აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. III_XII_ორიოდ სიტყვით "შემკავებლის" შესახებ - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II

გრანდიოზული დივერსია

17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმის მიზეზები და შედეგები მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის. ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკური და ისტორიულ-ლიტურგიკული გამართლება
მართლმადიდებლური ესქატოლოგია
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.


თავი XII
___________________________________________________________________________________________________________________________________

ორიოდ სიტყვით "შემკავებლის" შესახებ

ამ თავში შევეხებით  თვით ზ. ნოდიას ესქატოლოგიურ პოზიციას, რომელიც მას აშკარად XIX-XX სს-ის რუსი ესქატოლოგებისა და თანამედროვე მონარქისტების იდეოლოგიიდან აქვს ნასესხები და ნამდვილად ცრუ ესქატოლოგიას წარმოადგენს.

ჩვენი ოპონენტი თავის თხზულებაში ავითარებს უახლოესი წარსულისა და თანამედროვეობის (ძირითადად XIX-XX სს.-ის) მონარქისტთა შეხედულებას "შემკავებლის" შესახებ, რომლის შესახებაც წმიდა მოციქული პავლე თესალონიკელთა მიმართ მეორე ეპისტოლეში მსჯელობს.

ლაპარაკობდა რა ჩვენი მაცხოვრის, იესუ ქრისტეს მეორედ მოსვლაზე, წმიდა მოციქული აფრთხილებდა თესალონიკელ ქრისტეანებს, ნუ ცდუნდებოდნენ "ნურც სულით, ნურც სიტყვით, ნურც ვითომცდა ჩვენს მიერ (ანუ მოციქულის მიერ - არქიეპ. პ.) მოწერილი წერილის გამო, თითქოს უკვე მოიწია უფლის დღეო", რადგან არ მოიწევა ის დღე, "ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე". იმდროინდელმა ქრისტიანებმა იცოდნენ, თუ რა უშლიდა ხელს მტარვალის (ანტიქრისტეს) მოსვლას ("ახლა კი იცით, რა უშლის ხელს იმაში, რომ თავის დროზე გამოჩნდეს"), და კვლავ უმეორებს მათ, რომ "ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, მაგრამ არ აღსრულდება მანამ, სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას" (2 თესალონიკ. 2:6-7).

შეკითხვას, ვინ ან რა არის ეს შემკავებელი ძალა, რომელიც ხელს უშლის უსჯულოების საიდუმლოს აღსრულებას და ანტიქრისტეს მოსვლას? ზ. ნოდია ასე პასუხობს: "მეოცე საუკუნეში, ქრისტეანული სახელმწიფოებრიობის დამხობით, მოიხსნა ის "შემაკავებელი", რაც საყოველთაო ეკლესიას იცავდა, როგორც შიგნიდან-ერესიდან, ასევე გარედან-ფიზიკური მტრისგან..." (გვ. 204). მაშასადამე, ზ. ნოდიას აზრით, ძალა, რომელიც აკავებდა ურჯულოების საიდუმლოს აღსრულებას და ანტიქრისტეს მოსვლას, ქრისტეანული სახელმწიფოებრიობა (ზ. ნოდიას პოზიციიდან - მართლმადიდებლური მონარქიზმი) ყოფილა და ეს ისეთივე არასწორი სწავლებაა, როგორიც ყველა სხვა დანარჩენი, რომელთა მეშვეობითაც ეს ავტორი თავის ხსენებულ კრებულში გვედავება.

როგორც ჩანს, ზ. ნოდიაზე დიდი ზეგავლენა მოუხდენია გასული საუკუნეებისა და თანამედროვე რუს მონარქისტთა ნეოქილიასტურ და ნეოფილეტისტურ თეორიებს. მაგალითად, აი, რას ვკითხულობთ ს. ფომინის აპოკალიპტურ კრებულში "რუსეთი მეორედ მოსვლის წინ" ("Россия перед вторым пришествием"): "წმიდა წერილის ძველი კომენტატორები ძალად, რომელიც აკავებს ანტიქრისტეს მოსვლას, სხვათა შორის, რომის სამეფოს მიიჩნევდნენ. მათ დროს, როდესაც რომის სამეფო ჯერაც არსებობდა, დანიელის წინასწარმეტყველებაზე დაფუძნებით შეიძლებოდა მასზე მითითება. მაგრამ ჩვენს დროს თუ შეიძლება რაიმე წონა მივანიჭოთ ამგვარ მოსაზრებას, მხოლოდ იმ მიმართებით, რომ რომის სამეფოს ქვეშ საერთოდ მეფის (მონარქის - არქიეპ. პ.) ძალაუფლებას თუ ვიგულისხმებთ. მეფის ძალაუფლება, რომელსაც საკუთარ ხელში უპყრია ხალხთ მასების მოძრაობის შეკავების მეთოდი და ასევე ხელთ უპყრია თვით საწყისნი ქრისტეანობისა, არ მისცემს ერს გადახრის უფლებას, და შეაკავებს მას. ხოლო, რადგან ანტიქრისტე უმთავრესად ყველა ადამიანის ქრისტესგან განდრეკას შეეცდება, მანამ ვერ გამოჩნდება, სანამ იარსებებს სამეფო ძალაუფლება. ის არ მისცემს მას კუდის მოქნევის შესაძლებლობას და ხელს შეუშლის მის სულიერ მოქმედებას. აი ეს არის შემკავებელი" (Сергей Фомин. Россия перед вторым пришествием 12. "Удерживающий теперь". https://coollib.com/b/374304/read // https://vechnoe.com/r07_prav_rus/19uderj2.php) (URL-ის მიმართვის თარიღი: 27.11.2020).

"შემკავებელში" მეფის ძალაუფლებას გულისხმობდა რუსეთის ოფიციალური ეკლესიის მრავალი წარმომადგენელი, მათ შორის ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული ("Русский паломник". Чико (Калифорния). 1991. № 3. С. 37. ციტ. Россия перед вторым пришествием. "Удерживающий теперь". https://coollib.com/b/374304/read) (URL-ის მიმართვის თარიღი: 27.11.2020) და მღვდელი იოანე კრონშტადტელი. ამავე სწავლებაზე ასხამდა წყალს ოფიციალური ეკლესიის ცნობილი "წმინდანი" სერაფიმე საროველიც, რომელსაც უთქვამს: "ებრაელები და სლავები ღმრთის განგების ორი ხალხია, ორი ჭურჭელი და ორი მოწმეა, ორი დაურღვეველი (?) კიდობანია; ხოლო ყველა სხვა ხალხები ფურთხი" ("Евреи и славяне суть два народа судеб Божиих, сосуды и свидетели Его, ковчеги нерушимые; прочие же все народы как бы слюна" (Нилус С. А. На берегу Божьей реки. Т. 1. С. 240-243) (ციტ. Сергей Фомин. Россия перед вторым пришествием. 24. Россия и антихрист. http://www.e-reading.club/chapter.php/1045647/28/Fomin_-_Rossiya_pered_vtorym_prishestviem.html#bookmark242) (URL-ის მიმართვის თარიღი: 27.11.2020).

როგორც ჩანს, პეტრე პირველისა და მის შემდგომ არსებულმა რევოლუციურმა განწყობებმა აიძულა ოფიციალური ეკლესიის მესვეურები, შეექმნათ მონარქიის "დამცავი" ერთგვარი იდეოლოგია. ვფიქრობთ, ამისი გამოხატულებაა ოპტინელი "სტარცების" სწავლებაც, რომლის მიხედვითაც "სამყაროს აღსასრული დადგება მაშინ, როდესაც რუსეთის თვითმპყრობელობის აღსასრული მოიწევა" ("Придет конец Православию и Самодержавию в России, тогда конец придет и всему миру") (Нилус С. А. На берегу Божьей реки Т. 1. С. 105. ციტ. Россия перед вторым пришествием. "Удерживающий теперь". https://coollib.com/b/374304/read) (URL-ის მიმართვის თარიღი: 27.11.2020).

დღეს მიმდინარეობს ამ იდეოლოგიური ცრუსწავლების რესტავრირება, რომელიც ლამის რელიგიური ჭეშმარიტების დონემდეა აყვანილი და ერთგვაროვანი შეფასება დღემდე არა აქვს. თანამედროვე ულტრამონარქისტები აქტიურად უწევენ მას პროპაგანდას, ხოლო უფრო ზომიერად განწყობილი მართლმადიდებლები პირიქით, - აკრიტიკებენ. სწორედ ულტრამონარქისტები ცდილობენ "შემკავებელში" ცხებული მართლმადიდებელი მეფე დაინახონ, მაგრამ რამდენად საფუძვლიანია მათი ეს მოსაზრება?

წმიდა მოციქულ პავლეს სიტყვები: "ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, მაგრამ არ აღსრულდება მანამ, სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას. და მაშინ გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო შემუსრავს თავის ბაგეთა სულით და განაქარებს თავისი სხივოსანი გამოცხადებით", ძალზედ მნიშვნელოვანი ესქატოლოგიური შინაარსის მატარებელი სიტყვებია. მაგრამ ის, რაც კარგად იცოდნენ პავლეს მიერ განსწავლულმა ქრისტეანებმა, დღევანდელ ქრისტეანებს არ ესმით ან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ მასზე.

ლ. ტიხომიროვი (1907 წ.) წერდა, რომ "შემკავებელი" ჯერ კიდევ წმ. მოციქულ პავლეს დროიდან არსებობდა და ასეთ შემთხვევაში, არანაირ ცხებულ, მართლმადიდებელ მეფეზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება: "სინამდვილეში, - წერს ლ. ტიხომიროვი, - ვადები (ანტიქრისტეს გამოჩენისა - არქიეპ. პ.) დამოკიდებულია სიკეთისკენ ან ბოროტებისკენ ადამიანის თავისუფალი ნების მიდრეკილებაზე. უფალს ნებავს, გადარჩეს რაც შეიძლება მეტი ადამიანი, და აი, შესაძლოა, ადამიანის ნების თავისუფალი მიდრეკილება ღმრთისკენ არის კიდევაც ის "შემკავებელი", რომელიც შემოსვლის შესაძლებლობას არ აძლევს ანტიქრისტეს. არის განმარტებაც, რომ "შემკავებელი" - ეს არის სულიწმიდის მოქმედება. მაგრამ სულიწმიდის მოქმედება არ აღიხოცება შუაგულიდან, სანამ არ გამოვლინდება ადამიანთა თავისუფალი ნების განდგომილება ღმრთისგან, როგორც ბრძანებს ამას თვით მოციქული პავლე: "რადგანაც არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე" (Тихомиров Л. Апокалиптическое учение о судьбах и конце мира // "Христианин". Сергиев Посад. 1907. № 9. ციტ. იქვე).

ლ. ტიხომიროვის აზრით, "თავისუფალი ნების ასეთი მოქმედება შეიძლებოდა მომხდარიყო მოციქულის დროსაც. ღმერთს თავისი ყოვლისმცოდნეობის ძალით რომ ეხილა, გადარჩენა მხოლოდ მორწმუნეთა უმცირეს რაოდენობას ნებავს, მაშინ ჯერ კიდევ მოციქულის დროსვე აიღებდა "შემკავებელს" და სამყაროს აღსასრული დაუყოვნებლივ დადგებოდა. ანტიქრისტეც სწრაფადვე ამოიზრდებოდა იმ ეპოქის რომელიმე მცირე ანტიქრისტესგან. ამიტომაც მაცხოვარი და მოციქულები მუდმივი მზადყოფნისთვის აფრთხილებდნენ ქრისტეანთ და თვით ეს გაფრთხილება ახალ და ახალ მისწრაფებებს იწვევდა ეკლესიის გასაფართოებლად, რადგან ხედავდნენ ცხოვნების მოსურნე ქრისტეანთა სიმრავლესაც, ამიტომაც, უფალმა არ გაიყვანა "შემკავებელი" შუაგულიდან და არ გაიყვანს მანამ, სანამ ეს სურვილი კაცობრიობაში ოდნავ მაინც ბჟუტავს" (იქვე).

რაც შეეხება წმიდა მამათა თვალსაზრისს, "შემკავებელში" ზოგიერთი წმიდა მამა გულისხმობდა სულიწმიდას, სხვები კი "შემკავებლად" რომის იმპერიას, იმპერიულ ძალაუფლებას, რომაული ტიპის იმპერატორულ ხელისუფლებას მიიჩნევდნენ. წმ. იოანე ოქროპირი წერდა, რომ ის უფრო მეორე ვარიანტს ემხრობოდა, ვიდრე პირველს, თუმცა არ უარყოფდა იმასაც, რომ შემკავებელი შეიძლებოდა ყოფილიყო სულიწმიდაც (იხ. Св. Иоанн Златоуст. Четвертая Беседа на Второе Послание Апостола Павла к Солунянам. М. 1908).

წმ. კირილე იერუსალიმელი ფიქრობდა, რომ ანტიქრისტე გამოჩნდებოდა მაშინ, როდესაც დასრულდებოდა რომის იმპერიის დროება. მაშინ მოიწევაო აღსასრულიც (Св. Кирилл, архиепископ Иерусалимский. Огласительное слово о втором пришествии Христовом. Цит. по кн.: Учение Священного Писания и Отцов Православной Церкви об антихристе. Тверь. 1991. С. 22). ასეთივე განმარტებებს იძლეოდნენ ნეტ. თეოდორიტე, წმ. ამბროსი მედიოლანელი და სხვები.

მაინც რატომ უნდა ყოფილიყო რომის იმპერია, რომის სახელმწიფო ანტიქრისტეს მოსვლის შემკავებელი? წმ. იოანე ოქროპირის განმარტებით, იმიტომ, რომ "მანამ, სანამ შეეშინდებათ ამ სახელმწიფოსი, ანტიქრისტეს არავინ დაემორჩილება; მაგრამ იმის შემდეგ, რაც ის განადგურდება, დაისადგურებს ქაოსი და მაშინ მტარვალი მიისაკუთრებს როგორც ადამიანურ, ასევე ღვთაებრივ ძალაუფლებას" (Беседа на Второе Послание Апостола Павла к Солунянам. Беседа 4, § 1. Проф. А. Д. Беляев. О безбожии и антихристе. Сергиев Посад. 1898 г. Часть 2, стрю 484). როგორც პროფ. ა. ბელიაევი (1852-1920) აღნიშნავს, "შემკავებელზე" წმ. იოანე ოქროპირის შეხედულება სხვა წმიდა მამათა შეხედულებებისგან იმითაც განსხვავდება, რომ "ანტიქრისტეს მოსვლის შემკავებლად აქ აღიარებულია საკუთრივ შიში, ადამიანებს რომ ჰქონდათ რომაული ხელისუფლებისა და მისი დაუმარცხებელი ძალის მიმართ, რომელიც მათ მორჩილებას აიძულებდა" (იქვე. გვ. 485). "და სწორედ რომის ამ რკინისებრ ძალასა და უძლეველ ძლიერებას, რომელიც ყველა ხალხში იწვევდა შიშსა და ძრწოლას ამ ძალაუფლების მიმართ, იოანე ოქროპირი მიიჩნევს კიდევაც ანტიქრისტეს მოსვლის შემაკავებელ წინაღობად" (იქვე). წმ. იოანე ოქროპირის შეხედულებას "შემკავებელზე" ის უპირატესობა აქვს სხვა მსგავს შეხედულებათა წინაშე, რომ ის "შემკავებელში" არა მარტო რომაულ იმპერიას გულისხმობს, არამედ განმარტავს, თუ როგორ აკავებს ეს იმპერია ანტიქრისტეს შემოსვლას.

ანტიქრისტეს შემკავებლად რომის იმპერიას და რომაულ ძალაუფლებას მიიჩნევდნენ ტერტულიანე, წმიდა მღვდელმოწამე ვიქტორინე პეტაბიელი, ნეტ. იერონიმე (იქვე. გვ. 490-492). ხოლო ნეტ. ავგუსტინე წმიდა მოციქულის სიტყვებს "შემკავებლის" შესახებ იმდენად რთულ და ძნელად გასაგებ ადგილად მიიჩნევს, რომ მას განუმარტებლად ტოვებს (შეად. იქვე. გვ. 493). ასე რომ, შეხედულება, თითქოსდა ანტიქრისტეს შემკავებელი იყოს მართლმადიდებელი, ცხებული მეფე, არც ერთი წმიდა მამის სწავლებაში არ დასტურდება, მით უმეტეს, რომ ზოგიე მათგანი მართლმადიდებელი იმპერატორების დროსაც კი ცხოვრობდა. ისინი "შემკავებელს" რომის პოლიტიკურ ძალაუფლებასთან აკავშირებდნენ.

რომის პოლიტიკურ ძალაუფლებას, რომაულ სახელმწიფოებრივ პრინციპებს ჩვენს თანამედროვეობას თუ დავუკავშირებთ, გავბედავთ და ვივარაუდებთ, რომ შესაძლოა "რომაულ ძალაუფლებაში", საერთოდ, სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური ძალა, პოლიტიკური ხელისუფლება იგულისხმებოდეს; ან კიდევ, როგორც ზოგიერთი თანამედროვე პროტესტანტი ღვთისმეტყველი ფიქრობს, რომაული ძალაუფლება რაღაც ფორმით განივთებული იყოს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკაში, რომლის აღსასრულის შემდეგ დადგება ქაოსი და გამოჩნდება ანტიქრისტე. "ძველად, - ვკითხულობთ ერთ-ერთ პუბლიკაციაში, - ისეთი გამონათქვამები, როგორიც არის "ხელს უშლის" და "შემკავებელი ძალა" ესმოდათ, როგორც მინიშნება რომის სახელმწიფოებრივ ძალაუფლებაზე ან, უფრო ვრცელი აზრით, სახელმწიფოებრივ წყობასა და წესრიგზე, რადგან წესრიგი, როგორი ანტიქრისტეანულიც გინდ იყოს, მაინც წესრიგია და სრულ ქაოსს ეწინააღმდეგება. ასეთია რომაული სამართალიც, მიუხედავად იმისა, რომ რომს ზოგჯერ მართავდნენ უგუნური იმპერატორები, მაინც იცავდნენ ცივილიზაციის ამ ერთ-ერთ მიღწევას. ეს დღემდე ნარჩუნდება, რადგან სახელმწიფო მართვის ძირითადი პრინციპი ევროპულ გაგებაშიც, ანუ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მიღებულია, როგორც რომის უდიდესი მემკვიდრეობა. მაგრამ ასეთი განმარტება მრავალს ნაკლებად დამაჯერებელი ეჩვენება. შესაძლოა, სულაც პირიქით, აქ იგულისხმებოდეს ღმრთის უხილავი ჩარევა ან უფრო ზუსტად, ქრისტეანული ქადაგება, რომელიც საკუთრივ ყველაზე მძლავრი წინააღმდეგობაა უსჯულოების აღზევებისა. ასეთი გაგება თანხმიერია ქრისტეს სიტყვებისა, რომ "იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული"" (იხ. მათე 24:14; მარკ. 13:10) (https://azbyka.ru/forum/threads/uderzhivajuschij.10636) (URL-ის მიმართვის თარიღი: 27.11.2020). თუმცა, ამ თემაზე იმაზე მეტს ვერ ვიტყვით, რაც წმიდა მამებმა ბრძანეს.

ამრიგად, "შემკავებელი" არანაირად არ უკავშირდება რუსეთის მეფეს და რუსულ თვითმპყრობელობას. ეს არის XIX-XX საუკუნეების რუსი მონარქისტების ფილეტურ-ქილიასტური თეორია, რომელსაც დღეს თანამედროვე რუსი მონარქისტები ქადაგებენ. როგორც ჩანს, მათ გარკვეული მომხრეები ჰყავთ საქართველოშიც, რასაც ზ. ნოდიას ხსენებული წიგნიც ადასტურებს.

ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ თვით რუსეთში ამ მონარქისტულ იდეას ერთგვაროვნად როდი აფასებენ. ზოგი ემხრობა მას, ზოგი - ეწინააღმდეგება. ასე მაგალითად, საზღვარგარეთის რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთ საიტზე ამასთან დაკავშირებით ვკითხულობთ: "მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში მოსკოვის საპატრიარქოს "მეძავი-ეკლესიის" წიაღში გავრცელებული ცრუწინასწარმეტყველება იმის შესახებ, თითქოსდა ანტიქრისტე ფეხს ვერ დაადგამს რუსეთის ტერიტორიაზე თვით მეორედ მოსვლამდე, რადგან რუსეთში მას "მართლმადიდებელი მეფე" დაუპირისპირდება, არ შეესაბამება წმიდა მამებისეულ სწავლებას და ატარებს ქილიასტურ-მწვალებლურ ხასიათს.

მეტიც, მსგავსი სახის ეგზალტირებული ნაყალბევები ამ ბოლო დროს შეგნებულად არის შექმნილი მართლმადიდებელი რუსების ყურადღების მოსადუნებლად, რათა აცთუნონ "თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც" (მათე 24:24), ანუ მართლმადიდებელი ქრისტეანები. ამასთან დაკავშირებით წმიდა წერილში არაორაზროვნად არის ნათქვამი: "ნუ ესავთ მთავართა, ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არს არა ცხორებაY") (ფსალმ. 145:3). სწორედ ამიტომაც, იმის მტკიცება, რომ თანამედროვე რუსეთის ფედერაცია (რომელსაც პირველი ადგილი უკავია აბორტების, ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის, პროსტიტუციის, ასევე კორუფციისა და დამნაშავეობის მხრივ) და მისი ნეოსაბჭოური ხელისუფლება (რომელიც დევნის ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტეანთ, ცდილობს, აღადგინოს უღვთო საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობა და 20 წელზე მეტია ძარცვავს საკუთარ ხალხს) წარმოადგენს "მსოფლიო ბოროტების შემკავებელს", არის, არც მეტი, არც ნაკლები - მწვალებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ წმიდამამებისეულ სწავლებას ბოლო ჟამისა და ანტიქრისტეს შესახებ. რაც შეეხება "რუსეთის სამეფოს", რომელსაც თურმე "ჯოჯოხეთის ბჭენი" ვერ შემუსრავენ, წმიდა წერილში ერთმნიშვნელოვნად არის ნათქვამი არა სახელმწიფოებრივ წარმონაქმნზე ან მიწიერ მეფეზე, არამედ ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიაზე, რომელსაც სულიწმიდა ანტიქრისტესეული დევნულების პერიოდშიც კი კატაკომბებში დაიცავს: "ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას"" (მათე 16:18)" (Преп. Серафим Саровский: "Антихрист родится в России". http://www.pokaianie.ru/article/prophecy/read/9452) (URL-ის მიმართვის თარიღი: 27.11.2020).

ამავე სტატიაში სრულიად სამართლიანად არის აღნიშნული: "ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ მონარქისტულ რუსეთში ნაშობმა ღმრთისმბრძოლმა ბოლშევიზმმა გაიმარჯვა სწორედ მართლმადიდებლურ რუსეთში, გადააქცია ის ათეისტურ საბჭოთა კავშირად და აქედან თავისი გამხრწნელი ანტიქრისტეანული ზეგავლენა ლამის მთელ დედამიწაზე გაავრცელა. მეტიც, მან ღვთისმტვირთველი ერი ღმრთისმბრძოლ ერად გადააქცია, როგორც წინასწარმეტყველებდა ამას კონსტანტინე ლეონტიევი" (იქვე).

«რაც შეეხება მრავალი თანამედროვე რუსი (და არა მარტო) მართლმადიდებლურ-პატრიოტული მოღვაწის ქილიასტურ მოლოდინს, - ვკითხულობთ იქვე, - სასარგებლო იქნება, გავიხსენოთ ცნობილი ღვთისმეტყველისა და მღვდელმთავრის, საზღვარგარეთის რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოსის ამბერკის (ტაუშევი) სიტყვები: "რაც ყველაზე საშინელია: ეკლესიის სწავლების საწინააღმდეგოდ ასე განწყობილთ (ამ მწვალებლობის ერესიარქთა გარდა, რომლებმაც კარგად უწყიან, რას იქმან, საით მიდიან და სხვებსაც საით უბიძგებენ), ზოგჯერ არც კი იციან, რომ ისინი ხელს უწყობენ არა დედამიწაზე ღმრთის სუფევის მოწყობას, არამედ ანტიქრისტეს სამეფოს მომზადებას. რადგან, მთელი რიგი წმიდა მამების წინასწარმეტყველებით, დედამიწაზე კეთილდღეობისა და მშვიდობიანი ცხოვრების მოწყობით ... მთელი კაცობრიობის სიმპათიებს დაიმსახურებს და ქრისტეანთ აცთუნებს სწორედ ანტიქრისტე. მაშ, აი, ვის ემსახურებიან საბოლოო ჯამში ეს თანამედროვე ნეოქილიასტი ერეტიკოსები!"» (იქვე).

ზ. ნოდიასნაირებისთვის მეტად საყურადღებო უნდა იყოს იგივე არქიეპისკოპოს ამბერკის (ტაუშევი) შემდეგი ნათქვამიც: "ჩვენს დროში მართლმადიდებლობის გაყალბება უფრო საშიში ხდება, ვიდრე აშკარა ერესი და უღმრთოება. მართლმადიდებელი ქრისტეანის ცთუნება მწვალებლობით (მით უფრო ათეიზმით) რთულია, მაგრამ გაყალბებით, მართლმადიდებლობის იმიტაციით ადამიანთა არა მარტო უზარმაზარი მასები ცთუნდებიან, არამედ მათ ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისგანაც განდრეკენ და ცხოვნებისგანაც" (იქვე). აი, ამდაგვართა იდეოლოგიის ქვეშ არის ზ. ნოდიაც, რომელიც აქტიურად ქადაგებს ნეოფილეტურ და ნეოქილიასტურ "მონარქიზმს" და თანაც რუსულს.
18
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому