აპოლოგეტიკა - სად არის ნამდვილი შეთქმულება?! 4 - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

სად არის ნამდვილი შეთქმულება?!
 
ანუ
 
კიდევ ერთხელ ნათლისღების შესახებ
 
პასუხი ე. ჭელიძის პუბლიკაციაზე "ანაბაპტისტური შეთქმულება"
საეკლესიო ზარები
შინაარსი:




IV. ნეოკესარიის 12-ე კანონის განმარტება

________________________________________________________


IV

ნეოკესარიისა და ლაოდიკიის კრებათა კანონები
 

ე. ჭელიძე და ადრინდელი რუსი ავტორების ნაწილი მიიჩნევენ, რომ ნეოკესარიის 12-ე და ლაოდიკიის 47-ე კანონები შეიწყნარებენ დასხმით ნათლობას, მაგრამ ამ კანონთა აზრი სულ სხვაა და მათში დასხმითი ნათლობა სიტყვითაც კი არ არის ნახსენები.
 
ე. ჭელიძე წერს: "მოცემული კანონი (იგულისხმება ნეოკესარიის 12-ე კანონი - არქიეპ. პ.) ჩვენთვის ამჯერად მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ იგი კონკრეტულად ეხება სნეულებაში დასხმითად მონათლულთა მდგომარეობას გამოჯანმრთელების შემდეგ" ("სული ცხოველი". გვ. 315).
 
ე. ჭელიძე აქაც ეშმაკობს. კანონი სწორედაც რომ არ ეხება "დასხმით ნათლულობას". ე. ჭელიძეს აქაც, ისევე, როგორც სხვა მაგალითების განხილვისას, სპეციალურად, თვითნებურად შემოაქვს მისთვის საჭირო პირობა, რომელზეც აგებს შემდეგ თავის მსჯელობას. მთავარი, რაც აქ ე. ჭელიძეს აინტერესებს, არის "დასხმითად მონათლულნი", რომელთაც თურმე ნეოკესარიის 12-ე კანონი ეხება, ოღონდ "გამოჯანმრთელების შემდეგ".
 
კანონში არსაიდან ჩანს, რომ ის ეხება "დასხმითად მონათლულებს" ან გულისხმობს დასხმითად ნათლობას, ან კიდევ ეხებოდეს დასხმითად მონათლულთა მდგომარეობას. ის რომ, აქ ლაპარაკია სნეულებზე, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სნეული სარეცელს იყო მიჯაჭვული და ინათლებოდა დასხმითად. თუმცა ამის შესახებ ცოტა ქვემოთ. ჯერ გავეცნოთ თვით კანონს.
 
ნეოკესარიის 12-ე კანონი: "თუ ვინმე მოინათლება სნეულების დროს, მისი მღვდლად კურთხევა შეუძლებელია, რადგანაც მისი რწმენა მოდის არა ნებსითი არჩევიდან, არამედ გაჭირვებიდან. ოღონდ თუ მონათვლის შემდგომ გამოიჩენს რწმენას და სათნოებას, და გაძნელდება სამღვდელო კაცის პოვნა, (ასეთ შემთხვევაში) იყოს ასე, (ე.ი. იკურთხოს იგი მღვდლად)"  (საქ. საეკლესიო კალენდარი. 1987 წ. გვ. 190).
 
შემოიტანა რა ამგვარი პირობა, რაც კანონში ნაგულისხმევი არ არის, ე. ჭელიძე შემდეგ განაგრძობს: "როგორც ვხედავთ (?) (და სწორედ ესაა მოცემულ შემთხვევაში უმთავრესი და გადამწყვეტი), კანონში სიტყვაც არაა ნათქვამი იმაზე, რომ სნეულებაში მონათლულები (ცხადია, დასხმითად) (აქ ისევ შემოდის ეს პირობა - არქიეპ. პ.) გამოჯანმრთელებისთანავე გარდაუვალად და დაუყოვნებლივ შთაფლვითად უნდა გადანათლულიყვნენ, რისი აღნიშვნის დოგმატური ვალდებულებაც ამ კანონს, ცხადია, უთუოდ ექნებოდა, თუ მართლმადიდებელ ეკლესიას სნეულებაში დასხმითად მონათლულთა და შემდგომ გამოჯანმრთელებულთა აუცილებელი გადაშთაფვლვის წესი ჰქონდა ოდესმე განჩინებული" ("სული - ცხოველი". გვ. 315).
 
ამის შემდე, ე. ჭელიძე "აძლიერებს" თავის ამ თვითნებურ ჩამატებას კანონის შინაარსში (ანუ კანონი ე. ჭელიძის მიერ გააზრებულია, როგორც დასხმითად მონათლულ ავადმყოფებთან დაკავშირებული განწესება) იმით, რომ იმოწმებს ოთხ ცნობილ კანონისტს: იოანე ზონარას, თეოდორე ბალსამონს, ალექსი არისტენეს და მათე ბლასტარისს. რადგან ოთხივე კანონისტი თითქმის ერთსა და იმავეს ბრძანებს, შეჯამების სახით დავიმოწმებთ მათე ბლასტარისს, რომელიც წერს: "ნეოკესარიის მეთორმეტე კანონი მღვდლობის უფლებას არ აძლევს სნეულების გამო ნათელღებულებს და გამოჯანმრთელებულებს, როგორც ამ სიკეთის იძულებით და არა თავისუფალი ნებით ამრჩეველს და აქამდე გემოთმოყვარე და ხორცისმოყვარე ცხოვრებას მიდევნებულს, თუმცა კი შემდგომი სარწმუნოებრივი გულმოდგინებისა და ადამიანთა იშვიათობის გამო შეიძლება შენდობა მიეცეს მას" (იქვე. გვ. 318).
 
ამრიგად, ე. ჭელიძე შინაარსობრივად ამახინჯებს ნეოკესარიის მეთორმეტე კანონს (რომელიც მიღებულია სნეულებისა და სიკვდილის შიშის გამო იძულებით ნათელღებულთა გამო), ახდენს მის აზრობრივ პერიფრაზირებას, ანუ ჰმატებს მას იმგვარ აზრს, რომელიც მასში არ მოიპოვება, შემდეგ იმოწმებს ოთხ კანონისტს, როგორც ვითომცდა მისი აზრის დამადასტურებელთ და ბოლოს ასკვნის:
 
"ამრიგად, ... ცხადზე უცხადესია (?), სარეცელზე მონათლული (?) და გამოჯანმრთელებული ადამიანის მღვდლად კურთხევა არ ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მან ნათლობა გადადო გემოთმოყვარების მიზეზით... ... მთავარი და უაშკარესი კი ის გახლავთ, რომ ხსენებულ კანონს და მის მართლმადიდებლურ განმარტებებს არცერთი სიტყვით არანაირად არ დაუშვიათ თუნდაც უმცირესი შესაძლებლობა იმისა, რომ სნეულებაში დასხმითად მონათლული პირი გამოჯანმრთელების შემდეგ გარდაუვალად უნდა გადაშთაფლულიყო, ანუ ნეოკესარიის კრების აღნიშნული კანონის საფუძველზე დოგმატურად გამოირიცხება და ყოვლითურთ აღმოიფხვრება სნეულებაში დასხმითად მონათლულთა შემდგომი ვითომცდა გარდაუვალი გადაშთაფლვის ბილწმოქმედება (?), რასაც ესოდენი ბორგნეულობით დაგვკიჟინებენ თანამედროვე გადაშთაფლულნი" (იქვე. გვ. 319).
 
ნეოკესარიის 12-ე კანონის შინაარსში შეტანილი ზედმეტი აზრის შემდეგ, რომელიც თითქოსდა მეტყველებდეს სარეცელზე მწოლიარე ავადმყოფის დასხმით ნათლობაზე, ჩვენი სოფისტი მეცნიერი თავისი ცრუ აზრის გასაძლიერებლად იშველიებს ლაოდიკიის 47-ე კანონსაც, რომელშიც ნათქვამია: "სნეულებაში ნათელღებულებს და მერე გამოჯანმრთელებულებს ჰმართებთ სარწმუნოების შესწავლა და ცოდნით აღჭურვა, რომ საღმრთო საბოძვარის ღირსნი გახდნენ".
 
აქაც, ისევე როგორც ნეოკესარიის 12-ე კანონის განმარტებაში, ე. ჭელიძე კვლავ იმოწმებს უკვე ხსენებულ კანონისტებს და ასკვნის, რომ "არცერთი კანონისტი და, პირველ რიგში არც თვით საკრებო კანონი არანაირად არ უშვებს სნეულებაში მონათლულის შთაფლვითად გადანათვლის იოტისოდენა შესაძლებლობასაც კი გამოჯანმრთელების შემდეგ" (იქვე. გვ. 321).
 
ბოლოს კი გამარჯვებულის იერით და მისთვის ჩვეული გესლიანობით წერს: "აი, ამგვარად იმხილა და დაემხო სნეულებაში მონათლულთა ხელმეორე ნათლისღების შესახებ უუკეთურესი განცოფებულობა, ვინაიდან, როგორც ვნახეთ, ორმა უწმიდესმა საეკლესიო კრებამ ყოვლითურთ შეუძრავად რჯულდებულყო კანონიკურობა და სრული მადლმოსილება ამგვარ პირთა ნათლისღებისა" (იქვე. გვ. 322).
 
რა შეიძლება ითქვას ე. ჭელიძის ამ მორიგ თავდასხმაზე?
 
ამ კანონების აზრის გასაგებად სასარგებლოა მივმართოთ იმავე ლაოდიკიის კრების 46-ე კანონს რომელშიც ვკითხულობთ: "მოსანათლავად გამზადებულებს ჰმართებთ სარწმუნოების შესწავლა და შვიდეულის მეხუთე დღეს მითხრობა ეპისკოპოსებისა ან მღვდლებისათვის".
 
ეს კანონი თითქმის სიტყვასიტყვით მიიღო VI მსოფლიო კრებამ: "ვინც ნათლისღებისათვის ემზადება, სარწმუნოება უნდა შეისწავლოს და შვიდეულის მეხუთე დღეს ეპისკოპოსს ან ხუცესს დასმულ კითხვებზე პასუხი გასცეს" (ძვ. ქართულ დიდ სჯულისკანონში: ""ვითარმედ უხმს განათლებადთა, რომელ არიან ნათლვად განმზადებულნი, დასწავლაი სარწმუნოებისაი და მეხუთესა დღესა შვიდეულისასა წარმოთხრობაი ეპისკოპოსისა ანუ ხუცესთაი") (VI მსოფლიო კრების 78- ე კანონი. დიდი სჯულისკანონი. გამომც. "მეცნიერება" თბილისი 1975 წ. გვ. 398).

 
აქედან ცხადი ხდება, რომ ლაპარაკია ნათლობის მსურველებზე, ანუ მათზე, ვინც ემზადება საიდუმლოს მისაღებად. კერძოდ, სანამ მოინათლებოდეს, ურწმუნოებიდან მოქცეული ვალდებულია ჯერ გაიაროს კატეხიზაცია, რომლის დროსაც სარწმუნოების საფუძვლებს შეისწავლის. ხოლო ნეოკესარიის 12- ე და ლაოდიკიის 47-ე კანონები ლაპარაკობენ იმათ შესახებ, ვინც სნეულების გამო იძულებული გახდა მიეღო ნათლობა კატეხიზაციის გავლის გარეშე.
 
ნეოკესარიის 12-ე კანონის განმარტებაში ზონარა წერს: "ვინც ჯანმრთელობის დროს გადადო ნათლისღება, მაგრამ როდესაც დასნეულდა, სიცოცხლისადმი საფრთხის გამო, მოინათლა, ის არ უნდა იქნას მღვდლად ხელდასხმული, რამეთუ შეიძლება ვიფიქროთ, რომ გადადებდა ნათლისღებას სიამტკბილობისა და გემოთმოყვარების გამო, ამიტომაც, ცხოვრობდა დაუდევრად და არ ემორჩილებოდა სახარების უღელს, და მისი რწმენა წარმოჩინდება, როგორც აუცილებლობისგან მომდინარე და არა თავისუფალი არჩევანისგან. ხოლო თუ ნათლისღების შემდეგ გამოიჩენს გულმოდგინებას საღმრთო მცნებების დაცვასა და სარწმუნოებაში, და თუ მღვდლობისთვის შესაფერისი ადამიანების ნაკლებობა იქნება, შეიძლება იქნეს ხელდასხმული" (რუსულ თარგმანში: "Кто в здоровом состоянии откладывал крещение, а подвергшись болезни и имея в виду опасность для своей жизни, крестился, тот не должен быть произведён во священство, ибо можно думать, что он отлагал просвещение по любви к удовольствиям и из плотоугодия, и потому что хотел жить в небрежении и не подчиняться игу Евангелия, и вера его является происшедшей от необходимости, а не от произволения. А если после крещения окажется рачительным в сохранении божественных заповедей и твёрдым в вере, и если будет недостаток в людях, способных к священству, в таком случае может быть произведён") (Правила святых поместных соборов с толкованиями. Изд. Моск. общ. любителей дух. просвещения. Москва 1880).
 
იმავეს ბრძანებენ არისტენე და ბალსამონი ლაოდიკიის კრების 46-ე და 47-ე კანონების განამარტებებში. ხოლო სლავური "Кормчая" ("მესაჭის წიგნი", იგივე დიდი სჯულისკანონი) ლაოდიკიის კრების 12-ე კანონში განმარტავს: "სნეულების გამო მონათლული ნუ გახდება პრესვიტერი...".
 
ამრიგად, კანონს სურს, რათა ნათლობის მოწადინენი ინათლებოდნენ მაშინ, როდესაც შეიმეცნებენ ჩვენს საიდუმლოს; ამიტომაც განაწესებს, რათა მოსანათლავად განმზადებულმა შვიდეულის ერთ რომელიმე დღეს მიუთხროს ეპისკოპოსს ან პრესვიტერებს, რაც შეისწავლა ამ შვიდეულის განმავლობაში. ხოლო, თუ ვინმე სნეულებაში მყოფი, სასიცოცხლო საშიშროების გამო მოინათლება მანამ, სანამ შეისწავლიდა სარწმუნოებას და, როგორც ითქვა, პასუხს მისცემდა (ეპისკოპოსებსა და პრესვიტერებს - არქიეპ. პ.), შემდეგ კი გათავისუფლდება სნეულებისგან, ასეთ შემთხვევაშიაც უნდა შეისწავლოს მან საიდუმლო და იცოდეს, რომ ღირსი გახდა საღმრთო ნიჭის ანუ ღმრთის შემეცნების და ნათლისღების მიღებით მიეტევა ცოდვები. რამეთუ ნათლისღებაში საკუთარი ძალისხმევით როდი ვთავისუფლდებით ცოდვათაგან, არამედ ღმრთის ნიჭითა და მადლით (ზონარა. ლაოდიკიის კრების 47-ე კანონის განმარტება).
 
ამგვარად, ეს კანონები საერთოდ არაფერს ამბობენ არც სარეცელს მიჯაჭვულ სნეულებზე და არც მათი ნათლობის ფორმაზე (დასხმაზე) და შეუძლებელია დასხმითი ნათლობის გამამართლებელ არგუმენტად გამოიყენოს ვინმემ. სიტყვა "სარეცელი" და "დასხმა" ან "პკურება" საერთოდ არ გვხვდება ამ კანონებში. ამ ტერმინებს არ ახსენებენ არც ე. ჭელიძის მიერ დამოწმებული კომენტატორები. მოდი, დავრწმუნდეთ:
 
იოანე ზონარა: "რომელმაც გადადო ნათლისღება, როდესაც ჯანმრთელი იყო, მაგრამ დასნეულდა და სიცოცხლის მხრივ საფრთხე იგრძნო (სიტყვ. "იეჭვა"-ე. ჭ.-ს შენიშვნა. - არქიეპ. პ.), მოინათლა..." (ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 316).
 
თეოდორე ბალსამონი: "ურწმუნო ვინმე, ჯანმრთელად მყოფი, არ დაეშურა ნათლობას, მაგრამ დასნეულდა რა, ნათელ-იღო..." (იქვე).

 
ალექსი არისტენე: "ის, ვინც სნეულების გამო მოინათლა, ნუ გახდება ხუცესი..." (იქვე).
 
მათე ბლასტარისი: "ნეოკესარიის მეტორმეტე კანონი მღვდლობის უფლებას არ აძლევს სნეულების გამო ნათელღებულსა და გამოჯანმრთელებულს..." (იქვე. გვ. 318).
 
ასეთივე სურათს ვხედავთ ლაოდიკიის კრების 47-ე კანონის განმარტებებშიც:
 
იოანე ზონარა: "... თუ ვინმე სნეული და სასიცოცხლო საფრთხეში მყოფი მოინათლება, მანამ სანამ ისწავლიდეს და წარმოთქვამდეს მრწამსს..." (იქვე, გვ. 320).
 
თეოდორე ბალსამონი: "ვინმე ურწმუნონი კატეხიზაციის მიღებამდე მოინათლნენ მოულოდნელად მოწევნული სნეულების გამო..." (იქვე).
 
ალექსი არისტენე: "მოსანათლავმა უნდა უთხრას მრწამსი ეპისკოპოსს ან მღვდელს კვირის მეხუთე დღეს. უნდა უთხრას იმანაც, ვინც სნეულებაშია, მცირედით შემდგომ" (იქვე. გვ. 321).
 
ჩვენ აქ არ შევუდგებით ე. ჭელიძის მთელი "ვიკრუტასული" ფილოსოფიის გადმოცემას, რომლის მიხედვითაც ის "სნეულებს" ყველგან და ყოველთვის აიგივებს კლინიკოსებთან, ანუ ისეთ სნეულებთან, რომლებიც სარეცელს იყვნენ მიჯაჭვულნი. იმოწმებს დასავლელ მეცნიერებს, რომლებიც იმავე აზრს ატარებენ, მაგრამ ჩვენთვის არც ერთი და არც მეორე არ წარმოადგენს ავტორიტეტს, რადგან ისინი მსჯელობენ იმაზე, რაც კანონში მოცემული არ არის. გარდა ამისა, სულაც არ არის სავალდებულო, სნეული მაინცადამაინც საწოლს იყოს მიჯაჭვული.
 
ე. ჭელიძე, ზოგიერთ დასავლელ მეცნიერზე დაყრდნობით, თავიდანვე სთავაზობს მკითხველს მოცემულობას, რომ კანონში ნახსენები სნეული აუცილებლად საწოლს მიჯაჭვული ადამიანია, ამიტომაც, ხსენებული კანონების მსჯელობა სნეულებზე, ავტომატურად გადააქვს დასხმით ნათლობაზე, რამეთუ საწოლში მწოლიარე კაცი ვერ მოინათლებოდაო შთაფლვით (თუმცა გამორიცხული არც ეს გახლავთ). მაგრამ კანონში არაფერია ნათქვამი იმაზე, აუცილებლად საწოლს მიჯაჭვული ადამიანები იგულისხმებიან თუ არა სნეულებში. უკვე ვთქვით და კიდევ აღვნიშნავთ, რომ ზემოთ ხსენებულ კანონებში სიტყვები "სარეცელი" და "დასხმითი ნათლობა" სიტყვითაც კი არ არის ნახსენები.
 
მაგალითად, ბალსამონი ამბობს (ვიმოწმებთ ე. ჭელიძის თარგმანს), რომ: "ვინმე ურწმუნონი კატეხიზაციის მიღებამდე მონათლნენ, მოულოდნელად მოწევნილი სნეულების გამო...", მაგრამ ბალსამონი მინიშნებითაც კი არ მიანიშნებს, რომ ეს სნეულნი აუცილებლად საწოლს იყვნენ მიჯაჭვულნი. მეტიც, ამგვარი რამ, თუნდაც სასიკვდილო სნეულების დროს, არც არის აუცილებელი. განა ცოტაა სასიკვდილო სნეულებანი, რომელთაც დაავადებულნი "ფეხზე მდგომარენი" იტანენ?! მაგალითად, კიბო, ლეიკემია ან სხვა სნეულებანი, რომლებიც თავისთავად სასიკვდილონი არიან, მაგრამ თავიანთი განვითარების ადრეულ და შუა სტადიებში ისე არ ანადგურებენ ადამიანს, რომ სიარული ვერ შეძლოს. ასეთი ადამიანები მუშაობენ კიდევაც და სამკურნალოდაც დადიან სპეციალურ კლინიკებში. მაგრამ, ხდება ისეც, რომ ზოგიერთი ადამიანი, რომელიც გადადებს ნათლობას ამა სოფლისა და სიამტკბილობისადმი სიყვარულის გამო, როგორც კი აღმოაჩნდება სასიკვდილო სნეულება, თუნდაც საწოლს არ იყოს მიჯაჭვული, იწყებს ფიქრს მოსალოდნელ აღსასრულზე და ამა ქვეყნიდან მოუნათლავად გასვლის შიშით ნათლობის გადაწყვეტილებას იღებს. აი, რაზე მსჯელობენ ზემოთ ხსენებული კანონები; და სხვაგვარად ფიქრის შესაძლებლობა, ე. ჭელიძის თუ მის მიერ დამოწმებული "ავტორიტეტების" მსჯელობის საფუძველზე, არ გაგვაჩნია.
 
საინტერესოა იოანე ზონარას განმარტება და ამაზე უფრო საინტერესო ე. ჭელიძის მიერ ფრჩხილებში ჩასმული მინიშნება, კერძოდ, ზონარა ბრძანებს: "რომელმაც გადადო ნათლისღება, როდესაც ჯანმრთელი იყო, მაგრამ დასნეულდა და სიცოცხლის მხრივ საფრთხე იგრძნო (სიტყვ. "იეჭვა"-ე. ჭ.-ს შენიშვნა. - არქიეპ. პ.), მოინათლა..." (ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 316).
 
მაშასადამე, ე. ჭელიძის წარმოდგენით, საკმარისია ადამიანმა "საფრთხე იგრძნოს", ანუ "იეჭვოს" რომ სასიკვდილოდ არის დასნებოვნებული და იმწამსვე საწოლში ჩარგოს თავი, რათა შემდეგ მღვდლებს მოუხმოს და დასხმითად მოინათლოს... სასაცილოა დასხმითი ნათლობის ამგვარი "არგუმენტირება".
 
ცხადია, ჩვენ არ უარვყოფთ იმგვარ შემთხვევებს, როდესაც საიდუმლო აღესრულება უკიდურესად რთულ პირობებში და შეუძლებელია დაიცვა საიდუმლოს აღსრულებისთვის საჭირო ყველაზე აუცილებელი დეტალები (გავიხსენოთ თუნდაც უდაბნოში ავად გამხდარი ებრაელის ქვიშით ნათლობა ან ზოგიერთი მოწამის დასხმითი ნათლობები). არავინ ითხოვს შეუძლებელს. ამიტომაც, იქ, სადაც იძულებულნი არიან, დაარღვიონ საიდუმლოს ფორმა ალბათ უნდა არსებობდეს უფრო შემწყნარებლური დამოკიდებულება, მაგრამ არა ისე, რომ ამგვარი დაშვება კანონის რანგში და ნორმად გადავაქციოთ.
 
სხვათა შორის, სიტყვამ მოიტანა და ქვიშით მონათლული ებრაელის შემთხვევა სწორედაც რომ განეკუთვნება ე. ჭელიძისთვის სასურველ "კლინიკურ" ნათლობას. ამ მაგალითიდან ვიცით, რომ მომაკვდავ ადამიანს, რომელმაც უდაბნოში ნათლობა ისურვა, მისმა მეგობრებმა ჯერ ტანთ გახადეს (სრულიად გააშიშვლეს), შემდეგ ფეხზე წამოაყენეს ეს მომაკვდავი კაცი, და ამის შემდეგ თავზე ქვიშა გადაატარეს ნიშნად იმისა, თითქოსდა წყალს გადაევლო მისთვის. ნუთუ ამ ქრისტეანებმა არ უწყოდნენ კლინიკოსთა ნათლობის შესახებ, რომ შესაძლებელი იყო ამდენი არ ეწვალათ და ავადმყოფი კაცი იქვე, მწოლიარე მოენათლათ ქვიშის დაყრით, რაც დასხმითი ნათლობის სიმბოლოდ შეიძლებოდა აღქმულიყო. მაგრამ არა, მას შეუსრულეს ის, რაც ჩვეულებრივი მოსანათლავისთვის იყო განწესებული: გააშიშვლეს, ფეხზე წამოაყენეს და თავზე ქვიშა გადაატარეს. თქმა არ უნდა, ახლომახლო სადმე საკმარისი სიღრმის წყალი რომ ყოფილიყო, ამ ავადმყოფს უეჭველად შთაფლვითად მონათლავდნენ - ამაზე მეტყველებს უდაბნოში მონათლულ ებრაელზე აღსრულებული ყველა მოქმედება.
 
აღსანიშნავია ისიც, რომ ნეოკესარიის 12-ე კანონი ეხება სწორედაც რომ სნეულებს და არა ჯანმრთელ და სრულიად საღ-სალამათ ადამიანებს. თუ სნეულთა შესახებ ვიმსჯელებთ და ვიტყვით, რომ ვითარებით გამოწვეულ შემთხვევაში ეკლესიამ მათ ჩაუთვალა ნათლობა, ხომ არ უნდა ნიშნავდეს ეს იმას, რომ დასხმითი ნათლობა ნებისმიერ შემთხვევაში დასაშვებია? ან აშკარა არ არის, რომ ხსენებული კანონები ეხებიან სნეულებს და არა ჯანმრთელ და საღ-სალამათ ადამიანებს, რომელთაც დასხმითად და პკურებითადაც კი "ნათლავენ". თუ სნეულის დასხმითად ნათლობას მისი ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა ამართლებს, რა უნდა ამართლებდეს ჯანრმთელი ადამიანის ნათლობას დასხმითი წესით? - ცხადია, ამგვარ უსჯულოებას ვერაფერი გაამართლებს!
 
გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სავალდებულო არ არის სნეულებად მივიჩნიოთ მხოლოდ ისეთი ადამიანები, რომლებიც საწოლს არიან მიჯაჭვულნი. მრავალი სნეული, ანუ სასიკვდილო ავადმყოფობით დასნებოვნებული ადამიანი, არათუ ფეხზე დგას, ასეთები ოჯახში ფუსფუსებენ და საქმეებს აგვარებენ, არამედ თვით საზოგადოებრივ საქმეებშიც მონაწილეობენ და ყოვლად შეუძლებელია მათი კატეგორია მხოლოდ საწოლს მიჯაჭვული ადამიანებით შემოიფარგლოს.
 
ე. ჭელიძე, რომელიც კანონის რანგში აყვანილი დასხმითი ნათლობის გამართლებას ცდილობს, ამტკიცებს, რომ არ შეიძლება განუმეორებელი საიდუმლოს განმეორება. დიახ, განუმეორებელი საიდუმლოს განმეორება არ შეიძლება, მაგრამ საკითხი სწორედ იმას ეხება, არის თუ არა დასხმითი ნათლობა კანონიკური საიდუმლო; დასხმითი ნათლობასთან მიმართებაში არ გვაქვს მყარი საფუძვლები ვიფიქროთ, რომ რთული ვითარებით გამოწვეული შემთხვევების გარდა, ჩვეულებრივ ვითარებაში აღსრულებული დასხმითი ნათლობა შეიძლება ჩაითვალოს წმ. ნათლისღების განუმეორებელ საიდუმლოდ. სწორედ ეს გახლავთ პრობლემის არსი.
 
ამგვარად, ე. ჭელიძე სრულიად უსაფუძვლოდ იმოწმებს ნეოკესარიის 12-ე და ლაოდიკიის 47-ე კანონებს. მეტიც, ის ასეთ დასკვნებსაც აკეთებს: "როგორც ვხედავთ (და სწორედ ესაა მოცემული შემთხვევაში უმთავრესი და გადამწყვეტი), კანონში სიტყვაც არაა ნათქვამი იმაზე, რომ სნეულებაში მონათლულები (ცხადია, დასხმითად) (რატომ დასხმითად? ან საიდან არის ეს ცხადი? -  არქიეპ. პ.) გამოჯანმრთელებისთანავე გარდაუვალად და დაუყოვნებლივ შთაფლვითად უნდა გადანათლულიყვნენ, რისი აღნიშვნის დოგმატური ვალდებულებაც ამ კანონს, ცხადია, უთუოდ ექნებოდა, თუ მართლმადიდებელ ეკლესიას სნეულებაში დასხმითად მონათლულთა და შემდგომ გამოჯანმრთელებულთა აუცილებელი გადაშთაფლვის წესი ჰქონოდა ოდესმე განჩინებული" ("სული - ცხოველი". გვ. 315).
 
ე. ჭელიძე "ხედავს", რომ კანონში სიტყვაც არ არის ნათქვამი სნეულებაში დასხმითად მონათლულთა გადანათვლაზე, მაგრამ გაუგებარია, სად "ხედავს" ის დასხმას და რატომ არ ხედავს იმას, რომ კანონში არაფერია ნათქვამი არც დასხმითად ნათლობაზე და არც საწოლს მიჯაჭვულ სნეულებზე?! ეს, უბრალოდ, ე. ჭელიძის მიერ წინასწარ შემზადებული პირობაა, რის შემდეგაც განიხილავს ის ხსენებულ კანონებს. სხვაგვარად, პირდაპირ კანონებზე დაყრდნობით, რომლებიც ჭელიძისთვის სასურველ "დასხმაზე" არაფერს ამბობენ, ამგვარი აზრი არ გამოდის.
 
მეტსაც ვიტყვით, მნიშვნელობა არა აქვს, სნეულს გადანათლავენ თუ არ გადანათლავენ, კანონებში აქცენტი კეთდება სარწმუნოების შესწავლაზე (კატეხიზაციაზე); ანუ სნეული თუ გადაინათლება, მან მართლმადიდებლური სარწმუნოება მაინც უნდა შეისწავლოს და რაც უნდა ექნა ნათლობამდე, სნეულებაში ნათლობის შემდეგ უნდა გააკეთოს.
 
ე. ჭელიძე მისთვის ჩვეული სოფისტიკით საკუთარ დასკვნას აფუძნებს იმას, რაც კანონში არ მოიპოვება (როგორც აკეთებს ამას მოციქულთა 50-ე კანონის, საჭურისის ნათლობის, ერმოგენეს ნათლობის (იხ. ქვემოთ) და კიდევ მრავალ სხვა შემთხვევაში... ანუ, ე. ჭელიძის აზრით, რაკიღა ნეოკ. 12-ე კანონმა არაფერი თქვა სნეულთა გადანათვლაზე, მაშასადამე, მათი ნათლობა (დასხმით) შეწყნარებულად ცხადდება, რომელიც შემდეგ არანაირ გადანათვლას არ ითხოვს. მაგრამ სად კრძალავს ამას იგივე კანონი? განა კანონის უპირველესი მოვალეობა არ უნდა ყოფილიყო კვიპრიანე კართაგენელივით ეთქვა: "გამოჯანმრთელების შემდეგ ნუ გადანათლავთ", არამედ მხოლოდ სარწმუნოება შეასწავლეთო?!
 
ნეოკესარიის 12-ე და ლაოდიკიის 47-ე კანონები თუ გულისხმობენ "კლინიკოსებს" (როგორც ეს ნათქვამია ნ. მილოშის განმარტებაში), მაშინ უფრო მეტი საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ აქ არ იკრძალება მათი გადანათვლა, რადგან ცნობილია, რომ ეს ზედწოდება სნეულებაში მონათლულებს უწოდეს ირონიით, დაცინვით. ანუ ტერმინი "კლინიკოსი" გახლდათ დამამცირებელი ტერმინი, რასაც, სხვათა შორის, ადასტურებს წმ. კვიპრიანეს პასუხი მაგნუსისადმი. თვით ე. ჭელიძე წერს: "მეტიც, კვიპრიანე პირდაპირ გმობს მავანთა მიერ დაცინვით და დამცირებითი შინაარსით შემოტანილ ზემოთხსენებულ სახელწოდებასაც "კლინიკოსნი"…" (იქვე. გვ. 300). თუმცა, ხსენებული კანონების ბერძნულ ტექსტში სიტყვა "კლინიკოსი" ნახსენები არ არის.
 
ამრიგად, აკეთებს რა აქცენტს სარწმუნოების შესწავლაზე, კანონი არანაირად არ მიანიშნებს, თითქოსდა სნეული უცილობლივ სარეცელს იყოს მიჯაჭვული და დასხმითად ინათლებოდეს, როგორც ეს ელანდება ე. ჭელიძეს. როგორც უნდა მოექცნენ სნეულს, გადანათლავენ მას თუ არ გადანათლავენ, კანონის მიხედვით, როგორც კი გამოჯანმრთელდება მას სარწმუნოება აუცილებლად უნდა შეასწავლონ. ამაზეა აქცენტირებული ნეოკესარიის და ლაოდიკიის ხსენებული კანონების მთელი არსი და არა ნათლობის ფორმაზე.
 
აქვე საგულისხმოა აღინიშნოს, რომ ნეოკესარიის 12-ე და ლაოდიკიის 47-ე კანონებში გადმოცემული განწესებების იმგვარ გაგებას, როგორსაც ე. ჭელიძე გვთავაზობს, გარკვეულწილად ხელს უშლის არა მარტო ის, რომ მათში არაფერია ნათქვამი არც დასხმაზე და არც საწოლებზე, არამედ წმ. კვიპრიანე კართაგენელის პასუხი ეპისკოპოს მაგნუსისადმი (რომელიც უკვე განვიხილეთ), სადაც ნათლად ჩანს, როგორ ითხოვს წმ. კვიპრიანე საწოლში მონათლულები ("კლინიკოსები") თავიდან მაინც არ მონათლონ და ფრთხილად და არა კატეგორიულად, როგორც ამას ე. ჭელიძე "წარმოაჩენს", ითხოვს, რათა "თუ ვინმე მათ (კლინიკოსებს - არქიეპ. პ.) არაფრის მიმღებად და არაფრის მქონედ მიიჩნევს (აქ ცხადია იგულისხმება ღმრთის მადლის მიღება - არქიეპ. პ.), რადგან მათ მხოლოდ გადაესხათ მაცხოვნებელი წყალი; მაინც არ დააბრკოლონ ისინი, და არ აიძულონ თავიდან ნათლობა სნეულებისაგან გათავისუფლებისა და გამოჯანმრთელების შემდეგ" (Св. Киприан епископ Карфагенский. Творения. Москва 1999 г. Изд. "Паломник". Письмо к Магну о крещении новациан и о получивших крещение в болезни, стр. 646-650).
 
როგორც ჩანს, წმ. კვიპრიანეს დროს (გარდ. 258 წ.) ყოფილან იერარქნი, რომლებიც კლინიკოსებს არაფრის მიმღებებად მიიჩნევდნენ და გამოჯანმრთელების შემთხვევაში თავიდან ნათლავდნენ. მართალია, თავად წმ. კვიპრიანე ამ აზრს არ იზიარებს, მაგრამ ისიც ჩანს, რომ მისი შეხედულება სცილდება ეკლესიის იმდროინდელ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც, კლინიკოსები გადაინათლებოდნენ. აბა, სხვა რას უნდა ნიშნავდეს წმიდა მამის მოწოდება მათდამი, ვინც კლინიკოსებს საწოლში მიღებული ნათლობის გამო "არაფრის მიმღებად და არაფრის მქონედ მიიჩნევს, რადგან მათ მხოლოდ გადაესხათ მაცხოვნებელი წყალი და არ აიძულონ თავიდან ნათლობა სნეულებისაგან გათავისუფლებისა და გამოჯანმრთელების შემდეგ", თუ არა იმას, რომ იმდროინდელი ქრისტეანები საწოლს მიჯაჭვულთაგან, მათი გამოჯანმრთელების შემდეგ, თავიდან ნათლობას ითხოვდნენ?!
 
ნეოკესარიის კრება მოწვეულ იქნა წმ. კვიპრიანეს გარდაცვალებიდან (258 წ.) 57 წლის შემდეგ (315 წ.). ამიტომაც, ძალზე საეჭვოა, ნეოკესარიისა (315 წ.) და ლაოდიკიის კრების (364 წ.) მამებს არ ცოდნოდათ ეკლესიის ადრინდელი პრაქტიკა და ის, რომ წმ. კვიპრიანე კართაგენელის დროინდელი ქრისტეანები წყალდასხმულად მონათლულ კლინიკოსებს არაფრის მიმღებებად მიიჩნევდნენ და თავიდან ნათლავდნენ. მით უმეტეს, როგორც ვნახეთ, ხსენებული კრებები არც დასხმით ნათლობას ახსენებენ და არც საწოლს მიჯაჭვულ ავადმყოფებს. რა დასკვნები გამოიტანა აქედან ჩვენმა სოფისტმა "მეცნიერმა" და "გამარჯვების" რა ბუკ-ნაღარა დასცა, უკვე ვნახეთ.
 
 
ბოლოთქმა
 
ამრიგად, ვფიქრობთ მკითხველი თავად განსჯის და იოლად მიხვდება, თუ ვინ უარყოფს ან ამახინჯებს ძველ წყაროებს და სინამდვილეში ვინ ებრძვის მართლმადიდებლობას, გინდ მისი ჭეშმარიტი სამგზის შთაფლვითი ნათლისღების გაუქმებით და მის ნაცვლად წყალპკურებითი "ნათლისღების ჩანაცვლებით, და გინდ ორი თითით პირჯვრისწერის გაუქმებითა და მის ნაცვლად სამთითიანი წყობის ჩანაცვლებით.
 
რაც მთავარია, ბატ. ე. ჭელიძის მიერ სრულიად უგულებელყოფილია ანათემატიზმები შთაფლვითი ნათლისღებისა და ორი თითით პირჯვრისწერის უარმყოფელთა მიმართ:
 
პირჯვრისწერასთან დაკავშირებით: "ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ-იგი ქრისტეცა, შეჩუენება!" (მ. რაფავა. უცნობი ავტორის ანტიმონოფიზიტური ტრაქტატი. საქ. სსრ. მეცნ. აკადემიის მაცნე. ენისა და ლიტერატურის სერია, თბილისი 1975 წ. № 1 გვ. 17-31)).
 
ნათლისღებასთან დაკავშირებით: "ვინცა ვინ არა ნათელ-სცეს სამითა შთაყოფითა სახელსა ზედა მამისა და ძისა და სულისა წმიდისასა, შეჩუენებულ იყავნ!" და ამ ფორმულაში ერთი სიტყვითაც კი არ არის დაცული დასხმით-პკურებითი "ნათლობა" (იქვე).
 
ამ ანათემატიზმების შუქზე "მეცნიერმა" ე. ჭელიძემ სრულად ამხილა საკუთარი ანტიმართლმადიდებლურობა, რადგან, მისივე თქმით: "კონკრეტული ანათემის მოწინააღმდეგე უკვე გაშიშვლებულია და მას ნიღაბი ჩამოსხნილი აქვს" (ე. ჭ. "ანაბაპტისტური შეთქმულება". გვ. 6).
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому