აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. II_წინათქმა - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II

გრანდიოზული დივერსია

17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმის მიზეზები და შედეგები მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის. ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკური და ისტორიულ-ლიტურგიკული გამართლება
ქრისტეს ეკლესია
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.


თავი I
___________________________________________________________________________________________________________________________________

წინათქმა

ეკლესია ხშირად შეჯახებია ისეთ დოგმატურ-კანონიკურ და თვით ზნეობრივ-ყოფითი სახის პრობლემებს, რომელთაგან მრავალი შიდასაეკლესიო უთანხმოების საფუძვლად და მხარეებს შორის ლოცვით-ლიტურგიკული ერთობის გაწყვეტის მიზეზად ქცეულა. სწორედ ასეთი მიზეზები იწვევდა (და დღემდე იწვევს) საბოლოო საეკლესიო განხეთხილებას.

სქიზმის მიზეზი შეიძლება იყოს დოგმატურ-კანონიკური, კერძო, საზოგადოებრივი, ნაციონალური, პოლიტიკური, სოციალ-ეკონომიკური, კულტურული და ფსიქოლოგიური ხასიათისა. სქიზმას უმეტესწილად ასაზრდოებს ამპარტავნობა და უმეცრება, რასაც მეტად მტკივნეულად განიცდიან მორწმუნეთა მთელი თაობები, თუმცა ქრისტეს ეკლესია არასოდეს ყოფილა და არც შეიძლება იყოს სქიზმის მიზეზი.

როდესაც ამა თუ იმ სქიზმის მიზეზებს ვსწავლობთ, აუცილებლად უნდა გავერკვეთ, რამდენად მნიშვნელოვანი, საფუძვლიანი და საკმარისი იყო კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებული უთანხმოება ევქარისტული კავშირის გასაწყვეტად. ასევე, საჭიროა გავერკვეთ, როდის, რა ვითარებაში, რა მიზეზით და ვისთან უნდა გავწყვიტოთ ევქარისტული კავშირი; დოგმატურ-კანონიკური თვალსაზრისით რამდენად სამართლიანი და გამართლებული შეიძლება იყოს ლიტურგიკული კავშირის გაწყვეტა კონკრეტულ იერარქებთან და მთელ რიგ ადგილობრივ ეკლესიებთან; ვის ეკისრება სქიზმაზე პასუხისმგებლობა - იმას, ვინც პირველად წყვეტს ევქარისტულ კავშირს, თუ იმას, ვინც ამგვარი მოქმედების მიზეზია? და საერთოდ, უნდა ვიცოდეთ, ვინ და როგორი ხასიათის ქმედება იწვევს სქიზმას.

აი, იმ საკითხების სპექტრი, რომელთა ჯეროვანი და ობიექტური გამოკვლევა მართებს ნებისმიერ მკვლევარს, როდესაც ის სქიზმის, სქიზმატიკოსთა რაობისა და ვინაობის საკითხს ეხება.

საზოგადოდ კი, უნდა ვიცოდეთ, რომ განხეთქილება ყოველთვის იმ ეკლესიაშია მოსალოდნელი, სადაც ძალდატანებით ამკვიდრებენ მანამდე უცხო სწავლებას, ახალ საეკლესიო ჩვეულებას.

რევოლუციის გზით ეკლესიაში არაფერი წყდება!

თვით ეკლესიის მიერ მის ცხოვრებასა და პრაქტიკაში დროებით დაშვებული ზოგიერთი წარმართული და იუდეველური (ებრაული) ჩვეულებაც კი ერთი ხელის მოსმით და გადატრიალებებით არ აღმოფხვრილა, რადგან ამას შეეძლო წარმოექმნა უდიდესი საცთური და თვით განხეთქილებაც კი. ამის უამრავი მაგალითი არსებობს მსოფლიო და ადგილობრივი საეკლესიო კრებების ისტორიაში. კლასიკურ ნიმუშად კი შეიძლება გამოდგეს დავა პასექის დღესასწაულობის დროის განსაზღვრისთვის, რომელიც I-მა მსოფლიო კრებამ გადაჭრა, ეს კი ცხადყოფს, რომ ეკლესიაში ამა თუ იმ ზოგადსაეკლესიო საკითხის გადასაწყვეტად არსებობს მექანიზმი და პრინციპი - კრებითობა, საკითხის კრებითი გააზრება.

იქ, სადაც საკითხებს რევოლუციურად წყვეტენ, ჭეშმარიტების დადგენა ჭირს. ცხადია, იგივე უნდა ითქვას 17-ე საუკუნის რუსეთში აღმოსავლელ იერარქთა წაქეზებითა და მონაწილეობით ნიკონ პატრიარქის მიერ ჩატარებულ რეფორმაზეც, რომელსაც ჩვენი წიგნის ეს მეორე ნაწილი ეძღვნება.

რუსეთში XVII საუკუნის პირველ ნახევარში მომხდარი საეკლესიო განხეთქილების მიზეზები იმდენად ცუდად და ცალმხრივად არის შესწავლილი, რომ, პრაქტიკულად, გვიწევს სამწუხარო ფაქტის კონსტატირება - საქართველოში აბსოლუტურად არასწორი წარმოდგენა აქვთ XVII საუკუნის რუსეთის დიდ საეკლესიო განხეთქილებაზე.

ასევე, - არასწორი შეხედულებაა დანერგილი ჩვენს ქვეყანაში 18-ე ს. კათალიკოსის, ანტონ პირველის ლიტურგიკულ და რელიგიურ-პოლიტიკურ მოღვაწეობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ უხვად გვაქვს კათალიკოს ანტონ პირველის მამხილებელი ობიექტური მონაცემები, ოფიციალური ეკლესიის მესვეურთა მიერ ანტონ პირველი საქართველოში ეროვნულ მოღვაწედ და დიდ მამულიშვილად არის დასახული არადა, მისი მოღვაწეობა პირდაპირ კავშირშია რუსეთის "დიდ სქიზმასთან" ("რასკოლთან"), ხოლო მისი კონკრეტული საქმიანობის შედეგები (სხვა ფაქტორებთან და გარემოებებთან ერთად) მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნების მიზეზებთან (იხ. ეპ. პავლე. "ქართული ეკლესიის რუსული ფიზიონომიის შემოქმედი". ანტონ I კათალიკოსი. თბილისი. 1999 წ.).

ჩვენს ქვეყანაში, არასწორი წარმოდგენებია გავრცელებული იმ აუცილებლობაზე, რამაც გარდაუვალი გახადა საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება, რადგან  საქართველოში ჯეროვნად არ არის გაცნობიერებული ანტონ I-ის მიზანმიმართული ანტიმართლმადიდებლური პოლიტიკა და მისი რეფორმატორული მოღვაწეობის შედეგები, რადგან ყოველივე ამას მონდომებით ჩქმალავენ გარკვეული ოფიციალური თუ არაოფიციალური საეკლესიო და საერო წრეები.

არის სხვა მიზეზებიც, რომლებზეც შეიძლება მომავალში ვიმსჯელოთ, ამჯერად კი ვიტყვით, რომ ამგვარმა მიდგომამ შექმნა მეტად არასწორი და მიკერძოებული შეხედულებების დამკვიდრების საფუძველი როგორც საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნების, ასევე, საზოგადოდ, რუსი ძველმორწმუნეების შესახებაც. ამას დაემატა მეტად ტენდენციური და მიკერძოებული ნაშრომები და პუბლიკაციები (მაგ.: "არქიმანდრიტ" რაფაელის "საუბრები მართლმადიდებლობაზე"; "დეკანოზ" არჩილ მინდიაშვილის "მართლმადიდებლობის ზეიმი"; ედიშერ ჭელიძის "ეკლესია - სძალი უფლისა" და სხვა). ასევე მთელი რიგი პუბლიკაციებისა, რომლებიც ქვეყნდებოდა როგორც სხვადასხვა რელიგიურ გამოცემაში (მაგ.: "ლაზარეს აღდგინება" და "ივერიის გაბრწყინება"), ასევე, ქართულ პერიოდულ პრესაშიც. ამ პუბლიკაციებში ძველმართლმადიდებლობის მტრებმა უამრავი უარყოფითი ეპითეტით შეგვამკეს - თურმე ჩვენ ვყოფილვართ: "სუკის აგენტები", "რუსოფილები", "რასკოლნიკები", "ერის მოღალატეები" და სხვა.

ასეთმა ვითარებამ, რომელიც უკვე 30 წელიწადზე მეტია გრძელდება, საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიისა და ქართველ ძველმორწმუნეთა ირგვლივ შექმნა მეტად უარყოფითი ატმოსფერო, რომელიც რიგით მორწმუნეს ფსიქოლოგიურად ბოჭავს. მეტიც, სიმართლეში გარკვევისა და საკითხის ობიექტურად შესწავლის შესაძლებლობაში აბრკოლებს თუნდაც იმიტომ, რომ არ დაექვემდებაროს ამ იარლიყთა მიწებების საშიშროებას.

ცნობილია, რომ ძველმართლმადიდებელთა მოძულე ახალმოწესე "ქრისტიანები" - რომელ თემასაც გინდა შეეხონ: იქნება ეს რუს ათონელ ბერებს შორის გაჩენილი ე. წ. ონომატოდოქსია (სახელღმერთობა) თუ ტოტალიტარული სექტების ცრუსწავლებები, - ყოველგვარი უარყოფითი მოვლენის განხილვისას (იქნება ეს დაკავშირებული ფანატიზმთან, უცოდინრობასთან თუ სხვა), აუცილებლად იხსენიებენ ძველმართლმადიდებელთ ("სტაროვერებს") და მათ უმეცრებისა თუ ფანატიზმის ნიმუშად სახავენ. ამგვარი ცილისწამებებია საქართველოს ოფიციალური საპატრიარქოს ისეთ ცნობილ წარმომადგენელთა თხზულებებში, როგორებიც არიან პროფესორი ე. ჭელიძე, "მიტროპოლიტი" იოანე (გიორგი) გამრეკელი, "არქიმანდრიტი" რაფაელი, "დეკანოზი" არჩილ მინდიაშვილი, "დეკანოზი" იაკობ ჩიჩილაძე, "მღვდლად" ნამყოფი და ცნობილი ეკუმენისტი ბასილ კობახიძე და მრავალი სხვა. მათ მხარს უბამენ ერისკაცებიც: პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, პუბლიცისტები. ამ უკანასკნელთაგან (ანუ ერისკაცთაგან), ძველმართლმადიდებელთა მძაფრი კრიტიკით გამოირჩევა ყოფილი ძველმართლმადიდებელი, გაზეთ "მართლმადიდებლის" ყოფილი რედაქტორი, ამჟამად ოფიციალური ეკლესიის წევრი და "პუბლიცისტი" ზვიად ნოდია. მის ანტიძველმართლმადიდებლურ პუბლიკაციებზე ყურადღებას არც კი გავამახვილებდით, რომ არა ის გარემოება, რომ, როგორც ყოფილი ძველმართლმადიდებელი, ზ. ნოდია ქმნის ძველმართლმადიდებლობაში "უკეთ ჩახედული" ადამიანის ილუზიას და ჩვენი ეკლესიის შესახებ აღმაშფოთებელ სიყალბეებს აფრქვევს. აშკარაა ასევე მისი უცოდინრობა მთელ რიგ საკითხებში და სახეზეა უამრავი ფაქტის შეგნებული თუ უცოდინრობით გამოწვეული დამახინჯება.

თუმცა ეს ზ. ნოდიას სულაც არ აღელვებს, თავის პროპაგანდისტულ-დემაგოგიურ აღტყინებაში მისი თვითმიზანი ძველმართლმადიდებელთა სახელის გატეხა და მათ ცრუ ქადაგებაში მხილებაა. ამ თვალსაზრისით ზ. ნოდია ჩვენ წინაშე წარსდგება, როგორც ანტიძველმართლმადიდებლური პროპაგანდისტი, რომლის უკიდურესი უმეცრება და ზღვარგადასული კადნიერი გამოხდომები, რაც შესაძლოა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზეზი გახდეს, უპასუხოდ არ უნდა დარჩეს.

2016 წლის ივნისში ზ. ნოდიამ გამოსცა საკუთარი სტატიების კრებული "ფიქრები ბოლო ჟამის საქართველოზე" (გამომც. "ივერიონი". თბილისი. 2016), რომელშიც მოუთავსებია როგორც თავისი ადრინდელი ანტიძველმართლმადიდებლური წერილები (მათზე ჩვენი პასუხი იხ. დანართში), ასევე ახალი თხზულებაც სახელწოდებით: "ქართველ "სტაროვერთა" სამხილებლად" (ზ. ნოდია. დასახ. წიგნი. გვ. 189). დოგმატურ-კანონიკური და ისტორიული საკითხების უცოდინრობისა და უტაქტო გამოხდომების თვალსაზრისით, ზ. ნოდიას ეს ახალი პუბლიკაცია არაფრით განსხვავდება ადრინდელი "წერილებისგან" (იხ. დასახ. წიგნი. გვ.: 221, 224, 245).

ზ. ნოდიას "წერილების" ჩვენი ადრინდელი პასუხი წინამდებარე წიგნის დანართში განვათავსეთ, ხოლო მის ახალ პუბლიკაციას დეტალურად ქვემოთ შევეხებით. მანამ კი უნდა აღვნიშნოთ: ეს ადამიანები, ანუ როგორც საპატარიარქოს წარმომადგენლები, ასევე მათი მხარდამჭერები, წერენ, თარგმნიან და გამოსცემენ ისეთ "ანტისტაროვერულ" თხზულებებს, რომლებიც აღსავსეა ისტორიული არაობიექტურობით, სიცრუით, ცილისწამებითა და უმეცრებით. ამასთან, გამოირჩევიან საეკლესიო სჯულმდებლობის არცოდნით. თარგმნიან და გამოსცემენ ისეთ "ანტისტაროვერულ" თხზულებებს, რომლებიც  რუსეთში გამოცემულია ორი და მეტი საუკუნის წინათ, არის მეტად არაობიექტური და სადღეისოდ დაწუნებულია თვით ოფიციალური რუსული ეკლესიის მიერაც.

საქართველოს გაბატონებული ეკლესიის საპატრიარქოსა და მისი ადეპტების დამოკიდებულება ამ ისტორიული და რელიგიური თვალსაზრისით საინტერესო მოვლენისადმი (ვგულისხმობთ XVII ს.-ის რუსეთის საეკლესიო განხეთქილებას) არაქრისტეანული და არამეცნიერულია და ატარებს დემაგოგიურ ხასიათს, დასტურდება იმითაც, რომ თავს არ იწუხებენ მისი ობიექტური გაშუქებისთვის, არ გამოსცემენ რუსულ განხეთქილებასთან დაკავშირებულ მართლაცდა საინტერესო და მეტ-ნაკლებად ობიექტურ თხზულებებს და პოპულარიზაციას უწევენ ისეთ პასკვილებს, როგორიც შეუთხზავთ დიმიტრი როსტოველს და მის მსგავს სხვა "სასულიერო" პირებს.

უკვე მერამდენედ გვიწევს იმისი მტკიცება, რომ ჩვენს თანამემამულეებს, სამწუხაროდ, ჯეროვანი წარმოდგენა არა აქვთ არც პატრიარქ ნიკონის (მე-17 ს.) რეფორმაზე და არც იმ მიზეზებზე, რამაც განაპირობა საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება. თუმცა ეს არც არის გასაკვირი, რადგან, თუკი, როგორც ცნობილი რუსი მკვლევარი და ბელეტრისტი პ. მელნიკოვი ბრძანებდა, "უხეშობა და უმეცრება (რომელიც საზოგადოდ ახასიათებდა იმ დროებას - არქიეპ. პ.) ირეკლებოდა XVIII საუკუნის უგანათლებულეს მწერალთა თხზულებებში და არა მარტო რუსეთში, არამედ დასავლეთის ქვეყნებშიც, რომლებმაც ცივილიზაციის გზებზე ბევრად გაასწრეს რუსთა ქვეყანას" (И.Мельников (А. Печерский), собр. соч. в восьми томах, т. 8, Письма о расколе, изд. "Правда". Москва, 1976 г., стр. 14), რა შეიძლება იცოდნენ ამ საკითხში განუსწავლელმა ჩვენმა ქართველმა ოპონენტებმა?

და, თუკი თვით რუსებს ისეთი უბედურება დამართნიათ, რომ ჯერ კიდევ ვერ გაუგიათ ამ მოვლენის არსი, რაღა შეიძლება მოვთხოვოთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც სარგებლობენ იმ რუსი ნიკონიანელი ავტორების თხზულებებით, რომელთა ნაშრომებს ცალმხრივსა და ტენდენციურს უწოდებს მრავალი მეცნიერი და მკვლევარი, ხოლო მოსკოვის ოფიციალური საპატრიარქოს აღიარებით, რევოლუციამდელი ეს ლიტერატურა ძველმორწმუნეებს "არაკორექტული და მიუღებელი მეთოდებით" აკრიტიკებდა" (Вдъ-Информ, Москва. ციტ. Русь православная (изд. старообрядческой митрополии) 1999 г., стр. 11 (51, 52).

ქართველ ძველმორწმუნეთა წინააღმდეგ იდეოლოგიური და დემაგოგიური ბრძოლის იმ მეთოდების ფონზე, რასაც ადგილი აქვს ჩვენს რეალობაში და ხშირად გამოიხატება ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ხან "სექტად", ხან "რასკოლად" გამოცხადებაში, ან კიდევ სექტანტთა ჩამონათვალში ე.წ. "იეღოვას მოწმეთა" და "ბახაისტთა" გვერდით მოხსენიებაში, საინტერესოა ზემოთ ხსენებული ნიკონიანელი მკვლევრის შემდეგი აღიარებაც: "რასკოლის საკითხში ცნებათა აღრევისა და უმეცრების უმთავრესი მიზეზი უნდა ვეძებოთ ზუსტი ცნობების სიმწირესა და იმ ცნებათა განსაზღვრებებში, რომლითაც ახასიათებდნენ რუსი ხალხის ცხოვრებაში მომხდარ იმ ნახევრად გასაგებ მოვლენას, რომელიც ჩვენში "რასკოლის" (განხეთქილების - არქიეპ. პ.) სახელწოდებით არის ცნობილი. ეს სახელწოდება არის მეტად არაზუსტი და მას მეტად ფართო მნიშვნელობას ანიჭებენ" (იქვე. გვ. 23, 24).

ავტორის თქმით, "არ შეიძლება ამ განხეთქილების შემდეგ წარმოქმნილი მრავალი მართლმადიდებლური და სექტანტური მიმართულების გაერთიანება და თავმოყრა ერთ ტერმინში", ანუ არ შეიძლება ერთი საზოგადო ტერმინით დავახასიათოთ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მიმართულებანი. ისეთი ტერმინოლოგიური განურჩევლობა, როდესაც ადამიანები არსებით განსხავებას ვერ ხედავენ "რასკოლნიკების" სახელით "მონათლულ" მიმართულებებს შორის, ბუნებრივად იწვევდა ისეთ შეცდომებს, "რომელთაც, შეუძლებელი იყო, მოეტანათ რაიმე სარგებლობა" (იქვე გვ. 24).

განა დღემდე ამას არ აკეთებს საქართველოს ოფიციალური, "მართლმადიდებელი" ეკლესიის საპატრიარქო? განა რუსულ და თვით ამ ქვეყნის ოფიციოზის წარმომადგენლის, პავლე მელნიკოვის (1819-1883) მიერ "უხეშად და უმეცრად" შერაცხილ თხზულებათა პოპულარიზაციით არ არის დასაქმებული? მისი წარმომადგენლები და ადეპტები განა არ არღვევენ უფლის მცნებას "არა იცრუო" და ამ მცნების საწინააღმდეგოდ სიცრუეებზე არ აგებენ თავიანთ ანტიძველმართლმადიდებლურ დემაგოგიას? სამწუხაროდ, არღვევენ ამ ღვთიურ მცნებას და სიცრუითა და დემაგოგიით უტევენ ძველმართლმადიდებლობას. ამისი დასტურია ე. ჭელიძის, ზ. ნოდიას და ასევე სხვა "სასულიერო" პირთა პუბლიკაციები.

ცხადია, რომ ასეთი ვითარების პირობებში არ შეგვიძლია მხოლოდ ე. ჭელიძესთან პოლემიკის ჩარჩოებით შემოვიფარგლოთ, ჩვენი განმარტებანი და კვლევა გამიზნულია ამ საკითხთა უფრო ვრცელი და დეტალური განხილვისკენ, რაც უცილობლივ ძველმორწმუნეობასთან დაკავშირებულ საკითხთა ობიექტური შესწავლის ინტერესს გამოიწვევს და მრავალ პრობლემატურ საკითხსაც შუქს მოჰფენს.

ამ ამოცანის წარმატებით გადაჭრას, მის დადებით შედეგს ბევრწილად განაპირობებს როგორც ჩვენი მიდგომა განსახილველი საკითხებისადმი, ასევე ის მიზანიც, რომელიც თუნდაც მოცემული ნაშრომის გამოქვეყნებით გვამოძრავებს. კერძოდ, ვაჩვენოთ ძველმართლმადიდებლური ეკლესიის სიმართლე და ახალმოწესე ნიკონიანელ-მისიონერთა მიერ შეთითხნილი ისტორიულ-ლიტურგიკული და დოგმატურ-კანონიკურ წყაროებისა თუ სწავლებების სიყალბე.

პროფ. ე. ჭელიძე, წიგნში "ეკლესია - სძალი უფლისა" წერს: "ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა გულისხმობს უცთომელ ჭვრეტას... ეკლესია, რომელიც ერეტიკოსსა და მართლმორწმუნეს ვერ ასხვავებს და რომელიც მართლმადიდებლად რაცხს მწვალებელს, თავადაც მწვალებელია" (გვ. 17).

უნდა აღინიშნოს, რომ ამ სიტყვებით ჩვენმა ოპონენტმა თვითონვე გამოუტანა განაჩენი როგორც ოფიციალურ "მართლმადიდებელ" ეკლესიას, რომელსაც სოფისტური და სხვა მრავალგვარი ხრიკებით იცავს, ასევე მათი სულიერი წინაპრების, რუსი თუ ბერძენი "ძმების" რეფორმატორულ მოღვაწეობასაც, რომლებმაც XVII საუკუნის მეორე ნახევარში მართლმადიდებლურ ეკლესიაში შემოიტანეს განხეთქილება, დაიწყეს მათი რეფორმების არმიმღებ მართლმადიდებელთა საშინელი დევნა, რომელთაც შემდგომ "ძველმოწესეები" (старообрядцы), "ძველმორწმუნეები" (староверы) და "სქიზმატიკოსები" (раскольники) შეარქვეს; თუ რამდენად სამართლიანად, ამას წინამდებარე მეორე ნაწილში ვიხილავთ და იმასაც ვნახავთ, განასხვავებდა (ან განასხვავებს) თუ არა ეს რეფორმატორული ეკლესია ერეტიკოსსა და მართლმორწმუნეს ერთმანეთისგან; და საერთოდ, არის თუ არა გაბატონებული "მართლმადიდებელი" ეკლესია ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია.

მარტოოდენ იმისი წარმოჩენაც კი, რომ "ეკლესიად" წოდებულ ამ საკრებულოს არ გააჩნია ნამდვილი ნათლისღება (იხ. წინამდებარე ნაშრომის პირველი ნაწილი), რამაც ხელდასხმის ჩათვლით გააუქმა მასში ყველა საიდუმლო, საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ოფიციალურად გაბატონებული, ე. წ. "მართლმადიდებელი" ეკლესია არ წარმოადგენს ქრისტეს მისტიკურ სხეულს, ჭეშმარიტ ეკლესიას, რომლის თავიც არის ქრისტე; ნათლისღების საიდუმლოს გაუქმების გამო, მასში არ აღესრულება არც სამღვდელოების ხელდასხმა (ქიროტონია) და, აქედან გამომდინარე, არც ერთი სხვა საეკლესიო საიდუმლო და მღვდელმოქმედება, რომლის შესრულება ეკლესიაში მხოლოდ სამღვდელოების პრეროგატივაა.

XVIII ს-ის ბერძნულ "დიდ სჯულისკანონში" ("პიდალიონი") სრულიად სამართლიანად არის მხილებული დასხმით-პკურებითი "ნათლობის" დამამკვიდრებელი რომაულ-კათოლიკური "ეკლესია", რომელთან დაკავშირებითაც აღნიშნულია: "ლათინური წყალპკურება უცხოა შთაფლვისა და აღმოშობისა, შედეგად, ვერ არის გამომხატველი უფლის სამდღიანი სიკვდილისა და აღდგომისა, ამიტომაც ყოველგვარი მადლმოსილების, განწმენდისა და ცოდვათა მიტევებისგან გაუცხოებულია. ... ასე, რომ, ლათინნი მწვალებლები არიან. როგორც მოუნათლავთ (მათში დამკვიდრებული წყალპკურებითი "ნათლობის" გამო - არქიეპ. პ.) არ გააჩნიათ სულიწმიდის მადლი და შედეგად არც ერთი საიდუმლო; მათგან მართლმადიდებლურ ეკლესიაში გადმოსულები უნდა გადაინათლონ" (Пидалион., стр. 248, 249. ციტ. Епископ Иннокентий. О крещении греческой церкви и митрополита Амвроия. Черновцы. 1903 г., стр. 6-9, 33-34).

ეს უბედურება სჭირს დღეს მართლმადიდებლურ სამყაროში გაბატონებულ მრავალ ეკლესიას, რომელთაგან, სამწუხაროდ, გამონაკლისი არც საქართველოა. აქ უკვე საყოველთაოდ არის დამკვიდრებული დასხმით-პკურებითი "ნათლობა" და, მეტიც, თბილისის სასულიერო აკადემიის პროფესორ ე. ჭელიძის პირით გაბატონებული ეკლესია გააფთრებით იცავს ლათინური "ნათლობის" ამ ფორმას.

მაგრამ, მარტოოდენ ნათლისღების გაუქმების საკითხი როდია საქართველოს ოფიციალური, "მართლმადიდებელი" ეკლესიის უბედურება. ნათლისღების საიდუმლო წესრიგშიც რომ ჰქონდეს, თუნდაც ის გარემოება, რომ უკვე XVII საუკუნიდან არის მოსკოვის 1666-1667 წლების რეფორმატორული კრებებისა და მისი დადგენილებების მომხრე; რომ ამ  უკანონო და ყაჩაღთა კრებიდან მოყოლებული, არასოდეს გაუწყვეტია ევქარისტული ერთობა უსჯულოების მოქმედ "ეკლესიასთან" და არც მაშინ, როდესაც ამ "ერთმორწმუნე" "ეკლესიამ" ჯერ ავტოკეფალია გაუუქმა საქართველოს, შემდეგ კი თავისი ეგზარქოსების მეშვეობით დაიწყო მისი მეთოდური ძარცვა-განადგურება, ათვალსაჩინოებს იმ ელემენტარულ ჭეშმარიტებას, რომ ოფიციალური, ქართული "მართლმადიდებელი" ეკლესიის სახით საქმე გვაქვს სქიზმატურ-მწვალებლურ ორგანიზაციასთან და არა ქრისტეს ეკლესიასთან.ამიტომაც, რადგან საქართველოს ოფიციალური "მართლმადიდებელი" ეკლესია გახლავთ XVII საუკუნეში რეფორმირებული რუსული ეკლესიის ზუსტი ასლი, რომელშიც დიდი "დამსახურება" მიუძღვის კათალიკოს ანტონ პირველსაც (უფრო დეტალურად იხ. ქვემოთ); რადგან საქართველოს ოფიციალური მართლმადიდებელი ეკლესია რეფორმირებული რუსული ეკლესიის სულიერი მემკვიდრეა (და არა ძველი, ქართული მართლმადიდებლობისა, როგორც ამას ე. ჭელიძე ირწმუნება), თავს მოვალედ მივიჩნევთ, ჯერ ვაჩვენოთ, რას წარმოადგენს რუსეთის გაბატონებული მართლმადიდებელი ეკლესია, რა სახის რეფორმა ჩაატარა მან თავის წიაღში, და შემდეგ ვნახოთ, თუ ვისი სახე მიაღებინეს ავტოკეფალიადაკარგულ ქართულ ეკლესიას.

ჩვენი მსჯელობის წარმატებას, მის დადებით შედეგებს ბევრად განაპირობებს როგორც ჩვენი მიდგომა განსახილველ საკითხებთან, ასევე ის მიზანიც, რომელიც ამ საკითხთა განმარტებისას გვამოძრავებს, კერძოდ, ვაჩვენოთ ჭეშმარიტად ძირძველი მართლმადიდებლური ეკლესიის სიმართლე და ოფიციალური, ე. წ. მართლმადიდებელი ეკლესიის მისიონერთა მიერ შეთითხნილი, ისტორიულ-ლიტურგიკულ და დოგმატურ-კანონიკურ წყაროთა და სწავლებათა სიყალბე. ამით დავრწმუნდებით საქართველოში ძველმართლმადიდებლობის აღორძინების აუცილებლობაში და იმაშიც, რომ ოფიციალური მართლმადიდებელი ეკლესია არ წარმოადგენს ჭეშმარიტ ეკლესიას, ქრისტეს უბიწო პატარძალს, მის სხეულს, რომლის თავიც თვით ქრისტეა.   

აქვე ვიტყვით ჩვენი მიზანია თანამემამულეთა გაცნობიერება ძველმართლმადიდებლობასთან დაკავშირებით და, მიუხედავად საკუთარი პოზიციის პრინციპულობისა, არანაირი რეაქციული დამოკიდებულება არ გვაქვს "სხვაგვარად" მოაზროვნეთა მიმართ და, ვხელმძღვანელობთ რა სახარებისეულ-რჯულისკანონისეული კრიტერიუმებით, კართაგენის ადგილობრივი საეკლესიო კრების 66-ე განწესების სიტყვებით ვაცხადებთ: "ღვთიური სულის თანამოქმედებით გადავწყვიტეთ... სიმშვიდით და კეთილი სიტყვით" განვუმარტოთ დაბნეულ თანამემამულეებს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არსი და შემოვარიგოთ ისინი ეკლესიას, რადგან "დაუწყნარებელი განხეთქილებით გამოეყოფიან საუფლო გვამს (მართლმადიდებელ ეკლესიას)". რამდენადაც შესაძლებლობა მოგვეცემა, გამოვუცხადოთ ყველას, რომ შევეცდებით "დავარღვიოთ მათი საწყალობელი ცთომა, იქნებ, მისცეს მათ ღმერთმა სინანული, შეიცნონ ჭეშმარიტება და გამოხსნილ იქნენ მათი დამატყვევებელი ეშმაკის მახისგან" (2 ტიმ. 2:25-26).




შესავლის მაგიერ, ანუ შემობრუნება ძველმორწმუნეობისკენ

სამი საუკუნის წინათ, 1667 წლის 13 მაისს, რუს და აღმოსავლელ ეპისკოპოსთა კრებამ კრულვა დაადო იმ მართლმადიდებელთ, რომლებიც არ დაეთანხმნენ რუსეთის ეკლესიის პატრიარქ ნიკონის ცთომილ წამოწყებას, ძველი საეკლესიო გადმოცემები შეეცვალა მანამდე უცნობი, მართლმადიდებლობისთვის უცხო, ახალბერძნული საეკლესიო წესებით.

ცნობილი რუსი ისტორიკოსის სერგეი ზენკოვსკის თქმით: "ნიკონის დროიდან XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე ისტორიულ ლიტერატურაში გაბატონებული იყო სრულიად უსაფუძვლო შეხედულება (ხაზგასმა ყველგან ჩვენია - არქიეპ. პ.), რომ თითქოსდა საღვთისმსახურებო წიგნების გადაწერისას ძველი რუსი გადამწერების მიერ დაშვებულ იქნა არცთუ მცირე რაოდენობის შეცდომა და ტექსტუალური დამახინჯება, რომლებიც დროთა განმავლობაში რუსული ღვთისმსახურების განუყოფელი ნაწილი გახდა.

გარდა ამისა, "რასკოლის" ისტორიკოსები სრულიად ცდებოდნენ იმაშიც, თითქოსდა წიგნების შერყვნაში დამნაშავენი იყვნენ არა მხოლოდ ძველი, ადრეული შუასაკუნეების რუსი გადამწერები, არამედ პატრიარქ ნიკონის ის პირველი მოწინააღმდეგეები, რომლებიც 1640-1650 წლებში ახლოს იდგნენ, როგორც ეკლესიის ხელმძღვანელობასთან, ასევე წიგნის ბეჭდვის საქმესთან და ამიტომაც, თითქოსდა მათ იმდროინდელ ბეჭდვით წეს-განგებებში შეეძლოთ შეეტანათ ის შეცდომები, რომლებიც წინა საუკუნეებში დაუშვეს" (С. Зенковский. Русское старообрядчество. Москва. "Церковь", 1995 г. стр. 15).

შეხედულება, თითქოსდა ძველი საღვთისმსახურებო წიგნები "შეურყვნიათ" და სიახლეებით გაუვსიათ ნიკონის პირველ მოწინააღმდეგეებს საეკლესიო რეფორმის საქმეში (ანუ დეკანოზ ამბაკუმს, მღვდელ ივან ნერონოვს, ლაზარეს და სხვებს) საფუძვლიანად უარყო პროფ. ნიკოლოზ კაპტერევმა (1847-1917) თავის ფუნდამენტურ შრომებში. ის წერს: "საეკლესიო წიგნთა შემსწორებლები ვერანაირად იქნებოდნენ ისეთი პირები, როგორებიც იყვნენ ამბაკუმი, ნერონოვი, ლაზარე და ნიკონის რეფორმის სხვა მოწინააღმდეგეები..." პროფ. კაპტერევის ცნობით, ასეთ შეხედულებებს ავრცელებდა ტობოლსკის მიტროპოლიტი ეგნატე, რომლის მტკიცებითაც, თურმე, პატრ. იოსების პატრიარქობის მიწურულს მათ საღვთისმსახურებო წიგნებში შეუტანიათ სომხური (?) შეხედულებები და დაუბეჭდავთ, რამეთუ იოსებ პატრიარქი იყო "კაცი მხცოვანი, რომელმაც სიბერის გამო წიგნების შესწორება მიანდო ზემოთ ხსენებულ მღვდლებს... სწორედ ამ დროიდანო, - ბრძანებს ეგნატე, - გავრცელდა რუსეთში ორი თითით პირჯვრისწერის წესი და სხვა "რასკოლნიკური" შეხედულებები" (Н. Ф. Каптерев. Патриарх Никон как церковный реформатор и его противники. "Православное обозрение", 1887 г., февраль, стр. 322-323).

ხსენებული პროფესორის უწყებით, "ეგნატე ტობოლსკელის ეს შეხედულება გადაუმოწმებლად მიიღეს "რასკოლთან" მოპაექრე პოლემისტებმა და რუსმა ისტორიკოსებმა, რომელიც ამ ბოლო დროს (ე. ი. კაპტერევის სიცოცხლეში - არქიეპ. პ.) საკმაოდ საფუძვლიანად იქნა შერყეული" (იქვე). ჯერ ერთი, იმიტომ, რომ აღმოჩენილი და დაბეჭდილი იქნა XVII საუკუნეში წინგთა შემსწორებლების ზუსტი სიები მითითებებით, თუ ვინ და როდის აწარმოებდა ამ შესწორებებს და რა რაოდენობის გასამრჯელოს ღებულობდა ამისთვის (ყველა ეს წყარო მითითებულია პროფ. კაპტერევის დასახ. ნაშრომში - არქიეპ. პ.). დეკანოზი ამბაკუმი, ივანე ნერონოვი, ლაზარე და სხვები ამ სიებში საერთოდ არ არიან ნახსენებნი. ცხადია, რომ ეს პირები საერთოდ არ ყოფილან წიგნთა შემსწორებლები" (იქვე).

მაშ, თუ ესენი არა, ვინ იყვნენ ისინი, ვინც იოსებ პატრიარქის დროინდელ ნაბეჭდ წიგნებში "რასკოლნიკური" შეხედულებები შეიტანა? პროფ. ნ. კაპტერევის თქმით: "ამ შეკითხვისთვის თავი რომ აერიდებინათ, მიტრ. მაკარიმ (ბულგაკოვი) (1816-1882) თავის ნაშრომში "რუსეთის ეკლესიის ისტორია" ეს ვითარება ახსნა იმ გარემობით, რომ თურმე ამბაკუმი, ლაზარე და სხვები ჩვეულებრივი შემსწორებლები როდი იყვნენ, რის გამოც მათი სახელები ვერ შევიდოდა ამ სიებში. ისინი თურმე ზედამხედველები ყოფილან და აწარმოებდნენ ყველა დასაბეჭდი წიგნის რედაქტირებას, რაც შესაძლებლობას აძლევდათ შეეტანათ მათში "რასკოლნიკების" მიერ გაზიარებული შეხედულებები" (იქვე. გვ. 324).

მაგრამ, ეს საკმაოდ შერბილებული შეხედულებაც, რომლის თანახმადაც, "სხვადასხვა "რასკოლნიკური" სტატიები იოსების დროინდელ წიგნებში თითქოსდა შეტანილია ამბაკუმის, ნერონოვისა და ლაზარეს მიერ, შეუძლებელია მიღებული იქნას, რადგანაც ამ მღვდლებს სინამდვილეში, არასოდეს ჰქონიათ შეხება წიგნთა შესწორების საქმესთან" (იქვე).

სხვა "განსაკუთრებული თავისებურება ძველმორწმუნეობისა - ორი თითით პირჯვრისწერა პირველად შეტანილ იქნა ფსალმუნთა წიგნში, რომლის ბეჭდვა დაიწყეს 1642 წლის 11 სექტემბერს და დაამთავრეს იმავე წლის 31 დეკემბერს. ფსალმუნთა ამ წიგნში არის შესავალი სტატია, რომელშიც პირჯვრისწერის წესი გადმოცემულია 1644 წელს გამოსულ და საყოველთაოდ ცნობილ "Кириллова книга" ("კირილეს წიგნი") ბეჭდვითი გამოცემის მსგავსად. მაშასადამე, იოსებ პატრიარქის დროს ნაბეჭდ წიგნებში ორი თითით პირჯვრისწერის წესის გამოჩენა უკავშირდება 1642 წელს. ახლა კი დავსვათ შეკითხვა: სად იმყოფებოდნენ 1642 წელს დეკანოზები ამბაკუმი, ლაზარე და ივანე ნერონოვი, წიგნთა სავარაუდო შემსწორებლები? აი, ამ მეტად მნიშვნელოვანი საკითხის მონაცემები:

1664 წელს მოსკოვის ხარების სახელობის ტაძრის დეკანოზი იყო ნიკიტა. მაშასადამე, მეფე ალექსი მიხეილის ძის სულიერი მოძღვარი სტეფანე ბონიფატიევი, რომელმაც დააწინაურა ნერონოვი, ამბაკუმი და სხვები, ხარების ტაძრის მოძღვრად უნდა დანიშნულიყო არა უადრეს 1645-1646 წლისა, როდესაც ის, როგორც მეფის სულიერი მოძღვარი, გამორჩეულ პირად იქცა.

სტეფანე ძალიან დაუახლოვდა თევდორე რტიშჩევს (მეფე ალექსი მიხეილის ძესთან დაახლოებული პირი - არქიეპ. პ.) და მასთან ერთად, მეფის თანხმობით, მოსკოვის ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის დეკანოზად დაანიშნინა ადრე ნიჟნი ნოვგოროდის ერთ-ერთი სამრევლოს მოძღვარი იოანე ნერონოვი. მაშასადამე, ნერონოვი ნიჟნი ნოვგოროდიდან მოსკოვში გადმოსახლებულია არა უადრეს 1646 ან 1647 წლებისა.

რაც შეეხება ამბაკუმს, ის თვითონ გვაწვდის მოსკოვში გადმოსახლებასთან დაკავშირებულ ცნობებს, საიდანაც შევიტყობთ, რომ ის იყო სოფლის მღვდელი ნიჟეგოროდის ოლქში, შემდგომ კი დაინიშნა დეკანოზად იურიევო-პოვოლჟსკში, სადაც რვა კვირა დაჰყო, ამის შემდეგ კი მოსკოვში გადმოვიდა. ამბაკუმის თქმით: "ნიკონმა, ჩვენმა მეგობარმა, სოლოვკებიდან გადმოასვენა წმ. მიტროპოლიტ ფილიპეს წმიდა ნაწილები". მაშასადამე, ამბაკუმი მოსკოვში დასახლებულია იოსების პატრიარქობის მიწურულს, სადაც, მისი თქმით, წიგნების შესწორებით კი არ იყო დაკავებული, არამედ წიგნთა კითხვით (ე. ი. ქადაგებებით - არქიეპ. პ.) მოსკოვის, ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში.  

ამბაკუმი მიუთითებს იმაზეც, თუ როდის გადმოსახლდა მოსკოვში კოსტრომელი მღვდელი დანიელი, ანუ მაშინ, როდესაც მას მოუწია გამოქცევამ იურიევსკიდან მოსკოვში. "ის ჩავიდა კოსტრომაში, საიდანაც მაშინ გააქციეს დანიელ დეკანოზიც". შედეგად, დანიელი მოსკოვში გამოჩნდა ამბაკუმის გამოჩენამდე მცირე ხნით ადრე, ანუ იოსების პატრიარქობის მიწურულს. ხოლო ლონგინოზი რიაზანიდან მოსკოვში გადაიყვანეს უკვე თვით ნიკონის პატრიარქობის პერიოდში.

ამრიგად, პატრიარქ იოსების დროს წიგნთა სავარაუდო შემსწორებლები, დეკანოზები: იოანე ნერონოვი, ამბაკუმი, დანიელი და ლონგინოზი მოსკოვში გამოჩნდნენ არა უადრეს 1646-1647 წლებისა. ამბაკუმი - იოსების პატრიარქობის ბოლო თვეებში, ლონგინოზი და ლაზარე კი ნიკონის პერიოდში.

ახლა ვიკითხოთ: რანაირად შეეძლოთ ამ პირებს, მიეღოთ პირდაპირი თუ ირიბი მონაწილეობა წიგნთა შესწორებაში და შეეტანათ მათში "რასკოლნიკური" შეხედულებები, თუ ეს წიგნები ჯერ კიდევ მიხეილ თევდორეს ძის პერიოდში, ანუ 1642 წელს დაიბეჭდა, როდესაც არც ერთი მათგანი მოსკოვში არ იმყოფებოდა? რანაირად შეეძლო, მაგალითად, ორმოცდაათიან წლებამდე უბრალო და ყველასგან მივიწყებული სოფლის მღვდელს, ამბაკუმს, ნიჟეგოროდის რომელიღაც სოფლიდან ზეგავლენა მოეხდინა მოსკოვში წიგნების ბეჭდვაზე და შეეტანა მათში "უჯერო" სტატიები?  

ცხადია, რომ ნერონოვის, ამბაკუმის, დანიელის, ლაზარეს და სხვების წიგნთა შემსწორებლებად ან შესწორებული წიგნების რედაქტორებად მიჩნევა სრულიად შეუძლებელია და შეუსაბამოა ისტორიულ სინამდვილესთან" (იქვე. გვ. 325-327).

ისტორიკოსი სერგი ზენკოვსკი (1907-1990) წერს, რომ "მთელ რიგ მკვლევართა აზრით, იერარქებისა და მისიონერების მიერ ასეთი შეცდომების დაშვება შესაძლებელი გახდა შუასაუკუნეების რუსეთის მეცნიერული და საეკლესიო აზროვნების სიმწირის გამო" (ს. ზენკოვსკის დასახ. ნაშრ. გვ. 15-16).

პროფ. ნ. კაპტერევი აღნიშნავს: "როგორც არასამართლიანია ის აზრი, თითქოსდა იოსებ პატრიარქის დროს წიგნების შემსწორებლები იყვნენ ნიკონის საეკლესიო რეფორმის ცნობილი მოწინააღმდეგეები, დეკანოზები: ნერონოვი, ამბაკუმი, ლაზარე, დანიელი და სხვები, ასევე არასამართლიანია ის შეხედულებაც, რომლის თანახმადაც ჩვენი საეკლესიო წიგნები პატრიარქ იოსების დროს შეირყვნა და დამახინჯდა იოსების დროინდელ შემსწორებელთა მოღვაწეობით" (პროფ. ნ. კაპტერევის დასახ. ნაშრ. გვ. 328-330).

ყველა ის გადმოცემა, რომელთაც ასეთი თავგამოდებით იცავდნენ (და იცავენ) ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები, წარმოადგენდა რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში ძველთაგანვე მყარად დამკვიდრებულ ჩვეულებას და არა მწვალებლობას, როგორც ამას ამტკიცებდნენ ნიკონიანური რეფორმის აპოლოგეტები.

ასე, მაგალითად, ორი თითით პირჯვირსწერას ასწავლიან "ასმუხლიანი კრების" (Стоглавый собор) (1551 წ.) მამები, რომელთა შორისაც იყვნენ უგანათლებულესი და სასწაულმოქმედი წმინდანები (მაგ. მაკარი მიტროპოლიტი, ცნობილი "დიდი საკითხავი თვენის" (Великая четья-минея) შემდგენელი, ასევე გური და ბარსონუფი ყაზანელი საკვირველმოქმედნი და სხვები). ასე ასწავლიდნენ პირჯვრისწერას მიტროპოლიტი დანიელი, წმ. მაქსიმე ბერძენი (ჰომილია 40-ე). ასე განმარტავდა რუსეთის პატრიარქი იობი პირჯვრისწერის წესს ქართლის მიტროპოლიტ ნიკოლოზისადმი მიწერილ წერილში (Ист. русск. церкви. митр. Макария, X, 72). და ბოლოს, თავისი პატრიარქობის დასაწყისში ასე იწერდა პირჯვარს თვით პატრიარქი ნიკონი, როგორც იუწყება ამას უკვე ხსენებული ეგნატე ტობოლსკელი (ამ ფაქტების დამადასტურებელი მასალა იხ. პროფ. კაპტერევის ხსენებ. ნაშრომში. გვ. 330-332).

უფრო მეტიც, პროფ. კაპტერევის მტკიცებით: ""რასკოლთან" "მართლმადიდებელ" პოლემისტთა ყველა მცდელობამ, როგორმე შეერყიათ ეს ფაქტები და ჩვენამდე მოღწეული ბუნდოვანი და არამკაფიო განმარტებებით სამი თითით პირჯვრისწერის სასარგებლოდ წარმოეჩინათ საქმის ვითარება, ფიასკო განიცადა, რადგან მათ არ შეუძლიათ სამი თითით პირჯვრისწერის სასარგებლოდ დაიმოწმონ თუნდაც ერთი ისეთი რომელიმე ავტორიტეტული მოწმობა, როგორიც გააჩნია ორი თითით პირჯვრისწერას.

უნდა ვაღიართოთ, - წერს პროფ. კაპტერევი, - როგორც ამას ითხოვს ისტორიული ჭეშმარიტება, რომ მოსკოვის რუსეთში ორი თითით პირჯვრისწერის არსებობის ფაქტი მტკიცეა და უეჭველი" (იქვე. გვ. 333. ფაქტები იხილეთ ამავე ნაშრომში).

ზუსტად ასევე, ისტორიული ჭეშმარიტების საწინააღმდეგოა ნიკონიანელ პოლემისტთა მცდელობა, როგორმე ახსნან თუ საიდან შემოვიდა და როგორ დამკვიდრდა რუსეთში ის გადმოცემები, რომელთა "შესწორებასაც" შეუდგა შემდგომ ნიკონ პატრიარქი. მრავალმა მკვლევარმა უბრალო და მეცნიერული ობიექტურობისთვის შეუფერებელი გზა აირჩია და საკმაოდ პრიმიტიულად და მარტივად "გადაწყვიტა" ეს საკითხი: ყველაფერი დაბრალდა რუსების გაუნათლებლობას და უწიგნურობას, რაც, კაპტერევის სრულიად სამართლიანი შენიშვნით, გახლავთ "აბსოლუტურად გაუმართლებელი და მიუტევებელი შეცდომა" (იქვე. გვ. 336. მტკიცებულებანი იხ. იქვე). მით უმეტეს, რომ ეს გადმოცემები დადასტურდა სხვა სლავ ხალხებსა და საერთოდ სხვა მართლმადიდებელ ერებში (მაგ. სერბებში, ბულგარელებში, რუმინელებში და თვით ბერძნებშიც. იხ. იქვე გვ. 344, 348-354, 357-358).

საკვირველია, რომ დღეს, საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის საკითხის განხილვისას, ამ მოძველებულ და ისტორიულ მეცნიერებაში სრულიად უარყოფილ შეხედულებებს ადგანან საქართველოში გაბატონებული, ახალბერძნულ-ნიკონიანური ეკლესიის წარმომადგენლები: "დეკანოზები" ბასილ კობახიძე და არჩილ მინდიაშვილი, "პროტოპრესვიტერი" (აწ უკვე "ეპისკოპოსი") გიორგი გამრეკელი, "არქიმანდრიტი" რაფაელი (კარელინი), პატროლოგიის ლექტორი (აწ უკვე პროფესორი) ედიშერ ჭელიძე და სხვები.

ახლა ორიოდ სიტყვით რუსულ ისტორიოგრაფიაში "რასკოლის" საკითხის კვლევა-ძიების თემასაც შევეხოთ, რათა ამის ფონზე უფრო ცხადად წარმოვაჩინოთ ჩვენი ოპონენტების არაობიექტურობა.

ისტორიული და საღვთისმეტყველო კვლევა-ძიების პროცესში თანდათანობით, თუმცა შედარებითი ობიექტურობით თვით ნიკონიანელ ისტორიკოსთა და ღვთისმეტყველთა შორის გამოიკვეთა XVII საუკუნის რუსეთში, საეკლესიო განხეთქილების ნამდვილი მიზეზების დადგენის ტენდენცია: თუ ადრე, "სტაროვერთა" საშინელი დევნულების პერიოდში, განხეთქილების მიზეზების კვლევა ვერ სცილდებოდა ტენდენციურ ჩარჩოებს და მათ უმეცრებად, ფანატიკოსებად, "რასკოლნიკებად" (სქიზმატიკოსებად) და "ობრიადოვერებად" (წესთმორწმუნეებად) ხმობდნენ, დღეისთვის აშკარად იგრძნობა შემობრუნება ძველმორწმუნეობისკენ.

მეტიც, ცნობილი ისტორიკოსი ნიკოლოზ კოსტომაროვი (1817-1885) ამაღლებულ ეპითეტებსაც კი არ იშურებს. მისი თქმით: "ძველმორწმუნეები გონებრივი პროგრესის უდიდესი მოვლენაა" (ციტ. С. Зенковский. Русское старообрядчество, Москва. "Церковь", 1995 г., стр. 18). ხოლო თვით ს. ზენკოვსკი ზემოთ ხსენებულ ნაშრომში საერთოდ სიტყვა "რასკოლის" გამოყენებასაც კი ერიდება, და წერს რომ: "ჩვეულებრივ, რუსულ ტერმინოლოგიაში, ეს სიტყვა ძველმორწმუნეებთან მიმართებაში გახდა ოდიოზური და უსამართლო" (იქვე. გვ. 23).

მკვლევრის თქმით, რაც უნდა უცნაური იყოს, ადრეული ძველმორწმუნეობის არსისა და რუსეთის ეკლესიის კრიზისის გამოკვლევაში უდიდესი წვლილი "რასკოლნიკთა" დაუძინებელ მტერს, მოსკოვის სასულიერო აკადემიის რექტორს, პროფ. ნიკოლაი ივანეს ძე სუბოტინს (1827-1905) მიუძღვის, რომელმაც 1875 წელს დაიწყო მასალების გამოქვეყნება ძველმორწმუნეობის ისტორიისთვის სათაურით: "Материалы для истории раскола за первое время его существования". ამ "მასალების" ცხრა ტომში, შემდგომ კი თავის პერიოდულ გამოცემაში "Братское слово", ასევე მონოგრაფიებში მან დოკუმენტური მასალების ურიცხვ რაოდენობას მოუყარა თავი, რომელთა შორის არის წერილები, ბიოგრაფიები, "ცხოვრებანი", პოლემიკური ტრაქტატები და ისტორული თხზულებები, რომლებიც თვით ძველმორწმუნეთა მიერ იყო დაწერილი. "ამ ურიცხვ თხზულებებში, რომლებიც 1650-1660 წლებს განეკუთვნება, ცხადად გამოჩნდა თუ რამდენად წინდაუხედავი და მოუზომავი იყო პატრიარქ ნიკონის საქციელი" (ციტ. იქვე. გვ. 19).

XVII საუკუნის რუსეთის საეკლესიო განხეთქილების მიზეზთა კვლევაში განსაკუთრებული ეტაპი იწყება პროფ. ნიკოლოზ კაპტერევის აკადემიური და ფუნდამენტური შრომების გამოქვეყნებით. ნიკონის მაშინდელ მოწინააღმდეგეთადმი უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, მან "აჩვენა ნიკონის დაუფიქრებელ ქმედებათა საშინელებანი" (იქვე. გვ. 19). "გარდა ამისა, ის იყო პირველი ისტორიკოსი, რომელმაც ეჭვი შეიტანა ძველრუსული "ობრიადის", ანუ საეკლესიო წესების "ცთომილობისა" და "უვარგისობის" თეორიაში. პირიქით, მან დაამტკიცა, რომ ძველ წესებში შენარჩუნებულია ადრეული, ძველბიზანტიური წესების მთელი რიგი მახასიათებლები, რომელთა შორის არის ორი თითით პირჯვრისწერაც, რომელიცმოგვიანებით, XII-XIII საუკუნეებში თვით ბერძნების მიერ შეიცვალა, რამაც გამოიწვია სხვაობა ბერძნულ და რუსულ საეკლესიო წესებს შორის" (იქვე).

ამ საკითხს ქვემოთ უფრო დეტალურად შევეხებით, ამჯერად კი კვლავ ხსენებული ავტორს მოვუხმობთ, რომელიც წერს: "ნ. ფ. კაპტერევის წიგნის (იგულისხმება "Патриарх Никон и его противники в деле исправлении церковных обрядов". Москва, 1887 г. - არქიეპ. პ.) ეფექტი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მისით აღშფოთებულმა (და ძველმორწმუნეთა დაუძინებელმა მტერმა - არქიეპ. პ.) პროფ. ნ. ი. სუბოტინმა ობერპროკურორ კ. პ. პობედონოსცევის დახმარებით შესძლო პროფ. ნ. კაპტერევის აკადემიური კარიერის და ამ მეცნიერის შემდგომი კვლევითი მოღვაწეობის შეჩერება (1). თუმც, თვით რუსული განხეთქილების შესწავლის შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო".

-------------

1. ეს ისტორია საკმაოდ მარტივად და გასაგებად აქვთ გადმოცემული ავტორებს ვ. ბუგანოვსა და ა. ბოგდანოვს. იხ. Буганов В. И., Богданов А. П.. Бунтари и правдоискатели в русской православной церкви. Глава 10. Судьба профессора духовной академии. М.: Политиздат, 1991.

-------------

1898 წელს ლიტერატურის ახალგაზრდა ისტორიკოსმა ა. კ. ბოროზდინმა (1863-1918) წიგნში "Протопоп Аввакум" კიდევ უფრო განავითარა პროფ. კაპტერევის დასკვნები, ხოლო 1905 წელს რუსეთის ეკლესიის ავტორიტეტულმა ისტორიკოსმა, პროფ. ე. გოლუბინსკიმ (1834-1912) კიდევ ერთხელ დაადაასტურა, რომ "ნიკონი, მის კვალობაზე კი ბერძენი იერარქები და 1667 წლის კრებაც, უბრალოდ ვერ გაერკვნენ, რომ XVII საუკუნის მეორე ნახევარში რუსულ და ახალბერძნულ წეს-განგებებს შორის სხვაობანი წარმოიშვა არა რუსების მიზეზით, არამედ წეს-განგებეში თვით ბერძენთა მიერ შეტანილი ცვლილებების წყალობით, რომლებიც ფლორენციის კრების შემდეგ, რუსულ და ბერძნულ ეკლესიათა შორის კავშირების გაწყვეტის გამო, რუსულ წეს-განგებებში არ იქნა შეტანილი" (Проф. Е. Е. Голубинский. К нашей полемике со старообрядцами. ЧОИДР, 1905 г., т. III). ამგვარად აღმოჩნდა, რომ "რუსები კი არა, ბერძნები განდგომიან წეს-განგებათა საწყის და დასაბამიერ გადმოცემებს და რომ ყოველგვარი შემდგომი, ანუ პატრ. ნიკონის რეფორმისწინა ახსნა-განმარტებანი იყო უსაფუძვლო და ლიტონი" (ციტ. ს. ზენკოვსკი. დასახ. ნაშრ. გვ. 19-20).

კონკრეტულ საკითხებთან, კერძოდ, იმ მოსაზრებებთან დაკავშირებით, თითქოსდა "ნიკონმა რუსული საღვთისმსახურებო წიგნები უძველეს ბერძნულ ხელნაწერთა საფუძელზე შეასწორა და ძველბერძნულთან მათი უნიფიცირება მოახდინა", რუს ისტორიკოსთა, ფილოლოგთა და თეოლოგთა მიერ მტკიცედ არის უარყოფილი და აღიარებულია, როგორც აშკარა ტყუილი და სიყალბე.

პროფ. ე. გოლუბინსკი წერს: "უმეტესწილად საქმე ისეა გაგებული, თითქოსდა ნიკონის მიერ საღვთისმეტყველო წიგნების შესწორებას ძველბერძნულ და ძველსლავურ ხელნაწერებთან იგივეობა ჰქონოდათ განზრახული. უფრო მეტიც, სწორედ ამგვარად მიიჩნევდნენ კიდევაც ნიკონის მიერ გატარებულ რეფორმას. საქმის ამგვარი გაგება სრულიად არამართებულია, რამეთუ მან (ნიკონმა - არქიეპ. პ.) მოინდომა და შეუდგა კიდეც ჩვენი საღვთიმსახურებო წიგნების მისი (ანუ ნიკონის - არქიეპ. პ.) თანამედროვე ბერძნული საღვთისმსახურებო წიგნების მიხედვით გადაკეთებას, რათა სრულ იგივეობაში მოსულიყო მათთან" (Богословский вестник, 1892, отд. II, стр. 305, 307-310).

იგივე ავტორი ბრძანებს: "ნიკონმა "კონდაკნი" ძველბერძნული და ძველსლავური ხელნაწერების მიხედვით კი არ შეასწორა, არამედ მისი თანამედროვე ახალბერძნული ნაბეჭდი "ევქოლოგიონის" და მისი თანამედროვე ბერძნული ეკლესიის მოქმედი საეკლესიო პრაქტიკის მიხედვით გადააკეთა" (იქვე).

ამდენად, პროფ. გოლუბინსკის სამართლიანი დასკვნით: "ნიკონის რეფორმა მიზნად ისახავდა რუსული ეკლესიის საღმრთისმსახურებო პრაქტიკის იგივეობას ახალბერძნული ეკლესიის საღმრთისმსახურებო პრაქტიკასთან, ამიტომაც, სრულიად შეუსაბამოა იმის მტკიცება, რომ თითქოსდა წიგნების შესწორება ძველბერძნული და ძველსლავური ლიტურგიკული ხელნაწერების მიხედვით სწარმოებდა" (იქვე).

სხვათა შორის, ერთ-ერთი ღვთისმეტყველის თქმით: "წიგნების შესწორებისას გამოიყენებოდნენ არა ძველი, არამედ ვენეციისა და პარიზის იეზუიტთა სტამბებში გამოცემული თანამედროვე ბერძნული საღვთისმეტყველო წიგნები. ამ ფაქტის დასაფარავად ნიკონიანელი რეფორმატორები ახდენდნენ ცნობათა ფალსიფიცირებას და ზოგიერთი წიგნის წინასიტყვაობაში ირწმუნებოდნენ, თითქოსდა შესწორება წარმოებდა "ძველბერძნული და სლავური ხელნაწერების მიხედვით" (იხ. 1655 წლის "კონდაკნი" (Служебник) (Н. Д. Успенский. Коллизия двух богословии в исправлении русских богослужебных книг в XVII веке. Богословские труды. М. 1975 г. N 13).

სიმართლეს არ შეესაბამება, აგრეთვე, მტკიცება, რომ თითქოსდა რეფორმა მიზნად ისახავდა "ადგილობრივი საღმრთისმსახურებო წიგნების შესწორებას და მათი გადაწერისას დაშვებული შეცდომების აღმოფხვრას". თვით თანამედროვე ნიკონიანელ მოძღვართა და მეცნიერთა ფილოლოგიურ კვლევათა დასკვნები სრულიად ეწინააღმდეგება ამ მტკიცებას, მეტიც, თანამედროვე რუსულ-ნიკონიანური ეკლესიის ერთ-ერთი მსახურის და XVII საუკუნის განხეთქილების ცნობილი მკვლევრის ბორის კუტუზოვის თქმით, მოხდა პირიქით: "რუსული ენის შერყვნას დასაბამი მიეცა სწორედ XVII საუკუნეში, საღმრთისმსახურებო წიგნების "შესწორების" პროცესში" (Б. Кутузов. Трагическая ошибка или диверсия?. იხ. ქართული თარგმანი: ბ. კუტუზოვი. ტრაგიკული შეცდომა თუ დივერსია?! თბილისი 2007 წ.) (ინტერნეტში იხ. აქ: http://old-ru.ru/articles/art_44.htm).

ცნობილი ფილოლოგი ნ. ი. ილმინსკი (1822-1891) "მთელი რიგი მაგალითების საფუძველზე აჩვენებს ძველი თარგმანების უპირატესობას XVII საუკუნეში განახლებულ ტექსტებთან შედარებით" (იხ. Б. И. Сове. Проблема исправления богослужебных книг в России в XIX-XX вв. Богосл. труды. 1970 г. № 5 с указом на соч. архиеп. Саввы Тверского. т. 8, стр. 9. ციტ. ბ. კუტუზოვის ხს. სტატიიდან). თუმც, არც ეს არის გასაკვირი, "წიგნების "შესწორებას" ხომ სლავური და ძველრუსული ენების ცუდად მცოდნე უცხოელები (ბერძნები და პოლონელები) აწარმოებდნენ" (პროფ. ნ. კაპტერევი. "Патр. Никон и царь Алексей Михайлович, т. I, стр. 485. Сергиев Посад. 1912 г.).

ისტორიკოს ბ. კუტუზოვის თქმით: "თანამედროვე საღვთისმსახურებო წიგნების რეფორმამდელ წიგნებთან შედარება უფლებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ახალი ტექსტები მნიშვნელოვანწილად ჩამოუვარდებიან მაღალხარისხოვან ძველ ტექსტებს" (იხ. ბ. კუტუზოვის ხს. სტატია). და ასეთ დასკვნას აკეთებს არა მარტო ეს მკვლევარი. "ჯერ კიდევ გასულ საუკუნეებში აკად. ნევოსტრუევმა მოგვცა რეფორმირებული ტექსტის უზუსტობათა და შეცდომათა დეტალური კლასიფიკაცია: უცნაური გამონათქვამები, გრეციზმები (მაგ.: "Сияние шума", "уразуметь очесы", "видеть перстом" და ა. შ.), გრამატიკული ფორმების აღრევები, ბრუნვათა აღრევები, ქვემდებარის გადაქცევა შემასმენლად და სხვები. მეცნიერს სანიმუშოდ მოჰყავს საგალობელთა ტროპარები, რომელთა შინაარსი გაურკვეველია, ჩამოთვლის ცოდვებს "რომლებიც შემსწორებლებს ჩაუდენიათ არა მხოლოდ გრამატიკის, ფილოლოგიის, ლოგიკის, არამედ ისტორიის, ეგზეგეტიკის და თვით დოგმატიკის სფეროებშიც; ის, აგრეთვე, მიუთითებს ტექტსებში არსებულ უამრავ შეცდომას, მათ შორის, კერძო და საზოგადო სახელების აღრევას და პირიქით, ბიბლიურ ტექსტებთან შეუსაბამობას და სხვა" (М. Боголюбский. Об ученых трудах покойного прот. А. И. Невоструева. Православное обозрение. 1874 г., т. VII стр. 97-124, т. X, стр. 504-521. ციტ. ბ. კუტუზოვის დასახ. სტატიიდან).

რეფორმის შემდგომი ტექსტების უწესივრობის და არასწორი თარგმნის მრავალი მაგალითი მოჰყავს პროფ. მ. დ. მურეტოვსაც (1851-1917), ხოლო ცნობილი ფილოლოგი ნ. ი. ილმინსკი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ახალ "შესწორებულ" ტექსტებთან შედარებით უდავო უპირატესობას ძველ, რეფორმამდელ ტექსტებს ანიჭებს.

ზემოთ ვთქვით და კვლავ გავიმეორებთ: ახალი ტექსტების ამგვარი უვარგისობის მიზეზი რუსული ენის სინატიფისა და სიღრმის არმცოდნე უცხოელ "შემსწორებლებშია" საძიებელი. მაგალითად, პროფ. ნ. კაპტერევის თქმით, "არსენ ბერძენს, როგორც უცხოელს, არ შეეძლო ჩასწვდომოდა რუსულ ენაზე თარგმნის ყველა ნიუანსს, რის გამოც მისი თარგმანები აშკარად ჩამოუვარდება ძველ თარგმანებს... ეპიფანე სლავინეცკი თარგმნისას მკაცრად მისდევდა ბუკვალიზმს, ხშირად თარგმნიდა საკუთარი სიტყვებითაც კი... რის გამოც მისი თარგმანი ბნელია და მოუქნელი, ამის გამოა, რომ ჩვენ საეკლესიო საგალობელთა შინაარსი დღეს ასე ძნელი აღსაქმელი" (Н. Ф. Каптерев. Патриарх Никон и царь Алексей Михайлович.  т. 1, стр. 485. ციტ. იქვე).

ამრიგად, "პროფ. კაპტერევის, ბოროზდინის, გოლუბინსკის, აკად. დიაკონოვის და სხვა მკვლევართა შესანიშნავ ნაშრომთა გამოცემა, რომლებმაც გადატრიალება მოახდინეს ძველმორწმუნეობის კვლევის საკითხში, შესაძლებელი გახდა უფრო სპეციალური და ნაკლებად ცნობილი მკვლევრების, ს. ა. ბელოკუროვის, პ. ფ. ნიკოლსკის, კ. პ. ხარლამპოვიჩის, ე. ვ. ბარსოვის, ნ. გიბენეტის და სხვათ მეტად მნიშვნელოვანი შრომების შედეგად. აღსანიშნავია სხვა მკვლევრებიც: ს. სმირნოვი, ი. ლ. ბასკოვი და ს. ტ. ვესელოვი" (ციტ. ს. ზენკოვსკის დასახ. ნაშრომიდან. გვ. 20-21).

"1905 წლიდან, ცენზურის შესუსტების შემდეგ, - როგორც ავტორი გვამცნობს, - დღის სინათლეზე გამოდის თვით ძველმორწმუნეთა ნაშრომებიც, რომლებმაც, ცხადია, უფრო მეტი სინათლე შეიტანა ამ ბნელით მოცული რეფორმის საკითხში (ს. ზენკოვსკის ცნობით, სტაროვერთა ნაშრომები, რა თქმა უნდა, უფრო ადრეც არსებობდა, ოღონდ ეს თხზულებები ფართო, "ევროპეიზებული" რუსული საზოგადოებისთვის უცნობი იყო, რადგან რუსული ძველმორწმუნეობის მრავალმილიონიან წარმომადგენლებს სიტყვის უფლებას არ აძლევდნენ და უმკაცრესი ცენზურის გამო მათი გამოქვეყნება შეუძლებელი იყო" (იქვე. გვ. 15, 21).

განხეთქილების არსის გარკვევისთვის არანაკლებ იღვაწეს ემიგრაციაში მყოფმა მკვლევრებმაც. ასე, მაგალითად, აღსანიშნავია უცხოეთში მოღვაწე ცნობილი ძველმორწმუნე მეწარმის და საზოგადო მოღვაწის ვ. პ. რიაბუშინსკის ნაშრომი "Старообрядчество и русское религиозное чувство“, რომელშიც ავტორი თვით ზენკოვსკის შენიშვნითაც "სამართლიანად აღნიშნავდა, რომ განხეთქილება მოხდა არა "ობრიადული" უთანხმოების, არამედ თვით სარწმუნოებრივ სულისკვეთებაში სხვაობის გამო" (იქვე. გვ. 22). „პატრ. ნიკონის სიახლეთა სრულ უაზრობას აღიარებს ა. ვ. კარტაშევიც თავის "ნარკვევებში"" (იქვე).

აღსანიშნავია, რომ XVII საუკუნის რუსეთის განხეთქილების გამოკვლევაში თავისი წვლილი შეიტანეს უცხოელმა მკვლევრებმაც, რომელთაგან გამოირჩევა ფრანგი მეცნიერის პიერ პასკალის შესანიშნავი წიგნი დეკანოზ ამბაკუმზე. გერმანული ლიტერატურიდან მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ყველაზე საინტერესოა მ. იოანე ქრიზოსტომოსის ნაშრომი "პომორულ სიტყვისგებათა" შესახებ. წიგნის ავტორია ძველმორწმუნე ანდრია დენისოვი (1664-1730), რომელიც, ს. ზენკოვსკის შეფასებით, არის XVII ს. მიწურულისა და XVIIIს. დასაწყისის უგამოჩენილესი მოაზროვნე და მწერალი (იქვე. გვ. 22).

ცხადია, ჩვენ აქ მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორები და მეტ-ნაკლები ობიექტურობით დაწერილი შრომები მივუთითეთ, რამეთუ "მარტოოდენ მნიშვნელოვან ნაშრომთა ჩამოთვლასაც კი ერთი ტომი დასჭირდებოდა", რადგან, როგორც ს. ზენკოვსკი წერს "1917 წლის რევოლუციამდე ძველმორწმუნეობაზე დაწერილ წიგნთა და სტატიათა რაოდენობა ათეულობით ათასს აღწევს" (იქვე. გვ. 22).

ასეთია ერთობ მოკლედ,ძველმორწმუნეთა შესახებ დაწერილი ნაშრომების ძირითადი მიმართულება და შინაარსი, რომელიც აშკარად ადასატურებს რუს ისტორიკოსთა და ღვთისმეტყველთა შემობრუნებას ძველმორწმუნეობისკენ, რასაც კარგად გამოხატავს ცნობილი აკადემიკოსის, მ. ა. დიაკონოვის სიტყვები: "ტრაგიკული გაუგებრობაა ძველმორწმუნეთა ის დევნა, რასაც აღმოსავლეთის იერარქთა აქტიური თანამონაწილეობით მიმართავდნენ სახელმწიფოსა და ეკლესიის (იგულისხმება რუსეთში გაბატონებული ნიკონიანური ეკლესიის - არქიეპ. პ.) ხელისუფალნი, რომელთა დანაშაული მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ ნებისმიერი მსხვერპლის ფასად იცავდნენ ძველ საეკლესიო წესებს და ეს დევნა დღემდე გრძელდება"-ო.

1929 და 1971 წლებში რუსეთის ოფიციალურმა ეკლესიამ ჯერ სინოდალურ, შემდეგ კი საერთო-საეკლესიო კრების დონეზე მიიღო დადგენილება, სადაც ნიკონისა და მისი მომხრეების მტკიცებათა საპირისპიროდ, ძველი საეკლესიო გადმოცემები სრულიად მაცხოვნებლად და მართლმადიდებლურად აღიარა. ამავე კრებებზე მოიხსნა ყველა ის წყევლა-კრულვა და გაუქმებულად გამოცხადდა ის შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რომლებიც ძველი წესებისა და მათი დამცველების წინააღმდეგ გამოიყენებოდა (იხ. რუსეთის ნიკონიანური ეკლესიის დროებითი საპატრიარქო სინოდის 1929 წლის 23/10 აპრილის დადგენილება და 1971 წლის რუსეთის ადგილობრივი, ნიკონიანური ეკლესიის კრების ოქმები).
1
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому