აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. III_II_1_ვნებათაღელვა ერთი წიგნის გამო - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II

გრანდიოზული დივერსია

17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმის მიზეზები და შედეგები მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის. ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკური და ისტორიულ-ლიტურგიკული გამართლება
ქრისტეს ეკლესია
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.


თავი II
___________________________________________________________________________________________________________________________________

ეკლესიის დაქვრივების შესახებ


1. ვნებათაღელვა ერთი წიგნის გამო

ამრიგად, პირველი საკითხი, რომელიც ჩვენს ოპონენტებს ძველმართლმადიდებელთა ეკლესიის არაკანონიკურობის დამადასტურებელი სამხილი ჰგონიათ, გახლავთ ძველმართლმადიდებლობის უეპისკოპოსობის, ანუ "დაქვრივების" პერიოდი, რომელიც ჩვენს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში 256 წელი გრძელდებოდა.

უკვე ვახსენეთ, რომ ეკლესიის დაქვრივების თემას ყველაზე დეტალურად და სისტემურად შეეხო ბელოკრინიცელი მიტროპოლიტი ინოკენტი უსოვი. ამ თემას მან მიუძღვნა  ნაშრომი, რომელიც ცნობილია სახელწოდებით "ქრისტეს ეკლესია დროებით ეპისკოპოსის გარეშე" (Христова Церковь временно без епископа). როგორც რუსეთის "მართლმადიდებელი" ეკლესიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში ვკითხულობთ: "საინფორმაციო საგამომცემლო ცენტრმა "Слово" ნოვოსიბირსკისა და მთელი ციმბირის ეპისკოპოს სილვიანეს (ბელოკრინიცული იერარქია) კურთხევით გამოსცა ცნობილი ძველმოწესე მწიგნობრის ივანე უსოვის (შემდგომში ბელოკრინიცელი მიტროპოლიტის ინოკენტის) წიგნი "ქრისტეს ეკლესია დროებით ეპისკოპოსის გარეშე" (Церковь Христова временно без епископа) (ინტერნეტში ეს ნაშრომი შეგიძლიათ ნახოთ: https://txt.drevle.com/text/ivan_usov-cerkov_hristova_vremenno_bez_episkopa) (URL-ის მიმართვის თარიღი: 29.10.2020).

ამ თხზულებას საფუძვლად დაედო ის მრავალი საუბარი და დისპუტი, რომლებიც ავტორს ახალმოწესე მისიონერებთან ჩაუტარებია. მასალა გადმოცემულია მღვდლობის მომხრე ძველმოწესის, ახალმოწესის და "ბეზპოპოვეცის" დიალოგის (გასაუბრების) სახით. კითხვა-პასუხი ათვალსაჩინოებს დისკუსიის თემას და ხასიათს, რომელიც წარსულში ძველმოწესეებსა და ახალმოწესეებს შორის მიმდინარეობდა.

"წიგნის ძირითადი თემაა ძველმოწესეობრივი ეკლესიის უეპისკოპოსოდ დარჩენა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. მაგრამ ავტორი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. თხრობის პროცესში ჩამოყალიბებულია მრავალი სხვა საკითხიც, რომელიც ეკლესიის ყოფიერებასა და იერარქებს შეეხება. კერძოდ, წიგნში განხილულია ისეთი თემები, როგორიც არის "საყოველთაო და ადგილობრივი ეკლესიების შესახებ", "ეპისკოპოსთა უცთომელობის შესახებ", "იმის შესახებ, შეიძლება თუ არა ეპისკოპოსები მიდრკნენ ცთომილებისკენ, ანუ მწვალებლობისკენ", "წინასწარმეტყველებანი ეპისკოპოსთა დაცემისა და ეკლესიის დაქვრივების შესახებ", "როგორ უნდა გავიგოთ ქრისტეს ეკლესიის უძლეველობა", "ვინ უნდა ჩაითვალოს ეკლესიიდან გამოყოფილად" და სხვა. წიგნის მთავარ იდეას წარმოადგენს მღვდლის მიმღები ("პოპოვცური") ძველმოწესეობის ტრადიციული კონცეფცია ეკლესიის, როგორც ღმერთკაცობრივი კავშირის უძლეველობის შესახებ. ძველმოწესე ავტორი (მიტრ. ი. უსოვი) ედავება ახალმოწესეობრივ და ლათინურ თეზისს, რომლის მიხედვითაც "ეკლესია არის იერარქია", და ამასთანავე ამხელს "ბეზპოპოვცურ და პროტესტანტულ" მტკიცებულებებს სამღვდელოების განადგურებისა და არასამღვდელო პირთა მიერ საეკლესიო საიდუმლოთა შესრულების შესაძლებლობის" შესახებ" (იხ. პუბლიკაცია: Издан полемический труд известного старообрядческого начетчика "Церковь Христова временно без епископа". http://www.patriarchia.ru/db/text/469624.html) (URL-ის მიმართვის თარიღი: 29.10.2020).

სხვა ახალმოწესე ავტორი, მონარქისტი, ცნობილი რუსი მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადოებრივ-რელიგიური მოღვაწე, ცნობილი წერილის "500/500" ავტორი მიხეილ ვიქტორის ძე ნაზაროვი ამავე ნაშრომის შესახებ წერს: "ამასწინათ ხელახლა გამოიცა ასი წლის წინათ ძველმოწესე ივან უსოვის მიერ შედგენილი და 1901 წელს ჩერნოვცებში გამოცემული წიგნი "ქრისტეს ეკლესია დროებით ეპისკოპოსის გარეშე". წიგნის მიზანია ძველმოწესეობრივი ეკლესიის 180-წლიანი უეპისკოპოსობის გამართლება (1666 წ-დან 1846 წ-მდე) (როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არის "ბელოკრინიცელ" ქრისტეანთა ქვრივობის პერიოდი - არქიეპ. პ.), რომელიც, მიუხედავად ამისა, - როგორც დარწმუნებულია წიგნის შემდგენელი, - მღვდლების მიერ იცავდა სამოციქულო მემკვიდრეობას (და მით საიდუმლოთა ქმედითობასაც), რადგან ძველმოწესეებს გამუდმებით უერთდებოდნენ მღვდლები ოფიციალური ეკლესიიდან, ხოლო 1846 წელს მათ შეუერთდა პირველიერარქი - მიტროპოლიტი ამბროსი, რის შემდეგაც უკვე ძველმოწესე ეპისკოპოსთა ქიროტონიისა და სხვა იერარქიული ხარისხების აღდგენის შესაძლებლობაც გაჩნდა".

"რა თქმა უნდა, წიგნის შემდგენლის ყველა მტკიცებულებას როდი ვიზიარებთ, - ბრძანებს მ. ნაზაროვი, - დაწყებული თვით განხეთქილების აპოლოგიიდან, რამეთუ ოფიციალურ ეკლესიას, პატრიარქ ნიკონის დროიდან მოყოლებული მგზნებარედ აცხადებს "ერეტიკულად" (და სრულიად სამართლიანადაც - არქიეპ. პ.). მაგრამ, თუ ამას ახლა გავწევთ განზე, წიგნი დაგვაინტერესებს მრავალი არგუმენტით, რომლებიც წმიდა წერილსა და წმიდა მამათა ნაშრომებს ეფუძნება და ამართლებს იმ მართლმადიდებელ მორწმუნეთ, რომლებიც გამოეყვნენ მწვალებლობასა და მართლმადიდებლობის გამცემლობაში შთავარდნილ ეპისკოპოსებს და ამის გამო იძულებით დარჩნენ ეპისკოპოსის გარეშე" (М. В. Назаров. Церкви нет без епископа, а епископа нет без верности церкви. https://rusidea.org/300043) (URL-ის მიმართვის თარიღი: 29.10.2020).

შემდეგ მ. ნაზაროვი აღნიშნავს, რომ ძველმოწესეთა მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა კატაკომბური ეკლესიაც და წერს: "დროთა განმავლობაში, რუსეთის ბოლშევიკური ოკუპაციის პერიოდში, ასეთ ვითარებაში აღმოჩნდნენ კატაკომბური ეკლესიის წევრებიც, რომლებმაც უარი თქვეს მიტროპოლიტ სერგის (სტრაგოროდსკის) კურსის აღიარებაზე, ღვთისმბრძოლ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე და მისთვის ლოცვაზე. დასაწყისში კატაკომბური ეკლესიის წევრებს თავიანთი მღვდელმთავრებიც ჰყავდათ, მაგრამ მათი გარდაცვალებისა და საეკლესიო თემთა შორის კავშირურთიერთობის დაკარგვის შემდგომ, საბჭოთა ხელისუფლების ბოლო პერიოდში, კატაკომბური ეკლესიის წევრები უეპისკოპოსოდ დარჩნენ, ხოლო მათი მღვდლები, იმ რწმენით, რომ სადღაც შესაძლოა არსებობდნენ ერთგული მღვდელმთავრები, ლიტურგიაზე იხსენიებდნენ "სრულიად მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს" კონკრეტული მღვდელმთავრის მითითების გარეშე (XIII ს-ის მეორე რომში, კონსტანტინოპოლის პატრიარქის შეცვლის დროს, მისი მემკვიდრის არჩევამდე, ასევე იხსენიებდნენ "სრულიად მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს")".

"როგორც ვიცით, - განაგრძობს შემდგომ მ. ნაზაროვი, - რუსეთის ოფიციალური ეკლესია ძველმოწესეებს დიდი ხნის განმავლობაში უწოდებდა "სქიზმატებს" ("რასკოლნიკებს'), და არ აღიარებდა მათ საიდუმლოებებს (საინტერესოა აღინიშნოს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ოფიციალური ეკლესია აღიარებდა რომაელ-პაპისტთა "საიდუმლოებებს", რომლებიც იყვნენ და არიან არა მარტო სქიზმატები, არამედ ერეტიკოსებიც - არქიეპ. პ.) და საბჭოთა ხელისუფლებაც "სქიზმატებად" ("რასკოლნიკებად") მიიჩნევდა ყველას, ვინც კი მიტროპოლიტ სერგის გამოეყოფოდა: კერძოდ, კატაკომბურს და მასთან ლოცვით ერთობაში მყოფ რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიას. ორივე შემთხვევაში სერგიანელები არ აღიარებდნენ ასეთ "რასკოლნიკთა" სასულიერო წოდებებს. მაგრამ დროთა განმავლობაში ძველმოწესეობრივი ეკლესიის "რასკოლნიკებიც" აღიარეს, ადრინდელი წყევლა-კრულვებიც გააუქმეს (ეს დაიწო XIX ს.-ში ერთმორწმუნოეობის ("ედინოვერობის") საფუძველზე) და 2007 წელს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის (შემდგომში რმე - არქიეპ. პ.) მოსკოვის საპატრიარქოს ფუნქციონერებმა საზღვარგარეთის ეკლესიის სასულიერო პირებიც თავიანთ ხარისხებში შეიწყნარეს (რითაც აღიარეს მათი ხელდასხმების კანონიკურობა და თავიანთი ადრინდელი "კანონიკური" ბრალდებების სიმცდარე). ეს მაგალითები აჩვენებს, რაოდენ სუბიექტური და სადავო შეიძლება იყოს ოფიციალური ეკლესიისგან დაბრალებული "განხეთქილება"" (იქვე).

ამის შემდეგ მ. ნაზაროვს თავის სტატიაში ი. უსოვის ხსენებული წიგნიდან ("ქრისტეს ეკლესია დროებით ეპისკოპოსთა გარეშე") მოჰყავს ძველმოწესეთა სრულიად მისაღები არგუმენტები და ადასტურებს, რომ "ეს არგუმენტები არსებითად სწორია" (იქვე). ალბათ, უინტერესო არ უნდა იყოს იმის აღნიშვნა, თუ რომელია ის ძირითადი მომენტები, რომელთაც მ. ნაზაროვი იზიარებს მიტრ. ი. უსოვის ხსენებულ თხზულებაში.

ერთ-ერთი უპირველესი მტკიცებულება, რომელსაც მ. ნაზაროვი ეთანხმება ი. უსოვის ნაშრომში გახლავთ ის, რომ "ეკლესია მართლმადიდებლურად იწოდება არა იმიტომ, რომ ჰყავს ეპისკოპოსები, არამედ იმიტომ, რომ შეიცავს მართლმადიდებლურ რწმენას. … და ხშირად მწვალებელ-ეპისკოპოსთაგან სარწმუნოების დაცვა უწევთ ეკლესიის უქვემოეს დასებს, რომლებიც "დროებით რჩებიან ეპისკოპოსის გარეშე", მაგრამ, ამასთან ეკლესიასთან ერთობასაც ინარჩუნებენ" (М. В. Назаров. Церкви нет без епископа, а епископа нет без верности церкви. https://rusidea.org/300043) (URL-ის მიმართვის თარიღი: 29.10.2020).  

"მოვიყვანთ, ასევე, უსოვის ნათქვამს, - განაგრძობს მ. ნაზაროვი, - რომ "ქრისტეს ეკლესია შედგება არა მარტო ღმრთისადმი მორწმუნე კაცთაგან, რომლებიც ასრულებენ მის წმიდა და მაცხოვნებელ მცნებებს, არამედ ღმრთის წმიდა და უხორცო ძალთაგანაც (ანუ ანგელოზთაგან - არქიეპ. პ.), ასე რომ, ეკლესია თითქოსდა შედგება ორი ნაწილისგან: ზეციურისგან და მიწიერისგან, რიცხვით ორია, მაგრამ ღმრთისადმი რწმენით ეს ერთი ეკლესიაა, რომელიც ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს მეთაურობის ქვეშ იმყოფება (гл. 7, л. 57), რამეთუ "მის მიერ დაებადა ყოველივე ცათა შინა და ქუეყანასა ზედა" (კოლოს. 1:16). ამგვარად, აშკარავდება, რომ ყველა მორწმუნე ადამიანი, არა მარტო ისინი, ვინც ამჟამად ცხოვრობენ დედამიწაზე, არამედ ყველანი, ვისაც კი უცხოვრია ადამიდან მოყოლებული და იცხოვრებს ვიდრე ქრისტეს მეორედ მოსვლამდე, მხოლოდ ნაწილია წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიისა; ანუ ეს არის კერძო ეკლესია მთელ ეკლესიასთან მიმართებაში, რომელიც ანგელოზთაგან და ზეცაში მედღესასწაულე წმინდანთაგან შედგება" (მ. ნაზაროვი. იქვე).

"უეჭველად, ეკლესიის წევრთა შორის არიან ეპისკოპოსებიც. ადამიანმა შეიძლება დაკარგოს სხეულის რომელიმე ნაწილი, თუმცა მაინც ადამიანად რჩება, არ კვდება და არ კარგავს თავის კეთილშობილებას; მეტიც, შეიძლება ზოგჯერ იამაყოს კიდეც სხეულის დაზიანებით, თუკი ის მეფისა და სამშობლოს დაცვისთვის განიცადა; ხოლო, თუკი სხეულის ზოგიერთ ნაწილს დაკარგავს ქრისტეს გადამტერებულ ჯალათთაგან წამების შედეგად, უმეტეს დიდებად და პატივად მიაჩნია. მაგრამ, თუკი სრულიად საღი და ჯანმრთელი სხეულის მქონეს დაზიანებული და გაფუჭებული სული აქვს, ის უღირსი ადამიანია და ემსგავსება უგუნურ პირუტყვს, რის გამოც იმსახურებს ზიზღსა და უგულებელყოფას.

ასეა ეკლესიაც: თუ ის თავის რომელიმე წევრს, მაგალითად, ეპისკოპოსს დაკარგავს, მაგრამ მისი სული - სარწმუნოება, სწავლება და წმიდა მამათა გადმოცემები საღად და დაუზიანებლად შეუნახავს, - ასეთი ეკლესია, უეჭველად, ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიაა, რომელში ყოფნითაც შეიძლება დაიმკვიდრო ცათა სასუფეველი და მიაღწიო მარადიულ ნეტარებას.
ოლო, თუ რომელიმე ეკლესიაში ყველა მისი ნაწილი გარეგნულად მრთელია, მაგრამ მისი სული - სარწმუნოება, სწავლება, დოგმატები და გადმოცემები დაზიანებული და დამახინჯებულია, ასეთი ეკლესია ვერ ჩაითვლება ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიად, არამედ ერეტიკულად შეირაცხება და მასში ყოფნით შეუძლებელი გახდება მარადიული ნეტარების მიღწევა" (იქვე).

"ქრისტეს ეკლესიის ამ აღწერიდანაც ნათლად ჩანს, რა მდგომარეობა უჭირავს ეკლესიაში უფლის მცნებებს, სწავლებებს, დოგმატებსა და წმიდა მამათა გადმოცემებს; და ასევე, რა ადგილი უჭირავთ ეკლესიაში მორწმუნე ადამიანებს, რომლებიც იცავენ და ასრულებენ მათ. მართლმადიდებლური რწმენა და საეკლესიო გადმოცემები არის იმ ხომალდის კორპუსი, რომლითაც მიცურავენ მორწმუნენი, როგორც მისი წევრები, მმართველები და მგზავრები. აქედან გასაგებია, რომ, თუ თვით ხომალდი მყარია, მტკიცე და დაუზიანებელია, რამდენიმე მგზავრი ან თვით მეზღვაურიც რომ მოაკლდეს, ის მაინც უსაფრთხოდ იცურებს, არ დაიღუპება, არ ჩაიძირება; ეკლესიაშიც ასეა: თუკი მართლმადიდებლური სარწმუნოება და წმიდა მამებისეული გადმოცემები მრთელი და შეურყვნელია, თუნდაც რამდენიმე წევრი რომ მოაკლდეს ეკლესიას, ის მაინც უსაფრთხოდ გაივლის თავის სავალ გზას ამ წუთისოფელში და სრულიად უსაფრთხოდ მიაღწევს საბოლოო მიზანს და თავის მგზავრებსაც უსაფრთხოდ მიიყვანს დანიშნულების ადგილამდე, რადგან მისი მესაჭე თვით ქრისტეა. მაგრამ თვით ხომალდი თუ დაზიანებულია, გარღვეულია ფსკერი ან განგრეული აქვს ფერდები, დამტვრეულია დაფები და ფიცრებიც აყრილია, მასზე უამრავი მგზავრი, მენიჩბე და მეზღვაურიც რომ იყოს, უეჭველად ჩაიძირება, დაიღუპება და ყველანი მასზე მყოფნი დაიხრჩობიან; ასეა ეკლესიაც: თუკი მასში მართლმადიდებლური რწმენა დაზიანდება, დოგმატები და საეკლესიო გადმოცემები შეირყვნება, დამახინჯდება სახარებისეული და წმიდა მამებისეული სწავლება, მაშინ მას ვერაფერს უშველის მოგზაურთა და გემთმშენებელთა, მენიჩბეთა და მეზღვაურთა სიმრავლე, ის გარდაუვალად დაიღუპება და თან გაიყოლებს მასზე მყოფ ყველა ადამიანსაც და ყველანი ჯოჯოხეთის უფსკრულში დაინთქმიან. ამიტომაც, ეკლესიის ხომალდი ასე არ დაიღუპება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ "გარკვეული დროის განმავლობაში მასში არ იმყოფებოდა გემის მმართველი ან მენიჩბენი აკლდა".

ამრიგად, როგორც მოტანილი ციტატებიდან ცხადი ხდება, ეკლესიის ხომალდის უმთავრეს ნიშანს, მისი "კორპუსის" უმთავრეს შემადგენელს, რომლის გარეშეც ეკლესია ეკლესიად ვერ იწოდება, წარმოადგენს მართლმადიდებლური სარწმუნოება, ღმრთისადმი მართალი და შეურყვნელი რწმენა და არა სასულიერო დასის უმაღლესი ხარისხის ფიზიკური არსებობა.

აქედან გამომდინარე, მ. ნაზაროვი გამოყოფს მეორე უმთავრეს მომენტს, რომელსაც მან ყურადღება მიაქცია ი. უსოვის ნაშრომში. "ამრიგად, - წერს მ. ნაზაროვი, - მართლმადიდებლობაში არ არსებობს ეპისკოპოსის უცთომელობის დოგმატი, მასაც შეუძლია დაუშვას შეცდომა და შთავარდეს მწვალებლობაში, რითაც თვითონ ტოვებს ეკლესიას და რისი მაგალითიც ყველა დროის ეკლესიის ისტორიაში უხვად არის. შეპასუხებას, თითქოსდა შეუძლებელია, ყველა ეპისკოპოსი ერთდროულად შთავარდეს მწვალებლობაში ან განუდგეს ეკლესიას მისთვის ზეგარდმო მონიჭებული მადლის ძალით, უსოვის ოპონენტი აფუძნებს იმას, რომ ქრისტემ ამაღლების წინ ეპისკოპოსებს აღუთქვა: "მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა"" (მათე 28:20).

ჯერ ერთი, წმიდა მამები ამ სიტყვებს არ განაკუთვნებენ მხოლოდ მოციქულებს და მათ მემკვიდრე ეპისკოპოსებს, არამედ ყველა მორწმუნეს. აი, რას ბრძანებს წმ. იოანე ოქროპირი (IV ს.): "ის ამბობს, რომ მარტო მათთან (ანუ მოციქულებთან - არქიეპ. პ.) კი არ იქნება, არამედ ყველა იმათთანაც, ვინც მათ შემდეგ ირწმუნებს. მოციქულებს არ შეეძლოთ ეცხოვრათ სამყაროს აღსასრულამდე; ამიტომაც ის მიმართავს ყველა მართლმორწმუნეს, როგორც ერთ სხეულს" (მათეს სახარების განმარტება) (Не с ними только будет находиться, говорит Он, но и со всеми теми, которые после них будут веровать. Апостолы не могли пребыть до скончания века; но Он говорит ко всем верным, как бы к одному телу") (Толкования священного писания. Толкования на Мф. 28:16. Ст. 16-20. Свт. Иоанн Златоуст. http://bible.optina.ru/new:mf:28:16#svt_ioann_zlatoust) (URL-ის მიმართვის თარიღი: 29.10.2020).

ნეტ. იერონიმე (342-420): "მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა" (მათე 28:20). იმან, ვინც მოიქულებს მოწაფეებთან ერთად სამყაროს აღსასრულამდე აღუთქვა ყოფნა, - აჩვენა, რომ ისინი ყოველთვის იქნებიან მძლეველნი, და ის (ქრისტე - არქიეპ. პ.) არასოდეს მიატოვებს მორწმუნეთ. ხოლო მან, ვინც თავისი სამყაროს აღსასრულამდე ყოფნა აღუთქვა მორწმუნეებს, შეუძლებელია არ იცოდეს დღე, როგორც მან უწყის, როდის იქნება მოციქულებთან ერთად" ("И се, Я с вами во все дни до скончания века. - Тот, Который обещал апостолам пребывать с учениками до конца мира, - показал им, что и они всегда будут победителями, и Он никогда не оставит верующих. А Тот, Который обещал Свое присутствие до конца мира, не может не знать дня, когда Он, - как Ему известно, - будет с апостолами") (იქვე. Толкования на Мф. 28:20. Блаж. Иероним Стридонский. http://bible.optina.ru/new:mf:28:20) (URL-ის მიმართვის თარიღი: 29.10.2020).

ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი (XI-XII სს.): "თუმცა არა მარტო მოციქულებს ეხებოდა ეს სიტყვები: მათთან ყოფნა, არამედ, საერთოდ, ყველა მის მოწაფეს, რამეთუ, უეჭველად, მოციქულები ვერ მიაღწევდნენ სამყაროს აღსასრულამდე. ამრიგად, ეს მან აღგვითქვა ჩვენც და მათაც, ვინც ჩვენ შემდეგ იქნებიან; მაგრამ ის კი არ აღგვითქვა, რომ სამყაროს აღსასრულამდე იქნება და შემდეგ კი გაგვშორდება. არა! სწორედ მაშინ უფრო იქნება ჩვენთან და თანაც უცხადესი სახით, რამეთუ გამოთქმა "ვიდრე",  სადაც კი გვხვდება წმიდა წერილში, არ გამორიცხავს იმას, რომ იქნება მერეც" ("Впрочем, не к одним апостолам относилось это: пребыть с ними, - но и ко всем вообще ученикам Его, ибо, несомненно, апостолы не имели жить до кончины мира. Итак, и нам, и тем, которые будут после нас, обещается это; однако не так, что до скончания Он будет, а после скончания отойдет. Нет! Тогда-то особенно и будет пребывать с нами и притом яснейшим и очевиднейшим образом, ибо слово "до", где ни встречается употребленным в Писании, не исключает того, что будет после") (იქვე. Толкования на Мф. 28:20. Блаж. Феофилакт Болгарский. http://bible.optina.ru/new:mf:28:16#blazh_feofilakt_bolgarskij) (URL-ის მიმართვის თარიღი: 29.10.2020).

ექვთიმე ზიგაბენი (1050-1122): "ასე თქვა არა იმიტომ, რომ ამის შემდეგ არ იქნებოდა მათთან, არამედ იმიტომ, რომ მათთან იქნება არა იმგვარი სახით, როგორც ახლა, არამედ უზენაესად, ისე, როგორც ეს ღმრთისთვის არის შესაფერისი. ეს აჩვენებს, რომ იესუ ქრისტე იყო არა მარტო თავის მოწაფეებთან, არამედ მათ (მოციქულთა - არქიეპ. პ.) ყველა მიმდევართან, რამეთუ მოციქულებს არ შეეძლოთ ყოფილიყვნენ სამყაროს აღსასრულამდე. იმ დროს არსებულ მის მოწაფეთა მიერ მან (ქრისტემ - არქიეპ. პ.) ეს ახარა ყველა მათ მიმდევარს, როდესაც მორწმუნეთ ესაუბრებოდა, როგორც ერთ სხეულს" ("Сказал так не потому, что после этого Он не будет с ними, но потому, что будет пребывать с ними не таким образом, как теперь, но выше, и так, как прилично Богу. Это показывает, что Иисус Христос был не только с учениками Своими, но пребывает и со всеми последователями их, так как апостолы не могли пребыть до скончания века. Через посредство бывших в то время учеников Он возвестил эту радость и их последователям, беседуя со всеми верующими как бы с одним телом") (იქვე. Толкования на Мф. 28:20. Евфимий Зигабен).

ღირ. მაქსიმე აღმსარებელი (580-662): "რას ნიშნავს სიტყვები, რომლებიც უფალმა უთხრა მოციქულებს: "მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა"? ითქმება, რომ ამ წუთისოფელში თვით უფალი იმყოფება ჩვენთან ერთად, ხოლო მომავალ საუკუნეში მადლით განღმრთობილი წმინდანები იქნებიან მასთან ერთად" (იქვე. Толкования на Мф. 28:20. Прп. Максим Исповедник. http://bible.optina.ru/new:mf:28:20) (URL-ის მიმართვის თარიღი: 29.10.2020).

ახალმოწესე ღვთისმეტყველთაგან მოვუსმინოთ იუსტინე პოპოვიჩს, რომელიც ბრძანებს: "სინამდვილეში, ეს არის ერთადერთი ცოცხალი აღთქმა კაცობრივ სამყაროში: ღმერთკაცმა საკუთარი თავი დაუტოვა მთელ თავის ეკლესიას - თავის სხეულს" (რუს. თარგმ.: "На самом деле, это единственное живое завещание, в человеческом мире: Богочловек оставил Себя всего в Церкви Своей = в Теле Своем") (იქვე. Толкования на Мф. 28:18. Прп. Иустин (Попович). http://bible.optina.ru/new:mf:28:18#prp_iustin_popovich) (URL-ის მიმართვის თარიღი: 29.10.2020).

ასევე საინტერესოა გავიხსენოთ ცნობილი თეოლოგის, ა. ფ. ლოსევის მოსაზრება: "ეკლესია არც მორწმუნეთა შეკრებაა, არც ტაძარი, არც საზოგადოება, არც ავტორიტეტი, არც სამრევლო, არც დაწესებულება, არც რელიგიურ კანონთა და განწესებათა კრებული. ეკლესია არ არის არც ეპისკოპოსი, არც მღვდელი, არც სინოდი და თვით კრებაც კი. ეს ყველაფერი ეკლესიის გამოვლინებებია. ეკლესია არის ქრისტეს სხეული..." ("Церковь не есть ни собрание верующих, ни храм, ни общество, ни авторитет, ни приход, ни учреждение, ни свод религиозных законов и правил. Церковь не есть ни епископ, ни священник, ни синод, ни даже собор. Все это - проявления Церкви. Церковь есть Тело Христово...") (11 тезисов о Софии, Церкви и Имени. Санкт-Петербург: Алетейя, 1997 г., стр. 24).

"რადგან ყველა ადამიანი თავისუფალი ნების მქონეა, ყოველ მათგანს შეუძლია შთავარდეს ცთომილებაში. არ ვიცითმ შეიძლება თუ არა, ეს მოხდეს  გლობალური მასშტაბით, მაგრამ "აპოსტასიის განვითარებისდა მიხედვით, ჟამის აღსასრულს ეს შესაძლოა მოხდეს; და მაშინ მართლმორწმუნენი აღმოჩნდებიან ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც იყო მართალი ლოტი სოდომში, ასევე ღირ. მაქსიმე აღმსარებელი, რომელიც უბრალო ბერი იყო და არა ეპისკოპოსი, მაგრამ არ შიშობდა ჭეშმარიტებაში მარტოკა დარჩენას და უარს აცხადებდა, მიეღო მწვალებელ ეპისკოპოსთა ერეტიკული სწავლებანი და პასუხობდა: "მთელი დედამიწაც რომ ეზიაროს მწვალებელ პატრიარქს, მე მას არ ვეზიარები: რადგან სულიწმიდით შთაგონებულ მოციქულ პავლესგან ვიცი, ანგელოზიც კი გადაეცემა ანათემას, თუკი სწავლებაში რაიმე სიახლეს შემოიტანს" (სლავ. თარგმანში: "аще и вся вселенная начнет с патриархом (еретиком) причащатися, аз не имам причаститися с ним: вем бо Духа Святаго чрез апостола Павла, и ангелов анафеме предающего, аще бы инако благовестили, новое что вносяще") (чет. мин., генв. 21) (მ. ნაზაროვი. იქვე).

მაგრამ, ყველაზე მკაცრად მაინც წმიდა მოციქული პავლე ბრძანებს. ის ამბობს: "დაღათუ ჩუენ (ანუ მოციქულნი - არქიეპ. პ.), გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ!" (გალატ. 1:8). წმ. იოანე ოქროპირი ამ სიტყვებს ასე განმარტავს: "როდესაც ლაპარაკია ჭეშმარიტებაზე, პირთა ღირსებას ანგარიში არ ეწევა" (რუს. თარგმ.: "Достоинство лиц не принимается в уважение, когда речь идет об истине") (толков. на послан. к галат., гл. 1, стр. 33-35).

ცხადია, ძველმოწესეობრივი წყაროსადმი მ. ნაზაროვის ამგვარი დადებითი დამოკიდებულება უკრიტიკოდ არ დარჩენილა. ძველმორწმუნეთადმი დღემდე სიძულვილით გახელებული პირები ვერ ეგუებიან იმასაც კი, რომ მათმა თანამოძმეებმა შეიძლება საკუთარი სიმართლის წარმოსაჩენად ძველმოწესეთა ნაშრომები გამოიყენონ ან დაიმოწმონ. აქაც ასე მოხდა. მ. ნაზაროვის სტატიას გამოეხმაურნენ Livejournal-ში (Письма. О статье М. Назарова "Церкви нет без епископа, а епископа нет без Церкви". Часть ΙΙ. https://pisma08.livejournal.com/354104.html) (URL-ის მიმართვის თარიღი: 29.10.2020), სადაც მას საყვედურობენ, რომ ავტორი არგუმენტებს ეკლესიის დაქვრივების შესახებ აძლიერებს ძველმოწესე ავტორის ნაშრომის გამოყენებით, რაზეც მ. ნაზაროვი პასუხობს, რომ "მიტრ. ი. უსოვის არგუმენტაცია უდავოა და მართლმადიდებლურ წყაროებს ეფუძნება" (М.В. Назаров. Церкви нет без епископа, а епископа нет без верности церкви. https://rusidea.org/300043. Комментарии читателей) (URL-ის მიმართვის თარიღი: 29.10.2020). მაგრამ, არიან კრიტიკოსებიც, რომლებიც მათთვის ჩვეული სოფისტიკით და, სადაც არც ეს ჭრის, აშკარა ტყუილებით უტევენ ჭეშმარიტებას.

აი, მაგალითად, როგორ განმარტებას იძლევა მ. ნაზაროვის ერთ-ერთი ოპონენტი მიტროპოლიტ ი. უსოვის მიერ გამოყენებულ წმ. პავლე მოციქულის სიტყვებზე, რომელიც ი. უსოვმა იმის საჩვენებლად გამოიყენა, რომ შეუმცდარნი არ არიან არათუ ეპისკოპოსნი, არამედ მოციქულნი და ანგელოზნიც კი. "მოციქული პავლე ამას სულაც არ ასწავლის!" - განუმარტავს მ. ნაზაროვს ერთ-ერთი პოლემისტი და ცდილობს, გალატელთა მიმართ ეპისტოლეს პირველი თავის დეტალური განხილვიდან გამოიყვანოს ისეთი აზრი, თითქოსდა წმიდა მოციქულს სიტყვები: "დაღათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ!" (გალატ. 1:8) ემოციურობის გამო ბაგეთაგან დასცდა. რადგან შესაძლოა ჩვენც გამოგვიჩნდნენ მსგავსი "კრიტიკოსები", მოდი, ვნახოთ ეს "არგუმენტიც" და შემდეგ გადავიდეთ უფრო ვრცელ და დეტალურ განხილვაზე.

მ. ნაზაროვის ხსენებული ოპონენტი წერს: "მოდი, დეტალურად განვიხილოთ ეს ეპისტოლე. გალატელთა შორის თავისი საგანმანათლებლო საქმიანობის შემდეგ მოციქული გაკვირვებულია მით, რომ: "იმისაგან, ვინც ქრისტეს მადლით გიხმოთ, ასე მალე გადახვედით სხვა სახარებაზე" (გალატ 1:6). "ეჰა, უგუნურო გალატელნო! ვინ მოგნუსხათ ისე, რომ აღარ ემორჩილებით ჭეშმარიტებას? თქვენ, ვის თვალწინაც გამოისახა იესო ქრისტე, როგორც თქვენშივე ჯვარცმული? მხოლოდ ეს მინდა ვიცოდე თქვენგან: რჯულის საქმეთაგან მიიღეთ სული თუ რწმენის შესმენით? ნუთუ იმდენად უგუნურნი ხართ, რომ სულით დაიწყეთ და ხორცით კი ამთავრებთ?" (გალატ 3:1-3).

"ხორცის საქმენი აშკარაა: სიძვა, უწმინდურება, აღვირახსნილობა, კერპთმსახურება, ჯადოქრობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, აშლილობა, მწვალებლობა, სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ღორმუცელობა და სხვა მისთანანი. წინასწარ გეტყვით, რომ ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს" (გალატ. 5:19-21). "ვშიშობ, ვაითუ ამაოდ გავისარჯე თქვენი გულისთვის" (გალატ. 4:9-11). "ოჰ, ნეტა თქვენს შორის ვიყო და ხმა გამომაცვლევინა, ვინაიდან აღარა მესმის რა თქვენი" (გალატ. 4:20). სულის აი ამგვარი განყწობის ჟამს, მოციქულს დასცდენია სიტყვები: "მაგრამ ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს" (გალატ. 1:8) (დედანში: "В таком состоянии духа, у апостола вырвались слова: "Если бы даже мы, или Ангел с неба стал благовествовать вам не то, что мы благовествовали вам, да будет анафема" (Гал. 1, 8)").

"ნათელია, - განაგრძობს ავტორი, - რომ ეს არის ქარაგმული ნათქვამი ("Ясно, что здесь иносказательное обращение"). განა შეეძლო მას, ქრისტეს მოციქულს, ოდესმე ეხარებინა სხვა რამ?! და როგორ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ უზენაესი ღმერთის მსახურნი, ღმრთის მოციქულნი და ანგელოზნი, რაიმე საკუთარს ქადაგებდნენ და არა ღვთაებრივს?! ("И как можно вообразить служителей Бога Вышнего, посланников Божиих, ангелов, говорить, что-либо от себя?!") და განა შეეძლო მოციქულს ანათემისთვის გადაეცა ანგელოზი?!" (О статье М. Назарова "Церкви нет без епископа, а епископа нет без Церкви". Часть ΙΙ. https://pisma08.livejournal.com/354104.html) (URL-ის მიმართვის თარიღი: 29.10.2020).

ამრიგად, წმიდა მოციქულ პავლეს სიტყვების ზემოთ დამოწმებული კომენტატორი მიიჩნევს, რომ მოციქულს, რომელსაც მის მიერ ადრე მოქცეულ გალატელებში უნახავს ჭეშმარიტებისგან მიქცევა ("ვინ მოგნუსხათ ისე, რომ აღარ ემორჩილებით ჭეშმარიტებას?"), "სხვა სახარებაზე გადასვლა", სულიერიდან ხორციელზე ჩამოქვეითება, "სიძვა, უწმინდურება, აღვირახსნილობა, კერპთმსახურება, ჯადოქრობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, აშლილობა, მწვალებლობა, სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ღორმუცელობა და სხვა მისთანანი", გაკვირვებულსა და გაოგნებულს წამოცდენია - "დაღათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ!" (გალატ. 1:8). ხსენებული "კომენტატორის" აზრით, მოციქულს ეს სიტყვები წამოცდენია ემოციურ ფონზე ("В таком состоянии духа, у апостола вырвались слова") (4).  

___________________

4.  რუსული სიტყვა: "Вырваться" გადატანითი მნიშვნელობით ნიშნავს: წამოცდენას, ამოხდომას (იხ. რუსულ-ქართული ლექსიკონი. საქ. მეცნ. აკადემია. ენათმეცნიერების ინსტიტუტი. თბილისი 1983 წ. გვ. 104. ტერმ. Вырваться). ზემოთ ხსენებული განმარტების კონტექსტში, სიტყვები ამოხდომა ან წამოცდენა ერთსა და იმავე მნიშვნელობას იძენს.

___________________

უნდა ითქვას, რომ წმიდა მოციქულ პავლეს ზემოთ დამოწმებული სიტყვების ისეთი განმარტება, რომლის მიხედვითაც მოციქულის მიერ წარმოთქმული ანათემატიზმა მხოლოდ მის ემოციურ მდგომარეობას მიეწერება, თვითნებურია და ატარებს პროპაგანდისტულ ხასიათს, რადგან ავტორს არ სურს მოციქულის ეს სიტყვები, რომლებიც მართლაც ადასტურებენ ძველმოწესეთა არგუმენტაციის სიძლიერეს, ძველმოწესეთა სიმართლის დასტურად გამოდგეს. მარტივად რომ ვთქვათ, წმ. პავლე მოციქულის ეპისტოლეს ხსენებული კომენტატორი ელემენტარულად ცრუობს. ამაში რომ დავრწმუნდეთ, საკმარისია ვნახოთ წმიდა მამათა განმარტებები. ამ მხრივ საყურადღებოა ახალმოწესე ღვთისმეტყველისა და წმიდა წერილის კომენტატორის თეოფანე დაყუდებულის (გოვოროვი) (1815-1894) მიერ შეკრებილი მამათა კომენტარები ახალი აღთქმის წიგნებზე: "ნეტარ იერონიმეს, - აღნიშნავს თეოფანე დაყუდებული, - მოჰყავს სხვა აზრიც. "შესაძლოაო, - ამბობს ის, - მოციქულის ნათქვამი მიღებულ იქნას სავარაუდოდ (ზოგიერთის თქმით - ჰიპერბოლურად), (5) არა იმიტომ, რომ მოციქულებსა და ანგელოზებს შეუძლიათ სხვა რამ იქადაგონ, განსხვავებული იმისგან, რაც უკვე ნაქადაგები იყო; მაგრამ, ასეც რომ მოხდეს, ანუ მოციქულები და ანგელოზები შეიცვალონ, ყოველივე იმას, რაც ერთხელ მივიღეთ, არ უნდა გავშორდეთ. თვით მოციქული საკუთარი რწმენის სიძლიერეს შეურყევლად გამოხატავს, როცა ამბობს: "რადგანაც მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზნი და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო, ვერც მომავალი, ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე და ვერც რაიმე სხვა ქმნილება ვერ განგვაშორებს ღვთის სიყვარულს ჩვენს უფალ ქრისტე იესუში" (რომ. 8:38-39). და კიდევ: "ჭეშმარიტებას ვამბობ ქრისტეში, არა ვცრუობ, მემოწმება ჩემი სინიდისი სული წმიდის მიერ" (რომ. 9:1). ეს არ არის ისეთი ადამიანის სიტყვები, რომელსაც შეუძლია ოდესმე განშორდეს ქრისტეს რწმენასა და სიყვარულს.

_____________

5.  ჰიპერბოლა (ძველბერძნულიდან: "გადასვლა", "სიჭარბე", "ზედმეტობა", "გადაჭარბება") - ეს არის სტილისტური ფიგურა, რომელიც შეგნებული გადაჭარბებით გამოთქმულ აზრს მეტ გამომხატველობასა და სიძლიერე ანიჭებს. მაგალითად, "ათასჯერ მითქვამს" ან კიდევ "ეს საჭმელი ასი წელი გვეყოფა". ჰიპერბოლურია ასეთი მეტაფორები: ”გომბორი მხრებით ცას ებჯინება”, ”მისი თვალები ცეცხლს აფრქვევდა”. ჰიპერბოლური შეიძლება იყოს ეპითეტი, გაპიროვნება და სხვ.

_____________

ხოლო ისინი, ვისაც არ სურს მიიღოს აზრი, რომ მოციქულის სიტყვები ითქვა ქარაგმულად და ფიქრობენ, ის უნდა გავიგოთო პირდაპირი მნიშვნელობით, ანუ შესაძლოა მოციქულებიც და ანგელოზებიც უარესისკენ შეიცვალონო, უპირისპირებენ იმ მოსაზრებას, რომ თვით მოციქულს შეგნებული ჰქონდა, - შეიძლებოდა დაცემულიყო, თუკი მიეცემოდა უდებებას, რადგან ამბობს: "არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა, სხვებს რომ ვუქადაგებ, თავად არ ვიყო უღირსი" (1 კორინთ. 9:27); და ანგელოზებიც ცვალებადნი არიან, რადგან ზოგიერთმა მათგანმა ვერ დაიცვა თავისი დასაბამიერობა (იხ. იუდა 1:6). მხოლოდ ღმერთია ბუნებითად უცვალებელი, როგორც ნათქვამია: "ხოლო შენ თავადი იგივე ხარ, და წელიწადნი შენნი არა მოაკლდენ" (ფსალმ. 101:28), და როგორც თვითონ ამბობს საკუთარ თავზე: "მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, და არა ვიცვალები" (მალაქ. 3:6).

მაგრამ წმიდა მოციქული პავლე არ სჯერდება ამგვარი მრისხანე განჩინების ერთხელ გამოთქმას, კვლავ იმეორებს და ამბობს: "რაც უწინ მითქვამს, ახლაც იმასვე ვიტყვი: ვინც სხვა რამეს გახარებთ და არა იმას, რაც მიგიღიათ, წყეულიმც იყოს" (გალატ. 1:9). ამას მოითხოვდა საგნის მნიშვნელობა და სურვილი, რაც შეიძლება ღრმად აღბეჭდილიყო გალატელთა გულებში სარწმუნოების ეს დასაბამიერი საწყისი, რადგან მას ეფუძნება სარწმუნოება და ეკლესია.

"შენ რომ არ იფიქრო, - ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი, - რომ წინამსწრობი სიტყვები მან წარმოთქვა მრისხანებით ან გადაჭარბებით, ან კიდევ უნებლიეთ წამოცდა, იმავეს კვლავ იმეორებს. მრისხანებით აღძრული კაცი რაღაცას იტყვის, მაგრამ მალევე უარყოფს; ხოლო, ვინც შემდეგაც იმავეს იმეორებს, აჩვენებს, რომ ნათქვამი ჯერ გონებაში გაიაზრა და შემდეგ წარმოთქვა" (დედანში: "Чтобы ты не подумал, - пишет святой Златоуст, - что предыдущие слова его или во гневе, или преувеличенно сказаны или невольно как-нибудь вырвались; то он еще повторяет то же самое. Кто, возбужденный гневом, что-нибудь скажет, тот скоро от того отказывается; а кто говорит в другой раз то же, сим показывает, что он подумавши то сказал и, прежде порассудив в уме своем, потом произнес сказанное"). ხოლო ნეტარი ავგუსტინე (354-430) ამატებს: "ეს განმეორება კიდევ უფრო ძლიერ აღძრავს მაცხოვნებელ განზრახვას, მყარად გვეპყრას სარწმუნოება, რომელსაც ასეთი დაჟინებულობით გვამცნებს" (Толкования Священного Писания. Толкования на Гал. 1:8. Свят. Феофан Затворник).

ამრიგად, წმ. მოციქულ პავლეს სიტყვების (გალატ. 1:8) ზემოთ ხსენებული უდღეური კომენტარი ძლიერ აკნინებს მოციქულის ღირსებას იმით, რომ მის გამონათქვამს მიაწერს ემოციურობას, მრისხანებას და აქედან გამომდინარე თავშეუკავებლობას, რითაც მნიშვნელობას უკარგავს მოციქულის დაჟინებულ მოთხოვნას, განუხრელად დაიცვან სარწმუნოება, და ამას ხსენებული კომენტატორი ძველმოწესეთა არგუმენტაციის "გასაბათილებლად" აკეთებს. ასეთია მათი მეთოდები და ხერხები, როგორც ეს წინამდებარე ნაშრომში არაერთხელ ვიხილეთ და ქვემოთ კიდევ უამრავჯერ ვნახავთ.

შემდეგ მ. ნაზაროვი წერს: "უფალი ეპისკოპოსთა დაცემასაც უშვებს, რათა ხორბალი გაირჩეს ღვარძლისგან. ეკლესია კი სრულიად არასოდეს გაქრება, რადგან ის შედგება არა მარტო ეპისკოპოსთაგან: "ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათე 16:18), - ასეთ აღთქმას იძლევა იესუ ქრისტე" (М. В. Назаров. "Церкви нет без епископа", а епископа нет без верности церкви. https://rusidea.org/300043) (URL-ის მიმართვის თარიღი: 29.10.2020).

"ეკლესიის იმ ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, - ნათქვამია შემდგომ, - რომ ეპისკოპოსები არ არიან უცთომელნი და თავიანთი თავისუფალი ნების ძალით შესაძლოა ცოდვებშიც შთავარდნენ, რაც შეუთავსებელია ეკლესიაში ყოფნასთან და მრევლის ცხოვნებასთან, 861 წელს ეკლესიამ მიიღო შესაბამისი კრებითი დადგენილება, რომელიც დღემდე ძალაშია. "წმიდა ადგილობრივი კრების დადგენილებებში, რომელსაც ორგზისი ან პირველ-მეორე ეწოდება, განსაზღვრულია, რომ მღვდლები არ უნდა განშორდებოდნენ თავიანთ ეპისკოპოსებს, ეპისკოპოსები კი მიტროპოლიტებს, ხოლო მიტროპოლიტები - თავიანთ პატრიარქს მათზე მსჯავრის  კრებითად გამოტანამდე, მაშინაც კი, თუნდაც მათ ჩაიდინონ რაიმე ცოდვა, მკვლელობის, მკრეხელობის ან სხვა რაიმე მსგავსი". - ბოლოს კი ნათქვამია: "თუმცა, ეს განსაზღვრულია და დამტკიცებულია მათთვის, ვინც ცოდვის მიზეზით თავის მღვდელმთავარს განუდგება, განხეთქილებას მოიმოქმედებს და ეკლესიის ერთობას დარღვევს. მაგრამ ის, ვინც განუდგება თავის მღვდელმთავართან ზიარებას იმ დროს, როდესაც იგი მწვალებლობას საჯაროდ ქადაგებს და აშკარად ასწავლის ეკლესიაში, და საკრებო განჩინებამდე თავის თავს განაშორებს ასეთ ეპისკოპოსის ერთობისგან, არამცთუ თავისუფალია კანონთამიერი განკანონებისაგან, არამედ ჯეროვანი პატივის ღირსია, როგორც ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისაკენ მისწრაფების მქონე, რადგან განიკითხა არა ეპისკოპოსი, არამედ ცრუეპისკოპოსი და ცრუმოძღვარი და ეკლესიის ერთობა განხეთქილებით კი არ დასერა, არამედ ეკლესია იხსნა განხეთქილებისა და გაყოფისაგან" (Правило 15) (იგულისხმება კონსტანტინოპოლის ორგზისი კრების 15-ე კანონი - არქიეპ. პ.)".

ასეა გადმოცემული ეს III მსოფლიო კრების საქმეებშიც: "ყველა მართლმორწმუნეს, განსაკუთრებით კი სულიერ მამებსა და მოძღვრებს, ყოველთვის შესაფერის პატივს უნდა მივაგებდეთ. მაგრამ თუ ისე მოხდება და ისინი, ვინც სხვას უნდა მწყემსავდნენ, მსმენელთ სმენისა და გულის გამრყვნელ აზრებს შთააგონებენ, მაშინ დაწესებული ურთიერთობა აუცილებლობის გამო უნდა შეიცვალოს და დაქვემდებარებაში მყოფნი თავიან მოძღვრებს ცრუ სწავლებათა გამო უნდა ამხელდნენ" (Деян. Всел. Соб., т. 1, стр. 744)".

"თავისი არგუმენტაციის ბოლოს ი. უსოვი აკეთებს ასეთ მნიშვნელოვან დაზუსტებას: "თანაც, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეკლესიის ისეთი გაჭირვებული და მძიმე მდგომარეობა, როგორიც არის მისი ყოფნა ეპისკოპოსის გარეშე, არის განსაკუთრებული, დროებითი მდგომარეობა და არა მუდმივი და ყოველდღიური. ამიტომაც, როდესაც ვამბობთ, რომ ეკლესია, რომელიც ყოველმხრივ მართლმადიდებლურია, ეპისკოპოსთა გარეშეც მართლმადიდებლურად რჩება, სულაც არ ვამტკიცებთ იმას, თითქოსდა ის ყოველთვის უეპისკოპოსოდ უნდა დარჩეს, არამედ ვაჩვენებთ, რომ, თუკი ეპისკოპოსები გადაიხრებიან მწვალებლობისკენ, ხოლო მღვდლები და ერისკაცები არა, მართლმადიდებლობას მოაკლდებიან მხოლოდ ეს ეპისკოპოსები და მათი მიმდევრები და არა მღვდლები და მართლმადიდებელი ქრისტეანები, რომლებიც მყარად დგანან მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში. უდავოა, რომ ეკლესიის მდგომარეობა ეპისკოპოსის გარეშე მძიმეა, როგორც ყოველი განსაცდელი. მაგრამ ყოველგვარ შეჭირვებას უნდა ვამსუბუქებდეთ და საბოლოოდ აღმოვფხვრიდეთ. რა თქმა უნდა, როგორც ყოველი კაცის, ასევე მთელი ეკლესიის უზენაესი დამცველი და მაცხოვარი თვით ღმერთია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ თვითონაც უნდა ვევედროთ მას ეკლესიის გადარჩენას და ამისთვის მივმართოთ ღვთის სჯულში მითითებულ ყველა საშუალებას".

"ამიტომაც, - ამბობს მ. ნაზაროვი, - (დავტოვებთ რა განზე ძველმოწესეობრივი განხეთქილების საკითხს) უნდა უარვყოთ "განხეთქილების" ბრალდებები იმ შემთხვევაში, როდესაც მორწმუნეთა რაღაც ნაწილი გადაწყვეტს, განცალკევდეს თავისი მწვალებელი მღვდელმთავრობისგან, რათა შეინარჩუნოს მართლმადიდებლური სარწმუნოების სიწმიდე, თუნდაც ამის გამო დროებით უეპისკოპოსოდ დარჩეს" (იქვე).

ამ მხრივ საყურადღებო აზრს გამოთქვამს ცნობილი ბერძენი ღვთისმეტყველი ა. კალომიროსი (1931-1990): "საწუთრო და ეშმაკი ისეთ საშინელ განსაცდელს უმზადებენ ეკლესიას, რომ შორს არ არის ის დღე, როდესაც ქვეყნის ყველა ეპისკოპოსი ("все епископы страны") ერთობაში შევა მწვალებლებთან. რა უნდა გააკეთონ მაშინ მართლმორწმუნეებმა? რა უნდა ქნას იმ მცირე სამწყსომ, რომელიც გამოიჩენს გმირობას და თავის ნათესავებს, მეზობლებსა და თანამემამულეებს  არ გაჰყვება?

ყველა მართლმორწმუნემ უნდა გაიგოს, რომ ეკლესია არის არა იქ, სადაც ის ჩანს. ლიტურგიებიც შესრულდება და ტაძრებიც ხალხით იქნება სავსე, მაგრამ ეკლესიას არაფერი დააკავშირებს ამ ტაძრებთან და იქ მლოცველ კლერიკოსებთან თუ მორწმუნეებთან.
ეკლესია არის იქ, სადაც ჭეშმარიტებაა. მართლმორწმუნენი არიან ისინი, ვინც დაუზიანებლად იცავენ სულიწმიდისგან ბოძებულ მართლმადიდებლურ გადმოცემას. ნამდვილი მღვდლები ისინი არიან - ვინც აზროვნებენ, ცხოვრობენ და ასწავლიან ისე, როგორც ამას ეკლესიის მამები და წმინდანები ასწავლიდნენ, ან ისინი, რომლებიც, უკიდურეს შემთხვევაში, არ უარყოფენ მათ სწავლებას. იქ, სადაც არ იქნება აზროვნების ეს მემკვიდრეობა და ცხოვრება, არ იქნება ეკლესიაც და მზაკვარება იქნებოდა ამგვარი ადგილისთვის გვეწოდებინა ეკლესია მაშინაც კი, როდესაც გარეგნულად თითქოსდა ეკლესიის ყველა ნიშანი გვაქვს.

ყოველთვის გამოჩნდება კანონიკური ეპისკოპოსისგან ხელდასხმული კანონიკური მღვდელი, რომელიც მისდევს გადმოცემას. ასეთი მღვდლების გარშემო შეიკრიბებიან მორწმუნეთა ჯგუფები, რომლებიც მეორედ მოსვლამდე შემორჩებიან ქვეყნიერებას. ყოველი ასეთი მცირედი ჯგუფი ღმრთის ადგილობრივი საყოველთაო ეკლესია იქნება. მორწმუნენი მასში პოვებენ მთელ სისრულეს ღმრთის მადლისა. მათ არ დასჭირდებათ ადმინისტრაციული მმართველობა ან სხვა კავშირები, რადგან ევქარისტული ერთობა, რომელიც მათ შორის განხორციელდება, ყველაზე სრულყოფილი ერთობაა შესაძლებელთა შორის. ეს იქნება ერთობა ქრისტეს ხორცსა და სისხლში, ერთობა წმიდა სულში. დაუმახინჯებელი და შეურყვნელი მართლმადიდებლობის ოქროს რგოლები ამ ეკლესიებს შეაერთებს როგორც ერთმანეთთან, ასევე წარსულის ეკლესიასთანაც, ზეცის მედღესასწაულე ეკლესიასთან. ამ მცირედ ჯგუფებში იქნება დაუზიანებელი და შეურყვნელი ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესია" ("Это будет общение в Теле и Крови Христовых, общение во Святом Духе. Золотые звенья неискажённого православного предания соединят эти Церкви как между собой, так и с Церквами прошлого, с торжествующей Церковью на небесах. В этих небольших группах Единая, Святая, Соборная и Апостольская Церковь сохранится неповрежденной").

"რა თქმა უნდა, დიდებულია, თუკი სხვადასხვა ეკლესიის გარეგანი ფუნქციონირება მოწესრიგებულია და შეხმატკბილებული და თუკი ნაკლებად მნიშნელოვანი ეკლესიები დამოძღვრილნი და ძღვანებულნი იქნებიან უფრო მნიშვნელოვან ეკლესიათაგან, როგორც არის ეს დღეს ეპარქიათა, მიტროპოლიათა, საარქიეპისკოპოსოთა და საპატრიარქოთა შორის. მაგრამ ბოლო დღეებში ასეთი გარეგანი კავშირები და კონტაქტები, უმეტესწილად, შეუძლებელი გახდება. მსოფლიოში ისეთი ქაოსი დაისადგურებს, იმდენი ცრუწინასწარმეტყველი გამოჩნდება, რომ ერთ ეკლესიას არ ეცოდინება მართლმადიდებლურია თუ არა მეორე. ცრუწინასწარმეტყველნი აღავსებენ ქვეყანას და იტყვიან "აქ არის ქრისტე" ან "ქრისტე იქ არის". თანამედროვე ბაბილონში ენათა აღრევის გამო შესაძლოა ჭეშმარიტად მართლმადიდებელმა ეკლესიებმაც ვერ გაუგონ ერთმანეთს. მაგრამ მაინც, ვერაფერი მსგავსი ვერ დაყოფს ეკლესიის არსებულ ერთობას. მაშინ, ბოლო დღეებში, როდესაც სხვადასხვა ეკლესიები და რელიგიები შეერთდებიან და ერთ მთლიანობად წარსდგებიან, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესია თითქოსდა პატარ-პატარა, მცირე და დაქუცმაცებულ სამრევლოებად დაიყოფა და შესაძლოა, უნდობლობაც კი გაჩნდეს მათ შორის იმის მსგავსად, როგორც ჯარისკაცები არ ენდობიან ერთმანეთს, როდესაც შეიტყობენ, რომ მტერსაც მათი მსგავსი ფორმა აცვია.

ბოლო ჟამს ყველა დაიჩემებს მართლმადიდებელობას და იმას, რომ მართლმადიდებლობა არის სწორედ ისეთი, როგორიც მათ წარმოუდგენიათ. მაგრამ, მიუხედავად ყოველივე ამისა, ის, ვისაც წმიდა გული და საღმრთო მადლით განწმენდილი გონება აქვს, ეკლესიის დაქუცმაცებისა და გარეგანი ბრწყინვალებისგან განძარცვისდა მიუხედავად, მაინც იცნობს მას. ამდაგვარნი ჭეშმარიტი მოძღვრების გარშემო შეიკრიბებიან და ეკლესიის მყარ ბურჯებად მოგვევლინებიან. დაე, აკეთონ ადამიანებმა დედამიწაზე ის, რაც სურთ; დაე, შეიკრიბონ ეკუმენისტური კონფერენციები და ერთობას მიაღწიონ; დაე, დამახინჯდეს ქრისტიანობა; დაე, ტრადიციები და ცხოვრება შეიცვალოს; დაე, რელიგიებიც გაერთიანდნენ. ქრისტეს ეკლესია, როგორც ოქროპირი ამბობს, მაინც უცვალებელი იქნება, რადგან, მისი ერთადერთი საყრდენიც რომ დარჩეს ეკლესია არ დაეცემა. არაფერია ეკლესიაზე ძლიერი. ის ზეცაზე მაღალია და მიწაზე ვრცელი. ის არასოდეს ბერდება; ის მარადის ყვავილოვანია. ეკლესიის საყრდენია ყოველი ჭეშმარიტად მორწმუნე, ვინც მსოფლიოში არსებული შემაშფოთებელი მიმართულებებისდა მიუხედავად, რომლებიც მის დაღუპვას ლამობენ, მაინც განუხრელად მისდევს მამათა გადმოცემებს. ასეთი საყრდენები, მიუხედავად იმისა, რაც უნდა მოხდეს, სამყაროს აღსასრულამდე იქნება" ("Столп Церкви - это каждый истинно верующий, который привержен преданию отцов, несмотря на все устрашающие направления в мире, пытающиеся отвратить его. Такие столпы пребудут до конца мира, что бы ни случилось"). ასე რომ, როდესაც ეს ამბები მოხდება, ეს იქნება უფლის მეორედ მოსვლის ყველაზე საშინელი ნიშანი და სწორედ მაშინ მოიწევს აღსასრული" (Александр Каломирос. Против ложного единения. Гл. 3, 1964 г.) http://apologetika.eu/modules.php?op=modload&name=News&file=article&sid=3269) (URL-ის მიმართვის თარიღი: 29.10.2020).

ზუსტად ეს მოხდა 17-ე საუკუნის რუსეთშიც და მის შემდეგაც... თითქოსდა ბოლოჟამინდელი ეკლესიის მდგომარეობა (კალომიროსის წინასწარმეტყველებით აღწერილი) უკვე მოდელირებული იყო 17-ე საუკუნის რუსეთის ეკლესიაში, რომელმაც უბრწყინვალესად აჩვენა ეკლესიის სიძლიერე, რომელმაც, უეპისკოპოსობის, საშინელი დევნისა და შევიწროების სამასწლოვანი პერიოდის მიუხედავად, შეურყვნელად დაიცვა და დღემდე მოიტანა მართლმადიდებლური სწავლება, ლიტურგია და წმიდა საეკლესიო გადმოცემები; მან აღიდგინა თვით ხელდასხმაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ორ საუკუნეზე მეტი ხანი დაქვრივებული იყო. ამაზე დიდი ზეიმი მართლმადიდებლობისა, ამაზე დიდი გამარჯვება ეკლესიისა, ამაზე უნათლესი და უბრწყინვალესი წარმოჩენა ეკლესიის ცხოვრების მრავალწახნაგოვნებისა ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს.

დიახ, იყო ცალკეული დევნულებანი, ცალკეული შევიწროებანი, მათ შორის უძლიერესიც და უსაშინლესიც, მაგრამ არასოდეს ყოფილა, ერთ ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიას ამხედრებოდა დანარჩენი მსოფლიო, რომელთა შორის უმთავრეს როლს თვით მართლმადიდებლებივე ასრულებდნენ. ძველმოწესეებს წაერთვათ ყველაფერი - ტაძრები, წიგნები, დარჩნენ უეპისკოპოსოდ, აღმოჩნდნენ საშინელი დევნისა და შევიწროების პირობებში: მათ წვავდნენ ცოცხლად, ყინავდნენ, კლავდნენ შიმშილით, აჭრიდნენ ენებს, ხელებს, სხეულის სხვადასხვა ნაწილს, მაგრამ შეუტოკავი მართლმადიდებლური სული მედგრად და ღვთივსჯულიერად ებრძოდა უღვთოთა ამ შემოტევას. ებრძოდა და გაიმარჯვა კიდეც! აი, ასე გაიმარჯვებს იგი (ეკლესია) ანტიქრისტეს დროსაც და ამისი ისტორიული მაგალითი ჩვენ უკვე გვაქვს.

ნიკონის რეფორმიდან მოყოლებული, ეკლესია სამი საუკუნის განმავლობაში იდევნებოდა და მან მედგრად გაუძლო ამ დევნულებას, ხოლო ანტიქრისტეს მმართველობის დროს ის სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში დაექვემდებარება საშინელ დევნას. როგორც გაუძლო ეკლესიამ სამსაუკუნოვან დევნულებას, ისევე გაუძლებს ის სამწელიწადნახევრიან შეჭირვებას და გაბრწყინვებული შეხვდება ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესუ ქრისტეს მოსვლას. მ. ნაზაროვის დამოწმება ჩვენს ნაშრომში დაგვჭირდა იმის საჩვენებლად, რომ შესაძლებელია ძველმოწესეთა მსგავს ვითარებაში აღმოჩნდნენ (და აღმოჩენილან) სხვა ეკლესიებიც, განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ სხვებთან მათი ეკლესიის დაქვრივება გრძელდებოდა რამდენიმე წელიწადს ან ათეულ წელიწადს, ხოლო ძველმოწესეებთან 256 (ბელოკრინიცელებთან 180) წელს. უეპისკოპოსობის ასეთი ხანგრძლივი პაუზა მრავალს აბრკოლებს და აფიქრებინებს, რომ შესაძლებელია მცირედი ხნით ეკლესიის დაქვრივება, მაგრამ არა ასეთი ხანგრძლივი პერიოდით.

ამგვარი შეხედულება ყოვლად უსაფუძვლოა, რასაც ქვემოთ უფრო დეტალურად ვნახავთ, აქ კი ვიტყვით, ეკლესია ეპისკოპოსის გარეშე ეკლესიად თუ არ იწოდება, მაშინ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ეპისკოპოსის გარეშე ყოფნის ხანგრძლივობას, თვით რამოდენიმე დღითაც კი. არსებული მდგომარეობა (უეპისკოპოსობა) თუ აუქმებს ეკლესიას, მაშინ ის იმთავითვე უქმდება, როგორც კი მოაკლდება მას ეპისკოპოსი და არა განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც არც უფალს დაუწესებია და არც რომელიმე წმიდა მამას უსწავლებია. ეს ვადა, თუ რამდენი ხანი შეიძლება ეკლესია უეპისკოპოსოდ იყოს და მაინც ეკლესიად დარჩეს, თვით ჩვენი ოპონენტების მიერ არის "დაწესებული". მაგალითად, ზ. ნოდია დარწმუნებულია, რომ ეკლესიის დაქვრივება შეუძლებელია გაგრძელდეს "... დიდხანს, მით უფრო - "სტაროვერულ" სამას წელს" (გვ. 207); კიდევ სხვაგან ზ. ნოდიას ასეც წერს: "ერთადერთ, განუმეორებელ და გამონაკლის შემთხვევაში ძლებს დროებით დაქვრივებული ეკლესია უეპისკოპოსოდ - ცხადია არა სამას წელს" (იქვე. გვ. 205), მაგრამ, რას ეფუძნება მისი ასეთი დარწმუნებულობა, არ ჩანს. ზ. ნოდია თავისი ამ რწმენის დამადასტურებელ არც ერთ წმიდა წყაროს არ იმოწმებს.  თუმცა ამის შესახებ ქვემოთ, თავის ადგილას უფრო დეტალურად ვილაპარაკებთ.

მიუხედავად იმისა, რომ ი. უსოვის წიგნის გამოსვლას ასე თუ ისე დადებითად გამოეხმაურა ზოგიერთი ქრისტიანი (მათ შორის ისინიც, ვინც არ ეკუთვნის ეკუმენისტურ რმე-ს და არიან კატაკომბური ან ძველმესტილეთა ეკლესიების წევრები), ზოგიერთმა განსაკუთრებული მონდომება გამოიჩინა ი. უსოვის არგუმენტაციის უარსაყოფად.

იმისთვის, რათა ეპისკოპოსის გარეშე ქრისტეს ეკლესიის დროებით დარჩენის თემა სრულყოფილად და ყოველმხრივ განგვეხილა, არ დავჯერდით მხოლოდ ზ. ნოდიას დაუსაბუთებელ "მხილებებს" და შევეცადეთ, მოგვეძებნა ჩამოყალიბებული კრიტიკა, რათა საკითხი ნათლად და მკაფიოდ ყოფილიყო განმარტებული. ასეთ პუბლიკაციად ჩავთვალეთ ვინმე ვალერი სინილშჩიკოვის (Валерий Синильщиков) საკმაოდ ვრცელი სტატია, სადაც ის კრიტიკულად ეხმაურება ცნობილი ბელოკრინიცელი ძველმოწესე მიტროპოლიტის ინოკენტი უსოვის წიგნს "ქრისტეს ეკლესია დროებით ეპისკოპოსის გარეშე". ვ. სინილშჩიკოვის ამ თხზულებას ეწოდება "Без епископа нет церкви или "церковь Христова временно без епископа?" Критический отзыв на книгу И. Усова" (წყარო: https://vk.com/topic-5551851_29434010) (URL-ის მიმართვის თარიღი: 29.10.2020).  ამ პუბლიკაციას მივმართავთ კიდევ იმიტომ, რომ მასში, ზ. ნოდიას ნაწერისგან განსხვავებით, საკითხი უფრო დალაგებულად და გასაგებად არის გადმოცემული.

თვით ვ. სინილშჩიკოვის შესახებ გვაქვს მხოლოდ ის ინფორმაცია, რასაც თვითონ იძლევა თავის გვერდზე სოციალურ ქსელ "ვკონტაქტე"-ში (ВКонтакте), საიდანაც ირკვევა, რომ ხსენებული პიროვნება არის მეცნიერებათა კანდიდატი და დოცენტი დ. ფ. უსტინოვის სახელობის ბალტიის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტ "ვოენმეხში" (БГТУ. Военмех). მისი სპეციალიზაციაა "რაკეტებისა და კოსმიური აპარატების სასტარტო და ტექნიკური კომპლექსები"  (Кафедра А4 - Стартовые и технические комплексы ракет и космических аппаратов).

ბ-ნი ვ. სინილშჩიკოვი ბრძანებს, რომ მისთვის უთხოვიათ (იხ. https://vk.com/topic-5551851_29434010) (URL-ის მიმართვის თარიღი: 29.10.2020), გასცნობოდა ძველმოწესე მიტროპოლიტ ინოკენტი უსოვის წიგნს სახელწოდებით "ქრისტეს ეკლესია დროებით ეპისკოპოსის გარეშე" (ეს ნაშრომი ინტერნეტში შეგიძლიათ ნახოთ:

https://txt.drevle.com/text/ivan_usov-cerkov_hristova_vremenno_bez_episkopa (URL-ის მიმართვის თარიღი: 29.10.2020).

ვ. სინილშჩიკოვის აზრით, ძველმოწესეებთან პოლემიკაში რუსეთის ოფიციალური "მართლმადიდებელი" ეკლესიის წარმომადგენლები მათ წინააღმდეგ აყენებენ სერიოზულ ბრალდებას, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ძველმოწესეებს საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში არ ჰყავდათ ეპისკოპოსი. ამიტომაც, როგორც ვ. სინილშჩიკოვი წერს, "წიგნის ავტორი მიტრ. ინოკენტი უსოვი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ასეთ მდგომარეობაშიც, რაც, მართალია არანორმალურია, მაგრამ მაინც, ეკლესია ეკლესიადვე რჩება: მასში აღესრულება საიდუმლონი, დაცულია მოციქულთა მემკვიდრეობა და მოქმედებს ღმრთის მადლი. თავისი არგუმენტაციის გადმოსაცემად ავტორი იყენებს დიალოგის ფორმას, რომელშიც მონაწილეობენ სამნი: "ძველმოწესე", რომელიც ეკუთვნის ბელოკრინიცელთა მიტროპოლიას (ანუ, ფაქტობრივად, ეს არის თვით ავტორი), ძველმოწესე-"უმღვდლო" ("ბეზპოპოვეცი" - беспоповец) და "ახალმოწესე" (новообрядец) - რუსეთის ოფიციალური "მართლმადიდებელი" ეკლესიის წარმომადგენელი. აღსანიშნავია, რომ გასაუბრებაში უმეტესწილად მონაწილეობენ მხოლოდ "ძველმოწესე" და "ახალმოწესე"; ცალკეულ თემებს "ძველმოწესე" არჩევს "უმღვდლოსთან" (ბეზპოპოვეცთან) და ზოგიერთ შემთხვევაში "უმღვდლო" ერთვება "ახალმოწესის" საუბარში" (იხ. "Без епископа нет церкви или "церковь Христова временно без епископа"? Критический отзыв на книгу И. Усова". https://vk.com/topic-5551851_29434010 // https://vk.com/doc6827649_265878903?hash=2534cb0e3d03327a59 (URL-ის მიმართვის თარიღი: 29.10.2020) (6).

_______________________________

6. ძველმართლმადიდებლობაში არსებობს ორი ძირითადი მიმართულება: მღვდლიანებისა (поповцы) და უმღვდელოებისა (беспоповцы). მღვდლიანები იყოფიან კიდევ ორ ნაწილად: ე. წ. "ბელოკრინიცელებად" და "ბეგლოპოპოვცებად". პირველის სახელწოდება, როგორც უკვე ვთქვით, დაკავშირებულია სოფ. ბელაია კრინიცასთან (ძველად იმყოფებოდა ავსტრია-უნგრეთის შემადგენლობაში. ახლანდელი ჩერნოვცის ოლქი, უკრაინა), სადაც ძველმოწესე მართლმადიდებელთა ერთმა ნაწილმა 1846 წელს კონსტანტინოპოლიდან გადმოიბირა მიტროპოლიტი ამბროსი. ცნობილ მიზეზთა გამო (ნათლობის პრობლემა, სიმონია და სხვა), ძველმართლმადიდებელთა ნაწილმა, რომელთაც ოფიციალური რუსული ეკლესიიდან გადმომსვლელი მღვდლების გამო "გამოქცეულთა" (беглопоповцы) ეკლესიას უწოდებდნენ, მიტრ. ამბროსი არ მიიღო და კვლავ ეპისკოპოსის გარეშე გააგრძელა არსებობა, რომელიც დასრულდა XX ს.-ის 20-იან წლებში, როდესაც ჯერ 1923 წელს, ე. წ. "ობნოვლენცობიდან" მას შემოუერთდა არქიეპისკოპოსი ნიკოლა (პოზდნევი), ხოლო შემდეგ, 1929 წელს ტიხონის ეკლესიიდან გადმოვიდა ეპისკოპოსი სტეფანე (რასტორგუევი). ძველმართლმადიდებლობაში სამდასოვანი იერარქიის აღდგენა სწორედ ეპისკოპოს სტეფანეს სახელს უკავშირდება (მოგვიანებით ეპისკოპოსი სტეფანე დახვრიტეს ბოლშევიკებმა). ამრიგად, ძველმართლმადიდებლობაში "ბელოკრინციელებმა" უეპისკოპოსობის (დაქვრივების) პრობლემა აღმოფხრეს ნიკონის რეფორმიდან 180 წლის შემდეგ, ხოლო "ბეგლოპოპოვცებმა" - 256 წლის შემდეგ. "ბელოკრინიცელთა" ეკლესიის სრული სახელწოდებაა РПСЦ - Русская Православная Старообрядческая Церковь, ხოლო "ბეგლოპოპოვცებისა" - РДЦ - Русская Древлеправославная Церковь. საქართველოს ძველმართლმადიდებლურმა ეკლესიამ თავისი იერარქია სწორედ რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესიის (РДЦ) იერარქისგან აღადგინა.

_______________________________

ვ. სინილშჩიკოვი თავისი პუბლიკაციის დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ ის "ეკუთვნის რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, ოღონდ მოცემული ტექსტი წარმოადგენს მის კერძო აზრს და დაუშვებელია, ის განხილულ იქნას ეკლესიის ოფიციალურ პოზიციად" (ხაზგასმები ყველგან ჩვენია - არქიეპ. პ.) (იქვე).

ვ. სინილშჩიკოვი ასევე აღწერს, რომ XVII ს.-ის რუსეთში მომხდარ საეკლესიო განხეთქილებას "რომელმაც გამოიწვია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კლერიკოსებისა და მრევლის მნიშვნელოვანი ნაწილის გასვლა ეკლესიიდან". იგი ამას მიიჩნევს ეროვნულ ტრაგედიად და აღიარებს, რომ "ამაში დანაშაულის მნიშვნელოვანი (შესაძლოა - გადამწყვეტი) წილი აწევს იმდროინდელი ეკლესიის მღვდელმთავრობას", მაგრამ, მიუხედავად ამისა, ავტორი მიიჩნევს, რომ "თვით ეკლესიისგან განდგომა, კანონიკური თვალსაზრისით, წარმოადგენდა განხეთქილებას, ხოლო განხეთქილებაში წასულები არიან - სქიზმატები, ანუ "რასკოლნიკები"" (იქვე). ამ პრობლემის ერთადერთ გადაწყვეტილებას ავტორი ეკლესიაში მისგან გასულთა კვლავ უკან დაბრუნებაში ხედავს, რასაც უნდა ახლდეს "თვით ეკლესიის მაქსიმალური იკონომია და ურთიერთ სინანული" (იქვე).

ვ. სინილშჩიკოვი პუბლიკაციის შესავალში იჩენს ტიპურ "ნიკონიანურ" აზროვნებას, საეკლესიო და ისტორიული საკითხებისადმი არაობიექტურ მიდგომას და ცდილობს ოფიციალური ეკლესიის, როგორც იტყვიან, "წყლიდან მშრალად ამოყვანას". თუმცა, რუსეთის ოფიციალურ ეკლესიას თავის დანაშაულობებსა და სქიზმის მოწყობაში ვერაფერი გაამართლებს. ის თვითონ არის სქიზმატური, რაც წინამდებარე ნაშრომში, XVII ს-ის რეფორმისადმი მიძღვნილ ნაწილში დეტალურად განვიხილეთ. ამიტომაც ამ თემაზე აქ უკვე აღარ შევჩერდებით. ასე რომ, მოდი, კვლავ ჩვენს თემას, ეკლესიის დროებითი უეპისკოპოსობის საკითხს დავუბრუნდეთ.

ვ. სინილშჩიკოვი შემდეგ აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება მიტროპოლიტ ინოკენტი უსოვის აზრს, რომ შესაძლოა ეკლესია დროებით უეპისკოპოსოდ დარჩეს და გვპირდება თავისი პოზიციის არგუმენტირებას.

სანამ უშუალოდ ვ. სინილშჩიკოვის არგუმენტებზე გადავიდოდეთ, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ მიტროპოლიტ ინოკენტი უსოვის ყველა შეხედულებას ეკლესიაზე, ასევე ყველა იმ არგუმენტს, რომელსაც ის ეხება თავის წიგნში ეკლესიის ცხოვრების სხვადასხვა საკითხზე, სრულად ვერც ჩვენ გავიზიარებთ. ზოგიერთი საკითხი იქ მართლაც სადავოა. თუმცა ავტორს აქვს უფლება გამოთქვას თვისი შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე. წინამდებარე ჩვენი განხილვა არ გახლავთ მიტრ. ინოკენტის თხზულების აპოლოგია, ჩვენ მხოლოდ იმ ძირითად ჭეშმარიტებებს ვადასტურებთ, რასაც მიტრ. ინოკენტი ეხება თავის წიგნში და რასაც როგორც ბელოკრინიცელ ძველმოწესეებთან, ასევე ჩვენთანაც ოფიციალური ეკლესიის წარმომადგენლები ერთნაირად აკრიტიკებენ. გამომდინარე აქედან, ვ. სინილშჩიკოვის დავაში მიტრ. ინოკენტისთან ჩვენ ყურადღება დავუთმეთ იმ საკითხებს, რომლებიც ჩვენსა და მიტრ. ინოკენტის შორის საერთოა; ასევე ვ. სინილშჩიკოვის იმ არგუმენტებს, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია და ესოდენ ხშირად მეორდება ქართველ ოპონენტთა მიერ.

ასევე აღსანიშნავია, რომ ვ. სინილშჩიკოვის მტკიცება, თითქოსდა მის მიერ გადმოცემული კრიტიკა მხოლოდ მისი კერძო აზრია და არ უნდა იქნას განხილული ოფიციალური ეკლესიის პოზიციად, გარკვეული დოზით უკვე შეიცავს სიცრუეს. საქმე ის გახლავთ, რომ XVII ს-ის განხეთქილებიდან მოყოლებული, ძველმოწესეთა უეპისკოპოსობა ყოველთვის იყო "ხელსაყრელი" თემა ოფიციალური ეკლესიის მისიონერთა და ვ. სინილშჩიკოვის მსგავს ოპონენტთათვის ამ საუკუნეების განმავლობაში მოცემულ თემასთან დაკავშირებით ოფიციალურ ეკლესიაში არც არგუმენტაცია შეცვლილა და არც მისდამი დამოკიდებულება. მით უმეტეს, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თვით მიტრ. ინოკენტი უსოვის ხსენებული წიგნი გახლავთ ოფიციალური ეკლესიის მისიონერებთან და სასულიერო პირებთან ხშირი და ხანგრძლივი დავის შედეგი, რომელიც მან მოგვიანებით თავის წიგნში ასახა და ამ პოლემიკური დიალოგების შინაარსი ზუსტად გადმოგვცა.  მაშ, რამდენად გასათვალისწინებელია ვ. სინილშჩიკოვის გაფრთხილება, რომ მისი არგუმენტაცია მივიღოთ მხოლოდ მის კერძო აზრად და არ განვავრცოთ ის ოფიციალურ ეკლესიაზე?


***

თავის პუბლიკაციას ვ. სინილშჩიკოვი იწყებს მიტროპოლიტ ინოკენტი უსოვის ხსენებული წიგნის პირველი თავით, რომელიც ეკლესიის დროებითი დაქვრივებას ეხება. ამ თავს ეწოდება "ეკლესიის დაქვრივების შესახებ" (О вдовстве церкви) და მასში უსოვის ოპონენტი გამოყოფს დიალოგის ერთ ნაწილს, სადაც ლაპარაკია იმაზე, თუ რატომ არ აღიარებს ახალმოწესე მართლმადიდებელი ძველმოწესეთა ეკლესიას; რომ ძველმოწესეებს არ ჰყავდათ ეპისკოპოსი საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში (როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბელოკრინიცელი ძველმოწესეებისთვის ეს პრობლემა გადაიჭრა განხეთქილებიდან 180 წლის შემდეგ, ხოლო "ბეგლოპოპოვეც" ძველმართლმადიდებლებთან - 256 წლის შემდეგ).

ამავე დიალოგში ახალმოწესე ამტკიცებს, რომ "ეპისკოპოსის გარეშე ეკლესია ქვრივად იწოდება".

ახალმოწესე: "მაგრამ, თქვენი ეკლესია თუ ქვრივი იყო, საიდან გაუჩნდა მას შვილები, როგორ შეეძლო მას შობა? და თუ შობდა, ცხადია უკანონო გზით. ღმერთი ასე არასოდეს შეარცხვენს თავის ეკლესიას. მხოლოდ თქვენს სქიზმატურ ეკლესიას შეეძლო მისულიყო ამგვარ სამარცხვინო მდგომარეობამდე, რომ მას ყველა აყვედრის მისი ქვრივობისთვის, ღმრთისგან მიტოვებულობისთვის. ხოლო ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია არასოდეს ქვრივობდა, შეუძლებელია დაქვრივდეს და არც დაქვრივდება. ის არასოდეს დავა იმ სირცხვილამდე, რომ დაქვრივდეს და იგლოვოს თავისი მდგომარეობა: ის ზის ვითარც დედოფალი ამ სამყაროში" (О временном пребывании Церкви Христовой без епископа. Беседа старообрядца, новообрядца и беспоповца. 1. О вдовстве церкви. https://txt.drevle.com/text/ivan_usov-cerkov_hristova_vremenno_bez_episkopa) (URL-ის მიმართვის თარიღი: 29.10.2020).

"ძველმოწესე: სად არის ნათქვამი, რომ საყოველთაო ეკლესიას დაქვრივება არ შეუძლია? მიმითითეთ.

ახალმოწესე: მითითება არ შემიძლია.

ძველმოწესე: რატომ?

ახალმოწესე: იმიტომ, რომ ასეთი გამოთქმა არსად მოიპოვება, არც წმიდა წერილში და არც წმიდა მამათა სწავლებებში" (იქვე. 2. О церкви вселенской и частной).

სანამ განვაგრძობდეთ ვ. სინილშჩიკოვის არგუმენტაციის ციტირებას, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ მოტანილ მონაკვეთს ი. უსოვის წიგნიდან ვ. სინილშჩიკოვი არ აპროტესტებს. ანუ "ახალმოწესის" მიერ წარმოთქმულ ბრალდებაში ის ვერ ხედავს ვერავითარ პროვოკაციას ან რაიმე შეუსაბამობას ვერც საკუთარ (ანუ ვ. სინილშჩიკოვის) და ვერც ოფიციალური ეკლესიის პოზიციასთან. ასე რომ არ იყოს, მაშინ ვ. სინილშჩიკოვი აუცილებლად იტყოდა ამას და განმარტავდა, რომ საკითხი ასე შეგნებულად არის ფორმულირებული ი. უსოვის მიერ, რათა დიალოგი მისთვის სასურველ კალაპოტში წაიყვანოს. ამგვარ შენიშვნებს ის არაერთხელ აკეთებს თავისი თხზულების დასაწყისიდან მოყოლებული, ვიდრე დასასრულამდე. მაგრამ აქ, ამ ადგილას, ი. უსოვის ოპონენტი უკომენტაროდ და მდუმარედ უვლის გვერდს "ახალმოწესის" ბრალდებებს და წერს: "ვერც მე ვიხსენებ, სადმე დაეწეროთ მამებს, რომ საყოველთაო ეკლესია შეიძლება დაქვრივდეს. "ეკლესიის დაქვრივების" ან "დაქვრივებული კათედრის" თვით ცნება გვხვდება ზოგიერთ წმიდა მამასთან, ოღონდ ადგილობრივი ეკლესიის აღსანიშნავად, რომელიც დარჩა ეპისკოპოსის გარეშე".

ასე რომ, ი. უსოვის წიგნის კრიტიკოსი დუმს რაიმე შგნებულ დამახინჯებაზე "ახალმოწესის" პოზიციის გამომხატველ სიტყვებში, რომლებიც ზემოთ დავიმოწმეთ. ვიფიქროთ, რომ ამგვარი დუმილი არის თანხმობა დიალოგში მონაწილე "ახალმოწესის" ბრალდებაზე, რომ "ეპისკოპოსის გარეშე ეკლესია ქვრივად იწოდება"... ეს და შემდგომი ბრალდებები და ასევე მათგან გამოტანილი დასკვნები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ საჭიროდ მიგვაჩნია კიდევ ერთხელ გავიმეოროთ იგი და ამ მონაკვეთსაც გავცეთ შესაბამისი პასუხი:

ამრიგად, "ახალმოწესე" ამბობს: "თქვენი ეკლესია თუ ქვრივი იყო, საიდან გაუჩნდა მას შვილები, როგორ შეეძლო მას შობა? და თუ შობდა, ცხადია უკანონო გზით. ღმერთი ასე არასოდეს შეარცხვენს თავის ეკლესიას. მხოლოდ თქვენს რასკოლნიკურ ეკლესიას შეეძლო მისულიყო ამგვარ სამარცხვინო მდგომარეობამდე, რომ მას ყველა აყვედრის მისი ქვრივობისთვის, ღმრთისგან მიტოვებულობისთვის. ხოლო ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია არასოდეს ქვრივობდა, არც შეიძლება დაქვრივდეს და არც დაქვრივდება. ის არასოდეს დავა იმ სირცხვილამდე, რომ დაქვრივდეს და იგლოვოს თავისი მდგომარეობა: ის ზის, ვითარც დედოფალი ამ სამყაროში" (იქვე. 1. О вдовстве церкви).

როდესაც ამ ბრალდებებს და მათგან გამომდინარე დასკვნებს ვკითხულობთ, უნებლიეთ გვახსენდება წმ. ესაია წინასწარმეტყველი. მისი სიტყვებით მკაფიოდ იმხილებიან სინილშჩიკოვისნაირი "აპოლოგეტები", რომლებიც მართლმადიდებლურ სარწმუნოებას კი არ იცავენ თავიანთი ბრალდებებით, არამედ საკუთარ გამონაგონს.

ეკლესიის დაქვრივება ნაწინასწარმეტყველევია ჯერ კიდევ ძვ. აღთქმაში. ესაიას წინასწარმეტყველებაში ვკითხულობთ: "თქვა სიონმა (ეკლესიამ - არქიეპ. პ.) მიმატოვა უფალმა და ღმერთმა დამივიწყა. განა დაივიწყებს ქალი თავის ჩვილს, არ შეიბრალებს თავისი მუცლის ნაშიერს? მან რომ დაივიწყოს, მე არ დაგივიწყებ შენ. აჰა, ხელებზე მყავს გამოსახული შენი კედლები და მუდამ ჩემს წინაა, მალევე დაჯილდოვდები მათგან ვინც აგაოხრა და შენი დამაქცევარნი წავლენ შენგან... გეტყვიან ყურში შენი შვილები, რომელნი წარსწყმდნენ: მევიწროება ადგილი, მიქმენ ადგილი რათა ვიცხოვრო. იტყვი გულში: ვინ გამიჩინა ესენი? მე ხომ უშვილო ვარ და ქვრივი, ვინ გამიზარდა ესენი? მარტო რომ ვიყავი დარჩენილი, ესენი სადღა იყვნენ?" (ესაია 49:14-21).

ან კიდევ: "გაიხარე ბერწო, უშობელო! სიხარულით აყიჟინდი, სალმობის განუცდელო, რადგან მიტოვებულს მეტი შვილები ეყოლება, ვიდრე გათხოვილს, ამბობს უფალი... ნუ გეშინია, რომ შერცხვენილი ხარ, ნუცა გეკდიმების, რამეთუ ყვედრებულ იქმენ, რამეთუ დავიწყებულ იქნება საუკუნოდ შენი სირცხვილი და შენი ქვრივობის ყვედრება აღარ იქნება გახსენებული. რამეთუ უფალია შენი შემოქმედი... თქვა ღმერთმან შენმან: მცირე ხნით მყავდი მიტოვებული, მაგრამ შეგიწყალებ დიდი წყალობით. გულისწყრომისას მცირე ხნით გარემივიქციე პირი ჩემი შენგან, მაგრამ სამარადისო წყალობით შეგიწყალებ, ამბობს შენი მწყალობელი უფალი" (ესაია 54:1-8).

ამრიგად, ის, რაც ახალმოწესე "მართლმადიდებელს" საყვედრებლად და დასაცინად გაუხდია, თურმე ეკლესიაზე საღმრთო განგებულებით ყოფილა დაშვებული. კამათის მოყვარულებს იმთავითვე ვამცნობთ, რომ წმ. მამები ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებებს სიონზე, იერუსალემზე, იუდეაზე განაკუთვნებდნენ არა მარტო ისტორიულ ძვ. აღთქმისეულ სიონს, იერუსალემსა თუ იუდეას, არამედ ეკლესიასაც. ასე განმარტავენ ღირ. ეფრემ ასურელი (Твор. преп. Ефрема Сирина, ч. 1. Житие, стр. 68, 69, ч. 45, стр 513); ნეტ. იერონიმე (Твор., ч. 7, Толкования на пр. Исаии). ნეტ. ავგუსტინე (Твор, ч 6, слово 29, стр. 46-48, изд. 1887 г. Москва. Толк. на 54 гл. пр. Исаии о вдовстве новозаветной Церкви); წმ. ამბროსი მედიოლანელი, ღირ. მაქსიმე ბერძენი (Творения, ч. 2, сл. 8); წმ. იოანე ოქროპირი (Творения, т. 6, изд. 1900 г., стр. 25, 173. изд. Казань 1860 г.) ისინი სწორედ ეკლესიის მომავლის წინასახეებს ხედავდნენ წმიდა წერილის ამ სიტყვებში.

მოკლედ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაზე აღსრულდა ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველება ეკლესიის დაქვრივების შესახებ, ვინაიდან უეპისკოპოსობას ეკლესიაში დაქვრივებას უწოდებენ. ზემოთ თქმულში რომ დავრწმუნდეთ, მოდი, უფრო დეტალურად შევეხოთ ამ საკითხს.
3
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому