აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. III_II_11_12_ერთი დღე როგორც ათასი წელი, და ათასი წელი, როგორც ერთი დღე - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II

გრანდიოზული დივერსია

17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმის მიზეზები და შედეგები მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის. ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკური და ისტორიულ-ლიტურგიკული გამართლება
ლათინური ჯვარი
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.


თავი II
___________________________________________________________________________________________________________________________________

ეკლესიის დაქვრივების შესახებ


11. "ერთი დღე როგორც ათასი წელი, და ათასი წელი, როგორც ერთი დღე"

მოდი, სხვა კუთხითაც შევხედოთ ზ. ნოდიას შეხედულებას "დროებითისა" და "სრულის" კატეგორიებზე. საკუთარ კითხვაზე, თუ რას გულისხმობს ეკლესიის დაქვრივება, ზ. ნოდია პასუხობს: "რა იგულისხმება ამაში? - მხოლოდ ის, რომ - ეკლესია ფუნქციონირებს ეპისკოპოსის გარეშე დროებით: თუ დროზე არ გამოჩნდა ეპისკოპოსი, მაშინ "დროებით დაქვრივებასთან" კი არა - "სრულ დაქვრივებასთანაა" საქმე, ანუ ქრისტეს სწყდება და წარმართობაში გადადის არა კათოლიკე ეკლესია სრულად, არამედ მისი ადგილობრივი ეკლესია, ან მისი კონკრეტული ნაწილი... მხოლოდ მეორედ მოსვლის წინ, ერთადერთ, განუმეორებელ და გამონაკლის შემთხვევაში ძლებს დროებით დაქვრივებული ეკლესია უეპისკოპოსოდ - ცხადია არა სამას წელს, არამედ ერთი თაობის (?) მანძილზე (მაინც ვერ გავიგეთ, რას ეფუძნება ზ. ნოდიას ამგვარი მტკიცებულება? - არქიეპ. პ.), ვინაიდან ქრისტე უკვე კართანაა, უკვე მათთანაა, და არამხოლოდ ამქვეყნიური ეკლესია, არამედ დედამიწაც ასრულებს არსებობას" (იქვე. გვ. 205).

რას ნიშნავს: "თუ დროზე არ გამოჩნდა ეპისკოპოსი"? რომელია ეს დრო და ვინ დაუწესა იგი ღმერთსა და მის ეკლესიას? როდიდან ექვემდებარება დროის მოთხოვნებს ღმერთი, რომ მის მოქმედებას და განგებულებას დრო დავუწესოთ? არ არის ეს კადნიერება? მკრეხელობა არ არის ყოვლისშემძლე ღმერთს ადამიანმა საზღვრები დაუწესოს და ამტკიცოს, თუ რა შეუძლია მას და რა არა? სადამდე შეუძლია მას გააძლებინოს მის ეკლესიას და სადამდე არა? არ არის მწვალებლობა, ეს ითქვას განკაცებულ ღმერთზე, რომელმაც განაცხადა: "მომეცა მე ყოველი ხელმწიფებაი ცათა შინა და ქუეყანასა ზედა" (მათე 28:18)? განა არ არის მწვალებლობა დრო დავუწესოთ იმ ღმერთის მოქმედებას და განგებულებას, რომლისთვისაც "ერთი დღე როგორც ათასი წელი, და ათასი წელი, როგორც ერთი დღე" (2 პეტრე 3:8)? აი, როგორ განმარტავენ ამ სიტყვებს წმიდა მამები და ახალმოწესე ეგზეგეტები:

ნეტ. ავგუსტინე (354-430): "დროის ათასწლოვანი შუალედიც კი, მისი ბოლო სამყაროს აღსარულიც რომ იყოს, ყველასთვის ბოლო ჟამად და მეტიც, ბოლო დღედ იქნებოდა წოდებული, რადგან წმიდა წერილში ნათქვამია: "რადგან ათასი წელი შენს თვალში, ვითარცა ერთი დღე (შეად. ფსალმ. 89:4; 2 პეტრე 3:8), ასე რომ, ამ ათასი წლის განმავლობაში რაც უნდა ხდებოდეს, ამაზე ლაპარაკობდნენ როგორც ბოლო ჟამს ან უკანასკნელ დღეს მოსახდენ ამბავზე" (https://ekzeget.ru/bible/2oe-poslanie-ap-petra/glava-3/stih-8/) (URL-ის მიმართვის თარიღი: 09.11.2020).

ეპისკოპოსი ევსები ემესელი (დაახლ. 300-360): "პეტრე მოციქული ამბობს, რომ ადამიანის ცხოვრება მოკლეა და სავსეა ჭირვებებით. მხოლოდ შენ ხარ (ღმერთო) მარადიული და უცვალებელი, და ათასი წელი (შენთვის) როგორც ერთი დღე და უფრო მოკლეც, ვიდრე მესამედი ღამისა (შეად. ფსალმ. 89:4). რადგან, ვისაც მიენდობა ღამის გუშაგობა, იცვლებიან მეოთხე გუშაგობისას, და სწორედ მეოთხე გუშაგობისას გამოეცხადა უფალი თავის წმიდა მოციქულებს (მათე 14:25). თუკი მოციქული ასე ლაპარაკობს ათას წელზე, მაშინ ცხადია, რომ ადამიანური ცხოვრება ძალზე პატარა მონაკვეთია. და თუმც დღე უფლისა, როგორც ათასი წელი, ის მაინც დაუყოფელია; არავინ ცხოვრობს კაცთაგან ათას წელს და კაცთაგან არავინ იცის უფლის დღე მთლიანობაში" (რუს. თარგმანში: (https://ekzeget.ru/bible/2oe-poslanie-ap-petra/glava-3/stih-8/) (URL-ის მიმართვის თარიღი: 09.11.2020).

ეპისკოპოსი ჰილარიუს არლელი († 449). "რადგან, როგორც ადამიანი იმახსოვრებს ერთ დღეს და იმ საქმეებს, რასაც ამ ერთ დღეში აკეთებს, ასევე ღმერთი არ ივიწყებს თავის საქმეებს აღსრულებულთ ათას წელიწადში; ხოლო ცოდვილნი რომ არ გაჰყავს ამა ქვეყნიდან ესოდენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რაც წამიერია მისთვის, არის მისი ძლიერების მაჩვენებელი" (https://ekzeget.ru/bible/2oe-poslanie-ap-petra/glava-3/stih-8/) (URL-ის მიმართვის თარიღი: 09.11.2020).

მიტროპოლიტი ცეზარ არლელი (არელატელი) (470-543): "რადგან სამსჯავროს დღეზე წერილ არს, რომ ერთი დღე იქნება, როგორც ათასი წელი, ვინ და საიდან უწყის, ამ ცეცხლში დღეებს გაატარებს, თვეებს თუ წლებსაც კი?" (https://ekzeget.ru/bible/2oe-poslanie-ap-petra/glava-3/stih-8/) (URL-ის მიმართვის თარიღი: 09.11.2020).

ეპისკოპოსი მიხაილი (ლუზინი): "ერთი დღე, როგორც ათასი წელი..." და შემდგ. - "ყველაზე უმოკლესი პერიოდი, როგორიც არის ჩვენი დღე, ღმერთისთვის საკმარისია, რათა აღასრულოს ისეთი საქმეები, რასაც დროის ჩვენი აღრიცხვით ათასი წელი დასჭირდებოდა, და ისეთი ხანგრძლივი პერიოდი, როგორიც ათასი წელია, უფლისთვის ისე სწრაფად გადის, როგორც ჩვენთვის ერთი დღე. ... გასაგებია, რომ ღმერთისთვის არ არსებობს დროის ისეთი განზომილება, როგორიც ადამიანებთან, და მასთან მიმართებაში დროის განსაზღვრა ადამიანური საზომებით შეუძლებელია. მას, ვინც ექვს დღეში შექმნა ცა და მიწა, საკუთარი ნებით ძალუძს ერთ დღეში უეცრად აღასრულოს ის, რასაც ჩვენი დღეების თანამიმდევრობით და განზომილებით ათასი წელი მოუნდებოდა, და პირიქით: წუთისოფლის ათასი წელი შეიძლება გავიდეს, როგორც ერთი შვიდეული, როდესაც დადგება საყოველთაო დღის დიადი შაბათი. ადამიანისთვის ხანგრძლივი დრო დღესავით მოკლეა ღმრთისთვის, ის, რაც მოკლეა მისთვის, ძალზედ ხანგრძლივია ჩვენთვის, როგორც ათასი წელი ..." (https://ekzeget.ru/bible/2oe-poslanie-ap-petra/glava-3/stih-8/) (URL-ის მიმართვის თარიღი: 09.11.2020).

ა. პ. ლოპუხინის განმარტებითი ბიბლია: "დროის კაცობრივ განზომილებას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს მარადიული ღმერთის თვალში, რომლის წინაშე თანაბრდება გასხვავებული ხანგრძლივობის პერიოდები, მაგალითად, ერთი დღე და ათასი წელი..." (Толковая Библия А.П. Лопухина. https://ekzeget.ru/bible/2oe-poslanie-ap-petra/glava-3/stih-8) (URL-ის მიმართვის თარიღი: 09.11.2020).

მაშასადამე, მხოლოდ ღმერთს შეუძლია განსაზღვროს და არა საცოდავი ადამიანის ჭკუას, რამდენი ხნის განმავლობაში დააქვრივებს ის თავის მორწმუნეებს, რათა შემდეგ უთხრას: "გაიხარე ბერწო, უშობელო! სიხარულით აყიჟინდი, სალმობის განუცდელო, რადგან მიტოვებულს მეტი შვილები ეყოლება, ვიდრე გათხოვილს, ამბობს უფალი... ნუ გეშინია, რომ შერცხვენილი ხარ, ნუცა გეკდიმების, რამეთუ ყვედრებულ იქმენ, რამეთუ დავიწყებულ იქნება საუკუნოდ შენი სირცხვილი და შენი ქვრივობის ყვედრება აღარ იქნება გახსენებული. რამეთუ უფალია შენი შემოქმედი... თქვა ღმერთმან შენმან: მცირე ხნით მყავდი მიტოვებული, მაგრამ შეგიწყალებ დიდი წყალობით. გულისწყრომისას მცირე ხნით გარემივიქციე პირი ჩემი შენგან, მაგრამ სამარადისო წყალობით შეგიწყალებ, ამბობს შენი მწყალობელი უფალი" (ესაია 54:1-8).

ეკლესიას არც უნდა უკვირდეს თავისი შვილების მრავლობა, რადგან წმიდა წერილში ნათლად არის ნათქვამი, რომ ყოვლისშემძლე ღმერთს ქვებისგანაც კი შეუძლია შვილების აღდგენა.

ოფიციალური მართლმადიდებელი ეკლესიის ადეპტებს ვერ წარმოუდგენიათ თუ როგორ შეიძლება ღმერთმა ასეთ განსაცდელში ამყოფოს ეკლესია. მაგრამ სწორედ ამგვარი (და კიდევ უარესი) განსაცდელის  შესაძლებლობას ბრწყინვალედ აღწერს წმ. იოანე ოქროპირი, რომელიც თავის სულიერ შვილ ოლიმპიადას განუმარტავს, თუ როგორ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს ეკლესია და რა შეიძლება დაუშვას ღმერთმა მასზე, და საერთოდ, რა შედეგი მოაქვს განსაცდელებს. ანუგეშებს რა მწუხარებაში მყოფ სულიერ შვილს, წმ. იოანე ოქროპირი არიგებს, რომ უნდა გვეშინოდეს მხოლოდ ცოდვის ჩადენის, და არწმუნებს, ჭირვებანი უდიდეს ჯილდოს გვიმზადებენ, რის გამოც ღმერთი დაუშვებს ხოლმე ჩვენზე მრავალგვარ განსაცდელს. უფალი ყველა დროს უშვებდა საცთურებსა და დევნულებებს, რათა უკეთ გამოევლინა თავისი ყოვლადძლიერება და სიბრძნე.

წერს რა ოლიმპიადას იმ საეკლესიო მღელვარების შესახებ, რომელიც თავს დაატყდა თვით წმ. იოანე ოქროპირს და რომლის გამოც მჭმუნვარებაში შთავარდა მისი სულიერი შვილი, წმიდა მოძღვარი მას ასე არიგებს: "მსურს განვკურნო შენი მჭმუნვარების წყლულება და გავფანტო ღრუბლები წუხილის აზრებს რომ მოუზიდავს. რა აშფოთებს, რა ადარდებს და აწუხებს შენს სულს? ის, რომ სასტიკი და პირქუშია ეკლესიებზე მოწევნული ქარიშხალი? ის, რომ სრულიად დააბნელა მან დღე და ღამე და ამსხვრევს ხომალდებს? ის, რომ იზრდება სამყაროს წარწყმედა? ეს მეც ვიცი, და არავინ შეგვეწინააღმდეგება ამაში. თუ გინდა, აღგიწერ, რა ხდება ახლა, რათა უფრო ნათელი გავხადო შენთვის მიმდინარე სამწუხარო მოვლენები. ჩვენ ვხედავთ, როგორ ბობოქრობს ზღვა და როგორ იწევენ ფსკერიდან მისი ტალღები; მეზღვაურთაგან ზოგი წყლის ზედაპირზე ტივტივებს, ზოგიც უფსკრულისკენ მიდის; ირღვევა ხომალდის კორპუსი, იხევა მისი აფრები, იმტვრევიან ანძები, მენიჩბეებს ხელიდან უვარდებათ ნიჩბები, ხელმძღვანელები დამსხდარან გემბანზე და ნაცვლად იმისა მართონ ხომალდი, მუხლებზე ხელები შემოუჭერიათ, ხმამაღლა ყვირიან, ტირიან და დრტვინავენ გამოუვალი მდგომარეობით დაზაფრულნი; ისინი ვერ ხედავენ ვერც ცას და ვერც ზღვას, არამედ მხოლოდ ღრმა და კუნაპეტ ღამეს, რომლის იქით მხოლოდ სიბნელეა და ოდენ ტალღების გრიალი ისმის, სადაც ზღვის ცხოველები წყალში მცურავებზე ნადირობენ. მაგრამ, როდემდე ვსდიო მიუწვდომელს? როგორი შედარებაც უნდა ვპოვო ახლანდელი უბედურებების აღსაწერად, სიტყვა უძლურდება მათ წინაშე. თუმცა, მართალია, ვხედავ ყოველივე ამას, მაგრამ მაინც არ ვეძლევი სასოწარკვეთას უკეთესი მომავლის მოლოდინში, რამეთუ მახსოვს ის, ვინც არის ჩვენი ხომალდის მეთაური, რომელიც ხელოვნებით კი არა სძლევს ქარიშხლის შემოტევას, არამედ ერთი განკარგულებით დაამშვიდებს სტიქიის მღელვარებას; და თუ ის ამას თავიდანვე და იმწამსვე არ იქმს, მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი აქვს ჩვეულება: საშიშროებას აღმოფხვრის არა თავიდანვე, არამედ მაშინ, როდესაც გაძლიერდება და თავის უკიდურეს ზომას მიაღწევს; და, როდესაც უმრავლესობა უკვე დაკარგავს ყოველგვარ იმედს, სწორედ მაშინ აღასრულებს საკვირველ და მოულოდნელ სასწაულს, გამოავლენს თავის ძლიერებას, რითაც გვაჩვევს, მოვითმინოთ ჩვენზე მოწევნული ჭირვებანი" (Творения святого отца нашего Иоанна Златоуста, архиепископа Константинопольского, в русском переводе. Издание СПб. Духовной Академии, 1897. Том 3, Книга 2, Письма к разным лицам, с. 560-817. Творения святого отца нашего Иоанна Златоуста, архиепископа Константинопольского, в русском переводе. Издание СПб. Духовной Академии, 1906. Том 12, Книга 3, Дополнение к письмам св. Иоанна Златоуста, с. 1001-1002).

"ამრიგად, დაე, ნუ შეგაცბუნებს ნურაფერი იმათგან, რაც ხდება. ნუ ეძახი დასახმარებლად ან ერთს ან მეორეს და ნუ დასდევ აჩრდილთ (ასეთია კაცობრივი უძლურება), არამედ გამუდმებით მოუწოდე იესუს, რომელსაც მსახურებ, რამეთუ საკმარისია ინებოს და ყველა უბედურება დამთავრდება ერთ წამში. ხოლო თუ შენ მოუწოდე, მაგრამ ჭირვება მაინც არ შეწყდა, იცოდე, ასეთია ღმრთის ჩვეულება (გავიმეორებ იმას, რაც ზემოთ ვთქვი): იმთავითვე როდი მოსპობს გასაჭირს, არამედ მაშინ, როდესაც ის მიაღწევს თავის მწვერვალს, როდესაც გაძლიერდება, როდესც მტრები სრულად გადმოანთხევენ თავიანთ ბოროტებას და მაშინ, ყველაფერს შეცვლის და დაამშვიდებს ისე, რომ მოიწევა მოულოდნელი ცვლილებები" (იქვე).

"მაშ, ხედავ თუ არა ღმრთის ხელოვნებას? ხედავ მის სიბრძნეს? ხედავ, რომ აღასრულებს არა იმას, რაც ადამიანის ჩვეულებრივ მოლოდინთან და შეხედულებასთან არის თანხმიერი? ხედავ მის კაცთმოყვარებას და მზრუნველობას? ამიტომაც, ნუ ბრკოლდები, არამედ მადლობა შესწირე უფალს ყველაფრისთვის, ადიდე იგი, მოუწოდე, სთხოვე, ევედრე და თუნდაც უთვალავმა ჭირმა და მღელვარებამ მოიწიოს ნურაფერი შეგაშფოთებს. უფალი განა ვითარებათა სირთულეზეა დამოკიდებული. ყოველივე დაღუპვის პირამდეც რომ მივიდეს, მას ძალუძს წარმოაყენოს წაქცეულნი, გზაზე დააყენოს დაბნეულნი, გამოასწოროს შეცთომილნი, განწმინდოს მრავალცოდვილნი, განაცხოველოს მკვდარნი და უდიდესი ბრწყინვალებით აღადგინოს ის, რაც საფუძვლამდე იყო დანგრეული და გაპარტახებული" (იქვე).

ამგვარ ვითარებაზევე მიუთითებს მათეს სახარების 23-ე თავში მოთხრობილი ამბავიც. ერთხელ უფალი იესუ ქრისტე  ჩაჯდა ნავში თავის მოწაფეებთან ერთად. "და, აჰა, საშინლად აღელდა ზღვა, ისე რომ, ტალღებით იფარებოდა ნავი: მას კი ეძინა. მივიდნენ მისი მოწაფეები, გააღვიძეს და უთხრეს: უფალო, გვიხსენ, ვიღუპებით. მიუგო მათ: რამ შეგაშინათ, მცირედ მორწმუნენო? მერე წამოდგა, შერისხა ქარები და ზღვა, და ჩამოვარდა სიმყუდროვე დიდი. ხოლო განცვიფრებული ხალხი ამბობდა: ვინ არის იგი, ქარებიც და ზღვაც რომ მორჩილებენ?" (მათე 8:23-27).

როგორ გავიგოთ უფლის ჩაძინება და ის საფრთხე, რომელიც ნავს დაემუქრა? მოციქულთა შიში? უფლის გამოღვიძება, ქარებისა და ზღვის მღელვარების ჩადგომა და დიდი სიმყუდროვის ჩამოვარდნა? ამ კითხვებს პასუხობს წმიდა მამათა განმარტებები.

ავიღოთ თუნდაც მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით, რომელიც შეუკრებია, უთარგმნია და გაუმართავს წილკნელ ეპისკოპოს ზოსიმეს (შიოშვილი). მის მიერ შეკრებილ ამ მასალაში ვკითხულობთ: "თავისი მაგალითით უფალს ახლა უნდოდა ეჩვენებინა ჩვენთვის, რომ განსაცდელის ჟამსაც შეიძლება იყოს კაცი სრულიად დამშვიდებული, როცა სინდისი კაცისა არის სუფთა და დაწყნარებული" (მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით. მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი: წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი). ქარიშხლის დაცხრომა. მათე 8, 23-27. http://www.orthodoxy.ge/tserili/zosime/8_23-27.htm) (URL-ის მიმართვის თარიღი: 09.11.2020).

რას უნდა ნიშნავდეს უფლის ჩაძინება და ამ დროს ქარიშხლის ამოვარდნა? - "... მათი უფლისა და მასწავლებლის ამ მშვიდი ძილით, - ვკითხულობთ ეპისკოპოს ზოსიმეს პუბლიკაციაში, - იმათი რწმენისათვის მზადდებოდა განსაცდელი - სახე იმ განსაცდელებისა, რაც მათ ელოდათ მომავალში: მართლაც, შემდგომში მაცხოვარი თავის მოწაფეებზე თვითონ უშვებდა დიდ სიძნელეებში ჩავარდნას, რითაც განამტკიცებდა მათ რწმენაში. ქარიშხალი მაცხოვრის მღვიძარების ჟამს რომ ამოვარდნილიყო, მაშინ ისინი ასე ძალიან არ შეშინდებოდნენ და არც ისე ძალიან დაუწყებდნენ მას ვედრებას. და შესაძლოა არც კი ეფიქრათ, რომ მაცხოვარს შეეძლო დაეცხრო ქარიშხალი. ამიტომაც დაიძინა მან, რათა მიეცა მათთვის დრო, რომ ჩავარდნილიყვნენ გასაჭირში, შეეცნოთ საკუთარი უძლურება, და სასწაული სამუდამოდ აღბეჭდილიყო იმათ გონებაში, ესწავლებინა მათთვის სიმამაცე განსაცდელებისას და გაჭირვებიდან მათი გამოხსნით, განეცდევინებინა მათთვის მისი კეთილი სამსახური" (იქვე).

რას ნიშნავს, რომ "ნავი ტალღებით იფარებოდა" (მათე 8:24)? - "ნავი, რომელიც უკვე შუაგულ ზღვაში იყო, ივსებოდა წყლით და დაიწყო ჩაძირვა. გამოცდილმა მეთევზეებმა ვერაფერი გააწყვეს თავიანთი ხელოვნებით; მოწაფეთა რწმენამ იკლო, და ბოლოს გადაწყვიტეს გაეღვიძებინათ თავიანთი ღვთაებრივი მასწავლებელი. და მოუხდეს მას მოწაფენი მისნი და აღადგინეს იგი და ეტყოდეს: "მოძღუარ, არა ჰზრუნავ, რამეთუ წარვჰსწყმდებით" (მარკოზი 4:38) - ნუთუ შენ არ გინდა რამე მოიმოქმედო, რადგან ვიღუპებით? "მოძღუარ! მოძღუარ! წარვჰსწყმდებით" (ლუკა 8:24). უფალო! მიხსენ ჩუენ, რამეთუ წარვჰსწყმდებით! რამოდენა შიში იგრძნობა ამ საგანგაშო შეძახილებში! მაგრამ მათში ასევე მოისმის შიშთან მებრძოლი იმედი უფლის ყოველისშემძლეობისა. "თუმცა, ამბობს წმ. ოქროპირი, ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მაცხოვარს შეეძლო დაეცხრო ქარიშხალი, თუ კი ის იქნებოდა ფეხზე. მაგრამ რას იზამდა იგი ძილში, - ამაში არ იყვნენ დარწმუნებულნი". და უფალს გამოეღვიძა ძილისაგან, სიყვარულის საყვედურით დაამშვიდა მღელვარება მათი სულებისა: და თავადმან ჰრქუა მათ: რასა შეშინდით, მცირედ მორწმუნენო? "სადა არს სარწმუნოება თქუენი" (ლუკა 8:25). როგორ იფიქრეთ თქვენ, რომ შეიძლება დაიღუპოს ის, ვინც თქვენს თვალწინ ახდენს სასწაულებს? თუ არ დაიღუპება ის, მაშინ აღარც თქვენ უნდა გქონდეთ რაიმეს შიში. ღვთის ძე თქვენთან არის, და მასთან ერთად თქვენ ყველგან უსაფრთხოდ იქნებით". იგი არ უწოდებს მათ ურწმუნოებს, არამედ მცირედ მორწმუნეებს, რადგან როცა უთხრეს: "უფალო, მიხსენ ჩუენ". ამით მათ აჩვენეს თავიანთი რწმენა, მაგრამ სიტყვა "წარვჰსწყმდებით" - უკვე აღარ იყო რწმენით ნათქვამი" (იქვე).

დაახლოებით ამგვარ მდგომარეობაში არიან ის ადამიანებიც, რომლებიც ეკლესიის ისეთი განსაცდელისა და ქარიშხლისგან მიმოტაცების ჟამს, როდესაც მას არ ჰყავდა ეპისკოპოსი, ყველა მხრიდან უტევდნენ, დევნიდნენ და საშინელ სივიწროვეში ამყოფებდნენ, ისე ჩანდა თითქოსდა წუთისოფლის მღელვარე ტალღები წალეკავენ უფლის ხომალდს და სადაცაა ჩაძირავენო. ამტკიცებდნენ - უფალმა მიატოვაო ეს ხალხი, ეს არ არისო ეკლესია, რადგან შეუძლებელიაო ეკლესია მიტოვებული იყოს ღმრთისგან, მაგრამ ქრისტე არასოდეს ტოვებს თავის ეკლესიას, არამედ დაუშვებს, რომ "დაიძინოს", რათა რწმენაში გამოიცადონ განსაცდელს მიცემულნი.

"მცირედმორწმუნეობა იზიდავს საფრთხეს და შიში რჩეულთა რწმენასაც კი აბნელებს. - ვკითხულობთ ეპისკოპოს ზოსიმეს (შიოშვილი) პუბლიკაციაში, - რა უნდა ვთქვათ ჩვენს სუსტ რწმენაზე? ხომ არ გვეკუთვნის მაცხოვრის ეს საყვედური ჩვენ, ცოდვილებს? ჩვენც მივცურავთ აბობოქრებულ ცხოვრებისეულ ზღვაში, ჩვენც გვაწყდება განსაცდელთა ტალღები და სხვადასხვა შემოტევანი: არ იცი საიდან დაგატყდება თავს უბედურებანი... რის გამოა ეს? "იმის გამო, რომ იესო ქრისტეს რწმენა მისუსტებულია შენს გულში. როცა რწმენა გაიღვიძებს შენში, მაშინ, მძვინვარე ქარიშხალშიც კი, შენს ხომალდს არ გაავსებს წყალი. შენი დიდი რწმენა იქნება ქართა და ტალღების მბრძანებელი, და განსაცდელი გადაივლის" (ნეტარი ავგუსტინე). უფალმა აღუთქვა მორწმუნეებს, რომ მათთან იქნება ქვეყნის დასასრულამდე. იგი ჩვენთან და ჩვენს შორიახლოს არის: და თუ ეს ასეა, მაშინ რიღასი უნდა გვეშინოდეს? იგი არ დაუშვებს ჩვენს ძალებზე გარდამეტებულ განსაცდელებს: რატომ ვივიწყებთ ამას ჩვენ? ნუთუ ვფიქრობთ, რომ მას სძინავს, დავავიწყდით და მიგვატოვა? ო, როგორი მცირეა მასზე ჩვენი რწმენა! არ გესმის მისი ხმა: "რასა შეშინდით, მცირედ მორწმუნენო? მე თქუენთანა ვარ". შევღაღადოთ მას გულის სიღრმიდან და იგი შეისმენს ჩვენს ღაღადისს, როგორიც შეისმინა მან მუდარა და ოხვრა მოციქულებისა, და გაგვაგონებს თავის მბრძანებლურ სიტყვას და ჩვენს შეძრწუნებულ სულში ჩამოდგება დიდი სიმშვიდე..." (ქარიშხლის დაცხრომა. მათე 8, 23-27. http://www.orthodoxy.ge/tserili/zosime/8_23-27.htm) (URL-ის მიმართვის თარიღი: 09.11.2020).

მაშ, რა შეიძლება ამაზე უკეთ ითქვას ღმრთის სიყვარულსა და იმაზეც, რომ არ არსებობს ვითარება, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს ღმრთის ძლიერებასა და კაცთმოყვარებას; რომ დაუშვებელია, კაცობრივი წარმოდგენებით ვიმსჯელოთ ღმრთის სიბრძნესა და განგებულებაზე; რომ ის, რაც შეუძლებელია კაცთათვის, შესაძლებელ არს ღმრთისათვის (მათე 19:26). ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელის (XI-XII სს.) განმარტებით "უფალი ადამიანის ცხოვნების საქმის გაზომვას გვასწავლის არა კაცობრივი უძლურების, არამედ ღმრთის ძლიერების შესაბამისად" (Блж. Феофилакт Болгарский. https://ekzeget.ru/bible/evangelie-ot-matfea/glava-19/stih-26/) (URL-ის მიმართვის თარიღი: 09.11.2020). ხოლო თვით ზ. ნოდიასთვის ავტორიტეტული არქიეპისკოპოსი და ღვთისმეტყველი ამბერკი (ტაუშევი) წერს: "კაცთათვის შეუძლებელი შესაძლებელია ღმრთისთვის", ანუ ღმრთის მოწყალე და მაცხოვნებელ მადლს ძალუძს გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც არ ძალუძს ადამიანს ოდენ საკუთარი ძალისხმევით" (Аверкий (Таушев) архиеп. https://ekzeget.ru/bible/evangelie-ot-matfea/glava-19/stih-26/) (URL-ის მიმართვის თარიღი: 09.11.2020).

როგორც ზემოთ ვნახეთ, ზ. ნოდიას აშკარად ეშლება ქრისტეს და ეკლესიის ურთიერთდამოკიდებულების დოგმატი და ამ საკითხშიც ლათინურ "განსწავლულობას" ავლენს, რომელთათვისაც ქრისტემ დაისადგურა ცაში, ხოლო დედამიწაზე მის ადგილს პაპი (ზ. ნოდიასნაირი "მართლმადიდებლების" რწმენით კი - ეპისკოპატი) იკავებს. ამიტომაც უწოდებენ ლათინები თავიანთ პაპს "ქრისტეს ვიკარიუსს", რაც ქრისტეს ადგილნაცვალს ნიშნავს. მათი წაბაძვით კი ზ. ნოდიასნაირი ვაიმართლმადიდებლები ეპისკოპოსებს ქრისტეს ადგილნაცვალებად მიიჩნევენ. აქედან მომდინარეობს ზ. ნოდიას რწმენაც, რომ ქრისტე აქ აღარ არის, ის უშუალოდ აღარ არის ეკლესიასთან (არამედ მხოლოდ ეპისკოპატის მეშვეობით), მით უმეტეს, რიგით მორწმუნეებთან. ამაზე მიანიშნებს მისი სიტყვები: "ქრისტე უკვე კართანაა, უკვე მათთანაა..." (გვ. 205). ზ. ნოდიას მსჯელობის მიხედვით, ეკლესია ამ წუთისოფელში ღმრთისგან მიტოვებულია და ელის მის მეორედ მოსვლას, რომ საბოლოოდ შეუერთდეს მას, და ავიწყდება, რომ ეკლესიასთან ყოფნა ქრისტემ მოწაფეებს აღუთქვა "ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა".  

ნუთუ არასდროს სმენია ჩვენს ოპონენტს ქრისტეანთა სასიხარულო მისალმება: "ჩვენთან არს ღმერთი" ან "ქრისტე არს ჩვენს შორის" და პასუხი: "არს და იყოს!"? - რის საფუძველზე ამბობენ ამას ისინი? ნუთუ ფორმალურად? - ნუმც იყოფინ! ქრისტიანები ამას ამბობენ უფლის ჭეშმარიტი და ნამდვილი აღთქმისამებრ, რომელმაც ბრძანა: "და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა" (მათე 28:20); ან კიდევ: "სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებილ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა" (მათე 18:20). როგორ შეძლებდნენ მოციქულები მსოფლიოს გაქრისტეანებას, წარმართების მოქცევას ქრისტესკენ, ქრისტე რომ მათთან არ ყოფილიყო? სწორედ ამაზე მეტყველებს მათეს სახარების 28-ე თავის ბოლო მუხლი: "და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა" (მათე 28:20).

რას გულისხმობს ეს სიტყვები? მანამ, სანამ განუყრელად მათთან ყოფნის აღთქმას მისცემდა, უფალმა მოციქულებს დაავალა: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაYთა და ძისაYთა და სულისა წმიდისაYთა" (მათე 28:19). წმიდა მამათა თქმით ამ სიტყვებმა მოციქულები შეაშფოთა. რატომ? ვისმინოთ წმიდა მამათა განმარტება: "ამ მოთხოვნას - ყოველი ხალხის სწავლებას - არ შეიძლებოდა მოციქულები არ შეეშფოთებინა, რადგან მათი მასწავლებელი ყოველთვის უქადაგებდა მხოლოდ თავის ხალხს და აცხადებდა კიდეც, რომ იგი იყო მოვლენილი მხოლოდ ისრაელთა დაღუპული ცხვრების გადასარჩენად, ახლა კი ავალებს მისვლას ყველა ხალხთან... ვინ არიან ისინი, ღარიბი გალილეველი მეთევზენი, რომ მათ მოიარონ მთელი ქვეყანა, როცა მათ გააჩნდათ მხოლოდ მცირეოდენი წარმოდგენა ვიღაც ხალხების არსებობაზე, როცა ისინი თავიანთ ქვეყანაშიც კი, მშობლიურ ენაზეც, ძლივს თუ ახერხებდნენ თავიანთი მასწავლებელის მოძღვრების გადაცემას, და ამისთვის მუდამ მას სთხოვდნენ შეწევნას გასარკვევად; ახლა კი - როგორ მოივლიან ისინი მთელ ქვეყანას, ურწმუნო ხალხებს, და ამასთან მარტონი, მასწავლებლის გარეშე, რომელიც ახლა მათ თითქოს სამუდამოდ ემშვიდობება? სიყვარულით სავსე გულთამხილავი მათ შეშფოთებაში ხედავს და ამცნებს მათ, მათი სახით კი ყოველ მორწმუნეს, მთელ თავის ეკლესიას, უდიდეს აღთქმას. ნუ მეტყვით მე წინააღმდეგობებზე, - ეუბნება იგი მათ: და აჰა ესერა, მე თქუენ თანა ვარ, ყოვლადძლიერი თქვენთანაა მუდამ, ნურაფრის გეშინიათ, - მე თქვენთან ვარ, ჩემს ყველა ჭეშმარიტ მორწმუნესთან, ყოველთვის, ყოველთა დღეთა, და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა, ამინ!" (უფლის გამოცხადება გალილეის მთაზე. მათე 28, 16-20. http://www.orthodoxy.ge/tserili/zosime/28_16-20.htm) (URL-ის მიმართვის თარიღი: 09.11.2020).

"ვერ ხედავ, ამბობს წმ. ოქროპირი, - მის ძალებს? არა მარტო მათთან იქნება, არამედ ყველასთან, რომელთაც მათ შემდგომ ექნებათ მისი რწმენა. რადგან მოციქულები ვერ იცხოვრებდნენ ქვეყნის დასასრულამდე, არამედ იგი ეუბნება ყველა მის ერთგულს, როგორც ერთ სხეულს. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებსაც, იერემიას, მოსეს, იეზეკიელს, იგი ეუბნებოდა: მე თქუენ თანა ვარ. ახლაც იგივეს ეუბნება თავის მოწაფეებს. ... ქვეყნის დასასრულზე იმიტომ შეახსენებს მათ, რათა უფო მეტად მიიზიდოს ისინი თავისთან, და რათა მათ მარტო ახლანდელი მწუხარებისთვის კი არ ემზირათ, არამედ მომავალი დაუსრულებელი სიკეთეებისთვისაც" (იქვე).

არქიეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი) ასე განმარტავს უფლის ამ სიტყვებს: "აკისრებს რა მოციქულებს მსოფლიოში სახარების ქადაგების მძიმე ღვაწლს, უფალი ამავდროულად ამხნევებს მათ თავისი საიდუმლო და უხილავი თანამყოფობით მათთან ვიდრე სამყაროს აღსასრულამდე. მაგრამ რადგან მოციქულებს არ უცხოვრიათ "აღსასრულამდე სოფლისა", ეს აღთქმა უნდა განვაკუთვნოთ მოციქულთა მემკვიდრეებსაც. "აღსასრულამდე სოფლისა" არ ნიშნავს იმას, რომ შემდეგ უკვე აღარ იქნება, "არა, მაშინ განსაკუთრებული სახით იქნება მათთან" (ნეტ. თეოფილაქტე), მაგრამ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ სამყაროს აღსასრულამდე თვით უფალი უხილავად იქნება თავის ჭეშმარიტ მორწმუნეებთან, მის მიერ დაფუძნებულ ეკლესიაში და უხელმძღვანელებს მას ადამიანთა საცხოვნებლად" (Архиеп. Аверкий (Таушев). https://ekzeget.ru/bible/evangelie-ot-matfea/glava-28/stih-20) (URL-ის მიმართვის თარიღი: 09.11.2020).

ექვთიმე ზიგაბენი: "ასე თქვა არა იმიტომ, რომ ამის შემდეგ აღარ იქნებოდა მათთან, არამედ იმიტომ, რომ იქნებოდა არა იმგვარად, როგორც ახლა, არამედ უზენაესად, ღმრთის საკადრისად. ეს აჩვენებს, რომ ქრისტე იყო არა მარტო თავის მოწაფეებთან, არამედ იმყოფება ყველა მის მიმდევართან, რადგან შეუძლებელი იყო, მოციქულებს ეცხოვრათ სამყაროს აღსასრულამდე. მის დროს არსებულ მოწაფეთა მიერ ეს სიხარული მან ამცნო მათ მიმდევრებსაც და მორწმუნეებს როგორც ერთ სხეულს, ისე ელაპარაკება. ქრისტე ზეცად აღვიდა არა მკვდრეთით აღდგომისთანავე, არამედ გარკვეული დროის შემდეგ, როგორც ამას გვამცნობენ მახარობლები. აღდგომიდან ამაღლებამდე ორმოცი დღის განმავლობაში იესუ ქრისტე ეცხადებოდა თავის მოწაფეებს და ესაუბრებოდა მათ; შემდეგ იუდეაში მდებარე ელეონის მთიდან ის ზეცად ამაღლდა, როგორც გვამცნობს ამას წმიდათა მოციქულთა საქმენი" (საქმე 1:3, 9) (Евфимий Зигабен. https://ekzeget.ru/bible/evangelie-ot-matfea/glava-28/stih-20) (URL-ის მიმართვის თარიღი: 09.11.2020).

ნეტ. იერონიმე სტრიდონელი: "და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა" (მათე 28:20). - მან, ვინც მოციქულებს აღუთქვა ყოფნა სამყაროს აღსასრულამდე, აჩვენა მათ, რომ ისინი ყოველთვის გამარჯვებულნი იქნებიან და უფალი არასოდეს დატოვებს მორწმუნეთ. ხოლო ის, ვინც სამყაროს აღსასრულამდე აღუთქვა მოწაფეებს მათთან ყოფნა, შეუძლებელია უცოდინარი ყოფილიყო იმ დღის შესახებ, როდესაც ის, - როგორც მან იცის, - იქნება მოციქულებთან" (Блж. Иероним Стридонский. https://ekzeget.ru/bible/evangelie-ot-matfea/glava-28/stih-20) (URL-ის მიმართვის თარიღი: 09.11.2020).

ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი: "სხვათა შორის, მარტო მოციქულებს როდი ეხება ეს სიტყვები: მათთან ყოფნა აღსასრულამდე სოფლისა, - არამედ საერთოდ მის ყველა მოწაფეს, რამეთუ, უეჭველია, მოციქულებს არ შეეძლოთ სამყაროს აღსასრულამდე ეცხოვრათ. ამრიგად, ეს აღთქმა გვეძლევა ჩვენც და მათაც, ვინც ჩვენს შემდეგ იქნება; ოღონდ ისე კი არა, მხოლოდ აღსასრულამდე იყოს. ჩხადია, არა! განსაკუთრებულად სწორედ მაშინ იქნება ჩვენთან და თანაც ყველაზე ნათლად და ცხადად, რამეთუ სიტყვა "ვიდრე", სადაც კი წმიდა წერილში გვხვდება, არ გამორიცხავს იმას, რაც შემდგომ იქნება" (Феофилакт Болгарский блж. https://ekzeget.ru/bible/evangelie-ot-matfea/glava-28/stih-20) (URL-ის მიმართვის თარიღი: 09.11.2020).

მაგრამ, მოდი, კვლავ ზ. ნოდიას დავუბრუნდეთ და ვიკითხოთ, საიდან მომდინარეობს მისი ამგვარი მწვალებლური მტკიცებულებები? - დამახინჯებული შეხედულებებიდან ეკლესიის, მისი საფუძვლის (ლოდის, კლდის), მისი თავის (ქრისტეს), ეკლესიაში ეპისკოპოსთა ადგილისა და დანიშნულების შესახებ, დროისა და მუდმივობის, ნაკლულებისა და სისრულის აბსოლუტურად არასწორი გაგებიდან, რომელიც აშკარად გალათინებული რუსი მისიონერების არასწორი სწავლებებით არის ნასაზრდოები.

თუმცა ამით როდი მთავრდება ზ. ნოდიას მწვალებლური "შემოქმედება". მისი წიგნის "ფიქრები ბოლო ჟამის საქართველოზე" ის ნაწილი, რომელიც ძველმოწესეებს ეხება, აღსავსეა ქრისტიანისთვის შეუფერებელი უტიფრობითა და მკრეხელობებით. ავტორი, რომელსაც თავი ლამის ჩვენი დროის ილია ჭავჭავაძედ წარმოუდგენია და დიდად დაფიქრებულა საქართველოს ბედზე, იმ აზრამდეც კი მიდის, რომ აცხადებს: "გაჩუმდა ყველა, ჩვენი ეკლესიიდან, მხოლოდ მეღა მიჭირავს დიოგენეს ფანარი - ეკუმენიზმიდან სინოდ-საპატრიარქოს გამოსვლის აუცილებლობის მართლმხილებითი ესტაფეტა... მარტო მე ვწერ შინაურ ერესიარქებზე" (გვ. 129).

მაგრამ, ამგვარი ამპარტავნული ფუნქციით მოხიბლული ჩვენი "პუბლიცისტი" ვერ ამჩნევს, არათუ საქართველოს, არამედ საკუთარი თავის გადარჩენის შემძლებელიც რომ ვერ არის, რადგან, როგორც წმიდა წერილიდან ვიცით, ზ. ნოდიას მსგავსნი: "ბრმები არიან და ბრმათა წინამძღოლნი. ხოლო თუ ბრმას ბრმა მიჰყავს, ორივენი ორმოში ჩაცვივდებიან" (მათე 15:14). ესოდენ მწვალებლობათა გამპიარებელი და მრავალასეული (თუ ათასეული) ტირაჟით მისი გამავრცელებელი საქართველოს "გადამრჩენელი" ვერანაირად ვერ გახდება. ყველა ზ. ნოდიასავით უმეცარი როდია, აჰყვნენ მის ყალბ იდეებსა და ოცნებებს. ჩვენ კი განვიხილოთ კიდევ ერთი სულელური ბრალდება, რომელსაც ზ. ნოდია სრულიად უსამართლოდ უყენებს ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებსა და მათ მღვდელმთავრებს.


12. ნათლისღების საიდუმლო და ეკლესია

წიგნში "ფიქრები ბოლო ჟამის საქართველოზე" ზ. ნოდია ერთგან მკაფიოდ აფიქსირებს თავის პოზიციას ნათლისღებისა და ქიროტონიის საიდუმლოებებთან დაკავშირებით და ამტკიცებს, რომ ქიროტონიას აქვს უმთავრესი, ხოლო ნათლისღებას მეორადი მნიშვნელობა. მისი თქმით, ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში ნათლისღებისადმი პრიორიტეტის მინიჭება მეორეხარისხოვანი საზრუნავის რანგში ამყოფებდა უმთავრესს, ანუ ქიროტონიის საკითხის გარკვევას. ის წერს: "... გარეგნული გააზრება ქრისტეანობისა, ... ნათლისღების - ქრისტეანობასთან გაიგივების სახელით, იმდენად სჭარბობდა და წინამასწარაობდა, რომ მეორენაირი (?) საზრუნავის რანგში ამყოფებდა იმ უმთავრესს, ანუ - ქიროტონიის თემის გარკვევა-დაზუსტებას" (გვ. 191).

შემდეგ კი კრიტიკული ტონით აცხადებს: "არ უთქვამს ქრისტეს - ნათლობაზე დავამყარებ ჩემს ეკლესიასო, არამედ მოციქულებზე, ანუ ეპისკოპოსზე... ესენი კი (ანუ ჩვენ - არქიეპ. პ.) - ხან ნათლობას აყენებენ წინ, ხან ორ თითს, ხან წეს-ჩვეულებებს, რომელსაც სარწმუნოებასთან აიგივებენ და ეს ყველაფერი არეული აქვთ ..." (გვ. 215). ან კიდევ: "... ე.წ ძველმართლმადიდებლები ხელში მომარჯვებული "რჯულისკანონით" წელიწადზე მეტ ხანს მიმტკიცებდნენ, რომ ჩვენს (ანუ ოფიციალურ - არქიეპ. პ.) ეკლესიაში არ იყო ნათლობა, შესაბამისად არც ქრისტეანობა" (გვ. 227). "... ასე ჰქონდათ რჯულისკანონისმიერი შთაფვლითი ნათლობა მთავარ კოზირად მომარჯვებული" (გვ. 228).

ამჯერად არ შევჩერდებით არც პირჯვრისწერაზე და არც საეკლესიო წეს-ჩვეულებებზე, რადგან მათ შესახებ და ასევე იმაზეც, თუ რა მიმართება აქვთ წეს-ჩვეულებებს სარწმუნოებრივ დოგმატებთან, საკმაოდ დეტალურად და საფუძვლიანად ვილაპარაკეთ ჩვენი ნაშრომის მეორე ნაწილში. არც ნათლისღების არსზე და მნიშვნელობაზე შევჩერდებით, რადგან ეს თემაც უვრცელესად გვაქვს განხილული წინამდებარე ნაშრომის პირველ ნაწილში, აქ ზ. ნოდიას ელემენტარულ, კატეხიზმურ-ქრესტომათიულ ჭეშმარიტებას შევახსენებთ.

სრულიად გასაგებია, რომ ხელდასხმის საკითხს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეკლესიისთვის - აქ ორი აზრი შეუძლებელია არსებობდეს, მაგრამ, როგორ მიიღებ სასულიერო ხელდასხმას, თუკი მოუნათლავი ხარ, როგორ შეუძლია მოუნათლავს ვინმეს ხელდასხმა? არადა, ოფიციალური, მართლმადიდებელი ეკლესია სწორედაც რომ მოუნათლავი, წყალპკურებული "მღვდლებითა" და "ეპისკოპოსებით" არის დაკომპლექტებული.

გამომდინარე აქედან, ჭეშმარიტი ეკლესიის მოძიების საკითხში ძველმართლმადიდებელთა უპირველესი საზრუნავი შეურყვნელი ნათლისღების (და არა მარტო) დამცველი ეკლესიის მოძიება გახლდათ, რაც ბუნებრივად არ გამორიცხავს სხვა საიდუმლოთა (მათ შორის ხელდასხმის) განუხრელი აღსრულების საჭიროებასაც. აი, ეს ფაქტორი ზ. ნოდიას მეორეხარისხოვანი ჰგონებია, ხოლო ქიროტონიის საკითხი პირველხარისხოვანი. არადა, პირიქითაა...

ზ. ნოდიას ეჩვენება, რომ ჩვენ "ხან ნათლობას ვაყენებთ წინ, ხან ორ თითს, ხან წეს-ჩვეულებებს", რომელთაც თურმე "სარწმუნოებასთან ვაიგივებთ" და თანაც "ეს ყველაფერი არეული გვაქვს". მაგრამ რას ნიშნავს ამგვარი მტკიცებულება? რის წინ ვაყენებთ ნათლობას ან ორ თითს? დოგმატების წინ? ერთმანეთის წინ? თუ კიდევ რაიმეს წინ? ზ. ნოდიას შეუძლია, რაც ენის წვერზე მოადგება, ის დაგვაბრალოს, მაგრამ ძალზე ვეჭვობთ, თავისი ამ უაზრო ბრალდებების დასაბუთება და დამტკიცება შეძლოს. ერთია თქმა და სხვა - დასაბუთება.

წეს-ჩვეულებებზე და მათ მნიშვნელობაზე (მათ შორის ორი თითით პირჯვრისწერაზე) ჩვენი ნაშრომის მეორე ნაწილში უკვე ვილაპარაკეთ, ამიტომ საჭიროდ არ მივიჩნევთ ამ თემის კვლავ წამოწევას. გამგები გაიგებს და "ვისაც აქვს ყურნი სმენად" (მათე 11:15) ის შეისმენს, ხოლო ვინც ვერ შეისმენს, იმას ვურჩევთ "იყიდოს ღვთისგან ცეცხლით გაწმენდილი ოქრო (ღვთის მადლი), რათა გამდიდრდეს, და სპეტაკი სამოსი, რათა შეიმოსოს და აღარ გამოჩნდეს მისი სიშიშვლის სირცხვილი, და საოლავი იცხოს თვალზე, რათა იხილოს" (გამოცხ. 3:18). რაც, ეპისკოპოს პრიმაზიუს ადრუმეტელის (Primasius of Hadrumetum) (VI ს.) განმარტებით, ნიშნავს შემდეგს: "სიმართლის საქმეთაგან განძარცვულებს უფალი შიშვლებს უწოდებს და მათ სიბრმავეში ამხელს. ხოლო სპეტაკი სამოსი აცვია მას, ვინც ქრისტეს ნათლისღებით შეიმოსა და ბოძებულია მისთვის იმ რწმენის ძალა, რომელიც მოქმედებს სიყვარულის მეშვეობით, რადგან ყველანი თქვენ, ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტე შეიმოსეთ (გალატ. 3:27). ხოლო როდესაც ამბობს "საოლავი იცხოს თვალზე, რათა იხილოსო", მოუწოდებს, გულისყური მიაპყრონ საღმრთო წერილს: რამეთუ სიმართლენი უფლისანი წრფელ არიან და ახარებენ გულთა; მცნებაჲ უფლისაჲ ბრწყინვალე არს, განმანათლებელ თუალთა" (ფსალმ. 18:9) (Толкования на Откр. 3:18. Примасий. http://bible.optina.ru/new:otkr:03:18) (URL-ის მიმართვის თარიღი: 09.11.2020).

ის, რომ ზ. ნოდია სრულიად განძარცვულია ნათლისღების იმ მადლისგან, რომელიც მან ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში ნათლისღებისას მიიღო, თუნდაც მისი ამ განცხადებიდანაც ჩანს: "ეს მაქსიმალისტური სულისკვეთება, სტერილური (?) განცდა და გარეგნული გააზრება ქრისტეანობისა, სწორედაც რომ ნათლისღების - ქრისტეანობასთან გაიგივების სახელით, იმდენად ჭარბობდა და წინამასწარაობდა (?), რომ მეორენაირი (?) საზრუნავის რანგში ამყოფებდა იმ უმთავრესს, ანუ ქიროტონიის თემის გარკვევა-დაზუსტებას, რასაც ველოდებოდით, ვიმედოვნებდით, რომ - ეს "ძველმართლმადიდებლობა" კანონიერი იყო..." (გვ. 191).

მოკლედ, ჩვენი ოპონენტი ირწმუნება, რომ ძველმართლმადიდებლობაში ყოფნის დროს ის აღტყინებული ყოფილა მაქსიმალური სულისკვეთებით და გვიმტკიცებს, რომ ძველმართლმადიდებლობაში ქრისტეანობის გარეგნული გააზრება, ნათლისღების ქრისტეანობასთან გაიგივების სახელით, მეორეხარისხოვანი (ზ. ნოდიასთან - "მეორენაირი") საზრუნავის რანგში ამყოფებდა უმთავრესს, ანუ ქიროტონიის თემის გარკვევა-დაზუსტებას (გვ. 191).

ზ. ნოდიას აზრით, ძველმართლმადიდებლებს იერარქია 17-ე საუკუნიდან მოყოლებული არასოდეს ჰყოლიათ (გვ. 230). მაგრამ მტკიცება იმისა, თითქოსდა ძველმართლმადიდებლებს ერთი ან ორი საუკუნე იერარქია არ ჰყავდათ, არის მტკნარი სიცრუე. საქმე ის არის, რომ ჩვენი ოპონენტის წარმოდგენაში იერარქია მხოლოდ ეპისკოპოსის ხარისხთან ასოცირდება, რაც არასწორია და აჩვენებს, რომ მას საკმაოდ არასწორი შეხედულება აქვს მართლმადიდებლურ სწავლებაზე საეკლესიო იერარქიის შესახებ.

ნებისმიერმა ოდნავ წიგნიერმა ადამიანმაც კი იცის, რომ "იერარქია" - ეს არის არა მარტო ერთი, კერძოდ, ეპისკოპოსთა საეკლესიო დასი, არამედ "წოდებულებათა თანამიმდევრობა უდაბლესიდან უმაღლესისკენ (დაქვემდებარების წესით)" (უცხო სიტყვათა ლექსიკონი. იერარქია. http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=15785) (URL-ის მიმართვის თარიღი: 09.11.2020). მაგალითად, დიონისე არეოპაგელი თავის "ზეციურ იერარქიაში" განიხილავს სწორედ უზემოეს-უქვემოეს დასთა ურთიერთმიმართების საკითხს. "იერარქია", ეს არის საფეხურებრივი სტრუქტურა, რომელიც შედგება სხვადასხვა კატეგორიის ხარისხებისგან და მათ გარკვეული ურთიერთმიმართება აკავშირებს. იქ, სადაც მხოლოდ ერთ ხარისხზე, ერთ კატეგორიაზეა ლაპარაკი (ვთქვათ ეპისკოპოსზე), შეუძლებელია ითქვას - "იერარქია"...

მაგრამ აქ მაინც სხვა რამეა მთავარი, კერძოდ, ზ. ნოდია მართალიც რომ იყოს, გაუგებარია, ჩვენი ეკლესიის უიერარქობა როგორ ამართლებს მისი ეკლესიის მოუნათლავობას?

კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ ოფიციალურ ე. წ. "დედა"-ეკლესიაში არ არის არავითარი ნათლობა, აქედან არც ქიროტონია და ყველანი თავქუდმოგლეჯით მიექანებიან ტარტაროზში. ამას მე კი არა, თავიანთივე აღმოსავლელი იერარქები უმტკიცებენ. ამიტომაც, თუკი შემოპასუხების სურვილი კიდევ გაუჩნდებათ, ჩვენ კი არა, პასუხი მათ ეპისტოლეებს უნდა გასცენ...

ასე მაგალითად, კონსტანტინოპოლის ეკლესიის საპატრიარქო და სინოდალური მრგვლივმოსავლელ ეპისტოლეში, რომელიც დაიწერა რომის პაპ ლეონ XIII-ის 1894 წლის 20 ივნისის ენციკლიკის გამო ეკლესიათა შეერთების შესახებ (1895 წ.), ვკითხულობთ: "ყოველგვარი საუბარი შეერთების შესახებ ამაო და ცარიელია (§ 3), ...რამეთუ წინააღმდეგობა ცხადზე უცხადესია, როცა ერთსა და იმავე ეკლესიაში ერთს სწამს, რომ სულიწმიდა გამოვალს მამისაგან, მეორეს კი - რომ იგი გამოვალს მამისაგან და ძისაგან; როცა ერთი სამგზის შთაფლავს წყალში (ნათლის-ღების საიდუმლოში), მეორე კი - აპკურებს (წყალს), ერთი გამოიყენებს აფუებულ პურს ღვთაებრივი ევქარისტიის საიდუმლოში, მეორე კი - უფუვარს, და ა. შ. (§ 4)".

"... თუკი ღვთაებრივ მამათა და ღმრთივშეკრებილ მსოფლიო კრებათა სწავლებიდან დასავლელნი დაგვიმტკიცებენ, რომ ოდესღაც, მეცხრე საუკუნემდე, რომის (მაშინ) ჯერ კიდევ მართლმადიდებელი ეკლესია დასავლეთში სარწმუნოების სიმბოლოს დანამატით ("და ძისაგან გამოვალს") კითხულობდა, ანდა უფუარ პურს იყენებდა (ზიარების საიდუმლოში). ან მიიღებდა სწავლებას განმწმედ ცეცხლზე, (წყლის) პკურებას (წყალში სამგზის) შთაფვლის ნაცლად... მაშინ, (თუკი დასავლელნი დაგვიმტკიცებენ ყოველივე ამას), ჩვენ არაფერი გვექნება სათქმელი ხოლო თუკი პირიქით, ცხადი შეიქნება, ... რომ დასავლეთის ეკლესიამ დაამახინჯა ისინი სხვადასხვა სიახლეებით, მაშინ ყრმათათვისაც კი ცხადი გახდება, რომ უფრო ბუნებრივი გზა გაერთიანებისკენ - ეს არის დასავლეთის ეკლესიის ძველ მდგომარეობაში დაბრუნება..."

"ერთი წმიდა კათოლიკე-საყოველთაო და სამოციქულო ეკლესია, - ვკითხულობთ იქვე, - შვიდი წმიდა მსოფლიო კრებისა ნათლის-ღების საიდუმლოს აღასრულებდა სამგზისი შთაფლვით წყალში უფლის მცნებისაებრ... მომდევნო პერიოდში, პაპისტურ ეკლესიაში შემოიღეს (აწ) მიღებული პკურება და გადასხმა, რომელიც დღემდე ამ ახალშემონაღებში ჰგიებს, რითაც კიდევ უფრო განავრცობს მის ქვეშ ისედაც პირდაღებულ უფსკრულს. ჩვენ კი, მართლმადიდებლები, ვრჩებით რა სამოციქულო გადმოცემისა და შვიდი მსოფლიო კრების პრაქტიკის ერთგულნი, "მართებული სარწმუნოების მამათამიერი საუნჯის საერთო მონაპოვრის სადარაჯოზე ვდგავართ" (კონსტანტინოპოლის ეკლესიის საპატრიარქო და სინოდალური მრგვლივმოსავლელი ეპისტოლე რომის პაპ ლეონ XIII-ის 1894 წლის 20 ივნისის ენციკლიკის გამო ეკლესიათა შეერთების შესახებ (1895 წ.) (უფრო დეტალურად იხ. http://oldorthodox.ge/natloba_konstantinopolis_sapatriarqos_epistole.html) (URL-ის მიმართვის თარიღი: 09.11.2020).

აღმოსავლელი იერარქები 1848 წელს შედგენილ მრგვლივმოსავლელ ეპისტოლეში წერენ: "დასავლეთის ეკლესიაში... ნელ-ნელა დამკვიდრდა სხვადასხვა სიახლე, რომლებიც უმეტესწილად ეწინააღმდეგებიან სახარებაში ნათლად გამოხატულ მცნებებს ჩვენი მაცხოვრისა, რომელსაც მანამდე გულმოდგინედ იცავდნენ იმ ეკლესიებში, სანამ არ დაამკვიდრეს ეს სიახლენი, როგორიცაა: პკურება შთაფლვის ნაცვლად..." და სხვა (Окружное послание Единой, Святой, Соборной и Апостольской Церкви ко всем Православным христианам (1848 г.). § 5:12. http://www.pagez.ru/olb/027.php)

შემდეგ იქვე ვკითხულობთ: "დაუშრეტელი მადლით ჩვენმა ღმერთმა თავისი სისხლით გამოგვისყიდა და არაფერს ითხოვს ჩვენგან წმიდა მამათა უბიწო სარწმუნოებისადმი, მართლმადიდებლური ეკლესიისადმი ერთგულებისა და სიყვარულის გარდა, რომელმაც ახალგამოგონილი პკურებით კი არ გვშვა, არამედ სამოციქულო ნათლისღების ღვთაებრივი საბანელით აგვაღორძინა..." (იქვე. § 22) სრული რუსული ტექსტი იხ. http://www.pagez.ru/olb/027.php) (URL-ის მიმართვის თარიღი: 09.11.2020).

ამაზე უფრო კატეგორიულია კონსტანტინოპოლის 1756 წლის ადგილობრივი საეკლესიო კრების განსაზღვრება, რომელიც გვამცნებს, რომ ვინც მონათლული არ იქნება სამგზისი შთაფლვითა და ყოვლადწმიდა სამების პირთა მოწოდებით თითოეულ შთაფლვაზე, არამედ ნებისმიერი სხვა სახით მოინათლება, მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოქცევის შემთხვევაში მოუნათლავად ჩაითვლება.

"ერთი ღვთაებრივი ნათლისღების მიმღებნი, - ნათქვამია ამ კრების ოროსში, - ყოველივე ერეტიკულს, რაც ისე არ აღესრულება, როგორც ეს სულიწმინდამ ამცნო მოციქულებს და რაც დღემდე უცვლელად აღესრულება ქრისტეს ეკლესიაში, გარყვნილ კაცთა გამონაგონად და მოციქულთა გადმოცემების საწინააღმდეგოდ მივიჩნევთ საყოველთაო აღიარებით, ზიზღით უკუვაგდებთ მათ და მათგან ჩვენკენ გადმოსულთ მოუნათლავთა და განუწმენდელთა თანასწორად მივიჩნევთ". ამ კრების დადგენილებას ხელს აწერენ: კონსტანტინოპოლის პატრიარქი კირილე;  ალექსანდრიის პატრიარქი მათე და იერუსალიმის პატრიარქი პართენი (იხ. Постановление Константинопольского Собора 1756 г. о непризнании вселенским православием обливательного крещения. https://www.portal-credo.ru/site/?act=lib&id=2519) (URL-ის მიმართვის თარიღი: 09.11.2020) (იხ. ასევე (О правилах и чинопоследованиях присоединения неправославных христиан в православную церковь, изд. Вятск, 1869 г. ციტ. Епископ Иннокентий. Крещение греческой церкви и митрополита Амвросия. Черновцы. 1903 г., стр. 30-33).

რა არის ეს ერეტიკული ჩვეულება, რომელიც "ისე არ აღესრულება, როგორც ეს სულიწმიდამ ამცნო მოციქულებს და რაც დღემდე უცვლელად აღესრულება ქრისტეს ეკლესიაში"? რა არის ის "საიდუმლო", რომელსაც ამ კრებამ "გარყვნილ კაცთა გამონაგონი უწოდა" და ამის გამო, ამგვარ ერეტიკოსთაგან გადმოსულებს "მოუნათლავთა და განუწმენდელთა თანასწორად" მიიჩნევს? მოდი, თვით კრებას მოვუსმინოთ: "ვინც მონათლული არ იქნება სამგზისი შთაფლვითა და ყოვლადწმიდა სამების პირთა მოწოდებით თითოეულ შთაფლვაზე, არამედ ნებისმიერი სხვა სახით, მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოქცევის შემთხვევაში ჩაითვლებიან მოუნათლავებად", ამიტომაც: "…მოჩვენებითად, ვითომ მონათლულებს მართლმადიდებლური ეკლესიისკენ მოქცევის შემთხვევაში ვიღებთ, როგორც მოუნათლავებს და ყოველგვარი ეჭვის გარეშე გადავნათლავთ მათ წმ. მოციქულთა და საკრებო დადგენილებების შესაბამისად, რომელსაც ურყევად ეფუძნება ქრისტეს წმიდა, სამოციქულო და მსოფლიო ეკლესია - დედა ყოველთა მართლმადიდებელთა" (უფრო დეტალურად იხ. Постановление Константинопольского Собора 1756 г. о непризнании вселенским православием обливательного крещения. https://www.portal-credo.ru/site/?act=lib&id=2519) (URL-ის მიმართვის თარიღი: 09.11.2020).

ბერძნული "პიდალიონი" (დიდი რჯულისკანონი) პირდაპირ განმარტავს, რომ: "ლათინური წყალპკურება უცხოა შთაფლვისა და აღმოშობისა, შედეგად, ვერ არის გამომხატველი უფლის სამდღიანი სიკვდილისა და აღდგომისა, ამიტომაც ყოველგვარი მადლმოსილებისა, განწმენდისა და ცოდვათა მიტევებისგან გაუცხოებულია" (Пидалион. Греческая кормчая книга, изд. Москва 1838, стр. 248, 249). ის, რაც შემდეგ არის ნათქვამი "პიდალიონში", განსაკუთრებით საყურადღებო უნდა იყოს ზ. ნოდიასთვის, რომელიც თავისი მეგობრის, პროფ. ე. ჭელიძის კვალობაზე ირწმუნება, რომ "საკმარისია (თუნდაც გამონაკლისის წესით) ნათლობისას დაცული იქნეს ფორმულა - მამის, ძის და წმიდა სულის სახელზე წყლის სამჯერადი გამოყენებით (?)" (გვ. 239-240), რომ ნათლობა აღსრულებულად ჩაითვალოს. ბერძნული "დიდი სჯულისკანონი" (რომლის შემდგენელი, სხვათა შორის, არის ოპონენტებისთვის მეტად ავტორიტეტული ნიკოდიმოს მთაწმინდელი) კატეგორიულად გამორიცხავს ამგვარ შესაძლებლობას და ამბობს, რომ "ნათლობა ოდენ სამების პირთა მოწოდებით კი არ აღსრულდება, არამედ უცილობლივ ითხოვს მსგავსებას უფლის სიკვდილისა და აღდგომისა, რამეთუ აცხოვნებს მოსანათლავს არა ოდენ რწმენა წმიდისა სამებისა, არამედ ამასთანავე რწმენა "მესიის სიკვდილისა"" (რაც მოსანათლავის სამგზის წყალში სამგზის შთაფლვით გამოიხატება - არქიეპ. პ.).

ამავეს ბრძანებს ნეტარი იერონიმეც, რომ ნათლისღების საიდუმლოს აღსრულების ჟამს სამგზისი შთაფლვა წყალში მოციქულთა დროიდან მომდინარეობს, ზეპირი საეკლესიო გადმოცემით გადმოგვეცა და აღესრულება არა მხოლოდ ყოვლადწმიდა სამი ღვთაებრივი პირის სახელით, არამედ იმიტომაც, რომ უფალი თავისი ადამიანური ბუნებით სამი დღის განმავლობაში იყო მკვდარი... ასე, რომ, ლათინნი (და ცხადია, ახალმოწესე "მართლმადიდებლებიც" - არქიეპ. პ.) მწვალებლები არიან. როგორც მოუნათლავთ (მათში დამკვიდრებული წყალპკურებითი "ნათლობის" გამო - არქიეპ. პ.), მათ არა აქვთ სულიწმიდის მადლი და შედეგად არც ერთი საიდუმლოც; მათგან მართლმადიდებლურ ეკლესიაში გადმოსულები უნდა გადაინათლონ" (Пидалион., стр. 248, 249. ციტ. Епископ Иннокентий. Крещение греческой церкви и митрополита Амвросия. Черновцы. 1903 г., стр. 6-9, 33, 34).

ზუსტად იგივე დამოკიდებულება ჰქონდათ ლათინური დასხმით-პკურებითი "ნათლისღების" მიმართ წმ. კალისტე კონსტანტინოპოლელს († 1363 წ.), კონსტანტინოპოლის პატრიარქ აგათანგელოზს (1829 წ.), ათონელ "კოლივადებს", მათ შორის ყველაზე სახელგანთქმულ ნიკოდიმოს მთაწმინდელს, რომელიც ბერძნული დიდი სჯულისკანონის, ე. წ. "მესაჭე წიგნის" ("პიდალიონი") მისეულ განმარტებაში წერს: "ლათინური წყალპკურება უცხოა შთაფლვისა და აღმოშობისა, შედეგად, ვერ არის გამომხატველი უფლის სამდღიანი სიკვდილისა და აღდგომისა, ამიტომაც ყოველგვარი მადლმოსილებისა, განწმენდისა და ცოდვათა მიტევებისგან გაუცხოებულია ... მათგან მართლმადიდებლურ ეკლესიაში გადმოსულები უნდა გადაინათლონ" (Пидалион., стр. 248, 249. ციტ. იქვე).

წყალპკურებითი ნათლობის უვარგისობაზე და მის ერეტიკულობაზე წყაროების დამოწმება შორს წაგვიყვანს, ამიტომ ამ თემაზე და შედეგად, თქვენს მოუნათლაობაზე წერტილს XVIII ს. ქართლის კათალიკოს ბესარიონ ორბელიშვილს დავასმევინებთ, რომელიც თავის ანტილათინურ (ანტიკათოლიკურ) თხზულებაში "გრდემლი" წერს: "ვკითხოთ პაპის მოსავთ თუ რა მიზეზით ნათელსცემენ მხოლოდ მცირედი წყლის შეხებით ან სხურებით, თუ რატომ ნათელსცემენ არა მხოლოდ მღვდელმსახურნი, არამედ ერისკაცნიცა და ქალნიც, რის გამოც მათგან ნათელღებულთ ნათლის მინიჭების მაგიერ, სრულიად განუნათლავთ დაუტევებენ ბნელში, ... არცა სადმე წერილა, არცა ვისმე სმენია, რომ ჩვენს მიერ მოხსენებულისგან განსხვავებული ისეთი ნათლობით, ისე, როგორც ამას პაპის მოსავნი აღასრულებენ, ვინმეს ნათელ ეღო, რითაც ისინი არღვევენ რჯულს და გარდავლენ წმ. მოციქულთა და ღმერთშემოსილთ მამათაგან დაწესებულ საზღვრებს და არაგულისხმაჰყოფენ ღმრთის სიტყვებს, რომელიც ბრძანებს: "ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირესს მცნებათგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სასუფეველში" (კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი. "გრდემლი". თ. 20. ნათლისღებისთვის (უფრო დეტალურად იხ. წინამდებარე ნაშრომის პირველი ნაწილი).

მოკლედ რომ ვთქვათ, არც ერთი საიდუმლო, და მათ შორის ხელდასხმაც, არ არის იქ, სადაც არ არის სჯულიერი ნათლისღება. მაშ, ხედავთ თუ არა თქვენი ეკლესიის მიმართ გამოტანილ ულმობელ განაჩენს, რომელიც "სტაროვერებმა" კი არ გამოგიტანეს, არამედ თქვენივე ეკლესიის მღვდელმთავრებმა, რომლებიც მაშინ ბეჯითად მისდევდნენ ნათლობის ერთადერთ და ჭეშმარიტ ფორმას და ამ ლათინურ სიახლეს უარყოფდნენ.

ხედავთ, ვინ ყოფილა ლათინური წყალდასხმით-პკურებითი "ნათლობის" დამამკვიდრებლები და მიმღებნი? - ერეტიკოსები, გარყვნილი ადამიანები, მოციქულთა და წმიდა მამათა სჯულის მოწინააღმდეგეები, მწვალებლები და უბრალოდ - მოუნათლავები! და ესეც ძველმოწესეთა კი არა, ახალმოწესე ბერძენ იერარქთა განჩინებით.

მაშ, როგორ შეიძლება, მოუნათლავთა ასეთ საკრებულოს ჯერ "ეკლესია" ვუწოდოთ და შემდეგ მასში ვითომცდა დამკვიდრებულ "მადლზე" და "ცხოვნებაზე" ვილაპარაკოთ? ასე რომ, თქვენ განაჩენი თქვენმა სულიერმა წინაპრებმა გამოგიტანეს და პასუხიც მათ უნდა გასცეთ...

და მესამე, რას ნიშნავს "იკონომიური" ნათლობა? ან რამ გამოიწვია ასეთი "იკონომია"? მოგდევდათ ვინმე და ნათლობას ვერ ასწრებდით? რამდენი საუკუნეა, ამ ლათინური წესით ნათლავთ? ან ვინ გასწავლათ, რომელმა წმიდა მამამ, რომ წყალპკურებითი ნათლობა "იკონომიურია"? როგორ გესმით თქვენ იკონომიის საკითხი? რა არის იკონომია? - უკანონობა? საიდუმლოს დარღვევა?

ღირ. თევდორე სტოდიელის სიტყვები, რომელიც ამბობდა: "სახარების დამცველთ სქიზმატიკოსებს უწოდებენ, მის დამრღვევთ კი იკონომისტებსო", სწორედ ზ. ნოდიაზე და მისნაირ პროპაგანდისტებზეა ზედგამოჭრილი.

ეს თემა რაც შეიძლებოდა დეტალურად განვიხილეთ ჩვენი წინამდებარე ნაშრომის პირველ ნაწილში, რომელიც მთლიანად მიეძღვნა ნათლისღების და მისი კანონიკური თუ არაკანონიკური შესრულების საკითხს. ამიტომაც ამ საკითხზე მეტად არ შევჩერდებით, უბრალოდ ვიკითხავთ: როგორ არის შესაძლებელი, ქიროტონია ეძებო იმგვარ "ეკლესიებში", სადაც ჭეშმარიტი ნათლისღება არ აღესრულება, რის გამოც "ყოველგვარი მადლმოსილების, განწმენდისა და ცოდვათა მიტევებისგან გაუცხოებულნი" ყოფილან?

როგორ არის შესაძლებელი, მღვდლები ეძებო იქ, სადაც მღვდლებიც და ეპისკოპოსებიც წყალპკურებითი "მონათლულობის" გამო, ფაქტობრივად, მოუნათლავები არიან და, XVIII ს-ის ქართლის კათალიკოს ბესარიონ ორბელიშვილის თქმით, "მათგან ნათელღებულთაც ნათლის მინიჭების მაგიერ, სრულიად განუნათლავთ დაუტევებენ ბნელში"?.

მაშ, იქნებ, ვკითხოთ ზ. ნოდიას, რატომ უნდა ეძებნათ ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებს ჯერ ხელდასხმა და შემდეგ ნათლისღება? როგორ არის შესაძლებელი იქ, სადაც დარღვეულია ნათლისღება შენარჩუნებული იყოს ხელდასხმა? ასე უკუღმა მხოლოდ ზ. ნოდია და მისნაირი "მოშურნეები" ეძიებენ "ეკლესიას". მაგრამ არ არის ეკლესია იქ, სადაც არ არის ნათლისღება! რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნათლისღება არის საძირკველი ეკლესიისა.

თუმცა, როგორც გ. ფლოროვსკი ამბობდა "საიდუმლოებები უცვალებლად, ონტოლოგიურად არის დამახასიათებელი ეკლესიისთვის. ... საიდუმლოებები შეადგენენ ეკლესიას. მხოლოდ საიდუმლოებებში აღემატება ქრისტეანული თემი წმიდად ადამიანურ საზომებს და იქცევა ეკლესიად" (ჰტტპ://აზბყკა.რუ/1/სემ-ტსერკოვნყჰ-ტაინსტვ). მაგრამ ნათლისღება საიდუმლოთა შორის არის უპირველესი და უმნიშვნელოვანესი საიდუმლო, რომლის უგულებელყოფა დაუშვებელია.
ნათლისღება უპირველესი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საიდუმლო რომ არის, ამას მრავალი ავტორიტეტული წყარო გვიდასტურებს. ხოლო მართლმადიდებლური სარწმუნოების შემსწავლელი კატეხიზმოები მას ეკლესიაში შესასვლელ "კარსაც" კი უწოდებენ.

დიახ, "არ უთქვამს ქრისტეს - ნათლობაზე დავამყარებ ჩემს ეკლესიასო", აქ ზ. ნოდია არ ტყუის, მაგრამ, აშკარად ცდება, როცა ამტკიცებს, "... არამედ მოციქულებზე, ანუ ეპისკოპოსზე" (გვ. 215). ზ. ნოდიას ლათინურ-მწვალებლური შეხედულების სამხილებლად, რომელიც ეკლესიის საფუძვლად ეპისკოპატს მიიჩნევს, ზემოთ მკაფიოდ განვაცხადეთ და დავამტკიცეთ კიდეც, რომ ეკლესიის საფუძველი, მისი ლოდი არის ქრისტეს ღმერთკაცობისადმი რწმენა, ხოლო ზოგიერთი წმიდა მამის განმარტებით, თვით ქრისტე. ახლა კი ვნახოთ, რატომ ენიჭება ნათლისღებას უპირველესი მნიშვნელობა.

"ყველა საიდუმლოში კაცს ეძლევა მაცხოვნებელი ძალი ღვთისა, - ვკითხულობთ მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლ სახელმძღვანელოში", - მაგრამ თვითოეულ საიდუმლოშიც ეძლევა განსაკუთრებული მადლი. ნათლის-ღებაში კაცი საიდუმლოდ იშვება სულიერი ცხოვრებისათვის..." ("სახელმძღვანელო მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად". თბილისი 1990 წ. გვ. 63). მართალია, ეკლესიის საფუძველი არის ქრისტე და მისი ღმერთკაცობისადმი ურყევი რწმენა, მაგრამ ამგვარი რწმენის ადამიანს, ეკლესიის წევრი რომ გახდეს უცილობლივ მართებს ნათლისღება, როგორც ამას თვით მაცხოვარი ბრძანებს, "უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღვთისასა" (იოანე 3:5). ანუ, თუკი ადამიანი არ იშვება სულიერი ცხოვრებისთვის, ის ეკლესიის წევრი ვერ გახდება.

ქრისტეს არ უთქვამს მოციქულთათვის, "წარვედით და ... ხელი დაასხით ეპისკოპოსებსო", არამედ "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა" (მათე 28:19). რა თქმა უნდა, ეკლესიის აღმშენებლობის საქმეში ყველა საეკლესიო საიდუმლოს და, მათ შორის, ხელდასხმასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეკლესია ვერ იარსებებს, ვერ იფუნქციონირებს, ვერ გააჩენს სასულიერო პირებს, თუ მასში გაუქმდება ნათლისღება. ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები იმიტომ კი არ აქცევენ ნათლისღებას ასეთ უდიდეს ყურადღებას, რომ, მათი აზრით, ეკლესია ნათლისღებაზეა დაფუძნებული, ან "ქრისტეანობასთან აიგივებენ ნათლისღებას", - ეს უნამუსო "პუბლიცისტის" უსაფუძვლო ბრალდებაა, არამედ იმიტომ, რომ ოფიციალურ ეკლესიაში, პკურებითი "ნათლობის" დამკვიდრებით დიდი ხანია, რაც ნათლისღების საიდუმლო გააუქმეს. ამიტომაც, ეს ეკლესია არათუ ეპისკოპოსებს, არამედ რიგით ქრისტიანებსაც კი ვერ შობს.

სამწუხაროა, რომ ზ. ნოდიას სულიერი სიბრმავე და მშფოთვარება არა მარტო ვერ წვდება ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებას, მეტიც, ნათლისღების ერთგულებისთვის ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებს ბრალდებებსაც კი უყენებს და ამ საიდუმლოს განუხრელი და სჯულიერი შესრულების გამო კიცხავს.

ზ. ნოდიასნაირ ადამიანებს ასე აფასებს ღირ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი (X-XI სს.), რომელიც უფლის სიტყვების განმარტებაში: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა" (მათე 58:19) ბრძანებს: "მაშ ასე, პირველი, რაც მოცემულია, ეს არის განწმენდა და ძალი წმიდა ნათლისღების მეშვეობით. და მხოლოდ ამის შემდეგ ამბობს უფალი: "ასწავლეთ მათ, დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ" (მათე 28:19-20). ამრიგად, ყოველი, ვინც ჯერ წმიდა ნათლისღების ძალით არ გამყარდება, ვინც ქრისტეს მცნებათა აღსრულებას არ შეუდგება, ამაოდ დაშვრება. თანაც, ვინც ჯერ წმიდა ნათლისღების ძალით არ არის განმტკიცებულა და ქრისტეს მცნებების აღსრულებას შედგომია, ბრმა არის და მშფოთვარე, რადგან ჯერ სულიერად უნდა განვმტკიცდეთ ქრისტეს მადლში, რომელიც სულს ნათლისღების მიერ განწმენდს, და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შევუდგეთ მცნებების აღსრულებას. რამეთუ როგორ არის შესაძლებელი, ძეძვითა და ეკლით მოცულმა მიწამ, მიიღებს რა კეთილ თესლს, არ ჩაახშოს იგი? ხოლო ქრისტეს ღვთაებრივ ნათლისღებას უდიდესი ძალა აქვს - მოუნათლავებსა და ბოროტებისკენ მიდრეკილთ, როგორც კი მოინათლებიან, ბოროტებისთვის უხმარად შექმნის და ისინიც, თუკი იმწამსვე არ გახდებიან ამდაგვარნი, ბოროტებისკენ ადვილად მიდრეკადნი მაინც ვერ იქნებიან. ეს არის სწორედ ძალის ნიშანი, რომელსაც ნათლისღება გვანიჭებს. გარდა ამისა, მონათლულებს ის აძლევს სიკეთისკენ სწრაფვის ძალას, როგორც ძლიერ ანგელოზებს, რომლებიც მარადის ღმრთის ნებას იქმან" (შეად. ფსალმ. 102:20) (Прп. Симеон Новый Богослов.  https://ekzeget.ru/interpretation/evangelie-ot-matfea/glava-28/stih-19/simeon-novyj-bogoslov-prepodobnyj) (URL-ის მიმართვის თარიღი: 09.11.2020).

"ნათლისღება არ იძლევა ცხოვნების გარანტიას, - ბრძანებს ცნობილი ეკლესიოლოგი და პროტოპრესვიტერი ნიკოლოზ აფანასიევი, - არამედ გვიხსნის გზას მისკენ. ნათლისღება არის არა კინეტიკა, არამედ პოტენცია. მოუნათლავ ადამიანს, პირველდაწყებითი ცოდვის ძალით, არსებითად არ შეუძლია არ სცოდოს, ხოლო ნათელღებულს, თუმც შეუძლია სცოდოს, მაგრამ აქვს მისგან თავშეკავების ძალმოსილება. ნათლისღება - ეს არის სულიერი შობის საიდუმლო, სწორედ ამიტომაც სრულდება ის ერთხელ. ნათლისღებით მიიღება ადამიანი ეკლესიაში, მხოლოდ მის შემდეგ შეუძლია მას სხვა საიდუმლოებეთან მიახლება. ნათლისღება და მირონცხება ადამიანის ევქარისტულ ერთობაში გაწევრიანებას ემსახურება. მასში შესვლა კი აღებს შესაძლებლობებს ეკლესიაში ცხოვრებისა, რომლის გარეშე არ არსებობს მისდამი აქტიური კუთვნილება. ... ასე რომ, ეკლესიაში მიღება შეიცავს სამ მომენტს: ნათლისღებას, მირონცხებას და ევქარისტიას" (Протопресвитер Николай Афанасьев. Вступление в Церковь. Таинство вступления в Церковь. § 3. https://azbyka.ru/otechnik/Nikolaj_Afanasev/vstuplenie-v-tserkov) (URL-ის მიმართვის თარიღი: 09.11.2020).

თუკი ვინმე ეძებს ჭეშმარიტ ქიროტონიას (ხელდასხმას), მან, უპირველეს ყოვლისა, უნდა ეძიოს ჭეშმარიტი ნათლისღება, რადგან ამ უპირველესი საიდუმლოს გარეშე ვერც ერთი სხვა საიდუმლო ჭეშმარიტი და რეალური ვერ იქნება. ძველმართლმადიდებელთა მონდომება, უპირველესად ეძებნათ არა ხელდასხმა, არამედ სწორი ნათლისღების მქონე ეკლესია, აბსოლუტურად სწორი და გამართლებული ნაბიჯია, რამეთუ ასეთ შემთხვევაში ის ნამდვილ ქიროტონიასაც იპოვიდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნამდვილი, ჭეშმარიტად ხელდასხმული სამღვდელოება რომ ეპოვნა, მას ჭეშმარიტი ნათლისღების მქონე ეკლესია უნდა ეძებნა. ეძება და პოვა კიდეც.
6
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому