აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. III_V_მართლმადიდებლურ ეკლესიაში მწვალებელთა და სქიზმატიკოსთა შემოერთების თეოლოგიური გადაწყვეტა - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II

გრანდიოზული დივერსია

17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმის მიზეზები და შედეგები მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის. ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკური და ისტორიულ-ლიტურგიკული გამართლება
მართლმადიდებლური ტაძარი
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.


თავი V
___________________________________________________________________________________________________________________________________

მართლმადიდებლურ ეკლესიაში მწვალებელთა და სქიზმატიკოსთა შემოერთების თეოლოგიური გადაწყვეტა

ამრიგად, ზემოთ დამოწმებული მასალაც ცხადყოფს, რომ, წმ. ბასილი დიდის პირველი კანონის არასწორად გაგებიდან გამომდინარე, ზ. ნოდია ძველმართლმადიდებელ მღვდლებთან დაკავშირებით აკეთებს საკმაოდ არასწორ დასკვნას და ჩვენი მისამართით წერს: "ესე იგი, სტაროვერთა მღვდლებს სხვათა ნათლისცემის, ხელდასხმის, მირონცხების მადლი დაკარგული ჰქონიათ და ერეტიკოსი მღვდელი, თავადაც უმადლო, როგორ უნდა ექციათ კანონიერ მღვდლად - ესეც ხორავას (ანუ ჩემი - არქიეპ. პ.) გაუკუღმართებული "აპოლოგიის" მამხილებელი "დიდი სჯულისკანონი" (ზ. ნ. დასახ. წიგნი. გვ. 216).

ამჯერად თავს დავანებებთ იმას, რომ ზ. ნოდიას, მეტი "ავტორიტეტულობა" რომ მიენიჭებინა თავისი უაზრო ნათქვამისთვის, ხსენებულ წინადადებაში სრულიად უადგილოდ ჩაუკვეხებია "დიდი სჯულისკანონი", რადგან ჩვენი "აპოლოგიის" (ალბათ, ზ. ნოდია გულისხმობს ჩვენს წიგნს "მართლმადიდებლობის აპოლოგია". თბილისი 2004 წ.) მამხილებელი არანაირი დოკუმენტი ან დიდი სჯულისკანონისეული განწესება არსად აქვს დამოწმებული. ერთადერთი, რასაც ის იმოწმებს, არის წმ. ბასილი დიდის პირველი კანონი, რომლისთვისაც თავი და ბოლო ვერ გაუგია და რომლისგანაც გამოუტანია სრულიად არასწორი დასკვნები. ამას ჩვენ ქვემოთ ვიხილავთ, აქ კი ყურადღებას მივაქცევთ ჩვენი მისამართით გამოთქმულ მის შემდეგ ფრაზას, რომლის მიხედვითაც, თურმე ჩვენი "ანტიეკლესიური ბრძოლის მეთოდი მდგომარეობს ჭეშმარიტი ქრისტეანული შეხედულებების ყალბით შენაცვლებაში. იქ, სადაც მტერი ვერ აღწევს მიზანს ძალადობით - შედეგს იღებს ათასგვარი სიყალბის, იმიტაციის, ფალსიფიკაციებისა და კომპრომისების მეშვეობით" (იქვე). არადა, როგორც ეს წინამდებარე ნაშრომის წინა ორ ნაწილშიაც ვნახეთ, სწორედ ზ. ნოდია და ძმანი მისნი წყვეტენ საეკლესიო საკითხებს "ათასგვარი სიყალბის, იმიტაციისა და ფალსიფიკაციების" მეშვეობით და არა ჩვენ.

ერთ-ერთი ასეთი გაყალბებული საკითხი გახლავთ ეკლესიაში მწვალებელთა სხვადასხვა კატეგორიებით მიღების პრობლემა. ამ თემას ლუციფერიანულ "სტილში" წყვეტენ არა მარტო ოფიციალური "მართლმადიდებელი" ეკლესიის ღვთისმეტყველები და მისიონერები, არამედ მისგან განდგომილი "ჭეშმარიტი" მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურებიც. ასე მაგალითად, ე. წ. რუსეთის მართლმადიდებელი ავტონომიური ეკლესიის (РПАЦ) იღუმენი თეოფანე მოხსენებაში "მწვალებელთა და სქიზმატიკოსთა ეკლესიაში მიღების წეს-განგების ისტორია" პირდაპირ აღიარებს, რომ მწვალებლობიდან გადმოსულ სასულიერო პირებს უნარჩუნდებათ ნათლისღება, მაგრამ ხელდასხმები არა (История чиноприема в Православную Церковь из еретических и раскольнических сообществ. 2012 г.) http://www.ortho-hetero.ru/index.php/tradition/1341) (URL-ის მიმართვის თარიღი: 12.11.2020). ეს არც არის გასაკვირი, რადგან ოფიციალური "მართლმადიდებელი" ეკლესიისგან განდგომილი ყველა "ჭეშმარიტი", "ძველმესტილე" თუ "კატაკომბური" ეკლესია ისეთივე ახალმოწესეობრივ-ნიკონიანური და რეფორმირებული დაჯგუფებებია, როგორც თვით ოფიციალური "დედა-ეკლესია". მათ რომ სხვადასხვა საკითხზე დიდი დავა აქვთ, ეს სულაც არ არის მათი მართლმადიდებლურობის ნიშანი, რადგან ისინიც ისეთივე მწვალებლები და მოდერნისტები არიან, როგორც ნიკონიანელი ღვთისმსახურები.

მართლმადიდებლურ ეკლესიაში მწვალებელთა და სქიზმატიკოსთა შემოერთების საკითხი საკმაოდ რთული და ვრცელია იმისთვის, რათა დეტალურად იქნას განხილული ჩვენს წინამდებარე ნაშრომში, მაგრამ ეს თემა მთლად უპასუხოდაც რომ არ დაგვრჩეს და თანაც ზ. ნოდიას უპასუხისმგებლოდ და უადგილოდ დამოწმებულ წმიდა ბასილი დიდის პირველ კანონს, სადაც ამავე საკითხზეა ლაპარაკი, ნათელი მოეფინოს, საჭიროდ მიგვაჩნია, ოფიციალური ეკლესიის უკვე გაცხადებული პოზიციებიც დაგვეფიქსიროთ და ძველმორწმუნეთა შეფასებებიც.

დავიწყებთ ძველმოწესეთა პოლემიკით. დავა ძველმართლმადიდებლურ სამღვდელოებასთან დაკავშირებით დიდი ხანია მიმდინარეობს ძველმოწესეებსა და ოფიციალურ მართლმადიდებლებს შორის. ახალმოწესე რეფორმატორ მართლმადიდებელთა მისიონერები ათასგვარი სიყალბეებით ცდილობდნენ, დაეკნინებინათ ძველმართლმადიდებელთა ეკლესია და ღვთისმსახურები.

XIX-XX საუკუნის ცნობილი ძველმოწესე აპოლოგეტის ფიოდორ მელნიკოვის (1874-1960) სიტყვების პერიფრაზირებას თუ მოვახდენთ, ვიტყვით, რომ როდესაც ახალმოწესე "მართლმადიდებლები" ძველმართლმადიდებელთა ეკლესიის კანონიკურობის და მადლმოსილების საკითხს აყენებენ და ბრალს გვდებენ "ჭეშმარიტ ქრისტეანულ შეხედულებათა გაყალბებაში", ასევე "იმიტაციებსა" და "ფალსიფიკაციებში" (ზ. ნ. ხს. წიგნი. გვ. 216), თავიანთი "ღრმა" უმეცრების გამო ვერ არკვევენ ან არც უწყიან, რომ ეს ბრალდებები სწორედ მათ ეკუთვნით, როგორც ჩვენს ბრალმდებლებს და ასევე იმ ეკლესიასაც, რომლის წევრებიც თვითონ ბრძანდებიან. ის ასევე ამბობდა, რომ "ჩვენ გაგვაჩნია მთელი რიგი მოწმობები იმისა, თუ როგორ აღიარებენ რუსეთის გაბატონებული და საბერძნეთის აღმოსავლური ეკლესია 2-ე და 3-ე ჩინის მწვალებელთა ქიროტონიას, რომლებიც არ ექვემდებარებიან გადანათვლას და როგორ აღიარებენ მათში სულიწმიდის ნიჭთა აღუხოცველობას.

"ჯერ კიდევ 1656 წელს, - წერს ფ. მელნიკოვი, - ანტიოქიის პატრიარქი მაკარი ნიკონს წერდა: "ლათინები არ უნდა გადავნათლოთ: მათ გააჩნიათ მღვდლობა და ისინი შეიწყნარებენ შვიდ საიდუმლოსა და შვიდივე მსოფლიო საეკლესიო კრებას, თაყვანს სცემენ წმიდა ნაწილებს და ხატებს და ყველა მათგანი მონათლულია სწორად მამის, ძის და სულიწმიდის სახელით. ამიტომაც, მათი გადანათვლა მეორედ ნათლობის მწვალებლობაში შთავარდნის ტოლფასია და ეწინააღმდეგება სარწმუნოების სიმბოლოს, სადაც ნათქვამია: "აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა". ჩვენ ვაღიარებთ მათ სამღვდელოებას და არასოდეს ხელმეორედ ხელს არ დავასხამთ ლათინ მღვდელმსახურებს მართლმადიდებლობისკენ მათი მოქცევის შემთხვევაში. ასევე უნდა ვაღიაროთ მათი ნათლისღებაც (რომელიც ამ დროისთვის უკვე საყოველთაოდ და გაბატონებულად წყალპკურებითი სახით სრულდებოდა. ამასთან დაკავშირებით დეტალურად იყო საუბარი ჩვენი წინამდებარე ნაშრომის პირველ ნაწილში - არქიეპ. პ.) (Ф.И.Мельников. В защиту старообрядческой иерархии. Выпуск I).

როგორც სამართლიანად აღნიშნავს ფ. მელნიკოვი, "ჩვენს ბრალმდებლებს, რომლებიც ძველმართლმადიდებლური სამღვდელოების ღირსებისა და სინამდვილის გარკვევას ცდილობენ, მართებდათ ეფიქრათ, თვით ხომ არ იმყოფებიან უღრმეს უმეცრებასა და გაურკვევლობაში საკუთარ სამღვდელოებასთან და ეკლესიის შესახებ მათ მიერ შემუშავებულ ახალ სწავლებასთან დაკავშირებით?! მათი განსჯა გულწრფელი რომ იყოს, მაშინ მიხვდებოდნენ, რაოდენ ორპირი და ბუნდოვანია მათი დამოკიდებულება ძველმართლმადიდებლური იერარქიისადმი. მაგრამ მათ ხომ ჭეშმარიტების გარკვევა არ აღელვებთ, მათ ამოძრავებთ მხოლოდ ერთი მიზანი - როგორმე დააბრკოლონ "მარტივი გონების მქონე" ადამიანები და წარმწყმედელ ორმოში ჩააგდონ იგი (მათე 15:14), რომელშიაც თვითონაც თავპირისმტვრევით მიექანებიან.

ჩვენთვის ცნობილია მრავალი მისიონერი, - წერს შემდეგ ფ. მელნიკოვი, - რომლებმაც არ იციან ბერძნულ-რუსული ეკლესიის სწავლება მწვალებლებში ქიროტონიის მადლის არსებობის შესახებ და არცთუ იშვიათად ძველმოწესეებთან გამართული პოლემიკის დროს "ბეზპოპოვცებივით" ("უმღვდელნი". მათ შესახებ ზემოთ სქოლიოებში აღვნიშნავდით - არქიეპ. პ.) ირწმუნებიან, რომ მწვალებლებში შეუძლებელია იყოს ხელდასხმის მადლი, და ასევე "რომელიმე საიდუმლო"" (იქვე). ამიტომაც, უწოდებენ ძველმორწმუნეთ "ცრუეკლესიასა" და "თვითმარქვიებს". მაგრამ, ფაქტია, რომ არსებობს უამრავი მოწმობა იმისა, თუ როგორ აღიარებს მწვალებლებში ქიროტონიის მადლის არსებობას ბერძნულ-რუსული ეკლესია (греко-российская церковь), რის გამოც მათი დაეჭვება ძველმართლმადიდებელთა ხელდასხმებში არის ოპონენტთა უმეცრებისა და საკუთარი ეკლესიის სწავლების უცოდინრობის შედეგი. გაბატონებული ეკლესია აღიარებს მწვალებელთა საზოგადოებებში აღსრულებულ ნათლობასა და ხელდასხმებს და მათ განმეორებას დაუშვებლად მიიჩნევს.

"მღვდლობის მადლი, - ნათქვამია ღვთისმეტყველების შემსწავლელ "სახელმძღვანელოში", - რომელიც მოიცემა ხელდასხმით, ოღონდ სხვადასხვა ხარისხით ებოძება ის დიაკვნებს, პრესვიტერებს და ეპისკოპოსებს, და მოსავს მათ სულიერი ძალაუფლებით, ყოველი მათგანის სულში უცვალებლად მკვიდრობს: ამიტომაც არც ეპისკოპოსი, არც პრესვიტერი და არც დიაკვანი მეორედ იმავე ხარისხში არ ხელდაისხმება, რადგან მღვდლობის საიდუმლო ერთია და განუმეორებელი" (Руководство к изучению христианского православно-догматичского богословия. М., 1898. С. 315). იგივე არის ნათქვამი ეპისკოპოს სილვესტრის (სილიბისტროს) "დოგმატურ ღვთისმეტყველებაშიც", სადაც ხაზგასმულია, რომ მღვდლობა ნათლობასთან ერთად განუმეორებელ საიდუმლოთა რიგს განეკუთვნება (Еп. Сильвестр. Опыт православного догматического богословия. Киев, 1897. Т. IV. С. 372).

"იზიარებს რა ამ თვალსაზრისს ხელდასხმის საიდუმლოსთან დაკავშირებით, - ვკითხულობთ ფ. მელნიკოვთან, - ბერძნულ-რუსული ეკლესია ამავე დროს აღიარებს, რომ ის აღუხოცველია იმ მწვალებლებშიც, რომლებთანაც ნათლობა სრულდება წმიდა სამების, - მამის, ძის და სულიწმიდის სახელით. კონსტანტინოპოლის სინოდმა 1879 წლის 21 ივლისის სხდომაზე აღმოსავლეთის ეკლესიის თვალსაზრისის შესაბამისად აღიარა და დაამტკიცა მიტროპოლიტ ბასილის დასკვნა "კლერიკოსთა ქიროტონიის სინამდვილის შესახებ, რომლებიც ხელდასხმულნი იყვნენ სქიზმატიკოსების მიერ". ამ შეხედულებას, რომელიც გადმოცემულია სპეციალურ ბროშურაში და რომელიც დაიბეჭდა "საეკლესიო უწყებანში" (Церковные Ведомости. 1906. № 45. С. 2939), იმოწმებდა ახალმოწესე არქიეპისკოპოსი იაკობიც. ბროშურაში ნათქვამია: "როდესაც ქრისტეს ეკლესიის წმიდა მამები და მოძღვრები, რომლებიც სხვადასხვა დროს მნათობებივით ბრწყინავდნენ და ყოველივე განაწყვეს ადამიანთა ცხოვნებისთვის, თავიანთი საეპისკოპოსო ძალაუფლებით, როგორც ვნახეთ, ნებას რთავდნენ, მწვალებლობიდან მოქცეული კლერიკოსები მიღებულ ყოფილიყვნენ იმავე ხარისხებში, რომლებიც მწვალებლებთან ყოფნის დროს მიიღეს და თვითონაც არაერთხელ მიუღიათ ასეთი მოქცეულები ეკლესიაში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნამდვილად დამხობილ და კრებითად განკითხულ მწვალებელთა მიერ იყვნენ მონათლულნი და ხელდასხმულნი - ისინი ამას აკეთებდნენ იქიდან გამომდინარე, რომ ყურადღებას აქცევდნენ მათთან აღსრულებულ საიდუმლოთა სისწორესა და სინამდვილეს ("რადგან არ არის ნათელღებული ის, ვინც ნათელ-იღო იმათ მიმართ, ვინც არ არის ჩვენთვის მოცემული", - როგორც ბრძანებს წმ. ბასილი დიდი) და შედეგად, მათ აღუხოცველობასა და სულიწმიდის სპეციალურ ნიჭთა წაურთმეველობას" (К истории вопроса о принятии схизматиков в православную церковь. М., 1892. С. 23).

"ზემოთ თქმული აიძულებს მიტროპოლიტ ბასილის, მივიდეს ისეთ საზოგადო და უეჭველ დასკვნამდე, რომ ნათლობის საიდუმლოსა და შედეგად, ხელდასხმის უდავოდ სწორი შესრულების პირობებებში კლერიკოსები, რომლებიც ქრისტეს საყოველთაო ეკლესიას მწვალებელთაგან უერთდებიან, მიღებულ უნდა იქნან მხოლოდ სარწმუნოების წერილობითი აღსარებითა და საკუთარი მწვალებლობის გმობით, როგორც განაწესებდა ამას VII მსოფლიო კრება ხატმებრძოლეთაგან გადმოსულ ეპისკოპოსთა და კლერიკოსთა შემთხვევაში; ან მირონცხებით, თუკი ადრე არ ყოფილან მირონცხებულნი, როგორც არის ეს განსაზღვრული II მსოფლიო კრების მეშვიდე კანონით; კლერიკოსები, რომლებიც ხელდასხმულნი იყვნენ დამხობილი ეპისკოპოსების მიერ და მოექცევიან სქიზმატური საზოგადოებებიდან, როგორც ჯერ კიდევ ეკლესიის ნაწილნი, შეწყნარებულ უნდა იქნან,  I მსოფლიო კრების მე-8 კანონის შესაბამისად, ანუ ყოველი თავის სასულიერო ხარისხსა და სამოსში" (Там же. С. 24 -25) (ფ. მელნიკოვი. იქვე).

"მაშ ასე, - დაასკვნის მიტროპოლიტი ბასილი, - ყოველგვარი დაეჭვების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ, ვის ნათლობასაც ეკლესია შეიწყნარებს, როგორც სწორად აღსრულებულს, მათ ხელდასხმებსაც შეიწყნარებს; ხოლო, ვის ნათლობასაც უარყოფს, მათი ქიროტონიის შეწყნარებას დაუშვებლად მიიჩნევს" (Там же. С.24).

ბერძნულ ეკლესიაში მრავალი შემთხვევაა ცნობილი, როდესაც მის წიაღში ერესიდან გადმოსული კლერიკოსები შეუწყნარებიათ თავისსავე ხარისხში. ჟურნალში "Православное Обозрение" ("მართლმადიდებლური მიმოხილვა") იუწყებიან, რომ "ოთხმა აღმოსავლელმა პატრიარქმა, რომლებიც კონსტანტინოპოლში შეიკრიბნენ 1860 წელს, ნება მისცეს უნიატებს, ჰქონოდათ თავიანთი ტაძრები და ყოფილიყვნენ მათი ეპისკოპოსის მმართველობის ქვეშ, და უნიატ პრესვიტერთა მღვდლობაც კანონიერად ჩათვალეს ხელდასმხების განმეორების გარეშე; მაგრამ, ამავე დროს, მათ განაწესეს, რათა უნიატთა ეპისკოპოსები, რომელთაც მათი სურვილისამებრ ირჩეევდნენ, დამოკიდებულნი ყოფილიყვნენ იმ საყდრის პატრიარქზე, რომელსაც ისინი ეკუთვნიან თავიანთი კათედრების ადგილმდებარეობის მიხედვით. უნიატები არ მერყეობდნენ მართლმადიდებლობასთან შემოერთებაში და 1860 წლის 29 ნოემბერს საზეიმოდ გაფორმდა ბერძენ-უნიატთა მნიშვნელოვანი ნაწილის შემოერთება აღმოსავლეთის ბერძნულ ეკლესიასთან, რითაც უნია საგრძნობლად დაუძლურდა. მღვდლებმა იოან ჰაბიბმა და გაბრიელ ჟიბარამ, მიიღეს რა მირონცხება მართლმადიდებლურ ეკლესიაში შემოსვლის ნიშნად, კონსტანტინოპოლის პატრიარქ იოაკიმესთან ერთად ლიტურგიაც ჩაატარეს. ანტიოქიის პატრიარქმა პირველს ალექსანდრიის (ალბათ "ალექსანდრიის" ნაცვლად უნდა იყოს "ანტიოქიის" - არქიეპ. პ.) საყდრის არქიმანდრიტობა უბოძა, ხოლო ალექსანდრიის პატრიარქმა მეორეს ალექსანდრიის საყდრის არქიმანდრიტობა მიანიჭა" (Bოссоединение униатов в Сирии и Египте //Православное Обозрение 1863. Т. 11. С. 295).

ამ ფაქტთან დაკავშირებით მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი ამბობს: "მოქმედების ორგვარ სახეს ვხედავთ ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. მკაცრი განსჯით ის ლათინობიდან გადმოსულთა ნათლობას ითხოვს. მაგრამ ამასწინათ ორი მელქიტელი (19) მღვდელი თავის ერთობაში მირონცხებით და მათივე ხარისხთა შენარჩუნებით შეიწყნარა" (Собрание мнений и отзывов м. Филарета. М., 1887. Т. 5. Ч. 1. С.284).

__________________

19.
მელქიტები - 1) ბერები სირიასა და ეგვიპტეში, რომლებიც ღვთისმსახურებას აღასრულებენ არაბულ ენაზე და მისდევენ ბერძნულ წეს-ჩვეულებებს; 2) კათოლიკეები არაბულ პროვინციებში. Словарь иностранных слов, вошедших в состав русского языка.- Чудинов А.Н., 1910.

__________________

"სხვა გამოხმაურებაში საკითხზე: შეიძლება თუ არა ნესტორიანელებისა და მათი პატრიარქის მირონცხებით მიღება, ფილარეტი მოწმობს, რომ "მსოფლიო პატრიარქი (კონსტანტინოპოლის), სავარაუდოდ, დადებითად გადაწყვეტდა ამ საკითხს. თუკი მან მირონცხებითა და მღვდლობის შენარჩუნებით მიიღო მღვდელი, რატომ არ უნდა მოიქცეს მსგავსად ეპისკოპოსის შემთხვევაში" (Там же. С.336) (ფ. მელნიკოვი. იქვე).

"რუსეთის სინოდალური ეკლესია ლათინ-კათოლიკეთა მიღების საკითხში არსებითად განსხვავდება აღმოსავლეთის ეკლესიისგან. იმ დროს, როდესაც ეს უკანასკნელი მათ პირველი ჩინის (კატეგორიის) ერეტიკოსებად მიიჩნევს და გადანათლავს, რუსეთის გაბატონებული ეკლესია მათ მესამე ჩინით იღებს, ანუ კათოლიკეებში აღიარებს არა მარტო ნათლობისა და ქიროტონიის, არამედ მირონცხების საიდუმლოსაც. "კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, - მოწმობს იგივე ფილარეტი, - აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიისგან განკვეთა პაპი; მაგრამ თვით პაპი დასავლეთის ეკლესიითურთ თავს პატივაყრილად სულაც არ მიიჩნევს და აღმოსავლეთის ეკლესია ამას შემწყნარებლურად უყურებს, რადგან, ღმრთის მიუწვდომელი განგებულებით, ვერ შედგა ერთობლივი კრება აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებისა, რომლებიც სქიზმაში შთავარდნილ დასავლელ ეპისკოპოსებს დაამხობდნენ; ამგვარად, შეუძლებელია გადაჭრით ითქვას, რომ დასავლელნი მოკლებულნი არიან მღვდლობის ნიჭსა და მოციქულთა უწყვეტ ხელდასხმით მემკვიდრეობას, რომელიც მათ შეინარჩუნეს. აი, რატომ არის, რომ, როდესაც დასავლელი მღვდელი ტოვებს თავის სქიზმას, მართლმადიდებლური ეკლესია მას მღვდლადვე შეიწყნარებს" " (Христианское Чтение. 1906. Июль. С. 130).

"ზემოთ ჩვენ ვნახეთ, რომ აღმოსავლეთის ეკლესია მსოფლიო საეკლესიო კრებათა მიერ დამხობილ ერეტიკოსთა ქიროტონიის მადლს აღიარებს. მაგრამ კათოლიკეებში ამ მადლს მხოლოდ იმიტომ უარყოფს, რომ მათში, მისი დოგმატური სწავლებით (იხ.  Исследование И. Никольского. Пидалион. С. 246), არ არსებობს უპირველესი საიდუმლო - შთაფლვით ნათლობა, რომლის სანაცვლოდ მათში დამკვიდრებულია წყალდასხმა.

1887 წლის "მართლმადიდებლურ მიმოხილვაში" ნათქვამია: "ბერძნები გადანათლავენ კათოლიკეთ, მაშინ როდესაც ჩვენ (რუსები) არა მარტო თავიდან ნათლობისა და მირონცხების გარეშე შევიწყნარებთ, არამედ მათში სხვა საიდუმლოებებსაც, კერძოდ, მღვდლობის მადლსაც ვაღიარებთ" "(Православное Обозрение. 1887. Февраль. С. 286-28) (ფ. მელნიკოვი. იქვე).

"ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესია, მისდევს რა აღმოსავლელ და დასავლელ მამათა სწავლებებს, როგორც ძველად, ასევე ახლაც კრებითად აღიარებს, რომ ლათინთა სიახლე, თითქოსდა სულიწმიდა გამოდის მამისა და ძისგანაც, არის მწვალებლობა, და მისი მიმდევრები, ვინც გინდა იყოს, მწვალებელია. ამასთანავე, ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია, - ამბობს პროფ. ვ. სოკოლოვი, - აღიარებს რომაულ-კათოლიკურ ხელდასხმებს და ლათინობიდან გადმოსულ სასულიერო პირებს მათსავე ხარისხებში შეიწყნარებს. მაშ, თუკი რომის ეკლესიისთვის დამახასიათებელი მწვალებლობა სულიწმიდის ძისგან გამომავლობის შესახებ არ ანადგურებს მის ხელდასხმებს, ბუნებრივია, იგივე ლოგიკა უნდა იქნეს გამოყენებული ანგლიკანური ეკლესიის მისამართითაც" (Соколов В. Иерархия англиканской епископальной церкви. М., 1897. С. 356-357).

"პროფესორ სოკოლოვის აზრს იზიარებენ გაბატონებული ეკლესიის სხვა თეოლოგებიც და ანგლიკანურ ეკლესიაში ხელდასხმის მადლის არსებობას აღიარებენ, თანაც, სოკოლოვის მსგავსად, მღვდლობის საიდუმლოს აღუხოცველობას იმოწმებენ, თუმცა ანგლიკანური იერარქია პაპმაც დაგმო. "რაც შეეხება შემოპასუხებას, - ამბობს აკადემიური ჟურნალი "Церковный Вестник" ("საეკლესიო მაცნე"), - რომ რომის ეკლესიამ ანგლიკანელ ეპისკოპოსებს ჩამოართვა უფლებამოსილებანი, ეს ეწინააღმდეგება თვით რომის ეკლესიის სწავლებას მღვდლობის მადლის აღუხოცველობის შესახებ და მართლმადიდებლური ეკლესიის პრაქტიკას, რომელიც რომის მიერ ხელდასხმულთა სინამდვილეს აღიარებს და მათგან მართლმადიდებლობისკენ გადმოსვლის შემთხვევაში, თავისსავე ხარისხში შეიწყნარებს, რადგან ჩვენი მართლმადიდებლური შეხედულებით, რომის ეკლესიაში მიღებული მღვდლობის მადლი არ იკარგება" (Церковный Вестник. 1897. №4. С.118).

ფ. მელნიკოვს კიდევ მოჰყავს მსგავსი მოწმობანი, მაგრამ, ვფიქრობთ, ზემოთ მოტანილი ფაქტებიც საკმარისია, რათა ვთქვათ, რომ ბერძნულ-რუსული ეკლესიისთვის, რომელიც მე-3 და მე-2 ჩინის

მწვალებლებში ქიროტონიის მადლს აღიარებს (ასეთებად მიიჩნევს რუსეთის ეკლესია კათოლიკეებსა და ანგლიკანებს, რომელთაც აშკარად დარღვეული აქვთ ნათლისღების საიდუმლო), ეს საკითხი ნათელი და უდავოა.

ფ. მელნიკოვთან ერთად ზ. ნოდიასა და ყველა მისნაირი "მისიონერის", "პუბლიცისტისა" თუ "თეოლოგის" მისამართით ვიტყვით, რომ "თუ მათ სწამთ თავიანთი გაბატონებული ეკლესიის სიწმიდე და უცთომელობა, უნდა სწამდეთ და აღიარონ, რომ როგორც კათოლიკურ, ასევე ანგლიკანურ და სხვა მწვალებლურ ეკლესიებში შენარჩუნებულია ქრისტესგან ბოძებული იერარქიული მემკვიდრეობა და მღვდლობის აღუხოცველი მადლი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ეკლესიები დაგმეს მართლმადიდებლურმა კრებებმა და საკუთარ თავში ყოველგვარ მწვალებლობებსა და ცთომილებებს შეიცავენ. სრული წარმოდგენა რომ გვქონდეს, თუ რა "მადლს" შეიცავს კათოლიკური იერარქია, ზედმეტი არ იქნება, თვალს თუ გადავავლებთ რომის ზოგიერთი პაპის, "მღვდლობის მადლის" ამ გამანაწილებელთა ცხოვრებასა და მღვაწეობას.

"ლათინური თხზულებებიდან, - ნათქვამია ცნობილ წიგნში "აპოკრისისი", - კათოლიკეებმა იციან, რომ პაპი ლიბერიოსი არიანელი იყო, იციან, რომ პაპი ჰონორიუსი მონოთელიტი იყო და ამისთვის ანათემას გადაეცა კონსტანტინოპოლის კრებაზე (Альфонс. Против ересей. Кн. 1. Гл. 4), იციან, რომ პაპი მარკელინე აშკარად მსხვერპლს სწირავდა კერპებს; იციან, რომ პაპ იოანე 22-ეს არ სწამდა ადამიანის სულის უკვდავების, რის გამოც კარდინალმა გერსონმა ამხილა; იციან, რომ პაპი სილვესტრ მე-2 იყო მოგვი და პაპი გახდა ეშმაკის შემწეობით, რომელსაც სული მიჰყიდა; იციან, რომ პაპ ანასტასის კავშირები ჰქონდა მწვალებელ ფოტინესთან, რის გამოც მისმა სამღვდელოებამ მიატოვა; იციან, რომ პაპი გილდერბრანდტი არა მარტო ბოროტმოქმედებაში ამხილეს, არამედ მკრეხელობებშიც, კაცისმკვლელთა და დამანაშავეთა დაცვაში, ასევე ჯადოქრობასა და ნეკრომანტობაში (ანუ, ის იყო ჯადოქარი, რომელიც მიცვალებულთა ძვლებით მკითხაობდა), ის ასევე იყო მწვალებელი, რომელიც განუდგა საყოველთაო რწმენას; იციან, რომ პაპი ევგენი მე-4 ამხილა ბაზელის კრებამ არა მარტო როგორც სიწმიდეთ გამყიდველი, ფიცის გამტეხი და საეკლესიო ქონების გამნიავებელი, არამედ როგორც ეპისკოპოსი, რომელმაც მრავალი ბოროტება ჩაიდინა, განუდგა რწმენას და გახდა მწვალებელი" (Христофор Филалет. Апокрисис. Киев, 1870. С.97 98). "და თუ პაპები ასეთები იყვნენ, - ამბობს "აპოკრისისი", - რაღა უნდა ითქვას უქვემოეს დასებზე, რომლებიც უფრო ბოროტმოქმედები, არამზადები და მკვლელები იყვნენ, ვიდრე მწყემსები? რა უნდა ითქვას სხვა ეპისკოპოსებზე, მით უმეტეს მათზე, რომელთა შესახებაც კანონი ბრძანებს, რომ ყველა ეპისკოპოსი როდია ეპისკოპოსი, და რომელთაც ნეტ. ავგუსტინე უსირცხვილო ძაღლებს უწოდებს და არა ეპისკოპოსებს"  (Там же. С. 98) (ფ. მელნიკოვი. იქვე).

"მოციქულთა აი ასეთ "მემკვიდრეებს" ანიჭებს გაბატონებული ეკლესია უფლებას, ჰქონდეთ ხელდასხმის მადლი და საკუთარ წიაღში კანონიერად ხელდასხმულ მღვდლებად შეიწყნარებს. რაც შეეხება ანგლიკანურ ეკლესიას, ის იმდენ მწვალებლობასა და ცთომილებას შეიცავს, რომელსაც ძველად პირველი ჩინის ერეტიკოსებიც კი არ შეიცავდნენ, რომლებიც თავიდან გადანათვლას ექვემდებარებოდნენ მართლმადიდებლობისკენ მოქცევის შემთხვევაში" (იქვე).

ამის შემდეგ ფ. მელნიკოვი ჩამოთვლის იმ მწვალებლობებს, რომლებიც ანგლიკანურ აღმსარებლობაში აღურიცხავს პროფესორ სოკოლოვს და რომელთა შორისაც გავრცელებულია ისეთი მწვალებლობები, როგორიც არის ლათინური "ფილიოკვე" (სულიწმიდის ძისგან გამომავლობა) (ანგლიკანური აღმსარებლობის 5-ე წევრი), პროტესტანტული სწავლება რწმენით გამართლების შესახებ (მე-6 და 11-ე წევრები), წმიდა წერილის საკმარისობა სულის საცხოვნებლად (იქვე), კალვინისტური შეხედულება წინაგანსაზღვრულობაზე (17-ე წევრი), მსოფლიო კრებათა ავტორიტეტულობის უარყოფა (19-20 წევრი). ხატმებრძოლობა (21-ე წევრი). 25-ე წევრში საიდუმლოებებად აღიარებულია მხოლოდ ორი - ნათლობა და ზიარება. დანარჩენი ხუთი, მათ შორის მღვდლობა, ანგლიკანური ეკლესიის მიხედვით, არ უნდა ჩავთვალოთ საიდუმლოდ. მათი აზრით, "ეს არის ცხოვრებისეული მდგომარეობა, რომელიც დაშვებულია წერილში". ევქარისტიის შესახებ (28-ე წ.) ნათქვამია, რომ გარდაარსება არ დასტურდება წმიდა წერილით და, რომ "ქრისტეს ხორცი მოიცემა და იჭმება მხოლოდ სულიერი გაგებით". "საიდუმლოში პური და ღვინო არ შეიცვლება ქრისტეს ხორცად და სისხლად და ისევე რჩებიან თავიანთსავე ბუნებაში, ამიტომაც შეუძლებელია ისინი განღმრთობილ იქნენ"; 31-ე წევრის მიხედვით, ანგლიკანები "ევქარისტიას ქრისტეს ჯვარზე ვნების დაჩრდილვას და დანაშალებრივ საცთურს" უწოდებენ.

მაშ, თუკი გაბატონებული ეკლესია და მათთან ერთად ძველმართლმადიდებელთა ბრალმდებლები ქიროტონიის მადლს და მღვდლობის ძალაუფლებას მწვალებელთა ისეთ საზოგადოებებშიც აღიარებენ, როგორებიც არიან ანგლიკანები და კათოლიკეები, ხოლო ძველმოწესეთა იერარქიაში, რომელთაც მღვდლობა თვით გაბატონებული ეკლესიიდან გადმოსულ მღვდელმსახურთა მიერ შეინარჩუნეს,  უარყოფენ, ეს შეიძლება აიხსნას მხოლოდ საშინელი გაბოროტებით და საუკუნეობრივი სიძულვილით ძველმოწესეობისადმი გაბატონებული "მართლმადიდებლობის" მხრიდან. სხვა მოტივები არ არსებობს.

რა მხრიდანაც გინდა მიუდგნენ ძველმოწესეობის იერარქიას მისი ბრალმდებლები, თუკი იზიარებენ საკუთარი ეკლესიის ზემოთ ჩამოყალიბებულ სწავლებას მღვდლობის საიდუმლოს აღუხოცველობის შესახებ, დაუოვნებლივ და გარდაუვალად უნდა აღიარონ, რომ ძველმართლმადიდებლური იერარქია, როგორც ბერძნულ-რუსული ეკლესიის ხელდასხმის მემკვიდრე, სრულიად კანონიერი და მადლმოსილია მისთვის ბოძებული ყველა უფლებითა და ძალით" (Ф. И. Мельников. В защиту старообрядческой иерархии). მხოლოდ ასეთ დასკვნამდე უნდა მივიდეს ჩვენი ყველა ოპონენტი ზ. ნოდიას და მისნაირების ჩათვლით.

ამრიგად, ჩვენ გავარკვიეთ ქიროტონიის მადლის საკითხი გაბატონებული ეკლესიის სწავლების მიხედვით. ახლა ვნახოთ, როგორ წყვეტენ მას ამავე ეკლესიის მისიონერები.

როგორც ადრე, ასევე ახლაც ჩვენს ოპონენტებს წარმოდგენა არა აქვთ რუსეთში გაბატონებული ეკლესიისა და ბერძნული ეკლესიის სწავლებაზე წმიდა სამების სახელზე მონათლულ მწვალებლებთან ხელდასხმის მადლის აღუხოცველობაზე. ასეთივე უმეცრება გამოსჭვიოდა გასულ საუკუნეებში ოფიციალური რუსული ეკლესიის მისიონერთა თხზულებებიდანაც, რომლებიც ათასგვარი ხრიკითა და მაქინაციით ებრძოდნენ ძველმართლმადიდებლობას თავიანთ ქვეყანაში. სწორედ ამაზე მსჯელობს თავისი წიგნის მომდევნო თავში ფ. მელნიკოვი და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მისი მხილებები დღესაც აქტუალურია, რადგან უმეცარ მისიონერთა სწავლებები მემკვიდრეობით გადმოცემია ჩვენი დროის უმეცრებს ზ. ნოდიას მეთაურობით. ამიტომაც ჯეროვანი იქნება გავეცნოთ ფ. მელნიკოვის ნაშრომის ამ თავსაც და შემდგომ წმიდა მამათა სწავლებასაც ამ საკითხზე.

გაბატონებული ეკლესიის როგორც წინანდელი, ასევე დღევანდელი ადეპტები დარწმუნებულნი არიან, რომ არც ერთ მწვალებლურ საზოგადოებაში ქიროტონიის მადლი არ შეიძლება არსებობდეს. "ასეთ შეხედულებას მისდევდა იმდროინდელი ანტიძველმოწესეობრივი მისიონერობა. პავლე პრუსიელის (20) მიერ "ბეზპოპოვცური" სულისკვეთებით გამოზრდილ მისიონერობას სუფთად "ბეზპოპოვცური" შეხედულება გააჩნდა მრავალ საეკლესიო საკითხზე.

_________________

20. არქიმანდრიტი პავლე (ლედნევი) პრუსიელი (1821-1895) - მოსკოვის ნიკოლოზის სახელობის ედინოვერცული მონასტრის წინამძღვარი. ცნობილი მისიონერი, მწერალი და პუბლიცისტი, მოღვაწე, რომელიც წერდა ძველმოწესეთა წინააღმდეგ.

_________________

"არამართლმადიდებლურ საზოგადოებებში აღსრულებულ ქიროტონიებზე მისიონერები ამტკიცებდნენ, რომ "მწვალებლებზე გამოცხადებული საეკლესიო სასამართლოს შემდეგ, მათ საზოგადოებაში უკვე წყდება სამოციქულო მემკვიდრეობითობა, რომელიც მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიაშია შენარჩუნებული"" (Филарет, иеромонах. Разбор ответов на восемь вопросов. Москва, 1880. С.176).

"ეს მტკიცებულება, - წერს ფ. მელნიკოვი, - ააშკარავებს იმდროინდელ (და როგორც ჩანს დღევანდელ - არქიეპ. პ.) მისიონერთა უმეცრებას საეკლესიო დოგმატიკის საკითხებში, მათ უცოდინრობას იმ სწავლებისა, რომლის ქადაგება და დაცვა მათ იკისრეს. როგორც ახლა ვნახავთ, ისინი დღემდე ვერ განათლდნენ ამ უღრმესი უმეცრებისგან. მწვალებელთა ქიროტონიის საკითხის მრავალწლოვანმა შესწავლამ ისინი დღემდე ვერ მიიყვანა ერთ აზრამდე მოცემულ საკითხში. მათზე ზედგამოჭრილია ბ-ნ სტროევის განსაზღვრება, რომ ისინი, რომლებიც დაყენებულნი არიან სხვათა განმანათლებლებად, "თვითონ იმყოფებიან უღრმეს უმეცრებაში საკუთარ სამღვდელოებასთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებითაც, სად, როდის და როგორ იღებდნენ მწვალებელი კლერიკოსები ღმრთისგან მადლმოსილ სამღვდელმთავრო ძალაუფლებას, მადლისმიერ სამღვდელმთავრო უფლებამოსილებებს და მადლისმიერ უფლებას იწოდებოდნენ ქრისტეს ეკლესიის მწყემსმთავრებად" (Миссионерский Сборник. 1908. є 2. С. 166) (ფ. მელნიკოვი. იქვე).

"თავიანთ საჯარო გამოსვლებში მისიონერები ყოველთვის აყენებდნენ საკითხს ძველმოწესეთა ქიროტონიის მადლის შესახებ (ისევე, როგორც აკეთებს ამას დღეს ზ. ნოდია - არქიეპ. პ.), თვითონ კი განუხრელად არიდებდნენ თავს ამ საკითხის გადაწყვეტას, როდესაც მას წამოწევდნენ ძველმოწესე ოპონენტები. მაგრამ ერთხელ ოფიციალური ეკლესიის ერთ მღვდელს გაუჩნდა სურვილი, ამ კითხვით მიემართა ჟურნალ "მისიონერული მიმოხილვის" რედაქციისთვის. "უმორჩილესად ვთხოვ, - წერდა იგი, - პატივცემულ რედაქციას, რამდენიმე სიტყვით მიპასუხოს ქვემოთ დასმულ კითხვაზე. ეს შეკითხვა, - განმარტავდა მღვდელი, - ხშირად ჩნდება სქიზმატ-ბეგლოპოპოვცებთან გასაუბრებებში, რომლებიც ჩემს სამრევლოში უხვად არიან". ამის შემდეგ მოჰყავს რამოდენიმე წმიდა მამებისეული მოწმობა იმის შესახებ, რომ "მწვალებელთა ეკლესიებში არ არსებობს სულიწმიდის მადლი" (Большой Катехизис. Л. 122; Показание Истины. С.613; м. Макарий. Православное Догматическое Богословие. Т. 11. С.209) და მღვდელი რედაქციას ეკითხება: "ძველად, მსოფლიო კრებათა პერიოდში, ზოგიერთ მწვალებელს, მაგალითად, დონატიანელებს და სხვებს, თუ ისინი მოექცეოდნენ ჭეშმარიტი ეკლესიისკენ, იღებდნენ თავიანთსავე ხარისხებში, ანუ იმათში, რომლებიც მათ ჰქონდათ მწვალებლობაში ყოფნისას. იბადება კითხვა, სად მიიღეს მათ მღვდლობის მადლი? მწვალებლურ ეკლესიაში თუ მართლმადიდებელ ეპისკოპოსთაგან? მწვალებელთა ეკლესიაში მღვდლობის მადლს ისინი ვერ მიიღებდნენ, რადგან მწვალებლებში არ არსებობს სულიწმიდის მადლი, როგორც ეს ზემოთ ითქვა. ჭეშმარიტ ეკლესიაში მათი გადმოსვლის დროს მათზე არ შესრულებულა ქიროტონია (საიდუმლო), რომლის მიერაც მიიღება მხოლოდ მღვდლობის მადლი. მაშ, სად მიიღეს ამ მწვალებლებმა მღვდლობის მადლი?" (Миссионерское Обозрение. 1903. є 4. С. 464).

"მისიონერული მიმოხილვის" რედაქცია იძულებული გახდა, პასუხი გაეცა ამ კითხვისთვის. ეს ამოცანა მან მიანდო თავის უმთავრეს თანამშრომელს - ნ. გრინიანკინს, ყველა საკითხის სპეციალისტს, რომელსაც დიდი პრეტენზიები ჰქონდა ყოვლისმცოდნეობაზე. ის მართლაც განსაკუთრებული მისიონერი იყო, რომელიც შეუდარებლად მაღლა იდგა თვით "მისიონერულ მიმოხილვაზეც" კი. წერდა მარჯვედ, ზოგჯერ გონივრულად და იშვიათად სამართლიანადაც კი. ყველა დანარჩენი მისიონერი მის წინაშე - არარაობა იყო. ის გამოდიოდა რელიგიურ-ფილოსოფიურ შეკრებებზე, სადაც მისი საკმაოდ აბდაუბდა, მაგრამ მგზნებარე გამოსვლების შემდეგ, აუდიტორიაში ისმოდა მისი საწინააღმდეგო და აბუჩად ამგდები შეძახილები: "როგორი თავდაჯერებულობაა!". ჰოდა, სწორედ ჩვეული თავდაჯერებულობით შეუდგა ეს გრინიანკინი ზემოთდასმულ კითხვაზე პასუხის გაცემასაც.

"სქიზმატიკოსები გვეკითხებიან, - დაიწყო თავისი პასუხი გრინიანკინმა პირველივე სტოფებიდან და თან ავიწყდება, რომ მას ეკითხებოდა არა სქიზმატი, არამედ მისივე სულიერი ძმა, გაბატონებული ეკლესიის მღვდელმსახური, - თუ სად იღებდნენ მღვდლობის მადლს მწვალებლები, რომელთაც ეკლესია მესამე კატეგორიით შეიწყნარებს "თავისსავე ხარისხში", - მწვალებელთა ეკლესიაში, სადაც მადლი არ არსებობს, თუ მართლმადიდებლურში, სადაც მათზე ქიროტონიის საიდუმლო არ შესრულებულა? ჩვენ ჩვენი მხრიდან ასეთ კითხვას დავუსვამდით შემკითხველებს: მსოფლიო კრებათა წმიდა მამები (95 правило 6 вселенского собора. Ср.: 8 правило 1 вселенского собора, 7 правило 2 вселенского собора и др.), როდესაც ქიროტონიის განმეორების გარეშე იღებდნენ მწვალებელ კლერიკოსებს მათსავე ხარისხებში, სად მოიაზრებდნენ მათზე გარდამოსულ მღვდლობის მადლს: მწვალებელთა უმადლო საზოგადოებაში თუ მართლმადიდებლობაში, სადაც შემოერთებულ კლერიკოსზე არ აღესრულებოდა ხელდასხმის საიდუმლო?

შემდეგ: "ვლადიმირის ეპისკოპოსი დანიელი, რომელსაც ხელი დაასხა რუსმა მიტროპოლიტმა ისიდორემ, ფლორენციის კრებისგან მისი განდგომის შემდეგ, წმ. მიტროპოლიტ იონას პატიება სთხოვა და ევედრა კვლავ მიეღო იგი ერთობაში, რაზეც კრებითი შეწყნარების შემდეგ კვლავ თავისსავე ხარისხში იქნა შეწყნარებული" (М. Макарий. Четьи-Минеи. Август. Л. 3001; Швецов О. В. /Арсений Уральский/. Истинность старообрядческой иерархии. С.127). რომელ ეკლესიაში უნდა მიეღო, მიტრ. იონას აზრით, ეპ. დანიელს მღვდლობა - ლათინურ (უმადლო) თუ მართლმადიდებლურ ეკლესიაში (სადაც მასზე სამღვდელმთავრო ქიროტონია არ შესრულებულა)?  სქიზმატი შემკითხველები აღმოჩნდებიან მღვდელმთავრებისა და მწიგნობრების მდგომარეობაში, რომლებიც ქრისტეს ეკითხებოდნენ მისი ძალაუფლების შესახებ, და გვიპასუხებენ: არ ვიცით. და მაშინ მათ ვუპასუხებთ: ჩვენც, ოქროპირის მიხედვით, "დაფარულს არ გამოვეძიებთ" (Миссионерское Обозрение. 1903. є 4. С.465-466).

პასუხი აქ ჯერ კიდევ გაცემული არ არის. გრინიანკინმა მხოლოდ გაიმეორა მღვდლის კითხვა, რაც მას "სქიზმატთა შეკითხვად" ეჩვენება, რომლებმაც საჯარო პოლემიკებში არაერთხელ ჩააყენეს იგი გამოუვალ მდგომარეობაში. გრინიანკინის ბოლო სიტყვები "დაფარულზე" მან მხოლოდ "თავმდაბლობისთვის" ახსენა, სინამდვილეში კი მან ყველაფერი გამოიძია და ჩასწვდა "დაფარულ" სიღრმეს და ახლა მზად არის, პასუხი გასცეს დასმულ კითხვას.

"ჩვენი თავმდაბალი განსჯა ამ საგანზე ასეთია, - პასუხობს ის, - წმ. ეკლესია მე-2 კატეგორიის მწვალებლებს თავის წიაღში იღებდა ნათლისღების განმეორების გარეშე, ხოლო მე-3 კატეგორიის მწვალებლებს მირონცხების განმეორების გარეშე და კლერიკოსებზე ხელდასხმებს არ იმეორებდა, თანაც ასწავლიდა, რომ "ღმრთის ეკლესიის გარდა სულის ცხოვნება არსად არ არის... ვინც არ იმყოფება ქრისტეს ეკლესიაში, მას ქრისტე არ აცხოვნებს და სულიწმიდის მადლი ამგვართ არ გააჩნიათ"" (Большой Катехизис. Л. 119 об., 122 и др.).

"გამოდის, თითქოსდა ეკლესია აღიარებს მადლისმიერ განწმენდის შესაძებლობას მწვალებელთა საზოგადოებებში (ნათლისღების, მირონცხების და მღვდლობის საიდუმლოებებში), მაშასადამე, ცხოვნებასაც, და საიდუმლოთა სინამდვილე (სწორი ფორმობრივობა) ყოველთვის თან არ ახლავს მათ ქმედითობას (საიდუმლოს მიმღებზე სულიწმიდის მადლის მაცხოვნებელი მოქმედება). იღებს რა მე-3 კატეგორიის მწვალებლებს, წმიდა ეკლესია აღიარებს მის პირველ მხარეს, ანუ მათ საიდუმლოებებს (ნათლობას, მირონცხებას და მღვდლობას), ხოლო მეორეს (ქმედითობას) უარყოფს. მწვალებელთა მიერ აღსრულებული საიდუმლოებების ნამდვილი ფორმა, რომელსაც ეკლესია არ იმეორებს, ივსება მადლისმიერ-მაცხოვნებელი შინაარსით მხოლოდ მაშინ, როდესაც ხსენებული მწვალებლები შემოუერთდებიან ქრისტეს წმ. მართლმადიდებლურ ეკლესიას. შედარება: ქალაქში გაიყვანეს სწორი კანალიზაცია, ჩადეს სწორი მილები. არც ისე შორს საჭირო წყლის მთელი ოკეანეა. ქალაქის სასიკეთოდ აუცილებელია, მხოლოდ კანალიზაციისა და მილების სისტემა ზღვას შეუერთონ. ამის მსგავსად წმ. ეკლესია სულიწმიდის მაცხოვნებელი მადლის მთელი ზღვაა, ხოლო მწვალებლები - წყურვილისგან გათანგული ქალაქი; მილები - სულიწმიდის მადლის მისაღები გამტარებია, საიდუმლოთა ფორმა მათ სწორი აქვთ; მაგრამ ამ გამტარების მეშვეობით "მაცოცხლებელი წყლის", ანუ სულიწმიდის მადლის მიღება მათ მხოლოდ მაშინ შეუძლიათ, როდესაც შეუერთდებიან ეკლესიას... ამრიგად, - ასკვნის ბ-ნი გრინიანკინი, - მწვალებელი კლერიკოსები, რომლებიც წმიდა ეკლესიას მე-3 ჩინით უერთდებიან, მღვდლობის მადლს მართლმადიდებლურ ეკლესიაში იღებენ სწორი შემოერთების გზით; თავის ადრინდელ ეკლესიაში მათ მხოლოდ საიდუმლოს სწორი ფორმები ჰქონდათ" (Миссионерское Обозрение. 1903. № 4. С.466 - 467).

ძნელია არ ვაღიაროთ, რომ გადმოცემული პასუხი საკმაოდ ოსტატურად არის შედგენილი. ბ-მა გრინიანკინმა ის, უბრალოდ, გადმოწერა რომელიღაც მისთვის საძულველი ძველმოწესე მწიგნობრის თხზულებიდან, რაშიც მასზე ეჭვი მიიტანეს მისივე "კოლეგებმა" და უსაყვედურეს, რომ ის ყოველთვის უცვალებელი სიჯიუტით გმობს ძველმოწესე მწიგნობრებს (რუსულშია начетчик) როგორც "უმეცრებს" და "ბნელ" მეთაურებს, თვითონ კი ფართოდ იყენებს მათ თხზულებებსა და ცოდნას და ხშირად პარავს მათ პასუხებს სერიოზულ შეკითხვებზე, რომელთა დამოუკიდებელი დამუშავება და პასუხის გაცემა არ ძალუძს" (ფ. მელნიკოვი. იქვე).

არ ვიცით, კმაყოფილი დარჩა თუ არა გრინიანკინის ამ პასუხით შემკითხველი ბ-ნი სტროევი, მაგრამ გრინიანკინის პასუხისგან ნათელი ხდება, რომ ძველმოწესეებთან გადმოსულ მღვდლებს ჰქონდათ "ნამდვილი და სწორი ხელდასხმა", მისთვის თვისობრივი უფლებებითა და ძალით, ხოლო წმიდა ეკლესიასთან "შემოერთების გზით" ეს "საიდუმლო აღივსო მადლისმიერ-მაცხოვნებელი შინაარსით".

შემდეგ, ფ. მელნიკოვი განაგრძობს: "ასეთია "ყველაზე გამოცდილი" და "საუკეთესო" მისიონერის პასუხი, რომელსაც ყოველთვის თავი მოჰქონდა, როგორც ყველა საკითხის "დიდ მცოდნეს". მან გამოარკვია, რომ არ არსებობს ძველმოწესეთა იერარქიის მადლმოსილ ღირსებაში დაეჭვების არავითარი საფუძველი. მაგრამ, რაოდენ მადლიერნიც უნდა ვიყოთ  ბ-ნი გრინიანკინისა იმისთვის, რომ ის ამ  საკითხში წავიდა ჩვენი განსწავლულების გზით და წარმატებით გამოიყენა მათი პასუხები, მაინც უნდა გავამჟღავნოთ ის ფაქტი, რომ ზემოთ დამოწმებული მისი პასუხი ეწინააღმდეგება ბერძნულ-რუსული ეკლესიის დოგმატურ სწავლებას მღვდლობის საიდუმლოებასა და ნათლისღებაზე. ჩვენ უკვე მოვიყვანეთ მრავალი მოწმობა, საიდანაც ჩანს, რომ ბერძნულ-რუსული ეკლესია აღიარებს "სულიწმიდის სპეციალური ნიჭების აღუხოცველობასა და წაურთმევლობას" ქიროტონიაში, რომელიც მწვალებელ იერარქთა მიერ არის აღსრულებული. ამაზე მიუთითეს გრინიანკინს მისმა ამხანაგებმა. ამგვარად, ის პასუხობდა არა როგორც გაბატონებული ეკლესიის მისიონერი, რომელსაც სწამდა მისი დოგმატებისა და ვალდებული იყო დაეცვა ისინი, როგორც სწორი და ჭეშმარიტი, არამედ, როგორც ძველმოწესეობრივი განსწავლული, რომელიც ოფიციალური ეკლესიის ზოგიერთ დოგმატს ცრუდ და მწვალებლურად მიიჩნევს.

გრინიანკინის პასუხმა მძაფრი რეაქცია გამოიწვია ზოგიერთი მისიონერისა და სემინარიის მასწავლებლის მხრიდან. აქ გამოაშკარავდა, რომ დღეისთვის მისიონერთა შორის არ არსებობს ერთსულოვნება მოცემულ საკითში და ყოველი მათგანი საკუთარ რწმენას მიჰყვება.

აღმოჩნდა, რომ მისიონერებს ქრისტეანობის ელემენტარული ჭეშმარიტებები არ ესმით.

პასუხობს რა ნ. გრინიანკინს, ტამბოვის სემინარიის მასწავლებელი ნ. ჩინოვი ამტკიცებს, რომ, თუ მწვალებელთა ქიროტონიას ნამდვილად მივიჩნევთ, მაშინ გარდაუვალად ის მადლმოსილადაც უნდა ვაღიაროთ. "სიტყვით "სინამდვილე", - ავითარებს თავის აზრს ბ-ნი ჩინოვი, - აღინიშნება იმ პირობების არსებობა, რომლის დროსაც ცნობილი მოქმედება აღიარებულ იქნება საიდუმლოდ (Макарий. Догматическое Богословие. Т. 5. ст. 245), ანუ ისეთ სამღვდლო ქმედებად, რომელიც რომელიმე ხილული სახით ნამდვილად მიანიჭებს მორწმუნეს ღმრთის უხილავ მადლს, იარაღად, რომელიც აუცილებლად მოქმედებს მადლით მისდამი მისული მორწმუნესადმი" (Там же. Т. Ч. С. 243. Ср.: Православное Исповедание. Вопр. 99). აღმოსავლელი პატრიარქების თქმით, "საიდუმლონი არიან ქმედითი და ცოცხალი იარაღები მათთვის, ვისაც მადლისმიერი განწმენდა სჭირდებათ" (Послание. Чл. 15).

აღმოსავლელი იერარქები თავიანთ ეპისტოლეში მსჯელობას საიდუმლოთა შესახებ ამთავრებენ ასეთი სიტყვებით: "ჩვენ ცრუდ და უკეთურად მივიჩნევთ იმ სწავლებას, (რომელშიც) თითქოსდა რწმენის არასრულყოფილებით ირღვევა საიდუმლოს მთლიანობა და სრულყოფილება. რამეთუ მწვალებლებმა, რომელთაც შეიწყნარებს ეკლესია, როდესაც ისინი უარყოფენ საკუთარ მწვალებლობებს და უერთდებიან საყოველთაო ეკლესიას, მიიღეს სრული ნათლისღება, თუმცა ჰქონდათ არასრულყოფილი რწმენა" (Миссионерское Обозрение. 1903. № 8. С. 1157). კი, მაგრამ, ეს როგორ, - იტყვიან, - განა შეიძლება არსებობდეს მადლი მწვალებელთა შორის? განა შეიძლება ცხოვნება ქრისტეს ეკლესიის გარეთ და ა. შ.? მაგრამ, მოდი, ჯერ ნუ დავიწყებთ საკუთარი თავის დაშინებას ასეთი და მისი მსგავსი სიტყვებით, არამედ უფრო მეტი მონდომებით დავაკვირდეთ ამ საქმეს" (Послание. Чл. 15).

შემდეგ ბ-ნი ჩინოვი, იზიარებს რა გაბატონებული ეკლესიის დოგმატურ სწავლებას მწვალებლებთან მადლის არსებობის შესახებ, ამბობს: "უფსკრული, რომელიც განჰყოფს მწვალებლებს (ფართო აზრით) ეკლესიისგან, ყველასთვის ერთი და იმავე ზომისა არ არის. თუ ერთი კატეგორიისთვის ის გაუვალია, სხვებისთვის არც ისე ღრმაა; თუ ერთნი სრულიად გაუცხოებულნი არიან ეკლესიისგან, სხვები, როგორც წმ. ბასილი დიდი ამბობს, ჯერაც არ გაუცხოვებულან ეკლესიისგან და, შედეგად, მისი ნიჭებისგან. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ, როგორიც გინდა იყოს მწვალებელთა საზოგადოება, ის თითქოსდა თავისთავად იყო სულიწმიდის მადლის თვითკმარი წყარო და საცავი, არა - მადლი შეიძლება მათ მიერ მოქმედებდეს მხოლოდ იმ ზომით, რა ზომითაც არ "გაუცხოებულან" ისინი ეკლესიისგან, რა ზომითაც არ გაუწყვეტიათ მათ საბოლოოდ კავშირი ეკლესიასთან, რომელიც არის მხოლოდ სულიწმიდის ჭეშმარიტი საცავი".

ამ საკითხის გასარკვევად ჩინოვი მიმართავს ასეთ "შედარებას". "ეკლესია, - ამბობს ის, - დიდი სახლივით არის, სადაც ოქროს ჭურჭელთან ერთად გვაქვს ვერცხლის, ხის და თიხის ჭურჭელიც, "დიდ სახლში ჭურჭელი არა მარტო ოქრო-ვერცხლისაა, არამედ ხისა და თიხისაც, ზოგი საპატიოდ, ზოგი კი უპატიოდ სახმარი" (2 ტიმ. 2:20). ამიტომ, რატომაც არ შევადაროთ "ამ უპატიო ჭურჭელს" მწვალებელთა საზოგადოებები, რომლებიც თუმც იღებენ ნამდვილ საიდუმლოებებს და მათ მიერ ენიჭებათ მადლი, მაგრამ ეს მადლი მათში საცხოვნებლად როდი მოქმედებს და ამაოა მათთვის, - მანამ, სანამ ისინი "უპატიო" ჭურჭლად რჩებიან? მაგრამ, როდესაც სინანულის (ან წეს-განგების) გზით განიწმინდებიან ისინი ყოველგვარი სიბილწისგან და გახდებიან ეკლესიის საპატიო ჭურჭელი (2 ტიმ. 2:20-21), მაშინ და მხოლოდ მაშინ იწყებს მათ მიერ მიღებული მადლი მათდა მაცხოვნებელ მოქმედებას" (ფ. მელნიკოვი. იქვე).

"მართალია, ბ-ნი ჩინოვი არ იზიარებს გრინიანკინის უარყოფით აზრს მწვალებელთა შორის ქიროტონიის მადლის არსებობაზე, მაგრამ ეთანხმება მას მადლის მოქმედების თაობაზე და ამბობს, რომ ის შემოერთებულ ერეტიკოსებზე ამოქმედდება მაშინვე, როგორც კი შემოუერთდებიან ეკლესიას. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ, გრინიანკინის აზრით, ეკლესიასთან მწვალებელ კლერიკოსთა "შემოერთების გზით" მათი ქიროტონია "ივსება მადლმოსილი და მაცხოვნებელი შინაარსით", ხოლო ჩინოვის რწმენით, ეკლესიასთან შემოერთების მომენტიდან მათში "მაცხოვნებელ მოქმედებას" იწყებს ის მადლი, რომელიც მათ მწვალებელთა საზოგადოებაში ყოფნისას მიიღეს მღვდლობის საიდუმლოში" (ფ. მელნიკოვი. იქვე).  

ფ. მელნიკოვის პერიფრაზირებას თუ მოვახდენთ და მის ნათქვამს ოფიციალური, გაბატონებული ეკლესიიდან გადმომსვლელ მღვდლებს მივუყენებთ, გამოდის, რომ ჩინოვის მიხედვით, ოფიციალურ ეკლესიაში მათი ხელდასხმა "უმოქმედო იყო ცხოვნებისთვის" და მხოლოდ მაშინ დაიწყო "მაცხოვნებელი მოქმედება", როდესაც ძველმოწესეებს მიუერთდნენ".  

სულ სხვა აზრისაა მწვალებლებში აღსრულებულ საიდუმლოებებზე კიშინიოვის სემინარიის მასწავლებელი იოსებ პოპოვი.

"არ ვიზიარებთ რა ნ. მ. გრინიანკინის "პასუხს", - წერს. ბ-ნი პოპოვი, - რომ მართლმადიდებელმა ეკლესიამ, მართალია, საიდუმლოთათვის დააწესა განსაზღვრული გარეგანი ფორმები, ამავე დროს შეინარჩუნა სულიწმიდის მადლის მინიჭების ძალაუფლება უფრო გამარტივებული გარეგანი ფორმებით. მკაცრი სიმართლის კანონით, მართლმადიდებელი ეკლესია ყველა მწვალებელს (ვგულისხმობთ მწვალებლობაში დაბადებულებს) უნდა იღებდეს ნათლისღებით (ასე იქცეოდა, მაგალითად, კართაგენის ეკლესია III საუკუნეში), - მაგრამ თავისი მოწყალებით მას შეუძლია შეღავათი გაუწიოს მწვალებლებს და თავისი საიდუმლოებების ნიჭები შეუძლია მიანიჭოს მათ გამარტივებული გარეგანი ფორმებით: ხელის დადებით, მოკლე ლოცვების წაკითხვით, სამღვდელმთავრო კურთხევით და ამავე დროს, დარჩეს თავისი კანონიკური დადგენილებების მეპატრონედ" (Миссионерское Обозрение. 1903. № 8. С. 1160).

შეხედულება ყველა ერეტიკოსის გადანათვლის შესახებ ამ მასწავლებელმა, როგორც ჩანს, გადმოიღო პომორელ "ბეზპოპოვეცთა" რომელიღაც თხზულებიდან, რომლებიც, როგორც ცნობილია, გარჩევის გარეშე ყველა მწვალებლის თავიდან გადანათვლას ითხოვენ. ის გრინიანკინს არ ეთანხმება იმაშიც, რომ მწვალებელი კლერიკოსები მღვდლობის მადლს იღებენ წმიდა ეკლესიასთან "მათი შეერთების გზით". "მწვალებელი კლერიკოსები, - ასკვნის ის თავის შეპასუხებაში, - რომლებიც წმ. ეკლესიას უერთდებიან მე-3 ჩინით, მღვდლობის მადლს მართლმადიდებლურ ეკლესიაში იღებენ არა მხოლოდ სწორი შემოერთების გზით, როგორც ამტკიცებს ამას ბ-ნი გრინიანკინი, და არა რაიმე გარეგანი ნიშნის გარეშე, არამედ ხილული სამღვდელმთავრო კურთხევის შემდეგ" (Там же. С. 1160-1161).

ბ-ნი პოპოვის ყველა შეპასუხება და საწინააღმდეგო აზრი, განსაკუთრებით ის, სადაც ამტკიცებს, რომ ეკლესიას შეუძლია "სულიწმიდის მადლი მიანიჭოს უფრო გამარტივებული გარეგნული ფორმებით (ვიდრე საიდუმლოებებში)", ეფუძნება ღრმა უმეცრებას და ქრისტეანობის ძირითადი ჭეშმარიტებების უცოდინრობას. "და ეს შეხედულება, - ირონიულად შენიშნავს ბ-ნი გრინიანკინი, - სემინარიის მასწავლებლისგან ისმის! ამ შეხედულების მიხედვით გამოდის, რომ ეკლესიას შეუძლია ზოგჯერ მონათლოს, მაგალითად, არა წყლით ან სამგზისი შთაფლვით და ცნობილი სიტყვების წარმოთქმით, არამედ ოდენ ნავთის მიპკურებით, თან არაფერი თქვას ამ მომენტში; ან ევქარისტია მისცეს არა პურისა და ღვინის სახით, არამედ ბურახითა და კარტოფილით; მღვდლობის მადლი მისცეს არა ხელის დადებით, არამედ დისტანციურად - სამღველმთავრო კურთხევით, როგორც აძლევდა, მაგალითად, განხეთქილების ისტორიაში ცნობილი ცრუეპისკოპოსი ლუკა - ანთიმოზს... ეს ყოველივე ხომ საიდუმლოს გარეგანი ფორმაა" (Там же. С. 1169).

სხვა ადგილას თვით გრინიანკინიც ასე აზროვნებს. წეს-ჩვეულებები, ამბობს ის, ეს არის დოგმატების გარეგანი გარსი, და ის შეიძლება შეიცვალოს ისევე, როგორც ადამიანი იცვლის ხოლმე "ქურთუკს პიჯაკით, კაფტანს - კაბით და ა. შ., ადგილის, დროისა და ცხოვრებისეული ვითარების მიხედვით" ((Миссионерское Обозрение. 1908. № 4. С. 642); ე. ი. ეკლესიას, გრინიანკინის აზრით, თურმე შეუძლია გააკეთოს ის, რასაც დასაშვებად მიიჩნევს ბ-ნი პოპოვიც: მონათლოს არა წყლით, არამედ ნავთით, ევქარისტია შეასრულოს არა პურსა და ღვინოზე, არამედ კარტოფილსა და ბურახზე. ეს ხომ მხოლოდ ერთი გარსის მეორეთი შეცვლაა, "ადგილის, დროის, გარემოებისა და ცხოვრებისეული ვითარების მიხედვით".

საწესჩვეულებო საკითხებში თუ მისიონერებს არა აქვთ ერთნაირი და განსაზღვრული აზრი და ერთმანეთს ამუნათებენ "ბურახულ" და "კარტოფილურ" შეხედულებებში, რა გასაკვირი უნდა იყოს, რომ დოგმატურ საკითხებში ქიროტონიის მადლზე ისინი არაერთგვაროვნად მსჯელობდნენ და ფეხს იმტვრევდნენ ხან ერთ, ხან მეორე მხარეს ხრამში ჩავარდნილი ბრმებივით და ბნელ ტყეში დაბნეული მგზავრივით.

პოპოვის კვალად, რომლის ველურმა შეხედულებებმა გრინიანკინის ირონიული შენიშვნები გამოიწვია, თავის თვალსაზრისს მწვალებელთა მიერ აღსრულებულ საიდუმლოებებზე გამოთქვამს მისიონერი კალენიკე კარტუშინიც. მისი თვალსაზრისი არსებითად არაფრით განსხვავდება პოპოვის შეხედულებებისგან. მისი მტკიცებით, მწვალებლებს ეკლესია მხოლოდ იმიტომ არ გადანათლავს, რომ "ასე რომ არ ექნა, თავიდან ნათლისღებით დარცხვენილი მწვალებლები ეკლესიისკენ არ მოექცეოდნენ". გრინიანკინს ის აკრიტიკებს იმაში, რომ მან პასუხი გასცა ძველმოწესეებივით. "ბ-ნი გრინიანკინი პასუხობს ისე, როგორც პასუხობდნენ შვეცოვი (ეპისკოპოსი არსენი) და კარტუშინი (არქიეპისკოპოსი იოანე)" (21) (Миссионерское Обозрение. 1903. № 8. С. 1162).

_______________

21.
ეპისკოპოსი არსენი შვეცოვი და არქიეპისკოპოსი იოანე კარტუშინი იყვნენ ბელოკრინიცელთა იერარქიის ძველმოწესე მღვდელმთავრები.

_______________

"მაგრამ, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ეს საკითხი (ქიროტონიის მადლის შესახებ) დღემდე წარდგენილი იყო ძველმოწესეთადმი, როგორც მათთვის გამანადგურებელი, ხოლო, თუ ახლა თვით "რასკოლნიკები" ეხებიან მას, მხოლოდ იმისთვის, რომ თავიანთი გამბედაობა აჩვენონ, - აჰა, ბატონო, თქვენი იარაღი თქვენსავ თავზე მივაქციეთო" (Миссионерское Обозрение. 1903. № 8. С. 1161). ამ მისიონერსაც ყველგან "რასკოლნიკები" ელანდება, მაშინ როდესაც შეკითხვა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, "მისიონერული მიმოხილვის" რედაქციაში გამოაგზავნეს არა "რასკოლნიკებმა", არამედ მათივე თანამოძმემ, "მართლმადიდებელმა მღვდელმა". თუმცა, ამ კითხვაზე პასუხი ბ-ნმა გრინიანკინმა - როგორც ბ-ნი კ. კარტუშინი ირწმუნება - ჩვენი ძველმოწესე მღვდელმთავრებისგან გადმოიღო და თავის პასუხად გაასაღა, ხოლო თვით კალენიკემ ვერავითარი პასუხი ვერ გასცა ამ კითხვას. ამიტომ, დიახაც რომ აქვთ უფლება ძველმოწესეებს, გაბედულად თქვან: ჩვენ თქვენი იარაღი მართლაც მივაქციეთ თქვენს თავზე და ამის გამო თავქუდმოგლეჯილები გარბიხართ, თანაც ფეხები გებლანდებათ, ეცემით და ერთმანეთს ტყიპავთ: გრინიანკინი-პოპოვს, ჩინოვი-კარტუშინს, ალექსანდროვი-გრინიანკინს, ყველა მათგანი კი სიცრუესა და ბნელეთს მოუცავს.

ბ-ნი გრინიანკინი "პასუხს" აძლევს ჩინოვსა და პოპოვს. სანამ მას აქ გადმოვცემდეთ, გამოვკითხოთ კიდევ ერთი მისიონერი, არანაკლებ ცნობილი, ვიდრე თვით ბ-ნი გრინიანკინია. ეს გახლავთ პეტერბურგის ეპარქიალური მისიონერი პ. ბულგაკოვი. ჩვენ ვნახეთ, რომ კარტუშინი და პოპოვი მზად არიან, გაიმეორონ ყველა მწვალებელის გადანათვლა, რადგან მათ საზოგადოებებში აღსრულებულ ნათლობებს უმნიშვნელოდ და არანამდვილად მიიჩნევენ. ბულგაკოვი სულ სხვა და საწინააღმდეგო შეხედულებისაა, ვიდრე პოპოვი და კარტუშინი.

"როგორც არ ნადგურდება საიდუმლოს სინამდვილე და ჭეშმარიტება მისი აღმასრულებელის ცოდვათა გამო, - ირწმუნება ბ-ნი ბულგაკოვი, - ასევე არ ნადგურდება იგი მიმღების ცოდვათა გამოც, მწვალებლები კი იგივე ცოდვილები არიან, რომლებმაც რწმენის კანონი და უფლის მცნებები, ანუ სიყვარული არ დაიცვეს, რომელიც სჯულის აღსრულება გახლავთ; ხოლო, თუკი საიდუმლოს სიწმიდე ვერ შეიბილწება ადამიანის ცოდვით, ის შეუძლებელია შეიბილწოს მწვალებლის ცოდვებითაც, როდესაც ამ საიდუმლოს უფლის დაწესებისამებრ ასრულებს. ამიტომაც, მწვალებლის მიერ უფლის დაწესებისამებრ აღსრულებული ნათლისღება, წმიდა სამების სახელის მოწოდებით - ქრისტეს წმნიდა ნათლისღებაა, და არა ერეტიკოსისსა. როგორც საღმრთო დაწესება ან უფლის საკუთრება - ნათლისღების საიდუმლო, საიდუმლო აღორძინებისა, ყოველთვის, სადაც გინდ აღსრულდეს, ეკლესიაში თუ მის გარეთ, ადამიანზე აღბეჭდავს აღუხოცელ ბეჭედს ანუ ნიშანს, რომელიც შეუძლებელია განადგურდეს და განახლდეს, მეომართა დამღის მსგავსად, რომელიც რომაელი ჯარისკაცის ხელზე ამოიტვიფრებოდა, რათა ხსომებოდა საკუთარი მოვალეობა, რათა ცნობილი ყოფილიყო გაქცეულთა ვინაობა და დასჯილიყო მათი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, მაგრამ გაქცეული მონის დაჭერის შემთხვევაში ერთხელ მიცემული ბეჭედი არ იცვლებოდა და არ განახლდებოდა" (Серафимов А. Правила и практика Церкви относительно присоединения к православию неправославных христиан. Кострома, 1881). "ნეტ. ავგუსტინეს სწავლება ნათლისღების არსსა და მნიშნელობაზე, რომელსაც არამართლმადიდებლები ასრულებენ წმიდა სამების სახელით, თავის ძირითად პუნქტებში არის კიდევაც მთელი მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლა-მოძღვრება" (Миссионерское Обозрение. 1903. № 1. С. 69-70).

მაშასადამე, კარტუშინი და პოპოვი, როდესაც მამის, ძის და სულიწმიდის სახელით მონათლულ მწვალებელთა გადანათვლაზე თანხმდებიან, "მთელი მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლების" წინააღმდეგ მიდიან; მაშასადამე, ისინი არაფრად მიიჩნევენ "ქრისტეს ნათლობას, რომელიც წმიდაა", და ამხობენ "საღმრთო დაწესებასა და უფლის კუთვნილებას". ამისთვის ბ-ნი ბულგაკოვი იოანე დამასკელთან ერთად მათ მეორე იუდეველებად - ქრისტეს ჯვარმცმელებად აცხადებს (Там же. С. 70).

ბ-ნ გრინიანკინის "პასუხი" არადამაკმაყოფილებლად უნდა ჩავთვალოთ. ეს პასუხი არ არის მკაფიო და დამაჯერებელი,  ხოლო მთელი რიგი საკითხები განმარტებასა და განსაზღვრულ პასუხს ითხოვს.

ბ-ნ ჩინოვის მიერ ბერძნულ-რუსული ეკლესიის დოგმატური თხზულებების დამოწმებებით კედელთან მიყენებული ბ-ნი გრინიანკინი აღიარებს, რომ "მაკარის დოგმატიკა და აღმოსავლელ პატრიარქთა ეპისტოლე, რომელსაც იმოწმებენ საიდუმლოთა "სინამდვილის" დასადასტურებლად, სრულად როდია თავისუფალი აკადემიური კრიტიკის შენიშვნებისგან" (Миссионерское обозрение. 1903. М 8. С. 1164). ბ-ნ გრინიანკინს მართებდა, უფრო ნათლად გამოეთქვა თავისი პოზიცია, რომ თვით ბერძნულ-რუსული "მართლმადიდებლობის" სიმბოლური წიგნებიც არ არის თავისუფალი აშკარა მწვალებლობებისა და საღვთისმეტყველო უაზრობებისგან და ამიტომაც სულ ტყუილად იმოწმებს ბ-ნი ნ. ჩინოვი გაბატონებული ეკლესიის მწვალებლურ შეხედულებას. შემდეგ მას უნდა გაეკეთბინა ლოგიკური დასკვნა: ეკლესია, რომელიც თავის სიმბოლურ წიგნებში შეიცავს მწვალებლობებსა და ცთომილებებს, შეუძლებელია ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია იყოს. თავს არიდებს რა ამ გარდაუვალ დასკვნას, გრინიანკინი შემდეგ სვამს მთელ რიგ შეკითხვებს:

"თქვენის აზრით, - მიმართავს ის. ბ-ნ ჩინოვს, - მწვალებლელთა საზოგადოებაში არსებობს მღვდლობის მადლი. მაგრამ, ასეთ შემთხვევაში, შეუძლიათ თუ არა მწვალებელ მღვდლებს, გადასცენ მადლი თავიანთ სამწყსოს - ნამდვილად ათავისუფლებენ მათ ცოდვათაგან, ნამდვილად აკურთხებენ მათ და ა. შ.? თქვენი წერილის აზრით, შეუძლიათ, ოღონდ ეს მადლი მაცხოვნებელი ვერ იქნება... მწვალებლურ საზოგადოებებს, როგორც ჩანს, რაღაც უმოქმედო მადლი დაჰფარფატებს თავს... მადლი მადლად, მაგრამ მას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია... ის არ აცხოვნებს! შემდეგ: მწვალებელ ეპისკოპოსს შეუძლია თუ არა მიანიჭოს მღვდლობის მადლი ხელდასხმულებს? თქვენი აზრით, შეუძლია, ოღონდ მათ ამისგან არანაირი სარგებლობა არ ექნებათ და ვერც ცხონდებიან... ანუ მისით მღვდლები ისარგებლებენ თუ ვერ ისარგებლებენ? თქვენი აზრით, ისარგებლებენ, ოღონდ მას არანაირი შედეგი არ ექნება. მაშ, როგორ დააკმაყოფილებს საკითხს ამგვარი გადაწყვეტა?" (Там же. С. 1164-1165).

რა თქმა უნდა, საჭიროა საკითხის ზუსტი გადაწყვეტა და არა ბ-ნ გრინიანკინის ეს თავდასხმები. ის სულ ბ-ნ ჩინნოვს ერჩის: თქვენი აზრით და თქვენი აზრითო, შეიძლება თუ არა ასე ან ასე იყოსო. დამანებეთ თავი, გეთაყვა, შეუძლია თქვას ბ-ნმა ჩინოვმა, ეს ჩვენი აზრით კი არა, თვით მართლმადიდებელი ეკლესიის აზრით არა აქვთ ერეტიკოსებს ხელდასხმის მადლი. მისდამი მიმართეთ თქვენი შეკითხვა და არა ჩემდამი. მაგრამ გრინიანკინი არ ცხრება:  "თუ ეკლესია, - განაგრძობს ის ჩინნოვის დაკითხვას, - მისკენ მოქცეულ მწვალებელთა წეს-განგებებში აღიარებს სულიწმიდის მადლის მოქმედებას, ოღონდ მათი ცთომილებისა და საზომისაებრ (რომლებიც "ეკლესიისგან ჯერ კიდევ სრულიად არ გაუცხოებულან"), გაუცხოვებულნი არიან თუ არა ეკლესიისგან კათოლიკეები, რომელთაც რუსული ეკლესია მესამე ჩინით (კატეგორიით) იღებს, კონსტანტინოპოლისა კი - პირველით?" (Там же. С. 1168).

ამ შეკითხვაზე პასუხი გაცემული აქვს მოსკოვის მიტროპოლიტ ფილარეტს. მან უპასუხა, რომ "არ შეიძლება გადაჭრით თქმა იმისა, თითქოსდა დასავლელები სრულიად მოკლებულნი იყვნენ მღვდლობის მადლს" ("Нельзя решительно утверждать, что западные лишены благодатного дара священства"). (Христианское Чтение. 1906. Июль. С. 130). ისინი, მთელი სინოდალური ეკლესიის აზრითაც და სწავლებითაც, სულიწმიდის მადლისგან მთლად გაუცხოვებულნი როდი არიან, მაშასადამე არც ეკლესიისგან არიან გაუცხოვებულნი.

შემდეგ თითქმის იმავეს აცხადებს თვით გრინიანკინი: "მწვალებლები თუმც ცდებიან, მაგრამ საიდუმლოებები მათთან რწმენით აღსრულდება, გარეგნულად სწორად და კანონიერი პირების მიერ; მაშ, რა სიწმიდეთმკრეხელობა შეინიშნება აქ? ეკლესიაც არ იმეორებს ზოგიერთი მწვალებლის მიერ აღსრულებულ საიდუმლოთ, მაშასადამე, სიწმიდეთმკრეხელობად არ მიიჩნევს მათ მოქმედებას" ("Еретики хотя и заблуждаются, но таинства-то у них совершаются ведь с верою, внешне правильно и законными лицами; какое же тут святотатство или кощунство? И Церковь не повторяет некоторых еретических таинств, стало быть, святотатством и кощунством не считает их") (Миссионерское обозрение 1903. № 8. С. 1168).

მაშ, თუკი მათი საიდუმლოებანი არც მკრეხელობაა და არც სიწმიდეთა შეურაცხყოფა და თანაც "კანონიერ პირთა მიერ შესრულებულია სწორად", ისინი, როგორც ეს ზემოთ მისიონერმა ბულგაკოვმა აღნიშნა - "უფლის საკუთრებაა" და "საღმრთო დაწესებაა", როგორ არის შესაძლებელი, ასეთი რამ უმადლო იყოს?

"სულიწმიდის მადლის მოქმედება მწვალებლებში შეუძლებელია არსებობდეს", - გადაჭრით აცხადებს გრინიანკინი.

"თუ დავეთანხმებით იმ აზრს, - იწყებს ის თავისი ეკლესიის დარწმუნებას, - რომ სულიწმიდის მადლი უცილობლივ მოქმედებს მწვალებელთა საიდუმლოებებში, მაგრამ მათ არ აცხოვნებს, მაშინ აუცილებელია ვაღიაროთ, რომ ა) სულიწმიდა თავისი მადლით მართლმადიდებლებშიც ყოფილა, რომლებმაც ყველა მწვალებლობა ანათემას გადასცეს, და ანათემირებულ მწვალებლებშიც; ბ) სულიწმიდის მიერ ძღვანებული წმიდა კრებები, როდესაც მწვალებლობათა ანათემებს გადმოსცემდნენ, თავიანთი წყევლით იმავე სულიწმიდის მადლსაც შეხებიან (რომლებიც მწვალებელთა საზოგადოებებშიც არსებულა); გ) მართლმადიდებლობაში სულიწმიდა აცხოვნებს, მწვალებელთა საზოგადოებაში მისი მადლი უცილობლივ ენიჭება მათ, ოღონდ არ მოქმედებს. სულიწმიდა იქ რაღაცით შეკრულია და დ) არსებობს სულიწმიდის ორგვარი მადლი: მართლმადიდებლური და მწვალებლური: პირველი ყოველთვის აცხოვნებს ღირსეულთ, ხოლო მეორე არავის და არასოდეს არ აცხოვნებს, თუმცა ემორჩილება საიდუმლოს მწვალებელ აღმასრულებელთ და მათზეც გადმოდის" (Миссионерское обозрение. 1903. № 8. С. 1167).

ყველა ეს კაზუისტური დასკვნა, რომელიც გაბატონებული ეკლესიის წინააღმდეგ მისივე მისიონერის მიერ არის მიმართული, საკითხს კი არ წყვეტს, არამედ ააშკარავებს მხოლოდ იმას, რომ ჩვენს ბრალმდებლებს არა აქვთ მყარი და დასაბუთებული აზრი მწვალებელთა საზოგადოებებში აღსრულებულ საიდუმლოებებზე, კერძოდ, კი მღვდლობის საიდუმლოზე.

თუკი "ყველაფრის გამომცდელ" გრინიანკინის თავში ასეთი მერყეობა შეიმჩნევა, რომ მან არ იცის, რაზე გაამახვილოს ყურადღება, რაზე შეჩერდეს, ხან შვეცოვის თხზულებებიდან იპარავს, ხან თავს ესხმის თავისივე ეკლესიის სიმბოლურ წიგნებს, - რა უნდა ითქვას ვიღაც რიაზანელ მისიონერ ი. პ. სტროევზე, რომელიც, მისიონერებისთვის დამახასიათებელი მომაბეზრებლობითა და უსირცხვობით გვეჩრება თავისი ვითომ დახმარებით. "ძალიან მინდოდა (ღმერთია მოწმე), - წერს ის ძველმოწესეებს, - დაგხმარებოდით თქვენი სამღვდელოების ღირსებისა და მისი ნამდვილის ხასიათის გარკვევაში, გაგვეთავისუფლებინეთ გაურკვევლობისა და განუსაზღვრელობისგან, რათა არ ჩავარდნილიყავით იმ წარმწყმედელ "ორმოში" (მათე 15:14), რომლისკენაც ასეთი სისწრაფით მიექანებით თქვენს მოძღვრებთან და უბრალო, მაგრამ მიმნდობ ერთან ერთად" (ფ. მელნიკოვი. იქვე).

გაბატონებული ეკლესიის მისიონერის ამგვარ "გამოსარჩლებას" ფ. მელნიკოვი ასე პასუხობს: "განა თქვენთვისვე უკეთესი არ იქნება ბ-ნო ი. პ-ს ძევ, თვითონ დააღწიოთ თავი იმ "წარმწყმედელ ორმოს", რომელშიც თქვენი ამხანაგები, როგორც უკვე ვნახეთ, სქელ და ამაზრზენ ნაფურთხში გაბლანდული ბუზებივით, უმწეოდ ცოდვილობენ.

ბ-ნი გრინიანკინის შეგონებას ცდილობს სხვა მისიონერი მღვდელი ალექსანდროვი, რომელიც ასევე ცნობილია ძველმოწესეობრივი იერარქიის "მხილების" დარგში. "უცნაურია, - წერს ის იმავე "მისიონერულ მიმოხილვაში", - ზოგიერთი მსჯელობა, რომ, ერთი მხრივ, ქიროტონიას შეიძლება ეწოდოს ნამდვილი, და მეორეს მხრივ, უმადლო". კარგად დაფიქრდით გეთაყვა, ბ-ნო გრინიანკინ: "ნამდვილი ქიროტონია და ამავე დროს უმადლო". თუკი ქიროტონია უმადლოა, მაშინ, ის უკვე არანამდვილია, რამეთუ ღმრთის მადლი არ შეიძლება უმოქმედო იყოს. მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, საიდუმლო ნამდვილია და მადლი ღვთისა უეჭველად გადმოდის კაცზე მაშინ, როდესაც შესრულებულია წესიერად, სწორად. სწორი და წესიერი შესრულება საიდუმლოსი ის არის, რომ შესრულების დროს დაცულ იქნას ყოველივე მოთხოვნა აღმასრულებელისა და თვით აღსრულების შესახებ (Малиновский. О таинствах, как средстве освящения человека. С. 31-36) ხოლო კანონიერი აღმასრულებელი შეიძლება იყოს მხოლოდ ისეთი ეპისკოპოსი, რომელიც, როგორც ზემოთ ვთქვით, ქრისტესგან, მოციქულთა მეშვეობით, პირდაპირი და უწყვეტი მემკვიდრეობით მიიღებს ხელდასხმას და არ იქნება განმდგარი მღვდლობის მადლს" (Миссионерское Обозрение. 1906. М 11. С. 638).

ამრიგად, მწვალებლებში ქიროტონიის მადლის საკითხთან დაკავშირებით მისიონერები იწევიან სხვადასხვა მიმართულებით.

"მრავალნი, მაგალითად, ფილარეტის კატეხიზმოს, - აცხადებს მისიონერი ჩელცოვი, - ლამის სიმბოლურ წიგნად მიიჩნევს, ხოლო მაღალყოვლადუსამღვდელოესი ანტონი ვოლინელი, რომლის მართლმადიდებლურობას, რა თქმა უნდა, არავინ ეჭვობს, ამასწინათ აცხადებდა, რომ ეს კატეხიზმო სავსეა ლათინური ცთომილებებით" ("Многие, например, считают Катехизис Филарета, - заявляет миссионер Чельцов, - чуть ли не символической книгой, а преосвященный Антоний Волынский, в православии которого, конечно, никто не сомневается, недавно объявил, что Катехизис наполнен латинскими заблуждениями") (Церковные Ведомости. 1906.  48. С. 66. Прил.).

"მართლმადიდებელთა შორის ყველაზე უმართლმადიდებლურეს კ. პ. პობედონოსცევს 1905 წლის 28 ივნისს სინოდის მიმართ წამოყენებულ თავის ცნობილ და გასაჯაროებას არდაქვემდებარებულ წინადადებაში უნდა ეღიარებინა, რომ ჩვენს მართლმადიდებლობაში ყველაფერი როდია რიგზე, რომ ჩვენი რწმენა გაუცხოებული არ არის ზოგიერთი ცთომილებისგან" (იხ. Прибавление к Церковным Ведомостям. 1905. М 45. С.1905).

დასასრულ, ის, ვინც ჩვენში ოფიციალურად მიიჩნევა მართლმადიდებლური სარწმუნოების მფარველად, ბატონი იმპერატორი თავის რეზოლუციაში ერთ-ერთ სინოდალურ დადგენილებაზე კრების მოწვევასთან დაკავშირებით წერდა: "მოწვეულ იქნას სრულიად რუსეთის ეკლესიის კრება სარწმუნოების საკითხთა და ეკლესიის კანონიკური მართვის განსახილველად" (Там же. С. 1899).

"უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, - ასკვნის შემდეგ მღვდელი ჩელცოვი, - რომ ზოგიერთ გამოხმაურებაში საეკლესიო რეფორმის შესახებ, რომლებიც ეპარქიალურმა მღვდლებმა წარადგინეს, თუმც არა ღიად, მაგრამ მაინც საკმაოდ გამჭვირვალედ შეიმჩნევა აზრი, რომ ჩვენს სარწმუნოებაში ბევრია ისეთი რამ, რაც საფუძვლიან გადასინჯვას ითხოვს" (Церковно-Общественная Жизнь. 1907. № 10. С. 295).

არ გააჩნიათ რა ნამდვილი მართლმადიდებლური სარწმუნოება, გაბატონებული ეკლესიის მისიონერებს არ ძალუძთ, სწორად იმსჯელონ ძველმოწესეთა იერარქიაზე. ისინი თვითონ საჭიროებენ განათლებას და დარიგებას ქრისტეს ჭეშმარიტ სარწმუნოებაში, მათ თვითონვე სჭირდებათ უმეცრებისა და ცთომილებების ბნელეთის უკუნიდან გამოყვანა და საყოველთაო მართლმადიდებლობის გზაზე დაყენება, რომელსაც ასე დასცილდნენ და გზა-კვალი აებნათ ათასგვარ ცრუსწავლებებში, რომლებიც მათვე აიღეს ზოგი კათოლიკეებისგან, ზოგი პროტესტანტებისგან და ზოგიც სხვადასხვა ერეტიკოსებისგან" (ფ. მელნიკოვი. იქვე).

***

ასეთი იყო მსჯელობა მწვალებელთა საზოგადოებებში მღვდლობის მადლის არსებობა-არარსებობის თაობაზე 19-ე საუკუნის მეორე ნახევრისა და 20-ე საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწე მისიონერთა თხზულებებში. რა მდგომარეობაა დღეს?

ამაზე ნათელ პასუხს გვაძლევს მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლის, მინსკისა და სლუცკის მიტროპოლიტ ფილარეტის მოხსენება "ეკლესიის საზღვრების შესახებ რუსულ ღვთისმეტყველებაში" (Митрополит Минский и Слуцкий Филарет. "Вопрос о границах Церкви в русском православном богословии"). ამ პუბლიკაციიდან ირკვევა, რომ მოცემული საკითხი ერთმნიშვნელოვნად არც დღეს არის გადაწყვეტილი.


1. აქვთ თუ არა მწვალებლებს ხელდასხმის მადლი - თანამედროვე საღვთისმეტყველო გადაწყვეტა

ოფიციალური, რუსული "მართლმადიდებელი" ეკლესიის, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი, მინსკისა და სლუცკის მიტროპოლიტი ფილარეტი, თავის პუბლიკაციაში "ეკლესიის საზღვრების შესახებ რუსულ ღვთისმეტყველებაში" (митрополит Минский и Слуцкий Филарет. "Вопрос о границах Церкви в русском православном богословии") წერს: "ეკლესიის ისტორიაში განხეთქილების სულიერი არსის შესახებ საკითხი პირველად მთელი თავისი სიმძაფრით ე. წ. ნათლისღებითი დავის პროცესში დადგა, როდესაც გაიმართა პოლემიკა რომის ეპისკოპოს სტეფანესა და წმ. კვიპრიანე კართაგენელს შორის (III ს.). წმიდა კვიპრიანე კართაგენელი ამტკიცებდა, რომ ყოველი ნათლისღება, მიღებული მწვალებელთაგან და თვით განხეთქილების მოქმედთაგანაც კი, სრულიად უმადლოა და უფრორე ბილწავს, ვიდრე განწმენდს ცოდვათაგან; ამიტომაც საჭიროა არა მარტო მწვალებელთა თავყრილობებისგან გადმოსულთა სრული ნათლობა, არამედ განხეთქილების მოქმედთაგანაც.

წმ. კვიპრიანე სრული შეუვალობით ავითარებდა ზოგადსაეკლესიო სწავლებას იმის შესახებ, რომ ეკლესიის გარეთ საიდუმლო არ არსებობს, რადგან შეუძლებელია ეკლესიის გარეთ იყოს ცხოვნება. ნათლობა, ისევე როგორც დანარჩენი საიდუმლოებანი, დაწესებულია ეკლესიის მიერ და მათ ეკლესიავე აღასრულებს. ნათლობაში ადამიანი მადლისმიერ განიბანება ცოდვათაგან, კვდება ადრინდელი ცხოვრებისთვის და განიწმიდება წყლითა და სულით, რითაც იშვება შვილად ეკლესიისა. ნათლობა შეუძლებელია განცალკევდეს სულისგან: სადაც არის სულიწმიდა, იქვეა ნათლისღებაც, ხოლო, სადაც სულიწმიდა არ არის, იქ არც ნათლისღებაა. მაგრამ სულიწმიდა შეუძლებელია გამოცალკევდეს ეკლესიისგან და ეკლესია სულიწმიდისგან. ამიტომაც ეკლესიის საზღვრებს გარეთ ვერავინ მოინათლება. კვიპრიანეს მტკიცებით, შეუძლებელია საიდუმლოთა განცალკევება ეკლესიისგან და ეკლესიისა საიდუმლოთაგან.

საიდუმლოთა კავშირი ეკლესიასთან გამომდინარეობს თვით ეკლესიისა და საიდუმლოთა ბუნებიდან. მეორე მხრივ, საიდუმლოთა ბუნება ისეთია, რომ დაუშვებელია ეკლესიის გარეთ შესრულებულ საიდუმლოთა გარკვეული მადლისმიერი შეზღუდულობის ან პირობითობის აღიარება. წმ. კვიპრიანეს ეს კარგად ესმოდა და მიუთითებდა, რომ "სულიწმიდა ზომით როდი ეძლევა ადამიანს, არამედ მორწმუნეზე სრულად გადმოიღვრება". საიდუმლო სრულდება ან მთლიანად ან საერთოდ არ სრულდება. ყოველი შესრულებული საიდუმლო აღსრულებულია ღმრთის მიერ ბოძებული მადლის ძალით. მადლი შეუძლებელია იყოს არასრული, ამიტომაც შეუძლებელია საიდუმლოს არასრულობაც ("Благодать не может быть несовершенной, а потому не может быть несовершенного таинства"). რადგან შეუძლებელია საიდუმლოს პირობითობის აღიარება, მით უფრო შეუძლებელია რაიმე გამონაკლისის დაშვება მხოლოდ ნათლისღების საიდუმლოს სასარგებლოდ და მისი არსებობის აღიარება ეკლესიის საზღვრებს გარეთ. ყველა საიდუმლო ერთი მთლიანობაა, სადაც ისინი ურთიერთდაკავშირებულნი არიან. ეკლესიის საზღვრებს გარეთ საიდუმლოთა აღიარება გამოიწვევს სხვა საიდუმლოთა აღიარებასაც. თუკი ნათლისღების საიდუმლო აღსრულდა, ის შეიძლება მხოლოდ ეკლესიაში აღსრულდეს, ხოლო ეკლესიას შეუძლია არა მარტო ერთი, არამედ ყველა საიდუმლოს აღსრულება.

წმიდა კვიპრიანემ თანმიმდევრულად გამოიყენა სწავლება ეკლესიის ერთობის შესახებ მწვალებელთა და სქიზმატიკოსთა ყოფიერების პრობლემასთან მიმართებაში. ეკლესია ერთია, ამიტომაც, მისი ერთობიდან გამომდინარე, მას არ შეუძლია, ერთდროულად საკუთარ თავშიც იყოს და საკუთარ თავს გარეთაც. ეკლესიის სისრულე გამორიცხავს მის არსებობას ამ სისავსის გარეთ, შედეგად, - რაიმე შესაძლებლობას მისგან გამოყოფისა და განცალკევებისა. ის სრულიად თავის თავშია. ამიტომაც მწვალებლები და სქიზმატიკოსები ეკლესიის გარეთ იმყოფებიან, ხოლო თუ ისინი ეკლესიაში არიან, მაშინ მართლმადიდებლები ყოფილან ეკლესიის გარეთ. ეკლესია ან მართლმადიდებლებშია, ან მწვალებლებში, მაგრამ ის შეუძლებელია ერთთანაც იყოს და მეორესთანაც. ჭეშმარიტება მხოლოდ მართლმადიდებლებშია და არა მწვალებლებში, რომლებშიც ყველაფერი ცრუა. მწვალებლებს არც ხელდასხმა შეუძლიათ, არც ხელის დადება, არც ნათლობა, არც რაიმე განმწმენდელი მოქმედების აღსრულება, რადგან "ყოველი ძალაუფლება და მთელი მადლი - მხოლოდ ეკლესიაშია, რომელსაც მეთაურობენ ეპისკოპოსები და რომელთაც აქვთ უფლება ნათლობისა, ხელდადებისა და ხელდასხმებისა". ეკლესიის გარეთ არც ნათლობაა და არც რომელიმე საიდუმლო, რომელთაც შეეძლოთ სულიწმიდის მადლის გარდამოწვევა.

მაგრამ ჩვენ აქ ვაწყდებით გასაოცარ პარადოქსს - როდესაც ეკლესიის კანონიკური პრაქტიკა აშკარა წინააღმდეგობაში შედის ეკლესიის შესახებ დოგმატურ სწავლებასთან, როგორც ის არის ფორმულირებული წმ. კვიპრიანესთან ("Здесь мы встречаемся с самым, быть может, удивительным парадоксом когда каноническая практика церкви вступает в видимое противоречие с догматическим учением о Церкви, как оно сформулировано св. Киприаном"). წმ. კვიპრიანეს სწავლება ნათლად და არაორაზროვნად მიგვითითებს იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს გარეეკლესიურ რეალობასთან: ეკლესიის საზღვრებს გარეთ მადლი სრულიად დაშრეტილია ("...вне границ Церкви совершенно иссякает благодать") და არსებითად, მწვალებლები და სქიზმატიკოსები, თუნდაც მონათლულნი იყვნენ სქიზმატურ ან მწვალებლურ საზოგადოებებში, ეკლესიაში გადმოსვლის დროს თავიდან უნდა იღებდნენ ნათლისღებას. მაგრამ საეკლესიო პრაქტიკამ ამ პრობლემის სულ სხვა გადაწყვეტა მოგვცა ("Но церковная практика дала совершенно иное разрешение этой проблемы"). ეკლესიამ თავის წიაღში მწვალებელთა და სქიზმატიკოსთა საზოგადოებებიდან გადმოსულთა მიღება დაიწყო ისე, რომ სავალდებულოდ არ ჩათვალა მათი თავიდან ნათლისღება" ("Церковь стала принимать в свое лоно приходящих к ней из еретических и схизматических сообществ не обязательно через Крещение").

ამ პარადოქსის შესახებ პატრიარქი სერგი წერდა: ეკლესიისგან განდგომილი ყველა საზოგადოება ეკლესიას უნდა შერწყმოდა "უმადლობის ნიშნით აღბეჭდილ ერთ უსახურ მასად და, შედეგად, ეკლესიისკენ გადმოსულნი, მიუხედავად იმისა, თუ რომელი საზოგადოებიდან მოდიან, წმ. ეკლესიას ისე უნდა მიეღო, როგორც იღებს ყოველ ჯერაც მადლით აუღორძინებელ ადამიანს, ანუ წმ. ნათლისღების მეშვეობით.

სინამდვილეში, საკუთარი თავზე არსებულ საყოველთაო დოგმატთან ერთად, რომლის მიხედვითაც დედამიწაზე მადლისა და ცხოვნების ერთადერთი წყარო ეკლესიაა, მართლმადიდებლულრი ეკლესია გვთავაზობს ასევე საყოველთაო დოგმატს "მრწამს... ერთი ნათლისღება მოსატევებლად ცოდვათა", რომლის მიხედვითაც სწორად და წმიდა სამების სახელით აღსრულებული ნათლისღების საიდუმლო, თუნდაც ის ეკლესიის გარეთ იყოს შესრულებული, ნამდვილად მიიჩნევა და მონათლულის ეკლესიასთან შემოერთების დროს განმეორებას არ ექვემდებარება ("На деле же, рядом с вселенским догматом о Себе Самой, как единственной на земле сокровищницы благодати и спасения, Православная Церковь предлагает нам столь же вселенский догмат о "едином крещении во оставление грехов", по которому таинство крещения, хотя бы оно совершено было и вне Церкви, но совершено правильно во Имя Лиц Св. Троицы, признается действительным и при присоединении крещеного к Церкви повторению не подлежит").

"ცნობილ შემთხვევებში არ მეორდება ქიროტონიაც და მასთან ერთად მირონცხებაც. ერთი სიტყვით, ყველა მწვალებლისა და სქიზმატიკოსისთვის საჭირო ერთი წეს-განგების ნაცვლად (როგორც უნდა მოეთხოვა ეს დოგმატს ეკლესიის შესახებ), მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვს მწვალებელთა მიღების სამი წეს-განგება:
ერთ კატეგორიას ის იღებს ნათლისღებით, სხვებს - მირონცხებით, მესამეთ კი - სინანულით. და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ეკლესია ამა თუ იმ წეს-განგებას უსადაგებს ჭეშმარიტებისგან განდგომილ საზოგადოებას, ეკლესიას ყოველთვის მხედველობაში აქვს თვით მოცემული საზოგადოების ბუნება და თვისება: მირონცხებით ის იღებს იმ საზოგადოების წევრებს, სადაც ის ხედავს სწორ ნათლისღებას; სინანულით იღებს მათ, ვინც აღიარებს სწორ მღვდლობას და ა. შ. ძნელი არ არის დავინახოთ, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის ეს მსოფლიო, საყოველთაო პრაქტიკა თუ პირდაპირ წინააღმდეგობაში არა... ირიბ წინააღმდეგობაში მაინც არის ეკლესიის შესახებ დოგმატთან, ყოველ შემთხვევაში, მასში არსებითი და დამატებითი კორექტივი მაინც შეაქვს. როგორ გავიგოთ და შევათანხმოთ ორი დოგმატის ამგვარი, რა თქმა უნდა, მოჩვენებითი წინააღმდეგობა, პრინციპისა და პრაქტიკის ესოდენ საფუძლიანი განსხვავება, რომელთაგან ორივე მსოფლიო და საყოველთაოა?"

რუსულ მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში შეიძლება გამოვყოთ დაყენებული პრობლემის გადაწყვეტის ოთხი ვარიანტი.

პირველი ვარიანტი: გასულ საუკუნეში რუსულ ღვთისმეტყველებაში გაბატონებული ფორმალურ-კანონიკური მიდგომა ძირითადად კათოლიკური აზროვნების განმსაზღვრელი ზეგავლენის ქვეშ იმყოფებდა. ყველაზე მკაფიო ფორმით ის ჩამოაყალიბა გამოჩენილმა მართლმადიდებელმა კანონისტმა, არქიეპისკოპოსმა ნიკოდიმოს მილაშმა: "როდესაც ვლაპარაკობთ საკითხზე ნათლისღების შესახებ, რომელიც აღსრულებულია არამართლმადიდებელთა საზოგადოებაში, ვხელმძღვანელობთ რა კრებათა და წმიდა მამათა საზოგადო განწესებებით, მართლმადიდებელი ეკლესიის პრინციპი შეიძლება განვსაზღვროთ შემდეგი სახით: ნათლისღება, როგორც იესუ ქრისტეს მიერ დაწესებული საიდუმლო, შეიძლება შესრულდეს მხოლოდ მის ეკლესიაში და, შედეგდ, მხოლოდ ეკლესიაში შეიძლება ის იყოს სწორი და მაცხოვნებელი; მაგრამ თუ სხვა ქრისტიანულ საზოგადოებებს, რომლებიც მართლმადიდებელი ეკლესიის გარეთ იმყოფებიან, ამოძრავებთ შეგნებული განზრახვა, ქრისტეს ეკლესიაში შემოიყვანონ ახალმონათლული, ანუ გააჩნიათ განზრახვა ნათლისღების მიერ უბოძონ მას საღმრთო მადლი იმისთვის, რათა სულიწმიდის ძალით გახდეს ჭეშმარიტი წევრი ქრისტეს სხეულისა და ღმრთის აღორძინებულ შვილად იქმნას, მაშინ ნათლისღებაც, რომელიც ასეთ საზოგადოებაშია მიღებული, იმდენად ქმედითად ჩაითვლება, რამდენადაც არის ის შესრულებული რწმენით წმიდა სამების, - მამის, ძის და სულიწმიდის მიმართ, რადგან, სადაც რწმენით არის მიცემული და მიღებული ასეთი ნათლისღება, იქ ის მადლისმიერაც უნდა მოქმედებდეს და არ დააყოვნებს იქ ქრისტეს შეწევნაც" ("... но если и другие христианские общества, находящиеся вне Православной Церкви, имеют сознательное намерение ввести новокрещенного в Христову Церковь, то есть имеют намерение сообщить ему через крещение божественную благодать для того, чтобы он силою Святого Духа сделался истинным членом тела Христова и возрожденным чадом Божьим, тогда и крещение, полученное в таком обществе, будет считаться настолько действительным, насколько оно совершено на основании веры в Святую Троицу, во имя Отца, и Сына, и Духа Святого, потому что, где с верою дано и принято такое крещение, там оно должно действовать благодатно и там не преминет явиться помощь Христова").

"ნებისმიერ საზოგადოებას, რომელიც ამახინჯებს სწავლებას ღმერთზე და არ აღიარებს ღმერთის სამპიროვნებას, არ ძალუძს აღასრულოს სწორი ნათლისღება და მასში შესრულებული ნათლობა არ არის ნათლობა, რამეთუ მსგავსი საზოგადოება ქრსიტეანობის გარეთ დგას. ამის ძალით, მართლმადიდებელი ეკლესია ნამდვილად და მაცხოვნებლად აღიარებს მისი საზღვრების მიღმა მდებარე ყოველი ქრისტეანული საზოგადოების მიერ აღსრულებულ ნათლობას, მწვალებლური იქნება ის თუ სქიზმატური, თუკი ეს ნათლობა მამის, ძის და სულიწმიდის სახელით შესრულდება" ("Всякое общество, искажающее учение о Боге и не признающее троичности святых Лиц в Божестве, не может совершать правильного крещения, и крещение, совершенное в нем, не есть крещение, потому что подобное общество стоит вне христианства. В силу этого Православная Церковь признает действительным и спасительным крещение всякого христианского общества, находящегося вне ее ограды, будь оно еретическим или раскольническим, если это крещение совершено во имя Отца, и Сына, и Святого Духа").

"როგორც ვხედავთ, მაღალუსამღვდელოესი ნიკოდიმე Ex opere operato-
(22) კათოლიკური პრინციპის დახმარებით წყვეტს მის მიერვე მოტანილი ორი თეზისის ურთიერთწინააღმდეგობას: "ნათლობა, როგორციესუ ქრისტეს მიერ დაწესებული საიდუმლო, შეიძლება აღსრულდეს მხოლოდ მის ეკლესიაში", და ამავდროულად "მართლმადიდებელი ეკლესია ქმედითად და მაცხოვნებლად აღიარებს მისი საზღვრების მიღმა მყოფი ყოველი ქრსიტიანული საზოგადოების ნათლობას... თუ ეს ნათლობა შესრულებულია მამის, ძის და სულიწმიდის სახელით.

___________________

22.  Ex opere operato
- კათოლიკური ეკლესიის დოგმატი, რომლის მიხედვითაც საიდუმლოთა მაცხოვნებელი ქმედება ვრცელდება უღირსებზეც და მათ პასიურად მიმღებებზეც; ადამიანი მაცხოვნებელ მადლს მიიღებს მისი რწმენისდა მიუხედავადაც, თუკი საიდუმლო მღვდლის მიერ სწორად შესრულდება; სხვა საქმეა, როგორ განკარგავს ის მას.

___________________

საქმეს ფორმალურად თუ მივუდგებით, მაშინ საკითხი ეკლესიის მიერ საიდუმლოთა აღიარების შესახებ მიიღებს სახეს, როდესაც არარსებულს არსებულად ჩათვლიან, ანუ მოაზრებული იქნება "კანონიერისა" და "უკანონოს" სამართლებრივ კატეგორიებში, ან კიდევ ეხ ოპერე ოპერატე-ს მაგიურ ჩარჩოებში, ან კიდევ ფორმისა და შინაარსის კატეგორიებში, როდესაც "ცარიელი ფორმა ივსება მადლით". ეს მიდგომა სცოდავს ფორმალიზმით და საღმრთო გარდამოსვლის საიდუმლოს რაციონალიზაციით.

მეორე ვარიანტი: მეორე ვარიანტი ჩამოაყალიბა პროტოპრესვიტერმა ნიკოლოზ აფანასიევმა და მდგომარეობს იმაში, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკური პრაქტიკის წინააღმდეგობა, რომელიც ცნობს მართლმადიდებლური ეკლესიის საზღვრებს გარეთ აღსრულებულ ნათლობებს და ფუნდამენტურ ეკლესიოლოგიურ დოგმატს იმის შესხებ, რომ საიდუმლოს შესაძლოა აღსრულდეს მხოლოდ ეკლესიაში, ოდენ იმ აზრით შეიძლება გადაწყდეს, თუკი ეკლესიის საზღვრებს არ შემოვფარგლავთ მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკური საზღვრებით. ანუ სქიზმატური და მწვალებლური საზოგადოებები, რომლებშიაც აღიარებულია ნათლისღება, ასევე ეკუთვნიან ეკლესიას (წმ. კვიპრიანეს სრულიად სწორი მტკიცებულების ძალით, რომ საიდუმლოებები, რომლებიც აღესრულებიან სულიწმიდის მადლით, შეიძლება შესრულდეს მხოლოდ ეკლესიაში, და თუკი ვაღიარებთ სქიზმატთა და მწვალებელთა საზოგადოდოებებში აღსრულებულ საიდუმლოთ, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა ვაღიაროთ, რომ ისინი აღსრულებულია სწორედ ეკლესიაში). ეკლესიის საზღვრების მართლმადიდებლური ეკლესიის საზღვრებთან გაიგივების შემთხვევაში უნდა ვაღიაროთ, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი პრაქტიკა სრულ წინააღმდეგობაში იყო ეკლესიის დოგმატურ სწავლებასთან. ეს თვალსაზრისი, მცირედი ვარიაციებით, გაიზიარეს დეკ. სერგი ბულგაკოვმა, პროფ. ა. ვ. კარტაშოვმა და სხვა მართლმადიდებელმა ღვთისმეტყველებმაც.

დეკ. სერგი ბულგაკოვი, იმავე წანამძღვრების საფუძველზე მიიჩნევდა, რომ თვით მწვალებლობის ცნება, ისევე როგორც სქიზმისა, მხოლოდ ეკლესიის საზღვრებში არსებობს და არა მის გარეთ, და ის ნიშნავს საეკლესიო ცხოვრების დაზიანებას. განხეთქილებანი მხოლოდ თავიდან იცილებენ პირდაპირ და უშუალო თანამონაწილეობას საიდუმლოებებში, მაგრამ არ აუქმებენ მათ ქმედითობას, შედეგად, ხილულად განდგომილთა უხილავ თანაზიარობასაც. ის მიიჩნევდა, რომ "ეკლესიის განყოფილი ნაწილები, უკიდურეს შემთხვევაში, სამოციქულო მემკვიდრეობითობის არსებობის დროს, ერთმანეთთან უხილავ საიდუმლო ურთიერთობაში იმყოფებიან ხილული, მაგრამ ერთმანეთისთვის მიუწვდომელი საიდუმლოებების მეშვეობით, რომელსაც ყოველი განცალკევებული ეკლესია საკუთარ წიაღში აღასრულებს ... მომხდარი განყოფა ვერ აღწევს სიღრმემდე, ის შეზღუდულია და ვერ ჰყოფს ქრისტეს სხეულს, მის ეკლესიას. გარკვეულ საზღვრებში კანონიკური და თვით დოგმატური დაზიანებებიც კი, ეკლესიის მოწმობით, არ ანადგურებს ეკლესიის საიდუმლოთა სინამდვილეს, რომელიც ინარჩუნებს მღვდლობას, თუმც კი განცალკევებულნი არიან ერთურთისგან, ოღონდ მხოლოდ საიდუმლოებებში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეკლესიის განხეთქილება არ ჩადის სიღრმემდე და თავის საიდუმლო ცხოვრებაში ეკლესია მაინც ერთიანი რჩება". აქედან დეკ. ს. ბულგაკოვი აკეთებს საკმაოდ თამამ დასკვნას, რომლის მიხედვითაც, "აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ერთობის გზა ძევს არა ფლორენციის უნიასა თუ საღვთისმეტყველო ტურნირებზე, არამედ საკურთხევლის წინაშე ერთობაზე".

პროფ. ა. ვ. კარტაშოვის თქმით, თვით ეკლესიის ისტორია აჩვენებს, რომ განხეთქილებანი და მწვალებლობებიც საკმაოდ ხშირად ნიშნავდა არა რომელიმე საზოგადოების "გავარდნას" ეკლესიის ერთობიდან, არამედ განყოფას და შემდგომ ავტონომიურ არსებობას ერთნაირად მადლმოსილ სხეულებში, რომლებიც, გარკვეული მიზეზების გამო, ერთმანეთთან ევქარისტულ ერთობაში არ იმყოფებიან. შესაბამისად, სქიზმის ყველაზე საუკეთესო გადალახვის საშუალებად მას მიაჩნდა არა "უნია", არა გავარდნილი ე. წ. "ეკლესიის" შემოერთება, არამედ "თანასწორი" შეერთება, "საეკლესიო მშვიდობა" - pax ecclesiastica. სანიმუშოდ მას მოჰყავდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიათა განყოფა არიანულ ეპოქაში. აღმოსავლეთის ეკლესიამ არიანელობა შინაგანად გადალახა და მხოლოდ 379 წ. აღიარა რომმა აღმოსავლელ ეპისკოპოსთა მართლმადიდებლურობა, თუმცა
მრავალმა მათგანმა ხელდასხმა არიანელთაგან მიიღო ("В качестве примера он приводил историю разделения восточной и западной церквей в арианскую эпоху. Арианство было внутренне преодолено восточной церковью, и лишь в 379 г. Рим признал православие восточных епископов, хотя многие из них получили рукоположение от ариан").

ეკლესიათა შერიგება ფორმალურად დაამოწმეს აღმოსავლეთის ეპისკოპოსებმაც, ხოლო შემდეგ ის საზეიმოდ დაამტკიცა კონსტანტინოპოლის მეორე მსოფლიო კრებამ 381 წ., მიუხედავად იმისა, რომ მის წინამორბედ სარდიკიის ადგილობრივ კრებაზე 343 წელს ორივე მხარე ერთმანეთს ანათემას გადასცემდა. ამრიგად, ორივენ მხარემ უარი თქვა მწვალებლობაში ურთიერთდაეჭვებაზე. აღმოსავლელებმა კვლავ ხელი მოაწერეს "ერთარსობას". დასავლელებმა მიიღეს აღმოსავლური ფორმულა "სამი იპოსტასი" და არ უარყვეს არიანელთა მიერ აღსრულებული ხელდასხმები აღმოსავლელ ეპისკოპოსებზე ("Примирение церквей было формально засвидетельствовано и восточными, а затем торжественно утверждено на Втором Вселенском соборе 381 г. в Константинополе, несмотря на предшествовавшие этому взаимные отлучения Сердикского собора 343 г. Обе стороны отказались от взаимных подозрений в противоположных ересях. Восточные подписали вновь никейское "единосущие". Западные приняли восточную формулу "три ипостаси" и не отвергли арианских хиротоний восточных"). არავის აზრადაც კი არ მოსვლია მკრეხელური აზრი, რომ, მაგალითად, ლიტურგიები, რომელსაც ბასილი დიდი, ფორმალური "ომიუსიანელი" (360-იან წლების დასავლელთათვის "მწვალებელი"), აღასრულებდა, ცრულიტურგიები იყო ("Никому и в голову не приходила кощунственная мысль, что, например, литургии, совершавшиеся св. Василием Великим, формальным "омиусианином", т.е. для западных (в 360-х годах) "еретиком", были лжелитургиями").

ა. ვ. კარტაშოვს მოჰყავს მთელი რიგი სხვა ისტორიული მაგალითებიც, როდესაც საეკლესიო მშვიდობის აღდგენისას ურთიერთგანკვეთებსა და ანათემებს, უბრალოდ, ივიწყებდნენ და დე-ფაქტოდ აღიარებდნენ, რომ სქიზმის გაგრძელების მთელ პერიოდში განყოფილი ეკლესიები სრული, მადლმოსილი ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობდნენ.

ასე იყო ერთი მხრივ ანტიოქიის და მეორე მხრივ ალექსანდრიისა და რომის ეკლესიათა განყოფის დროს III მსოფლიო საეკლესიო კრებაზე. როდესაც 433 წ. შერიგება შედგა, მდუმარედ აღიარებულ იქნა (молчаливо было признано), რომ ყველა ეპისკოპოსი (ნესტორის გამოკლებით), რომლებიც ურთიერთგანკვეთილნი იყვნენ გასული ორი წლის განმავლობაში, ობიექტურად მღვდლობის მადლს არ მოჰკლებიან.

484 წლიდან 519 წლამდე გრძელდებოდა კანონიკური განყოფა რომსა და აღმოსავლეთს შორის იმპერატორ ზენონისა და კონსტანტინოპოლის პატრიარქ აკაკის "ენოტიკონის" გამო, რომელიც გარკვეულ დათმობებს უშვებდა მონოფიზიტთა მიმართ. VI მსოფლიო კრებამ 680 წელს ბოლო მოუღო რომისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიათა 40-წლიან ფაქტობრივ განყოფას.

729 წლიდან 519 წლამდე გრძელდებოდა განყოფა რომსა და ბიზანტიას შორის, რომელიც ხატმებრძოლობამ გამოიწვია. მწვალებლობისა და განხეთქილების მთელმა ამ პერიოდმა ვერ გააუქმა ქიროტონიისა და სხვა საიდუმლოთა სინამდვილე ბიზანტიის ეკლესიისა, რომელიც ეკლესიათა შერიგების შემდეგ აღიარებულ იქნა.

ურთიერთობის გაწყვეტა და ურთიერთაგანკვეთები რომისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიათა მწყემსმთავრებს შორის ამის შემდეგაც გაგრძელდა, კერძოდ, პატრიარქ ფოტის დროს, რომელიც რომის დოგმატურ გადახრებზე პირველად ალაპარაკდა. პაპმა ნიკოლოზ I-მა მას "ხარისხი ჩამოართვა", ხოლო პატრიარქმა ფოტიმ თვითონაც გადასცა ნიკოლოზი ანათემას. რომის ეკლესიასთან მშვიდობის აღდგენის შემდეგ ეს საქმეები, უბრალოდ, დაივიწყეს, შემდეგ კი ფოტი რომმა კვლავ გადასცა ანათემას და ამას კვლავ შერიგება მოჰყვა...

ა. ვ. კარტაშოვის მიხედვით, ყველა ეს ისტორიული ფაქტი მოწმობს იმაზე, რომ ურთიერთისგან განყოფილი ეკლესიები სიღრმისეულად, ობიექტურად ყოველთვის ერთი კათოლიკე ეკლესიის წევრებად რჩებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი შინაგანი, მაგრამ გარედან უხილავი ერთობა გარეგნულად დროებით და, შესაძლოა, ძალზე ხანგრძლივ, საუკუნეობრივ განხეთქილებებს უშვებდა. ეკლესიის მადლისმიერად ცოცხალი ნაწილები შემდეგ გარეგნულად და ხილულად კვლავ ერთდებოდნენ, მაგრამ ცხადია, რომ მთელი ამ კინკლაობის განმავლობაში სულიწმიდის წიაღში ერთობა უხილავად გაწყვეტილი არ ჰქონიათ ("Все эти исторические факты свидетельствуют по А.В. Карташову, что всякий раз разделившиеся церкви были в глубине, объективно частями единой кафолической церкви, единство которой, внутреннее и невидимое извне, допускает вовне, в исторической и практической видимости временные и, может быть, даже очень длительные, вековые разделения. Благодатно живые части церкви вновь внешне и видимо соединялись, очевидно, невидимо, за время их ссоры, не переставая быть соединенными в лоне Духа Святого").

ა. ვ. კარტაშოვი აღიარებს კანონიკური წყევლის ობიექტურ მნიშვნელობას, რომელიც პრაქტიკულად განყოფს ეკლესიებს. სუბიექტურად ყოველი მხარისთვის ის აბსოლუტურად მიიჩნევა. მაგრამ შეერთებათა გამოცდილება, როდესაც ერთმანეთისთვის დახშული და დაწყევლილი სიწმიდე კვლავ ურთიერთმისაწვდომი ხდება არა მარტო აწმყოში, არამედ წარსულშიც, განყოფის პერიოდშიც, უდავოდ ადასტურებს იმას, რომ კანონების მიერ აბსოლუტური საზღვრები აღმართული არ გახლავთ, რომ კანონიკურად დასრულებული განყოფის შემთხვევაშიც ეკლესიათა ობიექტური ერთობა შესაძლოა, მაინც ხელუხლებელი დარჩეს. ის სიღრმეში დევს და სუბიექტურად კანონიკური განყოფებისთვის მიუწვდომელია. თავისი შეხედულების დოგმატურ საფუძვლად ა. ვ. კარტაშოვი მიიჩნევს სწავლებას ეკლესიის ღმერთკაცობრივი ბუნების შესახებ. ანუ ისტორიულად გარდამავალ განყოფებს ის განაკუთვნებს ადამიანურ არასრულყოფილებას, ხოლო საეკლესიო ერთობის დაურღვეველ საფუძვლებს - ეკლესიის ღვთაებრივ ბუნებას, საეკლესიო სხეულის ერთ და განუყოფელ თავს - იესუ ქრისტეს.

ა. ვ. კარტაშოვის სწავლების რეზიუმე ასეთია: "ამგვარად, ეკლესიათა ანათემები და განკვეთები არა მარტო ფორმალურია, არამედ მისტიკურად რეალურნიც. მაგრამ მათი ძალა მაინც შეფარდებითია. ის რეალურია ეკლესიებისთვის, მაგრამ არა ღმრთისთვის. ფიქრი იმაზე, რომ საეკლესიო "შეკვრა და გახსნა" თვით ქრისტეს და სულიწმიდის შეკვრა და გახსნაა - ნიშნავს, ჩავარდე წარმართული მაგიზმის უმეცრებასა და სიბნელეში. "სული, სადაც სურს, იქ სუნთქავს" და არა იქ, სადაც ეს ჩვენ გვსურს. ჩვენთვის უხილავი, მაგრამ ღვთისთვის ხილული ერთი და განუყოფელი საყოველთაო ეკლესია განაგრძობს არსებობას დედამიწაზე, მთელ მსოფლიოში, და სარწმუნოებრივ განყოფათა მიერ აღმართულ პირობით საზღვრებს უსასრულოდ აღემატება" ("Анафемы и отлучения церквей таким образом не только формальны, но и мистически реальны. Однако их сила все-таки относительна. Она реальна для церквей, но не для Бога. Думать, что церковное "связание на небесах" есть связание Самого Христа и Духа Святого
значит впадать в невежество и тьму языческого магизма. "Дух дышет, где хочет", а не где мы хотим. Вселенская церковь, единая и неразделенная, незримая для нас, но зримая для очей Божиих, продолжает жить на всем земном шаре, во всем мире, бесконечно превышая условные границы наших вероисповедных разделений").

დეკანოზ პ. ი. სვეტლოვის აზრით, "ყველა საზოგადოება, ვინც კი თავს ქრისტეანულ საზოგადოებად მიიჩნევს ქრისტეს ერთი ეკლესიის შემადგენლობაშია, მაგრამ მის მხოლოდ შესუსტებულ ერთობაში... დასავლური ქრისტიანული აღმსარებლობანი, მართლმადიდებლობასთან ერთად, ქრისტეანული ეკლესიებია და ეკუთვნიან საყოველთაო ეკლესიას და არა გარესაეკლესიო საზოგადოებებს, რომლებიც განცალკევებულნი არიან ეკლესიისგან, - რომ დასავლეთსა და აღმოსავლეთში არსებული ქრისტეანული ეკლესიები საყოველთაო ეკლესიის ადგილობრივი ეკლესიები ან ნაწილებია და ამიტომაც რომელიმე მათგანისთვის საყოველთაო ეკლესიის უფლებების მინიჭება უკანონოა ("...все именующие себя христианскими обществами составляют единую Христову Церковь, но лишь ослабленную в ее единстве … Западные христианские исповедания, наравне с православным, суть христианские Церкви и принадлежат Церкви Вселенской, а не внецерковные общества, отделенные от Церкви, что существующие христианские церкви на Западе и Востоке суть поместные Церкви или части Вселенской Церкви, и потому присвоение какою-либо из них прав Церкви Вселенской незаконно").

ამასთან, მღვდელ პ. სვეტლოვის აზრით, ეკლესია - ეს არის ყველგან, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ცალკეულ და ადგილობრივ ეკლესიებში გაბნეულ ჭეშმარიტ მორწმუნეთა ერთობლიობა, ან, რაც იგივეა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ადგილობრივ ეკლესიათა ერთობლიობა, რომელნიც, ეკლესიათა სრული გარეგანი გაყოფის, გარეგანი და ხილული ორგანიზაციის, მსოფლიო კრების მოწვევის შესაძლებლობის არქონის მიუხედავად, წარიმართებიან შინაგანი, სარწმუნოებრივი ერთობისა და ქრისტეში მადლისმიერი ცხოვრების ძალით, რომელიც მეთაურობს თავის სხეულს, ანუ ეკლესიას".

ნათელია, რომ ამ შეხედულებათა ყველაზე სუსტი მხარე გახლავთ მათი უძლური შეთანხმებულობა სწავლებასთან ეკლესიის მადლისმიერი ცხოვრების ერთობის შესახებ. არქიეპისკოპოსი ილარიონ ტროიცკი წერდა: "ეკლესია ფილოსოფიური სკოლა როდია. ის ახალი კაცობრიობაა, სიყვარულის ახალი მადლისმიერი ორგანიზმია. ის - ქრისტეს სხეულია. თვით ქრისტე, თავისი მოწაფეების ერთობას ხისა და ტოტების ორგანულ ერთობას ადარებდა. ორი პარალელურად მდგომი "სხეული" ან ორი ხე შეუძლებელია ერთმანეთთან ორგანული კავშირით იყოს შეერთებულნი.  რაც სულია სხეულში, იგივეა სულიწმიდა ეკლესიაში, ეკლესია - ეს არა მარტო ერთი სხეულია, არამედ ერთი სულიც (ერთსულოვნებაც). სული არ აცოხცლებს სხეულიდან განვარდნილ ნაწილს, ისევე, როგორც ხის მაცოცხლებელი წყლები არ გადადიან მოჭრილ ტოტზე. მოკვეთილი წევრი კვდება და იხრწნება. მოკვეთილი ტოტი ხმება... თუ ხის ამ შედარებებს გადავიტანთ ეკლესიაზე, მაშინ ეკლესიისგან ყოველი განყოფა, ეკლესიის ერთობასთან კავშირის ყოველგვარი გაწყვეტა შეუთავსებელი აღმოჩნდება ეკლესიისადმი კუთვნილებასთან".

სტატიაში "სამოციქულო მემკვდირეობის მნიშვნელობა არამართლმადიდებლებთან" ("Значение апостольского преемства в инославии") მიტროპოლიტი სერგი, შემდგომში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი, ასევე კატეგორიულად ამტკიცებდა: "ეკლესია - არ არის ღირსებითა და ცხოვრებისეულად განსხვავებულ და განყოფილ ნაწილთა შეჯამება, არამედ ერთიანი მონოლითური საზოგადოება, რომელსაც ერთი ევქარისტია კრავს. ამ საზოგადოების გარეთ - მხოლოდ ეკლესიის ნარჩენებია, რომელთაც დამოუკიდებელი მნიშვნელობა არა აქვთ ".

მესამე ვარიანტი: მომდინარეობს წმ. კვიპრიანეს სწავლებისადმი მკაცრი მიმდევრობიდან. ამ შეხედულების მომხრეები, წმ. კვიპრიანეს ეკლესიოლოგიასა და კანონიკურ პრაქტიკას შორის არსებული წინააღმდეგობა რომ გადალახონ, პატრიარქ სერგის აზრით, არსებითად თმობენ ნათლობის განუმეორებლობის დოგმატს. მათი შეხედულებით, ეკლესიის გარეთ არავითარ საიდუმლოებებზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება. იქ მხოლოდ საიდუმლოებათა ფორმაა, შესაძლოა სწორიც, მაგრამ ცარიელი. ეკლესიისკენ მოქცეულის მიღებისას ეკლესია ამ ცარიელ ფორმას თავისი შინაარსით ავსებს. რადგან აქ ლაპარაკია ფორმაზე, რომელიც თავისთავად ადამიანს ვერაფერს აძლევს, არამართლმადიდებელთა შორის საიდუმლოთა აღიარება მთლიანად ეკლესიის შეხედულებაზეა დამოკიდებული, ეკლესია უფლებამოსილია, ერთ შემთხვევაში, აღიაროს ისინი, ხოლო სხვა შემთხვევაში - არა. მაშასადამე, არამართლმადიდებლურ აღმსარებლობათა სამჩინიან კლასიფიკაციასაც, რომელიც ეკლესიას შეეძლო დოგმატურად ან საერთოდ, თავისთვის სავალდებულოდ მიეჩნია, არავითარი ობიექტური საფუძველი არა აქვს. ეს კლასიფიკაცია მთლიანად ეფუძნება ე. წ. საეკლესიო იკონომიას, ეკლესიის სურვილს, გაუადვილოს ცხოვნება რაც შეიძლება მეტ ადამიანს, ანუ დამოკიდებულია საეკლესიო სარგებლობაზე კონკრეტულ ადგილას. როდეაც საეკლესიო სარგებლობა განაწესებს სიმკაცრეს მოცემული აღმსარებლობის მიმართ, ეკლესია მის მიმართ არანაირ დათმობაზე არ მიდის და მკაცრად მისდევს თავის დოგმატს, იღებს ამ აღმსარებლობის მიმდევარს, როგორც მოუნათლავს, ნათლისღების საიდუმლოს განმეორებით. მაგრამ, თუ ეკლესია დაინახავს სარგებლობას, მაშინ პირიქით, შეარბილებს რა მიდგომას, ეკლესია იმავე სწავლების მიმდევრებს იღებს უკვე მირონცხებით და ზოგჯერ მხოლოდ სინანულითაც კი (თუმცა, არსებითად მისთვის ისინი მაინც უნათლავად რჩებიან). ამის დასამტკიცებლად ამ შეხედულების მომხრენი იმოწმებენ ამა თუ იმ მწვალებელთა მიღების საკითხში საეკლესიო პრაქტიკის მერყევობის უეჭველ ისტორიულ ფაქტს. ერთი და იგივე აღმსარებლობა ეკლესიის მიერ განიმარტება არა მარტო დროის სხვადასხვა შუალედში, არამედ სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის მიერ ერთდროულადაც და, რაც განსაკუთრებით საყურადღებოა, ეს განსხვავება არ იწვევს ერთობის გაწყვეტას. რუსულ საღვთისმეტყველო აზრში მწვალებელთა იკონომიური წეს-განგებით მიღების პრობლემისადმი მიდგომა წარმოადგინეს ა. ს. ხომიაკოვმა, მიტროპოლიტმა ანტონი ხრაპოვიცკიმ და არქიეპისკოპოსმა ილარიონმა (ტროიცკი).

ეკლესიის ერთობის დოგმატისადმი თავიანთი სრულიად ნათელი და მკაცრი თანმიმდევრული დამოკიდებულებისდა მიუხედავად, ეს კონცეფცია ასევე იწვევს შეკამათების სურვილს. ასე მაგალითად, დეკ. გიორგი ფლოროვსკი მიიჩნევდა, რომ "იკონომია" სწორედაც რომ ნაკლებად შეთავსებადია წმ. კვიპრიანეს ნამდვილ პოზიციასთან. ეკლესიის კანონიკური საზღვრების მიღმა თუ მაშინვე უმადლო სიცარიელე იწყება და სქიზმატები საერთოდ მონათლულებიც კი არ იყვნენ, მაშინ მით უფრო საჭიროა ეკლესიის მოქმედებებსა და მსჯელობებში სრული სიცხადე, სიმკაცრე და მომთხოვნელობა. მართლაც, რამდენად შესაძლოა, ეკლესია ამა თუ იმ სქიზმატს და თვით მწვალებლებსაც კი ნათლისღების გარეშე იღებდეს მხოლოდ იმიტომ, რომ გაუადვილოს მათ გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა? ყოველ შემთხვევაში, ეს ადამიანური უძლურების, თავმოყვარეობისა და მცირედმორწმუნეობის წაქეზება უფრო იქნებოდა, და ეს წაქეზება მით უფრო საშიშია, რადგან ხილულად ქმნის სქიზმატურ საიდუმლოთა და მღვდელმოქმედებათა მნიშვნელობის საეკლესიო აღიარებას. ეკლესია მართლაც რომ ბოლომდე დარწმუნებული იყოს, რომ განხეთქილებებსა და მწვალებლებში ნათლობა არ სრულდება, რა მიზნით შემოიერთებდა ის სქიზმატიკოსებს ნათლისღების გარეშე?

პატრიარქი სერგი ასე აღწერს "მკაცრი შეხედულების დამცველთა" მიერ სხვადასხვა წეს-განგების არსებობის განმარტებას: "ეკლესია ... როგორც საღმრთო უფლებამოსილებათა მთელი სისრულის მატარებელი და მადლის მომნიჭებელი, თვითონ არ იზღუდება საიდუმლოთა იმ ფორმებით, რომელთა მიერაც ასწავლის ის ჩვეულებრივი წესრიგით ამა თუ იმ მადლის გადაცემას. ეკლესიას შეუძლია ადამიანს მადლი ჩვეულებრივი ფორმების გარეშეც მისცეს ან ერთი საიდუმლოს ფორმით სხვა საიდუმლოს მადლი მიანიჭოს... მაგალითად, თუ ლათინელი ან სომეხი მღვდელი მესამე ჩინით, სინანულით და მისივე სასულიერო ხარისხის აღიარებით მიიღება, ეს ნიშნავს, რომ სინანულის ფორმით მას ყველა საჭირო საიდუმლო ენიჭება: ნათლობაც, მირონცხებაც და ქიროტონიაც"... ("Патриарх Сергий так описывает объяснение "защитниками строгого мнения" исторически бесспорного существования различных чиноприемов: "Церковь … как носительница всей полноты Божественных полномочий по управлению и раздаянию благодати, сама не связывается теми формами таинств, под которыми она учит преподавать ту или иную благодать в обычном порядке. Церковь может преподать человеку благодать и помимо обычных форм, или же под формой одного таинства преподать благодать другого … если, например, латинский или армянский священник принимается третьим чином, через покаяние, в сущем сане, то это значит, что под формой покаяния ему преподаются сразу все нужные таинства: и крещение, и миропомазание, и хиротония"). მაგრამ, როგორ შეუძლია ეკლესიას, რაც გინდ ვითარება იყოს და როგორიც გინდ უზენაესი განზრახვა ამოძრავებდეს, ზედმეტად აღიაროს ნათლისღების დაწესებული ფორმა, როცა ამ საგანზე არსებობს უფლის სრულიად ნათელი განკარგულება: "მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით" (მათე 28:19), ან: "ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება" (მარკ. 16:16)? ... შეიძლება თუ არა დავუშვათ საყოველთაო სისტემაში აყვანილი საკითხის უსიტყვოდ მიტოვება, როგორც ბუნებრივი და თავისთავად გასაგები რამ? ... თუკი არამართლმადიდებელთ მხოლოდ საიდუმლოთა ცარიელი და უმადლო ფორმები აქვთ, მაშინ განსხვავება მათსა და სხვაგვარად მორწმუნეთა შორის ... ფაქტობრივად, ფორმალურია. რატომ არ ავრცელებს ეკლესია თავის იკონომიას სხვაგვარად მორწმუნეებზე, თუნდაც მათზე, ვინც ეკლესიასთან ყველაზე ახლოსაა? ... მაგრამ წმ. ტიმოთე ალექსანდრიელის პირველი კანონის მიხედვით, კათაკმეველიც კი, თუკი დაესწრება ლიტურგიას და შემთხვევით ეზიარება, დაუყოვნებლივ უნდა მოინათლოს.

მეოთხე ვარიანტი: მწვალებლურ და სქიზმატურ საზოგადოებებთან ეკლესიის დამოკიდებულების ეკლესიოლოგიური გადაწყვეტა, რომელშიც დაძლეულია ადრე აღწერილი სამი მიდგომის ნაკლოვანებანი, შეიმუშავეს პატრიარქმა სერგიმ და დეკანოზმა გიორგი ფლოროვსკიმ.

პატრიარქი სერგი თავის შეხედულებას ავითარებს წმ. ბასილი დიდის პირველი კანონის საფუძველზე. ამ კანონში ბასილი დიდი კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიიდან ყველა განდგომილს ყოფს სამ კატეგორიად: მწვალებლებად, სქიზმატებად და თვითნებურ თავყრილობად: "ძველებმა განაწესეს მიღება იმათი ნათლისღებისა, რომლებიც სარწმუნოებაში არ ცდებოდნენ. ამიტომ ზოგს ერესი დაარქვეს, ზოგს განხეთქილება და ზოგს კიდეშესაკრებლობა (თვითნებური თავშეყრა). მწვალებელი, ერეტიკოსი დაერქვა სარწმუნოებისაგან მთლად ჩამოცილებულთ და უცხოქმნილებს. განხეთქილება არის ისეთი მიზეზი, რომლის განკურნება შეიძლება. ესენი არიან საეკლესიო საკითხებზე დავის გამო ერთმანეთისაგან გაყოფილები. კიდეშესაკრებლობა (თვითნებური თავშეყრა) კი არის, როცა დაუმორჩილებელ ეპისკოპოსს ან მღვდელს აყოლილი ერი კრებას იწვევს, როცა რაიმე ბრალისთვის დასჯილი განუდგება სამღვდელო დასს, თავს არ მოუხრის კანონს, თავის თავს თვითონ ასამართლებს და ძალით მიიკუთვნებს პატივსა და მღვდლობას. ასევე თუ გამოიყოფა ვინმე, დატოვებს კათოლიკე ეკლესიას და მოაწყობს თვითნებურ შეკრებას - ეს არის თვითნებური თავყრილობა, კიდეშესაკრებლობა. ეკლესიაში მყოფთაგან განსხვავებული აზრის ქონება სინანულის შესახებ არის განხეთქილება. ხოლო ერესი, მაგალითად, მანიქეველთა, ვალენტინიანელთა, მარკიონელთა და თვით პეპუზიანელთა ნიშნავს გაყოფას თვით ღმრთის სარწმუნოების საკითხში. პირველ მამებს სურდათ მწვალებელთა სრულიად გაძევება და მათი, როგორც წარმართთა, ისე მიღება-შეწყნარება. განხეთქილების მოქმედთა, როგორც ჯერ კიდევ ეკლესიის ნაწილთა, შეწყნარება შეიძლება. თვითნებური თავშეყრის მომწყობთა ჯეროვანი სინანულის, გამოსწორებისა და მობრუნების შემდეგ შეიძლება მათი ისევ შეერთება ეკლესიასთან. ისე რომ, დაუმორჩილებლებთან ერთად განდგომილი სამღვდელო დასის წარმომადგენლები თუ მოიქცევიან და ინანებენ თავიანთ განდგომას, ისინი იმავე ხარისხით იქნებიან შეწყნარებულნი, რომელშიც იყვნენ თავიდან" (იხ. დიდი სჯულისკანონი. წმინდა ბასილი კესარია-კაპადუკიის ეპისკოპოსის პირველი ეპისტოლე კანონთა შესახებ ამფილოქე იკონიის ეპისკოპოსის მიმართ).

როგორც პატრიარქი სერგი ფიქრობს, წმ. ბასილი დიდის 1-ლი კანონის ანალიზი გვიჩვენებს, რომ არამართლმადიდებელთა გადანაწილება სამ კატეგორიად ეფუძნება ეკლესიისგან მათი გაუცხოების ხარიხს, რომელიც, თავის მხრივ, დამოკიდებულია მათ მიერ საეკლესიო სწავლებისა და წეს-განგებების დამახინჯებაზე. სრულიად გაუცხოებულებს ეკლესია არაქრისტეანებად მიიჩნევს და ეკლესიაში მოქცევის შემთხვევაში თავიდან ნათლავს. ხოლო არასრულად გაუცხოებულებთან ეკლესია გარკვეულ კავშირს ინარჩუნებს, მათთან "ურთიერთობის ერთგვარი წესი" აქვს და მათ ზოგიერთ საიდუმლოს აღიარებს.

მღვდელი გრიგოლ ფლოროვსკი თავის მიდგომას აფუძნებს ნეტ. ავტუსტინეს შეხედულებაზე მწვალებლებთან და სქიზმატებთან დაკავშირებით. ამასთან ის დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ სწორედ ნეტ. ავგუსტინეს ღვთისმეტყველებაა ყველაზე ახლოს მართლმადიდებლურ ტრადიციასთან, ვიდრე მისი გვიანდელი კათოლიკური ინტერპრეტაციები.

ნეტ. ავგუსტინეს მიხედვით, ეკლესიის გარეთ მადლი მოქმედებს, მაგრამ არ აცხოვნებს... "ყველაფერი შეიძლება გქონდეს ეკლესიის გარეთ, ცხოვნების გარდა. შეიძლება საიდუმლოებებიც გქონდეს... სახარებაც... რწმენაც მამის, ძის და სულიწმიდის მიმართ და ქადაგებდე მას, მაგრამ სადმე, კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიის გარდა, ცხოვნების მოპოვება შეუძლებელია" ("Все можно иметь вне Церкви, кроме спасения. Можно иметь Таинства… Евангелие… веру в Отца и Сына и Святого Духа и проповедовать ее, но нигде, кроме Кафолической Церкви, нельзя обрести спасения"). ტრაქტატში "კრეკსონის წინააღმდეგ" ნეტ. ავგუსტინე წერდა, რომ სქიზმატური ნათლობა მის მიმღებს კი არ გაამართლებს, არამედ გაამტყუნებს, რამეთუ მწვალებლებსა და სქიზმატიკოსებს სიყვარული არ გააჩნიათ. განხეთქილებაში სიყვარული იშრიტება, ხოლო ადამიანში, რომელშიც დაშრეტილია სიყვარული, სულიწმიდა ვერ დამკვიდრდება.

ნეტ. ავგუსტინეს მიხედვით, საიდუმლო სქიზმაშიც აღსრულდება და ამ საიდუმლოებებით საღმრთო მადლიც გარდამოიწვევა, მაგრამ სქიზმაში ის არ აცხოვნებს. საიდუმლოთა სინამდვილე, რომელიც სქიზმატებში აღსრულდება, ავგუსტინესთვის ეკლესიასთან განუწყვეტელ კავშირს ნიშნავს. ის პირდაპირ ამტკიცებს, რომ სქიზმატთა საიდუმლოებებში მოქმედებს ეკლესია:
"შვილთაგან ზოგს ეკლესია თვითონ შობს, საკუთარი წიაღიდან, ხოლო სხვა შვილებს ის მოახლისგან იღებს" ("Одних чад Церковь рождает сама, от своего чрева, а других она рождает от чрева служанки"), სწორედ იმიტომაც არის მნიშვნელოვანი სქიზმატური ნათლისღება, რომ მას ეკლესია აღასრულებს.

ამაშია სქიზმატური ყოფიერების თავისებური პარადოქსი: სქიზმა ეკლესიასთან მიბმული რჩება საიდუმლოთა მადლის მიერ, მაგრამ ეს სქიზმატებს სასჯელად უბრუნდებათ, რადგან მათში სიყვარული და კრებითი ურთიერთობა იშრიტება. ამას უკავშირებს ნეტ. ავგუსტინე ძირითად განსხვავებას საიდუმლოთა "მნიშვნელობასა" (ან "ქმედითობას", რეალურობას) და "სინამდვილეს" შორის. სქიზმატიკოსთა საიდუმლო მნიშვნელოვანია, ანუ ისინი ნამდვილად საიდუმლონი არიან, მაგრამ ისინი უმოქმედონი არიან თვით სქიზმის, ანუ ეკლესიისგან განყოფის გამო, რამეთუ სქიზმასა და განყოფაში სიყვარული კვდება, ხოლო მის გარეშე სულის ცხოვნება შეუძლებელია.

ცხოვნებას ორი მხარე აქვს: მადლის ობიექტური მოქმედება და სუბიექტური ღვაწლი, ანუ ერთგულება. სქიზმაში სულიწმიდა ჯერ კიდევ სუნთქავს, მაგრამ სქიზმის სიჯიუტესა და უძლურებაში კურნება არ ხორციელდება. მაშ, რა გზით გრძელდება სულის მოქმედება ეკლესიის კანონიკურ საზღვრებს გარეთ? რაოდენ მნიშვნელოვანია საიდუმლონი თანაზიარობის გარეშე? ეს არის მიტაცებული საიდუმლონი მიმტაცებელთა ხელში. მაგრამ ღმრთის სიყვარული ფარავს და ძლევს კაცობრივ უსიყვარულობას და თვით განხეთქილებებში (მწვალებლებშიც კი) ეკლესია აგრძელებს თავის განმწმენდელ მოქმედებას. საიდუმლოთა "მნიშვნელობა" სქიზმატიკოსებთან - ეს არის საყოველთაო სისრულესა და ერთობაში მათი დაბრუნების საიდუმლო საწინდარი.

ამრიგად, - აღნიშნავს მინსკისა და სლუცკის მიტროპოლიტი ფილარეტი, - თუ შევაჯამებთ "ეკლესიის საზღვრებთან" დაკავშირებულ განხილულ თემას და ეკლესიის დამოკიდებულების ნორმებს არამართლმადიდებლურ რეალობასთან, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თეოლოგიურად, წმიდა მამებისეულად და ისტორიულად ყველაზე საფუძვლიანია პატრიარქ სერგის და დეკანოზ გიორგი ფლოროვსკის პოზიცია, რომლის საფუძველზეც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აგებს თავის დამოკიდებულებას არამართლმადიდებლებთან. თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბევრი რამ მნიშვნელოვანი და საყურადღებო "იკონომისტთა" და "მკაცრი საეკლესიო შეხედულების წარმომადგენელთა" მიდგომაშიც იხილვება. მათი პოზიცია არამართლმადიდებელთა მიმართ ეკლესიაში საკუთარი მყოფობის ფაქტით თვითტკბობამდე არ დაიყვანება. პირიქით, ის გამსჭვალულია თანაგრძნობითი სიყვარულის, ეკლესიის ერთობიდან განდგომილთა უკან დაბრუნებისა და შემოკრების მოტივით. სწორედ აქ, არამართლმადიდებელთა ეკლესიაში შემოერთების საქმეში პოვებს თავის სრულ დასაბუთებას საეკლესიო იკონომიის პრინციპი, რომელიც ესოდენ ფუნდამენტურად არის განვითარებული ა. ს. ხომიაკოვის, მიტროპოლიტ ანტონ ხრაპოვიცკის და მღვდელმოწამე ილარიონ ტროიცკის შრომებში" (Митрополит Минский и Слуцкий Филарет. Вопрос о границах Церкви в русском православном богословии) (ჰტტპს://აზბყკა.რუ/ვოპროს-ო-გრანიცახ-ცერკვი-ვ-რუსსკომ-პრავოსლავნომ-ბოგოსლოვიი).

უნდა აღინიშნოს, რომ მწვალებელთა ეკლესიაში მიღების თემა ჩვენს თანამედროვეობაში ასეთი სიმძაფრით წამოიჭრა  ეკუმენისტური მოძრაობის გამო. ეკუმენისტების აზრით, რადგან წმიდა მამებმა არ მოგვცეს მკაფიო განსაზღვრება ეკლესიის საზღვრების შესახებ და რადგან ეკლესიაში არსებობდა მწვალებელთა მიღების სამი წესი (ნათლობა, მირონცხება და სინანული), მათ ჩამოაყალიბეს ის სწავლებები, რომლებიც ნაწილობრივ ზემოთ განხილულ ვარიანტებშია მოცემული, ხოლო ნაწილობრივ თავად მწვალებელთა მიერ არის შეთხზული. სწორედ ამ ბუნდოვანებიდან გამომდინარე ამტკიცებენ ისინი მწვალებელთა საზოგადოებებში მაცხოვნებელი მადლის არსებობას და აქედან გამომდინარე აყალიბებენ მიუღებელ თეორიებს.  

ზ. ნოდიასთვის, როგორც საეკლესიო საკითხებში ჩაუხედავი ადამიანისთვის, უცნობია, თუ როგორ ყალიბდებოდა ეკლესიაში მწვალებელთა მიღების წეს-განგება. მას ხანგრძლივი ისტორია აქვს და იმისთვის, სწორად რომ გავიგოთ წმ. ბასილი დიდის გამონათქვამი და ამ წმიდა მამის პოზიცია, ამ ისტორიას კარგად უნდა ვიცნობდეთ. ჩვენი წიგნის მიზანი და დანიშნულება არ გვაძლევს შესაძლებლობას, გადავუხვიოთ ჩვენს მთავარ ხაზს და პარალელურად განვიხილოთ მთელი რიგი ეკლესიოლოგიური თემები, რადგან ეს უსაშველოდ გაზრდის ისედაც დიდი მოცულობის ნაშრომს, ამიტომაც, სამწუხაროდ, ამ საკითხს დეტალურად ვერ შევეხებით. მხოლოდ მოკლედ აღვნიშნავთ იმ ფაქტს, რომ დავა მწვალებელთა მიღების შესახებ გაჩნდა III საუკუნეში და როგორც ეს ზემოთ უკვე ითქვა, პრობლემა გამწვავდა მაშინ, როდესაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ წმ. კვიპრიანე კართაგენელი და რომის პაპი სტეფანე. ჩხადია, ეს საკითხი მათ ეპოქაში არ გადაწყვეტილა. ამ დროს მხოლოდ ბიძგი მიეცა მოცემული თემის გარშემო მსჯელობას და ეკლესიის საბოლოო პრაქტიკის ჩამოყალიბებას ისე, რომ წმიდა მამებს მისი ზუსტი თეოლოგიური განმარტება არ მოუციათ (სწორედ ეს აძლევს ეკუმენისტებს შესაძლებლობას ამტკიცონ, თითქოსდა წმიდა მამები აღიარებდნენ მწვალებელთა საზოგადოებებში მაცხოვნებელი მადლის არსებობას, რაც არასწორია).

მწვალებელთა სხვადასხვა კატეგორიაში გადანაწილება და მათი მიღების წეს-განგებები ეკლესიამ საბოლოოდ ჩამოაყალიბა VI მსოფლიო საეკლესიო კრებაზე. ამიტომაც, დაუშვებელია, რომ წმ. ბასილი დიდის პოზიცია, რომელიც გარკვეულწილ იმეორებს წმ. კვიპრიანე კართაგენელის მიდგომას მწვალებელთა და სქიზმატიკოსთადმი, ამ ვითარების გაუთვალისწინებლად იქნას განმარტებული. ამ განსხვავებაზეა ლაპარაკი წმ. ბასილი დიდის პირველი კანონის ზონარასეულ განმარტებაში. სჯულისკანონის ეს ცნობილი და ავტორიტეტული კომენტატორი აღნიშნავს, რომ "საკითხი ეხებოდა იმას, ნათლობით უნდა მიეღოთ თუ არა ნავატიანელნი, რომლებიც თავს წმიდას უწოდებდნენ. ამის შესახებ წმინდანი ამბობს იმას, რაც ადრეც იყო ნათქვამი; ეს ადრე ნათქვამი კი გვეხსნება სიტყვებიდან: "წმინდად (კათარად) წოდებულთა საკითხის შესახებ ადრეც ნათქვამია და კეთილად არის მოხსენიებული, რომ ისინი უნდა მიჰყვნენ ადგილობრივ წესს, რადგან მათი ნათლისღების შესახებ სხვადასხვაგვარად ფიქრობდნენ სხვადასხვა დროს"; ანუ სხვადასხვა პირი სხვადასხვაგვარად ამბობდა, თუ როგორ უნდა მიეღოთ ისინი ეკლესიისკენ მოქცევის შემთხვევაში. ასეთია წმ. ბასილი დიდის გამოხმაურება კათარებზე. ხოლო II მსოფლიო კრების ბოლო განწესება ამბობს, რომ არ არის საჭირო მათი თავიდან ნათლობა, არამედ მივიღოთ ოდენ მირონცხებით. უეჭველად უნდა მოქმედებდეს ეს უკანასკნელი კანონი, რადგან ის არის უფრო გვიანდელი და კრებითი, თანაც მსოფლიო კრების" (Первое каноническое послание святаго отца нашего Василия, архиепископа кесарии Каппадокийския, к Амфилохию епископу Иконийскому. Первое каноническое послание святаго отца нашего Василия, архиепископа кесарии Каппадокийския, к Амфилохию епископу Иконийскому. Правила святых апостол, святых соборов, вселенских т поместных и святых отец с толкованиями. Правила святых отец с толкованиями. Москва. 1884 г., стр 155).

ის, რომ წმ. ბასილი დიდის სიტყვები კავშირშია წმ. კვიპრიანე კართაგენელის დროს წარმოქმნილ პრაქტიკასთან და თვით წმ. ბასილი დიდი იმეორებს წმ. კვიპრიანე კართაგენელის პოზიციას, ჩანს ზონარას შემდგომი განმარტებიდანაც: "თავის პასუხში, - წერს ზონარა, - წმიდა ბასილი დიდი ასწავლის თუ რა არის ერესი, რა არის განხეთქილება და რა თვითნებური თავშეყრა; და ამბობს, რომ მწვალებელთა ნათლობა სრულიად უარიყოფა, სქიზმატებისა კი მიიღება; რაც შეეხება თვითნებურ თავშეყრას, მათში მონაწილენი კვლავ შემოუერთდებიან ეკლესიას, თუ ჯეროვნად შეინანებენ და, რაც არცთუ იშვიათად ხდება, თავიანთ ხარისხებსაც ინარჩუნებენ. რაც შეეხება პეპუზიანელებს, ამბობს, რომ, თუ ისინი საყოველთაო ეკლესიისკენ მოექცევიან, უნდა მოინათლონ, რადგან აშკარად ერეტიკოსები არიან; რამეთუ ვინც გადმოცემისამებრ არ ნათლავს მამის, ძის და სულიწმიდის სახელზე, მონათლულად არ ჩაითვლება. ხოლო რანაირად შეასრულებს კათოლიკე ეკლესიის თანხმიერ ნათლობას ის, ვინც ნუგეშინისმცემლად მიიჩნევს მონტანსა და პრისკილას? რაც შეეხება კათარებს, ენკრატიტებსა და ჰიდროპარასტატებს, წმიდა მამის თქმით, ძველ მამებს, რომლებიც იყვნენ კვიპრიანესთან და ჩვენს ფირმილიანესთან ერთად (ფირმილიანეს თავისიანს უწოდებს იმიტომ, რომ ის იყო კესარიის ეპისკოპოსი), სურდათ ყველანი თავიდან მოენათლათ. რამეთუ ყველაზე უმთავრეს კრებაზე, რომელიც კართაგენში შედგა და რომლის ეპისკოპოსიც იყო კვიპრიანე, დაწესდა, რომ უნდა მონათლულიყო ყველა, ვინც კი ეკლესიისკენ მოექცეოდა, - და არა მარტო მწვალებელები, არამედ სქიზმატიკოსებიც, რომლებიც, მართალია, დოგმატებში არ სცოდავდენ, მაგრამ, როგორც ეკლესიის სხეულისგან განდრეკილთ, სულიწმიდის მადლი არ გააჩნიათ; ხოლო, რაც არ გააჩნდათ, ის სხვებისთვის როგორ უნდა გადაეცათ? მაგრამ აქვე წმიდა მამა დასძენს: რადგან ზოგიერთს კეთილგონივრულობიდან გამომდინარე სურდა მიეღო კათარების ნათლობა, დე, შეწყნარებულ იქნას. როგორც ზემოთ ვთქვით, მეორე მსოფლიო კრებამაც სწორედ ასე დააწესა" (იქვე).

როგორც უკვე ვთქვით, წმ. კვიპრიანეს პოზიცია, თავიდან მოენათლა ეკლესიისკენ მოქცეული ყველა მწვალებელი და მეტიც, სქიზმატიკოსებიც, რომლებიც სწავლა-მოძღვრებით არაფრით განსხვავდებოდნენ მართლმადიდებელთაგან, წმიდა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ არ გაიზიარა და ყველა კატეგორიის მწვალებლისთვის დაწესებული ერთი საზოგადო წესის ნაცვლად, როგორც ამას წმ. კვიპრიანე აკეთებდა, მწვალებელთა მიღების სამი წეს-განგება დააწესა. ეს კი წმ. კვიპრიანეს პრაქტიკისა და ეკლესიოლოგიის საწინააღმდეგოა. წმ. ბასილი დიდის დროს, როგორც თვით წმიდა მამა აღნიშნავს "კათარებზე, რომლებიც თავს წმიდას უწოდებენ, განსხვავებულად ფიქრობდნენ... და მიღებულ იქნა, დაცულიყო ყოველი ქვეყნის პრაქტიკა ("რადგან აზიელთაგან ბევრს სურს მათი ნათლისღების შეწყნარება, შეიწყნარონ") (იქვე იხ. წმ. ბასილის დიდის 1-ლი კანონი და ამ კანონის ბალსამონისეული განმარტება).

დღეისთვის მწვალებელთა მიღების მსოფლიო კრებების მიერ დაწესებულმა წეს-განგებამ (სამი წესით) გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა და შესაძლებლობა მისცა ეკუმენისტებს, ემტკიცებინათ, თითქოსდა მწვალებელთა მიმართ ეკლესია ისეთი მკაცრი არ არის, როგორც ეს დღევანდელ "ფუნდამენდალისტებს" ჰგონიათ. მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით და ზემოთაც ვნახეთ, რომ ასეთი მიდგომა არასწორია და ეკლესია უარყოფს მწვალებლებში მაცხოვნებელი მადლის არსებობას.

ეს ურთულესი და უვრცელესი საკითხი ზვიად ნოდიას "განხილული" აქვს თავისი წიგნის ერთ გვერდზე, წმ. ბასილი დიდის პირველი კანონის ზერელე დამოწმებით, საკუთარი განმარტებითა და აღქმით და არა მთელი იმ პერიპეტიების გათვალისწინებით, რაც მწვალებელთა ეკლესიაში მიღების წეს-განგების ჩამოყალიბებას ახლდა. გათვალისწინებული არ არის ასევე არც კვიპრიანე კართაგენელისა და მისი შეხედულებების მომხრეთა ეკლესიოლოგია და არც რომის პაპ სტეფანეს ეკლესიოლოგია, რომელთა პრაქტიკა ურთიერთგამომრიცხავი იყო. გათვალისწინებული არ არის ასევე ეკლესიის მიერ სამი წეს-განგებით მწვალებელთა მიღების თეოლოგიური საფუძვლები, რომლებზეც რუსული ღვთისმეტყველება (და არა მარტო) საუკუნეთა განმავლობაში თავს იმტვრევდა. მაგრამ ზ. ნოდია, რომელიც თავს "თეოლოგს" უწოდებს (23) და თავის შეხედულებებში ახტება პირველი, მეორე და მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრებების დადგენილებებს მწვალებელთა ეკლესიაში მიღების თაობაზე და კვლავ წმ. კვიპრიანე კართაგენელის დღეისთვის უკვე უარყოფილ პრაქტიკას უბრუნდება. ასე უარიყოფა ზ. ნოდიას მიერ დიდი სჯულისკანონი და მსოფლიო საეკლესიო პრაქტიკა.

___________

23. იხ. ტელევიზია "ობიექტივში"-ში ზ. ნოდიას გამოსვლა. 2017 წ. 31 იანვარი, 11:30-12:20. http://www.obieqtivi.net/tv.php?id=30145.

___________

ასეთი არასერიოზული მიდგომა დიდი სჯულისკანონისადმი, წმიდა მამათა გამონათქვამებისადმი, ასეთი გაუთვალისწინებლობა მსოფლიო კრებათა დადგენილებებისა მხოლოდ მწვალებლური ცნობიერების ადამიანებს ახასიათებს. ზ. ნოდია და მისი მსგავსი პოლემისტები, "ჩემი შენ გითხარის" პოლიტიკით მავალნი, "გაუკუღმართებულს" რომ უწოდებენ მართლმადიდებლობის სამართლიან აპოლოგიას, კიდევ აქეთ დაგდებენ ბრალს დიდი სჯულისკანონის დამახინჯებაში და გეტყვიან, რომ "ჭეშმარიტ ქრისტეანულ შეხედულებებს ყალბით ანაცვლებ", და რადგან "მიზანს ვერ აღწევ ძალადობით" (?) შედეგს იღებ "სიყალბის, იმიტაციის, ფალსიფიკაციებისა და კომპრომისების მეშვეობით" (ზ. ნ. გვ. 216). როგორც ჩანს, ამგვარი ბრალდებების ავტორს, "პუბლიცისტ" ზ. ნოდიას შუბლის ძარღვი გაწყვეტილი აქვს, რის გამოც თავს ნებას აძლევს, ენა და კალამი ნებისმიერი სალანძღავი და სულელური ბრალდებების საფრქვევად მოიმარჯვოს.
მაგრამ მარტო ამაში როდი ვლინდება ზ. ნოდიას უკიდურესი უმეცრება. ამ უაღრესად ამბიციურმა ადამიანმა ისიც კი არ იცის, რომ ეწინააღმდეგება არა მარტო ძირძველ მართლმადიდებლობას, მსოფლიო საეკლესიო კრებებს და წმიდა მამათა სწავლებას (რაც ზემოთ არაერთხელ ვაჩვენეთ), არამედ საკუთარი ეკლესიის პრაქტიკასაც და ამავე ეკლესიის "წმინდანებსაც" და მუდმივ ანტინომიებში ვარდება.


2. წმიდა მამებისეული გადაწყვეტა საკითხისა აქვთ თუ არა მწვალებლებს ხელდასხმის მადლი

"ეკლესიის საზღვრებს გარეთ აღსრულებული ნათლობისა და ქიროტონიის საკითხი, - წერს ზემოთ ხსენებულ ნაშრომში ფ. მელნიკოვი, - ძალზე ძველია და საკმაოდ მკაფიოდ არის გარკვეული საეკლესიო მოძღვართა და წმიდა კრებების მიერ. მან დიდი დავა გამოიწვია ჯერ კიდევ III-IV საუკუნეებში და ძლიერ აღელვებდა იმდროინდელი საეკლესიო მოღვაწეების გონებასა და სინდისს. ეკლესიის მამათაგან ერთნი გადაჭრით უარყოფდნენ ეკლესიის გარეთ აღსრულებულ საიდუმლოთ და მათ არანამდვილად და არაფრის მომცემ მოქმედებად მიიჩნევდნენ. ამიტომაც ისინი ითხოვდნენ ეკლესიისკენ მოქცეულ მწვალებელთა გადანათვლას. მაგრამ სხვები აღიარებდნენ, რომ მწვალებელთა მიერ აღსრულებული ნათლობა და ქიროტონია, თუკი ეს მწვალებელნი ნათლობისას მოუწოდებდნენ წმიდა სამებას, ძალმოსილი და ტოლფარდი იყო ნამდვილი და ჭეშმარიტი საიდუმლოებების, ამიტომაც მათგან მონათლულებსა და ხელდასხმულებს ამ საიდუმლოთა განმეორების გარეშე შეიწყნარებდნენ ეკლესიაში.

ამ საკითხზე ხანგრძლივი დავის შემდეგ საყოველთაო ეკლესიამ გამოიტანა ნათელი და ზუსტი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მწვალებლები დაყოფილია სამ კატეგორიად (ჩინად), მათი ცთომილების ხარისხისდა მიხედვით. პირველი კატეგორიის მწვალებელთ, როგორც "სარწმუნოებისგან სრულიად გაუცხოებულთ", ეკლესია უქვემდებარებდა თავიდან ნათლობას; ხოლო ნათლობისა და ქიროტონიის საიდუმლოებებს, რომლებიც აღესრულებოდა მეორე კატეგორიის ერეტიკოსებში, ვინც "განყოფილნი იყვნენ ეკლესიისგან ზოგიერთ საეკლესიო საკითხთან დაკავშირებით" და მესამე კატეგორიის მწვალებლებში, რომლებიც მართავდნენ "თვითნებურ თავყრილობებს", ეკლესია მიიჩნევდა ნამდვილად. " საჭიროა, პატივი ვცეთ და გულმოდგინედ მივყვეთ უცთომელ კანონს და კრძალვით დავიცვათ შემდეგი, რომ, როცა ვინმე, მათგან ნათელღებული, მოუბრუნდება ეკლესიას, პირველად მას ეცხებოდეს საცხებელი სულიწმიდისა მორწმუნეთა შორის და შემდეგ ეზიარებოდეს საიდუმლოს. ვიცი ესეც, რომ ძმები იზო და სატორნინე, რომლებიც მათი დასის წევრები იყვნენ, შევიწყნარეთ ეპისკოპოსის ტახტზე, რის გამოც მათი საზოგადოების წევრებს ვერ გამოვყოფთ ეკლესიისაგან რაიმე კანონის მიღებით მათი და მათი ეპისკოპოსების ზიარების შესახებ" (წმ. ბასილი დიდის პირველი კანონი. იხ. "დიდი სჯულისკანონი". საქ. ეკლ. კალენდარი. გვ. 401-402) (Ф. И. Мельников. В защиту старообрядческой иерархии. Святоотеческое решение вопроса о благодати хиротонии у еретиков) (http://www.tuinov.narod.ru/iepapxia.html) (URL-ის მიმართვის თარიღი: 12.11.2020).

"მწვალებელთა საზოგადოებებში აღსრულებულ ხელდასხმათა საკითხი, - ამბობს ფ. მელნიკოვი, - განსაკუთრებული საფუძვლიანობით იქნა გამორკვეული VII მსოფლიო კრებაზე. მასზე წაიკითხეს წმიდა მამათა ყველა დადგენილება ამ საკითხთან დაკავშირებით, რის შემდეგაც კრებამ გამოიტანა ასეთი გადაწყვეტილება: "კრების თავმჯდომარემ, უწმიდესმა პატრიარქმა ტარასიმ თქვა: "ჩვენ მოვისმინეთ მამათა მცნებები. მაშ, ასე როგორ მოვიქცეთ? მივიღოთ მწვალებელთა მიერ ხელდასხმულნი?"

წმიდა კრებამ უპასუხა: "დიახ, მეუფეო, ჩვენ გვესმა და ვიხილეთ, რომ უნდა მივიღოთ".

მაგრამ მწვალებელთა საზოგადოებებში აღსრულებული ნათლობისა და ხელდასხმის სინამდვილის საკითხთან განუყრელად არის დაკავშირებული ამ საიდუმლოთა მაცხოვნებლობისა და მადლმოსილების საკითხიც. ამ დავებში, - ამბობს ა. კატანსკი, - წყდებოდა საკითხი, შეიძლება თუ არა მწვალებლებსა და სქიზმატიკოსებში მადლის არსებობის აღიარება და რამდენად ღრმა არის  ეს სარჩული; და საკითხი, შეიძლება თუ არა ქრისტეს მადლის გამოცალკევება სულიწმიდის ნიჭებისგან (ან "მადლისგან" ჩვენი დღევანდელი ტერმინოლოგიით) და რა ზომით.  ეს არის მკაცრად დოგმატური საკითხი, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა არა მარტო იმ დროისთვის, არამედ აქვს ჩვენი დროისთვისაც (ვგულისხმობთ არამართლმადიდებელ აღმსარებლობათა საკითხს).

წმ. კვიპრიანე კართაგენელის მოწინააღმდეგეები, რომლებიც იზიარებდნენ მწვალებელთაგან და სქიზმატიკოსთაგან მიღებული ნათლობის სინამდვილეს, თავიანთ მტკიცებულებებში - ადგილობრივი საეკლესიო პრაქტიკის გარდა ეყრდნობოდნენ მოციქულის სიტყვებსაც (ფილ. 1:18), ეყრდნობოდნენ აზრს ქრისტეს სახელის სიდიადის შესახებ. "ბევრად შეეწევა რწმენას და ნათლობის სიწმიდეს ქრისტეს სახელი, - ამბობს სტეფანე (რომის პაპი), ასე რომ, ვინც ქრისტეს სახელით არის მონათლული, იმწამსვე იღებს ქრისტეს მადლს". შესაძლოა, ასეთ შემთხვევაში გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა დამკვიდრებულ ტერმინოლოგიას: მამისა და ქრისტეს მადლი. პაპი სტეფანე და მისი თანამოაზრეები ასე განყოფდნენ მადლს ორ ნაწილად: ქრისტეს მადლად და სულიწმიდის ნიჭებად. პირველი ეძლევა ყველას, ვინც მონათლულია ქრისტეს სახელით, თვით ერეტიკოსებსა და სქიზმატებსაც; ხოლო მეორე ნაწილს მადლისა, კერძოდ სულიწმიდის ნიჭებს, ყოველი ნათლისღება ვერ იძლევა, რის გამოც მწვალებლებთან და სქიზმატიკოსებთან მონათლულებს ხელი  უნდა დაედოთ მათზე სულიწმიდის გარდამოსაწვევად" (ფ. მელნიკოვი. იქვე).

"III და IV საუკუნის წმ. მამები განსხვავებულად ფიქრობდნენ ეკლესიის გარეთ აღსრულებულ საიდუმლოთა მნიშვნელობაზე, მაინც საერთო აზრს მისდევდნენ მწვალებელთა შესახებ, რომ მათთან არ არის ცხოვნება და საიდუმლონი, რომლებიც მათში აღსრულდება, არ ანიჭებს მათ მიმღებთ სულიწმიდის ნიჭებს და არ განწმენდენ მათ ცოდვათაგან. მწვალებლები, - ამბობს მათ შესახებ ნეტ. იერონიმე, - "იმ უგუნურებამეც კი მივიდნენ, რომ სულ მარტონი დარჩნენ სულიწმიდის მადლის გარეშე და დაკარგეს უფლის მემკვიდრეობა, ანუ ადრინდელი სარწმუნოებრივი ჭეშმარიტება" (Бл. Иероним. Творения. Ч. VI. С.345).

ღირ. მარკოზ მონაზონი ამტკიცებს: "ნათლისღების მეშვეობით გვეძლევა ცოდვათა მიტევება და სულიწმიდის მადლი რწმენის ზომისაებრ. როგორც განვუდგებით რწმენს, იმწამსვე მოგვიცავს ცოდვა. სულიწმიდა მტკიცე მორწმუნეებს ეძლევა ნათლისღების შემდეგ, ხოლო ურწმუნოთ და ბოროტმორწმუნეთ ნათლისღების შემდეგ არ მიეცემათ" (Марк-подвижник. Слово 4-е о крещении).

ჭეშმარიტი რწმენის გარეშე მონათლულებზე იგივეს ამბობს წმ. კირილე იერუსალიმელიც: "მიეახლა ოდესღაც საბანელს სიმონ მოგვიც, - ბრძანებს წმ. კირილე იერუსალიმელი, - განიბანა (საქ. 8.13), მაგრამ არ განათლდა. სხეული დაიფარა წყლით, მაგრამ გული არ განათლდა სულიწმინდით. სხეული ჩავიდა და ამოვიდა (ინ. 5.4), მაგრამ სული არ თანადაეფლა, არც თანააღდგა ქრისტესთან" (რომ. 6.4; კოლ. 2.12) (წმიდა კირილე იერუსალიმელი - პროკატექიზისი ანუ წინაგანსწავლა) (ჩв. Кирилл Иерусалимский. 1-е огласительное поучение).

იგივეს ამბობს მწვალებლებზე წმ. ეფრემ ასურელიც (Ефрем Сирин. Творения. Ч. 2. С. 407), ნეტ. თეოდორიტეც (Бл. Феодорит. Толкование Песни Песней. Гл. 5), ღირ. ნილოს სინელი (Преп. Нил Синайский. Ч..3. С.125), ზინობი მონაზონი (Зиновий Мних. Истины Показание. С. 602), მელეტი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი (Кириллова книга. Посл. 10. Л. 505) და მრავალი სხვა საეკლესიო მოძღვარი და მწყემსი.

"ყველაზე მეტად და სხვაზე საფუძვლიანად წერდა მწვალებლებთან აღსრულებულ საიდუმლოებებზე ნეტ. ავგუსტინე იპონიელი. "ვინც განეშორება ეკლესიას, - ამბობს ის, - კარგავს მასთან კავშირის ნაყოფს და ეცლება მადლი; ზუსტად ასევე, ვინც დაიბადა და აღიზარდა ეკლესიასთან ერთობის გარეთ, თუნდაც აღბეჭდილი იყოს საიდუმლოებებით, მათგან ვერ მიიღებს მადლისმიერ ძალას და განწმენდას. მაგრამ, თუ ერთიც და მეორეც დაბრუნდებიან ეკლესიაში, მათზე არ უნდა განმეორდნენ განუმეორებელი საიდუმლონი; რადგან მათ არ ჰყოფნიდათ არა თვით საიდუმლო, არამედ მხოლოდ მათი მაცხოვნებელი მოქმედება. საიდუმლოს აღსასრულებლად საჭიროა ერთი რამ - რათა მას გააჩნდეს სრული მაცხოვნებელი ძალა მიმღებზე. ასე მაგალითად, თუ მოსანათლავზე წარმოთქმულია სახარებისეული სიტყვები: სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა - საიდუმლო აღსრულებულია, მაგრამ ის უნაყოფოა ურწმუნოსთვის, სანამ არ ირწმუნებს; მწვალებელისთვის ან სქიზმატიკოსისთვის, სანამ არ შეუერთდება ეკლესიას, რომლისგანაც სულიერად არის განდგომილი; და საერთოდ, - ყოველი ბიწიერი და საკუთარი სულიც ცხოვნებისთვის არმოღვაწე ცოდვილისთვის, სანამ ის არ დაუბრუნდება ღმერთს სინანულით" (0 крещении. Кн. 1. Гл. 10, 17, Кн. П. Гл. 10, 14, 15 и проч. // Жизнь и творения бл. Августина. Нижний Новгород, 1907. С. 90).

"მაგრამ, თუ ასეა, არის თუ არა სულერთი მორწმუნე კაცისთვის, სად და ვისგან მიიღებს ის საიდუმლოს; მას შეუძლია ნათლობა მწვალებლებთანაც მიიღოს. ამაზე ნეტ. ავგუსტინე პასუხობს, რომ, ვინც ასე ლაპარაკობს, ის სცოდავს, რადგან მწვალებელთა ნათლობა არის უსჯულო და უუფლებო, თუნდაც ის ჭეშმარიტი (ანუ სწორად აღსრულებული - არქიეპ. პ.) ნათლობა იყოს. "მათში ნათლობის მადლი გამოჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი დაუბრუნდებიან ეკლესიას. ნათლობის მაცხოვნებელი ძალი ნადგურდება სქიზმაში მათი ყოფნით" (Кутепов Н. Раскол донатистов. Казань, 1884. С. 123).

"სწორი ნათლობა შეიძლება ეკლესიის გარეთაც იყოს, და არა მარტო სქიზმატიკოსებთან, არამედ მწვალებლებთანაც... მაგრამ ამისგან ჯერ კიდევ არავინ განწმენდილა, რამეთუ მარტო ნათლისღება (ან მისი გარეგანი შესრულება - არქიეპ. პ.) კი არ განგვწმენდს, არამედ სიტყვა ჭეშმარიტებისა (იოანე 15:3), გული შემუსვრილი (ფსალმ. 50:19). ხოლო ყოველივე ამას მოიცავს სულიწმიდა, რის გამოც გადმოდის ის ნათლისღების წყლებზე მისი აღსრულების დროს. ამიტომაც, ეკლესიის გარეთ მონათლული როდესაც ეკლესიას უბრუნდება, საჭიროებს არა ნათლისღებას, არამედ სულიწმიდის მადლს" (Жизнь и творения бл. Августина. Нижний Новгород, 1907. С. 183).

"ეკლესია, - ამბობს ნეტ. ავგუსტინე, - არის ქრისტეს წმიდა სხეული. მხოლოდ მასშია სულიწმიდა, და სიყვარული შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ იმას, ვინც ეკლესიაშია. მაგრამ ეკლესიაში მყოფთაც ყველას როდი აქვს სულიწმიდა, არამედ მხოლოდ იმას, ვინც ნამდვილ კავშირშია ეკლესიის წევრებთან" (Там же. С. 185).

ამრიგად, ძველი ეკლესიის წმიდა მამებისთვის უდავო იყო, რომ მწვალებლები ვერ მიიღებენ სულიწმიდის მადლს ნათლობის საიდუმლოში, თუმც თვით საიდუმლო, აღსრულებული სწორად, ქრისტეს წმიდა და ჭეშმარიტი ნათლობაა.

ამტკიცებს რა მწვალებლებში ნათლობის საიდუმლოს სინამდვილეს, ნეტ. ავგუსტინე თანმიმდევრულად იყენებს თავის შეხედულებას მწვალებელთა ხელდასხმისადმი. "შეუძლებელია მივუთითოთ რაიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა დაკარგოს საიდუმლოს გადაცემის ძალა იმან, ვისაც არ შეუძლია დაკარგოს თავისი ნათლისღება. ერთიც საიდუმლოა და მეორეც, ერთიც და მეორეც ადამიანს ეძლევა გარკვეული კურთხევით: ერთი - როდესაც ის ინათლება, ხოლო მეორე -- როდესაც ხელდაისხმება, ამიტომაც, დაუშვებელია ან ერთის, ან მეორის განმეორება საყოველთაო ეკლესიაში" ("Нельзя указать никакой причины, почему тот, кто не может утратить самого крещения, в состоянии потерять власть преподавать его. То и другое есть таинство, то и другое сообщается человеку некоторым посвящением: то - когда он крещается, а это - когда он рукополагается, а потому ни то, ни другое в кафолической Церкви повторять непозволительно").

რამეთუ, თუკი როდესაც იქიდან (განდგომილთაგან) მოდიან თვით წინამძღვარნი, სქიზმის ცთომილებაში გასწორების შემდეგ, მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის შეიწყნარებიან და მათი აღიარება საჭირო ხდება, რათა შეასრულონ იგივე მოვალეობა, როგორსაც ადრე ასრულებდნენ, ამიტომაც თავიდან არ ხელდაისხმებიან ისინი; როგორც ნათლობაა მათში სრული, ასევე ხელდასხმაც, რამეთუ ცთომილება მდგომარეობდა განდგომაში, რომელიც ერთობითა და მშვიდობით გადაიჭრა, და არა საიდუმლოებებში, რომლებიც, სადაც გინდ იყოს, ერთი და იგივეა" (რუს. თარგმ.: "Ибо если когда приходящие оттуда (т.е. от отпадших), даже предстоятели, по исправлении заблуждения раскола, ради блага мира принимаются, и признано бывает нужным, чтобы они исполняли те же обязанности, какие исполняли и прежде, то они не рукополагаются снова; но как крещение в них, так и рукоположение пребывают целыми, поелику погрешность была в отпадении, которое исправлено миром единения, а не в таинствах, которые, где бы ни были, остаются теми же" (Соколов В. Иерархия англиканской епископальной церкви. 1897. С. 302 - 303).

სხვა ადგილას, პასუხობს რა ვინმე თევდორეს კითხვას: როგორ უნდა მივიღოთ დონატისტელი კლერიკოსები, ნეტ. ავგუსტინე ამბობს, რომ "დონატისტელი სამღვდელოებისგან მიღებული ქიროტონია, შეიძლება გამოვიყენოთ ეკლესიის სასარგებლოდ, რომ ეკლესია მისკენ დონატისტთა მოქცევის შემთხვევაში ნამდვილად უნდა აღიარებდეს მათში წმიდა ნათლისღებას, ქიროტონიის მადლს, ბერ-მონაზვნურ აღთქმებს, წმიდა სამებისადმი რწმენას და ა. შ."  (Кутепов Н. Раскол донатистов. Казань, 1884. С. 118).

როგორც ვხედავთ, ნეტ. ავგუსტინე, უარყოფდა რა მწვალებელთა ცხოვნებას, მათში ცოდვათა მიტევების შესაძლებლობას და მათზე სულიწმიდის ნიჭთა მოქმედებას, ამასთან ნამდვილად და ჭეშმარიტად აღიარებდა მათზე აღსრულებული ნათლობისა და ქიროტონიის საიდუმლოებებს არა მარტო მათი სწორად აღსრულებული ფორმების გამო, არამედ მათი შინაგანი ძალისა და მნიშვნელობის გამოც, მიიჩნევდა მას არა საწესჩვეულებო მოქმედებებად, არამედ საიდუმლოებებად, რომლებიც იძლევიან ძალაუფლებას. ის განყოფდა ნათლისღებისა და ქიროტონიის ძალასა და მოქმედებას და მათი მიმღების გულის გაუკუღმართბულობას. "ფული თავისთავად კარგია, - ამბობს ავგუსტინე, ადარებს რა მათ წმიდა საიდუმლოთ, - და კარგადვე რჩება ის ავაზაკის ხელშიც" ("Деньги хороши сами по себе, и хорошими остаются в руках вора" (Жизнь и творения бл. Августина. Нижний Новгород, 1907. С.1 82).

"ნათლისღების ძალა, - ამბობს ავგუსტინე, - მდგომარეობს არა ადამიანში, არამედ ქრისტეში. ჩვენ არ შევბილწულვართ ჩვენი ნათლობის წყლებით და არ განვწმენდილვართ თქვენით, მაგრამ ნათლობის წყლები, აღსრულებული მამის, ძის და სულიწმიდის სახელით, არც ჩვენია და არც თქვენი, არამედ იმისი, ვისზეც იოანესთან ნათქვამია: "რომელსა ზედა იხილო სული გარდამომავალი და დადგრომილი მის ზედა, იგი არს, რომელმან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა" (ახ. ქართ.: "ვისზედაც იხილავ სულს გადმომავალს და დავანებულს მასზე, სწორედ იგია სულით წმიდით ნათლისმცემელი") (იოანე 1:33). ვერავინ, ყველაზე უმანკოც კი, ვერ შეიქს სხვას უმანკოდ, რამეთუ ის ღმერთი არ არის. ქრისტეანთა მდევნელი სავლე უნდა მოენათლათ, რადგან ის ჯერაც არ იყო მონათლული; მაგრამ ეკლესიის მადევარი, რომელიც საკუთარ თავს დევნის, შენ მეორედ არ უნდა მონათლო, რადგან ის უკვე მონათლულია" (ქართ. თარგმ.: "Сила крещения заключается не в человеке, а во Христе. Мы не осквернились водою нашего крещения и не омылись вашею, но вода крещения, совершенного во имя Отца, Сына и Святаго Духа, есть ни наша, ни ваша, а Того, о Котором у Иоанна сказано: "Над Него же узриши Духа сходяща и пребывающа на Нем, той есть крестяй Духом Святым" (Ин., 1:33). Никто, и самый невинный, не может сделать другого невинным, ибо он не есть Бог. Гонителя Савла должно было крестить, так как он не был еще крещен; но церковного гонителя, который себя преследует, ты не должен крестить вторично, так как он уже крещен" (Кутепов Н. Раскол донатистов. Казань, 1884. С.132).

ასეთივე შეხედულება აქვთ მე-2 და მე-3 ჩინის ერეტიკოსთა საიდუმლოებებზე სხვა წმიდა მამებსაც და კრებით დადგენილებებსაც. "პირველ მამებს, - ბრძანებს წმ. ბასილი დიდი, - სურდათ მწვალებელთა სრულიად გაძევება და მათი, როგორც წარმართთა, ისე მიღება-შეწყნარება. განხეთქილების მოქმედთა, როგორც ჯერ კიდევ ეკლესიის ნაწილთა, შეწყნარება შეიძლება. თვითნებური თავშეყრის მომწყობთა ჯეროვანი სინანულის, გამოსწორებისა და მობრუნების შემდეგ შეიძლება მათი ისევ შეერთება ეკლესიასთან. ისე რომ, დაუმორჩილებლებთან ერთად განდგომილი სამღვდელო დასის წარმომადგენლები თუ მოიქცევიან და ინანებენ თავიანთ განდგომას, ისინი იმავე ხარისხით იქნებიან შეწყნარებულნი, რომელშიც იყვნენ თავიდან" (წმ. ბასილი დიდის 1-ლი კანონი. საქ. ეკლ. კალენდ. 1987 წ. გვ. 400).

კართაგენის კრების წმიდა მამებმა დაადგინეს: "როგორც წმიდა მოციქული ამბობს, - "ერთი არის ღმერთი, ერთი - სარწმუნოება, ერთი - ნათლისღება" (ეფეს. 4:5) და ვისაც ერთხელ უკვე მიცემული აქვს ნათელი (დონატისტელისგან), მისი უკან მობრუნების დროს მეორედ მიცემა უჯეროა, რაკი შეაჩვენებენ საცთურის სახელს, ხელის დადებით შეწყნარებულ იქნენ ერთი ეკლესიის მიმართ, "მხოლოისა ტრედისაი" (ქება 2:10), როგორც ითქვა, და ქრისტიანთა ერთი დედის მიმართ, რომელშიც ყველა სიწმინდე საცხონებლად და საუკუნო ნეტარების ღირსყოფის მისაღებად სრული იქნება. ერესის მიმღებნი დიდი სასჯელის ღირსნი ხდებიან, რადგან, როგორც ჭეშმარიტება განანათლებს საუკუნო ცხოვრებისკენ მათ სვლას, ასევე იქცევა საცთური სიბნელედ, რომლისაგან გამორბის ზოგიერთი და საზგოადო დედის, უცთომელი ეკლესიის სიმართლეს შეიცნობს და ყველა წმიდა საიდუმლოს მიყოლით ჭეშმარიტებას ირწმუნებს და შეიწყნარებს" (კართაგენის კრების 57 (68)-ე კანონი. დიდი სჯულისკანონი. საქ. ეკლ. კალენდ. 1987 წ. გვ. 260-261) (Пр. 68. Карфагенский собор. Полн. пер.).

მწვალებელ ეპისკოპოსთა მიერ აღსრულებულ ქიროტონიათა შესახებ VII მსოფლიო კრებაზე ითქვა, რომ ის ღმრთისგან არის. "უწმიდესმა პატრიარქმა ტარასიმ თქვა: "რას იტყვით ანატოლის შესახებ? განა არ იყო ის მეოთხე მსოფლიო კრების თავმჯდომარე? არადა, ხელდასხმულ იყო უკეთურ დიოსკორეს მიერ ევტიქის თანდასწრებით (თანამწირველობით). ასევე, ჩვენც შევიწყნარებთ მწვალებელთა მიერ ხელდასხმულთ, როგორც ანატოლი იყო შეწყნარებული და კვლავ ჭეშმარიტია საღმრთო გამოთქმა, რათა შვილნი არ უნდა კვდებოდნენ მამათა გამო, არამედ ყოველი კვდებოდეს საკუთარ ცოდვათა გამო (შეად. ეზეკ. 18:4), და ბოლოს, ქიროტონია ღმრთისგან არის" (Деян. всел. соб. Казань, 1891. Т. VII. С. 58).

საეკლესიო მოძღვრები ყოველთვის აღიარებდნენ, რომ საიდუმლონი საღმრთო დაწესებანია, ეს უფლის საკუთრებაა და აღესრულება თვით ღმრთის მიერ, ხოლო სასულიერო პირები მათი აღმასრულებელი მონები არიან და არა ღმრთის ნიჭთა მომცემნი. საიდუმლო ნამდვილია და წმიდაა თავისთავად, ღმრთის ძალით და არა კაცთა გამო. "თუკი ადამიანის დაბადებისას, - ამბობს წმ. გრიგოლ ნოსელი, - მშობელთა სწრაფვა არ მოუწოდებს ღმერთს ლოცვაში, მაგრამ მაინც შობენ ღმრთის ძალით, ... მით უმეტეს სულიერ შობაშიც, სადაც ღმერთმა, როგორც ეს გვწამს, აღგვითქვა მყოფობა და საქმეს მიანიჭა თავისი ძალი და სადაც ჩვენს ნებას გააჩნია სწრაფვა სასურველისადმი..." ("Если и при другом виде человекосоздания, стремления рождающих, хотя и не было ими призываемо в молитве Божество, производят рождаемое силою Божиею, ... тем более при духовном способе рождения, где Бог, как веруем, обетовал присутствовать при совершаемом и делу придал свою силу и где наше произволение имеет стремление к вожделеваемому ... " (Григорий Нисский. Учение о благодати Божией. С. 196).

წმიდა ამბროსი (მედიოლანელი) კითხულობს: "ვინ იძლევა ეპისკოპოსობის მადლს?" - და ამ კითხვას ასე პასუხობს: "უეჭველად, შენ იტყვი: ღმერთი. მაგრამ ღმერთი მას იძლევა კაცის მიერ. ადამიანი დაასხამს ხელს, ხოლო ღმერთი გადმოღვრის მადლს; მღვდელი დაადებს თავზე უძლურ მარჯვენას, ღმერთი კი თავისი ყოვლადძლიერი მარჯვენით აკურთხებს; ეპისკოპოსი აკურთხებს ხარისხში, ხოლო ღმერთი ანიჭებს ღირსებას" (Сильвестр. Опыт православного догматического богословия. 1897. Т. IV. С. 377).

ოპტატ მილევიელის თქმით, ყველა, ვინც აღასრულებს ნათლობას, არის შემსრულებელი, მოღვაწე და მუშა (ოპერარიოც) და არა ბატონები (დომინოც) და საიდუმლონი წმიდანი არიან თავისთავად, და არა კაცთა მეშვეობით" (Соколов В. Иерархия англиканской епископальной церкви. С. 291).  

"ღმრთისაა მადლი და ღმრთისაა საიდუმლოც, - ადასტურებს ნეტ. ავგუსტინე, - ხოლო ადამიანს ოდენ მსახურება ეკუთვნის; თუ ის კარგია და ეთანხმება ღმერთს, ღმერთთან ერთად მოქმედებს; ხოლო, თუ ცუდია, მაშინ მისი მეშვეობით ღმერთი მხოლოდ საიდუმლოს ხილულ ფორმას აღასრულებს, თვითონ კი ანიჭებს უხილავ მადლს". "ნუ შეაფასებთ საღმრთო საიდუმლოთ ადამიანთა ზნეობისა და საქმიანობის მიხედვით; ისინი წმიდანი არიან მის მიერ, ვისაც ის ეკუთვნის". "ადამიანის ვერავითარი ბოროტზნეობა, მიმცემი იქნება ის თუ მიმღები, ქრისტეს ნათლისღებას ვერ შებილწავს" (Там же. С. 292; Опыт Сильвестра. С.3 79).

წმიდა მამები განასხვავებდნენ ნათლობისა და ქიროტონიის მადლს სულიწმიდის მაცხოვნებელი ნიჭებისგან. ისინი აღიარებდნენ, რომ საიდუმლოებანი, ეკლესიის გარეთ აღსრულების შემთხვევაშიც წმიდანი, ღვთაებრივნი და თავისთავად მადლმოსილნი არიან, ანუ, როგორც "ღვთის საკუთრებათ" ჭეშმარიტ საიდუმლოთა ძალა აქვთ. როგორც წმიდა ტაძრები, საკვირველთმოქმედი ხატები, წმიდა ჯვარი, სახარება, ღმრთის წმიდათა უხრწნელი ნაწილები, რომლებიც მწვალებელთა ხელშია და ამის გამო მათ არ აკლდებათ თავიანთი სიწმიდე და მიიჩნევიან არა ერეტიკულად, არამედ ქრისტეს ეკლესიის საკუთრებად და მწვალებლებს სულაც არ ანიჭებენ ცხოვნებას, თუმცა თავისთავად თვითონ მადლმოსილნი და მაცხოვნებელნი არიან; ასეა საიდუმლოებებიც, მწვალებლებთან სწორად და უფლისმიერი დაწესებით შესრულებული საიდუმლონი, თავიანთი სიწმიდით სულაც არ აცხოვნებენ მწვალებელთ, არ ანიჭებენ მათ სულიწმიდის მადლს, არ განწმენდენ მათ ცოდვათაგან - პირიქით, კიდევ უფრო განსჯიან და სასჯელს უქვემდებარებენ მათ.

როგორც ჩვენს დროში მოიწევენ ერეტიკოსები ჩვენზე ათასგვარი კითხვებით, თუ როგორ და სად მივიღეთ ხელდასხმის მადლი, ასევე ძველადაც, ზუსტად ასეთივე კითხვებითა და მისიონერული სიჯიუტით და დასკვნებით იყვნენ გადაკიდებულნი ერეტიკოსები მართლმადიდებლებს. "დონატისტები, - ამბობს ნეტ. ავგუსტინე, - მეკითხებიან: ქრისტეს ნათლობა ჩვენთან, დონატისტებთან, ააღორძინებს თუ არა ბავშვებს? თუ დადებითად ვუპასუხებთ, მაშინ იტყვიან: ჩვენ შევადგენთ ერთ, ჭეშმარიტ ეკლესიას, რომელიც მხოლოდ ნათლობით შობს ღვთის შვილებს; თუ უარყოფითად ვუპასუხებთ, მაშინ გვეკითხებიან: რატომ არ გადავნათლავთ მათ? მე ასე ვპასუხობ: "აღორძინება, რომელსაც ნათლობა იძლევა, ამაოა და ვერ დაგიმკვიდრებთ ღვთის სასუფეველს, თუ მონათლული სქიზმაში რჩება ან მიეკუთვნება უღვთო მწვალებლობას. ვისაც სიყვარული არა აქვს, ის ამაოდ დაბადებულა, და მისი დაბადება მას, როგორც ჩანს, ვერაფერს უშველის. ამპარტავნები, რომლებიც არ ეკუთვნიან კანონიერ დედას, უარყოფილ იქნებიან ისმაილთან ერთად და ვერ მიიღებენ მემკვიდრეობას ისააკთან, სარას შვილთან ერთად". განაგრძობენ რა მომაბეზრებელ შეკითხვებს, შემდეგ დონატისტები სვამენ კითხვას: დონატისტურ ნათლობაში მიეტევება თუ არა ადამიანს ცოდვები? "თუ ჩვენ, - ამბობს ავგუსტინე, - დადებითად ვუპასუხებთ, მაშინ ისინი იტყვიან: შედეგად, ჩვენთან, ერეტიკოსებთანაც ყოფილა სულიწმიდა და ჭეშმარიტი ეკლესია, რადგან ეკლესიის გარეთ წმიდა სული ცოდვებს არავის მიუტევებს; თუ უარყოფითად, მაშინ ისინი კვლავ შეგვეკითხებიან: მაშ რატომ არ გადავნათლავთ მათ, ანუ დონატისტებს ეკლესიისკენ მოქცევის დროს? მე ვპასუხობ: "სადაც არ არის სიყვარული, იქ არც ცოდვათა მიტევებაა. რადგან სიმონ მოგვმა ნათლობის შემდეგ შესცოდა, მან ვერ მიიღო წილი ღვთის სასუფეველში. თუმცა ნათლობა არის კიდეც აღორძინება, ოღონდ მისი მეშვეობით სქიზმატიკოსს მხოლოდ მაშინ მიეტევება ცოდვა, როდესაც ის ეკლესიას დაუბრუნდება; სწორედ მაშინ გაცოცხლდება მასში ნათლობის მადლი, რომელიც უკვე მიიღო და რომელიც არ შეიძლება განმეორდეს მათზე" (Кутепов Н. Раскол донатистов. С. 124).

ასევე ვუპასუხებთ ჩვენც ჩვენი ქრისტეს ერთგული იერარქიის ბრალმდებლებსაც: ვისაც ქრისტეს სიყვარული არა აქვს, ვინც დაკარგა რწმენის ჭეშმარიტება, ვისი ეკლესიური ცხოვრებაც ძმათა სიძულვილზე და ანათემებზეა აგებული, როგორც ეს ბერძნულ-რუსულ რეფორმატორულ ეკლესიაშია, მას, ცხადია, საკუთარ თავში სულის ცხოვნების შესაძლებლობა ვერ ექნება, ის მოკლებულია სულიწმიდის მაცხოვნებელ ნიჭებს, მაგრამ როგორც ძველ მწვალებელი დონატისტებს, მასაც აქვს ნათლობისა და ქიროტონიის საიდუმლონი. მისგან ქრისტეს ეკლესიისკენ მოქცეულთ, ნეტ. ავგუსტინეს სიტყვებით ვიტყვით, "არ ჰყოფნით არა თვით საიდუმლონი, არამედ მხოლოდ მათი მაცხოვნებელი მოქმედება" (რუს. თარგმ.: "не достает не самых таинств, а только их спасительнаго действия" (Жизнь и творения бл. Августина. Нижний Новгород. 1907. С.90), რომელიც, იმავე წმიდა მამის თქმით, "ერთობის მშვიდობაში" მოიცემა" (Соколов В. Иерархия англиканской епископальной церкви. С. 303).

წმ. ეფრემ ასურელი ამბობს: "მადლს მცირე ჰყავს მემკვიდრე, რომლებთან ერთადაც იხარებდა: თუ უწესივროდ ცხოვრობენ, ის ითმენს; თუ უკეთურებენ, განშორდება. თუმცა, სულ როდი კეტავს თავის წიაღს, რომ მთლად არ დაიხოცონ" (რუს. თარგმ.: "Благодать немного имеет наследников, с которыми вместе может радоваться: если живут беспорядочно, она терпит; если нечествуют, отвращается. Впрочем, не заключает своего недра, чтобы не умерли" (Ефрем Сирин. Ч. 2. С. 647).

ის, მზის დარად, მხოლოდ მას არ ათბობს და ანათებს, ვინც, ურწმუნოებით, ცთომილებებითა და ცოდვებით დაბრმავებული, თვითონ განდგება მისგან. "ვიტყვით უკუე, - ამბობს წმ. დიონისე არეოპაგელი, - ვითარმედ არს საღმრთოისა ნეტარებისა სახიერებაი მარადის მასვე ზედაობისა და ეგრეთვეობისა მქონებელ თვისისა მის ნათლისა სახიერების მოქმედებითთა შარავანდედთა უშურველად განფენითა საცნაურთა მათ ზედა სახედველთა. აწ უკუე დამაკლებელ საცნაურისა მის ნათლისა არს თვითმფლობელობითი იგი თვითხელმწიფებაი მცნობელთაი მათ, რაჟამს ანუ ბოროტთა ტრფიალებითა დააბნელიან ბუნებით დათესული იგი მათ თანა ძალი განათლებისაი განვრდომითა მისგან, რამეთუ ნათელი იგი მუნვე იყვის და არა განშორებულ იყვის, არამედ უბრწყინვადისვე დამბრძალსა და გარე-მიმაქცეველსა (სახიერების სახედ მისდა მიმართ მიოსწრაფისასა, ანუ რაჟამს საზღვართა ხილულისა ვალებათა კადნიერებით მიხედვად ხელ ყოფენ..." (პეტრე იბერიელი (ფსევდო დიონისე არეოპაგელი). შრომები. საეკლესიოისა მღდელთ-მთავრობისათვის. თავი ბ. III. ხედვაი. § 3. გვ. 164).

საკმარისია თვალებმოჭუტულმა გაახილოს ისინი, მადლის ნათელი იმწამსვე გაანათებს მას, გაანათლებს მის სულს და მადლის სუფთა ჭურჭლად აქცევს. ამისთვის კი რწმენა და ღვაწლია საჭირო. "ზოგიერთი მადლს ურწმუნოებისა და უდებების გამო ვერ იღებს, - ამბობს წმ. გრიგოლ სინელი, - ზოგიერთი კი კვლავ მოიპოვებს მას, ოღონდ რწმენითა და ღვაწლით" (Добротолюбие. Москва, 1888. Ч.1. Л. 88). "აღმსარებლობით ღმრთის მადლს მოვიპოვებთ", - ადასტურებს წმიდა ბასილი დიდი (Толковая Псалтырь. Толк. на 44 пс. Л. 319 об.).

როგორც კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ანატოლიმ, რომელმაც ხელდასხმა კონსტანტინოპოლის ეკლესიაში მისი პატრიარქისა და მიტროპოლიტების მონაწილეობით მიიღო, ასევე ქრისტეს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან შემოერთებულმა მღვდლებმა და ეპისკოპოსებმაც თავიანთი ძალაუფლება და უფლებამოსილებანი თავიანთ მწვალებლურ ეკლესიაში მიიღეს. მაგრამ, "როგორც ანატოლი იქნა მიღებული, - მოწმობს წმიდა პატრიარქი ტარასი, - ასევე ჩვენც ვიღებთ მწვალებელთა მიერ ხელდასხმულებს", რადგან "ქიროტონია ღმრთისგანაა" (Деяния вселенских соборов. Т. VII. С. 58).

ასეთივე ქიროტონიით იღებდნენ მღვდლებსა და ეპისკოპოსებს ძველმართლმადიებლობაში. მათ "აკლდათ არა თვით საიდუმლო", როგორც მოწმობს ნეტ. ავგუსტინე, არამედ ის "ღვთაებრივი ნათელი", რომელიც, წმ. დიონისე არეოპაგელის თქმით, "თვალმოხუჭულსაც ამოუბრწყინდება", როგორც კი თვალს გაახელს.

ანატოლის გარდა, ქრისტეს ეკლესიას სხვადასხვა დროს მწვალებლობიდან მოქცეული ბევრი სხვა მღვდელმთავარიც შეერთებია. ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ფაქტზე მივუთითეთ, ყველაზე ცნობილსა და უდავოზე, რომლებიც ჩვენ მიერ გადმოცემულ პასუხს "ქიროტონიის მადლის" შესახებ გარკვეულწილად შეავსებს და უფრო მეტი სიცხადით წარმოაჩენს ძველმართლმადიდებლური იერარქიის კანონიკურობას.

ღვთივსათნო პრესვიტერმა პეტრემ, რომელიც VII მსოფლიო კრებაზე რომის უწმიდესი პაპის, ადრიანეს ადგილს იკავებდა, იმის დასამტკიცებლად, რომ უნდა მივიღოთ მწვალებელთა მიერ ხელდასხმულნი, კრებას უთხრა: "როგორც ისტორიკოსები ამბობენ, წმიდა მელეტი (ანტიოქიის არქიეპისკოპოსი) ხელდასხმული იყო არიანელთა მიერ, მაგრამ, როდესაც ამბიონზე ავიდა, საჯაროდ წარმოთქვა სიტყვა "ერთარსი" და მისი ქიროტონია მიღებულ იქნა". ამაზე კატანელმა ეპისკოპოსმა თევდორემ და მასთან ერთად მყოფმა სიცილიელმა ეპისკოპოსებმა თქვეს: "სამოციქულო საყდრის პროტოპრესვიტერმა ჭეშმარიტება ბრძანა" (Деяния вселенских соборов. Изд. 2. Т. VII. С. 56). მელეტიმ ხელდასხმა მიიღო ისეთი ერეტიკოსებისგან, რომელთაც, წმ. ამბროსი მედიოლანელის მოწმობით, "სულიწმიდის მადლი დაკარგული ჰქონდათ" (Св. Амвросий Медиоланский. Избранные Слова. Киев, 1853. Слово 7-е. С. 61). მისი შემოერთება წმიდა ეკლესიასთან ყოველგვარი მღვდელმოქმედების, ყოველგვარი კრებითი განსაზღვრების გარეშე მოხდა. მან სულიწმიდის მადლი ღმრთის ძის ერთარსობის ოდენ გაბედული საჯარო აღმსარებლობით მიიღო. მხოლოდ ამ აქტის მეშვეობით გახდა ის მართლმადიდებლური სამწყსოს მეთაური და მიიღო შესაძლებლობა, მართლმადიდებლურ ეკლესიაში ხელი დაესხა სამღვდლო პირთათვის, რომელთა მემკვიდრეობითმა ქიროტონიამ ჩვენს დრომდე მოაღწია.

სოკრატეს "საეკლესიო ისტორიაში" არის ასეთი ფაქტი: "სინადაში, პაკატიანას ფრიგიის ქალაქში, ეპისკოპოსი იყო თეოდოსი, რომელიც მწვალებლებს (ქალაქში ბევრი იყო მაკედონიანელთა აღმსარებლობის მიმდევარი) ძლიერ დევნიდა, ისინი გაყარა არა მხოლოდ ქალაქიდან, არამედ სოფლებიდანაც. ეს მან გააკეთა არა როგორც ეს ჩვეოდა მართლმადიდებელ ეკლესიას, არც მართებული მრწამსის მოშურნეობის გამო, არამედ ვერცხლისმოყვარეობის ვნებას დამონებულმა, ესწრაფოდა, რომ სხვა სარწმუნოებრივი დაჯგუფებების ქონება მოეხვეჭა. ამიტომ, მან ყველა დარაზმა მაკედონიოსის შეხედულებების მიმდევართა წინააღმდეგ, შეაიარაღა მასზე დაქვემდებარებული კლერიკოსების ხელები და სხვა ათას ხრიკს მიმართა მათ წინააღმდეგ, არც სამსჯავროში მათი ბორკილდადებულთა მიყვანას ერიდებოდა. ათასგვარად აშფოთებდა მათ ეპისკოპოსს, რომელსაც ერქვა აგაპეტიოსი. მაგრამ, ვინაიდან პროვინციის ხელისუფლება მას საკმარისას არ მიაჩნდა მათ დასასჯელად, გაიქცა კონსტანტინოპოლში და ითხოვა პრეტორიუის პრეფექტის ნებართვები. როდესაც თეოდოსი ამ საქმის გამო არ მიყოფებოდა კონსტანტინოპოლში, აგაპეტოსი, რომელიც, როგორც ითქვა, წინამდგომელბდა მაკედონიანელთა სარწმუნოებას, სასოწარკვეთისგან მივიდა მშვენიერ გადაწყვეტილებამდე. მან განიზრახა, რომ მთელ მის კლიროსთან ერთად მოეწოდებინა და დაერწმუნებინა ხალხი, რომ მიეღოთ "თანაარსის" მრწამსი. როდესაც მან ეს გადაყვიტა, მყისვე მრავალრიცხოვანი ხალხით, უფრო კი მთელი ერით დაიძრა ეკლესიისკენ, ლოცვები აღასრულა და დაჯდა საყდარზე, რომელზეც თეოდოსის სჩვეოდა ჯდომა. მან გააერთიანა ხალხი და ამიერიდან ასწავლიდა "თანაარსის" მრწამსს, სინადას დაქვემდებარებული ეკლესიების მმართველი გახდა. მოვლენები ასე ვითარდებოდა, რომ არცთუ დიდი ხნის შემდეგ პროვინციაში საქმეების მოსაგვარებლად წასული თეოდოსი დაბრუნდა. მან არ იცოდა არაფერი და ისე გაემართა ეკლესიისკენ. ყველამ გამოაგდო იგი ეკლესიიდან და ის კვლავ კონსტანტინოპოლში გაემგზავრა. იქ ის შეხვდა ეპისკოპოს ატიკოსს და მის წინაშე დაიჩივლა, თუ როგორ უწესოდ განაგდეს ეპისკოპოსობიდან. ატიკოსმა შეიტყო მომხდარი ამბავი და ადვილად გადაწყვიტა საქმე ეკლესიის სასარგებლოდ, თეოდოსის ნუგეში სცა და დაარწმუნა, რომ მოთმინებით შესდგომოდა წყნარ ცხოვრებას, არიგებდა, რომ საზოგადო კეთილდღეობა პირადზე მაღლა დაეყენებინა. აგაპეტოსს მისწერა, რომ ეპყრა ეპისკოპოსობა და ეჭვი არ ჰქონოდა, რომ თეოდოსი განაწყენების გამო წაართმევდა" (Сократ. Церковная история. СПб, 1850. Кн. ЧП. Гл. 3. С. 507-508) (ქართ. თარგმანში: სოკრატე სქოლასტიკოსი. "საეკლესიო ისტორია". საეკლ.  გამომც. "ახალი ივერონი". თბილისი 2012 წ. მეშვიდე წიგნი. თ. III. სინადას ეპისკოპოსების, თეოდოსეს და აგაპესოტის შესახებ. გვ. 390-392).

აგაპეტოსი, ისევე როგორც მელეტი, მართლმადიდებლურ ეკლესიათა "მოძღვარი" გახდა "თვითნებურად", მართლმადიდებლური სარწმუნოების ოდენ ღია, საჯარო აღსარებით - პატრიარქმა ატიკოსმა მხოლოდ დაადასტურა უკვე მომხდარი ფაქტი. მწვალებელთა საზოგადოებაში ხელდასხმული აგაპიტოსისთვის მას საჭიროდ არ ჩაუთვლია, მღვდელმსახურების სახით რაიმე დაემატებინა მისი ქიროტონიისთვის. ის არც დაეჭებულა, ისევე როგორც არ ეჭვდებოდა იმ დროის არც ერთი ეპისკოპოსი, რომ ეკლესიასთან შემოერთებულ ეპისკოპოს აგაპეტოსის ხელდასხმა ნამდვილი, კანონიერი და მადლმოსილია. მათ საჭიროდაც კი არ ჩათვალეს, წამოეყენებინათ საკითხი მწვალებელთაგან შემოერთებული მღვდელმთავრის ქიროტონიის მადლთან დაკავშირებით, რადგან, აშკარად მიიჩნევდნენ, რომ ეს ზედმეტი და არაფრის მომცემი საქმეა.

უნდა აღვნიშნოთ, რომ აგაპეტოსი, როგორც ისტორია გადმოგვცემს, ჯერ კიდევ პატრიარქ ატიკოსისგან წერილის მიღებამდე გახდა მართლმადიდებლური სამწყსოს "მმართველი", რომელმაც, რა თქმა უნდა, იცოდა, რომ ამ სამწყსოს თავისი "მმართველი" ჰყავდა. თუმცა, ვერავინ გაკიცხა იგი ამ "თვითნებობისთვის". პირიქით, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა აღიარა, რომ "ეს საქმე ეკლესიის სასარგებლო გამოდგა" და, მაშასადამე, ღმერთს ესათნოვებოდა, ამიტომაც, ის დაგმობის კი არა, გამართლებისა და ქების ღირსი საქმეა.

ქრისტეს ეკლესიაში იყო ასეთი შემთხვევაც: "712 წელს, ფილიპიკოსმა, ბოროტმა კეისარმა, კონსტანტინოპოლის ცრუპატრიარქ იოანესთან და აღმოსავლელ ეპისკოპოსებთან ერთად კონსტანტინოპოლში მეექვსე მსოფლიო კრების მიერ დამტკიცებული რწმენის დარღვევა განიზრახა... ყველა შეკრებილმა ეპისკოპოსმა ერთხმად უარყო მეექვსე მსოფლიო კრება, ყველაფერში მიჰყვნენ კეისარსა და პატრიარქს, რაც კი მათ აღიარეს და დააწესეს, და განუდგნენ წმიდა სარწმუნოებას" (Бароний. Летопись. Лето 712).

"შემდეგ ფილიპოკოსი გარდაიცვალა, მის ადგილზე ანასტასი აღსაყდრდა, რომელმაც მართლმადიდებლობა აღიარა და რომის პაპს კათოლიკე (საყოველთაო) სარწმუნოების აღსარება ეგზარქოს სქოლასტიკოსის მიერ გაუგზავნა. ამის გამო მართლმადიდებელთ შორის დიდმა სიხარულმა დაისადგურა... პაპმა დაუყოვნებლივ გაგზავნა კონსტანტინოპოლში მღვდელი მიქაელი, რათა ეკლესიასთან შემოეერთებინა მონანულნი, რომლებიც კეისრისადმი შიშის გამო რწმენას განუდგნენ და ხელსაყრელი შემთხვევა როგორც კი მიეცათ, კვლავ მას დაუბრუნდნენ" (Бароний. Летопись. Лето 713. Чис. 1-2).

არავინ დაიწყებს იმის უარყოფას, რომ ეპისკოპოსები, რომლებმაც შეგნებულად გადადგეს ისეთი უკეთური ნაბიჯი, როგორიც წმიდა სარწმუნოებისგან განდგომა და მსოფლიო კრების უარყოფაა, განიძარცვნენ წმიდა მადლისგან; ამის შესახებ უამრავი წმიდა მამა მოწმობს, მათ შორის ისინიც, ვინც ზემოთ დავიმოწმეთ. რა თქმა უნდა, არავინ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ მღვდელმა მიქაელმა ეს მადლი რომის პაპისგან საკვირველმოქმედი სკივრით მოიტანა, რათა მონანული ეპისკოპოსებისთვის გადაეცა. ასეთი მტკიცება მკრეხელობა იქნებოდა. ღმრთის მადლი მათ "რწმენითა და მონდომებით მიიღეს", როგორც ეს ბრძანა წმ. გრიგოლ სინელმა. მღვდელი მხოლოდ მოწმე იყო მათი სინანულისა და "გამხსნელი მონანულთა", რომელმაც წმ. ეკლესიისადმი მათი მსახურების ღირსეულობა დაადასტურა.

ზუსტად ასეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე, როდესაც ძველმართლმადიდებელი მღვდლების მიერ ეპისკოპოსთა შემოერთებაზე ვლაპარაკობთ. როგორც გინდ შევაფასოთ ეს მოვლენა - დოგმატური თუ კანონიკური მხრიდან, ზემოთ დამოწმებული წმიდა მამებისეული მსჯელობების, კრებით განსაზღვრებათა და საეკლესიო მოვლენათა თანხმიერ, უცილობლივ უნდა ვაღიაროთ, რომ ძველმართლმადიდებელი მღვდლების მიერ ახალმოწესე-ნიკონიანელი ეპისკოპოსების შემოერთება იმაზე ნაკლები მადლმოსილებისა როდია, ვიდრე ძველ მღვდელმთავართა, როგორებიც იყვნენ: მელეტი ანტიოქიელი, აგაპიტოს სინადელი, ანატოლი კონსტანტინოპოლელი და სხვა მრავალი იერარქი. ამიტომაც, ეჭვიც არ შეიძლება არსებობდეს იმაში, რომ ძველმართლმადიდებლური იერარქია კანონიერი, მადლმოსილი და მაცხოვნებელი იერარქიაა.

ამრიგად, ზ. ნოდიას შეხედულება, რომელიც უარყოფს მეორე და მესამე კატეგორიის (ანუ მირონცხებად და სინანულით მიღებად) მწვალებლებში ხელდასხმის ქმედითობას, დაბეჯითებით იზიარებს ლუციფერიანულ მწვალებლობას, რითაც წინააღმდეგობაში ვარდება არა მარტო მსოფლიო კრებათა დადგენილებებთან და წმიდა მამათა განსაზღვრებებთან, არამედ საკუთარი ეკლესიის პრაქტიკასთანაც; და რაც საინტერესოა, გასული საუკუნეების ზოგიერთი პროპაგანდისტი მისიონერივით და სექტანტი "ბეზპოპოვცებივით" ისე შემოგვყეფს, თითქოსდა თვითონ კი არა, ჩვენ ვიყოთ "კომპრაჩიკოსები" და "პროკრუსტეები". ძველმართლმადიდებლური პრაქტიკის ამგვარი შეფასებით ზ. ნოდია, როგორც უკვე ვთქვით, უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებს მთელ მართლმადიდებლობას, მის წმიდა მამებს და მსოფლიო საეკლესიო კრებებს, რომლებმაც მწვალებელთა ხელდასხმებთან და მათ შეწყნარებასთან დაკავშირებით მიიღეს მთელი რიგი უკვე ცნობილი დადგენილებები.
11
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому