საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის თბილისის ეპარქიის კრება
(საინფორმაციო ცნობა)
2022 წლის 7 იანვარს თბილისის წმ. დიდმოწამე ირინას სახელობის ეკლესიაში, საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსის თავმჯდომარეობით შედგა ეპარქიალური კრება. მაღალყოვლადუსამღვდელოეს პავლეს გარდა კრებას ესწრებოდნენ ეპარქიის მღვდელი გრიგოლ მახარაძე და დიაკვანი სოლომონ ცენტერაძე. კრებას ასევე ესწრებოდნენ საეკლესიო კლირი და მრევლი.
რადგან საქართველოში კოვიდ-პანდემიის გამო საერთო კრების მოწვევა ორივე ეპარქიის მღვდელმთავართა და მრევლის მონაწილეობით ვერ ხერხდება, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პრობლემური საკითხები განხილულ იქნას ცალ-ცალკე ჩატარებულ ეპარქიალურ კრებებზე, ხოლო შეთანხმებული საკითხები საერთო კრების დადგენილებად გამოცხადდეს.
დადგენილებების მიღება მრავალგვაროვან პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებთან მიმართებაში შეიძლება არსებობდეს აზრთა სხვადასხვაობა, უნდა გადაიდოს შემდგომი შესწავლისა და განხილვისთვის. გამომდინარე აქედან, 2022 წლის თბილისის ძველმართლმადიდებლური ეპარქიის კრების მასალები განკუთვნილია ზოგადსაეკლესიო განხილვისთვის, რომლის შემდეგ, საერთო თანხმობით მიღებული გადაწყვეტილებები ძველმართლმადიდებლური ეკლესიის საერთო კრების დადგენილებად გამოცხადდება.
კრების დღის წესრიგი
1. პროსკომიდიაზე არაეკლესიურ მართლმადიდებელ ქრისტიანთა მოხსენიებისა და ზიარების შესახებ.
ამასთან დაკავშირებით არქიეპისკოპოსმა პავლემ წაიკითხა მოხსენება, სადაც მოკლედ განმარტა მართლმადიდებლური ლიტურგიის არსი და მნიშვნელობა. განსაკუთრებული აქცენტირება გაკეთდა კვეთაზე (პროსკომიდიაზე), სადაც ეკლესია იხსენიებს მონათლულ, ძველმართლმადიდებელ ქრისტიანთ (როგორც ცოცხლებს, ასევე გარდაცვლილთ). რადგან ძველმართლმადიდებელ ქრისტიანთაგან ზოგიერთი არ ეწევა აქტიურ ეკლესიურ ცხოვრებას, არ აბარებს აღსარებას (ანუ არ ინანიებს თავის ცოდვებს), არ დადის (ან იშვიათად დადის) ეკლესიაში და მონაწილეობას არ იღებს საზოგადო ღმრთისმსახურებაში, ეკლესია მათ პროსკომიდიაზე (კვეთისას) არ მოიხსენიებს. ეს ეხება, როგორც ცოცხლებს, ასევე იმ გარდაცვლილთ, რომლებიც საჭიროდ არ მიიჩნევდნენ ეკლესიურად ცხოვრებას და მოუნანიებლად გარდაიცვალნენ.
თავის მოხსენებაში არქიეპისკოპოსმა პავლემ აჩვენა ამგვარი მიდგომის საფუძვლები, კერძოდ, მიუთითა ის საეკლესიო განწესებები და ეკლესიის წმიდა მამათა სწავლებები, რომლებიც კრძალავენ უღირსთა ზიარებას და შეწირვას არაეკლესიურ ქრისტიანთათვის. ეს განწესებებია:
ა) უღირსთა ზიარებისთვის:
1. წმიდა მოციქულ პავლეს პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ. თ. 11:27-30.
ამ ადგილის წმიდა მამათა: წმ. ბასილი დიდის, ღირ. ეფრემ ასურელის, იოანე ოქროპირის, სიმეონ ახალი ღვთისმეტყველის, თეოდორიტე კვირელის, ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელის, იოანე კასიანე რომაელის განმარტებები.
ბ) საეკლესიო-საზოგადო ლოცვათა უგულებელმყოფელთა და არაეკლესიურად მცხოვრებთათვის (ანუ ეკლესიისგან ნებაყოფლობით განდგომილთათვის):
1. I მსოფლიო კრების 11-ე და 12-ე კანონები;2. VI მსოფლიო კრების 61-ე და 80-ე კანონები;
გ) თვითგანდგომილთა, არაქრისტიანულად (წარმართულად) მცხოვრებთა და მოუნანიებელთა პროსკომიდიაში მოხსენიებისთვის:
1. VI მსოფლიო კრების 80-ე კანონი;2. დიდი სჯულისკანონი (სლავური). თ. 60. დარიგება ახალხელდასხმულთათვის (Кормчая, глав. 60. святительское наказание новопоставленным);3. ღირ. ნიკოლოზ კაბასილასი;4. წმ. სიმეონ თესალონიკელი.
არქიეპისკოპოსმა პავლემ თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ მავან ქრისტიანთა პროსკომიდიაზე მოუხსენიებლობა საერთოდ მათზე ლოცვა-ვედრების შეწყვეტას როდი ნიშნავს. გამომდინარე ქრისტიანის ქცევიდან და ცხოვრებიდან ზოგს ეკლესია მოიხსენიებს ლიტურგიკულ კვერექსებში, ზოგს სპეციალურ ლოცვაში ლიტურგიის შემდეგ, ზოგს კი პირად, კერძო ლოცვებში.
ამას გვავალდებულებენ წმიდა მამები: ეგნატე ღმერთშემოსილი, პოლიკარპე სმირნელი და სხვები. მაგრამ კონკრეტული საკითხები არ უნდა ავურიოთ ზოგად საკითხებში. პროსკომიდიაზე მოხსენიება კონკრეტული საკითხია და ის კონკრეტულ გადაწყვეტიელებას ითხოვს. ამიტომაც, წმიდა მამათა ზოგადი მითითებები ვილოცოთ ცოდვილთათვის, არაეკლესიურად მცხოვრებთათვის და მწვალებელთათვისაც კი, არ ეხება პროსკომიდიას. მასში მოიხსენიებიან მხოლოდ და მხოლოდ ეკლესიურად მცხოვრები მართლმადიდებელი ქრისტიანები.
ამ საკითხით კრებამ მუშაობა დაასრულა.