სხვადასხვა - გავამარჯვებინოთ სიყვარულს! - 1 - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე

გავამარჯვებინოთ სიყვარულს!

საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში 2001 წელს მომხდარი განხეთქილების ისტორია. 1999-2001 წლის მოვლენები. ეპისკოპოს იონას († 2003 წ.) დაპირისპირება ეპისკოპოს პავლეს წინააღმდეგ: ფაქტები და განმარტებები.
იესუ ქრისტე
წინამდებარე ნაშრომი 2001 წლის ივნისში, ანუ საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის 2001 წლის განხეთქილებამდე 3 თვით ადრე, შესასწავლად და გასათვალისწინებლად გადაეცა ეპისკოპოს იონას. თხზულებაში დეტალურად არის განხილული ვითარება, რომელიც ეპისკოპოსმა იონამ შექმნა თავისი ხიბლისმიერი მდგომარეობით და ეკლესიაში დიქტატურული რეჟიმის დამყარების მცდელობით. მკითხველი დეტალურად გაეცნობა საქმის ვითარებას და ორივე მხარის არგუმენტაციას. 2001 წლის განხეთქილების წინაისტორიასა და პირობებს, რამაც მოამზადა ეს სამწუხარო აქტი.

გარდა ამისა, ჩვენი ეკლესიის სიმართლესა და ობიექტურობაში დაეჭვებულებს ვაძლევთ შესაძლებლობას უფრო დაწვრილებით გაეცნონ იმ დოკუმენტებს, რასაც ეყრდნობოდა ჩვენი მხარე ეპისკოპოს იონას მხილებასა და მასთან ევქარისტული ერთობის შეჩერებაში. ჩვენ არ გვსურს ეს ისტორია იდუმალებით მოცული დავტოვოთ ფართო საზოგადოებისთვის და მით დაეჭვების საბაბი გავუჩინოთ ვინმეს ჩვენი ეკლესიის სიმართლესა და ობიექტურობაში.

წინამდებარე თხზულებას ვაქვეყნებთ იმ მიზნით, რათა ფართო საზოგადოება გაეცნოს საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ისტორია; გაეცნოს ეპისკოპოს პავლესა და ეპისკოპოს იონას შორის 1999-2001 წლებში წარმოქმნილი უთანხმოების მიზეზებს და ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მოქმედების პრინციპებს მსგავსი პრობლემების წარმოქმნისას; უწყოდეს იმ უსამართლობის შესახებ, რაც განიცადა ფოთის იმდროინდელმა ეპისკოპოსმა პავლემ, რომელსაც ზოგიერთი პირები დღემდე ადანაშაულებენ ეპისკოპოს იონასადმი უსამართლო მოპყრობაში. ასეა თუ არა ეს დე, ამ ისტორიის მკითხველმა განსაჯოს.
წინათქმა

ნომოკანონის მიხედვით "ცოდვისგან ძმის გათავისუფლებისა და ცხოვნების გზაზე მისი დაყენების მცდელობა ცილისწამება და განკითხვა კი არ არის, არამედ მისდამი გულშემატკივრობისა და სიყვარულის გამოხატულება. გვმართებს მხილება ერთმანეთის... წმ. წერილი ბრძანებს: "როცა უსჯულოს ვეტყვი: სიკვდილით მოკვდები-მეთქი, შენ კი არ გააფრთხილებ მას და არაფერს ეტყვი უსჯულოს ბოროტი გზიდან ჩამოსაშორებლად, რომ გადარჩეს, მოკვდება უსჯულო იგი თავის უკეთურებაში და მის სისხლს შენ მოგკითხავ. ხოლო თუ შენ გააფრთხილებ უსჯულოს და არ მოიქცევა თავისი უსჯულოებისაგან და ბოროტი გზიდან, თავის უსჯულოებაში მოკვდება, შენ კი გადარჩენილი გყავს შენი თავი" (ეზეკიელი 3:18-19). ამიტომაც გვამცნობენ წმიდა მამები: "... ძმის მხილებას შედგომიხარ და მის სიძულვილს უფრთხი? ამხილე ძმა, და მისი სიძულვილი შეიწყნარე ქრისტესმიერი სიყვარულით... აღვადგინოთ მტრობის სახმილავში ჩაგდებულნი".

ამგვარი შემთხვევებისთვის გვამხნევებს წმ. იოანე ოქროპირი და გვირჩევს გაბედულად შევუდგეთ მოყვასის მხილებას და თუ არ გამოსწორდებიან, ჩვენ მოსტუმრებული გვექნება ჩვენი ვალი. განა აღთქმა არ მივეცით უფალს არ დაგვემარხა ტალანტი; განა იმიტომ არ მოგვეცა ენა, რომ გამოვასწოროთ მოყვასი... განა იმიტომ არ ვართ მეგობრები, რომ უერთიერთს ამოვუდგეთ მხარში?! ამიტომაც ითქვა: "ძმაჲ ძმისაჲ შემწე, ვითარცა ქალაქი ძლიერი და მაღალი და ძლიერ არს, ვითარცა სამეუფოჲ მოზღუდვილი" (იგავნი 18:19). რადგან ჭამასა და სმაში კი არ იცნობა მეგობარი, რასაც ყაჩაღნიც იქმან და კაცთამკვლელნიც, არამედ გასაჭირში" (Номоканон. Уральск, стр. 52-54).

წინამდებარე ჩემი წერილი ჩემი გამართლებაც არის და თქვენი სამხილიც. როგორც გამართლება, ის ობიექტურია და მიუკერძოებელი, ხოლო როგორც სამხილი - მძიმე და მტკივნეული, თუმც დაწერილია სიყვარულით, დაწერილია "მოყვარეს პირში უძრახეს..." პრინციპით, სიმართლის განმარტებისა და გახსნის სურვილით, ძმის გამოსწორების სურვილით...

ამიტომაც არ ვერიდები თქვენს მხილებას და არც თქვენს სიძულვილს ვუფრთხი! თუ შემეკამათებით, პასუხს არ მოგცემთ, რადგან ღვთის წინაშე, თქვენი და ჩემი ქრისტესმიერი სიყვარულის წინაშე მოსტუმრებული მექნება ჩემი ვალი!... აწ ღმერთს მივანდოთ განაჩენი!...

გვმართებს მხილება ერთმანეთის!...



ნაწილი პირველი


1. ეპისკოპოს პავლეს (ხორავა) მოხსენება, რომელიც წარმოთქმულ იქნა ეპარქიულ კრებაზე საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის პირველიერარქ ეპისკოპოს იონასთან არსებული კონფლიქტისა და მის გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის კოლხეთის ეპარქია. ფოთი. მალთაყვა. 2000 წლის თებერვალი.

ღირ. ნიკონის ეპისტოლედან ენკლისტიუსისადმი: "უწყოდე მამაო, საღმრთო წერილი საღმრთო კანონებითურთ გვამცნობენ, რომ უსამართლოდ დადებულ აკრძალვას ღმერთი არ კრავს, მღვდელმთავარიც რომ იყოს მისი გამომთქმელი... დაუფიქრებელი წამოძახილით და შეუკავებელი გულისთქმით მართალი არა თუ არ განიკვეთება, არამედ თვით განმკვეთელზე მოიწევა მისი მიერვე წარმოთქმული მსჯავრი. ასე გვამცნობენ წმიდა კრებებიც. იკვრება მხოლოდ ის აკრძალვა, რომელიც საკუთარი სურვილების მიხედვით კი არა, კანონიკურად არის გამოთქმული, უსიტყვოდ (ე. ი. მტკიცებულების გარეშე - ეპ. პ.) სასჯელის გამომთქმელი თვით განიკვეთება და დაისჯება იმ სასჯელით, რასაც ითვალისწინებენ საღმრთო და წმიდა განწესებები" (II მსოფლიო კრების 6-ე კანონი).

ნიკოლოზ ღმრთითდადგენილი პატრიარქი ბრძანებს: "... თუ მღვდელმთავარი ღმრთის ნებასთან შეუთანხმებლად (ე. ი. არაკანონიკურად - ეპ. პ.) ვინმეს აკრძალავს, ღმერთი ამ მსჯავრს არ დაამტკიცებს და უსამართლობად ჩათვლის, ამიტომაც იქნება იგი დაუმტკიცებელი... ოდენ სიტყვათა წარმოთქმით არ შეიკვრება განაჩენი, თუ იგი უსამართლოდაა წარმოთქმული. ურისხველად წარმოსთქვამ განაჩენს თუ მრისხანე გულით, ანგელოზთა სამსჯავროზე წარსდგები და საკუთარი თავის მოსამართლედ წარმოჩნდები.

ღმერთი უსამართლო სასჯელს ეწინააღმდეგება და შურს იძიებს უსამართლოდ დასჯილთათვის" (Номоканон. Уральск стр. 82-83 об.).


სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა!


უფალო გვაკურთხენ!

გაზეთ "რეზონანსის" 1999 წლის 9 აგვისტოს 215-ე ნომერში დაიბეჭდა ჩემი და გაზეთ "მართლმადიდებელი"-ს რედაქტორის, ბ-ნ ზვიად ნოდიას ერთობლივი, მოკლე განცხადება, რომელშიც გადმოცემულია ჩვენი პოზიცია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოს იონას მიერ "ხორცით სატანჯველად" (იხ. 1 კორ. 5:5; ტიმ. 1:20. აგრეთვე "რეზონანსის" 1999 წლის 215-ე ნომერი) ოფიციალური ეკლესიის რამდენიმე სასულიერო პირისა და ერთი ერისკაცის სატანაზე გადაცემის ფაქტისადმი.

"ამას წინათ გაზეთ რეზონანსიდან (№ 215, 9 აგვისტო) მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდა საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოს იონას მიმართვა ოფიციალური ეკლესიის მოძღვრებისადმი, რომელსაც დასანანი გაუგებრობის გამო რედაქციამ არასწორი ქვესათაური დაურთო: "სტაროვერები მოძღვრებს სატანისადმი გადაცემით ემუქრებიან". მოვალენი ვართ განვაცხადოთ, რომ ეპ. იონას კერძო წერილი არ გამოხატავს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციას. ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მნიშვნელოვანი ნაწილი, კოლხეთის ეპარქიის ეპისკოპოს პავლესთან ერთად, არ ეთანხმება ეპ. იონას გარკვეულ თვალსაზრისებს, სუბიექტურ გადაწყვეტილებებს, პიროვნულ ქმედებებს... ამჯერადაც, ჩვენი წინააღმდეგობისა და გაფრთხილების მიუხედავად, ეპ. იონამ დამოუკიდებელი სვლა განახორციელა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით ოფიციალურ "სამღვდელოებას" მთელ რიგ საეკლესიო საკითხებში, მათ შორის მათაც, ვინც ეპ. იონას "გადაცემის" ობიექტები გახდნენ, მათდამი ამგვარი ფორმით დაპირისპირებას კატეგორიულად ვემიჯნებით.

გაზეთ "რეზონანსის" რედაქციას და მისი საშუალებით საზოგადოებას ვთხოვთ ეპ. იონას კერძო გამოსვლებს საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაზე ნუ განაზოგადებთ".

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის კოლხეთის ეპარქიის ეპისკოპოსი პავლე (ხორავა).

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ბეჭდვითი ორგანოს, გზეთ "მართლმადიდებელის" რედაქტორი ზვიად ნოდია".

მეტად დასანანია, რომ განცხადება, რომელიც მიზნად არ ისახავს ეპისკოპოს იონას შეურაცხყოფას, დამცირებას, განქიქებას ან ბრალდებას, არასწორად გაიგეს და მძაფრი დაპირისპირებისა და ლამის განხეთქილების საბაბადაც კი იქმნა.

სამწუხაროდ, ზემოთ მოტანილი ტექსტი საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის პირველიერარქმა პირად შეურაცხყოფად და მის განსაქიქებლად გამიზნულ ღონისძიებად მიიღო და ეკლესიაში, მათ შორის მრევლში, გაჩნდა უთანხმოება. ეპისკოპოსმა იონამ უპირობოდ მოგვთხოვა სახალხოდ ბოდიშის მოხდა და სინანული. წიინააღმდეგ შემთხვევაში განგვიცხადა, რომ ბ-ნ ზვიადს ეკლესიიდან მოიკვეთდა, ხოლო მე, როგორც ეპისკოპოსს, ამყრიდა სასულიერო პატივს.

შექმნილი მძიმე ვითარების განსამუხტავად, 1999 წლის სექტემბრის თვეში მღვდელ გრიგოლ მახარაძის, ეკლესიის კლერიკოსთა და რიგ ერისკაცთა თანდასწრებით მოხდა ჩვენი შეხვედრა. ხანგრძლივი, დაძაბული მსჯელობის შემდეგ ეპისკოპოსი იონა დარწმუნდა, რომ ჩვენი ხსენებული განცხადება არც ადამიანური და არც საეკლესიო კანონმდებლობის თვალსაზრისით არ შეიცავდა მის განმაქიქებელ, სალანძღავ ან რაიმე ცოდვაში მამხილებელ ინფორმაციას. შეხვედრა დამთავრდა მშვიდობითა და ურთიერთგაგებით.

მაგრამ ორი კვირის შემდეგ მეუფე იონამ ხელმეორედ, უფრო მეტი სიმძაფრით წამოჭრა უკვე გარჩეული და დასრულებული საკითხი. დაძაბული, ხანგრძლივი მტკიცებებისა და ამჯერად კიდევ უფრო საფუძვლიანი განხილვის შემდგომ ცხადად გამოჩნდა, რომ ხსენებული განცხადება არაკანონიკურს არაფერს შეიცავს; რომ მასში არ არის არავითარი ბრალდება, ან ცილისწამება, ან განქიქება, რის შემდეგაც მეუფე იონა უკვე მეორედ დავარწმუნეთ ჩვენს უდანაშაულობაში.

მეორე შეხვედრა საკმაოდ ემოციურად დსრულდა. მან იტირა, ცრემლები მეც მომერია, გახარებულს იმით, რომ პირველიერარქი ჩემს უდანაშაულობაში დავარწმუნე. იმხანად ჩემი ეპარქიის ტაძრის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის დღესასწაული (1 / 14 ოქტომბერი) ახლოვდებოდა. ეპისკოპოსს ერთობლივი ლიტურგია შევთავაზე. მანაც თანხმობა განაცხადა და მეც დამშვიდებულმა ფოთს მივაშურე... მაგრამ თვით ეპისკოპოსი იონა დღესასწაულზე არ ჩამობრძანდა. 15 ოქტომბერს სასწრაფოდ გამოვეშურე თბილისს...

აღმოჩნდა, რომ ეპისკოპოს იონას კვლავ ჩემი დასჯისკენ მიქცევია გული, არ დაკმაყოფილებულა მიცემული ახსნა-განმარტებით და საკითხი დღის წესრიგში უკვე მესამედ დადგა, თანაც აბსოლუტურად არაკანონიკური ფორმით.

1999 წლის 17 ოქტომბერს, კვირას, საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის თბილისის წმ. ილია წინასწარმეტყველის სახელობის საკათედრო ტაძარში ჩატარდა კრება, რომელზეც უსამართლოდ განკითხულ და გალანძღულ იქნა სრულიად უდანაშაულო ეპისკოპოსი. კერძოდ, ეპისკოპოსმა იონამ, ზემოთ ხსენებული შერიგების შემდეგ სრულიად მოულოდნელად, ჩემთვის წინასწარი უწყებისა და გაფრთხილების გარეშე, ამ კრებაზე განსახილველად გაიტანა ჩემი და ბ-ნ ზვიად ნოდიას საკითხი.

ეპისკოპოსმა იონამ თითქმის საათნახევარი ილაპარაკა და წამომიყენა შემდეგი ბრალდებები:

1. მისი წიგნის "რა უნდა ვაკეთოთ" შეურაცხყოფა. ამტკიცებდნენ, თითქოსდა ჩვენ არ გვქონდა უფლება მის ამ ნაშრომზე სახალხოდ გამოგვეთქვა კრიტიკული შენიშვნები (იგულისხმება ჩვენი ნაშრომი "ვიდრე ჰხუალ... მორწმუნეო", რომელშიც ასევე შეტანილია ამ თემაზე დაწერილი ორი პუბლიკაცია გაზეთ "მართლმადიდებელიდან").

გარდა ამისა, ეკლესიის ერთ ერთი წევრის, ირინა კენჭაძის კერძო წერილში ჩემს ამ ნაშრომთან დაკავშირებით (იგულისხმება წიგნი "ვიდრე ჰხუალ... მორწმუნეო") შეტანილია შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, თითქოსდა მე ამ წიგნით განვაქიქებ და ლაფს ვესვრი მეუფე იონას. ყველაზე საყურადღებო კი ის არის, რომ მღვდელ გრიგოლ მახარაძის და მედავითნე სოლომონ ცენტერაძის თანდასწრებით პირველიერარქმა განაცხადა, რომ ეს წერილი მან თვითონ უკარნახა მის დამწერს (ანუ ირინა კენჭაძეს).

2. დანაშაულად ჩაგვითვალეს ის, რომ ვემიჯნებით 7 ახალმოწესე მღვდლის სატანაზე გადაცემას.

3. "რეზონანსში" დაბეჭდილი ჩვენი განცხადების ქვეტექსტში თითქოსდა მივანიშნებთ, რომ პირველიერარქი არ მიგვაჩნია მოძღვრად, ეჭვქვეშ ვაყენებთ მისი საქციელის ნორმალურობას, თვითონ კი პრეტენზიას ვაცხადებთ უცთომელობაზე!

4. ბრალი დამდეს შეთქმულებაში და ეკლესიის მრევლის აჯანყებაში პირველიერარქის წინააღმდეგ.

5. ბრალს გვდებენ, აგრეთვე, ეპისკოპოს იონასადმი პირფერულ დაყვავებასა და ამით უფლის (!) მოტყუებაში.

6. ჩვენი შეხედულება, რომ მეუფე იონა ხიბლშია, გვეთვლება დანაშაულად და ცოდვად. ეს და სხვა ამისი მსგავსი ბრალდებები წამოყენებულ იქნა ყოველგვარი გამოძიების, გამოკითხვის, მოწმეთა და ბრალმდებელთა წარდგინების გარეშე.

ეპისკოპოსმა იონამ წამომიყენა ულტიმატუმი: ან უნდა მომეხადა ბოდიში გამოქვეყნებული განცხადებისთვის, რის შემდეგაც, ჩემს საქმესთან სრულიად შეუსაბამო კანონების საფუძველზე, ერტი წლით ამეკრძალებოდა მღვდელმსახურება, წინააღმდეგ შემთხვევაში ამყრიდა სასულიერო პატივს.

ვფიქრობ, საკითხის ასე დაყენება სცილდება საეკლესიო სამართლის ნორმებს. ბუნებრივია, ასეთ ულტიმატუმს არ დავთანხმდი, რის გამოც კრება აიშალა, გაისმა ჩემი შეურაცხმყოფელი რეპლიკები... მუქარა... ცხადია, ასეთ ვითარებაში ვერც მე შევძელი თავშეკავება... ნორმალური ახსნა-განმარტება შეუძლებელი გახდა... სიტყვას მაწყვეტინებდა თვით პირველიერარქი... კრებაზე გაისმოდა მხოლოდ ერთი იმპერატიული აზრი: "ეპისკოპოსმა პავლემ უნდა შეინანოს თავისი საქციელი (ე. ი. "რეზონანსში" განცხადების გამოქვეყნება), რის შემდეგაც ის აიკრძალება ერთი წლით. ხოლო მოუნანიებლობის შემთხვევაში აეყაროს მას სასულიერო პატივი...".

წყევლითა და ანათემით ემუქრებოდა პირველიერარქი (მეუფე იონა) ყველა ჩემს მხარდამჭერსაც. კრების გაგრძელება შეუძლებელი გახდა. მრევლის აზრი ორად გაიყო... ეკლესია განხეთქილების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ჩემთან მოდიოდნენ ატირებული ქრისტეანები და მთხოვდნენ დამეთმო. ჩემი სულიერი შვილების თხოვნით და მათთან მოთათბირების შემდგომ, მე, ეპისკოპოსმა პავლემ, სრულიად უდანაშაულომ და უბრალომ ყოველივე იმაში, რასაც მაბრალებდნენ, გადავწყვიტე დამეთმო. დამეთმო ეკლესიის გადასარჩენად, მისი მთლიანობის შესანარჩუნებლად. წმიდა წერილიდან გამახსენდა გონიერი დედა, რომელმაც დათმობით სიკვდილისგან იხსნა თავისი პირმშო (III მეფ. 3:16-28).

ამ დათმობით შენარჩუნდა ეკლესიის ერთობა, რასაც მავალდებულებდა წმიდა პავლე მოციქულის ის შეგონებაც, რომელიც ბრძანებს: "ჯამთა გამოიფრდიდით" (ახ. ქართ.: "დრო გამოიყენეთ") (კოლას. 4:5). რაც წმიდა წერილის კომენტატორთა განმარტებით იმგვარ კეთილგონივრულ ქმედებას ნიშნავს, რაც ვითარებასთან და დროის მოთხოვნილებებთან არის შეფარდებული.

თუმცა, მიუხედავად დათმობისა, ეპისკოპოსმა იონამ ვერ განახორციელა თავისი განზრახვა, რომლის მიხედვითაც მე მას ერთი წლით უნდა ავეკრძალე ღვთისმსახურებისგან, რადგან:

ა) კრებაზე წარმოდგენილი ბრალდებები ქართულად დაწერილი და წარმოთქმული გაუგებარი დარჩა ჩვენი ეკლესიის რუსი მრევლისთვის, მათ შორის, მღვდელ ბასილ მაშინინისთვისაც, ამიტომაც, მათ მოითხოვეს თავიანთ ენაზე გასცნობოდნენ ამ ბრალდებებს.

ბ) მე არ მქონია შესაძლებლობა დამეცვა თავი ამ ბრალდებათაგან, რისთვისაც დრო მოვითხოვე. იგივე მოითხოვეს ჩემმა სულიერმა შვილებმაც და ბოლოს:

გ) ერთ-ერთი სულიერი შვილის სამართლიანი შენიშვნით: თუ მეუფე იონა საეკლესიო სასამართლოზე ვერ დაამტკიცებდა წარმოდგენილ ბრალდებებს, მეორე მსოფლიო კრების 6-ე კანონის თანახმად, თვითონ დაედებოდა იგივე სასჯელი.

მეუფე იონას მიერ ჩატარებული "სასამართლო" ვერ აკმაყოფილებდა ვერც ერთ ამ პირობას. თავად მეუფემ კრება დაუმთავრებლად ჩათვალა და ჩემი სულიერი შვილების მოთხოვნით ამ საქმის განხილვა გადადო იანვრის ბოლომდე, რათა მანამ:

1) ჩამოყალიბებულად, რუსულ და ქართულ ენაზე წარმოედგინა თავისი ბრალდებები, როგორც ჩემთვის, ასევე ეკლესიის ქართველი და რუსი მრევლისთვის, რათა ყველასთვის ცხადი და გასაგები ყოფილიყო ჩემი და ბ-ნ ზვიად ნოდიას "დანაშაული".

2) ხოლო ამ ბრალდებათა ჩვენთვის წარდგინების შემდეგ მოგვეცემოდა მათი გაბათილებისა და ჩვენი სიმართლის დამტკიცების შესაძლებლობა.

სწორედ ამის გამო, ჩემი ერთი წლით აკრძალვა იანვრის ბოლომდე გადაიდო, როდესაც მოწვეულ უნდა ყოფილიყო კრება ამ საქმის განსახილველად. მთელი ამ ხნის განმავლობაში ბეჯითად ვცდილობდი დამემშვიდებინა ჩვენი პირველიერარქი. დამერწმუნებინა, რომ არასოდეს გულშიაც კი არ გამივლია მისი ან ეკლესიის ღალატი. ერთხელ ამბიონიდანაც კი ვთხოვე, მოეხსნა ეს ბრალდება. საპასუხოდ მეუფე იონამ ისაუბრა ჩემს "შეცდომებზე", მის "მოწყალებაზე", ბევრი ილაპარაკა ბ-ნ ზვიად ნოდიაზე, რომლის "ზეგავლენითაც" დავუშვი მე მთელი რიგი "შეცდომები", მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ დამიდასტურა, რომ სჯერა ჩემი.

მიუხედავად ამისა, ფარ-ხმალი არ დამიყრია. საშობაო მარხვაში, ერთ-ერთი ლიტურგიის წინადღეს, საკურთხეველში, სინანულის საიდუმლოს აღსრულებისას (მეუფე იონას სურვილით მე ვიყავი მისი სულიერი მოძღვარი), საკმაოდ ფრთხილად ვისაუბრეთ. მოკრძალებულად ვთხოვე თავი შეეკავებინა ჩემი აკრძალვისგან, მაგრამ ეპისკოპოსი იონა შეუვალი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ჩემი თხოვნა და მოწოდება დარჩა "ხმად მღაღადებლისად უდაბნოსა შინა"!

ამრიგად, ჩემმა დათმობამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო და ეპისკოპოს იონას ვერ გადააფიქრებინა თავისი განზრახვა. არადა, მეორე მსოფლიო კრების 6-ე კანონს რომ თავი დავანებოთ, "დიდი სჯულისკანონის" ავტორიტეტულ კომენტატორთა: ბალსამონის, არისტინესა და ზონარას განმარტებებიდანაც ცხადია, რომ ნებისმიერი დაუმტკიცებელი ბრალდება განიხილება როგორც ცილისწამება და სიყალბე. ამიტომაც, მოყვასთ უნდა მივუთითოთ, თუ როგორ სჯის ღმერთი ცილისმწამებელთა და სიყალბისმქმნელთ. აი, რამდენიმე მაგალითი:

შურით აღძრულმა ალექსანდრიის პატრიარქმა თეოფილემ სხვა მაღალ იერარქთა თანამონაწილეობით უსამართლოდ გაკიცხა, სასულიერო პატივი აჰყარა, კათედრა წაართვა და კომანში (აფხაზეთი) გადაასახლა წმიდა იოანე ოქროპირი. ამის მოქმედნი დაისაჯნენ, ხოლო წმ. იოანე ოქროპირის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც კონსტანტინოპოლის პატრიარქმა პროკლემ მისი ნეშტის გადმოსვენება გადაწყვიტა, წმ. მამის ცხედარი მანამ ვერ ასწიეს, სანამ ბოდიში არ მოიხადეს მის კუბოსთან.

მცხოვან პაფნუტის ქურდობა დააბრალეს. სამი კვირის განმავლობაში ნებაყოფლობით ატარებდა უსამართლო ეპითემიას პაფნუტი, რადგან მორჩილებით იტვირთა ცილისწამების ეს სიმძიმე. სამი კვირის შემდეგ ცილისმწამებელი ეშმაკმა შეიპყრო და, მანამ ვერ გათავისუფლდა, სანამ არ აღიარა დანაშაული და მისი გათავისუფლება თვით წმ. პაფნუტის არ შესთხოვეს.

ამბა მაკარის ცილისმწამებელი დედაკაცი მანამდე არ გათავისუფლდა მშობიარობის საკვრელთაგან, სანამ არ აღიარა თავისი დანაშაული (Отечник проповедника. Св. Троицко-Сергиева Лавра. 1996 г., стр. 166, 308).

ასევე, სიძვის ცოდვაში შთავარდნილმა და დაფეხმძიმებულმა დედაკაცმა ცილი სწამა ერთ წიგნისმკითხველს, რის გამოც ათი დღის განმავლობაში იტანჯებოდა მშობიარობის ტკივილებით, სანამ არ აღიარა თავისი შეცოდება და ლოცვითი შემწეობა არ შესთხოვა უსამართლოდ გაკიცხულ წიგნისმკითხველს (Лавсаик, стр. 286, цит. Там же § 309).

ამბა ნიკონს ცილი სწამეს სიძვაში, რომლისთვისაც ღირსი მამა სამი წელიწადი ნებაყოფლობით ატარებდა პრესვიტერებისგან დადებულ ეპითემიას, სანამ ბოროტი სული არ დაეცა ცოდვის ნამდვილ მოქმედს და ცილისმწამებელს. დამნაშავემ ეკლესიაში აღიარა თავისი ცოდვა და ყველამ, ვინც კი უდანაშაულოდ განიკითხა ღირ. ნიკონი წმიდა მამას პატიება სთხოვეს (იქვე. § 310).

ასევე საშინლად დაისაჯნენ წმ. მღვდელმთავრის, მოსკოვის მიტროპოლიტის, ფილიპეს ცილისმწამებელნი, რომელთა შორის ეპისკოპოსებიც იყვნენ (კერძოდ, პიმენ ნოვგოროდელი და ფილოთეოს რიაზანელი) (იქვე§ 312).

ამდენად, საყვარელნო, როდესაც ვიცით, თუ როგორ სასჯელს შეიძლება მიეწიფნენ არა თუ ეპისკოპოსზე, არამედ ურალო ბერზე და წიგნისმკითხველზეც კი ცილისმწამებლის წარმომთქმელნი, როგორ შეგვიძლია დამშვიდებულები ვიყოთ? ჩემი მხრიდან თავმდაბლობა და მოწებებული დანაშაულის მორჩილად აღება, რომელიც 1 წლით ღვთისმსახურებისგან აკრძალვას მიქადის, ვფიქრობ, სიკეთეს არ მოაწევს ჩემს ბრალმდებელთ. ამქვეყნად რომც არ დაისაჯონ, ცილისწამებისა და უსამართლო გადაწყვეტილებისთვის, განკითხვის დღეს მაინც დაისჯებიან.

მეტიც, სასჯელს დავექვემდებარებით ჩვენც, რომელთაც შეგვეძლო მათი გაფრთხილება, არ გავაფრთხილეთ და მით წარწყმედის მიზეზი შევექმენით. ნუმც იყოფინ! სწორედ მათთან ქრისტეში ერთობის სიყვარული და ძმობა მავალდებულებს გავაფრთხილო ისინი ამ საფრთხის შესახებ, რათა გონივრულად განსაჯონ ყოველივე და კეთილად დაასრულონ ეს საკითხი.

მითუმეტეს, რომ "სჯულისკანონი" მკაცრად სჯის იმათაც, ვინც არა თუ შეიწყნარებს და შემდგ ბრალდებად წაუყენებს ეპისკოპოსს სხვათაგან მოსმენილ გადაუმოწმებელ ბრალდებებს, რომლებმაც შესაძლოა ჩრდილი მიაყენონ მის ღირსებას, არამედ ხელს არ უშლიან ამგვარ ცილისწამებათა გავრცელებას, ისმენენ და იჯერებენ კიდევაც მათ.

რადგანაც ჩემს, როგორც ეპისკოპოსის წინააღმდეგ არსებობს კონკრეტული ბრალდებები, თავს მოვალედ ვთვლი გავაცნო ეკლესიის მრევლს ის უფლებები და აკრძალვები, რომელსაც ეპისკოპოსი ექვემდებარება და რომელთა გაუთვალისწინებლად ეპისკოპოსის წინააღმდეგ აღძრული არც ერთი საქმე (მით უფრო განჩინება) სამართლიანად არ ჩაითვლება.

სამწუხაროდ, 1999 წლის 17 ოქტომბრის კრებაზე ეპისკოპოსის წინააღმდეგ აღძრულ ბრალდებათა გამოსაძიებლად და მით უმეტეს, საბოლოო განაჩენის გამოსატანად საჭირო არც ერთი პირობა დაკმაყოფილებული არ ყოფილა!


2. იმის შესახებ თუ რისი გათვალისწინება გვმართებს ეპისკოპოსის გასამართლებისას. ასევე, ვინ შეიძლება იყოს ეპისკოპოსის ბრალმდებელი და ვინ გამოდგება მოწმედ


საღმრთო რჯულისკანონი, რომელიც "სულის საყვირთა მიერ არის დასხმული", ყოველ საქმეში სამართლიანობასა და სიმართლეს ითხოვს, ხოლო "სიმართლე, ეს მტკიცე და მუდმივი ნებელობაა, მიაგოს ყველას საქმეთა მათთაებრ". ამიტომ, მისი პრინციპია: პატიოსანი ცხოვრება, არ ავნო სხვას და სამართლიანად მიაგო ყველას. სიმართლის სიბრძნე კი მდგომარეობს საღმრთო და კაცობრივ საგანთა ცოდნაში და უსამართლობისა და სიმართლის გარკვევაში (Матфей Властарь. "Синтагма", буква "Д". О правде. Москва 1996 г., стр. 182).

მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს იმდენად დაკნინებულია საეკლესიო სამართლის ცოდნა მართლმორწმუნეთა შორის, რომ ხშირად ეკლესიის წიაღში გაჩენილი უთანხმოებების გარკვევისას მარცხენას მარჯვენისგან და მტყუანს მართლისგან ვერ არჩევენ. და ეს მოსდით არა მხოლოდ რიგით მორწმუნეებს, არამედ თვით სამღვდელოთაც კი, ვისაც ღმერთმა "შეკვრისა და გახსნის" უფლებამოსილება მიანიჭა.

წმიდა ეკლესიის ისტორიაში მრავლად ყოფილა საეკლესიო სჯულმდებლობის ბოროტად, მართლმადიდებელ ქრისტეანთა და იერარქთა საწინააღმდეგოდ გამოყენების შემთხვევები და, არა იმიტომ, რომ თვით საღმრთო სჯული იძლევა ამის საბაბს ან საფუძველს, არამედ იმიტომ, რომ თვით ზოგიერთი მზაკვრულად იყენებს ამა თუ იმ განწესებას, რომელსაც სინამდვილეში უნდა დაეყრდნოს სიმართლის დასადგენად.

ეკლესიის ისტორიიდან საეკლესიო სჯულმდებლობის არასწორად და ბოროტად გამოყენების კლასიკურ მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს თეოფილე ალექსანდრიელის მოქმედებები წმ. იოანე ოქროპირის საწინააღმდეგოდ. არის სხვა მაგალითებიც, მაგრამ ესეც საკმარისია იმის საჩვენებლად თუ რარიგ უბედურებას შეიძლება ეწიოს ეკლესია, როგორ განსაცდელში შეიძლება ჩავარდეს მორწმუნე ერი, როდესაც საეკლესიო მმართველობის უმაღლეს საფეხურებზე ავლენ ამბიციური, ამპარტავანი და ბოროტი იერარქები, რომლებიც არას დაგიდევენ არც საღრთო სამართალს, არც საეკლესიო განწესებათა ზუსტ ცოდნას, ოღონდაც თავიანთი ბოროტი ზრახვები აისრულონ.

წმიდა კირილე ალექსანდრიელი ბრძანებს: "როდესაც ჩვენი საქმეები ღვთისმოსაობის კანონებს მისდევს, შფოთის არავითარი მიზეზი არ წარმოიშობა ჩვენში, არამედ გვიხსნიან ზოგიერთების გაკიცხვისგან და, უფრო მეტიც, კეთილგონიერი ადამიანების ქებასაც მოგვანიჭებენ; რამეთუ - ვინ არ მიიღებს მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას, როდესაც ის სამართლიანად არის წარმოთქმული? ან როგორ არ იქნება უნაკლოდ შერაცხილი, უფრო მეტიც, ყოველგვარი ქების ღირსი, კანონიერი და მართალი სამართალი?" ("დიდი სჯულისკანონი", წმ. კირილე ალექსანდრიელის კანონიკური ეპისტოლე დომნოს. იხ. აგრეთვე: Правила свв. Отцов с толкованиями).
შესაბამისად, თუკი ჩვენი საქმეები და სასამართლო ღვთისმოსაობის კანონთა მიმდევარი არ იქნება, უსამართლოდ შეირაცხება, გაკიცხვას დაიმსახურებს და, რაც მთავარია, საეკლესიო შფოთს დაუდებს სათავეს. მაშ, როგორი სიფრთხილე გვმართებს ეპისკოპოსებს ამა თუ იმ გადაწყვეტილების და, მით უმეტეს, სასამართლო განჩინების მიღებისას, რამეთუ, წმ. კირილე ალექსანდრიელის სამართლიანი განსაზღვრებისამებრ თუ არ მოვიქცევით, ეკლესიაში შფოთს დავამკვიდრებტ და მართლმორწმუნეთაგან სამართლიან გაკიცხვასაც ვეწევით.

როდესაც საეკლესიო სასამართლოზე ეპისკოპოსისა და კლერიკოსის, ან თუნდაც ერისკაცის საქმეს იხილავენ, აუცილებელია მოცემული საქმის საღვთო კანონებთან შეჯერება, ბრალდების დეტალური განხილვა და მოწმეების ჩვენებათა ანალიზი, რათა საბოლოო დასკვნისა და განაჩენის გამოტანისას გადაწყვეტილება მიუკერძოებელი და სამართლიანი იყოს.

ამიტომაც, გაგაცნობთ იმ უფლებებსა და აკრძალვებს, რომელსაც ეპისკოპოსი ექვემდებარება და რომელთა გაუთვალისწინებლად ეპისკოპოსის (ასევე, ნებისმიერი მართლმადიდებელი ქრისტეანის) წინააღმდეგ აღძრული არც ერთი საქმე (მით უფრო განჩინება) სამართლიანად არ ჩაითვლება.

კართაგენის კრების 8-ე კანონის თანახმად: "მრავალია ისეთი არაკეთილი ქცევისა და ზრდილობის მქონე, რომლებიც თავს მოვალედ თვლიან, ყველა ხელსაყრელ შემთხვევაში ბრალი დასდონ მამებსა და ეპისკოპოსებს". ამიტომაც, ამ კრების მონაწილე ყველა ეპისკოპოსმა განაცხადა: "მხილებული და ბოროტებაში შემჩნეული ნუ ჩაითვლება ბრალმდებლად" ("დიდი სჯულისკანონი", თბილისი, საეკლესიო კალენდარი. 1987 წ. გვ. 240).

ამ კანონს არისტინე ასე განმარტავს: "არ შეიძლება გამოუკვლევლად ეპისკოპოსთა ბრალმდებლად მოწმეთა დაშვება, არამედ ჯერ უნდა გამოძიებულ იქნას მათი სარწმუნება, რათა მწვალებლები არ აღმოჩნდნენ ისინი, შემდეგ კი მათი ქცევა, ხომ არ იყვნენ ადრე განკიცხულნი, ან დამხობილნი, ან გაკვეთილნი ზიარებისგან, ან კიდევ რაიმე დანაშაულში ხომ არ არიან მხილებულნი და დანაშაულის ბიწისგან ჯერ არ განწმენდილან. ასე, რომ წინამდებარე განწესებით მიღებულია: არავინ, დანაშაულში ბრალდებული, დაშვებული არ იქნეს ეპისკოპოსის ბრალმდებლად".

იგივეს ბრძანებს სლავური "კორმჩაიაც" – "Речено бысть в шестом правиле второго вселенского собора, иже в Константинополе граде собравшихся святых отцев, без истязания на епископа клеветы не принимати, аще первое не истязати какова их вера, да не будут еретици" - და შემდეგ გრძელდება ისე, როგორც ზემოთაა. ე. ი. სლავური "კორმჩაიას" მიხედვითაც "ეპისკოპოსის წინააღმდეგ მიმართული ბრალდება მანამ არ უნდა შევიწყნაროთ, სანამ არ გამოვიკვლევთ ბრალმდებლის სარწმუნოებას, რათა (ბრალმდებელი) მწვალებელი არ აღმოჩნდეს".

ამის თაობაზე ბრძანებს კართაგენის ადგილობრივი წმიდა კრების 128 (143), 129 (144), 130 (145) და 131 (146)-ე განწესებანი. გავეცნოთ ამ განწესებებს და მათ განმარტებებს:

კართაგენის კრების 128 (143)-ე კანონის თანახმად: "ეპისკოპოსთა და კლერიკოსთა ბრალდების უფლება ყველას არა აქვს, არამედ მხოლოდ მათ, ვინც უბიწოა და მართლმადიდებელია..." ეპისკოპოსს ვერ დაადანაშაულებს ისიც, ვინც უზიარებლობის მძიმე ეპითიმიით არის დასჯილი (იხ. ზონარას განმარტება).

კართაგენის კრების 130 (145)-ე კანონის თანახმად, ბრალმდებელმა თუ წარდგენილი ბრალდებებიდან პირველივეს დამტკიცება ვერ შესძლო, მისგან სხვა ბრალდება არ მიიღება. "თუ სასულიერო პირს ბრალმდებელთაგან მრავალი ბრალდება ექნება წაყენებული და პირველი დანაშაული ვერ დაუმტკიცდება, ამის შემდეგ სხვა ბრალდებებს ნუღარ ექნება ძალა" ("დიდი სჯულისკანონი". იქვე. გვ. 295). ზონარას განმარტებით, თუ ვინმე, კლერიკოსის ან ეპისკოპოსის წინააღმდეგ სხვადასხვა ბრალდებას წარმოადგენს და ამ ბრალდებათაგან რომელიმე ერთი წარმოდგენილი იქნება განსახილველად, ანუ გამოსაძიებლად და დაუმტკიცებელი დარჩება, განწესების მიხედვით, ბრალმდებელი სხვა ბრალდებათა წარსადგენად არ დაიშვება.

კართაგენის კრების 129 (144)-ე განწესების მიხედვითაც: "არ შეიწყნარებიან ბრალმდებლებად ისინი, ვინც "...ბიწიერნი არიან უპატივობის ლაქით, როგორებიც არიან მიმოსები, უწესოებისა და სიბილწის მოქმედნი... მწვალებელნი, წარმართები, ურიანი (იუდეველნი)..." ("დიდი სჯულისკანონი", დასახ. წყარო. გვ. 295).

ხოლო კართაგენის კრების 131 (146)-ე კანონის თანახმად: "არ შეიძლება ბრალმდებლად მიღებულ იქნეს ის, ვისაც ბრალმდებელი მოიყვანს თავისი სახლიდან" (იქვე).

ახლა კი თვით მეორე მსოფლიო კრების 6-ე კანონს მოვუსმინოთ: "კონსტანტინოპოლის წმიდა კრების ეპისკოპოსებმა დაადგინეს, რომ ის, ვინც ბრალს დასდებს ეპისკოპოსს, არ უნდა იქნეს შეწყნარებული გამოძიების გარეშე, არც ეპისკოპოსის ყველა ბრალმდებლის მიღება შეიძლება, არც ყველა ბრალმდებლის უკან გაბრუნება, ვინაიდან ბევრს აქვს სურილი, არევ-დარევა შეიტანოს საეკლესიო წესიერებაში, ააღელვოს მრევლი და ცილი დასწამოს ეპისკოპოსს მტრობით, რათა შეარყიოს სასულიერო პირთა ავტორიტეტი.

საეკლესიო დანაშაულის დაბრალების შემთხვევაში, გამოძიებულ უნდა იქნეს, ხომ არ არის ბრალმდებელი მწვალებელი. მწვალებელს არა აქვს უფლება ბრალი დასდოს მართლმადიდებელ ეპისკოპოსს საეკლესიო საქმეების გამო. მწვალებლებს (ერეტიკოსებს) ჩვენ ვუწოდებთ ძველთაგანვე ეკლესიისგან გაუცხოებულებს და შემდეგ ჩვენს მიერ ანათემირებულებს. მათ გარდა მწვალებლებად ვხმობთ მათაც, რომლებიც, თუმც მოჩვენებითად (გარეგნულად - ეპ. პ.) აღიარებენ ჩვენს სარწმუნოებას, მაგრამ, წმიდა კირილე იერუსალიმელის თქმით, ბრძანდებიან "ფარული ერეტიკოსები", რადგანაც, მისივე თქმით, თუ ადრე აშკარა მწვალებლები იყვნენ, ამჯამად ეკლესია ფარული ერეტიკოსებით გაივსო" ("კატეხეტური სიტყვა", თ. 15. "ანტიქრისტეს შესახებ", § 9).

იგივე საკითხს ეხება კირილე ალექსანდრიელი ნესტორიოსისადმი გაგზავნილ ეპისტოლეში, სადაც ის წერს: "არ იქნება საკმარისი, შენი ღვთისმოსაობა ჩვენთან ერთად მხოლოდ აღიარებდეს სარწმუნოების სიმბოლოს, რომელიც ოდესღაც სულიწმიდით გაბრძნობილმა წმიდა და დიდმა კრებამ გამოთქვა და რომელიც გარკვეულ გარემოებათა გამო შეიკრიბა ნიკეაში; რამეთუ, თუმც სიტყვით ისე აღიარებ, როგორც გადმოგვეცა, მაგრამ ვერ გაგიგია და არათუ არასწორად განგიმარტავს, არამედ დაგიმახინჯებია კიდეც იგი. ამიტომაც, საჭიროა, წერილობით დაადასტურო, რომ წყევლი შენს ბოროტ და ბილწ სწავლებას და შეუდგები მის გადმოცემას და სწავლებას ისე, როგორც ვასწავლით ჩვენ ყველანი - დასავლელი და აღმოსავლელი ეპისკოპოსები, მოძღვრები და ერის წინამძღოლები".

ამრიგად, მსოფლიო კრების 6-ე კანონისა და კართაგენის კრების 143, 144, 145 და 146-ე კანონების თანახმად:


ა) ეპისკოპოსის ბრალმდებლებად არ მიიღებიან:

1. მწვალებლები; 2. უზიარებელნი; 3. ანათემირებულნი; 4. უპატივობის ლაქით შებილწულნი; 5. ისინი, ვინც თვით არიან ბრალდებულნი ვინმესგან, სანამ არ დაამტკიცებენ თავიანთ უდანაშაულობას (II, 6). თუ ბრალმდებელი უბიწოა, ან არც მწვალებელია, არც უზიარებელი, არც ბრალდებული ვინმესგან... იმან ბრალდება უნდა წარუდგინოს სამთავროს ეპარქიის ყველა ეპისკოპოსს და მათ წინაშე დაამტკიცოს ბრალდებები (II, 6). (ჩვენი მხრიდან დავამატებთ, რომ ისეთ შემთხვევებში, როდესაც ეკლესიას ჰყავს მხოლოდ ორი ეპისკოპოსი და აქედან ერთს დავა აქვს მეორესთან, მოდავემ თვითნებურად რომ არ გადაწყვიტოს საკითხი, მთელი ეკლესიის კრებას უნდა გააცნოს თავისი ბრალდებები, რითაც დაცული იქნება ამ კრების მოთხოვნის ფორმალური მხარე და სიმართლისა და სამართლიანობის პრინციპები - არქიეპ. პ.).

ამავე II მსფლიო კრების 6-ე კანონის თანახმად: "ბრალმდებელმა ბრალდების წარდგენამდე უნდა დადოს წერილობითი პირობა, რომ, იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ დაამტკიცებს მის მიერ წაყენებულ ბრალდებას, თვით დაისჯება იმ სასჯელით, რომლითაც დაისჯებოდა ბრალდებული ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში. თუ არადა, აღმოჩდნება ცილისმწამებელი. "ხოლო თუ ვინმე დაარღვევს და არ შეასრულებს ამ კანონს... ის არ იქნება მიღებული ბრალმდებლად, როგორც კანონის შეურაცხმყოფელი და საეკლესიო კეთილწესიერების გამრყვნელი" (ციტ. იქვე. გვ. 84-85).

ბრალდების წარმოდგენისას აუცილებელია მოწმეც. წმიდა მოციქულთა 75-ე კანონი განაწესებს: "თუ ეპისკოპოსს ბრალს სდებს მწვალებელი, ნუ იქნება მიღებული ეს ბრალდება. ნურც მხოლოდ ერთი მორწმუნის ბრალდება იქნება შეწყნარებული, რადგან "ორი, ან სამი მოწმის პირით დამტკიცდება ნათქვამი" (მეორე სჯ. 19:16; მათე 18:16; ტიმ. 5:19). მაგრამ, ზონარას განმარტებით: "ამჯამად, იმგვარი ბრალდების წარდგინებისას, რომლის დამტკიცების შედეგად მღვდელმსახურთ შეიძლება აეყაროთ პატივი - ორი მოწმე საკმარისი არ არის, თუნდ მართლმადიდებელნი და უბიწონიც იყვნენ ისინი". ხოლო პატრ. ბალსამონი კიდევ უფრო აკონკრეტებს თუ რამდენმა მოწმემ უნდა ამხილოს ეპისკოპოსი. ის ბრძანებს: "ეპისკოპოსის წინააღმდეგ საქმე თუ ფულადი საქმის გამოა აღძრული, შეიძლება ფიცის დადების შემდეგ მოწმედ დადგეს ორი პატიოსანი და უბიწო მართლმადიდებელი; თუ საქმე ეხება ორმოცდაათამდე ლიტრს (საზომი ერთეული - არქიეპ. პ.) მაშინ - სამი და თუ საქმე აღიძვრება არა ფულადი თანხის, არამედ დანაშაულისთვის, მაშინ ამგვარი ბრალდება (ან ბრალდებები) ეპისკოპოსის წინააღმდეგ ფიცის ქვეშ უნდა დამტკიცდეს ხუთი მართლმადიდებელი და უბიწო (პატიოსანი) მოწმის მეშვეობით.


ბ) მოწმეებად ვერ გამოდგებიან:

1. 14 წელზე (ბალსამონის განმარტებით - 20 წელზე) ნაკლები ასაკის მქონენი;

2. ისინი, რომლებიც არ დაიშვებიან ბრალმდებლად;

3. ბრალმდებლის შინაურები;

4. სხვათა წინაშე ბრალდებულნი;

5. მწვალებლები (მოც. 74. ბალსამონისა და სხვათა განმარტებანი, II, 6; მოც. 61 და სხვა).

6. ერთი უბიწო მართლმადიდებელი (ზოგჯერ, როგორც ზემოთ ვნახეთ, ბრალდების სიმძიმის მიხედვით საკმარისი არ არის 2 და 3 მოწმეც კი, არამედ, საჭიროა 5 მოწმე).

ამრიგად, ჩვენ განვიხილეთ ის განწესებები, რომელებიც ეხება ბრალის წაყენების შემთხვევაში ბრალმდებელთა და მოწმეთა რაოდენობასა და ვინაობის საკითხს. ამჯერად განვიხილოთ ისიც, თუ:


გ) ეპისკოპოსის ან კლერიკოსის გასამართლებისას გასათვალისწინებელი ვითარებები


კართაგენის კრების 9-ე კანონის განმარტებაში ბალსამონი ბრძანებს, რომ კლერიკოსები დამხობას ან განკვეთას უნდა დაექვემდებარონ არა წინდაუხედავად (ნაჩქარევად, გამოუძიებლად - არქიეპ. პ.), არამედ ჩადენილი ცოდვის შესაბამისად (იხ. კართაგენის კრების 9-ე კანონი). ხოლო ამისთვის, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საჭიროა:

1. ბრალდების წარდგინება დამნაშავისთვის მისი წინასწარ გაცნობისა და გამოძიების შემდეგ;

2. ცხოვრებით უბიწო (ანუ მართალი და პატიოსნად მცხოვრები) მართლმადიდებელი ბრალმდებლები;

3. ბრალდების სიმძიმის შესაბამისად, კრებათა მიერ განსაზღვრული თვისებების მქონე (პატიოსნება, მართლაღსარება) საჭირო რაოდენობის მოწმეები.

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ პირველი მსოფლიო კრების 5-ე კანონის თანახმად: "გამოძიებულ უნდა იქნეს, ხომ არ მოხდა სასჯელის დადება ეპისკოპოსის სულმოკლეობის, უთანხმოების ან რაიმე მსგავსი უკმაყოფილების გამო". ამიტომაც, ეს კრება განაწესებს, რომ "წელიწადში ორჯერ ჩატარდეს ეპისკოპოსთა კრება და ასეთი სადავო საქმე მთელი სამთავროს საერთო შეკრებაზე იქნას განხილული" (იქვე. I, 5).

გავიხსენოთ ის განმარტებებიც, რომლებიც მიუთითებენ:


დ) უსამართლოდ მოქმედ ეპისკოპოსთა შესახებ


VII მსოფლიო კრება 4-ე კანონში განაწესებს: "არარსებული ცოდვების მომიზეზებით სიხარბით აღძრულმა ეპისკოპოსმა არ უნდა განიზრახოს ოქროს ან ვერცხლის, ან სხვა რაიმეს მოთხოვნა მისდამი დაქვემდებარებულ ეპისკოპოსთაგან, რამეთუ მოციქული ბრძანებს: "უსამართლოები ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს" (1 კორინთ. 6:9). ამიტომაც, "თუ აღმოჩნდება, რომ ვინმე ოქროს ან სხვა რაიმეს ჩამორთმევით, ან საკუთარი ვნების გამო (სასულიერო პირს) აუკრძალავს მსახურებას, ან ვინმეს განკვეთს საკუთარ კლერიკოსთაგან, ან ჩაკეტავს ტაძრის კარებს, რომ იქ აღარ შესრულდეს საღვთო მსახურება, რომელიც უგრძნობელი საგნების (ე. ი. ტაძრის - ეპ. პ.) მიმართაც აღავლენს თავის მრისხანებას, ნამდვილად უგრძნობელია და უნდა დაექვემდებაროს იმავე სასჯელს, რითაც სხვებს სჯიდა: "და მიეცეს სალმობაი იგი თავსა მისსა" (ფსალმ. 7:17).

არისტინეს მიხედვით: "თუ ვინმე საკუთარი ძალაუფლების გამოყენებით, საკუთარი ვნებით აღძრული, განკვეთს ვინმეს ან დაუქვემდებარებს ეპითემიას, სამართლიანად დაექვემდებარება იმავე სასჯელს, რაც სხვას განუწესა, რათა ისწავლოს, რომ სხვათა უსამართლოდ დასჯა არ ეგების" (VII, 4. არისტინე).

პატრიარქი ბალსამონი ამ საკითხთან დაკავშირებით წერს: "განწესება ავალდებულებს მღვდელმთავრებს, რათა მათ არ იმბრძანებლონ მათდამი დაქვემდებარებულ კლერიკოსებზე, ანუ არ გამოიყენონ ისინი მონებად ან მსახურებად, არამედ ყოველგვარი იძულებისა და მიკერძოების გარეშე დამწყემსონ... გულისხმაყავ, - ბრძანებს პატრიარქი, - რომ მღვდელმთავარი განიკვეთება არა მხოლოდ ქრთამის გამო, არამედ იმ შემთხვევაშიც, თუ ვნებით ან სხვა რომელიმე უკანონო (უსჯულო) მიზეზით აღძრული მოიმოქმედებს რაიმე ამის მსგავს უსამართლობას".

ამაზე უფრო საყურადღებოა კეთილმსახური მეფის, იუსტინიანეს განწესება, რომელიც მოთავსებულია კანონთა კრებულ "ბასილიკონში" (წიგნი 3. 1 ტიტლოსი, თ. 17) და საიდანაც თვით ბალსამონს მოჰყავს ეს ციტატა. მაშ ასე, კეთილმსახური მეფე იუსტინიანე ბრძანებს: "ყველა ეპისკოპოსს და პრესვიტერს ვუკრძალავთ საკუთარი ვნებით ვინმეს განყენებას წმ. ზიარებისგან მანამ, სანამ არ დამტკიცდება მისი ბრალეულობა!... თუ ვინმე გაბედავს და ამის საწინააღმდეგოდ განაყენებს ვინმეს წმ. ზიარებისგან, უმაღლესი მღვდლის მიერ ამგვარი გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ უსამართლოდ დასჯილი ზიარების ღირს იქმნას, ხოლო ის, ვინაც წმ. ზიარებისგან უდანაშაულოს განყენება გაბედა, ყოველგვარი ღონისძიებიტ უნდა განეყენოს ზიარებისგან იმ მღვდელმსახურის მიერ, რომელსაც ექვემდებარება და თანაც იმ დროით, რა დროითაც საჭიროდ ჩათვლის ამას თვით მისი მოძღვარი, რათა სამართლიანად განიცადოს ის, რაც უსამართლოდ განაცდევინა სხვას" (შეად. II, 6).

ასე, რომ განმკვეთელი თვით განიკვეთოს, ხოლო ვინც ტაძარს დაკეტავს, უნდა დაექვემდებაროს უმეტეს სასჯელს, ვიდრე ზიარებისგან განკვეთაა... რამეთუ ეპისკოპოსმა თუ უსჯულო ან თუნდაც სჯულიერი მიზეზით დაკეტოს ტაძარი, უნდა დაექვემდებაროს სასჯელს, როგორც ეს ზემოთ ითქვა" (VII, 4 - ბალსამონი).

ასე რომ, უსამართლოდ სხვისი დამსჯელი თავადვე უნდა დაისაჯოს, ტაძრის დაკეტვა, სამართლიანი მიზეზიც რომ ჰქონდეს, არავინ უნდა გაბედოს, ხოლო თუ გაბედავს, მართალიც რომ იყოს, სასტიკად დაისჯება.

მათე ბლასტარისი თავის "სინტაგმაში" (ასო "A", თ. 18) პატრ. თევდორე ბალსამონზე დაყრდნობით გვასწავლის: "ამ განწესებაზე დაფუძნებით ზოგიერთი ამტკიცებს, რომ განკვეთილს, რომელიც განკვეთილი იქნა არა საღვთო კანონთა შესაბამისად, არამედ განმკვეთელის (მსაჯულის) უგუნური სურვილის შესაბამისად, დაუბრკოლებლად შეუძლია უგულებელყოს განყენება (ან აკრძალვა). მეტიც, სასჯელს უნდა დაექვემდებაროს ის, ვინც (უდანაშაულო) განკვეთა, რამეთუ, ეპისკოპოსს განურჩევლად თუ მიეცემა კლერიკოსთა და საეროთა განკვეთის უფლება და აკრძალულთა ისეთ ყოფაში ჩაყენება, რომ მისი ეშინოდეთ და შიშის გამო დაემორჩილონ - მაშინ, ეპისკოპოსები ერთპიროვნულად მიისაკუთრებენ ძალაუფლებას, აბუჩად აიგდებენ თვით ღვთისმოსაობას, რითაც საღვთო კანონები უამრავი უბედურების მიზეზად შეიქმნება, ეს კი მწვერვალია უგუნურებისა... იგივეს ბრძანებს ღვთაებრივი დიონისე არეოპაგელი: "ღმერთი არ მისდევს მღვდელმსახურთა უგუნურ მისწრაფებას" (Матфей Властарь. Синтагма. Москва 1997, стр. 87. იხ. აგრეთვე VII, 4. არისტინე, ბალსამონი).


ე) იმის შესახებ, რომ ეპისკოპოსმა არ უნდა თქვას ისეთი რამ, რისი დამტკიცებაც არ შეუძლია!


გონიერი და ღვთისმოშიში ეპისკოპოსი უნდა მოერიდოს ვინმეს შესახებ ისეთი რამის თქმას, მით უმეტეს, დადგენილების გამოტანას, რომლის დამტკიცებაც სხვათა წინაშე არ შეუძლია. ამას ითხოვს კართაგენის კრების 145-ე კანონი.

თეოფილე ალექსანდრიელის თქმით: "არ არის ჯეროვანი ამაო დასმენის აყოლა" (თეოფილე ალექს. 5 (6)-ე კანონი)... ამიტომაც, ადამიანი უნდა გავასამართლოთ "დაწვრილებითი გამოძიების შემდეგ, და არა ჭორიკნობა-მაბეზღრობით გამოწვეული ეჭვების შედეგად" ("დიდი სჯულისკანონი", დასახ. წყარო. გვ. 449. იხ. აგრეთვე Правила свв. отцев с толкованиями). ბალსამონიც ამბობს, რომ "დაუშვებელია ვინმეს განსჯა ჭორიკნობა-მაბეზღრობით, ან საიდუმლო ცილისწამებით, ან ბოროტმეტყველებით" (იქვე. ბალსამონი). სინოპსისი კი განმარტავს: "არ უნდა ვისმენდეთ ცრუ (ე. ი. გადაუმოწმებელ - არქიეპ. პ.) საყვედურებს" (იქვე), ამიტომაც ბრძანებს "სინტაგმა": "უმჯობესია ცოდვის მოქმედის დაუსჯელად დატოვება, ვიდრე უდანაშაულოს დასჯა" (გვ. 384).

ამგვარი ცრუ დასმენებისა და ჭორიკნობა-მაბეზღრობის შედეგად ვინმეს წინააღმდეგ აღძრული ეპისკოპოსი უსამართლოდ მოქმედი აღმოჩნდება და სასტიკად დაისჯება. წმ. სიმეონ მესვეტის ცხოვრებიდან ცნობილია თუ როგორ დააბრმავა ეშმაკმა ერთი უსამართლოდ მოქმედი ხუცესი (მღვდელი), რომელსაც ცხრა წელიწადს ტანჯავდა. ბოლოს ის წმიდა სიმეონმა განკურნა და დაბრმავების მიზეზიც აუწყა: "წმ. საკურთხეველთან სიწმიდეს ღვთის შიშის გარეშე, შეურაცხმყოფლადაც კი ექცეოდი. ცილისმწამებლებს, რომლებიც მახლობლებს ფარულად განსჯიდნენ, ჭეშმარიტების გარკვევამდე უსმენდი და უდანაშაულოებს, რომელთაც ცილს სწამებდნენ, წმ. ზიარებისგან განყენებით შეურაცხყოფდი და ყოველივე ამით კაცთმოყვარე ღმერთს წყენას აყენებდი, ხოლო ეშმაკს ფრიად ახარებდი, ამიტომ ეშმაკმა შენზე ძალა მოიპოვა" (ცხოვრება ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩვენისა სიმეონ მესვეტისა. თბილისი. 1996 წ.).


ვ) აპელაციის შესახებ


ამრიგად, ჩვენ ვნახეთ თუ რამდენი პირობის დაცვაა საჭირო, რათა ეპისკოპოსს და, საერთოდ, ნებისმიერ ბრალდებულს, დაუმტკიცდეს ესა თუ ის ბრალდება და ყოველივე ამას საღვთო სჯულმდებლობა განაწესებს იმისთვის, რომ ან ბოროტი აღძრულობით, ან შურით, ან პირველობისა და ცუდმედიდურობის სენით შეპყრობილებმა, ეკლესიის წესრიგსა და სიმწყობრეს ამხედრებულებმა ჩირქი არ მოსცხონ ეპისკოპოსთა და სხვა ღვთისმსახურთა პატიოსან სახელს და შფოთისა და არეულობის შეტანით არ დაარღვიონ ეკლესიის მშვიდობიანი შიდა ცხოვრება. მით უმეტეს, რომ, როგორც სარდიკიის კრების 17-ე კანონი ბრძანებს, ეპისკოპოსთა დევნის მიზეზი შეიძლება გახდეს: მისი ღრმა ცოდნა ან კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიის აღიარება, ან კიდევ ის, რომ უსამართლობას და უწესივრობას ამხედრებული იცავს ჭშმარიტებას.

ეკლესიის ისტორიამ ამგვარი უსამართლო დევნის მრავალი მაგალითი იცის. მრავლისმეტყველია წმ. იოანე ოქროპირის, წმ. ბასილი დიდი, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის, წმ. ათანასე დიდის, წმ. მაქსიმე აღმსარებლის მაგალითებიც. ამიტომაც, საღვთო სჯული იცავს ეპისკოპოსს (ასევე ნებისმიერ მართლმორწმუნეს) და გამოუძიებლად მისდამი წაყენებული ბრალდებების დამტკიცების უფლებას არ იძლევა! ითხოვს ბრალმდებელთა და მოწმეთა სიმართლეს, მართლმაღმსარებლობას და პატიოსნებას! მაგრამ, ამავე დროს, რადგან უცთომელი არავინ არის კაცთაგან, უსამართლო შეხედულებებისა და ზოგჯერ ყალბი ცნობების აცილებაც ვერ ხერხდება. ყოველივე რომ საღმრთო სამართლის საკადრისად აღსრულდეს, სულიწმიდამ ბრალდებულებს თავის გამართლების, უფრო სწორედ, საკუთარი სიმართლის წარმოჩენის უფლებაც დაუწესა. ამიტომაც, განაჩენის გამოტანის შემდეგაც კი ბრალდებულს ვერავინ წაართმევს აპელაციის უფლებას, ანუ მას შეუძლია უფრო მაღალ ინსტანციაში გაასაჩივროს გამოტანილი მსჯავრი - ამას ბრძანებს "დიდი სჯულისკანონის" მრავალი განწესება (იხ. მაგ.: ანტიოქიის კრების 6-ე კანონი. არისტინეს განმარტება).

ასე იცავს ეკლესია სულიერ მოძღვრებს უპირატესთაგან მრისხანებით გამოთქმული მსჯავრისგან. ასეთ ვითარებაში აკრძალული მღვდელმსახური საქმის ჯეროვან განხილვამდე, უცებ არ აიკრძალება (იხ. სარდიკიის კრების 14-ე კანონი. ზონარა), თუმც აკრძალულმა მისი საქმის გარჩევამდე თავი უნდა შეიკავოს მსახურებისგან (იქვე. არისტინე). ბალსამონის განმარტებით, "განკვეთილი იმწუთასვე არ უნდა მივიჩნიოთ განკვეთილად, რადგან მაცხოვარს მოციქულთათვის ის კი არ უთქვამს, უდანაშაულონი დასაჯეთო, არამედ თქვა: "მიიღეთ სულიწმიდა, უკეთუ ვიეთნიმე მიუტევნეტ ცოდვანი, მიეტევნენ, და უკეთუ ვიეთნიმე შეიპყრენით, შეპყრობილ იყვნენ" (იოანე 20:23). განკვეთილს უფლება აქვს მიმართოს მიტროპოლიტს, ხოლო სასჯელის გამომთქმელმა უნდა დაითმინოს და თავისი განკარგულების დადასტურებას დაელოდოს. აკრძალულმა კი თავი შეიკავოს ღვთისმსახურებისგან, რათა თვითმსაჯული არ აღმოჩნდეს (იქვე. ბალსამონი).

აქვე აღსანიშნავია, რომ განაჩენის გამომტანი ეპისკოპოსისთვის შეურაცხმყოფელი არ უნდა იყოს ის, რომ განკვეთილი იძიებს მიზეზს თავისი განკვეთისა... ეპისკოპოსიც უნდა დაელოდოს გამოძიებას (სარდ. 14. ბალსამონი) და "თუ უსამართლოდ იქნა გამოტანილი სასჯელი - გასწორდება".

იგივეს ბრძანებს კართაგენის 139-ე კანონი. კერძოდ, მრისხანებით აღძრული ეპისკოპოსის მიერ უსამართლოდ აკრძალული არ უნდა დაემხოს თავისი პატივისგან. ამგვარ საქმეებს წელიწადში ორჯერ განიხილავს საეკლესიო კრება (I, 5) (აპელაციისთვის იხილეთ, აგრეთვე, კართაგენის კრების 38-ე დადგენილება და ზონარასა და ბალსამონის განმარტებანი).

იმ შემთხვევაში, როდესაც ეკლესიას ჰყავს მხოლოდ ორი ეპისკოპოსი და ხელდასხმითი უპირატესობის მქონე (ეპისკოპოსი) აკრძალავს მეორეს, ამ უკანასკნელს შეუძლია იმოქმედოს ზემოთხსენებული განწესების მიხედვით, ანუ მიეცეს მთელი საეკლესიო კრების წინაშე თავის გამართლების შესაძლებლობა. რაც შეეხება სასულიერო ხარისხთაგან დამხობას, კართაგენის კრებამ დაადგინა, რომ მხოლოდ ერთი ეპისკოპოსი საკუთარ მსჯავრს ვერ დაამტკიცებს. სლავურ "კორმჩაიაში" ეს განწესება ასეა ფორმულირებული: "Да не настоит един епископ на решение своего суда" (Карф. 107 (121). იხ. არისტ. ბალს. განმარტ. IV მსოფლ. კრების 9-ე კანონი. ზონ.).

ამ მიმართებით საგულისხმოა კართაგენის კრების 12-ე კანონი, სადაც ვკითხულობთ: "თუ ვინმე ეპისკოპოსი გასასამართლებელი გახდეს და მრავალრიცხოვანი კრების მოწვევა შეუძლებელი იყოს, თორმეტმა ეპისკოპოსმა მოისმინოს მისი საქმე. მღვდელი ექვსმა ეპისკოპოსმა და მისმა ეპისკოპოსმა გაასამართლონ, დიაკვანი კი - სამმა". განმარტება: "თუ ეპისკოპოსს ბრალი დასდონ რაიმე ცოდვაში, იმ ოლქის ეპისკოპოსებმა განსაჯონ მისი საქმე. ხოლო ყველა ეპისკოპოსის შეკრება თუ შეუძლებელი იყოს, მაშინ თორმეტმა ეპისკოპოსმა განსაჯოს და ამაზე ნაკლები რაოდენობა ნუ იქნეს; ცოდვაში ბრალდებულ მღვდელს, რომლითაც მას დამხობა ემუქრება, ექვსი ეპისკოპოსი და მეშვიდე მისი ეპისკოპოსი უნდა ასამართლებდეს, ხოლო დიაკვანს სამი სხვა და მეოთხე მისი ეპისკოპოსი გაასამართლებს". იგივეს ადასტურებს კართაგენის 20-ე და 128-ე განწესებებიც.

შეიძლება ვინმემ იკითხოს, როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ქრისტეს ეკლესია აღმოჩნდება დევნულებაში ან მძიმე შევიწროვებაში და არ ეყოლება არც 12 და 7 ეპისკოპოსი? ასეთ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ მღვდლის და ეპისკოპოსის პატივაყრა არავის ძალუძს. შესაძლებელი იქნება მხოლოდ მისი აკრძალვა მღვდელმსახურებაში ან ეკლესიის ერთობიდან განკვეთა.

ამდენად, ერთ ეპისკოპოსს (თუნდაც არქიეპისკოპოსს ან პატრიარქს) უფლება არა აქვს ერთპიროვნულად აჰყაროს პატივი მეორეს და, თუ ამას ვინმე მოიმოქმედებს ზემოთ აღწერილი კანონის საწინააღმდეგოდ, ღმრთის საიდუმლო, უხილავი მსჯავრი მას არ დაამტკიცებს. აკრძალვის მიზეზად ან საფუძვლად ვერ გამოდგება ასეთი მსჯელობა: "რადგან ქრისტეს ეკლესიას სადღეისოდ არ ჰყავს 12 ეპისკოპოსი, მათ უფლებამოსილებას ერთი (თუნდაც პირველიერარქი) უნდა იღებდეს". მაშინ, ამავე 12 ეპისკოპოსის არყოფნის (თუ არარსებობის) გამო, აპელაციის უფლების საფუძველზე, საკუთარი სიმართლის დამტკიცება-გამართლების უფლებამოსილებას განსასჯელი ეპისკოპოსიც აიღებს, რამეთუ, წინააღმდეგ შემთხვევაში ირღვევა სამართლიანობის ის პრინციპი, რომლის შესახებაც საეკლესიო სჯულმდებლობა ბრძანებს (იხ. ქვემოთ).

ასეთ ვითარებაში, ბრალმდებლად, ადვოკატად და მოსამართლედ იქცევა გამსამართლებელი ან ბრალმდებელი ეპისკოპოსი (მით უმეტეს, თუ ის პირველიერარქია), რითაც ერთი ადამიანის ხელში მოექცევა მთელი სასამართლო-საპროცესო მხარე. ამგვარი სჯულმდებლობა კი დაუშვებელია, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ერთი პიროვნების ხელში მოექცევა მთელი სამართალი, რომელიც მეორეს, ანუ გასასამართლებელს, თავის მართლების საშუალებასაც კი არ დაუტოვებს და, მეორეც, თავიც რომ იმართლოს, ერთი მსაჯული ეპისკოპოსის მსჯავრში ჩავარდნილ ბრალდებულ ეპისკოპოსს ეს გარემოება სრულიად გასაგები მიზეზების გამო გამართლების არავითარ შანსს არ დაუტოვებს. ასეთ ვითარებაში ჩავარდნილ ეპისკოპოსს მისი პატივაყრის მუქარის შემთხვევაში დარჩება მხოლოდ ერთი გზა - გამოეყოს უსამართლობის მოქმედს (იხ. მოციქულთა 31-ე კანონი, ზონ. ბალს. და კართაგენის 11-ე კან. ბალს. განმარტებებით).

ამრიგად, ამა თუ იმ საეკლესიო საკითხის გამო საქმის უსაფუძვლოდ აღმძვრელი, ამავე საქმის უსამართლოდ, კანონთა შეუსაბამოდ მწარმოებელი და, შედეგად, უსამართლო განაჩენის გამომტანი, თავად დაექვემდებარება იმავე სასჯელს, რაც განაწესა. უფრო ზუსტად, II მსოფლიო კრების 6-ე კანონის თანახმად, "საქმის დამწყებმა, ანუ ეპისკოპოსის ბრალმდებელმა ბრალდების წარდგენამდე უნდა დადოს წერილობითი პირობა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ დაამტკიცებს თავის მიერ წაყენებულ ბრალდებას, თვით დაისჯება იმავე სასჯელით, რომლითაც დაისჯებოდა ბრალდებული ეპისკოპოსი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში" ("დიდი სჯულისკანონი" ახ. ქართ. ენაზე. საეკლ. კალენდ. 1987 წ. გვ. 212). რუსულად ეს კანონი ასე იკითხება: "Но не прежде могут они (ე. ი. საქმის აღმძვრელი ეპისკოპოსნი - ეპ. პ.) настояти на свое обвинение, как писменно поставив сеья под страхом одинакового наказания с обвиняемым, аще бы, по производству дела, оказалися клевещущими на обвиняемого непископа" (Правила св. Всел. Соб. С толкованиями, часть I, правила соборов I-IV. Москва 1912. 2-го Всел. Соб. Правило 6-ое, стр. 84-85).

მათე ბლასტარისი თავის "სინტაგმაში" ამ კანონს ასე განმარტავს: "არ შეიძლება ბრალდება წარდგენილ იქნას მანამ, სანამ ბრალმდებელნი წერილობით არ დადებენ პირობას, რომ თვითონ დაექვემდებარებიან განსასჯელისთვის დაწესებულ სასჯელს, თუკი საქმის გამოძიების შემდეგ აღმოჩნდება, რომ ეპისკოპოსის ცილისწამებაში იმხილებიან" (М. Властарь. "Синтагма", М. 1996 г. Стр. 193).

რუსულად ეს ასე ჟღერს: "Но обвинение, говорит правило, не прежде может быть представляемо, как обвинители письменно удостоверят, что подлежат одинаковой опастности, в случае, если по расследованию дела, будут обличены в клевете на епископа" (там же).

ხოლო კართაგენის 145-ე კანონის თანახმად, უსამართლო ბრალდების წარმომთქმელი და მისი ვერდამამტკიცებელი ამ წერილობითი პირობის არდადების შემთხვევაშიც კი დაისჯება.

საღმრთო სჯულისკანონი, რომელიც "სულის საყვირთა მიერ არის დასხმული", უსამართლობას არ ითმენს, ხოლო "სიმართლე ეს მტკიცე და მუდმივი ნებელობაა მიაგოს ყოველს საქმეთა მათთაებრ". ამიტომაც, მისი პრინციპებია: პატიოსანი ცხოვრება, არ ავნო სხვას და მისი საქმეების შესაბამისად მიაგო ყოველს. ხოლო სიმართლის სიბრძნე მდგომარეობს საღმრტო და კაცობრივ საგანთა ცოდნაში და ასევე უსამართლობისა და სიმართლის გარკვევაში" (Матфей Властарь. "Синтагма", буква "Д". "О правде". Москва 1996 г., стр. 182).

მაშ, თუკი სიმართლეს "დიდი სჯულისკანონის" თანახმად ვეძებთ, ხომ არ შეიძლება ეს უფლება სჯულმა მიანიჭოს მოდავეთაგან მხოლოდ ერთს და მეორეს წაართვას? განა ეს სიმართლე იქნება? და ვინც იტყვის, რომ უსამართლოა სჯული და უსამართლობას ამკვიდრებს, მას შეუცოდავს ღვთის წინაშე - ბრალდებათაგან თავის დაცვის უფლება სამართლისა და სიმართლის ელემენტარული ნორმაა. "დიდი სჯულისკანონი" ღვთის წინაშე შემცოდესაც აძლევს ამ უფლებას და მისი სიტყვის მოსმენამდე და სამართლიან მხილებამდე მსჯავრს არ ადებს.

ამრიგად, აპელაციის უფლება ეძლევა ყველას, ვინც კი ჩათვლის, რომ ის უსამართლოდ განიკითხეს. მივმართოთ წმ. კირილე ალექსანდრიელს, რომელიც ერთ-ერთი კრების მიერ გასამართლებული და მომჩივანი ეპისკოპოსის, პეტრეს, გამო წერს: "საჭიროა გავიგოთ ისიც, რას ამბობს იგი: რომ მას (ე. ი. პეტრეს - ეპ. პ.) შეეძლო თავის გამართლება და მასში შეტანილი ეჭვის გაბათილება, მაგრამ მისთვის არავის მიუცია პასუხისგების დრო და არ შეუთავაზებია საქმის განხილვა კანონისამებრ" (ახ. ქართულში ეს ადგილი თარგმნილია არაზუსტად, კერძოდ, იქ წერია: "მისთვის არავის მიუცია პასუხისგების დრო და ადგილი კანონიერი გასამართლებისა" - არქიეპ. პ. იხ. "დიდი სჯულისკანონი". საქ. საეკლ. კალენდ. 1987 წ.).

ხსენებულ კრებაზე, რომელიც თბილისში წმ. ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში გაიმართა, ეს პირობა დაკმაყოფილებული არ ყოფილა! დარღვეულ იქნა სხვა კანონებიც, რომლებიც ზემოთ აღვწერეთ და საბრალდებო განხილვისთვის აუცილებელია ვიცოდეთ:

1. კრებაზე ჩემი საქმის განხილვის შესახებ უწყებული არ ვყოფილვარ, რითაც დაირღვა სასამართლო განხილვის საქმის წარმოება, რომელსაც ითხოვს წმ. მოციქულთა 74-ე კანონი, რომლის მიხედვითაც, წინასწარ, ჩემი საქმის განხილვამდე უწყებულ უნდა ვყოფილიყავი ამის შესახებ. ჩემი მოუსვლელობის შემთხვევაშიაც კი არ უნდა განეხილა კრებას ჩემი საქმე და, თუ სამი გამოძახების შემდეგ არ გამოვცხადდებოდი კრებაზე, მხოლოდ მაშინ შეეძლო მას განაჩენის გამოტანა. მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, საერთოდ არაფერი ვიცოდი ეპისკოპოს იონას განზრახვის შესახებ. არაფერი იცოდნენ ამის შესახებ ჩემი ეპარქიის წარმომადგენლებმაც, რომლებიც ამ კრებაზე ჩამოვიდნენ (იხილეთ აგრეთვე ლაოდიკიის 40-ე და 87-ე კანონები; კართაგენის 87-ე კანონით ეპისკოპოსი კრებაზე უნდა გამოიძახონ წერილობითი უწყებით).

2. საღმრთო სჯულისკანონი, რომელიც "სულის საყვირთა მიერ არის დასხმული", უსამართლობას არ ითმენს. ხოლო "სიმართლე ეს მტკიცე და მუდმივი ნებელობაა მიაგოს ყოველივეს საქმეთა მისთაებრ". ამიტომაც მისი პრინციპებია: პატიოსანი ცხოვრება, არ ავნო სხვას და მიაგო ყოველს საქმეთა მისთაებრ. ხოლო სიმართლის სიბრძნე მდგომარეობს საღმრთო და კაცობრივ საგანთა ცოდნაში და ასევე უსამართლობისა და სიმართლის გარკვევაში (Матфей Властарь. "Синтагма", буква "Д". "О правде". Москва 1996 г., стр. 182).

3. არც ერთ ბრალდებაზე წარმოდგენილი არ ყოფილა მოწმე! საღვთო სჯულისკანონი ამგვარად მიღებულ დადგენილებას აბათილებს.

4. არც ერთ ბრალდებაზე წინასწარ გამოკითხული არ ვყოფილვარ, ბევრი მათგანი პირველად მოვისმინე კრებაზე, რაც ეპისკოპოსის გასამართლებისთვის საჭირო წინასწარი კვლევა-ძიების ჩატარების აუცილებლობას ეწინააღმდეგება (იხ. ზემოთ მოტანილი კანონები), რის გამოც მათ საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება არარაობას წარმოადგენს. ასე, რომ ეპისკოპოს იონას გადაწყვეტილება და საქმის ვითარება მე აპელაციის შესაძლებლობას და საკუთარი სიმართლის დაცვის უფლებას მართმევს, რაც დაუშვებელია.

მით უმეტეს, რომ მაქვს უფლება არ მოვისურვო გავსამართლდე იმ ეპისკოპოსის მიერ, რომელიც არა თუ ეჭვით, უეჭველად, აშკარა უსამართლო განჩინებას განმიწესებს (იხ. წმ. კირილე ალექსანდრიელის 1-ლი კანონი). ასევე შემიძლია ავირჩიო სასამართლო კრების ადგილი.

ამდენად ეპისკოპოს იონას განზრახვა ჩემი 1 წლით აკრძალვის თაობაზე არის უწესო, ანუ კანონგარეშე, ერთპიროვნული, მიკერძოებული დადგენილება, რადგანაც მას არც პასუხების სათანადოდ მომზადების დრო მოუცია და არც საქმის კანონიკური განხილვა (ან გამოძიება) შემოუთავაზებია ჩემთვის. ამიტომ, ვალმოუხდელნი რომ არ დავრჩეთ ჩვენი პირველიერარქის წინაშე, ვაფრთხილებთ მას, ხელი აიღოს საკუთარ არაკანონიკურ გაზრახვაზე და უსამართლო განჩინებისთვის არ დაიმსახუროს ღვთის რისხვა, როგორც ეს ზემოთ მოტანილი მაგალითებიდანაც ვნახეთ.

იმისთვის, რათა ეპისკოპოს იონას სამართლიანი ეპისკოპოსის სახელი დარჩეს და არც ეკლესია დადგეს განხეთქილების საფრთხის წინაშე, მოვუწოდებთ მას:

1. წერილობით ჩამოაყალიბოს ყველა ბრალდება, რომელიც წამიკითხა კრებაზე.

2. მიუთითოს ის წყაროები და პიროვნებები, რომლებზე დაყრდნობითაც გააკეთა მან ასეთი დასკვნები; ეს ყოველივე ჩვენ მოგვცემს საშუალებას, ჯეროვანი ანალიზი გავუკეთოთ ამ ბრალდებებსს და მივცეთ განმარტებანი, რომელნიც ჩვენს სიმართლეს წარმოაჩენს.

3. აღდგენილ იქნას ჩემი, როგორც უდანაშაულო ეპისკოპოსის ავტორიტეტი, ხსენებულ ბრალდებათა სრულ დამტკიცებამდე.

4. განხილულ იქნას ბ-ნ ზვიად ნოდიას საკითხი. წარმოდგენილ იქნას ბრალდებები მის წინააღმდეგ და მიეცეს მას თავის გამართლების შესაძლებლობა.

5. საკითხის გარკვევის შემდეგ, კანონთამიერი ეპითიმიები დაედოს ყველას, ვინც ქმედითი როლი ითამაშა ამ უსამართლო საქმეში. გამოვლენილი იქნან ის პიროვნებებიც, რომლებმაც ეპისკოპოსი იონა აამხედრეს ჩემს წინააღმდეგ.

6. დაბოლოს, გამოკვლეულ იქნას თუ რატომ, რის საფუძველზე და ვისი კურთხევით აიკრძალა გორის ეპარქიაში ჩემი წიგნი "ვიდრე ჰხუალ... მორწმუნეო?" ასევე უნდა გაირკვეს, როგორც შეფასებას აძლევს თვით ეპისკოპოსი იონა ამ ჩემს ნაშრომს და ნამდვილად თვლის თუ არა მას მის საწინააღმდეგო, ან მისი წიგნის ("რა უნდა ვაკეთოთ") განმაქიქებელ ნაშრომად? და რაში გამოიხატება ეს განქიქება ან წინააღმდეგობა?

თუ ეპისკოპოსი იონა ასე არ წარმართავს სასამართლო საქმის ძიებას და კვლავ ერთპიროვნული ულტიმატუმების ენით შეეცდება დაამტკიცოს ეს საქმე, თავს მოვალედ ვთვლი განვაცხადო:

1. მთელი ეკლესიის წინაშე მოეთხოვოს ეპისკოპოს იონას პასუხი უსამართლო კრების მოწვევისა და ეპისკოპოს პავლეს ცილისწამებაში, რაც გამოიხატება გამოუძიებელ-დაუსაბუთებელი ბრალდებების წარდგენაში.

2. გამოკვლეულ იქნას: რამდენად საფუძვლიანად აღძრა საქმე ეპისკოპოსმა იონამ ჩემს წინააღმდეგ. აქვე უნდა ვაჩვენოთ არის თუ არა სამართლიანი კონკრეტული საქმის აღძვრა ჩემს წინააღმდეგ იმ მუხლების მიხედვითაც, რომელსაც აფუძნებს ეპ. იონა თავის ბრალდებებს.

3. კანონთა შესაბამისად წარმოებდა თუ არა საეკლესიო სასამართლო. ამისთვის უნდა გვაჩვენონ:

ა) ბრალდებათა ნუსხა;

ბ) ბრალდებათა სინამდვილე:

გ) ბრალმდებელთა ვინაობა;

დ) მოწმეთა ვინაობა და რაოდენობა;

ე) ეპისკოპოსის ხელწერილი;

ვ) განაჩენის სამართლიანობა;

ზ) განაჩენის ვადები;

თ) განხილულ იქნა თუ არა აპელაცია;

ი) საბოლოო დასკვნა.

ამ მოთხოვნათა დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში შეჩერდეს ევქარისტული კავშირი მასთან, რათა კიდევ ერთხელ მიეცეს მას სამართლიანი მსჯავრის გამოტანის უფლება და საქმე არ მივიდეს საბოლოო განხეთქილებამდე.

4) თუ ეპისკოპოსი იონა ამ მოთხოვნებსაც არ დააკმაყოფილებს, მოციქულთა 31-ე კანონის და ამ კანონის ბლასტარისეული განმარტების, ასევე III მსოფლიო კრების მე-3 კანონისა და კონსტანტინოპოლის ორგზისი კრების მე-15 კანონის საფუძველზე გაწყდეს ყოველგვარი კავშირი ეპისკოპოს იონასთან, როგორც უსამართლობის მოქმედთან. განხილულ იქნას მისი ცილისწამებები და დაიბეჭდოს ეკლესიის ბეჭდვით გამოცემებში ქართულ და რუსულ ენებზე. გაეგზავნოს ის საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ყველა წევრს, როგორც საქართველოს ფარგლებში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому