აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. I_XX_ევნომეველთა ნათლობა - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი I

შთაფლვა თუ დასხმა?!


შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ
საეკლესიო კრებები
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.

თავი XX
____________________________________________________________________________________________________________________

ევნომეველთა ნათლობა

ე. ჭელიძის მიერ დასხმით-პკურებითი "ნათლობის" სასარგებლოდ გამოყენებულ "არგუმენტებში" ერთ-ერთი უმთავრესი ადგილი უჭირავს ევნომეველ მწვალებელთა ნათლობისა და მართლმადიდებლურ ეკლესიაში ამ მწვალებელთა მიღების საკითხს. ერთ-ერთი უმთავრესია ის იმიტომ, რომ ევნომეველთა ნათლობას ე. ჭელიძე იყენებს თავისი შეხედულების დასტურად, რომლის მიხედვითაც "ჩაძირვად" ანუ "შთაფლვად" იწოდება არა მხოლოდ "სრული ხილული დაფარვა წყლით", არამედ ""ხილული დასხმაც წყლისა", თუკი აღნიშნული დასხმა ხდება ყველაზე უფრო ზემორე ნაწილზე, თავის თხემზე, რითაც, სწორედ ის მოესწავება, რომ მოსანათლი მთლიანად საფლავშია და ზემოდან მიწა ეყრება მას" ("სული - ცხოველი". თბ. 2012. გვ. 401). მაგრამ, რა იქნება, თუკი აღნიშნული დასხმა არ მოხდება თავის თხემზე, ე. ჭელიძე არ განმარტავს. არადა, ოფიციალური ეკლესიის მღვდელმსახურთ ნათლისღება ასეთი "სნაიპერული" სიზუსტით არასოდეს შეუსრულებიათ და არც დღეს ასრულებენ. მათ ძირითად საეკლესიო პრაქტიკაში დამკვიდრებულია ნებისმიერი სახის დასხმა-პკურება, თანაც ჯგუფურიც, სადაც უამრავ ადამიანს ერთდროულად მიასხურებენ წყალს. ზოგს რამდენი წვეთი შეხვდება და ზოგს რამდენი... და ესენი, ყველანი "მონათლულებად" ითვლებიან... (უნდა აღინიშნოს, რომ პკურება საერთოდ არც კი გულისხმობს თხემზე წყლის დასხმას და აქედან გამომდინარე, ეწინააღმდეგება თვით ე. ჭელიძის მიერ გამოტანილი დასკვნის შინაარსს).

მიუხედავად ამისა, ჩვენი ოპონენტი, მისი შეხედულებიდან გამომდინარე, ბრძანებს, რომ "... არა მხოლოდ წყლით სრული ხილული დაფარულობაა "შთაფლვა" ანუ "ჩაძირვა", არამედ აგრეთვე, "თავზე დასხმა წყლისა"". ამიტომაც, მისი დასკვნით: "ყოვლითურთ შესაძლებელია, რომ პრაქტიკულად დასხმითი ანდა, ზოგადად, არაჩაძირვითი წესით (თუნდაც მხოლოდ თავის ჩაყოფინებით) შესრულებული ნათლისცემა შესაბამის წყაროში მოხსენიებული იყოს როგორც "ჩაძირვა" ანუ "შთაფლვა"" (იქვე).

სწორედ ამ იდეის დასამტკიცებლად მოჰყავს მას ევნომეველთა ნათლობა და ეკლესიაში მათი მიღების წეს-განგება. "შესაბამისად, - წერს ე. ჭელიძე, - ყოველმიზეზგარეშე უნდა დავიმოწმოთ სწორედ იმგვარი წყარო, რომლის ფაქტობრივი სიცხადეც და საღვთო ავტორიტეტულობაც შეუვალია და უეჭველი, რომელსაც ვერც მნიშვნელობას შეუცვლის ვინმე და ვერც ღირსებით დააკნინებს" (იქვე. გვ. 402).

"ასეთი შეუვალი წყარო კი დიდი სჯულისკანონია, - აგრძელებს ჩვენი ოპონენტი, - რადგან სწორედ ის არის "კონკრეტულად უაშკარესი დოკუმენტი, რომელიც აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად სახელდებს ბაპტიზმალურ დასხმას საკუთრივ "შთაფლვად" ანუ "ჩაძირვად". ... მკითხველისთვის თავისთავადაც ცნობილია, რომ "დიდი სჯულისკანონი" კანონმდებლობითად ეხება სხვადასხვა მწვალებლობისგან მართლმადიდებელ ეკლესიაში მოსულთა მიღების წესს. სწორედ ამგვარ კონტექსტში, კერძოდ, ევნომიანელთა ნათლისღების შესახებ მსჯელობისას, ხსენებული ძეგლი რამდენიმეგზის იყენებს ტერმინ "შთაფლვას" ანუ "ჩაძირვას", ძველი ქართულით "შთაყოფას" (ბერძნ. kat=disi~, ლათ. immersio, ინგლ. immersion, რუს. погружегние). მოვუსმინოთ:
"ხოლო ევნომიანოზთა, ერთითა შთაყოფითა ნათელღებულთა, ... ვითარცა ელენთაგან მოსრულთა შევიწყნარებთ" (II მსოფლიო კრების 7-ე კანონი; იხ. "დიდი სჯულისკანონი", დასახ. გამოც. გვ. 263-264. "სული - ცხოველი". გვ. 402)).

ეგევე რჯულდება განმეორებულია ტრულის მსოფლიო კრების 95-ე კანონში: "ევნომიანოსთა უკუე ერთითა შთაყოფითა უკუე ნათელღებულთა... ვითარცა წარმართთა შევიწყნარებთ" ("დიდი სჯულისკანონი", დასახ. გამოც. გვ. 403).

ამასვე გვამცნობს წმ. მარტვირი ანტიოქიელის რჯულდებითი ეპისტოლე, რაც შედის ზემორე "დიდ სჯულისკანონში": "... ხოლო ევნომიანოსთა, რომელნი ერთითა შთაყოფითა ნათელსცემენ, ... ვითარცა წარმართთა შევიწყნარებთ მათ" ("დიდი სჯულისკანონი", გვ. 540. "სული - ცხოველი". გვ. 402-403).

აქედან გამომდინარე ე. ჭელიძე აკეთებს დასკვნას: "როგორც ვხედავთ, აბსოლუტურად ცხადია, რომ ევნომიანელთა ნათლისღება "დიდი სჯულისკანონის" მიერ "ჩაძირვად" ანუ "შთაფლვად" (ძვ. ქართ. "შთაყოფა"; ბერძნ. kat=disi~, ლათ. immersio, ინგლ. immersion, რუს. погружегние) არის შერაცხილი. უაღრესად ნათელია, რომ "დიდი სჯულისკანონიდან" ციტირებული რჯულდებანი ხსენებულ მწვალებელთა ნათლისღებას განაქიქებს მხოლოდ და მხოლოდ ერთნაწილედობის ანუ ხმობითი ერთგზისობის გამო (იესო ქრისტეს სიკვდილის მიმართ) ნაცვლად კანონიკური სამნაწილედობისა ანუ ხმობითი სამგზისობისა (მამის, ძის და სულიწმინდის მიმართ), ... საყურადღებო და ჩვენი საკითხისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისა სწორედ ის გახლავთ, რომ პრაქტიკული აღსრულების წესით არცერთი ევნომიანელი არასოდეს სრული ხილული ჩაძირვით არ მონათლულა. მეტიც, არცერთ მათგანს არასოდეს ერთი წვეთიც კი სანათლისღებო წყლისა არ შეხებია მკერდის ქვემო ნაწილებზე და ეს იმიტომ, რომ ერესიარქ ევნომიოსისგან საფუძველდადებული ცრუმოძღვრების კვალობაზე ევნომიანელები მათეულ ფუძემდებლურ დოგმატად განაჩინებდნენ მკერდის ქვემო ნაწილთა შემწიკვლებულობას, ბიწიანობას, შესვრილობას, რის გამოც ურყევად სწამდათ, რომ აღნიშნულ ნაწილებს ნათლობის წმინდა წყალი ოდნავადაც არ უნდა გაჰკარებოდა"... რა არის მიზეზი იმისა, რომ ევნომიანელთაგან ნამოქმედები არაჩაძირვითი (ან მხოლოდ თავის- ჩაყოფინებითი ან მხოლოდ თავზე-დასხმითი) ნათლობა "დიდი სჯულისკანონის" მიერ იწოდება და შეირაცხება "შთაფლვად". მიზეზი ერთადერთია", - აცხადებს ე. ჭელიძე, - "ევნომიანელები ხსენებულ თავის- ჩაყოფინებას ანთუ თავზე წყლის დასხმას აღასრულებდნენ საფლავში ჩადების, დასაფლავების (უკეთ მაცხოვართან თანადასაფლავების) შინაარსით, ვინაიდან ისინი ნათლავდნენ ადამიანს "იესო ქრისტეს სიკვდილის მიმართ".

"ამრიგად, - წერს ე. ჭელიძე, - შესაბამისი დასკვნა სავსებით ნათელია: "დიდი სჯულისკანონი" ოდენ "შთაფლვად" განგვისაზღვრავს ნათლობის იმ სახეს, რაც პრაქტიკული შესრულებით ყველა შემთხვევაში, უგამონაკლისოდ, მხოლოდ და მხოლოდ არაჩაძირვითი, არაშთაფლვითი (ან მხოლოდ თავის-ჩაყოფინებით ან მხოლოდ თავზე-დასხმითი) წესით იმოქმედებდა, ეს გარემოება კი უეჭველად ცხადყოფს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის უმყარესი (?) დადგინებით "ჩაძირვა ანუ "შთაფლვა" ეწოდება არა მხოლოდ სრულ ხილულ დაფარვას ნათლისღებითი წყლით, არამედ წმინდა წყალში ოდენ თავის ჩაყოფასაც ანდა ამავე წყლის ოდენ თავზე დასხმასაც..." (იქვე. გვ. 405).

ასე რომ, ე. ჭელიძის აზრით, ევნომეველთა "შთაფლულებად" წოდების გამო, რომლებიც ამ "შთაფლვას" არასრულად ასრულებდნენ, რომ დასხმასაც თურმე "შთაფლვა" ეწოდება და ეს ფაქტი, ... "ყოვლითურთ ქვედააკვეთებს ტერმინ "შთაფლვის" მხოლოდ სრული ხილული ჩაძირვისადმი მისადაგების იმ ბოროტზრახულ (?) მცდელობას, რაც მეშთაფლე-გადაშთაფლულთა მხრიდან ხორციელდება" (იქვე. გვ. 406).

ამის შემდეგ ე. ჭელიძე წერს: "ბოლომდე რომ გამოვლინდეს ხსენებულ გადაშთაფლულთა მთელი ვერაგობანი და მათი აზრგაუმტარი სიჩლუნგენი, დავიმოწმებთ შედარებით ვრცელ მონაკვეთს ე. წ. "ძველმართლმადიდებლის" ვითომცდა მსჯელობიდან (რატომ "ვითომცდა"? - არქიეპ. პ.), რაც სარკისებრ ირეკლავს ტყუილის მამისადმი დამონებულთა გონებრივ აწრიალებასა და უმძიმეს სულიერ წრტიალს იმ ფაქტის შეტყობის შემდეგ, რომ ევნომიანელთა დასხმით ნათლობას "დიდი სჯულისკანონი" შთაფლვად მოიხსენიებს".

თავისი ამ "გამანადგურებელი" მსჯელობის შემდეგ, იმისთვის, რათა გამოავლინოს "გადაშთაფლულთა" (ანუ ძველმართლმადიდებელთა) "ვერაგობა" და "აზრგაუმტარი სიჩლუნგე", ე. ჭელიძე იმოწმებს ხსენებულ ვრცელ მონაკვეთს ფორუმ church.ge-ზე "ძველმართლმადიდებლის" ნიკით გამომავალი ქრისტეანის მსჯელობიდან, რომელიც ამ ინტერნეტრესურსზე უკვე ნახსენებ პირებთან პოლემიკის დროს განთავსდა.

მოდი, ჩვენც დავაკვირდეთ "ძველმართლმადიდებლის" მსჯელობას და ვნახოთ, თუ რის საფუძველზე ადგენს ე. ჭელიძე ძველმართლმადიდებელთა "ვერაგობას "და "აზრგაუმტარ სიჩლუნგეს", რომლებიც თურმე "სარკისებრ ირეკლავს ტყუილის მამისადმი (ანუ სატანისადმი - არქიეპ. პ.) დამონებულთა (?) გონებრივ აწრიალებას..."  და ისიც ვიხილოთ, რამდენად სამართლიანია ე. ჭელიძის ასეთი კაცთმოძულეობრივი შეფასება.

"ძველმართლმადიდებელი" ("ძველმართლმადიდებლის" მსჯელობას ვიმოწმებთ მცირეოდენი, არაარსებითი კორექტურული შესწორებით): "დიდი გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, თქვენს ფორუმზე (ისევე როგორც სხვაგან, საქართველოში), დიდად მოიკოჭლებს დიალოგის კულტურა. დიალოგი ეწყობა ისეთ ორ მხარეს შორის, რომლებიც რაღაც საკითხებში შეთანხმებულნი ვერ არიან. ამიტომაც, ყოველი მხარე უნდა ურიგდებოდეს იმ აზრს, რომ მეორეს განსხვავებული შეხედულება გააჩნია და შემწყნარებლურად მიუდგეს მის პოზიციას. ერთი აზრი რომ გვქონდეს მთელ რიგ საკითხებზე, მაშინ საპოლემიკოც არაფერი გვექნებოდა.

ნათლობა იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენაა ყოველი ქრისტეანის ცხოვრებაში, რომ საჭოჭმანო და საჩოთირო არ უნდა იყოს ნათლობის უეჭველობის საკითხი. ჩვენ იმიტომ კი არ ვაკრიტიკებთ თქვენს პოზიციას, რომ კამათის დიდი სურვილი გვაქვს, არამედ იმიტომ, რომ ვცდილობთ რაც შეიძლება ცხადვყოთ მოცემული მაგალითების სანდოობა და თუ არსებობს ერთი საეჭვო ვითარებაც კი, თავს ნება მივცეთ არ მივიღოთ ამგვარი უწყება და საეჭვო საქმეს არ მივანდოთ საკუთარი სულის ცხონების საქმე. კარგად ბრძანებდა კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი (18-ე ს.), რომ "საეჭვო საქმე რჯულად არ განწესდება". სამწუხაროდ, თქვენ ასე როდი უდგებით საკითხებს, რაც თქვენი გაღიზიანებისა და ზოგჯერ დამცინავი ქილიკის საფუძველი ხდება...

... ჩვენი პრინციპულობა მედიდურობიდან ან ამპარტავნებიდან კი არ გამომდინარეობს, არამედ, მოცემულ საკითხში უეჭველი დარწმუნების მიზანდასახულობიდან... თქვენთვის ალბათ ცნობილია, რომ წმიდანთა ცხოვრებაში მრავალი საინტერესო და უცნაური შემთხვევები გვხვდება. მათ ცხოვრებაში აღწერილია არა მარტო ნათლობის, არამედ სხვა საეკლესიო საიდუმლოებებთან დაკავშირებული გამონაკლისებიც... ხომ შეიძლება ამ მაგალითების მიხედვითაც ვიღაცამ ისარგებლოს და მძიმე ცოდვაში ჩავარდეს? ნუ გვაბრალებთ ბატონო წმინდანთა უპასუხისმგებლობის ქადაგებას. ღმერთმა დაგვიფაროს! პირიქით, განა იმიტომაც არ ვდავობთ, რომ წმინდანთა სწავლება არ გვაქვს წყალდასხმით ნათლობაზე? განა იმიტომ არ ვკამათობთ, რომ არცერთ წმინდა მამას, არსად არ განუმარტავს წყალდასხმითი "ნათლობის' საღვთისმეტყველო გააზრება? ამას მხოლოდ ე. ჭელიძე აკეთებს და ამტკიცებს, რომ თურმე ტერმინი "შთაფლვა" სიმბოლურად უნდა გავიგოთ და მასში პირდაპირი მნიშვნელობით წყალში შთაფლვაც იგულისხმება და დასხმაც (ან წყალპკურებაც).

მოგვიტევეთ, მაგრამ ჩვენი სულების ცხოვნების ისეთ უმთავრეს საკითხში, როგორიც ნათლისღების კანონიკურობაა, ვერ მივენდობით ე. ჭელიძის შეხედულებას, რომელსაც არცერთი წმიდა მამა არ იზიარებს, უპასუხისმგებლობა სწორედ ის არის, როდესაც კანონის რანგში აგვყავს იშვიათი და გამონაკლისი ამბავი, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ამის ამკრძალავი მრავალი წმიდა მამებისეული გაფრთხილება …

… პირველი რვა საუკუნის განმავლობაში წყალპკურებითი (ან წყალდასხმითი) ნათლობა არ არსებობდა (13),  მწვალებლებიც კი შთაფლვითად ნათლავდნენ. "ნათლობის" პკურებითი ფორმა (როგორც საეკლესიო წესი ნათლობისა - არქიეპ. პ.) მოგვიანებით შემოვიდა. ამიტომაც, სპეციალური მითითების გაკეთება ალბათ არც იყო საჭირო. ხოლო გამონაკლისები, როგორც უკვე მოგახსენეთ, წყალდასხმაზე კი არა სხვა მრავალ შემთხვევებზეც არსებობდა, და წმ. მამებს სპეციალური მითითებები არც მათზე გაუკეთებიათ. უფრო სწორად, მათ ეს გააკეთეს, ოღონდ მართებული წესის განმარტების სახით. კერძოდ, მათ განგვიმარტეს როგორ უნდა შესრულდეს შვიდივე საიდუმლო და ვინც მათ ქადაგებული ჭეშმარიტებისგან განსხვავებით შეასრულებდა გადასცეს ანათემას. განა ეს მარტივი გასაგები არაა? ... დავიწყოთ იქიდან, რომ სწორედ ღირ. იოანე დამასკელის ცნობით, ევნომეველები "თავიდან ნათლავდნენ ყველას, ვინც კი მათკენ გადადიოდა და არა მარტო მართლმადიდებელთ, არამედ არიანელთაც. გავრცელებულია ხმები (რუს. თარგმანში: "как гласит распространенная молва"), რომ ნათლობისას ისინი ნათლავენ თავდაყირა, ფეხებით მაღლა (რუს.: "обращая ноги крещаемых кверху над головой") (იხ. Дамаскин Иоанн. О ста ересях вкратце. Откуда они начались и от чего произошли. http://www.gumer.info/bogoslov_Buks/sekta/Article/damask_o100eres.php) (URL-ს მიმართვის თარიღი: 12.08.2020). ასე რომ, თქვენი მტკიცება, თითქოსდა ევნომეველები "უკიდურესად დაახრევინებდნენ თავს და ისე ასხამდნენ წყალს თავზე", სინამდვილეს არ შეესაბამება. საკითხის ასე წარმოჩენა ე. ჭელიძეს იმიტომ სჭირდება, რომ ასე უფრო ადვილად "გაამართლებს" დასხმით ნათლობას...

-------------

13.
ცხადია, აქ იგულისხმებოდა ის, რომ წყალდასხმით-პკურებითი "ნათლობა", როგორც საეკლესიო წესი და ნორმა არავის დაუმკვიდრებია და არავის განუმარტავს. ვფიქრობ დაგვეთანხმება მკითხველი, რომ ცოცხალ, ონლაინრეჟიმში საუბრისას ყოველი ნათქვამის დამტკიცება-დასაბუთება ძალზე ძნელია და ზოგჯერ ნათქვამსაც ახლავს გარკვეული უზუსტობა, რაც სრულიად ბუნებრივია.

-------------

ევნომეველთა "ნათლობა" (იგულისხმება თავდაყირა შთაფლვა წელამდე - არქიეპ. პ.) მართლაცდა უცნაურია, მაგრამ ეს მაინც არ არის დასხმითი ნათლობა. ყველა წყარო, რომელიც კი ლაპარაკობს ევნომეველთა ნათლობაზე, მეტყველებს იმაზე, რომ ისინი მოსანათლავის ტანის ზედა ნაწილს წყალს კი არ დაასხამდნენ, არამედ წელამდე შთაფლავდნენ. ნათლობის ასეთი უცნაური ფორმა გამომდინარეობდა ევნომეველთა რწმენიდან, რომლის მიხედვითაც ადამიანის ტანის ქვედა ნაწილი არ ექვემდებარება ცხოვნებას და განეკუთვნება ეშმაკს (ნიშანი, რომელიც დამახასიათებელია მანიქეველური დუალიზმისთვის, ახასიათებდა ევნომეველთა სწავლებასაც).

დავსვათ კითხვა, რა მოხდებოდა ევნომეველებს რომ თავიანთი წესით სამჯერ შთაეფლათ ადამიანი? მიიღებდა თუ არა მათ ნათლობას მართლმადიდებელი ეკლესია?

ჩემი აზრით, უკიდურესი უგუნურებაა ფიქრი იმაზეც კი, რომ ასეთ ნათლობას, თუნდაც სამგზის აღსრულებულს, ეკლესია მიიღებდა! ასე მხოლოდ ბ-ნ ე. ჭელიძეს შეუძლია იფიქროს, რომელსაც დიდი სურვილი აქვს, რადაც უნდა დაუჯდეს, გაამართლოს დასხმითი "ნათლობა", რადგან ნათლობაში სხეულის ნაწილის წყალთან შეუხებლად დატოვება იმ მოსაზრებით, რომ ის ეშმაკისაა და არა ღმრთისა, ეწინააღმდეგება თვით ნათლობის არსსაც და მართლმადიდებლური ეკლესიის სოტერიოლოგიასაც.

მაშ, რატომ არაფერი თქვეს მეორე მსოფლიო კრების მამებმა ამის შესახებ? ვერაფერს გეტყვით. მათ განსაკუთრებულადაც კი არ უმსჯელიათ ევნომეველთა შესახებ, არამედ ჩამონათვალში აღნიშნეს მათეული ნათლობის ფორმა და განაწესეს, რომ ისინიც სრული ნათლობით უნდა ყოფილიყვნენ მიღებულნი.

ბ-ნი ჭელიძე კი აქედან, თანაც სოფისტური "წიაღსვლების" საფუძვლებზე, აკეთებს ისეთ დასკვნას, რის უფლებასაც კონკრეტულად შთაფლვის, საზოგადოდ კი ნათლობის შინაარსი არ გვაძლევს.

ე. ჭელიძის აზრით, ევნომეველებს სამგზის რომ ექმნათ თავიანთი უკეთური "ნათლობა", მართლმადიდებელი ეკლესია მას მიიღებდა, მაგრამ ამისი არანაირი დასაბუთება არ არსებობს და ყოველი ჩვენგანი უფლებამოსილია შეიწყნაროს ის აზრი, რომელიც მას უფრო მართებულად ეჩვენება. არ შეგვიძლია ვიკამათოთ და ვიმარჩიელოთ იმაზე, რაც არ მომხდარა და უცნობია! არ შეგვიძლია ვილაპარაკოთ დაბეჯითებით იმაზე, რაზეც წმიდა მამებს ყურადღება არ გაუმახვილებიათ!

გარდა ამისა, ყურადღება უნდა მიაპყროთ ნათლობის (კერძოდ, შთაფლვის) დოგმატურ შინაარსს. წმიდა მამათა მიხედვით, ჩვენ შთავიფლებით ნიშნად ქრისტესთან ერთად დამარხვისა და აღდგომისა. არანაირი ფორმა არ ასახავს ამ დოგმატს ისე, როგორც შთაფლვა. ამიტომაც, იქ, სადაც ეს სწავლება გამოხატული არ არის, ნათლობაც არ სრულდება! ასეთია მამათა სწავლება!

ასევე მიაქციეთ ყურადღება, რა არის ნათქვამი II მსოფლიო კრების 7-ე კანონში ევნომეველთა შესახებ: "... ხოლო ევნომიანოზთა ერთითა შთაყოფითა ნათელღებულთა და მუნტანელთა, რომელნი აქა ფრიგუელად სახელ-იდებიან, და საბელიანოზთა, რომელნი ძე-მამობასა ასწავლიან და სხუათაცა რათმე უშუერებათა იქმან, ... ვითარცა ელენთაგან მოსრულთა შევიწყნარებთ და ... ნათელ-ვსცემთ".

განა ცხადად არ ჩანს, რომ აქ ლაპარაკია არა ევნომეველთა ნათლობის წესზე, არამედ ისეთ ევნომეველებზე, რომლებიც მონათლულან ერთგზისი შთაფლვით? სხვაგვარი გააზრების არანაირ შესაძლებლობას არც კანონი და არც მამათა განმარტებანი არ იძლევა!

ამ ერთი შთაყოფით მონათლულ ევნომეველთა გამო მიღებულ კანონს ბ-ნი ჭელიძე მათი "ნათლობის" წესზე განავრცობს და ამტკიცებს, რომ ამგვარი უკეთურობა (გამომდინარე ევნომეველთა სწავლებიდან) სამგზის რომ ექმნათ, ეკლესია შეიწყნარებდა მათ ნათლობას (თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ამის მტკიცების არავითარი საფუძველი არ არსებობს).

ასევე, არ არის გამორიცხული (თუმცა ამის დაბეჯითებით მტკიცება არ მსურს), როგორც ეს მწვალებლურ საზოგადოებებში ხშირად ხდება, ევნომეველთა შორისაც ყოფილიყვნენ ისეთებიც, რომლებიც ნათლავდნენ ერთგზის შთაფლვით. ყოველ შემთხვევაში, ათანასე პაროსელი, წყალდასხმითი ნათლობის თავგადადებული მოწინააღმდეგე, წერს: "ლათინები უფრო უარეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე ევნომეველნი, რომლებიც თუმც კი ერთჯერადი, მაგრამ მაინც შთაფლვით ინათლებოდნენ... ამიტომაც, ლათინთაგან გადმოსულები უცილობლივ თავიდან უნდა მოინათლონ".

საქმე იმაშია, რომ არიანელები იყოფოდნენ მრავალრიცხოვან სექტებად და ნათლობაც მათთან მრავალგვარად აღესრულებოდა: იყვნენ წმ. სამების სახელზე სამგზის შთაფლულები, იყვნენ თავდაყირა მონათლულებიც და ერთჯერად შთაფლულებიც, ნათლავდნენ ისეც, რომ არ ახსენებდნენ სამების სახელს. ამიტომაც, ეკლესია, გამოყოფდა მათ ნათლობას, რომელიც აღესრულებოდა მართლმადიდებლური წესის მიხედვით და უარყოფდა იმას, რაც მართლმადიდებლურისგან განსხვავდებოდა.

სოზომენე, თავის "ეკლესიის ისტორიაში" წერს, რომ ევნომეველები იყოფოდნენ ორ სექტად, აქედან, როგორც ზოგიერთი ამბობდა, ერთგზის შთაფლვითი (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით - არქიეპ. პ.) ნათლობის გამოგონებას და პირველად მის დამკვიდრებას მიაწერდნენ სწორედ ევნომესა და მის მოძღვარს აეციუსს (ჰერმიას სოძომენე. "საეკლესიო ისტორია", წიგნი მეექვსე. თ. 26. გამომც. "ახალი ივერონი". გვ. 344) (მაგრამ ამ აზრს თვით სოზომენე არ იზიარებს. უფრო დეტალურად იხ. ქვემოთ - არქიეპ. პ.). მოგვიანებით თავდაპირველ ევნომეველებს გამოეყვნენ თეოფრონე კაპადოკიელი და ევტიქი, სწორედ ისინი ითხოვდნენ მოსანათლავის ნათლობას ქრისტეს და არა სამების სახელით. სოზომენე ამბობს, რომ "როგორც ევნომეს სხვა შეხედულებებთან, ასევე წმიდა ნათლისღებასთან დაკავშირებით, სიახლეების შემოტანა დაიწყეს ამ მწვალებლობის ისეთმა მოშურნეებმა, როგორებიც იყვნენ თეოფრონე კაპადოკიელი და ევტიქი" (იხ. იქვე). ამდენად, როგორც არ შეიძლება გამორიცხვა იმისა, რომ ევნომეველთა რომელიღაც ფრთა ნათლავდა თავდაყირა, წელამდე შთაფლვით და ფეხებით მაღლა, ასევე არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ სხვა ფრთა ამ მწვალებლობის დასაბამიერ, ნათლობის ერთგზის შთაფლვით წესს მიჰყვებოდა... სწორედ ამ "ერთგზის შთაყოფით ნათელღებულ" ევნომეველებზე ბრძანებს კრებაც, რომ ისინი თავიდან უნდა გადაინათლონ.

სოზომენეს თქმით, ევნომე სილოგისტური მეტყველების მოყვარული ყოფილა, სოფისტური სილოგიზმები არც ე. ჭელიძისთვისაა უცხო, სამწუხაროა, რომ თქვენ ამას ვერ ხედავთ. იმედია, ე. ჭელიძის სოფისტიკურ ნიჭს უფრო ნათლად მის მომავალ "ვრცელ წერილში" დავინახავთ, რომელსაც, სავარაუდოდ, თქვენი შეკვეთით ამზადებს. ამაოდ ხომ არ უწოდა მას აწ გარდაცვლილმა გიორგი გაბაშვილმა "ახალი ბარლაამ კარლამბრიელი".

... რაც შეეხება წყალპკურებულთა გადანათვლას, ის არანაირი ცოდვა არ გახლავთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქრისტეს მეორედ ჯვარცმის ცოდვაში აღმოჩნდება მთელი აღმოსავლეთის ეკლესია (მართლმადიდებლობა)...

გულწრფელად გისურვებთ გონებისა და სულის განათლებას". http://church.ge/index.php?showtopic=8307&st=180&p=663507&#entry663507)
(URL-ს მიმართვის თარიღი: 12.08.2020).

ზემოთ, ჩვენი ნაშრომის დასაწყისში, უკვე აღვნიშნეთ, რომ ე. ჭელიძე "ძველმართლმადიდებლის" სამხილებლად და მისი საწინააღმდეგო "მეცნიერული" დასკვნებისა თუ მხილებების საფუძვლად ინტერნეტში გამოქვეყნებულ პოლემიკას ეყრდნობა. ჩვენ ასევე აღვნიშნავდით, რომ დიალოგები ინტერნეტში უმეტესწილად ონლაინ, ანუ პირდაპირი ლაპარაკის რეჟიმში მიმდინარეობდა, რაც წყაროთა სიზუსტეს ვერ უზრუნველყოფდა, ხოლო პოლემიკის ემოციურობიდან და საპატრიარქოს ადეპტებში დიალოგის კულტურის არქონიდან გამომდინარე - კორექტულობასაც. წარმოვიდგინოთ, რა "მეცნიერული" ღირებულება შეიძლება ჰქონდეს სატელეფონო საუბარს ან ქუჩაში კინკლაობას რაიმე თემაზე, როდესაც ადამიანები ემოციურად ერთმანეთს რაღაცას უმტკიცებენ?! იგივეა ინტერნეტში ონლაინიც და ამიტომაც ონლაინ საუბარი არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც სერიოზული საფუძველი მეცნიერული არგუმენტაციისთვის ოპონენტის წინააღმდეგ.

როგორც ქუჩაში მოლაპარაკე ადამიანს შეუძლია თავისი ზეპირად ნათქვამი ვერსიები წერილობით წყაროებში გადაამოწმოს და უფრო ზუსტად და დეტალურად ჩამოაყალიბოს უკვე გამოთქმული მოსაზრება, უარყოს ის ან დაადასტუროს, ასევე ონლაინში (ან ტელეფონში) მოლაპარაკე ადამიანსაც შეუძლია და აქვს იმავეს გაკეთების უფლება; და პირდაპირ სასაცილოა ("მეცნიერულობაზე" რომ არაფერი ვთქვათ), როდესაც მავანი პროფესორი ონლაინნალაპარაკევს ოპონენტის გასანადგურებელ საბუთად სახავს და მეტიც, ინტერნეტში, ცოცხალ რეჟიმში გამოთქმულ ამ შეხედულებასაც კი ამახინჯებს.

წარმოიდგინეთ, როგორ უნდა გაუჭირდეს მეცნიერს, რომ ამგვარ არაკორექტულ მეთოდებს მიმართოს?! ამ ნათქვამის დასამტკიცებლად, მოდი, პუნქტობრივად განვიხილოთ "ძველმართლმადიდებლის" ნათქვამი და გავარკვიოთ, რა აიღო აქედან ე. ჭელიძემ და რა გამოტოვა; რა არის მისაღები და რა არა?!

ასევე, ჰქონდა თუ არა "ძველმართლმადიდებლის" შეხედულებებს რაიმე საფუძველი და შეიძლება თუ არა ამ საფუძველს (თუ ის არსებობდა) ეწოდოს "ვერაგობა" და "აზრგაუმტარ სიჩლუნგე", რომლებიც თურმე "სარკისებრ ირეკლავს ტყუილის მამისადმი (ანუ სატანისადმი - არქიეპ. პ.) დამონებულთა გონებრივ აწრიალებას...".

"ძველმართლმადიდებლის" წინააღმდეგ მიმართული ე. ჭელიძის კრიტიკული და ირონიული შენიშვნები ძირითადად ორ მომენტს ეხება:

1. პირველი, რაც "ძველმართლმადიდებლის" მსჯელობიდან ჩანს და რის "გაცამტვერებასაც" ცდილობს ე. ჭელიძე, არის ის, რომ "ძველმართლმადიდებლის" მიერ ნავარაუდევია ევნომეველთა სხვადასხვა განშტოება, რომლებიც შესაძლოა ნათლობას სხვადასხვაგვარად ასრულებდნენ, მათ შორის შთაფლვით. "ძველმართლმადიდებელი" წერს: "ასევე, არ არის გამორიცხული (თუმცა ამის დაბეჯითებით მტკიცება არ მსურს), როგორც ეს მწვალებლურ საზოგადოებებში ხშირად ხდება, ევნომეველთა შორისაც ყოფილიყვნენ ისეთებიც, რომლებიც ნათლავდნენ ერთგზის შთაფვლით...". ამას ე. ჭელიძე "საუკუნის ტყუილს" უწოდებს (იქვე. გვ. 408).

2. სხვა "მზაკვრული ტყუილი" (იქვე. გვ. 417) და "პიტალო სიცრუე" (იქვე) "ძველმართლმადიდებლის" მსჯელობაში ე. ჭელიძეს შეუნიშნავს იმაში, რომ, "ძველმართლმადიდებლის" აზრით II მსოფლიო კრების მამებს "განსაკუთრებულადაც კი არ უმსჯელიათ ევნომეველთა შესახებ" (იქვე. გვ. 417).

ახლა ვნახოთ, რას ეფუძნებოდა "ძველმართლმადიდებელი", როდესაც თავის ვარაუდებს გამოთქვამდა. თავდაპირველად თვით ე. ჭელიძის არაკორექტულობა უნდა აღინიშნოს, რომელმაც მისთვის დამახასიათებელი მზაკვრობით "ძველმართლმადიდებლის" მსჯელობიდან ამოიღო სიტყვები: "არ არის გამორიცხული (თუმცა ამის დაბეჯითებით მტკიცება არ მსურს)", და "ძველმართლმადიდებლის" ვარაუდის ფორმით გამოთქმულ შეხედულებას კატეგორიულობის სახე მიანიჭა. თუმცა, რაღა გასაკვირია, თუკი ე. ჭელიძე წმიდა მამათა ნაწერებისა და მათი გამონათქვამების დამახინჯებას ბედავს და მისთვის სასურველ ჭრილში წარმოაჩენს (გავიხსენოთ თუნდაც წმ. კვიპრიანე კართაგენელის ზემოთ უკვე განხილული პასუხი მაგნუსისადმი, სადაც ე. ჭელიძემ უმნიშვნელოვანესი წინადადებები გამოტოვა, და წმიდა მამის ნათქვამი სულ სხვა პრიზმაში წარმოაჩინა), ჩვენსას რას უზამს?! როგორც ჩანს, ე. ჭელიძეს ძალიან უყვარს ტექსტების დამახინჯება-გადასხვაფერება და შემდეგ თავისი "გამანადგურებელი" და "მამტკიცებელი" დებულებების დეკლარირება.

გამომდინარე მარტო ამ ერთი ვითარებიდან, "ძველმართლმადიდებელს" არ ეკუთვნის ისეთი შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, როგორსაც ე. ჭელიძე იმეტებს, როგორც თვით პიროვნების, ასევე მის მიერ გამოთქმული შეხედულებების მიმართ; კერძოდ: "ვერაგობა", "აზრგაუმტარი უმეცრებითი სიჩლუნგე", "ვითომცდა მსჯელობა", "ტყუილის მამისადმი (ანუ სატანისადმი - არქიეპ. პ.) დამონება", "უმძიმესი სულიერი წრტიალი" (გვ. 406), "გაუგონარი მკრეხელობა", "დიდი სჯულისკანონის ფეხქვეშ გათელვა", "ვნებიანი ზრახვა", "ერეტიკული გონება", "საუკუნის ტყუილი" (გვ. 408), "ტკბილშემპარავი", "უგუნური" (გვ. 409), "დელირიუმი" (ბოდვა, რომელსაც თანს სდევს ჰალუცინაციები. იხ. უცხო. სიტყვ. ლექს. - არქიეპ. პ). "მწვალებლური გარდაგვლარძნა", "ვერაგობა და აზრგაუმტარი უმეცრებითი სიჩლუნგე", "წერა-კითხვის უცოდინარი" (გვ. 410), "განჩხიბვა" (გვ. 411), "მობლარდნვა", "ლეყეცობა", "აბდაუბდა" (გვ. 412), "კატასტროფული ტყუილი და გაუვალი უმეცრება", "ვერაგული ტყუილი" (გვ. 415), "მომაკვდინებელი ცილისწამება", "გლისპი ტყუილი", "მკსინვარება" ("... როგორ მკსინვარებს "ძველმართლმადიდებელი"... (14) (გვ. 418) და კვლავ "გონითი სიჩლუნგე და ვერაგობანი" (გვ. 420), "უგლიმი ტყუილი", "ფარისევლურად შევრდომილ-შემეზვრილი უძღები შვილი" (გვ. 423).  

------------------

14.
"მკსინვარება" - გოდება, "მაწყინრად აშლილი, მაწყინარი თუ მძვინვარე". იხ. სულხან-საბა ორბელიანი. "ლექსიკონი ქართული". ტ. I. თბილისი 1991, გვ. 490.

------------------

ამრიგად, თავისი წიგნის ("სული - ცხოველი") 21-გვერდიან მონაკვეთზე (402-ე გვერდიდან 423-ე გვერდის ჩათვლით, სადაც ავტორი ევნომეველთა ნათლობასა და "ძველმართლმადიდებლის" განმარტებებს განიხილავს) ე. ჭელიძეს "ძველმართლმადიდებლის" მისამართით გამოყენებული აქვს  28 შეურაცხმყოფელი გამონათქვამი (ალბათ ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რამდენი ამგვარი შეურაცხმყოფელი გამოხდომა იქნება მთელ წიგნში, უფრო სწორად მის უდიდეს ნაწილში, რომელიც ძველმართლმადიდებელთა ლანძღვასა და გაქილიკებას ეძღვნება).

მოდი, ვიკითხოთ, რაში სჭირდება მეცნიერს, პროფესორს, თანაც რელიგიის დარგში მოღვაწეს, რომელიც თავს მორწმუნედაც მიიჩნევს, ოპონენტის ასეთი შეურაცხყოფა და დამცირება?

როგორც ჩვენი წინამდებარე წიგნის დასაწყისშივე განვუმარტეთ მკითხველს, საქმე აქ მარტოდენ ე. ჭელიძის უკულტურობაში არ უნდა მდგომარეობდეს, არამედ იმ იდეოლოგიურ და ფსიქოლოგიურ წნეხში, რომელსაც ის თავის მკითხველზე (ოფიციალური ეკლესიის მრევლზე) ახორციელებს. თავისი წიგნი ე. ჭელიძემ ხომ მათთვის დაწერა (იქვე. გვ. 110).

ასეთი მეთოდები სჭირდებათ მაშინ, როდესაც ელევათ არგუმენტები, ძალიან უჭირთ თავიანთი სიცრუის გამართლება და ოპონენტის უკიდურესი დამცირებით ცდილობენ, ავტორიტეტულობა მიანიჭონ საკუთარ ნათქვამს მკითხველისა თუ მსმენელის თვალში.

საკუთრივ მეცნიერებასთან ამგვარ მსჯელობას არაფერი აქვს საერთო. ეს არის დაბოღმილი ადამიანის ბოდვა.

ჯერ კიდევ ფორუმ church.ge-ზე გამართული პოლემიკის პროცესში გახდა ცნობილი, რომ ე. ჭელიძე სპეციალურ პასუხს ამზადებდა ჩვენს წინააღმდეგ. ეს კი ნიშნავს, რომ მისი გამოსვლა დასჭირდა საზოგადოების გარკვეულ წრეს; თვით ე. ჭელიძე არ გამოვიდოდა ჩვენს წინააღმდეგ, ამ ვითარებაში საკუთარი თავის საჭიროება რომ არ ეხილა, და აქ გასაკვირი არაფერია. მისაღებია ისიც, რომ ყველა ნორმალურ ადამიანს აქვს სურვილი, იყოს საჭირო და გამოსადეგი საზოგადოებისთვის. მაგრამ აი აქ, ანუ საკუთარი გამოსადეგობის დემონსტრირების პროცესში, ყველა ერთნაირად ვერ იქცევა. სხვაგვარად მოქმედებენ დამნაშავეთა საზოგადოებაში, სხვაგვარად - ოჯახში, სხვაგვარად - საზოგადოებრივ დაწესებულებებში, სხვაგვარად - რელიგიურ საზოგადოებებში და ა. შ.

განათლებიდან, აღზრდიდან და შინაგანი კულტურიდან გამომდინარე, საკუთარი თავის საჭიროებას ადამიანი საზოგადოებაში სხვადასხვაგვარად ავლენს. ამ თვალსაზრისით, ლანძღვა- გინებითი გამოსვლა ოპონენტის წინააღმდეგ, მისი დამცირება და დაკნინება ამგვარი "საჭიროების" გამოხატულებას, მის დემონსტრირებას წარმოადგენს, რაც ძლიერ არის დამახასიათებელი დამნაშავეთა საზოგადოების გარკვეული წრისთვის, მაგრამ არამც და არამც მეცნიერისთვის, მით უფრო მორწმუნე ადამიანისთვის, რომელიც პირდაპირ არის მოწოდებული მოყვასის სიყვარულისკენ. აკი წერდა კიდევაც ე. ჭელიძე ძველმართლმადიდებელთადმი მიწერილ თავის პირველ ნაშრომში "ეკლესია - სძალი უფლისა" "ურთიერთსიყვარულით და მეცნიერებით გავარკვიოთო" (გვ. 1).

მაშ, სად დაიკარგა დღეს ეს "ურთიერთსიყვარული" ან "მეცნიერება"? ახლა ეს სიყვარული აღარ არსებობს, უფრო სწორად, არც მაშინ არსებობდა, როდესაც ე. ჭელიძე თავის ოპონენტებს "სიყვარულს" ეფიცებოდა, უბრალოდ, მაშინ ეგონა, რომ მეტი არგუმენტაცია ჰქონდა მათი კრიტიკისთვის, ახლა კი, როცა დღევანდელ ძველმართლმადიდებელთ გადაეყარა, რომლებმაც კარგად გაითვალისწინეს წინამორბედი პოლემისტების წარმატებებიცა და შეცდომებიც, ძლიერ გაჭირვებაში აღმოჩნდა. აქ "მოფერების" მეთოდი უკვე აღარ გაჭრის, აქ "გადამჭრელი" ზომების მიღებაა საჭირო; და მიიღო კიდეც, - მისი წიგნი "სული ცხოველი", რომელიც უკვე დღევანდელი ძველმართლმადიდებლების წინააღმდეგ არის დაწერილი, ერთიანად ავლენს ამ წიგნის ავტორის ადრინდელ ფარისევლობასაც (რადგან გალანძღული ჰყავს ისინიც, ვისაც ადრე "სიყვარულით და მეცნიერებით" ეპაექრებოდა, და წარმოაჩენს თავის იმდროინდელ ფლიდობას), და ბუნებრივია, გააფთრებით ებრძვის დღევანდელ ოპონენტებს, რომელთაც უკიდურესი ბოღმიანობითა და უტიფრობით ლანძღავს.

ამგვარი პოზიცია ჩვენს ოპონენტს საცოდავ მდგომარეობაში აყენებს, რადგან ცნობილია ისიც, რომ მხოლოდ ჭეშმარიტად ძლიერ და საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულ ადამიანს თუ ძალუძს ამგვარი უხამსობითა და უხეშობით არ გამოააშკარავოს საკუთარი "საჭიროება" საზოგადოების წინაშე. ასეთები კი, სამწუხაროდ, მცირედნი არიან. მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ საზოგადოება მაინც უსმენს მსგავს "მეცნიერებს" და "თეოლოგებს". რა არის ამისი მიზეზი?

პოლემიკური ხელოვნების ნებისმიერმა მცოდნემ კარგად უწყის: მნიშვნელოვანია არა ის, რა სიტყვებს წარმოთქვამს ოპონენტი, თუნდაც ჭკვიანურ და სამართლიან აზრებს აფრქვევდეს, არამედ სხვა, კერძოდ - როგორ და ვისთვის ლაპარაკობს ოპონენტი.

საკმაოდ კარგად და ზედმიწევნით არის ეს გამოხატული სახარებაში. ბრბოს სანახაობა უყვარს. ბრბო შოუს ელტვის. მშვიდი, მორჩილი, სამართლიანი იესუ ქრისტე თავის ქადაგებებს მდუმარებაში წარმოთქვამდა - "ნუ განსჯით და არ განისჯებით", რადგან ის ქადაგებდა არა ბრბოსთვის, არამედ მორწმუნე მსმენელისთვის.  

მაგრამ მოყვასისადმი სიყვარულით გამსჭვალულ და თავმდაბლურ ქადაგებათაგან განსხვავებით, სადაც მსმენელი მორწმუნე საზოგადოებაა, გლადიატორთა შერკინებებსა და სხვა სასტიკ სანახაობებზე (თუნდაც დღეს, კორიდაზე), ყოველთვის პლებსი იკრიბება.

აქედან გამომდინარე, როდესაც ორი პოლემისტი ერკინება ერთმანეთს, მათი მეტყველების მანერიდან უკვე ცნობილია, ვინ არის კონკრეტული პოლემისტის აუდიტორია. მას თვითონ პოლემისტი ასახელებს თავისი ქმედებებით, თავისი მსჯელობის მიზანმიმართულობით. ვის ყურს სიამოვნებს ოპონენტის ესოდენი ლანძღვა და ვის არწმუნებს ასეთი აბუჩად აგდებები? - პლებსს! და ეს ერთმნიშვნელოვნად ასეა!

ახლა ვიკითხოთ, ვინ არის ის პლებსი, რომელსაც ე. ჭელიძე მიმართავს და ვის დარწმუნებასაც ცდილობს? – "ოდენ მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი", - გვპასუხობს ე. ჭელიძე ("სული - ცხოველი". გვ. 128).

ვინ იგულისხმება "მართლმადიდებელი" ეკლესიის მრევლში და რომელ "მართლმადიდებელ" ეკლესიაზეა ლაპარაკი? მოვუსმინოთ თვით ე. ჭელიძეს: "ამჯერად აღარ მივმართავთ რაიმე სახის მსჯელობასა და განხილვებს საკუთრივ მათი (ანუ ჩვენი - არქიეპ. პ.) მისამართით (ხაზგასმები ე. ჭელიძისაა -  არქიეპ. პ.), რადგან ... აბსოლუტურ აცილებას ვაძლევთ მათთან ყოველგვარ პაექრობას... ჩვენი ქვემორე განხილვა, შესაბამისად, მიმართულია მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლისადმი (იგულისხმება ოფიციალური ეკლესიის მრევლი - არიქეპ. პ.), რომ "მტერმა", "მავნემ" არ დათესოს მასში ეჭვის რაიმე მარცვალი... შესაბამისად, როდესაც ამ თავგასულთა მხრიდან რაიმე ე. წ. სარწმუნოებრივი საკითხი აღიძვრის "ძვინად ეკლესიისა", მართლმადიდებელი მორწმუნისთვის სავსებით საკმარისი უნდა იყოს (და ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ არ შეცდეს ვინმე ლიტონთაგანი), პასუხად მიუთითოს კონკრეტულ ფაქტზე, კონკრეტულ წმინდა წყაროზე (რაც სრულიად შემუსრავს მოშუღარს) და ამით დაასრულოს "პაექრობა"" (იქვე. გვ. 109-110, 127).

ამრიგად, სრულიად ცხადი ხდება, რომ ე. ჭელიძეს თავისი წიგნი დაუწერია ოფიციალური ("მართლმადიდებელი") ეკლესიის წევრთათვის, რათა "მტრებმა" (ანუ, ჩვენ) "არ დათესონ მასში ეჭვის რაიმე მარცვალი..." და როდესაც "ამ თავგასულთა მხრიდან რაიმე საკითხი აღიძვრის "ძვინად ეკლესიისა"... საკმარისი იყოს მითითება "კონკრეტულ წყაროზე", რომელიც ე. ჭელიძეს თავის "მეცნიერულ" ნაშრომში დაუხვავებია და ამით დაასრულოს "პაექრობა".

ამრიგად, ე. ჭელიძის აუდიტორიის ვინაობაც გარკვეულია და მიზანიც, მაგრამ შეიძლება გვკითხონ, რატომ არის ოფიციალური ეკლესიის მრევლი, რომელსაც ე. ჭელიძე ჭკუას ასწავლის, პლებსი?

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პლებსი - ეს არის იგივე ბრბო, იგივე საზოგადოების დაბალი, გაუნათლებელი ფენა, რომელიც უფრო ინსტინქტებით, პირუტყვული ჟინითა და ვნებებით ცხოვრობს, ვიდრე სულიერი, ამაღლებული ცხოვრებით. ეს ის ფენაა, რომელიც სანახაობას ელტვის.

როგორც ერთი ქართველი ფილოსოფოსი წერს: "პლებსის ელიტა სწორედ ის ჯგუფია, რომლის კულტურული კომპეტენციაც სრულიად არ გამოირჩევა მასების შესაძლებლობებისგან. შედეგად ვიღებთ სიტუაციას, როდესაც როგორც მასა, ისე ელიტა ერთნაირ კულტურულ პროდუქციას მოიხმარს - პრაიმ-ტაიმის ტელევიზიას, პოპ-მუსიკასა და ჰოლივუდის ფილმებს". ასევე, - დავამატებდით ჩვენ, - უხამს და "ყურის მოსაფხან" (2 ტიმ. 4:3) ლიტერატურას, როგორიცაა თუნდაც ჩვენ მიერ განხილული ნაშრომი "სული - ცხოველი".

იგივე ფილოსოფოსი სვამს კითხვას, თუ რა არის ის, რაც შეუძლია პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს (პოლიტიკური თუ რელიგიური ელიტის წარმომადგენელს) და არ ძალუძს "პლებეის"? და პასუხობს: "გაგეცინებათ, მაგრამ ეს კონკრეტული აზროვნებაა. დიახ, "პლებსს" მხოლოდ აბსტრაქციებით აზროვნება შეუძლია.

ჰეგელს, გარდა ურთულესი ფილოსოფიური ტრაქტატებისა, ერთი უადვილესი ტექსტი აქვს დაწერილი, სახელწოდებით - "ვინ აზროვნებს აბსტრაქტულად?" როგორც ჩანს, დიდი ფილოსოფოსი გააღიზიანეს შენიშვნებით, მეტისმეტად აბსტრაქტულად აზროვნებ, ცოტა უფრო ადვილად გვითხარი სათქმელიო; და ისიც გაბრაზდა და პასუხობს - ყველაზე აბსტრაქტულად მე კი არა, ბაზრის გამყიდველი აზროვნებსო. მაგალითიც მოჰყავს - თუ მოხდა და მყიდველმა საქონელი დაიწუნა, ამ საქონლის გამყიდველი იმწამსვე შეამკობს კლიენტს ყველა შესაძლებელი უარყოფითი ეპითეტით: გამოულანძღავს მშობლებსა და ნათესავებს, ეჭვს შეიტანს მის პატიოსნებასა და სისუფთავეში და ა. შ. რატომ? აბსტრაქტულად მოაზროვნე ვაჭარი შენიშვნის მიმცემ მყიდველში სხვას ვეღარავის ხედავს, გარდა ადამიანისა, რომელმაც გასაყიდი პროდუქტის ხარისხი დაიწუნა. ყველა დანარჩენი კონკრეტული თვისება მისთვის აბსტრაქციად იქცევა" (გიგა ზედანია. პლებსის ელიტის კულტურა. https://www.radiotavisupleba.ge/a/giga_zedania_blog/24435289.html)
(URL-ს მიმართვის თარიღი: 12.08.2020).

მივუყენოთ ეს შეფასება ჩვენს შემთხვევას: "ძველმართლმადიდებელმა" დაიწუნა დასხმით-პკურებითი ნათლობა, ამ "საქონლის" გამსაღებელი ე. ჭელიძე იმწამსვე იწყებს აბსტრაქტულ აზროვნებას, სრულიად უგულებელყოფს თავის ოპონენტებს და მიმართავს საკუთარ საზოგადოებას, რომელსაც არწმუნებს ოპონენტთა არათუ არასწორ აზროვნებაში, არამედ თვით ადამიანური ღირსებების არქონაშიც კი. ეჭვი შეაქვს მათ პატიოსნებასა და სისუფთავეში. ე. ჭელიძე ჭეშმარიტად წარმოსდგება, როგორც "აბსტრაქტულად მოაზროვნე ვაჭარი", რომელიც "შენიშვნის მიმცემ" მორწმუნეში სხვას ვერავის ხედავს, გარდა ადამიანისა, რომელმაც გასასაღებელი პროდუქტის ხარისხი დაიწუნა. ყველა დანარჩენი, რაც კი შეიძლება ე. ჭელიძის ოპონენტებს ახასიათებდეს, მისთვის აბსტრაქციად იქცა.

ამრიგად, ამ დაკვირვებიდან და თვით ე. ჭელიძის სრულიად უტიფარი და მეცნიერისთვის შეუფერებელი გამოხდომებიდან გამომდინარე, რაც აისახა მისი ოპონენტების ადამიანური ღირსების უკიდურეს დამცირებაში, ე. ჭელიძე არაფრით განსხვავდება იმ ბაზრის გამყიდველისგან, რომელიც თავისი უვარგისი პროდუქციის გასაღებას ეშურვის.

მაგრამ, შესაძლოა კვლავ გვკითხონ და მეტი განაწყენებით - "რატომ ვართ პლებსი?", "ე. ჭელიძეს შეუძლია, როგორც უნდა, ისე წეროს თავისი წიგნი, ჩვენ რა შუაში ვართ?" - ამ შეკითხვის პასუხზე ჩვენ შემკითხველებს ე. ჭელიძესთან გავაგზავნით, რადგან ამაზე პასუხი სწორედ მან უნდა აგოს. სწორედ ის უქმნის "სანახაობას" თავის წიგნში საკუთარ მკითხველს (რომლის ვინაობა უკვე გარკვეულია); ხარკს უხდის ამ სანახაობის მოყვარულ პლებსს და უყვება "ყურის მოსაფხან" (2 ტიმ. 4:3) ამბებს, რადგან დარწმუნებულია მის მკითხველს ეს ძლიერ მოეწონება.

აიღეთ ნებისმიერი ჭეშმარიტად მეცნიერული ნაშრომი და დაინახავთ, რომ ამგვარი თხზულების ავტორი არავის უწოდებს "თავხედს, "ეპილეპტიკოსს" და "თავგასულს"; ოპონენტთა ნააზრევს, თუ ის შეცდომებს შეიცავს, არ შეაფასებს მკვეთრად შეურაცხმყოფელი ეპითეტებით, რადგან ჭეშმარიტი მეცნიერისთვის მნიშვნელოვანია, როგორც აუდიტორია, ისევე საკუთარი ავტორიტეტიც.

მეცნიერის (ან არამეცნიერის) ნაშრომიდან, მისი მსჯელობიდან, მეტყველებიდან, წერის მანერიდან და კიდევ ბევრი სხვა ფაქტორიდან, ნათლად ჩანს როგორც ინტელექტი და ზრდილობა, ასევე მიზნობრივი აუდიტორიაც. არც ერთი თავმოყვარე მეცნიერი ისე არ დაწერს თავის წიგნს, როგორც ე. ჭელიძემ დაწერა "სული ცხოველი", რადგან მას პრაქტიკული დანიშნულება გააჩნია, - მისცეს პლებსს თავისი საკენკი. მაგრამ ამგვარ ნაშრომს არც ერთი ნორმალური მეცნიერი არ შეიწყნარებს. წარმოიდგინეთ სამეცნიერო საბჭო, სადაც შეიძლება ხარისხის დამცველმა კანდიდატმა თავის ოპონენტს, რაკიღა მან მისი არგუმენტები დაიწუნა, "თავხედი" და "თავგასული" უწოდოს...

მეტი თვალსაჩინოებისთვის ავიღოთ თუნდაც თვით ე. ჭელიძის სხვა მეცნიერული ნაშრომები, სადაც არ არის ლანძღვა და განსახილველი საკითხები უფრო მშვიდი და ობიექტური განსჯის გარემოში განიხილება. ხომ აშკარაა, რომ ე. ჭელიძე ამ ტიპის მეცნიერულ გამოკვლევებში სულ სხვა აუდიტორიას მიმართავს და სხვა საზოგადოებას უხსნის თავის სათქმელს?! ხომ აშკარაა, რომ  ზრდილობით, ტაქტიანად და მოზომილად ელაპარაკებიან მეცნიერებს, ხოლო თავაშვებული და უხამსი სიტყვებით პლებსს?! რატომ? - იმიტომ, რომ პლებსის ინტელექტს (თუ ის საერთოდ არსებობს მასში) უყვარს უხამსობა, ცხოველურობა, პირუტყვულობა, სწორედ ის "ჟინი და მოლიზღარობა", ე. ჭელიძე ჩვენ რომ გვაბრალებს. მეცნიერულ სამყაროს ეს არ უყვარს, სხვაგვარად ის მეცნიერული არ იქნებოდა.

ამიტომაც სწორედ იმ საზოგადოებამ, რომელსაც ე. ჭელიძემ ძველმართლმადიდებელთა წინააღმდეგ "სამოქმედო პროგრამა" დაუწერა, უნდა მიმართოს ამ ვაჟბატონს და ჰკითხოს, რატომ დაამცირა ასე თავისი აუდიტორია? რატომ ფიქრობს ე. ჭელიძე, რომ "მართლმადიდებელ მორწმუნეებს" ძლიერ ესიამოვნებოდათ ჩვენი, როგორც ოპონენტების ასეთი გაქილიკება?

ამიტომაც, ოფიციალური ეკლესიის მართლმადიდებლებმა პასუხიც მას უნდა მოსთხოვონ. ჩვენ კი ევნომეველთა საკითხს დავუბრუნდეთ.

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ "ძველმართლმადიდებლის" წინააღმდეგ მიმართული ე. ჭელიძის შეურაცხმყოფელი კრიტიკა და ირონიული შენიშვნები ძირითადად ორ მომენტს ეხება:

პირველია ის, რომ "ძველმართლმადიდებლის" მიერ ნავარაუდევია ევნომეველთა სხვადასხვა განშტოება, რომლებიც შესაძლოა ნათლობას სხვადასხვაგვარად ასრულებდნენ, მათ შორის შთაფლვით.

და მეორე: "ძველმართლმადიდებლის" აზრით, II მსოფლიო კრების მამებს "განსაკუთრებულადაც კი არ უმსჯელიათ ევნომეველთა შესახებ" (იქვე. გვ. 417).

დავიწყოთ პირველით. ის, რომ არსებობდა ევნომეველთა სხვადასხვა განშტოება დასტურდება ისტორიული წყაროებიდანაც და დიდი სჯულისკანონიდანაც.

"ძველმართლმადიდებლის" ზემოთ ციტირებული მსჯელობიდან ე. ჭელიძე აკეთებს ასეთ დასკვნას: "როგორც ვხედავთ, სახეზეა გაუგონარი მკრეხელობა, უაღმატებულესი სულიერი სიწმიდის, დიდი სჯულისკანონის სრული ფეხქვეშ გათელვა, კერძოდ კი კადნიერი მცდელობა იმისა, რომ მსოფლიო კრებათა საუკუნოვანი დადგენილება გადაკეთდეს და მოერგოს "ძველმართლმადიდებლის" ვნებიან ზრახვათა თარგს, ანუ ზედმიწევნით ერთმნიშვნელოვანი და უაღრესად აზრნათელი რჯულდებითი კანონი დაბნელდეს ერეტიკული გონების სულიერი წყვდიადის შესაბამისად" ("სული ცხოველი". გვ. 408).

რის საფუძველზე იძლევა ე. ჭელიძე ასეთ სასტიკ შეფასებას? იმის საფუძველზე, რომ "ძველმართლმადიდებელი" დასაშვებად (სავარაუდოდ) მიიჩნევს ევნომეველთა გარკვეული განშტოებების არსებობას, რომელთა ნათლობებში შესაძლებელია განსხვავება. "... როგორც არ შეიძლება გამორიცხვა იმისა, - წერს "ძველმართლმადიდებელი", - რომ ევნომეველთა რომელიღაც ფრთა ნათლავდა თავდაყირა, წელამდე შთაფლვით და ფეხებით მაღლა, ასევე არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ სხვა ფრთა ამ მწვალებლობის დასაბამიერ, ნათლობის ერთგზის შთაფლვის წესს მიჰყვებოდა, როგორც გამოიგონეს და დაამკვიდრეს ეს ევნომემ და მისმა მოძღვარმა" (ციტ. ე. ჭელიძის წიგნიდან "სული - ცხოველი". გვ. 408).

როგორც უკვე აღვნიშნეთ, "ძველმართლმადიდებელის" ეს შეხედულება გამოთქმულია ინტერნეფორუმზე, ვარაუდის სახით, ცოცხალი პოლემიკის პროცესში და არ წარმოადგენს რაიმე მეცნიერული კვლევა-ძიების შედეგს. ამიტომაც არის გამოთქმული ის ასე ფრთხილად, ხოლო გამომდინარე აქედან, ძალზედ მკაცრად და მეცნიერული მოთხოვნით მისი შეფასება და მითუმეტეს, "ძველმართლმადიდებლის" "სჯულმდებლობად" მისი მოხსენიება სასაცილოა. რა თქმა უნდა, "ძველმართლმადიდებელის" მსჯელობაში არის უზუსტობები, რომელიც შეიძლებოდა კიდევ უფრო ფრთხილად გამოთქმულიყო და ამით არავის მისცემოდა რაიმე კატეგორიული მტკიცების უფლება, მაგრამ შეცდომებისგან ხომ არავინ არის დაზღვეული და მათი "თითზე დახვევა", როგორც ეს ე. ჭელიძეს სჩვევია, მეტად არაკორექტულია.

მაინც რას ეფუძნებოდა "ძველმართლმადიდებელი", როდესაც ევნომეველთა გარკვეულ განშტოებებზე მსჯელობდა, რომელთა შორისაც შესაძლებელი იყო ნათლისღების ფორმათა მრავალსახოვნება?

სოზომენეს "ეკლესიის ისტორიაში" ვკითხულობთ: "ზოგი ამბობს, რომ პირველად ამ ევნომიოსმა გაბედა, შემოეღო ერთგზის შთაფლვა საღვთო ნათლისღების აღსრულებისას და შერყვნა მოციქულთაგან დღემდე ყველგან დაცული გადმოცემა, და საერთოდ, ეკლესიისგან განსხვავებული რამ ღვთისმსახურება წარმოაჩინა, თაყვანისცემითა დარაღაც დეტალებით შეალამაზა ეს სიახლე… ვფიქრობ, როგორც ეს სხვებსაც მიაჩნიათ, უფრო სიმართლეს შეეფერება ის, რომ თეოფრონიოს კაბადოკიელი და ევტიქი, ამ მწვალებლობის გულმოდგინე დამცველები, გამოეყვნენ იმ დროის იმპერატორის ზეობისას ევნომიოსს, და ევნომიოსის მოძღვრებასთან დაკავშირებით სხვა რამ სწავლებები და საღვთო ნათლისღებასთან დაკავშირებით სიახლე მოიგონეს. მათ არათუ სამების სახელის მიმართ, არამედ ქრისტეს სიკვდილის ნათლისღება შემოიღეს. ევნომიოსს ამის შესახებ ახალი არაფერი მოუგონია, არამედ იგი თავიდანვე იმავე მოძღვრებას იზიარებდა, რასაც არიოზი და ბოლომდე ასე დარჩა" (ჰერმიას სოძომენე. "საეკლესიო ისტორია", წიგნი მეექვსე. თ. 26. გამომც. "ახალი ევერონი". გვ. 344).

თეოდოსი II მცირის (401-450) იმპერატორობის პერიოდს ითვლიან მისი დაბადების მეცხრე თვიდან ვიდრე სიკვდილამდე. მეორე მსოფლიო კრება მოწვეულ იქნა 381 წელს, თეოდოსი დიდის (346-395) დროს, ანუ თეოდოსი მცირის დაბადებამდე 20 წლით ადრე. ამას აღვნიშნავთ იმიტომ, რომ მეორე მსოფლიო კრებამ ევნომეველთა შესახებ განაწესა: "... რაც შეეხებათ სხვა მწვალებლებს, როგორიც არიან ევნომიანელნი, წყალში ერთხელ ჩაყოფით ნათელღებულნი ("Евномиан же, единократным погружением крещающихся...") მონტანელნი, ანუ ფრიგიელნი, საბელიანელნი, რომელნიც ძე-მამობას ასწავლიან და სხვა ბევრ სისაძაგლეს ჩადიან, და სხვა მწვალებელნი, ... ისინი მიიღებიან როგორც წარმართნი, ე.ი. მათ ნათლავენ კიდეც და მირონსაც სცხებენ..." (II მსოფლიო კრების 7-ე კანონი).

სოზომენეს ცნობის მიხედვით, ევნომე (გარდ. დაახლ. 394 წ.) მეორე მსოფლიო კრებამდე (381 წ.) არათუ თავდაყირა ნათლობის, არამედ ერთნაწილედად ერთგზისი შთაფლვის გამომგონებელიც კი არ გამოდის, რადგან მის შესახებ ხსენებული ისტორიკოსი ამბობს: "უფრო სიმართლეს შეეფერება ის, რომ თეოფრონიოს კაბადოკიელი და ევტიქი, … გამოეყვნენ იმ დროის იმპერატორის (ანუ თეოდოსი მცირის - არქიეპ. პ.) ზეობისას (ანუ 401-450 წწ. შუალედში - არქიეპ. პ.) ევნომიოსს და … საღვთო ნათლისღებასთან დაკავშირებით სიახლე მოიგონეს. მათ არათუ სამების სახელის მიმართ, არამედ ქრისტეს სიკვდილის ნათლისღება შემოიღეს. ევნომიოსს ამის შესახებ ახალი არაფერი მოუგონია" (სოზომენე. იქვე).

ასე, რომ, თუ მხედველობაში მივიღებთ სოზომენეს მიერ მოწოდებულ ცნობას, ხსენებული ერთგზისი შთაფლვის თუ თავდაყირა ნათლობის გამომგონებლები თეოფრონე და ევტიქი გამოდიან და არა ევნომე.

ზუსტად ამ ცნობას ეთანხმება ასევე ცნობილი ისტორიკოსი სოკრატე სქოლასტიკოსი (დაახლ. 380-440). რომელიც ასე გადმოგვცემს ევნომეველთა დაყოფის ამბავს: "მაგრამ არც ევნომიანელები დარჩენილან დაყოფის გარეშე. რადგან ევნომიოსი პირველად ჯერ კიდევ ევდოქსიოსს გამოეყო, რომელმაც მას ხელნი დაასხა კიზიკიის ეპისკოპოსად; საბაბად აიღო ის, რომ მან არ მიიღო (ეკლესიიდან) გაძევებული მისი მოძღვარი აეციოსი, მაგრამ მის მიმდევრებს შორისაც ჩამოვარდა უთანხმოება და ერთმანეთს გამოეყვნენ.

იყო ვინმე თეოფრონიოს კაპადოკიელი, რომელიც ევნომიოსის მიერ იყო განსწავლული კამათის ხელოვნებაში და ღრმად იაზრებდა არისტოტელეს "კატეგორიებს" და "განმარტების შესახებ" და შეადგინა წიგნები, რომლებსაც "გონების წვრთნა" უწოდა. იგი მის თანამორწმუნეთა მიერ იყო შეწუხებული და მათ მიერ გაძევებულ იქნა, როგორც განდგომილი. ამიტომ, მან ცალკე შეკრებები გამართა თავისთვის და მისი სახელობის მწვალებლობა დატოვა.  

მის შემდეგ კონსტანტინოპოლშიც ვინმე ევტიქიანოსი მოჩვენებითი ძიების საბაბით გამოეყო ევნომიანელებს და ახლაც ცალკე მართავს შეკრებებს.

ამრიგად, თეოფრონიოსის მიმდევრებს ეწოდათ ევნომიოთეოფრონიანელები, ევტიქიანესას კი -  ევნომიოევტიქიანელები. თუ რა უმნიშვნელო გამონათქვამები არის, რომელთა გამო დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, არც ჩავთვალე ამის ისტორიაში გადმოცემის ღირსად, რათა სხვა თემისკენ არ გადავიდრიკო, გარდა იმ შემთხვევისა, რომ მათ ნათლისღების წესი შეცვალეს; რადგან არათუ სამების, არამედ ქრისტეს სიკვდილის სახელით ნათლავდნენ" (სოკრატე სქოლასტიკოსი. საეკლესიო ისტორია. მეხუთე წიგნი. თავი XXIV. ევნომიანელთა და მაკედონიანელტა განხეთქილებების შესახებ. საეკლ. გამომც. "ახალი ივერონი". თბილისი 2012. წ. გვ. 343).

არიანელი ისტორიკოსი ფილოსტორგე (368-439 წწ.) წერს: "ევნომეველნი იმდენად განეშორნენ ზემოთ ხსენებულ მწვალებლობებს (იგულისხმება არიანული განშტოებები - არქიეპ. პ.), რომ არ იღებდნენ არც მათ ნათლობას და არც მათ ხელდასხმას. ხოლო ევნომეველნი ნათლავდნენ არა სამგზისი შთაფლვით, არამედ ერთგზის - უფლის სიკვდილის მიმართ, რომელიც, როგორც ისინი ამბობდნენ, ჩვენთვის ერთგზის მოკვდა და არა ორგზის ან სამგზის" (რუს. თარგმანში: "Евномиане, как говорит Филосторгий, настолько отошли от вышеупомянутых ересей, что не допускали ни их крещения, ни рукоположения. Крестили же евномиане не троекратным погружением, а однократным - в смерть Господа, как они говорили, которую Он принял за нас однажды, а не дважды или трижды") (Филосторгий. Сокращение "церковной истории".
https://azbyka.ru/otechnik/Istorija_Tserkvi/tserkovnye-istoriki-4-5-vekov/4) (URL-ს მიმართვის თარიღი: 12.08.2020).

არავინ ამ ისტორიკოსთაგან არსად ამბობს, რომ შთაფლვა არიანელებსაც და ევნომეველებსაც, ისევე როგორც მართლმადიდებელთ, "სიმბოლურად" ესმოდათ და სინამდვილეში ისინი შთაფლვით კი არა, დასხმით ნათლავდნენ. წმიდა მამებთან დაკავშირებით თუ კიდევ შეიძლება იმისი თქმა, რომ ისინი ამა თუ იმ ტერმინს ანიჭებენ სულიერ მნიშვნელობას, ისტორიკოსებთან მიმართებაში ამგვარი რამის თქმა, რბილად რომ ვთქვათ, მეტად არადამაჯერებელია, რადგან თუნდაც ხსენებული ისტორიკოსების წინაშე არ იდგა არანაირი საჭიროება ტერმინი "შთაფლვა" გაეაზრებინათ სულიერი მნიშნელობით და ისტორიული მოვლენის გადმოცემისას ამბავი სწორედ ამგვარი გაურკვეველი სახით გადმოეცათ. ცხადია ისიც, რომ ეს ისტორიკოსები (ისევე როგორც ნებისმიერი ისტორიკოსი) მოვლენებს აღწერდნენ ისე, როგორც ის ხდებოდა  სინამდვილეში და თუ ამბობდნენ, რომ ევნომეველები შთაფლავდნენ ერგთზის, ამას ამბობდნენ პირდაპირი მნიშვნელობით და არა სიმბოლურად. მათ გადმოცემებში შთაფლვაში შთაფლვა უნდა ვიგულისხმოთ და არა დასხმა ან ამ ისტორიკოსების მიერ გააზრებული რაიმე "სულიერი" მნიშვნელობა.

საგულისხმოა ისიც, რომ "ევნომეველები, რომლებიც ნათლობას აღასრულებდნენ ერთგზისი შთაფლვით უფლის სიკვდილის მიმართ, თვით არიანელებმა დაგმეს ანკირიის კრებაზე 358 წელს" (Епископ Сергий (Серафимов). О правилах и чинопоследованиях принятия неправославных христиан в Православную Церковь. 1904. გვ. 46, სქოლიო).

ასე რომ, სრულიად თავხედურად ჟღერს ე. ჭელიძის გამოხდომა, რომელიც, მისი ჩვეულებისამებრ, იგესლება და წერს: "... თუნდაც ყოვლითურთ "განიპოს" ჩვენი "ძველმართლმადიდებელი", თვით ევნომიოსიც, უგამონაკლისოდ, ამგვარადვე (არაჩაძირვითად) ნათლავდა ყველას და სწორედ მის კვალს მიჰყვებოდა უკლებლივ ყველა ევნომიანელი. ამ ფაქტს მოწმობს უკლებლივ ყველა წყარო" ("სული - ცხოველი". გვ. 413).

ძველმართლმადიდებელს სულაც არ სჭირდება "განპობა" იმისთვის, რომ ეჭვქვეშ დააყენოს ე. ჭელიძის ზემოთ ხსენებული მტკიცებულება ევნომესეულ ნათლობასთან დაკავშირებით, რადგან მას V საუკუნის (დაახლ. 400-450 წწ.) ისტორიკოსები (სოზომენე და სოკრატე) უარყოფენ. ასევე სიმართლეს მოკლებულია ე. ჭელიძის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, თითქოსდა მის მიერ წამოყენებულ ვერსიას ევნომესეული ნათლობის შესახებ მოწმობდეს "აბსოლუტურად ყველა წყარო" (იქვე). რატომ არ იგულისხმა მან "ყველაში" სოზომენე ან სოკრატე გაურკვეველია.

გარდა ამისა, "ძველმართლმადიდებელს" შეეძლო ევარაუდა, რომ ისტორიკოსებმა თავდაყირა ნათლობა შეცდომით მიაწერეს უშუალოდ ევნომეს (თუკი მას, სოზომენეს თქმით, ამ მხრივ ახალი არაფერი შემოუტანია).

ეს შესაძლოა მომხდარიყო იმიტომ, რომ ევნომეველთა სახელით იწოდებოდნენ არა მარტო თეოფრონე და ევტიქი, არამედ სხვა განშტოებანიც. მაგალითად, მეორე მსოფლიო კრების კანონთა განმარტებაში ცნობილი კანონისტი ნიკოდიმოს მილაში (1845-1915) წერს, რომ: "... ამ კანონში ევნომიანელებთან გაიგივებულნი არიან ევდოქსიანელები, რომლებმაც მიიღეს ევნომეს ცრუ სწავლება ("С евномианами в этом правиле отождествляются евдоксиане, принявшие и исповедующие ложное учение Евномия"). მათ თავიანთი სახელწოდება მიიღეს ევდოქსისგან, რომელიც IV საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა... კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსად ყოფნის დროს მან კიზიკის ეპისკოპოსად ხელი დაასხა ევნომეს. ევდოქსიანთა სწავლება ევნომეველთა სწავლებას წააგავდა. ... მათი საზოგადოებისკენ გადასულებს ისინი ნათლავდნენ ერთგზისი შთაფლვით (მოც. 50-ე კანონი)..." ("Переходящих в их общество они перекрещивали через однократное погружение (Ап. 50) ") (Правила православной церкви с толкованиями Никодима епископа Далматинско-Истрийского. Пер. с сербского. Т. I. Изд. Св.-Тройцкой Сергиевой Лавры. 1996, стр. 238-239).

"ევნომეველებად კიდევ იწოდებიან ანომეველნი, რადგან ისინი უარყოფდნენ ერთარსობას და ასწავლიდნენ, რომ წმ. სამების მეორე და მესამე პირნი (ანუ ძე და სულიწმიდა - არქიეპ. პ.) თავიანთი არსით არაფრით არიან მსგავსნი პირველი პირისა (ანუ მამისა - არქიეპ. პ.)" ("Евномиан называют еще аномеями, так как они отрицали единосущие, уча, что второе и третье Лица Св. Троицы по своему существу ни в чем не подобны первому Лицу") (იქვე).

და ბოლოს სოზომენეს თქმით: "… როგორც ხშირად ხდება, როდესაც დავიწყებას მიეცა იმ ადამიანების სახელი, რომლებმაც პირველად დააფუძნეს ეს მწვალებლობა (იგულისხმება ევნომე და მისი მიმდევარი აეციუსი - არქიეპ. პ.), მის მიმდევრებს ევნომიოსის სახელი ეწოდათ, ვინაიდან აეციუსის შემდეგ მან განაახლა ეს მოძღვრება და წინანდელ გადმოცემაზე უფრო დიდი კადნიერებით გაავრცელა" (სოზომენე. იქვე. გვ. 346).

"ახლა იმასაც დავუკვირდეთო, - წერს ე. ჭელიძე, - თუ როგორ შესაბრალისად ცდილობს ხსენებული "ძველმართლმადიდებელი" ერთმანეთისგან გამიჯნოს ევნომიოსი და გვიანდელი ევნომიანელები. მათგან პირველს, კერძოდ ევნომიოსს და მის ერთგულ მიმდევრებს იგი სიხარულით განუკუთვნებს ჯერ კიდევ დაცულობას სრული ხილული შთაფლვისას... ხოლო მეორეთა მიმართ ის ბრალდება გაასასტიკოს, რომ თითქოს სწორედ მათ შეცვალეს ევნომიოსისეული სრული ჩაძირვა არაჩაძირვითი ნათლისცემით" (ე. ჭ. "სული - ცხოველი", გვ. 412).

რატომ არის ეს "შესაბრალისი მცდელობა"? ამას ამტკიცებენ ძველი ქრისტეანი ისტორიკოსები სოზომენე (V ს.) და სოკრატე (V ს.). სწორედ ისინი მიაწერენ გვიანდელ ევნომიანელებს ნათლობის საიდუმლოს დამახინჯებას. ამიტომაც, ე. ჭელიძის ეს ირონიული კრიტიკა მიმართულია არა "ძველმართლმადიდებლის", არამედ სოზომენესა და სოკრატეს მიმართ.

გარდა ამისა, თავისი ამ ბრალდების დასამტკიცებლად ე. ჭელიძე იმოწმებს მეორე მსოფლიო კრების პირველი კანონის ზონარასა და ბალსამონისეულ განმარტებას, რომლებიც თავდაყირა ნათლობის გამოგონებას სწორედ ევნომეს განუკუთვნებენ. ამასვე ამტკიცებს, ე. ჭელიძის თქმით, ზოგიერთი "სტაროვერული" წყაროც.

მართლაც, ბალსამონისა და ზონარას განმარტებით, თავდაყირა ნათლობის და ამგვარი შთაფლვის წესის გამომგონებლად შერაცხილია სწორედ ევნომე, მაგრამ ეს შეხედულება ეწინააღმდეგება სოზომენეს ზემოთ მოტანილ ცნობას. ჩვენთვის ცნობილი არ არის თუ რის საფუძველზე მიაწერენ ბალსამონი და ზონარა თავდაყირა ნათლობის გამოგონებას სწორედ ევნომეს. შეცდომები ისტორიულ ამბავთა გადმოცემისას სულაც არ არის გასაკვირი. ისტორიკოსები და თვით წმიდა მამებიც კი, გარკვეული მიზეზების გამო, ზოგჯერ ცდებოდნენ ისტორიული ამბების გადმოცემისას. ამის ნიმუშად შეგვიძლია დავასახელოთ ნოვატიანელთა სქიზმა. ისინი ხშირად ერთმანეთში ურევდნენ კართაგენელ მღვდელ ნოვატს (ან ნოვატუსს) და რომაელ პრესვიტერ ნოვატიანუსს.

ამის შესახებ I მსოფლიო კრების 8-ე კანონის განმარტებაში (იხ. შენიშვნა 84) ნიკოდიმოს მილოში ბრძანებს: "ამ ნოვატს რომაელ პრესვიტერად ხმობს ზოგიერთი უახლოესი მწერალიც, ხოლო ძველად მას ასეთად უკლებლივ ყველა მიიჩნევდა. ბალსამონი ამ კანონის განმარტებაში წერს: "ეს ნოვატი იყო "რომის ეკლესიის პრესვიტერი, როგორც გვიყვება ამას ევსები პამფილი" (Аф. Синт., II,134). ევსები მართლაც ასე ამბობს (Hist. eccl. VI,43) (Migne, s.g., t.20, col.616-629). იგივეს ამტკიცებენ სოკრატეც (Hist. eccl. IV,28) (Migne, s.g., t.67, col.537-541) და ეპიფანეც (Наеr.LIX) (Migne, s.g., t.41, col.1017-1037) და ზონარაც (Аф. Синт., II,134), ასევე სხვებიც, რომლებიც ნოვატს მიიჩნევენ რომის ეკლესიის პრესვიტერად და ნოვატიანური განხეთქილების დამფუძნებლად.

მაგრამ, კვიპრიანეს ეპისტოლეებიდან (ер.43 et 49 ad Cornelium et ep.49 ad Autonian.), რომლის დროსაც აღმოცენდა ეს განხეთქილება, ნათლად ჩანს, რომ ნოვატი იყო კვიპრიანეს პრესვიტერი, ანუ პრესვიტერი კართაგენიდან, და უპირველეს ყოვლისა სწორედ კართაგენში დააფუძნა მან თავისი სქიზმა, შემდეგ კი რომს გაემართა, სადაც დაუახლოვდა რომაელ პრესვიტერ ნოვატიანუსს, რომელმაც ასეთივე სქიზმა რომში დააფუძნა. ნოვატ კართაგენელისგან და ნოვატიანუს რომაელისგან მიიღო სახელწოდება ნოვატიანურმა განხეთქილებამ. ... იერონიმე თავის თხზულებაში "Catalogus scriptorum ecclesiasticorum", რომელიც ძირითადად შედგენილია ევსების თხზულებათა მიხედვით, ამას ზუსტად შენიშნავს და ყოველთვის განასხვავებს ნოვატს ნოვატიანუსისგან, მაშინ, როდესაც ევსები ყოველთვის ურევდა ამ სახელწოდებებს, როგორც ჩანს, მათი მსგავსების გამო. ამან გამოიწვია ის, რომ ეპიფანესგან (347-403) დაწყებული ვიდრე დღემდე ნოვატი მიჩნეულია რომაელ პრესვიტერად და ნოვატიანური განხეთქილების დამფუძნებლად (შეად. Beveregii, . sive Pandectae,II, Annot. in b. can., p.69-70).

(რუსული ტექსტი: "Этого Новата называют римским пресвитером даже некоторые из новейших писателей, а в древнее время его считали таковым все без исключения. Вальсамон в толковании этого правила говорит: Этот Новат был пресвитером "римской церкви, как повествует об этом Евсевий Памфил" (Аф. Синт., II,134). Действительно, Евсевий говорит так (Hist. eccl. VI,43) [Migne, s.g., t.20, col.616-629]. То же утверждает и Сократ (Hist. eccl. IV,28) [Migne, s.g., t.67, col.537-541], и Епифаний (Наеr.LIX) [Migne, s.g., t.41, col.1017-1037], и Зонара (Аф. Синт., II,134), и другие, считающие Новата пресвитером римской церкви и основателем новатианского раскола. Однако, из посланий Киприана (ер.43 et 49 ad Cornelium et ep.49 ad Autonian.), во время которого возник этот раскол, ясно видно, что Новат был Киприановым пресвитером, т.е. карфагенским, и в Карфагене прежде всего и основал раскол, а затем отправился в Рим, где сошелся с Новатианом, римским пресвитером, основавшим такой же раскол в Риме. От Новата Карфагенского и Новатиана Римского и получил название новатианский раскол. ...  Иероним в своем "Catalogus scriptorum ecclesiasticorum", составленном главным образом по сочинениям Евсевия, заметил это точно и всегда различает Новата от Новатиана, тогда как Евсевий всегда смешивал эти имена, вероятно, вследствие их сходства. Это послужило поводом к ошибочному названию Новата пресвитером римским и мнению, что только он был основателем новатианского раскола, а именно начиная от Епифания (347-403) и доныне. Ср. Beveregii, . sive Pandectae,II, Annot. in b. can., p.69-70").

თვით ე. ჭელიძეც, თავის წიგნში "სული ცხოველი" აღნიშნავს, რომ "რომაელი მღვდელი და შემდეგ ანტიპაპი ნოვატიანუსი არ უნდა აგვერიოს მსგავსი სახელის მქონე კართაგენელ მღვდელ ნოვატუსში ან ნოვატში (ლათ. Novatus), რომელიც 249 წ-ს კართაგენიდან წმ. კვიპრიანეს მიერ განდევნილი, რომში სწორედ ზემოთხსენებულ ნოვატიანუსს უერთდება და მისი სექტის წევრი ხდება (აღნიშნულ პირთა სახელების დამთხვევა და, აქედან გამომდინარე, აღრევა განსაკუთრებით შესამჩნევია ბერძნულენოვან პატრისტიკაში, როგორც ამის შესახებ შენიშნავს Aline Pourkier: "კათარების (იგივე ნოვატიანელები - ე. ჭ.) შესახებ თავის შენიშვნაში ეპიფანემ დაუშვა ლაფსუსი ნოვატიანუსის სახელთან დაკავშირებით და მცდარად უწოდა მას "ნავატი". სახელის ამგვარი შეცვლა შედეგია, ერთის მხრივ, ეპიფანეს ლაფსუსისა და, მეორე მხრივ, ევსებისეული აღრევისა. ამ უკანასკნელმა "საეკლესიო ისტორიაში" ისაუბრა ნოვატიანუსის შესახებ და უწოდა მას სახელად "ნოვატი" გამომდინარე იქიდან, რომ ერთიმეორეში აურია ნოვატიანუს რომაელი და მღვდელი ნოვატ კართაგენელი (რომელიც კვიპრიანესთან სქიზმაში იმყოფებოდა). ესაა ის სახელი "ნოვატი", რაც ეპიფანემ, რომელიც მუშაობდა თავის მეხსიერებაზე დაყრდნობით, "პანარიონში" (ცნობილ ანტიერეტიკულ ნაშრომში - ე. ჭ.) გადააკეთა "ნოვატად"" (ე. ჭელიძე. "სული - ცხოველი". თბ. 2012, გვ. 340 სქოლიო).

ევნომეველთა განშტოებებზე ლაპარაკობს ნეტ. თეოდორიტე. ე. ჭელიძის მიერ გამოყენებულ ციტატაში. მისი წიგნში "მწვალებელთა იგავ-არაკების შესახებ" ნათქვამია: "ევნომიოსმა კი, მაშ, მყისვე გამოაცხადა თავისი თავი ერესის მეწინამძღვრედ. ... მან დაარღვია ძველთაგან უფლისა და მოციქულების მიერ გადმოცემული ნათლისღებითი კანონიც და აშკარად საწინააღმდეგო რამ რჯულდებულყო, თქვა რა, რომ არ იყო საჭირო მოსანათლის სამგზის ჩაძირვა, არცთუ სამების მოხმობის აღსრულება, არამედ ერთგზისად მონათვლა ქრისტეს სიკვდილის მიმართ. და ნათლავენ კი, ასველებენ რა წყლით ვიდრე მკერდამდე (ე. ი. თავის თხემიდან ანუ ზემოდან ვიდრე მკერდამდე - ე. ჭ.), ხოლო სხეულის დანარჩენი ნაწილებისადმი, როგორც უწმინდურთადმი, წყლის გამოყენებას კრძალავენ, რის გამოც, მაშ, როდესაც ნათლავდნენ საბანელ ჭურჭელში, ადამიანს აყენებდნენ ამ ჭურჭლის გარეთ და მის თავს კი ვიდრე მკერდამდე ერთგზის წყალში ჩააყოფინებდნენ, მაგრამ ვინაიდან მავანს დაზიანება შეემთხვა, თავი მიანარცხა რა საბანელ ჭურჭელს, სხვა სახე მოიგონეს ნათლისღებისა: რაღაც მერხზე პირჩაღმა გააწვენდნენ ადამიანს, მის გარეთ კი თავს გადმოუკიდებენ და დაასხამენ წყალს, რაც არ ეხება არცერთ სხვა ნაწილს. ხოლო ზოგიერთმა მათგანმა კიდევ სხვა სახე მოიფიქრა ნათლისღებისა: შემზადებული აქვთ რა ძალიან დიდი სახვევი და ნაკურთხი აქვთ რა იგი, მისით ხვევენ ადამიანს მკერდიდან დაწყებული ვიდრე ფრჩხილებამდე. შემდეგ კი ამგვარად მიუსადაგებენ მას წყლის დასხმას. გვამცნეს კი ეს ყოველივე იმათ, რომლებმაც თავი დააღწიეს მათეულ უღვთოებას და თანაშეერთვნენ ჩვენი მაცხოვრისა და ღვთის ცხვრებს" (ციტ. ე. ჭელიძე. "სული ცხოველი". თბ. 2012. გვ. 420-421).

"ამრიგად, - წერს ე. ჭელიძე, - თეოდორიტე, როგორც ვნახეთ მიმოიხილავს ევნომიანელთა ნათლობის ყველა არსებულ ქვესახეობას, მაგრამ სიტყვითაც არ ძრავს იმაზე, რომ ვინმე მათგანი (თუნდაც, მხოლოობითად, ერთი ევნომიანელი) ოდესმე თითქოსდა სრული ხილული ჩაძირვით მონათლულიყოს" (იქვე. გვ. 422).

რა შეიძლება ვუპასუხოთ ე. ჭელიძის ამ არგუმენტს? უპირველეს ყოვლისა ის, რომ ნეტ. თეოდორიტე, როგორც ეს დამოწმებული ტექსტის ბოლო ნაწილიდან ჩანს, ამ ამბავს გადმოსცემს იმათი მონაყოლის მიხედვით, რომლებმაც "თავი დააღწიეს მათეულ უღვთოებას და თანაშეერთვნენ ჩვენი მაცხოვრისა და ღვთის ცხვრებს" (იქვე). ამრიგად, ეს გახლავთ ირიბი არგუმენტი. ნეტ. თეოდორიტეს, ცხადია, მიზნად არ დაუსახავს ეკლესიისკენ მოქცეულ მორწმუნეთა ნათქვამის გადამოწმება და არც ეჭვქვეშ დაუყენებია იგი, მან, უბრალოდ, აღწერა ის, რაც მათგან ისმინა. ე. ჭელიძე აქაც აბუქებს თეოდორიტეს მიერ აღწერილ ამბავს, რადგან აშკარაა, რომ თეოდორიტეს გამოტოვებული აქვს კიდევ ერთი (ალბათ თავდაპირველი სახეობა) - თავდაყირა ნათლობა. თუნდაც მარტო ამიტომ, შეუძლებელია თქმა იმისა, რომ ნეტ. თეოდორიტემ ევნომეველთა ნათლობის ყველა ქვესახეობა აღწერა. სინამდვილეში მან აღწერა ის, რაც ევნომეველთაგან გადმოსულებს უცნობებიათ მართლმადიდებელთათვის და მოუყოლიათ მათთვის იმ ზოგიერთ დარღვევათა შესახებ, რომლის მომსწრენი თვითონვე ყოფილან. ასე, რომ "ყველა ქვესახეობა" აქ სრულიად ზედმეტია და ე. ჭელიძის თეორიის (ევნომეველთა უკეთური ნათლობის "შთაფლვად" გასაღებას) ემსახურება. მისი ჩანაფიქრით, თეოდორიტეს მაგალითის მოშველიება და მისი გაბუქება "დამხმარე" არგუმენტია ძირითადი იდეისა, რომლის თანახმადაც, მართლმადიდებელი ეკლესია ყველანაირ დასხმა-დაპკურებას, თუნდაც ასე უცნაური ფორმით და უცნაური შინაარსით, - "შთაფლვად", ანუ "ქრისტესთან თანადამარხვისა და თანაღდგომის" სახელწოდებით სახელდებდა, რაც ევნომეველთა სწავლებაზე არანაკლებ უკეთურებად გვესახება. გამოდის, რომ საკმარისი იყო ევნომეველთ ამგვარი უსჯულო "ნათლობა" (თავისი შინაარსითურთ) სამგზის აღესრულებინათ მამის, ძის და სულიწმიდის სახელზე, რომ ეკლესია მას დაუყოვნებლივ შეიწყნარებდა. ასეთია ე. ჭელიძის ლოგიკა.

ამრიგად, რაკიღა ევნომესთან და ევნომიანურ ნათლისღებასთან დაკავშირებით არსებობდა ორი განსხვავებული შეხედულება, რომელთაგან ერთის მიხედვით (სოზომენე) ნათლისღებაში სიახლეების დამკვიდრება მიეწერება არა თვით ევნომეს, არამედ მისგან გამოყოფილ მწვალებელთ თეოფრონე კაპადოკიელსა და ევტიქის, რომელთა მიმდევრებსაც ევნომეველთა სახელით ხმობდნენ და მეორე (თეოდორიტე, ეპიფანე და სხვები), რომლის მიხედვითაც, მართლმადიდებლობისკენ გადმოსულ ევნომეველთა მონაყოლის საფუძველზე, ერთგზისი თავდაყირა შთაფლვის წესი უშუალოდ ევნომეს მიეწერება, "ძველმართლმადიდებელმაც" ივარაუდა, რომ შესაძლოა არსებულიყო ევნომეველთა ძირითადი ფრთა, რომელიც ნათლობას ქრისტეს სიკვდილის მიმართ ერთგზისი შთაფლვით აღასრულებდა. და ამგვარი ვარაუდი არ გახლავთ არანაირი კრიმინალი, როგორც ეს ე. ჭელიძეს ეჩვენება.

გარდა ამისა, "ძველმართლმადიდებელი" თავის ვარაუდის გამოთქმისას ასახელებს სხვა წყაროსაც, კერძოდ ბერძნული ახალმოწესეობრივი ეკლესიის წმინდანს ათანასე პაროსელს (ხს. 24 ივნისს), რომელიც წერდა: "ლათინები უფრო უარეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე ევნომეველნი, რომლებიც თუმც კი ერთჯერადი, მაგრამ მაინც შთაფლვითად ინათლებოდნენ... ამიტომაც, ლათინთაგან გადმოსულები უცილობლივ თავიდან უნდა მოინათლონ" (ციტ. В какого бога верят католики? http://www.christian-spirit.ru/v9/9.(8).htm)
(URL-ს მიმართვის თარიღი: 12.08.2020).

აი, რას ეფუძნებოდა "ძველმართლმადიდებელი", როდესაც თავის ვარაუდებს გამოთქვამდა. მიუხედავად ამისა, ბ-ნი ე. ჭელიძე საერთოდ გვერდს უვლის როგორც ამ ვარაუდს, ასევე მის საფუძვლებსაც, განსაკუთრებით მისივე ეკლესიის წმინდანის, ათანასე პაროსელის ზემოთმოტანილ გამონათქვამს, რომელიც ლათინური დასხმით-პკურებითი "ნათლობის" კატეგორიული მოწინააღმდეგე იყო და მთელს თავის ბოღმას "ძველმართლმადიდებელზე" ანთხევს.

31
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому