პირჯვრისწერას. ამ მამებს დაეყრდნო მომხსენებელი მამა ბისტრიცკიც 16 მარტს გამართულ შეხვედრაზე. მისიონერთა პირობების თანახმად, რომელიც კრძალავს მოხსენების საწინააღმდეგო აზრის გამოთქმას, შესაძლებლობა არ მოგვეცა პოლემიკის პროცესში განგვეხილა ეს მოწმობები, რასაც გავაკეთებთ ამჯერად. მაგრამ, ვშიშობ ისინი, ისეთივე ღირებულნი აღმოჩნდებიან, როგორც კომნენოსის ხელი, რომელიც ერთსა და იმავე დროს "აშკარად სამი თითით არის შეკრული" და "სახელობითი წყობის წარმომჩენია უეჭვლივ".

წმ. იოანე ოქროპირის ახალ თარგმანებში, მათეს სახარებაზე მისი ჰომილიების ერთ ადგილას ნათქვამია: "როდესაც პირჯვარს იწერ, წარმოიდგინე მთელი მნიშვნელობა ჯვრისა... რადგან არა მხოლოდ თითი გმართებს მისი გამოსახვა, არამედ წინ უნდა უძღოდეს მას გულითადი განწყობა და სრული რწმენა ღმრთისადმი" (Беседы на Матфея . М., 1899. Ч. 2. Бес. 54. С. 362. - синодал. изд.). იოანე ოქროპირის ამ ერთმა სიტყვამ "თითით", საბაბი მისცა არქიეპისკოპოს ფილარეტ ჩერნიგოველს და მის კვალობაზე სხვა მეცნიერებს ემტკიცებინათ, რომ ეს წმინდანი თითქოსდა ასწავლის ერთი თითით პირჯვრისწერას. სხვა საფუძველი ოქროპირთან, მთელ მის მრავალტომიან თხზულებებში მათ ვერ იპოვეს.

მაშ ასე, იოანე ოქროპირი, მათი აზრით ასწავლიდა ერთი თითით პირჯვრისწერას. ეს არც თუ დიდი ხნის წინათ აღმოაჩინეს გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველებმა. ბერძნული ენიდან ოქროპირის თარგმანებიც მათვე მოგვცეს. მაგრამ მოდი, მივმართოთ თვით ბერძნებს, რომლებიც, უეჭველია, რუს მეცნიერებზე უკეთესად ერკვევიან თავიანთ მშობლიურ ენაში და ოქროპირის ზემოთდამოწმებულ სიტყვებს კითხულობდნენ არა თარგმანში, რომელიც შესაძლოა იყოს მცდარი ან არაზუსტი, არამედ დედანში. და თითების როგორი წყობა აღმოიკითხეს მათ ოქროპირის სწავლებაში, თანაც ახლა კი არა, 260 წლის წინათ, როდესაც ჩვენთან, რუსეთში ჯერ კიდევ არ იყო საეკლესიო განხეთქილება? იმ დროს, ცნობილმა არსენ სუხანოვმა დაწერა თავისი ასევე ცნობილი ნაწარმოები "დავა ბერძნებთან სარწმუნოების გარშემო". დავობდნენ თითების წყობის შესახებაც.

არსენიმ ჰკითხა ბერძნებს: სად წერია, რომ პირჯვარი უნდა გადაიწეროთ სამი თითით? – "მიტროპოლიტმა მელეტიმ და აქრიმანდრიტმა ანთიმოსმა და ფილიმონმა უპასუეს არსენის: "იოანე ოქროპირი წერსო ამის შესახებ". მაშინ არსენიმ უთხრა: "კეთილი, თუ იოანე ოქროპირი წერს. მოხარული ვიქნები მოვისმინო მისი განმარტება. მიჩვენეთ და მივიღებ". პატრიარქმა პაისიმ კაცი გააგზავნა ოქროპირი წიგნის მოსატანად. როგორც კი მოიტანეს ოქროპირის წიგნი, ბერძნულად ვენეციაში დაბეჭდილი, ჰპოვეს მისი სწავლება პირჯვრისწერის შესახებ, მაგრამ როგორ უნდა შეკრულიყო თითები ვერ ჰპოვეს. ოქროპირი ლაპარაკობდა ჯვრის გამოსახვაზე ზოგადად და მეტი არაფერი. ბერძნებმა ვერც აქ მოიპოვეს ვერაფერი თავის გასამართლებლად" (Исслед. С.Белокурова. Арсений Суханов. М., 1894. Ч.2. Вып. I. С. 33-34.). ოქროპირის იმავე სიტყვებით, რომლითაც ჩვენთან, რუსეთში ცდილობენ ამტკიცონ, რომ ეს წმინდანი ასწავლიდა ერთი თითით პირჯვრისწერას, ბერძნები ცდილობდნენ ემტკიცებინათ სამი თითით პირჯვრისწერის წესი. მათ, ცხადია, ეს ვერ გამოუვიდათ. მაგრამ ერთი რამ არის უეჭველი, რომ ოქროპირის ბერძნულ წიგნში, სადავო ადგილას, დაწერილია არა თითით, არამედ თითებით. ასე წაუკითხეს მათ არსენი სუხანოვს. და ასეა არა მარტო ბერძნულ ტექსტში, არამედ რუსულ თარგმანებშიც (და არა მარტო სინოდალურ თარგმანებში), სადაც იოანე ოქროპირის სიტყვები ასე იკითხება: "არა უბრალოდ თითებით უნდა გამოისახო (ჯვარი), არამედ ამას წინ უნდა უძღოდეს გულითადი განწყობა და სრული რწმენა" («Крестное знамение» М., 1887. С.12.). ასე თარგმნის ამ ადგილს ცნობილი მწერალი და ღვთისმეტყველი მღვდელმონაზონი გ. მ. დიაჩენკო (იხ.მისი. Уроки и примеры христ. надежды . М., 1894. С.318.). "თითები" არის ნათქვამი მარგალიტშიც (წმ. იოანე ოქროპირის თხზულებათა კრებული - მთარგმნ. Л. 387, слово 1-е о оглашении).

ძველმართლმადიდებელმა ეპისკოპოსმა არსენი ურალელი მოწმობს: "ჩვენ გვინახავს "ოქროს წყარო" (Златоструй), რომელიც სუზდალში, მაცხოვრისა და ექვთიმეს სახელობის მონასტრის ბიბლიოთეკაში ინახებოდა და რომელშიც სერბეთის მეფე სიმეონს შეუკრებია წმიდა იოანე ოქროპირის ქადაგებები. "ოქროს წყაროს" 22-ე ჰომილიაში მოთავსებულია მისი სწავლება მათეს სახარებაზე 54-ე ჰომილიიდან. აქაც არის წმიდა იოანე ოქროპირის ზემოთდამოწმებული სიტყვები, ოღონდ წერია "თითები" და არა "თითი", კერძოდ: "არა უბრალოდ თითებით უნდა გამოისახო (ჯვარი)... და შემდგ." (Оправдание старообрядческой Церкви. С. 65-66). "ოქროს წყაროს" ამ ტექსტს იმოწმებდა არსენი სუხანოვიც: "მითხარით, საყვარელნო, - წერს ის თავის თხზულებაში ბერძნულ ჩვეულებათა შესახებ, - რა განსხვავებაა კურთხევის გაცემას და პირჯვრისწერას შორის? დღეს ამბობენ, სხვა არის პირჯვრისწერა და სხვა კურთხევაო, მაგრამ არ კი ვუწყით, ჯვარი როგორ შეიძლება იყოს განსხვავებული? როგორ არის შესაძლებელი მღვდელმთავარმა სხვა ჯვრის აკურთხოს და გაანათლოს მორწმუნენი, და სხვა ჯვრის საკუთარი თავი? საიდან მოვიდა ასეთი სხვაობა ეკლესიაში? ღმრთის განკაცებიდან დღემდე არც ერთ ღვთისმეტყველს არ უცნობებია ამგვარი რამ ჩვენთვის. და რომ არ არსებობდა ამგვარი სხვაობა კურთხევასა და პირჯვრისწერას შორის, წერს თვით იოანე ოქროპირი ხსენებულ წიგნში "ოქროს წყარო". 22-ე ჰომილიაში, რომ "ხელით უნდა ნიშნი ჯვრისა, თითებით გადაიწერო პირჯვარი და რწმენით დაიცვა თავი" (С. Белокуров. Арсений Суханов. М., 1894. С. 121). ეს მოწმობები გვარწმუნებს, რომ ოქროპირი ლაპარაკობდა არა ერთი თითი პირჯვრისწერაზე, არამედ თითებზე, როგორც ჩვენ, ძველმორწმუნეები ვასწავლით "თითების შეკვრას" პირჯვრისწერისთვის და მათში სამ თითს კი არ ვგულისხმობთ, არამედ ორ თითს.

ახლა განვიხილოთ სხვა მოწმობა, რომელსაც ასევე ერთი თითით პირჯვრისწერის სასარგებლოდ იყენებენ ნიკონიანელები. ეს არის წმ. კირილე იერუსალიმელის გამონათქვამი პირჯვრისწერის შესახებ. ისიც არცთუ დიდი ხნის წინათ გამოძებნეს. ადრე წმ. კირილეს სიტყვები პირჯვრისწერაზე ასე იკითხებოდა: "ნუ შეგვრცხვება აღიარება ჯვარცმულისა, და გაბედულად ვქმნათ ხელით ბეჭედი ჯვარი..." (в Твор. его, изд. 1822 г.). მაგრამ, სულ სხვაგვარად ჟღერს ეს სიტყვები სინოდის მიერ მოწონებულ "ვრცელ კატეხიზმოში" (изд. 70-е. С. 53). აღმოსავლეთის ეკლესიის "მართლმადიდებელ აღმსარებლობაში" ეს სიტყვები გადათარგმნილია ასე: "ქმენ ბეჭედი პატიოსანი ჯვრისა, ჭამ თუ სვამ, ზიხარ თუ დგეხარ, ლაპარაკობ თუ იარები, და არც ერთი საქმე არ დაიწყო პირჯვრის გარეშე, არც სახლში, არც გზაზე, არც დღისით და არც ღამით" (М., 1900. С. 42). თითების წყობაზე აქ საერთოდ არ არის ლაპარაკი. მაგრამ, შემდეგ გაჩნდა მტკიცებულებები, რომ წმ. კირილე იერუსალიმელი თურმე ასწავლიდა პირჯვრისწერას "თითებით". რუსეთის საღვთისმეტყველო მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენლებმა, მოსკოვის მიტროპოლიტმა მაკარიმ (История русской церкви. Т. VIII. С. 101-102.), რიგის არქიეპისკოპოსმა ფილარეტმა, კიშინიოვის არქიეპისკოპოსმა პავლემ (იხ. О перстосложении для крестного знамения. П.Смирнова. С. 24-25) გამოიტანეს დასკნვა, რომ წმ. კირილე იერუსალიმელი ასწავლის სამი თითით პირჯვრისწერას.

საეჭვონი არიან თუ არა ეს მღვდელმთავრები? ისინი ხომ ეკლესიის ბურჯები არიან, ცნობილი ისტორიკოსები, ბერძნული ენისა და ლიტერატურის მცოდნეები. მათ არ უნდა დავუჯეროთ? დაგვცინებენ თუ არ დაუჯერებ და გეტყვიან: "უმეცარო". მაგრამ, აი, გამოჩნდა გამოკვლევა პირჯვრისწერის შესახებ უფრო ცნობილი ისტორიკოსისა, და ძველ საეკლესიო წერილობით ძეგლთა უეჭველად საუკეთესო მცოდნე, მოსკოვის სასულიერო აკადემიის დამსახურებული ორდინარული პროფესორი და საიმპერატორო აკადემიის ორდინარული აკადემიკოსი ე. გოლუბინსკი, რომელიც აცხადებს: "რამდენ და რომელ თითებს გულისხმობს კირილე იერუსალიმელი, როდესაც ლაპარაკობს თითებით, და არა თითით, პირჯვრისწერაზე, რჩება გაურკვევლი. მაგრამ, ნაკლებად სავარაუდოა, მას ეგულისხმა დღევანდელი სამი თითი, როგორც ამას ვარაუდობს მაღალყოვლადუსამღვდელოესი მაკარი... უფრო სავარაუდოა კირილესთან ვიგულისხმოთ ხუთივე თითი, ანუ ყველა თითი, რომელიც ლათინებთანაც კი შენარჩუნდა"(К нашей полемике со старообрядцами. 1905. С. 156-157). მაშასადამე, ახლა ის უნდა დავიჯეროთ, რომ წმ. კირილე იერუსალიმელის დროს, IV საუკუნეში, ქრისტეს ეკლესიაში არსებობდა ხუთი თითით პირჯვრისწერა. თითების წყობის ისეთი მცოდნე, როგორიც გოლუბინსკია, განა შეიძლება შეცდეს?!

ახლა ავიღოთ პეტერბურგის სასულიერო აკადემის პროფესორის, პ. სმირნოვის კიდევ უფრო უახლესი გამოკვლევა თითების წყობაზე, რომელიც არის ყველანაირი წყობისა და პირჯვრისწერის ისეთი მცოდნე, რომელიც შეშურდებოდა მთელ განათლებულ ევროპასაც კი. და როგორ დასკვნამდე მიდის ის, წმ. კირილეს გამონათქვამის კეთილსინდისიერი და ყოველმხრივი გამოკვლევის შემდეგ? "მცდელობა, - ბრძანებს პროფ. სმირნოვი, - წმ. კირილეს მოწმობა განმარტებულ იქნას ყველა თითით პირჯვრისწერის აზრით, შეუძლებელია უფრო წარმატებულად ვაღიაროთ, ვიდრე არის სამი თითით პირჯვრისწერის თვალსაზრისი. უფრო მახვილგონივრულია ის შეხედულება, რომ გასახილველ მოწმობაში უნდა დავინახოთ ერთი თითი" (О перстосложении, стр. 25). წარმოვიდგინოთ სამი კათედრა: ერთზე სხედან სამი მღვდელმთავარი, მეორეზე - ცნობილი აკადემიკოსი, მესამეზე - სწავლული პროფესორი და ამ კათედრებიდან გვესმის:

- წმ. კირილე იერუსალიმელი ასწავლიდა სამი თითით პირჯვრისწერას.

- არ არის სიმართლე, ის ხუთი თითით პირჯვრისწერას ასწავლიდა.

- თქვენი დასკვნები არ არის წარმატებული, თქვენ არცერთს არ გაქვთ მახვილი გონება. წმ. კირილე ასწავლიდა პირჯვრისწერას ერთი თითით.

ხოლო მკვირცხლი და ცქვიტი მისიონერები, ასეთი უდავოდ მეცნიერული დასკვნების შემდეგ, მოხერხებულად და მარჯვედ იყენებენ მათ ძველმორწმუნეებთან პოლემიკაში და ამბობენ: "ეკლესიაში სხვადასხვაგვარი იყო პირჯვრისწერის წესი და რაც მთავარია, ერთდროულად: ერთი თითიც იყო, სამიც და ხუთიც. საკმარისია გულისხმავყოთ ერთი ადგილი წმ. კირილე იერუსალიმელთან, რომ ამ აზრს დავეთანხმოთ". ასეთია თითების წყობაზე არსებული სამეცნიერო გამოკვლევათა ღირებულება. იმისათვის, რათა გავიგოთ რამდენ თითზე ლაპარაკობდა წმ. კირილე, არ არის საჭირო სამეცნიერო ცოდნა და კვლევა-ძიებანი. მისი სიტყვები იმდენად მარტივია, რომ გასაგები უნდა იყოს ნებისმიერი მიუკერძოებელი და ყურადღებიანი მკითხველისთვის. წმ. მამა ლაპარაკობს ჯვარცმულის აღსარებაზე, ანუ ქრისტეზე, რომელიც უნდა ვქმნათ თითებით. ვინ არ იცის, რომ ამ აღმსარებლობის გამოსახატავად საჭიროა არა სამი ან ხუთი, არამედ ორი თითი, რომელიც გამოხატავს ქრისტეს ორბუნებოვნებას. სწორედ მათ შესახებ ლაპარაკობს წმ. კირილეც. ასე გაიგო მისი სიტყვები ტერტი ფილიპოვმაც, რომელიც იყო ძველმოწესეობის მიუკერძოებელი მკვლევარი და ბერძნული ენის სერიოზული მცოდნე, რომელიც თვითონაც არაერთხელ ყოფილა აღმოსავლეთში. "ორი თითს კრავენ ედინოვერცები (ოფიციალურ ეკლესიასთან უნიით შეკრული ძველმოწესეები - მთარმგნ.), - ამბობს ის, - რათა წმ. კირილე იერუსალიმელისა და პეტრე დამასკელის სწავლებით აღიარონ ჯვარცმული არა მარტო ჯვრის გამოსახვითა და მათი დადებით შუბლზე და ყველგან, სადაც გამოისახვის ჯვარი, არამედ თითების წყობითაც" (см.: Современные церковные вопросы. С. 421).

სახელობითი წყობის იმ მოწმობათა გარდა (წმ. გერმანესი და მღვდელმონაზონ დიონისესი), რომელთა უსუსურობა დავამტკიცეთ პოლემიკის პროცესში, მომხსენებელმა კიდევ ორი სხვა მოწმობა მოიტანა ამ წყობის გასამართლებლად: ეს არის წიგნი "საფეხურეობრივი" (Степенная) გადმოცემა რუსეთის ისტორიისა, სადაც გადმოცემულია თქმულება მიტროპოლიტ იონაზე და ნავპლიელი დეკანოზის, ნიკოლოზ მალაქსას დარიგებანი. პირველ წიგნში, რომელიც გადამუშავებული და შევსებული სახით, თვით მიტროპოლიტმა მაკარიმ გამოსცა ორჯერ, მოცემულია შემდეგი ამბავი: ერთხელ მიტროპოლიტი ფოტი (1430-1431) ჩასულა სიმონის სავანეში და შესულა პურის საცხობში, სადაც უნახავს ბერი იონა, რომელსაც ხანგრძლივი და დამღლელი შრომის შემდეგ ჩასძინებოდა, "მარჯვენა ხელი მიედო თავზე და მოეხარა თითოსდა ვიღაცას აკურთხებსო. ეპიკოპოსი გაკვირვებულა ნანახით და უწინასწარმეტყველებია მასზე, რომ ეს იონა მომავალში იქნებოდა რუსეთის ქვეყნის უდიდესი მღვდელმთავარი", რაც შემდგომში აღსრულდა კიდეც. სახელობითი კურთხევის აპოლოგეტები ცდილობენ ამ მოთხრობიდან გამოიყვანონ იმის მტკიცებულება, რომ თითოსდა ძველ რუსეთში არსებობდა სახელობითი კურთხევის წესი. ეს მცდელობა, მეტი რომ არ ვთქვათ, ძალზედ სასაცილოა და ერთი თითით პირჯვრისწერის "დამამტკიცებელ" ბოლოდროინდელ "აღმოჩენათა" მსგავისა.

არც ნიკონს და არც მისი თანაშემწეებს, არავის, ნიკონიანური რეფორმებისა და სიახლეების შემომღებთაგან, არავის, თავისი სიახლეების დასამტკიცებლად არ დაუმოწმებია მიტროპოლიტ იონას მაგალითი, თუმცა "საფეხურეობრივი" (Степенная) წიგნი მათ უფრო კარგად ეცოდინებოდათ, ვიდრე დღევანდელ "რასკოლოლოგებს". ცხადია, ისინი ამ მოწმობაში სახელობითი წყობის სასარგებლოდ ვერავითარ მოწმობას ვერ ხედავდნენ. ის ნიკონიანური რეფორმების უახლეს აპოლოგეტთა მხურვალე ფანტაზიებში ჩაისახა. ე. ი. თუკი იონას, როგორც ისინი ამბობენ, "ხელი მოდრეკილი ჰქონდა თითქოსდა საკურთებლად", ეს მათი აზრით თურმე ნიშნავს, რომ თითები შეკრული ჰქონია სახელობითი წყობით. ასეთი არგუმენტაცია მხოლოდ ამგვარი წყობის არარსებობას ამჟღავნებს. მართლაც რომ ყოფილიყო ასეთი რამ, საჭირო არ გახდებოდა ამგვარი კურიოზული დასკვნების გაკეთება, რომლის მიხედვითაც იონას ხელის მხოლოდ მგდომარეობა რომ ლაპარაკობს სახელობითი წყობის სიძველეზე.

ეს თქმულება თავისუფლად და იმავე უფლებით შეიძლება დაიმოწმონ ლათინებმაც, რომლებიც, როგორც ცნობილია, კურთხევისთვის იყენებენ ხუთ თითს, ხოლო საკუთარ თავზე გადასაწერად განსაკუთრებულ წყობას. მათთვის ძალიან ადვილი იქნებოდა დასკვნის გაკეთება: იონას ხელი ისე დაედო "გეგონებოდა აკურთხებსო", და არა ისე, როგორც საკუთარ თავზე იწერენ ხოლმე და მაშასადამე, იმ დროიდანვე არსებობდა განსაკუთრებული წყობა კურთხევისთვის, რომელიც არის სწორედ ჩვენი, ლათინური წყობა კურთხევისაო. რითი უკუაგდებდით თქვენ ლათინთა ასეთ დასკვნას? ისიც ხომ ისეთივე "დამაჯერებელია", როგორიც თქვენი?! ან წარმოვიდგინოთ, რომ ნიკონმა სამღვდელმთავრო კურთხევისთვის შემოიტანა არა სახელობითი წყობა, არამედ ერთი თითი. ხოლო ამ წესის სიძველის დასამტკიცებლად დაიმოწმა მიტროპოლიტ იონას ხელი: "იონას, შეუძლიათ თქვან ერთი თითით კურთხევის აპოლოგეტებმაც, ხელი ისე ეჭირა, "გეგონებოდა აკურთხებსო", მაშასადამე, მას ხელის თითები დალაგებული ჰქონდა ჩვენეული ერთთითიანი წყობით". რას იტყოდით ამგვარი დასკვნის წინააღმდეგ სახელობითი წყობის აპოლოგეტებო? განა არ იტყვით, რომ მოთხრობაში იონას შესახებ, არაფერია თქმული თითების წყობაზე და თქმა იმისა, თუ რა მდგომარეობაში იყო მძინარე იონას ხელი და არა თითები, ნათლად მოწმობს, რომ ძველ რუსულ ეკლესიაში იყო ერთი წყობა კურთხევისა და პირჯვრისწერისა, რის გამოც ამ გადმოცემის დამწერი იძულებული იყო თითების საკურთხებელ წყობაზე კი არ ელაპარაკა, არამედ თვით ხელის მდგომარეობაზე. ყოველი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის ადვილია იმის წარმოდგენა, რა მდგომარეობაში იქნებოდა იონას ხელი: მან ის მოდრიკა არა თავისთვის, პირჯვრის გადასაწერად, არამედ ვიღაცის საკურთხებლად. აქედან იმ დასკვნის გაკეთება, რომ მას აუცილებლად თითები შეკრული უნდა ჰქონოდა სახელობითი წყობით, შეუძლია მხოლოდ ამ წყობის აპოლოგეტებს, რომლებიც ფანტასტიკური გამოგონებებისა და გაყალბების საოცარ უნარს ამჟღავნებენ.

სახელობითი კურთხევის მხოლოდ ერთი მკაფიო მოწმობა არსებობს. ეს არის ნავპლიელი დეკანოზის, ნიკოლოზ მალაქსას დარიგებანი. მაგრამ მას ჩვენთვის არავითარი ღირებულება არ გააჩნია. უპირველესად იმიტომ, რომ ჩვენი რუსი ისტორიკოსები მისი ცხოვრების დროის შესახებ სხვადასხვაგვარად მსჯელობენ: ერთნი მას განაკუთვნებენ XVI საუკუნეს, სხვები XV-ს. ჩვენ კი გაგვაჩნია თვით ბერძნების მოწმობა, რომელსაც ცოტა ქვემოთ დავიმოწმებთ, რო ის იყო ნიკონ პატრიარქის თანამედროვე. აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთის ეკლესიის "მართლმადიდებელ აღსარებაში", რომელშიც პირველად ჩნდება სწავლება სამი თითით პირჯვრისწერის შესახებ, არაფერია ნათქვამი სახელობით კურთხევაზე, უტმცა ის, როგორც ეს მიტრ. გრიგოლის განმარტებებიდან ვნახეთ, უეჭველად უფრო მნიშვნელოვანია სამი თითით პირჯვრისწერაზე. ცხადია, იმ დროს აღმოსავლეთში ან ცნობილი არ იყო მალაქსას დარიგებანი, ან კიდევ თვით სახელობითი კურთხევის წესი არ არსებობდა. დეკანოზმა ამბაკუმმა მალაქსას "ჯოჯოხეთი ძუკნა" უწოდა. სახელობითი წყობის დამცველები ამ გამონათქვამს შეურაცხმყოფელად და უხეშად მიიჩნევენ. მაგრამ უკეთესი აზრი მალაქსაზე არ ჰქონია თვით აღმოსავლეთის ეკლესიასაც კი. და მეორეც, აღმოსავლეთში 1838 წელს გამოცემულ "დიდი ეკლესიის წეს-განგებაში", რომელიც იქვე გაიმეორეს 1851 და 1868 წლებში, ნიკოლოზ მალაქსაზე მოცემულია ასეთი გამოხმაურება: "ნიკოლოზ მალაქსა იყო პელოპონესელი მღვდელი და ნავპლიელი დეკანოზი, რომელიც ცხოვრობდა 1640 წელს, კაცი ფრიად გაწვრთნილი ელინურ ენაში. მაგრამ ღვთისმოშიშებით, უფრორე ამპარტავნების გამო, დაუსახავს საეკლესიო საგალობელთა შეთხზვა და შეუთხზავს კიდევაც სტიქარონები, გაუგზავნია ისინი ვენეციას და ეს საკუთარი გამონაგონი, იქაურ ტიპოგრაფიებთან შეთანხმებით, ახალნაბეჭდ ბერძნულ თვენში შეუტანია. რის გამოც კონსტანტინოპოლის უწმიდესმა სინოდმა ის შერაცხა ვითარც განმაახლებელი, და განაწესა მის მიერ შეთხზულ საგალობლები არ ეგალობათ ქრისტეს ეკლესიაში" (см.: И.Мансветов. Церковный Устав. М.,1885. С.265).

ამრიგად, არ არსებობს არც ერთი, არც წმიდა მამებისა, არც ისტორიული მოწმობა, სახელობითი თითების წყობის სიძველის დასამტკიცებლად. ის არის ცრუ თავისი წარმომავლობით და უაზრო შინაარსით. როგორც სიყალბეებსა და ტყუილებზე დაფუძნებული სიახლე, რომელიც დამტკიცებულ იქნა კრებითი დადგენილებებითა და უაზრო ანათემებით, უსასტიკესი ძალადობით და სისხლიანი სასჯელებით, დოგმატის რანგში იქნა აყვანილი. როგორც ასეთი, სახელობითი თითების წყობა არის უეჭველი სიცრუე და მწვალებლობა.
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому