აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. III_I_თესლის აღდგინების უცნაური თეორია - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II

გრანდიოზული დივერსია

17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმის მიზეზები და შედეგები მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის. ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკური და ისტორიულ-ლიტურგიკული გამართლება
ქრისტეს ეკლესია
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.


თავი I
___________________________________________________________________________________________________________________________________

"თესლის აღდგინების" უცნაური თეორია

როდესაც ეკლესიის დაქვრივებაზე ვლაპარაკობთ, მხედველობაში გვაქვს ხანგრძლივი დროით კერძოდ, 256 წლით (1667 წლიდან 1923 წლამდე) ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსის გარეშე დარჩენის სამწუხარო მოვლენა. ნიკონის რეფორმების მოწინააღმდეგეთა ერთადერთი აქტიური მხარდამჭერი ეპისკოპოსის, კოლომნისა და კაშირის ეპისკოპოს პავლეს გარდაცვალების შემდეგ (1) ძველმართლმადიდებლობას მთელი 250-ზე მეტი წლის განმავლობაში ეპისკოპოსი აღარ ჰყოლია (2).

------------

1. ძველმართლმადიდებლური წყაროების მიხედვით, ნიკონმა პავლეს მიუგზავნა დაქირავებული მკვლელები. ეპისკოპოსი პავლე ცოცხლად დაწვეს 1656 წლის 3 აპრილს (ახ. სტილით 13 აპრილს). 1666-1667 წლის მოსკოვის საეკლესიო კრებამ, რომელმაც გაასამართლა პატრიარქი ნიკონი, მას ბრალდებად წარუდგინა ეპისკოპოს პავლეს სასულიერო წოდების ერთპიროვნული აყრა: "შენ, ნიკონ, კრების გარეშე, კანონთა საწინააღმდეგოდ, შეურაცხყავ და დაამხე კოლომნის ეპისკოპოსი პავლე, გადაასახლე და იქ აწამე, რის გამოც ეს დამხობა მკვლელობად ჩაგეთვლება". https://ru.wikipedia.org/wiki/Павел_Коломенский (URL-ის მიმართვის თარიღი: 26.10.2020).

2.  ცნობილია, რომ ძველმართლმადიდებლები ძირითადად იყოფიან ორ ძირითად მიმართულებად: მღდლობის მიმღებ ძველმართლმადიდებლებად (поповцы) და უმღვდლო ძველმართლმადიდებლებად (безпоповцы). 1846 წელს ძველმორწმუნეთა ერთმა ჯგუფმა, რომელთაც დღეს "ბელოკრინიცელებს" (ზოგჯერ "ავსტრიელებსაც") უწოდებენ, ძველმართლმადიდებლობისკენ გადმოიბირა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი მიტროპოლიტი ამბროსი (ამირე პაპა-გეორგოპოლი, ბერძნ. μοιραίας Πάππα-Γεωργοπόλοι, ძველმოწესეობრივ წყაროებში ანდრია პოპოვიჩი). ძველმორწმუნეთა შორის სახელწოდება "ბელოკრინიცელთა იერარქია" ამ ჯგუფმა მიიღო სოფ. ბელაია კრინიცას (Белая Криница) მიხედვით, რომელიც იმ დროს ავსტრიის იმპერიის შემადგენლობაში შემავალ ჩრდილოეთ ბუკოვინაში (დღეს ჩერნოვცის ოლქი, უკრაინა) მდებარეობდა. სწორედ ბელაია კრინიცა გახდა მიტროპოლიტ ამბროსისა და მისი მემკვიდრეების სამღვდელმთავრო კათედრა (იხ. С. Г. Вургафт, И.А.Ушаков. Старообрядчество. Лица, предметы, события и символы. Опыт энциклопедического словаря. Церковь. Москва. 1996 г., стр. 18-22, 43-44). რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ძველმართლმადიდებელთა მეორე ჯგუფმა არ ცნო მიტროპოლიტ ამბროსის კანონიკურობა, რის გამოც მღვდლობის მიმღებ ძველმართლმადიდებელთა შორის მოხდა განყოფა. ძირითად მიზეზად სახელდებოდა: 1. საეჭვო ნათლობა (არსებობდა ხმები, რომ იმ მხარეებში, სადაც მიტრ. ამბროსი ბავშვობაში მოინათლა (სოფ. მაისტრა - თურქულად იონჟოკი - ქ. ენოსის მახლობლად) ბერძენი მღვდლები დასხმით ნათლავდნენ და არა შთაფლვით; და 2. ძველმართლმადიდებლობაში ამბროსი გადმოყვანილ იქნა კონტრაქტის საფუძველზე (სიმონია). ამ დროიდან  მღვდლობის მიმღები ძველმართლმადიდებლებიც ორად გაიყვნენ - "ბელოკრინიცელებად" და "ბეგლოპოპოვცებად", რადგან ეს უკანასკნელნი საკუთარი სამღვდელოების რიგებს ჯერაც ოფიციალური "მართლმადიდებელი" ეკლესიიდან გამოქცეული მღვდლების ხარჯზე ავსებდნენ. ეპისკოპოსის ხარისხის აღდგენა აქ მოხდა 1923 წელს, როდესაც "ბეგლოპოპოვცებს" ოფიციალური რუსული ეკლესიიდან შემოუერთდა ჯერ არქიეპისკოპოსი ნიკოლა პოზდნევი, შემდეგ კი (1929 წ.) ეპისკოპოსი სტეფანე რასტორგუევი.

------------

ძველმართლმადიდებლობის იმ ფრთაში, რომელსაც "ბეგლოპოპოვცებს" (беглопоповцы) უწოდებდნენ, მღვდელმთავრობა აღდგა 1923 წელს, როდესაც მას არქიეპისკოპოსი ნიკოლოზი (პოზდნევი) შემოუერთდა. 1929 წელს ძველმართლმადიდებლობას შემოუერთდა კიდევ მეორე ეპისკოპოსი სტეფანე (რასტორგუევი), რომელმაც ძველმართლმადიდებლობაში ეპისკოპოსთა ხელდასხმა განაახლა (С. Г. Вургафт, И.А.Ушаков. Старообрядчество. Лица, предметы, события и символы. Опыт энциклопедического словаря. Церковь. Москва. 1996 г., стр. 275).

ამჯერად ჩვენ გამოვტოვებთ ძველმართლმადიდებლობაში იერარქიის აღდგენის ისტორიულ და კანონიკურ პერიპეტიებს და გადავალთ ჩვენი ოპონენტებისთვის საინტერესო საკითხზე, რომელიც ეკლესიის დაქვრივებას ეხება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი ოპონენტები ოფიციალური მართლმადიდებელი ეკლესიიდან ეჭვქვეშ აყენებენ ძველმართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკურობას იმის საფუძველზე, რომ მას XVII ს-ის რეფორმების დამაგვირგვინებელი კრებიდან (1666/7 წლები) მოყოლებული ვიდრე 1923 წლამდე (ანუ 256 წელი) ეპისკოპოსი არ ჰყოლია.

ჩვენი მოწინააღმდეგე ზ. ნოდია თავის სტატიათა კრებულში "ფიქრები ბოლო ჟამის საქართველოზე" ძველმართლმადიდებლური ეკლესიის კანონიერების საკითხსაც ეხება და თან აბსოლუტურად არაობიექტურად. მეტიც, მკაფიოდ ჩანს, რომ ზ. ნოდია ამ საკითხში სრულიად უცოდინარია. ამ ფაქტის წარმოჩენას დავიწყებთ ზ. ნოდიას იმ მტკიცებულებით, რომლის მიხედვითაც, თურმე "ეპისკოპოსად წოდებული პავლე, ანუ ავთანდილ ხორავა ... ახალ მწვალებლობასაც (?) გვთავაზობს - იერარქიის - ეპისკოპოსის (ანუ წარმომშობლის) გარეშე არსებობის, ანუ უეპისკოპოსო ეკლესიის შესახებ..." (ზ. ნოდია "ფიქრები ბოლო ჟამის საქართველოზე. თბ. 2016 წ. გვ. 193).

ხსენებული წიგნის 213-ე გვერდზე ოპონენტი წერს; "... ხორავამ ამბაკუმის სქიზმა-კიდეშესაკრებელობა და შემდგომ უეკლესიო (?) სტაროვერთა გასექტანტება (?) - გაამდიდრა ამ ყველაფრის გამაერთიანებელი და მასზე დამატებული თავისი (?) მწვალებლური (?) - სამასწლოვანი უეპისკოპოსო ეკლესიურობის "აპოლოგეტიკით"" (იქვე. გვ. 213). შემდეგ კი აღნიშნავს: "ამბაკუმი - ეკლესიის გადასარჩენად იბრძოდა, ხორავა კი - ეკლესიის გარეშე დარჩენილ-შემორჩენილი წეს-ჩვეულებების იდეის გამო იბრძვის..." (იქვე).

უცნაურია, ზ. ნოდია, რომელიც "სტაროვერებს" უეკლესიო სექტანტებს უწოდებს და თავის წიგნში არაერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ "სტაროვერების" ეკლესია ეკლესია არ არის, ხოლო დეკანოზ ამბაკუმს აცხადებს "სქიზმატიკოსად", აქ უცებ იმავე ამბაკუმს "ეკლესიის გადასარჩენად მებრძოლ" პიროვნებად წარმოაჩენს. კი მაგრამ, თუკი დეკანოზი ამბაკუმი "რასკოლნიკია", მაშინ ზ. ნოდიას წარმოდგენაში როგორ იბრძოდა ამბაკუმი "ეკლესიის" გადასარჩენად? თუმცა, ეს ერთადერთი უაზრობა, ალოგიკურობა, საკუთარი მტკიცებულებების გამორიცხვა და მარტივად რომ ვთქვათ, სისულელე როდია. მარტო ამ მცირე მონაკვეთზე ზ. ნოდია მთელ რიგ უზუსტობებს უშვებს:

1. ჯერ ერთი, არც ჩვენს ოპონენტს და არც მის აზრზე მდგომ სხვა რომელიმე ახალმოწესეს არ დაუსაბუთებია, რომ ეკლესიის დაქვრივება (იმ კუთხით, რა კუთხითაც აყენებენ საკითხს ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები) "მწვალებლობაა".

2. მეორეც, ზ. ნოდიას მიერ "მწვალებლობად" მიჩნეული სწავლება არ გახლავთ "ეპისკოპოსად წოდებული პავლეს, ანუ ავთანდილ ხორავას" გამოგონება. ის არც ახალი სწავლებაა, რადგან მას საუკუნეებია ქადაგებენ ძველმართლმადიდებლები. ყველაზე ჩამოყალიბებულად და სისტემური სახით ის შემოგვთავაზა ბელოკრინიცელმა ძველმორწმუნე ეპისკოპოსმა ინოკენტი უსოვმა (1870-1942) ნაშრომში "ქრისტეს ეკლესია დროებით ეპისკოპოსის გარეშე" (Церковь Христова временно без епископа. Черновцы. 1901 г.). მარტო ამ მიზეზების გამო ეს სწავლება ვერ იქნება "ახალი" და, მით უმეტეს მისი "შემოქმედი" ვერ იქნება არქიეპისკოპოსი პავლე. თუმცა ეს ზ. ნოდიას ხსენებულ ნაშრომში ერთადერთი "გაუგებრობა" როდია.

ეპისკოპოსის გარეშე დროებით არსებობას ჩვენი "პუბლიცისტი" "კანონიერი წესრიგის მოშლასაც" უწოდებს (იქვე. გვ. 216), რის შედეგადაც თურმე "... სტაროვერთა მღვდლებს სხვათა ნათლისცემის, ხელდასხმის, მირონცხების მადლი დაკარგული ჰქონიათ". აქედან გამომდინარე, მას უკვირს ძველმოწესეებს, "ერეტიკოსი მღვდელი, თავადაც უმადლო, როგორ უნდა ექციათ კანონიერ მღვდლად"? ამის შემდეგ კი "გამანადგურებელ" დასკვნას აკეთებს: "ესეც ხორავას გაუკუღმართებული "აპოლოგიის" მამხილებელი "დიდი სჯულისკანონი"" (?) (იქვე. გვ. 216). თუმცა, მკითხველისთვის სრულიად გაუგებარია, რომელ ან რის "აპოლოგიაზეა" აქ ლაპარაკი, რატომ არის ეს აპოლოგია "გაუკუღმართებული" და რა შუაშია აქ "დიდი სჯულისკანონი"?!

თავისი აბდაუბდისთვის მეტი დამაჯერებლობის მისაცემად ზ. ნოდია წმ. ბასილი დიდის ავტორიტეტსაც უხმობს, თუმცა სრულიად უადგილოდ, რაშიც თავის ადგილზე დავრწმუნდებით. ზ. ნოდია წერს: "ბასილი დიდის თქმით, ადრეული მამები ერეტიკოსობას და არასწორი სქიზმით (ნუთუ "სწორი" სქიზმაც არსებობს? - არქიეპ. პ.), თუ კიდეშესაკრებელობით ეკლესიიდან განვარდნილობას განიხილავდნენ გაწარმართებად და რა მნიშვნელობა აქვს რით გაწარმართდები - სტაროვერული განკერძოებულობით მოწყდები ქრისტეს ეკლესიას... თუ - მოდერნისტული განმანათლებლობით..." (იქვე. გვ. 211).

აი, ასე ამუნათებს ზ. ნოდია ძველმართლმადიდებელთა ეკლესიას და მის არქიეპისკოპოს პავლეს (ხორავა), მაგრამ სასაცილო და გამაოგნებელია ის, რომ ერთ ადგილას ზ. ნოდია თვითონვე აბათილებს მის მიერ შეკაზმულ "ეკლესიოლოგიურ" აჯაფსანდალს. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ჩვენი ოპონენტი თავისი ნაშრომის 207-208-ე გვერდებზე იმეორებს ძველმართლმადიდებელთა პოზიციას ეკლესიის დაქვრივების თაობაზე და აცხადებს, რომ "ეკლესია იდგება ბოლომდე, თუნდაც, უკვე აღარ იყოს ეპისკოპოსი - უკანასკნელ წლებში..." (გვ. 207). მეტიც, ზ. ნოდიას აზრით: "ეპისკოპოსიც ბოლომდე უნდა იყოს, მაგრამ, დავუშვათ და თუ არ იქნა, მაშასადამე, იმდენად მცირე მონაკვეთი იქნება დარჩენილი მეორედ მოსვლამდე, რომ ეკლესია ინერციით (?) მივა ქრისტე მღვდელმთავრამდე..." (იქვე).

მკითხველს ბოდიშს ვუხდით ამ სისულელეთა ციტირებისთვის, მაგრამ საკითხის ბოლომდე გასარკვევად ზ. ნოდიას საღვთისმეტყველო-ეკლესიოლოგიური "მიგნებების" დამოწმებას აუცილებლად მივიჩნევთ, რათა მის პრეტენზიებზე თავიდანვე გვქონდეს წარმოდგენა.

ზ. ნოდიას არ ესმის "... თუკი მკვდარია ქრისტეს ეკლესია (ნუმც იყოფინ!), მაშინ როგორ და ვისგან უნდა მიიღონ ხელდასხმა? უეპისკოპოსოდ ანუ უთავოდ დარჩენილებმა როგორ უნდა აღიდგინონ "შტო"? გასაგებია, რომ ხორავა ასე საკითხს საქართველოს "სტაროვერებისთვის" სვამს (არაფერიც, საკითხს ასე სვამს ნოდია და არა ხორავა - არქიეპ. პ.), მაგრამ, სწორედ ასე დადგა საკითხი თავად რუს "სტაროვერებში", როგორც კი უკანასკნელი (?) სქიზმატი მღვდელი დაკარგეს (?) და მას მერე მუდამ სწუხდნენ ამაზე... თუმცა, სამართლიანად სწუხდნენ, რამეთუ საღმრთისმსახურო პრაქტიკის ვაკუუმმა (?) გაასექტანტა ისინი" (იქვე. გვ. 198-199). "უეპისკოპოსოდ დარჩენის გამო - არც აღსარების, არც ზიარების საიდუმლოებები აღარ სრულდებოდა და საიდან უნდა მიეღოთ საღმრთო ენერგიები?" (იქვე. გვ. 199).

"ბოლო-ბოლო, - აცხადებს ჩვენი "პუბლიცისტი", - 230 წლის მერე, ამ სექტებად დაშლილ-დაქუცმაცებული "სტაროვერიიდან" გამოირჩა "ბეგლოპოპოვცური" "შტო", ქრისტეს ეკლესიიდან განვარდნილი ეპისკოპოსის შეერთებით და აი, მათ დაუკავშირდნენ ქართველი "ძველმართლმადიდებლები"…" (იქვე. გვ. 199-200).

ზ. ნოდია გვთავაზობს ასეთ უცნაურ სწავლებასაც: "ეკლესიას აქვს დიდი იმუნიტეტი (?) და უმკლავდება ჯოჯოხეთის ბჭეთ მრავალგვარად და თუნდაც - ყველა ადგილობრივი ეკლესიაც რომ წაიქცეს ერესით, ერთი სასიცოცხლო დვრიტა მაინც რჩება ქრისტეს მეორედ მოსვლამდე, თუნდაც, იგი იყოს - სამოციქულო ეკლესიას გამოყოფილი (?) - მის სრულ დაცემამდე (?)... რამდენადაც მას მიჰყვება კანონიკურად ხელდასხმული ეპისკოპოსი როგორც დოგმატური უცდომელობის (?), ასევე კლერიკალური (?) შვილთასხმისა (ქიროტონია) და მღვდელმოქმედებითი წესის გარანტი (?), ის აგრძელებს ქრისტეს ეკლესიის იერარქიას და მხოლოდ მას შეუძლია აღუდგინოს ერეტირებულ ეკლესიებს კანონიერი მღვდელმოქმედების უნარი, თუკი ისინი შეინანებენ თავიანთ ცდომილებას" (იქვე. გვ. 201-202).

ამ აბრაკადაბრიდან აზრის გამოტანა ძნელია, მაგრამ, თუ მიხვედრილობა არ გვღალატობს, ავტორის მტკიცებით, სამოციქულო ეკლესია თურმე შესაძლოა დაეცეს, რაც აბსურდია! ქრისტეს წინასწარმეტყველებით ეკლესია არასოდეს დაეცემა! ეკლესია უძლეველია, რაც მაცხოვარმა მისი ამქვეყნიური ცხოვრების დროს განგვიცხადა: "აღვაშენო ეკლესიაი ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათე 16:18). ოღონდ ეგ არის, ვის როგორ ესმის ეს უძლეველობა. ზ. ნოდიას და მის თანამოაზრეთა აზრით, უძლეველობა გამოიხატება მხოლოდ ეპისკოპოსთა დასში, და როგორც ამას ქვემოთ თავის ადგილზე ვნახავთ, მხოლოდ ამ ერთ დასში მოიაზრებენ მთელ ეკლესიასაც.

მაგრამ აქ ციტირებულ ადგილას მთავარია ის, რომ ზ. ნოდია სამოციქულო ეკლესიის დაცემას შესაძლებლად მიიჩნევს, ხოლო გამოსავალს ამ მდგომარეობიდან ხედავს იმაში, რომ დაცემულ  "სამოციქულო ეკლესიას" შეიძლება გამოეყოს ერთი სასიცოცხლო "დვრიტა", რომელსაც მიჰყვება კანონიკურად ხელდასხმული ეპისკოპოსი (მის გარეშე ხომ "ეკლესია - ეკლესია არ არის", როგორც ამას ახალმოწესე "მართლმადიდებლები" გვიჩიჩინებენ).

ამდენად, გაურკვეველი რჩება, რაში გამოიხატება ეკლესიის "იმუნიტეტი" და როგორ უმკლავდება ის ჯოჯოხეთის ბჭეთ, თუკი ის შეიძლება დაეცეს?! ძნელი მისახვედრი არ არის, რისი თქმა სურს ავტორს, მაგრამ აშკარად ამ სათქმელს ვერ აყალიბებს. და, რაც მთავარია, მას არ სურს შეიგნოს, რომ დაუშვებელია თეოლოგიურ და ეკლესიოლოგიურ საკითხებს ასე "საყველპუროდ" განიხილავდეს უმეცარი ადამიანი და შემდეგ საზოგადოებრივ ტელეარხებსა თუ პუბლიკაციებში თავს "თეოლოგად" რაცხდეს.

გარდა აღწერილი უაზრობებისა, რასაც ქვემოთ უფრო დეტალურად განვიხილავთ, ზ. ნოდიას შემოაქვს ე. წ. "თესლის აღდგინების" გაურკვეველი წარმომავლობის თეორია, რომელსაც კადნიერებით და უმეცრებით "დიდ სჯულისკანონს" მიაწერს.

"აქ უკვე მივადექით, - წერს ზ. ნოდია, - იმ მნიშვნელოვან ფენომენს (?), რასაც ჰქვია "დიდი სჯულისკანონით" დადგენილი - "თესლის აღდგენა" (იქვე. გვ. 202).

უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ "დიდ სჯულისკანონში" მსგავსი არაფერია ნათქვამი, და მეორეც, თუკი ზ. ნოდია დარწმუნებულია, რომ "თესლის აღდგინება" დიდი სჯულისკანონით არის დაწესებული, მაშინ რატომ არის ეს "ფენომენი"? უცხო სიტყვათა ლექსიკონის მიხედვით, სიტყვა "ფენომენი" (ბერძ. phainomenon - მოვლენილი) ნიშნავს "იშვიათ, უჩვეულო, განსაკუთრებული მოვლენას (არაჩვეულებრივი ნიჭის ადამიანზედაც იტყვიან)" (უცხო სიტყვათა ლექსიკონი. http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=41889) (URL-ის მიმართვის თარიღი: 26.10.2020). ხოლო ის, რაც "დიდი სჯულისკანონით" არის დადგენილი, არ შეიძლება იწოდოს ფენომენურად, რადგან ის ჩვეულებრივი, ცხოვრებისეული მოვლენაა და რაგინდ იშვიათად ხდებოდეს, მისი აღსრულება ეკლესიის უფლებამოსილებებშია.

საიდან მოაქვს ზ. ნოდიას ეს  უცნაური ტერმინი - "თესლის აღდგინება" და რა იგულისხმება მასში?

"თესლის აღდგინება", იგივე ლევირატული ქორწინება მომდინარეობს ძველი აღთქმიდან. როგორც მღვდელმოწამე  და ღვთისმეტყველების მაგისტრი ალექსანდრე გლაგოლევი (18721937) წერს "ლევირატის სახელით ცნობილია ძველებრაული საქორწინო სამართლის დადგენილება, რომლის თანახმადაც უშვილო ქვრივს სხვა ოჯახში გათხოვების უფლება არ ჰქონდა, არამედ მოვალე იყო გარდაცვლილი ქმრის ცოცხლად დარჩენილ ძმას, ანუ მაზლს გაჰყოლოდა ცოლად (ლათ.: "ლევირ", საიდანაც მომდინარეობს სახელწოდება "ლევირატი". ებრ. יָבָם "იაბამ", ბერძნ. δαρ), თანაც ამ მეორე ქორწინების უფროსი შვილი იმკვიდრებდა გარდაცვლილი ბიძის სახელს და ქონებას, რომელიც ამ დადგენილების თანახმად მის მამად იწოდებოდა, და მისი მოდგმის პირდაპირ გამგრძელებლად ითვლებოდა. ეყრდნობა რა ებრაელთა ძლიერ განვითარებულ ოჯახურ გრძნობას, რომელთა შეხედულებაში უშვილობა წარმოადგენდა უდიდეს უბედურებას, ეს დადგენილება უფრო ძველ ჩვეულებას ეფუძნება, იმაზე უფრო ძველს, ვიდრე მოსეს სჯულმდებლობაა. ჩვეულება მომდინარეობს ჯერ კიდევ პატრიარქალური ეპოქიდან: პატრიარქმა იუდამ თავისი მეორე შვილი ონანი უშვილოდ გარდაცვლილი თავისი უფროსი შვილის ჰერის (ძვ. ქართ. თარგმ.) ცოლზე  დააქორწინა.  

ასე რომ, თავისი წარმომავლობით ლევირატის ჩვეულება მომდინარეობს პატრიარქალური დროიდან; დასაშვებია ისიც, რომ ებრაელ პატრიარქებს ეს ჩვეულება ჯერ კიდევ ქალდეიდან გამოეტანათ. ყოველ შემთხვევაში, ლევირატული ქორწინების პირველი ბიბლიური მაგალითი პატრიარქი იუდას, პატრიარქ იაკობის მეოთხე შვილის, ოჯახში გვხვდება (დაბ. 38:6-26). გამომდინარე მიღებული ჩვეულებიდან, იუდა თავისი პირმშოს უშვილო ქვრივს ცოლად აძლევს თავის მეორე შვილს ონანს, თანაც ამ ქორწინების აზრს განსაზღვრავს ასეთი სიტყვებით: "შევედ ცოლისა ძმისა შენისა და ესიძე მას და აღუდგინე თესლი ძმასა შენსა" (ახ. ქართ.: "შედი შენი ძმის ცოლთან, ექმრე მას და თესლი აღუდგინე შენს ძმას") (იხ. დაბ. 38:6-8). (Сщмч. Александр Глаголев. Закон ужичества или левиратный брак у древних евреев. https://ekzeget.ru/interpretation/byt/38/8/208/) (URL-ის მიმართვის თარიღი: 26.10.2020).  იგივე არის ნათქვამი ა. პ. ლოპუხინის განმარტებით ბიბლიაშიც (იხ. Толковая Библия А.П. Лопухина. https://ekzeget.ru/bible/bytie/glava-38/stih-8) (URL-ის მიმართვის თარიღი: 26.10.2020) და ეპისკოპოს ფილარეტთანაც (დროზდოვი) (იხ. Филарет (Дроздов) свт. https://ekzeget.ru/bible/bytie/glava-38/stih-8/) (URL-ის მიმართვის თარიღი: 26.10.2020).

ლევირატული ქორწინების გამოძახილია ახალ აღთქმაში სადუკეველთა მიერ ქრისტესადმი დასმული კითხვა, რომელშიც მკვდართა აღდგომის უარმყოფელი სადუკევლები ქრისტეს ეკითხებიან: "მოძღვარო, მოსემ თქვა: თუ კაცი უშვილოდ გადაეგო, დაე, მისმა ძმამ მოიყვანოს მისი ცოლი, რათა აღუდგინოს თავის ძმას მისი თესლი. იყო ჩვენს შორის შვიდი ძმა: პირველმა ცოლი შეირთო და უშვილოდ მოკვდა, ხოლო ცოლი თავის ძმას დაუტოვა. ასევე მეორემაც და მესამემაც თვით მეშვიდემდე. ყველაზე ბოლოს კი ქალიც მოკვდა. მერედა, აღდგომისას, ამ შვიდთაგან ვისი ცოლი იქნება იგი? ვინაიდან შვიდივეს ცოლად ესვა. იესომ პასუხად მიუგო მათ: სცდებით, რადგან არც წერილს იცნობთ და არც ღმრთის ძალას. ვინაიდან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან, არამედ არიან როგორც ანგელოზები ცაში" (იხ. მათე 22:23-33).

სამართლიანად აღნიშნავს ცნობილი ახალმოწესე ღვთისმეტყველი იუსტინე პოპოვიჩი (1894-1978), რომ "სადუკევლებს, როგორც ჯიუტ მატერიალისტებსა და სენსუალისტებს, თავიანთი სენსუალისტური საზომი საიქიო ცხოვრებაზე გადააქვთ. მათ გაცოდვილიანებული სხეულებრივობის კანონები სურთ მიუყენონ საშინელი სამსჯავროს დროს მკვდრეთით აღმდგარ ადამიანთა ბუნებას" (Прп. Иустин (Попович). Толкования на Мф. 22:23. http://bible.optina.ru/new:mf:22:23#prp_maksim_ispovednik) (URL-ის მიმართვის თარიღი: 26.10.2020).

გამომდინარე აქედან, ჩვენც სამართლიანად ვიტყვით, რომ, ვინც გნებავთ იყოს, იქნება ეს ზ. ნოდია თუ სხვა ვინმე, ურჯუკი სადუკეველებივით ცდილობენ ისინი ძველაღთქმისეული "გაცოდვილიანებული სხეულებრივი კანონები" მიუყენონ სულიერ ცხოვრებას, ეკლესიის არსს და მის მოწყობას და ვერ ხვდებიან, რომ ეკლესიაში უჯეროა "თესლის აღდგინების" თეორიის დანერგვა, რომელიც კავშირშია ძველაღთქმისეულ ხორციელ ჩვეულებასთან. მაგრამ ზ. ნოდია სწორედ ამ უჯერო სწავლებას სჯერდება და მისებურად, "პოპულარული" ენით გვთავაზობს ეკლესიის აქამდე გაუგონარ ეპითეტს.

"ეკლესია არის სძალი უფლისა - წერს ზ. ნოდია, - და არის დედა და როცა უეპისკოპოსოდ, ანუ უქმროდ (?) რჩება რომელიმე ნაწილი ეკლესიისა, მისი თესლის აღდგინება ძალუძს ქრისტეს ადგილნაცვალ მორიგ ეპისკოპოსს, მაგრამ თუკი თავის დროზე არ მიავლინა ცენტრალურმა ეკლესიამ (3) დაქვრივებულთან ეპისკოპოსი, ან, დედამიწაზე აღარ დარჩა ცოცხალი ეპისკოპოსი, მაშინ იგი სამუდამოდ დაქვრივებული რჩება. უპატრონო ეკლესიას კი ეშმაკები ეპატრონებიან და წარმართდება" (იქვე. გვ. 204). ზ. ნოდია შეუსაბამოდ იყენებს ცხოვრებისეულ ანალოგებს და ეპისკოპოსისა და ეკლესიის ურთიერთობას "ამკობს", რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტული ტერმინით.

--------------

3. "ცენტრალური ეკლესია" - ეს კიდევ ახალი ტერმინია ახალმოწესეობრივ "ეკლესიოლოგიაში". როგორც ჩანს, ზ. ნოდიას ეკლესია საბჭოეთის დროინდელ პარტორგანიზაციად წარმოუდგენია.

--------------

შემდეგ ზ. ნოდია ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაზე წერს: "თუმც რომ ჩავთვალოთ დაქვრივებულად, მისი აღმდგენი იქნებოდა მხოლოდ მათგან დატოვებული ცოცხალი (?) ეკლესია, რაც სტაროვერებმა იმთავითვე გამორიცხეს, განაცხადეს რა, რომ - დედამიწაზე ერთადერთ ცოცხალ ეკლესიას თავად წარმოადგენდნენ. თუ ასეა, მაშინ სრულ აბსურდამდე (?) მიდიან, როცა "მკვდარი" ეკლესიიდან განკვეთილ (?) "მკვდარ" მღვდელმსახურს "აცოცხლებენ" მირონცხებით და მისი ხელით აგრძელებენ "ეკლესიურობას"; ხოლო თუ ასე არაა, მაშინ აცნობიერებენ, რომ ის ეკლესია, საიდანაც გაიქცნენ მკვდარი კი არა ცოცხალია და ისევ მისგან სარგებლობენ, ოღონდ ურცხვად (?), ქურდულად (?), არაკანონიკურად (?)..." (იქვე. გვ. 202-203).

ხოლო მე-17 ს-ის რუსეთის ოფიციალურ ეკლესიაზე აცხადებს: "... ის არც ერეტიულ-იერარქიულად "დაქვრივებულა" და არც ფიზიკურად გარდაცვლილა, განსხვავებით "სტაროვერიისგან", რომელიც კი არ დაქვრივებულა, არამედ - უთავოდ (?), უეპისკოპოსოდ მოსწყდა და გაემიჯნა ეკლესიას და არასოდეს მომხდარა, არც შეიძლებოდა მომხდარიყო, რაც არ ჰქონდათ, იმ "თესლის აღდგენა", რადგან არ იყო (დედა) ეკლესია და არც იქნებოდა, სანამ კვლავ არ შეურიგდებოდა ეკლესიას" (იქვე, გვ. 202).

ძველმართლმადიდებელი მღვდლების "ურცხვებად" და "ქურდებად" გამოცხადების შემდეგ ზ. ნოდია სახარებისეული ციტატითაც ცდილობს მათ "განადგურებას" და ირწმუნება, თითქოსდა მათ ეხებოდეთ სახარების გამოთქმა: "ვინც კარით არ შედის ფარეხში, არამედ სხვა გზით მიძვრება, ქურდია და ყაჩაღი" (იოანე 10:1). "ვინც კარით შედის - წერს ჩვენი "პუბლიცისტი", - ის ცხოვართა მწყემსია, ცხოვართა ეზო კი ჩვენი ეკლესიაა, კარი კი - სჯულიერი ხელდასხმაა მომავალ მღვდელმსახურზე, ხოლო მცდელობა - სხვა შესასვლელით ინახოს ცხოვართა ეზოში შესასვლელად, სულ ერთია - გალავანზე გადაძრომა იქნება ეს, თუ ხვრელის გაყვანა მის ქვეშ - არის უკანონო, უსჯულო ხელდასხმა; მპარავნი და ავაზაკნია - ცრუ მწყემსები და ცრუ მღვდელმთავრები, ანუ ის სულიერი ქურდები, რომლებიც ეკლესიას ღმრთივმინდობილ სულებს მისტაცებენ და წარსაწყმედელისთვის გასწირავენ" (იქვე. გვ. 202-203). შემდეგ კი ასე გვმოძღვრავს: "... ასეა თუ ისე - ფაქტია, რომ თვითმკვლელობას მისცეს თავი, რამეთუ მათი ლოგიკით - რომელ ეკლესიასაც განუდგნენ, ის მათთვის მკვდარი იყო და მაშასადამე, ქვეყნიერებაზე აღარ არსებობდა ეპისკოპოსი, ვისაც შეეძლო მათი სიცოცხლისუნარიანობის გაგრძელება, ვითარცა ეკლესიისა! მაშ, რა აზრი ჰქონდა დამოუკიდებელ ერთეულად გასვლას, მით უფრო საკითხი და ასეთივე "ეკლესიოლოგიაც" გამოიგონეს - უეპისკოპოსო ეკლესიის "აპოლოგია"..." (იქვე. გვ. 203).

აქ შევწყვეტთ ზ. ნოდიას წიგნიდან ციტატების ამოწერას, რადგან ძირითადად ეს არის ის გამონათქვამები, რომლებიც ეხებიან ეკლესიის დაქვრივებას და რომლებშიც ნათლად არის გამოკვეთილი ოპონენტის შეხედულება მოცემულ თემაზე. სიმართლე უნდა ითქვას, რომ საქართველოში საკითხი ეკლესიის დაქვრივების შესახებ ჯეროვნად არავის დაუმუშავებია. პრაქტიკულად მას არც არავინ შეხებია. ალბათ, იმიტომ, რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავდნენ. მაგრამ ძველმართლმადიდებელთა გამოჩენისა და ეკლესიის დაქვრივების შესახებ პოლემიკის შემდეგ ამგვარი საჭიროება გაჩნდა, თუმცა, ქართველ მეცნიერთა და ღვთისმეტყველთაგან ამ თემას მაინც არავინ შეხებია. შეეხნენ მას მხოლოდ გ. გაბაშვილი, რომელსაც პასუხი გაეცა ჩვენს ნაშრომში "მართლმადიდებლობის აპოლოგია" (თბილისი. 2004 წ.) და ზ. ნოდია, რომელსაც პასუხს ვაძლევთ წინამდებარე ნაშრომში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ადამიანები - დაქვრივების თემასთან მიმართებაში, - ეკლესიისა და ეპისკოპოსის რაობის განსაზღვრისას  დამოუკიდებლად როდი აზროვნებენ. უმეტესწილად მათი შეხედულებები აღებულია რუსული წყაროებიდან, რადგან ამ საკითხზე, სრულიად გასაგები მიზეზების გამო, განსაკუთრებულად სწორედ რუსეთში დავობდნენ.

რამოდენიმე საუკუნის განმავლობაში ძველმართლმადიდებელთა უეპისკოპოსო მდგომარეობა "ხელსაყრელი" საბაბი გახდა მათი ეკლესიის უარყოფისა ოფიციალური ეკლესიის იდეოლოგთა მხრიდან. აღსანიშნავია ისიც, რომ ხსენებული ოპონენტების წერილებშიც ეკლესიის დაქვრივების საკითხი გადმოცემულია ან მეტად ბუნდოვნად, ან პოლიტიკური და იდეოლოგიური ინტერესებიდან გამომდინარე, რაც აზიანებს ჭეშმარიტ სწავლებას ეკლესიის შესახებ. გარდა ამისა, თვით საკითხი ეკლესიის დაქვრივებასა და მის შედეგებზე გადმოცემულია მეტად არასისტემურად. განსაკუთრებით ითქმის ეს ზ. ნოდიას წერილზე წიგნიდან "ფიქრები ბოლო ჟამის საქართვგელოზე", რაც გამოწვეულია იმით, რომ ზ. ნოდია, სამწუხაროდ, არ იცნობს მართლმადიდებლურ სწავლებას ეკლესიის შესახებ. მის ნაწერში სხვადასხვა "რაკურსით" ხშირად მეორდება ერთი და იგივე მტკიცებულება (პროპაგანდისტული ხრიკი), არ ჩანს არანაირი სისტემური, ჩამოყალიბებული სწავლება, როგორც ეს ახასიათებთ, მაგალითად, რუს ახალმოწესე პოლემისტებს, რომლებიც ცდილობენ, უფრო ჩამოყალიბებულად და მეთოდურად მიუდგნენ ეკლესიის დაქვრივების პრობლემას და ძველმართლმადიდებელთა მტკიცებულების უარყოფას.
2
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому