აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. I_XVI_წმ. კვიპრიანე კართაგენელის პასუხი მაგნუსს 1 - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი I

შთაფლვა თუ დასხმა?!


შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ
წმ. კვიპრიანე კართაგენელი
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.

თავი XVI
____________________________________________________________________________________________________________________

წმ. კვიპრიანე კართაგენელის პასუხი მაგნუსს

ვფიქრობ, ჩვენი ნაშრომის მკითხველი უკვე ხედავს როგორი "მეცნიერული" მეთოდებით იბრძვის ე. ჭელიძე ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა წინააღმდეგ და როგორ არ აკლებს მცდელობას, მაქსიმალურად დააკნინოს მათი არა მარტო ადამიანური ღირსება, აზროვნება და თვისებები, არამედ ცდილობს, სასაცილოდ და აბუჩად აიგდოს თვით მათ მიერ დამოწმებული წყაროებიცა და არგუმენტებიც, რაც, როგორც უკვე თავიდანვე ვნახეთ (იხ. თავი "სიცრუის ტექნოლოგია"), მეცნიერული ნაშრომისთვის შეუფერებელი და არაკორექტული მეთოდი გახლავთ. ჩვენი სათქმელი თითქმის უკვე გაცხადებულია და დამტკიცებულია ის ფაქტიც, რომ ე. ჭელიძე არის არაკეთილსინდისიერი მეცნიერი, იდეოლოგი და დემაგოგი.

აქვე უნდა აღვნიშნოთ ე. ჭელიძისეული "მეცნიერული" კვლევისა და პოლემიკის კიდევ ერთი არაკორექტული მეთოდი, რაც მისთვის არასასურველი ფაქტების მიჩქმალვასა და წყაროთა დამახინჯებით წარდგენაში მდგომარეობს - ის ამგვარად წარმოჩენილ "ფაქტებს" საკუთარი ინტერპრეტაციებითა და უსაზღვრო ფანტაზიებით ავსებს, ისე "ჭრის და კერავს", როგორც ეს პირადად მას ან მის მხარეს აძლევს ხელს. გვაქვს მაგალითები, რომელთაც წყალპკურებითი "ნათლობის" მომხრეები ძალიან ხშირად იყენებენ ჩვენთან დავაში და ფიქრობენ, რომ ისინი თვალსაჩინოდ წარმოაჩენენ მათი პოზიციის სისწორეს და დასხმით-პკურებითი "ნათლობის" მოწინააღმდეგეთა სიმცდარეს. ამიტომაც, ვერავითარ შემთხვევაში გვერდს ვერ ავუვლით ამგვარი სადავო არგუმენტის ისეთ ნიმუშს, როგორიც არის წმ. კვიპრიანე კართაგენელის საკმაოდ გახმაურებული წერილი ეპისკოპოს მაგნუსისადმი (ზოგიერთი მკვლევრის აზრით, მაგნუსი ეპისკოპოსი იყო).

ბ-ნი ე. ჭელიძე თავის წიგნში "სული - ცხოველი" ამ მაგალითის განხილვას 24 გვერდს უთმობს (გვ.: 288-312) და მის დეტალურ ანალიზს გვთავაზობს. ჭელიძის ამ 24-გვერდიანი ტირადის განმეორება უსაშველოდ გაზრდის ჩვენს წერილს, ამიტომაც, ე. ჭელიძის მსჯელობის ქვეტექსტის დაურღვევლად მხოლოდ ზოგიერთი ამონაწერითა და ავტორისეული დასკვნებით შემოვიფარგლებით.

თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ე. ჭელიძე გვარიანად აბუქებს წმ. კვიპრიანე კართაგენელის პასუხის მნიშვნელობას და თანაც ამ ტექსტსაც გვარიანად ამახინჯებს. გარდა ამისა, მსჯელობის დროს გზადაგზა, სოფისტიკის გამოყენებით, ახვავებს ტყუილებს და ცდილობს მისთვის სასურველი დასკვნისკენ წარმართოს მკითხველის აზრი.

ტყუილები წერია წმ. კვიპრიანე კართაგენელის ხსენებულ პასუხზე მსჯელობის პირველსავე აბზაცში, სადაც ე. ჭელიძე გვეუბნება: "ე. წ. კლინიკოსთა დასხმითი ნათლობის მიზანშეწონილობის შესახებ შეკითხვის პასუხად და, აქედან გამომდინარე, ზოგადად დასხმითი სახის ნათლობასთან ანუ ნაკურთხი წყლის დასხმა-დაპკურების ნათლისმცემლობით მადლმოსილებასთან დაკავშირებით, როგორც ცნობილია, III ს-ის შუა წლებში საბოლოო პასუხი გასცა დიდმა მღვდელმოწამემ წმ. კვიპრიანე კართაგენელმა, რომლის დოგმატური განჩინება აღნიშნულ საკითხზე ეკლესიას არასოდეს გადაუსინჯავს, რადგან კვიპრიანეს პასუხი მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატის ზედმიწევნითი ფორმულირება იყო და არა ამა თუ იმ მოღვაწის კერზო აზრი" ("სული - ცხოველი". გვ. 288).

იმთავითვე უნდა განვიხილოთ რამოდენიმე სიცრუე, რომლებშიც ე. ჭელიძე დაბეჯითებით არწმუნებს თავის მკითხველს.

1. სიცრუე პირველი (ე. ჭ.): "ნაკურთხი წყლის დასხმა-დაპკურების ნათლისმცემლობით მადლმოსილებასთან დაკავშირებით, როგორც ცნობილია, III ს-ის შუა წლებში საბოლოო პასუხი გასცა დიდმა მღვდელმოწამემ წმ. კვიპრიანე კართაგენელმა".

ჩვენი განმარტება: დასხმით-დაპკურებით ნათლობასთან დაკავშირებული პასუხი, რომელიც წმ. კვიპრიანემ გასცა ეპისკოპოს მაგნუსს არ არის საბოლოო.

2. სიცრუე მეორე (ე. ჭ.): "რომლის დოგმატური განჩინება აღნიშნულ საკითხზე ეკლესიას არასოდეს გადაუსინჯავს".

ჩვენი განმარტება: წმ. კვიპრიანეს მიერ გამოთქმული აზრი კლინიკოსთა დასხმითად მონათვლის შესახებ არ არის დოგმატური განჩინება.

3. სიცრუე მესამე: (ე. ჭ.-ის იმავე ფრაზაში): "რომლის დოგმატური განჩინება აღნიშნულ საკითხზე ეკლესიას არასოდეს გადაუსინჯავს".

ჩვენი განმარტება: ეკლესიამ არათუ გადასინჯა, არამედ უარყო კიდევაც დასხმითი ნათლობა. მეტიც, ეკლესიას დასხმითი ნათლობა არასოდეს მიუჩნევია ნათლისღების საიდუმლოს ნორმად და ყოველთვის განიხილავდა მას, როგორც საგანგებო ვითარებაში აღსრულებულ აქტს.

4. სიცრუე მეოთხე (ე. ჭ.): "კვიპრიანეს პასუხი მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატის ზედმიწევნითი ფორმულირება იყო და არა ამა თუ იმ მოღვაწის კერზო აზრი".

ჩვენი განმარტება: სინამდვილეში პირიქით არის: კვიპრიანეს პასუხი სწორედ მისი კერძო აზრი გახლავთ და არა ეკლესიის დოგმატის ზედმიწევნითი ფორმულირება და ამაში თვით წმ. კვიპრიანე კართაგენელი დაგვარწმუნებს.

ახლა ვნახოთ, როგორი ქვემძრომობით და სოფისტური ლაყბობით ცდილობს ე. ჭელიძე ამ სიცრუეთა დამტკიცებას. ნამდვილად, ეს არის კადნიერების, უსინდისობის, უპასუხისმგებლობისა და ეკლესიის წმიდა საიდუმლოს (ნათლისღების) წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაჩინო ნიმუში.

სანამ უშუალოდ წმ. კვიპრიანე კართაგენელის პასუხზე მსჯელობას დაიწყებდეს, ე. ჭელიძე მკითხველს შთააგონებს კიდევ ერთ ტყუილს: "აღვნიშნავთ, -  წერს იგი, - რომ კვიპრიანეს ეს პასუხი განაპირობა იმ გარემოებამაც, რომ ხსენებული მოღვაწის ეპისკოპოსობის ჟამს იფეთქა სქიზმატიკოს- მწვალებელთა ახალმა ტალღამ, რომლებისთვისაც, თანამედროვე გადაშთაფლულთა მსგავსად, არსებითი იყო მოძღვრება "ხელახალი ნათლობის" ანუ რებაპტიზაციის შესახებ. სწორედ დასხმითად მონათლულთა "ხელახალი" ნათლობის საჭიროება-არსაჭიროების გამო დაუსვეს მას კონკრეტული შეკითხვა, რაც თავად ხსენებული მოძღვრის მიერ ამგვარადაა ჩამოყალიბებული" (შემდეგ კი მოჰყავს წმ. კვიპრიანეს პასუხი. იხ. ქვემოთ).

თავის ადრინდელ ანტიძველმართლმადიდებლურ ნაშრომში "ეკლესია - სძალი უფლისა" ე. ჭელიძე წერდა: "სრული შთაფლვით ნათლობის ფორმობრივი გამარტივება განაპირობა ყოფითი სინამდვილის გათვალისწინებამ, რაც მრავალ სხვა მომენტთან ერთად გულისხმობდა ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობასაც, მის ფიზიკურ სისუსტესაც. ამიტომ, ისინიც, რომლებსაც ფიზიკურად არ ძალუძდათ შთაფლვითი ნათლობის მიღება, ცხადია, "სხურებით" ინათლებოდნენ. როგორც ჩანს, ძველთაგანვე გაჩნდა დაინტერესება, ითვლებოდა თუ არა ჭეშმარიტად ნათელღებულად ამგვარი პირი. ჯერ კიდევ III ს- ში "სხურებითი" ნათლობის ჭეშმარიტებაში დაეჭვებულ ყველა ცრუ მართლმადიდებელს დიადი პასუხი გასცა ეკლესიის ურჩეულესმა მამამ, წმიდა მოწამე კვიპრიანე კართაგენელმა (იმარტვილა 258 წ. 14 სექტემბერს). სხვათაშორის, ეს პასუხი განაპირობა იმ გარემოებამაც, რომ წმ. კვიპრიანეს ეპისკოპოსობის ჟამს იფეთქა სქიზმატიკოსთა ახალმა ტალღამ, რომლებისთვისაც არსებითი იყო მოძღვრება "ხელახალი ნათლობის" ანუ რებაპტიზაციის შესახებ. სწორედ "ხელახალი" ნათლობის უარსაყოფად გამოსცა წმ. კვიპრიანემ შემდეგი რჯულდება" ("ეკლესია - სძალი უფლისა". გვ. 163).

როგორც ე. ჭელიძის მთელი მსჯელობიდან ჩანს, წმ. კვიპრიანეს პასუხი გაუცია ორი კატეგორიის ადამიანებისთვის, პირველი: ""სხურებითი" ნათლობის ჭეშმარიტებაში დაეჭვებული ყველა ცრუ მართლმადიდებლისთვის", რომელთა რიგებში უეჭველად უნდა მოვიაზროთ თვით მაგნუსიც, რადგან მასაც ეეჭვება ამგვარი ნათლობის კანონიკურობა და წმ. კვიპრიანე სწორედ მას და მისი მეშვეობით კი ყველა მართლმადიდებელს, განუმარტავს თავის პოზიციას ამ საკითზე, და მეორე: სქიზმატიკოსებისთვის, რომლებისთვისაც არსებითი იყო მოძღვრება "ხელახალი ნათლობის", ანუ რებაპტიზაციის შესახებ".

არაფერს ვიტყვით იმაზე, თუ რაოდენ მკრეხელურია, "ცრუ" უწოდო მართლმადიდებელს მხოლოდ იმიტომ, რომ ის დაეჭვებულია დასხმითი ნათლობის კანონიკურობაში, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს დაეჭვება სრულიად ბუნებრივია, რადგან გამოწვეულია ამგვარი ნათლობის არარსებობით ეკლესიაში და მისი არასამოციქულო წარმომავლობით. ამისი დამადასტურებელი მაგალითები ჩვენ უკვე ვნახეთ, როდესაც განვიხილავდით ნათლისღების წარმომავლობას და მისი შესრულების წესს I საუკუნიდან X საუკუნის ჩათვლით. აღვნიშნავთ მხოლოდ იმას, რომ წმ. კვიპრიანეს ეს პასუხი არ ეძლევა სქიზმატიკოს ნოვატიანელებს. არც რომელიმე სხვა სქიზმატურ მიმართულებას, რადგან ასეთი მიმართულება იმხანად არც არსებობდა ეკლესიაში. არამედ, მხოლოდ და მხოლოდ თვით მაგნუსს და იმ მართლმადიდებლებს, რომლებსაც ეეჭვებოდათ დასხმითად აღსრულებული ნათლობის (თუნდაც თავად ნოვატიანუსის ნათლობის) სინამდვილე.

ამიტომაც, წმ. კვიპრიანე კართაგენელის პასუხი ეძღვნება მხოლოდ მართლმადიდებლებს (ე. ჭელიძის განსაზღვრებით, ეკლესიის წიაღში მყოფ მაგნუსის მსგავს "ცრუ მართლმადიდებლებს"), რომლებსაც აინტერესებდათ რა აზრისა იყო წმ. კვიპრიანე იმათ შესახებ, რომლებიც ავადმყოფობასა და უძლურებაში შეუდგებიან ღვთის მადლს და "უნდა ჩაითვალონ თუ არა ისინი რჯულიერ ქრისტიანებად იმის გამო, რომ განბანვის ნაცვლად მხოლოდ დაესხათ მათ მაცხოვნებელი წყალი".

ე. ჭელიძე იმდენად გაწაფულია დასხმითი "ნათლობის" არმიმღები ძველმართლმადიდებლობის ლანძღვა-გინებაში, რომ არ ერიდება თვით ძველი ქრისტეანის, წმ. კვიპრიანეს თანამედროვის (და, სავარაუდოდ), ეპისკოპოსის ლანძღვასაც, მხოლოდ იმიტომ, რომ ის დაეჭვებულია დასხმითი ნათლობის კანონიკურობაში. თავგასულობა და თავხედობა ამაზე შორს სადღა უნდა წავიდეს?!...

რაც შეეხება სქიზმატიკოს-მწვალებლებს, რომლებიც იმხანად გამოჩნდნენ და რომელთა გამოც წმ. კვიპრიანესთვის დაუსვამთ უკვე ცნობილი შეკითხვა, ესენი გახლავან ე. წ. "ნოვატიანელები", რომლებიც, როგორც ცნობილია, თავიდან ნათლავდნენ მათკენ გადასულ მართლმადიდებელთ, როგორც ამას უშუალოდ ვაჩვენებთ ქვემოთ, ნოვატიანელთა შესახებ ჩვენს პასუხში.

მაგრამ რაში მდგომარეობს აქ ე. ჭელიძის სიცრუე? - სიცრუე მდგომარეობს იმაში, რომ წმ. კვიპრიანეს პასუხი განპირობებული იყო არა იმით, თუ რას ითხოვდნენ ან ასრულებდნენ სქიზმატიკოს- მწვალებელი ნოვატიანელები (ან სხვა, ვინც გნებავთ იყოს!), არამედ იმით, რომ დასხმითად მონათლულ "კლინიკოსთა" რებაპტიზაციის (გადანათვლის) პრაქტიკა არსებობდა თვით ეკლესიაში. მას მისდევდნენ მართლმადიდებელი მღვდლები და ეპისკოპოსები და არა სქიზმატიკოს-მწვალებლები. სწორედ ამიტომ დაისვა ეს შეკითხვა, რაც გამოჩნდება წმ. კვიპრიანეს პასუხიდან.  

რაც შეეხება სქიზმატიკოს-ნოვატიანელებს, ისინი მათკენ გადასულებს ნათლავდნენ არა იმიტომ, რომ "კლინიკოსად" ყოფნის დროს მონათლულან დასხმით ან დაპკურებით, არამედ იმიტომ, რომ არ ცნობდნენ მართლმადიდებელთა ნათლობას (არათუ კლინიკოსთა, არამედ შთაფლვით ნათლობასაც კი) და როგორც ქვემოთ თვით ე. ჭელიძისგან განგვემარტება, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ ნოვატუსის ნათლობას, რომელიც თვითონ გახლდათ კლინიკოსი და თვითონვე მოინათლა სარეცელზე დასხმითი წესით.

როგორც უკვე ვთქვით, ე. ჭელიძე წმ. კვიპრიანე კართაგენელის პასუხის მისეული ანალიზის საფუძველზე აკეთებს დასკვნას, რომლის მიხედვითაც წმ. კვიპრიანე აღნიშნულის კითხვის პასუხად "... ზოგად რჯულდებას გვაწვდის საკუთრივ დასხმითი ნათლისღების შესახებ..." ("სული - ცხოველი" გვ. 289).

წმ. კვიპრიანე კართაგენელის პასუხი ვერანაირად ვერ იქნება "ზოგადი რჯულდება", რადგან ჯერ-ერთი, ასეთი ზოგადი რჯულდება წმ. კვიპრიანემდე არ მიუღია არც ერთ საეკლესიო კრებას, არც ერთ წმიდა მამას, არ არის ის არც მოციქულთა გადმოცემებში, რომლებიც აისახა როგორც წმ. მოციქულთა კანონებში, ასევე "მოციქულთა განწესებებად" ცნობილ ძეგლშიც, სადაც სხურება-პკურება სიტყვითაც კი არ არის ნახსენები. და მეორეც, თავისი მსჯელობა საზოგადო რჯულდებად არ დაუწესებია თვით კვიპრიანესაც კი, რასაც ვხედავთ მისი პასუხიდან.

ახლა გადავიდეთ უშუალოდ წმ. კვიპრიანე კართაგენელის პასუხისა და ე. ჭელიძისეული ინტერპრეტაციების განხილვაზე.

წმ. კვიპრიანე კართაგენელი წერს: "ამასთან, მკითხე, უსაყვარლესო შვილო, თუ რა აზრი მაქვს იმათ შესახებ, რომლებიც ავადმყოფობასა და უძლურებაში შეუდგებიან ღვთის მადლს, უნდა ჩაითვალონ თუ არა ისინი რჯულიერ ქრისტიანებად იმის გამო, რომ განბანვის ნაცვლად მხოლოდ დაესხათ მათ მაცხოვნებელი წყალი?"

ე. ჭელიძე განმარტავს: "კვიპრიანე აღნიშნულის კითხვის პასუხად, როგორც აღვნიშნეთ ზოგად რჯულდებას (?) გვაწვდის საკუთრივ დასხმითი ნათლისღების შესახებ და სრულიად არაორაზროვნად განაჩინებს: "ჩვენ, რამდენადაც ამას სწვდება ჩვენი სიგლახაკე, ვფიქრობთ, რომ არანაირად არ შეიძლება სახიჩრდებოდეს და ძალას ჰკარგავდეს ქველმოქმედება ღვთისა ანდა ნაკლებად ხდებოდეს რაიმე იქ, სადაც სავსე და სრული რწმენით შეიწყნარება როგორც მიმცემლის (ნათლისმცემლის - ე. ჭ.), ასევე მიმღების (ნათელღებადის - ე. ჭ.) მიერ ის, რაც საღვთო საბოძვართაგან არის მოსახვეჭი" (იქვე. გვ. 289-290) (ე. ჭელიძე იქვე იმოწმებს წმ. კვიპრიანეს ამ სიტყვების ლათინურ ტექსტს და რუსულ თარგმანს კიევის სასულიერო აკადემიის გამოცემიდან: "Мы, сколько разумеет мерность наша, полагаем, что благодеяния Божии ни в чем не могут быть недостаточны и слабы, и что нельзя получить чего-либо меньше там, где с полною верою, и принимающего и подающего, приемлется то, что черпается из божественных даров") (Творения святаго священномученика Киприана Епископа Карфагенскаго, Часть 1, Письма, Киев, 1891, с. 369-370).

მაგრამ, ე. ჭელიძე წმ. კვიპრიანეს პასუხიდან ტოვებს ერთ მეტად მნიშვნელოვან ფრაზას. აი აღებული მონაკვეთის სრული ტექსტი იმავე კიევის სასულიერო აკადემიის გამოცემიდან: "Ты спрашиваешь еще, возлюбленный сын, моего мнения относительно тех, которые получают благодать Божию в болезни и немощи: должно ли их почитать законными христианами, когда они не омыты, но только облиты спасительной водой? В этом отношении скромность и смирение наше ни кого не предупреждает своим мнением, ПРЕДОСТАВЛЯЯ ВСЯКОМУ ДУМАТЬ КАК УГОДНО И ПОСТУПАТЬ КАК ДУМАЕТ. Мы, сколько разумеет мерность наша, полагаем, что благодеяния Божии ни в чем не могут быть недостаточны и слабы, и что нельзя получить чего-либо меньше там, где с полною верою, и принимающего и подающего, приемлется то, что черпается из божественных даров").

ასეა თარგმნილი ეს ადგილი მოსკოვის სასულიერო აკადემიის გამოცემაშიც, სადაც ვკითხულობთ: "В этом отношении скромность и смирение наше ни кого не предупреждает своим мнением, ПРЕДОСТАВЛЯЯ ВСЯКОМУ ДУМАТЬ КАК УГОДНО И ПОСТУПАТЬ КАК ДУМАЕТ" (Св. Киприан епископ Карфагенский. Творения. Москва 1999 г. Изд. Паломник. Письмо к Магну о крещении новациан и о получивших крещение в болезни, стр. 646-650).

ჩვენ მიერ რუსულ ტექსტში გამოყოფილი ადგილი ქართულად ასე ითარგმნება: "ამ მიმართებით ჩვენი მოკრძალება და მორჩილება არავის აფრთხილებს საკუთარი მოსაზრებით და ყველას აძლევს ნებას იფიქროს ისე, როგორც სურს და იმოქმედოს ისე, როგორც ფიქრობს ("...предоставляя всякому думать как угодно и поступать как думает"). ჩვენ, რამდენადაც სწვდება ამას ჩვენი სიგლახაკე, ვფიქრობთ, რომ არანაირად არ შეიძლება უკმარი იყოს და უძლური ღმრთის სიკეთე, და რომ შეუძლებელია მივიღოთ რაიმე ნაკლები იქ, სადაც როგორც მიმცემის (მღვდლის - არქიეპ. პ.) და მიმღების (ნათელღებადის - არქიეპ. პ.) წმიდა რწმენით, ყველაფერი შეიძლება აღივსოს და აღსრულდეს ღმრთის სიდიადითა და ჭეშმარიტი რწმენით" (რუს. თარგმანში: "Мы, сколько разумеет мерность наша, полагаем, что благодеяния Божии ни в чем не могут быть недостаточны и слабы, и что нельзя получить чего-либо меньше там, где с полною верою, и принимающего и подающего, приемлется то, что черпается из божественных даров". იხ. კიევისა და მოსკოვის სასულიერო აკადემიების დასახ. გამოცემები).

სანამ ციტირებას გავაგრძელებდეთ, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ აქ უკვე თვალნათლივ წარმოჩენილია ე. ჭელიძის არაკორექტულობაც, "მეცნიერული" მეთოდოლოგიაც და ცრუპენტელობაც. წმ. კვიპრიანე ამბობს, რომ მისი მოსაზრება (мнение), რომელიც გამოთქმულია "მოკრძალებითა და მორჩილებით" არავის გასაფრთხილებლად არ არის გამოთქმული ("ни кого не предупреждает своим мнением"), რადგან "ყველას აძლევს ნებას იფიქროს ისე, როგორც სურს და იმოქმედოს ისე როგორც ფიქრობს" ("предоставляя всякому думать как угодно и поступать как думает") (იქვე).

ახლა დავუბრუნდეთ ზემოთ ნათქვამს, სადაც აღვნიშნავდით, რომ ე. ჭელიძე თავიდანვე ახვევს თავის მკითხველს სიცრუის ბადეში, რადგან არწმუნებს, თითქოსდა წმ. კვიპრიანე კართაგენელმა ეპისკოპოს მაგნუსს "ნაკურთხი წყლის დასხმა-დაპკურების ნათლისმცემლობით მადლმოსილებასთან დაკავშირებით": (1) გასცა "საბოლოო პასუხი" (ე. ჭ. "სული - ცხოველი". გვ. 288), (2) რომ ეს პასუხი იყო "დოგმატური განჩინება" (იქვე), (3) რომ "აღნიშნული საკითხი ეკლესიას არასოდეს გადაუსინჯავს" (იქვე) და ბოლოს (4) თითქოსდა "კვიპრიანეს პასუხი მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატის ზედმიწევნითი ფორმულირება იყო და არა ამა თუ იმ მოღვაწის კერზო აზრი".

ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ე. ჭელიძის ამ ყალთბანდობაში დაგვარწმუნებდა თვით წმ. კვიპრიანე კართაგენელი, რომლის სიტყვების ქვეტექსტიდან ამოგლეჯით და საკუთარი მახინჯი ინტერპრეტაციებით ხსენებულ "მეცნიერს" შეცდომაში შეყჰავს მკითხველი.

წმ. კვიპრიანე კართაგენელის თუნდაც ზემოთ დამოწმებული ფრაზა ადასტურებს, რომ 1) შეუძლებელია ის იყოს საბოლოო და შეუძლებელია იყოს  დოგმატური განჩინება, დოგმატის ზედმიწევნითი ფორმულირება, რომელიც ეკლესიას არასოდეს გადაუსინჯავს. რატომ? - იმიტომ, რომ წმ. კვიპრიანე სრულიად ცხადად გვეუბნება, რომ გამოთქმული შეხედულება კლინიკოსთა დასხმითად ნათლობის შესახებ არის მისი კერძო აზრი, რომელსაც ის თავს არავის ახვევს და არავის ამით არაფერში აფრთხილებს. მეტიც, ის თავის ადრესატებს ნებას აძლევს "იფიქრონ ისე, როგორც სურთ, და იმოქმედონ ისე, როგორც ფიქრობენ". ხოლო ამგვარი მიდგომა საეკლესიო დოგმატისადმი, რომელიც ე. ჭელიძის შეუვალი რწმუნებით თურმე არის "ეკლესიის დოგმატის ზედმიწევნითი ფორმულირება", სასაცილოა და მწვალებლურიც.

დიახ, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს! ე. ჭელიძე თავისი მონაჩმახის (ვგულისხმობთ დასხმითი ნათლობის კანონიკურ რანგში აწევას) გასამართლებლად წმიდა მამას მიაწერს იმას, რაც მას იოტისოდენადაც არ უგულისხმია. მას არ მოუცია უზუსტესი დოგმატური რჯულდება არსებული ეკლესიაში ან კვიპრიანემდე, ან მის დროს, ან კიდევ თუნდაც მის მიერ ჩამოყალიბებული სახით. სხვაგვარად როგორ არის შესაძლებელი, წმიდა მამამ ამგვარ დოგმატზე თქვას: "ჩემი აზრი" არისო? ან თქვას "იფიქრეთ ისე, როგორც გსურთ და იმოქმედეთ ისე, როგორც ფიქრობთო"? განა დოგმატებთან დაკავშირებით ასე მსჯელობდნენ წმიდა მამები? ან თუნდაც წმ. კვიპრიანე კართაგენელი? ამგვარი რამის დაბრალება წმიდა მამისთვის, რომელსაც ე. ჭელიძე უწოდებს "დიდ მღვდელმოწამესა" (ე. ჭ. "სული - ცხოველი", გვ. 288) და "ეკლესიის ურჩეულეს მამას" (ე. ჭ. "ეკლესია - სძალი უფლისა". გვ. 163) არის უკიდურესად მკრეხელური, ხოლო ის, რომ ე. ჭელიძე წმ. კვიპრიანეს სადიდებელი ეპითეტებით ამკობს ("ურჩეულესი მამა", "დიდი მღვდელმოწამე"), ეს არის ე. ჭელიძის თვალის ასახვევი ფარისევლობა და გაღლეტილი ტყუილი, რადგან მას ამგვარი მოწიწებითი მიდგომა ამ წმიდა მამასთან სჭირდება მკითხველის თვალში ნაცრის შესაყრელად და საკუთარი ყალბი სწავლების გასასაღებლად, რომელიც უნდა მიაწეროს ტიტულოვან წმინდანს, რომლის ავტორიტეტის წინაშე ქედს უნდა იხრიდეს ყოველი მართლმადიდებელი.

მეტიც, სწორედ ამის გამო არ არის პარადოქსი ის, რომ, ერთი მხრივ, ე. ჭელიძე აქებ - ადიდებს III საუკუნის ამ წმიდა მღვდელმოწამეს, და მეორეს მხრივ ლანძღავს მას და "ამკობს" იმ ეპითეტით, რომელსაც იმეტებს დასხმითი ნათლობის ჭეშმარიტებაში დაეჭვებულთადმი. თავად განსაჯეთ, ე. ჭელიძე წერს, რომ "ჯერ კიდევ III ს-ში "სხურებითი" ნათლობის ჭეშმარიტებაში დაეჭვებულ ყველა ცრუ მართლმადიდებელს დიადი პასუხი გასცა ეკლესიის ურჩეულესმა მამამ, წმიდა მოწამე კიპრიანე კართაგენელმა" და ირწმუნება ამ პასუხის "რჯულმდებლურ" და საყოველთაო "საეკლესიო-დოგმატურ" მნიშვნელობაში. სინამდვილეში კი აღმოჩნდა, რომ თურმე წმ. კვიპრიანეს იმთავითვე გაუფრთხილებია მაგნუსი, რომ არავის ახვევდა თავს საკუთარ შეხედულებას და ყველას ნებას აძლევდა  "ეფიქრათ ისე, როგორც სურდათ, და ემოქმედათ ისე, როგორც ფიქრობდნენ". ეს კი რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ამგვარ ნათლობაში დაეჭვების უფლება მიუცია თვით წმ. კვიპრიანეს. მეტიც, ნებასაც კი აძლევს "იფიქრონ ისე, როგორც სურდათ, და იმოქმედონ ისე, როგორც ფიქრობენ".

ამრიგად, ე. ჭელიძის შეფასებით "ცრუ მართლმადიდებელი" გამოდის არა მარტო მაგნუსი ან იმდროინდელი ეკლესიის დიდი ნაწილი, რომელიც არ შეიწყნარებდა დასხმით ნათლობას, არამედ თვით წმ. კვიპრიანეც, რომელიც კლინიკოსთა თავიდან მონათვლას თავისი მკაცრი და მამხილებელი ხმით როდი განსჯის (რომელიც ჩვეული იყო მისთვის თუნდაც ეკლესიაში მწვალებელთა შემოერთების საკითხში), რომელმაც არათუ მკაცრად არ მოითხოვა, არამედ ნებაც კი მისცა ყველას, მოქცეულიყვნენ საკუთარი შეხედულებისამებრ, რაც, ე. ჭელიძის ლოგიკიდან გამომდინარე, ნიშნავს, "ცრუ მართლმადიდებლობას" (რადგან ე. ჭ.-ს აზრით, ეს არის დაეჭვებულობა დასხმითი ნათლობის კანონიკურობაში) მისცე უფლება, "იფიქრონ ისე, როგორც სურთ, და იმოქმედონ ისე, როგორც ფიქრობენ". ანუ, არ მიიღონ წმ. კვიპრიანეს შეხედულება დასხმით ნათლობაზე და თუ ეს ნათლობად არ მიაჩნიათ თავიდან მონათლონ დასხმითად "ნათელ-ღებულები".

მაშ, თუ ვინმე იტყოდა წმ. კვიპრიანეს დროს (ან ახლა იტყვის): მე ვფიქრობ, დასხმითი ნათლობა ნათლობა არ არის და ასე მონათლული თავიდან უნდა მოინათლოსო და თავიდან მონათლავდა "კლინიკოსს" ან დასხმითად მონათლულს (ასეც იქცეოდნენ, როგორც ამას ქვემოთ დავინახავთ), არანაირად არ აღმოჩნდება არც ეკლესიის და არც წმიდა მამის მოწინააღმდეგე; ის არც მწვალებელი იქნება, როგორც რაიმე დოგმატის დამრღვევი, რადგან, როგორც უკვე ვთქვით, წმიდა მამას გადმოცემული აქვს მხოლოდ და მხოლოდ მისი კერძო აზრი და არა საკუთარი "დოგმატური განჩინება" ან "ეკლესიის დოგმატის ზედმიწევნითი ფორმულირება" (რაც სავალდებულო უნდა ყოფილიყო ყველასთვის და არც კვიპრიანე აუვლიდა მას გვერდს თავის პასუხში). მაგრამ, წმ. კვიპრიანესგან განსხვავებით, ე. ჭელიძის აზრით ის აუცილებლად იქნება "ცრუ მართლმადიდებელი".

გავიხსენოთ ასევე, რას გვიკიჟინებდა ე. ჭელიძე თავისი ახალი წიგნიდან ("სული - ცხოველი". თბ. 2012 წ.): "ხმამაღლა ვამბობთ, რომ საკმარისი იქნება თუნდაც ერთი ნიმუში ეკლესიის უწმიდესი ისტორიიდან მსოფლიო კრებათა ჩათვლით (I-VIII), მეტიც, მთელი იმ თექვსმეტსაუკუნოვანი ეპოქიდან, რაც წინ უძღვის ე. წ. "სტაროვერობას" (I-XVI სს.), - დიახ, თუნდაც ერთი უეჭველი ნიმუში იმისა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში დასხმითად მონათლულთა მრავალრიცხოვანი კრებულიდან რომელიმე მათგანი შემდეგ ამავე მართლმადიდებელ ეკლესიაში შთაფლვითად გადანათლულიყოს" (ე. ჭ. "სული ცხოველი". თბ. 2012. გვ. 112-113).

საკმარისი რისთვის? - იმისთვის, რომ ხმა გაკმინდოს სიცრუის მნთხეველმა ე. ჭელიძემ!

წმ. კვიპრიანეს პასუხი მაგნუსისადმი არის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ არც იმდროინდელ ქრისტეანებს და არც თვით წმ. კვიპრიანეს არაფერი სმენოდათ "დიდაქეში" მოცემულ დასხმითი ნათლობის ნებართვაზე, არც მოციქულთა გადმოცემებიდან და ეკლესიის დადგენილებებიდან სმენოდათ რამე ამის შესახებ და ნათლობას ყოველთვის აღასრულებდნენ შთაფლვით, ხოლო კლინიკოსთა შემთხვევაში, როდესაც სარეცელს მიჯაჭვულს დასხმითად მონათლავდნენ (სხვათა შორის ამ კლინიკოსებსაც დიდი რაოდენობის წყალს ასხამდნენ), როგორც არასრულად მონათლულს ან საერთოდ მოუნათლავს თავიდან ნათელს-სცემდნენ... სხვა დასკვნის გაკეთება, უბრალოდ, შეუძლებელია იმ სიტყვებიდან, რომელსაც უკვე გავეცანით და ქვემოთაც გავეცნობით.

ამრიგად, ე. ჭელიძის სიტყვების პერიფრაზირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ჯერ კიდევ III ს-ში "სხურებითი" ნათლობის ჭეშმარიტებაში დაეჭვებულ ყველა არა ცრუ, არამედ ჭეშმარიტი მართლმადიდებლისთვის დიადი პასუხი გასცა ეკლესიის ურჩეულესმა მამამ, წმიდა მოწამე კვიპრიანე კართაგენელმა, რომელიც, საკუთარ აზრს არავის ახვევს, არავის არაფერში აფრთხილებს ამ საკითხთან დაკავშირებით და მეტიც, ნებასაც კი აძლევს "იფიქრონ ისე, როგორც სურთ, და იმოქმედონ ისე, როგორც ფიქრობენ".

მაგრამ ამაზე როდი ჩერდება ე. ჭელიძის მზაკვრული ჩანაფიქრი. მივყვეთ მის მსჯელობას. ე. ჭელიძე განაგრძობს: "მოძღვარი იქვე გვაწვდის წინამდებარე დებულების განმარტებასაც ცხადად წარმოაჩენს რა იმ პირთა მატერიალისტური "სარწმუნოების" სრულ უსაფუძვლობას, რომლებიც ნივთიერების რაოდენობას უქვემდებარებენ ნათლისღების ღმრთივგანმწმენდელობით ძალმოსილებას, ისე თითქოს ამ საიდუმლოს აღსრულების ჟამს ფიზიკური ჭუჭყის ჩამობანანს ჰქონდეს ადგილი" ("სული - ცხოველი". გვ. 290).

აქ ე. ჭელიძე მიმართავს მორიგ მზაკვრობას. მას აქცენტი გადააქვს სანათლავი ნივთიერების, ანუ წყლის რაოდენობაზე და ირწმუნება, თითქოსდა წმიდა მამა მაგნუსისადმი პასუხში "წარმოაჩენს იმ პირთა მატერიალისტური "სარწმუნოების" სრულ უსაფუძვლობას, რომლებიც ნივთიერების რაოდენობას უქვემდებარებენ ნათლისღების ღმრთივგანმწმენდელობით ძალმოსილებას". მაგნუსის კითხვიდან, რომელსაც ვეცნობით წმიდა მამის მიერ გაკეთებულ ციტირებაში, არანაირად არ ჩანს ის დაინტრესებულიყოს ნივთიერების რაოდენობის მნიშვნელობით ნათლისღების საიდუმლოში. მაგნუსს აინტერესებს შეიძლება თუ არა დასხმითად მონათლული ჩაითვალოს ნათელღებულად ("უნდა ჩაითვალონ თუ არა ისინი რჯულიერ ქრისტიანებად იმის გამო, რომ განბანვის ნაცვლად მხოლოდ დაესხათ მათ მაცხოვნებელი წყალი?").

სხვათა შორის აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ ტერმინს "განბანვა", რომელიც დაპირისპირებულია ტერმინს "დაესხათ", საიდანაც მკაფიოდ ჩანს, რომ "განბანვა" გათანაბრებულია შთაფლვით ნათლობასთან და არის მისი შესატყვისი ტერმინი, შთაფლვითი ნათლობის აღმნიშვნელი სიტყვა. ამას ვამბობთ იმიტომ, რომ თავის "ნაშრომში" ("სული - ცხოველი") ე. ჭელიძე იესუ ქრისტეს იორდანეში განბანვას წარმოგვიჩენს, როგორც კოჭებამდე წყალში შესვლას და ამგვარ მდგომარეობაში თავის დახრით და წყლის ზედდასხმით ნათლობას. ამის შესახებ ჩვენ დეტალურად უკვე ვილაპარაკეთ, მაგრამ აქ, ამ კონკრეტულ ადგილას, კიდევ ერთხელ მკაფიოდ წარმოჩინდება, რომ ტერმინი "განბანვა" ნიშნავს შთაფლვას და არა ფეხების დაბანვას, ან კოჭებამდე წყალში შესვლას... ე. ჭელიძის არათანმიმდევრულობა აქ კიდევ ერთხელ მკაფიოდ იჩენს თავს და გვარწმუნებს იმაში, რომ ეს ინდივიდი ან არაადეკვატურია, ან კიდევ ასეთად მიაჩნია თავისი ეკლესიის მრევლი, რომელსაც ნებისმიერ სისულელეს მოახვევს თავს.

მაგრამ, მოდი, კვლავ განსახილველ საკითხს დავუბრუნდეთ. მოკლედ, ე. ჭელიძეს აქცენტი გადააქვს სანათლავი ნივთიერების, ანუ წყლის რაოდენობაზე და ირწმუნება, თითქოსდა წმიდა მამის პასუხი სწორედ ამგვარ "მატერიალისტური" სარწმუნოების მქონე პირებს" აცამტვერებს. ესეც მორიგი სიცრუეა, რადგან, მართალია, წმ. კვიპრიანე ამბობს, უძლურებაში მყოფთაც მიეცემაო საღმრთო მადლი, მაგრამ აქ ხაზია გასმული სწორედ იმაზე, რომ ადამიანის რწმენას შეუძლია, ღმრთის მადლის გარდამოწვევა; და ეს არის გამონაკლის, იშვიათ ან რთულ ვითარებებში შესრულებადი საიდუმლოებების განმარტება და არა ეკლესიის ჩვეულებრივი ნორმატიული აქტი, რადგან წმ. კვიპრიანე ამბობს: "სადაც არის სავსე და სრული რწმენა როგორც მიმცემელისა (ნათლისმცემელისა, - ე.ჭ.), ასევე მიმღებელისა (მოსანათლისა, - ე.ჭ.), შეუძლებელია, რომ იქ რაიმეთი ნაკლები ზემოქმედება (სიტყვ. "შეხებადობა") ჰქონდეს საღვთო ნიჭთა გადმოდინებას" ("ეკლესია - სძალი უფლისა". გვ. 163-164). ამასვე ადასტურებს წმ. კვიპრიანეს მომდევნო მსჯელობა, სადაც  წმ. კვიპრიანე კართაგენელი ბრძანებს: "... ცხოვნების საიდუმლოში შეცოდებათა ლაქები იმგვარად როდი განიბანება, როგორც ხორციელ და საზოგადოებრივ აბანოში - კანისა და სხეულის ჭუჭყი, ისე თითქოს საჭირო იყოს გვარჯილა და სხვა რამ დამხმარე საშუალებები, ანთუ აბაზანა და წყალსატევი, რომლებითაც შესაძლებელია ტანის დაბანა და გასუფთავება. სხვაგვარად განიბანება მორწმუნის გული, სხვაგვარად განიწმინდება, რწმენის ღირსებით, ადამიანის გონება. მაცხოვნებელ საიდუმლოებებში, საჭიროების მოთხოვნისამებრ და ღვთის მიერ თავისი გულმოწყალების განვრცობის კვალობაზე, ყოველივეს უბოძებს მორწმუნეებს საღვთო შემოკლებანი" ("სული - ცხოველი". გვ. 290).

ცხადია, როდესაც წმ. მამა განმარტავს, რომ "ცხოვნების საიდუმლოში შეცოდებათა ლაქები იმგვარად როდი განიბანება, როგორც ხორციელ და საზოგადოებრივ აბანოში - კანისა და სხეულის ჭუჭყი, ისე თითქოს საჭირო იყოს გვარჯილა და სხვა რამ დამხმარე საშუალებები, ანთუ აბაზანა და წყალსატევი, რომლებითაც შესაძლებელია ტანის დაბანა და გასუფთავება", იმაზე კი არ მინიშნებას, რომ პასუხს აძლევენ "მატერიალისტური" რწმენის მქონე ადამიანებს, რადგან შეუძლებელია იმის წარმოდგენა, III საუკუნის ქრისტეანებს, მათ შორის ეპისკოპოსს, როგორიც იყო მაგნუსი, არა სცოდნოდათ, ნათლისღების საიდუმლო ხორციელი ჭუჭყის ჩამომბანი კი არა, სულის მწიკვლისგან ადამიანის განმწმენდი საიდუმლო რომ არის.  უბრალოდ, წმიდა მამა განუმარტავს შემკითხველთ მადლის მნიშვნელობას ნათლისღების საიდუმლოში და განმარტავს, რომ, თუ არის ადამიანის რწმენა და ღვთის ნება, ღმერთს ყოველივეს აღსრულება ძალუძს და მისი გულმოწყალება ყოველივეს უბოძებსო მორწმუნეებს შემოკლებულად შესრულებულ საიდუმლოშიც. მაგრამ ეს მაშინ, როდესაც საიდუმლოს ასეთი შემოკლება გამოწვეულია "საჭიროების მოთხოვნისამებრ".

ჩვენ მიერ ნახსენები ორივე რუსული სასულიერო აკადემიის (კიევისა და მოსკოვის) თარგმანებში გვაქვს ფრაზა: "В спасительных таинствах, в случае крайней необходимости по щедроте Божией, и в сокращении даруется от Господа верующим все" ("უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში" ღმრთის გულმოწყალებით ადამიანს ღმრთისგან შემოკლებითაც შეიძლება მიეცეს ყოველივე").

ე. ჭელიძე თავისი წიგნის "სული - ცხოველი" 296-ე გვერდზე სქოლიოში შენიშნავს, რომ "რუსულ თარგმანში მოცემულ ადგილას მთარგმნელისგან ჩამატებულია სიტყვა крайней ("в случае крайней необходимости"), რაც არ არისო ორიგინალში (შდრ. ნეცესსიტატე ცოგენტე).

ლათინური სიტყვა necessitate ნიშნავს "აუცილებლობას" (აუცილებლობისგან გამომდინარე, ძალაუნებურად, უნებლიეთ; ნეცესსიტატი სერვირე - დაემორჩილო აუცილებლობას, გარდაუვალობას, საჭიროებას -  необходимости). აი, ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობა:

1) აუცილებლობა (necessitate - აუცილებლობით, უნებლიეთ; necessitati servire - დაემორჩილო აუცილებლობას);

2) გარდაუვალობა, ბედი; (აუცილებლობა, გარდაუვალი (ბუნებრივი) შედეგი; აუცილებლობის ძალით);

4) აუცილებლობა, საჭიროება;

5) გარემოების ძალა, გარემოებათა დამთხვევა, უკიდურესობა;

6) საჭიროება, მოთხოვნილება, პირადი ინტერესი (ad necessitatem - საჭიროების მიხედვით);

7) სახელმწიფო და საზოგადოებრივი საჭიროება, მოთხოვნილება, აუცილებელი დანახარჯები;

8) სავალდებულო ძალა, მჭიდრო კავშირი (ნათესაური, მეგობრული).

იხ. ამონაწერი დიდი რუსულ-ლათინური ლექსიკონიდან: necessitas, atis f 1) необходимость (necessitate по необходимости, поневоле; necessitati servire покориться необходимости); 2) неизбежность, неизменность, судьба; 3) необходимость, неизбежное (естественное) следствие (necessitate в силу необходимости); 4) необходимость, нужда; 5) сила обстоятельств, стечение обстоятельств, крайность; 6) pl. нужды, потребности, личные интересы, личные виды (ad necessitatem по мере надобности); 7) государственные, общественные нужды, потребности, необходимые издержки; 8) обязательная сила, тесная связь (родство, дружба) (Большой латинско-русский словарь. სიტყვა necessitas.

წყარო: http://linguaeterna.com/vocabula/list.php?letter=N // ან კიდევ:  http://www.вокабула.рф/словари/большой-латинско-русский-словарь/necessitas. (URL-ს მიმართვის თარიღი: 07.08.2020).

ამრიგად, წმ. კვიპრიანეს ტექსტში გვაქვს მითითება, რომ "უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში", თუ ადამიანს აქვს რწმენა და ამ რწმენით მიმართავს ღმერთს სულის სახსნელად, "ღმრთის გულმოწყალებით შემოკლებითაც შეიძლება მიეცეს ყოველივე". თანაც, ეს წმიდა მამის კერძო აზრია და არა საყოველთაოდ ჩამოყალიბებული დოგმატური განწესება, რომელიც ეკლესიის ნორმად უნდა იქცეს. წმ. კვიპრიანეს მსგავსი არაფერი უქადაგია და არც დაუწესებია. (11)

---------------
სხვათა შორის ტერმინი, "უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში" წმ. კვიპრიანეს (რუსული თარგმანების მიხედვით) გამოყენებული აქვს ორჯერ. მეორედ ის ასე ბრძანებს: "... так и духи злобы, называемые скорпионами и змеями, и однако по данной от Бога власти попираемые нами, не могут долее пребывать в теле человека, в котором, по крещении и освящении его, начинает обитать Дух Святой. Это наконец мы испытываем и на самом деле: те, кои, в случае крайней необходимости, крещены и получили благодать в болезни, освобождаются от нечистого духа..." (იქვე). ქართულად: "... ასევე ბოროტების სულნი, რომელთაც ვუწოდებთ გველთა და მორიელთ და, რომლებიც იქელებიან ღმრთისგან ჩვენდამი ბოძებული მადლით, ვეღარ არიან შემძლებელნი დარჩნენ ადამიანის სხეულში, რომელშიც, ნათლისღებისა და განწმენდის შემდეგ ისადგურებს სულიწმიდა. სწორედ ამას განვიცდით ჩვენ თვით საქმით: ისინი, ვინც უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მონათლულან და სნეულებაში ყოფნისას მიუღიათ მადლი, თავისუფლდებიან უწმინდურ სულთაგან...").
---------------

ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ლათინურ ორიგინალში შეიძლება არ იყოს სიტყვა "უკიდურესი", ამ შინაარსს სიტყვა necessitas მაინც შეიცავს, რამეთუ აღნიშნავს გარემოებათა დამთხვევას, უკიდურესობას, უკიდურეს გარემოებას. ამიტომაც, არანაირი საფუძველი არ გვაქვს, არ ვენდოთ ორი სასულიერო აკადემიის (კიევისა და მოსკოვის) თარგმანებს, რომლებიც ლათინურ სიტყვა necessitas-ს თარგმნიან "უკიდურეს აუცილებლობად" (ტექსტში: "უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში" - რუს.: в случае крайней необходимости) და ვენდოთ ე. ჭელიძეს, რომელიც, როგორც აქამომდე უკვე ვნახეთ, ყოველ ფეხის ნაბიჯზე იტყუება.

მით უმეტეს, არ გვაქვს ე. ჭელიძისადმი ნდობის უფლება მას შემდეგ, რაც თუნდაც ტერმინ "ბაპტიზმას" ე. ჭელიძისეული ინტერპრეტაციები და სიყალბეები ვნახეთ, როდესაც ამ ტერმინის "განმარტებაში" თვით ბერძნებსაც კი ეპაექრება და ლამის საკუთარი ენის არცოდნაში ადანაშაულებს (ცხადია, ქვეტექსტურად). მაშ, რატომ უნდა ვენდოთ მას ლათინური სიტყვის თარგმანში, რომელიც ასევე შეიცავს მრავალ მნიშვნელობას და შეიძლება ისეც ითარგმნოს, როგორც ამას რუსი მეცნიერები თარგმნიან?! ცხადია, ამგვარი თარგმანის უგულებელყოფა და ე. ჭელიძის, ამ საყოველთაოდ გამომზეურებული ცრუპენტელასადმი მინდობა იქნებოდა უკიდურესი უგუნურება. ხოლო იმაში, რომ ე. ჭელიძე ცრუპენტელა და მატყუარაა, ზემოთ ბევრჯერ დავრწმუნდით და ქვემოთ კიდევ არაერთხელ დავრწმუნდებით.

მაგრამ, რატომ იბრძვის ე. ჭელიძე საკითხის ამგვარი კუთხით წარმოჩენის წინააღმდეგ? - იმიტომ, რომ მაშინ საფუძველი ეცლება მის ძირითად იდეას, გამოაცხადოს დასხმითი ნათლობა ეკლესიის საყოველთაო წესად, დოგმატად, რომელსაც წმიდა მამა თურმე "მატერიალისტური "სარწმუნოების"" მქონე პირთა სრული უსაფუძვლობის სამხილებლად აყალიბებს.

მაგრამ ლათინური ტექსტის აკადემიური თარგმანებიდან ჩანს, რომ შეუძლებელია ეკლესიის დოგმატი და საყოველთაო წესი იყოს ჩვეულება, რომელზეც წმიდა მამა საკუთარ, კერძო "მოსაზრებას" გვთავაზობს ("... ჩვენი მოკრძალება და მორჩილება არავის აფრთხილებს საკუთარი მოსაზრებით..." რუს.: "скромность и смирение наше ни кого не предупреждает своим мнением..."), და თითქოსდა მობოდიშებითაც გვეუბნება არავის არ ვაფრთხილებ ამ ჩემი აზრითო და არც ვინმეს თავს ვახვევო, ბოლოს იმასაც კი ამბობს, ვისაც როგორც გნებავთ ისე მოიქეცითო ("ყველას აძლევს ნებას იფიქროს ისე, როგორც სურს და იმოქმედოს ისე როგორც ფიქრობს". რუს. თარგმ.: "...предоставляя всякому думать как угодно и поступать как думает").

ბოლოს და ბოლოს, რუსულ თარგმანში ჩართული სიტყვა крайний ("… в случае крайней необходимости…") ზედმეტიც რომ იყოს და არ შეესაბამებოდეს ლათინურის ტექსტს, თვით ე. ჭელიძის მიერ შემოთავაზებული თარგმანიც კი ("საჭიროების მოთხოვნისამებრ") იმასვე ადასტურებს, რაზეც მის მიერ დაწუნებული რუსული აკადემიური თარგმანები მეტყველებენ. რადგან, რას ნიშნავს გამოთქმა "საჭიროების მოთხოვნისამებრ" თუ არა იშვიათ, განსაკუთრებულ შემთხვევას, რის გამოც დგება მისი შემოკლების ან სხვაგვარად შესრულების "საჭიროება". თვით ტერმინი "საჭიროების მოთხოვნისამებრ" გვიჩვენებს, რომ აქ წმიდა მამას ნაგულისხმევი აქვს არა ეკლესიის საყოველთაო, დამკვიდრებული და დოგმატურად ჩამოყალიბებული წესი, რადგან ასეთ შემთხვევაში სრულიად ზედმეტია მასზე ითქვას, რომ ის სრულდება "საჭიროების მოთხოვნისამებრ", არამედ ისეთ შემთხვევაზე, რომელიც იშვიათია, საგანგებო ვითარებაში აღესრულება და მოთხოვნისამებრ საჭიროა მისი სხვაგვარად აღსრულება.

ამგვარ აზრს ე. ჭელიძე ასე ებრძვის: "პირველი ხაზგასმა ("საჭიროების მოთხოვნისამებრ") დიდად ეიმედებათ გადაშთაფლულებს, თუმცა მათი ამგვარი მოიმედეობა სრულიად უნაყოფოა, რადგან მოცემულ ადგილას სახეზეა მრავლობითი რიცხვი ("მაცხოვნებელ საიდუმლოებებში".  In sacramentis salutaribus; In the sacraments of salvation; В спасительных таинствах"), რაც ცხადყოფს, რომ მოძღვრის მსჯელობა ამ შემთხვევაში ეხება არა მხოლოდ ნათლისღებას, არამედ ზოგადად მაცხოვნებელ საეკლესიო საიდუმლოებებს, რომელთაგან ყველაზე აღმატებულია ზიარება ანუ ევქარისტია და, რა თქმა უნდა, მოძღვარიც პირველ რიგში მას გულისხმობს. შესაბამისად, სავსებით აშკარაა, რომ მოცემულ კონტექსტში გამოთქმა "საჭიროების მოთხოვნისამებრ" იმდენადვე განეკუთვნება მაცხოვნებელ ნათლისღებას, რამდენადაც მაცხოვნებელ ზიარებას, ხოლო ზიარებასთან დაკავშირებით, როგორც უკვე აღვნიშნავდით, სწორედ საჭიროების მოთხოვნისამებრ ანუ საკუთრივ "სიმოკლისთვის" ირჩია მრევლმა და პრაქტიკაშიც დააკანონა იოანე ოქროპირის ლიტურგია (თავდაპირველი იაკობისეული ვრცელი ლიტურგიის სანაცვლოდ), რის ანალოგადაც უადრეს პერიოდში (და კონკრეტულად კიპრიანეს დროს) ცნობილი იყო მოკლე ლიტურგია პეტრე მოციქულისა. აი, ამაზე ხდება მოცემულ შემთხვევაში საგანგებო ხაზგასმა წმ. კვიპრიანეს მხრიდან, როდესაც იგი იყენებს გამოთქმას "საღვთო შემოკლებანი" ("სული - ცხოველი". გვ. 296). ე. ჭელიძე აქაც აკეთებს სქოლიოში თავის შენიშვნას, სადაც კვლავ იწუნებს შესაბამისი ადგილის რუსულ თარგმანს, მაგრამ ამჯერად ამ საგანზე არ შევჩერდებით ორი მიზეზის გამო: პირველი, ცნობილია ე. ჭელიძის მიკერძოებულობა და არაობიექტურობა იმ თარგმანებთან დაკავშირებით, რომლებიც მის იდეებს ეწინააღმდეგებიან, და მეორე, - ამ შემთხვევაში ამ საკითხს ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. დავტოვოთ ეს წმიდად მთარგმნელობით თავისებურებად, რომელიც არა მარტო რუსებს, არამედ ცნობილ ქართველ მთარგმნელებსაც (მაგ. ეფვთვიმე მთაწმინდელს, ეფრემ მცირეს, გიორგი მთაწმინდელს) ახასიათებდათ. ეფრემ მცირეს ისე უთარგმნია წმ. გრიგოლ ნოსელის "კატეხიზმო", რომ დედანში ან რუსულ თარგმანში თუ გაეცნობით ამ თხზულებას, შესაძლოა საერთოდ ვერც კი იცნოთ და ეფრემის კერძო თხზულებად მიიჩნიოთ. შეად., მაგალითად, ე. კოჭლამაზაშვილი. წმ. გრიგოლ ნოსელის "დიდი კატექეტური სიტყვის" ძველი ქართული თარგმანი. Qრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი. 1/2008. გვ. 17-18, 48, 65, 69 და სხვა).

სანამ წმ. კვიპრიანე კართაგენელის ციტირებას განვაგრძობდეთ და ე. ჭელიძის მორიგ თაღლითობებს განვიხილავდეთ, არ შეგვიძლია ორიოდ სიტყვით მაინც არ შევეხოთ ოპონენტის მიერ აქ "დაგდებულ" არგუმენტაციას.

გაუგებარია რატომ არის გამოთქმა "საჭიროების მოთხოვნისამებრ", რომელიც "დიდად ეიმედებათ გადაშთაფლულებს", სრულიად უნაყოფო? რას გულისხმობს ე. ჭელიძე? რა გვეიმედება ჩვენ ამ გამონათქვამში და რატომ არის ის ე. ჭელიძის აზრით "უნაყოფო"?

ე. ჭელიძემ, როგორც ჩანს მოისაზრა, რომ წმ. კვიპრიანეს გამონათქვამი "საჭიროების მოთხოვნისამებრ", იშვიათ, საჭიროების შემთხვევაში აღსასრულებელ წესად წარმოაჩენს დასხმით ნათლობას, ამიტომაც, შეგვეძლო თავისუფლად გვეთქვა (და ასეც ვამბობთ), რომ ამგვარი რამ, რასაც წმ. მამა დასხმით ნათლობაზე ბრძანებს, ხდება მხოლოდ საგანგებო შემთხვევებში, ანუ "საჭიროების მოთხოვნისამებრ" და არა ყოველთვის, როგორც ნორმა, როგორც ჩვეულებრივი საეკლესიო საიდუმლო. ამიტომაც, ე. ჭელიძე ჩაგვაგონებგს, წმიდა მამამ გამოიყენაო მრავლობითი რიცხვი, რითაც მარტო ნათლობაზე კი არა, ყველა დანარჩენ საიდუმლოზე მიუთითაო... დანარჩენ საიდუმლოთაგან კი აირჩია უმთავრესი -  ევქარისტიის საიდუმლო.

მაგრამ ე. ჭელიძის არც ამ ხრიკს უწერია დღეგრძელობა. დავიწყოთ იმით, რომ წმ. კვიპრიანე მართლაც ყველა საიდუმლოსთან დაკავშირებით ამბობს, რომ "საჭიროების დროს", "უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში", თუ ადამიანს აქვს რწმენა და ამ რწმენით მიმართავს ღმერთს სულის საცხოვნებლად, "ღმრთის გულმოწყალებით შემოკლებითაც შეიძლება მიეცეს ყოველივე". მაგრამ წმ. კვიპრიანე არ ასახელებს სხვა საიდუმლოებებთან მიმართებაში რა "საღვთო შემოკლებებთან" შეიძლება გვქონდეს საქმე. მაგალითად, რას შეიძლება გულისხმობდეს "საღვთო შემოკლება" ზიარების, მირონცხების, სინანულის, ხელთდასხმის, ჯვრისწერის და ზეთისცხების საიდუმლოებებში... არის ეს ამ საიდუმლოებებში წეს-განგებით დაწესებული ლოცვების და მღვდელმოქმედებების შემოკლება თუ თვით საიდუმლოს არსის ცვალებადობა?

მოდი მცირედით შევჩერდეთ ამ საკითხზე.

გაგრძელება მომდევნო გვერდზე
25
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому