აპოლოგეტიკა - სად არის ნამდვილი შეთქმულება?! - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

სად არის ნამდვილი შეთქმულება?!
 
ანუ
 
კიდევ ერთხელ ნათლისღების შესახებ
 
პასუხი ე. ჭელიძის პუბლიკაციაზე "ანაბაპტისტური შეთქმულება"
საეკლესიო ზარები
შინაარსი:

წინათქმა

I. ნავატიანელთა ნათლობა




________________________________________________________

წინათქმა
 
2019 წელს თბილისის სასულიერო აკადემიის პროფესორმა ე. ჭელიძემ გამოსცა ნაშრომი სახელწოდებით: "გზა მსოფლიო კრებათა დოგმატური ღვთისმეტყველებისკენ, ანუ ნესტორიანულ-მონოფიზიტურ-ანაბაპტისტურ შეთქმულებათა მარცხი". ამ ნაშრომში ავტორი გამოდის ხსენებულ მწვალებლობათა მამხილებლად და აცხადებს, რომ რადგან "ეკლესიის სარწმუნოება მსოფლიო კრებათა აღმსარებლობაა, ... შესაბამისად ხსენებულ კრებებზე დადგენილი დოგმატური განჩინებების უარყოფა მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ შეთქმულებას ნიშნავს" (ხს. შრ. გვ. 6).
 
ამ მტკიცებულების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. თავისთავად ამ მწვალებლობათა მხილება საჭირო საქმეა და ხსენებულ ნაშრომთანაც არანაირი პრეტენზია არ გვექნებოდა, რომ არა ერთი უცნაური გარემოება: ავტორმა, "მართლმადიდებლობის წინააღმდეგ შეთქმულ" ნესტორიანელ, მონოფიზიტ და ანაბაპტისტ (მეორედმნათვლელ) მწვალებელთა გვერდით ძველმართლმადიდებლებიც მოიხსენია.
 
პროფ. ე. ჭელიძე, მისივე თქმით, ებრძოდა "დასაბამიერი გველის ნაშიერებს" (ხს. შრ. გვ. 6), როდესაც 2012-2016 წლებში გამოაქვეყნა სამი პუბლიკაცია: I – "სული-ცხოველი", II – "საეკლესიო დოგმატიკა და ერესები", III – "როგორი კაცობრივი სხეული მიიღო მაცხოვარმა?" ავტორმა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მებრძოლ მწვალებელთა სიაში ძველმართლმადიდებლებიც ჩართო (იხ. "სული - ცხოველი". თბ. 2012 წ.), რითაც ავტომატურად "დასაბამიერი გველის ნაშიერებში" ისინიც მოიაზრა.
 
პროფ. ე. ჭელიძის ნაშრომს "სული-ცხოველი" 2017 წელს ვუპასუხეთ ნაშრომით: "გზა - მართლად სავალი", სადაც მიმოვიხილეთ მისი მთელი რიგი უსამართლო ბრალდებანი, ცილისწამებანი და, რაც ყველაზე მთავარია, ვამხილეთ სწორედ წმიდა წერილის, მსოფლიო და ადგილობრივი კრებების, ასევე წმიდა მამათა სწავლებების ის ყალბი ინტერპრეტაციები, რომელსაც პროფ. ე. ჭელიძე თავის ხსენებულ ნაშრომში უხვად გვთავაზობს.
 
ნაშრომის "გზა მსოფლიო კრებათა დოგმატური ღვთისმეტყველებისკენ" მე-5-6 გვერდებზე ჩვენი ოპონენტი პროფესორი წერს:
 
"დოგმატს, როგორც საეკლესიო მართლმკვეთელობის ფუძეს, ორი გამოხატულებითი სახე აქვს:
 
1) განხილვითი, განმარტებითი, ფორმულირებითი.
 
2) განდევნითი, მომკვეთელობითი, ანათემატური ანუ შეჩვენებითი.
 
ამ ორი სახედან მეორე - ანათემატური ანუ შეჩვენებითი - აუცილებლად ლიტურგიკულია, ვინაიდან მიზნად ისახავს უკეთურებაში უკურნებლად გაკერპებული პირის არა ოდენ სიტყვიერ მხილებას, არამედ მღვდელმოქმედებითი წესით მის სრულ ამოძირკვას ცხონების წიაღიდან" (ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 5).
 
ამიტომაც, "წმიდა ეკლესიის მიერ ყოველთვის ხდებოდა და ხდება მაცხოვნებელ წიაღში გარკვეულ დონემდე ფარულად მობოგინე მწვალებლების ჯერ არაერთგზისი ღვთისმეტყველებითი მხილება-შეგონება, შემდეგ კი (უკურნებელობის შემთხვევაში) მისი შეჩვენებითად გამოააშკარავება და მოკვეთა, ვინაიდან მავანის ოდენ საღვთისმეტყველო მხილება არაიშვიათად წარმატებული მანევრირებულობით იჩქმალებოდა და იჩქმალება თვით მხილებულის მხრიდან ე. წ. "განსხავავებული ინტერპრეტირების" (ე. ი. უცხადეს დოგმატურ დებულებათა ვითომცდა სხვაგვარად განმარტების) დაშვებით, მაგრამ ხაზგასმით მივუთითებთ, რომ ვერანაირად ვერ მოხდება მიჩქმალვა და "სხვაგვარადინტერპრეტირება" ანათემისა, რომელიც აბსოლუტურად კონკრეტული, განჩინებითია (და არა მსჯელობითი), ხოლო კონკრეტული ანათემის მოწინააღმდეგე უკვე გაშიშვლებულია და მას ნიღაბი ჩამოსხნილი აქვს" (იქვე. გვ. 6).
 
2017 წლის ჩვენს ნაშრომში "გზა - მართლად სავალი" პროფ. ე. ჭელიძეს, ჩვენს შორის სადავო საკითხებთან (ნათლობა და პირჯვრისწერა) დაკავშირებით მივუთითეთ არაერთი საეკლესიო დადგენილება და ღმერთშემოსილ მოძღვართა სწორუპოვარი სწავლება, რომლის მიხედვითაც ქრისტიანის ნათლისღება უნდა მოხდეს წყალში სამგზის შთაფლვით, ხოლო პირჯვრისწერა - სამი შეკრული (ცერა, ნეკა და არათითი) და ორი ზეაღმართული (საჩვენებელი და შუათითი) თითებით, რომელმაც მართლმადიდებლობაში მიიღო ორთითიანი წყობის ან ორი თითით პირჯვრისწერის სახელწოდება.
 
პროფ. ე. ჭელიძის მიერ ანათემის არსთან დაკავშირებული განმარტების ფონზე, ჩვენს ნაშრომში მითითებულ და განხილულ წყაროთაგან გამოვყოფდით ორ ანათემას, რომლებიც სწორედ ნათლისღებას და პირჯვრისწერას უკავშირდება. ეს ანათემები მოცემულია არსენ იყალთოელის "დოგმატიკონში", რომელსაც თვით ე. ჭელიძე უდიდეს შეფასებას აძლევს.
 
საქართველოს ოფიციალური ეკლესიის საპატრიარქოს ტელევიზიით გამოსვლისას, გადაცემაში "ერთსულოვნების სალონი" (2015.01.06.) არსენ იყალთოელის "დოგმატიკონის" მნიშვნელობაზე პროფ. ე. ჭელიძემ განაცხადა (გთავაზობთ სტენოგრამას): "თავად ამ ძეგლის მნიშვნელობა სახელწოდებაშივეა გამოკვეთილი. ძეგლი, რომელსაც "დოგმატიკონი" ეწოდება, ერისთვის (თუ ეროვნული გაგებით ვიტყვით) და საეკლესიო ისტორიისთვის აბსოლუტურად იმავე მნიშვნელობის მატარებელია, რისაც საზოგადოდ ჭეშმარიტ მოძღვრებაში და ეკლესიის ისტორიაში დოგმატიკა. დოგმატიკაა ის გვირგვინი საეკლესიო მოღვაწეობისა, ის მწვერვალი, რომლითაც აბსოლუტურად ყველაფერს მნიშვნელობა ეძლევა. საკმარისია რაიმე სახეობას, გნებავთ ქრისტიანულ მოღვაწეობას ან საკუთრივ მღვდელმსახურებით მოღვაწეობას მოაკლდეს დოგმატური უცთომელობა, რომ ის აბსოლუტურად კარგავს მნიშვნელობას, თავად დოგმატური და საეკლესიო გაგებით. ეს იქნება მარტვილური ხვედრი, ეს იქნება ასკეტური მოღვაწეობა, ეს იქნება მწიგნობრული მოღვაწეობა თუ სხვა, აბსოლუტურად ყველაფერი არა მხოლოდ მნიშვნელობას კარგავს, პირიქით, წარწყმედის გზაზე დგება, თუ მას დოგმატური უცთომელობა მოაკლდება. ამიტომ ითვლება დოგმატიკა საზოგადოდ გვირგვინად საეკლესიო მოღვაწეობისა... დაუცხრომელი დამაშვრალობა ეკლესიის მამებისა ... და საუკუნეთა მანძილზე მთელი ეს მონაპოვარი მართლმადიდებელი ეკლესიისა ... VIII საუკუნის შუაწლებში პირველად წმიდა იოანე დამასკელმა თავის სწორუპვარ დოგმატურ სახელმძღვანელოში შეაჯამა.
 
ანალოგიური ღვაწლი გასწია თარგმანების სახით XI საუკუნის მიწურულისა და XII საუკუნის დამდეგს წმინდა არსენ იყალთოელმა, რომელმაც მთელი ეს დოგმატური საუნჯე, როგორც გვირგვინი და ერთადერთი ცხოველმყოფელობითი სულიერი რამ ძალა, ასეთ საუნჯედ ჩვენ მოგვიმუშაკა, ... რითაც ამ დოგმატიკის, ამ კრებულის შედგენით და ამ კრებულის ჩვენდამი დატოვებით არსენ იყალთოელმა, პარალელს თუ გავავლებთ, ზედმიწევნით იგივე სულიერი ღვაწლი გასწია ღვთის წინაშე, რაც, მაგალითად, ბერძნულმა და სხვა ენებზე საყოველთაოდ ცნობილმა ძეგლმა, VII მსოფლიო კრების დოგმატურმა დანართმა, რომელსაც მართლმადიდებლობის სინოდიკონი ეწოდება და რომლის მნიშვნელობა ... კიდევ უფრო ცხადი გახდება... რამეთუ ეს ძეგლი თავის დროზე ყოველთვის ლიტურგიკული ძეგლი იყო, დიდმარხვის პირველ კვირიაკეს მართლმადიდებლობის ზეიმზე იკითხება და ტრიოდიონში, მარხვანში შედიოდა. ამ გაგებითვე ითარგმნა ის თავის დროზე ექვთიმე მთაწმინდელისგან, მაგრამ ეს ძეგლი არის თანამდევი, მართლმადიდებლობის სინოდიკონზე მოგახსენებთ, თავის თავში გამაერთიანებელი ყველა დოგმატური და ანტიერეტიკული საეკლესიო განჩინებისა, დაწყებული მსოფლიო კრებებით და დაგვირგვინებული წმიდა გრიგოლ პალამას მოღვაწეობით, მთელი ეპოქალური გაერთიანება ჭეშმარიტი სწავლებისა.

არსენ იყალთოელმა მხოლოდ ის ძეგლები შემოკრიბა ამ ძეგლში
(იგულისხმება "დოგმატიკონი" - არქიეპ. პ.), რომელთა დასკვნებსაც გამოკვეთილად დოგმატური ღირებულება აქვთ ... მთელი კრებულის მნიშვნელობა იმავე ანდრძით შეიძლება წარმოჩნდეს, როდესაც პირველ ძეგლს "დოგმატიკონისას", როგორც მნიშვნელობით, ამ კუთხით, ყველაზე გამორჩეულს დოგმატური მიზანდასახულობით, მან, არსენ იყალთოელმა, ბოლოში ამგვარი შეფასება მისცა: ეს არის კერძოდ წმიდა ანასტასი სინელის სახელწოდებითაც გამორჩეული "წინამძღვარი", რომ ეს ჭეშმარიტად წინამძღვარია ეკლესიისა. რატომ? იმიტომ, რომ ესაა ის ძეგლი და ესაა ის თვალი, რითაც ხედავს ეკლესია; ესაა ის ბაგე, რითაც მეტყველებს ეკლესია; ესაა ის სასმენელი, რითაც ისმენს ეკლესია; ესაა ის საყნოსელი, რითაც იყნოსავს ეკლესია კეთილსურნელებას მადლისას და ესაა ის ისარი, რითაც ეკლესია განგმირავს გესლიანთა მხეცთა სიბოროტესა. ეს მან "წინამძღვარს" დაურთო, მაგრამ მთელი "დოგმატიკონი" ამგვარი გახლავთ. ესაა "დოგმატიკონის" სულიერი რაობა, გამოკვეთილი მნიშვნელობა იმ გაუკუღმართებულ და ცხონების გზიდან გადამდრეკ სწავლებათა აღმოსაფხვრელად, რაც ყოველთვის იყო არა მხოლოდ XII საუკუნეში, რაც, სამწუხაროდ, ვიდრე ეს ყოფა გრძელდება, კვლავ შენარჩუნებულია, დღესაც გახლავთ და დღესაც "დოგმატიკონის" მნიშვნელობა არანაკლებ, თუ ამ ტერმინს გამოვიყენებთ, აქტუალურია, როგორც თავის დროზე იყო.
 
ნებისმიერი ის მწვალებლობა, რაც ამომწურავად, ძირფესვიანად არის მხილებული და დაგმობილი ამ ძეგლში, იქნება ეს ნესტორიანიზმი და მისი ქვესახეობანი, მონოფიზიტობა და მისი ქვესახეობანი, ორიგენიზმის ცალკეული გამოვლინებანი, ანტიკათოლიკური პირველი ძეგლი მასშია და სხვა და სხვა, აი ეს ყველაფერი, დღესაც კვლავ აქტუალურია და დღეს კიდევ მეტად აქტუალურია იმიტომ, რომ ეს შტრიხები, აი, ეს მწვალებლური გაუკუღმართებანი, სამწუხაროდ გარეგნულად მართლმადიდებლურ მრევლშიც ძალიან მკვეთრად იჩენს თავს, იმიტომ რომ ადამიანს თავისი სარწმუნოება არ გაუზომავს, მას არა აქვს, როგორც ჩვენ ერთ-ერთ გადაცემაში ბერ-მონაზვნობაზე ვსაუბრობდით, ... საზომი, რომ გაზომო და ხშირად პირადი ინიციატივით იწყებ რაღაცას. ... მას არ გაუზომავს თავისი რწმენის მართებულობა, არის თუ არა ეს ჭეშმარიტი ქალკედონიზმი თუ ეს არის რაღაც ცრუ დიოფიზიტობა ნესტორიანიზმისა, თუ ეს არის ცრუ აღმსარებლობა ერთპიროვნებისა, მონოფიზიტობისა და სხვა. ეს არის საზომი სარწმუნოებისა.
 
ჩვენ ასე შეგვიძლია ვთქვათ, "დოგმატიკონი", ეს არის კრებული უკლებლივ ყველა, ოდნავ მაინც მნიშვნელობის მქონე გაუკუღმართებასთან დაკავშირებით; თუ დავეუფლებით ჩვენ ამ ძეგლს, თუ შევისწავლით, თუ დავამკვიდრებთ სასწავლებელში, რომ შეისწავლებოდეს ეს ძეგლი, როგორც სისტემური კურსი მაცხოვნებელი მოძღვრების დოგმატური ფორმულირებისა, ყველა ისარსა და გესლს თავიდან განვირიდებთ და ჩვენ შევძლებთ ჩვენს თავში შევამოწმოთ სარწმუნოება - ვართ კი მართლმადიდებელნი, როგორც ამას ჩვენც ვფიქრობთ, თითქოს გვწამს და გვგონია ასეა, თუ რომელიღაც სარწმუნოების გესლით ვართ იმდენად მოწამლულნი, რომ ეს ვერ გაგვიცნობიერებია.

ასე რომ, ეს გახლავთ საზომი სარწმუნოებისა, იყო ყოველთვის, დღესაც უეჭველად არის და ამიტომ ის ღვაწლი, რაც ამ ძეგლის ტექსტობრივ გამოცემასთან დაკავშირებით არის განხორციელებული, ეს არის უაღრესად დასაფასებელი და რა თქმა უნდა ხელშესაწყობი და ყველანაირად ეს საქმე ბოლომდე უნდა იქნეს მიყვანილი"
("ერთსულოვნების სალონი". 2015.06.01)
 
წყარო: "ერთსულოვნების სალონი - დოგმატიკონი - მივიწყებული საგანძური" https://www.youtube.com/watch?v=mtEDruJbKaE (URL-ს მიმართვის თარიღი: 17.09.2020).
 
დამოწმებული გვაქვს ასევე ქ-ნ. მაია რაფავას გამოკვლევა "უცნობი ავტორის ანტიმონოფიზიტური ტრაქტატი", სადაც ქ-ნი მეცნიერის მტკიცებით, არსენ იყალთოელის "დოგმატიკონში" შეტანილ ანტიმონოფიზიტურ ანათემატიზმებს ლიტურგიკული დანიშნულების გარდა პოლემიკური ხასიათიც გააჩნიათ (იხ. არქიეპ. პავლე (ხორავა). "გზა - მართლად სავალი". თ. IX. ჯვრის გამოსახვის შესახებ. 2. სამ-თითობითი სიკერპე და პირჯვრისწერის ნამდვილი წესი. თბ. 2017, გვ. 158-161).
 
"ფიცი მწამს - ბოლო მაკვირვებსო" ნათქვამია! ე. ჭელიძე, რომელიც ანტიმონოფიზიტური მწვალებლობის წინააღმდეგ გამოდის და მას მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო შეთქმულებას უწოდებს, უგულებელჰყოფს "დოგმატიკონში" შეტანილ ანტიმონოფიზიტურ ანათემას (რომელიც უეჭველად ძველი ეკლესიის დადგენილებაა და ქ-ნ მ. რაფავას გამოკვლევით IX-XI საუკუნეების შუალედშია მიღებული) (იხ. მ. რაფავა. უცნობი ავტორის ანტიმონოფიზიტური ტრაქტატი. საქ. სსრ. მეცნ. აკადემიის მაცნე. ენისა და ლიტერატურის სერია, თბილისი 1975 წ. № 1 გვ. 17-31) და თავის ორ "ანტი-სტაროვერულ" ნაშრომში ("ეკლესია - სძალი უფლისა". თბ. 1990 წ. და "სული - ცხოველი" თბ. 2012) სრულიად უგულებელყოფს მას (უფრო დეტალურად იხ. "გზა - მართლად სავალი": წიგნი I – "შთაფლვა თუ დასხმა" და წიგნი II – "გრანდიოზული დივერსია". თბ. 2017 წ.).
 
მეტი სიცხადისთვის კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ეს ანათემატიზმები:
 
პირჯვრისწერასთან დაკავშირებით: "ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ-იგი ქრისტეცა, შეჩუენება!" (მ. რაფავა. ხს. პუბლ. გვ. 29).
 
ნათლისღებასთან დაკავშირებით: "ვინცა ვინ არა ნათელ-სცეს სამითა შთაყოფითა სახელსა ზედა მამისა და ძისა და სულისა წმიდისასა, შეჩუენებულ იყავნ!" და ამ ფორმულაში ერთი სიტყვითაც კი არ არის დაცული დასხმით-პკურებითი "ნათლობა" (იქვე).
 
არსენ იყალთოელის "დოგმატიკონში" დადასტურებული ამ ანტიმონოფიზიტური ანათემატიზმებით, ე. ჭელიძე, - მისი სიტყვებითვე თუ ვიტყვით, - როგორც "კონკრეტული ანათემის მოწინააღმდეგე უკვე გაშიშვლებულია და მას ნიღაბი ჩამოსხნილი აქვს".
 
მაშ, ხვდები მკითხველო სად არის ნამდვილი შეთქმულება? ვინ არის მართლმადიდებლობის ნამდვილი მტერი? ვინ გვთავაზობს მართლმადიდებლურ დადგენილებათა განსხვავებულ ინტერპრეტაციას? - დიახ, ეს არის ჩვენი მართლმადიდებელი წინაპრებისა და მთელი მართლმადიდებლური სამყაროს მიერ ჯერ კიდევ IX-XI საუკუნეებიდან შეჩვენებული ყველა ის პირი, ვინც უარყოფს ან ამახინჯებს ანათემატიზმებით დაცულ პირჯვრისწერასა და ნათლისღებას! ესენი არიან "უკეთურებაში უკურნებლად გაკერპებული პირები" და "სრულად ამოძირკვულნი ცხონების წიაღიდან". ჩვენს დღევანდელობაში ასეთ პირებად კონკრეტულად წარმოჩინდება პროფ. ედიშერ ჭელიძე და ყველა მისი თანამოაზრე, მეტიც, მთელი ახალმოწესეობრივი "ეკლესია", რომელმაც ანათემატიზმებით დაცული უძველესი საეკლესიო გადმოცემები დაამახინჯა და მათ სანაცვლოდ ეკლესიაში კანონიკური დადგენილებებით დაუმტკიცებელი დასხმით-პკურებითი ნათლობა და სრულიად უცნობი სამთითიანი წყობის პირჯვრისწერა დააკანონა.
 
ე. ჭელიძე თავისი მორჩილ მსმენელს ძველმართლმადიდებლებთან მიმართებაში ათასგვარად აფრთხობს და სხვადასხვაგვარ ფსიქოლოგიურ თუ ფილოსოფიურ ხრიკებს მიმართავს, რათა რაც შეიძლება საშინელი სახე მისცეს ძველმორწმუნეობრივ ქრისტიანობას.
 
ამჯერადაც, ოპონენტმა მორიგ ხრიკს მიმართა და ძველმართლმადიდებლობას, მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მიმართული შეთქმულება უწოდა. მაგრამ, ჩვენი მკითხველი ამ ვაი-"მეცნიერის" მიერ მოკერებულ იარლიყს არ უნდა შეუშინდეს, რადგან წმიდა ესაია წინასწარმეტყველი გვმოძღვრავს: "ნუ დაარქმევთ შეთქმულებას ყველაფერს, რასაც ეს ხალხი შეთქმულებას არქმევს და მისით შემაშინებელი ნუ შეგაშინებთ" (ესაია 8:12).
 
დიახ, ნუ შეგაშინებთ პროფ. ე. ჭელიძის მორიგი პროვოკაცია, ის თავიდან ბოლომდე სიცრუეა, რაც ერთხელ უკვე ვაჩვენეთ ჩვენს ნაშრომში "გზა - მართლად სავალი" და ვაჩვენებთ ახლაც.
 
ე. ჭელიძე მეცნიერისთვის სრულიად შეუფერებელი "ფიცილ-მტკიცილით" ცდილობს თავისი მკითხველის დარწმუნებას იმაში, რომ ჩვენი ნაშრომი "გზა - მართლად სავალი" (თბილისი 2017 წ.), რომელიც მისი წიგნის "სული - ცხოველის" (თბ. 2012 წ.) საპასუხოდ დაიწერა, თურმე არ შეიცავს არანაირ მტკიცებულებას. მისი თქმით: "... მეორედ-მნათვლელთა დღევანდელმა ერესიარქმა კარგა ხანს ზომა და სინჯა გზაგასაყარი ამპარტავნებასა და სიმართლეს შორის, ციდამტკავლისებრ კარგა ხანს იბორგნეულა "კარებსა ფილოსოფოსთასა" და წლების შემდეგ ეს ერთადერთი პასუხი გაგვცა: რა წყაროები და რა ხატ-ფრესკები, რა ბერძნული ძეგლები და რა ძველი ქართული თარგმანები?! ამეებისა მე არაფერი ვიცი და არც მაინტერესებს, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ისედაც ეცოდინებოდათ ჩემს სტაროვერ მამა-პაპებს (თუნდაც ელემენტარული წერა-კითხვის არმცოდნეებს) და რადგან ისინი დასხმით ნათლობას სატანის საქმედ თვლიდნენ, ასედაც უნდა იყოსო" (ე. ჭ. "გზა მსოფლიო კრებათა დოგმატური ღვთისმეტყველებისკენ, ანუ ნესტორიანულ-მონოფიზიტურ-ანაბაპტისტურ შეთქმულებათა მარცხი". ანაბაპტისტური შეთქმულება. გვ. 789. წყაროს სათაურის სიდიდის გამო შემდეგში მას დავიმოწმებთ მოკლედ: "ანაბაპტისტური შეთქმულება").
 
ამრიგად, ასეთი "მეცნიერული" განსჯითა და "დასაბუთებით" ე. ჭელიძე ჩვენს "გამანადგურებელ" არგუმენტებად სახავს მის მიერ დამოწმებულ "ძველ წყაროებს", "ძველ ხელნაწერებს", "ძველ ხატ-ფრესკებს", რომელთაც თურმე არაფრად მივიჩნევთ ("გზა - მართლად სავალი". თბ. 2017 წ.).
 
ცხადია, ვერც ე. ჭელიძე და ვერც მისი რომელიმე თავგამოდებული მომხრე ვერ დაგვიმოწმებს ჩვენს რომელიმე პუბლიკაციას, სადაც ვამბობდეთ: "რა წყაროები და რა ხატ-ფრესკები, რა ბერძნული ძეგლები და რა ძველი ქართული თარგმანები?! ამეებისა მე არაფერი ვიცი და არც მაინტერესებს" - ო (ციტ. ანაბაპტისტური შეთქმულება. გვ. 789). ამგვარი რამ უბრალოდ არ არსებობს და ეს მტკიცებულება სხვა არაფერია, თუ არა თბილისის სასულიერო აკადემიის პროფესორ-თეოლოგის მორიგი ამორალური გამოხდომა.
 
მაგრამ, შესაძლოა ვინმემ გვითხრას, რომ ე. ჭელიძის დამოწმებულ სიტყვებში იგულისხმება არა ჩვენი პირდაპირი ციტირება, არამედ ზოგადად, მის მიერ დამოწმებული ძველი წყაროების ჩვენეული უარყოფა. მაგრამ, არც ეს იქნება სიმართლე. ჩვენი 800 გვერდიანი ნაშრომი სწორედაც რომ ე. ჭელიძის მიერ დამოწმებული ძველი წყაროებისა და მათი ყალბი ინტერპრეტაციების გამომზეურებას ეძღვნება, რაც, როგორც ჩანს, ბ-ნ მეცნიერს ძლიერ არ ეპიტნავა. ამას ადასტურებს მისი გაცოფება არა მარტო ჩვენი ნაშრომის და ჩვენ მიერ ჩატარებული დეტალური ანალიზის მიმართ, არამედ პირადად ჩემსა და დანარჩენ ძველმორწმუნეთა მიმართაც, რაც მის უკიდურეს მედიდურობას, ამპარტავნებას და უზნეობას ააშკარავებს.
 
ე. ჭელიძეს უკიდურესად არ სურს ოფიციალური ეკლესიის მორწმუნეები გაეცნონ ჩვენს ნაშრომს და მაქსიმალურად ცდილობს მისი ღირებულების დაკნინებას. ის თურმე მხოლოდ "გარედან ჰგავს წიგნს", თანაც, რაც შეიძლება მოცულობითს, დიდფორმატიანს. შეხედავენ და შეაქებენ, ხელშიც აიღებენ, წაღმა-უკუღმა შეატრიალ-შემოატრიალებენ, გულზე მოეშვებათ" (ე. ჭ. ანაბაპტ. შეთქმულება. გვ. 789-790). ხოლო ჩემზე, როგორც წიგნის ავტორზე, შენიშნავს: "... წერს და წერს, წერს და წერს, ყველაფერზე წერს, გარდა იმისა, რაც საქმის არსს უკავშირდება. ერთი ამბიდან გადადის მეორეზე, მესამეზე, აახორავებს და დაახორავებს სრულიად გაუგებარ და, ამასთან ჩვენს პუბლიკაციასთან აბსოლუტურად დაუკავშირებელ ვითომცდა ციტატებს, დანართებს, გადანართებს, გაგონილებს, ყურმოკრულებს, ზოგან არც ესმის რას წერს, ზოგან ვითომდა ესმის..." (იქვე. გვ. 790).
 
ჩვენ ადრე ვწერდით, რომ მეცნიერულ ნაშრომს და საკუთრივ მეცნიერს ობიექტურობა უნდა ახასიათებდეს: "რადგან საქმე გვაქვს მეცნიერთან, რომელიც მოღვაწეობს საზოგადოებისა და ეკლესიისთვის ესოდენ მნიშვნელოვან სფეროებში, რომელთა გარეშე საეკლესიო საკითხთა ცოდნა წარმოუდგენელია, ბუნებრივად უნდა გვეფიქრა, რომ მისი ზემოთ ხსენებული ნაშრომებიც მეცნიერული ობიექტურობისთვის დამახასიათებელ კრიტერიუმთა შესაბამისი უნდა ყოფილიყო. მაგრამ, სამწუხაროდ, ხდება ისე, რომ, როდესაც მეცნიერი მისდევს არა მეცნიერულ, არამედ იდეოლოგიურ თუ მერკანტილურ ინტერესებს, ის ღალატობს მეცნიერული კვლევის პრინციპებს და მთელ თავის ცოდნასა და განათლებას სწორედ ამ ინტერესთა სამსახურში აყენებს. ამის გამო ზარალდება მეცნიერებაც და მორწმუნეთა სულიც, რამეთუ ნებისმიერი საეკლესიო საკითხი, უპირველეს ყოვლისა, სწორედ სარწმუნოებისა და მორწმუნეებისთვის არის მნიშვნელოვანი და არსებითი" (არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა). "გზა - მართლად სავალი". წიგნი I. თ. I. თეოლოგიისა და მეცნიერული კვლევის შესახებ. თბილისი 2017, გვ. 55).
 
სამწუხაროდ, ამჯერადაც ე. ჭელიძის ამ მორიგ ანტიძველმართლმადიდებლურ ნაშრომშიც იგივე იდეოლოგიურ და მერკანტილურ ინტერესთა გამოვლინებებს ვაწყდებით. გარდა იმისა, რომ ცრუობს, თითქოსდა საქმის არსს არ ვეხებოდეთ და ძველ წყაროებს არ ვაღიარებდეთ, ოპონენტი "მეცნიერი" ამავდროულად ელემენტარულ უტაქტობას და მეცნიერისთვის შეუფერებელ უტიფრობას იჩენს. სხვაგვარად ვერ გავიგებთ მის მიერ ჩემი გვარის "გათამაშებას" – "ერთი ამბიდან გადადის მეორეზე ... აახორავებს და დაახორავებს სრულიად გაუგებარ... ვითომცდა ციტატებს"-ო. თანაც ეს სიტყვები თვითონვე დაუმუქებია, რათა მკითხველს ამ "ახორავება-დახორავებაში" ჩემი გვარის მოაზრებაც არ გამორჩეს. ძალიან დასანანია ასეთი ზნედაცემულობა იხილო პიროვნებისგან, რომელიც სასულიერო აკადემიაში სტუდენტებს ზრდის და სამეცნიერო საქმიანობას ეწევა.
 
მაგრამ, მეორე მხრივ ამგვარ ქცევაში ჩანს ოპონენტის უკიდურესი უსუსურობაც. მართლაც, ჩვენს ნაშრომში უაზროდ რომ იყოს ჩაყრილი ათასგვარი მასალა, რომელთაც თითქოსდა არანაირი კავშირი არ გააჩნია სადაო საკითხებთან, განა რა უნდა გასჭირვებოდა პოლემიკებში გამობრძმედილ "მეცნიერ" ე. ჭელიძეს ეს შეუსაბამობანი მკითხველისთვის წარმოედგინა და გამარჯვებულის ყელმოღერებით ეყიჟინა: გავიმარჯვეო!
 
მაგრამ, არა! ოპონენტმა თავისი "გამარჯვება" უცნაურად წარმოაჩინა: დასცინა ჩემს გვარს, აგდებით მოეპყრო ჩემს პიროვნებას, ძველმართლმადიდებელ ქრისტიანებს, რომლებიც უწიგნურებად დასახა, გვერდი აუარა მის სამხილებლად მოტანილ ფაქტებს და არწმუნა მკითხველი ხორავას წიგნი მხოლოდ სხვადასხვა მასალათა გროვაა და "ჩვენს პუბლიკაციასთან აბსოლუტურად დაუკავშირებელიაო" (იქვე. გვ. 790).
 
რამდენად არის დაუკავშირებელი ჩვენი ნაშრომი ე. ჭელიძის პუბლიკაციებთან, მკითხველი თვალნათლივ ქვემოთ იხილავს (უფრო დეტალურად კი ჩვენს ნაშრომში - "გზა - მართლად სავალი". თბილისი 2017 წ.). აქ კი აღვნიშნავთ, რომ როდესაც მეცნიერი ოპონენტებთან დავაში მიმართავს არა განხილული წყაროების ანალიზს, არამედ პიროვნების დამცირებას, ლანძღვას, ცილისწამებებსა და დაუსაბუთებელ ბრალდებებს, იქ დაკვირვებული ადამიანებისთვის ცხადი უნდა იყოს - ამგვარ მეცნიერს სათქმელი არაფერი აქვს! ხოლო მთელი მისი "ბუკ-ნაღარა" გავიმარჯვე, გავიმარჯვეო ჯიუტი მოზარდის აღტყინებას წააგავს, რომელსაც უკიდურესად არ სურს საკუთარი მარცხის აღიარება.
 
იმგვარ ხრიკებს, როგორსაც ე. ჭელიძე ჩვენი მისამართით იყენებს, ჯერ კიდევ საუკუნეების წინ იყენებდნენ გაცოფებული მწვალებლები. გასაოცარია უბრალოდ ის, თუ როგორ ემთხვევა ე. ჭელიძის მეთოდოლოგია მათსას.
 
ეს ნათლად ჩანს წმ. ბასილი დიდის 224-ე ეპისტოლედან, რომელიც მას მღვდელ გენეთლიოსისადმი მიუწერია. იმდენად მსგავსია წმ. ბასილის დროინდელი ერეტიკოსებისა და ჩვენს დღევანდელობაში მოღვაწე ერეტიკოსი პროფესორ ე. ჭელიძის ეშმაკობები, რომ გაოცება გიპყრობს.
 
პირდაპირ წმ. ბასილი დიდის სიტყვებით შეგვიძლია შევაფასოთ ე. ჭელიძის ჩვენს (და პირადად ჩემს) წინააღმდეგ მომართული განცოფება: "ვერ წარმომიდგენია, ამ წიგნის დამწერნი რა თავისმართლებას მოიფიქრებენ მისი შედგენის გამო ქრისტეს შეუმცდარი სამსჯავროს წინაშე. ისინი ბრალს გვიყენებენ, დაჟინებით გვესხმიან თავს და ჰყვებიან ჩვენს შესახებ იმას, რაც მოეპრიანებათ, და არა იმას, რაც ჭეშმარიტებას წარმოადგენს, თავს იკატუნებენ, რომ დიდი თავმდაბლობა გააჩნიათ, ჩვენ კი მოგვაწერენ უზომო მედიდურობას, თითქოს მათ მიერ გამოგზავნილნი არ მიგვეღოს. სიცრუეა ეს ყველაფერი, ან, უსაფრთხოდ რომ ვთქვა, მათი დიდი ნაწილი. ამასთან, დაწერეს ისე, რომ დაარწმუნონ ადამიანები და არა ღმერთი, და ცდილობენ, აამონ ადამიანებს და არა ღმერთს, რომლისთვისაც არაფერია ჭეშმარტებაზე უფრო ძვირფასი" (წმ. ბასილი დიდი. ეპისტოლეები. თბილისი 2019 წ. გვ. 387).
 
 
***
 
 
როგორც უკვე აღინიშნა, ე. ჭელიძემ სხვა პროტესტანტულ მიმართულებებთან ერთად "ანაბაპტისტ" შეთქმულებად და მართლმადიდებლობის მტრებად გამოგვაცხადა. ამგვარ პოზიციას ბ-ნი ჭელიძე ასეთი საფუძველს აძლევს: "მართლმადიდებელი ეკლესიის სარწმუნოება მსოფლიო კრებათა აღმსარებლობაა. შესაბამისად, ხსენებულ კრებებზე დადგენილი დოგმატური განჩინებების უარყოფა მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ შეთქმულებას ნიშნავს" (ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 5).
 
"ყოველი ამგვარი შეთქმულება, - აგრძელებს ავტორი, - ყოვლადსამღვდელო სწავლების წინააღმდეგ ჟამითი ჟამად აღბორგებული, იმ დოგმატური საძირკვლის დარღვევას ისახავდა და ისახავს მიზნად, რაც, წმიდა წერილზე დაყრდნობით, უმყარესად დაიდო, ერთი მხრივ, თავად მსოფლიო კრებების, მეორე მხრივ, მსოფლიო კრებათაგან სანქცირებული ადგილობრივი კრებების, და მესამე მხრივ, ამავე კრებათაგან ერთხმობითად დადასტურებული იმ დოგმატური დებულებების მიერ, რაც ღმერთშემოსილ მოძღვართა ნაშრომებში არის ჩამოყალიბებული" (იქვე).
 
კეთილი და პატიოსანი, ჩვენც დავეთანხმებით ჭეშმარიტების გარკვევის ამ კრიტერიუმს და ოპონენტს საკუთარ მსჯელობებში მათ განუხრელ შესრულებას მოვთხოვთ. გარდა ამისა, ბ-ნი პროფესორის მიერ მოტანილ "მამხილებელ" არგუმენტებში, რომელიც მას ჩვენს საწინააღმდეგოდ მოჰყავს, ნაჩვენები უნდა იყოს ამ კრიტერიუმების რღვევა ჩვენი მხრიდან, ანუ დიდ სჯულისკანონში შეტანილ მსოფლიო და ადგილობრივ საეკლესიო კრებათა დადგენილებებისა და, ასევე, ღმერთშემოსილ მოძღვართა სწავლებების გაუთვალისწინებლობა; თუ არა და, ავტორი თვითონ აღმოჩნდება მის მიერვე აღიარებული პრინციპის მოწინააღმდეგე და შედეგად, მართლმადიდებლობის წინააღმდეგ შეთქმულებაში თვითონვე იმხილება.


***
 
 
 
I

ნავატიანელთა ნათლობა

 
"ანაბაპტისტურ შეთქმულებაში" ე. ჭელიძის მიერ გადმოცემული არგუმენტაციიდან გამომდინარე, ამ თავს ალბათ უფრო მოუხდებოდა სახელწოდება - ნავატიანელთა მიღება ეკლესიის წიაღში. საქმე იმაშია, რომ დასხმით-პკურებითი "ნათლობის" მომხრეები მისი კანონიკურობის საჩვენებლად ხშირად იმოწმებენ სხვადასხვა მწვალებლობათაგან გადმოსულთა მიღების წესს, რომელიც ეკლესიაში უძველესი დროიდან არსებობს და საბოლოოდ მსოფლიო კრებათა პერიოდში ჩამოყალიბდა.
 
მოვუსმინოთ თვით ე. ჭელიძეს: "... დასხმითი ნათლობის მადლმოსილებასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს 692 წ-ს კონსტანტინოპოლში მოწვეული ტრულის ანუ "გუმბათის" მსოფლიო კრების 95-ე კანონი, რომელიც გვიდგენს დებულებას იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ექვემდებარება გადანათვლას (ჭეშმარიტი წესით მონათვლას) და ვინ არა. კანონში მითითებული სამი დასიდან ჩვენთვის ამჯერად განსაკუთრებით საყურადღებოა პირველი, რომელშიც შედიან გადანათვლის არმსაჭიროებელი ერეტიკოსები, ანუ ერეტიკოსები, რომლებიც მხოლოდ მირონს იცხებენ და არანაირად არ ინათლებიან ხელმეორედ" (იქვე. გვ. 791-792).
 
"როგორც ზემორე რჯულდებიდან ირკვევა, - აგრძელებს ავტორი, - (და ეს საყოველთაოდ არის ცნობილი), მართლმადიდებელ ეკლესიაში მოსულთაგან ნაწილი მიიღებოდა და მიიღება მხოლოდ მწვალებლობათა წერილობითი შეჩვენებითა და მირონცხებით (ნათლისღების გარეშე), ნაწილი - მთლიანი ნათლისცემითა და მირონცხებით (მწვალებლობათა წერილობითი შეჩვენებითურთ), ნაწილი კი - მხოლოდ მწვალებლობათა წერილობითი შეჩვენებით. კანონში ჩამოთვლილი არამართლმადიდებლებიდან მოცემულ შემთხვევაში ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევენ "ნავატიანოზნი", რომელნი-იგი "წმიდად" სახელ-სდებენ თავთა თვისთა" (იქვე. გვ. 795).
 
"მაგრამ, როგორ ინათლებოდნენ ნავატიანოზნი ანუ ნავატიანელები თავიანთ გაუკუღმართებულ ეკლესიაში?" - სვამს კითხვას ე. ჭელიძე. ოდნავ გავასწრებთ მოვლენებს და წინდაწინ ვიტყვით - ნავატიანელთა ნათლობის და ეკლესიაში მათი მიღების წესის აღნიშვნა ე. ჭელიძეს იმისთვის სჭირდება, რათა ნათლობის წყალპკურებითი წესი კანონიკურ ნათლობად წარმოაჩინოს. საქმე იმაშია, რომ ნავატიანელთა ბელადი ნავატი, სარეცელს მიჯაჭვული მოინათლა დასხმითად რის შემდეგაც მან ეკლესია დატოვა და ცალკე მიმართულება ჩამოაყალიბა. ე. ჭელიძე განსაკუთრებულად უსვამს ხაზს ეკლესიაში ნავატიანელთა მიღების წესს, რადგან, როგორც ხსენებული მსოფლიო კრების კანონიდან ჩანს, მართლმადიდებლობისკენ მოქცეულ ნავატიანელებს ეკლესია მირონცხებით (ნათლისღების გარეშე) შეიწყნარებდა.
 
ე. ჭელიძის ლოგიკა მარტივია: თუკი ნავატიანელებს ეკლესია მირონცხებით შეიწყნარებდა, მაშინ მათ მიერ აღსრულებული პკურებითი ნათლობები სრულიად კანონიკური ყოფილა და ეკლესია მასში დასაგმობს ვერაფერს ხედავდა. აქედან გამომდინარე კი წყალპკურებულებს თავიდან არ ნათლავდა. მაშასადამე, ე. ჭელიძის ამგვარი ლოგიკით წყალპკურებითი ნათლობა სრულიად მისაღები ყოფილა და ძველმართლმადიდებლები მას ამაოდ ამხედრებიან. მაგრამ ნუთუ ასე მარტივად არის საქმე? ამის გასარკვევად კვლავ მივმართოთ ნავატიანელთა საქმის დასაბამს და შევეცადოთ პასუხი გავცეთ მთელ რიგ კითხვებს, რომლებიც ამ ისტორიის განხილვისას იბადება.
 
სანამ უშუალოდ ნავატიანელებზე ვილაპარაკებდეთ, საჭიროდ მივიჩნევთ აღვნიშნოთ ის გარემოება, რომ ეკლესია ყოველთვის ყურადღებით მიმოიხილავდა მისკენ გადმოსულ მწვალებელთა სულიერ მდგომარეობას და აუცილებლად არკვევდა, საზოგადოება, საიდანაც მოდიოდა მწვალებელი, როგორ აღასრულებდა ნათლისღების საიდუმლოს, ხომ არ იყო განსხვავება საიდუმლოს აღსრულების მართლმადიდებლურ წესთან. ეკლესია თავიდან არ ნათლავდა იმ მწვალებლებს, რომლებიც ან თავიდანვე იყვნენ მონათლულნი მართლმადიდებლობაში და ბრუნდებოდნენ განდგომილებიდან, ან მონათლულნი იყვნენ ისეთ მწვალებლურ საზოგადოებაში, სადაც ნათლობის წესი მართლმადიდებლურისგან არ განსხვავდებოდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: ასეთ მოქცეულებს ეკლესია იღებდა მოუნათლავად - ან მირონცხებით ან ლოცვით.
 
თვალსაჩინოებისთვის ძალიან მოკლედ მიმოვიხილოთ ზოგიერთ მწვალებელთადმი ეკლესიის კანონიკური მიდგომა.
 
1. ეკლესიამ არიანელთა მირონცხებით მიღება დააწესა, რადგან ისინი წმიდა სამების სახელით ინათლებოდნენ, თუმცა ყველა არიანელი როდი ინათლებოდა სწორად. არიანელები მრავალრიცხოვან სექტებად იყოფოდნენ და ნათლობა ყველა მათგანს განსხვავებული ჰქონდა: ზოგი სამგზისი შთაფლვით ნათლავდა მამის, ძის და სულიწმიდის სახელით; იყვნენ ისეთები, რომლებიც დასხმითად ნათლავდნენ ან ერთგზისი შთაფლვით და სამების იპოსტასთა სახელებსაც არ წარმოთქვამდნენ. ერთგზისი შთაფლვით და დასხმითად მონათლულებს (ევნომეველებს) ის თავიდან ნათლავდა (დეტალურად იხ. "გზა - მართლად სავალი". წიგნი III. "შეუმუსრავი ეკლესია". თ. IV. რამოდენიმე ისტორიული მოწმობა მე-2 კატეგორიის (მირონცხებად) მწვალებლობათაგან მოქცეულთა მიღების შესახებ. თბ. 2017 წ. გვ. 144).

სხვათა შორის, ზუსტად ასე იქცეოდნენ ძველმართლმადიდებელი ქრისტიანებიც მათკენ გადმოსული ახალმოწესეების მიღებისას: წყალდასხმითად მონათლულებს თავიდან ნათლავდნენ, ხოლო სწორად (სამგზისი შთაფლვით) მონათლულებს იღებდნენ გადანათვლის გარეშე.
 
აღსანიშნავია, რომ წმიდა მამები ზოგჯერ გამოდიოდნენ არიანელთა მიერ სწორად აღსრულებული ნათლობის დასაცავად, თუკი მას თვით ერეტიკოსები უარყოფდნენ. მაგალითად, ერეტიკოსი ევნომე თავიდან ნათლავდა მისკენ გადასულ არიანელთ, ანუ იმათ, რომელთაც ნათლისღების აღსრულების წესში ესოდენი მრავალფეროვნება ჰქონდათ. ამასთან დაკავშირებით წმ. ეპიფანე კვიპროსელი ამბობს: "უგუნურმა ევნომემ უდიდესი ბოროტება გაბედა" ("Безумный Евномий дерзнул на великое зло") (ციტ. Ф. Мельников. Конец сомнениям в законности старообрядческой иерархии. Барнаул 2003 г. Стр. 369. შემდეგში: Ф. Мельников.). რაში მდგომარეობდა ეს ბოროტება? იმაში, რომ ევნომე "თავიდან ნათლავდა უკვე მონათლულებს, არა მარტო მასთან მართლმადიდებლობიდან და მწვალებლობებიდან მისულებს, არამედ თვით არიანელთაგან გადასულებსაც" ("Перекрещивал тех, которые уже крещены не только из приходящих к нему от православных и еретиков, но (и) от самых ариан") ("Творения св. Епифания", ч. V, стр. 171) (ციტ. იქვე).
 
ამგვარი არეული ნათლობისდა მიუხედავად, მათგან მიიღებოდა ხელდასხმაც. "არიანელი ნათლავს, - ამბობს ნეტ. იერონიმე, - შედეგად, ის ეპისკოპოსია" ("Арианин крестит, следовательно, он епископ") (Tворение блаженного Иеронима", ч. IV, стр. 72) (ციტ. იქვე). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: თუკი არიანელთაგან მიიღებოდა ნათლობა, მაშინ მათგან  უნდა მიღებულიყო ქიროტონიაც. არიანელებისგან მიიღეს ხელდასხმა შემდგომში ისეთმა დიდმა წმინდანებმა, როგორებიც იყვნენ წმ. მელეტი ანტიოქიელი (იხ. "Деяния Вселенских Соборов", т. VII, стр. 56, изд. 1891 г.) და წმ. კირილე იერუსალიმელი ("Церковная история" Сократа, кн. II, гл. 38, стр. 220); არიანელთაგან იყვნენ ხელდასხმულები და ეკლესიასთან შემოერთებულნი ენკრატიტები ზოინე და სატორნინე (книга Сергия, епископа Вятского: "О правилах принятия в православную Церковь", стр. 139, изд. 3-е) (იქვე გვ. 369-370), რომელთა მიღება, წმ. ბასილი დიდის თქმით, "მათთან (ანუ ენკრატიტებთან) ურთიერთობის წესი" გახდა (წმ. ბასილი დიდის 1-ლი კანონი) (იხ. ასევე 1 прав. Василия Великого, полн. перевод.) (იქვე).
 
არიანელთა მიერ ხელდასხმულებს შეიწყნარებდნენ წმ. ბასილი დიდის მემკვიდრეებიც. უკვე მეორე მსოფლიო კრების შემდეგ (იხ. "Деяния Вселенских Соборов", т. VII, стр. 62, მეორე საქმის ბოლოში), როდესაც არიანელები კიდევ უფრო მეტად დაქუცმაცდნენ და მათი ნათლობებიც უფრო მრავალგვარი და არეული გახდა, ტრულის მეექვსე მსოფლიო კრებამ, რომელიც არიანელობის აღმოცენებიდან თითქმის ოთხასი წლის შემდეგ შედგა (692 წ.), არიანელთა ნათლობის შეწყნარება მაინც დაუშვა (იხ. VI მსოფლ. კრების 95-ე კანონი).
 
ეს (და კიდევ ქვემოთ მოტანილი) ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ ეკლესია განურჩევლად როდი იღებდა მისკენ გადმოსულ მწვალებლებს, და განურჩევლად როდი აღიარებდა ყოველგვარ ნათლობას (ნუმც იყოფინ!), არამედ ნამდვილ ნათლობებს შეიწყნარებდა, ხოლო ცრუსა და დამახინჯებულს უარყოფდა. სხვაგვარი დასკვნის გაკეთება შეუძლებელია.
 
2. საყოველთაო ეკლესია აღიარებდა მწვალებელ-მონოფიზიტთა და მონოთელიტთა ქიროტონიის სინამდვილეს (იხ. "Деяния Вселенских Соборов", т. VII, стр. 60-61. Ф. Мельников. გვ. 373). მაგრამ მათ შორის იყვნენ საეჭვო ნათლობის ეპისკოპოსები, ერთი კი საერთოდ მოუნათლავი გახლდათ. თავგამოდებულმა მონოფიზიტმა, ანტიოქიის პატრიარქმა "პეტრე კნაფევსმა, - როგორც მის შესახებ მოგვითხრობს ისტორია, - დაამხო კიროს იერაპოლელი და მის ნაცვლად დააწესა სპარსი ქსენაია, რომელიც არამართლმორწმუნეობისთვის კალენდიონის მიერ განდევნილი იყო ანტიოქიიდან. როდესაც სპარსეთში ზოგიერთმა ეპისკოპოსმა პეტრეს აცნობეს, რომ ქსენაია - გაქცეული მონა და მოუნათლავია, კნაფევსმა უპასუხა, რომ საეპისკოპოსო ხელდასხმა ცვლის ნათლისღებას" ("... епископская хиротония заменяет крещение") ("Летопись церковных событий" епископа Арсения, лето 484, стр. 196. Ф. Мельников. გვ. 373-374).
 
ქსენაია ეპისკოპოსთა დასში დარჩა, და რა თქმა უნდა, ასრულებოდა ყველა საეპისკოპოსო მოქმედებას: ნათლავდა კიდევაც და ხელსაც დაასხამდა. მიუხედავად ამისა, ამ ვითარებას საფუძველი არ მიუცია ეკლესიისთვის სრულიად უარეყო მონოფიზიტების და მონოთელიტების ხელდასხმა.
 
3. რომის-კათოლიკური ეკლესია სადღეისოდ ყველგან წყალდასხმითად და წყალპკურებითად ნათლავს. ეს არის მისი საყოველთაო ჩვეულება, რომელიც საზოგადო კანონი გახდა. მაგრამ იყო დრო, როდესაც მასში, დასხმასთან ერთად, სამგზისი შთაფლვაც აღესრულებოდა. დასხმა ასე უცებ როდი დამკვიდრდა ლათინურ ეკლესიაში, არამედ თანდათანობითად.
 
ესპანეთის ეკლესიებში არასწორი ნათლობები მეექვსე საუკუნეში დაიწყო ("Оправдание поливательного крещения" Феофана Прокоповича, лист 54 об. Ф. Мельников. გვ. 370). მაგრამ ლათინთა გადანათვლა აღმოსავლეთში ცნობილია მხოლოდ მეთერთმეტე საუკუნიდან. ის პრაქტიკაში იყო ჯერ კიდევ რომის ეკლესიის განდგომამდე აღმოსავლეთის ეკლესიისგან ("Летопись" Барония, лето 1054 г., ч. 6. Ф. Мельников. გვ. 371). XIII-XIV საუკუნეებში ლათინურ ეკლესიაში ჩამოყალიბდა მყარი შეხედულება, რომ დასხმას და შთაფლვას თანასწორი მნიშვნელობები გააჩნიათ (იხ. Ф. Мельников. გვ. 371). მაგრამ, ამის შემდეგაც კი ყველა ლათინელს თავიდან როდი ნათლავდნენ აღმოსავლეთში. ჯერ კიდევ XV საუკუნეში მათ მირონცხებით შეიწყნარებდნენ (იხ. Епископ Сергий: "О правилах принятия в православную Церковь", стр. 93 და Т. И. Филиппов. "Современные церковные вопросы", стр. 174).
 
უეჭველია, რომ მხოლოდ დასხმითად მონათლულ ლათინებს გადანათლავდა აღმოსავლეთის ეკლესია, შთაფლულებს კი ადრინდელ ნათლობას უტოვებდა. ამავდროულად ეკლესია ასევე აღიარებდა რომაულ-კათოლიკური ეკლესიის ხელდასხმებსაც. ასე გრძელდებოდა XV საუკუნემდე და უფრო გვიანობამდეც, კერძოდ XVII ს-მდე, როდესაც დასავლეთის ეკლესიაში დასხმით-პკურებითი ნათლობა საყოველთაო გახდა. აი ამ დროიდან კი აღმოსავლეთის ეკლესიაში ლათინებს უკვე თავიდან ნათლავენ, როგორც ჭეშმარიტი ნათლისღების არმქონეებს, რადგან ისინი დასხმითად მონათლულები არიან (იხ. ეპ. სერგის ზემოთხსენებული წიგნი. გვ. 104).
 
4. სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობდნენ ძველმართლმადიდებლებიც, როდესაც იღებდნენ მათკენ გადმოსულ ახალმოწესე მღვდლებს და დეტალურად არკვევდნენ, რუსეთის რომელი ოლქებში იყვნენ მონათლულნი და ხელდასხმულნი მათკენ გადმოსული მღვდლები, რადგან ცნობილია, რომ ნათლობის დასხმით-პკურებითი წესი აქ ძირითადად დასავლეთ რეგიონებში (უკრაინა-ბელორუსია) ვრცელდებოდა. დანარჩენ რეგიონებში კი ხელუხლებლად იცავდნენ შთაფლვით ნათლობას.
 
ამრიგად, ის ფაქტი, რომ ეკლესია მირონცხებით შეიწყნარებდა ზემოთხსენებული მწვალებლობების წარმომადგენლებს, არ ნიშნავს იმას, რომ ის შეიწყნარებდა მათ ზოგიერთ მიმდინარეობაში თუ ზოგიერთ რეგიონში გავრცელებულ არასწორ ნათლობას და ამ მწვალებლობათაგან გადმოსულთა მირონცხებით მიღება სულაც არ ნიშნავს არასწორი ნათლობების კანონიკურად აღიარებას.
 
საეკლესიო ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში შეიძლება არსებობდეს გარკვეული ბუნდოვანება, მაგრამ ეკლესიას ყოველთვის აქვს ამ ბურუსის გაყრის და ბუნდოვანებიდან გამოსვლის მექანიზმები.
 
ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ეკლესიის დიდი მამა წმ. თევდორე სტოდიელი. მის დროს ეკლესიას აღელვებდა საკითხი, თუ როგორ უნდა მიეღოთ ხელდასხმული ხატმებრძოლეები, რომლებიც დასნებოვნებულნი იყვნენ სიმონიის ყველაზე საშიში და გამხრწნელი სნეულებით: უმეტესწილად ისინი ხელდასხმას იღებდნენ ფულით. სიმონიას ეკლესია გმობდა როგორც უბილწეს მწვალებლობას და მაკედონიუსის მწვალებლობაზე უბოროტესს. აი რას წერდა მაკედონიუსზე წმ. პატრიარქი ტარასი კონსტანტინოპოლელი: "სასულიერო მოღვაწეთათვის სასურველო კაცო, შენ იცი, რომ ყოვლად უსახურია მაკედონიოსისა და მის თანამდგომ ბოროტ მსახურთა სულის მოწინააღმდეგეთა ერესი, რადგან ის სულიწმიდას თვლის დაბადებულად და ღვთისა და მამის მონად და ამით გმობს წმიდა სულს" (ტარასი კონსტანტინოპოლის პატრიარქის ეპისტოლე რომის პაპის ადრიანეს მიმართ. დიდი სჯულისკანონი. საქ. საეკლ. კალენდ. 1987 წ. გვ. 362-363).
 
ფულით ხელდასხმულები იგმობოდნენ ყოველგვარი შეწყნარების გარეშე. ჯერ კიდევ წმიდა მოციქულებმა განსაზღვრეს: "სასულიერო ხარისხიდან უნდა განიკვეთოს ის ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც ამ პატივს ფულით მიიღებს და მისი ხელდამსხმელიც ეკლესიიდან სრულიად უნდა მოიკვეთოს, როგორც სიმონ მოგვი ჩემგან – პეტრესგან" (წმ. მოციქულთა 29-ე კანონი). ასეთივე მსჯავრი გამოუტანეს სიმონიანელებს მსოფლიო კრებებმა: მეოთხემ (კანონი მე-2), მეექვსემ (კანონი 22-ე) და მეშვიდემ (კანონი მე-5 და 19-ე). წმიდა ბასილი დიდი ამბობს, რომ სიმონიის ცოდვა (საეკლესიო ხარისხის ფულით შეძენა) ჯოჯოხეთში წარმგზავნელი შენაძენია და, რომ "ასეთი მისაღებით იბღალება მიმღების ხელი და უღირსი ხდება საიდუმლოთა შემწირველობისა" (ბასილი დიდის ეპისტოლედან მისი ხელქვეითი ეპისკოპოსებისადმი, რომ არ აღასრულონ ხელდასხმა ფულით. დიდი სჯულისკანონი. საქ. საეკლ. კალენდ. 1987 წ. გვ. 366).
 
კიდევ უფრო მკვეთრად გმობს ხელდასხმით ვაჭრობას პატრიარქი გენადი კონსტანტინოპოლელი. ის ამ ქმედებას "სატანის შემოსევას" და "ეშმაკის თავდასხმას" უწოდებდა, და ანათემას გადასცემდა არა მარტო მათ, ვინც ფულით მიიღო ხელდასხმა, ან ხელი დაასხა საფასურის სანაცვლოდ, არამედ ამ სიმონიანურის საქმის ყველა ხელშემწყობს. "ხოლო, თუ ვინმე სამღვდელოთაგანი ასეთი საძაგელი და უწესო ვაჭრობის შუამავალი იყოს, განიკვეთოს თავისი მღვდელობისგან, ხოლო თუ ერისკაცი ან მონაზონი იყოს, შეჩვენებულ იქნეს" (წმ. გენადი კონსტანტინოპოლელის მრგვლივმოსავლელი ეპისტოლე. დიდი სჯულისკანონი. იქვე, გვ. 456). ეს ფაქტობრივად არის IV მსოფლიო კრების განწესება (იხ. კანონი მე-2), რომელიც პატრ. გენადიმ თავის ეპისტოლეში დაიმოწმა.
 
პატრიარქ ტარასი კონსტანტინოპოლელის მსჯავრით, ფულით ხელდასხმულებს საერთოდ არ გააჩნიათ სულიწმიდის მადლი, "რაც მღვდლობის სრულყოფილებაა და, რომელიც ვერც მიუღიათ და არც აქვთ" (ტარასი კონსტანტინოპოლის პატრიარქის ეპისტოლე რომის პაპის ადრიანეს მიმართ. დიდი სჯულისკანონი. საქ. საეკლ. კალენდ. 1987 წ. გვ. 362-363) და ამდაგვარნი "ვერ მიიღებენ სასულიერო წოდებას, ... სულერთია, როდის იქნება ეს მიცემა ან მიღება საფასურისა - ხელდასხმის დროს, წინ თუ შემდეგ..." (იქვე).
 
ამიტომაც, სრულიად გასაგებია მართლმადიდებელთა შეშფოთება, როდესაც ისინი პირისპირ დადგნენ აუცილებლობის წინაშე - ან მიეღოთ ხატმებრძოლეთა საეჭვო ხელდასხმები ან საერთოდ დარჩენილიყვნენ მღვდლობის გარეშე. სწორედ ასეთი საბედისწერო მნიშვნელობის წინაშე იდგა წმ. თევდორეს დროს ეკლესიაში ფულით ხელდასხმულ ხატმებრძოლთა მიღების საკითხი. იმდროინდელი მეუდაბნოვე მამები, ეკლესიის სიწმიდისთვის დამაშვრალნი, ითხოვდნენ საერთოდ უარეყოთ ხატმებრძოლთა ქიროტონია, როგორც არაფრის მაქნისი, რადგან ის საფუძველშივე დასნებოვნებული იყო სიმონიით. მაგრამ წმ. თევდორე სტოდიელმა, ამ ბერებზე არანაკლებ მოშურნემ და მართლმადიდებლობისთვის თავდადებულმა მოღვაწემ, უარყო ამგვარი უკიდურესობა. ის მთელი ძალით ცდილობდა მათ დარწმუნებას, და უმტკიცებდა მათ, რომ არ შეიძლება ყველა ხელდასხმული ხატმებრძოლის უარყოფა: მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომელთაც ხელდასხმა სიმონიით არ მიეღოთ, და ეკლესიასაც, ამტკიცებს წმ. თევდორე, ადრეც მიუღია ხატმებრძოლი ეპისკოპოსები.
 
"განა არავინაა ისეთი, - ბრძანებს ეკლესიის ეს ფრიად გონიერი წმიდა მამა, - ვინც ხელდასხმული არ იქნებოდა მათ მიერ, რადგან მათი ხელდასხმა მემკვიდრეობითად მოდიოდა ტარასიმდე". სწორედ ხატმებრძოლ ეპისკოპოსებს მოჰყავდათ ეს მემკვიდრეობითობა. "მრავალნი მოდიოდნენ, - შეახსენებს მათ წმ. თევდორე სტოდიელი, - აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და ზღვისპირეთიდან, მოდიოდნენ იმ დროის შუალედში და თავიანთსავე ხარისხებში უერთდებოდნენ ჩვენს ეკლესიას".
 
მიაქციეთ ყურადღება: ისინი მიიღებოდნენ არა როგორც ერისკაცები, არამედ როგორც სამღვდლო პირები თავიანთივე იერარქიულ ხარისხებში. წმიდა მამა აღნიშნავს, რომ ხატმებრძოლთა შორის ბევრი იყო ისეთი, ვისაც ხელდასხმა ფულით არ მიეღო. "და რამდენი იყო მათში ფულის გარეშე ხელდასხმული, თუმცა ყველანი მწვალებლები იყვნენ".
 
მაშ, როგორ დავადგინოთ: ვინ მიიღო მათგან ქიროტონია ფულით და ვინ არა?
 
ეს ყოველივე, - პასუხობს წმ. თევდორე სდოტიელი, - მხოლოდ ღმერთმა უწყის, და არა ადამიანმა, რის გამოც ყველას პატივაყრილად ვერ გამოვაცხადებთ. ხატმებრძოლთა შორის იმდენად ბევრი იყო სიმონიით ხელდასხმული, რომ ზოგიერთ მართლმადიდებელს სურდა საერთოდ უარეყო ხატმებრძოლთა ქიროტონია; მაგრამ წმ. თევდორე დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ შეუძლებელია ამ მიზეზით ყველა ხატმებრძოლი ეპისკოპოსის პატივაყრილად გამოცხადება. "საჭიროა მწვალებელთაგან, - არიგებდა ის თავის თანამედროვეთ, - მხოლოდ სიტყვიერი აღსარება, - როდესაც ის აშკარად არ ცრუობს, - როგორც თვით ტარასიმაც მიიღო ხელდასხმა, რაშიც ტარასის იმდროინდელი მკაცრი მართლმადიდებლებიც ეთანხმებოდნენ და ერთი აზრისანი იყვნენ მასთან" (Преподобный Феодор Студит. Посланияю Книга I. Послание 53. К Стефану, чтецу и находящимся с ним. Москва 2003 г. Стр. 180-185).
 
ძალიან დამაჯერებელია წმიდა მამის ეს დამოწმება ადრინდელი მართლმადიდებლებისა და მათი თანხმობა წმიდა ტარასისთან. ეს თანხმობა შედგა მეშვიდე მსოფლიო კრებაზე, რომელზეც გადაწყდა ხატმებრძოლი ეპისკოპოსები მიეღოთ მათსავე სასულიერო ხარისხებში და საერთოდ, პრინციპულად განისაზღვრა, რომ "მწვალებელთა მიერ ხელდასხმულები შეწყნარებულ უნდა იქნან" ("Деяния Вселенскх Соборов",  т.VII, cтр. 60).
 
მაშ, ამის შემდეგ რა საჭიროა კვლავ წამოიჭრას საკითხი ხატმებრძოლთა ქიროტონიის შესახებ? საჭიროა დავეთანხმოთ მსოფლიო კრების დადგენილებას! ჩვენ - ადამიანები ვართ, და ამიტომ არ შეგვიძლია ადამიანი სულზე მისი შინაგანი მდგომარეობის მიხედვით ვიმსჯელოთ, ეს მხოლოდ ღმერთს ძალუძს. ჩვენ ადამიანისა ვიცით მხოლოდ მისი ქცევებისა და საქმეების მიხედვით. აქედან გამომდინარეობს წმიდა თევდორე სტოდიელის წესიც - მწვალებელთაგნა მოითხოვო მხოლოდ ერთი - "სიტყვიერი აღსარება". ამიტომაც მხოლოდ ამ სიტყვიერი აღსარებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ მათზე: ვინ არიან ისინი და რა განზრახვით უერთდებიან წმიდა ეკლესიას.
 
"ამრიგად, - გვმოძღვრავს წმ. თევდორე სტოდიელი, - გამოვიკვლიოთ და გავარკვიოთ ის, თუ ვისთან შევდივართ საეკლესიო თანაზიარობაში: აღიარებს თუ არა იგი მართალ რწმენას, ხომ არ არის ხელდასხმული ფულით და ხომ არა აქვს რაიმე ცოდვა, ხომ არ არის მისი ცხოვრება რაიმეში საეჭვო და საჩოთირო, და სამართლიანია თუ არა ეს ეჭვები. თუკი მან ხელდასხმა მიიღო ვინმე ერეტიკოსისგან, რომელიც ფულით იყო ხელდასხმული, მაგრამ თვითონ არ ყოფილა მწვალებელი და არ იცოდა, რომ ხელდამსხმელი სიმონიანელი იყო, აღიარებს მთელ ჭეშმარიტებას, განუხრელად იცავს სარწმუნოების დოგმატებს და საეკლესიო განწესებებს, ჭეშმარიტებისგან განდრეკილებს კი უარყოფს, მაშინ არანაირი საფუძველი არ გვაქვს მას ჩამოვშორდეთ. რადგან ასეთი არ განისჯება, ზემოთხსენებულ წმინდანთა აზრით, მათი მეშვეობით კი ყველას აზრით. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ასეთ შემოერთებულთან თანაზიარობა გვექნება და თქვენც იგივეს გირჩევთ" ("Творения святого Феодора Студита", ч. I, письмо 53-е к Стефану Чтецу и находящимся с ним, стр. 312-314, пo изд. 1867 г.) (იხ. ასევე: (Преподобный Феодор Студит. Посланияю Книга I. Послание 53. К Стефану, чтецу и находящимся с ним. Москва 2003 г. Стр. 180-185).
 
ეკლესიის სახელგანთქმული მამის ეს ბრძნული რჩევა, რომელიც ეფუძნება საყოველთაო ეკლესიის ხმას, სამუდამო სახელმძღვანელო უნდა იყოს ერთგული ქრისტიანებისთვის, რადგან მასში იგრძნობა სულიწმიდის მონაბერი.
 
მაშ, როგორც უკვე ვთქვით, სწორედ ასე იდგა საკითხი თევდორე სტოდიელის დროს. ამ წმიდა მამამ მისი დროების მკაცრი მოსაგრეების ყურადღება მიაპყრო იმას, რომ, თუკი მთელი ძალით გამოვიყენებდით იერარქიისადმი საეკლესიო განწესებებს, განსაკუთრებით სიმონიის შესახებ, მაშინ ყველა მღვდელმსახური პატივაყრილი უნდა ყოფილიყო: ერთნი უშუალო მონაწილეობის გამო მწვალებლურ და სიმონიანურ დანაშაულში, სხვები კი ამ დამნაშავეებთან ურთიერთობის გამო.
 
"გამოკვლევა რომ ჩაეტარებინა ვინმეს, - ამბობს წმ. თევდორე სტოდიელი, - ემოგზაურა მთელ დასავლეთსა და აღმოსავლეთში, ვერ მიაღწევდა სასურველს, რადგან ყველანი (შენიშნეთ - ყველანი - ავტ.) ერთი მეორის გამო, ანუ ურთიერთთანამსახურების ძალით იქნებოდა დასამხობი". მაგრამ, ასეთ შემთხვევაში მღვდლობა საერთოდ შეწყდებოდა, და სრულ დამნაშავეობად იქცეოდა. სწორედ ამას ეწინააღმდეგება თევდორე სტოდიელი: "ამგვარად, - ამბობს ის, - მღვდლობა განადგურდებოდა, რის გამოც, ყველა წმინდანთან თანხმობით, დავიცავთ ზემოთხსენებულ ზომიერებას".
 
ეს ზომიერება კი მდგომარეობს მოთხოვნაში - გამოკითხულ იქნას მხოლოდ ეკლესიისკენ მოსული მწვალებელი მღვდელმსახური და იმის იქით არ გავრცელდეს კითხვა-ძიება. "რადგანო, - განმარტავს წმიდა მამა, - გამოკვლევა თუ უფრო შორს გაგრძელდა, - მაშინ უარყოფილ იქნება წმინდანთა დარიგება, როგორც ითქვა, და ამაო გახდება მღვდლობის ესოდენი მაღალი ნიჭი, რომლის მიერაც ვიღებთ ქრისტიანის სახელს, ასე რომ შეიძლება გადავეშვათ წარმართობაში, რაც უგუნურება იქნებოდა" ("Творения святого Феодора Студита". იქვე).
 
ღმერთს უნდა შევწიროთ მადლობა, რომ მან გვიხსნა ამგვარი უგუნურებისგან და წარმართობაში შთავარდნისგან.
 
ძველმართლმადიდებლური ეკლესია, - რომლის ჭკუის სწავლებასაც ცდილობს თბილისის სასულიერო აკადემიის მზაკვარი პროფესორი ე. ჭელიძე, - ყოველთვის ცხოვრობდა და ცხოვრობს ძველი ეკლესიის გონიერებით; წმ. თევდორე სტოდიელის აქ გადმოცემული რჩევა მისთვის ყოველთვის იყო გონივრული და წინდახედული ზომა მწვალებლებთან და მათთან აღსრულებულ საიდუმლოებებთან მიმართებაში. თევდორე სტოდიელის დროს არ აღმოცენებულა კითხვა ნათლისღების შესახებ იმ შინაარსით, რა შინაარსითაც ის დგას ძველმართლმადიდებელთა წინაშე.
 
უეჭველად, ეს წმიდა მამა ამ საკითხსაც გადაწყვეტდა ისე, როგორც გადაწყვიტა იგი ძველმართლმადიდებლურმა ეკლესიამ, როგორც ის იყო გადაწყვეტილი ერეტიკოს-ნავატიანელებთან, არიანელებთან, მონოთელიტებთან, ლათინებთან და სხვებთან მიმართებაში (Ф. Мельников. Конец сомнениям в законности старообрядческой иерархии. Барнаул 2003 г. Стр. 368-379).
 
ახლა კი კვლავ დავუბრუნდეთ ნავატიანელთა მიღების ისტორიას.
 
 
***
 
"საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ IV საუკუნეში მრავალ ქრისტეანს ჩვეულებად ჰქონდა ნათლისღების გადადება იმ დრომდე, სანამ სიკვდილს არ მიუახლოვდებოდა, ამიტომაც, სარეცელს მიჯაჭვულნი ინათლებოდნენ, როდესაც ნათლობის შთაფლვითი ფორმა არა მხოლოდ მოუხერხებლად, არამედ საშიშადაც კი მიიჩნეოდა" (ა. ალმაზოვი. დასახ. შრ. გვ. 306).
 
ამის დასტურს ვპოულობთ პაპ კორნელიუსის (205-253 წწ.) წერილში ფაბიოს ანტიოქიელისადმი ნოვატიანუსთან დაკავშირებით: "მისთვის (ნოვატიუსისთვის - არქიეპ. პ.) რწმენის აღმძვრელი იყო სატანა, რომელიც მასში შევიდა და საკმაო ხანს სახლობდა მასში. როდესაც მას შემფუცებლები შეეწეოდნენ, მძიმე სნეულებამ დასცა და როდესაც ფიქრობდნენ, რომ მოკვდებოდა, თვით იმ სარეცელზე, რომელზეც იწვა, ნათლობა მიიღო დასხმით, თუ შესაძლებელია, ასეთზე ითქვას, რომ მიიღო. მან თავი დააღწია სენს, მაგრამ, არ მიიღო დანარჩენი, რისი მიღებაც საჭიროა საეკლესიო კანონების მიხედვით, - ეპისკოპოსის მიერ აღბეჭდვა (ანუ მირონცხება - არქიეპ. პ.). როდესაც ეს არ მიიღო, როგორ მიიღებდა სულიწმიდას?" (ევსები კესარიელი. საეკლესიო ისტორია. წიგნი VI. თ. XLIII. გამომც. "ახალი ივირონი". თბილისი 2007 წ. გვ. 285).
 
პაპ კორნელიუსის მოწმობაზე დაყრდნობა თუ შეიძლება და მის ჭეშმარიტებაში ეჭვი არ გვეპარება, გამოდის, რომ ნოვატიანელები მხოლოდ ნათლისღებასღა ღებულობდნენ და უარყოფდნენ მირონცხებას. მაგრამ პაპ კორნელიუსის ცნობაში, როგორც ცნობილი ეკლესიოლოგი ნ. აფანასიევი ბრძანებს (იხ. Протопр. Н. Афанасьев. Вступление в Церковь. 3. Порядок совершения таинства приема в церковь), მოცემულია ჩვენთვის გადაუჭრელი პრობლემა: "რაკიღა "არ აღბეჭდილა ეპისკოპოსისგან", ანუ არ მიუღია მირონცხება, როგორ შეეძლო გამოჯანმრთელების შემდეგ მონაწილეობა მიეღო ევქარისტულ ერთობაში და მეტიც - ხელდასხმული ყოფილიყო პრესვიტერად?" (ციტ. იქვე).
 
"როგორც ჩანს, - განაგრძობს ხსენებული ავტორი, - სწორედ პაპ კორნელიუსის წერილზე დაყრდნობით გაჩნდა შეხედულება, რომელსაც ვხვდებით ეკლესიის ზოგიერთ მამასთან, რომ ნოვატიანელები საერთოდ არ ასრულებდნენ მირონცხებას" (Протопр. Н. Афанасьев. Вступление в Церковь. 3. Порядок совершения таинства приема в церковь. http://www.golubinski.ru/ecclesia/vstupcont.htm) (URL-ს მიმართვის თარიღი: 10.08.2020).
 
ახლა გავეცნოთ, რა დასკვნა გამოაქვს ჩვენს ოპონენტს (ე. ჭელიძეს) ნოვატიანუსის ნათლობასთან დაკავშირებით და ისიც ვნახოთ რა პრობლემებს შეიძლება გადავაწყდეთ ამ განმარტებიდან გამომდინარე.
 
ე. ჭელიძე: "ამრიგად, ნოვატიანუსი მოინათლა დასხმითად (ხაზგასმა ჩვენია - არქიეპ. პ.) სიკვდილის პირას მყოფი, ხოლო გამოჯანმრთელებულმა, საეკლესიო კანონის საწინააღმდეგოდ, უარი თქვა "ნათლისღების ლოცვებზე", რომლებიც აუცილებლად წარმოითქმის სრული ნათლობისას, და, აგრეთვე, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, მირონცხებაზე ანუ სულიწმინდის ბეჭდით აღბეჭდვაზე. ამგვარი უარი, ცხადია, განპირობებული იყო იმით, რომ ნოვატიანუსმა თავისი საკვირველი გამოჯანმრთელება სწორედ მასზე აღსრულებული ნათლობის წესს დაუკავშირა და, შესაბამისად, ირწმუნა რა, რომ ამ წესს (როგორც მისთვის სასწაულთმოქმედს) არაფრის შემატება აღარ ესაჭიროებოდა, ნათლობისთვის საკუთრივ მირონცხების აუცილებლობა გამოირიცხა. საყურადღებოა, რომ სულ მალე ხსენებული ნოვატიანუსი, რა თქმა უნდა აბსოლუტურად ყოველგვარი გადანათვლის გარეშე, ხდება რომის ეკლესიის მღვდელი" (ე. ჭელიძე. "სული - ცხოველი". გვ. 340).
 
ე. ჭელიძე "ნოვატიანელთა და უალდენსიანელთა ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპეციალისტის Adam Blair" -ზე დაყრდნობით იზიარებს იმ აზრს, რომ "ნათლობაში ნოვატიანუსი იყენებდა მხოლოდ წლის დაპკურებას" (ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 342).
 
სამწუხაროდ, ე. ჭელიძეს არ მოჰყავს რაიმე ისტორიული მოწმობა იმის დასამტკიცებლად, რომ ნოვატიანუსი ან მისი გვიანდელი მიმდევრები (ნოვატიანელები არსებობდნენ VII საუკუნემდე) მათთან მისულ მორწმუნეებს მხოლოდ იმ წესით ნათლავდნენ, რა წესითაც თვით ნოვატიანუსი მოინათლა. აქ ე. ჭელიძე მისთვის ჩვეულ "ლოგიკურ წიაღსვლებს" მიმართავს, კერძოდ, ის წერს: "საკუთარი მომხრეების დახმარებით 251 წ-ს, ზემოხსენებული წმ. კორნელის პაპობის დროს, თავის თავს რომის პაპად (ანტიპაპად) გამოაცხადებს, ამასთან ამუშავებს მკაცრად რიგორისტულ და ფაქტობრივად სინანულის საიდუმლოს ცხოველმყოფელობის უარმყოფელ მოძღვრებას იმის შესახებ, რომ დევნულებათა ჟამს მომედგრებულნი და ცთომილნი, ისევე როგორც, საზოგადოდ, ნათლობის შემდგომ შემცოდენი არანაირად აღარ უნდა იქნენ ეკლესიის მიერ შეწყნარებულნი, და სწორედ ამ ცრუსწავლებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბებს იგი თავის მიმდინარეობას, რაც მყისვე მიიღებს დაგმობას წმ. კორნელის მიერ 251 წ-ს მოწვეული სინოდის მხრიდან, თუმცა ნოვატიანუსი სინოდის დადგენილებას არ გაიზიარებს და, შესაბამისად, დააფუძნებს ნოვატიანელთა ("ნავატიანოზთა") ეკლესიას, რომლის ყველა წევრი ზედმიწევნით იმგვარივე წესით იღებდა ნათლობას როგორც მოინათლა თავად ერესიარქი, ე. ი. მხოლოდ და მხოლოდ დასხმითად და მირონცხების გარეშე. სხვა რამ, ცხადია, არც არანაირად იყო მოსალოდნელი, რადგან თუკი ნოვატიანუსმა საკუთარ თავსაც კი არ განუკუთვნა დასხმით ნათლობაზე უფრო მეტი, თუმცა გამოჯანმრთელებულს, ცხადია, ყოველგვარი შესაძლებლობა ჰქონდა სრული ხილული გადაშთაფლვისა და მირონცხებისა, ნუთუ საკუთარი სექტის წევრებს დაავალდებულებდა ამას? (ხაზგასმა ავტორისაა - არქიეპ. პ.) ამიტომ აღნიშნავდა ნოვატიანელთა და უალდენსიანელთა ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპეციალისტი Adam Blair: "ნათლობაში ნოვატიანუსი იყენებდა მხოლოდ წყლის დაპკურებას". ... ზედმიწევნით იგივე დასკვნაა გამოტანილი ნოვატიანელთა ეპოქის ისტორიკოსის Thomas Gallaher - ის მიერ, რომელიც დებულებითად მიუთითებს: "ნოვატიანელები ნათლავდნენ დაპკურებითად (Novatians baptized by sprinkling)" (იქვე. გვ. 342-343).
 
ე. ჭელიძის მტკიცებულება თუ სწორია, ანუ თუ ნოვატიანელები ნათლავდნენ მხოლოდ ისე, როგორც თვით ნოვატიანუსი მოინათლა, მაშინ ხსენებული ავტორების ცნობა ნოვატიანელთა ნათლობის შესახებ ე. ჭელიძის მტკიცებას ეწინააღმდეგება (ან თვით ე. ჭელიძე ეწინააღმდეგება მის მიერვე დამოწმებულ ავტორებს). რადგან, თუკი ნოვატი მოინათლა დასხმით, რასაც არც ე. ჭელიძე უარყოფს და წერს: "ამრიგად, ნოვატიანუსი მოინათლა დასხმითად სიკვდილის პირას მყოფი" (იქვე. გვ. 340)), და ეს ცნობა, უპირველეს ყოვლისა, მოცემულია ევსები კესარიელის მიერ თავის "ისტორიაში" შეტანილი წყაროდან, რომელიც პაპ კორნელიუსს ეკუთვნის და რომლის მიხედვითაც ნოვატიუსმა "თვით იმ სარეცელზე, რომელზეც იწვა, ნათლობა მიიღო დასხმითად" (ე. ჭელიძის თარგმანით: "სწორედ იმ სარეცელზე, რომელზეც იწვა, ზემოდან გადასხმულმა მიიღო ნათლობა" (ევსები კესარიელი. საეკლესიო ისტორია. წიგნი VI. თ. XLIII. გამომც. "ახალი ივირონი". თბილისი 2007 წ. გვ. 285); და თუკი, როგორც ე. ჭელიძე ამტკიცებს, ნავატიანელთა სექტის "ყველა წევრი ზედმიწევნით იმგვარივე წესით იღებდა ნათლობას როგორც მოინათლა თავად ერესიარქი", მაშინ ისინი დაპკურებითად კი არ უნდა მონათლულიყვნენ, არამედ დასხმითად, წყალგადავლებით, როგორც თვით ნოვატიანუსი მოინათლა. ე. ჭელიძის მიერ დამოწმებული ავტორები კი ლაპარაკობენ მიპკურებაზე, რაც ნოვატიანუსისა და მისი მიმდევრების ნათლისღების საწინააღმდეგოა.
 
არ ვიცით, რა მიზეზით, მაგრამ ხსენებული ინგლისურენოვანი ავტორები ნოვატიანუსის ნათლობის აღნიშვნისას იყენებენ სიტყვას "sprinkling" (sprinkle – ა) შხეფი, მიპკურება; ბ) ჟინჟღლი) (რუს.: 1. брызгание, обрызгивание, разбрызгивание б) мелкий дождик. 2) а) небольшое количество; капля б) мн. карамельные крошки, которыми посыпают мороженое). ე. ჭელიძე სრულიად სწორად თარგმნის ამ სიტყვას ("sprinkling") ტერმინით "დაპკურება", მაგრამ სწორედ ეს ეწინააღმდეგება მისავე მტკიცებას, რომ ნოვატიანელთა ეკლესიის "ყველა წევრი ზედმიწევნით იმგვარივე წესით იღებდა ნათლობას როგორც მოინათლა თავად ერესიარქი, ე. ი. მხოლოდ და მხოლოდ დასხმითად და მირონცხების გარეშე".
 
ჩვენ უკვე ვიცით, რომ ნოვატიუსი მოინათლა არა პკურებით (sprinkling), არამედ დასხმით (affusion). შედარებისთვის, თუ გაეცნობით ევსები კესარიელის "ისტორიას" ინგლისურ ენაზე, იხილავთ, რომ აქ გამოყენებულია სიტყვა affusion ("14. But Satan, who entered and dwelt in him for a long time, became the occasion of his believing. Being delivered by the exorcists, he fell into a severe sickness; and as he seemed about to die, he received baptism by affusion, on the bed where he lay; if indeed we can say that such a one did receive it") (Eusebius Pamphilius: Church History. Chapter XLIII. - Novatus, his Manner of Life and his Heresy. http://www.ccel.org/ccel/schaff/npnf201.iii.xi.xliii.html) (URL-ს მიმართვის თარიღი: 10.08.2020) (ქართულ თარგმანში: "მისთვის (ნოვატიუსისთვის - არქიეპ. პ.) რწმენის აღმძვრელი იყო სატანა, რომელიც მასში შევიდა და საკმაო ხანს სახლობდა მასში. როდესაც მას შემფუცებლები შეეწეოდნენ, მძიმე სნეულებამ დასცა და როდესაც ფიქრობდნენ, რომ მოკვდებოდა, თვით იმ სარეცელზე, რომელზეც იწვა, ნათლობა მიიღო დასხმით, თუ შესაძლებელია, ასეთზე ითქვას, რომ მიიღო" (ევსები კესარიელი. საეკლესიო ისტორია. წიგნი VI. თ. XLIII. გამომც. "ახალი ივირონი". თბილისი 2007 წ. გვ. 285).
 
საინტერესოა აღინიშნოს, რომ ეს ინგლისური სიტყვა ნიშნავს არა მარტო წყლის დასხმას, არამედ ნათლისღების დროს ემბაზში ჩაშვებასაც ან წყლის გადავლებას, გადასხმას, როგორც მკურნალობის მეთოდს. ეს არის ამ სიტყვის ძირითადი აზრი, რაც ვერანაირად უთავსდება სიტყვა სპრინკლინგ- ის მნიშვნელობას.
 
სარეცელს მიჯაჭვული ნოვატიანუსი წყალგადავლებით რომ მოინათლა ეს დასტურდება ეპისკოპოს მაგნუსის შეკითხვიდან წმ. კვიპრიანე კართაგენელისადმი და წმ. კვიპრიანეს პასუხიდანაც.
 
ამრიგად, ე. ჭელიძის მტკიცებულებას თუ მივყვებით, მის მიერ ხსენებული ავტორები აშკარად თვითნებობენ და ნოვატიანელთა ნათლობაზე მსჯელობისას არ იცავენ ტერმინოლოგიურ სიზუსტეს, ყურადღების მიღმა ტოვებენ დასხმასა და პკურებას შორის არსებულ განსხვავებას (უეჭველია, რომ წყალდასხმითი ან წყალგადავლებითი ნათლობის დროს უფრო მეტი წყალი გამოიყენება, ვიდრე პკურებისას, როდესაც პრაქიკულად მოსანათლავს წყლის უმცირესი რაოდენობა მიეწვეთება) და ნოვატიანუსის (და მისი მიმდევრების) ნათლობა "მიპკურებამდე" დაჰყავთ.
 
ნოვატიანელები თუ ყოველივეს, თავიანთი ერესიარქის მოთხოვნისამებრ, ზედმიწევნით ასრულებდნენ, რომელიც ნათლობას წყალდასხმითად ითხოვდა, მაშინ მტკიცება იმისა, თითქოსდა "ნოვატიანელები ნათლავდნენ დაპკურებითად" ჭეშმარიტებას არ შეესაბამება. რბილად რომ ვთქვათ, თვით ე. ჭელიძის მტკიცებულებიდან გამომდინარე, ეს არის არაზუსტი ცნობა. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რამდენად სანდოა ის ისტორიული ცნობები, რომელსაც გვაწვდიან კათოლიკე და პროტესტანტი მეცნიერები, რომლებიც ხშირად თავიანთი პრაქტიკის გასამართლებლად ფაქტების დამახინჯებებსაც არ ერიდებიან.
 
ნოვატიანუსის ნათლობასა და შემდგომ ეკლესიის მიერ მისი მიმდევრების შეწყნარების ფაქტთან დაკავშირებით ჩვენს ყურადღებას იპყრობს ერთი მეტად მნიშვნელოვანი გარემოება. კერძოდ ის, რომ ნოვატიანუსს ნათლობის შემდეგ არ მიუღია მირონცხება. ეკლესიის ამ უმნიშვნელოვანეს საიდუმლოს ნოვატიანუსი და მისი მიმდევრები შემდგომაც უარყოფდნენ. აი, რას გვამცნობს ამის შესახებ თვით ე. ჭელიძე: "ამრიგად, ნოვატიანუსი მოინათლა დასხმითად სიკვდილის პირას მყოფი, ხოლო გამოჯანმრთელებულმა, საეკლესიო კანონის საწინააღმდეგოდ, უარი თქვა "ნათლისღების ლოცვებზე", რომლებიც აუცილებლად წარმოითქმის სრული ნათლობისას, და, აგრეთვე, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, მირონცხებაზე ანუ  სულიწმინდის ბეჭდით აღბეჭდვაზე. ამგვარი უარი, ცხადია, განპირობებული იყო იმით, რომ ნოვატიანუსმა თავისი საკვირველი გამოჯანმრთელება სწორედ მასზე აღსრულებული ნათლობის წესს დაუკავშირა და, შესაბამისად, ირწმუნა რა, რომ ამ წესს (როგორც მისთვის სასწაულთმოქმედს) არაფრის შემატება აღარ ესაჭიროებოდა, ნათლობისთვის საკუთრივ მირონცხების აუცილებლობა გამოირიცხა. საყურადღებოა, რომ სულ მალე ხსენებული ნოვატიანუსი, რა თქმა უნდა აბსოლუტურად ყოველგვარი გადანათვლის გარეშე, ხდება რომის ეკლესიის მღვდელი" ("სული - ცხოველი". გვ. 340).
 
ამჯერად ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა მოსაზრებით არ იღებს ნოვატიანუსი მირონცხებას, რადგან, როგორიც გინდა იყოს ეს მიზეზი, ის აბსოლუტურად მიუღებელია. უდიდეს გაკვირვებას იწვევს ის, რომ ამგვარი "ნათლობის" შემდეგ (როდესაც ნოვატიანუსი, როგორც საწოლს მიჯაჭვული კლინიკოსი ინათლება დასხმითად და უარს ამბობს როგორც ნათლობის დანარჩენ ლოცვებზე, ისე, რაც მთავარია, მირონცხებაზე. აღარაფერს ვამბობთ იმ უცნაურობაზეც, რომ მოსანათლავის ამ ახირებას აჰყოლიან მისი მომნათვლელი სასულიერო პირებიც), ეს ადამიანი "რომის ეკლესიის მღვდელი" ხდება.
 
გავიხსენოთ, რისთვის დასჭირდა (ან სჭირდებათ საერთოდ) ე. ჭელიძეს (და მის თანამოაზრეებს) ნოვატიანუსის ნათლობის დამოწმება. მხოლოდ და მხოლოდ იმის საჩვენებლად, რომ ნოვატიანუსის მიმდევრებს ეკლესია შეიწყნარებდა გადანათვლის გარეშე, აქედან კი უნდა გაკეთდეს დასკვნა: დასხმით ნათლობას ეკლესია კანონიკურად აღიარებდა. მაგრამ პრობლემა აქ მარტოოდენ ნათლობის განუმეორებლობა როდია, პრობლემაა მირონცხების არმიღება და ამ მირონუცხები ადამიანის რომის ეკლესიის პრესვიტერად ხელდასხმა. ხომ არ გამოვიტანოთ ამ ფაქტიდან ის დასკვნა, რომ მირონცხება ეკლესიაში არცთუ საჭირო და სავალდებულო წესი ყოფილა და მის გარეშეც შეიძლება გაქრისტეანება?!
 
ე. ჭელიძის ლოგიკას თუ მივყვებით და ვიტყვით, რომ, რაკიღა ეკლესია ნოვატიანელებს მირონცხებით იღებდა და, მათი ნათლისღება შეწყნარებულია, ეს დიდ გაუგებრობას გამოიწვევს, რადგან ამავე ლოგიკით, რაკიღა ნოვატიანუსი და მისი საზოგადოება უარყოფდნენ მირონცხებას, არც ნოვატიანუსის და არც მისი საზოგადოების წევრები არ უნდა ჩათვლილიყვნენ არც ნათელღებულებად და არც ხელდასხმულებად. ამ საკითხის უკეთ გასარკვევად ჯერ გავეცნოთ ეკლესიის წმიდა მამათა სწავლებას მირონცხების წმიდა საიდუმლოს მნიშვნელობის შესახებ და შემდეგ კვლავ განვაგრძოთ მსჯელობა ნოვატიანელებზე და იმაზეც, თუ როგორ იღებდა თავდაპირველ ნოვატიანელებს ძველი ეკლესია.
 
როგორც წმიდა მამები განგვიმარტავენ, ქრისტეანებად არა მხოლოდ იმიტომ ვიწოდებით, რომ ქრისტესნი ვართ, არამედ მირონცხების გამოც, ვინაიდან "ქრისტე" (ძვ. ბერძნ. Χριστός) ცხებულს ნიშნავს. "... წმ. რომის პაპი კლიმენტი (I ს.) თავის მეოთხე ეპისტოლეში ბრძანებს, რათა ყოველმა დააჩქაროს თავისი ნათლისღება, რის შემდეგაც აღიბეჭდება რა ეპისკოპოსისგან, სულიწმიდის შვიდმაგ მადლს მიიღებს. რადგან ამ საიდუმლოს გარეშე ქრისტეანი ვერავინ შეიძლება გახდეს" (Катехизис больш., Единов., гл. 1. О миропомазании, л. 376. ციტ. В. Т. Зеленков. Выписки из святоотеческих и других книг, служащия к изучению различных сторон церковной жизни. Част I, первая половина. Москва 1919. Стр. 121).
 
წმ. კირილე იერუსალიმელი თავის მესამე მისტაგოგიურ ქადაგებაში მირონცხების შესახებ ბრძანებს: "ქრისტეს მიმართ ნათელღებულნი და ქრისტეშემოსილნი (გალ. 3.27) გახდით თანახატნი ღვთის ძისა (რომ. 8.29). რამეთუ ღმერთმა ჩვენთვის მიშვილება წინასწარ განსაზღვრა (ეფეს. 1.5) და შეგვქმნა თანახატად ქრისტეს დიდების სხეულისა (ფილიპ. 3.21). ვინაიდან ქრისტეს თანაზიარნი გახდით (ებრ. 3.14), მართებულად იწოდებით ცხებულებად და თქვენ შესახებ თქვა ღმერთმა: "ნუ შეეხებით ჩემს ცხებულებს” (ფს. 104.15). ცხებულნი კი გახდით სულიწმინდის ნაცვალსახის მიღებით და ყოველივე ხატოვნებითად აღესრულა თქვენზე, რადგანაც ხატნი ხართ ქრისტესი. იგი განიბანა მდინარე იორდანეში და სხეულის მიერ ღმრთეებას შეაზიარა წყალი. ამოვიდა იქიდან და იქმნა მასზე არსობრივი გარდამოსვლა სულიწმინდისა - მსგავსზე განისვენა მსგავსმა. თქვენც, ასევე, ამოხვედით რა სამღვდელო ნაკადულთა საბანელიდან, მოგეცათ ცხება, ნაცვალსახე იმისა, რითაც იცხო ქრისტემ. ეს კი არის სულიწმინდა, რომლის შესახებ ნეტარი ესაიაც, მასზე წინასწარმეტყველებისას, უფლის პირისგან ამბობს: "უფლის სულია ჩემზე, რომლის გამოც მცხო მე, გლახაკთა მახარებლად წარმავლინა მე” (ეს. 61.1). როგორც ქრისტე ჭეშმარიტად ეცვა ჯვარს, დაეფლა და აღდგა, ხოლო თქვენ ნათლისღებით, მსგავსებითად, მასთან თანაჯვარცმის, თანადაფლვისა და თანააღდგომის ღირსნი გახდით, ასევეა ცხებაც. მან სიხარულის სულიერი ზეთით იცხო, ესე იგი, სულიწმინდით, რომელსაც სიხარულის ზეთი ეწოდება იმის გამო, რომ არის მიზეზი სულიერი სიხარულისა. თქვენ კი იცხეთ მირონით და ზიარნი და მოყვასნი (ფს. 44.7) ქრისტესნი გახდით.
 
მაგრამ გაფრთხილდი! ნუ იფიქრებ, რომ ეს უბრალო მირონია. რამეთუ, როგორც ევქარისტიის პური სულიწმინდის მოწვევის შემდეგ არ არის ლიტონი პური, არამედ ხორცი ქრისტესი, ასევე ეს წმინდა მირონიც არ არის უბრალო, ... არამედ მადლი ქრისტესი და სულიწმინდის გარდამოსვლისა, ხდება რა ქმედითი მისი ღმრთეებით. შენ სიმბოლურად იცხე შუბლსა და სხვა გრძნობის ორგანოებზე. ხილული მირონი სხეულს ეცხება, წმინდა და ცხოველმყოფელი სული კი სულს განწმენდს. ... ისევე როგორც ქრისტე ნათლისღებისა და სულიწმინდის ზეგარდამოსვლის შემდგომ გავიდა და შეებრძოლა წინააღმდგომს (მთ. 4.1 და შემდ.), ასევე თქვენც, წმინდა ნათლისღებისა და საიდუმლო ცხების შემდეგ, შეიმოსეთ რა ყოვლადსაჭურველი სულიწმინდისა, დაუპირისპირდით მოწინააღმდეგე ძალას და მასთან შერკინებულნი ამბობთ: "ყოველივე ძალმიძს ჩემი განმაძლიერებლის - ქრისტეს მიერ" (ფილ. 4.13).
 
ამ წმინდა საცხებლის ღირსქმნილნი იწოდებით ქრისტიანებად და დააჭეშმარიტეთ სახელი მეორედ შობით. სანამ ნათლისღებისა და სულიწმინდის მადლის ღირსნი გახდებოდით, მართებულად არ იყავით ღირსნი (ამ წოდებისა), არამედ იმას ეშურებოდით და ესწრაფოდით, რომ ქრისტიანები გამხდარიყავით. ... ეს სიწმინდე არის სხეულის სულიერი საფარველი და სულის მაცხოვნებელი".
   
წმ. სიმეონ თესალონიკელის (XV ს.) თქმით "ვერ იქნება სრულად ნათელღებული ის, ვისაც მირონი არ მიუღია" (Симеон Фессалоник. Единов. Гл. XLIII, л. 73. ციტ. В. Т. Зеленков. Выписки из святоотеческих и других книг, служащия к изучению различных сторон церковной жизни. Част I, первая половина. Москва 1919. Стр. 122)... "და როგორც მოუნათლავი ვერ განიწმინდება და ვერ აღორძინდება მარადიული ცხოვრებისთვის, ასევე ის, ვინც ნათლისღების შემდეგ არ იცხებს მირონს, ვერც წმიდა სამების ბეჭედს იღებს და ვერც სულის მადლს" (იქვე. გვ. 124).
 
იგივე წმიდა მამა სხვაგანაც ბრძანებს: "არ ზიარებია მადლს და არ აღბეჭდილა ქრისტეს ბეჭდით ის, ვისაც მირონი არ მიუღია" (Симеон Фессалоникийский в русском переводе, ч. I, Спб, 1856 г., гл. 11, стр. 23-24).
 
ამრიგად, გამოდის, რომ "ვისაც მირონი არ უცხია მას არც ღმერთი მიიჩნევს თავისიანად და არც ანგელოზი, რადგან ის (მირონუცხებნი - არქიეპ. პ.) აღუბეჭდავია ქრისტესთვის" (წმ. სიმეონ თესალონიკელი. ციტ. იქვე. გვ. 86). იმავე წმიდა მამის თქმით, "როგორც მოუნათლავი რჩება უწმინდურად და ვერ აღორძინდება მომვალი საუკუნო ცხოვრებისთვის, ასევე ნათლისღების შემდეგ მირონუცხებსაც არ გააჩნია წმიდა სამების ბეჭედი და ვერ ეღირსება მას სულიწმიდის მადლი" (იქვე. გვ 87).
 
და კიდევ: "აქედან გამომდინარე, - ბრძანებს წმ. სიმეონ თესალონიკელი, - რამდენადაც აუცილებელია ნათლისღება, იმდენად აუცილებელია მირონცხებაც" (იქვე. თ. 11, გვ. 23).
 
ვფიქრობთ, დამოწმებული წყაროები საკმარისია იმის საჩვენებლად თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მირონცხებას ნათელღებული ქრისტეანისთვის. მოკლედ რომ ვთქვათ, მირონცხების გარეშე ნათლისღება არის დაუსრულებელი. სწორედ ამიტომ არის ეს ორი საიდუმლო ერთმანეთთან შეერთებული და ამიტომ სცხებენ მყისიერ მირონს წყლიდან ახლად ამოსულ ქრისტეანს.
 
სწორედ ეს საიდუმლო არ მიუღია ნოვატიანუსს და არათუ არ მიუღია, არამედ უარუყვია კიდევაც იგი იმ დონეზე, რომ, როგორც თვითონ, ასევე მისი მიმდევრებიც მირონცხების გარეშე ტოვებდნენ მათკენ გადმოსულთ.
 
თითქოსდა ამგვარი მწვალებლისგან არაფერი უნდა მიეღო ეკლესიას: მოინათლა დასხმით, ვითარც კლინიკოსი, არ მიუღია მირონცხება, ხელდასხმაც უკანონოდ მიიღო და მოტყუებით, გარდა ამისა, ეკლესიაში მოაწყო განხეთქილება და იყო მწვალებელი. მიუხედავად ამისა, ნოვატიანელები ეკლესიაში გადმოსვლის დროს შეიწყნარებოდნენ მირონცხებით, ანუ ეკლესია ქმედითად მიიჩნევდა ნოვატიანელთა ნათლობასაც და ქიროტონიასაც.
 
რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამისი მიზეზი? ე. ჭელიძისა და მისი თანამოაზრეების აზრით, ის, რომ ეკლესია შეიწყნარებდა დასხმით ნათლობას, ხოლო მირონის მიუღებლობაზე შეუძლიათ თქვან, რომ მათი ეკლესიაში მოქცევის დროს კონფირმაციით (ანუ მირონცხებით) შეევსებოდათ ეს დანაკლისი.
 
თავიანთი შეხედულების გასამყარებლად მოჰყავთ I მსოფლიო კრების 8-ე, II მსოფლიო კრების 7-ე და VI მსოფლიო კრების 95-ე კანონები.
 
"ნიკეის I მსოფლიო კრება (325 წ. - არქიეპ პ.), - წერს ე. ჭელიძე, - თავის VIII კანონში არათუ არანაირ გადანათვლას არ განუკუთვნებდა დასხმითად მონათლულ და მირონ-უცხებ ნოვატიანელებს, არამედ, ეპოქის მოთხოვნიდან გამომდინარე (ე. ი. ე. ჭელიძის აზრით, მოუნათლავ ქრისტეანთა შეწყნარება ეპოქის მოთხოვნებიდან გამომდინარე ყოფილა შესაძლებელი - არქიეპ. პ.), საეკლესიო ხარისხსაც ზედმიწევნით იმავეს უნარჩუნებდა მათ, რა ხარისხიც თავიანთ მწვალებლურ ეკლესიაში ჰქონდათ მიკუთვნებული".
 
აი, ხსენებული კანონის ტექსტი (აქ ე. ჭელიძეს მოჰყავს კანონის ძველქართული რედაქცია. იმისათვის, რათა მკითხველთა ფართო საზოგადოებამ უფრო ადვილად აღიქვას ხსენებული კანონის შინაარსი, ჩვენ დავიმოწმებთ გაახალქართულებულს): "ისინი, ვინც თავიანთ თავს წმიდას უწოდებენ, თუ მოიქცევიან და დაუბრუნდებიან სამოციქულო ეკლესიას, მათ შესახებ წმიდა და დიდი კრება ადგენს, რომ თუ რომელიმე მათგანი ხელდასხმული იყოს, დარჩეს თავისი სამღვდელო პატივის ხარისხში. უპირველეს ყოვლისა, მათ წერილობით უნდა აღიარონ, რომ შეუერთდებიან და შეუდგებიან კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის სჯულს, ესე იგი ისინი საზიარებლად შეიწყნარებენ მეორედ ქორწინებულებს, დევნილებს და გაჭირვების გამო ცოდვაში ჩავარდნილებს, რომელთათვისაც სინანულის დროც დადგენილია და დღეებიც განსაზღვრულია. საჭიროა, რომ ისინი მიჰყვნენ კათოლიკე ეკლესიის ყველა წესს. ამრიგად, იმ დაბაში ან ქალაქში, სადაც მხოლოდ ისინი არიან ხელდასხმულნი და სამღვდელო დასის წევრები, დარჩნენ იმავე ხარისხში და იმავე სახით. ხოლო თუ იქ კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი ან მღვდელი იქნება, ცხადია, რომ კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსს ექნება ეპისკოპოსის პატივი, ხოლო წმიდად წოდებული ეპისკოპოსს მღვდლის პატივი უნდა ჰქონდეს. თუ ის მიიჩნევს, რომ მას აქვს ეპისკოპოსის პატივი და ადგილობრივი ეპისკოპოსი ჩათვლის საჭიროდ, მოსძებნოს მან ან ქორეპისკოპოსის, ან მღვდლის ადგილი, რომ არ იყოს ერთ ქალაქში ორი ეპისკოპოსი" (დიდი სჯულისკანონი. I მსოფლიო კრების 8-ე კანონი. საქ. საეკლ. კალენდარი. 1987 წ. გვ. 179-180).
 
ე. ჭელიძე ასევე იმოწმებს II და VI მსოფლიო კრებათა დადგენილებებს ნოვატიანელებთან დაკავშირებით (ცხადია, ისინი სხვა მწვალებლებთან ერთად არიან მოხსენიებულნი), სადაც ნათქვამია (II მსოფლიო კრების (381 წ.) 7-ე კანონი): "მწვალებლებს, რომელთაც სურთ გახდნენ მართლმადიდებელნი, ეკლესია შეიწყნარებს სხვადასხვა წესით: არიანელნი, მაკედონიანელნი, სავატიანელნი, ნავატიანელნი, მეთოთხმეტიანელნი, აპოლინარელნი შეიწყნარებიან წერილობითი მოწმობით, ლიველონით (ქარტა სიმტკიცისა). ამ მოწმობაში ანუ ქარტაში ისინი შეაჩვენებენ თავის შეხედულებებს და ყოველნაირ მწვალებლობას. შემდეგ მათ სცხებენ მირონს შუბლზე, თვალებზე, ცხვირზე, პირსა და ყურებზე. მათ ეკლესია არ ნათლავს ხელახლა, რადგანაც ნათლისცემით ისინი არ განსხვავდებიან მართლმადიდებლებისაგან" (ციტ. იქვე. გვ. 212) და VI მსოფლიო კრების (680-681 წწ.) 95-ე კანონი: "მწვალებლებს, რომლებიც მართლმადიდებლობაში მოექცნენ და ცხონებულთა ნაწილს შეუერთდნენ, შევიწყნარებთ შემდეგი განწესებითა და ჩვეულებით: არიოზელები, მაკედონიოსიანელები, ნოვატიანელები - თავის თავს წმინდანებს და უკეთესებს რომ უწოდებენ, მეთოთხმეტეანელები ანუ ტეტრადიტები, და აპოლინარელები, შეიწყნარებიან როცა იძლევიან ხელწერილს და შეაჩვენებენ ყველა იმ ერესს, რომელიც ისე არ აღიარებს, როგორც წმინდა საღვთო კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია აღიარებს, და დავბეჭდავთ, ანუ წმინდა მირონს ვცხებთ: პირველად შუბლზე, შემდეგ თვალებზე, ცხვირზე, პირზე, ყურებზე, და ვბეჭდავთ რა მათ, ვამბობთ: "სულიწმიდის ნიჭის ბეჭედი" (ციტ. იქვე. გვ. 340).
 
რა შეიძლება ამის შესახებ ითქვას? აქ აუცილებელია აღინიშნოს, რომ ეკლესიაში მწვალებელთა მიღება ყალიბდებოდა საუკუნეების განმავლობაში და არ იყო ერთგვაროვანი. ჩხადია, ეს განპირობებული იყო თვით მწვალებლობათა ხასიათით და მწვალებელთა ეკლესიაში შეწყნარებასთან დაკავშირებულ აზრთა სხვადასხვაობითაც.
 
პირველი სამი საუკუნის განმავლობაში საყოველთაო ეკლესიის სხვადასხვა ოლქში ერთსა და იმავე მწვალებლებს სხვადასხვაგვარად იღებდნენ. მესამე საუკუნისა და მეოთხე საუკუნის დასაწყისისთვის, ძირითადად არსებობდა ორი წესი:
 
1. წმ. კვიპრიანე კართაგენელი და აფრიკის ეკლესია აბსოლუტურად და განურჩევლად ყველა მწვალებელს თავიდან ნათლობით იღებდა (მათ შორის ნოვატიანელებსაც). ღადგან, წმ. კვიპრიანეს ეკლესიოლოგიის მიხედვით, მწვალებელს თავის საზოგადოებაში შეუძლებელია ჰქონოდა რაიმე მადლი, აქედან გამომდინარე, მას არ შეეძლო არანაირი საიდუმლოს აღსრულება, მწვალებლობათაგან გადმოსულები თავიდან უნდა მონათლულიყვნენ.
 
წმ. ბასილი დიდი თავის პირველ ეპისტოლეში კანონთა შესახებ ამფილოქე იკონიის ეპისკოპოსის მიმართ წერს: "წმინდად (კათარად) წოდებულთა საკითხის შესახებ ადრეც ნათქვამია და კეთილად არის მოხსენიებული, რომ ისინი უნდა მიჰყვნენ ადგილობრივ წესს, რადგან მათი ნათლისღების შესახებ სხვადასხვაგვარად ფიქრობდნენ სხვადასხვა დროს. ... წმინდად (კათარად) წოდებულნიც განხეთქილების მოქმედნი არიან. ჩვენს პირველ მამებს, კვიპრიანესა და ფირმილიანეს სურდათ ერთი განსაზღვრების განჩინება ყველა ამათთვის, რომლებიც არიან: წმინდად წოდებულნი, მმარხველნი (ენკრატიტები) და წყლისშემწირველნი (ჰიდროპარასტატები), რადგან განდგომის დასაწყისი წარმოიშვება განხეთქილებისგან. განუდგებიან რა ეკლესიას, მათ აღარ აქვთ თავის თავში სულიწმიდის მადლი, რადგან მოაკლდათ მადლი კანონიერი წესების მიყოლის აღკვეთასთან ერთად. პირველ განდგომილთ მამებისაგან ჰქონდათ მიღებული სულიერი მადლი. ხოლო თანდათან გამოეყვნენ მათ, ერისკაცები გახდნენ და არც ნათლიცემისა და არც ხელთდასხმის ნება არ ჰქონდათ, აღარ შეეძლოთ სულიწმიდის მადლი მიენიჭებინათ სხვებისთვის, რადგან თვითონ ჩამოშორდნენ ამ მადლს. ამის გამო მათგან ნათელღებულების, როგორც ერისკაცთა მიერ მონათლულების, ხელახლა ნათლისღებით განწმენდას ბრძანებს ეკლესია, როცა ასეთი ვინმე ისევ დაუბრუნდება მართლმადიდებლობას. მაგრამ რადგან აზიელთაგან ბევრს სურს მათი ნათლისღების შეწყნარება, შეიწყნარონ" (დიდი სჯულისკანონი. საქ ეკლ. კალენდ. 1987 წ. გვ. 399, 401. ასევე:
   
2. მაგრამ სხვა პრაქტიკას მისდევდა დასავლეთის ეკლესია რომის პაპ სტეფანეს (III ს.) მეთაურობით. აქ მწვალებლებს იღებდნენ ნათლობის შეწყნარებით (თუ ის აშკარად არ არღვევდა ნათლისღების ფორმულას და ფორმას, - წყალში სამგზის შთაფლვას) და მირონცხებით.
 
ამ ორმა განსხვავებულმა მიდგომამ ეკლესიისკენ მოქცეულ მწვალებელთა შეწყნარების საკითხში იმდენად მძაფრი პოლემიკა გამოიწვია წმ. კვიპრიანესა და რომის პაპ სტეფანეს შორის, რომ საქმე ლამის განხეთქილებამდეც კი მივიდა. ამ საკითხს აქ დეტალურად ვერ შევეხებით, მაგრამ ვიტყვით, რომ პირველად მწვალებელთა ეკლესიაში მიღების სისტემატიზაციის მცდელობა დაიწყო I-მა მსოფლიო კრებამ, რადგან პირველად სწორედ ამ კრების 8-ე კანონში ვხვდებით გარკვეული ნიშნებით მწვალებელთა კატეგორიებად დაყოფას და იმასაც, თუ რომელი მწვალებელი რა სახით უნდა ყოფილიყო მიღებული ეკლესიაში. I მსოფლიო კრების 8-ე კანონში მოიხსენიებიან ნოვატიანელებიც.
 
ე. ჭელიძე გვერდს უქცევს იმ ფაქტს (ან არ იცის), რომ I მსოფლიო კრების 8-ე კანონთან დაკავშირებით არსებობდა კომენტატორთა და ღვთისმეტყველთა განსხვავებული შეხედულებები იმაზე, თუ როგორ უნდა გაგებულიყო კრების ტერმინი "ხელდასხმა" ("ხელის დადება"). კერძოდ, სქიზმატიკოს ნოვატიანელებზე, ანუ მათზე, რომლის შესახებაც III საუკუნეში მაგნუსი ეკითხებოდა კვიპრიანეს და რომელთა შემოერთება ეკლესიასთან წმ. კვიპრიანეს არ სურდა ნათლისღების გარეშე, I მსოფლიო კრების 8-ე კანონის თანახმად განწესდა: "მათ მიმართ, რომლებიც ადრე თავიანთ თავს "წმინდას" უწოდებდნენ, მაგრამ კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისკენ მოექცნენ, წმინდა და დიდი კრება კეთილ ნებას იჩენს და ადგენს, რომ ხელდასხმის შემდეგ ისინი დასში დარჩნენ".
   
რუს. თარგმანში: "О именовавших некогда самих себя чистыми, но присоединяющихся к Кафолической и Апостольской Церкви, благоугодно святому и великому Собору да, по возложении на них рук, пребывают они в клире" (Правила Святых Вселенских Соборов с толкованиями. Правила Святаго Вселенскаго Перваго Собора. Пр. 8. Изд. моск. общ. люб. дух. просвещения. 1877 г., стр. 30).
 
ცნობილია, რომ ხელის დადებით ("ხელდასხმით") ეკლესიაში აღესრულებოდა (და აღესრულება) სხვადასხვა საიდუმლო, სხვადასხვა მღვდელმოქმედება, მათ შორის:
 
1) სულიწმიდის გარდამოწვევა, რომელიც მოგვიანებით შეიცვალა მირონცხებით (ანუ ხელის დადება თავზე და მირონცხების საიდუმლო წარმოადგენდა ერთსა და იმავე მღვდელმოქმედებას); 2) ხელდასხმა მღვდლობის საიდუმლოში და 3) სინანული.
 
აქედან გამომდინარე ღვთისმეტყველთა შორის არ არის ერთიანი აზრი, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს, უფრო სწორად, რას გულისხმობდა პირველი მსოფლიო კრება "ხელის დადების" ამ აქტში: მირონცხებას, ხელდასხმას თუ სინანულს. ღვთისმეტყველთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არის მირონცხების შინაარსის მქონე აქტი, მეორე ნაწილის აზრით კი - სინანულისა.
 
ეპისკოპოს სერგის (სერაფიმოვი) (1836-1902) წიგნში ვკითხულობთ: "მართალია, ეს კანონი ეხება კათარელ (ნოვატიანელ) კლერიკოსთა მიღებას, მაგრამ თუკი ამ კანონის მიხედვით ნოვატიანელი კლერიკოსები არ უნდა გადანათლულიყვნენ, მითუმეტეს - ერისკაცნიც. ამ კანონის მიხედვით ძნელია განისაზღვროს კერძოდ რომელი წესით უნდა ყოფილიყვნენ მიღებულნი ერისკაცი ნოვატიანელები.
 
პაპი ინოკენტი I-ისა და სირიციუსის, თანახმად დასავლეთის ეკლესია ამ კანონში ხედავდა განწესებას, რომელიც კათარებს შეიწყნარებდა ოდენ სინანულით და ხელის დადებით ცოდვათა მიტევების ნიშნად (სწორედ ამას ნიშნავსო სიტყვები "ხელდასხმით" (რუს. - по возложении на них рук; ბერძნ.: éσtε χεiroθetoum1noς α8τοVς). ნეტ. იერონიმე ამ სიტყვების განმარტებისას (ხელდასხმის, ხელის დადების შემდეგ) ბრძანებს, რომ აქ იგულისხმება მირონცხება (Dialog. Advers. Lucifer.). მსგავსადვე ესმოდა ნიკეის კრების 8-ე კანონი ერთ-ერთ უძველეს კომენტატორს არისტენეს. ამ კანონის განმარტებში ის ამბობს: "ნოვატიუსის მიერ ცთუნებულნი, რომლებიც თავს წმიდას უწოდებენ, თუ ეკლესიას მოუბრუნდებიან და აღიარებენ, რომ შეიწყნარებენ მეორედ ქორწინებულებს, და შემწყნარებლურად მიუდგებიან მონანულ შემცოდეებს, და ანათემას გადასცემენ თავიანთ და სხვა მწვალებლობებს, - მიღებულ უნდა იქნენ მირონცხებით" (Правила Святых Вселенских Соборов с толкованиями. Правила Святаго Вселенскаго Перваго Собора. Пр. 8. Изд. моск. общ. люб. дух. просвещения. 1877 г., стр. 33).
 
მაგრამ, VII მსოფლიო კრების თავმჯდომარე წმ. ტარასი (VIII ს.) გამონათქვამში éσტε χεიროθეტოუმ1ნოς α8τοVς ("მათზე ხელისდადების (ხელდასხმის) შემდეგ") გულისხმობდა ხელების უბრალოდ დადებას მონანულის მიღებისა და კურთხევის ნიშნად (Епископ Сергий (Серафимов). О правилах и чинопоследованиях принятия неправославных христиан в Православную Церковь. 1904. გვ. 43).
 
ასე განმარტავს ამ კანონს სჯულის კომენტატორი ზონარა: "ამრიგად, ეს კანონი განსაზღვრავს, რათა მისი (ნოვატიანუსის - არქიეპ. პ.) ერესის მიმდევარი, როდესაც ეკლესიისკენ მოექცევა, მიღებულ იქნეს წერილობითი აღსარებით, რომ დაიცავს კათოლიკე ეკლესიის დოგმატებს და მიიღებს მათ, რომლებმაც დევნულების გამო ქრისტე უარყვეს იძულებით... ასევე შეიწყნარებენ მეორედ ქორწინებულთ" (Правила Святых Вселенских Соборов с толкованиями. Правила Святаго Вселенскаго Перваго Собора. Пр. 8. Изд. моск. общ. люб. дух. просвещения. 1877 г., стр. 33).
 
ალბათ, გვკითხავენ - რა მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ იღებდნენ ნოვატიანელებს - სინანულით თუ მირონცხებით და რას ცვლის ეს ნოვატიანელთა ნათლობისა თუ ხელდასხმის აღიარების საკითხში? სინანულით მიიღებდნენ მათ თუ მირონცხებით, ორივე შემთხვევაში ხომ მათი ნათლისღება და ხელდასხმა ქმედითად უნდა ჩაითვალოს? ამაზე ვუპასუხებთ, რომ ამ მხრივ არაფერი იცვლება, მაგრამ ძალზე ბუნდოვანდება ნოვატიანელთა ეკლესიაში მიღების აზრი, რომელიც სხვა საიდუმლოებებზეც გადადის.
 
კერძოდ, თუ ნოვატიანელების ხელის დადებით მიღება გულისხმობდა არა მათ მირონცხებას, არამედ სინანულით შეწყნარებას, მაშინ იმ ლოგიკით, რა ლოგიკითაც ე. ჭელიძე შეიწყნარებს დასხმით ნათლობას, უნდა შევიწყნაროთ მირონუცხები ადამიანის ნათლობაც, ხელდასხმაც და ყოველი მღვდელმოქმედებაც, რაც კი უნდა ჰქონდეს მას აღსრულებული თავის მწვალებლურ საზოგადოებაში. ეს კი საკმაოდ დიდ გაუგებრობებს იწვევს. მაშინ, როდესაც ნოვატიანელთა მირონცხებით მიღება ავსებს მათ მირონუცხებლობას და ის, რაც არ ჰქონდათ საკუთარ თემში, მიეცემათ ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიაში. ეს არის განსხვავება.
 
ჩვენ უკვე ვნახეთ, რაოდენ დიდი მნიშნვნელობის მქონეა მირონცხება; რომ მირონუცხებ ადამიანს ქრისტეანსაც კი არ უწოდებდნენ წმიდა მამები და მირონცხების გარეშე ნათლისღების საიდუმლოს დასრულებულად არ მიიჩნევდნენ. აქ კი მირონუცხები ადამიანი ჯერ პრესვიტერი ხდება, შემდეგ არაკანონიკური წესით (მოტყუებით) იღებს ეპისკოპოსოსობას და ბოლოს აწყობს განხეთქილებას, რომლის შემდეგაც თავის საზოგადოებაში პრინციპულად უარყოფს მირონცხების საიდუმლოს. და აი, ამგვარ ხალხს ეკლესიაში მობრუნების შემდეგ თუ ოდენ სინანულით, ანუ მირონცხების გარეშე იღებდნენ, როგორც ბრძანებს ამას VII მსოფლიო კრების თავმჯდომარე წმ. ტარასი კონსტანტინოპოლელი, მაშინ უნდა შეწყნარებულ იქნას არა მარტო ნოვანტიანუსის დასხმითი ნათლობა, არამედ ყველა ის დარღვევაც, რომელიც მასზე იქნა აღსრულებული მირონუცხებლობის ჩათვლით.
 
შემდეგ: თუ პირველ მსოფლიო კრებას არ მივიღებთ მხედველობაში, ჩვენი ოპონენტები ხაზს გაუსვამენ მეორე და მეექვსე მსოფლიო კრებათა დადგენილებებს, რომლებშიც ნოვატიანელთა მიღების წესში უკვე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ისინი მიიღებიან მირონცხებით. რა შეიძლება ვთქვათ ასეთ შემთხვევაში?
 
პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა ამ შეკითხვაზე პასუხს გვაძლევს თვით ე. ჭელიძე, რომელიც ისე გაერთო ჩვენთვის ნოვატიანელთა დასხმითი ნათლობის ჭეშმარიტების მტკიცებაში, რომ გაეპარა საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტი. თავად განსაჯეთ: "ნოვატიანელთა ანუ, ძველი ქართულით, "ნავატიანოზთა" ერესიარქი ნოვატიანუსი, - წერს ე. ჭელიძე, - მოინათლა სასიკვდილო სარეცელზე დასხმითად, რის შემდეგადაც იგი გამოჯანმრთელდა და ირწმუნა რა, რომ ეს საკვირველება (გამოჯანმრთელება) განაპირობა სწორედ მასზე აღსრულებული დასხმითი ნათლობის ძალმოსილებამ, საჭიროდ აღარ მიიჩნია მიეღო მირონცხების მადლი, ამასთან, დააფუძნა რა ნოვატიანელთა სექტა, სექტის წევრებისთვის სავალდებულო ნორმად განაწესა სწორედ მასზე აღსრულებული ნათლობის წესის ზედმიწევნითი დაცვა, რის გამოც ხელახლა ნათლობა დაუკანონა უკლებლივ ყველას, ვინც კი მის სექტაში მოისურვებდა შესვლას" (ხაზგასმა ე. ჭელიძის - არქიეპ. პ.) ("სული - ცხოველი". გვ. 343).
 
იქვე, სქოლიოში, ე. ჭელიძე გვაძლევს ასეთ განმარტებას: "სრული რებაპტიზაცია ანუ სრული გადანათვლა ნოვატიანელთა ერეტიკულ სექტაში შესვლის აუცილებელი პირობა იყო. Th. Gallaher აღნიშნავს: "ნოვატიანელები პრეტენზიას აცხადებნენ იმაზე, რომ სწორედ მათ ჰქონდათ ეკლესია, სულიწმინდა, ნათლისღებისა და ხელდასხმის მადლი და, შესაბამისად, ყველა, ვინც მივიდოდა მათთან, ვალდებული იყო გადანათლულიყო(ხაზგასმა ე. ჭელიძის - არქიეპ. პ.) (შდრ. "The Novatians claimed to possess the Church, the Spirit, the grace of baptism and ordination, and consistently all who came to them were caused to be re-baptized". Thomas Gallaher, A Short method with the dipping anti-pedobapsits. In Three Parts. St. Luis, 1878, p. 307).
 
თავის ნაშრომში: "გზა მსოფლიო კრებათა დოგმატური ღვთისმეტყველებისკენ. ნესტორიანულ-მონოფიზიურ-ანაბაპტისტურ შეთქმულებათა მარცხი". თბ. 2019 წ.), ე. ჭელიძე ზემოთხსენებულ ცნობას ამატებს William A. Be Vier-ის მითითებას, სადაც ნათქვამია: "ნოვატიანელები გადანათლავდნენ ყველას, ვინც კი შევიდოდა მათ ეკლესიებში ყველა დანარჩენიდან" (ე. ჭ. იქვე. გვ. 799. სქოლიო).
 
რას ნიშნავს "გადანათლავდნენ ყველას", ან "ვალდებული იყო გადანათლულიყო", ან კიდევ "ხელახალი ნათლობა დაუკანონა უკლებლივ ყველას"? - მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ნოვატიანუსის სექტაში თუ გადავიდოდა ეკლესიაში უკვე ნათელღებული ქრისტეანი, ის თავიდან უნდა მონათლულიყო.
 
რებაპტიზაციის ცნების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ უკვე მონათლული ქრისტეანის და არა წარმართის მიმართ!
 
განა თვითონ ე. ჭელიძე არ გვიწოდებს ჩვენ "გადაშთაფლულებს" ან "გადამშთაფლველებს" იმის გამო, რომ მისთვის ძვირფასი და "ჭეშმარიტი" დასხმა უარვყავით და ამგვარად "მონათლულებს" თავიდან ვნათლავთ?
 
თავისი "მიხვედრილობით" (უფრო კი მიუხვედრელობით) თავმომწონე ე. ჭელიძე, ნოვატიანელთა საკითხის "გაშუქების" შემდეგ სწორედ იმგვარად, რაშიაც ჩვენ გვდებს ბრალს, ანუ "ლეყეცობით, ავად-მოხარულობით, ვნება-ჟინით მოლიზღარობს, გავიმარჯვე და განვაცრუე ჭეშმარიტებაო" (იქვე. გვ. 110) ჩვენი მისამართით ამაყად აცხადებს: "აი, ამგვარად ამხობს და ქვედააკვეთებს თავის თავს ზემოთხსენებული საკრებულო". მაგრამ მიხვედრა იმისა, თუ სინამდვილეში ვინ "ქვედააკვეთებს თავის თავს", გონიერ მკითხველს არ გაუჭირდება.
 
ე. ჭელიძემ ყოველმხრივ "შემოსა" თავისი ტყუილები, კრებებიც დაიმოწმა, ისტორიული წყაროებიც, მაგრამ დაავიწყდა, ტერმინი "რებაპტიზაცია" მხოლოდ უკვე მონათლულთა მიმართ რომ გამოიყენება და არა საერთოდ მოუნათლავთა მიმართ. სწორედ ამით "ქვედააკვეთა თავი თვისი" თბილისის სასულიერო აკადემიის პროფესორმა და ბრწყინვალედ დაგვიმტკიცა, - ნოვატიანელები მირონცხებით (ან სინანულით, როგორც ეს თავიდან იყო) იმიტომ კი არ მიიღებოდნენ, რომ დასხმითი ნათლობა ეკლესიას მართებულად მიაჩნდა, არამედ იმიტომ, რომ ნოვატიანელთაგან მოქცეულები თავიდანვე იყვნენ ეკლესიაში მონათლულნი და მისი განმეორება უკვე აღარ სჭირდებოდათ.
 
აქ შეგვეძლო დაგვემთავრებინა მსჯელობა ნოვატიანუსის და მისი სექტის შესახებ, მაგრამ ე. ჭელიძის ჩხირკედელაობის მოყვარულ მიმდევართ მიზეზი არ გამოელევათ და სულ ახალ-ახალ "არგუმენტებს" შემოგვთავაზებენ საკუთარი პოზიციის დასამტკიცებლად. ასე რომ არ მოხდეს და ვინმემ ჩვენც არ დაგვაბრალოს "ფაქტების" მიჩქმალვა, შევეხოთ იმ საკითხებს, რომლებიც ნოვატიანელთა ნათლობის საკითხში "განსწავლულებმა" შეიძლება მოგვაგებონ.
 
კერძოდ, ცნობილი ბელოკრინიცელი პოლემისტის ფიოდორ მელნიკოვის (1874-1960) გამონათქვამი იმავე ნოვატიანელთა ნათლობის შესახებ და ზონარას განმარტება, რომლის მიხედვითაც ნოვატიანელები ეკლესიისკენ მოქცევის შემთხვევაში თავიდან არ უნდა მოინათლონ.
 
პირველს, ანუ ფ. მელნიკოვს ე. ჭელიძე იმოწმებს ჩვენს წინააღმდეგ, რომლის ნაშრომიდან "О старообрядческом священстве до митрополита Амвросия" ამოუწერია ნაწყვეტი, სადაც ნათქვამია: "Казалось бы, от такого еретика ничего не может быть принято: крещен он обливательно, рукоположен незаконно и обманно, кроме того, совершил церковный раскол, был еретиком. Однако, Церковь Вселенская, которой руководит Сам Христос, признала действительным и крещение и хиротонию, совершаемые в обществе наватиан. Обливательное крещение самого Навата не послужило причиной перекрещивания всех наватиан" (Ф. Е. Мельников. О старообрядческом священстве до митрополита Амвросия. http://semeyskie.ru/bibl_meln.html) (ქართულად: "თითქოსდა ამგვარი მწვალებლისგან შეუძლებელია რაიმეს მიღება: მოინათლა დასხმითად, ხელდასხმულ იქნა უკანონოდ და მოტყუებით, გარდა ამისა, განახორციელა საეკლესიო განხეთქილება და მწვალებელიც გახდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, საყოველთაო ეკლესიამ, რომელსაც თვით ქრისტე ხელმძღვანელობს, ნამდვილად აღიარა ნოვატიანელთა საზოგადოებაში აღსრულებული ნათლობაც და ქიროტონიაც. თვით ნავატის დასხმითი ნათლობა ვერ გახდა მიზეზი ყველა ნავატიანელთა გადანათვლისა").
 
ამ შემთხვევაში ახალს ვერაფერს ვიტყვით. ე. ჭელიძე აშკარად ბაძავს ბელოკრინიცელ პოლემისტს, რომელიც თავის დროზე მისი საეკლესიო იერარქიის (ან ე. წ. "ბელოკრინიცელთა") დამფუძნებლის, ბოსნიელი მიტროპოლიტის ამბროსის (ანდრია პოპოვიჩი 1791-1863). იხ. ასევე:  https://ru.wikipedia.org/wiki/Амвросий_(Паппа-Георгополи)) (URL-ს მიმართვის თარიღი: 10.08.2020) კანონიკურობას იცავდა, რადგან არსებობდა ეჭვი, რომ ის მონათლული იყო დასხმითად.
 
ფ. მელნიკოვის დამოწმება იმის სამტკიცებლად, თითქოსდა მისი ნათქვამი აჩვენებდეს, როგორ "ქვედააკვეთებს თავის თავს ზემოთხსენებული (ანუ ჩვენი, ძველმართლმადიდებლური) საკრებულო", დიდ უზუსტობას შეიცავს. ეტყობა, ე. ჭელიძეს ფ. მელნიკოვი ჩვენი ეკლესიის წარმომადგენელი ჰგონია. გარდა ამისა, ფ. მელნიკოვი ნოვატიანუსის და კიდევ სხვა შემთხვევებს სულ სხვა კუთხით არჩევს და ამტკიცებს, რომ, ეკლესიის ისტორიაში არსებული მსგავსი შემთხვევების მიუხედავად, ეკლესია ყოველთვის არკვევდა, ვინ იყო მონათლული საყოველთაო ეკლესიური წესით (ანუ შთაფლვით) და ვინ არა; მონათლულებს ის არ გადანათლავდა, ხოლო მოუნათლავებს თავიდან ნათლავდა (უფრო დაწვრილებით იხ. მისი "О старообрядческом священстве до митрополита Амвросия") (http://semeyskie.ru/bibl_meln.html).

ე. ჭელიძეს და მის მიმდევრებს შეუძლიათ დაიმოწმონ იოანე ზონარას ის განმარტებაც, სადაც ის ბრძანებს: "ეს მწვალებლები (იგულისხმებიან ნოვატიანელები - არქიეპ. პ.) არ გადაინათლებიან, რადგან რაც შეეხება წმიდა ნათლისღებას ისინი არაფრით განსხვავდებიან ჩვენგან, არამედ მართლმადიდებლებივით ნათლავენ" (Толкование на 7е прав. 2-го Вселенского Собора).
 
ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ მწვალებლები, როგორც დაუდგრომელი სულის მესაკუთრენი, მარადის განაახლებენ თავიანთ სწავლებებს ისე, რომ ზოგჯერ ერთი და იგივე მწვალებლობის, მაგრამ სხვადასხვა ეპოქაში მცხოვრები მწვალებლები, ძლიერ განსხვავდებიან ერთურთისგან. ამისი დასტურია, თუნდაც ე. ჭელიძის ახალმოწესეობრივი "დედა-ეკლესია", რომელიც ნიკონ პატრიარქის მიერ გატარებულ რეფორმებსაც კი გასცილდა და დღეს უკვე წყალდასხმით კი არა ჰაერით ნათლობაზე ფიქრობს. თუმცა პირიქითაც ხდება, და ზოგჯერ მამათა სწავლებისადმი დაბრუნების სურვილით (თუნდაც იგივე ახალმოწესეთა ეკლესია, ან პროტესტანტული მოძრაობა, რომელიც პირველქრისტეანობასთან დაბრუნებას ცდილობდა) აღადგენენ იმ პრაქტიკას, რაც ძველ ეკლესიაში არსებობდა. ამ მხრივ არც ნოვატიანელები არიან გამონაკლისნი. როდესაც იოანე ზონარა ბრძანებს, რომ მათი (ანუ ნოვატიანელების) ნათლობა მართლმადიდებლურისგან არაფრით განსვავდება, ნიშნავს, რომ ისინი უკვე შთაფლვითად ნათლავდნენ, რადგან ასევე ცნობილია - დასხმითი ნათლობა ეკლესიის საყოველთაო წესი და ნორმა არასოდეს ყოფილა! მეტიც, თვით ლათინებიც კი, რომლებმაც გამონაკლის შემთხვევებში დაშვებული ეს წესი დროთა განმავლობაში საყოველთაო პრაქტიკად დაამკვიდრეს, XVI საუკუნემდეც კი აღიარებდნენ შთაფლვითი ნათლობის მნიშვნელობას და მის უპირატესობას დასხმითზე.
 
ამიტომაც, დაუშვებელია მართლმადიდებელთა ნათლობასთან (ანუ შთაფლვასთან) ნოვატიანუსის დასხმითი პრაქტიკის გაიგივება მხოლოდ იმიტომ, რომ გვიან, ანუ VI მსოფლიო კრების პერიოდში, ნოვატიანელების ნათლობა გაიგივებული იყო მართლმადიდებლურთან. რაკიღა ასე ითქვა, ეს ნიშნავს, რომ ამ პერიოდში უკვე საბატიანელებად და მემარცხენეებად ქცეული ნოვატიანელები (იხ. VI მსოფლ. კრების 7-  კანონის ბალსამონისეული განმარტება) ნათლავდნენ მართლმადიდებლურად, რის გამოც ეკლესიაში მოქცევის შემთხვევაში შეიწყნარებოდნენ მირონცხებით.
 
და კიდევ, როდესაც ლაპარაკია ამა თუ იმ მწვალებელთა ეკლესიაში მიღების წესზე, ძირითადად გათვალისწინებულია ამ მწვალებლებში ნათლისღების უფრო გავრცელებული ფორმა (სწორედ ამას უსვამს ხაზს ზემოთხსენებული ფ. მელნიკოვიც). რაც შეეხება გადახრებს, მათთვის არსებობს ადრე მიღებული კანონები (ან პრაქტიკა) და ეკლესია მათ შესაბამისად მოქმედებს. ასე მაგალითად, ახალმოწესეებს XX საუკუნის დასაწყისში ძველმართლმადიდებლები იღებდნენ მირონცხებით, მაგრამ ამავე დროს გამოიკვლევდნენ გადმოსულთა სადაურობას, ხომ არ იყვნენ ისინი სამხრეთ უკრაინიდან ან ბელორუსიდან, რადგან სამხრეთ რუსეთში მაშინ დასხმითი ნათლობა ვრცელდებოდა. ასეთ შემთხვევაში დეტალურად იკვლევდნენ არა მარტო გადმოსულთა, არამედ მისი მომნათვლელი მღვდლის ნათლისღებასაც და, თუ აღმოჩნდებოდა, რომ ახალგადმოსული ქრისტეანი დასხმითად იყო მონათლული, ადრე არსებული კანონების საფუძველზე, მას თავიდან ნათლავდნენ.
 
ნოვატიანუსის სასულიერო ხარისხის აღიარება იწყება მისი ეკლესიაში ყოფნის დროიდან. აქ საგულისხმოა ერთი ფაქტი, რომელსაც ე. ჭელიძე არ ახსენებს. ნოვატიანუსის ნათლობისა და ხელდასხმის შემდეგ, როდესაც კლერიკოსთა მთელი დასი და ხალხიც პროტესტს აცხადებდა ნოვატიანუსის ხელდასხმის გამო (ეს ცნობილი და საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია), მისმა ხელდამსხმელმა ეპისკოპოსმა მხოლოდ ამ ერთის (ანუ ნოვატიანუსის) ხელდასხმის შეწყნარება ითხოვა. როგორც ისტორიიდან ირკვევა, ასეც მოხდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ მოუნათლავი და მირონუცხები ადამიანის ხელდასხმა ეკლესიის წესი გახლდათ. როგორც ჩანს, აქ პასუხი დასხმითი ნათლობისა და მირონუცხებლობის შეწყნარებაში კი არა, ეკლესიის იკონომიურ მოქმედებაში უნდა ვეძებოთ.

ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ნოვატიანუსის შესახებ ცნობები ევსები კესარიელს მოჰყავს რომის პაპ კორნელიუსის მიერ ეპისკოპოს ფაბიუსისადმი მიწერილი წერილიდან, სადაც "კორნელი ნოვატიანეს საკმაოდ მუქი ფერებით ხატავს" (В. В. Болотов. Лекции по истории Древней Церкви. 2. Расколы Новата и Новатиана) (წყარო: https://azbyka.ru/otechnik/Vasilij_Bolotov/lektsii-po-istorii-drevnej-tserkvi/4_13).

"მისი (ანუ პაპ კორნელიუსის - არქიეპ. პ.) თქმით ნოვატიანუსის რწმენა დაიწყო იქიდან, რომ შეიპყრო ეშმაკმა, რის გამოც თავზე ეგზორცისტები ადგა. სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვული, ის მოინათლა დასხმითად, როგორც ეს კლინიკოსებს ახასიათებდათ, მაგრამ გამოჯანმრთელდა, თუმცა ეპისკოპოსისეული აღბეჭდვა (მირონცხება - არქიეპ. პ.), ანუ კონფირმაცია არ მიუღია; ამიტომაც მას არ ჰქონდა უფლება, გაევლო იერარქიული ხარისხები. მხოლოდ გამონაკლისის სახით, თანაც კლერიკოსთა დასის საწინააღმდეგოდ დაასხა ხელი ფაბიანემ ნოვატიანეს პრესვიტერად, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ მის ლიტერატურულ ნიჭს აფასებდა.
 
შემდგომ, დევნულების ჟამს ნოვატიანუსმა თავი სიმხდალითაც იჩინა. როდესაც მას სთხოვეს, დახმარება გაეწია ძმებისთვის, მან პრესვიტერობაზე უარი განაცხადა და თქვა: "მე სხვა ფილოსოფიას მივსდევ" (მართლაც, ნოვატიანუსი წავიდა რომიდან და ლიტერატურულ საქმიანობას მიუბრუნდა). ნოვატიანუსმა შეძლო რამდენიმე პატივდებული რომაელი პრესვიტერისა და აღმსარებლის მიმხრობა; მაგრამ, როგორც კი მის პატივმოყვრულ გეგმებს გაეცნენ, აღმსარებლებმა და პრესვიტერებმა მას ფიცი დაადებინეს, რომ ეპისკოპოსის ხარისხს არასოდეს მიიღებდა. ნოვატიანემ ეს ფიციც დაარღვია. მან რომში სამი პროვინციელი და გულუბრყვილო ეპისკოპოსი შეიტყუა, ჩაკეტა ისინი დღის 4 საათამდე და შემდეგ, როდესაც ისინი არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ, აიძულა მისი ხელდასხმა. ამის შემდეგ ერთი ეპისკოპოსი ცრემლებით ითხოვდა პატიებას. ეკლესიამ ის უბრალო ერისკაცად შეიწყნარა; დანარჩენი ორი ეპისკოპოსი კი დაამხო რომის კრებამ, რომელმაც კანონიერ ეპისკოპოსად კორნელი აღიარა.
 
ბოლოს ნოვატიანუსი აღმსარებლებმაც მიატოვეს და უკან, ეკლესიას დაუბრუნდნენ. როგორც კი ნოვატიანუსმა დაინახა, რომ მისი პარტია უძლურდება, ასეთ თავგანწირულ ხერხს მიმართა: ზიარების მიმღებთ ის ხელს უკავებდა და ეუბნებოდა: "შემომფიცე ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახელით, რომ არასოდეს მიმატოვებ და არ გადახვალ კორნელისთან", - და უბედურიც, სანამ ქრისტეს ხორცსა და სისხლს ეზიარებოდა, ჩვეულებრივი "ამინის" ნაცვლად ამბობდა: "მე არასოდეს გადავალ კორნელისთან".
 
თავის მხრივ, ნოვატიანუსი, რამდენადაც ცნობილია, კორნელის ლიბელატიკს (1) უწოდებდა.

___________________

1. "ლიბელატიკებად" იწოდებოდნენ ის ქრისტეანები, რომლებიც წმ. კვიპრიანეს დროს, მართალია, იმპერატორის წინაშე წარმართულ კერპებს მსხვერპლს არ სწირავდნენ, მაგრამ რომაელ ხელისუფალთაგან ფულით ყიდულობდნენ Libelli-ს, ანუ "მსხვერპლშეწირვის ცნობას", რომელშიც ეს აქტი აღსრულებულად ითვლებოდა, თუმცა სინამდვილეში ამგვარი რამ არ ჩაედინათ და ამით თავს აღწევდნენ დევნულებას.
___________________

ალბათ, კორნელიუსის ქცევაშიც იყო, არსებითად, ამგვარი უსაფუძვლო ბრალდების რაღაც მიზეზი, ისევე როგორც კორნელიუსის მხრიდან ნოვატიანუსის ქცევის გადამეტებულ აღწერაშიც მოიაზრებოდა გარკვეული საფუძველი. თვითონ ნოვატიანუსი დიონისე ალექსანდრიელს არწმუნებდა, რომ მას ეპისკოპოსის ხარისხი ნებაყოფლობით არ მიუღია (რაზეც წმ. დიონისე ურჩევდა "რაც ძალდატანებით მიაღებინეს, ნებაყოფლობით დაეტოვებინა" - არქიეპ. პ.). ყოველ შემთხვევაში, უნდა ვიფიქროთ, რომ ნოვატიანუსი შესაძლოა არ იყო ისეთი ცუდი ხასიათის მქონე, როგორც ამას კორნელიუსი აღწერს. საკმარისია მივუთითოთ იმაზეც, რომ დიონისე ალექსანდრიელი მას წერს არა როგორც სქიზმატიკოსს, არამედ როგორც "ძმას" და შეაგონებს, უარი თქვას იმ ხარისხზე, რომელიც, როგორც თვითონ ირწმუნებოდა, ძალდატანებით მიაღებინეს. სოკრატეს ცნობით კი, ვალერიანეს დროს ნოვატიანუსი მოწამეობრივად აღესრულა.
 
კორნელიუსი და ნოვატიანუსი სხვადასხვა ეპისკოპოსებს მიმართავდნენ. კართაგენის კრებამ, რომის კრების მსგავსად, საქმე კორნელიუსისა და უფრო მსუბუქი დისციპლინის სასარგებლოდ გადაწყვიტა (იგულისხმება დევნულების დროს ქრისტეს უარყოფით დაცემულთა ეკლესიაში შეწყნარების დისციპლინა - არქიეპ. პ.). კვიპრიანეს ენერგიულმა მოღვაწეობამ და დიონისე ალექსანდრიელის მხარდაჭერამ, რა თქმა უნდა, ბევრწილად გადაწყვიტა კორნელიუსის გამარჯვება. თუმცა, თანამგრძნობთა გარეშე არც ნოვატიანუსი დარჩენილა. ფაბიანე ანტიოქიელის შესახებ ცნობილია, რომ ის სქიზმატიკოსების მხარეს იხრებოდა, რადგან ნოვატიანური პარტიის სიმკაცრეს უჭერდა მხარს და, სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, შესაძლოა ნოვატიანეს პირად ხასიათსაც. ანტიოქიის კრების მრავალ მამას ასევე ნოვატიანეს მხარდაჭერა სურდა; მათ სათავეში იდგა ფირმილიან კესარიელი, რომელმაც ანტიოქიის ამ კრებაზე დიონისე ალექსანდრიელიც მიიწვია. დასავლეთში ნოვატიანეს განსაკუთრებულად უჭერდა მხარს არლის ეპისკოპოსი მარკიანე, რისთვისაც დაამხეს კიდეც.
 
ნოვატიანუსის განხეთქილება უფრო გამძლე აღმოჩნდა, ვიდრე ნოვატისა და ფელიცისიმისა კართაგენში. ეს ჩანს იქიდან, რომ ნოვატიანუსის მხარეს იჭერს პატივდებულ ეპისკოპოსთა გარკვეული ნაწილი. ყოველ შემთხვევაში, ამ განხეთქილებამ თავის დამფუძნებელზე მეტ ხანს გასძლო. ნოვატიანელები ყოველთვის იდგნენ ყველაზე მკაცრი საეკლესიო დისციპლინის მხარეს.
 
ნოვატიანელებმა ფეხი მოიკიდეს არა მარტო დასავლეთით, არამედ აღმოსავლეთითაც. სინი ნაყოფიერ ნიადაგს წააწყდნენ იქ, სადაც ჩაიარა მონტანელთა მოძრაობამ. ფრიგიაში ნოვატიანელობა და მონტანიზმი ერთმანეთს შეერწყა; აქ საქმე იქამდეც მიიყვანეს, რომ მეორედ ჯვრისწერასაც კი სასტიკად უარყოფდნენ. საერთოდ, მრავალ ქრისტეანთა მხრიდან ნოვატიანელები დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ, რადგან, დოგმატური თვალსაზრისით (სამებისა და ქრისტეს შესახებ სწავლების სფეროში), ისინი მართლმადიდებლებად ჩანდნენ, და მათი მთავარი განსხვავება მართლმადიდებელ ქრისტეანთაგან მხოლოდ მათი ჩვეულების სიმკაცრე (ძმათმოძულეობა - არქიეპ. პ.) გახლდათ. ამის გამო მრავალი ხელისუფალი, რომელიც მწვალებლებისა და სექტანტების დევნულების განკარგულებებს სცემდა, ნოვატიანელების სასარგებლოდ პირდაპირ გამონაკლისებს აკეთებდა. ზოგიერთი წყაროს ცნობით, არიანელობის ეპოქაში მართლმადიდებლები იმისთვისაც კი იყვნენ განწყობილნი, რომ ერთობა დაემყარებინათ ნოვატიანელებთან (კონსტანტინოპოლში). ნოვატიანელები, სავარაუდოდ, არსებობდნენ VII საუკუნემდე" (В. В. Болотов. Лекции по истории Древней Церкви. 2. Расколы Новата и Новатиана) http://azbyka.ru/tserkov/istoriya/bolotov_lektsii_po_istorii_tserkvi_29-all.shtml).
 
ასეთ პირობებში, რატომ უნდა იყოს გასაკვირი, ნოვატიანელებს შეერთებოდნენ მართლმადიდებლურ ეკლესიაში უკვე მონათლული ქრისტეანები და მათი კვლავ უკან მოქცევის შემთხვევაში ეკლესიას მათი სინანულით ან მირონცხებით მიღება დაეწესებინა. ხოლო, რაც შეეხება თვით ნოვატიანუსის ნათლობისა და მირონცხების საკითხს, ეს ეკლესიამ უცნაურად გადაწყვიტა, რადგან, როგორც ზემოთ ვნახეთ, მირონცხების მიუღებლობა დასხმით ნათლობაზე უფრო დაუშვებელია. არადა, პრესვიტერის ხარისხი მირონუცხებ ნოვატიანუსს ჯერ კიდევ ეკლესიაში ყოფნის დროს ებოძა.
 
ყურადღებას იპყრობს ასევე ბოლოტოვის ზემოთ დამოწმებული ის ცნობა, რომლის მიხედვითაც "ფრიგიაში მონტანიზმისა და ნოვატიანელობის შერწყმა მოხდა", რაც შეუძლებელი იქნებოდა, ნოვატიანელებს ამ მომენტისთვის თავიანთი ნათლობის წესი (ანუ "დასხმა" ან "დაპკურება") კატეგორიულობით რომ დაეცვათ, რადგან ცნობილია, რომ მონტანისტები ნათლავდნენ შთაფლვით, თუმცა არღვევდნენ სანათლავ ფორმულას.
 
დასასრულ, ნოვატიანელთა მიმდევრების მიღებაზე უნდა ითქვას ის, რომ შეუძლებელია ეკლესიას, რომელიც შვიდი მსოფლიო კრების პერიოდში (და მის შემდეგაც) არასოდეს გადმოუცია საღვთისმეტყველო სწავლება დასხმითი, გადავლებითი თუ პკურებითი ნათლობების შესახებ და ნათლობის ნორმად ყოველთვის შთაფლვას აღიარებდა, ნათლობისა და მირონცხების საკითხებში ნოვატიანელთა ამგვარი თვითნებობა უყურადღებოდ დაეტოვებინა.
 
როგორც ზემოთ დავინახეთ, ეკლესია ნოვატიანელთა ნათლობას კი არ შეიწყნარებდა, არამედ აღიარებდა იმ სწორ ნათლობას, რომელიც ნოვატიანელებთან ეკლესიიდან გადასულ ქრისტეანებს გააჩნდათ. მათი რიცხვი კი უამრავი იყო. თავიდანვეც ნოვატიანუსის თემი მონათლულ ქრისტეანთაგან შედგებოდა. აქედან მომდინარეობს ის გარემოებაც, რომ ეკლესია ნოვატიანელთაგან გადმოსულებს თავიდან არ ნათლავდა.
 
 
***
 
ახლა გადავიდეთ "მეცნიერ" ე. ჭელიძის სხვა "მამხილებელ" წყაროებზე. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ნაშრომის "გზა - მართლად სავალის" (თბ. 2017 წ.) საპასუხოდ ბატ. ჭელიძეს არაფერი დაუწერია. მან უბრალოდ ამოაკოპირა თავისი ადრინდელი ნაშრომიდან "სული - ცხოველი" ოთხი თავი და ჩააკერა მის ახალ ნაშრომში: "ანაბაპტისტური შეთქმულება" (სრული სახელწოდება იხ. ზემოთ, შესავალში). ესენია: 1) უკვე განხილული ნავატიანელთა ნათლობა; 2) ერმოგენეს ნათლობა; 3) წმ. კვიპრიანე კართაგენელის გამონათქვამი და 4) ნეოკესარიის 12-ე კანონის განხილვა.
 
რადგან აქ ოპონენტი არანაირ ახალ მსჯელობას არ გვთავაზობს, მის მიერ მოკოპირებულ ადრინდელ მასალებს ვპასუხობთ ჩვენი ნაშრომიდან "გზა - მართლად სავალი", და ამჯერად დასამატებელი არაფერი გვაქვს.

oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому