სხვადასხვა - გავამარჯვებინოთ სიყვარულს! - 5 - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე

გავამარჯვებინოთ სიყვარულს!

საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში 2001 წელს მომხდარი განხეთქილების ისტორია. 1999-2001 წლის მოვლენები. ეპისკოპოს იონას († 2003 წ.) დაპირისპირება ეპისკოპოს პავლეს წინააღმდეგ: ფაქტები და განმარტებები.
იესუ ქრისტე
წინამდებარე ნაშრომი 2001 წლის ივნისში, ანუ საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის 2001 წლის განხეთქილებამდე 3 თვით ადრე, შესასწავლად და გასათვალისწინებლად გადაეცა ეპისკოპოს იონას. თხზულებაში დეტალურად არის განხილული ვითარება, რომელიც ეპისკოპოსმა იონამ შექმნა თავისი ხიბლისმიერი მდგომარეობით და ეკლესიაში დიქტატურული რეჟიმის დამყარების მცდელობით. მკითხველი დეტალურად გაეცნობა საქმის ვითარებას და ორივე მხარის არგუმენტაციას. 2001 წლის განხეთქილების წინაისტორიასა და პირობებს, რამაც მოამზადა ეს სამწუხარო აქტი.

გარდა ამისა, ჩვენი ეკლესიის სიმართლესა და ობიექტურობაში დაეჭვებულებს ვაძლევთ შესაძლებლობას უფრო დაწვრილებით გაეცნონ იმ დოკუმენტებს, რასაც ეყრდნობოდა ჩვენი მხარე ეპისკოპოს იონას მხილებასა და მასთან ევქარისტული ერთობის შეჩერებაში. ჩვენ არ გვსურს ეს ისტორია იდუმალებით მოცული დავტოვოთ ფართო საზოგადოებისთვის და მით დაეჭვების საბაბი გავუჩინოთ ვინმეს ჩვენი ეკლესიის სიმართლესა და ობიექტურობაში.

წინამდებარე თხზულებას ვაქვეყნებთ იმ მიზნით, რათა ფართო საზოგადოება გაეცნოს საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ისტორია; გაეცნოს ეპისკოპოს პავლესა და ეპისკოპოს იონას შორის 1999-2001 წლებში წარმოქმნილი უთანხმოების მიზეზებს და ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მოქმედების პრინციპებს მსგავსი პრობლემების წარმოქმნისას; უწყოდეს იმ უსამართლობის შესახებ, რაც განიცადა ფოთის იმდროინდელმა ეპისკოპოსმა პავლემ, რომელსაც ზოგიერთი პირები დღემდე ადანაშაულებენ ეპისკოპოს იონასადმი უსამართლო მოპყრობაში. ასეა თუ არა ეს დე, ამ ისტორიის მკითხველმა განსაჯოს.

ნაწილი მეოთხე

ხუთი სიმართლე


მართებულად რომ გავიაზროთ "რეზონანსში" გამოქვეყნებული ჩვენი განცხადების არსი, საჭიროდ ვთვლი, დეტალურად, სიტყვასიტყვით განვიხილოთ იგი და თანაც იმ სქემის შესაბამისად, რომელსაც თქვენ გვთავაზობთ, რამეთუ, ამდაგვარი მეთოდით, ვფიქრობ, უფრო ცხადად გამოჩნდება იმ გაუგებრობისა და მშფოთვარების უსაფუძვლობა, რომელიც, სამწუხაროდ, დაგეუფლათ თქვენ და ეკლესიის ზოგიერთ წევრს მისი გამოქვეყნების შემდეგ. საკითხის ადვილად გარკვევისთვის გადავწყვიტე გამემეორებინა თქვენი წერილის სქემა და მისი თავებად დაყოფის პრინციპები. ასევე, ზოგიერთი სათაურიც, ოღონდ არსობრივად საპირისპირო მნიშვნელობით.


სიმართლე პირველი


ჩვენი განცხადების პირველ აბზაცში წერია: "ამასწინათ გაზეთ "რეზონანსიდან" (№ 215. 9 აგვისტო) მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდა საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსის იონას მიმართვა ოფიციალური ეკლესიის მოძღვრებისადმი, რომელსაც დასანანი გაუგებრობის გამო რედაქციამ არასწორი ქვესათაური დაურთო - "სტაროვერები მოძღვრებს სატანისადმი გადაცემით ემუქრებიან".
ჯერჯერობით აქ შევჩერდეთ და აღვნიშნოთ, რომ განცხადების გამოქვეყნების მიზეზი, რომელმაც ამდენი გაუგებრობა გამოიწვია, გახლავთ არა თქვენი წერილის შინაარსი ან, როგორც თქვენ წერთ, "პროტესტი" თქვენი ღონისძიებისადმი, არამედ თვით გაზეთ "რეზონანსის" გაუთვალისწინებელი და თქვენთან შეუთანხმებელი ინიციატივა, თქვენი წერილისთვის მიეცა ქვესათაური: "სტაროვერები მოძღვრებს სატანისადმი გადაცემით ემუქრებიან". ამ ქვესათაურით თქვენი კერძო ინიციატივა მიეწერა მთელს ეკლესიას, რაც გახდა კიდევაც ჩვენი განცხადების გამოქვეყნების მიზეზი.

"რეზონანსს" ეს ქვესათაური რომ არ მიეცა თქვენი წერილისთვის, არც ჩვენი განცხადება დაიბეჭდებოდა. მეტიც, "რეზონანსის" მტკიცებით, თქვენი წერილი "ერთ-ერთი მხარის პოზიციაა" თურმე, "ისინი თავიანთ თავს სტაროვერებს უწოდებენო", წერს გაზეთი.

თავად ამ ქვესათაურისთვის განმარტების მიცემა იმიტომ დაგვჭირდა, რომ ვაწარმოებდით პოლემიკას გაბატონებული ეკლესიის ზოგიერთ წევრთან, დამყარებული გვქონდა კონტაქტები ბ-ნ ედ. ჭელიძესთან, რომელმაც მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით დახმარება აღგვითქვა (რაც ძირითადად უნდა გამოხატულიყო ზოგიერთი ბერძნული ტექსტის თარგმნის, ხელნაწერთა ინსტიტუტის არქივის, ბიბლიოთეკის გამოყენებისა და სხვა ამის მსგავს საკითხებთან დაკავშირებით თანადგომაში).

ვაწარმოებდით ასევე პოლემიკას ე. წ. "ბოსტონის დაჯგუფებასთან", გელა აროშვილთან და თეიმურაზ დედაბრიშვილთან, რომელთანაც გვქონდა და მომავალშიც უნდა გვქონოდა საღვთისმეტყველო-ეკლესიოლოგიური დიალოგი. თქვენი კონკრეტული აქტის მოწინააღმდეგეები, - მიუხედავად იმისა, ვიზიარებდით მას თუ არა და გვჯეროდა ამ აქტის განხორციელებისა თუ არა, - ჩვენ არ ვიყავით, მაგრამ, როდესაც "რეზონანსის" უადგილო წანამძღვრები წავიკითხეთ, ვიფიქრეთ, რომ გაზეთის ასეთ უპასუხისმგებლო ჩანამატს შეეძლო დაებრკოლებინა ჩვენი შემდგომი ურთიერთობები და, როდესაც ბ-ნმა ზვიად ნოდიამ განცხადების გამოქვეყნება შემომთავაზე, დავეთანხმე. მანვე დაწერა განცხადების ტექსტი, მე კი შევასწორე და ასე გავუშვით ის ჯერ "მართლმადიდებელში" (ძველმართლმადიდებლური ეკლესიის გაზეთი - რედ.), შემდეგ კი "რეზონანსში".

თქვენი განსაკუთრებული აღშფოთება გამოუწვევია ჩვენს შემდეგ წინადადებას: "მოვალენი ვართ განვაცხადოთ, რომ ეპ. იონას კერძო წერილი არ გამოხატავს ძველი მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციას. ძველი მართლმადიდებლური ეკლესიის მნიშვნელოვანი ნაწილი კოლხეთის ეპარქიის ეპისკოპოს პავლესთან ერთად არ ეთანხმება ეპ. იონას გარკვეულ თვალსაზრისებს, სუბიექტურ გადაწყვეტილებებს, პიროვნულ მოქმედებებს..."

სამწუხაროა, რომ ეს წინადადებები თქვენს მიერ აღქმულ იქნა პირად შეურაცხყოფად. თქვენი კერძო წერილი მთელი ჩვენი ეკლესიის პოზიციას რომ არ გამოხატავს, თქვენ ხომ თვითონვე განგვიცხადეთ და გვამცნეთ, რომ კონკრეტული აქტი შვიდი ერეტიკოსის დასასჯელად თქვენი კერძო, პირადი ინიციატივაა და არ გსურდათ ამ საქმეში ჩაგერთოთ მთელი ეკლესია? ამას ხომ თქვენი წერილიც ადასტურებს, კერძოდ:

1) თქვენი წერილი იწყება სიტყვებით: "საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის პირველიერარქის, მეუფე იონას გაფრთხილება ღვთის რისხვის მომლოდინეთა მიმართ".

2) თქვენ წერთ: "სრულიად საქართველოს საყურადღებოთ ვაცხადებ... ღმერთსა ვთხოვ, წარმოაჩინოს თავისი რისხვა ერის მაცთუნებლებზე" (სხვათა შორის, ეს სიტყვები კიდევ ერთხელ წარმოაჩენს კათაკმევლობაზე მწვალებელთა ანათემირებისა და სატანაზე შვიდი კაცის გადაცემის თქვენეულ აქტს შორის სხვაობას).

3) თქვენვე აცხადებთ: "პავლე მოციქულის დარად, გადაგცემთ სატანას... სხვა გამოსავალი ვერ ვნახე. ამაყად ვიყენებ უფლის მიერ მონიჭებულ ჩემს საეპისკოპოსო უფლებამოსილებას..." ("რეზონანსი". 1999 წლის 9 აგვისტო).

თქვენი წერილიდან ამოკრეფილი ადგილები ცხადზე უცხადესად ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ეს იყო თქვენი, პირადი, კერძო ღონისძიება. "რეზონანსს" ასეთადვე რომ დაეტოვებინა, ჩვენც სათქმელი არაფერი გვექნებოდა, რამეთუ ამ ფაქტს არც მანამ და არც შემდეგ არ შევწინააღმდეგებივართ.

ამიტომაც, სრული ჭეშმარიტებაა ჩვენი მტკიცება, რომ "... ეპ. იონას კერძო წერილი არ გამოხატავს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციას". თქვენი კერძო ღონისძიება, თქვენი რწმენისა და საეპისკოპოსო ძალაუფლებდან მომდინარეა და ცხადია, მას ვერავინ შეეწინააღმდეგებოდა (ასეთად რჩება ის დღესაც!), ხოლო ღონისძიების შესახებ ფოთში და თბილისშიც რომ იცოდნენ, ეს არ ნიშნავს მთელი ეკლესიის დათანმხებას. ამდენად, ამ მეტად უბოროტო ინფორმაციის მოწოდებით არაფერი შეგვიცოდავს.



სიმართლე მეორე

განსაკუთრებულ განმარტებას ითხოვს ჩვენი განცხადების შემდეგი წინადადება: "ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მნიშვნელოვანი ნაწილი, კოლხეთის ეპარქიის ეპისკოპოს პავლესთან ერთად, არ ეთანხმება ეპ. იონას გარკვეულ თვალსაზრისებს, სუბიექტურ გადაწყვეტილებებს, პიროვნულ ქმედებებს..."

თქვენ ეს წინადადება ავტომატურად დაუკავშირეთ შემდგომს, რომელშიც თქვენს ამჟამინდელ აქტზეა ლაპარაკი, არადა მოტანილ წინადადებაში ვგულისხმობთ თქვენს იმ გარკვეულ თვალსაზრისებს, იმ სუბიექტურ გადაწტყვეტილებებსა და ქმედებებს, რომელნიც ადრე გამოგითქვამთ და აგისრულებიათ. ზემოთ შეგპირდით, რომ განვმარტავდი თუ რატომ მაქვს უფლება, არ დავეთანხმო თქვენს გარკვეულ თვალსაზრისებს, რატომ ვაცხადებ ამას ფოთის მრევლის (და, გნებავთ, მთელი ეკლესიის) სახელით, და სად, როდის და როგორ შემთხვევებში კეთდება ასეთი განცხადებები. ამიტომაც, სანამ თქვენს სუბიექტურ (ანუ კერძო) გადაწყვეტილებებზე და ქმედებებზე ვისაუბრებდე (რომელთაგან ზოგიერთი შესახებ ჩემი ეპარქიის მრევლს დღემდე წარმოდგენაც კი არა აქვს, რადგან ეს ვითარებანი დაფარული მქონდა მათგან), საჭიროდ ვთვლი, თავიდან განვიხილო ჩემი უფლების სფუძველი, რომლის მიხედვითაც ვაცხადებ, რომ "ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მნიშვნელოვანი ნაწილი, კოლხეთის ეპისკოპოს პავლესთან ერთად, არ ეთანხმება ეპ. იონას გარკვეულ თვალსაზრისებს". ეს საფუძველი არის - თეოლოგუმენი.


ა) თეოლოგუმენის შესახებ


"ეკლესიის გამოცდილება დოგმატურ განსაზღვრებებზე უფრო ვრცელი და სრულია. დოგმატიზირებულია მხოლოდ ცხოვნებისთვის ყველაზე აუცილებელი და არსებითად საჭირო სწავლანი (ხაზგასმა ყველგან ჩვენია - ეპ. პ.) ასე, რომ ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრი იდუმალი და გაუხსნელი საკითხებია, რაც საღვთისმეტყველო მოსაზრებათა არსებობას განაპირობებს. ამგვარი მოსაზრებები საკმაოდ უხვად გვხვდება ეკლესიის მამათა ქმნილებებსა და საღვთისმეტყველო თხზულებებში.

საღვთისმეტყველო აზრი უნდა შეიცავდეს ჭეშმარიტებას, რომელიც, როგორც მინიმუმი, საღმრთო გამოცხადების საწინააღმდეგო არ არის. საღვთისმეტყველო აზრი, დოგმატივით, საერთო-საეკლესიო სწავლება კი არ არის, არამედ ამა თუ იმ ღვთისმეტყველის კერძო მსჯელობას წარმოადგენს (მაგალითად, შეხედულება ადამიანის ბუნების ორ ან სამნაწილიანობაზე; ან ის, თუ როგორ გავიგოთ ანგელოზთა და ადამიანის სულის უნივთობა; მოსაზრება ადამიანის სულის წარმოქმნის შესახებ და სხვა).

ღვთისმეტყველთა კერძო მოსაზრებები, ძირითადად ონტოლოგიის იდუმალ საკითხებს ეხება და, როგორც ჩვენი ცხოვნებისთვის არაარსებითი საკითხები, როგორც ჩანს, ამ საუკუნის აღსასრულამდე არ იქნება გახსნილი. უეჭველია, რომ ყოველგვარი თვითნებობა ღვთისმეტყველებაში დაუშვებელია. ამა თუ იმ კერძო მოსაზრების ჭეშმარიტების კრიტერიუმი წმიდა გადმოცემასთან მისი თანხმობაა, ხოლო ამგვარივე მოსაზრების დაშვების კრიტერიუმი იმაში მდგომარეობს, რომ იგი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს გადმოცემას.

მართლმადიდებლურ და მართლზომიერ საღვთისმეტყველო აზრთა და მსჯელობათა საფუძველი ლოგიკა ან გონივრული ანალიზი კი არ უნდა იყოს, არამედ პირდაპირი ხედვა და ჭვრეტა, რაც ლოცვითი ღვაწლითა და მორწმუნე ადამიანის, პიროვნების სულიერი ჩამოყალიბების მეშვეობით მიიღწევა... ის, რაც ამ (ე. ი. დოგმატურ - ეპ. პ.) სიტყვებშია გადმოცემული - ბრძანებს ღირ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, - მოსაზრებად კი არა, ჭეშმარიტების ჭვრეტად უნდა იწოდებოდეს, რამეთუ ყოველივე ამის შესახებ მსჯელობა ჭვრეტის მიხედვით არის შესაძლებელი" (Арх. Алипий. Арх. Исаиа. "Догматическое богословие". Изд. Св. Сергиево-Троицкая Лавра. 1997 г., стр. 23).

მეორეს მხრივ, საჭიროა საღვთისმეტყველო მოსაზრებიდან განვასხვავებდეთ ამგვარ, ღვთითგამოცხადებულ ჭეშმარიტებებსაც, რომლებიც, თუმც არ არიან დოგმატიზირებულნი, მაგრამ ეკლესიის წმიდა გადმოცემის ორგანულ ნაწილს წარმოადგენენ და თავიანთი მნიშვნელობით უთანასწორდებიან დოგმატს. მაგალითად, ჭეშმარიტებანი ღვთის მიერ არაფრისგან სამყაროს შექმნის, ადამიანის სულის უკვდავების, ეკლესიის საიდუმლოთა მაცხოვნებელი ძლიერების, პირჯვრისწერის ძალმოსილების და სხვათა შესახებ (ეს საკითხები იმიტომაც არ არის დოგმატიზირებული, რომ კათოლიკური ეკლესიისგან განსხვავებით, მართლმადიდებლური ეკლესიისთვის უცხოა საჭიროების გარეშე რაიმეს დოგმატიზირება. მართლმადიდებლური დოგმატები ფორმირებული და დამტკიცებულია მსოფლიო კრებათა მიერ ერეტიკულ მოძღვრებებთან ბრძოლის პროცესში).

დაბოლოს, ეკლესიის ზოგიერთი მამის თხზულებებში გვხვდება არასწორი შეხედულებებიც, რომლებიც არასოდეს დაუცავთ მათ, როგორც უცდომელი აზრი. მაგალითად, წმ. გრიგოლ ნოსელი ორიგენეს მსგავსად ვარაუდობდა, რომ ჯოჯოხეთის სატანჯველნი არ იქნებოდნენ დაუსრულებელნი. შეკითხვაზე თუ რატომ გამოთქვამდნენ ზოგჯერ წმინდანები არასწორ აზრებს, წმ. ბარსონუფი დიდი პასუხობს: "ნუ იფიქრებთ, რომ ადამიანებს, თუნდაც წმინდანებს, შეეძლოთ საღმრთო სიღრმეთა მთლიანი წვდომა, რამეთუ მოციქული ბრძანებს: "...მცირე რაიმე ვიცით და მცირედ რაიმე ვწინასწარმეტყველებთ" (1 კორინთ. 13:9). წმინდანებმა, რომლებმაც ზეგარდმო მიიღეს სიმტკიცე, ახალი სწავლება ჩამოაყალიბეს, მაგრამ ამასთანავე, თავიანთ წინანდელ მოძღვართაგან გადმოცემული არასწორი შეხედულებებიც შეინარჩუნეს... ისინი (წმინდანები) არ შეევედრნენ უფალს, რათა პირველ მოძღვართა შესახებ გამოეცხადებინა მათთვის სულიწმიდის შთაგონებით ასწავლიდნენ თუ არა ისინი - არამედ, პირიქით, მიაგებდნენ რა ბრძენ და გონიერ მოძღვართა შესაფერის პატივს, მათ სიტყვებს არ გამოიძიებდნენ; ამიტომაც, მასწავლებელთა ცდომილებანი მათ მოწაფეთა სწავლებაში აირია" (ღირ. ბარსონუფი დიდი და იოანე. 610-ე პასუხი. იქვე. გვ. 22-23).

ამრიგად, სხვა საქმეა, შეცდე იმგვარ ჭეშმარიტებებში, რომლებიც ეკლესიის მიერ ჯერ კიდევ განსაზღვრულნი არ არიან და შესაძლებელია სხვადასხვაგვარად განიმარტონ და სულ სხვა - ჯიუტად დაუპირისპირდე მთელი ეკლესიის მიერ უკვე ნათლად და ცხადად გამოთქმულ განსაზღვრებას. პირველი მდგომარეობა - "საღვთისმეტყველო შეცდომაა", ხოლო მეორე - მწვალებლობა!

უნდა გვახსოვდეს, რომ ჭეშმარიტების უეჭველ მტკიცებას წმიდა მამათა სწავლების თანხმიერება, ერთსულოვნება და ეკლესიის მიერ აღიარება წარმოადგენს. მხოლოდ ამგვარ მოძღვრებას უნდა მივიჩნევდეთ უეჭველ კანონად და არა ყოველგვარ გამოკვლევასა და მოსაზრებას. ამიტომაც, ე. წ. "წმიდა მამათა თანხმობის" (ერთსულოვნების) პრინციპს ("კონსენსუს პატრუმ") საღვთისმეტყველო საკითხებში გასათვითცნობიერებლად ერთ-ერთ უმთავრეს და უმნიშვნელოვანეს პრინციპად უნდა მივიჩნევდეთ. ეს პრინციპი საკმაოდ ზუსტად და მკაფიოდ ჩამოაყალიბა V საუკუნის მოღვაწემ, ღირ. ბიკენტი ლირინელმა: "უნდა შევიწყნარებდეთ მხოლოდ იმ მამათა მსჯელობას, რომლებიც წმიდად ცხოვრობდნენ სარწმუნოებაში, მუდამ საყოველთაო ერთობაში იყვნენ და სარწმუნოებით (ან სარწმუნოებისთვის) აღესრულნენ ქრისტეში. მათდამი ნდობა ასეთი წესით გვმართებს: მათი სწავლებიდან უეჭველად, მართლად და უცილობლად მხოლოდ იმას უნდა მივიჩნევდეთ, რასაც ყველა მათგანი ან მათი უმრავლესობა ერთსულოვნად გამოთქვამდა; იცავდნენ ამ სწავლებას და ისეთი დაჯერებით ასწავლიდნენ, თიოთქოსდა წინასწარ იყვნენ შეთანხმებულნი.

წმინდანის, მოწამის თუ აღმსარებლის მიერ გამოთქმული სწავლება, რომელიც არ არის უმრავლესობის თანხმიერი ან განცხადებული და საყოველთაო სწავლების გამომხატველი, საერთო ავტორიტეტისგან განსხვავებით, კერძო, განსხვავებულ, დაფარულ (secretum) სწავლებად უნდა იქნეს მიჩნეული, რათა ერეტიკოსთა და სქიზმატიკოსთა უკეთური ჩვეულების მსგავსად, რომელთაც მსოფლიო დოგმატთა უძველესი ჭეშმარიტებანი მიატოვეს, მარადიული ცხოვნების მოსურნეები, ერთი ადამიანის ახალი ცდომილების მიმყოლნი არ აღმოვჩნდეთ" ("Напоминания". Казань. 1904 г. Стр. 51).

ზოგიერთი თეოლოგი კერძო საღვთისმეტყველო აზრის გარდა გამოყოფს თეოლოგუმენს. მათ შორის სხვაობა ხატოვნად ასეა განმარტებული: "დოგმატები შეიძლება შევადაროთ ბუნების კანონებს, თეოლოგუმენი - საყოველთაოდ მიღებულ თეორიას, ხოლო კერძო საღვთისმეტყველო აზრი - ჰიპოთეზას. ამ მიმართულებით, წმ. მამათა უმეტესობის აზრს, შეიძლება თეოლოგუმენის სტატუსი მივანიჭოთ.

ჩვენთვის და ჩვენს წინაშე არსებული საეკლესიო უთანხმოების თუ პრობლემის გადასაწყვეტად, უმთავრესად მივიჩნევთ იმის აღნიშვნასაც, რომ ამა თუ იმ ადგილობრივ ეკლესიაში, კერძო, თუნდაც ურთიერთსაწინააღმდეგო აზრების არსებობა იმაზე მეტყველებს, რომ ამ ეკლესიაში აზროვნება ჯერ კიდევ არ ჩამკვდარა, რომ ის გულწრფელ ძალისხმევათა და კეთილ განზრახვათ ნაყოფია, რომელსაც ჭეშმარიტების შემეცნება უფრო ვრცელი მოცულობითა აქვს განზრახული.

კერძო საღვთისმეტყველო აზრი - ეს ისეთი მსჯელობაა, რომელიც კრებებზე მიღებულ დოგმატებთან დაპირისპირებული არ არის. ეს არის პირადი პოზიცია, ანუ ისეთი აადამიანის პირადი, გონიერი და სულიერი ძალისხმევის ნაყოფი, როემლიც წმინდანთა დასში ჩარიცხული არ არის.

ხოლო თეოლოგუმენი - ეს ისეთი საღვთისმეტყველო აზრია, რომელიც გამოთქმულია ეკლესიის ერთი ან რამდენიმე მამის მიერ, მაგრამ ეკლესიის კრებითი სანქციით არ არის აღიარებული. ამიტომაც, თეოლოგუმენი მორწმუნეთათვის სავალდებულოდ არ მიიჩნევა, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც წმიდა მამათა აზრი, ყურადღებას ითხოვს.

ეკლესიის მამათა ნებისმიერ მსჯელობას არ შეიძლება ეწოდოს თეოლოგუმენი; მაგალითად, ისტორიული ან ნატურფილოსოფიური შეხედულებები (მაგ.: ღირ. იოანე დამასკელის მსჯელობა ზოდიაქოს ნიშნებზე) არ არის თეოლოგუმენები. თეოლოგუმენი სარწმუნოებრივი, დოგმატური ჭეშმარიტების ინტერპრეტაციაა. როგორც სულიერი გამოცდილება მოღვაწისა, ჩემი კერძო საღვთისმეტყველო აზრის ან ფილოსოფიური მიდრეკილებებისა თუ შეხედულებების გამო, წმიდა მამათამიერი შეხედულებები არ შეიძლება უარყოფილ იქნეს. თეოლოგუმენის შეპირისპირება-შეჯერება შესაძლებელია მხოლოდ თეოლოგუმენთან - ანუ სხვა წმიდა მამის მიერ ამავე სულიერ საკითხთან დაკავშირებულ მსჯელობასთან" (არქ. ისაია. არქ. ალიმპი. დასახ. შრ. გვ. 104-142).

თეოლოგუმენთან საღვთისმეტყველო მუშაობის ტექნიკა საუკუნის დასაწყისის ცნობილ რუს ღვთისმეტყველს, ვ. ვ. ბოლოტოვს ასე აქვს აღწერილი: "არავისა აქვს უფლება ამიკრძალოს თეოლოგუმენის მიყოლა, რომელიც თუნდაც ერთი მამის მიერ მაინც იქნებოდა გამოთქმული, თუ არ დამტკიცდება, რომ ეს შეხედულება კომპეტენტურ საეკლესიო სამსჯავროს მიერ მცდარად ჩაითვალა; მაგრამ, მეორეს მხრივ, ასევე არავის შეუძლია მომთხოვოს მივყვე ეკლესიის მამათა მიერ გამოთქმულ თეოლოგუმენს, თუკი ეს თეოლოგუმენი თავისი ამაღლებული საღვთისმეტყველო სილამაზით არ მატყვევებს... ერთი რამ უცილობლივ ცხადია ჩემთვის: თუ ამ თეოლოგუმენს მე არ მივსდევ, არ შემიძლია განვსაჯო ისინი, რომელთაც ის აღიარეს" (იქვე).

წმ. მამათა მიერ გამოთქმულთაგან ყოველივე არ არის აუცილებელი რწმენის საგანი. არც წმიდა მამათა შრომებია უცდომელი. უფრო მეტიც, მათი ზოგიერთი შეხედულბა კრებათ მიერ დაიგმო (მაგ.: წმ. გრიგოლ ნოსელის აპოკატასტაზისის თეორია, ღირ. ისააკ ასურელის ქრისტოლოგია და სვხა). "ჭეშმარიტებისგან გადახვევა მოძღვართაგან რომ შეუძლებელი ყოფილიყო, კრებები საჭირო აღარ იქნებოდა" - ბრძანებს წმ. მარკოზ ეფესელი (დიაკ. ანდრია კურაევი. ციტ. დასახ. ნაშრ. გვ. 142).

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ღირ. ბარსონუფი წმინდანთა შეცდომებს ადრინდელი გარემოცვითა და განათლებით ხსნიდა. "თითოეული ადამიანი, თვით წმინდანიც კი, თავისი დროისა და საუკუნის ზოგიერთი ცრურწმენების მატარებელ ადამიანად რჩება იმდენად, რომ სახარებისგან დაშორებასაც კი ვერ ამჩნევს და მანამ, სანამ ეს განსხვავება შემჩნეული არ არის შეუძლებელია ცოდვაში ჩაეთვალოს იგი, - განმარტავს წმ. ბარსანუფის თანამოსაუბრე ღირ. იოანე - ასეთი მამები მათი გონების განათლებას რომ შეჰვედროდენ უფალს, რათა გაეხსნა მათთვის, იყო თუ არა ჭეშმარიტება ეს სწავლება, უფალიც გაუხსნიდა მათ ჭეშმარიტებას, მაგრამ რადგან არ ევედრებოდნენ, ღმერთმა ისინი საკუთარი გულისხმისყოფის ამარა დატოვა... თუმცა, - განაგრძობენ ისინი, - ამის შესახებ განსჯა რა შენი ან ჩემი საქმეა. ჩვენ დრო ჩვენი ვნებების დასათრგუნად მოგვეცა" (იქვე. გვ. 143).

აქედან, სხვათა შორის, გამომდინარეობს ისიც, რომ ყოველი საღვთისმეტყველო შეცდომა ან უზუსტობა არ არის ერესი. I-II საუკუნეების ადრექრისტეანულ მწერლობაში ხშირია ისეთი მსჯელობები ქრისტეზე და სამებაზე, VII საუკუნეში რომ გამოეთქვა ვინმეს, უცილობლივ მწვალებლურნი იქნებოდნენ. მაგრამ მანამ, სანამ ეკლესიამ აწონ-დაწონილი, მართლმადიდებლური პოზიცია კრებითი გადაწყვეტილებით არ ჩამოაყალიბა და იმ ფორმულირებებს არ დაუპირისპირა, რომლებიც კრების თანამედროვე კონტექსტში სამოციქულო გადმოცემებს რყვნიდნენ, საეკლესიო მწერლისთვის შესანდობია უზუსტობანი, რომელიც ეკლესიის სარწმუნოების დასაცავად გამართულ იმ კონკრეტული პოლემიკის პერიფერიებზე დაუშვია, რომელსაც ის აწარმოებდა თავის საუკუნეში" (იქვე. გვ. 143).

ამრიგად, არსებობს თქვენი გარკვეული თვალსაზრისები, რომელთაც ჩვენ არ ვეთანხმებით და რომლის გაცხადების უფლება გვაქვს ფოთის ეპარქიის მრევლის (და გნებავთ მთელი ეკლესიის) სახელითაც. როგორც აღვნიშნეთ, ეს თვალსაზრისები ეხება კერძო საღვთისმეტყველო აზრს (ანუ ღვთისმეტყველების სფეროს) და მოიცავს თქვენს მთელ რიგ თეოლოგიურ (ამ სიტყვის ვრცელი გაგებით) შეხედულებებს, რომელთაგან ერთნი აშკარად მცდარია და მართლმადიდებლურ დოგმატურ სწავლებასთან შეუთავსებელია. მე აქ შეგნებულად არ ვიყენებ გამოთქმას "მწვალებლურია", მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებლურ სწავლებასთან შეუთავსებელი სწავლება სწორედაც რომ მწვალებლობაა. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ჯერ ერთი, თავიდან ავიცილო მოსალოდნელი ბრალდება, თითქოსდა მე თქვენ გსახავთ ერეტიკოსად (ნუმც იყოფინ!) და მეორეც, იმიტომ, რომ ჩემს წიგნში "ვიდრე ჰხუალ... მორწმუნეო" ერთგან დამოწმებული მაქვს წმ. იოანე ოქროპირის და მაქსიმე ბერძენი განმარტებები, რომელთა მიხედვითაც: "ვინც დარიგების მიუხედავად, მტკიცედ მიეკრობა თავის ყალბ მოსაზრებას და ჭეშმარიტების წინააღმდეგ გაილაშქრებს იმ ზომით, რომ მართლმადიდებლობად მოქცევის იმედსაც არ ტოვებს - ერეტიკოსია. ხოლო თუ უცოდინრობით მოსდიოდეს შეცდომა - შეცდომილად იწოდება და არა ერეტიკოსად" (გვ. 84-85). ხოლო მეორენი წარმოადგენენ ან თქვენს, ან რომელიმე მოღვაწის მიერ გამოთქმული კერძო საღვთისმეტყველო შეხედულებათა განმეორებას.

როდესაც ვწერდით, რომ არ ვეთანხმებით თქვენს გარკვეულ მოსაზრებებს, სწორედ ამ ორ ვითარებას ვგულისხმობდით. უმთავრესად კი პირველს, რასთან დაკავშირებითაც, როგორც შეგპირდით, მასალებს ცალკე მოგაწვდით. ის ფაქტი, რომ არ ვეთანხმები თქვენს გარკვეულ თვალსაზრისებს, მე წერილობით ადრეც არაერთხელ გამომითქვამს (იხ. მაგ.: "მართლმადიდებელი" № 4 (15) 1998 წ. "ჭეშმარიტების საძიებლად და არა ერთურთის დასამარცხებლად". იხ. აგრეთვე "ვიდრე ჰხუალ... მორწმუნეო". თბ. 1999 წ. გვ. 92). მაგრამ, არცერთხელ ამ ობიექტურ განცხადებას ასეთი მკვეთრი რეაქცია არ მოჰყოლია, როგორც ამჟამად. სხვათა შორის, განცხადებაში, რომელიც "რეზონანსში" დაიბეჭდა, სიტყვებით "გარკვეული თვალსაზრისები" მეტად შერბილებულად გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება თქვენი უნებლიე შეცდომებისადმი. ჩვენ თქვენი საქვეყნო შერცხვენა ან დამცირება რომ გვდომოდა, როგორც თქვენ გვწერთ, ცხადია, ასეთ ფრთხილ, ნეიტრალურ და მკითხველისთვის არაფრისმთქმელ ფრაზებს კი არ გამოვიყენებდით, არამედ უფრო დეტალურად და ვრცლად შევეხებოდით თქვენს ცდომილებებს.

იგივე ითქმის თქვენს სუბიექტურ გადაწყვეტილებებსა და პიროვნულ ქმედებებზეც. მოდი, შევეხოთ მათ დეტალურად.


სიმართლე მესამე

ა) სიზმართათვის

საკითხის სიცხადისთვის, საჭიროდ ვთვლი, ორიოდ სიტყვით მაინც ითქვას იმის შესახებ, თუ რა მიზეზით იყო გამოწვეული ჩვენი განცხადების გამოქვეყნება "რეზონანსში".

ჩვენის აზრით თქვენ იმყოფებით უმძიმეს ხიბლში, რაც იოანე ღვთისმეტყველის სულითა და ძლიერებით თქვენს მოვლინებას და მსოფლიოს გაქრისტეანების პრეტენზიაში გამოხატება (ამის დასტურად იხ. ქვემოთ ეპ. იონას (მ. ჩახავას) წიგნის "რა უნდა ვაკეთოთ" შესავალი გვერდის ფოტოასლები. აგრეთვე იხ. "ერი, ღმერთი და კანონი". თბილისი 1989 წ. და "რა უნდა ვაკეთოთ". თბილისი 1994 წ.). ასეთ მდგომარეობამდე თქვენ სხვა მრავალ მიზეზთან ერთად სიზმრისეულ ხილვათა ზემოქმედების შედეგად მიხვედით, მიუხედავად წმ. მამათა: ნეტ. დიადოხოსის, წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის, წმ. იოანე კიბისაღმწერელის, წმ. ბასილი დიდის და სხვათა უმკაცრესი გაფრთხილებისა - არ ვენდოთ არც გრძნობისმიერ და არც სიზმრისეულ ხილვებს, სამწუხაროდ, მათით შეპყრობილ იქმენით, რაც ხშირად ხდება თქვენი ერთპიროვნული მოქმედებისა და განცხადებების მიზეზი.

ამიტომაც, საჭიროდ ვთვლით ვისაუბროთ ამ საკითხზეც და ვაჩვენოთ, რომ მიუხედავად თქვენი თვითრწმენისა, სრული უფლება გვაქვს არ ვერწმუნოთ თქვენს სიზმრებს და მათზე არ ავაგოთ ჩვენი მომავალი ცხოვრება და ღვაწლი.

წმ. მამები სიზმრებს ყოფენ სამ კატეგორიად:

1. სიზმრები, რომლებიც გამოწვეულია ჩვენი ოცნებებითა და განცდებით, რადგან წმ. ბასილი დიდის თქმით: "სიზმრისეული ოცნებები ხშირად დღის განმავლობაში ნაფიქრალის გამოძახილს წარმოადგენენ" (Толк. На 33 псалом). არსებობენ ბუნდოვან სიზმრები, რომლებიც ასახავენ მეხსიერებიდან ამოტივტივებულ, ან წარსულში, ან აწმყოში განცდილ გრძნობებსა და მოვლენებს, ასახავენ პირად განცდებს, ოცნებებს, რომლებიც ხშირად ერთმანეთში აღირევიან და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულნი არიან. ასეთ სიზმრებს წმ. ნიკიტა სტიფატი ოცნებებსაც უწოდებს; ისინი გონების წარმოსახვაში არ არიან უცვალებელნი, არ მოაქვთ არავითარი სარგებლობა და ამგვარი სიზმრისეული ოცნება გაღვიძებასთან ერთად ქრება. "სიზმრების ხილვა ერთმანეთის საწინააღმდეგოაო", ამიტომაც ბრძანებდა ბრძენი ზირაქი (ზირ. 34:3).

წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველის თქმით: "როგორც ადამიანი არის ორბუნებოვანი არსება და სულისა და სხეულისგან შედგება, ასევე სამყაროც ორგვარია: ხილული და უხილავი. თითოეულში ცალ-ცალკე აღესრულება ესა თუ ის საქმიანობა, იმისდა მიხედვით, თუ ვის რა სურს, რა აწუხებს და რისთვის ირჯება. ასეთივე მსგავსებას ვხედავ ცხადსა და სიზმრისეულ ჩვენებებს შორის. რაც აწუხებს ადამიანის სულს და რაც გონებაში უტრიალებს, იგივე ეზმანება და იმაზე ფიქრობს ძილშიც..." (წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი. "სამოღვაწეო და შემეცნებითი და საღვთისმეტყველო თავნი". თბილისი 1992 წ. გვ. 98).

ამიტომაც, "...სულის გონითი ნაწილი მზვაობრობამ და სიამაყემ თუკი შეიპყრო, სიზმრად ფრთაშესხმული ჰაერში აფრენას ლამობს, ეჩვენება, რომ მოკალათებულია მოსამართლის მაღალზურგიან სავარძელში და ხან სახალხო მსაჯულია, ხან საჯარო გამოსვლებში მონაწილეობს, ხანაც საზეიმო შეხვედრებს უწყობენ" (იქვე). ამიტომაც ამბობს ბრძენი ზირაქი: "ფუჭი და ცრუ იმედები აქვს უგუნურ კაცს და სულელებს ფრთებს ასხამენ სიზმრები. რაღა ჩრდილის შემპყრობელი და ქარის მდევნელი და რაღა სიზმრების მოიმედე... სიზმრები ფუჭია და მშობიარესავით აოცნებებნ გულს. თუკი ისინი შესაგონებლად არ არიან მოვლენილნი უზენაესისგან, ყურადღებას ნუ მიაქცევ მათ, რადგან მრავალი აცდუნეს სიზმრებმა და დაეცნენ მისი მოიმედენი" (ზირაქი. 34:1, 2, 5-7).

2. მეორე კატეგორიის სიზმრები "სწორედ ის სიზმრებია, რომლებიც "შესაგონებლად არიან მოვლენილნი უზენაესისგან" (ზირაქი 34:6). ასეთი ჩვენებებს სიზმრისეულ ხილვებს უწოდებს წმ. ნიკიტა სტიფატი, ისინი არ იცვლებიან და ისე გვამახსოვრდება, რომ მრავალი წლის განმავლობაში უცვალებლად აღბეჭდილია ჩვენს გონებაში (ციტ. (Христианская жизнь по добротолюбию". Москва 1991 г., стр. 124). მაგრამ ასეთი ხასიათის შთამბეჭდავ სიზმრებს ზოგჯერ ეშმაკიც იწვევს, რაც ხშირად ხდება ხიბლის მიზეზი. აი, რას ბრძანებს წმ. იოანე კიბისაღმწერელი: "სიზმარი გონების აღძვრაა ხორცის უძრავობისას, როდესაც უფლის სიყვარულისთვის სახლ-კარს, ახლობელთა და ნათესავებს დაუტევებთ და მოსაგრეობას შევუდგებით, მაშინ ეშმაკი სიზმართა მეშვეობით შეგვაშფოთებენ და ჩვენს ახლობელთ ან როგორც მგლოვიარედ ან შეჭირვებულად მყოფთ, ან კიდევ თითქოსდა გარდაცვლილებად წარმოგვიდგენენ და მით გვაბრკოლებენ. ამიტომაც, სიზმართმორწმუნე იმ კაცსა ჰგავს, საკუთარ აჩრდილს დასაჭერად რომ გამოჰკიდებია.

დიდების მოყვარეობის ეშმაკი სიზმარში წინასწარმეტყველებს. თუმც ეშმაკმა მომავალი არ უწყის, თავისი ბუნების სისწრაფის წყალობით თუ რაიმე ესმა, ან იხილა ან იცის, მსწრაფლ მოვა და მოგვითხრობს. ვინც ეშმაკს ერწმუნება მას მრავალგზის წინასწარმეტყველად შეექმნება. ხოლო ვისაც სძულს, მისთვის ეშმაკი ყოველთვის მტყუარია. ეშმაკნი ხშირად გვეცხადებიან ანგელოზთა და წმიდა მოწამეთა სახით და გვიჩვენებენ, თითქოსდა ჩვენ მათ მივეახლებით, რათა ამით გახარებულები გამოგვაღვიძონ და აღგვავსონ მზვაობრობით" ("კლემაქსი", თ. 3. "სიზმართათვის"). მათი საცთურების ნიშნად ეს გქონდესო, გვაფრთხილებს წმ. იოანე, რომ ჭეშმარიტი ანგელოზნი ხორცისგან სულის განშორებასა და მარადიულ სატანჯველთ გვიჩვენებენ, რათა გაღვიძებულები შევრძწუნდეთ და შევშინდეთ, ამიტომაც, ვერწმუნოთ მათ, რომლებიც სასჯელსა და სატანჯველთ გვიჩვენებენ; ხოლო თუ სასოწარკვეთა დაგეუფლა, უწყოდე რომ აქაც ეშმაკი გებრძვის" ("კიბე", იქვე).

შეკითხვაზე: "თუ ვინმეს ერთი და იგივე სიზმარი სამჯერ დაესიზმრა, შეიძლება თუ არა ჩავთვალოთ ის ჭეშმარიტებად"? მამები პასუხობენ:

"არა! არ უნდა ვერწმუნოთ ასეთ სიზმრებს! რადგან, მას, ვისაც შეუძლია ყალბი სიზმარი ერთხელ გვიჩვენოს, ამის გაკეთება სამჯერაც შეუძლია. ასე რომ, იფხიზლე, ძმაო, რათა ეშმაკისგან შეგინებული არ აღმოჩნდე" (იქვე. ბარსონუფი დიდისა და იოანეს პასუხები. პასუხი 415). პატერიკებში აღწერილია შემთხვევა, როდესაც ეშმაკმა მოსაგრეს ერთი და იგივე სიზმარი ექვსჯერ დაასიზმრა. ერთ-ერთ კიევო-პეჩორელ ბერს, თევდორეს, სიზმარში ნათლის ანგელოზად გამოცხადებულმა ეშმაკმა საცთუნებლად გამოქვაბულში ჩამარხული განძი აპოვნინა, ხოლო ცხადში საკუთარი მოძღვრის, ბასილის სახით გამოეცხადა. ასევე გამოეცხადა ის სხვებსაც ბასილისა და თევდორეს დასაღუპად" ("Киево-Печорский патерик. 1991 § 10. О святых и преп. Отцах Феодоре и Василии, стр. 30).

ეშმაკის მზაკვარებას ვინ ჩამოთვლის; ვინც თუნდაც ზერელედ მაინც გასცნობია წმ. მამათა თხზულებებს, მან კარგად იცის ამ საგანზე წმ. მამათა გაფრთხილება. სანიმუშოდ ჩვენ შემოგთავაზებთ ნეტ. დიადოხოსის მეტად საჭირო და საყურადღებო დარიგებას, ვისი თქმითაც, როდესაც გონება სულიწმიდის მადლისმიერ ნუგეშს იგრძნობს, მაშინ სატანაც "დასვენების ანუ ძილის დროს სიზმრების მეშვეობით მოჩვენებით ნეტარ გრძნობებს აღუძრავს ადამიანს". ამავე მამის მტკიცებით სიზმრები ადამიანს ღმრთის სიყვარულით ევლინებათ (აქ, ცხადია, იგულისხმება ზემოთ უკვე ნახსენები მანუგეშებელი სიზმრები - ეპ. პ.). წმ. ნიკიტა სტიფატთან ერთად ნეტ. დიადოხოსიც თვლის, რომ ასეთი სიზმრები არ იცვლებიან, არ გვაშინებენ, არ იწვევენ სიცილს, ან უეცარ წუხილს, არამედ უშფოთველად მიეახლებიან ადამიანს და აღავსებენ სულიერი სიხარულით... მაშინ როდესაც დემონური ოცნებები აღსავსეა მშფოთვარებით და, რაც მთავარია, დიად საქმეებს ჰპირდებიან ადამიანს. თუმც ისეც ხდება, რომ კეთილს სიზმრებს სიხარული და აღფრთოვანება კი არ მოაქვთ სულისთვის, არამედ ერთგვარი ტკბილი სევდა და უმტკივნეულო ცრემლი. მაგრამ ამას მხოლოდ ისინი განიცდიან, ვინც უკვე უდიდეს მორჩილებაშია გაწაფული. რაც ყველაზე საინტერესოა (რადგან სიზმართა გარჩევა, - ღვთისგან არის ის თუ ეშმაკისგან, - მხოლოდ გამოცდილ, სულიერ მოსაგრეებს ძალუძთ), ნეტარი მამა გვირჩევს "საერთოდ არ ვერწმუნოთ არავითარ სიზმრისეულ ოცნებას", რამეთუ "სიზმრები სხვა არაფერია თუ არა გულისთქმათა (ან ოცნებათა) მიერ წარმოქმნილი კერპები" და "ეშმაკისგან მოწოდებული სიცრუე და თავშესაქცევი".

"ამ წესს თუ მივყვებით, - ბრძანებს წმ. მამა, - და ზოგჯერ არ შევიწყნარებთ ასეთ სიზმრებს, ღვთისგანაც რომ იყვნენ მოვლენილნი, არ გაგვირისხდება ყოვლადსახიერი უფალი იესუ, რადგან იცის, დემონისგან მოვლენილ სცთურებს რომ ვუფრთხით" (Добротолюбие. Т. 5. Изд. Рус. Дух. Центр. // Роман-газета // Моск. Подворье св. Пантелеимонова монастыря. 1993 г, гл. 31, 38, стр. 25, 30).

3. რაც შეეხება მესამე კატეგორიის სიზმრებს, წმ. ნიკიტა სტიფატის თქმით, საღმრთო გამოცხადებანია, რომლებითაც გვეცხადება უფლის დაფარული და უსაიდუმლოესი განგებულებანი; ჩვენი ცხოვრებისთვის აღსრულებადი უმნიშვნელოვანესი მოვლენები. ასეთი სიზმრები კი, როგორც წმ. ნიკიტა სტიფატის, ასევე წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველის განმარტებით (რომელთაც წმ. სიმეონი უტყუარ სიზმრისეულ გამოცხადებებს უწოდებს), მხოლოდ იმ ადამიანებს აქვთ, რომელთა გონებაც სულიწმიდის მადლით დაწმენდილი და განათებული, ვნებათა და სულთქმათა მარწუხების ტყვეობიდან დახსნილია, იღვწის და ზრუნავს მარტოოდენ ღვთაებრივისთვის... მათი ცხოვრება ამა სოფლის მკვიდრთა ყოფა-ცხოვრებასთან შედარებით გაცილებით უფრო სისხლსავსე, უზაკველი და აუმღვრეველია, მშვიდი და სუფთაა, სავსეა წყალობით, ზეგარდმო სიბრძნით და "ნაყოფთა საქმეთა კეთილისათა" (იაკობ. 3:17), რამეთუ სულიწმიდით არის დამწყალობებული. ვინც ასე არ ცხოვრობს, მათ ცრუ და არეული სიზმრები აცთუნებენ და ხიბლში აგდებენ" (წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი. დასახ. წყარო. გვ. 99). ასეთი ცხოვრება კი მიიღწევა ხანგრძლივი ასკეზით, მდუმარებით (ანუ ისიქასტური ღვაწლით), თავმდაბლობით, სიყვარულითა და მორჩილებით. ამაში დასარწმუნებლად საჭირო არ არის დავიმოწმოთ წმ. მამათა თხზულებები, არამედ თვით მართლმადიდებელ წმ. წინასწარმეტყველთა და წინასწარმჭვრეტელთა ცხოვრობას გადავავლოთ თვალი და ნათლად ვიხილავთ თუ ვის როგორი ღვაწლისა და რწმენის შემდეგ მიეცა ამგვარი მადლი.

ახლა კი თქვენს ზოგიერთ დაბეჭდილ, დაუბეჭდავ თუ გამოუქვეყნებელ სიზმრებს გადავავლოთ თვალი და შევადაროთ ზემოთ ნათქვამს, რათა გავიგოთ, გვაქვს თუ არა უფლება საღმრთო გამოცხადებებს, ანუ მანუგეშებელ ხილვებს მივაკუთვნოთ ისინი; თუ თქვენს გრძნობისმიერ ჩვენებებად მივიჩნიოთ, რომელთა გამო თვითონაც მწარედ ტყუვდებით და თქვენი სიზმრებით მოხიბლული მრავალი ადამიანიც.

ასე მაგალითად, ერთ ერთ სიზმარში (იხ. "რა უნდა ვაკეთოთ") რუსი "სტაროვერები" თეფშებზე დამაგრებული ანთებული სანთლების წინაშე დგანან და თეფშებზე ყურებით ჭვრეტენ თავიანთ მომავალს. მოიტანენ თეფშს და სანთელს თქვენთვისაც. თქვენ თეფშზე დამაგრებულ სანთელს ანთებთ. "ვიგრძენი ჩემმა თეფშმა გახურება იწყო, - წერთ თქვენ, - ეს არც იმ სტაროვერ მამაკაცებს დაურჩათ შეუმჩნეველი. მერე... ჩემს თეფშზე იწყეს საკმევლის დაყრა. თეფშიდან ლურჯი კვამლი ადგა, გარშემო სურნელება მიმოიფრქვა. ვგრძნობდი, რომ ისინი ჭვრეტდნენ ჩემს მომავალ ცხოვრებას - საეკლესიო ღვაწლსა და აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. თვალებდაკვესილები დასცქეროდნენ ზემოდან (თეფშს - ეპ. პ.). უცებ ყველანი სახტად დარჩნენ. ციდან მომესმა ხმა რუსულად:

- Они узрели твой конец, ты побоялся?

- Дарую, Господи, только такой конец! - ჩიტივით აფრინდა პასუხი ბაგიდან ("რა უნდა ვაკეთოთ". გვ. 687).

სხვა სიზმარი: "ერთ-ერთი სიზმრისეული ხილვისას, მწვანედ გადაფოთლილ მეჩხერ ტყეში", როდესაც თურმე ჩხოროწყუში მიემართებოდით, "გადაჭრილ ხის კუნძზე მჯდარ მამა ღმერთს" შეხვედრიხართ. მცირეოდენი მოკითხვის შემდეგ, რაც ყოფით პრობლემებს, ანუ თქვენს მიერ ბეთლემში სახლის ჩადგმას ეხებოდა, ღმერთს თქვენთვის "ვიმღეროთო", შემოუთავაზებია. თქვენ და მამა ღმერტს ერთად შეგისრულებიათ რომელიღაც კოლხური სიმღერა. გარდა ამისა, მამა ღმერთს ორი წინა კბილი და მარჯვენა კბილის ბოლო ფესვიც ამოუღია, რომლებიც "ხელს გიშლიანო მთავარ საქმეში" (ე. ი. მსოფლიო გაქრისტეანებასა და გადანათვლაში - ეპ. პ.), ასევე თქვენი მოწინააღმდეგე მთავრობა, რომელიც "დასაჭერად დაგდევთ". ამ "ხილვას" ასე განმარტავთ: "ჩვენს ეკლესიაშიც გაერია ეშმაკის ერთგული, რომლსი დაუზარებელი მეცადინეობით რამდენიმე სული განერიდა ეკლესიას" და ა. შ.

წიგნის მე-3 გვერდზე გვაუწყებთ, რომ "დაიწერა წიგნი ესე (ე. ი. "რა უნდა ვაკეთოთ" - ეპ. პ.) ბრძანებითა ღმრთისა ჩვენისა ცაბაოთისასა", მაგრამ რის საფუძველზე აცხადებთ ამას? კვლავ და კვლავ ერთ-ერთი სიზმრისეული ხილვის საფუძველზე, რაც არა მარტო ჩემთვის, სხვებისთვისაც არაერთხელ მოგიყოლიათ. ამ სიზმარში თქვენ ხედავთ მამა ღმერთს, რომელიც რაღაცის წერას გავალებთ: "აიღე ფანქრები და ქაღალდი" - ისმის მამა ღმერთის ბრძანება. ამის შემდეგ, თქვენი გადმოცემით მამა ღმერთი იწყებს ბოლთის ცემას და აქეთ-იქეთ სიარულს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ფიქრობს, როგორ და რა გიკარნახოთ (რაც სრულიად შეუფერებელია საღმრთო ბუნებისთვის. ღმერთს თავისი ყოვლისმცოდნეობის ძალით რაიმეს აღსრულებაზე ფიქრი არ სჭირდება - არქიეპ. პ.). იმის შემდეგ, რაც რაღაცას ჩაგაწერინებენ, იღვიძებთ, მაგრამ, ჰოი, უბედურებავ, არ გახსოვთ (!) რა ჩაგაწერინათ ღმერთმა (გაიხსენეთ რას ბრძანებს ასეთი შემთხვევების თაობაზე წმ. ნიკიტა სტიფატი). დიდი ხნის ნერვიულობის შემდეგ, ოფიციალური ეკლესიის ერთ-ერთი მღვდელმსახური გეტყვით: "თუ დაგავალეს, რომც დაგავიწყდეთ მაინც დაგაწერინებენო". თუ რა დაგაწერინეს, ამას სპეციალურად მომზადებულ მასალებში დეტალურად იხილავთ.

ერთ სიზმარში გინახავთ როგორ აგიტაცათ ქრისტემ ჰაერში და მაღლა ცაში, სივრცეში დაგაყენათ. შემდეგ კი ხელი გაგიშვათ და თავად მოშორებით მდგომი თქვენს სიმტკიცეს დააკვირდა. თქვენ სიმაღლე გაშინებთ და ვარდნას იწყებთ, მაგრამ აქ უეცრად ქრისტე გეშველებათ, კვლავ მტკიცედ გაყენებთ და გაუბნებათ "რატომ ეჭვობ შენ?". ამის შემდეგ ცაში, მტკიცედ დგებით და არ ირყევით (ამას სხეულებრივი მდგომარეობითაც, ანუ გათამაშებითაც, წარმოგვიდგენდით ხოლმე). თქვენს რწმენასა და სიმტკიცეში დარწმუნებული ქრისტე უეცრად სასწაულთქმედების ნიჭით გაჯილდოვებთ და აი, - თქვენს ხელში ცეცხლოვანი მახვილი ჩნდება. ამავე დროს, ქვემოთ ეკლესიას ხედავთ, რომელშიც გველეშაპი დაბუდებულა და აი, სიზმარში გრძნობთ საკუთარ მისიას - "ეკლესიის დაცვას"!

ასეთი სიზმარიც მოგიყოლიათ: ერთხელ თბილისის შემოგარენში ტაქსით მგზავრობდით. თქვენში ერთგვარ აღელვებას და სასიამოვნო თრთოლვას იწვევს ტაქსის მძღოლი და მის გვერდით მჯდომი ქალბატონი. თქვენ ხვდებით, რომ მძღოლი მიქაელ მთავარანგელოზია (! - ეპ. პ.), მგზავრი კი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი (! - ეპ. პ.).

ერთხელაც ეშმაკმა სიზმარში კინაღამ ცხვირ-პირი დაგინგრიათ! ეშმაკი თქვენს საცემად ჯიქურ წამოსულა. პირჯვარი კი გადაგიწერიათ, მაგრამ ნურას უკაცრავად, ეშმაკს წარბიც კი არ შეუხრია და თქვენსკენ გამოლაშქრება არც კი გადაუფიქრებია. აი, ეშმაკი გიახლოვდებათ და მარცხენა ხელით საყელოში გწვდებათ, მარჯვენათი კი დასარტყმელად მუშტი მოგიღერათ. "ახლა ამან რომ დამარტყას, გამათავებს" - გიფიქრიათ თქვენ, მაგრამ უეცრად ეშმაკს ასეთი სიტყვები აღმოხდენია: "დაგანგრევდი თავზე ალფა გვირგვინი რომ არ გედგას და მასში წმ. ნინოს 99 ჯვარი და წმ. გიორგის 75 ჯვარი არ იყოს ჩახატული" (რიცხვები ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ამას არსებითი მნიშნელობა არა აქვს).

საკუთარ სიზმრებზე დაყრდნობით (ჯერ კიდევ 1989 წლიდან), ყოველწლიურად გვიცხადებდით, რომ "ამა წლის 3 დეკემბერს დიდი ომი დაიწყებოდა". მახსოვს, როგორც გაეცით ბრძანება ორცხობილები დაგვემზადებინა, შეგვეკრა ბარგი-ბარხანა და სადღაც ტყეში (სამალავ ადგილს კონსპირაციის მიზნით ყველას არ უმხელდნენ), უბედურებისთვის თავი აგვერიდებინა. ზოგიერთებმა მართლაც დაიჯერეს ეს და დაიწყო ორცხობილების ცხობა და დამზადება... კონსერვებისა და წამლების შეგროვება, აფხაზეთიდან ძლივს გამოტანილი და ზუგდიდში ყოფნისას მხედრიონელებს გადარჩენილი ჩემი მცირეკალიბრიანი შაშხანა კინაღამ "შტაბში" ჩამაბარებინეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით ერთმა მორწმუნემ ბინაც კი გაყიდა (! - ეპ. პ.)...

და ასე გრძელდებოდა დაუსრულებლად. ბ-მა ზ. ნოდიამ, ამის გამო კატეგორიულად მოგთხოვათ ღმრთის წინაშე დაგედოთ აღთქმა, რომ აწ სიზმრებს აღარ ერწმუნებოდით. დადეთ კიდევაც ეს აღთქმა, მაგრამ ღმრთისთვის მიცემული აღთქმისა და ჩვენთვის მოცემული პირობის შესრულება ვერ შეიძელით.

ამ სიზმრების დეტალური განხილვა შორს წაგვიყვანს, მე მხოლოდ მცირე შენიშვნებით შემოვიფარგლები და ვიტყვი, რომ გარდა წმ. მამათა დარიგებებისა, რომელთა მიხედვითაც უფლება გვაქვს არ დავიჯეროთ არც ერთი სიზმარი. აქვე შევნიშნავთ, რომ ღმრთისგან მოწოდებულ სიზმრისეულ ხილვებს უცილობლივ გააჩნიათ:

1) დოგმატური, ანუ სწავლა-მოძღვრებითი და 2) ზნეობრივი შინაარსი. ანუ დგება ამა თუ იმ ხილვის, სიზმრის თუ გამოცხადების ღმერთსაკადრისობის საკითხი! ამ კუთხით თქვენი სიზმრები იწვევენ სრულ უნდობლობას!

ასე მაგალითად:

1) მომავლის გაგება თეფშებში ყურებით ან ანთებული სანთლებით და შეწირული საკმევლით, მეტად გავრცელებული ოკულტური ხასიათის ქმედებაა!

2) ნაკარნახევის ან ნანახის დავიწყება გრძნობებით, ემოციებით გამოწვეული სიზმრის შედეგია და არა საღმრთო ჩვენება (ამის შესახებ მამები დეტალურად გვესაუბრებიან. იხ. ზემოთ: წმ. ნიკიტა სტიფატი, წმ. ბასილი დიდი, წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი და სხვანი).

3) გრძნობისმიერია და არანაირ მორალს არ შეიცავს სიმღერა მამა ღმერთთან და საყოფაცხოვრებო ამბების გამოკითხვა. თანაც, წმ. წინასწარმეტყველის მიხედვით ღმერთი მხოლოდ თავის მოწინააღმდეგეთა კბილებს მუსრავს (იხ. ფსალმუნი 3:8).

4) ვფიქრობთ კომენტარს არ საჭიროებს ღვთისმშობლის ჯდომა "ტაქსში", თანაც მიქაელ მთავარანგელოზის "მძღოლად" წარმოდგენა. ამ სიზმრის გრძნობისმიერებაზე, ალბათ, არც უნდა შემოგვედავოთ!

5) შეუძლებელია საღვთოდ მივიჩნიოთ სიზმარი, რომელშიც ეშმაკს ჯვრის არ ეშინია და ლაპარაკია რაღაც 99 თუ 75 ჯვარზე, რომელიც თურმე თქვენს თავზე დადგმულ "ალფა გვირგვინშია" ჩახატული. "ალფა გვირგვინი" პირველობის პატივზე მიანიშნებს (ასე აღიქვამდით მას თავადაც). და თუ ბარსონუფი დიდი და იოანე სულიერ ძმას პირჯვრისწერით ურჩევენ ეშმაკისგან თავის დაცვას, აქ ეშმაკს ქრისტეს საჭურვლისა კი არა, მხოლოდ თქვენი "ალფა გვირგვინისა" შეშინებია! კეთილი, მაგრამ, რა უნდა ვქნათ ჩვენ, ვისი ან რისი იმედით ვიყოთ, ვისაც ასეთი "ალფა" გვირგვინები არ გვახურავს? აქ ალბათ გვეტყვით, "თქვენ მეუფე იონა გიცავთ, რომელსაც ქრისტემ მეხთატყორცნის უფლება და ეკლესიის დაცვა დაავალაო", მაგრამ ეს ხომ მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის საწინააღმდეგო იქნება?! ეკლესიას თვით ქრისტე იცავს! ეს კია, მებრძოლ ეკლესიაში, ის ყოველთვის აღძრავს წმიდა კაცებს ჭეშმარიტების დასაცავად.

თქვენი სიზმრების გრძნობისმიერებაზე (ეშმაკეულ ხასიათზე რომ არაფერი ვთქვათ) მიანიშნებს ასეთი "ხილვაც":

თქვენი წიგნის, "რა უნდა ვაკეთოთ" ფერი, ზომები, სისქე და სათაურიც ასევე ნაკარნახევია სიზმრიდან. აი, ისიც:

"სიზმრისეულ ხილვაში ფოთის ზღვის სანაპიროზე მჯდომ იმ დროისთვის გარდაცვლილ მეზობელს (თუ ნაცნობს), კომუნისტური პარტიის წევრს, ვინმე მაყვალას ხედავთ. ხელში მას რაღაც შავი საგანი უჭირავს. თქვენსა და ქალბატონს შორის (ღმერთმა განუსვენოს მის სულს) იმართება ასეთი დიალოგი:

- გამარჯობა, მაყვალა!

- გამარჯობა, მურთაზ!

- მაყვალ, ხელში რა გიჭირავს?

- ეს ხომ შენი წიგნია, მურთაზ!

და აი, მაყვალა გაწვდით წიგნს სახელწოდებით "რა უნდა ვაკეთოთ", რომელიც შემდგომ გამოიცემა ამავე სახელწოდებით.

არაერთხელ მოგიყოლიათ ჩვენთვის თუ როგორ იხილეთ სიზმარში თქვენი ნაშრომი. მის შავ ფონზე გამოხატული გამოსახულება. თითების დაშორიშორებით გვიჩვენებდით მის სისქეს, მტკაველის გაშლით მის სიგრძეს და ასევე მის სიგანესაც.



ეპისკოპოს იონას (ერისკაცობაში მურთაზ ჩახავას. ნათლობით იოანე) წიგნი: "რა უნდა ვაკეთოთ" (თბილისი 1994 წ.). მარცხნივ - წიგნის გარეკანი. მარჯვნივ - მე-3 გვერდი. გასადიდებლად სურათებს დააკლიკეთ.


ბ) დევნულების მანია


ამ და სხვა მსგავსი სიზმრებით და საკუთარ მსოფლიო მისიაში თავდაჯერებულ ადამიანს ეშმაკი უსწორდება სხვა მხრიდანაც. კერძოდ, ის გაწვდით აზრს, რომ ვიღაცას თქვენი განადგურება უნდა. გაიხსენეთ ყოფილი მეგობრები, რომელთაც თქვენ "ეშმაკის ერთგულებს" უწოდებთ და, რომლებიც ზემოთ ხსენებული სიზმრის მიხედვით "ცდილობენ" თქვენს "დაბრკოლებას".

სამწუხაროდ, სიზმრებით მოხიბლული და ეშმაკისეული საცთურებით დატყვევებული, საკუთარ მეგობრებისა და სულიერი შვილების მიმართ ძალიან ეჭვიანი გახდით. შეგიპყროთ დევნულების მანიამ. თქვენი ლოგიკა ასეთია: "თუ ღმერთმა გაწარმართებული მსოფლიოს გადანათვლა და გაქრისტეანება დამავალა, ადვილი წარმოსადგენია ეშმაკის მომხრეთაგან ჩემს დასამხობად მომართული მთელი ძალისხმევაც". აქედან, როგორც თქვენ, ასევე თქვენმა ადეპტებმა დაიწყეს მტკიცება - "მსოფლიოს დემონური ძალები თავს საქართველოში იყრიან მეუფე იონას დასამხობადო". აი, ამისი დასტურიც:

"რა არის თქვენი მიზანი? - გეკითხებათ კორესპონდენტი.

პასუხი: გაწარმართებული ქვეყნის გაქრისტეანება.

კითხვა: ძლიერდება თუ არა თქვენს მიმართ ოპოზიცია?

პასუხი: მთელი მსოფლიო ლუციფერთა საკრებულო სადღეისოდ საქართველოში იყრის თავს, რამეთუ დამდგარა ჟამი დედა ღვთისმშობლის წილხვდომილ ქვეყნის, "ლაზარეს" გაცოცხლებისა" (გაზეთი "ღვთიური გზა, 1991 წ. № 8. ან წიგნი: "რა უნდა ვაკეთოთ". გვ. 418-419).

ამის გამო უსამართლო ეჭვებით უმხედრდებით თქვენს ერთგულ მეგობრებს და მათ ხან "შამანებად", ხან "ეშმაკის ერთგულებად", ხან კიდევ "სუკის აგენტებად" მიიჩნევთ. ასე ჩამოგშორდათ მ. იაშვილი, ლ. ჯიბლაძე, და-ძმა ი. და თ. იმნაძეები და სხვა. გახსოვთ, თქვენი უახლოესი მეგობრის (რომელიც დღემდე თქვენი მეგობარია!) ბ. მუჩიაშვილის "სუკის აგენტობაში" ეჭვი საკმაოდ უცნაური მიზეზის გამო რომ შეიტანეთ?! ცნობილია, რომ თქვენ და ბ-ნ იოსებს ხშირად გიწევდათ მანქანით ერთად მგზავრობა. ჩვენი გზების "კეთილმოწყობის" ამბავი ყველას მოგვეხსენება და ხშირად მანქანა ორმოებში ვარდებოდა, რაც მეტად წყენდა თქვენს კუჭს, რადგან კუჭის წყლული გაწუხებთ და უერთგულეს მეგობარს სუკის აგენტობა და თქვენი მოკვლის (!) მცდელობა დასწამეთ; მაინც როგორ უნდა მოეკალით ი. მუჩიაშვილს? - მანქანის დიდ ორმოებში სპეციალური ჩაგდებით და ჯაყჯაყით ი. მუჩიაშვილს თქვენთვის კუჭი უნდა გაეხექთა (!).

არ ვიცი, როგორ და რა ღონისძიებებით მოახერხა ბ-ნმა ი. მუჩიაშვილმა თქვენი გადარწმუნება, მაგრამ, როგორც იქნა ამ აკვიატებულ აზრს შეეშვით და ამჯერად თვალი ფოთელ ყმაწვილს, ქრისტესმოყვარე და ერთგულ ზ. სიჭინავას დაადგით. მიზეზი? აწ გარდაცვლილი ფოთელი სულიერი შვილის, ცნობილი სკულპტორის ცნობით, ერთხელ ზ. სიჭინავა "ხალხს" სახ. უშიშროების ფოთის განყოფილებიდან გამოსული უნახავთ. თუ სუკის ან მილიციის შენობაში შესვლა და გამოსვლა ავტომატურად ამ დაწესებულებათა "აგენტობას" ნიშნავს, მაშინ, მომიტევეთ და, თქვენც სუკის გაშანშალებული "აგენტი" ყოფილხართ, რადგან საკმაოდ ხშირად სტუმრობდით სახ. უშიშროებაში ბ-ნ ნუგზარ საჯაიას, სუკის იმდროინდელ მეთაურს. ამასთან საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა გაქვთ კომუნისტებთან და მათ ლიდერებთან, რომელთაც მოსკოვი მართავს...

ერთი პერიოდი ზ. ნოდიაც ითვლებოდა "სუკის აგენტად". და საერთოდ, ასეთად ითვლება ყველა, ვინც კი ცდილობს თქვენს გამოყვანას ამ ხიბლიდან, გაბედავს და არ გაიზიარებს თქვენს რომელიმე შეხედულებას (ამის დასტურია თუნდაც "რეზონანსში" დაბეჭდილი ჩვენი განცხადების გამო ატეხილი აჟიოტაჟი) და თამამად გამოთქვამს თავის მოსაზრებას.

მოსალოდნელია, რომ შავ სიაში უკვე მეც ვარ ჩაწერილი, რადგან ვბედავ თქვენს არასწორ შეხედულებათა და ქმედებათა მხილებას, "მსოფლიო ლუციფერული ძალები" ხომ საქართველოში იყრიან თავს და ამ "ლუციფერულ" ძალებს, როგორ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, ძველმართლმადიდებელთა შორის ეძებთ, ნამდვილად ლუციფერულ ძალებს კი (კომუნისტებს ვგულისხმობ) იახლოვებთ, დადიხართ მათ ყრილობებზე და მათ ლიდერებსაც ხვდებით...

მაშ, დავაჯამოთ ყოველივე ზემოთ ნათქვამი და კვლავ აღვნიშნოთ, რომ, მიუხედავად იმისა, თუ როგორ მიიჩნევთ საკუთარ სიზმრებს, ვთვლით, რომ გვაქვს სრული უფლება არც ერთი თქვენი სიზმარი არ მივიჩნიოთ საღმრთო გამოცხადებად და ამიტომაც მათზე არ ვაფუძნებთ არც ჩვენს საეკლესიო ღვაწლს და არც ჩვენი ეკლესიის მომავალ ცხოვრებას.

უფალი წმ. იერემია წინასწარმეტყველის პირით ბრძანებს: "გავიგონე, რაც თქვეს წინასწარმეტყველებმა, სიცრუეს რომ ქადაგებენ ჩემი სახელით: მესიზმრა, მესიზმრაო!" როდემდის უნდა იყოს ასე წინასწარმეტყველთა გული, სიცრუეს რომ ქადაგებენ, საკუთარი ცბიერი გულის წინასწარმეტყველნი რომ არიან? ამიტომ, აჰა, თავს ვესხმი წინასწარმეტყველებს, ამბობს უფალი, თავისას რომ ლაპარაკობენ და ამბობენ, უფლის ნათქვამიაო; აჰა, თავს ვესხმი წინასწარმეტყველებს, ცრუ სიზმრებს რომ ხედავენ, ამბობს უფალი, ჰყვებიან მათ და აცთუნებენ ჩემს ერს თავიანთი ტყუილებით და ტრაბახობენ. მე კი არ გამომიგზავნია ისინი, არც არაფერი მიბრძანებია მათთვის, არც არაფერში არგიან ამ ხალხს, ამბობს უფალი" (იერემია 23:25-31). თუ ვინმე იტყვის: "რა არისო უფლის განაჩენი", უფალ იერემიას პირით გიპასუხებთ: "მე მიგატოვებთ თქვენ, ამბობს უფალი" იერ. 23:33).

ხოლო წმ. ეზეკიელ წინასწარმეტყველის პირით უფალი ასე გვაფრთხილებს: "უთხარი საკუთარი ნებით გაწინასწარმეტყველებულთ; ისმინეთ-თქო უფლის სიტყვა. ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ვაი, ცრუწინასწარმეტყველთ, რომლებიც საკუთარ სულს მიჰყვებიან და არაფერი უხილავთ (ე. ი. არ ჰქონიათ საღმრთო გამოცხადება - ეპ. პ.) მათი ხილვები ფუჭია და მათი მისნობა სიცრუე; კი ამბობენ უფალმა თქვაო, მაგრამ უფალს არ მოუვლენია ისინი; ირწმუნებიან, ახდებაო ჩვენი სიტყვა, განა ფუჭ ხილვებს არ ხედავთ, ცრუ მისნობას არ წარმოთქვამთ, რომ ამბობთ უფლის ნათქვამიაო, მე კი არაფერი მითქვამს? ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი ფუჭს ლაპარაკობთ და სიცრუეს ხედავთ, ამიტომაც, აჰა, თქვენს წინააღმდეგ ვარ, ამბობს უფალი ღმერთი. იქნება ჩემი ხელი ფუჭმხილველ წინასწარმეტყველთა და სიცრუის მისანთა წინააღმდეგ; ჩემი ერის საბჭოში არ იქნებიან ისინი, ისრაელის სახლის წიგნში ვერ ჩაიწერებიან და ისრაელის მიწაზე ვერ მივლენ, მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ღმერთი ვარ" (ეზეკ. 13:2-9).

თუ ვინმე შემომედავება და მეტყვის, რომ ეს უფალმა ძველაღთქმისეულ ისრაელს უთხრა, ვამცნობ, რომ ის ახალაღთქმისეული ჭშმარიტი ისრაელის, ქრისტეს მისტიკური სხეულის - ეკლესიის წინასახეა და ბუნებრივია, რომ თუ ძველი ისრაელის სიზმრებით ცთუნება ასეთი საშინელი ცოდვაა, მით უფრო საშინელია სიზმრებით ახალი ისრაელის, ეკლესიის ცთუნება.

ცხადია, რომ ჩვენ არ გვქონდა არც მორალური და არც კანონიკური უფლება ასეთ სავალალო მდგომარეობაში მყოფი წინამძღვარი არ გაგვეფრთხილებინა. მითუმეტეს, რომ ამ სიზმრებზე მთელ რიგ წინასწარმეტყველებებსაც კი აფუძნებდით. ვხედავდით რა ასეთ მდგომარეობაში მყოფ ჩვენს პირველიერარქს, - ჩვენი ეკლესიის სახეს და ღირსებას, თავს მოვალედ ვთვლიდით, შეგვეგონებინა და გვემცნო მისთვის, რომ წმ. მამები კრძალავენ სიზმართმორწმუნეობას. რადგან სულიერ და ასკეტურ ცხოვრებაში ჯერ კიდევ გამოუწრთობ და გამოუცდელ ადამიანთ ეშმაკი სწორედ ამ ფორმით და საშუალებით აცთუნებს. მითუმეტეს, რომ ქართულ პრესაში ამგვარი ხიბლით გამოწვეულმა "წინასწარმეტყველებებმაც" გაიჟღერა.

სამწუხაროდ, წლების განმავლობაში სიზმრისეული ხილვებით ცთუნებულმა არათუ რიგითი ადამიანების, თვით სახელმწიფოთა მეთაურებისა და სახელმწიფოთა ბედ-იღბლის გაწინასწარმეტყველებაც იტვირთეთ. ასე აღმოჩნდა, მაგალითად, თქვენს წიგნში ("რა უნდა ვაკეთოთ") "წინასწარმეტყველება" 1994 წლის შესახებ, რის თაობაზეც წერილის წინა თავში მოგახსენეთ.

ამრიგად, კარგად ხედავთ, ეშმაკმა სიზმრებით საკუთარ განსაკუთრებულ მისიაში თავდაჯერებული როგორ გაცთუნათ, თუმცა, სამწუხაროდ, აქედან საჭირო დასკვნები მაინც ვერ გამოიტანეთ. ელცინის გარდა დამხობა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტ ბ-ნ ედუარდ შევარდნაძესაც "უწინასწარმეტყველეთ". აი, თქვენი ინტერვიუ გაზეთ "კომუნისტის" კორესპონდენტთან:

"... რომან გვენცაძემ ტელეფონით გააცნო ჩემი პიროვნება ბ-ნ ედუარდს და ხაზგასმით ურჩია: ამ კაცთან თქვენი შეხვედრა აუცილებელიაო და მანაც აღუთქვა შეხვედრა მოკლე ხანში... შემდეგ, კი დიდად გაძნელდა პრეზიდენტთან მიახლოება... როცა ადექვატური რეაგირება ვერ მივიღე, პრეზიდენტის მეგობრების მეშვეობით მივაწერინე მოკლე ინფორმაცია, ანუ ცნობა ქვეყნის ყოფის აპოკალიფსური გარდაუვალობისა და საკუთარი ბედისწერის შესახებ. რამდენადაც გაცხადებულია აქ კეთილმოსურნეობის მცდელობა თავად განსაჯოს" ("კომუნისტი", 1999 წ. № 22 (21307). გვ. 3 სვ. 2. "ვის არ უნდა ხე ნაყოფით შეიცნოს").

არაერთხელ გაფრთხილებდით თავი შეგეკავებინათ ამგვარი "წინასწარმეტყველებებისა" და ერის დამაბრკოლებელი სხვა გამონათქვამებისგან, რაც თქვენს წიგნ "რა უნდა ვაკეთოთ"-შიც არის მოცემული; ეს შემიძლია დავადასტურო იმითაც, რომ სიტყვაც კი ჩამოგართვით, თავს შეიკავებდით ამგვარი განცხადებებისა და ქმედებებისგან, რასაც შეეძლო თქვენთვისაც და ჩვენთვისაც სახელი გაეტეხა და თქვენი თანხმობით დაიმედებულმა 1998 წელს განვაცხადე:

"სხვათა შორის უფლებამოსილი ვარ განვაცხადო: რადგანაც წიგნის ავტორის მეტად პრეტენზიული განაცხადი დამაბრკოლებელია როგორც ეკლესიის გარეთ მდგომთათვის, ასევე ჩვენი ეკლესიის მრევლისთვისაც, ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა ერთი ჯგუფისა და ჩემი შეგონებით ეპისკოპოსი იონა თანახმაა თავის შეიკავოს ამგვარი განცხადებებისგან, მოაცილოს წიგნს მესიანისტური ადგილები და მეორე გამოცემისთვის ისაუბროს მხოლოდ თეოლოგიური და ეკლესიოლოგიური, ასევე, ზნეობრივი ხასიათის საკითხებზე. ასე, რომ წიგნის მომდევნო გამოცემიდან სრულიად ამოღებული იქნება მისი პირველი გვერდები მსგავსი განცხადებებით, წიგნის სხვა გვერდებში მოცემული ანალოგიური ადგილები და მკითხველის დამაბრკოლებელი სიზმრები. ეს კი, ვფიქრობ, მოხსნის ყველა იმ პრობლემას, რაც ამ წიგნთან და მის ავტორთან დაკავშირებით წარმოიშვა" ("მართლმადიდებელი", № 5 (16) 1998 წ.).

მაგრამ, 1999 წელს, პირველივე ხელსაყრელ შემთხვევაში დაარღვიეთ ეს პირობა და გაზეთ "კომუნისტის" 1999 წლის 16-22 მაისის ნომერში დაბეჭდილ ინტერვიუში ჩართეთ ეპისტოლე ოფიციალური ეკლესიის პატრიარქ ილია II-სადმი, რომელშიც, სხვათა შორის, წერთ: "განა ბედნიერი არ არის ის პატრიარქი (ე. ი. ილია II - ეპ. პ.), რომელიც ღვთიური კანონის მპყრობელიაა და თანაც "უფლის საყვირის" (ე. ი. თქვენი, ანუ ეპ. იონას - ეპ. პ.) თანადგომის შანსი გააჩნია?" ("უფლის საყვირში" წინასწარმეტყველი იგულისხმება - ეპ. პ.).

ამის შემდეგ ილია II-თან "ფუნქციებსაც" ინაწილებთ და წერთ: "შემდეგ კი საყვირმა (ე. ი. ეპისკოპოსმა იონამ - ეპ. პ.) აფხიზლოს ერი, მწყემსი კი (ანუ ილია II - ეპ. პ.) წარუძღვეს ფარას საიმედო საძოვარზე" ("კომუნისტი", 1999 წ. 16-22 მაისი. "ვის არ უნდა ხე ნაყოფით შეიცნოს", გვ. 2). ამ მეტად საინტერესო განაცხადს მე კვლავ დავუბრუნდები, მანამდე კი მინდა ვიკითხო: არის თუ არა ეს წინასწარმეტყველის ფუნქციაზე პრეტენზიის განცხადება? დიახ, არის და მის შესახებ თვითონაც არაერთხელ გითქვამთ. კერძოდ კი ის, რომ იოანე მახარებლის სულიერიებითა და ძლიერებით მოსული და მისივე ფუნქციის (ანუ მსოფლიო დამოძღვრის) მატარებელი კაცი ბრძანდებით. ასე, მაგალითად, ვინმე ჟურნალისტ გია კორძაძისთვის მისცემულ ინტერვიუში ბრძანებთ: "მთავარი ის კი არაა, მურთაზ ჩახავა ის იოანეა თუ არა, მთავარი საუკუნის მიჯნაზე ელოდება თუ არა კაცობრიობა ჭეშმარიტების გასარკვევად ვინმე ავტორიტეტის გამოჩენას? რა თქმა უნდა, ელოდება! და ეს მე ვარ!" ჩემმა წიგნმა "რა უნდა ვაკეთოთ", მთელი მსოფლიო უნდა მოამზადოს ქრისტესთან შესახვედრად" ("შანსი", 1996 წ. № 296, გვ. 7).

ცხადია, რომ ასეთი ხიბლისმიერი, ერთპიროვნული განცხადებები ვერც თქვენ და ვერც ეკლესიას ავტორიტეტს ვერ შეუქმნიდა. ამიტომაც, მონდომება არ დაგვიკლია, რათა შეგვეგონებინა თქვენთვის მოგეშალათ ეს ჩვევა.

მითუმეტეს, რომ ასეთი უპასუხისმგებლო, ერთპიროვნული, ეკლესიასთან შეუთანხმებელი განცხადებები ადრეც გაგიკეთებიათ. კერძოდ, იმავე ჟურნალისტ გია კორძაძისთვის მისცემულ ინტერვიუში, შეკითხვაზე: "მეუფეო, რითი შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ცოდვილ ეკლესიას?" პასუხობთ:

- უპირველეს ყოვლისა უნდა მოხდეს მღვდელმსახურთა გადანათვლა. ასევე დადგინდეს წყალპკურებითი ნათლობის პრაქტიკიდან ამოღება. მართალია, ამ შემთხვევაში მათ "ჩინი" ეკარგებათ, მაგრამ ჩვენ ვართ ძალმოსილნი მეორე დღესვე (?) კვლავ ავიყვანოთ ისინი ხარისხში. ასე, რომ ერთ კვირაში (? - ეპ. პ.) საქართველოს ეკლესია (? - ეპ. პ.) დაიბრუნებს თორმეტი ეპისკოპოსის ტიტულს. პატრიარქს ისევ პატრიარქად აირჩევენ (ვინ? - ეპ. პ.). ამრიგად, ჩვენი, ძველმართლმადიდებლური ეკლესია შეუერთდება ქართულ ეკლესიას და დაიწყება მსოფლიო გადანათვლის პროცესი. აქ, მე, როგორც ღვთის სიტყვის მქადაგებელს ჩემი ფუნქცია გამაჩნია. არ არის სავალდებულო, მოვითხოვო (? - ეპ. პ.) პატრიარქობა. ვარ ეპისკოპოსი და დავრჩები ამავე "ჩინში", ერთ-ერთი ეპარქიის ეპისკოპოსად" ("შანსი", 1996 წ. № 96 გვ. 7).

თქვენს ამ მოჩვენებით და ყალბ თავმდაბლობას რომ თავი დავანებოთ (რაც იმაში აშკარავდება, რომ თუ მე პირველობის მოპოვების სწრაფვასა და თქვენი "გადაყენების" მცდელობაში მადანაშაულებთ (იხ. ზემოთ), საინტერესოა, როგორ პირდებით ამავე პირველობას, ანუ პატრიარქობას ილია II-ს, ხოლო თვითონ "ერთ-ერთი ეპარქიის ეპისკოპოსად" რჩებით), სახეზე გვაქვს, როგორც ლიტურგიკული, ასევე კანონიკური ხასიათის შეცდომები და რაც მთავარია, ერთპიროვნული მმართველობის უბადლო მაგალითიც.

1) ლიტურგიკული შეცდომა
იმაში მდგომარეობს, რომ თუნდაც 12 კაცის გადანათვლა და მეორე დღესვე ეპისკოპოსის (ან რომელიმე სასულიერო) ხარისხში აყვანა პრაქტიკულად შეუძლებელია! ცნობილია, რომ სასულიერო წოდებაზე წარმოდგენილმა გადანათლულმა მწვალებელმა, თუ მას უმაღლესი (სამღვდელმთავრო) სასულიერო წოდება მიეცემა ყველა სასულიერო საფეხური უნდა გაიაროს, კერძოდ: 1) მესანთლეობა; 2) მედავითნეობა ამ მგალობლობა; 3) იპოდიაკვნობა (ამ უკანასკნელის ხელდასხმას სჭირდება ლიტურგია და 4) დიაკვნობა. შემდეგ მოდის 5) მღვდლობა და ბოლოს 6) ეპოსკოპოსობა. ერთ კვირაში 12 ეპისკოპოსის ხელდასხმა ეკლესიას არ შეუძლია, რამეთუ ჩამოთვლილ ხარისხებს რომ თავი დავანებოთ, ელემენტარული არითმეტიკის საკითხია, ზედიზედ მთელი კვირის განმავლობაშიც რომ ატარებდე ლიტურგიას 7 დღეში 12 ეპისკოპოსის ხელდასხმა პრაქტიკულად შეუძლებელია. რამეთუ ერთ ლიტურგიაზე არა თუ ორი ეპისკოპოსის, ორი იპოდიაკვნის ხელდასხმაც კი სასტიკად აკრძალულია! ასე, რომ თორმეტი შვიდში ვერანაირად ჩაეტევა.

2) კანონიკური ხასიათის შეცდომაა და ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ღირსებისა და მადლმოსილების გამაუქმებელია გამოთქმა: "ჩვენი ძველმართლმადიდებლური ეკლესია შეუერთდება ქართულ ეკლესიას; კი მაგრამ, თუკი ჩვენ უნდა გადავნათლოთ, საკუთარ წიაღში მივიღოთ და ხელიც დავასხათ ჩვენსკენ გადმოსულ სასულიერო პირებს (ე. ი. ისინი უნდა შემოგვიერთდნენ ჩვენ), რაინაირად უნდა შევუერთდეთ ოფიციალურ ეკლესიას? ეს ხომ უაზრობაა!

3) რაც შეეხება საეკლესიო ცხოვრების ერთპიროვნულ გადაწყვეტას, ცხადყოფილია ასეთ უპასუხისმგებლო გამონათქვამში: პატრიარქს ისევე პატრიარქად აირჩევენ, ხოლო თავად თითქოსდა ერთ-ერთ ეპარქიას დასჯერდებით. ჯერ ერთი ვიკითხოთ, საიდან იცით ვის აირჩევენ პატრიარქად? ხოლო თუ აქ გულისხმობთ, რომ პატრიარქობის შენარჩუნებას უპირებთ პატრიარქ ილია II-ს, იბადება კითხვა: ვინ გაძლევთ ასეთი ერთპიროვნული დაპირების უფლებას? როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასეთ უფლებებს საკუთარ თავს თვითონ ანიჭებთ.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს ციტატები არ გახლავთ კორესპონდენტის ინტერპრეტაცია, რაშიც გვარწმუნებს ამ ინტერვიუზე თქვენი რეაქცია იმავე გაზეთ "შანს"-ში (1997 წ.), სადაც ხსენებულ გამონათქვამებს არც უარყოფთ და არც ედავებით მათ გამო კორესპონდენტს, მეტიც, "ჭეშმარიტების (? - ეპ. პ.) სამხილებელი (ალბათ უნდა იყოს "სიცრუის სამხილებელი") განდეო" წერთ, ხოლო შენო, "ვერ შეაფასეო იგი ღირსეულად" (იქვე).

ამას დაემატა თქვენი თვითნებობაც საეკლესიო პოლიტიკისა და გარესამყაროსთან ურთიერთობის საკითხებში. კომუნისტებთან თქვენი ინტენსიური კავშირების გამო, რომელსაც ყოველთვის რაღაც "გამართლება" ეძებნება, ეკლესიას არ ეკარება ქრისტეანობის მოწადინე მრავალი ადამიანი. არც აქ გაჭრა ჩვენმა თხოვნამ: საეკლესიო პოლიტკიას აწარმოებთ საკუთარი შეხედულებების მიხედვით, ეკლესიასთან შეუთანხმებლად.

ამრიგად, ერთპიროვნული მმართველობის თვალსაჩინო მაგალითია ის, თუ როგორ ერთპიროვნულად და ეკლესიისგან დაუკითხავად ჰპირდებით თქვენ, "უფლის საყვირი" იონა, ილია II-ს "პატრიარქობას" რჯულმოსილ საქართველოში; თვითონ კი ერის საფხიზლოდ მიმართულ "ფუნქციას" სჯერდებით. კი, მაგრამ, სად და როდის მოგანიჭათ ძველმართლმადიდებლურმა ეკლესიამ ამდენი უფლება?

გეტყვით, ასეთი უფლებები საკუთარ თავს თვითონ მიანიჭეთ! რადგანაც თქვენ ხომ თქვენივე აზრით, მამა ღმერთის რჩეული, მსოფლიო მოციქული, წინაწსწარმეტყველი და "უფლის საყვირი" ბრძანდებით, ამიტომაც არც კი მიიჩნევთ საჭიროდ ანგარიში გაუწიოთ "უბრალო მოკვდავთ", ანუ რიგით მორწმუნეებს და სასულიერო პირებსაც კი.

ამგვარი მოქმედებების შედეგად ხშირად ზარალდებოდა მთელი ჩვენი ეკლესიის ინტერესი და ავტორიტეტი. ამიტომ (რადგანაც ერთჯერადი კერძო სიტყვიერი გაფრთხილების მიუხედავად კვლავ განუხრელად აგრძელებთ თქვენს კურსს) მე, როგორც ეკლესიის მეორე ეპისკოპოსმა, საკუთარ თავზე ავიღე იმგვარი განცხადებების გაკეთების უფლება, რომლებითაც საზოგადოებას, ეკლესიისკენ მოქცევად მორწმუნეებს და თვით ეკლესიის წევრებს მიეცემოდათ შესაძლებლობა გაერკვიათ, რომ ერთი პიროვნების კერძო აზრბი, გადაწყვეტილებები და მოქმედებები ყოველთვის არ წარმოადგენენ მთელი ეკლესიის საზოგადო არზს და პიროვნული ხიბლის ან თეოლოგუმენის, ან კიდევ სოციალურ-პოლიტკურ მოვლენებზე პირადი შეხედულებების სფეროში რჩება. ვფიქრობთ, ამით არანაირად არ ილახება თქვენი ღირსება და ავტორიტეტი.

სწორედ ამ მიზნით დაიწერა ჩვენი განცხადება თქვენს მიერ 7 კაცის სატანაზე გადაცემის შემდეგ, რაც სხვათა შორის, ხიბლისმიერი აღმოჩნდა, რადგანაც იმ მომენტში გჯეროდათ თქვენი სასწაულთშემძლებლობისა და იმისა, რომ სატანაზე "ხორცით სატანჯველად" გადაცემის შემდეგ სატანისგან დატანჯული ეს ადამიანები დასახმარებლად თქვენ მოგმართავდნენ. ამის შემდეგ კი გრანდიოზული სასწაულები "იგეგმებოდა"...

როდესაც სატანაზე გადაცემის აქტმა შედეგი ვერ გამოიღო, მოსალოდნელი კრახი იგუმანეთ და თქვენი ფიასკოს გადმობრალება ჩვენზე გადაწყვიტეთ. თურმე ჩვენ "წაგაქეზეთ" ამ აქტისკენ, შემდეგ კი, "რეზონანსის" ფურცლებიდან "თავს დაგესხით". საკუთარი ფიასკოების სხვაზე გადაბრალება უცხო რომ არ არის თქვენთვის ამას წერილობითი მოწმობითაც დაგიმტკიცებთ.

ვინც აკვირდებოდა ჩვენსა და ბ-ნ გიორგი გაბაშვილს შორის დისპუტს ალბათ ეხსომება, რომ ბ-მა გაბაშვილმა თქვენს წიგნს "რა უნდა ვაკეთოთ" მთელი რიგი დოგმატური შეცდომები შეუნიშნა, მათ შორის ის ცთომილებაც, რომლის მიხედვითაც თურმე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა მაცხოვარი შვა გვერდიდან (!). ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ გახსოვთ, ჩვენც შეგახსენეთ წმ. იოანე დამასკელის მტკიცება, სადაც ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება ასეთ მოსაზრებას და მას მეზღაპრეობას უწოდებს. თქვენ შეცდომა კი აღიარეთ, მაგრამ თავი მეტად უცნაურად გაიმართლეთ და თქვენი ცთომილება არც მეტი, არც ნაკლები, - რუს წმინდანებს გადააბრალეთ! მივყვეთ თქვენს აზრს სიტყვა სიტყვით:

გ. გაბაშვილის ბრალდება თქვენი მისამართით: "თქვენი წიგნის 152-ე გვერდზე მინიშნებულია ქრისტეს სასწაულებრივი დაბადება ქვეყანაზე: ღვთისმშობელს განერღვა გვერდი და შვა ძე. ვფიქრობთ, კომენტარი ზედმეტია. რაკი ცხადლივ სახეზე გვაქვს ქრისტოლოგიურ ერესთა შორის ერთ-ერთი ამაზრზენი სახეობათაგანი".

თქვენი პასუხი: "ჩემი წიგნის ოპონენტებს, რომ ბერ-მონაზონთა ყოველთვიური საკითხავი (Творение Феоктиста инока, обители студийския. Богородице Акафисто) გადაეკითხათ ნახავდნენ, რომ იქ გარკვევით წერია:
"Икос: Разум неразумен разумети, Девая ищущи, возопи к служащему, из боку чисту, Сыну како ест родитися мощно рцы ми".

ან: "Бог из боку Твоего проиде" (დიაჩენკოს საეკლესიო სრული ლექსიკონი - "Бок"- ის განმარტებაში) და ამ შემთხვევაში ამ უსაფუძვლო ბრალდებას აღარ წამომიყენებდნენ" (ხაზგასმები ყველგან ჩვენია - ეპ. პ.).

ესეც უნდა ითქვას: თქვენს უწინარეს ჩემმა სულიერმა შვილმა საპირისპირო შეხედულება გამაცნო ამ საკითხის გარშემო წმ. იოანე დამასკელის წიგნიდან, სადაც იოანეს მოსაზრებას ღვთისმშობლის გვერდიდან მაცხოვრის დაბადების თაობაზე მცდარ შეხედულებად მიიჩნევს. როცა გამოირკვა, რომ "бок"-ის განმარტება მოისაზრებოდა, როგორც "чрево" (რადგან დიაჩენკოს განმარტებაში ასეთი ციტატაც არის მოყვანილი: "Бог произошел из чрева твоего"), ამ საკითხზე სადავო არაფერი დარჩა..." და ქვემოთ წერთ: "როგორ ფიქრობთ, ქრისტე ამგვარ სხვათა (?! - ეპ. პ.) ცთომილებათა უნებლიედ (?- ეპ. პ.) გაზიარების გამო მისი მონობის პატივს ამყრიდა?" ("მართლმადიდებელი", 1998 წ. № 6 (17), გვ. 3-4).

ამრიგად, თქვენი მტკიცებით "შეცდომა სხვას დაუშვია", თქვენ კი ის "უნებლიეთ" გაგიზიარებიათ! ჯერ ის გამოვიძიოთ, ვინ არის ის "სხვა", ასეთი უმძიმესი შეცდომა რომ დაუშვა? ამთავითვე გეტყვით - არა დიაჩენკო! რადგან მის ლექსიკონში სრულიად ცხადად არის განმარტებული სლავური სიტყვა "бок"-ის ორგვარი მნიშვნელობა. კერძოდ ის აღნიშნავს: 1) გვერდს, მხარს და 2) წიაღს (აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ორმაგი მნიშვნელობა ახასიათებს ბევრ სლავურ სიტყვას. მაგ.: Красный, Внутреняя და სხვა). სხვათა შორის, "აკაფისტოს" ქართულ თარგმანში, რომელიც ნებისმიერი მკითხველისთვის ხელმისაწვდომია, ხსნებულ ადგილას, სადაც სლავურში ზის "бок", ძველქართულში გვაქვს სიტყვა "წიაღი" (იხ. ლოცვანი. "აკაფისტო ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა". იკოსი 3).

ამრიგად, დიაჩენკო არ არის დამნაშავე თქვენს შეცდომაში, მეტიც, თქვენ საკუთარი "განმარტების" დაწერამდე რომ წაგეკითხათ ან ქართული თარგმანი ან დიაჩენკოს ხსენებული ლექსიკონი, ეს შეცდომა იქნებ არც დაგეშვათ.

მაშ, თუკი დიაჩენკო არა, ვინ არის ის "სხვა", თქვენი "მაცთუნებელი"? გეტყვით, ეს თეოკტისტე სტოდიელის "აკაფისტოს" სლავურად მთარგმნელი რუსი წმინდანია (სამწუხაროდ, მისი ვინაობა ცნობილი არ არის). რაც შეეხება "სხვისი შეცდომების" უნებლიეთ გაზიარებას, საკუთარ წიგნში "რა უნდა ვაკეთოთ" გაზიარებული გაქვთ ანტროფომორფიტული მწვალებლობა (ე. წ. აბდიანელობა), ებრაული ფილეტიზმი, წინასწარგანსაზღვრულობის პროტესტანტულ-კალვინისტური თეორია და სხვა მწვალებლური შეხედულებები და სწავლებანი. არ ვიცით მათ ვის, ან რომელ წმინდანს გადააბრალებთ, მაგრამ თუ ასეთ თავის მართლებას მიჰყვებით და ვაჟკაცურად არ აღიარებთ შეცდომებს, კვლავ არ დაადასტურებთ ჩვენთვის წიგნთან დაკავშირებულ სიტყვას, და არ შეინანებთ ცდომილებებს, მწვალებლობის ბრალდებით უმკაცრესი კანონიკური მოთხოვნების წინაშე აღმოჩნდებით.

ამრიგად, ჩვენი (ჩემი და ზ. ნოდიას) მიზანი თქვენი ავტორიტეტის შეუბღალავად ეკლესიის ავტორიტეტის შენარჩუნება გახლდათ; თუ რა გამოვიდა აქედან ყველა კარგად ხედავს!

ჩვენი სამაგალითო დასჯით თქვენ შეეცადეთ - პირველი: ეკლესიაში შეგენარჩუნებინათ ერთპიროვნული ძალაუფლება და ქვეშევრდომთა მორჩილება და მეორე: საკუთარი ღონისძიებების ფიასკოს ჩვენზე გადმობრალებით საკუთარი ავტორიტეტის შენარჩუნებასაც შეეცადეთ. მაგრამ, ვფიქრობ, დაგავიწყდათ ხალხური სიბრძნე: ორი კურდღლის მადევარი, ვერცერთს რომ ვერ დაიჭერს.

ერთგან პატრიარქ ილია II წერთ: "პატრიარქი არ შეიძლება ჩემი მტერი იყოს, ან მე ვიყო პატრიარქის მტერი; ჩვენ ორთავეს ერთი საერთო მტერი გვყავს, - ეშმაკი" ("კომუნისტი", 1999 წ. 16-22 მაისი. გვ. 2. "ვის არ უნდა ხე ნაყოფით შეიცნოს"). ამიტომაც, გირჩევთ ეს ჭეშმარიტება ჩვენთან მიმართებაშიც არ დაივიწყოთ და ჩემი და ზ. ნოდიას ნაცვლად, თქვენს გამაბითურებელ ეშმაკს შეებრძოლოთ!

მე კი კვლავ ჩემს "გასამართლებასთან" დაკავშირებულ თქვენს სრულიად უკანონო ღონისძიებას დავუბრუნდები, რამეთუ "რეზონანსში" ჩვენი განცხადების გამოჩენის მიზეზები, ვფიქრობ, ცხადყოფილია. ასევე ნათელია, რა ედო საფუძვლად ჩვენს განცხადებას: "ძველი მართლმადიდებლური ეკლესიის" მნიშვნელოვანი ნაწილი კოლხეთის ეპარქიის ეპისკოპოს პავლესთან ერთად არ ეთანხმება ეპ. იონას გარკვეულ თვალსაზრისებს, სუბიექტურ გადაწყვეტილებებს და პიროვნულ ქმედებებს".


სიმართლე მეოთხე

ამრიგად, ჩვენი ზემოთ ხსენებული სიტყვები, რომლებიც სრულიად მექანიკურად მომდევნო, ქვემოთ განსახილველ წინადადებას დაუკავშირეს, გულისხმობდა ჩვენს მიერ წერილობით თუ სიტყვიერად ადრე დაფიქსირებულ შეხედულებებსა და ღონისძიებებს, რომელთადმი, როგორც კერძო ღონისძიებათადმი და აზრთადმი დაუთანხმებლობა, თავისუფლად შემეძლო და ეკლესიის სახელით დღესაც შემიძლია. ჩვენი სიტყვები წარსულს რომ ეხებოდა და არა აწმყოს, მინიშნებული იყო მომდევნო წინადადებაში, რომელიც იწყება ასე: "... ამჯერადაც", ე. ი. როგორც უწინ (როგორც ეს ზემოთ ვნახეთ) "ამჯერადაც, ჩვნეი წინააღმდეგობისა და გაფრთხილების მიუხედავად, ეპ. იონამ დამოუკიდებელი სვლა განახორციელა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვეთანმხებით ოფიციალურ "სამღვდელოებას" მთელ რიგ საეკლესიო საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის მათაც, ვინც ეპ. იონას "გადაცემის" ობიექტები გახდნენ, მათდამი ამგვარი ფორმით დაპირისპირებას კატეგორიულად ვემიჯნებით".

თუ რას ნიშნავს ამ აბზაცში გამოყენებული სიტყვები, ჩვენ ზემოთ უკვე განვმარტეთ, ამიტომაც, ერთხელ განმარტებულის განმეორებით თავს არ შეგაწყენთ. აქ გვსურს თქვენი წერილიდან ამოვწეროთ, ჩემი, როგორც ეპისკოპოსის დამაკნინებელი ეპითეტები, რომელთა სრული უსაფუძვლობა, ვფიქრობ, ცხადად ვაჩვენეთ, მიუყენოთ თქვენს ამ ემოციურ ქმედებას ის კანონები, ჩემს დასასჯელად რომ გამოიყენეთ და დარწმუნდებით, - ყველა ეს კანონი სრული სიმკაცრით თქვენვე შემოგიბრუნდებოდათ ჩვენს შორის მშვიდობას რომ არ დაესადგურებინა.

თავად განსაჯეთ, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ეჭვების, ვარაუდებისა და ტექსტის სათანადო ვერგაგების გამო, მიწოდებთ თავხედს, ცრუს, თვალთმაქცს, ურჩობის სულით შეპყრობილს, ხაფანგისა და შეთმულების მომწყობს. ჩვენი წერილის I ნაწილში თქვენი მოქმედებების არაკანონიკურობა ვაჩვენეთ, II ნაწილში თქვენი ამა თუ იმ ეჭვისა და ვარაუდის საფუძველზე წამოყენებულ ბრალდებათა უსაფუძვლობა დავამტკიცეთ, III ნაწილში კი ჩვენი უდანაშაულობისა და უბრალოების წარმოჩენას შევეცადეთ.

ამჯერად, გთხოვთ, ყოველივე ამის ფონზე, თქვენს მიერ "დიდი სჯულისკანონიდან" ამონარიდი განწესებები გაიხსენოთ, რომელთა საფუძველზე ეპისკოპოსისა და საკუთარი სულიერი მოძღვრის შეურაცხყოფისთვის (რაც გამოიხატა ბრალდებათა გამოუძიებლად და გამოუკვლეველად, ბრალმდებელთა და მოწმეთა ნათქვამის გადამოწმების გარეშე, ჩემს უსაფუძვლო სიტყვიერ თუ წერილობით შეურაცხყოფაში, ასევე ეკლესიის წინაშე, როგორც ვითომცდა პირველობის პატივისთვის მებრძოლი, ხაფანგის მომწყობი, არა სანდო და ასასაიმედო პიროვნებად გამოცხადებაში), როგორც თქვენმა სულიერმა მოძღვარმა (რომელსაც არათუ აკრძალვა, ეპითიმიად ერთი მეტანიაც კი არ მეკუთვნის) თავადვე დაგადოთ ეპითიმია: ყოველდღიური მეტანიები (შეძლებისამებრ) 1 წლის განმავლობაში. თუ ამ ეპითიმიას არ აიღებთ, ღვთის წინაშე პასუხს თქვენ აგებთ, მე კი თქვენდამი ჩემი სამოძღვრო მოვალეობა მოხდილი მექნება.

თქვენთან პოლემიკას არ ვაპირებ, გაეცანით ქვემოთ მოტანილ სჯულმდებლობას, რომელიც თქვენეული მსჯელობით, სამწუხაროდ, საკუთარ თავს თვითონვე განუწესეთ (თუმც ამ სჯულმდებლობის აღსრულებას მთელი თავისი სიმკაცრით მე არ ვითხოვ, რამეთუ თქვენთან მშვიდობა და ეკლესიის სიხარული ყოველივეზე აღმატებულად მიჩნს!). თქვენ წერთ:

სარდიკიის მე-20 კანონი: (კანონის კომენტარები აღებულია ეპ. იონას ბრალდებებიდან - არქიეპ. პ.): "ღავდენტიოს ეპისკოპოსმა თქვა: ეს, რაც შესაფერისად, ჯეროვნად და საცხოვნებლად დაადგინეთ თქვენ, ღვთისა და კაცთათვის სათნო მღვდლებმა, თავის ძალას და სიმტკიცეს ვერ აჩვენებს, თუ არ დაშინდებიან გამოსული დადგენილების დამრღვევნი. თქვენ იცით, რომ ხშირად ერთეულთა უცრცხვობით დიდი და პატიოსანი სახელი მღვდლობისა მრავალთაგან განსჯისა და განკითხვის საგანი ხდება. აწ თუ ვინმე მრავალთა მიერ მოწონებულისა და დადგენილის საწინააღმდეგოდ რაიმეს ჩადენას გაბედავს უწესო სურვილით, ამპარტავნებით და უფრო ცუდმედიდობით, ვიდრე ღვთის სიყვარულით, იცოდეს, რომ ეპისკოპოსობის პატივისა და ღირსების აყრის ღირსად გაუხდია თავი".

ზონარა: "სულის საცხოვნებლად განსაზღვრული ეს დადგენილება, როგორც სამღვდელო ხარისხსა და პატივს შეჰფერის, რომელიც ღვთისთვისაც სათნოა და ხალხისთვისაც სასარგებლო, არ იქონიებს ძალას და უქმი გახდება, თუკი მას არ მოჰყვება დასჯისა და ეპითიმიის შიში, რათა კანონთა დამრღვევთ ჰქონდეთ შიში ეპითიმიისა. ჩვენ ვიცით, რომ არცთუ იშვიათად ერთეულთა ურცხვობით დიდი და პატიოსანი სახელი მღვდლობისა მრავალთაგან განსჯისა და განკითხვის საგანი ხდება, რადგანაც განკითხვას ექვემდებარებიან არა მარტო ცოდვის ჩამდენი მღვდელმსახურნი, არამედ ყველანი ერთად; რამეთუ, სამღვდელოებაზე მითითებით კანონმა ყველა მღვდელმსახური აღნიშნა. ამრიგად, აწ თუ ვინმე მრავალთა მიერ მოწონებულისა და დადგენილის საწინააღმდეგოდ რაიმეს ჩადენას გაბედავს ამპარტავნებითა და ცუდმედიდურობით, და არა ღვთის სათნოყოფის მიზნით, ასეთმა იცოდეს, რომ თავის თავს სამსჯავროსა და პასუხისგების წინაშე აყენებს და ყოველგვარი თავის მართლებისდა მიუხედავად დაექვემდებარება სასჯელს. როგორც დამნაშავე, ის პასუხს აგებს დანაშაულისთვის და დაკარგავს ღირსებას, ანუ აეყრება ეპისკოპოსობის პატივი".

ბალსამონი: "მიღებულ იქნა რა განსაზღვრებანი სხვადასხვა საეკლესიო საკითხთა შესახებ, მამებმა განსაჯეს, რომ ეს სჯულდებანი ადვილად შესაძლებელია ვინმეს უგულებელეყო და არ შეესრულებინა ისინი, რადგანაც შესაბამისი სასჯელი არ ჰქონდათ განსაზღვრული. ამიტომაც, წმიდა მამებმა დააწესეს, რომ ამ კანონთა დამრღვევთ, გამოძიების შემდეგ (რაც ნიშნავს საეკლესიო-სასამართლო დადგენილებას) (ფრჩხილებში ჩასმული ეს სიტყვები ბალსამონის კომენტარებში არ მოიპოვება. როგორც ჩანს, ეს თქვენი დანამატია და ისიც მეტად არაზუსტი, რამეთუ "საქმის გამოძიება", სრულიადაც არ ნიშნავს "სასამართლოს დადგენილებას". სასამართლო დადგენილებას ღებულობს გამოძიების შემდეგ და არა მის პროცესში - ეპ. პ.) წაერთვას ეპისკოპოსობის ღირსება და პატივი. ამგვარად თქვი, რომ კრების განჩინების საფუძველზე ისჯებიან არა მარტო სასულიერო პირნი, არამედ ერისკაცნიც, ვინაიდან კანონის იმ სიტყვებიში, რომ "დამნაშავენი კარგავენ პატივს" - იგულისხმებიან ერისკაცნი, ხოლო იმაში, რომ ისინი ეპისკოპოსის ღირსებას კარგავენ - სამღვდელონი. ან, თუ გნებავს, თქვი, რომ კანონი მხოლოდ სამღვდელოებას ეხება და ჩათვალე, რომ "და" კავშირი გამოყენებულია "ან"-ის ნაცვლად და თქვი, რომ კანონთა დამრღვევნი კარგავენ ეპისკოპოსის პატივს".

იმის ნათელსაყოფად თუ რამდენად ზუსტად მიესადაგება ზემორე კანონი ჩვენს კონკრეტულ შემთხვევას, საჭიროა ჩავატაროთ ზონარასა და ბალსამონის განმარტებათა პუნქტობრივი ანალიზი და ჯეროვანი დასკვნები გამოვიტანოთ.

1. სარდიკიის მე-20 კანონს კომენტატორები ნათლად განგვიმარტავენ და მღვდელმსახურთა პასუხისმგებლობაზე მიგვანიშნებენ.

წმიდა მამები და სჯულის კომენტატორები უცილობელ პირობად გვიყენებენ, რომ პრაქტიკაში ავამოქმედოთ სულის მაცხოვნებელი კანონები, რათა ჩვენს მიერ დაშვებული თუნდაც ერთი დაუსჯელობის პრეცედენტით დანაშაული არ გავუადვილოთ ვინმეს და ამგვარი დანაშაულისკენ არ ვუბიძგოთ მრავალს. ე. ი. არ ვავნოთ სამწყსოს. სწორედ კანონის ამოქმედების პასუხისმგებლობაზე მიგვანიშნებენ კომენტარები შემდეგ ციტატებში:
"თუკი ამ დადგენილებას არ მოსდევს დასჯისა და ეპითიმიის შიში" - ეს კანონი ქმედითუნარიოან და მაცხოვნებელ ძალას იძენს დამნაშავეთა დასჯის შემთხვევაში, რამეთუ "კანონთა დამრღვევთ ჰქონდეთ შიში ეპითიმიისა" და ამ შიშმა აღკვეთოს მათში ამპარტავნებით აღძრული დანაშაულის ჩადენის სურვილი.

ამიტომ, სამღვდელოებას შეაგონებენ - თუ ისინი "თავის ძალასა და სიმტკიცეს არ აჩვენებენ, თუ არ დაშინდება დანაშაულის ჩამდენი..." დაუსჯელობა საცთურად იქცევა მრავალთათვის. სწორედ ეს პასუხისმგებლობა მაიძულებს დღეს მეც, რომ დამნაშავეთა მიმართ გამოვიყენო ღმრთისგან ბოძებული ეპითემიის დადების ძალაუფლება, რათა დაუსჯელობით არ ვაცთუნო სხვები და მომავალში ეკლესიას ზიანი არ მივაყენო.
2. საგულისხმო და ლოგიკურადაც გამართლებულია ის, რომ ზონარამ ეს კანონი ყველა სასულიერო პირზე განაზოგადა.

"განკიცხვას ექვემდებარებიან არა მარტო ცოდვის ჩამდენი მღვდელთმსახურნი, არამედ ყველა ერთად, რამეთუ სამღვდელოებაზე მითითებით კანონმა ამით ყველა მღვდელმსახური აღნიშნა".
ფაქტია, სიტყვა "ყველაში" კომენტატორმა ყველა სასულიერო პირი იგულისხმა.

3. ზონარას განმარტებაში დაკონკრეტებულია ამ კანონის მიხედვით თუ რა დანაშაულის გამო ისჯება მღვდელმსახური. კერძოდ: "კრების მიერ დადგენილ სჯულდებათა დარღვევისას" (იგულისხმება 7 მსოფლიო და 9 ადგილობრივ კრებებზე მიღებული სჯულდებები). ამდენად, ვუსადაგებთ რა ამ კანონს ჩვენს შემთხვევას, როდესაც დაირღვა მოციქულთა 74-ე, ნომოკანონის 121-ე, კართაგენის მე-10, IV მსოფლიო კრების მე-18 და თავად სარდიკიის მე-20 კანონები, შესაბამისად, ამ კანონითვე დადგენილ სასჯელს ექვემდებარება სარდიკიის მე-20 კანონს დაქვემდებარებული დანაშაული.

4. ზემორე კანონი (სარდიკიის მე-20) გარკვევით მიუთითებს სხვა გარემოებებზეც, რომელიც დასჯის საბაბად იქცევა. კერძოდ: ურცხვობით, უპატიოსნობით გამქილიკებელი - "ერთეულთა ურცხვობით დიდი და პატიოსანი სახელი მღვდლობისა მრავალთაგან განსჯისა და განკითხვის საგანი ხდება" (სარდიკიის 21-ე კანონი. ზონარას განმარტება).

ამრიგად, როგორც ზემოთ აღვნიშნე, თქვენეული მსჯელობით, სამწუხაროდ, საკუთარ თავს თვითონვე განუწესეთ, რადგან ჩვენს შემთხვევაშიც "ერთეულთა მიერ მთელი ეკლესიის წინაშე კომპრომეტირებულია პატიოსანი სახელი მღვდლობისა". ანუ ეპისკოპოსი პავლე გამოცხადდა ამპარტავნების სულით შეპყრობილ, ურჩ, მატყუარა, მზაკვარ და თავხედ პიროვნებად, რომელსაც არ უნდა ენდოს არც მრევლი და არც ერი. ამის საფუძველზე კი იგი, შინ თუ გარეთ იქცა განკითხვის ობიექტად, რაც უცილობლივ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებაა და ჭეშმარიტად ექვემდებარება თქვენს მიერ დამოწმებული კანონებითა და განმარტებებით განსაზღვრულ სასჯელს.


წმიდა მამები გვამცნობენ

"თქვენ გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: არა კაც ჰკლა; ხოლო ვინც მოჰკლავს სამართალში უნდა მიეცეს. მე კი გეუბნებით თქვენ: ვინც უმიზეზოდ ურისხდება თავის ძმას, სამართალში უნდა მიეცეს; ხოლო ვინც ეტყვის თავის ძმას: რაკა, სინედრიონს უნდა წარუდგეს; და ვინც ეტყვის თავის ძმას: შლეგო, ცეცხლის გეენაში ჩავარდეს" (მათე 5:21-22).

"ამ სიტყვების აზრს რომ ჩავწვდეთ, - წერთ თქვენ, - მივუბრუნდეთ მოსეს უძველეს კანონს, რომელიც მიწიერი კანონების მსგავსად სიკვდილის განაჩენს გამოუტანდა კაცის მკვლელებსა და საზოგადოების მყუდროების დამრღვევთ, ამისთვის ინიშნებოდა სასამართლო ყველ იმ სოფელში, სადაც იყო 120-ზე მეტი სული და იქ უსჯიდნენ სასიკვდილო განაჩენს. ამ სასამართლოების გარდა არსებობდა, აგრეთვე, ებრაელთა შორის უმაღლესი სასამართლო, - 72 კაცისგან შემდგარი სინედრიონი, რომელიც წყვეტდა მნიშვნელოვან სახელმწიფო საკითხებს. აქ ასამართლებდნენ ღვთის მგმობელებს, მეამბოხეებს, სახელმწიფო დამნაშავეებს. ის, ვინც კაცს მოკლავდა, გადაეცემოდა სასამართლოს და ისჯებოდა სიკვდილით. ასევე მკაცრ სასჯელს იმსახურებდა ის, ვინც მრისხანებდა ადამიანებზე, თუმცა ავის ქმნა ვერც სიტყვით და ვერც საქმით, ჯერ კიდევ ვერ მოესწრო. ხოლო იმას, ვინც თავის მტერს ეტყოდა "არარაობა ხარ" ან "უსინდისო", როგორც შფოთის ამტეხს და ძმის სულიერი მშვიდობის დამრღვევს, ასამართლებდნენ და სჯიდნენ უმკაცრესი სასჯელით.

ებრაელები ხშირად ხმარობდნე უმსგავსო სიტყვებს "რაკა" ანუ "ცოფ" – "უსარგებლო ადამიანი"; ეს სიტყვა სრულიადაც არ ითვლებოდა ღვთის სჯულის გმობად, მაგრამ, ვინაიდან ეს სიტყვა ღვთის საძულველი იყო და სულისთვის დამღუპველი და, რადგანაც ჩვენგან უფალი მოითხოვს სრულყოფილებასა და სიწმინდეს, ამის მთქმელიც სასტიკად ისჯებოდა.

რადგან, ქრისტეს მცნების მიხედივთ, ვინც თავის რისხვას დააწევდა ახლობლებს დამამცირებელი სიტყვებით, იმსახურებდა უმაღლეს სასჯელს, ხოლო ის, ვინც საგმობი სიტყვებით მიმართავდა მოყვასთ, უთანაბრდებოდა ღვთის მგმობელთ და იმსახურებდა ცეცხლსა და გეჰენიას. უმაღლეს სალანძღავ სიტყვად უფალი თვლის ისეთ სიტყვებს, რომლებიც აღნიშნავენ "სულელს", "ბრიყვს", "შტერს". ასეთი სიტყვებით ებრაელები მიმართავდნენ გაბოროტებულ ადამიანებს, რომლეიც მათი გაგებით იყო უჭკუო, გაუნათლებელი, ამიტომაც ის, ვინც ღვთის გაჩენილ, კეთილშობილ ადამიანს ასე ამცირებდა და ამით ეწინააღმდეგებოდა უფლის სურვილებს, სასტიკად ისჯებოდა ღვთისგან იმავე სასჯელით, რაც შემზადებლუია ღვთის მოწინააღმდეგე ეშმაკისთვის... გეჰენია უფალმა უწოდა იმ ადგილს, სადაც მუდმივი საწამებელია შემზადებული.

დააკვირდით, როგორ იცავს სარდიკიის მე-20 (21) კანონი მღვდლობის პატიოსან სახელს, როცა იგი მრავალთაგან განსჯისა და განკითხვის საგანი ხდება: "ის რაც შესაფერისად, ჯეროვნად და საცხოვნებლად დაადგინეთ თქვენ, ღვთისა და კაცთათვის სათნო მღვდლებმა, თავის ძალასა და სიმტკიცეს ვერ აჩვენებს, თუ არ დაშინდებიან გამოსული დადგენილების დარმღვევნი. თქვენც იცით, რომ ხშირად ვისიმე მცირედი ურცხვობით დიდი და პატიოსანი სახელი მღვდელობისა მრავალთაგან განსჯისა და განკითხვის საგანი ხდება. ან თუ ვინმე მრავალთა მიერ მოწონებულისა და დადგენილის საწინააღმდეგოდ რაიმეს ჩადენას გაბედავს უწესო სურვილით, ამპარტავნებითა და უფრო ცუდმედიდურობით, ვიდრე ღვთის სიყვარულით, იცოდეს ასეთმა, რომ ეპისკოპოსობის პატივისა და ღირსების აყრის ღირსად გაუხდია თავი".

აქ თვალნათლივ ჩანს, რომ ეპისკოპოსი, რომელიც ღვთიურ სჯულდებებს უგულებელჰყოფს, ისჯება.

სწორედ ამ კანონების ავლით, თქვენ უარჰყავით უფლისმიერი გაფრთხილება, რითაც დაარღვიეთ სასულიერო პირის მღვდლობის დამცავი სჯულდებანი, რასაც სარდიკიის ,ე-20 (21) კანონის განმარტებაც ადასტურებს: "ვინც არ იცავს სასიკეთო და ღვთით მოწონებულ სჯულდებებს", როგორც ეს თქვენ უგულებელჰყავით, როცა ჩაუარეთ ნომოკანონის 121-ე განწესებას, მოციქულთა 74-ე კანონს, კართაგენის მე-10 კანონსა და სახარებას (მათე 5:21-22) და "უწმინდურობით, უგუნურობით, პატივმოყვარეობით, ქედმაღლობითა და მედიდურობით კანონის საწინააღმდეგო რამ გაბედეთ (სარდ. 20 (21)) ეპისკოპოსის დამცირება და გაქიაქება".

დიახ, სამწუხაროდ ეს ასეა, ანუ საღვთო კანონები მართლაც დაირღვა, მაგრამ ისინი (წმ. მოციქულთა 74-ე, IV მსოფლ. კრების 18-ე, სარდიკიის მე-20 (21) და რაც მთავარია, სახარებისეული მცნება მოყვასის მხილებაზე (იხ. მათე 18:15-17)) მე კი არა, თქვენ დაარღვიეთ და ამას აქვე, მთელი წინამდებარე წერილის საფუძველზე, სახელდახელოდ, მოკლედ კვლავ წარმოგიდგენთ.

1) სახარებისეული მცნება (მათე 18:15-17) არ დაგვირღვევია, რადგან ჩვენი განცხადება "რეზონანსში" არავითარ და არავის მხილებას არ შეიცავს! მასში ასევე არ არის ლაპარაკი რამენაირ შეცოდებაზე!

2) თქვენ დაარღვიეთ ნომოკანონის 121-ე განწესება, რადგან ჯერ ერთი: აქ ლაპარაკია ერისკაცის ქმედებაზე საკუთარი მოძღვის წინააღმდეგ და მეორეც: ჩემთან მიმართებაშიც რომ განიხილოთ იგი, "რეზონანსში" დაბეჭდილ განცხადებაში ვერსად იპოვით საყვედურს, აკრძალვას, ძვირის თქმას, ცილისწამებას, ან მხილებას. ყველა ამ ღონისძიებას (საყვედურს, აკრძალვის მცდელობას, ძვირის თქმას, ცილისწამებას) ადგილი ჰქონდა თქვენი მხრიდან.

3) შეუფერებელია ჩემს წინააღმდეგ კართაგენის მე-10 კანონის დამოწმება, რადგან მე არასოდეს ვცდილვარ განხეთქილების მოწყობას (რაზეც მსჯელობს ეს კანონი). თქვენ საერთოდ არა გყავთ არც ერთი მოწმე ამ ბრალდების დასამტკიცებლად. არც "რეზონანსში" დაბეჭდილი განცხადება გაძლევთ ამისი თქმის საფუძველს, ხოლო ბ-ნმა ზვიად ნოდიას ქმედებანი მრევლის წინაშე (ავტობუსში) მე არანაირად არ მეხება, მაშინ როდესაც თქვენ ნამდვილად მოგეთხოვებათ პასუხი თქვენი ნათესავის საქციელისთვის საეკლესიო კრებაზე.

4) ასევე არ მეხება IV მსოფლ. კრების მე-18 კანონი, რომელშიც ლაპარაკია შეფიცვასა და შეთქმულებაზე. ასეთ მძიმე ბრალდებას დამტკიცება სჭირდება, რასაც თქვენ ვერ მოახერხებთ თქვენს წინააღმდეგ რაიმე შეთქმულების ფაქტის არარსებობის გამო!

თქვენ ასევე საკმაოდ მოხერხებულად შეარჩიეთ დრო და საეკლესიო კრებაზე (1999 წლის 17 ოქტომბერს, კვირას), ეპისკოპოსის საბრალდებო საქმისწარმოებისთვის საჭირო ყველა კანონის გვერდის ავლით (იხ. ნაწილი I), უკვე შერიგებულ და საკუთარი ეპარქიიდან ჩამოსულ ადამიანს ხაფანგად დაგებული კრება დამახვედრეთ.დროის შერჩევა კი იმაში გამოიხატა, რომ კრებაზე ჩემი საკითხის შესწავლის, ბრალდებების წარდგენის, მოწმეთა და ბრალმდებელთა გამოკითხვის და პროცესუალურ საკითხთა გვერდის ავლით, ამ საქმისთვის სრულიად მოუმზადებელ ადამიანს სასამართლო მომიწყვეთ, სადაც თქვენმა ადეპტებმა "გველი" და "ბაყაყი" მიწოდეს. ეს არ მაკმარეთ და არჩადენილი დანაშაულისთვის ულტიმატუმად ბოდიშის მოხდა და ერთწლიან ეპითიმიად, სასულიერო მღვდელმოქმედების აკრძალვის აღება მომთხოვეთ - ჩამაყენეთ უმძიმეს სულიერ განსაცდელში და ეკლესია განხეთქილების საფრთხის წინაშე დააყენეთ. ყოველივე ამისთვის წინამდებარე განწესება (IV:18) სასულიერო პატივის აყრით გემუქრებოდათ თქვენ და არა მე! (კანონთა ტექსტები იხილეთ I ნაწილში).

5) არ მეხება მე არც წმ. მოციქულთა 74-ე კანონი, რამეთუ აქ ლაპარაკია ბრალდებაზე, მაშინ როდესაც ჩვენს განცხადებაში არავითარი ბრალდება დაფიქსირებული არ არის!

ამ უკვე წარსული ამბების გახსენებაც კი მზარავს! ნუთუ თქვენ შეგეძლოთ ეს ყოველივე?! ნუთუ იმდენად დიდია პირველობის ჟინი თქვენში, რომ აღძრულმა უსაფუძვლო ეჭვმა, თითქოსდა ამ პირველობას გეცილებით, ჩემი განადგურება გადაგაწყვეტინათ? ნუთუ, წმ. იოანე ოქროპირის თქმისა არ იყოს, მართლაცდა "არავისი ისე არ უნდა მეშინოდეს, როგორც ეპისკოპოსების"?

სხვათა შორის, ეს ყოველივე და ამ უახლოეს წარსულში ჩემს თავზე თქვენგან დატეხილი უსამართლობა კიდევ უფრო მიღრმავებს იმ რწმენას, რომ იოანე ღვთისმეტყველის სულით, ძლიერებით და ფუნქციით მოსული პიროვნება არ ბრძანდებით! ნუ გეწყინებათ, მაგრამ ყოველივე დანახულ-განცდილის შემდგომ ამისი დანახვა მიჭირს! იოანე ღვთისმეტყველის სულიერებისა და ფუნქციის მქონე კაცი, "მსოფლიო მწყემსი", როგორც საკუთარ თავს უწოდებთ, საშიშროებას არ უნდა წარმოადგენდეს ჩვენთვის.


სიმართლე მეხუთე

სარდიკიის მე-19 (20) კანონის შესახებ


დადგა დრო შევასრულო დანაპირები და ვიხილოთ, რა ისტორიულმა მიზეზმა გამოიწვია სარდიკიის კრების მოწვევა, რამაც საფუძველი დაუდო მე-19 (20) კანონის მიღებას. ამ კანონს ასე განსაკუთრებულად იმიტომ ვეხები, რომ თქვენ ისიც ჩემს წინააღმდეგ გამოიყენეთ. არადა, მისი მიღების მიზეზები გასაოცრად ეხმიანება ჩემსა და თქვენს შორის არსებულ სადავო საკითხს და აჩვენებს თუ როგორი სიმკაცრით შემოგიბრუნდებოდათ იგი, რომ არ დადებულიყო ზავი ჩვენს შორის.

სანამ სარდიკიის კრების მე-19 (20) კანონს შევეხებოდე, საჭიროდ ვთვლი მცირეოდენი ექსკურსი შემოგთავაზოთ IV საუკუნის პერიოდიდან, კერძოდ წმ. იოანე ოქროპირისა და წმ. ათანასე დიდი ცხოვრებიდან.

რადგან ამ კანონში გადმოცემული განწესება პირდაპირ ეხება ამ წმინდანთა მოწინააღმდეგეებს და რადგანაც ისინი მიმართავდნენ ისეთ ხერხებს და მეთოდებს, რომლებიც (რაოდენ საკვირველიც უნდა იყოს) თქვენს გამოიყენეთ ჩემს წინააღმდეგ, უპურიანი იქნება გავეცნოთ მათი გასამართლების ვითარებებსა და მეთოდებს, რათა შემდგომ გავაკეთოთ დასკვნა, ვის ეხება სარდიკიის კრების მე-19 (20) კანონი - მე თუ თქვენ?


ა) წმ. იოანე ოქროპირის გასამართლების ვითარებანი, პირობები და ამ აქციის არაკანონიკური ხასიათი


მე არ შევუდგები იმ ვრცელი ისტორიული პირობებისა და ვითრებების განხილვას, რომელიც წინ უძღოდა წმ. იოანეს გასამართლებას. ეს დიდად გაწელავს ჩემს წერილს და კონკრეტულობას დაუკარგავს სათქმელს, ამიტომაც, აქ მხოლოდ მისი გასამართლების კანონიკურ, უფრო სწორედ, ანტიკანონიკურ მხარეებს შევეხები. ვნახოთ, წმ. იოანე ოქროპირის გასამართლებისას რა მეთოდებს იყენებდნე მისი მოწინააღმდეგეები.

მაშ ასე, იმპერატრიცა ევდოქსია და მისი გარემოცვა, ზოგიერთი ამბიციური და იოანე ოქროპირზე განაწყენებული მღვდელმსახურის თანადგომით, თამამი, მამხილებელი და მაღალზნეობრივი ქადაგებებისთვის იოანეს მოცილებას გადაწყვეტენ. იოანეს საწინააღმდეგოდ მიმართულ აქცის ალექსანდრიის პატრიარქი თეოფილე ჩაუდგება სათავეში, რომელიც საიდუმლო კრებას იწვევს და ოქროპირის დასამხობად მომხრეებს იკრებს.

მზადდება ცილისწამებები, ყალბი საბუთები, უაზრო ბრალდებები... კრებას ქალკედონში დანიშნავენ. ეს პირველი უკანონო ნაბიჯია, რომელსაც გადადგამენ მის წინააღმდეგ. ისტორიკოსი გვამცნობს, რომ მართალია, გეოგრაფიულად ქალკედონი კონსტანტინოპოლის გარეუბანი იყო, მაგრამ ჰყავდა თავისი დამოუკიდებელი ეპისკოპოსი. დაეთანხმება კი ოქროპირი, განკითხულ იქნას თვისი ეპარქიის გარეთ? საეჭვოა, მაგრამ იმპერატორთან შეკრებილ მოწინააღმდეგეებს ეს ვითარება არ აღელვებთ.

"არა უშავს, - აყვირდა ერთი, - კიდეც რომ არ მოინდომოს, ჩვენ ვაიძულებთ მას, ჩვენ დავითანხმებთ იმპერატორს, გამოიყენოს თავისი ძალაუფლება, რათა აიძულოს და კრების კეთილ ნებას დაექვემდებაროს იგი!"

ქალკედონში თავმოყრილ კრებას თავმჯდომარეობდა ალექსანდრიის პატრიარქი თეოფილე. შეთითხნეს 29 პუნქტისგან შემდგარი ბრალდება. "ეს იყო უმეტესწილად სინამდვილესთან შეუფერებელი და სრულიად ყაბლ ბრალდებათა კრებული, რომელიც უსამართლო, მოჩვენებით შეცდომებსა და გარდამეტებულ, ყალბ ჭორებზე იყო დაფუძნებული, რომელთაც მთელი ორი წლის განმავლობაში ავრცელებდნენ იოანეს მოწინააღმდეგეები..." (Крестный путь Иоанна Златоуста, сост. О. В. Орловой. Изд. "Рарог". Москва. 1996 г., стр. 109). ბრალდებათა შორის იყო საიმპერატორო კარის მძიმე შეურაცხყოფის მოტივებიც.

"საეკლესიო სასამართლოს საქმისწარმოების თანახმად საჭირო იყო ბრალდებული ეპისკოპოსისთვის წარედგინათ ეს ბრალდებები, მოესმინათ მისი პასუხი, პირისპირ წარედგინათ მოწმეები და აი, თეოფილემაც გადაწყვიტა კრების ორი მონაწილის პირით შეეთვალა იოანესთვის, გამოცხადებულიყო კრებაზე" (იქვე).

ამ დროისთვის ოქროპირის მომხრეები შეკრებილნი იყვნენ იოანეს ტაძრის ტიკლინიუმში (სატრაპეზოში) – "ილოცეთ ძმანო, - ეუბნებოდა მათ ოქროპირი, - თუ ქრისტე გიყვართ, ნურცერთი თქვეთაგანი ნუ გასცილდება ეკლესიას ჩემი გულისთვის, რადგანაც შემიძლია ვთქვა მოციქულთან ერთად: მსხვერპლად ვიწირები და მოახლოვებულია ჩემი დაკვლის ჟამიც... ვიცი სატანაც და მისი მახეებიც. მას აღარ ძალუძს აიტანოს ჩემი ქადაგებების მწველი ისრები; დე იყოს უფალი მოწყალე ჩემდამი! მომიხსენიეთ, ძმანო, თქვენს ლოცვებში". ამ სიტყვებმა დიდად დაამწუხრა იოანეს მომხრეები. მაშინ ადგა ერთი ეპისკოპოსი და თქვა: "ჩვენ იმიტომ ვტირით, რომ გვაობლებენ, გვიქვრივებენ ეკლესიას, მის კანონებს უგულებელჰყოფენ, ამპარტავნება და უკეთურება აღზევდა, ერს დარიგების გარეშე ტოვებენ..."

მიუხედავად ამისა, ოქროპირი მაინც სთხოვს თავის მომხრეებს დაემორჩილონ კრების მოთხოვნას, არ გახლიჩონ ეკლესია მისი გულისთვის: "დაეთანხმეთ, - მხურვალედ შესძახა არქიეპისკოპოსმა, - დაეთანხმეთ, რათა არ მოხდეს განხეთქილება, მაგრამ ხელს ნუ მოაწერთ (კრების დადგენილებას - ეპ. პ.), რამეთუ ისეთ არაფერში მამხელს ჩემი სინდისი, რითაც დავიმსახურებდი დამხობას". სწორედ ამ დროს ტრიკლინიუმში თეოფილეს წარგზავნილები შემოდიან და იოანეს განკარგულებას გადასცემენ, სადაც, სხვათა შორის, შეგნებულად იყო გამოტოვებული მისი სასულიერო ხარისხი და მიმართავენ, როგორც უკვე დამხობილ ერისკაცს, დაუყოვნებლივ გამოცხადდეს კრებაზე.

იოანეს ეპისკოპოსებმა შეადგინეს პასუხი, სადაც თეოფილე ალექსანდრიელს წერდნენ: "ნიკეის წმიდა კრების დადგენილებათა საწინააღმდეგოდ შენი ტერიტორიის გარეთ ნუ გსურს გაასამართლო ეპისკოპოსი. მოდი აქ, ქალაქში (კონსტანტინოპოლში - ეპ. პ.), სადაც არის ღვთის მოსაწონი წესრიგი და ნუ ცდილობ კაენივით ველზე გაიყვანო აბელი... თუ სამსჯავროა, ჩვენ უნდა ვსჯიდეთ და უპირველესად შენ უნდა გასამართლებდეთ, რამეთუ ჩვენს ხელთ არის საბრალდებო აქტები, რომელიც შეიცავს შენს მიერ აღსრულებულ სამოცდაათამდე დანაშაულობას" (იქვე. გვ. 112-113).

ამრიგად, იოანე ოქროპირი არ ასრულებს უკანონო განკარგულებას და კრებაზე არ ცხადდება. მეტიც, იოანე ამ კრებას არ ეახლა არც მეორე და არც მესამე გამოძახების შემდეგ (იხ. იქვე. გვ. 114-115).

კრებამ "დაამხო" იოანე: "იმის გათვალისწინებით, რომ იოანე, რომელიც ბრალდებულია მთელ რიგ დანაშაულობებში და გრძნობს საკუთარ დანაშაულს, თავის გასამართლებლად ჩვენს წინაშე არ გამოცხადდა. ამიტომაც, საეკლესიო კანონების თანახმად დავამხეთ, მაგრამ, რადგანაც საბრალდებო დასკვნა საეკლესიო დანაშაულობათა გარდა მისი აღმატებულების შეურაცხმყოფელ დანაშაულობებსაც შეიცავს, თქვენს აღმატებულებას ეძლევა შესაძლებლობა დამნაშავის გაძევებისა, რათა ასეთი ქმედება არ დარჩეს დაუსჯელი (იქვე. გვ. 117).

ამის შემდეგ ქაოსი მოიცავს კონსტანტინოპოლის ეკლესიას. ხალხი იცავს თავისი მოძღვრის ტაძარს და არ სცილდება წმ. იოანეს. სადღეღამისო მორიგეობაც დააწესეს. ოქროპირი ხალხს მიმართავს: "მე განმიკითხა ყალბმა კრებამ, მართალმა კრებამ უნდა გამამართლოს, რომელიც აქ, ჩემს ეკლესიაში მოეწყობა". ვითარება უკიდურესად იძაბება, იმპერატორი იოანეს ემუქრება, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში გამოიყენებს ძალას და ჯარისკაცთა დახმარებით დააპატიმრებს (იქვე. გვ. 123).

ცხადია, რომ ასეთ ვითარებაში ეკლესიის კართან აუცილებლად მოხდებოდა შეტაკება, დაიღვრებოდა სისხლი... ამ სურათის წარმოდგენამ იოანე შეაძრწუნა. ამიტომაც, თამამად მიეახლა იმპერატორის წარგზავნილ ოფიცერს და უთხრა: "მე თქვენს ხელში ვარ, სადაც გნებავთ იქ წამიყვანეთ". ხალხს კი მიმართა: "მომეცით წასვლის საშუალება, ვალდებული ვარ დავემორჩილო იმპერატორს, არცერთი წვეთი სისხლი არ უნდა დაიღვაროს ჩემი გულისთვის. ჩემს საქმეს ვანდობ მომავალ კრებას" (იქვე. გვ. 123).

მაგრამ, სისხლი მაინც დაიღვარა... ხალხი ქუჩებში გამოვიდა სალოცავად.... ვითარება მეტად დაიძაბა... თეოფილემ დაიწყო იოანეს მომხრეთა დევნა, მათ ტაძრებში კი საკუთარი მომხრეები დააწესა... მიდის ბრძოლა თითოეული ტაძრისთვის... თეოფილემ არქიეპისკოპოს იოანეს ბაზილიკაში შესვლა მოინდომა... ხალხი ეწინააღმდეგება მის განზრახვას. დაიწყო შეტაკება, ხოცვა და ჟლეტა... ეკლესია გვამებით აივსო, ბაპტისტერიუმი სისხლით შეიღება, თითოეული ტაძარი ციხე-სიმაგრედ გადაიქცა...

ასეთი იყო ვითარება კონსტანტინოპოლში, როდესაც მიწისძვრის ძლიერი ბიძგები იგრძნეს... შეირყა კონსტანტინოპოლი... ევდოქსია პანიკამ მოიცვა... მიწისძვრა მიღებულ იქნა, როგორც ღვთის რისხვა, რაიც თავს დაატყდათ უსამართლოდ განკითხულ იოანეს გამო. ევდოქსიამ იოანე უკანვე გამოიხმო... ხოლო ხალხმა იგი ხელში აიტატებული დააბრუნა საკუთარ ბაზილიკაში.

იოანეს საწინააღმდეეგო მოწვეულმა პირველმა კრებამ ფიასკო განიცადა, მაგრამ მტერს არ სძინავს და ამიტომაც, მის საწინააღმდეგოდ მეორე, უფრო მზაკვრულ გეგმას ამუშავებს. იოანე ეწინააღმდეგება წარმართულ ჩვეულებებს, ხოლო კონსტანტინოპოლში თაყვანსაცემად იმპერატრიცა ევდოქსიას ქანდაკებას დგამენ. იოანეს ევდოქსიას შეურაცხყოფა და ხალხის ამბოხებისკენ მოწოდება ბრალდება.

მეორე კრებამ პირველი კრების შეცდომები გაითვალისწინა და შეკრებილნი კონსტანტინოპოლში მოიწვია. მეორე კრება ღებულობს პირველზე უფრო უსამართლო გადაწყვეტილებებს. ანტიოქიის მე-4 კანონზე დაყრდნობით იოანეს არ აძლევენ თავის მართლების საშუალებას. მე-4 კანონი კი ბრძანებს: "თუ კრების მიერ განკვეთილი ეპისკოპოსი ან თავისი ეპისკოპოსისგან განკვეთილი მღვდელი ან დიაკვანი შემდეგაც გაბედავს მღვდლობას ან სხვა რაიმეს გაკეთებას ადრინდელი ჩვეულებისამებრ, მას აღარ უნდა ჰქონდეს სხვა კრებისგან აღდგენის ან გამართლების იმედი, არამედ მისი ზიარებულნიცა და მაზიარებელნიც განდევნილ უნდა იქნენ ეკლესიიდან, მით უმეტეს თუ მათ იცოდნენ ეს გადაწყვეტილება და მაინც გაბედეს მათი ზიარება".

ამას მიუმატეს ამავე კრების მე-5 დადგენილებაც: "... მისთვის აღარ იქნება შესაძლებელი პატივის დაბრუნება, ხოლო თუ განაგრძობს ეკლესიაში არეულობის შეტანას და მის წინააღმდეგ მოქმედებას, გარეგანი და საერო ხელისუფლების მიერ, როგორც მეამბოხე, დასჯილ უნდა იქნეს".

"რა უ ნდა ვქნათ? - ამბობს ორატორი, - იოანე დამხობილ იქნა ქალკედონში გამართული კრების მიერ, მან კი კათედრა მოტყუებით, ახალი დადგენილების მიღებამდე საკუთარი ნებით დაიბრუნა და ამგვარი მოქმეებით საკუთარი თავი საეკლესიო კანონების გარეშე დააყენა... ამდენად, სამართლიანად იქნა ის განკითხული თუ უსამართლოდ, ეს ჩვენ სრულიადაც არ გვაინტერესებს. უბრალოდ, იოანე (ზემოთ დამოწმებული ანტიოქიის კრების მე-4 და მე-5 კანონების თანახმად - ეპ. პ.) საეკლესიო სამსჯავროს არც კი ექვემდებარება. ის ამიერიდან არც ეპისკოპოსია და არც პრესვიტერი; ის განკვეთილია და მისი დასაცავი სიტყვის მოსმენაც კი არ შეგვიძლია..."

ამ დადგენილებათა წაკითხვამ იოანეს მომხრეები გააოგნა, მაგრამ სწორედ აქ იჩინა თავი სარდიკიის კრების კანონებმა.

საქმე იმაშია, რომ კრებაზე შეკრებილ იოანეს მომხრე "ეპისკოპოსთა უმეტესობისთვის უცნობი იყო ანტიოქიის კრების აქტები, რადგანაც ისინი საერთოდ არ შედიოდნენ საეკლესიო კანონთა იმ კრებულში, რომელიც მეოთხე საუკუნეში მოქმედებდა". ამიტომაც, "ისინი არასოდეს გამოიყენებოდა", რადგანაც "ანტიოქიის კრების აქტები გამოცხადებისთანავე გააუქმა სარდიკიის კრებამ" (იქვე. გვ. 140).


ბ) ანტიოქიის კრება ათანასე დიდის წინააღმდეგ

რას წარმოადგენენ ანტიოქიის კრების ეს დადგენილებები, რა ვითარებაში აღმოცენდნენ ისინი და რა ღირებულება და მნიშვნელობა შეიძლებოდა ჰქონოდათ მათ წმ. იოანე ოქროპირის საქმეში? ანტიოქიის ეს დადგენილებები უდიდეს მღვდელმთვარს, ათანასეს, ნიკეის კრების "საყვირს" და მჭევრმეტყველ ღვთისმეტყველს ეხებოდა. წმ. ათანასემ, რომელსაც გამუდმებით დევნიდნენ მართლმადიდებლობის მოწინააღმდეგეები, ხლისუფალთაგან განდევნილმა - ან იმის გამო, რომ ცდებოდნენ, ან კიდევ იმიტომ, რომ თავადვე ბრძანდებოდნენ არიანელები - თავშესაფარი დასავლეთში ჰპოვა. მისთვის ეს უკანასკნელი თავშესაფარიც რომ მოესპოთ, არიანელთა პარტიის მეთაურმა, ევსები ნიკომიდიელმა, იმპერატორ კონსტანციუსს ტაძრის კურთხევის საბაბით ანტიოქიაში ეპისკოპოსთა მოწვევის უფლება გამოსცინცლა და თავადაც ამ საცთურში შეიტყუა. კრება მრავალრიცხოვანი იყო - მას 90-მდე ეპისკოპოსი ესწრებოდა, აქედან 36 არიანელი იყო, სხვები კი ევსების ხრიკებს დაემორჩილნენ, რომელსაც, თავის მხრივ, ზურგს იმპერატორი უმაგრებდა.

კრების ნამდვილი მიზანი ერთი გახლდათ - ალექსანდრიის პატრიარქ ათანასესთვის დარტყმის მიყენება, - ამით მათ ხელი უნდა შეეშალათ ათანასეს მცდელობისთვის დასავლეთში ეძებნა შემწეობა, როგორც ერთხელ უკვე მოხდა. ამრიგად, კრებამ "დაამხო" რა ათანასე, დაამტკიცა ის განწესება, რომელზეც ზემოთ იყო საუბარი. ამით, ევსების აზრით, დასავლელი ეპისკოპოსები უნდა შეშინებულიყვნენ, უკიდურეს შემთხვევაში აღმოსავლელი "დამხობილი" პატრიარქის მათთან ყოფნა გაუსაძლისი გაეხადათ. მაგრამ, ათანასეს საქმე იმდენად წმიდა იყო, ხოლო მის მოშურნეთა ბოროტება იმდენად აშკარა, რომ არათუ თანაზიარობა შეინარჩუნეს ათანასესთან, მისი "დამხობის" გასაუქმებლად ორი (რომის და სარდიკიის) კრებაც მოიწვიეს, სადაც ანტიოქიის კრების დადგენილებებიც შეცვალეს. თვით პაპმა ინოკენტიმაც კი 60 წლის შემდეგ სახალხოდ განაცხადა, რომ არ ცნობს ანტიოქიის კრების დადგენილებებს.

თვით აღმოსავლეთში, ალექსანდრიული ვნებათა ღელვის ჩაცხრომის შემდეგ, როდესაც იმპერატორმა კონსტანციუსმა ათანასე დააბრუნა, ამ წმინდანის წინააღმდეგ გამოთქმული ანტიოქიის კრების დადგენილებები ხმარებიდან გამოვიდა. მხოლოდ მოგვიანებით, დისციპლინარულ კანონთა შემადგენლობაში გამოიყენეს იქიდან ის რამოდენიმე დადგენილება, რომლებიც თავისთავად მისაღები იყო და რომლებიც საბოლოოდ მსოფლიო ეკლესიამ შეიწყნარა (გვ. 141).

აი, რა მიზეზით გააუქმეს მაშინ (IV საუკუნეში) ანტიოქიის კრების აქტები და აი, ის მიზეზებიც, რომლის გამოც მიღებულ იქნა სარდიკიის მე-19 (20) დადგენილება: "ღავდენტიოს ეპისკოპოსმა თქვა: "ეს რაც შესაფერისად, ჯეროვნად დ საცხოვნებლად დაადგინეთ თქვენ, ღვთისა და კაცთათვის სათნო მღვდლებმა, თავის ძალასა და სიმტკიცეს ვერ აჩვენებს, თუ არ დაშინდებიან გამოსული დადგენილების დამრღვევნი. თქვენც იცით, რომ ხშირად ვისიმე მცირედი ურცხვობით დიდი და პატიოსანი სახელი მღვდლობისა მრავალთაგან განსჯისა და განკითხვის საგანი ხდება. აწ თუ ვინმე მრავალთა მიერ მოწონებულისა და დადგენილის საწინააღმდეგოდ რაიმეს ჩადენას გაბედავს უწესო სურვილით, ამპარტავნებითა და უფრო ცუდმედიდურობით, ვიდრე ღვთის სიყვარულით, იცოდეს ასეთმა, რომ ეპისკოპოსობის პატივისა და ღირსების აყრის ღირსად გაუხდია თავი".

მაშ ვის ეხება იგი? იმ ეპისკოპოსთა ღირსებას, რომელთაც ბრალს საქმის გამოუძიებლად სდებენ, რითაც "შეურაცხყოფილი რჩება მღვდლობის პატიოსანი სახელი".

ამდენად, სარდიკიის მე-19 (20) კანონი მე კი არა, თქვენ გეხებათ, რადგანაც ისე მექცევით, როგორც წმ. იოანეს თეოფილე ალექსანდრიელი. თავად განსაჯეთ: თუკი ზემოხსენებულ მეორე კრებაზეც წმ. იოანე თვით სარდიკიის მე-19 (20) კანონის დარღვევითაც უკანონოდ "გაასამართლეს", როგორღა არის შესაძლებელი ეს კანონი მომიდგეს მე? ყურადღებით დააკვირდით, წმ. იოანე ოქროპირის პირველი გასამართლებისას დარღვეულ იქნა საეკლესიო სასამართლოს საქმის წარმოების ყველა განწესება (ზუსტად ასე აწარმოეთ თქვენც ჩემი საქმე):

1. საეკლესიო საქმის წარმოების არცერთი განწესება ამ თვითმარქვია კრებაზე (იგულისხმება ქალკედონის კრება ოქროპირი წინააღმდეგ - ეპ. პ.) დაცული არ ყოფილა (ციტ. ხს. ნაშრ. გვ. 142) (იგივე ითქმის ჩემს დასამხობად მოწვეულ თქვენს კრებაზეც).

2. "ამაოდ ცდილობდა ოქროპირი მსაჯულთა რიგებიდან გამოერიცხა ის პირები, რომლებიც აშკარად მისი მტრები იყვნენ" (ამაოდ ვცდილობდი ამას მეც).

3. "ბრალდებები არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას, ის გაასამართლეს ისე, რომ მისი მართლება არც კი მოუსმენიათ" (იქვე) (ჩემს წინააღმდეგაც იგივე მოიმოქმედეთ).

იგივე ხდებოდა წმ. იოანე ოქროპირის მეორედ გასამართლების დროსაც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ თუ პირველ კრებაზე იოანე საერთოდ არ მოვიდა, მეორე კრებაზე მისულ იოანესა და მის დამცველებს სიტყვას აწყვეტინებდნენ და დაცვის საშუალებას არ აძლევდნენ (იქვე. გვ. 144) (ასევე გვეპყრობოდნენ მე და ჩემს დამცველებს თქვენს მიერ მოწვეულ კრებაზე).

იოანე მეორე კრებამაც "დაამხო" და კონსტანტინოპოლიდან გაძევება მიუსაჯა. იმის ნათელსაყოფად თუ როგორ ტყუპის ცალივით წააგავს ჩემი "გასამართლება" წმ. იოანე ოქროპირის "გასამართლებას", ხოლო თქვენი მოქმედება თეოფილე ალექსანდრიელის საქციელს, გაგაცნობთ ნაწყვეტს წმ. იოანე ოქროპირის თავის გამამართლებელი წერილიდან, რომელიც მან რომის პაპ ინოკენტის მისწერა:


"ამდენ უბედურებათა გამომწვევი ჩემი მოჩვენებითი დანაშაულის დამტკიცება თუ ჰსურთ, გამომიგზავნონ თავიანთი აქტები, დაე ჩემს წინაშე დადონ ყველა ბრალდება, გამოცხადდნენ კრებაზე ჩემი ბრალმდებელნი და სამართლიანი კრება მოეწყოს განაჩენის გამოსატანად. მე უარს არ ვიტყვი, მეტიც, მე ხომ სწორედ ამას ვითხოვდი და ამჟამადაც ამას ვითხოვ. დიახ, განმსაჯონ! ეს იქნება ჩემი გამართლება! რამეთუ, ყოველივე, რაც კი გამოყენებულ იქნა ჩემს წინააღმდეგ, ყოველგვარი გონივრულობის, სიმართლის, კანონის და საეკლესიო სჯულმდებლობის საწინააღმდეგოა. ამგვარი გასამართლება არ სმენიათ თვით ბარბაროსებსაც კი. არ არიან ისეთი სკვითები და სარმატები, რომლებიც ადამიანს მოუსმენლად განიკითხავენ, როდესაც ის მართლმსაჯულებას ითხოვს, მაგრამ არა მტრებისგან შემდგარს, არამედ ჭეშმარიტ მართლმსაჯულებას; და როდესაც ასეთი კაცი აცხადებს, რომ მზად არის მთელი ქვეყნიერების წინაშე უარყოს მის წინააღმდეგ აღმართული ყველა ბრალდება (თქვენ კი მწერთ, ვინც თავს იმართლებს, მართლაც რომ ეშმაკეულიაო. მაშ, წმ. იოანე ოქროპირი, თქვენის აზრით, "ეშმაკეული" ყოფილა?! - ნუმც იყოფინ! - ეპ. პ.) - ვის შეუძლია დამნაშავედ გამოაცხადოს იგი?" (იქვე. გვ. 155).

როგორც წმ. იოანე ოქროპირის და წმ. ათანასე დიდის გასამართლებისას, აქაც, ჩვენს შემთხვევაშიც, უხეშად დაირღვა ზოგადსაეკლესიო დისციპლინარული საკითხი. მათი (ხსენებული წმინდანების) საქმის წარმოება არღვევდა სამართლიანობის ელემენტარულ ნორმებსაც კი. უსამართლო დადგენილებები მიღებულ იქნა უკრიტიკოდ, უაპელაციოდ, თანაც ბრალდებულის აშკარა მტრების მიერ. სწორედ "ამგვარ ქმედებათა დაუსჯელობას შეეძლო გზა გაეხსნა იმ ურცხვი უწესივრობისთვის, რომლებიც თვით ეკლეიის არსებობას ემუქრებიან, ეკლესიისა, რომელიც ქრისტემ თავის მოციქულებთან ერთად დააფუძნა" (იქვე. გვ. 157).

აი, სწორედ ამას ეწინააღმდეგება სარდიკიის კრება და ამასვე ვეწინააღმდეგები მეც, რისი უგულებელყოფაც თქვენთვისაც და ეკლესიისთვისაც საზიანო იქნებოდა.
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому