აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. III_VI_აქვს თუ არა მღვდელს კლერიკოსთა შემოერთების უფლება? - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II

გრანდიოზული დივერსია

17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმის მიზეზები და შედეგები მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის. ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკური და ისტორიულ-ლიტურგიკული გამართლება
მართლმადიდებლური ტაძარი
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.


თავი VI
___________________________________________________________________________________________________________________________________

აქვს თუ არა მღვდელს კლერიკოსთა შემოერთების უფლება?

წიგნში "ფიქრები ბოლო ჟამის საქართველოზე" ზ. ნოდია  მრავალგზის აყენებს ეჭვქვეშ მღვდლის უფლებამოსილებას, მირონცხებით შემოიერთოს მწვალებლობიდან ეკლესიისკენ შემობრუნებული ეპისკოპოსი და ამგვარ პრაქტიკას "აბსურდს" უწოდებს (თუმცა ამგვარ შემოერთებას ეჭვქვეშ აყენებს არა მარტო ზ. ნოდია. ასეთი შეხედულება მღვდლის უუფლებობაზე შეიმუშავეს რუსეთის ოფიციალური ეკლესიის ადეპტებმა ძველმოწესეებთან დავის პროცესში). ზ. ნოდია წერს: "ამათ (ოპონენტი კვლავ ნაცვალსახელით მოგვმართავს - არქიეპ. პ.) ერთადერთი ცოცხალი ეკლესია უნდათ იყონ, თან, 250-300 წელი უეპისკოპოსო არსებობა ეკლესიისა უნდათ გააპრავონ (Sic!), თან, მათგან მკვდრად შერაცხილი ერეტიკოსებისგან უნდათ შევსება, თან, უქვემოესმა კლერიკალმა (Sic!) უზემოეს იერარქს ეპისკოპოსს - მირონცხებით უნდა აღუდგინოს ეპისკოპოსობა და თან ამ აბსურდის გამო დაუსრულებლად გედავონ და გებრძოლონ... ესაა ეკლესია?" (გვ. 199). ბოლოს კი მორალისტის პოზიციიდან გვეკითხება: "უსინდისობა არაა - ეკლესია და ეკლესიოლოგია ასეთ დონემდე დაამცირო?" (იქვე).

ამგვარი პრაქტიკის "აბსურდულობაზე" ზ. ნოდია კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას, რაც გვარწმუნებს, რომ ეს სიტყვა მას შემთხვევით როდი გამოუყენებია. იხილეთ: "დაქვრივებულადაც რომ ჩავთვალოთ (ძველმართლმადიდებლური ეკლესია - არქიეპ. პ.) მისი აღმდგენი იქნებოდა მხოლოდ მათგან დატოვებული ცოცხალი ეკლესია, რაც სტაროვერებმა იმთავითვე გამორიცხეს, განაცხადეს რა, რომ - დედამიწაზე ერთადერთ ცოცხალ ეკლესიას თავად წარმოადგენდნენ. თუ ასეა, მაშინ სრულ აბსურდამდე მიდიან, როცა "მკვდარი" ეკლესიიდან განკვეთილ "მკვდარ" მღვდელმსახურს "აცოცხლებენ" მირონცხებით და მისი ხელით აგრძელებენ "ეკლესიურობას". ხოლო, თუ ასე არაა, მაშინ აცნობიერებდნენ, რომ ის ეკლესია, საიდანაც გაიქცნენ მკვდარი კი არა ცოცხალია და ისევ მისგან სარგებლობენ, ოღონდ ურცხვად, ქურდულად, არაკანონიკურად" (იქვე. 202-203).

მაგრამ, ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ მწვალებელთა საზოგადოებებიდან სასულიერო პირთა მიღება-შეწყნარების პრაქტიკა დამტკიცებულია მსოფლიო საეკლესიო კრებების მიერ და ამგვარ ქმედებაში არაფერია "ქურდული" და "არაკანონიკური". მით უმეტეს, ეს სულაც არ არის "ურცხვი" ქმედება, როგორადაც რაცხს მას ჩვენი ოპონენტი. ძველმართლმადიდებელთა ამ კანონიკური მოქმედების შერაცხვა "ურცხვობად", "ქურდობად" და "არაკანონიკურ" მოქმედებად, არც მეტი, არც ნაკლები, გახლავთ წმიდა მსოფლიო საეკლესიო კრებებისა და წმიდა მართლმადიდებელი მამების შეურაცხყოფა.

მსოფლიო საეკლესიო კრებებმა დააწესეს თავიანთ ხარისხებში მიღება მართლმადიდებლობისკენ მოქცეული იმ მწვალებლებისა, რომლებიც თავიანთ თემში ნათლისღების საიდუმლოს არ არღვევდნენ და მას მამის, ძის და სულიწმიდის სახელით სამგზის შთაფლვით აღასრულებდნენ.

ძველმართლმადიდებლური ეკლესია, როგორც უძველესი მართლმადიდებლური ტრადიციებისა, საეკლესიო სჯულმდებლობისა და სწავლებების განუხრელად დამცველი, ზუსტად ისე მოქმედებდა, როგორც ეს დაწესებულია საეკლესიო სჯულმდებლობაში. 256-წლოვანი დაქვრივების, ანუ უეპისკოპოსობის პერიოდში მწვალებელთა შემოერთებას ეკლესიაში ახორციელებდნენ მღვდლები, რომლებიც ყოველთვის უწყვეტად არსებობდნენ ძველმართლმადიდებლობაში. მაგრამ, იბადება კითხვა, ჰქონდათ თუ არა მათ უფლება ეკლესიისთვის მირონცხებით ან სინანულით შემოეერთებინათ სასულიერო ხარისხის მქონე პირები? ჩვენი ოპონენტები ამ კითხვას უარყოფითად პასუხობენ, ჩვენ კი ვამტკიცებთ, რომ მღვდლებს ამისი უფლება ჰქონდათ. ამიტომაც, ამჯერად უნდა შევეხოთ სამღვდლო უფლებამოსილებებისა და დაქვრივების პირობებში სასულიერო დასის შენარჩუნება-აღდგენის საკითხს.

ასევე ვნახეთ, რომ ძველმართლმადიდებლური ეკლესია წმიდა მსოფლიო კრებათა და წმიდა მამათა ამ დადგენილებების მიხედვით მოქმედებდა, როდესაც ახალმოწესეობრივი მწვალებლობიდან გადმოსულ მღვდელმსახურებსა და მღვდელმთავრებს შეიწყნარებდნენ. მაგრამ იბადება კითხვა: ვის შეუძლია შემოუერთოს ეკლესიას მწვალებელი სასულიერო პირი, ვინც გინდა იყოს იგი - დიაკვანი, მღვდელი თუ ეპისკოპოსი? ან აქვს თუ არა მღვდელს მწვალებელი იერარქების და განსაკუთრებით ეპისკოპოსის შემოერთების უფლება?

ჩვენი ოპონენტებიდან ზოგიერთნი ამ საკითხს უარყოფითად წყვეტენ და ისევე, როგორც სხვა ზემოთ განხილულ საკითხებში, აქაც წმიდა მამებს ან უადგილოდ ან კიდევ არასწორად, შეუსაბამოდ იყენებენ. ამისი ნათელი დადასტურებაა თუნდაც ჩვენი "პუბლიცისტი" ოპონენტი ზ. ნოდია. მისი აზრით, ძველმართლმადიდებელ მღვდლებს "... არც არავის მირონცხებით მიღება არ შეეძლოთ..." (გვ. 211-212), ამიტომაც გაკვირვებული წერს: "ამბაკუმ მღვდელს, ანათემირებულს და განკვეთილს, ეპისკოპოსის გარეშე როგორ უნდა მიეღო გამოქცეული მღვდელი?!" (იქვე. გვ. 212)". უქვემოესი მღვდელმსახურის მიერ უზემოესის (ეპისკოპოსის) შემოერთებას ზ. ნოდია "მწვალებლობასაც" კი უწოდებს და ამ "სექტანტურ-მწვალებლური ტრადიციის გამაგრძელებლად და აპოლოგეტად" მიგვიჩნევს (იქვე. გვ. 212).

ასეთია ზ. ნოდიას "მტკიცებულება" თემაზე - შეუძლია თუ არა მღვდელს მირონცხებით შემოიერთოს მწვალებელი ეპისკოპოსი (ან ნებისმიერი იერარქი, გინდ მღვდელი იყოს და გინდ დიაკვანი). სანამ ვრცელ მსჯელობაზე გადავიდოდეთ, ზ. ნოდიას უნდა ვასწავლოთ, რომ დეკანოზ ამბაკუმს, უსამართლოდ ანათემირებულს და უსამართლოდ განკვეთილს, ასევე ახალმოწესე "მართლმადიდებელთა" მიერ სრულიად უსამართლოდ ცოცხლადვე ცეცხლს მიცემულს, ოფიციალური ეკლესიიდან რომელიმე გამოქცეული მღვდელი არასოდეს მიუღია. დეკანოზი ამბაკუმი გამუდმებულ დევნულებასა და პატიმრობაში იყო და მას ამისი შესაძლებლობა არც ჰქონია. ამ ფაქტს უბრალოდ ხაზს ვუსვამთ ზ. ნოდიას უმეცრების აღსანიშნავად.

ახლა კი მოვისმინოთ უფრო "საფუძვლიანი" არგუმენტები ძველმართლმადიდებელთა იმავე ქმედების, ანუ მღვდლის მიერ ეპისკოპოსის შემოერთების "სამხილებლად". ამისთვის კვლავ ვ. სინილშჩიკოვის თხზულებას უნდა მოვუხმოთ. ვ. სინილშჩიკოვი წერს: "რადგან მღვდლიანი ძველმოწესეები (старообрядцы-поповцы) მიიჩნევენ, რომ მათ ეპისკოპატი აღადგინეს მაშინ, როდესაც თავიანთ წიაღში "მიიღეს" "განდგომილი" ეპისკოპოსი... განსაკუთრებით აღვნიშნავთ, რომ მხოლოდ ეპისკოპოსებს შეუძლიათ ეკლესიისგან განდგომილი კლერიკოსების შემოერთება (მათ შორის მწვალებლებისაც)" (დედანში: "...особо отметим, что только епископы могут присоединить к Церкви клириков, отпавших от нее (в том числе в ересь)" ) (Валерий Синильщиков. Без епископа нет церкви или "церковь христова временно без епископа""? Критический отзыв на книгу И. Усова. https://vk.com/topic-5551851_29434010) (URL-ის მიმართვის თარიღი: 12.11.2020).

ვ. სინილშჩიკოვის აზრით "ამის შესახებ არაერთხელ დაუწერია წმ. თევდორე სტოდიელს (759-826 წწ.). აი რა უპასუხა მან პრესვიტერს, რომელმაც ჯერ ხელი მოაწერა ხატმებრძოლთა კრების სარწმუნოებრივ განსაზღვრებას, შემდეგ კი წმ. თევდორეს ეკლესიაში მიღების თხოვნით მიმართა: "რატომ მომმართავ, მეგობარო მე უღირსს? - წერს წმ. თევდორე, - როგორ შემიძლია გიმკურნალო თავად ცოდვებით მოწყლულსა და იმ რანგში არმყოფს, რომელსაც მიენდო ამგვარი წყლულების განკურნება? ღმერთი უწესივრობის ღმერთი როდია; პრესვიტერთა, ანუ მღვდელთა გამოსწორება (исправление) და განკურნება მან ეპისკოპოსებს მიანდო. შენ ჩემგან ითხოვ იმას, რაც ჩემს ძალებს აღემატება ... მღვდელმსახურის გახსნის (разрешить) არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს, ასეთი ნებართვა რომელიმე მღვდელმთავარმა რომც გასცეს (ხაზგასმები ყველგან ჩვენია - არქიეპ. პ.). და ასეა სანამ ღვთის ეკლესიაში მშვიდობა დაისადგურებს, როდესაც ყოველი მსგავსი საკითხი კრებითი განსჯით ჯეროვნად იქნება განსაზღვრული და საღმრთო გადაწყვეტას მიიღებს" (ციტ. ვ. სინილშჩიკოვის ხს. თხზულება).

ჯერ ერთი, აქ ჩანს წმ. თევდორე სტოდიელის თავმდაბლობა, მეორეც, ეს თავმდაბლობა გამომდინარეობს იმ რეალობიდანაც, რომ მის დროს ბევრნი იყვნენ ეპისკოპოსები და ასეთ შემთხვევაში წმ. მღვდელმონაზონი თევდორე მათ ვერ "გადაახტებოდა". გამომდინარე აქედან, სრულიად სამართლიანად აგზავნის ის შემკითხველს ეპისკოპოსთან.

მეორეც, სხვაგვარია ეკლესიის მოქმედება ეპისკოპოსთა არსებობის დროს და სხვაგვარი - მათი არყოფნისას. ნიკონიანელი პოლემისტები ერთმანეთში ურევენ ამ ორ მომენტს და ცდილობენ პირველი სიტუაციით მეორის გაბათილებას.

რაც შეეხება წმ. თევდორეს ნათქვამს, რომ "მღვდელმსახურის გახსნის (разрешить) არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს, ასეთი ნებართვა რომელიმე მღვდელმთავარმა რომც გასცეს", იმდროინდელი ვითარების კონტექსტში უნდა განვიხილოთ. წმ. თევდორე ამბობს, რომ, როდესაც ლაპარაკია მწვალებლობიდან მოქცეულ მღვდელმსახურზე და იმგვარ ვითარებებზე, რომელზეც ჯერ კრებითად არ უმსჯელიათ, საჭიროა დალოდება, "სანამ ღვთის ეკლესიაში მშვიდობა დაისადგურებდეს, როდესაც ყოველ მსგავსი საკითხი ჯეროვნად იქნება განსაზღვრული კრებითი განსჯით და მიიღებს საღმრთო გადაწყვეტას" (ციტ. იქვე). მეტიც, წმ. თევდორე სტოდიელის განმარტებიდან ისიც კი შეგვიძლია დავინახოთ, რომ კრებით განხილვამდე, ამგვარი თვითნებური შემოერთების უფლება თვით ეპისკოპოსსაც კი არა აქვს, სხვაგვარად წმიდა მამა არ იტყოდა: "და ასეა სანამ ღვთის ეკლესიაში მშვიდობა დაისადგურებს, როდესაც ყოველ მსგავსი საკითხი ჯეროვნად იქნება განსაზღვრული კრებითი განსჯით და მიიღებს საღმრთო გადაწყვეტას".

სამწუხაროდ, წმ. თევდორე არაფერს გვეუბნება იმის შესახებ, შეეძლება თუ არა მღვდელს კრების მიერ უკვე განხილული მწვალებლობიდან გადმოსული მღვდელმსახურის მიღება. სავარაუდოდ, შეეძლება, რადგან წმ. თევდორე მღვდლის მიერ მწვალებელი მღვდელმსახურის მიღებისგან თავშეკავების მიზეზად მოცემული საკითხზე კრებითი მსჯელობისა და საღმრთო გადაწყვეტის არარსებობას ასახელებს. როდესაც ასეთი გადაწყვეტა მიღებული იქნება, ცხადია, არც შემკავებელი მიზეზი იარსებებს და მღვდელსაც თავისუფლად შეეძლება მწვალებელი კლერიკოსის შეწყნარება. ამას ადასტურებს წმ. თევდორეს მომდევნო გამონათქვამი, რომელსაც ვ. სინილშჩიკოვი იმოწმებს: "მღვდელმსახურებიდან განკვეთილის გახსნა დამოკიდებულია კრებით გადაწყვეტილებაზე" (письмо 11(70). К Навкратию сыну) (ციტ. იქვე).

ან კიდევ: "... ასეა: თუკი ერთი პატრიარქი გადაიხრება, ის უნდა გამოასწოროს (რუს. თარგმანში: "принимать исправление") მისმა თანასწორმა, როგორც ბრძანებს ამას ღვთაებრივი დიონისე" (Послание 129 (188). К Льву, сакелларию) (რუს. თარგმანში: "... если уклонится один из патриархов, то он должен принимать исправление от равных ему, как говорит божественный Дионисий" (Послание 129(188). К Льву, сакелларию).

დიახ, სწორია, თუკი არსებობს მართლმადიდებელი პატრიარქი, დაცემული პატრიარქი მან უნდა მიიღოს და არა მღვდელმა; და აქ ჩვენ კვლავ საქმე გვაქვს არა მღვდლის ხარისხის შესაძლებლობებთან, არამედ იერარქიულ უფლება-მოვალეობებთან და გარკვეული წესრიგთან, რომელიც, პატრიარქთა და ეპისკოპოსთა არსებობის პირობებში, მათთვის ანგარიშის გაწევას და მათი გადაწყვეტილების დალოდებას გულისხმობს. ეს სრულიად ნორმალური ვითარებაა და ჩვენ ამისი საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. მაგრამ სულ სხვაგვარად დგება საკითხი მაშინ, როდესაც ეკლესიაში ეპისკოპოსი არ ჰყავთ და მსგავს საკითხებს მღვდლები აგვარებენ. ასეთ შემთხვევაში მღვდლის უფლებამოსილების საკითხი დგება არა იერარქიული კუთხით, არამედ მღვდლის ხარისხის თვისობრივი კუთხით.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ, ზოგიერთის აზრით, მღვდელს მასზე დიდი ხარისხის შემოერთება იმიტომ არ შეუძლია, რომ უდაბლესი უმაღლესისგან იკურთხება, ამიტომაც მათი აზრით მღვდელს არ შეუძლია ეპისკოპოსის შემოერთება. და ზ. ნოდიაც წერს: "... მათგან მკვდრად შერაცხილი ერეტიკოსებისგან უნდათ შევსება, თან, უქვემოესმა კლერიკალმა (?) (24) უზემოეს იერარქს ეპისკოპოსს - მირონცხებით უნდა აღუდგინოს ეპისკოპოსობა და თან ამ აბსურდის გამო დაუსრულებლად გედავონ და გლანძღონ..." (ზ. ნ. გვ. 198-199).

--------------

24.
უნდა იყოს "კლერიკოსმა", რაც სამღვდელო დასის წევრს ნიშნავს და არა "კლერიკალმა". სასულიერო დასთან მიმართებაში ტერმინი "კლერიკალი" არაზუსტი გამოთქმაა.

--------------

ზ. ნოდიას და მისთანების თანამოაზრე ვ. სინილშჩიკოვი ამბობს, რომ "მხოლოდ ეპისკოპოსებს შეუძლიათ ეკლესიისგან განდგომილი კლერიკოსების შემოერთება", მაგრამ რატომ შეუძლიათ ეს მხოლოდ ეპისკოპოსებს, არ განმარტავს. თუმცა არა მარტო ვ. სინილშჩიკოვი, არამედ, საერთოდ, არავინ განმარტავს, თუ რატომ არ შეუძლია მღვდელს მასზე უფრო მაღალი ხარისხის შემოერთება. არავის არ მოუცია ამ თემის დოგმატურ-კანონიკური განხილვა. არავინ ისე არ ჩაწვდომია მღვდლის უფლებების არსს მირონცხებით მწვალებელთა მიღების საკითხში, რომ ეთქვა - აი მიზეზი, თუ რის გამო არ შეუძლია მღვდელს ეპისკოპოსის მიღება. შემოიფარგლებიან მხოლოდ წმიდა მამათა ამა თუ იმ გამონათქვამებით, რომლებიც, უმეტეს შემთხვევაში, სულ სხვა ვითარებაში და სულ სხვა მიზნით გამოითქვა, და სრულიად ხელოვნურად არის დაკავშირებული სადავო თემას, როგორც ეს ვნახეთ თუნდაც წმ. ეგნატე ღმერთშემოსილისა და წმ. კვიპრიანე კართაგენელის გამონათქვამებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხებოდა ეკლესიისა და ეპისკოპოსის ურთიერთმიმართებას.

მკითხველის ყურადღებას მივაპყრობთ იმ გარემოებას, რომ ჩვენი ოპონენტები საკითხს სვამენ არა მარტო იმ კუთხით, აქვს თუ არა მღვდელს უფლება შემოიერთოს მასზე უფრო მაღალი ხარისხის მქონე სასულიერო პირი, არამედ შეუძლია თუ არა მას ამისი აღსრულება, რაზეც თამამად ვიტყვით - დიახ, შეუძლია!

ჯერ ერთი, შეუძლია იმის საფუძველზე, რომ, როგორც წმ. იოანე ოქროპირი განმარტავს, "არცთუ დიდია განსხვავება პრესვიტერებსა და ეპისკოპოსებს შორის... ამიტომაც, რაც მან (წმ. მოციქულმა პავლემ - არქიეპ. პ.) თქვა ეპისკოპოსთა შესახებ, შეგიძლია მიუყენო პრესვიტერებს" და იქვე აღნიშნავს თუ რა განსხვავებაა მათ შორის: "პირველნი (ე.ი. ეპისკოპოსები - ეპ. პ.) მხოლოდ ხელდასხმის უფლებით აღემატებიან მეორეთ (ანუ პრესვიტერებს - ეპ. პ.), - მარტოოდენ ამაშია მათი ხილული უპირატესობა პრესვიტერთა წინაშე" (Твор. св. Иоанна Златоустого, т. 11, Беседы в русск. пер. 1 Тим. беседа 11, изд. СПБ 1905 г., стр. 690).

არანაკლები სიძლიერითა აქვს გამოთქმული იგივე აზრი ნეტ. იერონიმეს (IV-V სს.), რომელიც ბრძანებს: "ხელდასხმის გარდა, რას აკეთებს ეპისკოპოსი ისეთს, რის გაკეთებასაც პრესვიტერი ვერ შეძლებდა" (ციტ. Н. П. Аксаков. Предания Церкви и предание школы. Москва 2000 г., стр. 81, სქოლიო).  

მეორეც იმიტომ, რომ მღვდლის მიერ მირონცხებით მწვალებელი იერარქის შემოერთებისას ხორციელდება მირონცხების საიდუმლო, რომლის შესრულების უფლება მღვდელს მისი ხელდასხმის მომენტიდან გააჩნია.

ეკლესიაში ვინმეს (გინდ სასულიერო პირი იყოს) მირონცხებით შემოერთება (ლათინურ ეკლესიაში ამ პროცესს ეწოდება კონფირმაცია) მღვდელმსახურის უფლებებსა და შესაძლებლობებში შედის. მაგრამ, როგორც ჩანს ჩვენი ოპონენტები მირონცხებით ეკლესიასთან სასულიერო პირის შემოერთებას (კონფირმაციას) აიგივებენ ხელდასხმის საიდუმლოსთან. ასე რომ იყოს, მაშინ მღვდელს ეპისკოპოსის კი არა დიაკვნის შემოერთების უფლებაც არ ექნებოდა. მაგრამ, ჩვენი ოპონენტები ამ საკითხშიც ცდებიან.

მეორე კატეგორიის მწვალებლის მიღებისას - ვინც გინდა იყოს იგი, საერო პირი თუ სასულიერო ხარისხის მქონე - მღვდელი ან ეპისკოპოსი ასრულებს მირონცხების საიდუმლოს და არა ხელდასხმისას.

ამ დროს ხელდასხმის საიდუმლოს ლოცვებიდან არც ერთი ლოცვა არ წარმოითქმება. ამიტომაც მეტად უცნაურია მისი დაკავშირება "კურთხევასთან" ან "მაღალი იერარქიული დასისთვის ღირსების მინიჭებასთან". ასე რომ არ იყოს, მაშინ მწვალებლის მიღებისას მღვდელი ან ეპისკოპოსი უნდა წარმოთქვამდეს "საკურთხებელ" ან სამღვდლო "ღირსების მიმნიჭებელ" ლოცვას. ამგვარი ლოცვები კი წმიდა, მართლმადიდებლური ეკლესიისთვის უცნობია. მეტიც, ეკლესიისთვის უცნობია ერთსა და იმავე მწვალებლობისგან გადმოსულ ერისკაცთა და სასულიერო პირთა მიღების ცალ-ცალკე წესები. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, არ არსებობს ცალკე წესი ერისკაცთათვის და ცალკე სასულიერო პირთათვის.

მსოფლიო კრებებმა, როდესაც ჩამოაყალიბეს მწვალებელთა მიღების კანონები, განაწესეს ზოგის სრული ნათლისცემით მიღება, ზოგისა - მირონცხებით, ხოლო ზოგისა კიდევ ლოცვით. ამ თემას დეტალურად ზემოთ უკვე შევეხეთ და აქ აღარ გავიმეორებთ. აქ უნდა აღვნიშნოთ ის, რომ საეკლესიო კურთხევანებში, სადაც მოცემულია მწვალებელთა მიღების წეს-განგებები, მითითებული არ არის, თუ როგორ უნდა იქნეს მიღებული ცალკე ერისკაცი (რა ლოცვებია ამისთვის საჭირო) და როგორ - სასულიერო პირი. ამის დასტურად დავასახელებთ ყველასთვის ხელმისაწვდომ წყაროს, ჩვენი წინამდებარე ნაშრომის მეორე ნაწილში განხილულ პუბლიკაციას, კერძოდ, ქ-ნ მაია რაფავას "უცნობი ავტორის ანტიმონოფიზიტურ ტრაქტატს" (საქ. სსრ მეცნ. აკად. მაცნე. ენისა და ლიტერატურის სერია. 1. 1975 წ.).

მწვალებელთა მიღების საეკლესიო წესი არ განჰყოფს ლოცვებს ცალკე ერისკაცთათვის და ცალკე სასულიერო პირთათვის. ყველას უკითხავენ ერთსა და იმავე წეს-განგებას, ერთსა და იმავე ლოცვებს, რომელთა წაკითხვა მღვდლებისთვის არავის არსად აუკრძალავს. პირიქით, მღვდელი ვალდებულიც კია წაუკითხოს ის ნებისმიერ ადამიანს, ვინც კი მართლმადიდებელ ეკლესიასთან ისურვებს შემოერთებას, - იქნება ეს სასულიერო პირი თუ ერისკაცი. მ. რაფავას პუბლიკაციაში ვკითხულობთ:  "მღვდელი კითხულობს ლოცვას, სცხებს მირონს, აძლევს მცნებას... " (იქვე. გვ. 24, 31).

რას კითხულობს მღვდელი (ან ეპისკოპოსი) მწვალებლობიდან მოქცეულთა ეკლესიაში მიღებისას და როდის ან ვის მიერ იღებს მწვალებლობისგან მოქცეული იერარქი საღმრთო მსახურების მადლს?

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ეკლესია მწვალებლებს ჰყოფს სამ კატეგორიად, ამიტომაც მათი მიღებისას ლოცვებიც ამ კატეგორიათა შესაბამისად იკითხება. მოსანათლავ, ანუ პირველი კატეგორიის ერეტიკოსებს უტარდებათ ნათლისღების საიდუმლო, მეორე კატეგორიის ერეტიკოსებს მირონცხება, ხოლო მესამე კატეგორიის ერეტიკოსებს უკითხავენ ეკლესიასთან შესარიგებელ ლოცვას, რომელშიც ასევე არ წარმოითქმება არავითარი "კურთხევა" სამღვდელმთავრო ან სასულიერო მსახურებაზე და არ ხდება მსახურების შესაბამისი "ღირსების მინიჭება".

სანიმუშოდ კვლავ ავიღებთ მონოფიზიტობიდან მართლმადიდებლობად მოქცეულთა მიღების წესს, რომელშიც იმის შემდეგ, რაც მწვალებლობიდან მოქცეული დაგმობს საკუთარ და ყველა მწვალებლობას (თან საკუთარ მწვალებლობას ის გმობს ეკლესიის მიერ მიღებული პუნქტების მიხედვით), ისმენს მღვდლის ლოცვას. ეს პროცესი ასეა აღწერილი მონოფიზიტთა მიღების წესში: "ამისსა შემდგომად მოიდრიკოს მოქცევადმან თავი, და მღვდელმან ყოს ლოცვაი და თქუას: "ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, რომელსაც გნებავს ყოველთა კაცთა ცხოვნებაი და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაი, შეიწყნარე მონაი შენი, (სახელი), რომელმან ძლით აღიხილნა საცთურისაგან და მოსურნე იქმნა მოსლვად მეცნიერებასა შენისა ჭეშმარიტებისასა.

რამეთუ შენ სთქუ უფალო, ვითარმედ სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოისაგანნი, იგინიცა ჯერ არიან ჩემდა მოყვანებად და ხმისა ჩემისაი ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.

აწ უკუე დამწყსე ესე დიდებითა შენითა მეცნიერებად და ჭეშმარიტებისა შენისსა მოცემისაებრ წმიდათა და დიდებულთა მოციქულთა შენთაისა და ღირს ყავ ესე საბეჭდავსა წმიდისა მიჰრონისასა და ზიარებასა პატიოსნისა ხორცისა და სისხლისა შენისასა. და გამოაჩინე ესე განსრულებულად მონად შენდა, რაითა სამწყსოსა შენსა თანა აღირაცხოს ესეცა სადიდებელად და საქებელად დიდებულებისა შენისა".

ამის შემდეგ იტყვის ასამაღლებელს: "რამეთუ შენი არს სუფევაი".

"და სცხოს მას მირონი, ვითარცა ახალ-მონათლულთა და მათვე სიტყუათა იტყოდის, სცხებდეს რაი რომელთა იტყვის ახალ-მონათლესა ზედა".

შემდეგ, წეს-განგების მიხედვით, კვლავ უნდა ილოცოს და თქვას: "უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან ღირს ჰყავ სრულად გამოჩინებასა მონაი ესე შენი, სახელით, შენდა მიმართ მართლით სარწმუნოებითა და საბეჭდავსა წმიდისა მიჰრონისა შენისასა. შენ მეუფეო ყოველთაო, დაიცევ მის შორის შენდა მიმართი ჭეშმარიტი სარწმუნოებაი და აღაორძინე ესე სიმართლესა შინა შენსა და ყოველთავე მადლთა შენთა მიერ შეამკევ".

ამის შემდეგ აზიარებს და ამცნებს, რათა შვიდი დღის განმავლობაში იმარხულოს, არც პირი დაიბანოს და საერთოდ, მოიქცეს ისე, როგორც ახალნათელღებულები იქცევიან, მერვე დღეს კი განიბანოს, "ვითარ არს ჩვეულებაი ახალ-მონათლულთაი" (იქვე. გვ. 31).

არსად კურთხევანებში არ არის მითითება, რომ ეპისკოპოსის შემოერთების შემთხვევაში მირონცხების წესს უნდა ასრულებდეს მართლმადიდებელი ეპისკოპოსი და არა მღვდელი. ასევე არ არის მითითება, რომ მწვალებლობიდან მოქცეულ მღვდელმთავარს (ან მღვდელს) სჭირდებოდეს სპეციალური, ხარისხის აღსადგენი ლოცვა. ძველ კურთხევანებში ასეთი ლოცვები არ არსებობს.

კიდევ უფრო მეტი, - კურთხევანებში საერთოდ არ არის გათვალისწინებული რომელიმე სასულიერო ხარისხის მიღების წეს-განგება. ასე რომ არ იყოს, მაშინ კურთხევანებში ცალ-ცალკე უნდა გვქონდეს დიაკვნის, მღვდლის და ეპისკოპოსის მიღების წეს-განგებები, რამეთუ მათი მსახურებაც განსხვავებულია და შეუძლებელი იქნებოდა უზემოესი დასის წარმომადგენლის მიღება უქვემოესი დასისთვის დაწესებული წეს-განგებით.

მ. რაფავას იმავე პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ "... არსენი იყალთოელის მიერ თარგმნილ სხვა ძეგლში, როგორიცაა "დიდი სჯულისკანონი", ლაპარაკია მწვალებელთა მიმართ ჩასატარებელ ღვთისმსახურების წესზე. ეს ადგილებია: ლაოდიკიის კრების კანონი ზ, კონსტანტინოპოლის კრების (381 წ.) კანონი ზ. მწვალებელთა მოქცევის ამავე წესს იმეორებს მე-6 მსოფლიო კრების კანონი 95-ე: "რომელნი მართლმადიდებლობასა და ნაწილსა ცხოვნებულთასა მწვალებელთაგან მოუხდებოდინ, შევიწყნარებთ მათ პირველ განწესებულისებრ საზღვრისა და ჩვეულებისა: არიანოზთა... მაკედონიანოზთა და ნავატიანოზთა... აპოლინარელთა შევიწყნარებთ ესრეთ, რამეთუ მოვსთხოვთ ხელით-წერილსა და შეჩუენებასა, რომელი არა აღიარებს ესრეთ, ვითარცა აღიარებს წმიდაი კათოლიკე და დავჰბეჭდავთ მათ, ესე იგი არს ვსცხებთ წმიდასა მიჰრონსა პირველად შუბლსა და თუალთა და ცხვირსა და პირსა და ყურთა და დავჰბეჭდევიდეთ რაი, ვიტყვით: საბეჭდავი ნიჭი სულისა წმიდისაი" და ა. შ. ... ეს შაბოლონური წესი ყველგან არის... " (იქვე. გვ. 23).

ასე რომ, ეკლესიაში მწვალებელი სასულიერო პირის მიღება აღესრულება მირონცხებით და ამიტომაც  "უქვემოესისგან უმაღლესის კურთხევის" არანაირი აზრი ამ მოქმედებაში არ იხილვება. რამდენიმე წლის წინათ ამ თემაზე პასუხი გავეცით უკვე ნახსენები ალმანახის "ივერიის გაბრწყინების" რედაქტორს გ. გაბაშვილს, მაგრამ რატომღაც ეს პასუხი ზ. ნოდიასთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რის გამოც იმეორებს იმავე შეხედულებას, რაც მაშინ ჩვენმა აწ გარდაცვლილმა ოპონენტმა გამოთქვა.

გამომდინარე იქიდან, რომ მწვალებელი იერარქის ეკლესიაში მიღებას ოპონენტები არასწორად, მსახურებაზე "კურთხევად" ან "სასულიერო ღირსების მინიჭებად" აღიქვამენ. ისინი ამტკიცებენ, რომ "მწვალებლობიდან ეკლესიაში სამღვდელმთავრო ხარისხის შენარჩუნებით ეპისკოპოსის მიღება შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ მღვდელმთავართა კრებას და არამც და არამც მღვდლებს, გინდაც მათი რიცხვი მილიონს აღწევდეს".

ოპონენტთა ამ "ლოგიკიდან", რომელსაც ისინი წმ. დიონისეს, ღირ. მაქსიმეს და გიორგი პახიმერის განმარტებებითაც "ამაგრებენ", მღვდელს არა აქვს მხოლოდ ეპისკოპოსის მიღების უფლება, მაგრამ, ალბათ, შეუძლია მისი თანასწორი ან ქვემდგომი ხარისხის მქონე (მაგ. მღვდლის ან დიაკვნის) მწვალებლის მიღება.

მაგრამ ეს ეწინააღმდეგება მათსავე ლოგიკას. თუკი მწვალებლის ეკლესიაში მიღება ტოლფასია ღვთისმსახურებაზე კურთხევისა ან სასულიერო პატივისა და ღირსების მინიჭებისა, მაშინ მღვდელს არათუ ეპისკოპოსის, არამედ მღვდლისა და დიაკვნის მიღებაც არ შეეძლება, რაც ასევე ეწინააღმდეგება ისტორიულ ფაქტებს და წმ. მართლმადიდებლური ეკლესიის ორიათასწლოვან პრაქტიკას.

მეტიც, ვიკითხოთ, შეეძლება თუ არა მღვდელს მწვალებელი ერისკაცის მიღება?! ხომ არ ანიჭებს ის ერისკაცს რაიმე "კურთხევას" ან "სასულიერო პატივს" მიღებისას? რა თქმა უნდა, არა! მაგრამ, ოპონენტების ლოგიკით, მღვდლის მიერ ეკლესიაში შემორიგებული ერისკაცი უნდა გამოცხადდეს ღვთისმსახურად (თუმცა რომელი ხარისხისა, ეს ოპონენტების დასადგენია). ამგვარი აბსურდული დასკვნების უარსაყოფად ოპონენტებს რჩებათ მხოლოდ სამი გზა:

1. მცდარად გამოაცხადონ თავიანთი შეხედულება და უარყონ იგი.

2. აღიარონ, რომ მიღებისას ერისკაცებს უკითხავენ სხვა ლოცვებს (განსხვავებით სასულიერო პირებისგან) და წარმოადგინონ ეს ლოცვები.

მეტსაც ვიტყვით, მღვდლობის საიდუმლოს გარდა არ არსებობს არანაირი სხვა გზა სასულიერო ხარისხის მინიჭებისა. მითუმეტეს შეუძლებელია ეს მირონცხების საიდუმლოში. ასე რომ, ეპისკოპოსმაც რომ შემოირიგოს ეკლესიაში მწვალებელი იერარქი, ის მას იმაზე მეტს ვერაფერს უბოძებს, რაც გააჩნია, და რასაც სულიწმიდის მადლი აამოქმედებს მასში, როგორც კი მირონცხებით ეკლესიას შემოუერთდება. ეს არის ეკლესიის მიერ ძველი საუკუნეებიდანვე დაშვებული იკონომია.

ამიტომაც, ჩვენ მიერ ზემოთ განხილული სამპუნქტიანი შენიშვნებიდან მეორე ვერსია სრულიად გამოირიცხება, რამეთუ მეორე და მესამე ჩინის ნებისმიერ მწვალებელთ, მათი ხარისხისა და მდგომარეობის მიუხედავად, ყველას ან მირონცხების ერთი და იგივე საიდუმლო უტარდება ან, თუკი მესამე ჩინის ერეტიკოსები არიან, ერთი და იგივე ლოცვა ეკითხებათ. ასეთ შემთხვევაში კი შეუძლებელია ითქვას, რომ "იკურთხებიან" მხოლოდ სასულიერო დასთაგანნი, ერისკაცნი კი არა, ხოლო თუ ერისკაცი არ "იკურთხება" მირონცხებით და რაიმე სასულიერო ღირსება არ ენიჭება, ცხადია, იგი ვერც სასულიერო პირს მიენიჭება, რამეთუ საიდუმლო მირონცხებისა თუ ლოცვა ყველასთვის ერთი და იგივეა.

თუკი მწვალებლის შემოერთებისას დაწესებული ერთი და იგივე ლოცვა ან მირონცხება ამა თუ იმ კატეგორიის მწვალებელთაგან ერთს (ვთქვათ, სასულიერო პირს) ანიჭებს საღვთიმსახურებო "კურთხევას", რატომ არ უნდა ანიჭებდეს (იგივე ღონისძიება) მეორეს (ერისკაცს) ანალოგიურ პატივს? და, თუ არაფერს ანიჭებს ერისკაცს, მაშინ საიდანღა მიანიჭებს რაიმე ღირსებას სასულიერო პირთაგანს? თუ იტყვიან, მირონცხების საიდუმლო აკურთხებს მას იმ მსახურებაზე, რომელი ხარისხითაც ეკლესიას უერთდებაო, მთლად ზუსტი და მამათა სწავლების თანხმიერი ვერც ეს სწავლება აღმოჩნდება, რამეთუ ესა თუ ის პატივი ან ხარისხი ადამიანებს ამ მსახურებისთვის დაწესებული სპეციალური ლოცვების ძალით ენიჭებათ მღვდლობის საიდუმლოში და არა მირონცხებით ან მესამე კატეგორიის ერეტიკოსთათვის წასაკითხი და ეკლესიაში მათი შემოსარიგებელი ლოცვებით. ამიტომაც, მირონცხებით შემოერთებულ ეპისკოპოსს ვერც მღვდელი და ვერც ეპისკოპოსი ვერავითარ ხარისხზე ვერ "აკურთხებს".

მღვდლობის (ხელდასხმის) საიდუმლოს აღსრულება შედის მხოლოდ ეპისკოპოსის პრეროგატივაში მაშინ, როდესაც დანარჩენ საეკლესიო საიდუმლოთა შესრულება მღვდელმსახურსაც ძალუძს. უფრო მეტი სიძლიერით ითქმის ეს მესამე კატეგორიის მწვალებელთა შემორიგებაზე, რადგან ისინი ეკლესიას ლოცვით შემოურიგდებიან. მისი აღსრულება თავისუფლად შეუძლია მვდელმსახურსაც.

ამრიგად, მწვალებელი, მისი კატეგორიის შესაბამისად, ეკლესიაში მიღებისას ან მოინათლება, ან მირონს იცხებს, ან კიდევ მოისმენს შემოსარიგებელ ლოცვას. სამივე ამ ღონისძიებით მას მიეტვება ცოდვა და მიენიჭება სული წმიდის მადლი სულიერ ცხოვრებაში განსამტკიცებლად და ასაღორძინებლად, და არა სასულიერო ხარისხი, როგორც ამას ოპონენეტები ასწავლიან.

რაც შეეხება საკითხს, თუ როდის ან ვის მიერ იღებს მწვალებელი იერარქი საღმრთო მსახურების მადლს ეკლესიაში შემორიგებისას, ვუპასუხებთ ნეტარი ავგუსტინეს სიტყვებით: ერეტიკოსებსა და სქიზმატიკოსებს "მხოლოდ მაშინ მიეტევებათ ცოდვები, როდესაც ისინი დაუბრუნდებიან ეკლესიას, ხოლო, როდესაც ეკლესიას დაუბრუნდებიან, მაშინ მათში გაცოცხლდება მადლი ნათლობისა, რომელიც მათ უკვე მიიღეს (მწვალებლობაში ყოფნისას არქიეპ.პ) და რომლის განმეორება არ შეიძლება" (Раскол донатистов. Церковно-историческое исследование Н. Кутепова, изд. Казань, 1884 г., стр. 115, ციტ. В. Т. Зеленков... დასახ. ნაშრ. გვ. 191, 192, #357). იგივე მამა წერს, რომ: "სქიზმატიკოსთა ნათლობის მადლი წარმოჩინდება მაშინ, როდესაც ისინი დაუბრუნდებიან ეკლესიას" (იქვე. გვ. 122-123 ციტ. იქვე. 357. გვ. 191-192). ის, რაც ნათლობაზე ითქვა, ნეტ. ავგუსტინეს მინიშნებითვე, ითქმის ერეტიკოსთა და სქიზმატიკოსთა ხელდასხმაზეც, მით უმეტეს, რომ ნათლობა და ხელდასხმა არაგანმეორებად საეკლესიო საიდუმლოებებს განეკუთვნება, თუ მოციქულთაგან ბოძებული მათი გარეგნული ფორმა შესრულებულია სწორად და წესიერად (იხ. "სახელმძღვანელო მართლმადიდებლური ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად". თბილისი. 1990 წ. გვ. 63).

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენ მიერ განხილულ ოპონენტთა ამ სწავლებაშიც ლათინიზმის მწვალებლური იდეები გამოსჭვივის. მართალია, სახეცვლილი ფორმით, მაგრამ მაინც, ეს არის ლათინურ-პაპისტური სწავლება მირონცხების საიდუმლოს შესახებ, რომლის უპირატესი შემსრულებელი არის "ეპისკოპოსი" (იხ. პროფ. დ. ოგიცკი. დოც. მღვდ. მ. კოზლოვი. "რომაული კათოლიციზმი" (საქ. საპატრიარქოს გამოც. თბ. 2000 წ. გვ. 118).  სხვა წყაროს მიხედვით, "მირონცხების სადუმლოს რომაელ კათოლიკეებში ასრულებს "მხოლოდ ეპისკოპოსი" (Протоиерей Митрофан Зноско-Боровский. Православие, римо-католичество, протестантизм и сектантство. Изд. Свято-Троицкой Сергиевой Лавры. 1991 г., стр. 49). იგივეს ადასტურებს პროფ. ა. ალმაზოვი თავის ზემოთხსენებულ ნაშრომში "История чинопоследований крещения и миропомазания". პროფ. ა. ალმაზოვი წერს: "IX საუკუნეში დასავლეთის ეკლესიაში ჩნდება ცრუ სწავლება იმის შესახებ, თითქოსდა მირონცხების საიდუმლოს მხოლოდ ეპისკოპოსები უნდა აღასრულებდნენ" (გვ. 376). მაშ, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ გაბატონებულ ეკლესიას საკმაოდ მკაცრად აქვს შეთვისებული რომაულ-კათოლიკური სწავლება საეკლესიო იერარქიისა და მასში რომის მღვდელმთავრის (პაპის) განსაკუთრებული და აბსოლუტური ძალაუფლების შესახებ, რაც ამ ე. წ. მართლმადიდებლობაში გამოხატულია ეპისკოპატის ასევე განსაკუთრებული და აბსოლუტური ძალაუფლებით ქვემდგომ იერარქიებზე და მთლინად საეკლესიო ერზე, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ხსენებული კონფესია ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე მღვდელს არაფრის გაკეთების უფლებას არ აძლევს.

ოპონენტებს რატომღაც არაფერი უშლით ხელს, საეკლესიო სჯულმდებლობა ბუკვალურად გაიგონ და განმარტონ პაპიზმის (ჩვენი ოპონენეტების შემთხვევაში "კოლექტიური პაპიზმის") სულისკვეთებით. მათ შორის "წაართვან" მღვდელს უფლისგან მინიჭებული ძალი შეკვრისა და გახსნისა და არ მისცენ უფლება, ეკლესიას შემოუერთოს მწვალებელი - არც ერისკაცი, არც რომელიმე სასულიერო პირი, მათ შორის მღვდელმთავარი. მით უმეტეს, თუკი, მათი სწავლებით, ასეთი აკრძალვა გამომდინარეა ერთი მხრივ ორი განსხვავებული საიდუმლოს, მირონცხებისა და მღვდლობის (ქიროტონიის) ერთმანეთში არევით, ხოლო, მეორე მხრივ, მათთან მწვალებელთა შემოერთების წესის შერწყმით.

ასეთია რეფორმატორულ "მართლმადიდებლობაზე" ლათინიზმის ზეგავლენის უცილობელი შედეგი, რაც არავითარ შემთხევაში არ არის წმიდა მამათა სწავლება საეკლესიო იერარქიის შესახებ, როგორც ძველმართლმადიდებლობის მტრები ამის წარმოჩენას ცდილობენ.

ამრიგად, დასკვნის სახით ვიტყვით, რომ ზემოხსენებული ფორმებით (მირონცხებით ან ლოცვით) არათუ მღვდელი, თვით ეპისკოპოსიც კი ვერ მიანიჭებს რაიმე სასულიერო ღირსებას ან ხარისხს ეკლესიასთან შემორიგებულ მწვალებელ იერარქს, რამეთუ ნებისმიერი ხარისხისა და მდგომარეობის მწვალებლის ეკლესიაში შემორიგებისთვის დაწესებულია ერთი და იგივე და არა სხვადასხვა ლოცვა და წესი. ხოლო შემორიგების წესის აღსრულებით მწვალებელს ეძლევა არა ქიროტონია, არამედ სულიერი აღორძინებისთვის საჭირო საღმრთო მადლი. ხოლო ამგვარი აღორძინებისთვის საჭირო მადლი მეორე კატეგორიის მოქცეულ მწვალებელთ ეძლევათ სწორედ მირონცხებით, რამეთუ, როგორც ეს ზემოთაც ვნახეთ, ასეთია ამ საიდუმლოს დანიშნულება და შინაარსი.

გარდა ამისა, ოპონენტები გადმოგვცემენ ეკლესიის პრაქტიკასთან შეუთავსებელ და უცნაურ სწავლებასაც, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა მირონცხებით (ანუ მეორე ჩინით) მისაღებ ერეტიკოსებს ეკლესიაში თავიანთი ხარისხები არამც და არამც არ უნარჩუნდებათ და მათ ხელი თავიდან უნდა დაასხან.

ეს სწავლება საკმაოდ გავრცელებულია ახალმოწესე რეფორმატორულ მართლმადიდებლობაში და მას არაერთი სტატია მიეძღვნა. შავარაუდოდ, სწორედ ამ თხზულებების ზეგავლენით ჩვენი ოპონენტებიც ფიქრობენ, რომ "სამღვდელო ხარისხების შენარჩუნებას ეკლესია უშვებს იმ ერეტიკოსებისთვის, რომლებიც შეიწყნარებიან მწვალებლობათაგან გამიჯვნის, მათი საჯაროდ უარყოფის, მეშვეობით (ე.წ. მესამე ჩინით"); იმ ერეტიკოსებთან, ვინც ეკლესიაში მირონცხებით (ე.წ. "მეორე ჩინი") ერთვებიან, - სამღვდელოებს პირვანდელი ხარისხები არ ენახებათ, არამედ ისინი მიიღებიან ვითარცა საერონი (I მსოფლიო კრების მე-19 კანონი. ამ კანონის ზონარასეული განმარტება), რაც განპირობებულია შემდეგი მიზეზით: მირონცხებისას მწვალებელს შეევსება ნათლობისა და მირონცხების საიდუმლონი, მაგრამ არა - ქიროტონიისა" ("ივ. გაბრწყ". 17 (39) 30 დეკ. 2000 წ. გვ. 9 სვ. 1).

და კვლავ: "მირონცხებით ეკლესიაში ჩართულ მწვალებელ მღვდელს, თუკი იგი მღვდლობის ღირსია, ჭეშმარიტ ეკლესიაში ხელდასხმა ხელახლა უნდა ჩაუტარდეს რაც მხოლოდ და მხოლოდ მღვდელმთავრის პრეროგატივაა, მაგრამ, ვინაიდან "სტაროვერებს" ეპისკოპატი არ გააჩნდათ, ამიტომ ისინი "გადამრბენ მღვდლებს" არსებულ ხარისხებში ვერასგზით მიიღებდნენ... ამრიგად, "ნიკონიანელი" მღვდლები რაკი მირონცხებით, ანუ "მეორე ჩინით", ეკლესიურდებოდნენ, მათ სასულიერო წოდება უნდა ჩამორთმეოდათ და საერო პირების სტატუსით გაწევრიანებულიყვნენ "პოპოვშჩინაში" ეს უკანასკნელი ჭეშმარიტი ეკლესია რომ ყოფილიყო..." (იქვე).

რა შეიძლება ითქვას ამასთან დაკავშირებით? თავი რომ დავანებოთ მართლმადიდებლობისთვის უცხო მტკიცებას, რომ "მირონცხებით მწვალებელს ევსება ნათლობისა და მირონცხების საიდუმლონი", რასაც არ ასწავლის არც ერთი წმ. მამა, ოპონენტთა ზემოთ ჩამოყალიბებული სწავლება აშკარად მწვალებლური და ეკლესიის 2000-წლოვან პრაქტიკასთან შეუსაბამოა.

ამ სწავლებაში ასახულია ე.წ. ლუციფერიანული მწვალებლობა და "ბეზპოპოვცების" მოძღვრება ეკლესიაში ერეტიკოსთა მიღების შესახებ - ეს არის მიზეზი, რომ მათ დღემდე არ ჰყავთ სასულიერო დასი. ოპონენეტების მიერ გადმოცემული სწავლება მეორე ჩინის მწვალებელ იერარქთა ხარისხის გარეშე ერისკაცებად მიღების შესახებ არის "ბეზპოპოვცების" ეკლესიოლოგიის საფუძველთა საფუძველი.

დავიწყოთ იმით, რომ გამოთქმა: "მირონცხებით მწვალებელს ევსება მირონცხების საიდუმლო", არის სრული უაზრობა. ასეთივე უაზრობაა "ნათლისღების შევსება მირონცხებით".

მეტიც, სწავლება ერთი საიდუმლოს მეორეთი შევსების შესახებ, გახლავთ ცნობილი ერეტიკოსის პეტრე კნაფევსის (V ს.) მწვალებლობა. "პეტრე კნაფევსმა, გვამცნობს ისტორია, დაამხო მართლმადიდებელი მღვდელი და მის ადგილზე ხელი დაასხა სპარს ქსენაიას, რომელიც არამართლმადიდებლურად აზროვნებისთვის განდევნილი იყო ანტიოქიიდან კაცენდიონის მიერ. როდესაც ზოგიერთმა ეპისკოპოსმა სპარსეთიდან ამცნო პეტრეს, რომ ქსენაია იყო მოუნათლავი და გამოქცეული მონა, კნაფევსმა მათ მიუგო, რომ ეპისკოპოსის ქიროტონია ცვლის (ავსებს ეპ.პ.) ნათლისღებას" ("Летопись церковных событии", еп. Арсения, лето 484, стр. 196).

თუკი ერეტიკოსს, რომელიც ეკლესიას უერთდება, არა აქვს ნათლობა, ამ დანაკლისს მას ვერანაირი მირონცხება ვერ "შეუვსებს". ამდაგვარი თავიდან არის მოსანათლი და არა მირონსაცხები. ჩვენთვის უცნობია წყარო, რომელსაც შესაძლოა ეყრდნობოდნენ ოპონენტები ამ სწავლების გადმოცემისას, მაგრამ აშკარაა, ეს წყარო არ არის მართლმადიდებლური...

რაც შეეხება მირონცხებას, ცხადია (თუ მწვალებელს თავის საკრებულოში არ მიუღია მირონი ან ეკლესიის მიერ მისი სწავლება გადანაწილებულია ისეთ კატეგორიაში, რომელიც მათ მწვალებლურ საკრებულოში აღსრულებულ მირონცხებას არ შეიწყნარებს), ეკლესია ამ შემთხვევაშიც ისეთ მწვალებელს სცხებს მირონს, რომელსაც ის არ აქვს და უვსებს ამ დანაკლისს.

მირონცხების დანაკლისის შევსება მირონცხებით სავსებით ლოგიკურია, შესაძლებელიც და აუცილებელიც. მირონცხებით ნათლისღების შევსება კი შეუძლებელია და აბსურდი! ნათლისღების დანაკლისის შევსება შესაძლებელია მხოლოდ ნათლისღებით!

მაგრამ ოპონენტების სწავლება შეიცავს სხვა წინააღმდეგობასაც. ოპონენტები ჯერ იმას ამტკიცებდნენ, რომ მწვალებელი იერარქის ეკლესიაში შემოერთება ძალუძს მხოლოდ ეპისკოპოსს, რამეთუ ამ შემთხვევაში ისინი მირონცხებაში ხედავდნენ "მაღალი დასისთვის (მაგ. ეპისკოპოსისთვის არქიეპ.პ.) შესაბამისი იერარქიული ხარისხის მინიჭებას" ("ივ. გაბრწყ". № 26. 2000 წ. გვ. 9), ასევე "კურთხევას სამღვდელმთავრო მსახურებაზე" (იქვე) ან კიდევ "სამღვდელმთავრო მსახურების სულიწმიდისეული მადლის გადმოცემას" (იქვე).

სწორედ ამ მიზეზით, ისინი შეუძლებლად მიიჩნევდნენ, მღვდელს შემოერიგებინა ეკლესიაში მწვალებელი იერარქი. მათი აზრით, ამის გაკეთება შეეძლო მხოლოდ ეპისკოპოსს, რამეთუ, "იერარქიული ხარისხის მინიჭება", "კურთხევა სამღვდელმთავრო მსახურებაზე" და მასზე (ანუ სამღვდლო მსახურებაზე) "სულიწმიდისეული მადლის გადმოცემა" მხოლოდ ეპისკოპოსის პრეროგატივაა და ეს ყოველივე თურმე აღსრულდება სწორედ მირონცხებაში, როდესაც მეორე ჩინის ერეტიკოსს შემოირიგებს ეპისკოპოსი.

მაგრამ, ამჯერად "სტაროვერების" წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებაში მირონცხების ეს ძალა საპნის ბუშტივით გაქრა. თუკი მირონცხებაზე, როგორც ოპონენტები ასწავლიან, "მწვალებელს შეევსება ნათლობისა და მირონცხების საიდუმლონი", მაგრამ არა ქიროტონიისა, მაშინ, ცხადია, რომ მირონცხებით მწვალებელი იერარქის მიღება არ შესძლებია თვით ეპისკოპოსსაც (გავიხსენოთ რას ამბობენ ისინი: ("ანუ მეორე ჩინით) მისაღებ ერეტიკოსებს ეკლესიაში მიღებისას თავიანთი ხარისხები არამც და არამც არ უნარჩუნდებათ და მათ ხელი თავიდან უნდა დაასხან") (იქვე).

მეტიც, მეორე ჩინის ერეტიკოსი ერისკაცად ყოფილა შესაწყნარებელი და, თუკი ღირსი აღმოჩნდება, თავიდან ხელდასასხმელიც სამღვდლო მსახურებაზე; რატომ? იმიტომ, რომ, როგორც ამჯერად ამტკიცებენ, "მირონცხებით მას არ ევსება ქიროტონიის საიდუმლო, ქიროტონიის მადლი".

იმის სანაცვლოდ, რომ ოპონენეტებს თითოეულ ხსენებულ საიდუმლოზე ჩამოეყალიბებინათ წმ. მამებისეული სწავლება და აქედან გამომდინარე გაეაზრებინათ მათთვის საინტერესო საკითხები, შემოგვთავაზეს საკუთარი "თეოლოგიურ-ეკლესიოლოგიური" ვინეგრეტი, რომელსაც ბევრი აქვს საერთო რომაულ-კათოლიციზმთან, მართლმადიდებლობასთან კი არაფერი!

მაგრამ, რა შეიძლება ითქვას ოპონენეტთა იმ მტკიცებაზე, რომლის თანახმადაც, "სამღვდლო ხარისხების შენარჩუნებას ეკლესია უშვებს მხოლოდ მესამე ჩინის ერეტიკოსთათვის, ხოლო "ვინც ეკლესიაში მირონცხებით (ე.წ. "მეორე ჩინით") ერთვებიან, - სამღვდელოებას პირვანდელი ხარისხები არ ენახებათ, არამედ ისინი მიიღებიან ვითარცა საერონი" და მათ, თუ ღირსნი იქნებიან, "ხელდასხმა ხელახლა უნდა ჩაუტარდეთ"?

ჩვენი პასუხი ასეთი იქნება: ამ მტკიცებულებაში სწორია ის, რომ ეკლესიასთან შემორიგებულ მესამე ჩინის ერეტიკოსებს ნამდვილად უნარჩუნდებათ მწვალებლობაში მიღებული ხელდასხმები, მაგრამ არასწორია, თითქოს მეორე ჩინის ერეტიკოსებს, ანუ მათ, რომლებიც ეკლესიაში მიიღებიან მირონცხებით, "არ ენახებათ პირვანდელი ხარისხები და მიიღებიან ვითარცა საერონი".

საიდან ჩანს ეს? - ეს ჩანს წმ. მამათა სწავლებიდან და ეკლესიის ისტორიიდან, განსაკუთრებით კი შვიდი მსოფლიო კრების საქმეებიდან და, რაც ყველაზე საინტერესოა, ოპონენეტების მტკიცება ეწინააღმდეგება თვით მათივე ეკლესიის პრაქტიკას - ლათინური მწვალებლობიდან გადმოსულ იერარქებს ისინი იღებენ მეორე ჩინით, ანუ მირონცხებით და სასულიერო ხარისხთა შენარჩუნებით.

მოსკოვის ცნობილი ნიკონიანელი მიტროპოლიტი და ღვთისმეტყველი მაკარი (ბულგაკოვი) წერს: "ჩვენ აღვიარებთ მათ (ლათინთა არქიეპ. პ.) სამღვდელოებას და არასოდეს დავასხამთ ხელს ხელმეორედ ლათინებს მართლმადიდებლობისკენ მათი მოქცევის შემთხვევაში" (Митр. Макарий. Ист. Русск. Церкви, т. 12, стр. 197).

როგორც ზემოთ ვნახეთ, მწვალებელთა სხვადასხვა რანგით მიღება ეკლესიის უძველესი და აუცილებელი წესია, რომლითაც ის დღემდე სარგებლობს და ისარგებლებს მომავალშიც. ამ წესების უგულებელყოფა მწვალებლობის ტოლფასია და უმკაცრესად ისჯება. ამიტომაც, შეხედულება, რომლის მიხედვითაც, ეკლესიასთან მირონცხებით შემორიგებულ მღვდელს ხელდასხმა ხელახლა უნდა ჩაუტარდეს, არ შეესაბამება სინამდვილეს.

ზემოთ ჩვენ უკვე დავიმოწმეთ ამონაწერები "დიდი სჯულისკანონიდან", სადაც ჩამოთვლილია ის მწვალებლობანი, რომელთაგან მართლმადიდებლობად მოქცეულებს ეკლესია მირონცხებით იღებდა.

გვაინტერესებს, საიდან შეიძლება მომდინარეობდეს მირონცხებად მწვალებელთადმი ასეთი დამოკიდებულება. ჩვენი აზრით, ასეთი მიდგომა შესაძლოა განპირობებული იყოს ოფიციალურ "მართლმადიდებლობაში" ლათინური სწავლებების შეჭრით, რომელზეც ასევე უკვე ვილაპარაკეთ. რაში შეიძლება გამოიხატებოდეს აქ ლათინური ზეგავლენა? ჩვენი აზრით, იმაში, რომ ლათინურ ეკლესიაში, ანუ კათოლიციზმში, მღვდელს კონფირმაციის (ანუ მირონცხების) უფლება არ გააჩნია.

როგორც ცნობილია ლათინურ ეკლესიაში მირონცხებას კონფირმაციას უწოდებენ (ლათ.: Confirmatio - გაძლიერება, განმტკიცება). "როგორც მართლმადიდებლური, ასევე კათოლიკური თანამედროვე პრაქტიკა, - ვკითხულობთ პროფ. ვლადიმირ ლეგოიდას პუბლიკაციაში, (25) - აღიარებს მხოლოდ შვიდ საიდუმლოს: ნათლობას, ზიარებას, მირონცხებას, მღვდლობას, ქორწინებას, ზეთისცხებას და სინანულს. დანარჩენ მღვდელმსახურებას წეს-ჩვეულებებს უწოდებენ ("Современная практика (как православная, так и католическая) признает всего семь таинств: Крещение, Причащение, Миропомазание, Священство, Брак, Соборование (Елеосвящение) и Покаяние. Остальные священнодействия именуются обрядами"). რადგან, ქრისტეანული გაგებით, ეკლესია არის ქრისტეს მისტიკური სხეული, მიიჩნევა, რომ საეკლესიო საიდუმლოებებში ადამიანებს განსაკუთრებული სახით ეძლევათ ეკლესიის აღმაშენებელი საღმრთო მადლი. საიდუმლოში ხორციელდება ღმრთისა და ადამიანის შეხვედრა, რომელსაც ეხსნება გზა განღმრთობისკენ, შემოქმედისადმი მიმსგავსებისკენ. ქრისტეანები ფიქრობენ, რომ საიდუმლოებანი ფლობს განსაკუთრებულ ძალას, რომლის მიერაც ადამიანი ეზიარება ღმრთის ბუნებას. მაგრამ ეს ზიარება შეუძლებელია, თუ ადამიანი თვითონ არ ელტვის ამ ცვლილებას, ამიტომაც, საეკლესიო საიდუმლო რაღაც მაგიური რიტუალი როდია ან შეფუცვა, რომელიც, მისი სურვილისდა მიუხედავად, მექანიკურად აღსრულდება და ცვლის ადამიანს.

-------------

25. ვლადიმირ რომანის ძე ლეგოიდა - საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი, პედაგოგი, სპეციალისტი კულტუროლოგიის, პოლიტოლოგიისა და რელიგიათმცოდნეობის დარგში, პოლიტიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, საერთაშორისო ჟურნალისტიკის კათედრის პროფესორი, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის (МГИМО (У) МИД) მსოფლიო ლიტერატურისა და კულტურის კათედრის პროფესორი, ჟურნალ "Фома" ("თომა") მთავარი რედაქტორი, მოსკოვის საპატრიარქოს სინოდალური საინფორმაციო განყოფილების თავმჯდომარე (პირველი ერისკაცი, რომელიც დაინიშნა ამ თანამდებობაზე) ჰტტპ://ფომა.რუ/ლეგოჯდა-ვლადიმირ.ჰტმლ

-------------

მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებით, ყველა საიდუმლოს ჭეშმარიტი აღმასრულებელი არის თვით ღმერთი, ხოლო მღვდელი მხოლოდ ჭურჭელია, საიდუმლოს აღმასრულებელი ინსტრუმენტი. თუმცა ზოგიერთ განსაკუთრებულ შემთხვევაში, მაგალითად, თუ ვინმე მომაკვდავია, მართლმადიდებლური ტრადიცია ნათლობის საიდუმლოს აღსრულების უფლებას ერისკაცსაც ანიჭებს.

ადრექრისტეანულ ეკლესიაში სწავლება შვიდი საიდუმლოს შესახებ არ არსებობდა, პირველი ქრისტიანები არ აფიქსირებდნენ საიდუმლოთა რაოდენობას, ასევე ასე მკვეთრად არ ჰყოფდნენ ერთმანეთისგან საიდუმლოსა და წეს-ჩვეულებას (მართლაც, ძნელია ქორწინების საიდუმლოს უფრო მადლმოსილი უწოდო, ვიდრე ბერად აღკვეცის წეს-ჩვეულებას). სწავლება შვიდი საიდუმლოს შესახებ მართლმადიდებლობაში კათოლიკური ეკლესიის ზეგავლენის გარეშე როდი ჩამოყალიბდა, რაც, რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ აკნინკებს შვიდი საიდუმლოს მნიშვნელობას.

მირონცხების საიდუმლო, მიანიშნებს სულიწმიდის განსაკუთრებულ ნიჭზე, სულიწმიდის ბეჭედზე (ნათლისცემით დაწყებული ახალი ცხოვრების განსამტკიცებლად), რომელსაც პირველი ქრისტეანები თვით მოციქულთაგან ან პირველ ეპისკოპოსთაგან თავზე ხელის დადებით იღებდნენ. შემდეგში, როდესაც მონათლულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ყველა ნათლობაზე ეპისკოპოსის ყოფნა შეუძლებელი გახდა. აღმოსავლეთის ეკლესიაში მირონცხების უფლება მღვდლებსაც მიენიჭათ, ოღონდ მირონის კურთხევა (ნელსაცხებელი ზეთი, რომელიც 64-ზე მეტი ელემენტისგან შედგება) ეპისკოპოსთა პრეროგატივაში დარჩა.  

მართლმადიდებლური ეკლესიისგან განსხვავებით, სადაც მღვდელს უფლება აქვს, ნათლისღებასთან ერთად ჩაატაროს მირონცხების საიდუმლოც, კათოლიკურ ეკლესიაში მირონცხების საიდუმლოს მხოლოდ ეპისკოპოსი ატარებს ("В отличие от Православной Церкви, в которой Таинство Миромазания совершается священником...") და არა ყრმის მონათვლისთანავე, არამედ უფრო გვიან წლებში, როდესაც ახალმონათლული ყრმა "შემეცნების ასაკს" მიაღწევს, ანუ იმ ასაკს, როდესაც, როგორც კათოლიკეები ფიქრობენ, ადამიანს საკუთარი არჩევანის გაკეთება შეუძლია.

ტრადიციულად მირონცხების მღვდელმოქმედება დასავლეთში უფრო გვიან შემოვიდა, ვიდრე აღმოსავლეთში, დაახლოებით XI ს-დან და მას ცონსიგნატიო (ბეჭედი, ტერმინი, რომელიც ასევე ამ საიდუმლოს აღსანიშნად გამოიყენება) ეწოდება. მას, ჩვეულებისამებრ, ხელის დადებით აღასრულებდნენ. დასავლეთ ეკლესიის პრაქტიკაში IV-V სს-ში გაჩენილი მირონცხება საყოველთაოდ ვრცელდება მხოლოდ XIII ს-სთვის, ხოლო 1439 წელს ფლორენციის კრებამ საბოლოოდ დაამტკიცა წეს-ჩვეულების შეცვლა: "ხელის დადების ნაცვლად ეკლესიაში აღესრულოს კონფირმაცია". საიდუმლოს ფორმაში მთელი რიგი ცვლილებებისდა მიუხედავად, მისი შესრულების უფლება კათოლიკურ ეკლესიაში დღემდე ეპისკოპოსთა პრეროგატივაში რჩება" (ანუ მისი შესრულების უფლება მღვდელს არა აქვს - არქიეპ. პ.) (Литература: 1. Архиепископ Макарий. Православно-догматическое богословие. СПб, 1857. Т.2. // 2. Иеромонах Иларион (Алфеев). Таинство веры. Введение в православное догматическое богословие. Москва Клин, 1996. // 3. Теста Б. О Таинствах Католической Церкви. М.: Христианская Россия, 2000. // 4. Джероза Л. Каноническое право в Католической Церкви. М.: Христианская Россия, 1999. // 5. Христианство. Энциклопедический словарь в 3-х тт. М., 1995. Т. 2) (Владимир Легойда. Что такое конфирмация? https://foma.ru/chto-takoe-konfirmacziya.html) (URL-ის მიმართვის თარიღი: 12.11.2020).

ამის მსგავსს ვხედავთ თანამედროვე "მართლმადიდებელ" ეკლესიაშიც, სადაც, მართალია, არ ამტკიცებენ, თითქოსდა მღვდელს არ ჰქონდეს მონათლული ერისკაცის მირონცხების უფლება, მაგრამ ზემოთ ხსენებული ლათინური სწავლება კონფირმაციის (მირონცხების) შესახებ გარკვეული სახით ასახულია მწვალებელ სასულიერო პირთა შემოერთების საკითხში, სადაც მღვდელს მათი მირონცხების უფლება ერთმევა, თუმცა ამგვარი აკრძალვა წერილობით არსად მოცემული არ არის. როგორც ზემოთ ვნახეთ, როდესაც მღვდელი მირონცხებად მწვალებელს უერთებს ეკლესიას, ის ჩვეულებრივ მირონცხების საიდუმლოს აღასრულებს და არა რომელიმე ხარისხის "კურთხევას". და ეს წეს-განგება ყველა შემოსაერთებელი მწვალებლისთვის ერთი და იგივეა, იქნება ის ერისკაცი თუ სასულიერო პირი.
12
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому