აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. I_XXIV_გამონაკლისი შემთხვევა ეკლესიისთვის კანონი არ არის 2 - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი I

შთაფლვა თუ დასხმა?!


შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ
სანათლავი ემბაზი
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.

თავი XXIV
____________________________________________________________________________________________________________________

გამონაკლისი შემთხვევა ეკლესიისთვის კანონი არ არის

გაგრძელება.



4. წმ. პორფირი მიმოსის ნათლობა

ე. ჭელიძე ერთგან ქვიშით ნათლობასთან დაკავშირებით მკვეთრად აფიქსირებს თავის აზრს და დაბეჯითებით ირწმუნება: "არანაირი ხაზგასმა არ სჭირდება იმას, რომ ქვიშით ნათლობა არ შეიძლება" (ე. ჭ. "სული - ცხოველი". გვ. 451). უდაბნოში მომაკვდავი ებრაელის ქვიშით ნათლობის მაგალითი მას აინტერესებს სხვა მხრივ, კერძოდ, ის პარალელს ავლებს დასხმით ნათლობასა და თავზე ქვიშის დაყრას შორის და ამტკიცებს, რომ შემდეგ, როდესაც სასწაულებრივად გამოჯანმრთელებული ებრაელი ქალაქში ჩაიყვანეს და უდაბნოში მომხდარი ამბავი იქაურ ეპისკოპოსს მოუთხრეს, ეპისკოპოსმა სამღვდელოების კრება მოიწვია, სადაც ეს შემთხვევა განიხილეს. კრების უმრავლესობის მოთხოვნით ებრაელი იორდანეში თავიდან მონათლეს. ე. ჭელიძის მტკიცებით, მამათა ეს გადაწყვეტილება გამოწვეული იყო სანათლავი მასალის (ქვიშის) მიუღებლობის და არა დასხმითი (დაყრითი) ფორმის უარყოფის გამო. რამდენად ობიექტურად განიხილავს  ე. ჭელიძე ამ ამბავს და რამდენად სწორ დასკვნებს აკეთებს, ჩვენ დეტალურად ზემოთ უკვე განვიხილეთ. ამჯერად ეს მაგალითი, უფრო სწორად ე. ჭელიძის მტკიცებულება, რომ ქვიშით ნათლობა არ შეიძლება სხვა მხრივ გვაინტერესებს და მკითხველს ვთხოვთ, ეს მომენტი კარგად დაიმახსოვროს.

თავისი წიგნის "სული - ცხოველი" 257-265 გვერდებზე ე. ჭელიძე განიხილავს წმ. პორფირი მიმოსის შემთხვევას, სადაც წერს: "თუკი უფალმა თავად დაადგინა ურყევ და ერთადერ სჯულად სრული ხილული ჩაძირვითი ნათლისღება, როგორც ამას მეორედმნათვლელი გადაშთაფლულები ბრძნობენ, აშკარაა, რომ, თვით ღვთისვე ყოვლადშეუზღუდავ და ყოვლადძლიერ მოქმედებაშიც გარდაუვალად სწორედ ეს ურყევი სჯული უნდა ვლინდებოდეს.

მართლაც, რაგინდ უკიდურესი ყოფითი ვითარება იყოს (კაცობრივი გაგებით), უფლისმიერ ყოვლადძლიერებას მყისვე ძალუძს სრულად ჩასაძირი ემბაზის ან წყლის ვრცელი საცავის გაჩენა ნებისმიერ ადგილას და ამ წყალში სრულად ჩაფლვა აურაცხელი სიმრავლისა (ისევე, როგორც, საპირისპირო შემთხვევაში, სრულად დაუნთქამს მას მრავალნი ღვთივგანპობილი მიწის წიაღში).

ზემოთ ჩვენ ვნახეთ, რომ პორფირის გარშემო შეკრებილ ხალხზე უდიდესი საკვირველებანი აღსრულდა: "აჰა ესერა, გამოჩნდეს ანგელოზნი, რომელთა აქუნდეს ლამპარნი და წინა- უძღოდეს მას და ქრისტესა მეუფესა ძლევისა გალობითა უგალობდეს ძლიერად, ვიდრემდე ხმისა მისგან ანგელოზთაისა შეიძრა ადგილი იგი. ... ღრუბელმან ნათლისამან დაფარა სახილველი იგი, რომლისაგან გარდამოხდეს ცუარნი წვიმისანი ... გამოჩნდეს სამოსლითა სპეტაკიტა შემოსილ" (გვ. 265).

"უფალმა, როგორც აშკარაა, -  წერს ე. ჭელიძე, - უდიდესი სასწაულთმოქმედი ძალით მყისიერ გამოაჩინა ანგელოზთა ზეციური კრებული და მყისიერად შემოსა ადამიანთა დიდი სიმრავლე სპეტაკი სამოსლებით. რაღა აბრკოლებდა მას, რომ, რომელიმე ანგელოზის ხმობით, ეკლესიისკენ მიეზიდა ყველა მათგანი და იქ მღვდელმსახურთა მიერ მათი სრული ხილული ჩაძირვით ნათლობა ემოქმედა, თუ ეს ხილული ჩაძირვა, მისგანვე დადგინებით, გარდაუვალი აუცილებლობა იყო? რატომ მონათლა თავად უდიდეს სასწაულთა მოქმედმა უფალმა, -  სწორედ და საკუთრივ მან, -  ესოდენი რაოდენობა მხოლოდ და მხოლოდ დასხმითი სახით, განა მასაც ყოფითი ვითარება აიძულებდა? მაშ, ზენა საკვირველებანი როგორღა აღასრულა? და ბოლოს, რა მიზეზით არ განაჩინა უფალმა დასხმითად მონათლული ამ სიმრავლის შთაფლვითად გადანათვლა, რაჟამს ისინი ეკლესიაში შევიდნენ, თუ, რა თქმა უნდა, დასხმითი ნათლობა, როგორც გადაშთაფლულები მოკიცხარობენ, "სიბილწეა", "სატანური პრაქტიკაა", "დაღუპვაა" და "წარწყმედაა"? განა უფალი თავად გაუხდა ახალმონათლულთა ზემორე კრებულს "სატანური პრაქტიკის" აღმასრულებლად, მათი საუკუნო წარწყმედის მიზეზად, როდესაც ერთის მხრივ, აბსოლუტურად გამოკვეთილად, დასხმითი სახით მონათლა ისინი (თან ყოველგვარი ყოფითი აუცილებლობის გარეშე) და, მეორე მხრივ, არც შემდგომი შთაფლვითი გადანათვლის აუცილებლობა ამცნო მათ?

დიახ, - დაასკვნის ბოლოს ჩვენი ოპონენტი, - თავად ღვთისგან აღსრულებული დასხმითი ნათლისცემის ზემორე შემთხვევა, როგორც აღვნიშნეთ, ერთი მხრივ, საბოლოოდ გვიდგენს დასხმითი ნათლისღების სრულ მადლმოსილებას, მეორე მხრივ კი, ძირითურთ აღმოფხვრის ამგვარად მონათლულთა შემდგომი გადაშთაფლვის შესახებ უკიდურესად უგუნურ და საუკუნოდ წარმწყმედ ცრუმართლმადიდებლურ "მესჯულეობას" " (ე. ჭ. დასახ. შრ. გვ. 265-266) (მოტანილ ციტატებში ხაზგასმა ყველგან ავტორისაა - არქიეპ. პ.).

მივყვეთ ე. ჭელიძის მსჯელობას პუნქტობრივად:

1. უპირველეს ყოვლისა ირკვევა ის, რომ, ე. ჭელიძის აზრით, "თუკი უფალმა თავად დაადგინა ურყევ და ერთადერთ სჯულად სრული ხილული ჩაძირვითი ნათლისღება, ... თვით ღვთისვე ყოვლადშეუზღუდავ და ყოვლადძლიერ მოქმედებებშიც გარდაუვალად სწორედ ეს ურყევი სჯული უნდა ვლინდებოდეს".

ჩვენი პასუხი: ე. ჭელიძის ეს აზრი მისაღები არ არის და თუ რატომ, ცოტა ქვემოთ ვიხილავთ.

2. ახლა კი მთავარი ციტატა: "მართლაც, რაგინდ უკიდურესი ყოფითი ვითარება იყოს (კაცობრივი გაგებით), უფლისმიერ ყოვლადძლიერებას მყისვე ძალუძს სრულად ჩასაძირი ემბაზის ან წყლის ვრცელი საცავის გაჩენა ნებისმიერ ადგილას და ამ წყალში სრულად ჩაფლვა აურაცხელი სიმრავლისა..." (იქვე).

ჩვენი პასუხი: მაგრამ, როგორც წმ. პორფირის შემთხვევიდან ვხედავთ, პორფირის გარშემო შეკრებილ ხალხზე უდიდესი საკვირველებანი აღსრულდა... ნათლის ღრუბელმა დაფარა იქ შეკრებილნი და წვიმის ცვარით განბანა, ამის შემდეგ "უფალმა უდიდესი სასწაულთმოქმედი ძალით მყისიერად გამოაჩინა ანგელოზთა ზეციური კრებული და მყისიერ შემოსა ადამიანთა დიდი სიმრავლე სპეტაკი სამოსლებით" (იქვე).

ამრიგად, დამოწმებული მაგალითიდან ე. ჭელიძეს გამოაქვს ის აზრი, რომ, რაკიღა უფალმა თავისი სასწაულთმოქმედი ძალით მყისვე არ გააჩინა ემბაზები, რათა აღსრულებულიყო ურიცხვი რაოდენობის ადამიანთა სრული ხილული ჩაძირვითი ნათლისღება, არამედ წვიმის ცვარით დანამა და მით განბანა ისინი ცოდვათაგან, შემდეგ კი სასწაულებრივად ნათელი სამოსლებითაც შემოსა, არსებული წესი -  დასხმა, სრულიად კანონიკური და მისაღები ყოფილა. მაგრამ, ასეთ შემთხვევაში სრულიად კანონიკური და მისაღები გამოდის ქვიშით ნათლობაც და ისიც, დასხმითი ნათლობის მსგავსად, კანონიკურ და ეკლესიაში დასანერგ წესად უნდა ვაღიაროთ. რატომ? ამისთვის ჯერ უდაბნოში მომაკვდავი ებრაელის ნათლობის ამბავი გავიხსენოთ.

"უდაბნოში მყოფ ქრისტიან ერისკაცებს, -  ვკითხულობთ ე. ჭელიძის ხსენებულ ნაშრომში, -  თან ახლავთ ერთი ებრაელი. ძლიერმა გაჭირვებამ ეს ებრაელი სიკვდილის პირამდე მიიყვანა. სულთმობრძავმა სნეულმა "აფუცა" ქრისტიანებს, რომ მოენათლათ იგი. ქრისტიანები ძალიან შეშფოთდნენ, რადგან უწყიან, რომ ნათლობა მღვდელმა ან ეპისკოპოსმა უნდა აღასრულოს, თანაც არც წყალი ჰქონდათ მათ. ხანრძლივი ვედრების შემდეგ ისინი დათანხმდნენ, "განძარცვეს" ებრაელი, დააყენეს ფეხზე და ერთ-ერთმა მათგანმა, ფილობანისმა ორივე პეშვით სამების სახელით, ე. ი. სამგზის, ქვიშა "გარდაასხვა თავსა მისსა". თითო "გარდასხმისა" და სამების თითო პირის ხსენების ჟამს სხვები "ამინს" ამბობდნენ. აი, ეს იყო ნათლობის მთელი განგება. ნათელღებული ებრაელი მყისვე განიკურნა. როდესაც მოგზაურებმა განვლეს უდაბნო, ყოველივე ეს აუწყეს ეპისკოპოსს, რომელმაც მოუხმო მღვდლებს იმის გასარკვევად, მოენათლა თუ არა მეორედ. ნაწილმა ჭეშმარიტ ნათლობად ჩათვალა ქვიშისმიერი ნათლისცემა, რადგანაც კურნება მიანიჭა სნეულს, ნაწილმა უარყო იგი" (ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 451). როგორც უკვე ვთქვით, ე. ჭელიძე, სამღვდელოების ნაწილის მიერ ამ ნათლობის უარყოფის მიზეზად ნათლობის მასალას, ქვიშას ასახელებს. ამაზე დეტალურად ზემოთ უკვე ვილაპარაკეთ, ამჯერად კი ხაზი გავუსვათ რამდენიმე გარემოებას:

1) ნათლობა აღსრულდა ერისკაცთა მიერ;

2) მოხდა აშკარა სასწაული, - მომაკვდავი ებრაელი "მყის განიკურნა";

3) როგორც ხსენებული ამბის ძველქართულ თარგმანშია აღნიშნული, ფილობანისმა მომაკვდავი ებრაელი ღმრთის შთაგონებით მონათლა  ("მაშინ მრქუა ჩუენ ფილობანის ღმრთის მიერითა აღძრვითა: "აღადგინეთ და განძარცუვეთ იგი").

ახლა ჩვენც დავსვათ შეკითხვა: მაშ, რაკიღა, როგორც ე. ჭელიძე მსჯელობს, ღმერთმა პორფირესა და მის გარემომცველ უამრავ ადამიანთან დაკავშირებულ შემთხვევაში თავისი ყოვლადძლიერებით მყისიერ არ გააჩინა წყლით სავსე ემბაზები, რათა ადამიანები შთაფლულიყვნენ, და აქედან ე. ჭელიძეს გამოქვს დასკვნა, რომ ის სახე ნათლობისა, რაც მათ ღმერთმა უბოძა (ნათელი ღრუბლიდან დაიცვარნენ), ასევე სჯულიერი და კანონიერია; ხოლო უდანბოში მავალთ არათუ ემბაზები, არამედ თვით ღრუბელიც კი არ აღირსა და ფილობანეს შთააგონა, ავადმყოფი ებრაელი თვითონ მოენათლა თავზე ქვიშის დაყრით, შეიძლება თუ არა ქვიშით ნათლობაც სჯულიერ ნათლობად ჩავთვალოთ?

გავიხსენოთ, რას ამბობდა ე. ჭელიძე ქვიშით ნათლობაზე: "არანაირი ხაზგასმა არ სჭირდება იმას, რომ ქვიშით ნათლობა არ შეიძლება" (ე. ჭ. "სული - ცხოველი". თბ. 2012. გვ. 451).

მაშ, რა მოხდა? კეთილი, ბატონო, დავუშვათ, შთაფლვა სავალდებულო არ არის და ღმერთს ის ნათლობის ერთადერთ სახედ არ დაუწესებია, არამედ შეიძლება წყლის დასხმაც, დაცვარვაც და ა. შ. მაგრამ უდაბნოში მავალთ რატომ ღრუბლის მოვლინებით არ შეეწია და არ დაცვარა უდაბნოში უწყლოდ დაშთენილი მოგზაურნი?

განა თვით უფალი არ ამბობს წმიდა სახარებაში: "ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ, რადგან ყველა მთხოვნელს მიეცემა, მძებნელი ჰპოვებს და ვინც აკაკუნებს, გაუღებენ. რომელი მამა იქნება თქვენს შორის, შვილმა რომ პური სთხოვოს და ქვა მისცეს მას; ან თევზი სთხოვოს და თევზის ნაცვლად გველი მისცეს მას? ან კიდევ კვერცხი სთხოვოს და მორიელი მისცეს მას? ხოლო თუ თქვენ, უკეთურთ, შეგიძლიათ კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, განა მამაზეციერი უფრო მეტ წმიდა სულს არ მისცემს იმათ, ვინცა სთხოვს?" (ლუკა 11:9-13).

მაშ, რა ხდება? ხომ არ მიატოვა უფალმა უდაბნოში მავალნი და წმიდა ნათლისღების მთხოველი ებრაელი, რომელიც გამწარებული სთხოვდა ზეციერ მამას ნათლისღებით განწმენდას, ნათელმიუახლებელი დატოვა? - ცხადია, არა! ღმერთმა ჭეშმარიტად აღირსა მას ნათელი. მაშ, შეგვიძლია თუ არა, ე. ჭელიძესავით ვიფიქროთ, რომ, რაკიღა ღმერთმა მყისვე არ გააჩინა წყლით სავსე ემბაზები, არც ღრუბელი მოუვლინა მათ უდაბნოში, რომ ცვარით მაინც დასველებულიყო საწყალი ებრაელი, არამედ ფილობანოსს შთააგონა მომაკვდავი კაცი გაეშიშვლებინა და თავზე ქვიშა გადაეტარებინა, კანონიკური ნათლობაც ასეთი უნდა იყოს და ქვიშით ნათლობაც დასაშვებია?

თუკი პორფირეს შემთხვევაში, რაკიღა უფალმა ემბაზები არ გააჩინა და ღრუბლიდან წვიმით მონათლა უამრავი ხალხი და ეს გარემოება დასხმითი ნათლობის კურთხეულობად აღიქვა ე. ჭელიძემ, მომაკვდავი ებრაელის შემთხვევაში, რომელსაც ასეთივე კურთხევა ქვიშის დაყრით მიეცა, უნდა დავასკვნათ, რომ ქვიშით დაყრაც ნათლისღების სრულიად სჯულიერი სახე ყოფილა. მაგრამ, ჰოი საოცრებავ, ე. ჭელიძე გადაჭრით გვიმტკიცებს: "არანაირი ხაზგასმა არ სჭირდებაო იმას, რომ ქვიშით ნათლობა არ შეიძლება" (იქვე. გვ. 451).  

ჩვენ ვხედავთ, რომ თუ პორფირეს შემთხვევაში ღმერთი არ ასრულებს მის მიერ ეკლესიისთვის ბოძებულ წესს (შთაფლვას) და ღრუბლიდან ნათლავს (უფრო სწორად ნათლავს ღმერთი პორფირეს ლოცვით), უდაბნოში მიმავალი ებრაელის შემთხვევაში, ღრუბელსაც კი არ მოუვლენს და შთააგონებს ქრისტეანთ, დასჯერდნენ ქვიშას, იმ მასალას, რაც იმ შემთხვევაში მათ ხელთაა... და თუ ემბაზების არგაჩენით დასხმა უნდა გავამართლოთ, მაშინ წყლის უმცირესი ოდენობის ან თუნდაც ღრუბლით დაცვარვის არგაჩენით უნდა გავამართლოთ დაყრა, თან ქვიშის... და არა მარტო ქვიშის, სხვა ნებისმიერი მასალისაც, რომლის დაყრაც კი შესაძლებელი იქნება.

მაგრამ ჩვენ არ შევედავებით ე. ჭელიძეს იმაში, რომ "ქვიშით ნათლობა არ შეიძლება". ისევე, როგორც არ შეიძლება წყლის დასხმა ან პკურება ნათლისღების საიდუმლოში, რადგან როდესაც ღმერთი მოქმედებს, ის მისი ნებისაებრ მოქმედებს და არა ისე, როგორც ადამიანებს დაუწესა. ის, რაც დაუწესა ადამიანებს, სავალდებულოა კაცთათვის, ხოლო ღმერთთან დაკავშირებით დაუშვებელია ფიქრიც კი იმაზე, რომ შესაძლოა ის შეზღუდული იყოს თუნდაც მის მიერვე დაწესებული კანონებით და გარკვეულ ჩარჩოებში მოქმედებდეს. მართალია, უფალი არ არღვევს თავის კანონებს, რაც სამყაროს სიმწყობრეში იხილვება, მაგრამ ვინ შეაკავებს ღმერთს, თუკი მის მიერვე დაწესებულ კანონს დაარღვევს, როდესაც ეს ადამიანის სულის ცხოვნებას სჭირდება?

კაცობრიობის ისტორიის უდიადესი მოვლენისადმი, კერძოდ, ქრისტეს განკაცებისადმი მიძღვნილ საგალობლებში ეკლესია გალობს:  "წესთა ბუნებისათა სძლევს ღმერთი, და ჰყოფს მას, რაიცა ენებოს", ანუ როცა ღმერთს ნებავს, ის ცვლის მოვლენათა ბუნებრივ წესსა და თანმიმდევრობას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, უფალი აუქმებს ან ცვლის იმას, რაც ქმნილ ბუნებას თავად დაუწესა კანონად, რაც დროსა და ფიზიკურ სივრცეში ვლინდება. შეუძლებელია ამ მოვლენების განმარტება რაციონალურად, ადამიანის ლოგიკის მიხედვით, სწორედ ამიტომაც უწოდა ხალხმა მას სასწაული. ადამიანის უძლური გონება გაკვირვებულია და კითხულობს: რა არის ეს? როგორ შეიძლება მოხდეს ამგვარი რამ? და იქ, სადაც ურწმუნოებას არ ძალუძს იპოვოს პასუხი, სარწმუნოება გვკარნახობს: ის, რაც "კაცთა მიერ შეუძლებელ არს, ... არა ღმრთისაგანცა, რამეთუ ყოველივე შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ" (მარკ. 10:27).

"შენ ხარ ღმერთი, რომელმან ჰყავი საკჳრველი, აუწყე ერთა შორის ძალი შენი" (ფსალმ. 76:15) - ბრძანებს ფსალმუნთმგალობელი. სხვა საგალობელში, ის მიმართავს თავის ხალხს და ამბობს: "მოიჴსენეთ საკჳრველებათა მისთა, რომელ ქმნნა სასწაულნი და სამართალნი პირისა მისისანი" (ფსალმ. 104:5)... და მართლაც, ყოველი კაცი, ვისაც კი სასწაული შეეხო, ცდილობს მის დამახსოვრებას, ჩაწერას, რათა არა მარტო მან, არამედ სხვა ადამიანებმაც შეძლონ თავიანთი შემოქმედის უსაზღვრო კაცთმოყვარების განდიდება. აი, რატომ იწერებოდა პორფირესა და სხვა საკვირველ წმინდანთა ცხოვრებანი, რატომ იხსენიება ღმრთის გამოუთქმელი და მიუწვდომელი სასწაულნი. სწორედ იმიტომ, რომ კაცთა შესაწევნად, როდესაც ეს აუცილებელია და როდესაც ამას განსაზღვრავს ღმრთის მიუწვდომელი განგება: "წესთა ბუნებისათა სძლევს ღმერთი, და ჰყოფს მას, რაიცა ენებოს". აი, რატომ ხდება სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას ადამიანთა ნათლობა სხვადასხვა წესით, რათა უფალმა აჩვენოს, რომ არ არსებობს პირობა, ვითარება ან გარემოება, რომელშიც შეიძლება შთავარდეს კაცი და მიუწვდომელი იყოს ღმრთისათვის. ღმრთის შეწევნა ყველგან და ყოველთვის მისწვდება ადამიანს, თუკი მას ღმერთთან მიახლების სურვილი ექნება და შეჰვედრებს სულის ცხოვნებას.

განა ასე არ განუმარტა წმ. გაბრიელ მთავარანგელოზმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რომელსაც სულიწმიდისგან მუცლად-ღება ეხარა. როდესაც შეძრწუნებულმა მარიამმა იკითხა: "როგორ იქნება ეს, როცა მამაკაცი არ ვიცი?" გაბრიელმა უპასუხა: "წესთა ბუნებისათა სძლევს ღმერთი, და ჰყოფს მას, რაიცა ენებოს" (საეკლ. სლავ.: "БОГ ИДЕЖЕ ХОЩЕТ, ПОБЕЖДАЕТСЯ ЕСТЕСТВА ЧИН: ТВОРИТ БО ЕЛИКА ХОЩЕТ" იხ. Правильные каноны. Благовещению и Акафисту Владычице нашей Богородице, и Присно Деве Марии, стихеры, глас 6. Изд. Бородулино. 1998 г., стр. 11 об.).

გავიხსენოთ, როგორ მიეცათ შვილი აბრაამსა და სარას, რომლებიც უკვე ღრმად მოხუცნი იყვნენ. მათ უფალი ესტუმრა მამბრეს მუხნარში და აღუთქვა: "კიდევ მოვალ შენთან გაის ამ დროს, და, ნახავ, ვაჟი ეყოლება სარას, შენს ცოლს" (დაბ. 18:10). ამ დროს "სარა კარვის კარს უკან იდგა. ყველაფერი ესმოდა. მოხუცებულნი იყვნენ აბრაამი და სარა, ხანში შესულნი; დედათა წესი შეწყვეტილი ჰქონდა სარას. გაეცინა გულში სარას: რა სიამე უნდა განვიცადო, როცა დავბერდი? ჩემი პატრონი მოხუცებულია. უთხრა უფალმა აბრაამს: რა იყო, რომ გაეცინა სარას და თქვა: ნუთუ მართლა ვშობ სიბერეშიო? რა არის უფლისთვის შეუძლებელი? დათქმულ ჟამს, გაის ამ დროს ისევ მოვალ შენთან და, ნახავ, ვაჟი ეყოლება სარას" (დაბ. 18:10- 14). ან როგორ იღო მუცლად მოხუცმა დედაკაცმა, ზაქარიას ცოლმა ელისაბედმა და შვა იოანე ნათლისმცემელი, რადგან, როგორც ლუკას სახარება გვამცნებს, მათ შვილი არ ჰყავდათ:  "ვინაიდან ელისაბედი უნაყოფო იყო, და ორივენი ხანშიშესულნი იყვნენ" (ლუკა 1:7).

"რა არის უფლისთვის შეუძლებელი?" - ეს არის ღმრთის ყოვლისშემძლეობის ბრწყინვალე გამოთქმა - განმარტავს ა. ლოპუხინი, - რომლის საუკეთესო პარალელად გამოდგება ანგელოზის სიტყვები ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი, რომელიც მას უთხრა ხარებისას: "ღმერთისთვის არაფერია შეუძლებელი" (ლუკა 1:37).

წმ. ანდრია კრიტელის (660-740) კანონშიც მართლმადიდებლური ეკლესია ასე უგალობს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს და ასე ადიდებს ღმრთის ყოვლისშემძლეობას: "შობ და ქალწულებ უხრწნელო, და ჰგიე ორ-კერძოვე ბუნებით ქალწულად. შობილი განაახლებს ბუნებისა სჯულთა, ხოლო საშო შობს განუხრწნელად, რამეთუ წესთა ბუნებისათა სძლევს ღმერთი, და ჰყოფს მას, რაიცა ენებოს" (წმ. ანდრია კრიტელი. დიდი კანონი. ორშაბათი. გალობა დ. აწდა-ზე. http://www.orthodoxy.ge/lotsvani/galoba/kriteli_orshabati.htm) (URL-ს მიმართვის თარიღი: 24.08.2020).

მაშ, თუ ღმერთი, სადაც ნებავს და როდესაც ნებავს, "სძლევს წესთა ბუნებისათა" და "ჰყოფს იმას, რაიცა ენებოს", რატომ არის ასე გასაკვირი მხოლოდ მისთვის ცნობილი სახით მონათლოს არა მარტო პორფირე, არამედ მის გარშემო შეკრებილი უამრავი ხალხიც?!

მაშ, რატომ და რის საფუძველზე გვიმტკიცებს ე. ჭელიძე, რომ თითქოსდა ღმერთი ყოველთვის სავალდებულოდ იცავს მის მიერვე დაკანონებული წესსა და კანონს და მას არასოდეს გადაუხვევს, ხოლო თუ ასე არ არის, და ეკლესია ამას ცხადად ასწავლის, რასაც ის თავისი ყოვლისშემძლეობით მოიმოქმედებს, საეკლესიო წესად და კანონად რატომ უნდა შევრაცხოთ? ამგვარი სწავლება ღმერთს ჩვენთვის არ მოუცია, ასეთი სწავლება ეკლესიას არა აქვს, ამგვარი სისულელე ყველაზე გადარეულ ერეტიკოსებსაც კი არ უმტკიცებიათ - ის თავიდან ბოლომდე არის სიცრუის მამას დამონებულისა და უღვთო მწვალებლის, ოფიციალური ეკლესიის "თეოლოგისა" და "მეცნიერის", პროფ. ე. ჭელიძის უკეთური გამონაგონი, რომელსაც მისდამი ყურმოჭრილ მონებს, ოფიციალური ეკლესიის "პლებეებსა" და ფანატიკოსებს დაბეჯითებით უნერგავს თავში.

წმ. მართლმადიდებლური ეკლესია თავის საგალობლებში სწორედ საპირისპიროს გვიქადაგებს და გვიცხადებს, რომ ღმერთი არავისზე და არაფერზე არ არის დამოკიდებული; რომ წესი და რიგი ღმერთმა დაუწესა ქმნილებათ და არა საკუთარ თავს; რომ ის ყოველივეს აღემატება თავისი ბუნებით და ყოვლისშემძლეობით. მართალია, ღმერთი არ არღვევს მის მიერვე სულიერ და მატერიალურ ბუნებაში დაწესებულ კანონებს, მაგრამ, როცა ეს საჭიროა, როცა ამას განსაზღვრავს საღმრთო ნება, როცა ეს მოიმოქმედება ღმრთისავე განგებულებით, ღმერთი მის მიერ დაწესებულ კანონებს "ძლევს" და იქმს იმას, რაც ნებავს.

სწორედ ამისი გამოხატულებაა თავად ღმრთის მიერ, ან ღმრთისავე დავალებით ანგელოზთაგან, ან კიდევ ღმრთის შთაგონებით წმიდა კაცთა მიერ აღსრულებული საიდუმლონი. სწორედ ასე უნდა შევხედოთ წმ. პორფირეზე, უდაბნოში ქვიშით მონათლულზე და კიდევ სხვა მრავალ წმინდანზე აღსრულებულ სასწაულებს, როდესაც ერთნი ღმერთმა წყალდასხმით მონათლა, მეორენი ღრუბლის ცვრით დანამა, მესამენი წვიმაში მონათლა და კიდევ ვინ ჩამოთვლის, რამდენი საეკლესიო საიდუმლო რაოდენ სხვადასხვაგვარად აღუსრულა თავის მორწმუნეებს, რომლებიც საიდუმლოს სჯულიერი ფორმის აღსრულების დანაკლისს განიცდიდნენ.

რა თქმა უნდა, ღმერთს შეეძლო გაეჩინა ემბაზებიც, - განა რა გაუჭირდებოდა არაფრისგან სამყაროს შემქმნელს? მაგრამ, მან ასე არ ინება ჩვენთვის მიუწვდომელი განგებულების გამო; და ჩვენც, მართლმადიდებლები თუ ვართ და წმიდა მამათა სწავლებებს თუ ვემორჩილებით, საკუთარი უძლური გონებით ღმრთის ნებისა და განგებულების ჭვრეტას არ უნდა ვბედავდეთ. არ უნდა ვუსმენდეთ ე. ჭელიძისნაირ "თეოლოგებს", ვინც ღმრთის მორჩილთა და კაცთათვის მისგან ბოძებული კანონების დამცველთ "თავგასულებს" უწოდებს, ხოლო ნამდვილად თვითნებურ და არავისგან ნასწავლ ქმედებებს კანონად გვიწესებს და წმიდა მამათა საწინააღმდეგოდ გვარწმუნებს: "თუკი უფალმა თავად დაადგინა ურყევ და ერთადერთ სჯულად სრული ხილული ჩაძირვითი ნათლისღება, როგორც ამას მეორედმნათვლელი გადაშთაფლულები ბრძნობენ, აშკარაა, რომ თვით ღვთისვე ყოვლადშეუზღუდავ და ყოვლადძლიერ მოქმედებაშიც გარდაუვალად სწორედ ეს ურყევი სჯული უნდა ვლინდებოდეს"-ო (ე. ჭ. იქვე. გვ. 265). ანუ ე. ჭელიძე ღმერთს მისგან დაწესებული წეს-განგების გარდაუვალად შესრულებას ავალდებულებს და ეწინააღმდეგება ეკლესიას, რომელიც პირიქით ბრძანებს: "წესთა ბუნებისათა სძლევს ღმერთი, და ჰყოფს მას, რაიცა ენებოს".

ის, რომ უფალმა ურყევ სჯულად დაადგინა სრული ხილული ჩაძირვითი ნათლისღება, არ ავალდებულებს თვით ღმერთს, ყველა შემთხვევაში ადამიანთა ცხოვნება ამ ფორმით აღასრულოს. უფალმა სხვა საიდუმლოებების აღსრულების სჯულიც დაადგინა და არა მარტო აღსასრულებელი ფორმის თვალსაზრისით, არამედ სხვა მხრივაც, მაგრამ იშვიათ ან განსაკუთრებულ შემთხვევებში კვლავ და კვლავ ამ საზოგადო წესისგან გადახრით მოქმედებს და თავის უსაზღვრო კაცთმოყვარებასა და ყოვლისშემძლეობას ნებისმიერ შემთხვევაში ავლენს.

ე. ჭელიძე უმწეოდ ცდილობს საღმრთო განგებულების მოქცევას ადამიანური ლოგიკის ჩარჩოებში და ღმრთის განგებით იშვიათად აღსრულებული ნათლობებისთვის კანონიკური, სჯულიერი სახის მინიჭებას. მარტივად რომ ვთქვათ, ე. ჭელიძე, როგორც კონკრეტული ზემოთმოტანილი მსჯელობით და საერთოდ, მთელი თავისი წიგნით "სული - ცხოველი" გამოჩნდა, ლათინურ დასხმით-პკურებით ნათლობას ამართლებს. ამგვარ რამეს მხოლოდ გიჟი თუ გაბედავს ან უკიდურესი ურწმუნო.

დავაკვირდეთ თუნდაც იმავე პორფირესა და მისი გარემომცველი უამრავი ადამიანის ნათლობას, რომლებიც ნათელ ღრუბელში დაიცვარნენ. როგორც ყველა სასწაულებრივ და გამონაკლისად აღსრულებულ შემთხვევაში, აქაც გამონაკლისს მარტო ნათლისღების მომენტი როდი წარმოადგენს. მაგალითად, აქ არ ჩანს დაცვარვის ჯერადობა (ხომ გვახსოვს, რომ ნათლისღების სჯულიერად აღსრულების შემთხვევაში, წმ. სამების აღსარების ნიშნად, ადამიანი წყალში სამჯერ უნდა შთაფლან, წყალპკურების შემთხვევაშიაც კი წყალი მას სამჯერ უნდა მიაპკურონ, მომაკვდავ ებრაელსაც ქვიშა ხომ სამჯერ გადაატარეს თავზე), არც წვიმით ნათლობის სხვა შემთხვევებში ჩანს ამგვარი რამე, ადამიანებზე უბრალოდ გადმოდის წყლის პერმანენტული ნიაღვარი ან მცირედი, მაგრამ პერმანენტული ნამი და ნათელსაც ამგვარი სახით იღებენ; არ ჩანს წმ. სამების იპოსტასთა სახელების მოწოდებაც, რაც აუცილებელი პირობაა ნათლისღების სჯულიერი ფორმის აღსრულებისას, თუნდაც პკურებითად ინათლებოდეს ვინმე.  

მაშ, რა დასკვნა უნდა გავაკეთოთ ე. ჭელიძის ამ უდღეური "ლოგიკიდან" გამომდინარე? - მხოლოდ ის, რომ ღმერთს თურმე არათუ შთაფლვის წესი არ დაუდგენია ერთადერთ სახედ სჯულიერი ნათლობისა, არამედ სანათლავი ფორმულაც (ინათლება მონა ღვთისა ... სახელითა მამისათა, და ძისათა და წმიდისა სულისათა) არ მიუჩნევია სავალდებულოდ და არც შთაფლვის (ან სხურების) სამგზისობა.

ამრიგად, ე. ჭელიძის ლოგიკით, ნათლობა იღებს სრულიად გაურკვეველ, ბუნდოვან და სხვადასხვა მწვალებლურ პრაქტიკაში ათქვეფილ სახეს.

ეკლესია ეწინააღმდეგება ერთგზის შთაფლვას (სხურებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია); მას კი ვინც სამების სახელზე არ არის ნათელღებული, მოუნათლავად მიიჩნევს და ამდაგვარად მონათლულთა გადანათვლასაც კი განაწესებს. აქ კი (ე. ჭელიძის მიერ ცვრითა თუ წვიმით მონათლულთა შემთხვევაში) ერთიც გვხვდება და მეორეც, რადგან, ჯერ-ერთი, შეუძლებელია უწყვეტი, პერმანენტული დაცვარვა სამგზის შთაფლვის ან დასხმის სახედ წარმოჩინდეს და მეორეც, ნათლობის დროს არ გვესმის წმ. სამების იპოსტასთა სახელების მოწოდება, რასაც თვით ე. ჭელიძე "ნათლობის სამნაწილედობას", "სამხმობითობას" უწოდებს.

ერთი მხრივ, პკურებითი ნათლობის "გაპრავებით" დასნებოვნებული ცნობიერება, მეორე მხრივ კი, მძვინვარე სიძულვილი ძველმართლმადიდებლობის მიმართ იმდენად უბინდავს გონებას ამ საცოდავ ადამიანს, რომ ვერ ამჩნევს, როგორ აცამტვერებს მის მიერვე რის ვაი-ვაგლახით ნაკოწიწებ სიყალბეებს. დასხმითი ნათლობის გამართლებისკენ მიმართული მისი "ლოგიკა" ერთსა და იმავე შემთხვევაში არსებულ სხვა გამონაკლისებსაც უძებნის "გამართლებას".

ამრიგად, ე. ჭელიძე გამოდის არა მარტო ლათინური დასხმის გამამართლებელი, არამედ ერთგზის დასხმა-პკურებისაც და ნათლობის დროს სანათლავი ფორმულის საერთოდ არწარმოთქმისაც. ამ უკანასკნელს თვით ყველაზე გარდარეული ერეტიკოსებიც კი არ იქმოდნენ, რადგან, მიუხედავად თავიანთი ბილწი და საძაგელი მწვალებლობებისა, ნათლობის წინ, თუნდაც მათი სწავლებიდან გამომდინარე, რაღაც საცოდაობას მაინც ლუღლუღებდნენ.

საგულისხმოა აღინიშნოს, რომ ე. ჭელიძის მიერ დამოწმებული და ვითომცდა "სტაროვერების" მამხილებლად დასახელებული რ. ვერშილო თვით ე. ჭელიძისნაირ "თეოლოგებს" მოდერნისტებს უწოდებს და სრულიად სამართლიანადაც.

რა არის მოდერნიზმი და ვინ არიან მოდერნისტები? - რ. ვერშილო ამაზე გვპასუხობს: "მოდერნიზმი - ეს არის მთლიანი მსოფლმხედველობა, რომელიც ცდილობს, მორალურად და ინტელექტუალურად გაამართლოს ღმრთისადმი ურწმუნოება; ურწმუნოება იმ დოგმატური ჭეშმარიტებისადმი, რომელიც გადმოცემულია ნიკეო-კონსტანტინოპოლის სიმბოლოში". და ნურავინ იფიქრებს, თითქოსდა ეს ურწმუნოება დოგმატების პირდაპირი უარყოფით გამოითქმოდეს ან გამოიხატებოდეს. მოდერნისტთა "მამები" არა მარტო საერო კაცნი, არამედ ეკლესიის ცნობილი მოძღვრები და თვალსაჩინო მღვდელმთავრებიც იყვნენ (მაგალითად, ა. ი. ოსიპოვი, მღვდ. ა. შმემანი, მღვდ. ი. მეიენდორფი, მიტრ. ანტონი ხრაპოვიცკი და მრავალნი სხვანი).

დაბოლოს, მოდერნიზმს აქვს მისთვის ნიშანდობლივი მიმართულებებიც, რომელთაგან რ. ვერშილო გამოყოფს ეკუმენიზმს და "ზნეობრივ მონიზმს"; თუ ადამიანი ამართლებს ეკუმენისტურ საქმიანობას, ეს, რ. ვერშილოს სამართლიანი მტკიცებით, მოდერნისტული მსჯელობაა. ე. ჭელიძე ეკუმენიზმს არსად გმობს და ესეც ნიშანდობლივია იმის საჩვენებლად, რომ საქმე გვაქვს სწორედ მოდერნისტული ცნობიერების მწვალებელთან და არა მართლმადიდებელ ქრისტეანთან. მეტიც, დასხმითი ნათლობის გამართლება მხოლოდ ეკუმენტისტებს თუ შეიძლება აძლევდეს ხელს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ყოვლად წარმოუდგენელია იმ მწვალებლურ დენომინაციებთან შეერთება, რომლისკენაც ეკუმენისტები ესწრაფვიან, და რომელთა შორის არიან დასხმითი ნათლობის "მამები" - რომაელი-კათოლიკეები.

შესაძლოა, ვინმემ გვითხრას, რომ ე. ჭელიძე არ არის მოდერნისტი, რომ მისი ნააზრევი, უბრალოდ, ემთხვევა მოდერნისტთა ნააზრევს. ამაზე რ. ვერშილო გვპასუხობს: "იმის გასარკვევად, ადამიანი მოდერნისტია თუ შემთხვევით, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად იყენებს მოდერნისტთა ფრაზებსა და შეხედულებებს, უნდა დავაკვირდეთ: აქვს თუ არა მას შეხედულებათა მოდერნისტული სისტემა, სხვაგვარად აღმოჩნდება, რომ ის უბრალოდ იმეორებს მოდერნისტულ მსჯელობებს" (Вопрос, ответ. https://antimodern.ru/about/answers) (URL-ს მიმართვის თარიღი: 24.08.2020).

რა მოდერნისტულ სისტემას გვთავაზობს ე. ჭელიძე? - დასხმითი ნათლობის უპრეცედენტო გამართლებას საღმრთო განგებულების გამოყენებით, საეკლესიო კანონების გაყალბებით და წმიდა მამათა გამონათქვამების დამახინჯებით. ე. ჭელიძე არის შემტევი მოდერნისტი, რომელიც ძველმართლმადიდებელთა სახით მთელ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას უტევს.

"მეცნიერი" და "თეოლოგი" ე. ჭელიძე თავისუფლად შეგვიძლია ვაღიაროთ საქართველოს მოდერნიზმის მამად, რომელსაც, რ. ვერშილოსვე შეფასებით, უბრალოდ, მოდერნისტული მსჯელობების ან შეხედულებების შემთხვევითი განმეორება კი არ ახასიათებს, არამედ გააჩნია შეხედულებათა მოდერნისტული სისტემა და მეტიც, თვითვეა საკმაოდ ორიგინალური მოდერნისტული სისტემის შემქმნელი, რაც ნათლისღების საკითხთან და მასთან დაკავშირებულ სარწმუნოებრივ მომენტებთან მიმართებაში დაუფარავად გადმოსცა თავის წიგნში "სული - ცხოველი".

ამის დასტურად და იმის საჩვენებლად, თუ როგორ ინტერპრეტაციებს უკეთებს სასწაულებრივ შემთხვევებს ე. ჭელიძე, რამდენიმე ისტორიული წყაროც განვიხილოთ:




5. წვიმით ნათლობის შემთხვევები

დასხმითი ნათლობის გამამართლებელ კანონიკურ საფუძვლად ე. ჭელიძეს მოაქვს ზოგიერთი წმინდანის წვიმით ნათლობის სასწაულებრივი შემთხვევები. მაგალითად, წმ. ფილიმონის (გვ. 266-276), წმ. ლუპოსის (გვ. 277), ასევე შვიდი ათასი წარმართისა (იქვე) და კიდევ სხვათა.

"წვიმის ზედდასხმით ინათლება შვიდიათასოცდარვა წარმართი, - წერს ე. ჭელიძე, - როგორც ეს ზედმიწევნითი სიცხადით არის ნაუწყები "წმ. აკინდინოსის და მის თანამოღვაწეთა მარტვილობაში" (აღესრულნენ 345 წ. ხს. 2 ნოემბერს). ამის შესახებ ხაზგასმითაა ნაუწყები წმ. გიორგი მთაწმინდელის "დიდ სვინაქსარშიც": "მოიზიდეს სარწმუნოებად წმიდაი ელპიდიფორე, რომელი-იგი პირველ იყო მთავართა შორის, და მის თანა სიმრავლე ფრიადი მოიყვანეს სარწმუნოებად კაცთაი, რიცხვ ვითარ შვიდათასოცდარვაი, რომელთა ზედა ლოცვითა წმიდათაითა გარდამოხდა წვიმაი, რომლის მიერ ნათლისღებაი მოიღეს მათ" (ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 277).

ე. ჭელიძე იმოწმებს, ასევე, შესაბამის ადგილს ხსენებულ მოღვაწეთა ცხოვრებიდან: "წმინდანთა ლოცვის დასრულებისთანავე, ანაზდეულად, ელვათა კრთომასა და მეხთატეხაში, ეგზომი წვიმა ქვე-გადმოვიდა (მეტაფრასული: "მძაფრი წვიმა გადმოისხმება"), რომ შიშმა შეიპყრო ყველა მოქიშპე, რომლებიც აქეთ-იქით მიმოაწყდებოდნენ და გაქცევით ცდილობდნენ გადაერჩინათ თავი, დარჩნენ რა ღმერთშემოსილ მარტვილთა გვერდით მარტოოდენ ქრისტესადმი მორწმუნენი. წმინდანებმა ასე უთხრეს მათ: "ნუ შეშინდებით თქვენ, რომლებიც ქრისტეს წილხვერდნი გახდით, ვინაიდან თქვენს გამო მოხდა ეს თავსხმა წყალვარდნა, რომ ზეგარდმო საღვთო შიშით კაცობრივი შემუსროთ" (იქვე. გვ. 278) (რუს. "Когда святые так говорили и оканчивали молитву, внезапно вдруг засверкала молния, послышались раскаты страшного грома, и пошел сильный дождь; неверующие, полные страха и ужаса, бежали; с мучениками остались только одни те, которые веровали во Христа. Святые сказали им: "Не бойтесь, ибо сие было ради вас, чтобы чрез этот дождь над вами было совершено таинство крещение"") (Акиндин Персидский, мч. – житие. http://pravicon.com/info-1677) (URL-ს მიმართვის თარიღი: 24.08.2020).

წმ. ლუპოსის შესახებაც "ძველთაგანვე ცნობილია, რომ იგი საღვთო განგებამ მონათლა ზემოდან გადმოსხმული წვიმის წყლით" (იქვე. გვ. 276). "რადგან ჯერ კიდევ არ იყო მონათლული, თუმცა კი იყო ქრისტიანი, ლუპოსი ევედრა ღმერთს, რომ რამეგვარად განეგო მისი ნათლობა სიკვდილის წინ. იმ ჟამს ანაზდეულად წამოვიდა წვიმა ღრუბლებიდან ამ წმინდა მოწამეზე და ამგვარად მიიღო მან ნათლობა მაღლიდან" (ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 277).

დასხმითი ნათლობის კანონიკურობის წარმოსაჩენად, ე. ჭელიძე ახსნა-განმარტებებს ურთავს წმ. პორფირე მიმოსისა და წმ. ფილიმონის ცხოვრებაში აღწერილ წვიმით ნათლობის შემთხვევებს. მოდი, უფრო დეტალურად განვიხილოთ ისინი და ვნახოთ, როგორი დასკვნები გამოაქვს აქედან ჩვენს ოპონენტს.

გამოვტოვებთ ფილიმონის ისტორიასთან დაკავშირებულ თხრობას მხოლოდ მისი ნათლობის მომენტს შევეხებით. "მთელი მცდელობის მიუხედავად წარმართი მსაჯული ვერ დაიყოლიებს ფილიმონს, რომ უარყოს მან ქრისტეს სჯული. მაშინ, მთავარი მიმართავს მეტად იშვიათ (ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის სხვა ძეგლებიდან სრულიად უცნობ) ხერხს, ნიშნის მოგებით ეტყვის რა ფილიმონს, რომელიც უკვე განმზადებულია მარტვილობისთვის (ე. ი. ხორციელი აღსასრულისთვის), რომ მისი ღვაწლი მაინც ამაო და ფუჭი იქნება ანუ ვერანაირად ვერ ეწევა იგი საწადელს და ვერ შეირაცხება ქრისტიანთა შორის, რადგან არ აქვს მიღებული ნათლისღება... არიანესადმი პასუხად წმ. ფილიმონი ილოცებს ღვთის მიმართ და ხდება სასწაული: ზეცით მოივლინება ღრუბელი, გადმოისხმება მაღლიდან წვიმა და ანგელოზთა მიერ მოინათლება ახოვანი მოღვაწე ანუ "ზეგარდამო (= ზეციდან) ნათლისცემას" მიიღებს იგი" (იქვე. გვ. 268). აი, შესაბამისი ციტატა: "ესე რაი თქუა მთავარმან მან, ილოცა წმიდამან ფილიმონ და წვიმაი გარდამოხდა ზეცით და ღრუბელმან დაფარა იგი და ანგელოზთა მიერ ნათელ-იღო..." (იქვე).

"წმ. სვიმეონ მეტაფრასტი (X-XI სს) წმ. ფილიმონს უწოდებს "ციური ნაკადით მონათლულს", როდესაც ამბობს "ხოლო იგი ყველას თვალწინ ციური ნაკადით მოინათლა" (იქვე).

"იგივეა აღნიშნული ლათინურ წყაროში: "ღრუბელი ჩამოვიდა ზევიდან და შემდეგ ავიდა, მოინათლა რა იგი (ფილიმონი - ე. ჭ.), ყველას თვალწინ, ციური რამ ნაკადით".

მეტსაც ვიტყვით, განა შეიძლება წვიმით ნათლობის ზემოთ მოტანილი შემთხვევები ამართლებდეს ოფიციალურ ეკლესიაში თავზე წყლის დასხმის პრაქტიკას? ან პკურებით ნათლობას? თავი რომ დავანებოთ საღმრთო განგებულებით, სასწაულებრივად აღსრულებულ მოვლენას, რომელიც არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს საეკლესიო კანონად, რამეთუ ნათლობის აღსრულების კანონი მოცემული გვაქვს ქრისტეს (მათე 28:19) და მოციქულთა მიერ (მოც. კან. 47 და 50), განა აშკარა არ არის, რომ წვიმით მონათლულთა შემთხვევებში წმინდანები უხვად სველდებიან ზეგარდმო გადმოსხმული წყლით, თანაც ისე, რომ მშრალი ადგილიც კი არ რჩებათ სხეულზე და არა ისე, როგორც ამას აკეთებენ ოფიციალურ ეკლესიებში და პეშვით, ან ჩაიდნით, ან რაიმე სხვა მცირედი ჭურჭლით ოდნავ დაასხამენ თავზე მოსანათლავთ. ფუნჯით წყლის პკურებაზე ხომ აღარაფერს ვამბობთ, რადგან ის საერთოდ არც კი შეესაბამება წვიმით ნათლობის სახეს.

როდესაც ინათლება შვიდი ათას ოცდარვა წარმართი, "წმინდანთა ლოცვის დასრულებისთანავე, ანაზდეულად, ელვათა კრთომასა და მეხთატეხაში, ეგზომი წვიმა ქვე-გადმოვიდა (მეტაფრასული: "მძაფრი წვიმა გადმოისხმება") (რუს. "и пошел сильный дождь") (იქვე. გვ. 277). თანაც მათ გვერდით მდგომ ქრისტესადმი მორწმუნეებს, წმინდანები ეუბნებიან: "თქვენს გამო მოხდა ეს თავსხმა წყალვარდნა"-ო (ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 278).

წმ. ფილიმონის შემთხვევაში: "ღრუბელი ჩამოვიდა ზემოდან და შემდეგ ავიდა, მოინათლა რა იგი (ფილიმონი -  ე. ჭ.), ყველას თვალწინ, ციური რამ ნაკადით" (იქვე. გვ. 269).

იმავე წმ. ფილიმონზე ნათქვამია, რომ როდესაც "ღრუბელი ჩამოვიდა ზემოდან" (გვ. 269), "ღრუბელმან დაფარა იგი და ანგელოზთა მიერ ნათელ-იღო" (გვ. 268). ახლა შევადაროთ ეს ყოველივე იმას, რაც აღესრულება ოფიციალურ ეკლესიებში დასხმა-დაპკურების სახით და ვთქვათ, შეიძლება თუ არა ამ პრაქტიკას შეესაბამებოდეს ის, რაც აღწერილია ზემოთ ხსენებულ წმინდანთა ცხოვრებაში? განა აშკარა არ არის, რომ ე. ჭელიძის მიერ მოტანილ ზემორე შემთხვევებში ღმერთი უხვად უვლენს წყალს თავის წმინდანებს და უხვადვე ასველებს, რასაც ვერანაირად შეეფერება წყლის მიპკურება ან კინკრიხოზე ოდნავი დასხმა.

ზემოთ მოტანილ მაგალითებში წმინდანებს "ღრუბელი ფარავს", მათზე "გადმოისხმება მძაფრი წვიმა", "თავსხმა წყალვარდნა", "ციური ნაკადი", ანუ წყალი აშკარად უხვად იღვრება და ამას ე. ჭელიძე, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ყოველივე წმინდანებს ზეციდან ესხმით, დასხმით-პკურებითი "ნათლობის" გამართლებად ასაღებს და დასხმა-პკურების კანონიკურ საფუძვლად მიიჩნევს. ერთადერთი, რაც აახლოებს ე. ჭელიძის მსჯელობას ამ სასწაულებთან, არის მხოლოდ ტერმინი "გადმოსხმა", "დასხმა", მეტი არაფერი, თვით დასხმის ფორმაც და წყლის რაოდენობაც კი, წვიმით ნათლობის შემთხვევებში, ძირეულად განსხვავდება იმისგან, რასაც ოფიციალური ეკლესიის ტაძრებში ამავე ეკლესიის "მღვდელმსახურები" ასრულებენ.

მაგრამ ე. ჭელიძე მარტოოდენ ამგვარ შედარებებს როდი სჯერდება. ის ცდილობს საღვთისმეტყველო გამართლებაც მისცეს თავისი ეკლესიის პრაქტიკას და ირწმუნება, რომ გამონაკლისს ქმნის მხოლოდ ყოფითი ვითარება, ხოლო ხსენებული წმინდანების წვიმით ნათლობის შემთხვევაში "არანაირ ყოფით გამონაკლისთან საქმე არ გვაქვს" (ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 271).

ე. ჭელიძის თქმით: "ყოფითი გამონაკლისი მაშინ ვლინდება, როდესაც მოუნათლავი პიროვნება ჩვეულებრივი (და არა მარტვილის) სიკვდილით კვდება და ვინაიდან უნათლავად აღსრულება უთუოდ მის მარადიულ წარწყმედას ნიშნავს, შესაბამისად, იმგვარი გამონაკლისი სახით იღებს იგი ნათლობას ყოვლადწმინდა სამებისადმი, როგორიც იმ მომენტში კაცთა ძალისხმევით არის შესაძლებელი (ნათლობა ერისკაცისგან, ნათლობა ქალისგან, ნათლობა მხოლოდ სამების სახელის წარმოთქმით" (ანუ აერობაპტიზმა? - არქიეპ. პ.).

რადგან ე. ჭელიძე დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ ყოფით გამონაკლისს, ის აღიარებს მის მხოლოდ ორ ქვეკატეგორიას: 1) მოულოდნელი სიკვდილის საფრთხეს და 2) ხანდაზმულობას, ანუ ბუნებრივი სიკვდილის განმაპირობებელ მდგომარეობას (იქვე. გვ. 279), რასაც შეუძლებელია ღმერთი ექვემდებარებოდეს, რაც სწორია, მაგრამ არასწორია ის, თითქოსდა არსებობენ მხოლოდ ყოფითი და არა სხვაგვარი, ანუ საღმრთო გამონაკლისები. თუ ვაღიარებთ მხოლოდ და მხოლოდ ყოფითი გამონაკლისების არსებობას და ვიტყვით, რომ სხვა დანარჩენი "საეკლესიო ნათლისღების, ანუ წყლითა და სულით კანონიკურად აღსრულებული ახალშობის უდიადესი მადლის" მონიჭების გამოხატულებაა, მაშინ ღმრთის მიერ აღსრულებულ ნათლობებში (და ასევე სხვა საიდუმლოებებში) ყოველი მომენტი იძენს კანონიკურ სახეს... კერძოდ, შეიძლება ადამიანი ეკლესიიდან გაიყვანო გარეთ თავსხმა წვიმაში ან მაშინ, როცა ოდნავ ჟინჟღლავს, ან კიდევ ნისლში, წარმოთქვა წმ. სამების სახელი და გამოაცხადო, რომ ნათლობის საიდუმლო სრულყოფილად შესრულებულია. მაგრამ არავინ ჭკუათმყოფელი ამას არათუ არ გააკეთებს, არამედ გონებაშიც კი არ გაივლებს, რადგან ამგვარი რამ აღესრულებოდა სწორედ გამონაკლის, იშვიათ შემთხვევებში, ისიც ღმრთითშთაგონებულ წმინდანთა მიერ და თანაც ღმრთის განგებულებით დაშვებულ განსაკუთრებულ შემთხვევებში. თუ წვიმით ნათლობასთან დაკავშირებულ ე. ჭელიძისეულ მსჯელობას დავაკვირდებით, გამოვა, რომ სავალდებულო აღარ ხდება სამგზისი დასხმაც კი, რადგან პერმანენტულ წვიმაში ეს შეუძლებელია, და მისაღები ხდება მრავალი სხვა ისეთი ნიუანსიც, რომლის აღსრულება ჩვეულებრივი, საეკლესიო ნათლობის შემთხვევაში შეუძლებელიც არის და დაუშვებელიც.

"ამასთან, - განაგრძობს ე. ჭელიძე, - მოცემულ შემთხვევაში ყოფითი გამონაკლისი აბსოლუტურად გამოირიცხება იმითაც, რომ ფილიმონი, როგორც ვნახეთ, ღვთისგან რაიმე (თუნდ მცირედით) გამონაკლისს კი არ ითხოვს, არამედ სრულ, კანონიკურ ნათლობას, მღვდლისგან წყლის მიერ აღსრულებულს, ანუ იმას, რაც სწორედ კანონიკურად (და არა გამონაკლისის სახით) იმღვდელმოქმედება ყველა სხვა ქრისტიანზე (შდრ.: "ღმერთო ჩემო, ... გამომიჩინე მე მღვდელიც და წყალიც, რომ მისგან და მასში ნათელ-ვიღო სხვა ქრისტიანთა მსგავსად").

"უფალს რომ ფილიმონისთვის ამ საღვთო სურვილზე გამონაკლისი წესის ანუ ყოფითი ვითარებისგან განპირობებული არასრული მღვდელმოქმედების აღსრულებით ეპასუხა, - განაგრძობს ფილოსოფოსობას ე. ჭელიძე, - გამოვიდოდა, რომ ფილიმონი ერთს (კანონიკურს) ითხოვდა და თავად ღმერთი კი, თითქოსდა კაცობრივი უძლურების მქონე, მეორეს (არაკანონიკურს, მწვალებლურს) მიაგებდა, რისი ფიქრიც, რა თქმა უნდა, სრული სიშლეგეა და გონითი სიბრმავე. სავსებით ცხადია (და თავად მაცხოვრის უწმიდესი აღთქმაა), რომ უფალი თავის წმინდანებს არათუ ნაკლულევნად აღუსრულებს მათთვის საწადელს, არამედ პირიქით - გაცილებით იმაზე უფრო სრულად და სავსეობითად, ვიდრე თავად ითხოვენ. ამიტომაა, რომ ამჯერადაც, ისათნოვა რა უფალმა ფილიმონის საღვთო სურვილი წყლითა და სულით ნათლისღებისა, მოუვლინა რა ხორციელ მღვდელმოქმედთა (ამქვეყნიურ ლიტურგიკოსთა) ნაცვლად ზეციური მღვდელმოქმედნი ანუ ხორცშესხმული ძე-ღმერთის იესო ქრისტეს ზეციური ლიტურგიკოსნი - ანგელოზნი, ხოლო წყლად მიუბოძა ცით გადმოსხმული წვიმის ნაკადი" (ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 272-274).

რა შეიძლება ითქვას ყოველივე ამის შესახებ? ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ არსებობს სხვადასხვა (და არა მხოლოდ ყოფითი) სახის გამონაკლისი, რომელთაც ე. ჭელიძე გვერდს უქცევს. მისი აზრით გამონკალისს ქმნის მხოლოდ ყოფითი დაბრკოლება და ეს "ყოფითი გამონაკლისი მაშინ ვლინდება, როდესაც მოუნათლავი პიროვნება ჩვეულებრივი (და არა მარტვილის) სიკვდილით კვდება და ვინაიდან უნათლავად აღსრულება უთუოდ მის მარადიულ წარწყმედას ნიშნავს, შესაბამისად, იმგვარი გამონაკლისი სახით იღებს იგი ნათლობას ყოვლადწმინდა სამებისადმი, როგორიც იმ მომენტში კაცთა ძალისხმევით არის შესაძლებელი (ნათლობა ერისკაცისგან, ნათლობა ქალისგან, ნათლობა მხოლოდ სამების სახელის წარმოთქმით)".

დიახ, ამგვარი გამონაკლისების კატეგორია ნამდვილად არსებობს და აღვნიშნეთ კიდეც, რომ ასეთ შემთხვევაში ადამიანები ღვთის მადლს იღებენ რწმენის მიხედვით და არა იმიტომ, რომ მათზე აღსრულებული ფორმა საიდუმლოსი საეკლესიო კანონია ან საყოველთაოდ გავრცელებული პრაქტიკა. ასეა ეს თუნდაც მის მიერ ჩამოთვლილ გამონაკლისთა შემთხვევაშიც: ნათლობა ერისკაცისგან, ნათლობა ქალისგან, ნათლობა მხოლოდ სამების სახელის წარმოთქმით. ხომ არ შემოგვედავება ვინმე იმაში, რომ ჩვეულებრივ შემთხვევაში, როგორც ეს უკვე განგვიმარტა წმ. პატრიარქმა ფოტიმ და როგორც ეს საეკლესიო სჯულმდებლობაშიც არის ნაჩვენები, ერისკაცთა ნათლობა მიუღებელია, ასევე, საყოველთაოდ არავინ ნათლავს მხოლოდ სამების სახელის წარმოთქმით. ესენი გამონაკლისებია და არა საზოგადო წესი, როდესაც ადამიანს თავისი რწმენის შესაბამისად შეევსება ვითარებით გამოწვეული დანაკლისი.

მაგრამ არსებობს საღმრთო გამონაკლისებიც, როდესაც ღმერთი თავისი მიუწვდომელი განგებულებით ან იმიტომ, რომ სურს წარმართთა მოქცევა, ან კიდევ იმიტომ, რომ სურს წარმოაჩინოს იმ ადამიანის სიწმიდე, ვისზეც ამგვარი გამონაკლისი სრულდება, დაუშვებს ქრისტეანთა ამა თუ იმ სახით ნათლობას და მიანიჭებს მათ თავის ნათელს.

მაგრამ, მოდი, კვლავ ნათლისღების განსაკუთრებულ შემთხვევებთან დაკავშირებულ ე. ჭელიძის მსჯელობას დავუბრუნდეთ.

საღმრთო განგებულებაში მის ამგვარ ჩხირკედელეობას შევაფასებდით წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებით, რომელიც უფლის მიუწვდომელ განგებულებაზე და იმაზეც, თუ რატომ აღასრულებს ღმერთი რაიმე წესს მის მიერვე ბოძებული სჯულისგან და კანონისგან განსხვავებით, ბრძანებს: "ვინ გაბედავს, გამოიკვლიოს ესოდენ დიადი საიდუმლო? ღმერთი, სადაც ნებავს, იქ თრგუნავს ბუნების წესს და ბუნებას არ ძალუძს წინ აღუდგეს მას. ... ღმერთმა ინება და გარდამოხდა, აღასრულა კაცთა გამოხსნა, რადგან ღმერთს ყოველთა კაცთა ცხოვრება ნებავს" (რუს." "Но кто дерзнет исследовать столь великое таинство? Идеже хощет Бог, там побеждается естества чин, и не может препятствовать природа. ... Бог восхотел и снисшел, совершая спасение людей, ибо в воле Божией - жизнь всех людей") (Слово на Рождество Христово Святителя Григория Чудотворца, епископа Неокесарийского. http://www.orthlib.ru/Gregory_Neokes/christm.html) (URL-ს მიმართვის თარიღი: 24.08.2020).

ე. ჭელიძეს უნდა განემარტოს ისიც, რომ საიდუმლოს მადლი შეიძლება დაკანონებულ წეს-ჩვეულებასთან ერთადაც და მის გარეშეც ერთდროულად მოქმედებდეს. სულიწმიდა მოციქულებზე გადმოვიდა ოდენ ღმრთის მოქმედებით, რაიმე წეს-ჩვეულების აღსრულების გარეშე. ხოლო ასისთავ კორნელიუსის ოჯახზე სულიწმიდა გადმოვიდა ნათლისღებამდეც (იხ. საქმე 10:44-48). ჩვენ ვიცით ნათლისღება სისხლით (მოწამეობრივი ნათლობა), წყლის გარეშე ქვიშით (იოანე მოსხი. ლიმონარი) (Иоанн Мосх. Луг духовный. Изд. во Владимирской епархии, 2002. С. 207-208) და ა. შ.

დასტურს იმისა, რომ საიდუმლოებებში მოცემული მადლი ღმერთმა შეიძლება გარეგანი მოქმედებების გარეშე, სხვანაირადაც მოგვცეს, ვპოულობთ წმიდა მამებთან. ასე, მაგალითად, ღირ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი შენიშნავს: "ყოფილა, რომ ზოგიერთს ღმრთის მადლი სწვევია მღვდლის ხელის დადებით, მაგრამ ეს გამონაკლისი შემთხვევები იყო და არა ყველასათვის საზოგადო წესი" ("Бывало, что некоторых посещала благодать Божия и без возложения рук священника, но то были исключительные случаи; не всем общие") (Симеон Новый Богослов, преподобный. Творения: В 3-х т. Издание Свято-Троицкой Сергиевой лавры, 1993. Т. 1: Слова 1-52. С. 204).

კიდევ უფრო გამოკვეთილად ლაპარაკობს ამის შესახებ ნიკოლოზ კავასილა (1322-1398 წწ.): "ისეც მომხდარა, რომ სრულყოფილება ამ დასში მრავალს განუბანელადაც მიუღია, და ჯერაც წყლით მოუნათლავნი მოუნათლავს თვით ეკლესიის სიძეს (ანუ ქრისტეს - არქიეპ. პ.). მრავალს უეცრად მოუვლენდა იგი ღრუბელს ციდან და წყალს მიწიდან და ასე ნათლავდა, ხოლო უდიდეს ნაწილს განაახლებდა დაფარულად. რადგან, როგორც ქრისტეს არყოფნას აღავსებენ ეკლესიის წევრნი, პავლე ან სხვა ვინმე, ასევე, არაფერია უცნაური, თუკი ეკლესიის არყოფნას აღავსებს თავი მისი ქრისტე; და, თუ ხდება ისეთი რამ, რაშიც წევრები შეეწევიან თავს ეკლესიისას, რამდენად სამართლიანი იქნება, თვით თავმა უბოძოს სხეულის წევრებს ის, რაშიც ნაკლულევანებას განიცდიდნენ? და ეს ასე ხდება კიდეც" (Семь слов о жизни во Христе) (Николай Кавасила. Богословские труды. М., 2002. С. 36-37) (რუს. თარგმანში: "Случалось, что получали совершенство и в сем лике многие еще не омывшиеся, которых, когда они еще не были крещены водою, крестил Сам Жених Церкви. Многим посылал Он облако с небеси и воду из земли сверх ожидания и таким образом крестил их, а большую часть воссоздал сокровенно. Ибо как лишение Христово восполняют члены Церкви, Павел или иной кто, подобный ему, так нет ничего странного, если лишение Церкви восполнит Глава Церкви. Или, если бывает нечто, в чем члены, по-видимому, помогают главе, насколько справедливее, чтобы самая Глава приложила то, чего недостает членам? Это так и бывает" (Николай Кавасила. Семь слов о жизни во Христе. Богословские труды. М., 2002. С. 36–37).

ეს არის საუკეთესო დასტური და განმარტება იმისა, თუ რატომ ინათლებოდნენ წმინდანები ზოგჯერ უცნაურად და სხვაგვარად, ზოგი სიტყვით, ზოგიც ხელის დადებით, ზოგიც მცირედი წყლის შეხებით, ზოგჯერ წყლის გარეშეც, ცეცხლით (მოწამეობით), ღრუბლით და ა. შ. მაგრამ არც ერთ წმიდა მამას არასოდეს განუმარტავს, თითქოსდა ასეთი შემთხვევები დასტური და საფუძველი იყოს საეკლესიო ნორმად მათი მიჩნევისა და ჩვეულებრივ მღვდელმსახურებს ეკლესიაში მათი ყოველდღიურად აღსრულების უფლება ჰქონდეთ. ასეთ იშვიათ და უცნაურ საიდუმლოთ (და არა მარტო ნათლობას) აღასრულებდა ან თვით ღმერთი, ან ანგელოზი ღმრთის დავალებით, ან კიდევ წმინდანი ღმრთის შთაგონებით, როგორც ამას ზემოთ დამოწმებული მაგალითებიც წარმოაჩენენ.


6. თადეოზ მოციქულის მიერ აღსრულებული საჯარო ნათლობა

ახლა ვნახოთ, როგორ განიხილავს ე. ჭელიძე ქალწულმოწამე საგდუხტის წმიდა ნაწილთა განსვენების ადგილას თადეოზ მოციქულის მიერ აღსრულებულ საჯარო ნათლობას. ამ ერთ-ერთი უადრესი (I ს-ის) ნათლისცემის შესახებ ჰაგიოგრაფი გვაუწყებს: "წმიდაი იგი მხევალი ქრისტეისი დგა ლოცვად... მას ჟამს წულმან ვინმე ჰსცა მკერდსა მახვილითა წმიდისა ქალწულისასა, და გამოხდა სისხლი და წყალი და სული სულნელებისაი, და მუნთქუესვე შეჰვედრა სული თვისი ქრისტესა. ... და დაადგრა სუეტი იგი ნათლისაი სამ დღე და სამ ღამე ზედა წმიდათა ხორცა მისთა. და მას დღესა შინა სულსა სამ ათასსა ჰრწმენა მამათა და დედათა, და არა განეშორნეს ადგილსა მას, სადა ისხნეს ნაწილნი წმიდისა მოწამისა სანდუხტისნი. და მოვიდა მოციქული ღამით და ნათელსცა მათ სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმიდისა სულისაითა. და აღიხუნეს ნაწილნი წმიდისა სანდუხტისნი და დასხნეს მასვე ადგილსა. და უქმნა (მოციქულმა - ე. ჭ.) მას განსასუენებელი ფარულად" (А. Хаханов. Материалы по грузинской агиологии по рукописям X века. Москва 1910 (Труды по востоковедению, 31) стр. 62. ციტ. ე. ჭ. დასახ. შრ. გვ. 224).

"როგორც სავსებით მკაფიოდაა ნათქვამი, - წერს ე. ჭელიძე, - სამიათასი ადამიანი ინათლება (ციტირებულ ადგილას ხაზგასმა ავტორისაა - არქიეპ. პ.)  იმ ადგილას, სადაც დასვენებული იყო მარტვილურად აღსრულებული საგდუხტის წმინდა ნაწილები. უაღრესად საგულისხმოა, რომ ნათლობა მიმდინარეობს წარმართებისგან დაფარულად, ღამით ("მოვიდა მოციქული ღამით და ნათელსცა"). ნათლობის დასრულების შემდეგ მოციქული, ფარულადვე, განსასვენებელს ანუ საფლავს შეუმზადებს მოწამეს ("უქმნა (მოციქულმა - ე. ჭ.)) მას (სანდუხტს) განსასუენებელი ფარულად").

მაშ, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოქცეული სამიათასი ადამიანი შეკრებილია მკერდგანგმირული მოწამის წმინდა ნაწილებთან და მოელის ნათლისღებას მოციქულისგან. ზედმეტია იმის თქმა, რომ ესაა ადგილი, სადაც, რა თქმა უნდა, არ არის აბსოლუტურად არანაირი მდინარე, წყარო ანდა რაიმე ნასახი ბუნებრივი წყლისა (საზოგადოდ, ქრისტეანთა მოკვდინება ყოველთვის (?) ხრიოკ, უდაბურ, დაუსახლებელ ადგილებში ხდებოდა), არც თვით "მარტვილობაშია" რაიმე ამდაგვარზე ოდნავ მაინც მინიშნება. ჰაგიოგრაფისგან ხაზგასმულია მხოლოდ ერთი: ნათელღებადნი დგანან უშუალოდ წმ. საგდუხტის პატიოსან ნაწილთა წინაშე" (ე. ჭელიძე. იქვე. გვ. 224).

ხსენებული მაგალითი, გამონაკლისი კატეგორიის პირობაზე, არ წარმოადგენს რაიმე განსაკუთრებულ შემთხვევას. ამგვარი ნიმუშები ზემოთ უკვე განვმარტეთ და აქ აღარ გავიმეორებთ. მკითხველის ყურადღებას მივაპყრობთ მხოლოდ რამდენიმე გარემობას:

1) არაფერია საკვირველი იმაში, რომ უდაბურ, უწყლო და ხრიოკ ადგილას ნათლობა სრულდება მოციქულის მიერ სასწაულებრივად. მოციქულებს სასწაულთმოქმედების უდიდესი მადლი ებოძათ, რასაც ისინი ღმრთის ეკლესიის აღსაშენებლად დაუბრკოლებლივ იყენებდნენ.

2) ე. ჭელიძეს უკვე მერამდენედ სპეციალურად შემოაქვს ვითარებები, რომლებიც მას პკურებითი ნათლობის გასამართლებლად სჭირდება. ის წერს, რომ თურმე "საზოგადოდ, ქრისტეანთა მოკვდინება ყოველთვის ხრიოკ, უდაბურ, დაუსახლებელი ადგილებში ხდებოდა", რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. მართალია, იყო ასეთი შემთხვევებიც, მაგრამ არა "საზოგადოდ". პირიქით, სწორედ იმის იმედით, რომ საყოველთაოდ და სახალხოდ დააკნინებდნენ ქრისტეანთა სარწმუნოებასა და შემართებას, მათ სწორედაც რომ სახალხოდ, ანუ ხალხმრავალ ადგილებში (ქალაქებში, დაბებში, დასახლებულ ადგილებში) საჯაროდ აწამებდნენ. მაგრამ ხდებოდა სასწაულები და ჯალათები საპირისპირო შედეგს იღებდნენ - წმიდა მოწამეთა მადლმოსილი გამძლეობის, მათი მარტვილობისა და თანმდევ საღმრთო სასწაულთა მხილველნი მყისიერ ქრისტეანდებოდნენ და არა მარტო დამსწრენი, არამედ თვით ჯალათნიც. სად ეწამნენ ე. ჭელიძის მიერ ხსენებული ერმოგენე, გენეზი, გელასიუსი და მრავალი სხვა წმინდანი, რომელთა მაგალითებს ასე ახვავებს თავის წიგნში? - საჯაროდ, ხალხის წინაშე! ზოგი ქალაქის ცენტრში, ზოგიც არენაზე, ზოგიც სხვა დასახლებულ ადგილებში... ამიტომაც, ე. ჭელიძის დასკვნა, თითქოსდა "საზოგადოდ, ქრისტეანთა მოკვდინება ყოველთვის ხრიოკ, უდაბურ, დაუსახლებელი ადგილებში ხდებოდა", არ შეესაბამება სინამდვილეს.

3) ე. ჭელიძეს შემოაქვს კიდევ ერთი პირობა, რომელზე დაყრდნობითაც ცდილობს ის ამ მაგალითის გამოყენებას დასხმა-პკურებითი ნათლობის გასამართლებლად. და ეს პირობა გამომდინარეობს მეორე დაშვებიდან, ანუ, თუ წმ. საგდუხტი ეწამა უდაბურ და ხრიოკ ადგილას, მაშინ, ცხადია, იქ არც ემბაზი უნდა ჰქონოდათ, და რომც ჰქონოდათ, ერთ ემბაზში სამი ათასი ადამიანის ნათლობას ორ დღე-ღამეზე მეტი ხანი მოუნდებოდა. "დაღამებისთანავე მოდის მოციქული და ნათლავს წმინდა ნაწილთა გარშემო მდგომ სამიათას ადამიანს, რა თქმა უნდა, ყოველგვარი ემბაზის გარეშე. ემბაზში ნათლობა გამორიცხულია არა მხოლოდ იმიტომ, რომ მსგავსი რამ ნახსენებიც კი არ არის ჰაგიოგრაფისგან, არამედ, გაცილებით მეტად, შემდეგის გამო: ... თუნდაც უკიდურესად არაბუნებრივი აჩქარებულობა განვაკუთვნოთ მოსანათლებს (დაგვეთანხმება, ვფიქრობთ, უკლებლივ ყველა მკითხველი), სულ ცოტა ერთი წუთი მაინც დასჭირდებოდა... რა შედეგს ვიღებთ ასეთ შემთხვევაში? არც მეტი არც ნაკლები - მხოლოდ იმას, რომ მოციქულს ნათლისღება უნდა აღესრულებინა 50 საათის ანუ ორ დღე-ღამეზე მეტი ხნის განმავლობაში! მაგრამ, როგორღა დაასრულა მოციქულმა ნათლისღება იმავე ღამით და შემდეგ "ფარულად" როგორღა შეუქმნა მან განსასვენებელი წმინდანის ნაწილს, თუ მომდევნო ორი დღის მანძილზეც კვლავ ნათლობა გრძელდებოდა, ანკი სადღა იყო დაფარვა წარმართთაგან?" (იქვე. გვ. 225).

მაშასადამე: "ერთ ღამეში ერთი ადამიანისგან (თადეოზ მოციქულისგან) უწყლო და ხრიოკ ადგილას უემბაზოდ სამიათასი ადამიანის მონათვლა მხოლოდ და მხოლოდ დასხმითად თუ შეიძლებოდა აღსრულებულიყო და არანაირად -  წყალში სრული ხილული ჩაძირვით" (იქვე).

აქედან დასკვნა: "ზემორე უწმიდესი წყარო უმკაფიოესი მოწმობაა იმისა, რომ I საუკუნიდანვე ყოვლადწმიდა სამებისადმი ადამიანთა დიდი სიმრავლის დასხმითად მონათვლა ჩვეულებრივი, გავრცელებული წესი იყო და ამგვარად მონათლულთაგან შემდეგში არავინ, არარა აზრით, არანაირად ხელმეორედ აღარ გადაინათლებოდა" (იქვე).

ე. ჭელიძის მიერ დამოწმებულ წყაროში არსად არ არის ნახსენები, რომ საგდუხტი აწამეს ისეთ "უდაბურ და ხრიოკ ადგილას", სადაც ახლო-მახლო წყალი ან მდინარე არ არსებობდა. ასეთი პირობა იმის საფუძველზე, რომ "არც თვით "მარტვილობაშია" რაიმე ამგვარზე ოდნავ მაინც მინიშნება", შემოჰყავს თვით ე. ჭელიძეს, რათა შემდეგ ამტკიცოს, რომ ნათლობა შეუძლებელი იქნებოდა თვით ემბაზის არსებობის შემთხვევაშიც კი, რადგან მაშინ სამი ათასი კაცის ნათლობას მოუნდებოდა ორი დღე-ღამე. მაგრამ, თუ სადმე ახლო-მახლო არსებობდა მდინარე, მაშინ საყოველთაო ნათლობის წესით, სრულიად თავისუფალი იქნებოდა ამ ოდენობის ხალხის ნათლობა ერთ ღამეშიც (ცნობილია, რომ კიევის რუსეთი დნეპრში ერთ დღეში გაინათლა და მაშინ ათასობით ადამიანი მონათლეს).

მოდი ვიკითხოთ, რატომ არის სავალდებულო, საგდუხტის მარტვილობაში აუცილებლად მინიშნებული იყოს ახლო-მახლო მდინარის არსებობა? როდესაც რომელიმე წმინდანის ცხოვრებას ვკითხულობთ, ჩვენ შევიტყობთ მხოლოდ იმ ცნობებს, რომლებზეც გაამახვილეს ყურადღება ჰაგიოგრაფებმა, მაგრამ გვაძლევს თუ არა ეს უფლებას, გავაკეთოთ ისეთი თვითნებური დასკვნები, როგორსაც ე. ჭელიძე აკეთებს? რადგან ჰაგიოგრაფმა ახლო-მახლო წყლის საცავი (ტბა, მდინარე, ჩანჩქერი და სხვა) ან ემბაზი არ ახსენა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ის ნამდვილად არ არსებობდა? მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც არის ის, რომ მოციქულ თადეოზის მიერ 3000 წარმართის ნათლობა ეჭვქვეშ არის დაყენებული მეცნიერების მიერ, რადგან ყველაზე სანდო (არასომხური) წყაროების მიხედვით, მოციქული თადეოზი გარდაიცვალა ბეირუთში ქრისტეს შობიდან 44 წელს.

ე. ჭელიძე არ მიუთითებს თუ რომელ საგდუხტზეა ლაპარაკი. შავარაუდოდ, ეს არის წმ. ქალწულმოწამე სანდუხტი, სომხეთის მეფის სანატრუკის ქალიშვილი. სომხური წყაროს მიხედვით: "… გარკვეული დროის შემდეგ მეფე სანატრუკი კვლავ მიუბრუნდა კერპთაყვანისმცემლობას და სასტიკი დევნულება აღმართა ქრისტეანთა წინააღმდეგ, რის შედეგადაც მრავალი ქრისტეანი ეწამა სარწმუნოებისთვის და თვით მეფის ქალწული სანდუხტ არშაკუნიც (სომხ. ეკლ. მას მოიხსენიებს 23 დეკემბერს (5 იანვარს) თავისი უკეთური მამის მსხვერპლი გახდა. სანდუხტთან ერთად მოწამებრივად აღესრულნენ: წმიდა თავადნი სამუილ არშაკუნი და იზრაელი, ასევე სამეფო წარმომავლობის მოწამე წმ. ზარმანდუხტი. წმ. მეფის ქალწულის სანდუხტის მოწამებრივი აღსასრულიდან მესამე დღეს მოწამებრივი გვირგვინი დაიდგა წმ. მოციქულმა თადეოზმაც, რომელსაც იგივე ხვედრი ერგო სანატრუკისგან 66-ე წელს ქრისტეს შობიდან ქ. შავარშანში, ართაზის ოლქში. წმიდა მოციქულის პატიოსანი სხეული დაკრძალეს მაქვში (Maku, სომხ: Մակու), ართაზის ოლქში, სადაც შემდეგ აღმართეს წმ. მოციქულ თადეოსის სახელობის მონასტერი, რომელიც დღემდე არსებობს და სადაც დაცული იყო წმ. მოწამე სანდუხტის წმიდა ნაწილები" (Краткий очерк истории Армянской Церкви с I по VIII века).

http://orthodoxengland.org.uk/pdf/armenia/a_kratkiy.pdf (URL-ს მიმართვის თარიღი: 24.08.2020).

ოვანეს დრასხანაკერტცის (898-929 წწ. სომხეთის კათალიკოსი, ისტორიკოსი და მწერალი) "სომხეთის ისტორიაში" ნათქვამია, რომ: "იმის შემდეგ რაც ავგაროზმა სული განუტევა იმ უდიდესი სასოებით, რომ ეზიარა ღმრთის დიდებას და მისდევდა წარუხოცელი იმედის აღსარებას... სომხეთში მეფე ხდება მისი ძმისშვილი სანატრუკი, რომელმაც, მართალია, მოციქულ თადეოზის ქადაგების შემდეგ ირწმუნე ქრისტე, მაგრამ შემდეგ კვლავ უარყო და გარკვეული დროის შემდეგ უმძიმესი ტანჯვითა და მახვილით სიცოცხლეს გამოასალმა წმიდა მოციქული, მასთან ერთად კი საკუთარი ქალიშვილი სანდუხტიც" (Ованес Драсханакертци. История Армении. Глава VII. О вероотступничестве Санатрука и армян, мученичестве Фаддея и Сандухт, святых Оски и Сукиаса с их сподвижниками. http://armenianhouse.org/draskhanakertsi/history-ru/chapter1_10.html#7) (URL-ს მიმართვის თარიღი: 24.08.2020).

აქ არ შევუდგებით სომხური წყაროების სანდოობისა და სომეხი ისტორიკოსების ცნობილი მეზღაპრეობის განხილვას, აღვნიშნავთ მხოლოდ იმას, რომ აქაც მოცემული გვაქვს ედესის მეფის, ავგაროზის არმენიზაციის მცდელობა. ნ. ადონცის აზრით (Армения Юстиниана, с. 348, 349), - ნათქვამია ხსენებული ნაშრომის სქოლიოში, - "ედესის მეფის ისტორიის არმენიზაციისა და მისი, როგორც თვით სანატრუკის ბიძად წარმოჩენასთან დაკავშირებული ეს სიუჟეტური პარალელიზმი, მხოლოდ საეკლესიო ნიადაგზე აიხსნება და სომხეთისა და ედესის ეკლესიათა გენეტიკური ნათესაობის რეფლექსს წარმოადგენს" (По мнению Н. Адонца (Армения Юстиниана, с. 348, 349), "Этот параллелизм в обработке сюжетов в связи с арменизацией истории Эдесского царя и его самого как дяди Санатрука объясним только на церковной почве и является рефлексом генетического родства армянской церкви с эдесскою" (Ованес Драсханакертци. История Армении. Глава VII. О вероотступничестве Санатрука и армян, мученичестве Фаддея и Сандухт, святых Оски и Сукиаса с их сподвижниками. http://armenianhouse.org/draskhanakertsi/history-ru/chapter1_10.html#7) (URL-ს მიმართვის თარიღი: 24.08.2020).

უნდა ვიცოდეთ, რომ წმ. მოციქულ თადეოსის სიკვდილისა და დაკრძალვის შესახებ არსებობს საკმაოდ განსხვავებული შეხედულებები. ქართულ ენაზე გამოცემულ "წმინდანთა ცხოვრებაში" წმ. მოციქულ თადეოზის შესახებ ვკითხულობთ: "ნეტარმა მოციქულმა ედესაში ეკლესია დააფუძნა. ავგაროზს სურდა, იგი უხვად დაეჯილდოებინა, მაგრამ წმინდანმა საბოძვარზე უარი განაცხადა და სხვა ქალაქებს მიაშურა ქადაგებით. ბოლოს თადეოზი ფინიკიის ქალაქ ბირითში (ბეირუთში) ჩავიდა და მშვიდობით მიიცვალა ორმოცდაოთხი წლის  ასაკში (ეს ცნობა ამოღებულია სლავური თვენიდან. სხვა წყაროების მოწმობით, წმიდა მამა ედესაში გარდაიცვალა, სომხური გადმოცემის მიხედვით კი - მრავალგვარი წამების შემდეგ მას პიტაზის ოლქში მახვილით მოჰკვეთეს თავი 50 წლის 21 დეკემბერს) (წმინდანთა ცხოვრება. ივლისი - დეკემბერი. 21 (3.09) აგვისტო. თბილისი 2003 წ. წიგნი მეორე. გვ. 160).

დიმიტრი როსტოველი (1651-1709) მის მიერ შედგენილ "წმინდანთა ცხოვრებაში" წერს: "იმის შემდეგ, რაც წმიდა მოციქულმა თადეოზმა ედესაში განამტკიცა წმიდა რწმენა და ღვთისმოსაობა და ყოველივე სასიკეთოდ წარმართა, მესოპოტამიას მიაშურა; აქ მან განანათლა მრავალნი და მოაქცია ქრისტესკენ, ასევე ააშენა ტაძრები; წმიდა მოციქულმა მოიარა სირიის ქალაქები, სადაც ახარებდა ქრისტეს სახელს. შემდეგ ის ჩავიდა ფინიკიის ქალაქ ბეირუთში; აქაც იქადაგა ქრისტე და მრავალიც მონათლა. წმიდა მოციქული თადეოსმა აქ მიაბარა უფალს სული მშვიდობით (სქოლიო: წმ. მოციქული თადეოსი გარდაიცვალა დაახლ. 44 წ.).

უფრო დეტალურად აღწერს ამ ამბავს ნიკიფორე კალისტე (სქოლიო: ნიკიფორე კალისტე - XIV საუკუნის ცნობილი საეკლესიო ისტორიკოსი, კონსტანტინოპოლის სოფიაწმიდის ტაძრის ბერი. მისი "საეკლესიო ისტორია" (18 წიგნად) მოვლენებს აღწერს ბიზანტიელი იმპერატორის ფოკას (დაახლ. 611 წ.) დრომდე). სწორედ ნიკიფორე კალისტე ამბობს: "წმიდა იუდა, არა ისკარიოტელი, არამედ სხვა, რომელსაც განაკუთვნებენ ორ სახელს: თადეოსსა და ლევიანს. ის იყო იოსების ძე, ძმა იაკობისა, რომელიც გადმოაგდეს ტაძრის სახურავიდან. თავიდან სახარებას ქადაგებდა იუდეასა და გალილეაში, ასევე სამარიასა და იდუმეაში, ასევე არაბეთის ქალაქებში, სირიისა და მესოპოტამიის ქვეყნებში, შემდეგ კი ჩავიდა ედესში, ავგაროზის ქალაქში, სადაც ადრე ქრისტეს სახელს ახარებდა სხვა თადეოსი, სამოცდაათთაგან ერთ- ერთი, და აქ დაასრულა ყოველივე, რაც დაუსრულებელი დარჩა იმ თადეოსს" (Житие святого Апостола (из семидесяти) Фаддея. 21 августа по ст.ст. / 3 сентября по н.ст. В изложении святителя Димитрия Ростовского. https://azbyka.ru/otechnik/Dmitrij_Rostovskij/zhitija-svjatykh/689
)
(URL-ს მიმართვის თარიღი: 24.08.2020).

როგორც თვით სომხური წყაროებიც მოწმობს: "სლავური თვენის მიხედვით, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობა ბიზანტიურ და ლათინურ წყაროებს, წმ. თადეოსი "მოვიდა ფინიკიის ქალაქ ბეირუთში (ლიბანი); აქ იქადაგა ქრისტეს სახელი და მრავალიც მონათლა. წმიდა მოციქული თადეოსი აქ მშვიდობით მიიცვალა ქრისტეს შობიდან 44-ე წელს. სირიული წყაროების მიხედვით წმიდა მოციქული გარდაიცვალა ედესში, ხოლო ძველი სომხური გადმოცემის მიხედვით, მოციქულ თადეოსს მრავალგვარ წამებათა შემდეგ თავი მოჰკვეთეს 66 წლის (სხვა წყაროებით - 50 წლის) 21 დეკემბერს.

მოცემულ შემთხვევაში ძნელია დაზუსტებით რაიმეს თქმა წმიდა მოციქულის გარდაცვალებისა და მისი დაკრძალვის ადგილის შესახებ. ამ თემაზე მრავალი მონოგრაფია დაიწერა, სადაც ავტორები მეცნიერული კვლევის საფუძველზე ცდილობდნენ განესაზღვრათ წმ. მოციქულ თადეოზის გარდაცვალებისა და დაკრძალვის ნამდვილი ადგილი, თუმცა ერთიან აზრამდე მაინც ვერ მივიდნენ" (Краткий очерк истории Армянской Церкви с I по VIII века) (http://orthodoxengland.org.uk/pdf/armenia/a_kratkiy.pdf) (URL-ს მიმართვის თარიღი: 24.08.2020).

სამაგიეროდ, წმ. მოციქულ თადეოზის ცხოვრების სომხურ ვერსიას უპრობლემოდ იზიარებს ე. ჭელიძე, რომელიც ამ სომხურ წყაროსაც კი ამახინჯებს და საქმეს ისე წარმოაჩენს, თითქოსდა წმ. ქალწული სანდუხტი ეწამა უდაბნოში, სადღაც უწყლო და ხრიოკ ადგილას, რადგან თურმე, როგორც ე. ჭელიძე გვამცნობს, "საზოგადოდ, ქრისტეანთა მოკვდინება ყოველთვის ხრიოკ, უდაბურ, დაუსახლებელ ადგილებში ხდებოდა" (ე. ჭ. დასახ. შრ. გვ. 224). მაშინ, როდესაც სომხური წყაროების მიხედვით, წმ. სანდუხტი ეწამა თავისსავე ქალაქში საკუთარი მამის განკარგულებით.

რატომ იზიარებს ე. ჭელიძე წმ. თადეოზ მოციქულის ცხოვრების სომხურ ვერსიას? რატომ არ იზიარებს, ბიზანტიურ, ლათინურ და სლავურ ვერსიებს, რომელთა მიხედვითაც, წმ. თადეოზი მშვიდობით გარდაცვლილა ქრისტეს შობიდან 44-ე წელს ბეირუთში? იმიტომ, რომ მაშინ ვეღარ შეძლებს დასხმით-პკურებითი ნათლობის კანონიკურობის წარმოჩენას აღსრულებულს თვით მოციქულის ხელით. ე. ჭელიძე თავისი იდეოლოგიური პოზიციის გასამართლებლად მზად არის, დათმოს ისტორიული ჭეშმარიტება და არასაეჭვოდ გამოაცხადოს წმ. მოციქულ თადეოზის მოწამეობა სომხეთში (შეგახსენებთ, რომ წმ. სანდუხტის წამებას მჭიდროდ უკავშირდება სამოცდაათთაგან ერთ-ერთი მოციქულის, წმ. თადეოზის მოწამეობაც).

თუმცა, თვით ე. ჭელიძის მიერ მოტანილი წყაროც კი არ მოწმობს იმაზე, თითქოს ნათლობა მაინცადამაინც პკურებით იყოს აღსრულებული. ასე ჩანს მხოლოდ ე. ჭელიძის მიერ სპეციალურად შემოტანილი დაშვებების საფუძველზე.

მოციქულ თადეოსის ცხოვრების სომხური ვერსიის მიხედვით, მოციქული აწამეს წმ. სანდუხტის წამებიდან მესამე დღეს, იმის შემდეგ, რაც "წულმან ვინმე ჰსცა მკერდსა მახვილითა წმიდისა ქალწულისასა... დაადგრა სუეტი იგი ნათლისაი სამ დღე და სამ ღამე ზედა წმიდათა ხორცთა მისთა"; ანუ, იმის შემდეგ, რაც წმიდა ქალწული მოკლეს, მომხდარა სასწაული, სამი დღე და ღამე მის წმიდა სხეულს ღვთიური ნათელი დასდგომია. სწორედ ამ დღეებში ("... მას დღესა შინა") სამი ათას ადამიანს მიუღია ქრისტეანული სარწმუნოება ("სულსა სამ ათასსა ჰრწმენა მამათა და დედათა"), მეტიც, მათ არა მარტო ირწმუნეს წმიდა სანდუხტის ღმერთი, ანუ ქრისტე, არამედ არ განშორებიან იმ ადგილს, სადაც განისვენებდა წმინდანის უხრწნელი სხეული, რომელსაც ედგა ზეგარდმო მოფენილი ნათელი ("და არა განეშორნეს ადგილსა მას, სადა ისხნეს ნაწილნი წმიდისა მოწამისა სანდუხტისნი").

ამ სამიდან ერთ-ერთ ღამეს მოსულა მოციქული თადეოზიც და მოუნათლავს ეს სამი ათასი კაცი "სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმიდისა სულისაითა". რადგან მოციქული თადეოზი, როგორც ამას მისი ცხოვრების სომხური ვერსია გვამცნობს, წმ. ქალწულის ტანჯვიდან მესამე დღეს აწამეს, უნდა ვივარაუდოთ, რომ წმინდანის უხრწნელ და ნათელდადგრომილ ადგილთან მისი საიდუმლო მოსვლა ამ სამი ღამიდან ერთ-ერთს უნდა მომხდარიყო. ოღონდ ნათქვამი არ არის, როდის, პირველივე ღამეს, მეორეს თუ მესამეს... თუ ვივარაუდებთ, რომ წმ. მოციქული პირველივე ღამეს მოვიდა წმ. სანდუხტის ნათელმოსილ გვამთან, და ასევე იმას, რომ წმ. სანდუხტი აწამეს ქალაქში, მაშინ თავისუფლად შეიძლება იმისი ვარაუდიც, რომ ამ სამი ათასი კაცის ნათლობას ემბაზში მოციქული ორ დღეში თავისუფლად მოასწრებდა. ასე დაგვიანგარიშა ეს ე. ჭელიძემ. "... ამ შემთხვევაში, - წერს იგი, - ... არც მეტი არც ნაკლები... მოციქულს ნათლისღება უნდა აღესრულებინა 50 საათის ანუ ორ დღე-ღამეზე მეტი ხნის განმავლობაში!" (ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 225).

ე. ჭელიძე, თავი რომ დაიზღვიოს მოსალოდნელი შეპასუხებისგან, სვამს კითხვას: "მაგრამ როგორღა დაასრულა მოციქულმა ნათლისღება იმავე ღამით და შემდეგ "ფარულად" როგორღა შეუქმნა მან განსასვენებელი წმინდანის ნაწილებს, თუ მომდევნო ორი დღის მანძილზე კვლავ ნათლობა გრძელდებოდა, ანკი სადღა იყო დაფარვა წარმართთაგან?" (ე. ჭ. იქვე. გვ. 225)

მაგრამ, სად არის ნათქვამი, რომ "მოციქულმა ნათლობა დაასრულა იმავე ღამით"? - არსად! ეს თვით ე. ჭელიძემ გამოიგონა. სხვაგვარად მისი თეორია ვერ გამართლდება.

შემდეგ, "ფარულად" როგორღა შეუქმნა მან განსასვენებელი წმინდანის ნაწილებს, თუ "მომდევნო ორი დღის მანძილზე ნათლობა კვლავ გრძელდებოდა..?"  აშკარად, ე. ჭელიძეს მთელი თავისი მსჯელობა აგებული აქვს მის მიერ შემოგდებულ იდეაზე, რომ მოციქული მოვიდა ამ სამიდან ერთ-ერთ ღამეს და იმავე ღამეს მონათლა სამი ათასი ადამიანი; ანუ ე. ჭელიძეს მსჯელობა აგებულია მხოლოდ ერთი ღამის მოვლენებზე. მაგრამ სად არის მის მიერ მოტანილ ცნობაში ნათქვამი, რომ ეს ყოველივე ერთი ღამის განმავლობაში მოხდა? - არსად! და ბოლოს:

"ანკი სადღა იყო დაფარვა წარმართთაგან?"... ანუ ჩვენს "მეცნიერს" იმისი თქმა უნდა, რომ მოციქული წმ. სანდუხტის ნაწილებთან მივიდა ფარულად. მაგრამ არც ამის შესახებ არის რაიმე ნათქვამი მის მიერ დამოწმებულ წყაროში. არამედ ნათქვამია "და მოვიდა მოციქული ღამით და ნათელსცა მათ...". მაგრამ, "ღამით მოსვლა" რატომ უნდა გულისხმობდეს მაინცადამაინც ფარულად მოსვლას? მით უმეტეს, რომ წმინდანის გვამს ნათელი ადგას მთელი ქალაქის თვალწინ (ამის გამო მოინათლა სწორედ ათასობით ადამიანი). ე. ჭელიძის მიერ დამოწმებულ წყაროში ფარული მოქმედება დაკავშირებულია არა სამი ათასი კაცის ნათლობასთან, არამედ წმიდა სანდუხტის წმიდა ნაწილთა დამარხვის ადგილთან. "და აღიხუნეს ნაწილნი წმიდისა სანდუხტისნი და დასხნეს მასვე ადგილსა. და უქმნა (მოციქულმა - ე. ჭ.) მას განსასუენებელი ფარულად" (იქვე).

და ბოლოს: როგორ დაიფარებოდა წმ. სანდუხტის ნაწილები წარმართთაგან, თუკი მას სამი დღის განმავლობაში ღმრთის ნათელი ადგა და სწორედ ამ ნათლის გამო გაქრისტიანდა სამი ათასი წარმართი? უჩინმაჩინის ქუდები ხომ არ ეხურათ? წარმართთაგან რომელ, როგორ ან რის "დაფარვაზეა" აქ ლაპარაკი?

ხსენებული ცხოვრების აღმწერელი მოვლენებს გადმოგვცემს შემჭიდროებული სახით, რაც ასევე ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ამას ოსტატურად იყენებს ე. ჭელიძე. მას ტექსტიდან გამოაქვს ისეთი დასკვნები, რომლის საფუძველს თვით ტექსტი არ იძლევა ან იძლევა სხვაგვარი ინტერპრეტაციის საფუძველსაც. თანაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წმ. თადეოზ მოციქულის ცხოვრების სომხური ვერსია არ არის გაზიარებული მეცნიერების მიერ, ხოლო ბიზანტიურ-ლათინურ-სლავური წყაროები მხარს უჭერენ წმ. თადეოზ მოციქულის მშვიდობიან გარდაცვალებას ბეირუთში. რასაც მხოლოდ და მხოლოდ დასხმით-პკურებითი ნათლობის გამართლების თვალსაზრისით არ იზიარებს ჩვენი ოპონენტი...

აი ასეთი "მეცნიერია" ე. ჭელიძე...

მოკლედ, ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ე. ჭელიძის მიერ დამოწმებული წყარო, რომელიც აღწერს წმ. თადეოზ მოციქულის მიერ სამი ათასი კაცის ნათლობას, მეტად საეჭვოა (ვგულისხმობთ, როგორც სინამდვილეს ამგვარი მოვლენისას, ასევე თვით ე. ჭელიძის მიერ გაკეთებულ აბსურდულ დასკვნებსაც).

მეტიც, თუ არ გავითვალისწინებთ ბიზანტიურ, ლათინურ და სლავურ წყაროთა ცნობებს მოციქულ თადეოზზე და მაინცადამაინც სომხურ ვერსიას დავეყრდნობით, ამ შემთხვევაშიც კი, მოციქულის მიერ თუნდაც პკურებით აღსრულებულიყოს ნათლობა, ის მაინც ვერ გახდება დასხმით-პკურებითი ნათლობის დამკანონებელი მაგალითი. ის ვერ იქნება ე. ჭელიძის აზრის გამამართლებელი, რომლის თანახმადაც "I საუკუნიდანვე ... დასხმითად მონათვლა ჩვეულებრივი, გავრცელებული წესი იყო" (ე. ჭ. იქვე. გვ. 225). თუ რატომ, ამაზე ზემოთ საკმაოდ დეტალურად ვიმსჯელეთ.


7. წმ. ევსტოქიოსის ნათლობა

განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი ე. ჭელიძის "არგუმენტაციიდან", კერძოდ, ვნახოთ წმ. ევსტოქიოსის ნათლობა (ე. ჭ. "სული - ცხოველი". გვ. 423-425) და მასთან დაკავშირებული გარამოებები.

ე. ჭელიძე წერს: «ის ურყევი ფაქტი, რომ "შთაფლვად" წოდებული ნათლობა პრაქტიკულ განხორციელებაში არანაირად არ გულისხმობდა აუცილებელ სრულ ხილულ ჩაძირვას (ხაზგასმა ავტორისაა - არქიეპ. პ.), მრავალი წყაროს საფუძველზე შეგვიძლია დავაფიქსიროთ, თუმცა ფსევდოშემოპასუხებათა თავიდან ასაცილებლად შევეხებით იმგვარ ნიმუშს, რომლის შინაარსის ხელოვნურად შეცვლა ანუ გარდაგვლარძნა შეუძლებელი ჩანს.

წმინდა მღვდელმოწამე ევსტოქიოსის (IV ს-ის დამდეგი) "მარტვილობაში" აღწერილია მისი ნათლობის პროცესი. ძეგლი გვაუწყებს (მოვიტანთ ციტატას ძველი ქართული თარგმანიდან): "ხოლო ემბაზსა შინა დაფლულობასაღა იხილნა სამნი კაცნი სპეტაკმოსილნი და ლამპართა მქონნი და შვილთა მისთა მპყრობნი მათცა ლამპრებისა მქონთა და ბრწყინვალეთა პირთა მიერ მისდა მიმხედველთა. და ფრიად გამხიარულებულმან ესევითარსა ხილვასა ზედა ხმა-ჰყო ქუეით, დიდითა ხმითა მეტყუელმან: "ნამდვილვე ჭეშმარიტ, ქრისტე, მეცნიერებაი შენისა ღმრთეებისაი, დიდებაი შენდა, მხოლოსა ღმერთსა". და ესრეთ აღმოვიდა ემბაზით. ხოლო აღმოვიდა რაი, ჰკითხა ეპისკოპოსმან, ვითარმედ რაისათვის განუტევნა ნათლისცემასა შინა ხმანი იგი? ხოლო მან მიუთხრა მას ჩუენებაი იგი ყოველი. და დაუკვირდა მღვდელმთავარსა" (იხ. კ. კეკელიძე. ეტიუდები. VI, 1960, გვ. 156) (ე. ჭ. "სული - ცხოველი". გვ. 424).

ამ ისტორიის გაცნობის შემდეგ მკითხველს წესით უნდა გაუჩნდეს ასეთი აზრი: წმ. ევსტოქიოსი, რომელიც მღვდელმთავრისგან ინათლება, შედის დიდ ემბაზში, სადაც შესაძლებელია დაფლვა ("ემბაზსა შინა დაფლულობასღა იხილნა..."), ინათლება (როგორც ჩანს, შთაფლვით), და მყისიერ ხედავს სპეტაკმოსილ სამ კაცს, რომელთაც ხელთ უპყრიათ ლამპარნი და გამხიარულებული, იქვე, ქვევით, ემბაზშივე ("ხმა- ჰყო ქუეით, დიდითა ხმითა მეტყუელმან"), დიდი ხმით ადიდებს ქრისტეს და იტყვის: "ნამდვილვე ჭეშმარიტ, ქრისტე, მეცნიერებაი შენისა ღმრთეებისაი, დიდებაი შენდა, მხოლოსა ღმერთსა". ხოლო, როდესაც მღვდელმთავარი ჰკითხავს თუ რატომ აღმოთქვა ასეთი სიტყვები ნათლისღების დროს ("რაისათვის განუტევნა ნათლისცემასა შინა ხმანი იგი?"), წმინდანი აღუწერს ემბაზიდან დანახულ საკვირველ ხილვას, რაც მღვდელმთავარსაც გააკვირვებს".

აი, ეს ამბავი ე. ჭელიძეს, არც მეტი, არც ნაკლები, მოჰყავს ნიმუშად და "ურყევ ფაქტად" იმისა, რომ ""შთაფლვად" წოდებული ნათლობა პრაქტიკულ განხორციელებაში არანაირად არ გულისხმობდა აუცილებლად სრულ ხილულ ჩაძირვას". მეტიც, ზემოთ დამოწმებული შემთხვევა ე. ჭელიძის მიერ შერჩეულია მრავალ მსგავს ნიმუშთაგან, როგორც ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი: "მრავალი წყაროს საფუძველზე შეგვიძლია დავაფიქსიროთ, -  წერს ჩვენი "მეცნიერი", - თუმცა ფსევდოშემოპასუხებათა თავიდან ასაცილებლად შევეხებით იმგვარ ნიმუშს, რომლის შინაარსის ხელოვნურად შეცვლა ანუ გარდაგვლარძნა შეუძლებელი ჩანს" (ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 423).

ახლა ვნახოთ, რის საფუძველზე მიიჩნევს ე. ჭელიძე ამ მაგალითს დასხმითი ნათლობის გამამართლებელ ნიმუშად და იმის დამამტკიცებელ მაგალითად, რომ ""შთაფლვად" წოდებული ნათლობა პრაქტიკულ განხორციელებაში არანაირად არ გულისხმობდა აუცილებელ ხილულ ჩაძირვას" და კიდევ, თუ ვინ ცვლის ხელოვნურად დამოწმებული მაგალითების შინაარსს და ვინ "გადაგვლარძნის" მათ.

მკითხველის ყურადღებას უთუოდ მიიპყრობს ე. ჭელიძის მიერ დამუქებული სიტყვები. ეს დამუქებები ყველგან, ყოველთვის მნიშვნელოვანი აზრისკენ მკითხველის ყურადღების მიპყრობისკენ არის გამიზნული. ე. ჭელიძის მიერ დამოწმებულ ძველქართულ ციტატაში, რომელიც სრულად შეგიძლიათ იხილოთ ზემოთ, დამუქებული სიტყვებიდან თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ ფრაზებს: "ემბაზსა შინა დაფლულობასღა"... შემდეგ, "ხმა-ყო ქუეით, დიდითა ხმითა მეტყუელმან" (ეს სიტყვები უმეტესი მნიშვნელობის გამო არა მარტო დამუქებულია, არამედ მთავრული ასოებითაც არის გამოყოფილი)... "აღმოვიდა ემბაზით" და ბოლოს "... რაისათვის განუტევნა ნათლისცემასა შინა ხმანი იგი?".

ახლა ვნახოთ, რაოდენ "ლოგიკური", უფრო სწორად სოფისტური ხრიკებით ცდილობს ე. ჭელიძე ხსენებული მცირე მონაკვეთის შინაარსის დამახინჯებას და მისგან იმ აზრის გამოყვანას, რომ ტერმინი "შთაფლვა" "პრაქტიკულ განხორციელებაში არანაირად არ გულისხმობდა აუცილებელ სრულ ხილულ ჩაძირვას".

"ერთი შეხედვით, - წერს ე. ჭელიძე, - საქმე გვაქვს მთლიან ჩაძირვასთან, ვინაიდან პირდაპირაა მითითებული "ემბაზსა შინა დაფლულობაი", თუმცა ის, რასაც ევტიქიოსი ხსენებული "დაფლულობის" დროს მოქმედებს, გამორიცხავს მის სრულ ჩაძირულობას წყალში, ვინაიდან იგი ხმამაღლა წარმოთქვამს ("ხმა-ყო ქუეით, დიდითა ხმითა მეტყუელმან") საკმაოდ ვრცელ ტექსტს: "(ნამდვილვე ჭეშმარიტ, ქრისტე, მეცნიერებაი შენისა ღმრთეებისაი, დიდებაი შენდა, მხოლოსა ღმერთსა"), ამასთან, ეს წარმოთქმა იმდენად მკაფიოა, რომ იგი ესმის მნათვლელ ეპისკოპოსს ("ჰკითხა ეპისკოპოსმან, ვითარმედ რაისათვის განუტევნა ნათლისცემასა შინა ხმანი იგი").

ვინაიდან, - განაგრძობს ე. ჭელიძე, - აბსოლუტურად შეუძლებელია, რომ წყალში მყოფმა ხმამაღლა (ან, საერთოდ, რაიმე სახით) წარმოთქვას მთელი წინადადება (თუნდაც ერთი სიტყვა) ანდა ის, რომ მისგან წარმოთქმული სხვამ გაიგონოს, სრულიად აშკარაა, რომ ევსტიქიოსი წყალში ჩაძირული არ არის, თუმცა კი მისი ნათლობა თანადაფლვაა მაცხოვართან და, შესაბამისად, იგი, ინათლება რა, იმყოფება საფლავში ანუ "ემბაზისეულ დაფლულობაში".

ამრიგად, - დაასკვნის საბოლოოდ ჩვენი ოპონენტი, - რამდენადაც ტერმინი "შთაფლვა" ანუ "ჩაძირვა" ლიტურგიკული მნიშვნელობით ყოველთვის (?) სულიერი გაგებისაა (აღნიშნავს მოსანათლის თანადასაფლავებას მაცხოვართან), აღნიშნული გარემოების საფუძველზე  "დიდი სჯულისკანონი" (?) შეუძრავად გვიდგენს, რომ ხსენებული "შთაფლვა", ყოველგვარი შერჩევითობის გარეშე, თანაბრად ეწოდება ნათლისღების ყველა იმ სახეს, რაც სწორედ დასაფლავების აზრით აღესრულება. შესაბამისად, ტერმინოლოგიურად და სულიერი მნიშვნელობით უეჭველად და მხოლოდდამხოლოდ შთაფლვაა არა მარტოოდენ სრული ხილული დაფარვა ნათლისღებითი წყლით, არამედ, აგრეთვე, დასაფლავების მნიშვნელობით მოქმედებული ოდენ თავის-ჩაყოფითი ანთუ თავის თხემზე დასხმა-დაპკურებითი ნათლისღება" (ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 425).

თავი რომ დავანებოთ იმ აბსურდულ მტკიცებას და აშკარა ტყუილს, რომლის მიხედვითაც, თურმე, ყოველივე იმას, რასაც ე. ჭელიძე გადმოსცემს ტერმინ "შთაფლვის" სიმბოლურობასთან დაკავშირებით, "შეუძრავად" გვიწესებს "დიდი სჯულისკანონი"; და ასევე იმ რეალობას, რომ მსგავს რამეს არ გვასწავლის არც ერთი წმიდა მამა და მისი გამომგონებელი თავიდან ბოლომდე არის ე. ჭელიძე, მთელი მისი "ლოგიკა" ქმნის საკმაოდ კომიკურ ვითარებას წმ. ევსტოქიოსის ნათლობის წარმოდგენილი გააზრებიდან გამომდინარე და ისიც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ვაიმეცნიერს სურს წმ. მღვდელმოწამე ევსტოქიოსის ნათლობიდან როგორმე "გამოწუროს" წყალდასხმითი ნათლობის დამადასტურებელი "ფაქტი".

კერძოდ, თუ შევეცდებით წმ. ევსტოქიოსის ნათლობის წარმოდგენას არა ემბაზში შთაფლვით, არამედ დასხმით (როგორც ე. ჭელიძე ცდილობს თავისი საზოგადოების დარწმუნებას), ძალიან რთულ ვითარებაში აღმოვჩნდებით...

წარმოვიდგინოთ ემბაზი, რომელშიც ევსტოქიოსია ჩაყენებული... სავარაუდოდ, ეს არის დიდი მოცულობის ჭურჭელი (ან სივრცე), რადგან, ჯერ ერთი, ტექსტის მიხედვით შესაძლებელია მასში ზრდასრული ადამიანის ჩაყენება და შთაფლვა, და მეორეც, ის არის საკმაოდ ღრმა, რაც ჩანს იქიდან, რომ ემბაზის სიღრმიდან ("ხმა-ყო ქუეით, დიდითა ხმითა მეტყუელმან") ისმის სპეტაკ და ნათელმოსილ კაცთა მხილველი ევსტოქიოსისგან აღმოთქმული უფლის სადიდებელი.

ახლა ვიკითხოთ, როგორ ვითარებაში, უფრო სწორად სხეულის როგორ მდგომარეობაში ინათლება წმ. ევსტიქიოსი: 1) ფეხზე მდგომი, 2) ჩაცუცქულ-ჩაკუზული თუ 3) მოხრილი?

1) ფეხზე დგომით მონათვლა იმთავითვე უნდა გამოვრიცხოთ, რადგან ტექსტში ნათქვამია: ("ხმა-ყო ქუეით, დიდითა ხმითა მეტყუელმან"), და შემდეგ: "ხოლო აღმოვიდა რაი, ჰკითხა ეპისკოპოსმან, ვითარმედ რაისათვის განუტევნა ნათლისცემასა შინა ხმანი იგი?".  გამართულ მდგომარეობაში მდგომ ადამიანზე შეუძლებელია ითქვას, რომ მან ხმა გაიღო "ქუეით"... ან "აღმოვიდა" (რადგან აშკარად იგულისხმება ქვემოდან ზემოთ ამოსვლის მომენტი).

2) იქნებ - მოხრილი? -  მაგრამ იგივე ვითარება სხეულის ამ მდგომარეობასაც ვერ იწყნარებს.  "ხმა-ყო ქუეით" იმდენად მკაფიოდ მიანიშნებს ემბაზის ქვემოთ, მის ქვედა ნაწილში ევსტოქიოსის ყოფნაზე, რომ მოხრილი მდგომარეობა საკმაოდ არაბუნებრივს ხდის ამგვარი ვერსიის დაშვებას. არის კიდევ სხვა გარემოებაც, რაზეც ქვემოთ ვილაპარაკებთ.

3) გვრჩება ერთი - ევსტოქიოსი ემბაზში უნდა ჩაცუცქულიყო, რომ ჩაძირულიყო მასში მდგომ წყალში. თანაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნათლობას ასრულებს ეპისკოპოსი, ხოლო ნათლისღება, ჩვეულებისამებრ, ხდება მოსანათლავის თავზე ხელის დადებით (თუ რაიმე გამონაკლისთან არა გვაქვს საქმე). რადგან ევსტოქიოსს შესაძლებლობა ეძლევა, მოინათლოს ჩვეულებრივ ვითარებაში, - მღვდელმთავრისგან და ისიც ემბაზში, უნდა ჩავთვალოთ, რომ სხვა სახის გამონაკლისს მის ნათლობაში ადგილი არ უნდა ჰქონოდა (თუმცა დაბეჯითებით ამის მტკიცებას არ დავიწყებთ. გამოვდივართ იმ ლოგიკიდან, რის შესაძლებლობასაც თვით ე. ჭელიძის მიერ შემოთავაზებული ტექსტი გვაძლევს).

ემბაზის წყალში თუ ევსტოქიოსი იდგა მკერდამდე, რომ შთაფლვისთვის მხოლოდ თავის მოხრაღა ყოფილიყო საჭირო, კვლავ და კვლავ, "ემბაზის ქვემოდან" ხმის აღმოთქმა გაუგებარს გახდიდა ამგვარ წარმოდგენასაც. წყალი შესაძლოა შთაფლვისთვის საკმარისი იყოს, მაგრამ ამისთვის საჭირო გახდეს მოსანათლავის ჩაწევა წყლის სიღრმეში, ანუ მისი ჩაკუზვა, ან ჩაცუცქება.

წმ. ევსტოქიოსი თუ ემბაზში ჩაცუცქული არ არის, მაშინ ის ან ჩაწოლილი უნდა იყოს, ან თავდახრით მდგომი, მაგრამ ე. ჭელიძის ლოგიკის გათვალისწინებით არც ეს მდგომარეობები იქნება მისაღები, რადგან, ჯერ ერთი, ემბაზში ჩაწოლა წმინდანს სწორედ შთაფლვისთვის უნდა დასჭირვებოდა და არა წყლის დაპკურებისთვის; ხოლო თავდახრით დგომისთვის ემბაზში შესვლის არანაირი საჭიროება არ არის, თან იმ სიღრმეზე, რომ მისი ფსკერიდან აღმოთქმული უფლის ხმამაღალ ქებაზე მისი ცხოვრების აღმწერელს ეთქვა: "ხმა-ყო ქუეით, დიდითა ხმითა მეტყუელმან". მით უმეტეს, რომ ქვემოდან ნათქვამი ეს დიდება ზემოთ მდგომ ეპისკოპოსსაც ესმის ("ხოლო აღმოვიდა რაი, ჰკითხა ეპისკოპოსმან, ვითარმედ რაისათვის განუტევნა ნათლისცემასა შინა ხმანი იგი?"). მაგრამ საქმის ამგვარად წარმოჩენა ე. ჭელიძის გეგმაში არ შედის. თავდახრილი დგომა აქ კიდევ გამოირიცხება თვით ხილვით, რამეთუ ყოვლად შეუძლებელია ემბაზის ფსკერისკენ მომზირალ ადამიანს დაენახა ზეცაში მდგომი ნათელმოსილი და გაბრწყინვებული კაცები.

გარდა ამისა, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ე. ჭელიძე მისთვის ჩვეული მზაკვარებით ამახინჯებს ტექსტის შინაარსს დაგვიმტკიცებს აზრს, რაც მასში სულაც არ არის ნაგულისხმევი. გავიხსენოთ მისი ამგვარი ხრიკები იორდანეში მაცხოვრის ვითომცდა წყალდასხმით ნათლობაზე, როგორ შემოიტანა მან ლიტურგიკულ ტექსტებში არარსებული აზრი, თითქოსდა შეშინებულმა იორდანემ ვერ შეჰბედა, დაეფარა მაცხოვარი... და ა. შ. შემდეგ მოიტანა ამ აზრთან სრულიად შეუსაბამო ადგილები, სადაც ლაპარაკია არა დაფარვაზე ან წყლის დაკლებაზე, არამედ იორდანეს დინების მიმართულების შეცვლაზე ("... იორდანე უკუ-იქცა") და კიდევ მრავალი სხვა... ანალოგიურ ხრიკებს მიმართავს ე. ჭელიძე აქაც. ის სპეციალურად ართულებს აღწერილ ამბავს და კონკრეტულ მომენტებს ისე უკავშირებს ერთმანეთს, რომ შთაფლვითი ნათლობის "გამამართლებელი", თუმცა აბსურდული ვითარება დახატოს, შედეგად კი "ლოგიკურად" გამოიტანოს დასკვნა, - თუკი აქ შეუძლებელია იგულისხმებოდეს შთაფლვა, და რაკიღა ნახსენებია სწორედ ეს ტერმინი, ის მხოლოდ და მხოლოდ სულიერ, სიმბოლურ მნიშვნელობას უნდა ატარებდეს.

უნდა დავაკვირდეთ, რომ სწორედ "ემბაზსა შინა დაფლულობასღა", ანუ ემბაზში შთაფლვისას იხილა ევსტიქიოსმა სამი სპეტაკმოსილი კაცი. მაგრამ დაუშვებელია, თვით ნათლობის მომენტი (შთაფლვა) და მისი შედეგი (ევსტიქიოსის ნათელ-ღება და თვით ნათელმოსილ კაცთა დანახვა) დავუკავშიროთ ისეთ მომენტებს, როგორიცაა ევსტიქიოსის წყალქვეშ ყოფნა.

წყალქვეშ ყოფნას არ უნდა დავუკავშიროთ მისი მეტყველებაც და უფლის დიდებაც. ეს უნდა წარმოვიდგინოთ ჩვეულებრივ, როგორც უკვე აღვწერეთ. მაგრამ ასე როდი აკეთებს ე. ჭელიძე, ის პირიქით, რადგან უარსაყოფი აქვს ევსტიქიოსის შთაფლვით ნათლობა და აქედან გამომდინარე, გამოსაყვანი აქვს "შთაფლვის" სიმბოლური მნიშვნელობის სწავლება, ემბაზში დაფლულობას და ქვემოდან დიდი ხმით ლაპარაკს ერთდროულ აქტად წარმოგვიდგენს. რადგან შეუძლებელია წყალში შთაფლული კაცი ლაპარაკობდეს, გამოდის დასკვნა, "ემბაზში შთაფლულობა" სხვა არაფერი შეიძლება იყოს, თუ არა თავის დახრა და წყალდასხმა, ასეთ შემთხვევაში კი ადამიანი, რომელიც, ფაქტობრივად, არაფერშია შთაფლული, თავისუფლად ილაპარაკებს, თუნდაც თავზე წყალიც ესხმებოდეს. აი, საითკენ მიდის ე. ჭელიძის ავადმყოფური წარმოსახვა.

"ის, რასაც ევსტოქიოსი ხსენებული "დაფლულობის" დროს მოქმედებს, - წერს ე. ჭელიძე, - გამორიცხავს მის სრულ ჩაძირულობას წყალში, ვინაიდან იგი ხმამაღლა წარმოთქვამს ("ხმა- ყო ქუეით, დიდითა ხმითა მეტყუელმან") საკმაოდ ვრცელ ტექსტს: "(ნამდვილვე ჭეშმარიტ, ქრისტე, მეცნიერებაი შენისა ღმრთეებისაი, დიდებაი შენდა, მხოლოსა ღმერთსა"), ამასთან, ეს წარმოთქმა იმდენად მკაფიოა, რომ იგი ესმის მნათვლელ ეპისკოპოსს ("ჰკითხა ეპისკოპოსმან, ვითარმედ რაისათვის განუტევნა ნათლისცემასა შინა ხმანი იგი") (ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 423-424).

მაგრამ, ვინ ამბობს ან სად არის ტექსტში ნაჩვენები, რომ ევსტიქიოსი ღმრთის სადიდებელ ფრაზებს დაფლულობის დროს ამბობდეს? ფრაზა "... ემბაზსა შინა დაფლულობასაღა იხილნა სამნი კაცნი სპეტაკმოსილნი..." და მისი მომდევნო ამბავი, რომ "... ფრიად გამხიარულებულმან ესევითარსა ხილვასა ზედა ხმა-ჰყო ქუეით" სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ევსტიქიოსმა წყალში შთაფლვის დროს მოიმოქმედა. არც მწერლის ნათქვამი გულისხმობს ამას. ეს ასეა მხოლოდ ე. ჭელიძის დანაგვიანებულ ცნობიერებაში.

ამ სიტყვებიდან თავისუფლად შეიძლება იმ აზრის გამოტანა, რომ ევსტოქიოსმა "სამი სპეტაკმოსილი კაცი" იხილა ემბაზში დაფლულობის ჟამს, წყალში შთაფლვის შემდეგ, რადგან ღმრთის ნათელი მოსანათლავზე გადმოდის სწორედ ნათლისღების აქტის აღსრულებისთანავე. როგორც იყო ეს თუნდაც მიმოსთა: გენეზიოსის, პორფირეს და სხვა ზემოთ აღწერილ სასწაულებრივ შემთხვევებში.

რა თქმა უნდა, შესაძლოა წმიდა მოწამე ევსტოქიოსს წმიდა ნათელმოსილნი კაცნი ეხილა შთაფლვამდეც, მაგრამ შემთხვევის აღწერილობა უფრო ნათლისღების შემდგომ ხილვას გვაფიქრებინებს, ვიდრე მანამდელს. ასევე არაფერია გასაკვირი იმაში, რომ თუნდაც ნათლობამდე ამგვარი ხილვით გამხიარულებულ და განმტკიცებულ ევსტიქიოსს ედიდებინა უფალი და მონათლულიყო შთაფლვით, ხოლო ემბაზიდან ამოსვლის შემდეგ ("ხოლო აღმოვიდა რაი"), ეპისკოპოსის კითხვაზე:, "რაისათვის განუტევნა ნათლისცემასა შინა ხმანი იგი?" ეპასუხა ის, რაც იხილა. იგივე შეიძლებოდა მომხდარიყო შთაფლვის შემდეგ. მაგრამ (თუ სასწაულთან არ გვაქვს საქმე), არამც და არამც წყალში შთალფვის მომენტში, ანუ წყალქვეშ. ე. ჭელიძე კი აღწერილ ამბავს და ევსტიქიოსის ქმედებებს სწორედ "შთაფლვისას" მოქმედებულ ქცევად წარმოგვიდგენს და, რაკიღა წყალში შთაფლვისას ამგვარი რამის ქმნა შეუძლებელია, მისთვის სასურველ დასკვნას აკეთებს.

მაგრამ, მოდი, სურათის სისრულისთვის დავუშვათ, რომ ევსტიქიოსი არ მონათლულა შთაფლვით, ასევე არ მივაქციოთ ყურადღება სიტყვებს "ემბაზსა შინა დაფლულობასღა" (ანუ ემბაზში შთაფლვისას) და წარმოვიდგინოთ, როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო ის, რაც ასეთ შემთხვევაშია დასაშვები.

ევსტოქიოსი შედის წყლით სავსე ემბაზში (რადგან შეუძლებელია ცარიელ ემბაზში შედიოდეს კაცი მოსანათლავად. ემბაზები ყოველთვის გამოიყენებოდა წყლის იმ ჭურჭლად, სადაც ინათლებოდნენ მოსანათლავნი).

ემბაზი დიდია, რადგან ნათქვამია, რომ "ქვემოდან" გაისმა ევსტიქიოსის ხმამაღალი ლაპარაკი...

ევსტოქიოსი არის ემბაზის ქვემოთ, რადგან იქიდან ისმის მისი სიტყვები და არა ზემოდან, თუნდაც ეპისკოპოსის პირისპირ ან არის უკიდურესად ისე მოხრილი (მოკუზული), რომ მისი თავი ძლიერ არის დახრილი ემბაზის ფსკერისკენ (ეს იმისთვის, რომ გამართლდეს სიტყვები "ფრიად გამხიარულებულმან ესევითარსა ხილვასა ზედა ხმა-ჰყო ქუეით...").

ევსტოქიოსი ნათელმოსილ კაცებს ხედავს ან წყლის დასხმამდე, ან წყლის დასხმის შემდეგ, მაშინავე, როგორც კი თავს ამოწევს (მაგრამ ეს შეუძლებელია, რამეთუ თავი რომ ამოეწია, მაშინ როგორღა "ხმა-ჰყოფდა ქუეით"? ხოლო "ქუეით" მყოფს, ანუ თავდადრეკილს ემბაზში როგორღა უნდა ეხილა ცა და პირნათელი კაცნი ლამპრებითურთ? - განა ამგვარი რამის დაშვება წყალქვეშ ლაპარაკზე არანაკლებ ალოგიკური არ არის?).

საკვირველია, მაგრამ ფაქტია: ე. ჭელიძისთვის, ერთი მხრივ, თუ წარმოუდგენელია (თუნდაც სასწაულის დონეზე) წყალქვეშ ესოდენი წინადადების წარმოთქმა, თან ისე ხმამაღლა, რომ ის ეპისკოპოსმაც გაიგოს, მეორე მხრივ, მისთვის სულაც არ არის წარმოუდგენელი, წელში მოხრილ და თავდახრილ ადამიანს, რომელსაც ასეთ პოზაში ემბაზის ფსკერის გარდა სხვა რამის დანახვა არ ძალუძს, ეხილა ცაში მდგომი პირნათელი და გაბრწყინვებული ანგელოზები. მაგრამ, თუ ბუნებრივ მდგომარეობაში ყოფნაზეა ლაპარაკი და არა სასწაულზე, მაშინ როგორც შეუძლებელია მეტყველებდეს წყალში შთაფლული ადამიანი და თანაც ხმამაღლა და გარკვევით, ასევე შეუძლებელია ხედავდეს ცას და ღრუბლებს მიწას მიშტერებული კაცი.  

გარდა ამისა, საგულისხმოა ისიც, რომ ევსტოქიოსის ხმა ისმის ემბაზის ქვემოდან (ცხადია, აქ ლაპარაკი არ არის ქვევრის სიდიდის ემბაზზე, რომელიც უთუოდ შთაფლვისთვის იქნებოდა გამოსადეგი), თუმცა იმ ზომისა კი არის, რომ ევსტიქიოსი იმყოფება ემბაზის ქვედა ნაწილში, ანუ ის "ჩამალულია" მასში. მაშასადამე, გვრჩება მხოლოდ ერთადერთი ვარიანტი ევსტოქიოსი ემბაზში იყო ჩაკუზული, ჩაცუცქული, რათა შთაფლვა მიეღო, რამეთუ წყალდასხმისთვის, მით უფრო პკურებისთვის, არც ჩაწოლაა საჭირო სადმე და არც ჩაკუზვა... ფეხზე დგომაც სრულიად საკმარისია ამ საქმისთვის, და არც ტექსტში იქნებოდა ნათქვამი: "ხმა-ყო ქუეით, დიდითა ხმითა მეტყუელმან"-ო.

ამრიგად, აბსოლუტურად მიუღებელია როგორც წმ. ევსტოქიოსის ნათლობის ე. ჭელიძისეული "განმარტება", ასევე ამ განმარტებიდან გამოწურული სწავლება "შთაფლვის" სულიერი გაგების, მისი სიმბოლური დანიშნულების შესახებ, რომელსაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არც დიდი სჯულისკანონი და არც რომელიმე წმიდა მამა არსად გვასწავლის.

მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ჩვენი ვაიმეცნიერის მორიგი ტყუილი.




8. ჯვარცმული ავაზაკის ნათლობა

ზემოთ განხილული მაგალითების შემდეგ, ალბათ, ზედმეტია ლაპარაკი ე. ჭელიძის მეცნიერულ ობიექტურობაზე; ასევე შეუძლებელია სათითაოდ ყველა მაგალითის განხილვა, რადგან ისინი ჩვენ გარკვეულ კატეგორიებში მოვაქციეთ და სათანადო განმარტებები მივეცით. მაგრამ არის კიდევ ორი მაგალითი, რომელთაც ე. ჭელიძის მიმდევრები განსაკუთრებული თავდაჯერებულობით გვიმოწმებენ, როგორც დასხმითი ნათლობის კანონიკურ გამართლებას. ესენია: ჯვარცმული ავაზაკისა და წმ. ერმოგენეს ნათლობა.

რა თქმა უნდა, ვრცლად ამ შემთხვევებზე ვერ ვიმსჯელებთ, ამისი აუცილებლობაც არ არსებობს, რადგან ერთიც და მეორეც იმ კატეგორიებში ექცევა, რომლებიც ზემოთ უკვე განვიხილეთ და რომელთა შესახებაც წმიდა მამები და სჯულის კომენტატორებიც დავიმოწმეთ. მაგრამ, რადგან ამ მაგალითების მიმართ ინტერესი დიდია, გადავწყვიტეთ, მათ შესახებ მოკლედ მაინც გვემსჯელა.

ჯვარცმული, კეთილგონიერი ავაზაკის ნათლობასთან დაკავშირებით ე. ჭელიძე იმოწმებს წმიდა მამათა სწავლებებს, რომლებიც ამბობენ, რომ ავაზაკი მოინათლა ჯვარცმული უფლის გვერდიდან გადმოღვრილი წყლისა და სისხლის მიპკურებით. ასე მაგალითად: სევერიანე გაბალოვნელი (IV ს. წმ. იოანე ოქროპირის თანამედროვე): "ვინაიდან ირწმუნა მაცხოვრისა მან (ავაზაკმა - ე. ჭ.), ცოდვებით დაძველებულმა, სჭირდებოდა კი განწმენდა, განაგებს უფალი, რომ ვნების შემდეგ ჯარისკაცმა განგმიროს შუბით გვერდი უფლისა და გადმოვიდეს სისხლი და წყალი, რადგან მახარებელი ამბობს: "გადმოვიდა სისხლი და წყალი", რაც ჭეშმარიტად (გადმოვიდა) დაცემულისადმი (ავაზაკისადმი - ე. ჭ.) და იყო სახე საიდუმლოთა. არკი გადმოსულა სისხლი და წყალი მარტივად დინებით, არამედ - ხმაურით, რომ დაპკურებოდა ავაზაკის სხეულს, რამეთუ ხმაურით ვლენილი მიმოიპკურვის, ხოლო დენილი ჩუმად იღვრება, რადგან დის. მაგრამ ხმაურით გადმოვიდა სისხლი და წყალი გვერდიდან, რომ პკურებით მოენათლა ავაზაკი" (იქვე. გვ. 446).

ნეტ. ავგუსტინე: "მეუფე ღვთის გამოუთქმელი ძალითა და სამართლიანობით ნათლისღება განეკუთვნა მორწმუნე ავაზაკს"... "უფლის ახლოს ჯვარცმულ ავაზაკს, რომელმაც მაში ირწმუნა, ის წყალი, რომელიც მისი (უფლის - ე. ჭ.) განგმირული გვერდიდან გადმოვიდა, დაესხა როგორც უწმინდესი ნათლისღება" (ე. ჭ. ხს. შრ. გვ. 449).

მისივე: "ის ავაზაკი, მაშ, თუმცა კი შეიძლებოდა, საღვთო განსჯით, იმათ შორის შერაცხილიყო, რომლებიც განიწმინდნენ მარტვილობის აღმსარებლობით, მაინც, ამასთან, ნათელღებული არ იყოო, ამის შესახებ უმეცარი ხარ... გადმოდინდა რა წყალი სისხლთან ერთად უფლის გვერდიდან, შეიძლებოდა დასხმოდა მას, იქვე ჯვარცმულს, და ამგვარი უწმინდესი ნათლისღებით განებანა იგი" (იქვე. გვ. 450).

ამ გამონათქვამებიდან გამომდინარე, ე. ჭელიძე დაასკვნის: "როგორც ვხედავთ ავაზაკის ოდენ დასხმა-დაპკურებით მონათვლა შერაცხილია როგორც "ამგვარი (დასხმა-დაპკურებითი - ე. ჭ.) უწმინდესი ნათლისღებით მისი განბანვა", რასაც ამჯერადაც, ისევე როგორც ღვთივაღსრულებულ დასხმით ნათლობათა ზემოგანხილულ სხვა ნიმუშებში, მღვდელმოქმედებს თავად უფალი, ბუნებითი ღმერთი, რომელსაც, წმ. იოანე ოქროპირის თქმისებრ, ჯვარზე გაკრულსაც სრული საღვთო მეუფება უპყრიეს წყლისა, ანუ არ იზღუდება ყოფითი სირთულეებით და, შესაბამისად, არ აქვს "ნაკადთა" ნაკლებობა, თუმცა კი ოდენ "პკურებით ნათლავს ავაზაკს", რომელსაც უფლის გვერდიდან გადმოდენილი წყალი "დაესხა როგორც უწმინდესი ნათლისღება".

"ამრიგად, - წერს ე. ჭელიძე, - ჯოჯოხეთისგან გამომსხნელი მაცხოვრისეული ნათლისღების ერთ-ერთი უადრესი მღვდელმოქმედება მაცხოვრისგანვე აღესრულა ოდენ დასხმა-დაპკურებითი წესით და რა ვიფიქროთ? ნუთუ ის, რომ თვით უფალმა იმოქმედა (და, შესაბამისად დაგვიწესა) დასხმითი ნათლობის სატანური პრაქტიკა? ნუთუ ესოდენი სიბილწის ნიმუში თავად ხორცშესხმულმა ღმერთმა მოგვცა?" (იქვე. გვ. 451).

ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ ე. ჭელიძე ძალიან არაკორექტულად და არაობიექტურად იყენებს ადრინდელი ძველმართლმადიდებელი პოლემისტების მიერ დასხმით-პკურებითი ნათლობისადმი გამოყენებულ ტერმინს "სატანური პრაქტიკა", მაგრამ აქ კიდევ გავიმეორებთ: "სატანური პრაქტიკა" მათ უწოდეს არა საზოგადოდ დასხმითად აღსრულებულ ყველა შემთხვევას, რომელიც წმინდანთა ცხოვრებაშია აღწერილი, ან იმას, რაც სხვადასხვა შემთხვევაში უფალს მოუმოქმედნია, არამედ ამგვარი იშვიათი და გამონაკლისი შემთხვევების საეკლესიო პრაქტიკად, მის კანონიკურ წესად, ეკლესიის ნორმად დამკვიდრებას.

დასხმითი წესი რომ საეკლესიო ნორმა არ არის და ქრისტეს იგი საეკლესიო საიდუმლოს ფორმად არ დაუწესებია, ამას სწორედ ჯვარცმული ავაზაკის წინამდებარე მაგალითი და მამათა განმარტებანი გვიჩვენებს. ჯვარცმული ავაზაკის ნათლობა მთლიანად განეკუთვნება უკვე ზემოთ აღწერილ გამონაკლისთა, უფრო ზუსტად, ღმრთისგან დაშვებულ სასწაულთა კატეგორიას. მეტიც, როგორც ქვემოთ ვნახავთ, ის ყველა გამონაკლისზე უფრო საოცარი და უიშვიათესი გამონაკლისი შემთხვევა გახლავთ.

დავიწყოთ იქიდან, რომ ნათლისღების საიდუმლო უეჭველად დაწესებულია თვით ჩვენი მაცხოვრისა და უფლის, იესუ ქრისტეს მიერ. მაგრამ როდის დააწესა უფალმა ეს საიდუმლო? "ამ საკითხის გადაწყვეტისას, - წერს პროფ. ა. ალმაზოვი თავის ნაშრომში "История чинопоследований Крещения и Миропомазания" (Казань1884), - ეკლესიის ზოგიერთი მამა და მოძღვარი დასაშვებად მიიჩნევდა, რომ ნათლისღება დაწესებული იყო ჯერ კიდევ იესუ ქრისტეს ჯვარცმამდე, მაგრამ  დამწესებლური აქტისა და დაწესების დროის მითითებასთან დაკავშირებით განსხვავდებიან ერთურთისგან. ერთი ფიქრობდნენ, რომ ნათლობა დაწესდა იმ დროს, როდესაც იესუ ქრისტე თვით მოინათლა იორდანეში. "მაცხოვარმა, ამბობს წმიდა კირილე იერუსალიმელი, ნათლისღება განწმინდა, მოინათლა რა თავად. ხოლო მოინათლა არა იმიტომ, რომ ცოდვათა მიტევება მიეღო (რადგან უცოდველი იყო), არამედ უცოდველად მყოფმა ნათელიღო, რომ საღმრთო მადლი და ღირსება (ἀξίαν, დიგნიტატემ) ებოძებინა ნათელღებადთათვის" ("წმიდა კირილე იერუსალიმელი - მესამე ქადაგება ნათელღებულთადმი" § 11.


"სხეულებრივი სახით, როგორც მტრედი, ბრძანებს წმ. იოანე დამასკელი, გადმოვიდა სულიწმინდა უფალზე, გაგვიცხადა რა ჩვენეული ნათლობის დასაბამი..." (წმ. იოანე დამასკელი. მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. თავი ოთხმოცდამეორე. http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/82.htm) (URL-ს მიმართვის თარიღი: 24.08.2020).

"იმავე ჯგუფის სხვა მამები და ღვთისმეტყველები (ანუ ისინი, ვინც ნათლისღების დაწესებას ვარაუდობენ ქრისტეს ჯვარცმამდე - არქიეპ. პ.) ნათლისღების დაწესების ფაქტს განაკუთვნებენ იმ მომენტს, როდესაც უფალი ნიკოდიმოსს ესაუბრებოდა. საფუძვლად მიაჩნდათ სიტყვები: "უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა" (ახ. ქართ.: "ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში") (იოანე 3:5).

როგორც პროფ. ა. ალმაზოვი წერს, აქ მოყვანილი მოსაზრებები "სიმართლის მარცვალს შეიცავს, მაგრამ ცალკეული მაგალითის აღება მთლიანობისან განცალკევებით ჯერ კიდევ შეუძლებელია აღიარებულ იქნას მართებულ შეხედულებად. ამიტომაც, ნათლისღების საიდუმლოს დაფუძნების მომენტის გასარკვევად გვმართებს მივმართოთ მოკლე, მაგრამ იესუ ქრისტეს დიდებით აღსავსე პერიოდს, ანუ იმ დღეებს, რომლებიც გავიდა ქრისტეს აღდგომიდან მის ამაღლებამდე, როდესაც მაცხოვარი თავის მოწაფეებს ესაუბრებოდა და ასწავლიდა. ამ პერიოდში, ქრისტეს საუბრებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მაცხოვრის საზეიმო, დიდებითა და ძლიერებით მოსილი სიტყვები, რომელიც მან თავის მოციქულებს თავიან მოძღვართან განშორების უწინარეს უთხრა: "მიუახლოვდა იესო და უთხრა მათ: მომეცა მე მთელი ხელმწიფება ცაზედაც და მიწაზედაც. მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით; ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ" (მათე 28:18-20).

სწორედ ამ ფაქტზე უნდა მივუთითოთ ჩვენც, როგორც მომენტზე, როდესაც დაფუძნდა საიდუმლო ნათლისღებისა, რადგან ამ სიტყვებში ნათლობა წარმოჩინდება როგორც საიდუმლო, რომელიც განკუთვნილია ყველა ხალხისთვის და არა ოდენ იუდეველთათვის, როგორც სამუდამო დაწესება აღსასრულამდე სოფლისა" (ა. ალმაზოვი. დასახ. შრ. გვ. 11-12. იხ. ასევე: Макарий. "Догматическое. Богословие". Спб, 1855 г. Τοм.IV; стр. 102).

პროფ. ალმაზოვის თქმით, "ეკლესიის ძველი მამები ადასტურებენ სწორედ ამ და არა სხვა აზრს".

"ნათლავდნენ მისი მოწაფენიც, - წერს ტერტულიანე (გარდ. 220 წ.) როგორც მსახურნი, - როგორც ნათლავდა ადრე იოანე ნათლისმცემელი, იმავე იოანესეული ნათლისღებით ნათლავდნენ. მაგრამ, ნურავინ იფიქრებს რაიმე სხვა ნათლობაზე, რამეთუ არ არსებობს სხვა, გარდა იმისა, რომელიც შემდგომ ქრისტემ დააფუძნა, და რომელიც, ცხადია, მაშინ ჯერ კიდევ არ მისცემოდა მოწაფეებს, რადგან ჯერაც არ აღსრულებულიყო სიტყვები მაცხოვრისა, და ემბაზის ძალი (efficacia lavacri) ვნებითა და აღდგომით ჯერაც არ შემოსილა. რამეთუ ჩვენი სიკვდილი სხვაგვარად ვერ დაიძლეოდა, თუ არა უფლის ვნებით, და არც ჩვენი სიცოცხლე განახლდებოდა მისი აღდგომის გარეშე (რომ. 6:4-5).

ქრისტეს ვნებამდე და აღდგომამდე ცხოვნების მოიმედენი ოდენ რწმენის ამარაღა იყვნენ. Mაგრამ, როდესაც ამ რწმენამ იმატა მისი შობის, ვნებისა და აღდგომისადმი რწმენით, მაშინ მიეცა სისავსე საიდუმლოსაც, ბეჭედს ნათლისღებისა, როგორც სამოსს რწმენისა, რომელიც ადრე შიშველი იყო და თავისი სჯულის გარეშე ძალა არ ჰქონდა. ახლა კი მოგვეცა სჯული ნათლობისა (შთაფლვისა) და ფორმაც განგვეწესა: "წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით" (მათე 28:19). ამ სჯულისადმი მიცემულმა განსაზღვრებამ: "უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა" (იოანე 3:5), დაავალდებულა რწმენა ნათლისღების მისაღებად. იმ დროიდან ყველა მორწმუნე ინათლება" (ტერტულიანე. "ნათლისღების შესახებ". თ. 11, 13-ე. (Тетуллиан. "Dе Baptismo". Сар.: XI, ot сар. ХШ. Curs. Complet. Patrol. Ser. Latin. Tom. I, col. 1212 et 1216; Cp. "Твор. Тертуллиана в русск. пер. (Корнеева). Спб. 1847 г. ч II, стр. 17-18, 21. იხ აგრეთვე: Догматическое Богословие Макария. Т II. С. Петербург. 1857, стр. 247).

ავაზაკის სისხლით პკურებით ნათლობას თუ ნათლობის დაფუძნებად ან ჭეშმარიტი ნათლობის სახედ (თუნდაც წინასახედ) მივიღებთ და ვიტყვით, რომ ამგვარი ფორმით შესრულება, რაკიღა ის თვით ბუნებითმა ღმერთმა მოიმოქმედა, კანონიკურია და ეკლესიაში წესად უნდა დამკვიდრდეს, მაშინ რაღა ვთქვათ სანათლავი ფორმულის შესახებ ("ინათლება მონა ღვთისა სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა"), რომელიც ქრისტეს ჯვარზე არ წარმოუთქვამს, რომელიც მან თავის მოციქულებს მოგვიანებით, მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ამცნო, "წარვედით... და ნათელს ეცით სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა"...), და რომლის წარმოთქმის გარეშე, ნათლისღება აღსრულებულად არ მიიჩნევა, არამედ თქვა: "დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში..." (ლუკა 23:43).

თუკი ჯვარცმული ავაზაკის ნათლობა ნიმუშია ნათლობის კანონიკური სახისა, მაშინ ეს სიტყვები - სანათლავი ფორმულა რატომ არ უნდა იყოს? მაგრამ ამგვარ რამეს არ გვასწავლის არც ერთი წმიდა მამა; როგორც ჩანს, ე. ჭელიძე ბუნებითი ღმერთის მიერ აღსრულებული მოქმედებიდან ერთს ცნობს და მეორეს არა; ან ცნობს იმას, რაც მის პროლათინურ სწავლებას გაამართლებს და არ ცნობს იმას, რაც ეწინააღმდეგება.

ე. ჭელიძე თავს უფლებას აძლევს, ღმრთის მიერ მოქმედებულ საიდუმლოში რაღაც ცნოს და რაღაც არა... რაღაც მიიღოს და რაღაც უარყოს... ან კიდევ, უნდა აღიაროს, რომ ჯვარცმის დროს მაცხოვარს ნათლისღება ნაკლულევანი, არასრული სახით აღუსრულებია, რადგან არ უთქვამს, "დღესვე ჩემთან იქნები მამის, ძის და სულიწმიდის სახელით", არამედ უბრალოდ უთხრა: "ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში" (ლუკა 23:43).

და  რაც მთავარია, მიუხედავად იმისა, რომ წმიდა მამები მართლაც ასწავლიან ჯვარცმული ავაზაკის ქრისტეს სისხლით ნათლობას, ისინი არსად ამბობენ, რომ ეს არის ნათლობის ჭეშმარიტი სახე, რომელიც უფალმა ეკლესიას დაუწესა, არც იმას, თითქოსდა მაცხოვარს ნათლისღების საიდუმლო ჯვარზე დაეფუძნებინოს.

ჯვარცმული ავაზაკის შემთხვევა სრული გამონაკლისობა და უფლის განსაკუთრებული განგებულებითი ნათლობა რომ არის, ეს თვალსაჩინოვდება კიდევ იმით, რომ მასში ჯერ კიდევ არ მოიაზრება დაფლვა და აღდგომა, რადგან ქრისტე, მართალია, ჯვარცმულია, მაგრამ ჯერაც ცოცხალია და მისი დაფლვა და მკვდრეთით აღდგომა არ აღსრულებულა. ხოლო ნათლისღება, როგორც ეს ზემოთ არაერთხელ ვაჩვენეთ, და როგორც თვით მოციქულები განგვიმარტავენ, სწორედ ქრისტეს დაფლვისა და მკვდრეთით აღდგომის სახედ გვებოძა.

თვით ე. ჭელიძეც კი დასხმით-პკურებით ნათლობას "შთაფლვის" სიმბოლურ და სულიერ გამოსახვად მიიჩნევს და უკავშირებს ქრისტეს დამარხვას. ჯვარცმის დროს კი ეს მომენტები ჯერაც არ აღსრულებულა. ქრისტეს სხეული ჯერ არ დაუმარხავთ და მაცხოვარი ჯერ მკვდრეთით არ აღმდგარა, ამიტომაც, ავაზაკზე მიპკურებული სისხლი და წყალი დაფლვის და აღდგომის სახედ ვერ მიიჩნევა.

უფალმა თავისი სისხლის მიპკურებით სრულიად განასპეტაკა ავაზაკი. მეტიც, მან არათუ ავაზაკი, არამედ მთელი სამყარო განწმინდა. ჯვარზე სიკვდილი მთელი სამყაროსა და მთელი ქმნილების სისხლით გასპეტაკებაა. როგორც წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს, ეს არის "არა სამყაროს მცირე ნაწილის განწმენდა მცირე დროით, არამედ მთელი სამყაროს სამარადისო განწმენდა" (Святитель Григорий Богослов. Orat. 45, 13 (PG 35, 589)).

საკმაოდ საინტერესოა წმ. ათანასე დიდის განმარტებაც იმის შესახებ, თუ რატომ ივნო უფალმა ღია ადგილას: "ჯვარზე ამაღლებულმა უფალმა განწმინდა ჰაერი ეშმაკთა და ყოველგვარ დემონურ მზაკვრობათაგან" (რუს. თარგმ.: "Вознесенный на кресте Господь очистил воздух от дьявольской и всякой бесовской козни") (De incarn., PG 25, 170); იმავე აზრით ბრძანებს წმ. იოანე ოქროპირიც: "რათა განეწმინდა ჰაერის ბუნება", და მთელი ცა და დედამიწა, "რამეთუ მისი გვერდიდან გადმოღვრილი სისხლი ეწვეთებოდა მიწას და განწმენდა იგი ყოველგვარი ბიწიერებისგან", უფალმა ივნო არა ტაძარში, არამედ ღია ადგილას, რადგან ეს იყო საყოველთაო მსხვერპლი, რომელიც მან მთელ სამყაროს შესწირა" ("Чтобы очистить естество воздуха", и все небо и землю, "ибо кровь капала из бока Его на землю и очистила все ее осквернение", Господь страдал не во храме, а на открытом месте, ибо это была вселенская жертва, приносимая за весь мир (In crucem et latronem, PG 49, 408–409) (http://azbyka.ru/hristianstvo/iisus_hristos/krest/florovskiy_o_smerti_krestnoy_04-all.shtml#b34) (URL-ს მიმართვის თარიღი: 24.08.2020).

სწორედ ამიტომაც თანაუგრძნობს მთელი ქმნილება უფლის ჯვარცმას.

"მრავალი სასწაული აღესრულა იმ დროს, - ბრძანებს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, - ჯვარცმული ღმერთი... მზის დაბნელება და კვლავ ანთება ... -  რამეთუ ჯეროვანი იყო, ქმნილებაც ვნებულიყო თავის შემოქმედთან ერთად... იხევა კრეტსაბმელი... სისხლი და წყალი იღვრება უფლის ნეკნიდან - სისხლი იმიტომ, რომ ის იყო კაცი, წყალი იმიტომ, რომ იყო უმეტეს კაცისა... მიწა ირყევა, ლოდნი ირღვევიან ლოდის გამო... მკვდარნი აღსდგებიან რწმენით, რომ იქნება უკანასკნელი და საზოგადო აღდგომა... დაფლვის სასწაულნი ვინ განადიდოს ღირსეულად... თუმცა, ჩემი ცხოვნების სასწაულს ვერც ერთი მათგანი ვერ შეედრება... სისხლის რამოდენიმე წვეთი განაახლებს მთელს სამყაროს, და ყველა ადამიანისთვის შეიქმს იმად, რაც საფუარია რძისთვის, ყოველივეს რომ შემოჰკრებს და შეჰკრავს ერთად" (რუს. თარგმ.: "Много было в то время чудес, - Бог распинаемый... солнце омрачающееся и снова возгорающееся — ибо надлежало, чтобы и твари сострадали Творцу... Завеса раздравшаяся... Кровь и вода, излиявшиеся из ребра, - кровь потому, что был Он человек, и вода потому, что был выше человека... Земля колеблющаяся, камни расторгающиеся ради Камня... Мертвецы, восставшие в уверение, что будет последнее и общее воскресение... Чудеса при погребении, которые кто воспоет достойно... Но ни одно из них не уподобится чуду моего спасения... Немногие капли крови воссозидают весь мир, и для всех людей делаются тем, чем бывает закваска для молока, собирая и связуя нас воедино") (Святитель Григорий Богослов. Orat. 45, 29, PG 36, 661, 664).

მაშ, თუ უფლის სისხლს განუწმენდია ცა და მიწა, წყალი და ჰაერი, და საერთოდ, მთელი სამყარო, ნუთუ ეს წყალობა არ შეეხებოდა მის გვერდით ჯვარცმულს, უფლისა და მისი ჯვარზე ვნების აღმსარებელ კეთილგონიერ ავაზაკს? რაოდენ დამაკნინებელი იქნებოდა ღმრთის ყოვლისშემძლეობისა და უსაზღვრო კაცთმოყვარეობისთვის ის, რომ სამყაროს განმწმენდს მის გვერდით ჯვარცმული ავაზაკის განწმენდა არ შეძლებოდა. ეს იქნებოდა, არა მარტო უფლის ყოვლისშემძლეობის დაკნინება, არამედ მისი მაცხოვნებელი მსხვერპლის ძალისაც. ამიტომაც, ჯვარცმულ ავაზაკზე მიპკურებული სისხლით მისი განწმენდა (ნათლობა) და სამოთხეში აყვანა უფლის განსაკუთრებული განგებულების გამოვლინებაა და არა ნათლისღების საიდუმლოს დაფუძნება ან მისი ფორმის წარმოჩენა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ავაზაკის სიკვდილის დროს მაცხოვარს ახალაღთქმისეული ნათლისღება ჯერაც არ დაუწესებია, მხოლოდ თავისი ამაღლების წინ დაავალებს ის თავის მოწაფეებს "დაიმოწაფონ ყველა ხალხი და ნათელს სცენ მათ მამის, ძის და სულიწმიდის სახელით" (მათე 28:19) და მოციქულებიც დაიწყებენ ნათლობას სულიწმიდის მოფენის შემდეგ.

როგორც ტერტულიანე (III ს.) ბრძანებს: "ახლა კი მოგვეცა სჯული ნათლობისა (შთაფლვისა) და ფორმაც განგვეწესა: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა" (მათე 28:19)" (ტერტულიანე. "ნათლისღების შესახებ". თ. 11, 13-ე. (ტერტულიანე. "ნათლისღების შესახებ". თ. 11, 13-ე. (Тертуллиан. "Dе Baptismo". Сар.: XI, ot сар. ХШ. Curs. Complet. Patrol. Ser. Latin. Tom. I, col. 1212 et 1216; Cp. "Твор. Тертуллиана в русск. пер. (Корнеева). Спб. 1847 г. ч II, стр. 17-18, 21. იხ. აგრეთვე: "Догматическое Богословие Макария. Православно-догматическое богословие. Том II. Санкт-Петербург. 1857, стр. 246).

მიტროპოლიტ მაკარის (ბულგაკოვი) (1816-1882) "დოგმატურ ღვთისმეტყველებაში" ვკითხულობთ: "თვით საქმით უფალმა ნათლისღების საიდუმლო თავისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ დააფუძნა, როდესაც თავისი ფასდაუდებელი სისხლით გამოგვისყიდა, მისით მორწმუნეთათვის სულიწმიდის ნიჭების ბოძების უფლება მოიპოვა" (იოანე 7:39; 2 პეტრე. 1:3; 1 კორ. 1:4) და საზეიმოდ განუცხადა თავის მოწაფეებს: "მომეცა მე ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა" (მათე 28:28-29). "ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება" (მარკ. 16:16). ნათლისღება აქ უკვე ვლინდება არა როგორც მხოლოდ იუდეველთათვის საჭირო განბანვა, არამედ ყველა ადამიანისთვის დაწესებული სამარადჟამო საიდუმლო, რომელიც იქნება აღსასრულამდე სოფლისა, როგორც აუცილებელი პირობა მარადიული ცხოვნებისა..." (Догматическое Богословие Макария. Православно-догматическое богословие. Том II. Санкт-Петербург. 1857, стр. 245) (იხ. აგრეთვე: Православно- догматическое Богословие. Том 2. I. О таинстве крещения. § 202. Божественное установление таинства Крещения. http://azbyka.ru/otechnik/Makarij_Bulgakov/pravoslavno-dogmaticheskoe-bogoslovie-tom2/23_2) (URL-ს მიმართვის თარიღი: 24.08.2020).

ასე, რომ სულ ამაოდ იმოწმებს ე. ჭელიძე დასხმით-პკურებითი "ნათლობის" გამამართლებელ საფუძვლად ჯვარცმული ავაზაკის ნათლობას.
37
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому