ლიტურგიაზე (პროსკომიდიაზე) მოხსენიების შესახებ
საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსის პავლეს (ხორავა) სიტყვა პროსკომიდიაზე ცოცხალთა და გარდაცვლილთა მოხსენიების შესახებ
(თბილისი 2022 წლის 25 დეკემბერი (ძვ. სტ.) // 7 იანვარი (ახ. სტ.)მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებით ზიარება არის საიდუმლო, რომელშიც მორწმუნე პურისა და ღვინის სახით, მიიღებს იესუ ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცსა და ჭეშმარიტ სისხლს საუკუნო ცხოვრებად.
ზიარება (ქრისტეს უწმიდესი ხორცისა და სისხლის მიღება) - ეს არის ისეთი საიდუმლო, რომლის დროსაც მართლმადიდებელი ქრისტიანი არა სიმბოლურად, არამედ რეალურად და ცოცხლად უერთდება ქრისტე ღმერთს იმ ზომით, რა ზომითაც იყო მზად ამისთვის. რაც უფრო მომზადებულია მორწმუნე ქრისტიანი ღმერთთან პირადი შეხვედრისთვის, მით მადლმოსილი იქნება იგი. ამ შეერთების სახე მიუწვდომელია რაციონალური აღქმისთვის ისევე, როგორც მიუწვდომელია პურისა და ღვინის შეცვალება ქრისტეს ხორცად და სისხლად.
ჩვენ, მართლმადიდებელ ქრისტიანებს გვწამს, რომ ქრისტე ამ საიდუმლოში იმყოფება არა მარტო ხორცით და სისხლით, არამედ მთელი არსებით, როგორც ღმერთი სრული და კაცი სრული.
წმ. იოანე დამასკელი ბრძანებს: "... წინადაგების (ე. ი. ზიარების) პური, ღვინო და წყალი სულიწმინდის გარდამოწვევისა და გადმოსვლის გზით ზებუნებრივად გარდაიქმნება ქრისტეს სხეულად და სისხლად (ანუ პური იგივე სხეულია, ღვინო კი - იგივე სისხლი), რაც რწმენით და ღირსად მიმღებთათვის აღსრულდება ცოდვათა მისატევებლად, საუკუნო სიცოცხლედ და სულისა და სხეულის დასაცავად, ხოლო ურწმუნოებით და უღირსად მიმღებთათვის - სატანჯველად და სასჯელად, ისევე როგორც უფლის სიკვდილი მორწმუნეებს სიცოცხლედ და უხრწნელებად ექცათ (რათა ილხენდნენ ისინი საუკუნო ნეტარებაში), ხოლო ურწმუნოებს და უფლის მკვლელებს - საუკუნო სატანჯველად და სასჯელად. ეს პური და ღვინო არ არის სახე ქრისტეს სხეულისა და სისხლისა (ნუ მოხდება ეს!), არამედ - თვით განღმრთობილი სხეული -უფლისა, თქმულია რა თავად უფლის მიერ: "ეს არის ჩემი სხეული" და არა - სახე სხეულისა. ასევე, ითქვა "სისხლი" და არა - სახე სისხლისა. უფრო ადრე იუდეველებსაც უთხრა მან: "თუ არ შეჭამთ ძის ხორცს, არ გექნებათ საუკუნო სიცოცხლე, რადგან ჩემი ხორცი ჭეშმარიტი საჭმელია და ჩემი სისხლი - ჭეშმარიტი სასმელი". და კიდევა: "ვინც მჭამს მე, იცოცხლებს" (იოანე 6,53-57) (წმინდა იოანე დამასკელი. მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. თავი ოთხმოცდამეექვსე. უფლის წმინდა და უბიწო საიდუმლოთა შესახებ).
ევქარისტიის წმიდა საიდუმლოს ღირსეულად ზიარების მაცხოვნებელი ნაყოფი შემდეგში მდგომარეობს:
1. ეს არის უმჭიდროვესი შეერთება უფალთან (იოანე 6:55-56). ეკლესიის სწავლებით ევქარისტია მორწმუნე ქრისტიანს იესუ ქრისტეს თანამოზიარედ შეიქს (იოანე 6:55-56);2. ზიარება აცოცხლებს სულს, განწმენდს მას, ადამიანს განამტკიცებს სათნოებათა ქმნაში (იოანე 6:57);3. ზიარება არის საყოველთაო აღდგომისა და მარადიული ნეტარი ცხოვრების საწინდარი (იოანე 6:58);
მაგრამ უღირსად მოზიარეთათვის ევქარისტიის საიდუმლოს განკითხვა მოაქვს და არა წყალობა, რადგან, როგორც წმიდა პავლე მოციქული ბრძანებს: "რომელი არა ღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასაშჯელად თავისა თჳსისა ჭამს და სუამს, რამეთუ არა გამოიკითხნა ჴორცნი უფლისანი" (1 კორინთ. 11:29). აი როგორ განმარტავენ ამ ადგილს წმიდა მამები:
ამბროსიასტე (IV ს.): "მოციქული პავლე გვასწავლის ზიარებას მივეახლოთ გულწრფელი სულითა და ღმრთის შიშით, რათა გონებამ იცოდეს ჯეროვანი პატივისცემა იმისა, ვის ხორცის საჭმელადაც მიდის" (На Послания к Коринфянам. PL 17:243d. ციტ. https://ekzeget.ru/bible/1oe-poslanie-k-korinfanam-ap-pavla/glava-11/stih-28/).
წმ. ბასილი დიდი: "ვინც ზიარებას განზრახვის გულისხმისყოფის გარეშე მიეახლება, რისთვისაც მოიცემა კიდევაც ქრისტეს ხორცთან და სისხლთან ზიარება, ვერანაირ სარგებლობას მიიღებს მისგან, ხოლო უღირსად მაზიარებელი - დაისჯება" ("Нравственные правила". Правило 21. О приобщении Тела и Крови Христовых, и какое намерение оного).
წმ. იოანე ოქროპირი: "როცა ამის შესახებ საუბრობს (მოციქული პავლე) მსმენელს დიდ შიშს შთააგონებს და უმტკიცებს, რომ მთავარია ამ საიდუმლოებებს სუფთა სინდისით ვეზიაროთ. ადრე ნათქვამს არ სჯერდება და კიდევ დასძენს: "ადამიანმა ჯერ თავი გამოსცადოს და ასე ჭამოს ამ პურიდან და შესვას ამ სასმისიდან" (1 კორინთ. 11:28). ამასვე ამბობს მეორე წერილშიც: "საკუთარი თავი გამოსცადეთ..." (2 კორინთ. 13:5) და არა ისე, როგორც ჩვენ ვიქცევით, როცა დროს უფრო ვესადაგებით, ვიდრე სულიერ განწყობას. ჩვენ იმას კი არ ვცდიობთ, რომ მომზადებულები, ყოველგვარი სიავისგან განწმენდილები სრული კრძალვით ვეზიაროთ, არამედ - დღესასწაულების დროს, მაშინ, როცა ყველა ეზიარება. პავლეს ასე არ უბრძანებია: მან მხოლოდ ერთი დრო იცის, როცა საიდუმლოებებს უნდა მივეახლოთ და ვეზიაროთ, - როცა სინდისი სუფთაა" (წმ. იოანე ოქროპირი. შრომები. IV ტომი. 28-ე ჰომილია კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეზე. თბილისი. 2017 წ. გვ. 345). წმ. იოანე ოქროპირი წმ. ზიარების მიღების უმთავრეს პირობად მიიჩნევს სინანულით იმგვარი ბიწიერებისგან განწმენდას, როგორიცაა "ხორციელი სურვილები, მომხვეჭელობა, მრისხანება, სიავის ხსოვნა და საერთოდ ყველა ბიწიერი მიდრეკილება. "მაზიარებელი ამ ყველაფრისგან უნდა განთავისუფლდეს და ამ წმიდა მსხვერპლს ამის შემდეგ უნდა შეეხოს" (იქვე. გვ. 345-346).
მართლმადიდებლური ეკლესია ასწავლის, რომ ქრისტეს ხორცი და სისხლი - ეს არის შენდობის მსხვერპლი, რომელიც შეეწირება ღმერთს ცოცხალთა და მკვდართათვის. ეს ის მსხვერპლია, რომელიც უფალმა მიიტანა გოლგოთის ჯვარზე და, რომელიც განსხვავდება მხოლოდ მსხვერპლშეწირვის სახითა და ვითარებებით, კერძოდ, უფალმა ჯვარზე თავისი მსხვერპლით გამოისყიდა კაცთა მთელი მოდგმა, ხოლო ევქარისტული მსხვერპლი ამ გამოსყიდვას ანიჭებს კონკრეტულ ადამიანს, რომელიც მას მიეახლება.
***
რისთვის ამოიღება პროსკომიდიაზე ნაწილები სეფისკვერებიდან? როგორი ძალა გააჩნიათ მათ? როგორ მოქმედებენ ისინი იმ ადამიანებზე, ვისი სახელითაც შეიწირებიან?
წმ. სიმეონ თესალონიკელის განმარტებით: "ძველ მამათაგან მიგვიღია სწავლება იმის შესახებ, რომ ნაწილებს, ვისთვისაც იქნებიან შეწირულნი, მრავალგვაროვანი სარგებლობა მოაქვთ. მღვდელმოქმედებისას ნაწილები წარმოადგენენ იმ პირებს, ვის სახელზეც ამოიღებიან და ღმერთს მსხვერპლად შეეწირებიან. ეს დასტურდება სიტყვებით, რომელსაც პროსკომიდიის დროს წარმოთქვამს მღვდელი: "შეიწირე უფალო მსხვერპლი ესე შენს ზეციურ საკურთხეველში". ნაწილები, რომლებიც წმიდათათვის შეიწირვის, ემსახურება მათ დიდებას, ღირსების მატებას და საღმრთო ნათლის უმეტესწილად მიღებას; მართალ გარდაცვლილთათვის შეწირული ნაწილები, შუამდგომლობენ ცოდვათაგან მათი გათავისუფლებისა და საღმრთო მადლთან ზიარებისთვის; ხოლო ცოცხალთ, - ოღონდ თუ სინანულში ატარებენ თავიანთ ცხოვრებას, - უბედურებათაგან იცავენ და ცოდვათა მიტევებისთვის შუამდგომლობენ. ამიტომაც საღმრთო მღვდელმსახურება წმიდათა კრებულს დაუკლებელ დიდებას და ნათელს უმრავლებს, ერთგულ ქრისტიანთ კი საღმრთო წყალობას ანიჭებს" (Симеон Солунский. О храме. // И. Дмитревский. Историческое, догматическое и таинственное изъяснение Божественной Литургии. СПб. – М., 2009. – С. 349-350).
მაგრამ, თუკი ლიტურგიაზე მოხსენიებას ესოდენი სიკეთე მოაქვს: მიუტევებს ცოდვებს და ჭირვებათაგან იცავს, - მოვალენი ვყოფილვართ ყველა ჩვენი ნათესავი და ახლობელი ჩავწეროთ მოსახსენებელ სიებში, რადგან მათთვის სიკეთე გვსურს და ღმრთის წყალობა. ყველა მათგანს ხომ უფლის შეწევნა სჭირდება, მაშინაც კი, როდესაც ეს მათ არ ესმით ან არ სწამთ.
რამდენად სწორი იქნება ასეთი მიდგომა?
ამ საკითხთან დაკავშირებით, წმიდა მამათა სწავლებებიდან გამომდინარე, ჩვენი ეკლესიის პრაქტიკა ასეთია: არ შეიძლება აშკარად მძიმედ შემცოდეთა მოხსენიება, თუ ისინი არ ინანიებენ თავიანთ ცოდვებს, ასევე აკრძალულია მწვალებლობებსა და სქიზმებში მყოფთა მოხსენიება; როგორც წმიდა მამები განგვიმარტავენ - სეფისკვერებიდან თითოეული ქრისტიანის სახელზე ამოღებული ნაწილი შემდეგ ბარძიმში, უფლის სისხლში ერთდება, ამიტომაც, უღირსთათვის ამგვარ მოხსენიებას მათთვის სასჯელი მოაქვს და არა განწმენდა... ამიტომ, პროსკომიდიებზე ვიხსენიებთ ჩვენს სულიერ შვილებს, რომლებიც გვაბარებენ აღსარებას და ვიცით ვის როგორი ცხოვრება აქვს; ხოლო სხვებს, ვისაც პროსკომიდიაში არ ვიხსენიებთ, ანუ მათ, ვინც აღსარებას არ გვაბარებს, ანუ თავის ცოდვებს არ ინანიებს, ზოგად საეკლესიო ან საშინაო ლოცვებში, ან კიდევ აზრში ვიხსენიებთ სხვა ქრისტიანებთან ერთად.
უნდა გვახსოვდეს რას გვასწავლიან ამის შესახებ მართლმადიდებელი წმიდა მამები. მაგალითად, წმ. სიმეონ თესალონიკელი ბრძანებს: "რამდენადაც სასარგებლოა ეს შეწირული მსხვერპლი ქრისტიანული წოდების შესაბამისად მცხოვრებთათვის, იმდენად უსარგებლო და მავნეა მათთვის, ვინც თავი მისცა ცოდვებს და შებღალული ქრისტიანული წოდების გამოსწორებაზე არ ზრუნავს. რადგან სეფისკვერიდან ამოღებული ნაწილი, შეიწირვის რა რომელიმე ქრისტიანის სახელზე, და დაიდება რა საღმრთო პურის სიახლოვეს, რომელიც ღმრთისმსახურებით შეიცვლება უფლის ხორცად, განწმენდის თანაზიარი ხდება, და წმიდა ბარძიმში ჩაშვების შემდეგ ცხოველმყოფელი სისხლით დაირწყულება: ამიტომაც იმ სულსაც, რომლის სახელზეც არის შეწირული ნაწილი, უფალი მადლს ანიჭებს; მაშინ ხდება ადამიანის სულიერი შეერთება ღმერთთან. თუ სული ღვთისმოსავია, ან უძლურია და ცოდვებში ვარდება, მაგრამ შემდეგ სინანულით განიწმინდება - ასეთი სული უხილავად ეზიარება სულიწმიდას, უფრო ხშირად კი ხორციელ სიკეთესაც მოიპოვებს, რასაც მრავალჯერადი გამოცდილებაც ადასტურებს.
მაგრამ თუ ვინმე ცოდვას მისცემია, და მისგან განშორება არ სურს, ამგვარი, როგორც ღმერთთან თანაზიარობის უღირსი, უმეტეს სასჯელს მოიწევს მისთვის შეწირული მსხვერპლისგან. ამიტომაც მღვდელმა ყურადღებით უნდა განიხილოს, რათა არ შეწიროს წმინდა ნაწილები იმგვარ ადამიანთათვის, ვინც თავიანთი გულებიდან დევნიან სინდისსა და სიმორცხვეს, და ყოველგვარ უსჯულოებას ეძლევიან; ამის გამო თვით მღვდელიც დაექვემდებარება სასჯელს მასთან ერთად. ამისგან შეემთხვევა ადამიანს მრავალგვარი განსაცდელები და ჭირვებანი. "ამის გამო, - როგორც მოციქული პავლე ბრძანებს, - თქვენს შორის ბევრია უძლური და ავადმყოფი, და ბევრიც მოკვდა" (1 კორინთ. 11:30).
ამრიგად, მღვდელი ღმრთის ამ უდიდეს საიდუმლოში უმკაცრესად ფრთხილი უნდა იყოს, საკუთარ თავს წმიდა წერილის მიხედვით განსჯიდეს და განიხილავდეს, და ფხიზლობდეს რამდენადაც ეს შესაძლებელია. რამეთუ მისი მოვალეობა თუ სხვებზე ზრუნვაა, მითუმეტეს უნდა ზრუნავდეს იგი საკუთარ თავზეც!
რადგან, "ვინც უღირსად ჭამს და სვამს, თავისსავე განკითხვას ჭამს და სვამს, რაკიღა ვერ არჩევს უფლის სხეულს" (1 კორინთ. 11:29), უმეტეს სასჯელს დაექვემდებარება ის, ვინც უღირსად ღვთისმსახურებას გაბედავს. ამიტომაც, მღვდლობის მადლი ვისაც მიგვიღია, საკუთარი თავისადმი რაც შეიძლება ყურადღებიანნი უნდა ვიყოთ, ვიზრუნოთ პატიოსნებასა და სიწმიდეზე, ვიყოთ არა გულღრძონი და მშვიდნი. დე აღემატოს ჩვენს სულებში მორჩილება და სიყვარული! ეს სათნოებები იესუ ქრისტეს უპირველესი სათნოებებია. აი მაშინ ვეზიარებით მას ჭეშმარიტად აწინდელ საუკუნეში, ხოლო მომავალში მასთან უმეტეს, ენით გამოუთქმელ და მარადიულ შეერთებას ვეღირსებით, მადლითა და კაცთმოყვარებით უფლისა ჩვენისა, იესუ ქრისტესი, რომელსაც ეკუთვნის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, დაუსაბამო მამით და უწმიდესითა და ცხოველმყოფელი სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ (Святитель Симеон Солунский. Книга о храме) (https://azbyka.ru/otechnik/Simeon_Solunskij/kniga-o-khrame // Симеон Солунский (Фессалоникийский) (Книга о храме. 63 слово) www.dishupravoslaviem.ru).
მაშასადამე, გამოდის, რომ ურწმუნო ადამიანს ლიტურგიაზე არ უნდა ვიხსენიებდეთ.
მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ უბრალო ქრისტიანებთან მიმართებაში, რომლებიც ეკლესიაში დადიან, აღსარებასაც ამბობენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც მძიმედ სცოდავენ? ასეთ შემთხვევაში შეიძლება თუ არა მათი ამ მღვდელმსახურებაზე (პროსკომიდიაზე) მოხსენიება?
წმ. სიმეონ თესალონიკელი ამ შეკითხვაზე ასე გვპასუხობს: "სული თუ ღვთისმოსავია, მაგრამ უძლურების გამო ცოდვაში ვარდება, ოღონდ შემდეგ შეინანებს, სინანულით განიწმინდება: ასეთი ადამიანი უხილავად იღებს სულიწმიდას, ხშირად კი სხეულებრივ სიკეთესაც მიეწიფება, ამას მოწმობს მრავალჯერადი გამოცდილება" (Симеон Солунский. О храме. // И. Дмитревский. Историческое, догматическое и таинственное изъяснение Божественной Литургии. СПб. – М., 2009. – С. 351).
ღირ. იოანე დამასკელს თქმით ევქარისტია "... რწმენით და ღირსად მიმღებთათვის აღსრულდება ცოდვათა მისატევებლად, საუკუნო სიცოცხლედ და სულისა და სხეულის დასაცავად, ხოლო ურწმუნოებით და უღირსად წილმქონეთათვის - სატანჯველად და სასჯელად, ისევე როგორც უფლის სიკვდილი მორწმუნეებს სიცოცხლედ და უხრწნელებად ექცათ (რათა ილხენდნენ ისინი საუკუნო ნეტარებაში), ხოლო ურწმუნოებს და უფლის მკვლელებს - საუკუნო სატანჯველად და სასჯელად" (წმინდა იოანე დამასკელი. მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. თავი ოთხმოცდამეექვსე. უფლის წმინდა და უბიწო საიდუმლოთა შესახებ. სხვა გამოცემის მიხედვით: Иоанн Дамаскин. Точное изложение православной веры. Гл. 13. О святых и пречистых таинствах Господних. – Москва, 1992).
ღირ. ნიკოლოზ კაბასილასის (XV ს.) სწავლებით: "... ეს მღვდელმოქმედება არის ძღვენის შეწირვა, ხოლო ძღვენს ყოველთვის როდი შეიწირავს ღმერთი, არამედ ზოგჯერ, შემომწირველთა ბოროტეულობის გამო, მოიძაგებს და უარყოფს, რაზეც მრავალი მტკიცებულება გვაქვს ძველთაგანაც და მადლის ქვეშ მყოფთაგანაც. ... ხოლო ღმერთი რომ შემომწირველთა უკეთურების გამო უარყოფს ამ ძღვენს ჩანს იქიდან, რომ ასე იქცევა ეკლესია. ვისი მომაკვდინებელი ცოდვებიც იცის, მათ არ აძლევს ამ ძღვენის შემოწირვის უფლებას და, თუ მაინც გაბედავენ (შეწირვას), არ იღებს და მათსავ შემოწირულ ძღვენთან ერთად უარყოფს" და კვლავ იგივე ღირსი მამა ბრძანებს: "შესაწირი, როდესაც შემომწირველი ბიწიერია, ამაოა და ვერანაირ სარგებელს მოუტანს შემომწირველს".
აქ ღირ. ნიკოლოზ კაბასილასი სვამს შეკითხვას, რომელსაც თვითონვე პასუხობს: "თუკი ძღვენი ყოველთვის წმიდაა, მაშინაც კი, როდესაც ის ბიწიერი ადამიანებისგან შეიწირება, რატომ არ შეიწყნარებს მას ეკლესია? იმიტომ, რათა შემომწირველებს შეაგონოს ღვთის როგორი რისხვა ელოდება მათ. ... რათა შეშინდნენ და თავიანთი ცხოვრება გაასწორონ. ..." (Николай Кавасила, архиепископ фесалоникийский. Изъяснение Божественной Литургии. Гл. 46. О том, каким образом сии Дары всегда бывают приемлемы Богом. Изд. Храм во имя преображения Господня в Тушино. Москва. Первый выпуск. 1997 г., стр.43).
გავიხსენოთ, რას ბრძანებდა წმ. სიმეონ თესალონიკელი უღირსთათვის შეწირულზე: "რამდენადაც სასარგებლოა ეს შეწირული მსხვერპლი ქრისტიანული წოდების შესაბამისად მცხოვრებთათვის, იმდენად უსარგებლო და მავნეა მათთვის, ვინც თავი მისცა ცოდვებს და შებღალული ქრისტიანული წოდების გამოსწორებაზე არ ზრუნავს" (წმ. სიმეონ თესალონიკელი. დასხ. შრ. იხ. ზემოთ).
კვლავ კითხვა: როდის განწმენდს მადლი მორწმუნე ადამიანს?
ღირ. ნიკოლოზ კაბასილასი ამ კითხვას ასე პასუხობს: "მადლი განგვწმენდს ძღვენის მეშვეობით, თუკი განწმენდისთვის მომზადებულთ გვპოვებს; ხოლო თუკი მოუმზადებელნი აღმოვჩნდებით, არა თუ ვერ მივიღებთ სარგებლობას, არამედ დიდ ზიანსაც გადმოვიწვევთ თავზე" (Николай Кавасила, архиепископ фесалоникийский. Изъяснение Божественной Литургии. Гл. 34. О том, как священник молится о Святых Дарах про себя и о чем повелевает молиться верным. Москва. 1997 г., стр. 34).
რა კრიტერიუმებით სარგებლობს ეკლესია, როდესაც ასკვნის, რომ ესა თუ ის კაცი ეკლესიისგან განდგომილია და პროსკომიდიაზე მისი მოხსენიება დაუშვებელია?
ღირ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველის განმარტებით: "იმის აშკარა ნიშანს, რომ ადამიანი განძარცულია ნათლისღებით მიღებული მადლისგან წარმოადგენს მისივე საკუთარი აღიარება, რომ ვერანაირად ძალუძს გადალახოს ან მოიკვეთოს თავისი ვნებითობა და დაუოკებლობა, რომ არ დააკმაყოფილოს იგი სამარცხვინო საქმეებით. და რამდენი ასეთი უბედური გვყავს, რომლებიც მით უფრო უბედურნი არიან, რომ ვერ შეუგნიათ და ვერ გრძნობენ საკუთარ უბადრუკ მდგომარეობას?! არადა ვხედავთ ზოგიერთი მათგანი იმგვარ უგუნურებამდეც კი მიდის, რომ ქრისტეს ფასდაუდებელ ხორცსა და სისხლს კადნიერად ეზიარება. რაოდენი უსირცხვობა და თავდავიწყებაა!
ვაი ამგვარად მოზიარეთ, რადგან, სამარცხვინო საქმეებთან თანაზიარობის შემდეგ, სინანულითა და ეპითიმიებით არ განწმენდილან. ამდაგვარნი უფრო და უფრო ექვემდებარებიან ეშმაკის ძალაუფლებას, ბოლოს კი სრულიად ემონებიან მას; და ღმერთიც სრულად ტოვებს ამგვართ თავიანთი სიბილწისა და სამარცხვინო საქმეების, განსაკუთრებით კი უსირცხვობისა და კადნიერების გამო, როგორც წმიდა სახარება ბრძანებს იუდაზე, რადგან როგორც კი ეზიარა იგი ქრისტესგან მოწოდებულ პურს საიდუმლო სერობაზე, იმწამსვე, "ამ ლუკმის შემდეგ შევიდა მასში სატანა" (იოანე 13:27) ((Прп. Симеон Новый Богослов. Слова. Слово тридцать третье к причащающимся Божественных Таин. – И кто причащается недостойно. – М., 2006. – С. 400).
VI მსოფლიო კრების 80-ე კანონის მიხედვით: "თუ ვინმე - ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან ეკლესიის დასის სხვა წევრთაგანი, ან ერისკაცი, რომელიც განსაკუთრებული, ან ისეთი შემაფერხებელი მიზეზის გარეშე, რომელსაც შეიძლება გამოეწვია ეკლესიაში მისი დიდი ხნით მოუსვლელობა, ქალაქში იქნება სამი შვიდეულის განმავლობაში და ზედიზედ სამ კვირა დღეს საეკლესიო შეკრებას დააკლდება, შემდეგნაირად დაისაჯოს: თუ კლერიკოსია, დასიდან განიკვეთოს; თუ ერისკაცი, ეკლესიასთან ერთობიდან განიყენოს".
ამით VI მსოფლიო კრების 80-ე კანონი მიუთითებს, რომ ადამიანი, ვინც გაურბის საეკლესიო თანაზიარობას, ეკლესიიდან უნდა განიკვეთოს. სამი საკვირაო ღვთისმსახურება, რომელიც გამოტოვებულ იქნება რაიმე სერიოზული მიზეზის გარეშე, ეკლესიიდან განკვეთის საფუძველი შეიძლება გახდეს. VI მსოფლიო კრების მამებმა საეკლესიო ცხოვრების ნორმად სამ კვირაში ერთხელ ეკლესიაში მისვლა და ლოცვებთან თანაზიარობა მიიჩნიეს. ეს, ერთგვარი, "საარსებო მინიმუმია", რომელიც სულს ჰაერივით სჭირდება.
VI მსოფლიო კრების ამ 80-ე კანონთან დაკავშირებით უნდა გავიხსენოთ ეკლესიის პასიური წევრები. უნდა შევახსენოთ მათ, რომ ეკლესია არის ევქარისტული სხეული. თუ ამ შეგნებიდან გადავუხვევთ, მაშინ გარდაუვალია გადასვლა ეკლესიისადმი კუთვნილების სეკულარულ საფუძვლებზე, რაც მხოლოდ ნათლისღების მიღებას ეფუძნება. და, მართლად, ზოგიერთი ადამიანისთვის ნათლისღების მიღების შემდეგ უცხოა ეკლესიური, ევქარისტული ცხოვრება. ასეთი ადამიანები ე. წ. "თვითგანკვეთილთა" კატეგორიას ეკუთვნიან.
საეკლესიო განწესებებიდან ვიცით, რომ მძიმე ცოდვების ჩამდენი ქრისტიანები ისჯებიან ან ზიარებისგან განკვეთით (მცირე ანათემა) ან ეკლესიისგან განკვეთით (სრული ანათემა). რაოდენ გულსატკენია ხილვა იმისა, თუ როგორ განაშორებენ საკუთარ თავს ეკლესიას (რაიმე საეკლესიო დადგენილების გარეშე) მონათლული ადამიანები. არ დადიან ეკლესიაში, არ ინანიებენ ცოდვებს, არ მონაწილეობენ ეკლესიის ევქარისტულ ცხოვრებაში. ასეთი ადამიანები ფაქტობრივად განდგომილნი არიან ეკლესიისგან, ისინი მას მხოლოდ ნომინალურად თუ ეკუთვნიან, ანუ მხოლოდ სახელი ჰქვიათ ქრისტიანის, მაგრამ არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, ქრისტიანული ცხოვრების პრინციპებს თავიანთ ცხოვრებაში არ ატარებენ.
წმმ. ბასილი დიდი და გრიგოლ ნოსელი მიიჩნევენ, რომ ნებაყოფლობით განდგომაში ჩავარდნილი, მაგრამ მონანული ადამიანი სიკვდილამდე უზიარებელი უნდა იყოს (იხ. ბასილი დიდის 73-ე და გრიგოლ ნოსელის 1-ლი კანონები).
I მსოფლიო კრება, თავის კანონებში, ამგვარ მონანულთადმი უფრო მოწყალეა: "გაჭირვების, მონაგებთა მიტაცების, ტყვეობის ან სხვა რაიმე ამგვარის გარეშე... თუ ვინმე გადაუდგა და უარყო სარწმუნოება, კრებას მიაჩნია, რომ საჭიროა გამოვიჩინოთ მათ მიმართ მოწყალება, თუმცა ღირსნი არ არიან კაცთმოყვარეობისა. თუ მოინანიებენ გულმოდგინედ, სამი წელი მსმენელებთან ერთად დაჰყონ, შვიდი წელი შევრდომით ილოცონ, ხოლო ორი წელი შესაწირავის გარეშე ეზიარონ ერის ლოცვას" (დიდი სჯულისკანონი. I მსოფლიო კრების 11-ე კანონი).
მართალია, ეკლესია იყენებს იკონომიის პრინციპს და მონანულებს მათი სინანულისა და ღვაწლის შესაბამისად მკურნალობს (ანუ აძლევს ეპითიმიებს), კანონთა სიმკაცრის ცოდნა მაინც ყველას მართებს, რადგან ეკლესიაში და ზიარებასთან მათი დაშვება პირდაპირ არის დამოკიდებული შემცოდეთა სინანულზე და ქრისტიანული ცხოვრების მოწესრიგებაზე.
კვლავ კითხვა: რამდენად სასარგებლო იქნება პროსკომიდიაზე იმგვარი ადამიანის მოხსენიება, რომელიც მოუნანიებლად გარდაიცვალა?
პროსკომიდიაზე ქრისტიანთა მოხსენიება უსისხლო მსხვერპლის ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი ნაწილია. ამ დროს ეკლესია იხსენიებს, როგორც ცოცხალთ, ისევე გარდაცვლილთ. ვინმე მართლმადიდებელ ქრისტიანთაგან თუ სცოდავს და არ ინანიებს, ამგვარზე წმიდა ეკლესია უსისხლო შესაწირავის მიღებას კრძალავს, სანამ ის გულწრფელად არ შეინანებს და არ მიატოვებს თავის ცოდვას.
მაშ, თუკი, როგორც ეს ზემოთ, წმიდა მამათაგანაც ვნახეთ, მართლმადიდებლური ეკლესია აშკარა ცოდვილთა, მაგრამ მოუნანიებელთა გამო წმიდა სეფისკვერს არ შეიწირავს, როგორ დაუშვებს იგი მოუნანიებლად გარდაცვლილის მოხსენიებას, რადგან ეს წმიდა ეკლესიის პრაქტიკის საწინააღმდეგოა?! ეს დაუშვებელია!
აქ კვლავ გვმართებს გავიხსენოთ მღვდელმსახურთა პასუხისმგებლობა ადამიანთა ლიტურგიკული მოხსენიების საქმეში. წმ. სიმეონ თესალონიკელის თქმით: "მღვდელი ღმრთის ამ უდიდეს საიდუმლოში უმკაცრესად ფრთხილი უნდა იყოს, საკუთარ თავს წმიდა წერილის მიხედვით განსჯიდეს და განიხილავდეს, და ფხიზლობდეს რამდენადაც ეს შესაძლებელია. რამეთუ მისი მოვალეობა თუ სხვებზე ზრუნვაა, მითუმეტეს უნდა ზრუნავდეს იგი საკუთარ თავზეც! რადგან, "ვინც უღირსად ჭამს და სვამს, თავისსავე განკითხვას ჭამს და სვამს, რაკიღა ვერ არჩევს უფლის სხეულს" (1 კორინთ. 11:29), უმეტეს სასჯელს დაექვემდებარება ის, ვინც უღირსად ღვთისმსახურებას გაბედავს" (Симеон Солунский. О храме. // И. Дмитревский. Историческое, догматическое и таинственное изъяснение Божественной Литургии. СПб. – М., 2009. – С. 351) (https://azbyka.ru/otechnik/Simeon_Solunskij/kniga-o-khrame/).
ახალხელდასხმულ სასულიერო პირებს ეპისკოპოსი ასე არიგებს: "არ შეიწირო საღმრთო სამსხვერპლოზე არც ურწმუნოთაგან, არც მწვალებელთაგან, არც სიძვის მოქმედთაგან, არც მემრუშეთაგან, არც მევახშეთაგან, არც მიკიტნისგან, არც ცილისმწამებლისგან, არც ცრუმოწმისგან, არც ჯადოქრისგან, არც მოგვთაგან, არც მოთამაშისგან, არც ბოროტეულთაგან, ან საკუთარი სხეულის დამჭრელთაგან. თუ ვინმე ასეთი იქნება და არ შეინანებს, ნუ მიიღებ მათგან შესაწირს. პროსფორები შეწირე შენს სულიერ შვილთათვის, თუკი იცი მათი ცხოვრება" (სლავ.: "И не принеси приноса, въ Божии жертвенникъ, ни отъ неверныхъ, ни отъ еретикъ, ни отъ блудникъ, ни отъ прелюбодеи, ни отъ корчемника, ни отъ клеветника, ни отъ лжива послуха, ги отъ волхва, ни отъ потворника, ни отъ игреца, и злобника, или томящи челядь свою ранами. И кто будетъ отъ таковыхъ, а не покаются, ни емли у нихъ приноса. просфиры приноси отъ своихъ духовныхъ детей, ведая житие ихъ") (Кормчая, глав. 60. святительское наказание новопоставленным).
***
ამრიგად, ძვირფასო სულიერო შვილებო, ძმებო და დებო! პროსკომიდიაზე მოხსენიება უბრალო მსახურება როდია. ეს გახლავთ უზენაესი და უაღრესად საპასუხისმგებლო მსახურება, რომელიც უკავშირდება ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესუ ქრისტეს უწმიდეს ხორცთან და სისხლთან ზიარებას. წმიდა ევქარისტიას შეუძლია ცოდვისგან განწმინდოს მონანული ქრისტიანი და დასაჯოს მოუნანიებელი. რიგითმა ქრისტიანებმა საკუთარ თავზე არ უნდა აიღონ პროსკომიდიაზე ამა თუ იმ ადამიანის მოხსენიების თხოვნა, თუ ეს თვით ამ ადამიანს არ უთხოვია. არაეკლესიურად მცხოვრები ადამიანებისთვის არსებობს პარაკლისები - როგორც ერთობლივი საეკლესიო მიმართვა უფლისადმი. ასე, რომ არაეკლესიურად მცხოვრები ადამიანებიც არ არიან გარიყულნი ეკლესიის მფარველობისგან, რომლებიც მათთვის ყოველთვის ლოცულობს.
ადამიანები ზოგჯერ დაუფიქრებლად იწევენ საეკლესიო საიდუმლოებებისკენ. იწევენ და არ ფიქრობენ, არიან თუ არა ღირსნი ამისა. ნათლობას, მირონცხებას, ზიარებას, მღვდლობას (ხელდასხმას), ჯვრისწერას, ბინის კურთხევას და სხვა, რეალური სულიერი შედეგები მოჰყვება. ზოგისთვის სასარგებლო, ზოგისთვის კი - საზიანო. თვითოეული ადამიანის რწმენისა და ცხოვრების შესაბამისად. ვინც თავისი ცხოვრებით ბილწავს ქრისტიანულ სახელს, შეურაცხყოფს ღმრთის მადლს და არად დაგიდევს ღმრთის წინაშე პასუხისმგებლობას, ის უეჭველი სასჯელს მოაწევს საკუთარ თავს, ვიდრე წყალობას. და ეს ყველამ უნდა შეიგნოს.
ზოგიერთის აზრით პროსკომიდიაზე მოხსენიება მთელ რიგ პრობლემებს ავტომატურად აგვარებს, მაგრამ არ უფიქრდება, რომ აქ ლაპარაკია არა იმაზე, თუ "ვინ მოვიხსენიოთ და ვინ არა", არამედ ჩვენს დამოკიდებულებაზე ცხონების მიმართ. დავაკვირდეთ რას გვასწავლიან მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდა მამები. ჩვენ სწრაფად გვინდა მოვაგვაროთ ჩვენი სულიერი პრობლემები, მაგრამ ამისთვის ვირჩევთ არა ეკლესიის მიერ ბოძებულ სჯულიერ, კანონიერ ფორმას - სინანულის საიდუმლოს, არამედ ყველაზე დიდსა და საშინელს - ევქარისტიას, რომელთან მოუმზადებლად (სინანულის გარეშე) მიახლება, პავლე მოციქულის თქმით, საზიანო და დამსჯელია.
ამიტომაც, მივიღოთ ეს ჭეშმარიტება და შიშითა და თავმდაბლობით მივეახლოთ ევქარისტიის საიდუმლოს.