აპოლოგეტიკა - სად არის ნამდვილი შეთქმულება?! 3 - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

სად არის ნამდვილი შეთქმულება?!
 
ანუ
 
კიდევ ერთხელ ნათლისღების შესახებ
 
პასუხი ე. ჭელიძის პუბლიკაციაზე "ანაბაპტისტური შეთქმულება"
საეკლესიო ზარები
შინაარსი:



III. წმ. კვიპრიანე კართაგენელის პასუხი მაგნუსს


________________________________________________________


III

წმ. კვიპრიანე კართაგენელის პასუხი მაგნუსს
 
 
ვფიქრობ, ჩვენი ნაშრომის მკითხველი უკვე ხედავს როგორი "მეცნიერული" მეთოდებით იბრძვის ე. ჭელიძე ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა წინააღმდეგ და როგორ არ აკლებს მცდელობას, მაქსიმალურად დააკნინოს მათი არა მარტო ადამიანური ღირსება, აზროვნება და თვისებები, არამედ ცდილობს, სასაცილოდ და აბუჩად აიგდოს თვით მათ მიერ დამოწმებული წყაროებიცა და არგუმენტებიც, რაც, როგორც უკვე თავიდანვე ვნახეთ (იხ. თავი "სიცრუის ტექნოლოგია"), მეცნიერული ნაშრომისთვის შეუფერებელი და არაკორექტული მეთოდი გახლავთ. ჩვენი სათქმელი თითქმის უკვე გაცხადებულია და დამტკიცებულია ის ფაქტიც, რომ . ჭელიძე არის არაკეთილსინდისიერი მეცნიერი, იდეოლოგი და დემაგოგი.
 
აქვე უნდა აღვნიშნოთ ე. ჭელიძისეული "მეცნიერული" კვლევისა და პოლემიკის კიდევ ერთი არაკორექტული მეთოდი, რაც მისთვის არასასურველი ფაქტების მიჩქმალვასა და წყაროთა დამახინჯებით წარდგენაში მდგომარეობს - ის ამგვარად წარმოჩენილ "ფაქტებს" საკუთარი ინტერპრეტაციებითა და უსაზღვრო ფანტაზიებით ავსებს, ისე "ჭრის და კერავს", როგორც ეს პირადად მას ან მის მხარეს აძლევს ხელს. გვაქვს მაგალითები, რომელთაც წყალპკურებითი "ნათლობის" მომხრეები ძალიან ხშირად იყენებენ ჩვენთან დავაში და ფიქრობენ, რომ ისინი თვალსაჩინოდ წარმოაჩენენ მათი პოზიციის სისწორეს და დასხმით-პკურებითი "ნათლობის" მოწინააღმდეგეთა სიმცდარეს. ამიტომაც, ვერავითარ შემთხვევაში გვერდს ვერ ავუვლით ამგვარი სადავო არგუმენტის ისეთ ნიმუშს, როგორიც არის წმ. კვიპრიანე კართაგენელის საკმაოდ გახმაურებული წერილი ეპისკოპოს მაგნუსისადმი (ზოგიერთი მკვლევრის აზრით, მაგნუსი ეპისკოპოსი იყო).
 
ბ-ნი ე. ჭელიძე თავის წიგნში "სული - ცხოველი" ამ მაგალითის განხილვას 24 გვერდს უთმობს (გვ.: 288-312) და მის დეტალურ ანალიზს გვთავაზობს. ჭელიძის ამ 24-გვერდიანი ტირადის განმეორება უსაშველოდ გაზრდის ჩვენს წერილს, ამიტომაც, ე. ჭელიძის მსჯელობის ქვეტექსტის დაურღვევლად მხოლოდ ზოგიერთი ამონაწერითა და ავტორისეული დასკვნებით შემოვიფარგლებით.
 
თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ე. ჭელიძე გვარიანად აბუქებს წმ. კვიპრიანე კართაგენელის პასუხის მნიშვნელობას და თანაც ამ ტექსტსაც გვარიანად ამახინჯებს. გარდა ამისა, მსჯელობის დროს გზადაგზა, სოფისტიკის გამოყენებით, ახვავებს ტყუილებს და ცდილობს მისთვის სასურველი დასკვნისკენ წარმართოს მკითხველის აზრი.
 
ტყუილები წერია წმ. კვიპრიანე კართაგენელის ხსენებულ პასუხზე მსჯელობის პირველსავე აბზაცში, სადაც ე. ჭელიძე გვეუბნება: ". . კლინიკოსთა დასხმითი ნათლობის მიზანშეწონილობის შესახებ შეკითხვის პასუხად და, აქედან გამომდინარე, ზოგადად დასხმითი სახის ნათლობასთან ანუ ნაკურთხი წყლის დასხმა-დაპკურების ნათლისმცემლობით მადლმოსილებასთან დაკავშირებით, როგორც ცნობილია, III -ის შუა წლებში საბოლოო პასუხი გასცა დიდმა მღვდელმოწამემ წმ. კვიპრიანე კართაგენელმა, რომლის დოგმატური განჩინება აღნიშნულ საკითხზე ეკლესიას არასოდეს გადაუსინჯავს, რადგან კვიპრიანეს პასუხი მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატის ზედმიწევნითი ფორმულირება იყო და არა ამა თუ იმ მოღვაწის კერზო აზრი" ("სული - ცხოველი". გვ. 288).

იმთავითვე უნდა განვიხილოთ რამოდენიმე სიცრუე, რომლებშიც ე. ჭელიძე დაბეჯითებით არწმუნებს თავის მკითხველს.

1. სიცრუე პირველი (ე. ჭ.): "ნაკურთხი წყლის დასხმა-დაპკურების ნათლისმცემლობით მადლმოსილებასთან დაკავშირებით, როგორც ცნობილია, III -ის შუა წლებში საბოლოო პასუხი გასცა დიდმა მღვდელმოწამემ წმ. კვიპრიანე კართაგენელმა".
 
ჩვენი განმარტება: დასხმით-დაპკურებით ნათლობასთან დაკავშირებული პასუხი, რომელიც წმ. კვიპრიანემ გასცა ეპისკოპოს მაგნუსს არ არის საბოლოო.
 

2. სიცრუე მეორე (ე. ჭ.): "რომლის დოგმატური განჩინება აღნიშნულ საკითხზე ეკლესიას არასოდეს გადაუსინჯავს".

 
ჩვენი განმარტება: წმ. კვიპრიანეს მიერ გამოთქმული აზრი კლინიკოსთა დასხმითად მონათვლის შესახებ არ არის დოგმატური განჩინება.
 

3. სიცრუე მესამე: (ე. ჭ.-ის იმავე ფრაზაში): "რომლის დოგმატური განჩინება აღნიშნულ საკითხზე ეკლესიას არასოდეს გადაუსინჯავს".
 
ჩვენი განმარტება: ეკლესიამ არათუ გადასინჯა, არამედ უარყო კიდევაც დასხმითი ნათლობა. მეტიც, ეკლესიას დასხმითი ნათლობა არასოდეს მიუჩნევია ნათლისღების საიდუმლოს ნორმად და ყოველთვის განიხილავდა მას, როგორც საგანგებო ვითარებაში აღსრულებულ აქტს.
 
 
4. სიცრუე მეოთხე (ე. ჭ.): "კვიპრიანეს პასუხი მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატის ზედმიწევნითი ფორმულირება იყო და არა ამა თუ იმ მოღვაწის კერზო აზრი".
 
ჩვენი განმარტება: სინამდვილეში პირიქით არის: კვიპრიანეს პასუხი სწორედ მისი კერძო აზრი გახლავთ და არა ეკლესიის დოგმატის ზედმიწევნითი ფორმულირება და ამაში თვით წმ. კვიპრიანე კართაგენელი დაგვარწმუნებს.
 
ახლა ვნახოთ, როგორი ქვემძრომობით და სოფისტური ლაყბობით ცდილობს ე. ჭელიძე ამ სიცრუეთა დამტკიცებას. ნამდვილად, ეს არის კადნიერების, უსინდისობის, უპასუხისმგებლობისა და ეკლესიის წმიდა საიდუმლოს (ნათლისღების) წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაჩინო ნიმუში.
 
სანამ უშუალოდ წმ. კვიპრიანე კართაგენელის პასუხზე მსჯელობას დაიწყებდეს, ე. ჭელიძე მკითხველს შთააგონებს კიდევ ერთ ტყუილს: "აღვნიშნავთ, -  წერს იგი, - რომ კვიპრიანეს ეს პასუხი განაპირობა იმ გარემოებამაც, რომ ხსენებული მოღვაწის ეპისკოპოსობის ჟამს იფეთქა სქიზმატიკოს- მწვალებელთა ახალმა ტალღამ, რომლებისთვისაც, თანამედროვე გადაშთაფლულთა მსგავსად, არსებითი იყო მოძღვრება "ხელახალი ნათლობის" ანუ რებაპტიზაციის შესახებ. სწორედ დასხმითად მონათლულთა "ხელახალი" ნათლობის საჭიროება-არსაჭიროების გამო დაუსვეს მას კონკრეტული შეკითხვა, რაც თავად ხსენებული მოძღვრის მიერ ამგვარადაა ჩამოყალიბებული" (შემდეგ კი მოჰყავს წმ. კვიპრიანეს პასუხი. იხ. ქვემოთ).
 
თავის ადრინდელ ანტიძველმართლმადიდებლურ ნაშრომში "ეკლესია - სძალი უფლისა" ე. ჭელიძე წერდა: "სრული შთაფლვით ნათლობის ფორმობრივი გამარტივება განაპირობა ყოფითი სინამდვილის გათვალისწინებამ, რაც მრავალ სხვა მომენტთან ერთად გულისხმობდა ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობასაც, მის ფიზიკურ სისუსტესაც. ამიტომ, ისინიც, რომლებსაც ფიზიკურად არ ძალუძდათ შთაფლვითი ნათლობის მიღება, ცხადია, "სხურებით" ინათლებოდნენ. როგორც ჩანს, ძველთაგანვე გაჩნდა დაინტერესება, ითვლებოდა თუ არა ჭეშმარიტად ნათელღებულად ამგვარი პირი. ჯერ კიდევ III - ში "სხურებითი" ნათლობის ჭეშმარიტებაში დაეჭვებულ ყველა ცრუ მართლმადიდებელს დიადი პასუხი გასცა ეკლესიის ურჩეულესმა მამამ, წმიდა მოწამე კვიპრიანე კართაგენელმა (იმარტვილა 258 . 14 სექტემბერს). სხვათაშორის, ეს პასუხი განაპირობა იმ გარემოებამაც, რომ წმ. კვიპრიანეს ეპისკოპოსობის ჟამს იფეთქა სქიზმატიკოსთა ახალმა ტალღამ, რომლებისთვისაც არსებითი იყო მოძღვრება "ხელახალი ნათლობის" ანუ რებაპტიზაციის შესახებ. სწორედ "ხელახალი" ნათლობის უარსაყოფად გამოსცა წმ. კვიპრიანემ შემდეგი რჯულდება" ("ეკლესია - სძალი უფლისა". გვ. 163).
 
როგორც ე. ჭელიძის მთელი მსჯელობიდან ჩანს, წმ. კვიპრიანეს პასუხი გაუცია ორი კატეგორიის ადამიანებისთვის, პირველი: ""სხურებითი" ნათლობის ჭეშმარიტებაში დაეჭვებული ყველა ცრუ მართლმადიდებლისთვის", რომელთა რიგებში უეჭველად უნდა მოვიაზროთ თვით მაგნუსიც, რადგან მასაც ეეჭვება ამგვარი ნათლობის კანონიკურობა და წმ. კვიპრიანე სწორედ მას და მისი მეშვეობით კი ყველა მართლმადიდებელს, განუმარტავს თავის პოზიციას ამ საკითზე, და მეორე: სქიზმატიკოსებისთვის, რომლებისთვისაც არსებითი იყო მოძღვრება "ხელახალი ნათლობის", ანუ რებაპტიზაციის შესახებ".
 
არაფერს ვიტყვით იმაზე, თუ რაოდენ მკრეხელურია, "ცრუ" უწოდო მართლმადიდებელს მხოლოდ იმიტომ, რომ ის დაეჭვებულია დასხმითი ნათლობის კანონიკურობაში, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს დაეჭვება სრულიად ბუნებრივია, რადგან გამოწვეულია ამგვარი ნათლობის არარსებობით ეკლესიაში და მისი არასამოციქულო წარმომავლობით. ამისი დამადასტურებელი მაგალითები ჩვენ უკვე ვნახეთ, როდესაც განვიხილავდით ნათლისღების წარმომავლობას და მისი შესრულების წესს I საუკუნიდან X საუკუნის ჩათვლით. აღვნიშნავთ მხოლოდ იმას, რომ წმ. კვიპრიანეს ეს პასუხი არ ეძლევა სქიზმატიკოს ნოვატიანელებს. არც რომელიმე სხვა სქიზმატურ მიმართულებას, რადგან ასეთი მიმართულება იმხანად არც არსებობდა ეკლესიაში. არამედ, მხოლოდ და მხოლოდ თვით მაგნუსს და იმ მართლმადიდებლებს, რომლებსაც ეეჭვებოდათ დასხმითად აღსრულებული ნათლობის (თუნდაც თავად ნოვატიანუსის ნათლობის) სინამდვილე.
 
ამიტომაც, წმ. კვიპრიანე კართაგენელის პასუხი ეძღვნება მხოლოდ მართლმადიდებლებს (ე. ჭელიძის განსაზღვრებით, ეკლესიის წიაღში მყოფ მაგნუსის მსგავს "ცრუ მართლმადიდებლებს"), რომლებსაც აინტერესებდათ რა აზრისა იყო წმ. კვიპრიანე იმათ შესახებ, რომლებიც ავადმყოფობასა და უძლურებაში შეუდგებიან ღვთის მადლს და "უნდა ჩაითვალონ თუ არა ისინი რჯულიერ ქრისტიანებად იმის გამო, რომ განბანვის ნაცვლად მხოლოდ დაესხათ მათ მაცხოვნებელი წყალი".
 
ე. ჭელიძე იმდენად გაწაფულია დასხმითი "ნათლობის" არმიმღები ძველმართლმადიდებლობის ლანძღვა-გინებაში, რომ არ ერიდება თვით ძველი ქრისტეანის, წმ. კვიპრიანეს თანამედროვის (და, სავარაუდოდ), ეპისკოპოსის ლანძღვასაც, მხოლოდ იმიტომ, რომ ის დაეჭვებულია დასხმითი ნათლობის კანონიკურობაში. თავგასულობა და თავხედობა ამაზე შორს სადღა უნდა წავიდეს?!...
 
რაც შეეხება სქიზმატიკოს-მწვალებლებს, რომლებიც იმხანად გამოჩნდნენ და რომელთა გამოც წმ. კვიპრიანესთვის დაუსვამთ უკვე ცნობილი შეკითხვა, ესენი გახლავან ე. წ. "ნოვატიანელები", რომლებიც, როგორც ცნობილია, თავიდან ნათლავდნენ მათკენ გადასულ მართლმადიდებელთ, როგორც ამას უშუალოდ ვაჩვენებთ ქვემოთ, ნოვატიანელთა შესახებ ჩვენს პასუხში.
 
მაგრამ რაში მდგომარეობს აქ ე. ჭელიძის სიცრუე? - სიცრუე მდგომარეობს იმაში, რომ წმ. კვიპრიანეს პასუხი განპირობებული იყო არა იმით, თუ რას ითხოვდნენ ან ასრულებდნენ სქიზმატიკოს- მწვალებელი ნოვატიანელები (ან სხვა, ვინც გნებავთ იყოს!), არამედ იმით, რომ დასხმითად მონათლულ "კლინიკოსთა" რებაპტიზაციის (გადანათვლის) პრაქტიკა არსებობდა თვით ეკლესიაში. მას მისდევდნენ მართლმადიდებელი მღვდლები და ეპისკოპოსები და არა სქიზმატიკოს-მწვალებლები. სწორედ ამიტომ დაისვა ეს შეკითხვა, რაც გამოჩნდება წმ. კვიპრიანეს პასუხიდან.
 
რაც შეეხება სქიზმატიკოს-ნოვატიანელებს, ისინი მათკენ გადასულებს ნათლავდნენ არა იმიტომ, რომ "კლინიკოსად" ყოფნის დროს მონათლულან დასხმით ან დაპკურებით, არამედ იმიტომ, რომ არ ცნობდნენ მართლმადიდებელთა ნათლობას (არათუ კლინიკოსთა, არამედ შთაფლვით ნათლობასაც კი) და როგორც ქვემოთ თვით ე. ჭელიძისგან განგვემარტება, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ ნოვატუსის ნათლობას, რომელიც თვითონ გახლდათ კლინიკოსი და თვითონვე მოინათლა სარეცელზე დასხმითი წესით.
 
როგორც უკვე ვთქვით, ე. ჭელიძე წმ. კვიპრიანე კართაგენელის პასუხის მისეული ანალიზის საფუძველზე აკეთებს დასკვნას, რომლის მიხედვითაც წმ. კვიპრიანე აღნიშნულის კითხვის პასუხად "... ზოგად რჯულდებას გვაწვდის საკუთრივ დასხმითი ნათლისღების შესახებ..." ("სული - ცხოველი" გვ. 289).
 
წმ. კვიპრიანე კართაგენელის პასუხი ვერანაირად ვერ იქნება "ზოგადი რჯულდება", რადგან ჯერ-ერთი, ასეთი ზოგადი რჯულდება წმ. კვიპრიანემდე არ მიუღია არც ერთ საეკლესიო კრებას, არც ერთ წმიდა მამას, არ არის ის არც მოციქულთა გადმოცემებში, რომლებიც აისახა როგორც წმ. მოციქულთა კანონებში, ასევე "მოციქულთა განწესებებად" ცნობილ ძეგლშიც, სადაც სხურება-პკურება სიტყვითაც კი არ არის ნახსენები. და მეორეც, თავისი მსჯელობა საზოგადო რჯულდებად არ დაუწესებია თვით კვიპრიანესაც კი, რასაც ვხედავთ მისი პასუხიდან.

ახლა გადავიდეთ უშუალოდ წმ. კვიპრიანე კართაგენელის პასუხისა და ე. ჭელიძისეული ინტერპრეტაციების განხილვაზე.

წმ. კვიპრიანე კართაგენელი წერს: "ამასთან, მკითხე, უსაყვარლესო შვილო, თუ რა აზრი მაქვს იმათ შესახებ, რომლებიც ავადმყოფობასა და უძლურებაში შეუდგებიან ღვთის მადლს, უნდა ჩაითვალონ თუ არა ისინი რჯულიერ ქრისტიანებად იმის გამო, რომ განბანვის ნაცვლად მხოლოდ დაესხათ მათ მაცხოვნებელი წყალი?"
 
ე. ჭელიძე განმარტავს: "კვიპრიანე აღნიშნულის კითხვის პასუხად, როგორც აღვნიშნეთ ზოგად რჯულდებას (?) გვაწვდის საკუთრივ დასხმითი ნათლისღების შესახებ და სრულიად არაორაზროვნად განაჩინებს: "ჩვენ, რამდენადაც ამას სწვდება ჩვენი სიგლახაკე, ვფიქრობთ, რომ არანაირად არ შეიძლება სახიჩრდებოდეს და ძალას ჰკარგავდეს ქველმოქმედება ღვთისა ანდა ნაკლებად ხდებოდეს რაიმე იქ, სადაც სავსე და სრული რწმენით შეიწყნარება როგორც მიმცემლის (ნათლისმცემლის - . .), ასევე მიმღების (ნათელღებადის - . .) მიერ ის, რაც საღვთო საბოძვართაგან არის მოსახვეჭი" (იქვე. გვ. 289-290) (ე. ჭელიძე იქვე იმოწმებს წმ. კვიპრიანეს ამ სიტყვების ლათინურ ტექსტს და რუსულ თარგმანს კიევის სასულიერო აკადემიის გამოცემიდან: "Мы, сколько разумеет мерность наша, полагаем, что благодеяния Божии ни в чем не могут быть недостаточны и слабы, и что нельзя получить чего-либо меньше там, где с полною верою, и принимающего и подающего, приемлется то, что черпается из божественных даров") (Творения святаго священномученика Киприана Епископа Карфагенскаго, Часть 1, Письма, Киев, 1891, с. 369-370).
 
მაგრამ, ე. ჭელიძე წმ. კვიპრიანეს პასუხიდან ტოვებს ერთ მეტად მნიშვნელოვან ფრაზას. აი აღებული მონაკვეთის სრული ტექსტი იმავე კიევის სასულიერო აკადემიის გამოცემიდან: "Ты спрашиваешь еще, возлюбленный сын, моего мнения относительно тех, которые получают благодать Божию в болезни и немощи: должно ли их почитать законными христианами, когда они не омыты, но только облиты спасительной водой? В этом отношении скромность и смирение наше ни кого не предупреждает своим мнением, ПРЕДОСТАВЛЯЯ ВСЯКОМУ ДУМАТЬ КАК УГОДНО И ПОСТУПАТЬ КАК ДУМАЕТ. Мы, сколько разумеет мерность наша, полагаем, что благодеяния Божии ни в чем не могут быть недостаточны и слабы, и что нельзя получить чего-либо меньше там, где с полною верою, и принимающего и подающего, приемлется то, что черпается из божественных даров").
 
ასეა თარგმნილი ეს ადგილი მოსკოვის სასულიერო აკადემიის გამოცემაშიც, სადაც ვკითხულობთ: "В этом отношении скромность и смирение наше ни кого не предупреждает своим мнением, ПРЕДОСТАВЛЯЯ ВСЯКОМУ ДУМАТЬ КАК УГОДНО И ПОСТУПАТЬ КАК ДУМАЕТ" (Св. Киприан епископ Карфагенский. Творения. Москва 1999 г. Изд. Паломник. Письмо к Магну о крещении новациан и о получивших крещение в болезни, стр. 646-650).
 
ჩვენ მიერ რუსულ ტექსტში გამოყოფილი ადგილი ქართულად ასე ითარგმნება: "ამ მიმართებით ჩვენი მოკრძალება და მორჩილება არავის აფრთხილებს საკუთარი მოსაზრებით და ყველას აძლევს ნებას იფიქროს ისე, როგორც სურს და იმოქმედოს ისე, როგორც ფიქრობს ("...предоставляя всякому думать как угодно и поступать как думает"). ჩვენ, რამდენადაც სწვდება ამას ჩვენი სიგლახაკე, ვფიქრობთ, რომ არანაირად არ შეიძლება უკმარი იყოს და უძლური ღმრთის სიკეთე, და რომ შეუძლებელია მივიღოთ რაიმე ნაკლები იქ, სადაც როგორც მიმცემის (მღვდლის - არქიეპ. პ.) და მიმღების (ნათელღებადის - არქიეპ. პ.) წმიდა რწმენით, ყველაფერი შეიძლება აღივსოს და აღსრულდეს ღმრთის სიდიადითა და ჭეშმარიტი რწმენით" (რუს. თარგმანში: "Мы, сколько разумеет мерность наша, полагаем, что благодеяния Божии ни в чем не могут быть недостаточны и слабы, и что нельзя получить чего-либо меньше там, где с полною верою, и принимающего и подающего, приемлется то, что черпается из божественных даров". იხ. კიევისა და მოსკოვის სასულიერო აკადემიების დასახ. გამოცემები).
 
სანამ ციტირებას გავაგრძელებდეთ, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ აქ უკვე თვალნათლივ წარმოჩენილია ე. ჭელიძის არაკორექტულობაც, "მეცნიერული" მეთოდოლოგიაც და ცრუპენტელობაც. წმ. კვიპრიანე ამბობს, რომ მისი მოსაზრება (мнение), რომელიც გამოთქმულია "მოკრძალებითა და მორჩილებით" არავის გასაფრთხილებლად არ არის გამოთქმული ("ни кого не предупреждает своим мнением"), რადგან "ყველას აძლევს ნებას იფიქროს ისე, როგორც სურს და იმოქმედოს ისე როგორც ფიქრობს" ("предоставляя всякому думать как угодно и поступать как думает") (იქვე).
 
ახლა დავუბრუნდეთ ზემოთ ნათქვამს, სადაც აღვნიშნავდით, რომ ე. ჭელიძე თავიდანვე ახვევს თავის მკითხველს სიცრუის ბადეში, რადგან არწმუნებს, თითქოსდა წმ. კვიპრიანე კართაგენელმა ეპისკოპოს მაგნუსს "ნაკურთხი წყლის დასხმა-დაპკურების ნათლისმცემლობით მადლმოსილებასთან დაკავშირებით": (1) გასცა "საბოლოო პასუხი" (ე. ჭ. "სული - ცხოველი". გვ. 288), (2) რომ ეს პასუხი იყო "დოგმატური განჩინება" (იქვე), (3) რომ "აღნიშნული საკითხი ეკლესიას არასოდეს გადაუსინჯავს" (იქვე) და ბოლოს (4) თითქოსდა "კვიპრიანეს პასუხი მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატის ზედმიწევნითი ფორმულირება იყო და არა ამა თუ იმ მოღვაწის კერზო აზრი".
 
ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ე. ჭელიძის ამ ყალთბანდობაში დაგვარწმუნებდა თვით წმ. კვიპრიანე კართაგენელი, რომლის სიტყვების ქვეტექსტიდან ამოგლეჯით და საკუთარი მახინჯი ინტერპრეტაციებით ხსენებულ "მეცნიერს" შეცდომაში შეყჰავს მკითხველი.
 
წმ. კვიპრიანე კართაგენელის თუნდაც ზემოთ დამოწმებული ფრაზა ადასტურებს, რომ 1) შეუძლებელია ის იყოს საბოლოო და შეუძლებელია იყოს  დოგმატური განჩინება, დოგმატის ზედმიწევნითი ფორმულირება, რომელიც ეკლესიას არასოდეს გადაუსინჯავს. რატომ? - იმიტომ, რომ წმ. კვიპრიანე სრულიად ცხადად გვეუბნება, რომ გამოთქმული შეხედულება კლინიკოსთა დასხმითად ნათლობის შესახებ არის მისი კერძო აზრი, რომელსაც ის თავს არავის ახვევს და არავის ამით არაფერში აფრთხილებს. მეტიც, ის თავის ადრესატებს ნებას აძლევს "იფიქრონ ისე, როგორც სურთ, და იმოქმედონ ისე, როგორც ფიქრობენ". ხოლო ამგვარი მიდგომა საეკლესიო დოგმატისადმი, რომელიც ე. ჭელიძის შეუვალი რწმუნებით თურმე არის "ეკლესიის დოგმატის ზედმიწევნითი ფორმულირება", სასაცილოა და მწვალებლურიც.
 
დიახ, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს! ე. ჭელიძე თავისი მონაჩმახის (ვგულისხმობთ დასხმითი ნათლობის კანონიკურ რანგში აწევას) გასამართლებლად წმიდა მამას მიაწერს იმას, რაც მას იოტისოდენადაც არ უგულისხმია. მას არ მოუცია უზუსტესი დოგმატური რჯულდება არსებული ეკლესიაში ან კვიპრიანემდე, ან მის დროს, ან კიდევ თუნდაც მის მიერ ჩამოყალიბებული სახით. სხვაგვარად როგორ არის შესაძლებელი, წმიდა მამამ ამგვარ დოგმატზე თქვას: "ჩემი აზრი" არისო? ან თქვას "იფიქრეთ ისე, როგორც გსურთ და იმოქმედეთ ისე, როგორც ფიქრობთო"? განა დოგმატებთან დაკავშირებით ასე მსჯელობდნენ წმიდა მამები? ან თუნდაც წმ. კვიპრიანე კართაგენელი? ამგვარი რამის დაბრალება წმიდა მამისთვის, რომელსაც ე. ჭელიძე უწოდებს "დიდ მღვდელმოწამესა" (ე. ჭ. "სული - ცხოველი", გვ. 288) და "ეკლესიის ურჩეულეს მამას" (ე. ჭ. "ეკლესია - სძალი უფლისა". გვ. 163) არის უკიდურესად მკრეხელური, ხოლო ის, რომ ე. ჭელიძე წმ. კვიპრიანეს სადიდებელი ეპითეტებით ამკობს ("ურჩეულესი მამა", "დიდი მღვდელმოწამე"), ეს არის ე. ჭელიძის თვალის ასახვევი ფარისევლობა და გაღლეტილი ტყუილი, რადგან მას ამგვარი მოწიწებითი მიდგომა ამ წმიდა მამასთან სჭირდება მკითხველის თვალში ნაცრის შესაყრელად და საკუთარი ყალბი სწავლების გასასაღებლად, რომელიც უნდა მიაწეროს ტიტულოვან წმინდანს, რომლის ავტორიტეტის წინაშე ქედს უნდა იხრიდეს ყოველი მართლმადიდებელი.
 
მეტიც, სწორედ ამის გამო არ არის პარადოქსი ის, რომ, ერთი მხრივ, ე. ჭელიძე აქებ - ადიდებს III საუკუნის ამ წმიდა მღვდელმოწამეს, და მეორეს მხრივ ლანძღავს მას და "ამკობს" იმ ეპითეტით, რომელსაც იმეტებს დასხმითი ნათლობის ჭეშმარიტებაში დაეჭვებულთადმი. თავად განსაჯეთ, ე. ჭელიძე წერს, რომ "ჯერ კიდევ III ს-ში "სხურებითი" ნათლობის ჭეშმარიტებაში დაეჭვებულ ყველა ცრუ მართლმადიდებელს დიადი პასუხი გასცა ეკლესიის ურჩეულესმა მამამ, წმიდა მოწამე კიპრიანე კართაგენელმა" და ირწმუნება ამ პასუხის "რჯულმდებლურ" და საყოველთაო "საეკლესიო-დოგმატურ" მნიშვნელობაში. სინამდვილეში კი აღმოჩნდა, რომ თურმე წმ. კვიპრიანეს იმთავითვე გაუფრთხილებია მაგნუსი, რომ არავის ახვევდა თავს საკუთარ შეხედულებას და ყველას ნებას აძლევდა  "ეფიქრათ ისე, როგორც სურდათ, და ემოქმედათ ისე, როგორც ფიქრობდნენ". ეს კი რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ამგვარ ნათლობაში დაეჭვების უფლება მიუცია თვით წმ. კვიპრიანეს. მეტიც, ნებასაც კი აძლევს "იფიქრონ ისე, როგორც სურდათ, და იმოქმედონ ისე, როგორც ფიქრობენ".
 
ამრიგად, ე. ჭელიძის შეფასებით "ცრუ მართლმადიდებელი" გამოდის არა მარტო მაგნუსი ან იმდროინდელი ეკლესიის დიდი ნაწილი, რომელიც არ შეიწყნარებდა დასხმით ნათლობას, არამედ თვით წმ. კვიპრიანეც, რომელიც კლინიკოსთა თავიდან მონათვლას თავისი მკაცრი და მამხილებელი ხმით როდი განსჯის (რომელიც ჩვეული იყო მისთვის თუნდაც ეკლესიაში მწვალებელთა შემოერთების საკითხში), რომელმაც არათუ მკაცრად არ მოითხოვა, არამედ ნებაც კი მისცა ყველას, მოქცეულიყვნენ საკუთარი შეხედულებისამებრ, რაც, ე. ჭელიძის ლოგიკიდან გამომდინარე, ნიშნავს, "ცრუ მართლმადიდებლობას" (რადგან ე. ჭ.-ს აზრით, ეს არის დაეჭვებულობა დასხმითი ნათლობის კანონიკურობაში) მისცე უფლება, "იფიქრონ ისე, როგორც სურთ, და იმოქმედონ ისე, როგორც ფიქრობენ". ანუ, არ მიიღონ წმ. კვიპრიანეს შეხედულება დასხმით ნათლობაზე და თუ ეს ნათლობად არ მიაჩნიათ თავიდან მონათლონ დასხმითად "ნათელ-ღებულები".
 
მაშ, თუ ვინმე იტყოდა წმ. კვიპრიანეს დროს (ან ახლა იტყვის): მე ვფიქრობ, დასხმითი ნათლობა ნათლობა არ არის და ასე მონათლული თავიდან უნდა მოინათლოსო და თავიდან მონათლავდა "კლინიკოსს" ან დასხმითად მონათლულს (ასეც იქცეოდნენ, როგორც ამას ქვემოთ დავინახავთ), არანაირად არ აღმოჩნდება არც ეკლესიის და არც წმიდა მამის მოწინააღმდეგე; ის არც მწვალებელი იქნება, როგორც რაიმე დოგმატის დამრღვევი, რადგან, როგორც უკვე ვთქვით, წმიდა მამას გადმოცემული აქვს მხოლოდ და მხოლოდ მისი კერძო აზრი და არა საკუთარი "დოგმატური განჩინება" ან "ეკლესიის დოგმატის ზედმიწევნითი ფორმულირება" (რაც სავალდებულო უნდა ყოფილიყო ყველასთვის და არც კვიპრიანე აუვლიდა მას გვერდს თავის პასუხში). მაგრამ, წმ. კვიპრიანესგან განსხვავებით, ე. ჭელიძის აზრით ის აუცილებლად იქნება "ცრუ მართლმადიდებელი".
 
გავიხსენოთ ასევე, რას გვიკიჟინებდა ე. ჭელიძე თავისი ახალი წიგნიდან ("სული - ცხოველი". თბ. 2012 წ.): "ხმამაღლა ვამბობთ, რომ საკმარისი იქნება თუნდაც ერთი ნიმუში ეკლესიის უწმიდესი ისტორიიდან მსოფლიო კრებათა ჩათვლით (I-VIII), მეტიც, მთელი იმ თექვსმეტსაუკუნოვანი ეპოქიდან, რაც წინ უძღვის ე. წ. "სტაროვერობას" (I-XVI სს.), - დიახ, თუნდაც ერთი უეჭველი ნიმუში იმისა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში დასხმითად მონათლულთა მრავალრიცხოვანი კრებულიდან რომელიმე მათგანი შემდეგ ამავე მართლმადიდებელ ეკლესიაში შთაფლვითად გადანათლულიყოს" (ე. ჭ. "სული ცხოველი". თბ. 2012. გვ. 112-113).
 
საკმარისი რისთვის? - იმისთვის, რომ ხმა გაკმინდოს სიცრუის მნთხეველმა ე. ჭელიძემ!
 
წმ. კვიპრიანეს პასუხი მაგნუსისადმი არის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ არც იმდროინდელ ქრისტეანებს და არც თვით წმ. კვიპრიანეს არაფერი სმენოდათ "დიდაქეში" მოცემულ დასხმითი ნათლობის ნებართვაზე, არც მოციქულთა გადმოცემებიდან და ეკლესიის დადგენილებებიდან სმენოდათ რამე ამის შესახებ და ნათლობას ყოველთვის აღასრულებდნენ შთაფლვით, ხოლო კლინიკოსთა შემთხვევაში, როდესაც სარეცელს მიჯაჭვულს დასხმითად მონათლავდნენ (სხვათა შორის ამ კლინიკოსებსაც დიდი რაოდენობის წყალს ასხამდნენ), როგორც არასრულად მონათლულს ან საერთოდ მოუნათლავს თავიდან ნათელს-სცემდნენ... სხვა დასკვნის გაკეთება, უბრალოდ, შეუძლებელია იმ სიტყვებიდან, რომელსაც უკვე გავეცანით და ქვემოთაც გავეცნობით.

ამრიგად, ე. ჭელიძის სიტყვების პერიფრაზირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ჯერ კიდევ III ს-ში "სხურებითი" ნათლობის ჭეშმარიტებაში დაეჭვებულ ყველა არა ცრუ, არამედ ჭეშმარიტი მართლმადიდებლისთვის დიადი პასუხი გასცა ეკლესიის ურჩეულესმა მამამ, წმიდა მოწამე კვიპრიანე კართაგენელმა, რომელიც, საკუთარ აზრს არავის ახვევს, არავის არაფერში აფრთხილებს ამ საკითხთან დაკავშირებით და მეტიც, ნებასაც კი აძლევს "იფიქრონ ისე, როგორც სურთ, და იმოქმედონ ისე, როგორც ფიქრობენ".
 
მაგრამ ამაზე როდი ჩერდება ე. ჭელიძის მზაკვრული ჩანაფიქრი. მივყვეთ მის მსჯელობას. ე. ჭელიძე განაგრძობს: "მოძღვარი იქვე გვაწვდის წინამდებარე დებულების განმარტებასაც ცხადად წარმოაჩენს რა იმ პირთა მატერიალისტური "სარწმუნოების" სრულ უსაფუძვლობას, რომლებიც ნივთიერების რაოდენობას უქვემდებარებენ ნათლისღების ღმრთივგანმწმენდელობით ძალმოსილებას, ისე თითქოს ამ საიდუმლოს აღსრულების ჟამს ფიზიკური ჭუჭყის ჩამობანანს ჰქონდეს ადგილი" ("სული - ცხოველი". გვ. 290).
 
აქ ე. ჭელიძე მიმართავს მორიგ მზაკვრობას. მას აქცენტი გადააქვს სანათლავი ნივთიერების, ანუ წყლის რაოდენობაზე და ირწმუნება, თითქოსდა წმიდა მამა მაგნუსისადმი პასუხში "წარმოაჩენს იმ პირთა მატერიალისტური "სარწმუნოების" სრულ უსაფუძვლობას, რომლებიც ნივთიერების რაოდენობას უქვემდებარებენ ნათლისღების ღმრთივგანმწმენდელობით ძალმოსილებას". მაგნუსის კითხვიდან, რომელსაც ვეცნობით წმიდა მამის მიერ გაკეთებულ ციტირებაში, არანაირად არ ჩანს ის დაინტრესებულიყოს ნივთიერების რაოდენობის მნიშვნელობით ნათლისღების საიდუმლოში. მაგნუსს აინტერესებს შეიძლება თუ არა დასხმითად მონათლული ჩაითვალოს ნათელღებულად ("უნდა ჩაითვალონ თუ არა ისინი რჯულიერ ქრისტიანებად იმის გამო, რომ განბანვის ნაცვლად მხოლოდ დაესხათ მათ მაცხოვნებელი წყალი?").
 
სხვათა შორის აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ ტერმინს "განბანვა", რომელიც დაპირისპირებულია ტერმინს "დაესხათ", საიდანაც მკაფიოდ ჩანს, რომ "განბანვა" გათანაბრებულია შთაფლვით ნათლობასთან და არის მისი შესატყვისი ტერმინი, შთაფლვითი ნათლობის აღმნიშვნელი სიტყვა. ამას ვამბობთ იმიტომ, რომ თავის "ნაშრომში" ("სული - ცხოველი") ე. ჭელიძე იესუ ქრისტეს იორდანეში განბანვას წარმოგვიჩენს, როგორც კოჭებამდე წყალში შესვლას და ამგვარ მდგომარეობაში თავის დახრით და წყლის ზედდასხმით ნათლობას. ამის შესახებ ჩვენ დეტალურად უკვე ვილაპარაკეთ, მაგრამ აქ, ამ კონკრეტულ ადგილას, კიდევ ერთხელ მკაფიოდ წარმოჩინდება, რომ ტერმინი "განბანვა" ნიშნავს შთაფლვას და არა ფეხების დაბანვას, ან კოჭებამდე წყალში შესვლას... ე. ჭელიძის არათანმიმდევრულობა აქ კიდევ ერთხელ მკაფიოდ იჩენს თავს და გვარწმუნებს იმაში, რომ ეს ინდივიდი ან არაადეკვატურია, ან კიდევ ასეთად მიაჩნია თავისი ეკლესიის მრევლი, რომელსაც ნებისმიერ სისულელეს მოახვევს თავს.
 
მაგრამ, მოდი, კვლავ განსახილველ საკითხს დავუბრუნდეთ. მოკლედ, ე. ჭელიძეს აქცენტი გადააქვს სანათლავი ნივთიერების, ანუ წყლის რაოდენობაზე და ირწმუნება, თითქოსდა წმიდა მამის პასუხი სწორედ ამგვარ "მატერიალისტური" სარწმუნოების მქონე პირებს" აცამტვერებს. ესეც მორიგი სიცრუეა, რადგან, მართალია, წმ. კვიპრიანე ამბობს, უძლურებაში მყოფთაც მიეცემაო საღმრთო მადლი, მაგრამ აქ ხაზია გასმული სწორედ იმაზე, რომ ადამიანის რწმენას შეუძლია, ღმრთის მადლის გარდამოწვევა; და ეს არის გამონაკლის, იშვიათ ან რთულ ვითარებებში შესრულებადი საიდუმლოებების განმარტება და არა ეკლესიის ჩვეულებრივი ნორმატიული აქტი, რადგან წმ. კვიპრიანე ამბობს: "სადაც არის სავსე და სრული რწმენა როგორც მიმცემელისა (ნათლისმცემელისა, - ე.ჭ.), ასევე მიმღებელისა (მოსანათლისა, - ე.ჭ.), შეუძლებელია, რომ იქ რაიმეთი ნაკლები ზემოქმედება (სიტყვ. "შეხებადობა") ჰქონდეს საღვთო ნიჭთა გადმოდინებას" ("ეკლესია - სძალი უფლისა". გვ. 163-164). ამასვე ადასტურებს წმ. კვიპრიანეს მომდევნო მსჯელობა, სადაც  წმ. კვიპრიანე კართაგენელი ბრძანებს: "... ცხოვნების საიდუმლოში შეცოდებათა ლაქები იმგვარად როდი განიბანება, როგორც ხორციელ და საზოგადოებრივ აბანოში - კანისა და სხეულის ჭუჭყი, ისე თითქოს საჭირო იყოს გვარჯილა და სხვა რამ დამხმარე საშუალებები, ანთუ აბაზანა და წყალსატევი, რომლებითაც შესაძლებელია ტანის დაბანა და გასუფთავება. სხვაგვარად განიბანება მორწმუნის გული, სხვაგვარად განიწმინდება, რწმენის ღირსებით, ადამიანის გონება. მაცხოვნებელ საიდუმლოებებში, საჭიროების მოთხოვნისამებრ და ღვთის მიერ თავისი გულმოწყალების განვრცობის კვალობაზე, ყოველივეს უბოძებს მორწმუნეებს საღვთო შემოკლებანი" ("სული - ცხოველი". გვ. 290).
 
ცხადია, როდესაც წმ. მამა განმარტავს, რომ "ცხოვნების საიდუმლოში შეცოდებათა ლაქები იმგვარად როდი განიბანება, როგორც ხორციელ და საზოგადოებრივ აბანოში - კანისა და სხეულის ჭუჭყი, ისე თითქოს საჭირო იყოს გვარჯილა და სხვა რამ დამხმარე საშუალებები, ანთუ აბაზანა და წყალსატევი, რომლებითაც შესაძლებელია ტანის დაბანა და გასუფთავება", იმაზე კი არ მინიშნებას, რომ პასუხს აძლევენ "მატერიალისტური" რწმენის მქონე ადამიანებს, რადგან შეუძლებელია იმის წარმოდგენა, III საუკუნის ქრისტეანებს, მათ შორის ეპისკოპოსს, როგორიც იყო მაგნუსი, არა სცოდნოდათ, ნათლისღების საიდუმლო ხორციელი ჭუჭყის ჩამომბანი კი არა, სულის მწიკვლისგან ადამიანის განმწმენდი საიდუმლო რომ არის.  უბრალოდ, წმიდა მამა განუმარტავს შემკითხველთ მადლის მნიშვნელობას ნათლისღების საიდუმლოში და განმარტავს, რომ, თუ არის ადამიანის რწმენა და ღვთის ნება, ღმერთს ყოველივეს აღსრულება ძალუძს და მისი გულმოწყალება ყოველივეს უბოძებსო მორწმუნეებს შემოკლებულად შესრულებულ საიდუმლოშიც. მაგრამ ეს მაშინ, როდესაც საიდუმლოს ასეთი შემოკლება გამოწვეულია "საჭიროების მოთხოვნისამებრ".
 
ჩვენ მიერ ნახსენები ორივე რუსული სასულიერო აკადემიის (კიევისა და მოსკოვის) თარგმანებში გვაქვს ფრაზა: "В спасительных таинствах, в случае крайней необходимости по щедроте Божией, и в сокращении даруется от Господа верующим все" ("უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში" ღმრთის გულმოწყალებით ადამიანს ღმრთისგან შემოკლებითაც შეიძლება მიეცეს ყოველივე").
 
ე. ჭელიძე თავისი წიგნის "სული - ცხოველი" 296-ე გვერდზე სქოლიოში შენიშნავს, რომ "რუსულ თარგმანში მოცემულ ადგილას მთარგმნელისგან ჩამატებულია სიტყვა крайней ("в случае крайней необходимости"), რაც არ არისო ორიგინალში (შდრ. necessitate ცოგენტე).
 
ლათინური სიტყვა necessitate ნიშნავს "აუცილებლობას" (აუცილებლობისგან გამომდინარე, ძალაუნებურად, უნებლიეთ; necessitati servire - დაემორჩილო აუცილებლობას, გარდაუვალობას, საჭიროებას -  необходимости). აი, ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობა:
 

1) აუცილებლობა (necessitate - აუცილებლობით, უნებლიეთ; necessitati servire - დაემორჩილო აუცილებლობას);
 
2) გარდაუვალობა, ბედი; (აუცილებლობა, გარდაუვალი (ბუნებრივი) შედეგი; აუცილებლობის ძალით);
 
4) აუცილებლობა, საჭიროება;
 
5) გარემოების ძალა, გარემოებათა დამთხვევა, უკიდურესობა;
 
6) საჭიროება, მოთხოვნილება, პირადი ინტერესი (ad necessitatem - საჭიროების მიხედვით);
 
7) სახელმწიფო და საზოგადოებრივი საჭიროება, მოთხოვნილება, აუცილებელი დანახარჯები;
 
8) სავალდებულო ძალა, მჭიდრო კავშირი (ნათესაური, მეგობრული).
 

იხ. ამონაწერი დიდი რუსულ-ლათინური ლექსიკონიდან: necessitas, atis f 1) необходимость (necessitate по необходимости, поневоле; necessitati servire покориться необходимости); 2) неизбежность, неизменность, судьба; 3) необходимость, неизбежное (естественное) следствие (necessitate в силу необходимости); 4) необходимость, нужда; 5) сила обстоятельств, стечение обстоятельств, крайность; 6) pl. нужды, потребности, личные интересы, личные виды (ad necessitatem по мере надобности); 7) государственные, общественные нужды, потребности, необходимые издержки; 8) обязательная сила, тесная связь (родство, дружба) (Большой латинско-русский словарь. სიტყვა necessitas.
 
წყარო: http://linguaeterna.com/vocabula/list.php?letter=N // ან კიდევ:  http://www.вокабула.рф/словари/большой-латинско-русский-словарь/necessitas. (URL-ს მიმართვის თარიღი: 07.08.2020).
 
ამრიგად, წმ. კვიპრიანეს ტექსტში გვაქვს მითითება, რომ "უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში", თუ ადამიანს აქვს რწმენა და ამ რწმენით მიმართავს ღმერთს სულის სახსნელად, "ღმრთის გულმოწყალებით შემოკლებითაც შეიძლება მიეცეს ყოველივე". თანაც, ეს წმიდა მამის კერძო აზრია და არა საყოველთაოდ ჩამოყალიბებული დოგმატური განწესება, რომელიც ეკლესიის ნორმად უნდა იქცეს. წმ. კვიპრიანეს მსგავსი არაფერი უქადაგია და არც დაუწესებია. (1)
 
---------------
 
1. სხვათა შორის ტერმინი, "უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში" წმ. კვიპრიანეს (რუსული თარგმანების მიხედვით) გამოყენებული აქვს ორჯერ. მეორედ ის ასე ბრძანებს: "... так и духи злобы, называемые скорпионами и змеями, и однако по данной от Бога власти попираемые нами, не могут долее пребывать в теле человека, в котором, по крещении и освящении его, начинает обитать Дух Святой. Это наконец мы испытываем и на самом деле: те, кои, в случае крайней необходимости, крещены и получили благодать в болезни, освобождаются от нечистого духа..." (იქვე). ქართულად: "... ასევე ბოროტების სულნი, რომელთაც ვუწოდებთ გველთა და მორიელთ და, რომლებიც იქელებიან ღმრთისგან ჩვენდამი ბოძებული მადლით, ვეღარ არიან შემძლებელნი დარჩნენ ადამიანის სხეულში, რომელშიც, ნათლისღებისა და განწმენდის შემდეგ ისადგურებს სულიწმიდა. სწორედ ამას განვიცდით ჩვენ თვით საქმით: ისინი, ვინც უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მონათლულან და სნეულებაში ყოფნისას მიუღიათ მადლი, თავისუფლდებიან უწმინდურ სულთაგან...").
 
---------------

ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ლათინურ ორიგინალში შეიძლება არ იყოს სიტყვა "უკიდურესი", ამ შინაარსს სიტყვა necessitas მაინც შეიცავს, რამეთუ აღნიშნავს გარემოებათა დამთხვევას, უკიდურესობას, უკიდურეს გარემოებას. ამიტომაც, არანაირი საფუძველი არ გვაქვს, არ ვენდოთ ორი სასულიერო აკადემიის (კიევისა და მოსკოვის) თარგმანებს, რომლებიც ლათინურ სიტყვა necessitas-ს თარგმნიან "უკიდურეს აუცილებლობად" (ტექსტში: "უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში" - რუს.: в случае крайней необходимости) და ვენდოთ ე. ჭელიძეს, რომელიც, როგორც აქამომდე უკვე ვნახეთ, ყოველ ფეხის ნაბიჯზე იტყუება.
 
მით უმეტეს, არ გვაქვს ე. ჭელიძისადმი ნდობის უფლება მას შემდეგ, რაც თუნდაც ტერმინ "ბაპტიზმას" ე. ჭელიძისეული ინტერპრეტაციები და სიყალბეები ვნახეთ, როდესაც ამ ტერმინის "განმარტებაში" თვით ბერძნებსაც კი ეპაექრება და ლამის საკუთარი ენის არცოდნაში ადანაშაულებს (ცხადია, ქვეტექსტურად). მაშ, რატომ უნდა ვენდოთ მას ლათინური სიტყვის თარგმანში, რომელიც ასევე შეიცავს მრავალ მნიშვნელობას და შეიძლება ისეც ითარგმნოს, როგორც ამას რუსი მეცნიერები თარგმნიან?! ცხადია, ამგვარი თარგმანის უგულებელყოფა და ე. ჭელიძის, ამ საყოველთაოდ გამომზეურებული ცრუპენტელასადმი მინდობა იქნებოდა უკიდურესი უგუნურება. ხოლო იმაში, რომ ე. ჭელიძე ცრუპენტელა და მატყუარაა, ზემოთ ბევრჯერ დავრწმუნდით და ქვემოთ კიდევ არაერთხელ დავრწმუნდებით.
 
მაგრამ, რატომ იბრძვის ე. ჭელიძე საკითხის ამგვარი კუთხით წარმოჩენის წინააღმდეგ? - იმიტომ, რომ მაშინ საფუძველი ეცლება მის ძირითად იდეას, გამოაცხადოს დასხმითი ნათლობა ეკლესიის საყოველთაო წესად, დოგმატად, რომელსაც წმიდა მამა თურმე "მატერიალისტური "სარწმუნოების"" მქონე პირთა სრული უსაფუძვლობის სამხილებლად აყალიბებს.
 
მაგრამ ლათინური ტექსტის აკადემიური თარგმანებიდან ჩანს, რომ შეუძლებელია ეკლესიის დოგმატი და საყოველთაო წესი იყოს ჩვეულება, რომელზეც წმიდა მამა საკუთარ, კერძო "მოსაზრებას" გვთავაზობს ("... ჩვენი მოკრძალება და მორჩილება არავის აფრთხილებს საკუთარი მოსაზრებით..." რუს.: "скромность и смирение наше ни кого не предупреждает своим мнением..."), და თითქოსდა მობოდიშებითაც გვეუბნება არავის არ ვაფრთხილებ ამ ჩემი აზრითო და არც ვინმეს თავს ვახვევო, ბოლოს იმასაც კი ამბობს, ვისაც როგორც გნებავთ ისე მოიქეცითო ("ყველას აძლევს ნებას იფიქროს ისე, როგორც სურს და იმოქმედოს ისე როგორც ფიქრობს". რუს. თარგმ.: "...предоставляя всякому думать как угодно и поступать как думает").
 
ბოლოს და ბოლოს, რუსულ თარგმანში ჩართული სიტყვა крайний ("… в случае крайней необходимости…") ზედმეტიც რომ იყოს და არ შეესაბამებოდეს ლათინურის ტექსტს, თვით ე. ჭელიძის მიერ შემოთავაზებული თარგმანიც კი ("საჭიროების მოთხოვნისამებრ") იმასვე ადასტურებს, რაზეც მის მიერ დაწუნებული რუსული აკადემიური თარგმანები მეტყველებენ. რადგან, რას ნიშნავს გამოთქმა "საჭიროების მოთხოვნისამებრ" თუ არა იშვიათ, განსაკუთრებულ შემთხვევას, რის გამოც დგება მისი შემოკლების ან სხვაგვარად შესრულების "საჭიროება". თვით ტერმინი "საჭიროების მოთხოვნისამებრ" გვიჩვენებს, რომ აქ წმიდა მამას ნაგულისხმევი აქვს არა ეკლესიის საყოველთაო, დამკვიდრებული და დოგმატურად ჩამოყალიბებული წესი, რადგან ასეთ შემთხვევაში სრულიად ზედმეტია მასზე ითქვას, რომ ის სრულდება "საჭიროების მოთხოვნისამებრ", არამედ ისეთ შემთხვევაზე, რომელიც იშვიათია, საგანგებო ვითარებაში აღესრულება და მოთხოვნისამებრ საჭიროა მისი სხვაგვარად აღსრულება.
 
ამგვარ აზრს ე. ჭელიძე ასე ებრძვის: "პირველი ხაზგასმა ("საჭიროების მოთხოვნისამებრ") დიდად ეიმედებათ გადაშთაფლულებს, თუმცა მათი ამგვარი მოიმედეობა სრულიად უნაყოფოა, რადგან მოცემულ ადგილას სახეზეა მრავლობითი რიცხვი ("მაცხოვნებელ საიდუმლოებებში".  In sacramentis salutaribus; In the sacraments of salvation; В спасительных таинствах"), რაც ცხადყოფს, რომ მოძღვრის მსჯელობა ამ შემთხვევაში ეხება არა მხოლოდ ნათლისღებას, არამედ ზოგადად მაცხოვნებელ საეკლესიო საიდუმლოებებს, რომელთაგან ყველაზე აღმატებულია ზიარება ანუ ევქარისტია და, რა თქმა უნდა, მოძღვარიც პირველ რიგში მას გულისხმობს. შესაბამისად, სავსებით აშკარაა, რომ მოცემულ კონტექსტში გამოთქმა "საჭიროების მოთხოვნისამებრ" იმდენადვე განეკუთვნება მაცხოვნებელ ნათლისღებას, რამდენადაც მაცხოვნებელ ზიარებას, ხოლო ზიარებასთან დაკავშირებით, როგორც უკვე აღვნიშნავდით, სწორედ საჭიროების მოთხოვნისამებრ ანუ საკუთრივ "სიმოკლისთვის" ირჩია მრევლმა და პრაქტიკაშიც დააკანონა იოანე ოქროპირის ლიტურგია (თავდაპირველი იაკობისეული ვრცელი ლიტურგიის სანაცვლოდ), რის ანალოგადაც უადრეს პერიოდში (და კონკრეტულად კიპრიანეს დროს) ცნობილი იყო მოკლე ლიტურგია პეტრე მოციქულისა. აი, ამაზე ხდება მოცემულ შემთხვევაში საგანგებო ხაზგასმა წმ. კვიპრიანეს მხრიდან, როდესაც იგი იყენებს გამოთქმას "საღვთო შემოკლებანი" ("სული - ცხოველი". გვ. 296). ე. ჭელიძე აქაც აკეთებს სქოლიოში თავის შენიშვნას, სადაც კვლავ იწუნებს შესაბამისი ადგილის რუსულ თარგმანს, მაგრამ ამჯერად ამ საგანზე არ შევჩერდებით ორი მიზეზის გამო: პირველი, ცნობილია ე. ჭელიძის მიკერძოებულობა და არაობიექტურობა იმ თარგმანებთან დაკავშირებით, რომლებიც მის იდეებს ეწინააღმდეგებიან, და მეორე, - ამ შემთხვევაში ამ საკითხს ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. დავტოვოთ ეს წმიდად მთარგმნელობით თავისებურებად, რომელიც არა მარტო რუსებს, არამედ ცნობილ ქართველ მთარგმნელებსაც (მაგ. ეფვთვიმე მთაწმინდელს, ეფრემ მცირეს, გიორგი მთაწმინდელს) ახასიათებდათ. ეფრემ მცირეს ისე უთარგმნია წმ. გრიგოლ ნოსელის "კატეხიზმო", რომ დედანში ან რუსულ თარგმანში თუ გაეცნობით ამ თხზულებას, შესაძლოა საერთოდ ვერც კი იცნოთ და ეფრემის კერძო თხზულებად მიიჩნიოთ. შეად., მაგალითად, ე. კოჭლამაზაშვილი. წმ. გრიგოლ ნოსელის "დიდი კატექეტური სიტყვის" ძველი ქართული თარგმანი. Qრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი. 1/2008. გვ. 17-18, 48, 65, 69 და სხვა).
 
სანამ წმ. კვიპრიანე კართაგენელის ციტირებას განვაგრძობდეთ და ე. ჭელიძის მორიგ თაღლითობებს განვიხილავდეთ, არ შეგვიძლია ორიოდ სიტყვით მაინც არ შევეხოთ ოპონენტის მიერ აქ "დაგდებულ" არგუმენტაციას.

გაუგებარია რატომ არის გამოთქმა "საჭიროების მოთხოვნისამებრ", რომელიც "დიდად ეიმედებათ გადაშთაფლულებს", სრულიად უნაყოფო? რას გულისხმობს ე. ჭელიძე? რა გვეიმედება ჩვენ ამ გამონათქვამში და რატომ არის ის ე. ჭელიძის აზრით "უნაყოფო"?
 
ე. ჭელიძემ, როგორც ჩანს მოისაზრა, რომ წმ. კვიპრიანეს გამონათქვამი "საჭიროების მოთხოვნისამებრ", იშვიათ, საჭიროების შემთხვევაში აღსასრულებელ წესად წარმოაჩენს დასხმით ნათლობას, ამიტომაც, შეგვეძლო თავისუფლად გვეთქვა (და ასეც ვამბობთ), რომ ამგვარი რამ, რასაც წმ. მამა დასხმით ნათლობაზე ბრძანებს, ხდება მხოლოდ საგანგებო შემთხვევებში, ანუ "საჭიროების მოთხოვნისამებრ" და არა ყოველთვის, როგორც ნორმა, როგორც ჩვეულებრივი საეკლესიო საიდუმლო. ამიტომაც, ე. ჭელიძე ჩაგვაგონებგს, წმიდა მამამ გამოიყენაო მრავლობითი რიცხვი, რითაც მარტო ნათლობაზე კი არა, ყველა დანარჩენ საიდუმლოზე მიუთითაო... დანარჩენ საიდუმლოთაგან კი აირჩია უმთავრესი -  ევქარისტიის საიდუმლო.
 
მაგრამ ე. ჭელიძის არც ამ ხრიკს უწერია დღეგრძელობა. დავიწყოთ იმით, რომ წმ. კვიპრიანე მართლაც ყველა საიდუმლოსთან დაკავშირებით ამბობს, რომ "საჭიროების დროს", "უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში", თუ ადამიანს აქვს რწმენა და ამ რწმენით მიმართავს ღმერთს სულის საცხოვნებლად, "ღმრთის გულმოწყალებით შემოკლებითაც შეიძლება მიეცეს ყოველივე". მაგრამ წმ. კვიპრიანე არ ასახელებს სხვა საიდუმლოებებთან მიმართებაში რა "საღვთო შემოკლებებთან" შეიძლება გვქონდეს საქმე. მაგალითად, რას შეიძლება გულისხმობდეს "საღვთო შემოკლება" ზიარების, მირონცხების, სინანულის, ხელთდასხმის, ჯვრისწერის და ზეთისცხების საიდუმლოებებში... არის ეს ამ საიდუმლოებებში წეს-განგებით დაწესებული ლოცვების და მღვდელმოქმედებების შემოკლება თუ თვით საიდუმლოს არსის ცვალებადობა?
 
მოდი მცირედით შევჩერდეთ ამ საკითხზე.
 
 
***
 
 
რა არის საიდუმლო? რა არის მასში უმთავრესი? რისი შეცვლა შეიძლება საიდუმლოში და რისი არა? (ან დროთა განმავლობაში რა იცვლებოდა საიდუმლოში და რა არა?).
 
ნესტორ ყუბანეიშვილის სახელმძღვანელოში მართლმადიდებლური ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად, რომელიც ოფიციალურმა "მართლმადიდებელმა" ეკლესიამ 1990 წელს  ხელახლა გამოსცა, ნათქვამია: "საიდუმლო არის თვით იესო ქრისტესგან დაწესებული საღმრთო მოქმედება, რომლითაც მოქმედებს მორწმუნეზე მადლი და ძალი ღვთისა.
 
ამ რიგად საიდუმლოში გაირჩევა: 1) საღმრთო დაწესება;  2) ხილული მოქმედება; 3) უხილავი მოქმედება ღვთის მადლისა.

ღმერთი არის ერთი წყარო და მომცემი მადლისა, ამიტომ არავის სხვას, გარდა ღვთისა, არ შეეძლო დაწესება საიდუმლოებისა, რომელშიც კაცს ენიჭება მადლი" (გვ. 62).
 
როდის არის საიდუმლო ნამდვილი? - ამის პასუხად ხსენებულ "კატეხიზმოში" ვკითხულობთ: "მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლით, საიდუმლო ნამდვილია და მადლი ღვთისა უეჭველად გადმოდის კაცზე მაშინ, როდესაც შესრულებულია წესიერად, სწორად. სწორი და წესიერი შესრულება საიდუმლოსი ის არის, რომ შესრულების დროს დაცულ იქმნას ყოველივე მოთხოვნა აღმასრულებელისა და თვით აღსრულების შესახებ.

საიდუმლოს აღმსრულებლად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონიერად არჩეული და კანონიერად ხელ- დასხმული მღვდელმთავარი და მღვდელი.
 
საიდუმლოს აღსრულების დროს უნდა დაცულ იქნას და აღსრულებულ ის, რაც არის ამ საიდუმლოში უცვალებელი, ღვთისაგან მოცემული კუთვნილება.
 
თითოეული საიდუმლოს შესრულების დროს უნდა იხმარებოდეს ის ნივთიერება, რომელიც ბრძანა თვით საიდუმლოს დამწესებელმა (მაგ. ნათლის-ღებისთვის - წყალი, მირონ-ცხებისთვის - მირონი, ზიარებისთვის - პური და ღვინო და სხვა) და განსაზღვრული ხილული ნიშანი (მაგ. ნათლის-ღებაში სამ-გზის წყალში შთაფლვა და სხვა).
 
საიდუმლოს სინამდვილისთვის საჭიროა კიდევ "მოწვევა სულისა წმიდისა და ცნობილი ფორმა სიტყვათა, რომლებითაც მღვდელი განსწმენდს საიდუმლოს ძალითა სულისა წმიდისა". მოწვევა სულისა წმიდისა და წარმოთქმა დაწესებულ სიტყვათა აძლევს გარეგან მოქმედებას საიდუმლოს შესრულების დროს -  საიდუმლო-მადლიან მნიშვნელობას" (იქვე. გვ. 63).

ამრიგად, ძალზე მარტივად და გასაგებად ნათქვამია, თუ რა არის უცვალებელი საიდუმლოში, რომელიც თვით უფალს დაუწესებია და მოციქულთა და მისი მემკვიდრეების მიერ დღემდე უცვალებლად გადმოგვეცა. ეს არის - ღვთისგან მოცემული კუთვნილება.
 
საიდუმლოს ღვთისგან მოცემულ კუთვნილებაში კი, როგორც ხსენებული კატეხიზმოს ავტორ- გამომცემლები ბრძანებენ, იგულისხმება საიდუმლოს აღსრულების ფორმა, ნივთიერება და წარმოსათქმელი ფორმულა, რომლითაც მღვდელმსახური გარდამოიწვევს სულიწმიდას შესასრულებელ საიდუმლოზე, რომელიც ანიჭებს მას "საიდუმლო-მადლიან მნიშვნელობას".
 
ახლა ვნახოთ, რა არის ნათქვამი ამავე კატეხიზმოში ნათლისღების საიდუმლოზე: "ნათლისღება არის საიდუმლო, რომელშიც მორწმუნე სხეულის წყალში სამგზის შთაფვლითა და მოწოდებით ღვთისა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, განიწმიდება ცოდვისაგან და მეორედ იშვება ახალ სულიერ ცხოვრებისთვის" (სახელმძღვანელო მართლმადიდებლური ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად. თბილისი. 1990 წ., გვ. 63).
 
იქვე ნათქვამია, რომ ნათლობის საიდუმლო შედგება ხილული და უხილავი მხარისგან: "ნათლობის ხილულ მხარეს ეკუთვნის: 1) მასალა საიდუმლოსათვის - წყალი; 2) შთაფვლა წყალში სამგზის და 3. სიტყვები: "ნათელს იღებს მონა ღვთისა სახელითა მამისათა ამინ, და ძისათა ამინ, და სულისა წმიდისათა ამინ".
 
ხოლო ნათლისღების უხილავი მოქმედება "განამართლებს და განწმენდს მორწმუნეს, როგორც პირველქმნილ, ისე პირად, საკუთარ ცოდვებისგან, რომელიც უქმნია ნათლისღებამდე" (იქვე. გვ.63- 65).
 
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ კატეხიზმოს თანამედროვე გამომცემლებმა სქოლიოში დაუმატეს შენიშვნა, რომლის თანახმადაც "...თუ საჭიროება მოითხოვს, მაგ. თუ ბავშვი ძალიან ავადაა, შეიძლება ეს საიდუმლო შეასრულოს ერის კაცმაც და ქალმაც; ამასთან ერის კაცმა უნდა მხოლო შთაფლას ბავშვი წყალში, ან ასხუროს წყლით და სთქვას: "ნათელს იღებს მონა ღვთისა (სახელი ) სახელითა მამისათა..." და სხვა" (იქვე, გვ. 64).
 
გარდა იმისა, რომ ახალმოწესეთა გაბატონებული ეკლესია თავისი ამგვარი განმარტებით (ვგულისხმობთ წყალპკურების მიჩნევას ნათლობად) სრულიად ეწინააღმდეგება მართლმადიდებელ წმიდა მამათა სჯულმდებლობას, საკუთარ თავსაც ეწინააღმდეგება, რადგან ხსენებული კატეხიზმო წყალპკურებას განსაკუთრებულ, გამოუვალ მდგომარეობაში (ვთქვათ, მძიმედ დაავადების შემთხვევაში) მიიჩნევს დასაშვებად. მაშინ, როდესაც გაბატონებული ეკლესიის სამღვდელოება ამგვარი წესით "ნათლავს" სრულიად ჯანმრთელ და საღსალამათ ადამიანებს.
 
ახალმოწესე მოძღვარი "არქიმანდრიტი" რაფაელი წერს: "მართალია, ეკლესიის კანონებში ნათქვამია, რომ ნათლობა დაფლვითი წესით უნდა შესრულდეს, მაგრამ მეძველწესეების მტკიცების საპირისპიროდ, პკურებითი წესით მონათვლაც იყო დაშვებული, თუმცა გამონაკლისის სახით, - ავადმყოფობის, სასიკვდილო საფრთხის თუ წყლის ნაკლებობის შემთხვევაში" (არქიმანდრიტი რაფაელი. "საუბრები მართლმადიდებლობაზე", თბილისი, 1994 წ. გვ. 107).
 
ამის შემდეგ განა გამოცანად არ რჩება რომ ისეთ წყალუხვ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რა სახის "სასიკვდილო საფრთხე" ემუქრება გაბატონებულ ეკლესიას ან ისეთი რა "ავადმყოფობა" სჭირს, მასობრივად, წყალპკურებით რომ "ინათლებიან", თუმცა ეს "გამოცანა" კარგად ამოხსნა ამავე ეკლესიის მოძღვარმა არჩილ მინდიაშვილმა, როდესაც ქართულ ეკლესიებში გამონაკლისი წესის საყოველთაოდ დამკვიდრება მღვდელმსახურთა მცონარებას მიაწერა (იხ. ა. მინდიაშვილი. "მართლმადიდებლობის ზეიმი", თბილისი, 1994 წ. გვ. 74). ჩვენი მხრიდან დავამატებთ, რომ მცონარების გარდა, ამ უსჯულოებას ანგარებაც უდევს საფუძვლად, მაგრამ ამის შესახებ როგორმე სხვა დროს ვილაპარაკებთ.
 
ხოლო ე. ჭელიძე დასხმით ნათლობას არათუ "უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში" აღსასრულებელ ფორმად მიიჩნევს, არამედ შთაფლვითი ნათლობის ტოლფასოვან და სრულფასოვან კანონიკურ ნორმადაც კი ასაღებს და, როგორც ქვემოთ ვნახავთ, მას თურმე ისევე უნდა ვიცავდეთ, როგორც შთაფლვით ნათლობას.
 
ამრიგად, საკუთარ კატეხიზმოში მოცემული განმარტების საპირისპიროდ, ოფიციალურმა ეკლესიამ ისე დაამახინჯა სწავლება ნათლობის შესახებ, რომ უკვე გამონაკლისად იქცა ნათლობის კანონიკური ფორმა, წყალში სამჯერადი შთაფლვა, ხოლო წყალპკურება, პირიქით, აღიარებულია საყოველთაო წესად (მეტიც, ამ ბოლო დროს ბერძნები უკვე ამკვიდრებენ ე. წ. "აერობაპტიზმას". ანუ ჰაერში "ნათლობას". პანაიოტოს ი. ბუმისი, ათენის უნივერსიტეტის პროფესორი, ნაშრომში "კანონიკური სამართალი", რომელიც ქართულ ენაზეც გამოიცა პროფ. ექვთიმე კოჭლამაზაშვილისა და დეკანოზ იოანე მამნიაშვილის რედაქტორობით, საგანგებო შემთხვევებში, "თუკი არსებობს საშიშროება, რომ ჩვილი მოკვდეს", დასაშვებად მიიჩნევს  . . ჰაერით ნათლობას, ანუ "ჩვილს სამჯერ აამაღლებენ ჰაერში ყოვლადწმიდა სამების სახელით"" (პანაიოტოს ი. ბუმისი. "კანონიკური სამართალი", თბილისი 2007 წ., გვ. 80).


 
* * *
 

მაგრამ, მოდი, კვლავ ჩვენს თემას და წმ. კვიპრიანე კართაგენელის გამონათქვამს დავუბრუნდეთ. მოკლედ, ნებისმიერი საეკლესიო საიდუმლოს უმთავრეს ნიშანს, როგორც ღვთისგან ბოძებულ უცვალებელ კუთვნილებას, მისი აღსრულებისთვის საჭირო ნივთიერება, ფორმა (ხილული მხარე) და სულიწმიდის გარდამოსაწვევი ფორმულა წარმოადგენს, რომლის გამარტივება ან გაუქმება ძალას უკარგავს საიდუმლოს და აყალბებს მას. "საიდუმლო არის თვით იესო ქრისტესგან დაწესებული საღმრთო მოქმედება, -  ვკითხულობთ ხსენებულ "კატეხიზმოში", -  რომლითაც მოქმედობს მორწმუნეზე მადლი და ძალი ღვთისა".
 
მაგრამ, რას გულისხმობდა წმ. კვიპრიანე, როდესაც ამბობდა "მაცხოვნებელ საიდუმლოებებში, საჭიროების მოთხოვნისამებრ და ღვთის მიერ თავისი გულმოწყალების განვრცობის კვალობაზე, ყოველივეს უბოძებს მორწმუნეებს საღვთო შემოკლებანი" (ე. ჭელიძის თარგმანი - არქიეპ. პ.) (რუს. თარგმ.: "В спасительных таинствах, в случае крайней необходимости по щедроте Божией, и в сокращении даруется от Господа верующим все" - "მაცხოვნებელ საიდუმლოებებში, უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში, ღმრთის წყალობით, შემოკლებითაც მიეცემა მორწმუნეს ყოველივე ღვთისგან")?
 
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ წმ. კვიპრიანე არ განმარტავს თუ რას გულისხმობს "შემოკლებაში" (ე. ჭელიძის თარგმანით: "საღვთო შემოკლებანში"), ის არ გვეუბნება, მაგალითად, როგორ შეიძლება შემოკლდეს ზიარების საიდუმლო, მირონცხება, ხელდასხმა და ა. შ. მაგრამ, ამბობს, თუ უკიდურესი საჭიროება დადგა, შესაძლო არისო ამ საიდუმლოთა შემოკლებაც. რადგან წმ. კვიპრიანე არაფერს გვეუბნება თუ რა იგულისხმება "საღვთო შემოკლებებში" და საიდუმლოს რომელ მხარეს ეხება ეს შემოკლება, ე. ჭელიძემ გადაწყვიტა, თვითონ განუმარტოს მკითხველს ეს საკითხი და სანიმუშოდ აიღო ზიარების, ანუ ევქარისტიის საიდუმლოს "შემოკლების" საკითხი.
 
ე. ჭელიძის აზრით, "მოძღვრის მსჯელობა ამ შემთხვევაში ეხება არა მხოლოდ ნათლისღებას, არამედ ზოგადად მაცხოვნებელ საეკლესიო საიდუმლოებებს, რომელთაგან ყველაზე აღმატებულია ზიარება ანუ ევქარისტია და, რა თქმა უნდა, მოძღვარიც პირველ რიგში მას გულისხმობს. შესაბამისად სავსებით აშკარაა, რომ მოცემულ კონტექსტში გამოთქმა "საჭიროების მოთხოვნისამებრ" იმდენადვე განეკუთვნება მაცხოვნებელ ნათლისღებას, რამდენადაც მაცხოვნებელ ზიარებას, ხოლო ზიარებასთან დაკავშირებით, როგორც უკვე აღვნიშნავდით, სწორედ საჭიროების მოთხოვნისამებრ ანუ საკუთრივ "სიმოკლისთვის" ირჩია მრევლმა და პრაქტიკაშიც დაიკანონა იოანე ოქროპირის ლიტურგია (თავდაპირველი იაკობისეული ვრცელი ლიტურგიის სანაცვლოდ), რის ანალოგადაც უადრეს პერიოდში (და კონკრეტულად კიპრიანეს დროს) ცნობილი იყო მოკლე ლიტურგია პეტრე მოციქულისა. აი, ამაზე ხდება მოცემულ შემთხვევაში საგანგებო ხაზგასმა წმ. კვიპრიანეს მხრიდან, როდესაც იგი იყენებს გამოთქმას "საღვთო შემოკლებანი"" (ე. ჭ. "სული - ცხოველი", თბ. 2012, გვ. 296).
 
ფორმათა შემოკლების თემას ჩვენ კიდევ შევეხებით, აქ კი მოკლედ აღვნიშნავთ, რომ ერთობ დიდი განსხვავება ნათლისღების შესრულების ფორმობრივ განსხვავებასა და იაკობის ლიტურგიის შემოკლებას შორის, რადგან წმ. იოანე ოქროპირს არანაირად არ შეუცვლია (და საერთოდ, არავის არასოდეს შეუცვლია) წმ. ზიარების საიდუმლოში "ღვთისგან მოცემული კუთვნილება". გავიხსენოთ, რას ამბობდა ნესტორ ყუბანეიშვილი (და მის კვალობაზე თვით გაბატონებული "მართლმადიდებელი" ეკლესია) საეკლესიო საიდუმლოთა სწორად აღსრულების თაობაზე: "საიდუმლო ნამდვილია და მადლი ღვთისა უეჭველად გადმოდის კაცზე მაშინ, როდესაც შესრულებულია წესიერად, სწორად. სწორი და წესიერი შესრულება საიდუმლოსი ის არის, რომ შესრულების დროს დაცულ იქმნას ყოველივე მოთხოვნა აღმასრულებელისა და თვით აღსრულების შესახებ. ... საიდუმლოს აღსრულების დროს უნდა დაცულ იქნას და აღსრულებულ ის, რაც არის ამ საიდუმლოში უცვალებელი, ღვთისაგან მოცემული კუთვნილება.

თითოეულ საიდუმლოს შესრულების დროს უნდა იხმარებოდეს ის ნივთიერება, რომელიც ბრძანა თვით საიდუმლოს დამწესებელმა (მაგ. ნათლის-ღებისთვის - წყალი, მირონ-ცხებისთვის - მირონი, ზიარებისთვის - პური და ღვინო და სხვა) და განსაზღვრული ხილული ნიშანი (მაგ. ნათლის-ღებაში სამ-გზის წყალში შთაფლვა და სხვა).

ამრიგად, თუ წმ. კვიპრიანე კართაგენელის შეხედულებით ნათლისღების საიდუმლოში, სადაც ღვთისგან მოცემული კუთვნილება არის "სამ-გზის წყალში შთაფლვა" და ფორმულა: ინათლება მონა (ან მხევალი) ღვთისა სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, ამენ", "საღმრთო შემოკლება" გულისხმობს სწორედ ამ ღვთისგან ბოძებული კუთვნილების (ანუ შთაფლვის) შეცვლას დასხმით (და ეს რომ ასე აქვს გააზრებული წმ. კვიპრიანეს, ვნახავთ ქვემოთ); და თუკი, როგორც ე. ჭელიძე აღნიშნავს, წმ. კვიპრიანეს მიერ მრავლობითში წარმოთქმული ფრაზა: "მაცხოვნებელ საიდუმლოებებში" ასეთ "საღმრთო შემოკლებებს" მარტოოდენ ნათლისღების საიდუმლოში არ გულისხმობს, არამედ ევქარისტიაშიც, მაშინ ე. ჭელიძის მიერ ლიტურგიის ხანგრძლივობის შემოკლება ვერანაირად ვერ პასუხობს მის მიერ დასახულ ამოცანას. რამეთუ ევქარისტიაში ლიტურგიის ხანგრძლივობა (ამა თუ იმ ლოცვის დამატება თუ შემოკლება) კი არ ცვლის მის ფორმას, არამედ თვით საიდუმლოს აღსრულების მასალა (პური და ღვინო) და ფორმა. ანუ, ჩვენ თუ ევქარისტიის საიდუმლოს ნათლისღებასავით შემოკლებაზე ვილაპარაკებთ, მაშინ გამოდის, რომ წმიდა მამას, "უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში" დასაშვებად მიუჩნევია პურისა და ღვინის ნაცვლად სხვა ნივთიერებების (მასალის) შეწირვა უფლის ხორცად და სისხლად. ხოლო რამდენად მისაღები შეიძლება იყოს ამგვარი რამ, ლიტურგიკაში ჩახედული მკითხველისთვის მიგვინვდვია.  

ე. ჭელიძე, ცხადია, თავს არიდებს ამგვარ წინააღმდეგობას და აქცენტი შეგნებულად გადააქვს ლიტურგიის ხანგრძლივობის შემოკლებაზე (და არა უშუალოდ საიდუმლოს აღსრულების "ღვთისგან ბოძებულ კუთვნილებაზე" - პურსა და ღვინოზე, რომელიც ლიტურგიაზე შეიცვალვის იესუ ქრისტეს ხორცად და სისხლად). ე. ჭელიძის თქმით ხომ "საკუთრივ "სიმოკლისთვის" ირჩია მრევლმა და პრაქტიკაშიც დაიკანონა იოანე ოქროპირის ლიტურგია (თავდაპირველი იაკობისეული ვრცელი ლიტურგიის ნაცვლად)" (იქვე. გვ. 296).
 
აბსოლუტურად მცდარი და მიუღებელია ე. ჭელიძის მტკიცება, თითქოსდა მრევლმა ირჩია და პრაქტიკაშიც დაიკანონა წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგია "სიმოკლისთვის"... ე. ჭელიძეს ძველი, წმ. იოანე ოქროპირის დროინდელი და თავისი დღევანდელი, თვითნებობების მოყვარული ეკლესია ერთმანეთში ერევა. ე. ჭელიძის თქმიდან გამოდის, რომ ძველი ეკლესია სიზარმაცით ყოფილა გამორჩეული, რადგან ოქროპირის ლიტურგია "სიმოკლისთვის" აურჩევია... ეს კიდევ არაფერი, იმდროინდელი მრევლი სჯულმდებელიც ყოფილა და ეს მის მიერ არჩეული ლიტურგია "პრატიკაშიც დაუკანონებია" (საინტერესოა როგორი იყო ლიტურგიათა "არჩევისა" და "დაკანონების" პრინციპები - კრებაზე მტკიცდებოდა მრევლის არჩევანი თუ სტიქიურად? თუ კრებაზე, რომელია ეს "სამრევლო" კრება?).
 
წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგიასთან დაკავშირებით უნდა ითქვას შემდეგი:  წმ. ბასილი დიდი 91-ე კანონში წერს: "მადლობის (ევქარისტიის) პურის ან სასმელის კურთხევის დროს სათქმელად რომელმა წმინდანმა დაგვიტოვა ჩვენ წერილობით რაიმე? არც მხოლოდ იმით დავკმაყოფილდებით, რაც მოიხსენიეს მოციქულმა ან სახარებამ, არამედ მათზე ადრე და მათ შემდეგაც ვახსენებთ სხვა მრავალსაც, როგორც საიდუმლოს მიმართ დიდი ძალის მქონეს. ეს კი მიღებული გვაქვს დაუწერელი მოძღვრებისგან" ("დიდი სჯულისკანონი". ბასილი დიდის ნეტარი ამფილოქესადმი მიწერილი წიგნის ოცდამეშვიდე თავიდან სულიწმიდის შესახებ).
 
ამის თანახმად წერენ და განმარტავენ ამ კანონს ზონარა, ბალსამონი და არისტინეც, რომელთა განმარტებებს სიმოკლისთვის არ დავიმოწმებთ. ხოლო ის, რომ პირველი საუკუნეების ეპისკოპოსებს თავიანთი ლოცვები და სხვადასხვა სახის სიახლეები შეჰქონდათ ლიტურგიაში, ჩანს შემდეგი მოწმობიდან: წიგნში "რომაული ლიტურგიის შესახებ" (О римской литургии) ვკითხულობთ: "უნდა შევნიშნოთ, რომ ძველად კერძო ეკლესიები... ერთმანეთს შორის განსხვავდებოდნენ წესებით, გალობითა და ლოცვებით" (გვ. 80-81). "ქრისტეანობის პირველ საუკუნეებში, - წერია სხვა წიგნში, - ეპისკოპოსები, როდესაც ლიტურგიას ატარებდნენ, შესაწირ ძღვენზე წარმოთქვამდნენ საკუთარ ლოცვებს, ვისაც როგორ შეეძლო, თუმცა მოციქულების მიერ მითითებულ შედგენილობასა და ღვთისმსახურების წესებს იცავდნენ" (Вероучение, богослужение, чиноположение и правила церковного благочиния египетских христиан (коптов), стр. 118) (ციტ. Д. С. Варакин. Рассмотрение примеров приводимых в защиту реформ бывшего патриарха Никона. http://starajavera.narod.ru/varakin.html). "ბერძნებს, - ნათქვამია სხვა წიგნში, - ბეჭდვითი საქმის გამოგონებამდე, როდესაც ისინი ხელნაწერი ლიტურგიებით ხელმძღვანელობდნენ, საკუთარი დაუდევრობით თუ სხვა მიზეზებით უშიშრად შეჰქონდათ ლიტურგიაში ახალი სიტყვები და მოქმედებები და, მათ პრაქტიკულადაც კი აღასრულებდნენ. უჩვეულო სიახლეები ლიტურგიაში განსაკუთრებით დამახასიათებელი იყო რომისადმი დაქვემდებარებულ ეკლესიებში..." (Новая скрижаль, гл. 6, § 2, стр. 150) (იქვე).
 
შესაძლოა ეს უკანასკნელი მოწმობა განეკუთვნება ბასილი დიდზე და იოანე ოქროპირზე უგვიანეს დროებას, მაინც ნათლად ათვალსაჩინოებს ძველი ლიტურგიების მდგომარეობას, რომელთა მოწესრიგება, უკიდურეს შემთხვევაში, არ შეიძლება ჩაითვალოს დაუშვებელ, ცოდვილ ცვალებადობად ან მოციქულთა ლიტურგიის გაუქმებად.
 
ზემოთ მოტანილ სამ მოწმობას გვსურს დავუმატოთ კიდევ ერთი ისტორიული ცნობა, რომელიც მოცემულ საკითხს ეხება და რომლის მიხედვით: "IV საუკუნეში, როდესაც შეწყდა ქრისტეანთა დევნა და ეკლესიას შესაძლებლობა მიეცა თავისუფლად კეთილმოეწყო საკუთარი ღვთისმსახურება, აღმოჩნდა, რომ ლიტურიის სფეროში მრავალგვარობა და განსხვავება იყო არა მარტო ცალკეულ, ადგილობრივ ეკლესიებს შორის, არამედ ერთსა და იმავე ეკლესიის სხვადასხვა სამრევლოებს შორისაც კი; ეს განსხვავებანი ეხებოდა ლოცვებს, რომელთაც ერთი და იგივე შინაარსი ჰქონდათ, მაგრამ გადმოცემის ფორმის მიხედვით განსხვავდებოდნენ. აღიარებულ იქნა ლიტურგიათა მოწესრიგების საჭიროება და ისიც, რომ სხვადასხვა ეკლესიათა ლიტურგიები უნდა ყოფილიყო ერთგვაროვანი და თანხმიერი. ამ მიზნით წმ. ბასილი დიდმა გადაამოწმა და შეამოკლა მანამდე გამოყენებული ძველი ლიტურგიები, რომლებიც მოციქულ იაკობის სახელს ატარებდნენ" (Три литургии. Заметка в Современном календаре 1898 г., изд. Ступина, месяц сентябрь).
 
აქ დამოწმებული მონაცემები ადასტურებს, რომ წმიდა ბასილი დიდმა კი არ გააუქმა, არამედ მხოლოდ მოაწესრიგა მოციქულის ლიტურგია, რომელიც სხვადასხვა ადგილობრივ ეკლესიებში განსხვავებული იყო, ზოგან კი უზუსტობები და დაუშვებელი დანამატებიც შეტანილიყო.
 
ამის შემდეგ "ამ წმიდა მამამ (ოქროპირმა) აიღო იგივე წესები და ჩვეულებები, რაც ბასილი დიდის ლიტურგიაშია მოცემული. მან მხოლოდ შეამოკლა ლოცვები" (гл. 7, § 1, стр. 190), - ასე წერია ჩვენ მიერ ზემოთ დამოწმებულ წიგნში "სამი ლიტურგია" (Три литургии): "წმ. ბასილი დიდის შემდეგ ამ საქმეში მოღვაწეობდა წმ. იოანე ოქროპირი, რომელმაც ლიტურგია კიდევ უფრო შეამოკლა. თუმცა, ასეთი შემოკლება, მიღწეულ იქნა ლოცვათა ზუსტი გადმოცემით და ზოგიერთი ლოცვის საიდუმლოდ კითხვის ჩვეულების დამკვიდრებით. ლიტურგიის არსებითი შინაარსი კი ხელუხლებელი დარჩა" (Современный календарь 1898г., изд. Ступина) (იქვე).
 
"მან (ოქროპირმა), - წერს პროფესორი პოკროვსკი, - ხელუხლებლად დატოვა ლიტურგიის სამოციქულო საფუძველი, შეინარჩუნა მისი ზოგადი წყობა, რომელიც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ყველა ეკლესიათა მონაპოვარია, მაგრამ შეიტანა მასში ახალი, მის მიერ შედგენილი ლოცვები, ნაწილობრივ მის მიერ რედაქტირებულნი" (Отдых христианина, февраль 1908 г., стр. 13).
 
როგორც პირველი, ასევე ბოლო მოწმობებიდან ნათლად ჩანს, რომ არც წმ. ბასილი დიდს და არც წმ. იოანე ოქროპირს მოციქულთა ლიტურგია არ შეუცვლიათ, არამედ მხოლოდ მოაწესრიგეს და სრულყვეს იგი. ისეთი განსხვავებანი ლიტურგიებს შორის, როგორიც დღეს გვაქვს ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის ლიტურგიებს შორის, უძველეს დროშიც იყო და ეს არ ითვლებოდა რაიმე ცოდვად, უბრალოდ, მაშინ ის არსებობდა როგორც ამა თუ იმ ეპისკოპოსის ქრისტეანული სულის სიმაღლის გამოხატულება და არ იყო დაცული მოციქულთა რომელიმე სპეციალური კანონით.
 
იმის საჩვენებლად, რომ ძველ ლიტურგიებს შორის არსებობდა გარეგანი, არაარსებითი განსხვავება, სასარგებლოდ გვიჩნს, გაგაცნოთ ამონარიდი წიგნიდან "ძველი ლიტურგიების კრებული" (Собрание древних литургий), რომელიც სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის გამოცემის, "Христианское чтение"-ს რედაქციამ შეადგინა. აქ ვკითხულობთ: "იესუ ქრისტეს მიერ დაწესებული და მის მიერ წმიდა მოწაფეთა და მოციქულთათვის გადაცემული საღმრთო ლიტურგია არსებითად ერთი იყო აღმოსავლეთისა და დასავლეთის და თვით აღმოსავლეთის არამართლმადიდებელ ეკლესიებშიც კი, როგორებიც იყვნენ, მაგალითად, ნესტორიანული და მონოფიზიტური ეკლესიები...
 
შემდეგ, ყველა ძველ ეკლესიაში ლიტურგია ერთია არა მარტო მის უმთავრეს ნაწილებში, არამედ ძირითადი თემის ერთობაშიც, რომელიც მის უმთავრეს ნაწილში - წმიდა შესაწირავის, მადლობის ლოცვაშია გამოხატული. ერთია ის, აგრეთვე, უმთავრესი ევქარისტული ლოცვების, ანუ ასამაღლებლების უცვალებლობაში, რომლებიც აერთიანებენ ამ ლოცვებს. ამ თვალსაზრისით ძველ ქრისტეანულ ეკლესიებს, მართლმადიდებლურსაც და არამართლმადიდებლურსაც, თამამად და სრული უფლებით შეუძლიათ განაცხადონ, რომ მათ აქვთ მოციქულთა ლიტურგია და მას უცვალებლად იცავენ მოციქულთა დროიდან. მაგრამ, ქრისტეანული სამყაროს სხვადასხვა ქრიტეანული ეკლესიის ლიტურგიებს დეტალიზაციისა და ცალკეული მომენტების კუთხით, ანუ არაარსებითი გარეგნულობის მხრივ თუ განვიხილავთ, ისინი ერთნაირი არ არის.
 
ლიტურგიის გარეგანი მხარე ქრისტეანული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა დროს განსხვავებული იყო... რადგან, მოციქულთაგან ლიტურგია წერილობითად კი არ მოგვეცა ან რაიმე ჩანაწერის სახით, რომელიც მოციქულებმა დატოვეს და მისი დაცვა ყოველ დეტალსა და ასოში უცვალებლად დაგვავალეს, არამედ ზეპირი გადმოცემით, რომლის მიხედვითაც ამცნეს ყველა ეკლესიას, უცვალებლად დაეცვათ მხოლოდ მათ მიერ გადმოცემული არსებითი მომენტები. Xოლო, რაც შეეხება არაარსებითს, როგორიც არის მაგალითად, წმ. წერილის საკითხავთა რაოდენობა და თანმიმდევრობა ან საგალობელთა და ლოცვათა რაოდენობა და ტექსტი; ასევე სხვადასხვა საწესჩვეულებო მოქმედებანი და სხვა, თავიანთი მოწაფეების შეხედულებაზე დატოვეს...
 
ის, რომ ლიტურგია მოციქულთაგან მიგვიღია არა წერილობით, არამედ ზეპირი გადმოცემით, პირდაპირ და სრულიად ცხადად არის ნათქვამი წმ. ბასილი დიდის წიგნში "სულიწმიდის შესახებ" (О Святом Духе, гл. 27); თუ ჩვენამდე მოაღწიეს ლიტურგიებმა, რომლებიც ატარებენ იაკობ და მარკოზ მოციქულთა სახელებს და, თუ არსებობს ძველი მოწმობები ამ მოციქულთა, როგორც ლიტურგიის დამწერთა შესახებ, ეს რაიმე წერილობით ლიტურგიკულ წყაროზე კი არ მიუთითებს, რომლებიც მათ ეკლესიას დაუტოვეს, არამედ იმაზე, რომ სწორედ ამ მოციქულთაგან გადმოეცა ლიტურგია იერუსალიმისა და ალექსანდრიის ეკლესიებს, რომლებიც ამ ეკლესიათა დამაარსებლები და ეპისკოპოსები იყვნენ.

უეჭველია იაკობისა და მარკოზის მონაწილეობა უძველესი ლიტურგიის მოწესრიგების საქმეში და მათი ლიტურგიების ზეგავლენა სხვა ქრისტეანულ ეკლესიათა ლიტურგიებზე. ამის დასტურად გამოდგება ყველა ძველი ლიტურგიის მსგავსება და თანხმობა უმთავრესსა და არსებითში. ხოლო მსგავსება და თანხმობა, შეუძლებელია ავხსნათ სხვა რომელიმე მიზეზით, რადგან შემთხვევითობის დაშვება მოცემული მოვლენის ასახსნელად გონივრული პასუხის უარყოფის ტოლფასი იქნებოდა.
 
ამგვარად, გადმოცემა იაკობისა და მარკოზის ლიტურგიების შესახებ მის ერთადერთ და სწორ გააზრებაში, სულაც არ იმყოფება წინააღმდეგობაში ბასილი დიდის სიტყვებთან, რომ ადრე არავის გადმოუცია ლიტურგია წერილობითი სახით, ასევე სხვა ისტორიულ ფაქტებთან, რომელთა შესახებაც ზემოთ უკვე ვილაპარაკეთ.
 
იმავეს ამტკიცებენ სხვა თანამედროვე მკვლევრები და ლიტურგისტები; მაგალითად, პროფ. პოკროვსკი წერს: "მოციქულთათვის ქრისტე მაცხოვრის მიერ ბოძებული მცნება: "ამას ჰყოფდით მოსახსენებელად ჩემდა" მოციქულთა ლიტურგიის ამოსავალი წერტილი გახდა. მოციქულთა დროინდელ ლიტურგიაზე მინიშნებებს ჩვენ ვხვდებით მოციქულთა საქმეებსა და ეპისტოლეებში; მოციქულებრვი კაცთა დროინდელ ლიტურგიებზე - ეგნატე ღმერთშემოსილთან, მომდევნო საუკუნეების (II-III სს.) ლიტურგიებზე - ეკლესიის მამებთან და საეკლესიო მწერლებთან: იუსტინე ფილოსოფოსთნ, ირინეოს ლიონელთან, კლიმენტ ალექსანდრიელთან, ტერტულიანესთან, ორიგენესთან, კორნელიუს რომაელთან, ფირმილიანე კესარია-კაპადოკიელთან, მოციქულთა დადგენილებებსა და განწესებებში, გრიგოლ ნეოკესარიელთან, პლინიუს მცირესთან და მრავალი სხვა.
 
შესაძლოა ეს ცნობები მეტად მოკლეა და არასაკმარისი, მაგრამ მაინც გვაიძულებენ ვაღიაროთ, რომ უკვე პირველდაწყებით ქრისტეანობაში არსებობდა გარკვეული წყობა ლიტურგიისა, რომელიც თავიდან საიდუმლო სერობის "თვითმხილველ" მოციქულთაგან ამავე სერობის სახით ჩამოყალიბდა. იუსტინე მოწამე მოკლე ცნობებს გვაწვდის ჩვენთვის უკვე ძვირფას ცნობებს თვით ლიტურგიის წყობის შესახებ: პურსა და თასზე ღვინითა და წყლით, სულიწმიდის ქებაზე ძის სახელით და მამის დიდებაზე, მადლობაზე, მორწმუნეთა ქრისტეს უპატიოსნესი ხორცითა და სისხლით ზიარებაზე. ცხადია, რომ მოციქულთა მარცვალი ლიტურგიისა II საუკუნეში იზარდა და გარკვეული ნაყოფიც გამოიღო. ამას ირიბად ადასტურებს ჩვენამდე მოსული გადმოცემა მოციქულთა: იაკობის, ასევე მარკოზის, პეტრეს და თადეოსის მიერ ლიტურგიის შედგენის თაობაზე. ამ მოციქულთა ლიტურგიებმა ჩვენამდე წერილობითადაც მოაღწია (ცხადია, იგულისხმება მოციქულთა ზეპირი გადმოცემების გვიანდელი ჩაწერა - არქიეპ. პ.). ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რაც მათშია და რაც სადღეისოდ გადმოგვეცა, ყოველივე თავის ისტორიას მოციქულთა დროიდან იღებს; და უეჭველია, რომ მათი შინაარსის უდიდესი ნაწილი მოციქულთა საუკუნის შემდეგ, მოგვიანებით დაიწერა; მაგრამ მათში არის ერთი საერთო საფუძველი, რომელიც გვაიძულებს ვივარაუდოთ, რომ ყოველ მათგანში არსებობს უძველესი ეპოქის ლიტურგიკული ერთობა. დეტალებში ეს ლიტურგიები ძლიერ დასცილდნენ ერთმანეთს, და ასეთი დაცილების დასაწყისი უეჭველად ქრისტეანობის პირველ საუკუნეებს უკავშირდება.

მოციქულთა ეპოქაში, რომლებსაც ყოველთვის მჭიდრო ურთიერთკავშირი ჰქონდათ, არ შეიძლებოდა გაჩენილიყო მსხვილი ლიტურგიკული განსხვავებები; ისინი ეხებოდა მხოლოდ ევქარისტული ლოცვების ფორმულირებას, რომელშიც თავისუფალი იმპროვიზაცია დაშვებული გახლდათ. მაგრამ ქრისტეანობის გავრცელებასთან და აქ ეპისკოპოსებისა და პრესვიტერების გამრავლებასთან ერთად, მწვალებლობათა და განხეთქილებათა აღმოცენებასთან ერთად, რომლებიც ლიტურგიკული საშუალებებითაც კი სარგებლობდნენ თავიანთი ცრუსწავლების პროპაგანდის მისაღწევად, ნელ-ნელა მომწიფდა აუცილებლობა ზუსტად ყოფილიყო ფორმულირებული უმთავრესი ლიტურგიკული ლოცვები და დაწესებულ იყო განსაზღვრული ლიტურგიკული წყობა.
 
დადგა IV საუკუნე, ქრისტეანული ეკლესიის მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა: დევნილი ეკლესიიდან ის მფარველობაში აღმოჩნდა, შემდეგ კი გაბატონებული მდგომარეობაც დაიკავა; დადგა საეკლესიო ყოფიერების ფართო, ორგანიზებული მოწყობის აუცილებლობა; მომწიფდა მსოფლიო კრებათა ეპოქა, რომელიც ერთ ერთი უძლიერესი საშუალება იყოს ორთოდოქსიისა და საეკლესიო ერთობის გასამყარებლად.
 
კონსტანტინოპოლი გახდა იმპერიის დედაქალაქი; პატარა ბიზანტიამ მალე იცვალა თავისი იერსახე: მასში გაჩნდნე ვილები, სასახლეები, ბრწყინვალე ქრისტეანული ტაძრები; კონსტანტინოპოლის ქრისტეანული მოსახლეობა  ძლიერ გაიზარდა; ლიტურგიის მოწყობის და მოწესრიგების დროც დადგა. ამ მიმართულებით უზარმაზარი ნაბიჯი სწორედ ბასილი დიდმა გადადგა, რომელსაც ეკლესიური საკითხების მოგვარებაში თავისი უდიდესი როლი ჰქონდა: მან პირველმა მოგვცა ვრცელი ლიტურგიული მასალის სისტემატიზაციისა და ერთ მწყობრ სისტემად ჩამოყალიბების ბრწყინვალედ შესრულებული მცდელობა. ისეთი მცდელობა, რომელმაც გააერთიანა ადგილობრივი მოთხოვნილებები, შეავსო ყოველგვარი გაუთვალისწინებლობა..." (журнал "Отдых христианина". февраль 1908 г., стр. 6-9).
 
"აქედან გამომდინარეობს მხოლოდ ერთადერთი სწორი დასკვნა, რომ ბასილი დიდმა მოციქულთა ლიტურგია კი არ შეცვალა, არამედ მას, ზემოთ დასახელებულ მიზეზთა გამო, ერთი, გარკვეული სახე მიანიჭა. ასე მოიქცა წმ. იოანე ოქროპირიც, რომელმაც, როგორც ეს ზემოთ ვნახეთ, კი არ შეცვალა წმ. ბასილი დიდის ლიტურგია, არამედ მხოლოდ ზოგიერთი ლოცვა გადმოსცა შემოკლებით"» (Д. С. ВАРАКИН. Рассмотрение примеров приводимых в защиту реформ бывшего патриарха Никона. О литургии. Библиотека журнала "Церковь". Москва 1999).
 
ამრიგად, "ამ ორმა ბუმბერაზმა მსოფლიო მოძღვარმა მთელი თავიანთი ძალა და ღონე გამოიყენა იმისთვის, რათა შეურყვნელად შეენარჩუნებინათ მოციქულთა ლიტურგია და გაეწმინდათ იგი დანაშრევებისა და დანამატებისგან, რომელიც მასში ძველი ეკლესიის ეპისკოპოსებს შემოჰქონდათ; ლიტურგიასთან მიმართებაში მათ გააკეთეს მხოლოდ ის, რასაც თვით მოციქულები არ უკრძალავდნენ არავის თავიანთი დადგენილებებითა და კანონებით" (დ. ს. ვარაკინი. იქვე).
 
ასე რომ, ე. ჭელიძის მცდელობა, წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგია წარმოაჩინოს ევქარისტიის, ეკლესიის ამ უმთავრესი საეკლესიო საიდუმლოს "საღმრთო შემოკლებად", ისევე ავანტიურისტული და ყალბია, როგორც სხვა დანარჩენი.

და ბოლოს, ე. ჭელიძის განმარტებაში თავს იჩენს ალოგიკურობაც. თავად განსაჯეთ, თუ ლიტურგიის ფორმის შეცვლა-შემოკლება მისი ლოცვების შემოკლებას გულისხმობს, რაც ლიტურგიის ხანგრძლივობას ამოკლებს და ეს არანაირად არ ეხება პურსა და ღვინოს, ანუ უფლის მიერ ამ საიდუმლოსთვის ბოძებულ საღმრთო კუთვნილებას, მაშინ ნათლისღების საიდუმლოს შემოკლებაც სწორედ ზოგიერთი ლოცვის ამოღებას და ნათლობის ხანგრძლივობის შემოკლებას უნდა გულისხმობდეს და არა წყალში შთაფლვის, ანუ ნათლისღების საიდუმლოსთვის ბოძებული საღმრთო კუთვნილების ცვალებადობას.
 
ხოლო, თუ, ე. ჭელიძის აზრით, საიდუმლოს "შემოკლება" სწორედ მისი ძირითადი ფორმის, უფლის მიერ დაწესებული კუთვნილების შემოკლებას გულისხმობს, მაშინ ევქარისტიაშიც ეს სწორედ პურსა და ღვინოს უნდა ეხებოდეს და არა თვით ლიტურგიის ხანგრძლივობას. ეს კი ნამდვილად იქნებოდა ლიტურგიის დარღვევა, ისევე, როგორც ნათლობის დარღვევაა წყალპკურებითი ფორმის გამოყენება.
 
სხვათა შორის, ძველმართლმადიდებლურ პრაქტიკაში არსებობს კიდევაც შემოკლებული ნათლისღება, როდესაც საჭიროა სასწრაფო ნათლობა და ნათლისღების საიდუმლოს მთელი წეს-განგების სრული შესრულების დრო არ რჩება. მაგრამ ეს შემოკლება არანაირად არ ეხება ნათლისღების შესრულების თვით ფორმას, წყალში სამგზის შთაფლვას. ასეთ შემთხვევაში, საწყისი ლოცვების შემდეგ მღვდელი (ან ერისკაცი, თუ გამოუვალი მდგომარეობაა და ახლომახლო მღვდელმსახური არსად არ არის), ჩაიყვანს მოსანათლავს წყალში და სამგზის შთაფლავს მას მამის, ძის და სულიწმიდის სახელზე. წყლიდან ამოსვლის შემდეგ კი წაიკითხავენ 31-ე ფსალმუნს და სასრულ ლოცვებს. ხოლო შემდეგ, როგორც კი მონათლული შეძლებს ეკლესიაში მისვლას, მას ნათლისღების წეს-განგებას თავიდან ბოლომდე შეუსრულებენ (წყალში შთაფლვის გარდა, რადგან ეს მოქმედება უკვე შესრულდა), მირონცხებისა და ზიარების ჩათვლით.
 


***
 

სიტყვამ მოიტანა და, რაკიღა შევეხეთ საეკლესიო საიდუმლოებათა ფორმების ცვალებადობის საკითხს, სანამ კვლავ წმ. კვიპრიანეს ნათქვამის განხილვას განვაგრძობდეთ, ჯეროვანი იქნება, აქვე ჩავრთოთ ე. ჭელიძის სხვა მოსაზრებებიც "ფორმობრივ ცვალებადობასთან" დაკავშირებით.
 
დასხმით-პკურებითი "ნათლობის" გამართლებას ემსახურება ე. ჭელიძის მსჯელობა საეკლესიო საიდუმლოთა რიტუალური მხარის ცვალებადობის შესახებ.
 
თავისი პირველი "ანტისტაროვერული" წიგნის "ეკლესია - სძალი უფლისა"-ს 142-148-ე გვერდებზე ე. ჭელიძე ამტკიცებს, რომ დროთა განმავლობაში საეკლესიო საიდუმლონი იცვლებოდა. ხოლო ამგვარი ცვალებადობის ნიმუშებად მას მოჰყავს წმ. იოანე ოქროპირის მიერ "ოდნავ შემცირებული" ლიტურგია და ასევე წმ. მაქსიმე აღმსარებლის გამონათქვამები სხვადასხვა საიდუმლოთა, მათ შორის ჟამისწირვისა (ლიტურგიის) და ნათლობის რიტუალურ მხარესთან დაკავშირებით (იხ. იქვე. გვ. 143-144). მეტიც, ე. ჭელიძე საგანგებოდ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ, წმიდა მამის თქმით, ეს ცვლილებები გამოწვეული იყო "სწორედ დროის მოთხოვნით, ეპოქის გათვალისწინიებით" (იქვე. გვ. 144).
 
ე. ჭელიძის ამ მსჯელობაზე ჩვენ არ გავამახვილებდით ყურადღებას, რადგან ის ადრინდელ ძველმართლმადიდებელ პოლემისტთა იმ შეხედულების საპირისპიროდ არის გამოთქმული, რომელთა მტკიცებითაც სამოციქულო გადმოცემები და ჩვეულებები არ იცვლებოდა და საუკუნეთა განმავლობაში უცვალებლად გადმოდიოდა ქრისტეანთა ერთი თაობიდან მომდევნო თაობაზე. მაგრამ ე. ჭელიძის ამ მსჯელობას, ოფიციალური "მართლმადიდებელი" ეკლესიის ადეპტები ხშირად გვიმოწმებენ ნათლისღების საიდუმლოში, შთაფლვითი წესის დასხმით შეცვლის გასამართლებლად. შეფარვით, შესაძლოა, ამას თვით ე. ჭელიძეც გულისხმობდეს.

მკითხველს რჩება შთაბეჭდილება, რომ დროის მოთხოვნილების მიხედვით თითქოსდა შესაძლებელი იყოს საეკლესიო საიდუმლოებათა შეცვლა, მათი რიტუალური სახეცვლილება. მაგრამ, რა სახის ცვლილებებია ეს და საიდუმლოს რომელ მომენტებს ეხება? რამდენად გამართლებულია საიდუმლოს გარეგანი მხარის შეცვლა "დროის მოთხოვნილებებიდან" გამომდინარე და რამდენად სამართლიანად ეფუძნება ამგვარი ცვლილებები წმ. მაქსიმე აღმსარებლის განმარტებებს? ამ საკითხის გასარკვევად ჯერ უნდა ვნახოთ, საეკლესიო საიდუმლოთა რომელ მომენტებზეა ლაპარაკი, შემდეგ კი გავარკვიოთ თვით საიდუმლოს რაობა და ისიც თუ რა არის მასში ცვალებადობას დაქვემდებარებული და რა უცვალებელი.
 
1. "მირონცხების შემდეგ წმიდა ზიარების მისაღებად მიჰყავს (მღვდელს - ე. ჭ.) იგი (მოსანათლავი - ე. ჭ.). ამგვარი რამ გამართლებული იყო დროის ვითარებასთან შესაგუებლად, აწ კი უმეტესი კრძალულებით, საღვთო საიდუმლოთა სრული ლიტურგიით აღსრულდება (ზიარება - ე. ჭ.)" (იქვე. გვ. 145).
 
ჩვენი პასუხი: წმ. მაქსიმეს მიერ აღწერილი ეს ცვლილება არანაირად არ ეხება თვით ზიარების საიდუმლოს, არამედ იმას, თუ როგორ უნდა ეზიაროს ახალმონათლული. ჩვენ კი ვლაპარაკობთ უშუალოდ საიდუმლოს უმთავრეს მომენტზე და არა ზოგადად საიდუმლოში არსებულ სხვადასხვა რიტუალზე, რაც უხვად ახლავს შვიდივე საეკლესიო საიდუმლოს. თუ რას ვგულისხმობთ, ამას უფრო დაწვრილებით ქვემოთ მოგახსენებთ. აქ კი ვიტყვით, - ე. ჭელიძის მიერ მოყვანილი ეს მაგალითი ვერანაირად გაამართლებს შთაფლვითი ნათლობის შეცვლას დასხმითი წესით და საერთოდ, საიდუმლოს უმთავრესი მომენტების ცვალებადობას. აქ ლაპარაკია სულ სხვა მომენტზე, ჩვენ კი აბსოლუტურად სხვა მომენტებზე ვამახვილებთ ყურადღებას. Uბრალოდ, ე. ჭელიძე საკითხს აქაც აბუნდოვანებს, ატყუებს მკითხველს, თითქოსდა საეკლესიო საიდუმლოს ცვალებადობა დასაშვები იყოს და არ განუმარტავს არც საიდუმლოს რაობას და არც იმას, თუ რა არის უმთავრესი ყოველ საიდუმლოში. როგორც უკვე ვთქვი, ამაზე ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ. სხვათა შორის, ახალმონათლული ქრისტეანის ზიარება დღესაც, ისევე როგორც ძველად, ნათლისღების საიდუმლო, მოსანათლავის შთაფლვის შემდეგ აღესრულება, ლიტურგიის გარეშე, ე. წ. სათადარიგო ძღვენის მეშვეობით, რომელიც დიდ მარხვაში, დიდ ხუთშაბათს შეიწირება და გამოიყენება ავადმყოფთა და ახალმონათლულთა საზიარებლად.
 
2. "ერთგან ბარძიმთან დაკავშირებით ასეთ რიტუალურ განსხვავებას ასაჩინოებს წმ. მაქსიმე: "იცოდე, რომ არა მხოლოდ წმიდა პური დაიგებოდა დაბურვილად, არამედ, აგრეთვე, საღვთო სასმისიც, რაც არ ხდება ამჯამად" (იქვე. გვ. 145).
 
ჩვენი პასუხი: არც ეს მომენტი შეიძლება იქნას მიჩნეული მნიშვნელოვან ცვლილებად საეკლესიო საიდუმლოსთვის (კონკრეტულად ევქარისტიის საიდუმლოსთვის). თუ რატომ, ნაწილობრივ ზემოთ უკვე ვილაპარაკეთ. დაწვრილებით - ქვემოთ.
 
3. "ამჯერად მოვიტანთ წმ. დიონისეს ხსენებულ შრომაზე დართულ ერთ მეტად მნიშნელოვან კომენტარს, რომელიც კონკრეტულად ჟამისწირვის რიტუალურ ცვალებადობას ასაჩინოებს. ... ახალქართულად მოტანილი კომენტარი ასეთი სახის იქნება: "იცოდე, რომ ჟამისწირვის ეს წესი იმ დროს (ე. ი. წმ. დიონისე არეოპაგელის ჟამს. - ე. ჭ.) ამ სახით იყო დაცული, ანდა თვით იმ ადგილებში იყო ამგვარად დაწესებული, რადგანაც ადგილობრივ ეკლესიათა წესებში ჩვეულებრივია სხვადასხვაობა … ეს ცნობა, -  წერს ე. ჭელიძე, -  ეჭვმიუტანლად ადასტურებს, რომ საეკლესიო საიდუმლოთა ოდენ ფორმობრივი ცვალებადობა და სხვადასხვაობა ვლინდებოდა არა მხოლოდ ერთმანეთისგან დაშორებულ საუკუნეებში, არამედ ერთი დროს, ერთი ეპოქის, ერთი საუკუნის სხვადასხვა ეკლესიაში" (იქვე. გვ. 146).
 
ჩვენი პასუხი: მაგრამ, ჯერ-ერთი, აქ ლაპარაკია მხოლოდ ჟამისწირვაზე და თანაც არა მის უმთავრეს, უფლისგან ბოძებულ კუთვნილებაზე, რომლის გარეშეც საიდუმლო საიდუმლოდ არ იწოდება, არამედ იმ არაარსებით ცვლილებებზე, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზთა გამო ადგილი ჰქონდა დროთა განმავლობაში. სანიმუშოდ, ერთ-ერთ ასეთ საკითხს, სხვა მსგავს საკითხებზე რომ ნათელი წარმოდგენა გვქონდეს, ქვემოთ უფრო დეტალურად ვიმსჯელებთ.

ის ცვლილებები, რომლებიც შეხებია საეკლესიო საიდუმლოთა წეს- განგებებსა და რიტუალებს, არ ამართლებს ნათლისღების საიდუმლოში შთაფლვის შეცვლას დასხმით. ამგვარი ცვლილებები თუ ხდებოდა, ის ეხებოდა საიდუმლოს არა ძირითად, არაარსებით მხარეს. ხოლო არსებითი საიდუმლოში არის სწორედ ღმრთისგან ბოძებული კუთვნილება.
 
ზემოთ უკვე განვმარტეთ, თუ რა არის საიდუმლო, რისი შეცვლა შეიძლება საიდუმლოში და რისი არა (ან დროთა განმავლობაში რა იცვლებოდა საიდუმლოში და რა არა?). აქ მხოლოდ მოკლედ გავიმეორებთ, რომ საიდუმლოში გაირჩევა სამი უმთავრესი მომენტი: 1) საღმრთო დაწესება; 2) ხილული მოქმედება; 3) უხილავი მოქმედება ღვთის მადლისა.

1) საღმრთო დაწესება, ნიშნავს, რომ ღმერთი არის ერთადერთი წყარო და მომცემი მადლისა, ამიტომ "არავის სხვას, გარდა ღვთისა, არ შეეძლო დაწესება საიდუმლოებისა, რომელშიც კაცს ენიჭება მადლი" (სახელმძღვანელო მართლმადიდებლური ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად, თბ. 1990 წ. გვ. 62).
 
2) ხილული მოქმედება.  ხსენებული "კატეხიზმო" სწორად გვასწავლის, რომ "მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლით, საიდუმლო ნამდვილია და მადლი ღვთისა უეჭველად გადმოდის კაცზე მაშინ, როდესაც შესრულებულია წესიერად, სწორად. სწორი და წესიერი შესრულება საიდუმლოსი ის არის, რომ შესრულების დროს დაცულ იქმნას ყოველივე მოთხოვნა აღმასრულებელისა და თვით აღსრულების შესახებ.
 
საიდუმლოს აღმსრულებლად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონიერად არჩეული და კანონიერად ხელდასხმული მღვდელმთავარი და მღვდელი.
 
საიდუმლოს აღსრულების დროს უნდა დაცულ იქნას და აღსრულებულ ის, რაც არის ამ საიდუმლოში უცვალებელი, ღვთისაგან მოცემული კუთვნილება.
 
თვითოეულ საიდუმლოს შესრულების დროს უნდა იხმარებოდეს ის ნივთიერება, რომელიც ბრძანა თვით საიდუმლოს დამწესებელმა (მაგ. ნათლის-ღებისთვის - წყალი, მირონ-ცხებისთვის - მირონი, ზიარებისთვის - პური და ღვინო და სხვა) და განსაზღვრული ხილული ნიშანი (მაგ. ნათლის-ღებაში სამ-გზის წყალში შთაფლვა და სხვა).
 
3) უხილავი მოქმედება ღვთის მადლისა. საიდუმლოს სინამდვილისთვის საჭიროა კიდევ "მოწვევა სულისა წმიდისა და ცნობილი ფორმა სიტყვათა, რომლებითაც მღვდელი განსწმენდს საიდუმლოს ძალითა სულისა წმიდისა". მოწვევა სულისა წმიდისა და წარმოთქმა დაწესებულ სიტყვათა აძლევს გარეგან მოქმედებას საიდუმლოს შესრულების დროს - საიდუმლო-მადლიან მნიშვნელობას" (იქვე. გვ. 63).
 
ამრიგად, საიდუმლოში უცვალებელია ყოველივე ის, რაც თვით უფალს დაუწესებია და რაც მოციქულთა და მისი მემკვიდრეების მიერ დღემდე უცვალებელად გადმოგვეცა. ეს არის - ღვთისგან მოცემული კუთვნილება.
 
საიდუმლოს ღვთისგან მოცემულ კუთვნილებაში კი, როგორც ხსენებული კატეხიზმოს ავტორ-გამომცემლები ბრძანებენ, იგულისხმება საიდუმლოს აღსრულების ფორმა, ნივთიერება და წარმოსათქმელი ფორმულა, რომლითაც მღვდელმსახური გარდამოიწვევს სულიწმიდას შესასრულებელ საიდუმლოზე, რომელიც ანიჭებს მას "საიდუმლო-მადლიან მნიშვნელობას".
 
ამავე კატეხიზმოში, როგორც ეს ზემოთ უკვე ვნახეთ და განვმარტეთ, ძალიან მარტივად და გასაგებად არის ნათქვამი, რომ ნათლისღების საიდუმლოში, რომლის დამწესებელი არის თვით უფალი ჩვენი იესუ ქრისტე, საღმრთო კუთვნილება, რისი შეცვლაც დაუშვებელია, არის ნივთიერება (ნათლისღებაში წყალი), გარეგნული მღვდელმოქმედება, ანუ ფორმა (ნათლისღებაში წყალში სამგზის შთაფლვა) და წარმოსათქმელი ფორმულა (ნათლისღებაში თითოეულ შთაფლვაზე წმ. სამების თოთოეული იპოსტატის სახელის წარმოთქმა.
 
ნათლისღების ფორმულა ასე იკითხება: "ინათლება მონა ღვთისა სახელითა მამისათა, და ძისათა და სულისა წმიდისათა. ამენ").
 
ამრიგად, როდესაც საეკლესიო საიდუმლოს ფორმობრივ ცვალებადობაზე ვლაპარაკობთ, მხედველობაში უნდა მივიღოთ ის, რომ ამ საიდუმლოში არ უნდა იცვლებოდეს ღმრთისგან ბოძებული კუთვნილება, საიდუმლოს ის უცვალებელი ნიშნები, რომელთა გარეშეც საიდუმლო ასეთად ვერ ჩაითვლება.
 
ე. ჭელიძის მიერ ზემოთ მოტანილი მაგალითები საიდუმლოს ცვალებადობის და მით უმეტეს ნათლისღებაში შთაფლვის დასხმით შეცვლის გამამართლებელ არგუმენტებად ვერანაირად ვერ გამოდგება, რადგან ეს ცვლილებები არ ეხება უმთავრესს, ანუ "ღმრთისგან ბოძებულ უცვალებელ კუთვნილებას" -  მასალას, საიდუმლოს შესრულების ფორმას და წარმოსათქმელ ფორმულას.
 
წმ. იოანე ოქროპირის მიერ "შემცირებული" ლიტურგიის შესახებ უკვე დეტალურად ვილაპარაკეთ და ვნახეთ, როგორ ამაოდ ცდილობს ე. ჭელიძე ამ ლიტურგიკული საკითხის თავის სასარგებლოდ წარმოჩენას. მაგრამ კიდევ უფრო რომ ცხადვყოთ ჩვენი სათქმელი და ისიც, რომ ზოგიერთი არაარსებითი ჩვეულების ცვალებადობა არ ამართლებს საეკლესიო საიდუმლოთა ფორმის ცვალებადობას, მოვიყვანთ ერთ მაგალითს იმავე ლიტურგიკული პრაქტიკიდან, რომელიც, სხვათა შორის, ჩვენთან მოპაექრეთ არაერთხელ დაუმოწმებიათ. კერძოდ, ფორმათა ცვალებადობის მომხრენი თავიანთი შეხედულების დასტურად გვიმოწმებენ კოვზით ზიარების ტრადიციას, და გვეუბნებიან, რომ ადრე ყოველ ქრისტეანს ზიარება ხელში ეძლეოდა, ახლა კი ეს კოვზით ზიარებით შეიცვალა (ხელით მხოლოდ სასულიერო პირები ეზიარებიან საკურთხეველში).
 
მაგრამ ზოგიერთმა ოპონენტმა არ უწყის, კოვზით ზიარებას სიახლედ და ხელით ზიარების ცვალებადობად ვერ ჩავთვლით, რადგან კოვზით ზიარება უძველესი დროიდანვე არსებობდა. "კოვზიდან ზიარება არც კი შეიძლება არასამოციქულო გადმოცემად იწოდოს, რადგან ყველა მორწმუნე ქრისტეანი ლიტურგიის დაფუძნების დღიდან თვლიდა საჭიროდ უფლის პატიოსან ხორცთან და სისხლთან ზიარებას. მათ შორის კი, ბუნებრივია, იქნებოდნენ ყრმებიც, რომელთაც არ შეეძლოთ ზიარების საკუთარი ხელით მიღება და უეჭველია იქნებოდნენ ისეთი ავადმყოფებიც, რომელთაც ასევე არ შეეძლოთ თავიანთი სნეულების გამო საკუთარი ხელით წმიდა ზიარების მიღება და თუ წმიდა მოციქულებმა არსად თქვეს, ყრმები და ავადმყოფნი არ აზიაროთო, ცხადია, ისინიც აუცილებლად უნდა ეზიარონ და გამოიყენონ კოვზი ზიარების მისაღებად" (Д. С. Варакин იხ. ზემოთ ხს. შრ. О лжице).

ღირ. ეფრემ ასურელი (IV ს.) წერს: "უხორცო სერაფიმმა გავარვარებული მუგუზლით განწმინდა ესაია. მუგუზალი კი ორი ბუნებისგან, ხისა და ცეცხლისგან შედგება. ასევე საზიარებელი პურიც არა მარტო პურია, არამედ ღვთაებრივი ხორციც არის. ამიტომაც, როდესაც საზიარებლად მოდიან ქრისტესმოყვარენი, არა თუ კაცისგან იღებენ საშინელ ზიარებას ან მღვდლისგან, არამედ როგორც თვით სერაფიმისგან იმ ცეცხლოვანი კოვზით, რომელიც იხილა ესაიამ" (ჰომ. 107). მაგრამ ესაიას მიერ ხილულ სერაფიმს ხელში მაშა (ძვ. ქართ. "მარწუხი") ეჭირა და არა  კოვზი (ესაია 6:6); და თუკი ღირ. ეფრემ ასურელმა ის კოვზით შეცვალა, ცხადია, რომ იმ დროს ეკლესიაში არა მარტო ხელით, არამედ კოვზით ზიარების ჩვეულებაც უდავოდ არსებობდა.
 
ასე რომ, ზიარებას ძველთაგანვე ხელითაც იღებდნენ და კოვზითაც, მაგრამ მოგვიანებით ხელით ზიარებას ზოგიერთი არაღვთისმოშიში ბოროტად იყენებდა, რის შესახებაც ისტორიკოს ბარონის წიგნში ვკითხულობთ: "პრისკილიანე, დიდად გონიერი და მჭევრმეტყველი კაცი, და კიდევ ორი ეპისკოპოსი, ინსტანტე და სალვიანე აცთუნა ვინმე მარკოზმა, მანიქეველი მოგვის მოწაფემ მემფისიდან... ეს პრისკილიანელები ევქარისტიას ეკლესიაში კი არ ჭამდნენ, არამედ სახლში მოჰქონდათ; ამიტომაც, როდესაც მათ შესახებ შეიტყვეს ეპისკოპოსებმა, კრება მოიწვიეს, პრისკილიანე და მისი თანამზრახველები განიკვეთეს და დააწესეს ზიარება იქვე, ეკლესიაში მიეღოთ პირით და არა ხელით და დაუყოვნებლივ ეჭამათ..." (Лето Господне 381, число 20).
 
გასაგებია, რომ წმიდა ზიარების მიღებიდან მის ჭამამდე შესაძლებელი იყო ამ წმიდა ძღვენის ნამცეცების დაყრაც, ამით კი მისდამი ღვთისმოშიშება იკარგებოდა. გარდა ამისა, წმიდა ზიარების ამგვარი მიღების დროსაც კი ადგილი ჰქონდა აღმაშფოთებელ მკრეხელობას, როგორც ეს 9 ნოემბრის საკითხავ თვენში, ღირ. თეოკტისტეს ცხოვრების ბოლოშია აღწერილი. სელევკიაში ერთი მწვალებელი ვაჭრის მართლმორწმუნე მონას აუღია წმიდა ზიარება, რომელსაც კიდობანში ინახავდა; როდესაც ამის შესახებ მის ბატონს გაუგია, სიწმიდის განადგურება გადაუწყვეტია, მაგრამ, ჰოი საოცრებავ, ქრისტეს უპატიოსნესი ხორცის მთელ ნაწილს თავთავები გამოეღო... მოგვიანებით წმიდა მამებმა ერისკაცთ ზიარების ხელში მიღება და ეკლესიიდან მისი გატანა აუკრძალეს, ყველაზე მეტად კი წმ. იოანე ოქროპირმა გაილაშქრა. რადგან მისი პატრიარქობის დროს კონსტანტინოპოლში ერთ დედაკაცს ეკლესიაში მიღებული წმ. ზიარება სახლში მიჰქონდა ჯადოქრული რიტუალის აღსასრულებლად. როდესაც ეს გაიგო წმ. ოქროპირმა, ამცნო ყველა ეკლესიას, რათა ამიერიდან ხელში არავისთვის მიეცათ ქრისტეს უპატიოსნესი ხორცი და სისხლი, არამედ კოვზით, ღვინოსთან ერთად, რომელიც არის სისხლი ქრისტესი, პირდაპირ ეკლესიაშივე ეჭმიათ ზიარებად მოსულთათვის. თუ ადრე საზიარებელს ღვინის სახით არსებულ ქრისტეს სისხლს ცალკე ჭურჭლით ასმევდნენ, ზიარებას კი ხელში აძლევდნენ, წმ. იოანე ოქროპირის დროიდან უფლის ხორცსაც და სისხლსაც კოვზით აძლევენ საზიარებლებს და უფლის ხორცთან ხელით მიკარების უფლებას მხოლოდ სამღვდლო პირებს რჩებათ, და არავითარ შემთხვევაში ერისკაცთ (დ. ს. ვარაკინი. იქვე).
 
"ამრიგად, ძველ ეკლესიაში ერთი ჩვეულებაც იყო და მეორეც; კოვზითაც ეზიარებოდნენ და ხელითაც, მაგრამ მოგვიანებით, უკვე ხსენებულ მიზეზთა გამო, დატოვეს მხოლოდ კოვზით ზიარების წესი. თანაც ეს წესი უფრო სრულყოფილია, ვიდრე ზიარების ხელით მიცემის ჩვეულება, რადგან თავიდან არის აცილებული ზემოთ ხსენებული ბოროტგანზრახვები, ხოლო რაიმე გადმოცემის ან საეკლესიო წესის სრულყოფა დანაშაული კი არ არის, არამედ ნებადართული საქმე, როგორც ამას გვამცნებს ღირ. ბიკენტი ლირინელი, რომელიც წმ. მოციქულ პავლეს სიტყვების განმარტებაში: "ო, ტიმოთე, გაუფრთხილდი, რაც მოგენდო" (1 ტიმ. 6:20), ბრძანებს: "ქრისტეს ეკლესიაში სრულყოფილება უნდა იყოს და საკმაოდ დიდიც... ოღონდ ეს სრულყოფა სარწმუნოების ცვლილებას არ უნდა იწვევდეს. სრულყოფა იმაში გამოიხატება, როდესაც რაღაც საგანი სრულ იქმნება თავის თავში, ხოლო ცვალებადობა იმაში, როდესაც რაღაც უკვე აღარ იქნება ის, რაც ადრე იყო.
 
ამრიგად, დაე სრულ იქმნეს და წარემატოს წლებისა და საუკუნეების განმავლობაში გონიერება, ცოდნა, სიბრძნე როგორც თითოეული მორწმუნისა, ასევე მთელი ეკლესიისა, მხოლოდ ერთსა და იმავე სწავლებაში, ერთსა და იმავე აზრში, ერთსა და იმავე ცნებაში. ღადგან, თუ ერთხელ მივცემთ ნებას უკეთურ სიცრუეს, შეცვალოს, დაამახინჯოს და შერყვნას ჭეშმარიტება, ვშიშობ თქმასაც კი, რა საფრთხე შეიძლება თავს დაგვატყდეს ეკლესიის გაპარტახებისა და რელიგიის განადგურების სახით; და თუკი უარვყოფთ კათოლიკე სწავლების ერთ რომელიმე ნაწილს, ჩვენი ამგვარი ნებართვითა და ჩვეულებით ერთიმეორის მიყოლებით, ჭეშმარიტების სხვა ნაწილთა უარყოფასაც დაიწყებენ. ხოლო შემდეგ, როდესაც ნაწილებს სათითაოდ უარყოფენ, რაღა დარჩება თუ არა მთლიანობის ერთობლივი უარყოფა? მეორე მხრივ, ძველს თუ შეურევენ ახალს და შინაურს გაურევენ უცხოს, წმიდას კი უწმინდურთან შეაზავებენ, ჩვეულება იგი აუცილებლად გავრცელდება ყველგან და ისე, რომ უკვე ეკლესიისგან აღარაფერი დარჩება -  არც ერთობა, არც მთლიანობა, არც სიმტკიცე, არც უხრწნელობა. არამედ იქ, სადაც ადრე უხრწნელი ჭეშმარიტების ტაძარი იყო, უკეთურ და ბილწ ცთომილებათა ჭაობი დაიბუდებს. დე, განაშოროს ჩვენი გონებისგან ყოველი სიბილწე ღმრთის სახიერებამ! დე, დარჩეს ის უკეთურთა უგუნურებად!.. ხოლო ვინც კათოლიკეა (ანუ მართლმადიდებელია - რედ.), პირიქით, ნამდვილად ახასიათებს გადმოცემათა და წმიდა მამათა ცნებების დაცვა, უხმარ სიახლეთა გმობა და, მოციქულის სიტყვისამებრ, იმ სწავლებათა შეჩვენება, რაც მოციქულთაგან არ მიგვიღია (Памятные записки, главы 22, 23 и 24).
 
ასე რომ, წმიდა ზიარების მიღება კოვზით, ხელის ნაცვლად, ნამდვილად უკეთესი, ბიკენტი ლირინელის სიტყვებით რომ ვთქვათ, სრულყოფილი ჩვეულებაა, რომელიც ეკლესიამ სიწმინდეზე იმ მკრეხელობის აღსაკვეთად დააწესა, ზემოთ რომ ვახსენეთ" (დ. ს. ვარაკინი. იქვე).კარგად თუ დავუკვირდებით, ყველა ლიტურგიკული ჩვეულება, რომელსაც ჩვენი ოპონენტები საეკლესიო საიდუმლოთა (განსაკუთრებით ნათლისღების) ფორმობრივი მხარის ცვალებადობის გასამართლებლად იყენებენ, ძველადვე უფრო სრულყოფილი ფორმის დასამკვიდრებლად და ზოგიერთი ბოროტგანზრახვის აღსაკვეთად დაიშვებოდა. თანაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ცვლილებები იყო უმნიშვნელო და ისინი საეკლესიო საიდუმლოს ღმრთისგან მოცემულ კუთვნილებას არ ეხებოდა.
 
ნათლისღება რომ ყველა ფორმით არ არის დასაშვები, ეს განწესებულია წმ. მოციქულთა 50-ე კანონში (სადაც ალტერნატიული ნათლობები მოცემული არ არის და გასაგებადაა ნათქვამი, რომ, ვინც არ მონათლავს სამგზის შტაფვლით, უნდა დაემხოს თავისი პატივისგან"). სლავურ "Кормчая"-ში, კანონის სქოლიოში არის ასეთი შენიშვნა: "Крещаемого погружати, а не обливати". საინტერესოა, რატომ დასჭირდათ წმიდა მამებს ასეთი მინიშნების გაკეთება? (უფრო დეტალურად ამაზე ზემოთ, თავში: "წმ. მოციქულთა 50-ე კანონი" ვილაპარაკეთ). გარდა ამისა, ნათლობის საკითხზე არსებულ ყველა განწესებაში ნათქვამია, რომ უნდა შესრულდეს სამგზისი შთაფლვით წყალში და არსად არ არის მითითებული ალტერნატიული ნათლობები.
 
"ვინცა ვინ არა ნათელს სცემდეს სამგზის შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა და ძისა, და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი"). ეს არის კანონი ძველი ბერძნული "კურთხევანიდან", თქვენთვის უკვე კარგად ცნობილი მონოფიზიტების (იაკობიტების) მიღების წესიდან. ამ კანონში ის კი არ არის ნათქვამი: "ვინცა ვინ არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა ან პკურებითა"-ო, არამედ, მხოლოდ და მხოლოდ: "სამგზის შთაფვლითა".
 
დანარჩენი, რასაც ნათლისღების საიდუმლოს ამატებენ ჩვენი ოპონენტები ფორმობრივი თვალსაზრისით, არის მხოლოდ და მხოლოდ მათი ფანტაზია დამყარებული ისეთ აპოკრიფულ და საეჭვო ძეგლებზე, როგორიც "დიდაქეა".
 
ჩვენი ოპონენტები ოფიციალური ეკლესიიდან ნათლისღებაზე და მასთან დაკავშირებულ სარწმუნოებრივ მხარეზე საკუთარი შეხედულებების მიხედვით მსჯელობენ.
 
რატომღაც ისინი არ ფიქრობენ ერთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, კერძოდ, სიმბოლიზმის მნიშვნელობაზე ეკლესიაში. ვინმემ რომ მკერდზე ჯვარი თავდაყირა დაიკიდოს და ასე ატაროს, ჩაითვლება თუ არა ის მკრეხელად და თუ ამის ქადაგებასაც დაიწყებს, იქნება თუ არა მწვალებელი? -  რა თქმა უნდა, იქნება! რატომ? იმიტომ, რომ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა, რომელიც დატვირთულია შინაარსით და მისი დარღვევა შინაარსის დარღვევას იწვევს. შეიძლება ადამიანი აღიარებდეს წმ. სამებას, მაგრამ ნათლავდეს არასწორად. რწმენა მართებული ჰქონდეს, მაგრამ მისი ფორმობრივი გამოხატულება არა! თუ ვიტყვით, რომ ამ ფორმებს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, მაშინ რაღა საჭირო იყო თუნდაც მოციქულთა 50-ე კანონში,ერთგზისი შთაფვლის უარყოფა? Iტყოდნენ: - "თქვენი ნათლობა უფრო კონკრეტულად გამოახატავს ერთი ღმერთის სამპიროვნებას, ვიდრე მაშინ, როდესაც ნათლობას აღასრულებთ სამების სახელზე; ჩვენც ვაღიარებთ სამებას, უბრალოდ ამას ერთგზისი შთაფლვით ვაკეთებთო. რას უპასუხებდნენ? - ბერძნები ამგვარი პოზიციის გამო ლათინებს XI საუკუნეში თავიდან ნათლავდნენ (ამის შესახებ დეტალურად ქვემოთ ვილაპარაკებთ).
 
როგორ ფიქრობთ, ის მწვალებლები, რომელთა წინააღმდეგაც მიიღეს მოციქულებმა ნათლობის ფორმულა, არ იცავდნენ თავიანთ მწვალებლურ ფორმას? იცით, რამდენი ფორმაა (სიმბოლოა) მართლმადიდებლურ ლიტურგიკაში? რა იქნება, მათაც თუ მცირე მნიშვნელობის მქონედ ჩავთვლით? პასუხს წმ. ბასილი დიდი მოგვცემს: "თუკი ვეცდებით, ვითარცა მცირე ძალის მქონე, უარვყოთ დაუწერელი გადმოცემა, შეუმჩნევლად სახარებასაც ვავნებთ ძირითად საკითხებში". ხედავთ, "სახარებასაც ვავნებთ ძირითად საკითხებში"- ო, "სახარებათა ვნება" კი დოგმატურ სწავლებათა შერყვნას ნიშნავს.
 
 

* * *
 
 
ახლა კვლავ დავუბრუნდეთ "კვიპრიანეს ზემოთწარმოდგენილ შეფასებებს, რომელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უძლურებაში მყოფთა დასხმითად ნათლისღების მოძღვრისეული განმარტება" (ე. ჭ. იქვე. გვ 297).
 
"არავის არ უნდა აშფოთებდეს ის, უძლურებაში მყოფნი დაპკურებულნი ანუ დასხმულნი წარმოჩნდებიან, რაჟამს ისინი საღვთო მადლს შეუდგებიან, ვინაიდან წმინდა წერილი წინასწარმეტყველ ეზეკიელის მიერ მეტყველებს და ამბობს: "და ვასხურებ თქვენზე წმიდა წყალს და განიწმინდებით ყველა თქვენი უწმინდურობისგან და ყველა თქვენი კერპისგან, და განგწმენდთ თქვენ და მოგცემთ თქვენ ახალ გულს, და ახალ სულს მოგცემთ თქვენში" (ეზე, 36:25-26); აგრეთვე, "რიცხვთა" წიგნში: "და ადამიანი, რომელიც უწმინდური იქნება საღამოს, ის განიწმინდოს მესამე დღეს და მეშვიდე დღეს და წმინდა იყოს. ხოლო თუ არ იქნება განწმენდილი მესამე დღეს და მეშვიდე დღეს, არ იქნება წმინდა, და მოისპობა ეს სული ისრაელისგან, ვინაიდან პკურების წყალი არ არის დაპკურებული მასზე" (რიცხვ. 19:10-13); და კიდევ: "მიუგო უფალმა მოსეს და უთხრა: მოიყვანე ლევიტელები ისრაელის ძეებისგან და განწმინდე ისინი. და ასე აღუსრულე მათ მათი განწმენდა: შემოაპკურე მათ განწმენდის წყალი" (რიცხვ. 8:5-7); და კიდევ: "პკურების წყალი განწმენდაა" (ძვ. ქართ.: "წყალი პკურებისაი განწმანდა არს") (რიცხვ. 19:9). აქედან ცხადია, რომ წყლის დაპკურებაც მაცხოვნებელი განბანვის მსგავსად დასაცველია და როდესაც ამას ეკლესიაში მოქმედებენ, სადაც ჰგიეს როგორც მიმღებლის, ასევე მბოძებლის შეურყვნელი სარწმუნოება, ღვთის ძალმოსილებასა და ჭეშმარიტებისადმი რწმენას ძალუძს, რომ მტკიცე-ჰყოს, აღასრულოს და სრულყოს ყოველივე" (ე. ჭელიძე. "სული ცხოველი". გვ. 290-293).
 
ე. ჭელიძეს იქვე მოჰყავს ამ ტექსტის რუსული თარგმანი (კიევის სასულიერო აკადემიის გამოცემიდან): "... И еще: вода окропления очищение есть (Числ. 19, 9). Отсюда явно, что и окропление воды действует на подобие спасительной бани, и когда это бывает в церкви, при чистой вере и принимающего и дающего, то все может восполниться и совершиться величием Господним и истинной веры" (Творения, დასახ. გამოც. Киев, 1891, с. 370-371).
 
რა შეიძლება ითქვას ამის შესახებ? რა შეიძლება ითქვას იმაზე, რომ წმიდა მამა პკურებით ნათლობაზე თავისი შეხედულების გასამართლებლად იმოწმებს ძველაღთქმისეულ მაგალითს, სადაც ნახსენებია პკურება? კერძოდ: "და ვასხურებ თქვენზე წმიდა წყალს და განიწმინდებით ყველა თქვენი უწმინდურობისგან და ყველა თქვენი კერპისგან, და განგწმენდთ თქვენ და მოგცემთ თქვენ ახალ გულს, და ახალ სულს მოგცემთ თქვენში" (ეზეკ. 36:25-26).

კიდევ: "და ადამიანი, რომელიც უწმინდური იქნება საღამოს, ის განიწმინდოს მესამე დღეს და მეშვიდე დღეს და წმინდა იყოს. ხოლო თუ არ იქნება განწმენდილი მესამე დღეს და მეშვიდე დღეს, არ იქნება წმინდა, და მოისპობა ეს სული ისრაელისგან, ვინაიდან პკურების წყალი არ არის დაპკურებული მასზე" (რიცხვ. 19:10-13);
 
და კიდევ: "მიუგო უფალმა მოსეს და უთხრა: მოიყვანე ლევიტელები ისრაელის ძეებისგან და განწმინდე ისინი. და ასე აღუსრულე მათ მათი განწმენდა: შემოაპკურე მათ განწმენდის წყალი" (რიცხვ. 8:5-7);
 
და კიდევ: "პკურების წყალი განწმენდაა" (ძვ. ქართ.: "წყალი პკურებისაი განწმენდა არს") (რიცხვ. 19:9).
 
ზემოთ ჩვენ უკვე აღვნიშნავდით (და კიდევ ვილაპარაკებთ), რომ ძველაღთქმისეული საპკურებელი წყალი იყო მადლის სიმბოლო და არა წყალპკურებითი ნათლობისა. ცოდვები კი, მოგეხსენებათ მადლით ჩამოგვერეცხება და არა უბრალოდ თავისა და ტანის დაბანვით (ამაზე მიუთითებს აქ წმ. კვიპრიანეც). საპკურებელი (განმწმენდელი, საკურთხებელი) წყალი ქრისტეს ეკლესიაშიც არსებობს და მით მღვდლები და მღვდელმთავრები აკურთხებენ სახლებს, სხვადასხვა ნივთს, ადამიანებს და სხვა... საგულისხმოა, რომ წყლის ამგვარი პკურების დროს მღვდელი წარმოთქვამს სიტყვებს: "მადლი სულისა წმიდისა".
 
რატომღაც უგულებელყოფენ იმ ფაქტს, რომ ძველ აღთქმაში ეს საპკურებელი (განმწმენდელი) წყალი უნდა შეეზავებინათ წითელი დიაკეულის სისხლთან, რომელიც ბანაკის გარეთ უნდა დაკლულიყო (რიცხვ. 19:1-3). ეს გახლდათ ქრისტეს მიერ საპკურებელი სისხლის წინასახე, რომელიც მან ჯვარს მიაპკურა და თავისი ამ მსხვერპლით ცოდვის წყევისგან გამოგვისყიდა. "ვინაიდან, - როგორც ბრძანებს წმ. მოციქული პავლე, - თუ ვაცთა და ზვარაკთა სისხლი, ან დეკეულის ფერფლი, პკურებით გაწმენდს შებილწულთ, რათა წმიდა იყოს ხორცი, განა სისხლი ქრისტესი, რომელმაც მარადიული სულით უბიწო მსხვერპლად შესწირა თავი ღმერთს, ათასწილ უფრო მეტად არ განწმედს თქვენს სინიდისს მკვდარ საქმეთაგან, ცოცხალი ღმრთის სამსახურისთვის?" (ებრ. 9:13, 14); და კიდევ: "რადგანაც ცხოველთა ხორცი, რომელთა სისხლიც ცოდვის განსაწმედად შეაქვს მღვდელმთავარს საწმიდარში, ბანაკის გარეთ დაიწვის. ამიტომ იესუც, თავისი სისხლით რომ განეწმიდა ხალხი, ბჭის გარეთ ევნო" (ებრ. 13:11-13).
 
ამრიგად, ბანაკის გარეთ დაკლული უბიწო, წითელი დეკეულის სისხლი, რომელსაც უსუპთან ერთად აზავებდნენ საპკურებელ, განმწმენდელ წყალში, წარმოადგენდა ქრისტეს სისხლის სიმბოლოს, უსუპი, ნეტ. თეოდორიტეს განმარტებით არის სიმბოლო იმისა, რომ "სიმხურვალე სიცოცხლისა ანადგურებს სიკვდილის სიცივეს" (Блаж. Феодорит Кирский. Ихъяснение трудных мест божественного писания.Изд. совет. русс. прав. церкви. Москва. 2003. Толк. на кн. Чис., вопр. 35, стр. 156).
 
დეკეული იყო წითელი, წითელი ამ შემთხვევაში მიანიშნებს მიწიერ სხეულს, რადგან ქრისტემ გამოისყიდა ადამის ცოდვა, ადამის სახელი კი, მოგეხსენებათ ნიშნავს წითელ მიწას (თიხას)" (ნეტ. თეოდორიტე. იქვე).
 
დამწვარ დეკეულზე მღვდელი ყრიდა კედარის ხეს, უსუპს და მეწამულ ნართს. ეს სიმბოლოებიც ქრისტეს მსხვერპლზე მიუთითებს: კედარის ხე იყო უფლის ჯვრის წინასახე, მეწამული ნართი - უფლის სისხლისა; უსუპი კი - ქრისტეს ცხოველმყოფელი და განმწმენდელი მადლის ძლიერების სიმბოლოა. "მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროს თოვლისა განვსპეტაკნე" (ფსალმ. 50:9) (ნეტ. თეოდორიტე. Толк. на кн. Чис., вопр. 35). იმავეს ბრძანებს ნეტ. ავგუსტინეც.
 
ამრიგად, საპკურებელ წყალში გაზავებული დამწვარი დეკეულის ფერფლი, "წყალი ცხოველი" (რიცხვ. 19:17), რომელიც იყო სჯულისეული უწმინდურების განმწმენდელი, იყო წყალთან შეერთებული მადლის სიმბოლო, რასაც წარმოადგენენ სწორედ ახალაღთქმისეული ნათლობის წყლები, როგორც ბრძანებს წმ. იოანე მახარობელი: "და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი" (იოანე 7:38). რიცხვთა წიგნის მე- 19 თავი მთლიანად არის დატვირთული ქრისტეს მაცხოვნებელი მსხვერპლისა და მადლის გარდამოსვლის სიმბოლიკით, რომელზეც ამჯერად აღარ შევჩერდებით.
 
ჩვენი ოპონენტები არ ითვალისწინებენ იმ გარემოებას, რომ ძველი აღთქმა მარტო ნათლისღების წინასახეებში ოდენ ქრისტეს სამდღიანი დამარხვის სახეს (შთაფლვას) კი არ წარმოაჩენს თავისი სიმბოლოებითურთ, არამედ წყალთან შეერთებული მადლის წინასახეებსაც.
 
ამიტომაც, წმიდა მამათა განმარტებით, "საპკურებელი წყალი", რომლითაც ძველ ისრაელში ხდებოდა განწმენდა, წინასახე გახლდათ მადლით განწმენდისა. წმ. კვიპრიანე ამ მაგალითებში მოიაზრებს პკურებით ნათლობას, მაგრამ იქვე აღნიშნავს, რომ ეს მისი კერძო აზრია და არა საზოგადო სჯულმდებლობა. წმ. ეკლესიამ ამგვარი აზრი არ შეიწყნარა. მით უმეტეს, რომ სხვა წმიდა მამებს ეს ადგილები სწორედ ქრისტეს სისხლის პკურებით, კაცობრიობის ცოდვის წყევისგან გამოსყიდვისა და მადლით განწმენდის წინასახეებად მიაჩნიათ. სწორედ ამ თვალსაზრისითა აქვთ ნათქვამი წმიდა მამებს (მაგ. წმ. კირილე ალექსანდრიელს), რომ ეს "საპკურებელი წყალი", შეერთებული დეკეულის სისხლთან ნათლისღების, იგივე მადლით განწმენდის წინასახეა.
 
წმ. კირილე ალექსანდრიელი დეტალურად განმარტავს საკითხს წითელი დეკეულის შესახებ, რომელსაც წვავდნენ ბანაკის გარეთ (იხ. რიცხვ. თ. 19) და გვასწავლის, რომ დამწვარი დეკეულის ფერფლშერეული წყლის პკურება იყო ქრისტეს მაცხოვნებელი მსხვერპლის, მის მიერ ჯვარზე მიპკურებული სისხლის წინასახე, ამასთან კი, ჯვრით ბოძებული მადლის წინასახეც, რომლის მიერაც განვიწმინდებით ყოველნი და რომელი მადლიც ჩვენ ქრისტეს სიკვდილის სახედ დამარხვით, ანუ სამგზისი შთაფლვით გვეძლევა. წმიდა მამა განგვიმარტავს, რომ მთელი სამსხვერპლო რიტუალი (წითელი დეკეულის შეწირვა) თავიდან ბოლომდე აღვსილია ქრისტეს მაცხოვნებელ მსხვერპლზე მინიშნებებით. იმავეს ბრძანებენ ნეტ. ავგუსტინე და იერონიმეც.
 
ამრიგად, წმ. კვიპრიანეს მიერ დამოწმებული ძველაღთქმისეული მაგალითები, სხვა წმიდა მამათა განმარტებების მიხედვით, წარმოადგენს არა ნათლისღების საიდუმლოს აღსასრულებელი ფორმის წინასახეებს, არამედ წყალთან შეერთებული მადლის წინასახეს, რადგან, როგორც სრულიად სამართლიანად ბრძანებს წმ. კვპრიანე "... ცხოვნების საიდუმლოში შეცოდებათა ლაქები იმგვარად როდი განიბანება, როგორც ხორციელ და საზოგადოებრივ აბანოში -  კანისა და სხეულის ჭუჭყი, ისე თითქოს საჭირო იყოს გვარჯილა და სხვა რამ დამხმარე საშუალებები, ანთუ აბაზანა და წყალსატევი, რომლებითაც შესაძლებელია ტანის დაბანა და გასუფთავება..." (ცე. ჭ. "სული - ცხოველი". გვ. 290).
 
მოდი, კვლავ წმ. კვიპრიანეს წერილს დავუბრუნდეთ, რომელშიც, როგორც ე. ჭელიძე აღნიშნავს, "განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უძლურებაში მყოფთა დასხმითად ნათელღების მოძღვრისეული განმარტება, რაც საბოლოოდ აქარწყლებს ამ თემით (სარეცელზე მყოფთა მდგომარეობით) სპეკულირების ყოველგვარ შესაძლებლობას" (იქვე. გვ. 297). თუმცა ამ თემით მთავარი სპეკულიანტი თვით ე. ჭელიძე ბრძანდება.
 
გარდა ზემოთ დამოწმებული ადგილებისა, ე. ჭელიძე წმ. კვიპრიანეს ხსენებულ წერილში ყურადღებას ამახვილებს მთელ რიგ გამონათქვამებზე, რომლებზე დაყრდნობითაც ცდილობს წმ. კვიპრიანეს კერძო დამოკიდებულება "უკიდურესად საჭირო აუცილებლობის" შემთხვევაში დასხმითად აღსრულებული ნათლისღებისადმი განაზოგადოს მთელ საეკლესიო პრაქტიკაზე. ცხადია, ე. ჭელიძის მსჯელობას მისი შეხედულებებისადმი უთანხმოებაში მყოფი ოპონენტების ლანძღვაც თან სდევს. წმ. კვიპრიანეს წერილში ამგვარ გამონათქვამთა შორის ე. ჭელიძე ასახელებს შემდეგს: "წყლის დაპკურებაც მაცხოვნებელი განბანვის მსგავსად დასაცველია და როდესაც ამას ეკლესიაში მოქმედებენ, სადაც ჰგიეს როგორც მიმღებლის, ასევე მბოძებლის შეურყვნელი სარწმუნოება, ღვთის ძალმოსილებასა და ჭეშმარიტებისადმი რწმენას ძალუძს, რომ მტკიცე-ჰყოს, აღასრულოს და სრულყოს ყოველივე" (ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 298).
 
ე. ჭელიძის აზრით, "კვიპრიანეს ზემორე სწავლების ზოგადობა მკაფიოდ ჩანს მოტანილი ციტატის ბოლო ნაწილში, სადაც პირდაპირაა თქმული, რომ დასხმითი ნათლობა აღესრულებოდა არა მხოლოდ სარეცელზე მყოფთა სახლებში, არამედ ეკლესიაშიც, თანაც არა - ბავშვებზე (ვთქვათ, სნეულ ბავშვებზე), არამედ ზრდასრულებზე, რადგან მოძღვარი ხაზს უსვამს ნათლობის მიმღებთა შეურყვნელ სარწმუნოებას, რაც სწორედ გაცნობიერებულ ანუ ზრდასრულთათვის ნიშანდობლივ ნათლობას გულისხმობს, ეს მომენტი კი უეჭველს ხდის ხსენებული (დასხმითი სახის) ნათლობის დაშვებულობას თვით ეკლესიის წიაღში (და არა მხოლოდ კლინიკოსთა წოდებულთა ანუ მომაკვდავთა სამყოფელში) აღსრულებული მღვდელმოქმედების დროსაც" (იქვე).
 
დავუშვათ, მართლა ასეა, მაშინ ჩნდება უცნაური გაურკვევლობა: თუ წმ. კვიპრიანეს განმარტება "დასხმაზე" ეკლესიაში საზოგადოდ მიღებული წესი იყო, როგორ უნდა გასჩენოდა კითხვა მაგნუსს (მიუთუმეტეს, თუ ის, როგორც ზოგიერთი მკვლევარი ამბობს, ეპისკოპოსი იყო) დასხმითად მონათლულ კლინიკოსებზე? მაგნუსის კითხვა ხაზს უსვამს სწორედ იმ ფაქტს, რომ კლინიკოსთა დასხმითი ნათლობა (და საერთოდ, დასხმითი ნათლობა) არ იყო ეკლესიის საყოველთაო წესი. სხვაგვარად, დასხმით ნათლობასთან დაკავშირებით (მით უმეტეს, თუ ის უკვე არსებული, დამკვიდრებული და პრაქტიკაში გამყარებული საეკლესიო წესი იყო) არავის არანაირი კითხვა არ უნდა გასჩენოდა.

მიუხედავად ამისა, ე. ჭელიძე იქედნურად კითხულობს: "განა შეიძლება, აქ დამოწმებულ სიტყვებში ვინმესთვის რაიმე ორაზროვნება იყოს (მათ გარდა, ცხადია, რომლებიც საუკუნოდ წარმწყმედი ამპარტავნული სიცრუის ვნებით არიან მოწყლულნი)?" (იქვე. გვ. 300). "როგორც აღვნიშნავდით, - წერს სხვაგან ე. ჭელიძე, - თანამედროვე გადაშთაფლულთა "დოგმატიური" მოძღვრება დასხმითად მონათლულებს სარეცელიდან წამოდგომისთანავე გარდაუვალ შთაფლვით ნათლისღებას ავალდებულებს, რადგან ამგვარნი (დასხმითად მონათლულნი) თურმე, მათი გაკერპებული აზრით, წარმართებად ითვლებიან და მღვდელმაც თითქოსდა სრული ნათლობა უნდა შეასრულოს მათზე. კვლავ მოვუსმინოთ", - წერს ჩვენი ოპონენტი "მეცნიერი" და იმოწმებს მის ადრინდელ ოპონენტებს, რომლებთანაც მათ სიცოცხლეში საკითხებს "ურთიერთსიყვარულითა და მეცნიერებით არკვევდა" ("ეკლესია - სძალი უფლისა". გვ. 1): "ასეთი გამონაკლისების დროს მონათლული ადამიანი თუ ცოცხალი დარჩა, მღვდელმა უნდა აღასრულოს ნათლისღების სრული და კანონიერი წესი, ე. ი. ამგვარად (დასხმითად - ე. ჭ.) ნათელღებულს ეკლესია შეიწყნარებს, როგორც წარმართს და ხელახალი ნათლისღებით მისცემს მრევლთან შეერთების უფლებას". იხ. გადაშთაფლულთა გაზეთი "ღვთიური გზა", 2 გვ. 7". - წერს ე. ჭელიძე.
 
შემდეგ კი თავის ადრინდელ ოპონენტთა ამ ციტატას ასეთი კომენტარით "აგვირგვინებს": "აგრერიგად გველმესიტყვენი და ლიტონთა სასმენელში მეორედნათლობის მარადწარმწყმედელი საცთურის შთამგესვლელნი, თავიანთ თავს "ძველმართლმადიდებლებს" უწოდებენ, თუმცა სწორედ ძველი ანუ პირველი საუკუნეებისა და მსოფლიო კრებათა ეპოქის ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის მგმობელნი არიან (?) თუნდაც ზემორე ცრუდოგმატით, რომლის ძირითურთ აღმოსაფხვრელად აქვე დავიმოწმებთ საკუთრივ ძველი ანუ ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის საღვთო საყვირის, წმ. კვიპრიანე კართაგენელის სრულიად აშკარა და კონკრეტულ პასუხს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რაც პირდაპირ მოსდევს ზემომოტანილ ციტატას" ("სული - ცხოველი". გვ. 303).
 
ამის შემდეგ კი ე. ჭელიძე ზემორე "ცრუდოგმატის" სამხილებლად იმოწმებს წმ. კვიპრიანეს შემდეგ განმარტებას: "... თუ ვინმე მიიჩნევს, რომ ამათ (სარეცელზე მონათლულებს - ე. ჭ.) არაფერი შეუძენიათ და თუ ცარიელნი და უნაყოფონი არიან იმის გამო, რომ მხოლოდ დაესხათ მაცხოვნებელი წყალი, ნუკი მოტყუვდებიან ესენი, რომ თითქოსდა უნდა მოინათლონ, თუკი ავადმყოფობის სიმძიმეს თავს დააღწევენ და გამოჯანმრთელდებიან. მაგრამ თუ არ შეუძლიათ მოინათლონ, რომლებიც უკვე განიწმინდნენ საეკლესიო ნათლისღებით, რადღა უნდა იყვნენ დაბრკოლებულნი საკუთარი რწმენისა და საღვთო გულმოწყალების მიმართ?.." და შემდეგ... ბოლოს კი, წმ. მამის წერილის ამ ციტირებული ადგილის შეჯამებად გვთავაზობს თავის ასეთ დასკვნებს:

«"აი ჭშმარიტად ძველი მართლმადიდებლობის საუკუნოვანი განჩინება: "ნუკი მოტყუვდებიან ესენი, რომ თითქოსდა უნდა მოინათლონ, თუკი ავადმყოფობის სიმძიმეს თავს დააღწევენ და გამოჯანმრთელდებიან", კიდევ: "არ შეუძლიათ მოინათლონ, რომლებიც უკვე განიწმინდნენ საეკლესიო ნათლისღებით". და ბოლოს: "სულიწმიდა არ გაიცემა საზომით, არამედ მთლიანი გადაისხმება მორწმუნეზე"».
 
რა შეიძლება ითქვას წმ. კვიპრიანე კართაგენელის ამ სწავლებაზე, და აქედან გამომდინარე ე. ჭელიძის შეფასებაზეც? ამისთვის ვნახოთ კიევისა და მოსკოვის სასულიერო აკადემიების თარგმანები, სადაც სიტყვასიტყვით წერია: "И потому, сколько нам дано разуметь верою и мыслить, МОЕ МНЕНИЕ таково, что всякого кто получил божественную благодать в Церкви, по закону и праву веры, должно почитать законным христианином. И если кто считает их ничего не получившими, ничего не имущими, потому что они только облиты спасительною водою; то все же ПУСТЬ НЕ ОБОЛЬЩАЮТ ИХ, ЗАСТАВЛЯЯ КРЕСТИТЬСЯ, по освобождении от тяготы болезни и выздоровлении. Не могут быть крещаемы те, которые уже освящены церковным крещением: так для чего же соблазнять их в их вере и благости Господней?" (ციტ. Киприан Карфагенский, свщмч. 62. Письмо к Магну о крещении Новациан и о получивших крещение в болезни. https://azbyka.ru/otechnik/Kiprian_Karfagenskij/pysma/#sel=448:1,448:18; იხ. ასევე: Св. Киприан епископ Карфагенский. Творения. Письмо к Магну о крещении новациан и о получивших крещение в болезни. Москва 1999 г. Изд. "Паломник".  Стр. 646-650).
 
ამ ტექსტიდან ჩანს, რომ წმ. კვიპრიანე ჯერ-ერთი, აცხადებს პირად აზრს (და არა ზოგადსაეკლესიოს), და მეორეც, ის რჩევას იძლევა, თავიდან არ მონათლონ და არ აიძულონ ნათლობა მათ ვინც გათავისუფლდა სნეულების სიმძიმისგან.

ე. ჭელიძის თარგმანში ასეა: "ნუკი მოტყუვდებიან ესენი, რომ თითქოსდა უნდა მოინათლონ, თუკი ავადმყოფობის სიმძიმეს თავს დააღწევენ და გამოჯანმრთელდებიან".
 
კიევისა და მოსკოვის სასულიერო აკადემიის გამოცემებში კი ასე: "და მაინც, ნუ დააბრკოლებენ მათ ("... все же не обольщают их") და ნუ აიძულებენ მოინათლონ ("заставляя креститься") როგორც კი გათავისუფლდებიან სნეულების სიმძიმისგან და გამოჯანმრთელდებიან" (Св. Киприан епископ Карфагенский. Творения. Москва 1999 г. Изд. "Паломник". Письмо к Магну о крещении новациан и о получивших крещение в болезни, стр. 648).
 
ამ სიტყვებიდან კი სულაც არ ჩანს, რომ დასხმითი ნათლობა იყო ზოგადსაეკლესიო წესი, რომელიც მარტო სნეულებზე კი არა, ჯანმრთელებზეც აღესრულებოდა ეკლესიაში, არამედ მეტიც, ამგვარად მონათლულებს სთხოვდნენ თავიდან ნათლობას, რაზეც აშკარად მიანიშნებს წმ. კვიპრიანეს სიტყვები.
 
იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავტოვებთ ე. ჭელიძის თარგმანს: "არ შეუძლიათ მოინათლონ, რომლებიც უკვე განიწმინდნენ საეკლესიო ნათლისღებით", მაინც ის აზრი გამომდინარეობს, რომ წმიდა მამა არ იზიარებდა დასხმითად მონათლული კლინიკოსების თავიდან ნათლობას (ცხადია, შთაფლვით) და დასტურდება ის ფაქტი, რომ ამგვარი ტრადიცია (ანუ დასხმითად მონათლული კლინიკოსების თავიდან ნათლობა) მართლაც არსებობდა.

მაშ, ე. ჭელიძის აზრით, ძველმართლმადიდებელთა გარდა, კიდევ ვინ შეიძლება იყოს "გველმესიტყვენი და ლიტონთა სასმენელში მეორედნათლობის მარადწარმწყმედელი საცთურის შთამგესვლელნი, ... ძველი ანუ პირველი საუკუნეებისა და მსოფლიო კრებათა ეპოქის ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის მგმობელნი ..." და "ცრუდოგმატის" მქადაგებელნი, რომლის "ძირითურთ აღმოსაფხვრელად" დაიმოწმა მან "ძველი ანუ ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის საღვთო საყვირის, წმ. კვიპრიანე კართაგენელის სრულიად აშკარა და კონკრეტული პასუხი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით" ("სული - ცხოველი". გვ. 303)?
 
ცხადია, წმ. კვიპრიანე კართაგენელის თანამედროვე მართლმადიდებელი ქრისტეანები, სასულიერო პირები და შესაძლოა მათ შორის თვით მაგნუსიც. ხოლო საზოგადოდ, ყველა ის მართლმადიდებელი მოძღვარი თუ წმინდანი, რომლებიც, როგორც ეს ზემოთ უკვე ვნახეთ, ეკლესიის მომდევნო საუკუნეებში ეწინააღმდეგებოდნენ დასხმით ნათლობას. და მეტიც, თავიდან გადანათლავდნენ ეკლესიისკენ მოქცეულ მწვალებლებს, რომელთაც თავიანთ მწვალებლურ საკრებულოში დამკვიდრებული ჰქონდათ ნათლობის დასხმით-პკურებითი წესი.
 
ეს უკვე მერამდენედ ლანძღავს ე. ჭელიძე არა მარტო მისთვის საძულველ ძველმართლმადიდებლებს, არამედ როგორც საერთო ეკლესიის (ვგულისხმობ 17-ე საუკუნემდელ მართლმადიდებლობას), ასევე მისივე ეკლესიის წმინდანებსა და ღვთისმეტყველებს, რომლებიც კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ დასხმით-პკურებითი ნათლობისა. ყველა მათგანი პროფესორ ე. ჭელიძის მიერ შერაცხილია "სპეკულიანტებად", "გველმესიტყვეებად", "გესლის მთხეველებად..."
 
"აღბორგებული უწმუნოება" და "გველმესიტყვეობა" ჭეშმარიტად სწორედ ეს არის.
 
დასხმით-პკურებითი "ნათლობის" გასამართლებლად ე. ჭელიძე წმ. კვიპრიანე კართაგენელის კიდევ ერთ გამონათქვამს იხვევს თითზე. ეს არის ტერმინი "საეკლესიო ნათლისღება", რომელიც გვხვდება წინადადებაში: "არ შეუძლიათ მოინათლონ (მათ), რომლებიც უკვე განიწმინდნენ საეკლესიო ნათლისღებით". ე. ჭელიძე წერს: "... წმ. კვიპრიანეს მიერ დასხმითი ნათლობის "საეკლესიო ნათლისღებად" წოდება, რა თქმა უნდა, გამორიცხავდა ამ სახის ნათლობის გამონაკლისად მიჩნევას, რადგან ის, რაც საეკლესიოა, გარდაუვალად სჯულიერია, კანონიკურია" (იქვე. გვ. 306).

ტერმინში "საეკლესიო ნათლობა" ("церковного крещения") წმ. კვიპრიანე გულისხმობს იმას, რომ ის აღსრულდა ეკლესიის წიაღში. ეს არის ეკლესიაში აღსრულებული მოქმედება, რის გამოც აქვსო მას ძალა და მადლი (შეად.: "Не могут быть крещаемы те, которые уже освящены церковным крещением: так для чего же соблазнять их в их вере и благости Господней?"). სხვა ადგილას წმ. კვიპრიანე ასეც წერს: "... წყლის დასხმაც მაცხოვნებელი ემბაზის მსგავსად მოქმედებს, და როდესაც ეს ხდება ეკლესიაში მიმცემისა (მღვდლის - არქიეპ. პ.) და მიმღების (ნათელღებადის - არქიეპ. პ.) წმიდა რწმენით, ყველაფერი შეიძლება აღივსოს და აღსრულდეს ღმრთის სიდიადითა და ჭეშმარიტი რწმენით" (Отсюда явно, что и окропление воды действует на подобие спасительной бани, и когда это бывает в церкви, при чистой вере и принимающего и дающего, то все может восполниться и совершиться величием Господним и истинной веры).
 
ამ არგუმენტთან დაკავშირებით უნდა ვთქვათ, რომ წმ. კვიპრიანე დასხმითად ნათლობისას ღმრთის მადლის ბოძების პირობად ეკლესიაში მის აღსრულებას იმიტომ ასახელებს, რომ ის კატეგორიულად უარყოფდა ეკლესიის გარეთ მწვალებელთა მიერ შთაფლვით ნათლობებსაც კი. ამიტომაც, შეუძლებელი იყო მწვალებელთა საზოგადოებებში აღსრულებული ნებისმიერი საიდუმლოს კატეგორიულ უარმყოფელ წმ. კვიპრიანეს არ აღენიშნა, რომ უკიდურესი საჭიროების დროს აღსრულებული მღვდელმოქმედება აუცილებლად მხოლოდ მაშინ მოქმედებს, როდესაც ის ეკლესიაშია აღსრულებული და არა მის გარეთ.
 
გარდა ამისა, თვით ტერმინ "საეკლესიო ნათლობის" შესახებ ვიტყვით იმასვე, რაც ვთქვით დასხმითად კლინიკოსთა ნათლობის შესახებ, რომელიც ეეჭვებოდა მაგნუსს (და მის გარდა სხვა ქრისტეანებსაც, როგორც ეს ჩანს წმ. კვიპრიანეს პასუხიდან). კერძოდ, დასხმითი ნათლობის საყოველთაოობას თუ ტერმინი "საეკლესიო ნათლობა" ათვალსაჩინოებს, მაშინ არც მაგნუსს უნდა გასჩენოდა მსგავსი შეკითხვა, მითუმეტეს თუ ის ეპისკოპოსი იყო. არც წმ. კვიპრიანეს უნდა დასჭირვებოდა თქმა იმისა, რომ აცხადებდა "საკუთარ აზრს" იმ ზომით, რა ზომითაც აძლევდა მას ამის შესაძლებლობას მისი თავმდაბლობა ... "რამდენადაც ამას სწვდება ჩვენი სიგლახაკე, ვფიქრობთ...".
 
რა შუაში უნდა იყოს აქ სწვდება თუ არა ჩვენი სიგლახაკე დასმულ საკითხს, თუ ეს "საეკლესიო წესია"? მაშინ, მიუხედავად იმისა, წვდება თუ არა მის აზრს ჩვენი სიგლახაკე, ეს წესი კატეგორიულად და გადაჭრით უნდა იქნას დაცული, როგორც იცავდა წმ. კვიპრიანე თავის შეხედულებას მწვალებელთა ნათლობის თაობაზე.
 
ასევე სრულიად უადგილოა ასეთ შემთხვევაში სიტყვა "ვფიქრობთ"... რა არის საფიქრალი იქ, სადაც ლაპარაკია "საეკლესიო საიდუმლოზე", საეკლესიო წესზე, რომელიც ეკლესიის საყოველთაო და მყარი ჩვეულებაა? ფიქრი და განსჯა, საკუთარი აზრის დაფიქსირება და თქმა იმისა, რომ "ამით არავის ვაფრთხილებთ და საკუთარ აზრს თავს არავის ვახვევთ", ... და რომ ... "ყველას აქვს უფლება, იფიქროს ისე, როგორც სურთ და მოიქცეს ისე, როგორც ფიქრობს" ითქმის მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვეევაში, როდესაც ლაპარაკია საყოველთაოდ ცნობილი წესიდან გადახრაზე, განსაკუთრებულ და იშვიათ შემთხვევაზე, რომელსაც ადგილი არა აქვს ეკლესიის პრაქტიკაში.  

და საერთოდ, დასხმა რომ "საეკლესიო ნათლობა" ყოფილიყო, თვით ეს კითხვაც კი არავის უნდა გასჩენოდა. წმ. კვიპრიანე მას ისევე უნდა შეწინააღმდეგებოდა, როგორც ეწინააღმდეგებოდა მწვალებელთა მიღების პრაქტიკაში მათი ნათლობის (და საერთოდ, მათ მიერ აღსრულებული საიდუმლოებების) შეწყნარების საკითხს. რადგან, როგორ არის შესაძლებელი გაჩნდეს კითხვა იმგვარ წესთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადო და საყოველთაოა, საეკლესიოა, ანუ, ე. ჭელიძის განმარტებით, ეკლესიაში მყარად დამკვიდრებული პრაქტიკაა? მაგრამ, რაკიღა ეს შეკითხვა გაჩნდა, რაკიღა ქრისტეანები თავიდან ნათლავდნენ კლინიკოსებს, ცხადია, ე. ჭელიძის ეს მტკიცებაც საფუძველს არის მოკლებული და გახლავთ მხოლოდ ჩვენი ფანტაზიორი "მეცნიერის" "ნააბლაბუდევი" (ჭელიძის ტერმინია).

რატომ არ ამხილა წმ. Kვიპრიანემ, ე. ჭელიძის თქმით, "ეკლესიაში გამოჩენილი სქიზმატიკოსები" და არ უთხრა მათ, - "როგორ ბედავთ და ეკლესიაში ქრისტეს მეორედ ჯვარცმას როგორ ამკვიდრებთო? რატომ ერთი სიტყვითაც კი არ ახსენა "გადაშთაფვლა" და მათ, ვინც კლინიკოსებს თავიდან ნათლავდა, მისებრ მამხილებლად არ შესძახა: "თქვე "ლეყეცებო" და "თავხედებო", როგორ ბედავთ და ეკლესიის კანონიკურ ნათლობას, თავზე წყლის დასხმას როგორ უარყოფთ და, მთლად უარესი, კანონიკურად მონათლულ ქრისტეანებს ხელმეორედ როგორ ნათლავთო?" - იმიტომ, რომ, ჯერ-ერთი, წმ. კვიპრიანე ე. ჭელიძესავით მართლა თავხედი როდი იყო, ასე ეთქვა, და მეორეც, მას საწოლში მწოლიარეთა დასხმითი ნათლობა ეკლესიის საყოველთაო კანონიკურ ჩვეულებად არ მიუჩნევია, რადგან, ასე რომ ყოფილიყო, მაშინ ის უეჭველად და პრინციპულად გაილაშქრებდა დასხმითი ნათლობის უარყოფისა და მისი განმეორების წინააღმდეგ. თუმცა მსგავსი არაფერი ხდება და წმ. კვიპრიანე იმასაც კი ამბობს, ჩემი შეხედულება გინდ მიიღეთ და გინდ არაო. მაშ, როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა ეკლესიის აბსოლუტურად კანონიკურ წესზე რომელიმე წმინდანი ასე მსჯელობდეს?
 
წმ. კვიპრიანეს მიერ მაგნუსისადმი მიწერილ წერილთან დაკავშირებით საბოლოოდ ვიტყვით: ჩვენ არ ვდაობთ იმაზე, რომ წმ. კვიპრიანე მადლმიღებულად მიიჩნევდა სნეულებაში დასხმითად მონათლულ ქრისტეანს, მაგრამ გარკვეული გარემოებების გამო, ე. ჭელიძისგან განსხვავებით, კატეგორიული მტკიცებებისგან თავს ვიკავებთ და ამის საფუძველს თვით წმ. კვიპრიანე კართაგენელი გვაძლევს (განსაკუთრებულ შემთხვევებში მონათლულთა საკითხს ჩვენ ქვემოთ, თავის ადგილას შევეხებით).
 
ამრიგად, მაგნუსისადმი მიწერილი წმ. კვიპრიანეს ეპისტოლედან გამომდინარეობს ასეთი დასკვნა:
 
1. წმ. კვიპრიანე დასხმით ნათლობას დასაშვებს მიიჩნევს "უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში" ("в случае крайней необходимости") და ასეთი ვითარებისთვის განმარტავს, რომ: "... წყლის დასხმაც მაცხოვნებელი ემბაზის მსგავსად მოქმედებს, და როდესაც ეს ხდება ეკლესიაში, როგორც მიმცემის (მღვდლის - არქიეპ. პ.) და მიმღების (ნათელღებადის - არქიეპ. პ.) წმიდა რწმენით, ყველაფერი შეიძლება აღივსოს და აღსრულდეს ღმრთის სიდიადითა და ჭეშმარიტი რწმენით" ("Отсюда явно, что и окропление воды действует на подобие спасительной бани, и когда это бывает в церкви, при чистой вере и принимающего и дающего, то все может восполниться и совершиться величием Господним и истинной веры").
 
2. დასმულ შეკითხვას (შეიძლება თუ არა სჯულიერ ქრისტეანებად ჩავთვალოთ უძლურებასა და სნეულებაში მყოფთა ნათლობა, როდესაც ისინი კი არ განბანილან (ანუ არ შთაფლულან - არქიეპ. პ.), არამედ მხოლოდ დაესხათ მაცხოვნებელი წყალი?) კვიპრიანე სჯულმდებლობითად კი არ პასუხობს, როგორც წარმოაჩენს ამას ე. ჭელიძე (უფრო სწორად, ის საერთოდ არ წარმოაჩენს წმ. კვიპრიანეს პასუხის ამ ადგილს), არამედ ფრთხილად და ვარაუდით და ბრძანებს "როგორც ამას მისწვდება ჩვენი აზრი". კერძოდ, წმ. კვიპრიანე წერს, რომ: "ამ მიმართებით ჩვენი მოკრძალება და მორჩილება არავის აფრთხილებს საკუთარი მოსაზრებით ("В этом отношении скромность и смирение наше ни кого не предупреждает своим мнением...") და ყველას აძლევს ნებას იფიქროს ისე, როგორც სურს და იმოქმედოს ისე როგორც ფიქრობს ("...предоставляя всякому думать как угодно и поступать как думает"). ჩვენ, რამდენადაც სწვდება ამას ჩვენი სიგლახაკე, ვფიქრობთ, რომ არანაირად არ შეიძლება უკმარი იყოს და უძლური ღმრთის სიკეთე, და რომ შეუძლებელია მივიღოთ რაიმე ნაკლები იქ, სადაც როგორც მიმცემის (მღვდლის - არქიეპ. პ.) და მიმღების (ნათელღებადის - არქიეპ. პ.) წმიდა რწმენით, ყველაფერი შეიძლება აღივსოს და აღსრულდეს ღმრთის სიდიადითა და ჭეშმარიტი რწმენით" ("Мы, сколько разумеет мерность наша, полагаем, что благодеяния Божии ни в чем не могут быть недостаточны и слабы, и что нельзя получить чего- либо меньше там, где с полною верою, и принимающего и подающего, приемлется то, что черпается из божественных даров").
 
წმ. კვიპრიანე თავის აზრს ხსენებულ საკითხზე გამოთქვამს ფრთხილი ვარაუდით და იყენებს ისეთ გამოთქმებს, როგორიცაა: "და იმისდა მიხედვით, თუ რაოდენი გულისხმისყოფა გვებოძა რწმენითა და აზრით, ჩემი შეხედულებით..." ("И потому, сколько нам дано разуметь верою и мыслить, мое мнение таково...") და სხვა...
 
განსაკუთრებით საინტერესოა წმ. კვიპრიანეს ბოლო სიტყვები, რომლებიც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აცამტვერებს ე. ჭელიძის მიერ ქვიშაზე აგებულ საღვთისმეტყველო სტრუქტურას: "ჩემო საყვარელო შვილო, შენს წერილზე გიპასუხე იმ ზომით, რა ზომითაც შეეძლო ეს ჩემს სიგლახაკეს ისე, რომ საკუთარ აზრს არავის ვახვევ; ყველა წინამძღვარი უფლებამოსილია, იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ, ოღონდ ყველა თვითონ გასცემს პასუხს უფალს თავისი ქმედებისთვის" ("Я отписал на письмо твое, возлюбленнейший сын, сколько была в состоянии сделать это наша малая мерность, и показал как мы, посильно, думаем, никому не навязывая своего мнения; всякий предстоятель волен распорядиться по своему усмотрению, имея отдать отчет Господу в своем действии").

ამრიგად, სად არის აქ წმ. კვიპრიანეს "სჯულმდებლობა", "საეკლესიო წესის" ურყევი გადმოცემა? თუ ეს არის წმიდა მამის კერძო აზრი, რომელსაც ის თავს არავის ახვევს? ცხადია, ეს წმიდა მამის კერძო აზრია და არა მისი სჯულმდებლობა ან ურყევი საეკლესიო წესი...
 
ე. ჭელიძემ დაამახინჯა წმ. კვიპრიანეს პასუხი მაგნუსისადმი იმით, რომ მან წმ. კვიპრიანეს კერძო და მოკრძალებულ ვარაუდებს მიანიჭა სჯულმდებლობითი, ზოგადსაეკლესიო მნიშვნელობა. აზრები, სადაც ჩანს წმიდა მამის კერძო, ვარაუდის ფორმით გამოთქმული ხასიათი, აიყვანა სავალდებულო დოგმატის რანგში. ის ადგილი, სადაც ჩანს, რომ კვიპრიანე არავის უკრძალავს მისი აზრის საწინააღმდეგო შეხედულების ქონას და არც განიკითხავს მათ ამის გამო და ე. ჭელიძესავით "გველმესიტყვეებს" არ უწოდებს, გამოაცხადა წმიდა მამის ზოგადსაეკლესიო რჯულდებად, ზოგადსაეკლესიო წესად.
 
ე. ჭელიძე გვერდს უვლის წმ. კვიპრიანეს წერილის ამ ნიუანსებს და საქმეს ისე წარმოგვიჩენს, თითქოსდა ის დასხმითი ნათლობის სჯულმდებელი და რაც მნიშვნელოვანია, საყოველთაოდ მიღებული საეკლესიო წესის მტკიცედ გადმომცემი იყოს.
 
მაგრამ ვკითხოთ ე. ჭელიძეს - განა შეიძლება ეკლესიისთვის ურყევად ბოძებულ წესზე ამბობდეს წმიდა მამა, რომ ეს მისი "კერძო აზრია", რომ "ამ აზრს თავზე არავის ახვევს", რომ "ყველას შეუძლია იფიქროს ისე, როგორც სურს და იმოქმედოს ისე, როგორც ფიქრობს"? პირიქით, განა ურყევი საეკლესიო წესი წმ. კვიპრიანეს არ დაავალდებულებდა, მტკიცედ და გადაჭრით ეთქვა, -  "დასხმითი ნათლობა ისეთივე სჯულიერი წესია, როგორც შთაფლვა, და ისიც განბანვასთან ერთად გვაქვს მიღებული მოციქულთაგან"-ო?
 
არ შეეძლო წმ. კვიპრიანეს დაემოწმებინა "დიდაქე", რომელსაც ე. ჭელიძე იმ დროისთვის საყოველთაოდ მიღებულ კატეხიზმოს და მოციქულთა უეჭველ სწავლებას უწოდებს? მაშ, რატომ არის წმ. კვიპრიანე ასე ფრთხილი თავისი შეხედულების გადმოცემისას? იმიტომ ხომ არა, რომ ეს სწორედ მისი კერძო შეხედულებაა და არა საზოგადო?
 
ვფიქრობ, ყველაფერი ნათელი უნდა იყოს. ე. ჭელიძის მიერ მოყვანილ ციტატებში წმ. კვიპრიანეს ეს ფრთხილი და კერძო გამონათქვამები გამოტოვებულია და საქმე ისეა წარმოჩენილი, თითქოსდა წმ. კვიპრიანე გამოხატავდეს იმდროინდელი ეკლესიის ურყევ აზრს დასხმით ნათლობასთან დაკავშირებით.
 
ე. ჭელიძე აბუქებს წმ. კვიპრიანეს გამონათქვამს, რომლის მიხედვითაც: "შეუძლებელია თავიდან ნათლობა მათი, ვინც უკვე განწმენდილნი არიან საეკლესიო ნათლობით: მაშ რატომ უნდა დავაბრკოლოთ ისინი მათ რწმენასა და ღმრთის სახიერებაში?" ("Не могут быть крещаемы те, которые уже освящены церковным крещением: так для чего же соблазнять их в их вере и благости Господней?").
 
მაგრამ, ჩვენი ავტორი ტოვებს იმ ფრაზას, რაც წინ უძღვის ხსენებულ დასკვნას. კერძოდ, როგორც უკვე ვთქვით, წმ. კვიპრიანეს სწავლებით საეკლესიო საიდუმლოებები ნაკლულევანი წესითაც შეიძლება აღსრულდეს ოღონდ მხოლოდ "უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევებში". წმ. კვიპრიანე იმასაც კი აღნიშნავს (თანაც ფრთხილად და არა კატეგორიულად), რომ "თუ ვინმე მათ (კლინიკოსებს - არქიეპ. პ.) არაფრის მიმღებად და არაფრის მქონედ მიიჩნევს (აქ, ცხადია, იგულისხმება ღმრთის მადლის მიღება - არქიეპ. პ.), რადგან მათ მხოლოდ გადაესხათ მაცხოვნებელი წყალი; მაინც არ დააბრკოლონ ისინი, და არ აიძულონ თავიდან ნათლობა სნეულებისაგან გათავისუფლებისა და გამოჯანმრთელების შემდეგ" ("И если кто считает их ничего не получившими, ничего не имущими, потому что они только облиты спасительною водою; то все же пусть не обольщают их, заставляя креститься, по освобождении от тяготы болезни и выздоровлении"). სწორედ ამ წინადადებას მოსდევს ფრაზა: "Не могут быть крещаемы те, которые уже освящены церковным крещением: так для чего же соблазнять их в их вере и благости Господней?" და მთელ ამ შეხედულებას საკუთარ აზრად წარმოაჩენს, რომლის მიღება-არმიღებასაც მოძღვართა თავისუფალ ნებასა და შეხედულებებს ანდობს.
 
მაშასადამე, წმ. კვიპრიანეს მთელი ამ ნაწერიდან გამომდინარეობს ის აზრი, რომ ეკლესიაში ყოფილან ადამიანები, რომლებიც არ შეიწყნარებდნენ ე. წ. "კლინიკოსთა" ნათლობას და დასხმითად მათი მონათვლის შემთხვევაში თავიდან ნათლავდნენ, რადგან მადლის მიუღებლად მიიჩნევდნენ მათ. წმ. კვიპრიანეს ამ შეხედულების საწინააღმდეგო აზრი აქვს, რომელსაც, მიუხედავად საკუთარ თავში დარწმუნებისა, ფრთხილად გამოთქვამს და მის განუხრელ შესრულებას არავის აიძულებს. არამედ, "ყველას აძლევს ნებას, იფიქროს ისე, როგორც სურს და იმოქმედოს ისე, როგორც ფიქრობს".
 
თავისი წიგნის "სული - ცხოველი" (თბ. 2012) 410-ე გვერდზე ე. ჭელიძე, რომელიც "ვერაგებად" და "ჩლუნგებად" გვსახავს, ნეოკესარიის 12-ე და ლაოდიკიის 47-ე კანონებთან დაკავშირებით (ამის შესახებ იხ. ქვემოთ) ღვარძლითა და ნიშნისმოგებით განგვიმარტავს, თუ რას ნიშნავს "ვერაგობა" და "სიჩლუნგე": "ვერაგობა, - წერს იგი, - გულისხმობს თავად მცდელობას იმისას, რომ მავანმა თავისი ჭკუისამებრ გადააკეთოს, გადაამზავკროს, გადაარჯულმდებლობს მსოფლიო კრებათა დადგენილებანი (ცხადია იგივე ითქმის წმიდა მამათა თხზულებებზეც - არქიეპ. პ.)", ხოლო "აზრგაუმტარი უმეცრებითი სიჩლუნგე მაშინ იჩენს თავს, როდესაც მავანს ჰგონია, ზემორე რჯულდებითი განჩინებანი მის გარდა არავის წაუკითხავს და არც არავის განუმარტავს..." (იქვე. გვ. 410).
 
ზემოთ ვნახეთ, "თავისი ჭკუისამებრ" როგორ "გადააკეთებს, გადაამზაკვრებს და გადაარჯულმდებლებს" წმიდა მამის, კვიპრიანე კართაგენელის პასუხს ეპისკოპოს მაგნუსისადმი "მეცნიერი" და "თეოლოგი" ე. ჭელიძე. ის, ფაქტობრივად, ამახინჯებს წმ. მამის პასუხს, ტოვებს მთელ რიგ გამონათქვამებს, რომელთა გათვალისწინება ბ-ნ "მეცნიერს" მისთვის სასურველი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას არ მისცემს და დარჩენილ (თუმცა უკვე ქვეტექსტიდან ამოგლეჯილ) სიტყვებს ისე აბუქებს, თითქოსდა ზოგადსაეკლესიო ჭეშმარიტებაზე მეტყველებდეს. ამგვარი ქმედება თვით ე. ჭელიძემ შეაფასა "ვერაგობად", ამიტომაც, თუ ვიტყვით, რომ ჩვენს ოპონენტ "მეცნიერს" ცრუპენტელობის გარდა "ვერაგობაც" ახასიათებს, ნამდვილად არ შევცდებით. მაგრამ ეს კიდევ არაფერი, ე. ჭელიძის "საღვთისმეტყველო" და "სამეცნიერო" განმარტებებში თავს იჩენს არა მარტო მისი ცრუპენტელობა და სივერაგე,  არამედ "აზრგაუმტარი უმეცრებითი სიჩლუნგეც", რადგან ჰგონია, წმ. კვიპრიანე კართაგენელის პასუხი "მის გარდა არავის წაუკითხავს". მეტიც, ე. ჭელიძის ამგვარი დახასიათება შესაძლოა ყველა იმ მოწმობიდან გამომდინარეც, რომლებიც ზემოთ უკვე განვიხილეთ და რომლებს ქვემოთაც შევეხებით. მათ შორისაა ნეოკესარიისა და ლაოდიკიის კრებების ხსენებული კანონებიც.
 


 
***
 

ამრიგად, ვფიქრობთ თვალსაჩინოდ წარმოვაჩინეთ პროფ. ე. ჭელიძის თაღლითობა წმ. კვიპრიანე კართაგენელის მაგნუსისადმი მიწერილ ეპისტოლეში გამოთქმულ შეხედულებებთან დაკავშირებით. აქ შეიძლებოდა წერტილი დაგვესვა ამ საკითხისთვის, მაგრამ გადავწყვიტეთ, ამ პრობლემატიკას სხვა კუთხითაც შევხედოთ. კერძოდ, ვგულისხმობთ წმ. კვიპრიანე კართაგენელის მყარი და არამყარი შეხედულებების გაზიარების საკითხს. და კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტს, რომლის შესახებაც ქვემოთ დეტალურად ვილაპარაკებთ.
 
ეკლესია ყოველთვის აღიარებდა ერთ ნათლისღებას (ანუ ნათლისღების საიდუმლოს ერთჯერადობას, მის მხოლოდ ერთხელ შესრულებას), ამიტომაც, როგორც დღეს, ასევე პირველ საუკუნეებშიც ნათლისღების საიდუმლო არ მეორდებოდა; ასეთი რამ ხდებოდა მხოლოდ მწვალებლებზე და ისიც არა ყველგან.
 
აღმოსავლეთის ზოგიერთი ეკლესია, ასევე კართაგენისა და აფრიკის ეკლესიათა უმეტესობა თავიდან ნათლავდა მართლმადიდებლური ეკლესიისკენ მობრუნებულ ყველა მწვალებელს, რადგან არასწორად მიიჩნევდა მწვალებლური სწავლებების შემცველ საზოგადოებებში აღსრულებულ ნათლობას. მაგრამ სხვა ეკლესიები, კერძოდ, ალექსანდრიისა და რომისა, პირიქით, მწვალებლებს (უფრო ზუსტად, ყველა მწვალებელს) არ გადანათლავდა, თუ თვით ნათლისღების საიდუმლო შესრულებული იყო სწორი ფორმით (შთაფლვით) და მოწოდებით: სახელითა მამისათა, ძისათა და წმიდისა სულისათა.
 
ამგვარი განსხვავებული შეხედულებების გამო, მწვალებელთა ნათლობასთან და ეკლესიაში მათი მიღების წესთან დაკავშირებით III საუკუნის შუაწლების ეკლესიაში მოხდა დიდი დავა. რომის ეპისკოპოსი სტეფანე (235-257) აღმოსავლეთისა და აფრიკის ეკლესიებს უმტკიცებდა, რომ მწვალებლები არ უნდა ექვემდებარებოდნენ გადანათვლას და იმუქრებოდა, რომ გაწყვეტდა ევქარისტულ ერთობას მათთან, ვინც სხვაგვარად ფიქრობდა, ხოლო კართაგენის ეპისკოპოსს, რომელმაც თავისი დასაბამი თვით რომის ეკლესიისგან მიიღო, განკვეთითაც კი ემუქრებოდა.

მეორეს მხრივ, მწვალებელთა გადანათვლას ითხოვდა კესარია- კაპადოკიის ეპისკოპოსი ფირმილიანე და ზემოთ ხსენებული ეპისკოპოსი კვიპრიანე კართაგენელი, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მადლი მხოლოდ ჭეშმარიტ, ქრისტეანულ ეკლესიაშია, ამიტომაც, ნათლობა, რომელიც მის გარეთ სრულდება, არ შეიძლება ჩაითვალოს ნამდვილ ნათლობად.
 
ამ საკითხს რამდენიმე კრება მიეძღვნა: ერთი მცირე აზიაში (253 წ.) და სამი კართაგენში (255- 256 წწ.), რომლებზეც მიღებულ იქნა ყველა მწვალებლის გადანათვლის დადგენილება. წმიდა დიონისე ალექსანდრიელი მთელი თავისი ეკლესიით ემხრობოდა რომის ეკლესიის შეხედულებას, მაგრამ ირინეოს ლიონელის მსგავსად, თავისი ეპისტოლეებით ცდილობდა, დაერწმუნებინა სტეფანე, არ დაერღვია საეკლესიო ერთობა და მშვიდობა, და ყველა ეკლესიას ემოქმედა საკუთარი გადმოცემის შესაბამისად.
 
მწვალებელთა მიერ აღსრულებულ საიდუმლოებებზე ამგვარი შეხედულება დარჩა IV საუკუნემდე, როდესაც მსოფლიო კრებებზე დადგენილ იქნა საზოგადო, საერთო კანონები, თუ რომელი მწვალებლები მიეღოთ მართლმადიდებლურ ეკლესიაში სრული ნათლისღებით და რომლები არა (ანუ რომელი მწვალებლების ნათლობა არ მიიჩნეოდა ნამდვილად).
 
ამ დავაში განსაკუთრებული მტკიცე პოზიცია ეპყრა წმ. კვიპრიანე კართაგენელს, რომელიც არა მარტო მწვალებელთა მიერ აღსრულებულ საიდუმლოებებს არ ცნობდა და ეკლესიისკენ მოქცევის შემთხვევაში მათ გადანათვლას ითხოვდა, არამედ როდესაც დადგა საკითხი როგორ შეეწყნარებინათ ეკლესიაში ნოვატიანელნი (მათ შესახებ იხ. ქვემოთ), კვიპრიანე მათი შეწყნარების კატეგორიული წინააღმდეგი გამოვიდა. მისი აზრით არ უნდა შეეწყნარებინათ თავიანთსავე ხარისხებში არა მარტო ის ნოვატიანელნი, რომლებმაც ხელდასხმა ნოვატიანურ საზოგადოებაში მიიღეს, არამედ ისინიც კი, ვინც ხელდასხმული იყო მართლმადიდებლურ (კათოლიკე) ეკლესიაში, რადგანო, ამბობდა კვიპრიანე, მათ ეკლესიის წინააღმდეგ მიმართესო ის იარაღი, რაც ეკლესიისგანვე ებოძათ, ამიტომაც, არა აქვთო უფლება გამოიყენონ იგი ეკლესიაში მობრუნების შემდეგ. მით უმეტეს, ეს უნდა ითქვას ნოვატიანელთა მიერ ხელდასხმულ ეპისკოპოსთა შესახებაც (იხ. Проф. В. В. Болотов. История Древней Церкви т. II. IV. Споры о дисциплине и расколы в древней церкви. 3. Спор о крещении еретиков. https://azbyka.ru/otechnik/Vasilij_Bolotov/lektsii-po-istorii-drevnej-tserkvi-tom-2/2_11).
 
ამ ისტორიის გახსენება იმიტომ დაგვჭირდა, რომ ჩვენს მკითხველს შევუქმნათ წარმოდგენა, როგორი პრინციპული იყო კვიპრიანე ეკლესიისკენ მოქცეულ მწვალებელთა ნათლობის საკითხში და შევადაროთ ის წმ. კვიპრიანეს შეხედულებას დასხმით-პკურებით ნათლობაზე, რაც მან პასუხად მისწერა მაგნუსს და რომელშიც საკუთარ აზრს არავის ახვევს და ყველას აძლევს უფლებას "იფიქრონ ისე, როგორც სურთ და იმოქმედონ ისე როგორც ფიქრობენ". ბოლოს კი წერდა: "გიპასუხე იმ ზომით, რა ზომითაც შეეძლო ეს ჩემს სიგლახაკეს ისე, რომ საკუთარ აზრს არავის ვახვევ; ყველა წინამძღვარი უფლებამოსილია იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ, ოღონდ ყველა თვითონ გასცემს ღმერთს პასუხს თავისი მოქმედებისთვის"-ო).
 
ე. ჭელიძე, როგორც ეს ზემოთ თვალსაჩინოდ ვნახეთ, ამახინჯებს წმ. კვიპრიანეს მიერ სიფრთხილით გამოთქმულ კერძო მოსაზრებას, ტოვებს იმ ადგილებს, სადაც წმ. კვიპრიანე აღნიშნავს, რომ ეს მისი კერძო შეხედულებაა და ყველას უტოვებს საკითხზე დამოუკიდებელი ფიქრისა და მოქმედების უფლებას, და ამგვარი დამახინჯებით ცდილობს, მისი მერყევი შეხედულება სჯულმდებლობის რაგნში აიყვანოს.
 
მაგრამ ნამდვილად მტკიცე და ურყევი აზრი წმ. კვიპრიანეს გააჩნდა სწორედ მწვალებელთა ნათლისღებისა და ხელდასხმების საკითხში. ის შეურიგებელი იყო ამ საკითხთან დაკავშირებულ სხვა აზრთან. ნამდვილი სჯულმდებლობა წმ. კვიპრიანესი სწორედ ამ საკითხში გამოვლინდა, რაც სამი კრებითაც გამოიხატა.
 
წმ. კვიპრიანე მონაწილეობდა კართაგენის იმ სამივე კრებაზე (255-256), რომლებზეც დამტკიცდა ეკლესიისკენ მოქცეულ მწვალებელთა გადანათვლის საკითხი.
 
255 წლის კრებას კვიპრიანესთან ერთად ესწრებოდა კიდევ 31 ეპისკოპოსი. კრების მოწვევის მიზეზი გახდა თვრამეტი ნუმიდიელი ეპისკოპოსის კოლექტიური წერილი მწვალებელთა ნათლობის საკითხთან დაკავშირებით. პასუხად ნუმიდიელმა ეპისკოპოსებმა მიიღეს კრებითი დადგენილება: მწვალებლები აუცილებლად უნდა გადაინათლონ.
 
256 წლის გაზაფხულზე შედგა მორიგი კრება, რომელშიც უკვე 71 ეპისკოპოსი მონაწილეობდა. ამ კრებამ დაადასტურა წინა კრების დადგენილება მწვალებელთა ნათლობის თაობაზე. წმ. კვიპრიანემ რომის ეპისკოპოს სტეფანეს მისწერა ამის შესახებ და კრების აქტებიც გაუგზავნა რომში. პაპ სტეფანეს პოზიცია ცნობილია: ის კატეგორიულად მოითხოვდა რომის ჩვეულების დაცვას - არ გადაენათლათ მწვალებელნი, ხოლო სხვაგვარად მოაზროვნეებს ეკლესიიდან განკვეთით ემუქრებოდა. ფირმილიანემ, კესარია-კაპადოკიის ეპისკოპოსმა, კვიპრიანეს გაუგზავნა თანაგრძნობის გამომხატველი წერილი, რომელშიც სტეფანეს სულელი უწოდა (წერილი 75-ე, XVII, 1) და თქვა, რომ აღმოსავლეთის ყევლა ეკლესიის განკვეთით (აფრიკის ჩათვლით), მან, სტეფანემ, არსებითად, საკუთარი თავი განკვეთა ეკლესიიდან (წერილ 75, XXIV, 2).
 
256 წლის 1 სექტემბერს შედგა უკვე მესამე კრება წმ. კვიპრიანეს მონაწილეობით, რომელსაც 87 ეპისკოპოსი ესწრებოდა. ამ კრების ოქმი ასეა დასათაურებული: "87 ეპისკოპოსის შეხედულება მწვალებელთა აუცილებელი გადანათვლის შესახებ".
 
ეს იყო კრების პასუხი სტეფანესადმი. კრებამ თავისი აზრი ერთსულოვნად გამოხატა.
 
1. კრებაზე ეპისკოპოსმა იუბაიანემ და კვიპრიანემ ჯერ წაიკითხეს წერილები მწვალებელთა ნათლობის შესახებ.
 
2. შემდეგ წაიკითხეს წინა კრების წერილი პაპ სტეფანესადმი.
 
3. შემდეგ წაიკითხეს სტეფანეს საპასუხო მუქარა.
 
4. და ბოლოს კვიპრიანეს მიმართვა დამსწრეთადმი, სადაც კვიპრიანე კართაგენელი ბრძანებდა: "თქვენ უკვე გესმათ, ძვირფასო კოლეგებო, ეპისკოპოს იუბაიანეს წერილი, რომელიც თათბირობდა ჩემთან მწვალებელთა უსჯულო და ბილწი ნათლისღების შესახებ და ჩემი პასუხიც, რომელიც შეიცავს არაერგთზის განმეორებულ შეხედულებას, რომ ეკლესიისკენ მოქცეული ცოდვილები უნდა მოინათლონ და იკურთხონ ეკლესიაში. თქვენ გაეცანით ასევე იუბაიანეს სხვა წერილსაც, რომელშიც ის, გულწრფელად და ღვთისმოსაობით, არა მარტო ეთანხმება ჩემს აზრს, არამედ მადლობასაც კი მიხდის იმისთვის, რომ ახლა ის უკვე დარწმუნებულია. ამჯერად ყოველ თქვენთაგანს მართებს, გამოთქვას საკუთარი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით ისე, რომ არავინ განსაჯოს და არავინ განკვეთოს სხვა აზრის გამო. ჩვენგან არავინ აყენებს თავს ეპისკოპოსთა ეპისკოპოსად და ტირანული დაშინებებით არავის აიძულებს უცილობელ მორჩილებას. ყოველი ეპისკოპოსი თავისუფალია და აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს თავისი ძალაუფლებით და საკუთარი შეხედულებისამებრ; მას არ შეუძლია განიკითხოს სხვა და შეუძლებელია თვითონაც იქნეს განკითხული სხვისგან. დაველოდოთ ყველანი ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს საუკუნო სამსჯავროს, რომელიც არის თავი ეკლესიისა და რომელსაც აქვს მხოლოდ უფლება, განსაჯოს ჩვენი ქმედებანი".
 
ამის შემდეგ ყველა ეპისკოპოსმა (ოქმში ჩაწერილია ეპისკოპოსთა სახელები და ქალაქები, რომელთა კათედრებიც მათ ეპყრათ) გამოთქვა თავისი "სენტენცია". ყველას აზრი ერთსულოვანი გახლდათ" (რუსულ თარგმანში: "Вы слышали, дорогие коллеги, письмо епископа Юбайана, советовавшегося со мной о беззаконном и нечистом крещении у еретиков, и мой ответ, содержащий неоднократно высказываемое мною мнение, что грешников, возвращающихся в Церковь, должно крестить и освятить крещением в Церкви. Прочтено вам и другое письмо Юбайана, в котором он, искренний и благочестивый, не только выражает свое согласие со мной, но и благодарит меня за то, что теперь он наставлен. Теперь остается каждому из нас выразить свое мнение по этому поводу, никого не осуждая и не отлучая за иной образ мыслей. Никто из нас не поставляет себя епископом епископов и не принуждает, тиранически запугивая, своих коллег к непременному повиновению. Каждый епископ свободен и может пользоваться своей властью по своему усмотрению; он не может судить другого и другим не может быть судим. Подождем все суда Господа нашего Иисуса Христа, Который одни имеет власть и ставить во главе Своей Церкви и судить о наших действиях". Затем каждый епископ (в протоколе названо имя и город, в котором он занимал кафедру) излагал свою "сентенцию"") (იხ. Св. Киприан Карфагенский и его время. http://mstud.org/chronicle/councils/local/carthage/256.htm) (URL-ს მიმართვის თარიღი: 07.08.2020).

აი, როგორი იყო წმ. კვიპრიანეს სჯულმდებლობა თუნდაც იმ საკითხში, რომელშიც მას ეჭვიც არ ეპარებოდა. მიუხედავად ამისა, წმ. კვიპრიანე ამ საკითხშიაც კი სხვათა მიმართ კატეგორიული არ არის და არავის აიძულებს მისი აზრისადმი უცილობელ მორჩილებას. ყოველი ეპისკოპოსი თავისუფალიაო, - ამბობდა ის და აღიარებდა ეპისკოპოსთა უფლებას ესარგებლათ თავიანთი ძალაუფლებითა და საკუთარი შეხედულებისამებრ.
 
წმ. კვიპრიანემ თავისი დამოკიდებულება მწვალებელთა ნათლობის მიმართ სამი კრებითი დადგენილებით განამტკიცა, ხოლო დასხმით ნათლობას, რომელსაც ასე აბუქებს ე. ჭელიძე და კვიპრიანეს "სჯულმდებლობად" აცხადებს, არც ერთი კრება არ მიძღვნია და არც ერთ კრებაზე არ განხილულა. კვიპრიანე კართაგენელს კლინიკოსთა დასხმით-პკურებით ნათლობაზე გამოთქმული თავისი კერძო შეხედულება არსად, არცერთ კრებაზე, კრებითი დადგენილებით ან თუნდაც სიტყვიერად, ან წერილობით არ დაუცავს. ჩვენთვის ასეთი ფაქტი უცნობია. მისი ეს პირადი შეხედულება ისტორიას, ქრისტეანულ არქეოლოგიას მხოლოდ მაგნუსისადმი მიწერილი პასუხის სახით შემორჩა.
 
ახლა კი ვნახოთ, რა ბედი ეწია წმ. კვიპრიანეს იმ შეხედულებას, რომელსაც ის ასე იცავდა და კრებითად ამტკიცებდა? რა ბედი ეწია შეხედულებას, რომელსაც ნამდვდილად, კრებითი დადგენილებების ძალით შეგვიძლია ვუწოდოთ წმ. კვიპრიანე კართაგენელისა და მთელი აფრიკის ეკლესიის სჯულმდებლობა?
 
მსოფლიო კრებათა ეპოქაში ეკლესიამ უარყო წმ. კვიპრიანესა და აფრიკის კრებათა სჯულმდებლობა ეკლესიისკენ მოქცეულ მწვალებელთა მიღების შესახებ (ეკლესიამ შეიწყნარა მხოლოდ იმ მწვალებელთა ნათლობა, რომლებიც ფორმით (შთაფლვა) და ფორმულირებით (მამის, ძის და სულიწმიდის სახელით) არ განსხვავდებოდნენ მართლმადიდებელთაგან), მაგრამ, რაც ყველაზე საინტერესოა, თავისივე პრაქტიკა უარყვეს თვით კვიპრიანემ და აფრიკის ეკლესიამაც.
 
ამის შესახებ წმ. იერონიმე სტრიდონელის თხზულებებში ვკითხულობთ: "... ნეტარი კვიპრიანე ცდილობდა საჯარო ტბებისთვის თავი აერიდებინა და წყალი არ ესვა უცხო ჭიდან; მწვალებელთა ნათლობის უარყოფის მიზნით მან, რომის იმდროინდელ ეპისკოპოს სტეფანეს დროს, რომელიც ოცდამეორე იყო ნეტარი პეტრედან, ამ საგანთან დაკავშირებით აფრიკის კრება მოიწვია. მაგრამ მისი მცდელობა ამაო გამოდგა. იგივე ეპისკოპოსებმა, რომლებმაც მასთან ერთად მწვალებელთა გადანათვლის დადგენილება მიიღეს, შემდეგ კვლავ უძველეს ჩვეულებას დაუბრუნდნენ, და ახალი დადგენილება გამოსცეს" (Иероним Стридонский. Творения. Ч. IV, Киев 1880 г. стр. 88).
 
"ისტორიულ თეატრონში" ვკითხულობთ: "... მწვალებელთა ნათლისღების შესახებ წმ. კვიპრიანეს ცთომილი შეხედულება ჰქონდა, რომელიც ყველა მწვალებლობიდან მოქცეულთ ეკლესიაში კვლავ ნათლისღებით შეიწყნარებდა. ამასთან დაკავშირებით კართაგენში მოეწყო კრებაც, რომელმაც კვიპრიანეს ცთომილება დაამტკიცა" (Феатрон исторический, печ. Спб. 1724 г., исход 6, третьяго века о соборах, л. 163).
 
ბარონის თქმით: "... აი რას წერს ავგუსტინე (ნათლისღების შესახებ დონატისტთა წინააღმდეგ, წიგნი მეორე, თ. 4 და ეპისტოლე 48-ე): "მრავალნი იყვნენ ეპისკოპოსნი აფრიკაში, რომლებმაც ამ კვიპრიანე კართაგენელის სწავლება ნათლისღებაზე არ მოიწონეს, ხოლო თვით კვიპრიანესთან დაკავშირებით იმედიანად იყვნენ, რადგან სიკვდილის წინ თავისი შეხედულება შეინანა. ცნობილია, რომ მან სტეფანესთან და მის მემკვიდრე სიქსტთან მშვიდობა და ერთობა შეინარჩუნა, და ეკლესიის წიაღში მოწამეობრივი გვირგვინიც დაიდგა; ეს რომ არა, მთელი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესია, მისი დღის გარდაცვალებას არც აღნიშნავდა, სტეფანეს ხსოვნას კი ბერძნებიც აღნიშნავენ" (Бароний. Лето Господне 258, чис. 8, л. 251 об.).
 
"მაშ, რა გამოვიდა აქედან? - კითხულობს ღირ. ბიკენტი ლირინელი (V ს.), - რა ზეგავლენა ჰქონდა აფრიკის კრებებეს ან მათ გადაწყვეტილებებს? ღმრთის წყალობით, არავითარი; არამედ ყველანი, როგორც სიზმარნი, როგორც იგავნი, როგორც უაზრობანი, უარყოფილ იქნენ და გაქელილნი; და ო, საკვირველო შემობრუნებავ ვითარებისა! ამ აზრში ბრალეულნი მართლმადიდებლებად იქნენ აღიარებულნი, ხოლო მიმდევარნი -  მწვალებლებად; მასწავლებელნი დაიხსნებიან ცოდვისგან, მოწაფენი  კი დაისჯებიან; თხზულებათა დამწერნი სასუფევლის შვილნი გახდებიან, მათი დამცველნი კი ცეცხლის გეჰენაში შთავარდებიან; რამეთუ ვინ უნდა იყოს ესოდენ უგუნური, რომელიც დაეჭვდება იმაში, რომ ყველა წმიდათა, ეპისკოპოსთა და მოწამეთა მნათობი, უნეტარესი კვიპრიანე და სხვა მისი ამხანაგნი ქრისტესთან ერთად ინეტარებენ უკუნითი უკუნისამდე? და პირიქით, ვინ არის ისეთი უკეთური, ვინც დაიწყებს იმის უარყოფას, რომ დონატისტები და სხვა დასნებოვნებულნი, რომლებიც თავს იმით იქებდნენ, რომ თავიდან ნათლავდნენ მათთან მისულთ იმ კრების ავტორიტეტით, სამუდამოდ ჩაიხრუკებიან ჯოჯოხეთში ეშმაკთან ერთად..." (Св. Викентий Лиринский. Памятныя записки. Гл. 6, стр. 30-35. Напоминания, стр. 10. Изд. Казань. 1904 г.).
 
მაშ, რა გამოვიდა წმ. კვიპრიანეს სჯულმდებლობიდან, მისი პრინციპული ხასიათიდან და შეუვალობიდან იქ, სადაც ეს წმიდა მამა დარწმუნებული იყო თავის შეხედულებაში? მიიღო თუ არა ეკლესიამ წმ. კვიპრიანეს ეს სჯულმდებლობა? შეიწყნარა თუ არა მან მწვალებელთა ნათლობასთან დაკავშირებული ეს შეხედულებები? როგორც ვხედავთ, არა. მაშ, რაოდენ შესაწყნარებელია და თანაც ესოდენი პრინციპულობით და თავდაჯერებულობით, როგორც ამას ე. ჭელიძე მის მიერ დამახინჯებული ტექსტებიდან გამომდინარე გვიმტკიცებს, კვიპრიანეს აზრი იმ საკითხზე, რომელზეც ის კერძო აზრს გამოთქვამს, უფლებას იძლევა თუ ვინმეს ნებავს არ დაეთანხმონ მას და მოიქცნენ ისე, როგორც სურთ? და თუ პკურებით ნათლობაზე არ წავიდა ისეთივე მძაფრი პოლემიკა, როგორც მწვალებელთა ნათლისღების შესახებ, შესაძლოა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს საკითხი, ჯერ-ერთი, არ იყო ისე აქტუალური, როგორც ეკლესიაში მწვალებელთა მიღების წესი და მეორეც, წმ. კვიპრიანე ამ შეხედულებას გამოთქვამდა უკიდურესი "დემოკრატიულობით", ანუ უფლებას აძლევდა, ყველას ეფიქრა ისე, როგორც სურდა და ემოქმედა ისე, როგორც ფიქრობდა, რაც, როგორც მისივე სიტყვებიდან ჩანს, გულისხმობდა დასხმითად მონათლულთა თავიდან ნათლობასაც, რამეთუ ეს პრაქტიკა იმდროინდელ ეკლესიაში არავის დაუგმია და არავის გაუკრიტიკებია წმ. კვიპრიანეს გარდა, რომელიც საკმაოდ ფრთხილი იყო ამ საკითხში.

oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому