აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. I_XXIV_გამონაკლისი შემთხვევა ეკლესიისთვის კანონი არ არის - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი I

შთაფლვა თუ დასხმა?!


შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ
ნათლისღების საიდუმლო
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.

თავი XXIV
____________________________________________________________________________________________________________________

გამონაკლისი შემთხვევა ეკლესიისთვის კანონი არ არის

ძველმართლმადიდებლებთან დავაში ოფიციალური ეკლესიის წარმომადგენლები ე. ჭელიძის მიერ დამოძღვრილნი ხშირად იმოწმებენ ცალკეულ შემთხვევებს, როდესაც ესა თუ ის საეკლესიო საიდუმლო (მაგ. ნათლობა) დადგენილი საეკლესიო წესისგან გადახრით, სხვაგვარად აღსრულებულა; ანუ დარღვეულა ნათლობისთვის დაწესებული ის აუცილებელი მომენტები, რომლის გარეშე ნათლობა შეუძლებელია ნათლობად ჩაითვალოს.

ასეთი შემთხვევები აბნევს მრავალ ქრისტეანს და აფიქრებინებს, თითქოსდა სავალდებულო არ იყოს ნათლობის შესრულება მხოლოდ ერთი ფორმით - წყალში სამჯერადი შთაფლვით და წმ. სამების სახელის მოწოდებით. მეტიც, ოფიციალურ ეკლესიებში, სადაც მასობრივად და საყოველთაოდ არის გავრცელებული ნათლობის ლათინური ფორმა, წყალპკურება - ამგვარ გამონაკლის შემთხვევებს თავიანთი პრაქტიკის გასამართლებლად იყენებენ და ამტკიცებენ, რომ წყალპკურებითი ნათლობაც ისევე ანიჭებს მოსანათლს მადლს, როგორც მისი უძველესი, შთაფლვითი წესი.

გამონაკლისი შემთხვევები და დადგენილი წესისგან გარკვეული გადახრების ფაქტები კარგად იყო ცნობილი ყველა იმ ღვთისმეტყველისა და იმ პერიოდის მოღვაწისთვის, ვინც დასხმით-პკურებით ნათლობას კანონიკურად არ მიიჩნევდა და ნათლობის საწინააღმდეგო აქტებს იღებდა.

ე. ჭელიძის წიგნებში "ეკლესია - სძალი უფლისა" და "სული - ცხოველი" დასხმით-პკურებითი "ნათლობის" გასამართლებლად ამგვარ გამონაკლის შემთხვევებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ამ მაგალითების სათითაოდ განხილვა საკმაოდ შორს წაგვიყვანს (ჩვენ მხოლოდ რამოდენიმეს შევეხებით) და ეს არც არის საჭირო, რადგან წმიდა მამათა სწავლებით, გამონაკლისი შემთხვევა ეკლესიისთვის კანონს არ წარმოადგენს.

კონსტანტინოპოლის ორგზისი კრების მე-17 კანონში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ "იშვიათად მომხდარი ამბავი არასოდეს უნდა ჩავთვალოთ საეკლესიო კანონად" (იხ. საქ. ეკლესიის კალენდარი. 1987 წ. გვ. 377).

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს: "როგორც ერთ მერცხალს არ მოჰყავს გაზაფხული, ასევე იშვიათად მომხდარი ამბავი ეკლესიისთვის კანონს არ წარმოადგენს" (св. Григорий Богослов. Слово 39, на святые светы явлений Господних//Собрание творений в 2- х т. Свято- Троицкая Сергиева Лавра, 1994. Т. 1. С. 540) (იხ. აგრეთვე: http://www.moral.ru/encyclopedia/r.htm#редко) (URL-ს მიმართვის თარიღი: 24.08.2020).

წმ. ისააკ ასურელიც ბრძანებს, რომ: "საღმრთო განგებულებით დაშვებულ გამონაკლის შემთხვევებს, საერთო განაწესზე ზეგავლენა არ უნდა ჰქონდეთ" (წმ. ისააკ ასურელი. ჰომილია 1).

წმ. იოანე დამასკელის თქმით: "რაც იშვიათად ხდება, ეკლესიისთვის კანონი არ არის და ერთ მერცხალსაც როდი მოჰყავს გაზაფხული, როგორც წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს, და ასეც არის. ერთ შეხედულებას როდი ძალუძს უარყოს მთელი ეკლესიის გადმოცემა..." (Три защитительных слова против порицающих святые иконы или изображения//пер. А. Бронзова. СПб.,1893. Слово 1, Гл. 25. С. 21- 22).

ამრიგად, "არ შეიძლება კანონად დავაწესოთ ის, რაც ხდება იშვიათ შემთხვევებში" (Дигесты Юстиниана//Памятники римского права. М. "Зерцало", 1997. Кн. 1. Титул III. 4. С. 166).

პატრიარქი თეოდორე ბალსამონი სარდიკიის კრების მე-18 კანონის განმარტებაში წერს: "თუ ვინმე მოინდომებს და წმ. ათანასე დიდის დროს მომხდარ ამბავს დამიპირისპირებს - რამეთუ დაწერილია, რომ მის მიერ ბავშობისას ზღვის ქვიშაში თამაშობით მონათლულნი შეწყნარებულ იქმნენ და აგრეთვე, იმას, რაც წმ. პორფირიზე აღსრულდა, როდესაც ხუმარას მიერ მასხრობით იქნა მონათლული, და რის გამოც მოწამებრივი გვირგვინის ღირსი გახდა, რამეთუ მყისიერ იხილა ზეციდან გარდამომავალნი ნათელმოსილნი ანგელოზნი სანთლებით, რომლებიც გალობდნენ: "რომელთა ქრისტეს მიერ ნათელ-გვიღებიეს..." მე დავუპირისპირებ მას კანონიკურ განწესებას, რომელშიც ნათქვამია: "რაც კანონს ეწინააღმდეგება, ჩვენთვის მაგალითი ვერ იქნება...", რადგანაც განუხრელად ვიცავთ ღვთაებრივ და წმინდა განწესებებს" (Правила свтяаго поместнаго собора сардикийскаго. Правило 18. Правила святых поместных соборов с толкованиями. Москва 1880 г., стр. 352).

ამიტომაც, გამონაკლისი შემთხვევები, რომლებითაც ცდილობენ წყალპკურებითი "ნათლობის" "სჯულიერების" წარმოჩენას, კანონად არ მიიღება და მას სჯულიერ განაწესზე ზეგავლენა არ უნდა ჰქონდეს, რაც ნიშნავს, რომ გამონაკლის შემთხვევაში მოცემული ამა თუ იმ წესით საიდუმლოს სჯულიერი დადგინების შეცვლა დაუშვებელია!

ნათლად არის ასახული ეს VII მსოფლიო კრების საქმეებშიც, სადაც ნათქვამია, რომ მემრუშენი და მეძავნი ვერ ეღირსებიან საღმრთისმსახურო წოდებებს, თუ ეს ცოდვა მათ ნათლისღების შემდეგ ჩაიდინეს: "ვიცი, რომ მრუშები და მეზვერეებიც შეწყნარებულან სინანულის შემდეგ, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ღირსებია მღვდლობის პატივს, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი ეს ცოდვა მათ ნათლისღებამდე ჰქონდათ ჩადენილი. ვიცი ზოგიერთი ბერი, ვინც, ერში ცხოვრებისას შეპყრობილ იყო სიძვა-მრუშობის ცოდვით, მაგრამ ბერად აღკვეცის შემდეგ ქვეყნიერების მნათობებივით გაბრწყინვებულა თავისი ასკეტური ცხოვრებით; თუმცა არც ერთ მათგანს არ მიუღია სამღვდლო ხელდასხმა და თუ ასეთი რამ იშვიათად მაინც მომხდარა, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის საზოგადო წესი" (Деяния VII всел. Собора. Деяния всел. Соборов; изд. 2- ое. Казань, 1891, т. 7, стр. 328).


1. გადამისამართებული ბრალდება

აუცილებელია აღინიშნოს, რომ გამონაკლის შემთხვევათა სხვადასხვაგვარი კატეგორია არსებობს. მაგრამ, სანამ გამონაკლისებზე მსჯელობას დავიწყებდეთ, არ შეგვიძლია გვერდი ავუაროთ ე. ჭელიძის მორიგ მკრეხელურ და აბსოლუტურად არაბიექტურ გამოხდომას ძველმართლმადიდებელთა წინააღმდეგ.

უკვე ვნახეთ, როგორი არამეცნიერული მეთოდებით ებრძვის იგი ძველმორწმუნეთ; მეცნიერისა და ქრისტეანისთვის შეუფერებელი როგორი უტიფრობით ლანძღავს თავის ოპონენტებს; ვნახეთ, როგორ სოფისტურ ხრიკებს იყენებს თავისი ცრუ იდეების გასამართლებლად; ეს ყოველივე მის უსუსურობასა და მისი პოზიციის უმწეობას ათვალსაჩინოებს. ახლა კი უნდა ვნახოთ მისი მორიგი საცოდაობა, სადაც ჩვენი ოპონენტი პოლემიკური კრიტიკის "გადამისამართებას" ახდენს და სხვა სუბიექტებისადმი გამოთქმულ კრიტიკას "სტაროვერებს" უკავშირებს.

თავისი წიგნის 422-ე გვერდის სქოლიოში, ე. ჭელიძე აღნიშნავს, რომ ძველმართლმადიდებლები "ნაკლებად როდი არიან მიდრეკილნი უტყუარი ფაქტების ყოვლად მკრეხელური დამახინჯებებისკენ", და იქვე წერს, რომ "უტყუარად გამოაშკარავებულ შემზარავ სტაროვერულ "წყაროთმცოდნეობით" ყალბისმქმნელობათა" რამდენიმე ნიმუშის შესახებ მკითხველს შეუძლია ნახოს, მაგალითად რომან ვერშილოს პუბლიკაცია: О перекрещивании (გადანათვლის შესახებ)" (http://deistvo.chat.ru/perekrest1.htm#2) (URL-ს მიმართვის თარიღი: 24.08.2020).

ამ პუბლიკაციაზე, როგორც ვითომცდა "შემზარავ სტაროვერულ "წყაროთმცოდნეობით" ყალბისმქმნელობათა" მამხილებელ წყაროზე მითითებით, უკვე მერამდენედ აშკარავდება თავად ე. ჭელიძის ყალბისმქმნელობა, რომელიც კიდევ ერთხელ ათვალსაჩინოვებს ამ ადამიანის სულიერ სიმახინჯეს. შაქმე ის გახლავთ, რომ ე. ჭელიძის მიერ მითითებული ავტორი რომან ვერშილო მსჯელობს არა "სტაროვერებზე", არამედ საზღვარგარეთის რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაზე (რუს. აბრევიატურა: РПЦЗ. ეს ეკლესია დღეისთვის უკვე შეუერთდა რუსეთის ოფიციალურ, "მართლმადიდებელ" ეკლესიას. რ. ვერშილოს ხსენებული სტატია დაწერილია და ინტერნეტში გამოქვეყნებულია 1998 წლის 13/26 სექტემბერს. იხ. http://deistvo.chat.ru/perekrest1.htm#1) (URL-ს მიმართვის თარიღი: 24.08.2020).

გამომდინარე აქედან, რ. ვერშილოს ეს სტატია ვერანაირად ვერ იქნება "შემზარავი სტაროვერული "წყაროთმცოდნეობით" ყალბისმქმნელობათა" მამხილებელი წყარო; თუ "შემზარავ "წყაროთმცოდნეობით" ყალბისმქმნელობებზეა" ლაპარაკი, ეს შეფასება რ. ვერშილომ განუკუთვნა საზღვარგარეთის რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას, ანუ РПЦЗ- (Русская Православная Церковь Заграницей) და არა "სტაროვერებს". ამაში დასარწმუნებლად და ე. ჭელიძის სრულიად უპასუხისმგებლო და არაობიექტური თავდასხმის სამხილებლად გავეცნოთ თვით რ. ვერშილოს ხსენებული სტატიის შესავალს.

«ყოველი ქრისტეანის ცხოვრებაში უმთავრესია მართალი რწმენა ღმერთ-სამებისადმი, რომლის გამომხატველია ნათლობის ფორმულა: "სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა". ნათლისღების შესახებ არსებულ დადგენილებათა უცვალებელი დაცვა საეკლესიო ხელისუფლების უპირველესი მოვალეობაა და ნიშანია იმისა, რამდენად არის მოცემული ადგილობრივი ეკლესია (ანუ РПЦЗ - არქიეპ. პ.) მაცხოვრის სიტყვის ერთგული: "წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით" (მათე 28:19).

როგორც 7-ე მსოფლიო კრების 6-ე კანონი ამბობს: "როდესაც შედგება კრება კანონებრივ და სახარების საქმეთა თაობაზე, მაშინ შეკრებილმა ეპისკოპოსებმა უნდა გამოიჩინონ ზრუნვა ღვთის ცხოველმყოფელ მცნებათა შენარჩუნებისთვის, რადგანაც "ამათი დაცვით ბევრს მოიგებს"" (ფსალმ. 18:12). ეკლესიას მოეთხოვება, დაიცვას სახარებისეული დადგენილებები ნათლისღების შესახებ ისე, როგორც იცავდა მას საყოველთაო ეკლესია. სწორედაც რომ იცავდა და არა ცვლიდა ან აზუსტებდა და ავსებდა.

შეუძლებელია არ დავინახოთ, რომ რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია (РПЦЗ) ნათლისღების საიდუმლოსთან დაკავშირებით მართლმადიდებელი ეკლესიის დადგენილებათა ცვლილებების გზაზე შედგა, რამაც გამოხატულება პოვა ოფიციალურ დადგენილებაში იმის შესახებ, რომ უნდა გადაინათლოს ყველა მწვალებელი, ან ე. წ. "სხვაგვარადმადიდებელი". არაოფიციალურად წინ წამოწეულია მოთხოვნა დასხმითად ნათელღებულთა გადანათვლის შესახებაც.

ამ გზაზე განსაკუთრებით შორს გაიჭრა რსმე-ს (РПЦЗ) კანადისა და აღმოსავლეთ ამერიკის ეპარქია. გადანათვლის შემთხვევები ცნობილია სხვა ეპარქიებშიც. ეს არამართლმადიდებლური წარმოდგენები ნათლისღების შესახებ შემოაქვთ რუსეთშიც.

ჩვენ წინაშეა ორი საჯარო განცხადება: რსმე-ს (РПЦЗ) კანადის ეპარქიის დასავლეთის ნაწილის 1993 წლის მოძღვართა თათბირის რეზოლუცია და წიგნი ""ახალი მარგალიტი", ანუ წმიდა მამათა დარიგებანი სინანულის, მარხვის, აღსარებისა და ქრისტეანული ცხოვრების შესახებ", რომელიც 1998 წელს იმავე ეპარქიაში გამოიცა.

რეზოლუციაში ნათქვამია: "რსმე (РПЦЗ) ძალადაკარგულად მიიჩნევს სხვაგვარადმადიდებელ "ეკლესიებში" აღსრულებულ ნათლობებს. ამიტომაც, ყველა სხვაგვარადმადიდებელს, რომელიც რსმე- სთან (РПЦЗ) შემოერთებას მოისურვებს, მხოლოდ სრული ნათლისღებით შევიწყნარებთ".  ამ თავიანთი დადგენილების დასტურად, კანადის ეპარქიის მოძღვრები ეყრდნობიან რსმე-ს კრებისა და სინოდის დადგენილებებს და მოძღვართა ადრინდელ თათბირებს.

სიტყვით "რეზოლუცია" და რსმე-ს ნათლისღებასთან დაკავშირებული"დადგენილებების" დამოწმებით, კანადის ეპარქიის დასავლეთი ნაწილის მოძღვრები აჩვენებენ, რომ თვით მათ მიერ და რსმე-ს კრებების მიერაც მიღებულია ახალი, მსოფლიო ეკლესიისთვის აქამდე უცნობი დადგენილებები ნათლისღების შესახებ. არც რსმე-ს, არც სხვა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიას არა აქვთ ძალაუფლება, თავიანთი განკარგულებებით გააუქმონ ნათლისღებასთან დაკავშირებით მოციქულთა მიერ ერთხელ და სამუდამოდ გადმოცემული მცნებები, რომლებიც ითხოვენ არა ყველა მწვალებლის გადანათვლას, არამედ მხოლოდ იმათსას, ვინც არ ნათლავს სამების სახელით და სამგზის შთაფლვით. ამაში რომ დავრწმუნდეთ, საკმარისია წავიკითხოთ მსოფლიო კრებების დადგენილებები ამ საკითხზე.

მოციქულთა სწავლების მიმდევარი მსოფლიო კრებები მრავალჯერ მიუთითებდნენ, თუ რომელი მწვალებელი უნდა გადაენათლათ და რომლები არა; და, როგორც ეკლესიისგან არა სრულიად გაუცხოებულნი, მიეღოთ მირონცხებით ან სინანულითა და ზიარებით. ამის თანახმად, რუსეთის ეკლესიაც არ გადანათლავდა დასავლურ აღმსარებლობათა ქრისტეანებს (მსჯელობა დასავლელთა არგადანათვლის შესახებ არის რ. ვერშილოს მიერ მოგონილი სრული სიცრუე - არქიეპ. პ.).

წიგნი  "Новый Маргарит" ("ახალი მარგალიტი"), რომლის შესახებ ზემოთ აღვნიშნეთ, დღეს რუსეთშიც ვრცელდება. ამ კრებულის გამომცემლები ჭეშმარიტებით მანიპულირებენ და წმიდა მამათა ნაწერებს ურევენ თანამედროვეთა თხზულებებს, რომლებიც ნათლისღების შესახებ არამართლმადიდებლურ სწავლებას შეიცავს.

ჩვენ მხედველობაში გვაქვს 6-ე დამატება, რომელიც შეიცავს სტატიას "ნათლისღების საიდუმლოს შესახებ". ამ სტატიის წინასიტყვაობაში ნათქვამია, რომ ის წარმოადგენს წმიდა მამათა და ეკლესიის წმიდა კანონთა შემჭიდროებულ გადმოცემას. ხოლო წიგნის ბოლოს განთავსებული შენიშვნებიდან ჩანს, რომ სტატია გადათარგმნილია დეკ. გეორგი მეტალინოსის ინგლისურენოვანი ბროშურიდან "I ჩონფესს Oნე Bაპტისმ", ხოლო სხვა ვითომცდა წმიდა მამებისეული ნაწერები აღებულია 1990 წელს გამოცემული ორი ბერძნული ჟურნალიდან (აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ, თუ რ. ვერშილო "არამართლმადიდებლურ სწავლებათა" შემცველ თხზულებებში გ. მეტალინოსის ხსენებულ თხზულებასაც გულისხმობდა, აშკარად ცდება, რადგან გ. მეტალინოსის თხზულება არაფერ არამართლმადიდებლურს არ შეიცავს. უბრალოდ ის უარყოფს ლათინურ, დასხმით ნათლობას, რაც მიუღებელია რ. ვერშილოსთვის. -  არქიეპ. პ.).

იმისთვის, რათა დავინახოთ, რა სწავლებას გვთავაზობს "ახალი მარგალიტი", - განაგრძობს რ. ვერშილო, -  საკმარისია ჩავიხედოთ 351 გვერდზე: "მღვდელი, რომელიც სასიკვდილო საფრთხის გარეშე შეასრულებს დასხმით ნათლობას, უკეთურად მოქმედებს, ნათლობას არ ასრულებს და ადამიანს მოუნათლავად ტოვებს!" (Роман Вершилло. О перекрещивании. http://deistvo.chat.ru/perekrest1.htm#1) (URL-ს მიმართვის თარიღი: 24.08.2020).

ამის შემდეგ რ. ვერშილო გვთავაზობს იმ სწავლებას, რომელსაც ქადაგებს ე. ჭელიძე თავის 476-გვერდიან ანტიძველმართლმადიდებლურ ნაშრომში "სული- ცხოველი" (ვგულისხმობთ იმას, რომ ე. ჭელიძის ხსენებული 584-გვერდიანი ნაშრომში ძველმართლმადიდებლობისადმი წინააღმდეგობას ეძღვნება 476 გვერდი). საკითხები რასაც რ. ვერშილო განიხილავს საკუთარი თეორიის გასამართლებლად, ზემოთ უკვე დეტალურად გვაქვს განხილული და აქ მეტად აღარ შევჩერდებით, მხოლოდ მოკლედ ჩამოვწერთ უმთავრეს "მხილებათა" ნუსხას და ასევე მოკლე კომენტარებით შემოვიფარგლებით.

1. რ. ვერშილო ირწმუნება, რომ მსოფლიო ეკლესია ყველა საუკუნეში შეიწყნარებდა დასხმით ნათლობას და ავტორები (იგულისხმება "ახალი მარგალიტის" შემდგენლები РПЦЗ-დან) იძულებულნი არიან, მიჩქმალონ ის ფაქტი, რომ სახალხო მღელვარებისა და თურქეთის მთავრობის (?) ზეგავლენით, პატრიარქმა და სინოდმა მიიღეს მანამდე უპრეცედენტო გადაწყვეტილება: გადაენათლათ დასხმითად მონათლულნი.

რ. ვერშილოს თქმით "ახალი მარგალიტის" ავტორები არღვევენ 1484 წლის კონსტანტინოპოლის კრების დადგენილებას, ლათინები (რომლებიც ინათლებიან სამგზისი დასხმით) მიეღოთ არა გადანათვლით, არამედ მირონცხებით. რ. ვერშილოს მტკიცებით, 1484 წლის კრებას ახალი არაფერი დაუმკვიდრებია, არამედ მხოლოდ დაუდასტურებია წმ. ფოტი კონსტანტინოპოლელის (პატრიარქობდა 858-867 და 877-886 წლებში), პატრიარქ თევდორე ბალსამონის და წმ. მარკოზ ეფესელის პოზიციები.

როგორც რუსი მეცნიერებისა და თვით დასავლეთის ადგილობრივ კრებათა დადგენილებებიდან ვნახეთ, ლათინებში (ანუ ე. წ. "კათოლიკეებში") დასხმითი ნათლობა საბოლოოდ დამკვიდრდა 17-ე საუკუნეში, სწორედ ამ საუკუნეში განდევნა დასხმამ საბოლოოდ შთაფლვითი ნათლობა ლათინურ დასავლეთში. დასხმით-პკურებითი ნათლობა, როგორც საეკლესიო საიდუმლოს რაგნში აწეული პრაქტიკა, დასავლეთში ძირითადად თავს იჩენს 13-ე საუკუნიდან, ამიტომაც, ბალსამონის გადაწყვეტილება (ბალსამონი ცხოვრობდა 12-ე ს.-ში) მირონცხებით მიეღოთ მწვალებელი ლათინები ბუნებრივია და ლოგიკური. მის დროს ლათინები არც კი ნათლავდნენ დასხმა-პკურებით. ხოლო ლათინთა დასხმითი ნათლობის შემწყნარებელ არგუმენტად წმიდა პატრიარქ ფოტის ხსენება, რომელიც მოღვაწეობდა IX საუკუნეში (გარდ. 896 წ.), არის სრული ნონსენსი.

რ. ვერშილოს თავისი თეორიის დასტურად მოჰყავს ასევე წმ. მარკოზ ეფესელი, რომელიც განაწესებდა ლათინთა მიღებას მირონცხებით. ამ თემაზეც ზემოთ უკვე გვქონდა მსჯელობა და აქ აღარ შევჩერდებით. ერთს კი ვიტყვით, რომ ლათინებში საყოველთაოდ არც ამ საუკუნეში დამკვიდრებულა დასხმითი ნათლობა, რომ შესაძლებელი იყოს ლაპარაკი მათი თავიდან ნათლობით შეწყნარებაზე. წმ. მარკოზის სიტყვებიდან კი უნდა გამოვიტანოთ ის დასკვნა, რომ იმ დროს ლათინებში უმეტესწილად მაინც შთაფლვითად ნათლავდნენ, რადგან წმ. მარკოზი მართლმადიდებელი უნიატების მამხილებელ მრგვლივმოსავლელ ეპისტოლეში აღნიშნავს იმ შეუსაბამობებს, რომლებშიც იმყოფებიან ეს უკანასკნელნი, ვინაიდან ისინი უამრავ საკითხში განსხვავდებიან ლათინთაგან, მათ შორის ნათლისღების საკითხშიც. წმ. მარკოზი მხილებითად და ირონიით აღნიშნავს, რომ უნიატებს ნათლობის საკითხშიც კი არა აქვთ ერთობა ლათინებთან, რადგან ისინი (ლათინები) ნათლავენო დასხმით, ესენი კი (მართლმადიდებელი უნიატები) შთაფლვით.

ეს არის მართლმადიდებელთა და ლათინთა შორის არსებულ განსხვავებათა ჩამონათვალის ერთ- ერთი ნიუანსი. წმ. მარკოზისთვის მისაღები და სრულიად ეკლესიური რომ ყოფილიყო დასხმითი ნათლობა, მაშინ როგორ უნდა აღმოჩენილიყო ის სასაყვედურო პრაქტიკის ჩამონათვალში?! განა აქედან ცხადი არ არის, რომ წმ. მარკოზი არ აღიარებდა დასხმას და აღნიშნავდა, რომ თვით უნიატებსაც კი თავიანთ პრაქტიკაში დამკვიდრებული ჰქონდათ ნათლობის მხოლოდ შთაფლვითი წესი. სხვა აზრის გამოტანა წმ. მარკოზის სიტყვებიდან, უბრალოდ, შეუძლებელია.

2. რ. ვერშილო, ე. ჭელიძესავით (თუ ე. ჭელიძე რ. ვერშილოსავით) აკრიტიკებს იმ მტკიცებულებას, რომ სიტყვა "ბაპტიზმა" ნიშნავს შთაფლვას (ასეა ნათქვამი "ახალ მარგალიტშიც"). რ. ვერშილო ირწმუნება, რომ თურმე ლექსიკონების მითითებით, ბაპტისმოს შეიძლება ნიშნავდეს "განბნვასაც" (არადა, თვით "განბანვა" მართლმადიდებლურ ლიტურგიკულ და საღვთისმეტყველო ტექსტებში სწორედ შთაფლვის მნიშვნელობით გაიგება, და ამას თვით ე. ჭელიძეც კი არ უარყოფს თავის ნაშრომებში).

რ. ვერშილო წერს: "საერთოდ, სიტყვა ბაპტისმოს-ს გააჩნია სამი მნიშვნელობა: 1) "შთაფლვა"; 2) "განბანვა" და 3) "ნათლისღება, როგორც ქრისტეანული საიდუმლო". ამიტომაც, ქრისტეანებს მართებდათ სიტყვა ბაპტისმოს შეემეცნებინათ ქრისტეანული თვალსაზრისით. აი, როგორ იკითხება ეს აზრი რუსულად: "Но, согласно словарным указаниям, ბაპტისმოს может означать и "омовение". Вообще говоря, у слова ბაპტისმოს есть три значения: 1) погружение, 2) омовение, 3) крещение, как христианское таинство. Поэтому христианам следовало бы понимать слово ბაპტისმოს в христианском смысле".

მაგრამ, განა "შთაფლვა" და "განბანვა" არ არის ქრისტეანული მნიშვნელობის ტერმინები? განა თვით რ. ვერშილო ბაპტისმოს-ის მნიშვნელობად არ აღიარებს ამ ორ ტერმინს? აქ ბ- ნ ვერშილოს აშკარად ერევა დავთრები!

რ. ვერშილოს ლოგიკით, ტერმინ ბაპტისმოს მის მიერვე ჩამოთვლილი სამი მნიშვნელობიდან ქრისტეანული ყოფილა მხოლოდ მესამე. პირველი ორის მნიშვნელობა კი არაქრისტეანული... ამაზე მეტყველებს მისი ფრაზა: "ამიტომაც, ქრისტეანებს მართებდათ, სიტყვა ბაპტისმოს შეემეცნებინათ ქრისტეანული თვალსაზრისით".

ცხადია, ჩვენ საკუთარ თავზე ვერ ავიღებთ РПЦЗ-ს ნაშრომის, "ახალი მარგალიტის" დაცვას, ეს არ არის ძველმართლმადიდებლური კრებული, მაგრამ, რადგან რ. ვერშილოს ხსენებულ სტატიას ჩვენი ოპონენტი "მეცნიერი" ე. ჭელიძე "სტაროვერების" მხილებად სახავს, იძულებულნი ვართ, ერთსაც მივაგოთ საკადრისი პასუხი და მეორესაც, რადგან ორივენი თანაბრად ცრუობენ ნათლისღების საკითხთან დაკავშირებით; თუ რას ნიშნავს ტერმინი "ბაპტიზმა", დეტალურად გვაქვს განხილული ზემოთ; ასევე განხილული გვაქვს რ. ვერშილოს მიერ დასახელებული ტიპური მაგალითებიც, რომელთაც ხშირად ეყრდნობიან დასხმით-პკურებითი ნათლობის ადვოკატები (მაგ.: წმ. კვიპრიანე კართაგენელის პასუხი მაგნუსს და სხვა), მაგრამ ყველაზე საინტერესო არის ის, რომ რ. ვერშილო ხსენებულ სტატიაში უპირისპირდება ე. ჭელიძის მიერ სასხვათაშორისოდ გამოთქმულ აზრს, თითქოსდა არიანელები პკურებით ნათლავდნენ. ასე აღიქვამს ე. ჭელიძე წმ. ათანასე ალექსანდრიელის ერთ გამონათქვამს.   

«უთუოდ მნიშვნელოვანია ისიც, - წერს ე. ჭელიძე თავისი პირველი "ანტისტაროვერული" ნაშრომის 144-ე გვერდის სქოლიოში, - რომ არიანოზნი და მათი მსგავსი სხვა მწვალებლები, რომლებიც (მწვალებელთა) კლასიფიკაციის მეორე "ჩინს" შეეფარდება და რომლებსც (ძველმართლმადიდებელთა) სიტყვებით "გააჩნიათ სწორი, მოციქულთა კანონისმიერი ნათლობა", ჩვეულებრივ "სხურებით" ნათლავდნენ. ამას სრულიად აშკარად გვაუწყებს არიოზის თანამედროვე უწმიდესი მამა ათანასე ალექსანდრიელი, რომლის მიერაც არიანოზთა და სხვა მსგავს მწვალებელთა მიერ მონათლული პირი წოდებულია ასე: "სხურებული მათგან"» (წმ. ათანასე ალექსანდრიელი. მეორე ქადაგება არიანოზთა წინააღმდეგ. პგ. 25, სვ. 237 ბ. ციტ. ე. ჭელიძე. "ეკლესია - სძალი უფლისა". თბილისი 1990 წ. გვ. 144. სქოლიო).

ათანასეს გამონათქვამი სულ სხვა აზრით ესმით РПЦЗ-ს წარმომადგენლებსაც და რომან ვერშილოსაც. "ახალი მარგალიტის" შემდგენელთა მხილებისას რ. ვერშილო განიხილავს წმ. ათანასე დიდის ამ გამონათქვამის მათეულ ინტერპრეტაციას. კერძოდ, რ. ვერშილო წერს: «356-ე გვერდზე (იგულისხმება РПЦЗ-ს გამოცემა "ახალი მარგალიტი" - არქიეპ. პ.) მოცემულია ორი ციტატა წმ. ათანასე დიდის თხზულებებიდან. მათგან პირველი ასე ჟღერს: წმიდა წერილი "ითხოვს, რათა ისინი, ვისაც ქრისტესი სწამს, წყალგადასხმულნი კი არ იყონ ნათლისღების საიდუმლოში, არამედ შთაფლულნი". მაგრამ ეს სიტყვები თვით სტატიის ავტორთა მიერ არის შეთხზული და არა წმ. ათანასეს მიერ, რადგან ის არ მოიპოვება მის თხზულებებში. ამ სიტყვებისთვის მითითებულია ფიქტიური მისამართი: "Письмо о Соборах. PG 26:689АВ". ამ ტექსტში არაფერია ნათქვამი ნათლობაზე.

მეორე ციტატა: "ის, ვინც პკურებულია ან გადასხმული, ნაცვლად იმისა განახლდეს ქრისტეში, იბილწება". ეს კი გახლავთ წმ. ათანასეს არიანელთა წინააღმდეგ გამოთქმული მეორე ჰომილიიდან აღებული და დამახინჯებული სიტყვები. თანაც დამახინჯებულია არა მარტო სიტყვები, არამედ აზრიც. წმ. ათანასესთან ლაპარაკია არიანელებზე, ისინი კი ნათლავდნენ სამგზის შთაფლვით.

წმ. მამა ამბობს: "არიანელები ნათლავენ არა მამისა და ძის, არამედ შემოქმედისა და ქმნილების სახელით. როგორც სხვა არის ქმნილება და სხვა არის ძე, ასევე მათ მიერ ცრუდ წოდებული ნათლობაც სხვა არის და არა ჭეშმარიტი, თუმცა, გარეგნულად ისინი დაწერილის მიხედვით წარმოთქვამენ მამისა და ძის სახელს. ის როდი იძლევა ნათლობას, ვინც ოდენ ამბობს: "უფალო!", არამედ ის, ვინც ამ სახელს უკავშირებს მართალ რწმენას. ამიტომაც მაცხოვარმა უბრალოდ ნათლობა კი არ დაავალა მოციქულებს, არამედ უთხრა, ჯერ "ასწავლეთო", და შემდეგ უკვე მონათლეთო მამის, ძის და სულიწმიდის სახელით (მათე 28:19), რათა სწავლებისგან აღმოცენდეს მართალი რწმენა, ხოლო რწმენა შეერწყას ნათლისღების საიდუმლოს".

"და სხვა მწვალებლობებიც, რომლებიც მხოლოდ სახელსღა წარმოსთქვამენ, მაგრამ არასწორად ბრძნობენ, რადგან მართალი სარწმუნოება არ გააჩნიათ, უსარგებლოს ხდიან მათ მიერ მოწოდებულ წყალს, რომელიც მოკლებულია მადლს, რის გამოც მათგან სხურებული (რანტიდზომენონ) უფრო უკეთურებით იბილწება, ვიდრე განიბანება. ასევე წარმართებიც, თუმც პირით წარმოთქვამენ ღვთის სახელს, მაგრამ იმხილებიან უღვთოებაში, რადგან არ ცნობენ ნამდვილად არსებულ და ჭეშმარიტ ღმერთს, ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს მამას".

"ამრიგად, - ასკვნის რ. ვერშილო, - წმ. ათანასესთან ლაპარაკია არა ნათლისღების სახის უკმარობაზე: დასხმაზე ან პკურებაზე, არამედ არიანელთა და სხვა მწვალებელთა შორის არსებული რწმენის უკმარობაზე. ამიტომაც წმ. მამა ლაპარაკობს მადლმოკლებულ წყალზე და არა წყალმოკლებულ მადლზე. ხოლო სიტყვა "სხურებას" (რანტისმოს) ის იყენებს არა იმისთვის, რათა აღნიშნოს არიანელთა შორის არსებული ნათლისღების ფორმა, რომლებიც, როგორც უკვე ვთქვით, სამგზისი შთაფლვით ნათლავდნენ. უწოდა რა არიანელთა "ნათლობას" "სხურება", წმ. ათანასემ ის ებრაელთა უნაყოფო განბანვებს შეადარა, რომლებიც, თუმც მრავალგზის აღესრულებოდნენ, ვერ შემძლენი იყვნენ სრულექმნათ განბანილთა სინდისი" (ებრ. 9:9-10) (დედანში: "Итак, у свт. Афанасия говорится не о недостатках образа крещения: обливания, или окропления, а о недостатке веры у ариан и других еретиков. Поэтому Св. отец говорит о воде, скудной благочестием, а не о благочестии, скудном водой. Слово же "окропление" (რანტისმოს) он использует не для того, чтобы обозначить способ крещения у ариан, которые, как мы сказали, крестили тремя погружениями" (Роман Вершилло. О перекрещивании. http://deistvo.chat.ru/perekrest1.htm) (URL-ს მიმართვის თარიღი: 24.08.2020).

ასეთ განმარტებას იძლევა რ. ვერშილო, რომელიც თვითონ არის დასხმით- პკურებითი ნათლობის აპოლოგეტი.

ამრიგად, რ. ვერშილოს "მხილება", ჯერ-ერთი, მიმართულია (ზოგან უსამართლოდ, ზოგან, შესაძლოა, სამართლიანადაც) რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის (РПЦЗ-ს) იერარქებისკენ და არა სტაროვერებისკენ; და მეორც, რაც მეტად კურიოზულია - იმხილება თვით ე. ჭელიძის ნაყალბევი წმ. ათანასე დიდის გამონათქვამთან დაკავშირებით.

მეტიც, დასხმით-პკურებითი ნათლობის დაცვით და მის უარმყოფელთა განქიქებით რ. ვერშილო უნებლიეთ, საკუთარ თავსაც ამხელს, რადგან თავიდანვე აღნიშნული აქვს: "არც რსმე- (РПЦЗ-ს - არქიეპ. პ.), არც სხვა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიას, არ გააჩნიათ ძალაუფლება თავიანთი განკარგულებებით გააუქმონ ნათლისღებასთან დაკავშირებით მოციქულთა მიერ ერთხელ და სამუდამოდ გადმოცემული მცნებები, რომლებიც ითხოვენ არა ყველა მწვალებლის გადანათვლას, არამედ მხოლოდ იმათსას, ვინც არ ნათლავს სამების სახელით და სამგზის შთაფლვით. ამაში რომ დავრწმუნდეთ, საკმარისია წავიკითხოთ მსოფლიო კრებების დადგენილებები ამ საკითხზე" (რუსულად: "Ни РПЦЗ, ни иная поместная православная Церковь не имеют власти заменять своими постановлениями раз и навсегда переданные Апостолами заповеди о крещении. А эти заповеди не требуют перекрещивания всех еретиков, а только тех из них, которые не крестят во имя Троицы тремя погружениями. Чтобы убедиться в этом, достаточно прочитать постановления Вселенских Соборов по этому вопросу") (http://deistvo.chat.ru/perekrest1.htm) (URL-ს მიმართვის თარიღი: 24.08.2020).

ყოველივე ამას დავამატებთ კიდევ იმ გარემოებას, რომ არიანელთა წინააღმდეგ წარმოთქმული მეორე ჰომილიიდან ამოწერილი ფრაზა "სხურებაზე" ეხება არა არიანელებს, არამედ "სხვა მწვალებლებს" (წმიდა მამა არ აკონკრეტებს რომელთ). ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს ე. ჭელიძისეულ მორიგ ხრიკთან. კერძოდ, თხზულებაში საიდანაც ე. ჭელიძეს მოჰყავს თავისი "მტკიცებულება" და ასევე რ. ვერშილოსაც (თუმცა, როგორც ზემოთ ვნახეთ, რ. ვერშილოს განმარტება გამორიცხავს ე. ჭელიძისას), წმ. ათანასე კონკრეტულ ადგილას მსჯელობს არა არიანელთა, არამედ "სხვა მრავალ მწვალებლობათა" შესახებ (იხ. Св. Афанасий Великий. Творения. В четырех томах. Т. II. Москва 1994. § 43, стр. 317).  წმიდა მამა ჯერ ბრძანებს: "და სხვა მრავალი მწვალებლობაც, წარმოთქვამს მხოლოდ სახელს (ღმრთისას - არქიეპ. პ.), მაგრამ არასწორად იაზრებს, ამიტომაც, არ გააჩნიათ რა საღი რწმენა, მათგან მოცემული წყალი უნაყოფოა, რის გამოც მათგან სხურებულნი უფრო უკეთურებით იბილწებიან, ვიდრე განიბანებიან" (რუს. თარგმ.: "И другие многие ереси, произнося только Имена, но мудрствуя неправо, а потому, как сказано, не имея здравой веры, бесполезною делают преподаваемую ими воду как скудную благочестием, почему окропляемый ими более сквернится нечестием, нежели омывается") (იქვე. გვ. 318). შემდეგ წმიდა მამა მსჯელობს წარმართებზე და ამბობს: "ასე არიან წარმართებიც, რომლებიც თუმც წარმოთქვამენ ღმრთის სახელს, მაგრამ იმხილებიან უღმერთობაში, რადგან არ იციან ჭეშმარიტად არსებული ღმერთი, მამა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი. ასე არიან მანიქველნი, ფრიგველნი და სამოსატელის მოწაფენი, თუმც წარმოთქვამენ სახელს (ღმრთისას - არქიეპ. პ.), მიუხედავად ამისა, არიან მწვალებელნი" (რუს. თარგმ.: "Так и язычники, хотя произносят устами Божие имя, но обвиняются в безбожии, потому что не знают подлинно сущего и истинного Бога, Отца Господа нашего Иисуса Христа. Так манихеи, фриги и ученики Самосатского, хотя произносят Имена, но, тем не менее, суть еретики") (იქვე), და ბოლოს, წმიდა მამა უკვე მსჯელობს არიანელებზეც, რომელთა შესახებ მსჯელობას ასე იწყებს: "და, ბოლოს, ასე არიან არიოზივით მოაზროვნენიც, თუმც კითხულობენ დაწერილ სახელს და წარმოთქვამენ, მაგრამ ცთომილებაში შეჰყავთ მათგან მონათლულნი, რამეთუ თვითონ სხვა მწვალებლებზე უუკეთურესნი არიან და მუდმივად წარემატებიან მათ უსჯულოებაში..." (რუს. თარგმ.: "Так, наконец, и мудрствующие по – ариеву, хотя читают написанное и произносят Имена, но вводят в обман приемлющих от них крещение, потому что сами нечестивее прочих еретиков и постепенно преуспевают перед ними в нечестии..." (იქვე).

აი ასეთი "წყაროებით" და მეთოდებით "ამხელს" ე. ჭელიძე "უტყუარად გამოაშკარავებულ შემზარავ სტაროვერულ "წყაროთმცოდნეობით" ყალბისმქმნელობათ", გამოდის კი ისე, რომ თვითონ ხდება მხილებული "შემზარავ ყალბისმქმნელობებში" და არა მარტო რ. ვერშილოს ხსენებული სტატიის ძველმართლმადიდებელთადმი "გადამისამართებით", არამედ მთელი თავისი ნაშრომით, რომელიც სავსეა ცრუმეცნიერული განსჯითა და გაყალბებებით.

ამრიგად, ის, რაშიც რ. ვერშილო ედავება "ახალი მარგალიტის" ავტორებს, შეუძლებელია იყოს ჩვენი განხილვის საგანი; თუ აქ რაიმე შეცდომებზე და უზუსტობებზეა ლაპარაკი, მასზე პასუხი აგონ "ახალი მარგალიტის" შემდგენლებმა და არა ძველმართლმადიდებლებმა და ეს, უპირველეს ყოვლისა, კარგად უნდა დაიმახსოვროს ე. ჭელიძემ, რომელსაც ერთმანეთისგან ვერ გაურჩევია РПЦЗ და "სტაროვერები".

ახლა კი კვლავ იშვიათ და გამონაკლის შემთხვევათა განხილვას დავუბრუნდეთ.




2. გამონაკლის შემთხვევათა კატეგორიები

ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ გამონაკლის შემთხვევათა სხვადასხვაგვარი კატეგორია არსებობს. მათგან ძირითადად გამოვყოფთ ორს: 1) ღმრთის მიერ დაშვებულს; და 2) ეკლესიის მიერ ნებადართულს.

პირველი კატეგორიის გამონაკლისები ღვთის შთაგონებით ან მისი მიუწვდომელი განგებულებით აღესრულება.

ასეთი გამონაკლისებია, მაგალითად, უდაბნოში ვინმე მომაკვდავი ებრაელის ქვიშით მონათვლა, ნათლობა სცენაზე მასხრობით, როგორც მოინათლნენ წმ. გენეზიოსი, გელასიოსი, პორფირი და კიდევ სხვები (მათ შესახებ იხ. ქვემოთ); წმ. ამფილოქე იკონიელის ან წმ. გრიგოლ საკვირველთმოქმედის ხელდასხმები... არის სხვა მრავალი და ურთიერთგანსხვავებული შემთხვევებიც, რომელთაც ე. ჭელიძე დასხმითი ნათლობის გასამართლებლად, უფრო სწორად, მისი კანონიკურობისა და საეკლესიო საიდუმლოს რანგში წარმოჩენისთვის იყენებს.

თუ ავიღებთ, მაგალითად, უდაბნოში ვინმე მომაკვდავი ებრაელის ქვიშით მონათვლას, დავინახავთ თუ რაში მდგომარეობდა აქ გამონაკლისობა. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა ქრისტეანებმა, რომელთაც წყალი არ ჰქონდათ, აღარ იცოდნენ, როგორ დაეკმაყოფილებინათ მომაკვდავი ებრაელის თხოვნა, მოენათლათ იგი სიკვდილის წინ. მაშინ, ერთ-ერთმა მათგანმა, "ვითარცა ზეგარდმო შთაგონებულმა", თქვა "ააყენეთ და გააშიშვლეთ". დიდი ვაი-ვაგლახით წამოაყენეს ავადმყოფი და გახადეს ტანისამოსი. ამის შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა პეშვით აიღო ქვიშა და სამჯერ გადაუტარა თავზე ებრაელს სიტყვებით: "ინათლება მონა ღვთისა თევდორე სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა", ხოლო ჩვენ წმ. სამების თითოეული პირის მოწოდებაზე ვამბობდით: "ამენ". და მოხდა სასწაული, "იესუ ქრისტემ, ძემ ცოცხალმა ღმრთისა, განკურნა და განაძლიერა დავრდომილი..." ქ. ასკალონში მოსულებმა ყოველივე, რაც მათ უდაბნოში შეემთხვათ, ქალაქის ეპისკოპოსს, ნეტარ დიონისეს მოუთხრეს, რომელიც "განცვიფრებული დარჩა ამგვარი საკვირველი ნიშით" (Жемчуг духовный. Вып. Первый. Новозыбков. 1992 г, стр. 228).

მოცემული შემთხვევა, რომელიც დეტალურად ზემოთ უკვე განვიხილეთ და, სხვათა შორის, ზეშთაგონებით აღსრულდა, ნათელი დადასტურებაა სწორედ შთაფვლითი ნათლობისა და არა "პკურებითისა". თუ არა შთაფლვის იმიტაციისთვის, მაშ, რისთვის იყო საჭირო მომაკვდავი ადამიანის რის ვაი-ვაგლახით ფეხზე წამოყენება, მისი განშიშვლება, რათა მათი ქმედება ნათლისღების ჭეშმარიტ სახესთან, განშიშვლებულ შთაფლვასთან ყოფილიყო მიმსგავსებული?!

სანამ ამგვარ გამონაკლის შემთხვევათა არსობრივ მხარეს შევეხებოდეთ, სხვა მაგალითებსაც გავეცნოთ: "მაქსიმიანეს მეფობის 20-ე წლისთავის აღსანიშნავად რომში ჩამოვიდა დიოკლეტიანე: მრავალი ქრისტეანი დახოცეს მახვილით და მრავალიც მხეცებს შეაჭამეს ზეიმობაზე. ვნებულთა შორის კომედიანტი გენეზიც იყო. თეატრში, იმპერატორისა და ხალხის წინაშე განასახიერებდა რა ქრისტეანს, ვითომცდა დავრდომილმა შესძახა:

-  "ეჰ, როგორი დამძიმებული ვარ, მეგობარნო ჩემნო, როგორ ვისურვებდი შემსუბუქებას". სხვებმა მიუგეს:

"როგორ შეგეწიოთ? ხომ არ მოგაჭრათ რამე, რომ შემსუბუქდე?"

-  "უგულისხმონო, -  თქვა გენეზიმ, -  ქრისტეანად მინდა მოვკვდე".

-  "იმისთვის, რომ ამ დიად დღეს დევნილად შემიწყნაროს ღმერთმა".

ამის შემდეგ მოუხმო მან მღვდლებს და შემფუცველს (კომედიანტებს, რომლებიც განასახიერებდნენ მათ).

როდესაც ისინი მიუახლოვდნენ გენეზის, მღვდელმა (კომედიანტმა) ჰკითხა:

-  "რისთვის მიხმე, შვილო ჩემო?"

მაშინ გენეზიმ, ვითარცა ზეგარდმო შთაგონებულმა, დიდის სიმტკიცით მიუგო:

-  "მსურს მივიღო მადლი ქრისტესი და ხელმეორედ ვიშვა, რათა განმეტევოს მე ცოდვანი ჩემნი".

და მათაც შეასრულეს მასზე ნათლისღების რიტუალი და როდესაც შემოსეს თეთრი სამოსით, ჯარისკაცებმა (კომედიანტებმა) შეიპყრეს  იგი და, როგორც ქრისტეს აღმსარებელი, დასაკითხად იმპერატორს წარუდგინეს. გენეზი არ დაელოდა იმპერატორის შეკითხვას და შესძახა:

-  "ისმინეთ, იმპერატორო და ყოველნო შეკრებილნო, ბრძენნო და მკვიდრნო ამა ქალაქისა! ყოველ ჟამს, როდესაც ქრისტეანს მიწოდებდნენ (იგულისხმება ქრისტეანის როლის შესრულება - არქიეპ. პ.), ზიზღით ვივსებოდი და ამ სარწმუნოების აღმსარებელთ შეურაცხვყოფდი. მე უარვყავ ჩემი მშობლები და ნათესავები მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქრისტეანები იყვნენ. იმ ზომამდე მძულდა ეს სარწმუნოება, რომ თქვენდა სასიამოვნებლად ვათამაშებდი მათ საიდუმლოებებს, მაგრამ, როგორც კი განშიშვლებულს წყალი შემეხო და შეკითხვაზე, მწამს თუ არა ქრისტე, მივუგე, რომ მწამს - მყის ვიხილე ხელი ზეციდან გარდამომავალი და ნათელმოსილნი ანგელოზნი ჩემს თავს ზემოთ, რომლებიც სიყრმითგან ჩადენილ ჩემს ცოდვებს კითხულობდნენ წიგნში. ამის შემდეგ მათ ნათლისღების წყალში განბანეს ეს წიგნი და თოვლივით განასპეტაკეს. ამიტომაც, თქვენ, იმპერატორო, და თქვენც, შეკრებილნო, რომლებიც დასცინით საიდუმლოს, ირწმუნეთ ჩემთან ერთად, რომ იესუ ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი, ნათელი და ჭეშმარიტება, რომლის მიერ თქვენც შეგიძლიათ მოიპოვოთ ცხოვნება".

გაბრაზებულმა იმპერატორმა მისი ჯოხით ცემა ბრძანა, ხოლო პრეფექტს დაავალა, იძულებული გაეხადა გენეზი, უარეყო ქრისტე. უსაშინლეს წამებათა შემდეგ, 25 აგვისტოს, გენეზის თავი მოჰკვეთეს" (Летопись церковных событий; вып. Первый, от рождества Христова до 555 года. Изд. Спб. 1869 г. Лето от рожд. Христова 304. Стр. 89. В. Т. Зеленков. Выписки из святоотеческих и других книг, служащия к изучению различных сторон церковной жизни, часть 1, первая половина; изд. Торое. Москва 1913 г., стр. 199).

ამგვარად მოინათლა და აღესრულა გენეზი. მის მსგავსად მოინათლა წმ. პორფირეც, ისიც ამასხარავებდა ნათლობის საიდუმლოს. "ივლიანე განდგომილის დაბადების დღეს პორფირიუსს ქრისტეანთა ძაგება და გამასხარავება დაევალა, მაგრამ, როდესაც შევიდა წყალში და შთაფლვისთვის მოემზადა, შესძახა: "ინათლება პორფირი სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა!" რის გამო ეწამა კიდეც. მას თავი მოჰკვეთეს (Четья минея Макарьевская. Месяца сентября 15 день. В. Т. Зеленков. выписки из святоотеческих и других книг, служащих к изучению различных сторон церковной жизни. Часть I, первая половина. Москва 1913, стр. 200).

გამონაკლისი შემთხვევები, როგორც ეს ქვიშით მონათლული ებრაელის მაგალითზე ვნახეთ, უფლის განსაკუთრებული ზეშთაგონებით ამა თუ იმ ფორმით აღესრულება. ასეთ შემთხვევას შეიძლება მივაკუთვნოთ წმ. გრიგოლ საკვირველქმომედის ხელდასხმაც: მჭვრეტელობის ნიჭით დაჯილდოებულმა და ღვთით ზეშთაგონებულმა ეპისკოპოსმა ფედიმმა ვერ მოახერხა წმ. გრიგოლის ეპისკოპოსად ხელდასხმა (რადგანაც წმ. გრიგოლი გაურბოდა ეპისკოპოსის ამ სურვილს). "დასასრულ განზრახვისა აღსასრულებლად შთაგონებით რომლისადმი საღმრთოისა ტრფიალებისათა, ფედიმ არა მიმხედმან სიშორესა ზედა ადგილისამან, რომელი განყოფდა მას გრიგოლისგან (იგი იყო მას ზედა შორის სამი დღისა ოდენ გზისა სავალისა), აღიხილა ღუთისა მიმართ და ჰსთქუა, რომელ მას ჟამსა ერთად ხედვიდა მათ ორთავ, და ნაცულადა ხელისა დაასხა გრიგორის სიტყუა, ესრეთითა სახითა მიართუა იგი ღმერთსა, და თუმცაღა იგი განშორებულ იყო გუამით, დანიშნა ქალაქი მისდა სამართუელად... მაშინ იძულებული იყო წმიდა გრიგორი თვის ზედა უღლისა მიღებად". თუმცა, "ოდეს შემდგომად ამისა შესრულებულ იქმენ მის ზედა ყოველნი ჰსჯულიერნი წესნი..." (მართლმადიდებლობითი აღსარება, კათოლიკე და სამოციქულო აღმოსავლეთის ეკლესიისა. 1847 წ. გვ. 352-354).

გამონაკლისის პირველ და მეორე კატეგორიებში არის ისეთი შემთხვევებიც, რომლებიც ამა თუ იმ მოღვაწის სიწმიდის წარმოსაჩენად გვებოძა (მაგ. წმ. ათანასე დიდის მიერ ბავშვობაში ზღვის ქვიშით (ე. ჭელიძის მიხედვით - ზღვის წყლის დასხმით) ნათლობის შემთხვევა). ცნობილია ანგელოზის მიერ ნათელღებული და ანგელოზის მიერ ზიარებული წმინდანები.

სხვა კატეგორიაა ეკლესიის მიერ ნებადართული, განსაკუთრებულ შემთხვევებში დასაშვები გამონაკლისები, რაც არა საიდუმლოს რიტუალურ ან შედგენილობით მხარეს, არამედ უფლებრივ მომენტს ეხება. ასეთ შემთხვევებში თვით საიდუმლოს აღსრულების ფორმა, მისი გარეგნული სახე არ ირღვევა. ასე მაგალითად, მოციქულთა პირველი კანონის შესაბამისად, "ეპისკოპოსი ხელდასხმული უნდა იყოს ორი ან სამი ეპისკოპოსის მიერ (იხ. "დიდი რჯულისკანონი". თბ. 1975 წ. გვ. 216). მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში, როდესაც ეკლესიას არ ჰყავს ორი ეპისკოპოსი, ნებადართულია ერთმა ეპისკოპოსმაც შეასრულოს არჩეულის ხელდასხმა. ანუ, აქ ლაპარაკია არა თვით საიდუმლოს შესრულების ფორმაზე, არამედ მის შემსრულებელთა რაოდენობაზე.

სჯულის მიხედვით, მღვდლის ან ეპისკოპოსის გარდა არავის აქვს უფლება - მიიღოს აღსარება და განუტეოს ცოდვები, მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც ახლომახლო არ არის მღვდელი, აღსარების მიღების უფლება ღვთისმოშიშ ბერებსაც ეძლევათ, ოღონდ იმ პირობით, რომ მიიღონ მხოლოდ აღსარება, რომელიც შემდეგ უნდა გადასცენ მოძღვარს, თავად კი მონანულს არ მიუტევონ და არ შეკრან ან გასხნან (ანუ დაადონ ეპითემიები) (წმ. სიმეონ თესალონიკიელი. Спб. 1857 г. Ч. 2, стр. 162).

ასევე, გამოუვალ და განსაკუთრებულ შემთხვევებში, მღვდლის არყოფნის დროს, ნებადართულია თვითზიარება. ამგვარ შემთხვევებს მრავალი მაგალითი გვიდასტურებს. ღირ. ნიკონ შავმთელი (Νίκωνος τοῦ Μαυρορείτου) (XI ს.) ბრძანებს, რომ ბერები ინახავდნენ წმ. ევქარისტიას და დროდადრო თავადვე ეზიარებოდნენ, ხოლო ალექსანდრიასა და ეგვიპტეში ერისკაცებიც კი ინახავდნენ მღვდლის მიერ ადრევე შეწირულ წმ. ძღვენს და საჭიროების შემთხვევაში ეზიარებოდნენ (Преп. Никона Черныя горы, слово 53, л. 450 об. ციტ. ვ. ტ. ზელენკოვის დასახ. ნაშრ. გვ. 47).

წმ. ბასილი დიდი ბრძანებს, რომ "სულაც არ არის საშიში, თუ ვინმე დევნულების ჟამს ახლომახლო მღვდლის არყოფნის პირობებსა და აუცილებელ შემთხვევაში საკუთარი ხელით მიიღებს ზიარებას... ალექსანდრიასა და ეგვიპტეში ყოველ მონათლულ ქრისტეანს სახლში აქვს წმიდა ძღვენი და საჭიროების შემთხვევაში თვითონ ეზიარება" (ციტ. ვ. ტ. ზელენკოვი. დასახ. ნაშრ. გვ. 47).

ეკლესიის მიერ ნებადართულია აგრეთვე გამოუვალ მდგომარეობაში ერისკაცის მიერ მოსანათლავის წყალში სამგზის დაფლვა (მონათვლა) და სხვა მრავალი, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, ყველა ამ შემთხვევას ეკლესია უშვებს, როგორც უფლებრივი ხასიათის გამონაკლისს.

ამ უფლების ბოროტად გამოყენება, საჭიროების გარეშე, სჯულიერი პირობების უგულებელყოფით, არათუ მკრეხელურია, არამედ აუქმებს კიდევაც საიდუმლოს, წარმწყმედელია მის მოქმედთათვის და წარმოჩინდება როგორც უსჯულოება. გამონაკლის შემთხვევათა კანონის რანგში აყვანის გამოა, რომ ე. წ. "ბეზპოპოვცებს" (20) არც მღვდლები სჭირდებათ სულის საცხოვნებლად და არც რომელიმე საიდუმლოს შესრულება მღვდლის მიერ, ყველაფერს, სხვადასხვა გამონაკლისებზე დაყრდნობით, თვითონ ასრულებენ. ამიტომაც ბრძანებს ღირსი ნიკონ შავმთელი, რომ იმგვარი გამონაკლისები, როდესაც ხატის წინ უთქვამთ აღსარება ან დავითის მსგავსად აღუვლენიათ სინანული ღვთის წინაშე, - შეუძლებელია კანონი იყოს ეკლესიისთვის. მათ არასწორ გაგებას და ეკლესიის საყოველთაო პრაქტიკაში დანერგვას უმძიმესი შედეგები მოაქვს" (Никона черн. горы, Тактикон, сл. 28, л. 156 об.) (21).

-----------


20. რუსეთში, 17-ე საუკუნის საეკლესიო განხეთქილების შემდეგ წარმოქმნილი მიმართულება, რომლებიც არ ცნობენ მწვალებელთა და სქიზმატიკოსთა ხელდასხმას, რის გამოც არ ცნობენ მწვალებელთაგან გადმოსულ სამღვდელოებას. ამის გამო დარჩნენ მღვდლების გარეშე. აქედან სახელწოდებაც "ბეზპოპოვცები", ანუ "უმღვდელონი".

21. "... О покаянии и исповедании, яко не подобает яже по нужды бывающая, или по смотрению некоему временну исповедания и прощения грехов всегда та во свидетельство приностити". Никона черн. горы  сл. 52. "Показания" (того, что не принято в закон), л. 417, об. В. Т. Зеленков. выписки из святоотеческих и других книг, служащих к изучению различных сторон церковной жизни. Часть I, первая половина. Москва 1913, стр. 163.

-----------

ასე, რომ იძულებით, რაიმე განსაკუთრებული შემთხვევის ან საღმრთო განგებულებით დაშვებულ გამონაკლისს საზოგადო, ანუ საყოველთაოდ მისაღებ კანონად არ უნდა ვიწყნარებდეთ (ვ. ტ. ზელენკოვის დასახ. ნაშრ. წიგნი I, ნაწილი პირველი, გვ. 163), რამეთუ ამგვარ დაშვებას შეუძლია გააუქმოს საიდუმლო.

აი, თუნდაც "... არის შემთხვევები, როდესაც, წმ. ევქარისტიის მიღების სურვილიც კი ევქარისტიის მიღებად ეთვლება მორწმუნეს, თუ მომაკვდავია და გულმხურვალედ სურს მიიღოს ეს ღვთაებრივი საზრდელი, მაგრამ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ ჰყავს მაზიარებელი მღვდელმსახური. მაშინ ქრისტე, დამფუძნებელი საიდუმლოთა და კეთილმოსურვებათა გვირგვინმყოფელი, თავისი გამოუთქმელი მრავალმოწყალებით აღავსებს ვითარებით შექმნილ ნაკლულევანებას და წმ. ევქარისტიისგან მონიჭებულ სიკეთეს მიამადლის ამგვართ.

ასეთი შემთხვევებისთვის თქვა ერთმა მოძღვარმა: "კბილებსა და კუჭს კი ნუ ამზადებ ზიარებისთვის, არამედ გწამდეს და ეზიარები"-ო. ამ სიტყვებით განამტკიცებენ მომაკვდავს (რომელსაც, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, არა აქვს შესაძლებლობა, ეზიაროს), რათა არ ჩავარდეს სასოწარკვეთილებაში, არამედ უმეტესი სასოებით აღივსოს ღვთის გამოუთქმელ მოწყალებათადმი და დარწმუნებული იყოს, რომ ამგვარი უძლიერესი მოსურვება მას ზიარებად ჩაეთვლება. ასე რომ, მართლაც, "კბილებსა და კუჭს კი ნუ ამზადებ საზიარებლად, არამედ გწამდეს და ეზიარები".

მაგრამ, ეს ყოველივე ხდება განსაკუთრებულ შემთხვევებში, გაჭირვების ჟამს და ყოველდღიურობისთვის კანონის ძალა არა აქვს. შემთხვევით ან გაჭირვების დროს მომხდარი ამბავი არათუ კანონი არ არის, არამედ, პირიქით, მან შეიძლება გააუქმოს კიდევაც კანონი.

ამასთანავე, საჭიროა ვიცოდეთ, რომ მხოლოდ ოცნებით მოზიარე სინამდვილეში ქრისტეს ხორცსა და სისხლს კი არ ეზიარება, არამედ მას მიემადლება წმ. ევქარისტიისგან მომდინარე სულიერი ნაყოფი და არ შეიძლება შეედაროს მას, ვინც ქრისტეს უპატიოსნეს ხორცსა და სისხლს უდიდესი ღვთისმოშიშებითა და ხანგრძლივი მომზადებით იღებს. განა შესაძლებელია ხისა და ნაყოფის მეპატრონეს გაუტოლდეს მხოლოდ ნაყოფის მფლობელი? ან უმდიდრესი განძის მფლობელს გაუტოლდეს ამ საგანძურიდან უმცირესის მიმღები"? (Камень веры. М. 1730 г. Ч. 11, гл. 1, стр. 409. По синод. Изд. 1843, стр. 142. ციტ. ვ. ტ. ზელენკოვი. დასახ. ნაშრ. წიგნი I, ნაწილი I, გვ. 44) (აქ სიტყვა მიმართულია იმ მწვალებელთა წინააღმდეგ, ვინც წმიდა მამის სიტყვებიდან გამომდინარე "გწამდეს და ეზიარები", უპატიოსნესი ხორცის და სისხლის მისაღებად საკმარისად მიიჩნევდა მხოლოდ რწმენას - არქიეპ. პ.).

შევხედოთ საკითხს სხვა კუთხითაც. ეკლესიის ისტორიიდან ცნობილია მიცვალებულის ნათლობის ერთი საკმაოდ საინტერესო მაგალითი, რომელიც აღასრულა წმ. მღვდელმოწამე ბასილი ხერსონესელმა (III ს.) (ხს. 7/20 მარტი).

იმ დროს, როდესაც წმ. მღვდელმოწამე ბასილი იმალებოდა პართენონის გამოქვაბულში და ღმერთს წარმართთა მოქცევას, მაცხოვნებელი სიტყვის მიღებასა და ნათლისღებას ევედრებოდა, გარდაიცვალა იმ ქალაქის ერთ- ერთი უპირველესი კაცის შვილი. ყრმა სიზმარში გამოეცხადა თავის მშობლებს და სთხოვა, შეჰვედროდნენ არა წარმართ ღმერთებს, რომლებიც არიან "მუნჯი და უგრძნობელი ქვები", არამედ ერთ, ჭეშმარიტ ღმერთს, რის შემდეგაც ყრმის მშობლებმა მოძებნეს ეპისკოპოსი ბასილი, რომელიც, მათი ცნობით, სწორედ ამ ერთ ჭეშმარიტ და უცნობ ღმერთს ქადაგებდა და შეჰპირდნენ, თუ მოხდებოდა სასწაული, ისინიც გაქრისტიანდებოდნენ. მაშინ წმ. ბასილი ორ მღვდელმსახურთან ერთად გაემართა აკლდამისკენ, სადაც ყრმა იყო  დაკრძალული, გარდაასხა მას წყალი წმიდა სამების სახელით და ყრმა მკვდრეთით აღადგინა. ამ სასწაულის მხილველმა მშობლებმა, რომლებიც ქალაქის არისტოკრატიას ეკუთვნოდნენ, ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი და თვითონაც მოინათლნენ (Священномученик Василий, епископ Херсонеса Таврического. http://www.graal.org.ua/2009-06-04-15-08-45/2012-03-18-09-25-51/108-vsilieos) (URL-ს მიმართვის თარიღი: 24.08.2020).

ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ მიცვალებულის, ანუ სულგაცლილი გვამის ნათლობა დაუშვებელია. გარდა ამისა, აქ იხილვება ზნეობრივი მომენტიც. სამართლიანად ამბობს ერთი მღვდელმსახური, რომ მიცვალებულის ნათლობა - ეს არის ადამიანის სინდისზე, მის ნებაზე ძალდატანება და ამგვარი ადამიანის ნათელღებულად აღიარება, მარტო ამ მომენტიდან გამომდინარეც კი მიუღებელია, რადგან "თუ მას მონათლულად ვაღიარებთ, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ვაღიარებთ ერთგვარ მართლმადიდებლურ მაგიას. ეს ნიშნავს, რომ არ გვესმის, რა არის მართლმადიდებლური საიდუმლო" (Воробьев Владимир, протоиерей. Покаяние, исповедь, духовное руководство // Весна покаяния: Беседы перед исповедью. М., 2006. С. 112–113. Священномученик иларион (троицкий). О свойствах церкви и ее границах. Часть 2. http://www.pravoslavie.ru/33288.html#_ftnref25) (URL-ს მიმართვის თარიღი: 24.08.2020).

ეკლესია სჯულმდებლობითად კრძალავს მიცვალებულთა ნათლობას. კართაგენის კრების 18-ე კანონი განაწესებს: "თუ რომელიმე სასულიერო პირი ხელდასხმულ იქნება, საჭიროა, რომ ემცნოს მას კანონთა დაცვა. გარდაცვლილთა გვამებს არ მიეცემა არც ზიარება და არც ნათლისღება" (დიდი სჯულისკანონი. კართაგენის კრების 18-ე კანონი. საქ. საეკლ. კალენდარი. 1987 წ. გვ. 243).

სჯულის ავტორიტეტული კომენტატორები, ანტიოქიის პატრიარქი ბალსამონი და იოანე ზონარა ამ კანონის განმარტებაში ბრძანებენ: "კანონთა დაცვაში უნდა ვიგულისხმოთ ან სარწმუნოების განსაზღვრება, რომლებიც წმიდა მოციქულებმა და მამებმა დაადგინეს, ან კიდევ კანონები, უმჯობესია ვიგულისხმოთ ერთიც და მეორეც. მკვდართა სხეულებს ევქარისტია არ უნდა მიეცეთ; რადგან ამას აკეთებდნენ, აიკრძალა კიდევაც ტრულის (VI კრების 83-ე კანონით. არ უნდა ინათლებოდნენ მიცვალებულნიც, რამეთუ ამასაც აკეთებდნენ, რადგან ზოგი თვით მიცვალებულს ნათლავდა, ზოგი მიცვალებულთა მაგიერ ინათლებოდა და ამის მოქმედნი მიუთითებდნენ დიდი პავლე მოციქულის ეპისტოლეზე კორინთელთა მიმართ, სადაც ნათქვამია: "რას იზამენ მკვდრებისთვის ნათელღებულნი? თუკი მკვდრები არ აღდგებიან, რატომღა ინათლებიან იმათთვის?" (1 კორინთ. 15:29). მაგრამ ამ ადგილის დამმოწმებელთ და ამის გამო მიცვალებულთა მომნათვლელთ არასწორად ესმოდათ მოციქულთა სიტყვები; რამეთუ მოციქული ლაპარაკობს არა მიცვალებულთა ან მიცვალებულთათვის ნათლობაზე, არამედ, მოსანათლავნი, შეიმეცნებენ რა ძალას ჩვენი ნათლისღებისა, ამასთანავე შეიმეცნებენ მიცვალებულთა აღდგომასაც და იმასაც, რომ ემბაზში შთაფლვა აღნიშნავს სიკვდილს, ხოლო აღმოსვლა (ემბაზისგან - არქიეპ. პ.) მკვდართა აღდგომას, ეუბნება კიდევაც მოციქული აღდგომისადმი დაეჭვებულთ, რომ თუ აღდგომა არ არის, რას გააკეთებენ მოსანათლავნი მიცვალებულთა აღდგომის სასოებით? რატომ ინათლებიან, როგორც მკვდართა გაცოცხლების მოიმედენი? შედეგად, ამაოდ იღვწიან მოსანათლავნი, თუ მათ ეეჭვებათ მიცვალებულთა აღდგომა, რადგან ნათლობით და შთაფლვით ემბაზის წყალში და მისგანვე აღმოსვლით ისინი იუწყებიან სიკვდილსა და აღდგომას, ხოლო სიტყვებით (ანუ აღსარებით, რწმენით - არქიეპ. პ.) ამის საწინააღმდეგოს აჩვენებენ. აი, რა აზრით არის ეს სიტყვები ნათქვამი მოციქულთან, ხოლო ისინი, ვინც ვერ გაიგო მოციქულის ნათქვამი ან მიცვალებულს ნათლავდა ან კიდევ სხვას ნათლავდნენ მიცვალებულის ნაცვლად, რასაც კრძალავს წინამდებარე კანონი" (Правила Поместных соборов с толкованиями. Правила Святаго Поместнаго Соьора Карфагенскаго. Москва. 1880, стр. 435).

იგივეა მოცემული ცნობილ კანონისტ მათე ბლასტარისის "სინტაგმაში": "18-ე (26-ე) კანონი იმავე კრებისა ბრძანებს - მიცვალებულნი უკვე აღარც უნდა მოინათლონ და არც საღმრთო საიდუმლოებათ ეზიარონ. ზოგიერთნი, ვერ ხვდებოდნენ რა მოციქულის ნათქვამს კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში: "უკუეთუ არა, რაY-მე ყონ, რომელნი-იგი ნათელს-იღებენ მკუდართათKს? უკუეთუ ყოვლად მკუდარნი არა აღდგებიან, რაYსაღა ნათელს-იღებენ მკუდართათKს?" (1 კორ. 15:29), - ერთნი საკუთარ მიცვალებულთ ნათლავდნენ, ხოლო სხვები ცოცხლებს ნათლავდნენ მიცვალებულთათვის; მაგრამ კანონმა ეს აკრძალა, რადგან მოციქულს არ უბრძანებია მიცვალებულთა ნათლობა, არც სხვათა მონათვლა მიცვალებულთათვის; არამედ, რადგან მოსანათლავნი, შეიმეცნებენ რა ჩვენი საიდუმლოს ძალას, სხვა ყველაფერთან ერთად, მკვდართა (ანუ სხეულთა) აღდგომის სასოებასაც შეიმეცნებენ და სწავლობენ რწმენას, რომ ემბაზში შთაფლვა და მისგან აღმოსვლა ნიშნავს სიკვდილსა და აღდგომას. სწორედ ამ რწმენისადმი დაეჭვებულთ ეუბნება მოციქული, თუ აღდგომა არ არის, რისი მოქმედება შეუძლიაო მკვდართა აღდგომის სასოებით მონათლულს? თუ მიცვალებულთა აღდგომა ეეჭვებათ, განა ამაო არ იქნება მათი ნათლისღება? რადგან იმით, რასაც აკეთებენ (ანუ შთაიფლვებიან და აღმოვლენ რა ემბაზიდან - არქიეპ. პ.), ისინი გამოხატავენ რწმენას, რომ ელიან აღდგომას, ხოლო რასაც ახლა ამბობენ, იმით უარყოფენ - რადგან ინათლებიან რა მიცვალებულთათვის, სწამთ, რომ ისინიც გარდაიქმნებიან უხრწნელებად, რამეთუ სული თავისი ბუნებით უკვდავია და მარადიული, ხოლო სხეული ხრწნადი და ცვალებადი; ამიტომაც, ვინც რამეს აღიარებს სიტყვით და სწამს მისი, იმას მღვდელი საქმით აჩვენებს, როდესაც წყალში გამოსახავს ჭეშმარიტებას" (ანუ შთაფლავს მოსანათლავს სამგზის - არქიეპ. პ.) (მთელი ეს ტრაქტატი აღებულია წმ. იოანე ოქროპირის 40-ე ჰომილიიდან კორინთელთა მიმართ 1 ეპისტოლეზე) (Алфавитная Синтагма Матфей Властаря. Москва 1996 г., стр. 94).

სხვათა შორის, ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ ძალზე მნიშვნელოვან გარემოებასაც. სჯულის ისეთი ავტორიტეტული კომენტატორები, როგორებიც იყვნენ ზონარა (XII ს.) და ბალსამონი (XII ს.), ასევე, მათე ბლასტარისი (XIV ს.), არაფერს ამბობენ დასხმით-პკურებით "ნათლობაზე" და წმიდა მოციქულ პავლეს ზემოთ დამოწმებული სიტყვების განმარტებისას აღნიშნავენ, რომ ნათლობა აღსრულდება წყალში შთაფლვით და აღმოსვლით, რაც არისო "სიკვდილისა და აღდგომის სახე".

ამ განმარტებას აძლიერებს ის ფაქტიც, რომ ხსენებული სწავლება მათ აღებული აქვთ კორინთელთა მიმართ მოციქულ პავლეს პირველი ეპისტოლეს წმ. იოანე ოქროპირისეული განმარტებიდან. ამდენად, მოცემულ ადგილას ჩვენ გვაქვს არა მარტო სჯულის სამი კომენტატორის, არამედ უდიდესი წმიდა მამის სწავლებაც ნათლისღების საიდუმლოსა და კონკრეტულად ემბაზის წყალში შთაფლვის თაობაზე.

იბადება კითხვა: თუ დასხმა-დაპკურება ისეთივე ცნობილი და კანონიკური ფორმა იყო ეკლესიაში, როგორც შთაფლვა, რატომ სიტყვითაც არ ახსენა არც ერთმა, რომ "ემბაზში შთაფლვა ან დასხმა" ნიშნავს სიკვდილსა და აღდგომას?" ან რატომ არ განმარტეს წმიდა მამებმა, რა და როგორ მიანიშნებს დასხმით ნათლობაში "საფლავითგან აღდგომას"? ხომ აშკარაა, რომ წყალში შთაფლვისა და წყლის სიღრმითგან აღმოსვლის სახე უაშკარესად სწორედ მიცვალებულის დამარხვისა და მისი აღდგომის სახეზე მიანიშნებს, მაგრამ როგორ მიანიშებს ამაზე წყალდასხმა (აქ სიმბოლურად შეიძლება მოვიაზროთ "დამარხვა", მაგრამ "აღდგომა" არანაირად) - და წყალპკურება, რომელიც გარეგნულად საერთოდ არ მიანიშნებს არც დამარხვას და არც აღდგომას.

წყალპკურება მხოლოდ მადლის სხურების სიმბოლო შეიძლება იყოს და არა დამარხვა-აღდგომისა, რასაც უნდა წარმოაჩენდეს ნათლისღების საიდუმლო; ან რატომ არსად არც ერთმა წმიდა მამამ არ გვასწავლა, რომ "შთაფლვა" უნდა გავიგოთ სიმბოლური და არა პირდაპირი მნიშვნელობით? განა აშკარა არ არის, რომ წმ. იოანე ოქროპირიც და სჯულის ხსენებული კომენტატორებიც ნათლისღების საიდუმლოში მხოლოდ სამგზის შთაფლვას გულისხმობენ და არა დასხმა-დაპკურებას. მეტიც, ისინი განგვიმარტავენ, რომ ამას თვით მოციქული პავლე ასწავლიდა, რადგან მათი კონკრეტული სწავლება სწორედ მოციქულის სიტყვების განმარტებას წარმოადგენს.

მაშ, რის საფუძველზე მონათლა წმიდა მამამ მიცვალებული? როგორ გაბედა მან ამგვარი მკრეხელობა და ეკლესიის მიერ უარყოფილი საქმე? განა შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს წმიდა მამა განეკუთვნებოდა იმგვარ უგუნურთა და უსწავლელთა რიცხვს, რომელსაც წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, თუ რატომ არ შეიძლება მოინათლოს სულგაცლილი გვამი? განა შეიძლება ვიფიქროთ, რომ უფალი, რომელიც განაბრძნობდა მოციქულებსა და წმიდა მამებს, მათი განწესებების საწინააღმდეგოდ, კონკრეტული წმინდანის მაგალითზე აჩვენებდა, რომ შეიწყნარებს მიცვალებულის ნათლობას? არადა, განა თვით უფალი არ მოქმედებს საიდუმლოში მღვდელმსახურთა და მით უმეტეს, წმინდანთა ხელით? ამას არ გვიჩიჩინებს ე. ჭელიძეც, თვით უფლის მიერ მოქმედებული საიდუმლო უფლის მიერ ნაკურთხიაო? და განა სხვა ვინმე მოქმედებს, როცა მღვდელი აღასრულებს საიდუმლოს? განა მღვდელი ოდენ გარეგნული ფორმის აღმასრულებელი არ არის, ხოლო ღმერთი, ამ საიდუმლოს სწორად აღსრულების შემთხვევაში, მადლის მომნიჭებელი? მაშ, რატომ ან როგორ ინათლება მიცვალებული და შეიძლება თუ არა მიცვალებულის ნათლობაც ისეთივე კურთხეული საქმე იყოს, როგორც პკურებითი ნათლობა? რა თქმა უნდა, არა!

ე. ჭელიძეს ყოველთვის მთელი აქცენტი გადააქვს დასხმაზე, იმას კი უგულებელყოფს, რომ ეს დასხმა (ნათლობაც რომ იყოს) განხორციელდა უსულო გვამზე. რომელია აქ უმეტესი გამონაკლისი? დასხმა თუ მიცვალებულის ნათლობა?

ამ მაგალითის მიხედვით ვინმე (მათ შორის ე. ჭელიძეც) დასხმის სჯულიერებას თუ გვიმტკიცებს, მაშინ ის მიცვალებულის ნათლობის სჯულიერებაშიც უნდა გვარწმუნებდეს, რაც ღმრთის მიერ ბოძებული სჯულისა და წმიდა წერილის საწინააღმდეგოა. ღმერთი კი თავის თავს არ ეწინააღმდეგება! ამიტომაც, დაუშვებელია ასეთი შემთხვევების პირდაპირი მნიშვნელობით გაგება და ყველაფერში ღმრთის კურთხევის დანახვა იმ გაგებით, თითქოსდა ამიერიდან ეს ფორმა (რაკიღა ის ღმერთმა აკურთხა ან უშუალოდ თვით ღმერთმა მოიმოქმედა) უკვე საეკლესიო საიდუმლოს წარმოადგენს. ამგვარი მტკიცება მწვალებლობის ტოლფასია და ანათემას იმსახურებს.

ან ვიკითხოთ, როგორ და რის საფუძველზე გაბედა ეპისკოპოსმა ფედიმმა ხელდასასხმელი კანდიდატის ფიზიკურად არყოფნის ვითარებაში ოდენ სიტყვით "დაესხა ხელი" მისთვის? რა სახის გამოცდილებას ეფუძნებოდნენ ან წმ. ბასილი ხერსონესელი ან ეპისკოპოსი ფედიმი (და კიდევ სხვა წმინდანები), როდესაც ასეთ ქმედებებს ჩადიოდნენ? ჰქონდა თუ არა ეკლესიას ამგვარი ნათლობებისა თუ ხელდასხმების კანონიკური საფუძველი? - ცხადია, არა! ეკლესიას მსგავსი არაფერი უსწავლებია თავისი შვილებისთვის, პირიქით, როგორც ზემოთ ვნახეთ, ეკლესია კანონმდებლობითაც კი კრძალავს მიცვალებულის ნათლობას და არც ვითარებით გამოწვეულ რაიმე განსხვავებულ ფორმას აკურთხებს. ეპისკოპოს ფედიმის ან წმ. ბასილის მაგალითზე, არცერთი ჭკუათმყოფელი არც მიცვალებულს მონათლავს და არც სიტყვით არ დაიწყებს ხელდასხმას და ადამიანის ფიზიკურად ადგილზე არყოფნას, მასზე ისეთ საეკლესიო საიდუმლოს არ აღასრულებს, რომელზეც პირის ფიზიკური დასწრება სავალდებულოა (იმედია, არავინ შეგვედავება იმაში, რომ, როდესაც ლაპარაკია შვიდ საეკლესიო საიდუმლოზე, იმ პირთა დასწრების გარეშე, ვისზეც უნდა აღესრულოს საიდუმლო, მღვდელმოქმედება ვერ შესრულდება).

მაშ, რის საფუძველზე იქმოდნენ წმიდა მამები ამგვარ მღვდელმოქმედებას? რის საფუძველზე ბედავდნენ ამგვარ გადახრებს? და რაც მთავარია, რა ამოქმედებდა ასეთ შემთხვევაში საეკლესი საიდუმლოს? -  შესრულების ფორმა, საიდუმლოს შემსრულებლის ან მიმღების სიწმიდე, ღმრთის განგებულება, ადამიანის რწმენა თუ სხვა რამ?

ზემოთ უკვე განვმარტეთ, თუ რა არის საიდუმლო; რომ მასში გამოიყოფა სამი უმნიშვნელოვანესი მომენტი: 1) საღმრთო დაწესება; 2) ხილული მოქმედება; და 3) უხილავი მოქმედება ღვთის მადლისა. იმისათვის, რათა შესრულდეს მესამე, უმთავრესი პირობა, საჭიროა საიდუმლო შესრულდეს სწორად. როგორ დავრწმუნდეთ იმაში, რომ საიდუმლო სწორად არის შესრულებული, რომ ღმრთის მადლის გარდამოსვლაში არ დავეჭვდეთ? - ამისთვის საიდუმლოს გარეგნული ფორმა უნდა იქნეს აღსრულდეს ისე, როგორც ის დააწესა ქრისტემ და დაამკვიდრეს მოციქულებმა. ეს არის ნებისმიერი საიდუმლოს კანონიკური სახე. ხოლო მისგან განსხვავებით აღსრულებული შემთხვევები (რაოდენობისდა მიუხედავად) მიიჩნევა განსაკუთრებული მიზეზების გამო დაშვებულ გადახრად, რაც საპატიოა და ღმერთი ასეთ შემთხვევებში მორწმუნეს მადლს მისი რწმენისდა შესაბამისად ან წარმართთა მოსაქცევად მიანიჭებს. ამიტომაც უძღოდა წინ ან თან ახლდა ამგვარ საიდუმლოებებს უამრავი სასწაულებრივი მოვლენა.

ე. ჭელიძის მიერ დამოძღვრილი ჩვენი ოპონენტები ფორმისადმი ფანატიკურ ერთგულებას გვწამებენ და "წესთმორწმუნეებად" (ე. წ. "ობრიადოვერებად") ჩვენს წარმოჩენას ცდილობენ. მაგრამ გვინდა ვკითხოთ ყველა ამგვარ "ფილოსოფოსს", თუ ფორმით არა, მაშ, როგორ ცნობენ ოფიციალური "მართლმადიდებელი" ეკლესიის ეპისკოპოსები, მღვდლები, დიაკვნები და ერისკაცნი საიდუმლოში მადლის გარდამოსვლას? თავიანთი ხორციელი თვალებით ღმრთის უხილავ ენერგიას ხედავენ თუ წუთისოფლის საზრუნავებით დატვირთული უმწიფარი გონებით ჭვრეტენ? იქნებ, ყველა მათგანი სასწაულთ მოქმედია და ჩვენ არ ვიცით?

მაგრამ კარგად ვუწყით წუთისოფლის სიამეებითა და ინტერესებით გატაცებულთა უბადრუკობაც და ისიც, რომ არ ძალგვიძს საღმრთო საიდუმლოთა სულიერი ჭვრეტა, ვართ ხორციელნი, ხრწნადნი და მოვკდავნი, რის გამოც ვსაჭიროებთ სწორედ სულიერ საიდუმლოთა ფორმობრივ გამოხატულებებს, რათა დარწმუნებულნი ვიყოთ, გარდამოვიწვევთ სულიერ მადლს თუ არა; ვეღირსებით ღმრთის კურთხევას თუ არა. წმ. იოანე დამასკელი ბრძანებს: "რადგან ორმაგია ადამიანი, - სულისგან და სხეულისგან, - განწმენდაც ორმაგი მოგვცა მან ჩვენ, - წყლისა და სულის მიერ, რომ სულს "ხატისებრობა და მსგავსებისებრობა" განეახლებინა ჩვენში, წყალს კი სულის მადლის მიერ ცოდვისგან განეწმინდა და ხრწნილებისგან გაეთავისუფლებინა სხეული, და რომ სიკვდილის ხატი (ანუ შთაფლვა - არქიეპ. პ.) სრულექმნა წყალს, ხოლო წინდი სიცოცხლისა მოენიჭებინა სულს" (წმ. იოანე დამასკელი. მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. თბ. სასულიერო აკადემიის გამოცემა. თბ. 2000. ძვ. ბერძნულიდან თარგმნა ე. ჭელიძემ. გვ. 167).

ჯერაც ხრწნად და ვნებებით აღსავსე ხორცში მყოფთ, თუ მისი ზეგავლენისგან არ გავთავისუფლდებით და სულიერ ხედვას არ შევიძენთ, ვნებები არ მოგცემს შესაძლებლობას, ვიხილოთ, გადმოდის თუ არა მადლი ჩვენ მიერ აღსრულებულ საიდუმლოებებზე. მაგრამ, სწორედ ამიტომაც, რაკიღა უწყოდა ღმერთმა ჩვენი უძლურება, მოგვცა ხილული ნიშანი მისი მადლის უხილავი მოქმედებისა -  საიდუმლოს აღსრულების სწორი და ზუსტი ფორმა, რომლის დაცვის შემთხვევაში, თუნდ ვერ ვხედავდეთ ვერც სულიერი და ვერც ხორციელი ჭვრეტით, მაინც დარწმუნებულნი ვართ - საიდუმლო ნამდვილად აღსრულებულია და ღმრთის მადლი ქრისტეანზე გარდამოსულია.

ამისი გარანტიაა სწორედ გარეგნული ფორმა; ამიტომ იცავენ მას ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები ასე გულმოდგინედ და არა იმიტომ, რომ "წესთმორწმუნეები" არიან, როგორ დაცინვით გვიწოდებენ ამ სახელს "არაწესთმორწმუნე" და "მართლმადიდებელი" ოპონენტები. მეტიც, ისინი იმდენად დარწმუნებულნი არიან მათ მიერ აღსრულებული ნებისმიერი უსახურების მადლმოსილებაში, რომ შეუძლიათ წარმოუდგენელი სიახლეების დამკვიდრებაც კი, რისი ნათელი გამოხატულებაა აერობაპტიზმა (ჰაერში ნათლობა) და კიდევ სხვა, რომელთაც თავიანთ ეკლესიაში ამკვიდრებენ. მაგრამ, მოდი, კვლავ გამონაკლის შემთხვევებს დავუბრუნდეთ.

გამონაკლის შემთხვევაში, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმ დროს, როდესაც ღმერთი თავისი მიუწვდომელი განგებულებით დაუშვებს  ამა თუ იმ საიდუმლოს აღსრულებას, რომელიც განსაკუთრებულ ვითარებაში ამა თუ იმ პირის ან წმინდანის მიერ განხორციელდება, ყოველთვის გულისხმობს, რომ ამგვარი გადახრა მადლმოსილი ხდება ან აღმასრულებლის რწმენისა და სიწმიდის, ან საიდუმლოს მიმღების რწმენისა და სიწმიდის გამო; გარდა ამისა, ეს ყოველივე თვითმხილველთა სარწმუნოებისკენ მოსაქცევადაც დაიშვება და არა იმიტომ, რომ ეს უბრალოდ კანონიკური ფორმაა საეკლესიო საიდუმლოსი (როგორც მიცვალებულის ნათლობა არ არის კანონიკური, და არც დაუსწრებლად ხელდასხმის მიცემა, ასევე დასხმა- დაპკურება ეკლესიის მიერ დაკანონებული საიდუმლო ქმედება არ გახლავთ).

ამგვარი მოქმედების ნიმუშად შეგვიძლია წარმოვადგინოთ შემთხვევა წმ. დიდმოწამე პანტელეიმონის († 305) ცხოვრებიდან. ერთხელ მას უცნობებმა ბრმა მიუყვანეს, რომელსაც სხვა ექიმებმა ვერაფერი უშველეს. პანტელეიმონმა ბრმას ჰკითხა: "რას მომცემ, თუკი გიმკურნალებ და მხედველობას დაგიბრუნებ?" ბრმამ მიუგო: "ყველაფერს, რაც კი დამრჩა, შენს ფერხთით დავდებ", რაზეც პანტელეიმონმა უპასუხა: "მხედველობის ნიჭს, ჩემი უღირსობის მიერ ნათელთა მამა დაგიბრუნებს; ხოლო, რასაც შემპირდი, აქედან რომ ჯანმრთელი წახვალ, ღარიბებს დაურიგე".

მამა შეეცადა, გადაეფიქრებინა პანტელეიმონისთვის ამგვარი განზრახვა და უთხრა: "შვილო, საყვარელო! ნუ აიღებ ისეთ საქმეს, რომლის შესრულება არ ძალგიძს, რათა, წარუმატებლობის შემთხვევაში, შერცხვენილ არ იქნე. რადგან სხვა ექიმებზე უმეტესი რა შეგიძლია გააკეთო, რომლებიც ამ უბედურს მკურნალობდნენ და მისი განკურნება კი ვერ შეძლეს?" მაშინ პანტელეიმონმა მიუგო "ის, რაც ამ ადამიანისთვის მინდა გამოვიყენო, არც ერთმა მკურნალმა არ უწყის; მათსა და იმას შორის, ვინც ეს მასწავლა - უდიდესი უფსკრული ძევს".

პანტელეიმონის მამას ეგონა, რომ მისი შვილი ლაპარაკობდა თავის მოძღვარზე და უთხრა: "მსმენია, რომ შენი მოძღვარიც მკურნალობდა ამ კაცს, მაგრამ ვერაფრით უშველა". რაზეც პანტელეიმონმა მიუგო: "ცოტაც მოიცადე, მამავ ჩემო, და თვით საქმე აჩვენებს, რამდენად სარწმუნოა ჩემი თავდაჯერებულობა წარმატებაში". და როგორც კი ეს თქვა, შეეხო იგი ბრმის თვალებს, მოუწოდა ქრისტეს სახელს, ილოცა სნეული ადამიანის განკურნებაზე და თქვა: "სახელითა უფლისათა იესუ ქრისტესითა, რომელიც ბნელში მყოფთ განანათლებს, აიხილე და ხედვიდე" და იმწამსვე აეხილა ბრმას მხედველობა; იქვე ირწმუნა პანტელეიმონის მამამ ევსტორგიმაც ღმერთი; მორწმუნე გახდა განკურნებული ბრმაც, რომელსაც არა მარტო ხორციელი თვალები აეხილა, არამედ სულიერიც" (იხ. Житие, страдания и чудеса св. великомученика и целителя Пантелеймона. Москва. 1903 г., стр. 16 – 17).

აშკარაა, რა საფუძველი აქვს პანტელეიმონის თავდაჯერებულობას, რომ მის მიერ მითითებულ მომენტში ის ბრმას განკურნავს - ეს საფუძველი ის არის, რომ ის განსწავლულია თვით უფლის მიერ, ("ვინც ეს მასწავლა..."), რომ "თვით საქმე აჩვენებს" წმ. პანტელეიმონის თავდაჯერებულობას თავის განზრახვაში. კერძოდ, წმ. პანტელეიმონმა წინასწარ უწყის, რომ ის დანიშნულ ჟამს, უფლისგან განსწავლული, სასწაულს აღასრულებს. სწორედ ასე უნდა მივუდგეთ ზემოთ ჩამოთვლილ და ასევე ეკლესიის ისტორიაში არსებულ სხვა სასწაულებრივ შემთხვევებსაც. უნდა ვივარაუდოთ, რომ იცოდა წმიდა ბასილი ხერსონესელმა, როდესაც წყალს გადაასხამდა მიცვალებულს, ისიც წამოდგებოდა (წყლის დასხმა, როგორც უკვე ვაჩვენეთ, მადლის სიმბოლოა); რომ საღმრთო მადლის მინიჭება ამ ადამიანს ფეხზე წამოაყენებდა...

ქრისტეანთა დევნულების პირველ საუკუნეებში წარმართთა დილეგებსა და საპატიმროებში უამრავი საეკლესიო საიდუმლო აღსრულდებოდა, განსაკუთრებით ნათლობა და ზიარება (მირონცხებას, ალბათ, ვერც კი ასრულებდნენ). აი, საპყრობილეში ზიარების საინტერესო შემთხვევა, როდესაც წმიდა მღვდელმოწამე ლუკიანემ (IV ს.) საკურთხევლად საკუთარი სხეული გამოიყენა და მასზე აღასრულებინა წმიდა ჟამისწირვა. "როცა დიოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, ღირსი მამა შეიპყრეს და ნიკომიდიის საპყრობილეში გაგზავნეს, სადაც ცხრა წლის მანძილზე იყო გამომწყვდეული. მრავალგვარი წამებითა და შიმშილით გატანჯული მამა იქვე გარდაიცვალა. სიკვდილის წინ, ღვთის განცხადების დღესასწაულზე, ჯაჭვებით სარეცელზე დაკრულმა მღვდელმოწამემ საკუთარ მკერდზე აღასრულა საღვთო ლიტურგია, ეზიარა და იქ მყოფი მართლმორწმუნეებიც აზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს" ("წმიდანთა ცხოვრება", ტომი IV, თბილისი, 2003 წ.).

მირონცხება, ალბათ, საერთოდ უნდა გამოვტოვოთ, რადგან, სრულიად გასაგები მიზეზების გამო, ამ საიდუმლოს საპატიმროში მყოფნი ერისკაცნი ვერ აღასრულებდნენ (თუ ღმრთის დაშვებით კვლავ რაიმე სასწაული არ მოხდებოდა), არადა, ვიცით, რომ მირონცხების გარეშე ქრისტეანი ქრისტეანად ვერ იწოდება და მაშინაც კი, როდესაც წმინდანებს მადლი ნათლისღებამდეც ან მირონცხებამდეც მიუღიათ, შემდეგში ნათლობას და მირონცხებას აუცილებლად იღებდნენ, ანუ ამდაგვარნიც ინათლებოდნენ და მირონიცხებოდნენ (ან, როგორც ეს მოციქულთა პერიოდში იყო, მოციქულთაგან ხელი დაედებოდათ).

ამრიგად, საღმრთო განგებულებით დაშვებულ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ესა თუ ის საეკლესიო საიდუმლო (იქნება ეს ნათლობა, ზიარება, სინანული, ხელდასხმა თუ სხვა) ამ საიდუმლოსთვის დადგენილი წესისგან განსხვავებით აღსრულებულა, უფლის მიერ შეწყნარებული ყოფილა საიდუმლოს მიღების მოწადინის რწმენისა და მდგომარეობის შესაბამისად და არა იმიტომ, რომ მოცემული წესი საეკლესიო კანონად იყო მიჩნეული.

გამონაკლისის არსი სწორედ ის არის, რომ ღმერთი საიდუმლოსთან ზიარების მოწადინეს უვსებს იმ დანაკლისს, რაც ამ საიდუმლოს აღსრულებისთვის არის აუცილებელი და რასაც გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნისას განიცდის ადამიანი. სწორედ ასეთ შემთხვევაში ანიჭებს მას უფალი ნუგეშს და, როგორც ღირსეულს, რწმენის ნაყოფთა სისავსეს აზიარებს. ხოლო ზოგჯერ უამრავი ადამიანის მოსაქცევად და საიდუმლოს ჭეშმარიტების წარმოსაჩენად უფალი თავის საიდუმლოებებს სასწაულებრივად აღასრულებს.

ეს ჭეშმარიტება დასტურდება წმ. მამებთან. მაგალითად, ღირ. იოსებ ვოლოკოლამელი წიგნში "განმანათლებელი" (Просветитель) გადმოგვცემს ასეთ შემთხვევას: ერთ ღრმადმორწმუნე, ღვთისმოსავ და მართალ ერისკაცს სურდა ბერად აღკვეცილიყო, მაგრამ ისე გარდაიცვალა, უკიდურესი სიდუხჭირის გამო ოცნება ვერ აისრულა. და აი, რაღაც შემთხვევის გამო საჭირო გახდა იმ საფლავის გახსნა, სადაც ის ესვენა და, ჰოი, საოცრებავ! წმიდა სამონაზვნო სამოსელით შემოსილი იხილეს იგი. სიკვდილის შემდეგ მიუღია ის, რასაც ამქვეყნად ასე შეჰნატროდა" (Преп. Иосиф Волоцкий. Прпосетитель. Москва. 1993 г., сл. 11, гл. 1, стр. 285-286).

და ეს სრულიად ბუნებრივია, რამეთუ იმავე წმიდა მამის მოწმობით, ასე ბრძანებს წმ. მაკარი დიდი: "ვინც ეძებს და აკაკუნებს, უფლის სიტყვისამებრ, და მთელის მონდომებით, სულით და გულით, ვნებათაგან და ამაოებათაგან განშორებული, სიკვდილამდე დაუღალავად ითხოვს ღვთის წყალობას, ამდაგვარი მიიღებს სათხოვარს. და თუ ყოველივე ნაბრძანებს დაიცავს, მაგრამ, დიდი მონდომებისდა მიუხედავად, ღვთის მიუწვდომელი განგებულებით ვერ ეღირსება მადლს ამქვეყნად - ასე გეტყვი და გჯეროდეს, იმას, რაც აქ არ გქონია, უეჭველად იქ მიიღებ!" (იქვე. გვ. 286).

ასე რომ, თუ ღმერთი ხედავს ადამიანის რწმენას და გულმხურვალე მისწაფებას სულის განწმენდისა და ცხოვნებისკენ, უხვად მოუვლენს თავის მოწყალებას და გამოუთქმელ სიკეთეებს აზიარებს, ხოლო, თუ ვინმე რწმენის გარეშე მიეახლება საიდუმლოს, ყველაფერი ზედმიწევნითი სიზუსტითაც რომ აღუსრულონ, ვერავითარ სიკეთეს ვერ ეღირსება, პირიქით, დაისჯება კიდეც. რამეთუ: "ითხოვდინ სარწმუნოებით და ნუ ორგულებით", - ბრძანებს უფალი, - რამეთუ რომელი ორგულებდეს, მსგავს არს იგი ღელვასა ზღKსასა, ქარითა აღძრულსა და მიმოტაცებულსა. ნუ ჰგონებნ კაცი იგი, ვითარმედ მო-რაYმე-იღოს ღმრთისაგან" (იაკობი 1:6, 7).

საეკლესიო საიდუმლო მაგიური ქმედება არ არის; არავის მიენიჭება საღმრთო მადლი რწმენის გარეშე, ხოლო საღმრთო განგებულებით დაშვებულ გამონაკლის და განსაკუთრებულ შემთხვევებში, სადაც არის ღრმა რწმენა, მაგრამ შექმნილია ნაკლულევანება (მაგ. არ არის წყალი ნათლობისთვის, არ არის მღვდელი აღსარების მისაღებად, არ არის წმ. ძღვენი საზიარებლად და ა. შ.) საღმრთო შთაგონებითა და მადლით აღესრულება ყოველივე. თუმცა ამგვარი გამოუვალი მდგომარეობიდან თავდაღწევის შემდეგ პირველივე ხელსაყრელ შემთხვევაში უნდა სრულყოს მორწმუნემ ეს ნაკლულევანება, რადგან ცოცხლად დარჩენილს არ მიეტევება საიდუმლოს სრულყოფილი სახის უგულებელყოფა.

განსაკუთრებულ შემთხვევაში დაშვებული გამონაკლისებით ნუ შევეცდებით უსჯულოების გამართლებას და გახსოვდეთ, რომ გამონაკლისის აყვანა კანონის რანგში და მისი საყოველთაო წესად დამკვიდრება თვით ბადებს უსჯულოებას.

მტკიცედ გახსოვდეთ ნაბრძანები: "იშვიათად მომხდარი ამბავი არასოდეს არ უნდა ჩავთვალოთ საეკლესიო კანონად" (კონსტანტინოპოლის წმ. ორგზისი კრების მე-17 კანონიდან).




3. ერისკაცის მიერ აღსრულებული ნათლობის შესახებ

შეიძლება გვითხრან, მართალია, ნათლობა უნდა შესრულდეს შთაფლვით, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ პირველ საუკუნეებში, განსაკუთრებით დევნულების პერიოდში, მრავალი ნათლობა აღსრულებულა დასხმით. თუ დასხმა საიდუმლო არ არის, მაშ, რას გადმოჰყავს ღმრთის მადლი ასეთ შემთხვევებში? სხვაგვარად რომ ვთქვათ, რა ამოქმედებს მადლს, როდესაც საიდუმლო სრულდება ღმრთის მიერ დადგენილი წესისგან გადახრით, ანუ გამონაკლისი სახით?

იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ღმრთის მადლი ვითარებით შეზღუდულ პირობებში, როდესაც ირღვევა ნათლისღების საიდუმლოსთან დაკავშირებული დეტალები, კარგად არის აღწერილი წმ. პატრიარქ ფოტის პასუხში კალაბრიელ ეპისკოპოს ლეონისადმი, რომელიც ეხება ერისკაცის მიერ შესრულებული ნათლობის ჭეშმარიტებას.

ჯერ ვნახოთ, მიიღება თუ არა ერისკაცის ნათლობა და რა წინააღმდეგობები არსებობდა ან არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით.

"ერისკაცთა ნათლობის საკითხი, - წერს პროფ. ნ. აფანასიევი (1893-1966), - შეიცავს რთულ დოგმატურ კითხვას: როგორ შეიძლება საიდუმლოთა, თუნდაც მარტო ნათლისღების შესრულება მიენდოს ერისკაცთ, რომლებიც, დოგმატური ღვთისმეტყველების მიხედვით, აბსოლუტურად განყენებულნი არიან მღვდელმოქმედებათგან? თანამედროვე დოგმატური სისტემები არ გვაძლევს ნათელ პასუხს ამ კითხვაზე" (Протопр. Н. Афанасьев. Вступление в Церковь. 4. Мирянское крещение. http://www.golubinski.ru/afanasiev/vstuplenie4.htm) (URL-ს მიმართვის თარიღი: 24.08.2020).

"უდავოა, რომ ნათლობის გარეშე ცხოვნება არ არსებობს, მაგრამ დასკვნა, რომ ერისკაცს შეუძლია ნათლობის აღსრულება მხოლოდ იმ შემთხვევაშია სწორი, თუ ვაღიარებთ მის უნარს, აღასრულოს ღმრთისმსახურებანი. ამ მეორე წანამძღვრის გარეშე ერისკაცის მიერ აღსრულებული ნათლობა ვერანაირად შეეწევა ადამიანს სულის ცხოვნების საქმეში, რადგან მის მიერ აღსრულებულ საიდუმლოს არ ძალუძს მოგვანიჭოს ის, რასაც გვაძლევს საღმრთო საიდუმლო. თანამედროვე დოგმატური ღვთისმეტყევლება ამ მეორე წანამძღვარს არ აღიარებს, ანუ ერისკაცთ არ ბოძებიათ უნარი, აღასრულონ ღმრთისმსახურებანი. საიდუმლოთა სინამდვილე გამომდინარეობს თვით კანონიერად ხელდასხმული მღვდლის მიერ აღსრულებული საიდუმლოს ფაქტიდან... მაგრამ საიდუმლოთა არსის გაგების ასეთ შემთხვევაში, ადამიანის ცხოვნებისთვის, როგორ არის შესაძლებელი, ერისკაცს მიენიჭოს ნათლობის აღსრულების უნარი? თუ ერისკაცთ შეუძლიათ (ანუ აქვთ ამისი საღმრთო მადლი - არქიეპ. პ.) აღასრულონ ნათლისღების საიდუმლო, მაშინ არასწორია სკოლარული ღვთისმეტყველების ძირითადი შეხედულება ერისკაცთა მიერ საიდუმლოთა აღსრულების სრული უუნარობის შესახებ. ამ მდგომარეობას ნათელს ვერ ჰფენს თანამედროვე ღვთისმეტყველების მოთხოვნა, ერისკაცის მიერ აღსრულებული ნათლობა დაასრულოს მღვდელმსახურმა, რადგან აქ გაუგებარია, რისკენ უნდა იყოს მიმართული დამატებითი აქტები: პირობითად თუ ნამდვილად აღსრულებული ნათლობის საიდუმლოსადმი. თუ საიდუმლო ნამდვილია, მაშინ როგორ არის ის უმოქმედო? ხოლო, თუ პირობითია, მაშინ - შეიძლება თუ არა საიდუმლო იყოს პირობითი?" (იქვე).

რადგან ჩვენი ძიების მიზანი არ გახლავთ მოცემული საღვთისმეტყველო პრობლემის გადაჭრა, ამ საკითხს ღიად დავტოვებთ, მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ პროფ. ნ. აფანასიევი ამ პრობლემის გადაჭრის გზებს ეძებს ერისკაცთა სამღვდლო ღირსების შესახებ სწავლებაში, რომელიც დოგმატურმა ღვთისმეტყველებამ დაკარგა, მაგრამ შენარჩუნდა საეკლესიო ცხოვრებაში.  პროფ. ნ. აფანასიევის აზრით, ერისკაცებს უნარი აქვთ აღასრულონ ღმრთისმსახურებანი, ამიტომაც, გარკვეული პირობებში, მათ მიერ აღსრულებული ნათლობა მადლმოსილ-ქმედითია. თუმცა ეს პასუხიც, რომელიც ნ. აფანასიევს უფრო ბუნებრივად მიაჩნია, სრულიად როდი შეესაბამება აღმოსავლეთის ეკლესიის საიდუმლოთა ძველ გაგებას.

ახლა გადავხედოთ, რას ბრძანებენ ძველი ეკლესიის აპოლოგეტები და წმიდა მამები ერისკაცთა მიერ აღსრულებული საიდუმლოებების შესახებ. აი, რას ამბობს ამის შესახებ ტერტულიანე: "მისი (ანუ ნათლისღების) აღსრულების უფლება უპირველეს ყოვლისა მღვდელმთავრის, ანუ ეპისკოპოსის უფლებაა. მისი შესრულება შეუძლიათ ასევე მღვდლებსა და დიაკვნებს, მაგრამ არა ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე, რათა დაცულ იქნას მწყემსმთავრისადმი პატივისცემა და მისდამი მორჩილება, რათა მშვიდობა შენარჩუნდეს ეკლესიაში. თუმცა, უკიდურეს შემთხვევაში ნათლისღების უფლება ერისკაცებსაც ეძლევათ. ამგვარად, როდესაც არ არის არც ეპისკოპოსი, არც მღვდელი და არც დიაკვანი, არავინ უნდა თქვას უარი ღვთის ნიჭთან ზიარებაზე" (Тертуллиан. О крещении, XVII. (Русск. пер.: СПб, 1857, с. 23-24).

ამრიგად, ტერტულიანის თქმით ერისკაცს შეეძლო აღესრულებინა ნათლობა ეპისკოპოსის, მღვდლის და დიაკვნის არყოფნის შემთხვევაში, თანაც მაშინ, როდესაც ამისი გაკეთება აუცილებელი და გადაუდებელია. მაგრამ, როგორც პროფ. ნ. აფანასიევი ამბობს "ტერტულიანის სიტყვები უფრო თეორიული მსჯელობის შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე საეკლესიო ცხოვრებიდან გამომდინარე ფაქტისას". როგორც ჩანს, ამგვარი ნათლობის სინამდვილე ეჭვქვეშ არ დგებოდა, თუმცა ის მაინც მიიჩნეოდა ნაკლულად, რადგან არ იყო აღსრულებული საეკლესიო კრებულის წინაშე. ერისკაცის მიერ მონათლული თუ ცოცხალი დარჩებოდა, მას ეპისკოპოსი "აღბეჭდავდა" საეკლესიო შეკრებაზე (ნ. აფანასიევი. იქვე).

სხვათა შორის, პირველი კანონიკური განწესება, რომელიც ერისკაცს უფლებას აძლევს, აღასრულოს ნათლობის საიდუმლო, გვხვდება ელვირის კრების (305) დადგენილებებში, რომლის 38-ე კანონი პირდაპირ მიუთითებს, რომ კათაკმეველი, თუ მოგზაურობისას ცუდად გახდება და ახლო-მახლო ეკლესია არსად არის, ის შეიძლება მონათლოს ერისკაცმა, რომელსაც lavacrum suum integrum habet nec sit bigamus (მიღებული აქვს სწორი ნათლობა და არ არის მეორედქორწინებული) (იქვე).

ამ პერიოდში ერისკაცის მიერ ნათლობის აღსრულების საკითხს აღმოსავლეთის ეკლესია დიდი ეჭვის თვალით უყურებს. აღმოსავლეთის კრებები არსად განიხილავენ და არც ახსენებენ სადმე, რომ ერისკაცს ვინმეს ნათლობის უფლება ეძლეოდეს.

ყველაზე ცნობილ და დიდ საეკლესიო მოღვაწეთაგან, წმ. ბასილი დიდი უარყოფდა ერისკაცთა მიერ ნათლისღების აღსრულების შესაძლებლობას. ეს ჩანს იქიდან, რომ წმ. ბასილი დიდი მწვალებელთა მიერ აღსრულებულ ნათლობას ადარებდა ერისკაცთა ნათლობას, რომელიც უნდა დაექვემდებაროს საეკლესიო განწმენდას (Epist.188, can.I. PG 32, 688).

წმ. გრიგოლ ნაზიანზელი, როცა ნათლისღების უფლების მქონე პირებს ჩამოთვლის, არაფერს ამბობს ერისკაცებზე (Orat.XL, 26. PG 36, 396. ср. Carmen I.II. PG 35, 102).

მოციქულთა დადგენილებების შემდგენელი უფლებას არ აძლევს ერისკაცთ, აღასრულონ ნათლობა: "უფლებას არ ვაძლევთ ერისკაცთ, აღასრულონ რაიმე სამღვდლო საქმე, როგორიცაა: მსხვერპლშეწირვა ან ნათლობა, ან ხელდასხმა, ან კურთხევა დიდი თუ მცირე. რამეთუ ვერავის ძალუძს, თავისთავად მიიღოს ეს პატივი, თუ ღმრთის მიერ არ იქნა მოწოდებულ, რამეთუ პატივი იგი მოიცემა ეპისკოპოსის ხელდასხმით, და ვისაც ის არ მიუღია და თვითნებურად მიუტაცნია ამისი უფლება, ოზიას სასჯელს დაიმსახურებს" (III, 10. Русск. пер., с.112).

დასავლელ მამათაგან ნეტ. იერონიმე არ ეჭვობდა ერისკაცთა მიერ აღსრულებულ ნათლობას, ოღონდ საჭიროების შემთხვევაში (Adversus Luciferianos. IX. PL 23, 165).

XII საუკუნის ბიზანტიაში ეს საკითხი ჯერაც ეჭვქვეშ იყო. სარდიკიის კრების (344 წ.) 18-ე კანონის განმარტებაში ბალსამონი (XII ს.) წერს: "ამრიგად, კართაგენის კრების 83-ე (72) კანონით განგვესაზღვრა, დაუბრკოლებლად მოვნათლოთ ისინი, ვის ნათლობაზეც არსებობს ეჭვი, თუნდაც ჭეშმარიტად მიეღოთ მათ ნათლობა, რადგან ასე უფრო უსაფრთხოა; ასევე ყოველგვარ ეჭვგარეშე  უნდა მოვნათლოთ ისიც, ვინც ერისკაცის მიერ იყო მონათლული, რადგან მას (ერისკაცს - არქიეპ. პ.) არ მიუღია ნათლისღებისა და ცოდვათა მიტევების უფლება (რამეთუ ნათლობა, როგორც ნათქვამია, განწმენდს ცოდვათაგან). ამგვარმა ეჭვმა არ მოაკლოს ის განწმენდას, რომელსაც იღებს ნათლისღების მიერ. ხოლო თუ ვინმე ამბობს, რომ ამგვარი ნათლობა ჭეშმარიტად  უნდა ჩაითვალოს, რადგან ერისკაცს წაუკითხავს წმიდა ლოცვები და უცხია მირონიც, ასეთი, რა თქმა უნდა, იმასაც იტყვის, ეპისკოპოსების მიერ კლერისკოსთა დასში ხელდასხმა ცრუა და ისინი არ არიანო ჭეშმარიტად ხელდასხმულნი... ეს კი წმიდა მეორე კრების 4-ე კანონის საწინააღმდეგოა... და ასევე სარდიკიის კრების 18-ე კანონის, რომელიც განსაზღვრავს, რომ კლერიკოსთა დასში მუსასა და ევტიქიანეს მიერ მიღებულნი შეიძლება შეწყნარებულ იქნან როგორც მხოლოდ ერისკაცნი და მათთან, როგორც კლერიკოსებთან, არ უნდა გვქონდეს ერთობა, რამეთუ მუსა და ევტიქიანე თვითონაც არ ყოფილან ხელდასხმულნი.

ამრიგად, როგორც არ არიან კლერიკოსნი მაქსიმეს, ევტიქიანეს და მუსას მიერ ხელდასხმულნი, ასევე მოუნათლავად უნდა ჩაითვალოს ის, ვისზეც ამბობენ, რომ მონათლულია ხელდაუსხმელისგან (ანუ ერისკაცისგან - არქიეპ. პ.); რის გამოც ამგვარი ყოველგვარ ეჭვგარეშე უნდა იქნას მონათლული... ხოლო თუ ვინმე დამიპირისპირებს ათანასე დიდის დროს მომხდარ ამბავს - რადგან წერილ არს, რომ მის მიერ ბავშვური თამაშობით ზღვის ქვიშაში მონათლულნი შეწყნარებულ ყოფილან მონათლულებად - და იმასაც, რაც აღსრულებულა წმ. პორფირიზე, როდესაც ის მონათლა მიმოსმა და ამის გამო მას ეღირსა მოწამებრივი გვირგვინი, რადგან იმწამსვე იხილა ანგელოზნი, რომლებიც მისკენ მოდიოდნენ სანთლებითა და გალობით: "რომელთა ქრისტეს მიერ ნათელ-გვიღებიეს", - მე დავუპირისპირებ სჯულიერ კანონს, რომელშიც ნათქვამია: რაც წესი არ არის, მაგალითი ვერ იქნება ჩვენთვის. ამრიგად, თუ ხელდაუსხმელი, რომელმაც ნათლობა აღასრულა, ისეთივე საღმრთო მადლის მფლობელი იქნება, როგორიც იყვნენ ათანასე დიდი და წმ. პორფირე, მაშინ ჩვენც მივიღებთ და შევიწყნარებთ მათ მიერ აღსრულებულ ნათლობას; ხოლო თუ ასე არ არის, მაშინ ჩვენც ვალდებულნი ვართ, მივყვეთ საღმრთო და წმიდა განწესებებს" (Вальсамон. Толкование 18-го правила Сардикийского собора).

ამრიგად, ბალსამონი კატეგორიული წინააღმდეგია, აღიაროს ერისკაცთა მიერ აღსრულებული ნათლისღება, მაგრამ ამავე დროს ადასტურებს, რომ მის დროს ეს აზრი არ იყო ერთადერთი.

როგორც პროფ. ნ. აფანასიევი წერს: "ბიზანტიაში განმტკიცებული ღვთისმეტყველების თვალსაზრისით, ბალსამონის არგუმენტაცია უდავოა. ერისკაცს, როგორც ხელდაუსხმელს (ეს მისი ძირითადი არგუმენტია), არ შეუძლია აღასრულოს ნათლისღება. თუ მას ეს შეუძლია, მაშინ აუცილებლობის შემთხვევაში ის დანარჩენი საიდუმლოებების აღსრულებასაც თავისუფლად შეძლებს, მათ შორის ხელდასხმის საიდუმლოსაც. ეს არის ერისკაცის მიერ აღსრულებული ნათლობის აღიარების უდავო შედეგი, რომელსაც მონდომებით და წარუმატებლად გვერდს უვლის სკოლარული ღვთისმეტყველება. ბალსამონის აზრით, ნათლისღების საიდუმლოს აღსრულება ძალუძს მხოლოდ იმას, ვინც მიიღო საიდუმლოთა აღსრულების მადლი, ანუ ხელდასხმულს. თუმცა, ბალსამონი მზად არის, აღიაროს ნათლობის ცალკეული შემთხვევები, რომელთაც მას წმიდანთა ცხოვრებიდან უმოწმებდნენ, რადგან წმიდანებს მადლი მიღებული ჰქონდათ უშუალოდ ღმრთისგან, ხელდასხმის გარეშეც" (პროფ. ნ. აფანასიევი. დასახ შრ.).

მიუხედავად ამისა, აღმოსავლეთში ბოლოს მაინც ის შეხედულება დამკვიდრდა, რომლის მიხედვითაც უკიდურეს შემთხვევაში ნათლობა შეიძლება შეასრულოს ყოველმა მართლმადიდებელმა ერისკაცმაც, მამაკაცი იქნება ის თუ დედაკაცი. ამაზე მეტყველებს წმ. ნიკიფორე აღმსარებლის (IX ს.) კანონები, სადაც წმ. ნიკიფორე, უკიდურეს შემთხვევაში დასაშვებად მიიჩნევს, ნათლობა აღსრულებულ იქნას ერისკაცის მიერაც. "საჭიროების შემთხვევაში უბრალო ბერსაც შეუძლია მონათვლა, ისევე როგორც საჭიროებისას ნათლავს დიაკონიც. თუკი რომელიმე ადგილას შეუძლებელი იქნება მღვდლის პოვნა, მაშინ უნათლავი ჩვილების მონათვლა შეუძლია ყველას, ვინც იქ აღმოჩნდება. ცოდვა არ იქნება, მონათლავს მამა ან ნებისმიერი სხვა ვინმე, მთავარია ქრისტიანი იყოს (იგულისხმება მართლმადიდებელი - არქიეპ. პ..) (წმ. ნიკიფორეს კანონები 44, 45) (Правила православной церкви с толкованиями Никодима епископа Далматинско-Истрийского. Том. II / Изд. Свт. Троицк. Серг. Лавры. 1996 г. стр. 593-594).

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს წმ. ფოტი კონსტანტინოპოლელის განმარტება ერისკაცთა მიერ აღსრულებული ნათლისღების თაობაზე. წმ. პატრიარქი ფოტი წერდა: "თუ თავისუფალ ქვეყანაში, სადაც ქრისტეანები ტკბებიან მშვიდობით და ბევრია მღვდელმსახური, ვინმე ერისკაცი თუ უგულებელყოფს საეკლესიო მღვდელმოქმედებას და ამპარტავნობით აღძრული გაბედავს ამ საქმის, ანუ ნათლისღების აღსრულებას, მკაცრი ეპითემიის შემდეგ სრულიად უნდა აეკრძალოს მღვდლობის მიღება... რადგან ვინც მოიძულა მადლი მის მიღებამდე, ის დაუფიქრებლად გაქელავს მას მიღების შემდეგაც. ხოლო იმათ, ვინც ამ ერისკაცის მიერ იყვნენ მონათლულნი, არანაირად არ ვაღიარებთ სულიწმიდის მადლის მიმღებებად, ამიტომაც განვსაზღვრავთ, რომ ისინი უნდა მოინათლონ და ეცხოთ მირონი...

მაგრამ, თუ წმიდა ნათლისღებას შეასრულებენ (უბრალო) ქრისტეანნი, რომლებიც ბარბაროსთა უღელქვეშ ცხოვრობენ და არ ჰყავთ საჭირო რაოდენობის მღვდლები, საჭიროებით გამოწვეული ნათლისღება შემწყნარებლურ დამოკიდებულებას ითხოვს და ისინი, ვინც მადლის ძიებაშია არ უნდა მოაკლდნენ მას ბარბაროსთა ბატონობის გამო. ამიტომაც, ის ნათელღებულნი, ვინც ხელდაუსხმელთაგან (ანუ ერისკაცთაგან - არქიეპ. პ.) მოინათლნენ, არ დაექვემდებარებიან მსჯავრსა და სასჯელს.

ხოლო ნათელღებულთათვის განვსაზღვრავთ, რათა მათ ეცხოთ მირონი, თუნდაც ხელდაუსხმელთაგან მიეღოთ მირონცხება. მხოლოდ საჭიროების გამო (ერისკაცის მიერ) აღსრულებული ნათლისღება ნუ გაუქმდება, რადგან თუნდ არასრულია იგი (ადრინდელი მირონცხების არასრულყოფილების გამო), პატივდებულია უწმიდესი სამების მოწოდებით, მომწოდებლის ღვთისმოსავი განზრახვით და მიმღების რწმენით... რამეთუ ღმრთის ეკლესია ძველთაგანვე შეიწყნარებდა სწორად აღსრულებულ ნათლობას, რომელიც დროის, ვითარებისა და ადგილის გათვალისწინებით ერისკაცის მიერ იყო შესრულებული" (Цит. по: Павлов А. С. Номоканон при Большом Требнике. М., 1897. С. 352-353. Владислав Цыпин. Церковное Право. Часть II. Состав и устройство Церкви. Вступление в церковь. Состав церкви).

აი ასე აფასებს ეკლესია ერისკაცის მიერ აღსრულებულ ნათლობას. თვით პატრიარქი ფოტიც არ აღიარებს მას, თუ ერისკაცი ნათლობას აღასრულებს არა იძულებითი და რთული ვითარების შემთხვევაში, როდესაც ახლო-მახლო მღვდელი არ მოიპოვება, არამედ მაშინ, როდესაც ამისი არანაირი საჭიროება არ არის და თავისუფლად შეიძლება მოძიებულ იქნას რომელიმე მღვდელმსახური.

მაშ, რა ამოქმედებს ერისკაცის მიერ აღსრულებულ ნათლობას, თუკი ერისკაცს, როგორც ასეთს, არ გააჩნია საიდუმლოთა აღსრულების უფლებამოსილება იმ დონემდეც კი, რომ ზემოთ აღწერილი წესის დარღვევის შემთხვევაში, ერისკაცის მიერ მონათლული თავიდან უნდა იქნეს ნათელღებული, და ეს არანაირად არ ჩაითვლება ხელმეორე ნათლობად, ნათლობის განმეორებად, ქრისტეს ხელმეორედ ჯვარცმად?

წმ. პატრიარქი ფოტი ერისკაცს ამგვარ უფლებას იკონომიით განუწესებს და აცხადებს იმ პირობებს, რომლებიც ამოქმედებენ საიდუმლოს მოცემულ შემთხვევაში: "თუ წმიდა ნათლისღებას შეასრულებენ (უბრალო) ქრისტეანები, რომლებიც ბარბაროსთა უღელქვეშ ცხოვრობენ და არ ჰყავთ საჭირო რაოდენობის მღვდლები, საჭიროებით გამოწვეული ნათლისღება შემწყნარებლურ დამოკიდებულებას ითხოვს... მხოლოდ საჭიროების გამო (ერისკაცის მიერ) აღსრულებული ნათლისღება ნუ გაუქმდება, რადგან, თუნდ არასრულია იგი (ადრინდელი მირონცხების არასრულყოფილების გამო), პატივდებულია უწმიდესი სამების მოწოდებით, მომწოდებლის ღვთისმოსავი განზრახვით და მიმღების რწმენით..." (ციტ. იქვე).

ღვთისმოსავი განზრახვა და მიმღების რწმენა (22) აქ წარმოდგენილია როგორც ერისკაცის მიერ აღსრულებული საიდუმლოს ამამოქმედებელი პირობა. გამოუვალ მდგომარეობაში, როცა მღვდელი არ არის,

-----------

22.
შეად. წმ. კვიპრიანეს სიტყვებს: "არანაირად არ შეიძლება უკმარი იყოს და უძლური ღმრთის სიკეთე, და რომ შეუძლებელია მივიღოთ რაიმე ნაკლები იქ, სადაც როგორც მიმცემის (მღვდლის - არქიეპ. პ.), ისე მიმღების (ნათელღებადის - არქიეპ. პ.) წმიდა რწმენით, ყველაფერი შეიძლება აღივსოს და აღსრულდეს ღმრთის სიდიადითა და ჭეშმარიტი რწმენით". წმ. კვიპრიანე კართაგენელის წერილი მაგნუსს. იხ. ზემოთ შესაბამის თავში.

-----------

ერისკაცის მიერ აღსრულებული ნათლობაც შეიძლება შეწყნარებულ იქნეს, თუ ის ჩატარებულია "ღვთისმოსავი განზრახვით და მიმღების რწმენით". მაშ, რატომ არ შეიძლება იგივე ითქვას იმ ცალკეულ შემთხვევებზე, როცა არსებობს არა მარტო მღვდლის დანაკლისი, არამედ ნათლისღებისთვის საჭირო ნივთიერებისაც? განა ასე არ მონათლეს ერისკაცებმა უდაბნოში მომაკვდავი ებრაელი? განა პირველ საუკუნეებში ასე არ ინათლებოდნენ საპატიმროში მყოფი დევნილი და ტანჯული მოწამენი?

წმ. პატრიარქ ფოტის სიტყვებიდან გამომდინარე, ამგვარი შემთხვევებისთვის შეიძლება ვთქვათ, რომ მართალია, სამგზისი შთაფლვა წყალში აუცილებელია საიდუმლოს აღსასრულებლად, მაგრამ, თუ გარემოებათა გამო ეს შეუძლებელია, ღმერთი არ განიკითხავს ვითარებით შევიწროებულ ქრისტეანს და შეიწყნარებს მის განზრახვას, გააკეთოს ის, რაც შეიძლებოდა სრულიად აღსრულებულიყო ნორმალურ პირობებში. სწორედ ასე შეიძლება მივუდგეთ ვითარებით გამოწვეულ დასხმით ნათლობებს და არა იმ კუთხით, რომ ნათლობის ეს სახე თანასწორია შთაფლვითი ნათლობისა და ტერმინი შთაფლვა ოდენ სიმბოლურად უნდა იქნეს გაგებული. კარგად წარმოაჩენს ამგვარ ვითარებას წმ. კვიპრიანე კართაგენელიც ეპისკოპოს მაგნუსისადმი მიწერილ და უკვე ზემოთ განხილულ პასუხში.

ამრიგად, თუ რთულ ვითარებაში ადამიანის მიერ დასხმითად მიღებული ნათლობის მადლს ვითარებით გამოწვეული გარემოება და თვით ადამიანის რწმენა ამოქმედებს და პირიქით, თუ ადამიანს, რომელსაც ნათლობა სურს, მაგრამ ამოძრავებს არა ღვთისმოსავი, არამედ უკეთური განზრახვა და ურწმუნოება, ნათლობა სრული კანონიკური სახითაც რომ აღსრულდეს თვით  უმთავრესი მღვდელმთავრის მიერაც კი, ვერანაირ ნათელ შედეგს ვერ მოუტანს მონათლულს, მეტიც სასჯელის ღირსადაც კი შექმნის მას, როგორც ღმრთის საიდუმლოს გამაუფასურებელს და შეურაცხმყოფელს. ამისი ყველაზე ნათელი დასტურია სიმონ მოგვის ნათლობა, რომელიც გადმოცემის თანახმად წყალში შთაფლვითად მოინათლა წმ. მოციქულ პეტრეს მიერ, მაგრამ ვერ განათლდა. მეტად მოკლედ და ლაკონურად აღწერს სიმონ მოგვის ნათლობის შედეგს წმ. კირილე იერუსალიმელი: "მიეახლა ოდესღაც საბანელს სიმონ მოგვიც, განიბანა (საქ. 8.13), მაგრამ არ განათლდა. სხეული დაიფარა წყლით, მაგრამ გული არ განათლდა სულიწმინდით. სხეული ჩავიდა და ამოვიდა (ინ. 5.4), მაგრამ სული არ თანადაეფლა, არც თანააღდგა ქრისტესთან" (რომ. 6.4; კოლ. 2.12) (წმიდა კირილე იერუსალიმელი - პროკატექიზისი ანუ წინაგანსწავლა) ((ჟურნალი "გული გონიერი", № 3, 2011 წ.) (23).

იხ. ასევე: (http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=480%3A2012-02-01-17-31-23&catid=36%3A2009-12-29-11-31-45&Itemid=57&lang=ka) (URL-ს მიმართვის თარიღი: 24.08.2020).

-------------

23. ძველი ბერძნულიდან ტექსტის მთარგმნელი გიორგი ჯულაყიძე, სხვათა შორის, სქოლიოში აკეთებს ასეთი სახის შენიშვნას: შდრ. Gრ: βαπτίσθη, λλ' οκ φωτίσθη. ორივე ბერძნული ტერმინი βάπτισmα და φώτισmος) ნათლისღების საიდუმლოს აღსანიშნავად გამოიყენება. პირველი ხსენებული საიდუმლოს გარეგნულ მხარეზე მიუთითებს, რადგან ნათლისღება მოსანათლის წყალში სამგზის შთაფლვით აღესრულება, βάπτισmα-ს ამოსავალი მნიშვნელობა კი სწორედ ესაა: წყალში ჩაფვლა, ჩაყურყუმალავება. ხოლო მეორე საიდუმლოს უხილავ მხარეზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მონათლულის სულში საღვთო ნათლის შემოსვლას გულისხმობს ( φώτισmος - ნათება, ელვარება). სიმონ მოგვმა, როგორც აღნიშნულია, მხოლოდ გარეგნულად ნათელიღო, მისი შინაგანი კაცი კი არ განათლდა სულიწმინდის მადლით" (ჟურნალი "გული გონიერი", № 3, 2011 წ.).

-------------

მაშ, თუ გავერკვიეთ, რა ამოქმედებს ღმრთის მადლს გამონაკლის ან რთულ ვითარებაში, დადგენილი წესისგან აღსრულებულ საიდუმლოში, გაუგებარია, რა უნდა ამოქმედებდეს ასეთ ვითარებაში არმყოფი, სრულიად ჯანმრთელი და საღ-სალამათი ადამიანის დასხმით ნათლობას?

როგორც უკვე ვთქვით (და ამ აზრზეა ძველ და თანამედროვე მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთა დიდი უმრავლესობა), ასეთი ნათლობები აღესრულებოდა რთული ვითარებით გამოწვეულ ან ღმრთის განგებულებით დაშვებულ შემთხვევებში. მაგრამ, თუ დადგენილი საეკლესიო წესისგან ამგვარ გადახრას საზოგადო წესად ვაქცევთ, საიდუმლოსთვის ბოძებულ აუცილებელ პირობებსაც დავარღვევთ და საიდუმლო დარჩება აღუსრულებელი. რადგან ეს შემთხვევები საზოგადო წესისა და კანონისგან განსხვავდება, ისინი საეკლესიო საიდუმლოს არსის მიღმა რჩება და ამით იქმნება სწორედ გამონაკლისის კატეგორია და არა იმიტომ, რომ ასეთი რამ იშვიათად მომხდარა.  

ამგვარ ფაქტებს უნდა ვაფასებდეთ, როგორც ღმრთის განსაკუთრებულ განგებულებით შემთხვევებს, რომელთაც ადამიანებს სარწმუნოებაში განსამტკიცებლად შთააგონებდა უფალი და კიდევ საჩვენებლად იმისა, რომ ღმერთი, ადამიანისგან განსხვავებით, ვითარებით შეზღდუდული როდია, ვერ შეძლოს თავისი შვილებისთვის წყალობის მიცემა და მათი სულების ცხოვნება. მაშ, როგორ უნდა ვუყუროთ ყველა ამ შემთხვევას? - როგორც ღმრთის მიუწვდომელ განგებულებას, რომელიც მიგვანიშნებს, რომ მისთვის ადამიანის ცხოვნება ნებისმიერ ვითარებაში შესაძლებელია, თუკი ადამიანს ექნება შესაბამისი ნება და რწმენა. როგორც ბრძანებდა ამგვარ შემთხვევებისთვის წმ. კვიპრიანე კართაგენელი: "...როდესაც ეს ხდება ეკლესიაში მიმცემისა (მღვდლის - არქიეპ. პ.) და მიმღების (ნათელღებადის - არქიეპ. პ.) წმიდა რწმენით, ყველაფერი შეიძლება აღივსოს და აღსრულდეს ღმრთის სიდიადითა და ჭეშმარიტი რწმენით" (წერილი მაგნუსს).

ამგვარი შემთხვევები განგვაძლიერებენ რწმენასა და სასოებაში, მაგრამ იგივე შემთხვევები არ უნდა დავაწესოთ საეკლესიო კანონად. რატომ? იმიტომ რომ, - როგორც წმ. ისააკ ასურელი (VII ს.) ამბობდა, - "ღმრთის განგებულების მოქმედება და სახე, სრულიად განსხვავდება საერთო საკაცობრიო წეს-განგებისგან. შენ საზოგადო კანონს მიჰყევ" და არა გამონაკლის შემთხვევას".

სწორედ ამიტომ, იშვიათ, გამონაკლის, საზოგადო წესისგან განსხვავებულ მაგალითებზე ეკლესიის ცხოვრების აგება მათი გარეგანი მიბაძვისა და განმეორების სახით სხვა არაფერია, თუ არა მტკიცება იმისა, რომ შენც ისევე შეგიძლია, როგორც ეს იშვიათ, სასწაულებრივ და ღმრთის განგებით დაშვებულ შემთხვევებში იყო შესაძლებელი. ეს კი თავდაჯერებულობისა და ამპარტავნობის ნიშანია.

როდესაც გვიმოწმებენ უამრავ მაგალითს საპატიმროში აღსრულებული ნათლობებისა ან მიცვალებულის გაცოცხლებისა წყალდასხმით, ან წვიმით ნათლობისა, ან კიდევ ქვიშით, იქნებ, ფიქრობენ, რომ ნათლობის ამგვარი სახით განმეორების შემთხვევაში მოხდება იგივე, რაც მაშინ მომხდარა? და საიდუმლო იმოქმედებს ღმრთის მიერ ისევე, როგორც იმ შემთხვევებში ამოქმედებულა? რა გვაძლევს ამგვარი მტკიცების საბაბს?

გამონაკლის შემთხვევათა კანონის რანგში აყვანის მოწინააღმდეგე პატრიარქი ბალსამონი (ამავე დროს სჯულისკანონის ავტორიტეტული კომენტატორი) შესანიშნავად ბრძანებს: "რაც წესი არ არის, მაგალითი ვერ იქნება ჩვენთვის". ამრიგად, თუ პიროვნება (სასულიერო თუ საერო პირი), რომელმაც დასხმითი ნათლობა აღასრულა, "ისეთივე საღმრთო მადლის მფლობელი იქნება, როგორიებც იყვნენ ათანასე დიდი და წმ. პორფირე, მაშინ ჩვენც მივიღებთ და შევიწყნარებთ მათ მიერ აღსრულებულ ნათლობას; ხოლო თუ ასე არ არის, მაშინ ჩვენც ვალდებულნი ვართ მივყვეთ საღმრთო და წმიდა განწესებებს" (Вальсамон: "... что не по правилам, то в пример не приводится. Итак, если не посвященный совершивший крещение удостоен такой же божественной благодати, как и Афанасий Великий и святый Порфирий, то примем и мы совершенное им крещение; если же этого нет, и мы необходимо будем следовать божественным и священным правилам") (Правила святых поместных соборов с толкованиями. Правила святаго поместного собора Сардикийскаго. Москва. 1880. Стр. 352).

მაგრამ, მოდი, კვლავ გამონაკლისის შემთხვევებისადმი ე. ჭელიძის დამოკიდებულებას დავუბრუნდეთ და ვიხილოთ მისი ცთომილება კიდევ ერთი სასწაულებრივი შემთხვევის მაგალითზე.

ძველმართლმადიდებელთა წინააღმდეგ მიმართულ თავის მორიგ გამოხდომაში ე. ჭელიძე აღნიშნავს: "თუ დასხმითი ნათლობა გამონაკლისი სახეა, გამომდინარე კაცობრივი უძლურებიდან და გარეგანი ფაქტორის ყოფითი მძლავრებიდან, საუფლო ყოვლადძლიერება მას არანაირად არ უნდა მოქმედებდეს, რადგან ვერარა უძლურება და ვითარებისეული იძულება მას ვერ შეზღუდავს... თუკი უფალმა თავად დაადგინა ურყევ და ერთადერთ სჯულად სრული ხილული ჩაძირვით ნათლისღება, როგორც ამას მეორედმნათვლელი გადაშთაფლულები ბრძნობენ, აშკარაა, რომ, თვით ღვთისვე ყოვლადშეუზღუდავ და ყოვლადძლიერ მოქმედებაშიც გარდაუვალად  (?) სწორედ ეს ურყევი სჯული უნდა ვლინდებოდეს" ("სული - ცხოველი". 264-265).

მაგრამ ამგვარი მსჯელობა არის სრული სიცრუე და ბოდვა, რადგან უფალი, ადამიანისგან განსხვავებით, ვალდებული არ არის, დაემორჩილოს მის მიერ კაცთათვის ბოძებულ განწესებებს, რადგან ეკლესიის სწავლებით უფალი, "სადაც ნებავს იქ არღვევს დადგენილ წესს" (წმ. ანდრია კრიტელი. დიდი კანონი. ორშაბათი. გალობა დ. აწდა- ზე (http://www.orthodoxy.ge/lotsvani/galoba/kriteli_orshabati.htm) (URL-ს მიმართვის თარიღი: 24.08.2020).

მაგრამ ჩვენი "მეცნიერის" ფანტაზია ამას როდი სჯერდება: "მართლაც, - განაგრძობს იგი, - რაგინდ უკიდურესი ყოფითი ვითარება იყოს (კაცობრივი გაგებით), უფლისმიერ ყოვლადძლიერებას მყისვე ძალუძს სრულად ჩასაძირი ემბაზის ან წყლის ვრცელი საცავის გაჩენა ნებისმიერ ადგილას და ამ წყალში სრულად ჩაფლვა აურაცხელი სიმრავლისა (ისევე როგორც, საპირისპირო შემთხვევაში, სრულიად დაუნთქამს მას მრავალნი ღვთივგანპობილი მიწის წიაღში)" (ე. ჭ. "სული - ცხოველი". გვ. 265).

ძალიან უახლოვდება ე. ჭელიძის ეს ლოგიკა ე. წ. "ბეზპოპოვცებისას", რომელთა აზრით, გამონაკლისი შეიძლება ეკლესიის ცხოვრების ნორმა გახდეს. ამაში დარწმუნდება ნებისმიერი, ვინც კი გაეცნობა "პომორული სიტყვისგების" ბოლო ნაწილს, სადაც თავიანთ უმღვდელობასა და ამ უმღვდელობით გამოწვეულ სწავლებებს (მაგალითად, საეროთა მიერ საეკლესიო საიდუმლოებების აღსრულების, სულიერი ევქარისტიის და ა. შ. შესახებ) ისინი ეკლესიის ისტორიაში არსებული გამონაკლისი შემთხვევებით ამართლებენ.

დიახ, უფლის ყოვლადძლიერებას ძალუძს, რთულ ვითარებაში ამა თუ იმ საიდუმლოს შესასრულებელი ყველა ატრიბუტიკის გაჩენა, ისევე, როგორც ძალუძს მას, მყის მოუგვაროს რთულ ვითარებებში ჩავარდნილ ქრისტეანებს სხვა, ნათლობისგან განსხვავებული პრობლემები: უტაძრობა, უმღვდლობა, უეპისკოპოსობა, უზიარებლობა და ა. შ. მაგრამ, თუ ღმერთი ამას ასე არ იქმს და ყოველი ხსენებული შემთხვევისთვის თავისებური გამონაკლისი ან გადახრა იქმნება, საიდუმლოს ამ სახით შესრულება კანონიკურ უფლებას როდი წარმოადგენს.

მეტი თვალსაჩინოებისთვის, მოდი, განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.

გაგრძელება მომდევნო გვერდზე.
36
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому