აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. II_XI_მართლმადიდებლური (რვაკიდურიანი) ჯვრის შესახებ - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი II

გრანდიოზული დივერსია

17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმის მიზეზები და შედეგები მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის. ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკური და ისტორიულ-ლიტურგიკული გამართლება
მართლმადიდებლური (რვაკიდურიანი) ჯვარი
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.


თავი XI
___________________________________________________________________________________________________________________________________

მართლმადიდებლური (რვაკიდურიანი) ჯვრის შესახებ

"სასარგებლო სიტყვა გონიერი ჭკუის ნიშანიაო", ბრძანებს ამბა თალასი. სიტყვის სარგებლიანობა კი, ჩვენი აზრით, ადამიანთა მიერ ჭეშმარიტების შემეცნებასა და სარწმუნოებრივ ღირებულებათა ღირსეულ შეფასებაში უნდა გამოვლინდეს და თუკი "სასარგებლო სიტყვა გონიერი ჭკუის ნიშანია", უსამართლონი არ ვიქნებით, უსარგებლო სიტყვას უჭკუობის ნიშნად თუ ჩავთვლით. სწორედ ასეთად გვესახება ახალმოწესე რეფორმატორთა, ამ ვაიმართლმადიდებელთა დავა ძველმართლმადიდებლებთან. ამის სანიმუშო მაგალითად გამოდგება ნებისმიერი ახალმოწესე პოლემისტი, რომელსაც ოდესმე დაუცავს პატრიარქი ნიკონი და პატივაყრილ ბერძენ იერარქთა უაზრო რეფორმა.

ამგვართა რიცხვშია ოფიციალური, ახალმოწესეობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი "არქიმანდრიტი" რაფაელ კარელინიც. თავის წიგნში "საუბრები მართლმადიდებლობაზე" ის წერს: "მეძველწესენი მხოლოდ რვაკუთხოვან ჯვარს აღიარებენ (ხაზგასმები ყველგან ჩვენია - არქიეპ. პ.). მართლმადიდებელი (იგულისხმე მათი, ახალმოწესეობრივ-რეფორმატორული - არქიეპ. პ.) ეკლესია ჯვრის ყველა სახეს სცემს თაყვანს: ოთხდაბოლოებიანს, ექვს და რვადაბოლოებიანსაც. ლიტურგიკულ ტექსტებში ოთხდაბოლოებიანი ჯვარიც მოიხსენიება. მაგალითად, გრიგოლ სინელთან. ჯვრის სიმბოლიკა ქვეყნის ოთხ კუთხეს, წლის ოთხ დროს, ოთხ სტიქიას გამოხატავს. ძველ ეკლესიაში არსებობდა კიდევ ერთი ფორმა ჯვრისა - T. ამას ბარნაბა მოციქული მიუთითებს" (არქიმანდრიტი რაფაელი. საუბრები მართლმადიდებლობაზე. გამომც. "კიდევაც დაიზრდებიან". თბილისი 1994 წ. გვ. 104).

"არქიმანდრიტი" რაფაელი ჯვრის სხვადასხვა სახის აღიარებასა და თაყვანისცემას ერთმანეთში ურევს და აშკარად იტყუება, როდესაც ამბობს, თითქოსდა "მეძველწესენი მხოლოდ რვაკუთხა ჯვარს აღიარებენ". მართალია, "თაყვანისცემა" თავის თავში უცილობლივ გულისხმობს "აღიარებას", მაგრამ "აღიარება" ყოველთვის როდი გულისხმობს "თაყვანისცემას", რამეთუ გასარკვევია, როგორ პატივშია (თუ ხარისხშია) აღიარებული საგანი და რა მნიშვნელობა ან დანიშნულება აქვს მას ქრისტეანული თვალსაზრისით. ამიტომაც, როდესაც "არქიმანდრიტი" ბრძანებს "მეძველწესენი მხოლოდ რვაკუთხა ჯვარს აღიარებენო, - აშკარად ტყუის. ძველმართლმადიდებელნი აღიარებენ ჯვრის ყველა იმ ფორმას, რომელიც ძველთაგანვე იყო შეწყნარებული ქრისტეს ეკლესიის მიერ.

"წმიდა ეკლესია ჯვრის სამ სახეობას აღიარებს: ოთხდაბოლოებიანს, ექვს და რვადაბოლოებიანს. ყველა მათგანი წმიდად პატივდებულია და იდიდება მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ. მაგრამ ყოველ სახეობას ჯვრისა თავისი ადგილი აქვს მიჩენილი. რვადაბოლოებიანი ჯვარი ყველაზე სრულყოფილია იმ აზრით, რომ ის სრულად გადმოსცემს გოლგოთის მსხვერპლს.

როგორც საეკლესიო მოძღვრები განმარტავენ, ჯვრის ვერტიკალური ძელი კვიპაროსისა იყო; ჰორიზონტალური, რომელზეც მიემსჭვალა მაცხოვრის უპატიოსნესი ხელები, საროსი, ხოლო ფეხსადგამი, რომელზეც ქრისტეს ფეხები მიამსჭვალეს, კედარისა (წმ. გრიგოლ ომირიტელის მესამე გასაუბრება ერვანოზთან. იხ. წმ. გრიგოლ ომირიტელის ცხოვრება (VI ს.).

საკუთრივ ექვსდაბოლოებიანი ჯვარი არის კიდევაც სრული ჯვარი, რადგან სწორედ მასზე მიამსჭვალეს მაცხოვარი. რვადაბოლოებიანი ჯვრის ორ დანარჩენ დაბოლოებას წარმოადგენს ფიცარი (ტიტლოსი), რომლის შესახებაც ლაპარაკია თვით სახარებაში: "და დაწერა პილატე ფიცარი და დასდვა ჯუარსა მას ზედა. და იყო წერილი ესრე: იესუ ნაზარეველი, მეუფე ჰურიათაი" (იოანე 19:19). ამ ტიტლოსით გოლგოთის მოვლენა სრულყოფილად არის წარმოჩენილი" (Федор Мельников. Краткая история древлеправославной (старообрядческой) церкви. Барнаул. 1999 г., стр. 73-74).

ამრიგად, წმ. ეკლესია აღიარებს ჯვრის სამ საზოგადო სახეს: ოთხდაბოლოებიანს, ექვსდაბოლოებიანს და რვადაბოლოებიანს. ძველმართლმადიდებლური ელესია პატივს მიაგებს ყველა მათგანს, თუმცა თითოეულს მიაკუთვნებს თავის ადგილს, რამეთუ "ქრისტეანული სიმბოლოები, რომლებიც თავიანთ დასაბამს ღვთაებრივ ფორმათაგან იღებენ, ნიშანთა ერთგვარ იერარქიულ წყობას წარმოადგენს" (В. Иванов. Крест, знак и значение. ЖМП. № 1. 1973. Православное учение о кресте Господнем. Москва. 2000 г. С. 3).

მოდი განვსაჯოთ, რა განსხვავებაა რვადაბოლოებიან და ჯვრის სხვა ფორმებს შორის?

რვადაბოლოებიანი ჯვარი (იხ. სურ. ქვემოთ) სხვა ფორმებზე უფრო სრულყოფილია იმ აზრით, რომ მთელი სისავსით წარმოგვიდგენს გოლგოთის ჯვარს, რომელზეც მიამსჭვალეს ქრისტე. სწორედ ამ ჯვარზე წინასწარმეტყველებდა ესაია: "და დიდებაი ლიბანისა შენდა მოვიდეს საროისსა მიერ, ფიჭვისა და კედარისა ერთბამად, დიდებად ადგილ წმიდა ჩემი ადგილი ფერხთა ჩემთა ვადიდო" (ესაია 60:13).



რვადაბოლოებიანი, მართლმადიდებლური ჯვარი

რუსულად: "Слава Ливана придет к тебе, кипарис и певг и вместе кедр, чтобы украсить место святилища Моего, и Я прославлю подножие ног Моих".

სლავურად: "И слава ливанова к тебе приидет, кипарисом и певгом и кедром вкупе, прославити место святое Мое, и место ногу Моею прославлю".

ლათინურად: " Gloria Libani ad te veniet, abies, et buxus, et pinus simul ad ornandum locum sanctificationis meae; et locum pedum meorum glorificabo".

ბერძნულად: "καὶ ἡ δξα το Λιβάνου πρς σὲ ἥξει ν κυπαρίσσ κα πεκ κα κδρῳ ἅμα δοξάσαι τν τπον γιόν μου".

"სოლომონის სიბრძნის" 14-ე თავის 7-ე მუხლის ("კურთხეულ არს ძელი, რომლისაგან იქმნა ცხორება") განმარტებაში წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებს: "ხოლო ესაია მეტყველებს იმის შესახებ, თუ საიდან და რომელ ხეთაგან შედგა ჯვარი".

როგორც უკვე ვთქვით, წმ. გრიგოლ ომირიტელის (VI ს.) განმარტებით, ქრისტეს ჯვარი შედგებოდა სამი ხის ძელისგან: ვერტიკალური ძელი იყო საროსი, ჰორიზონტალური - ფიჭვისა, ფეხსადგამი კი კედარისა (მე-3 გასაუბრება ერვანოზთან. იხ. გრიგოლ ომირიტელის ცხოვრება).

ძველი მამები წმ. იუსტინე და წმ. ირინეოსი ცხადყოფენ, რომ მაცხოვრის ფერხნი ფეხსადგამზე იყო მიმსჭვალული და მით უფლის ჯვრის სამნაწილედობას წარმოაჩენენ. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ამგვარი მოწმობა მოცემულია დიმიტრი როსტოველის ცნობილ დიდ საკითხავ თვენში, სადაც დეკემბრის თვის წინასიტყვაობაში არის ქრისტეს ჯვრის ასეთი განმარტება: "ძველი მამები წმ. იუსტინე და წმ. ირინეოსი საკმაოდ მკაფიოდ ბრძანებენ, რომ ქრისტეს ორივე ფეხი ფეხსადგამზე იდგა" (დედანში: "Тако предают отцы древнейшие и святый Иустин и св. Ириней, довольно яве сказующий, яко обе нозе Христове стоясте на подножии Креста". Минея-четья. Издание Киево-Печерской лавры. ციტ. Федор Мельников. Краткая история древлеправославной (старообрядческой) церкви. Барнаул. 1999 г., стр. 76).

რვადაბოლოებიან ჯვართან დაკავშირებით საინტერესო ცნობას გვაწვდის დომინიკანელი ბერი, იტალიელი სასულიერო მწერალი და აგიოგრაფი, იაკობ ვორაგინელი (ლათ. Jakobus de Voragine) (1228-1298). მის "ოქროს ლეგენდაში" ვკითხულობთ: "ხოლო თვით ჯვარი ქრისტესი, როგორც ამტკიცებენ, შედგენილი იყო ხის ოთხი სახეობისგან: პალმის, კვიპაროსის, ზეთისხილისა და კედარისგან. უფლის ჯვარზე შეერთდა ხის ოთხი ნაწილი, კერძოდ, პირდაპირ აღმართული ხე, განივი ხე, მიკრული ფიცარი და ფეხსადგამი, რომელზეც მყარდებოდა ჯვარი, ანუ, როგორც გრიგოლ ტურინელი (VI ს.) (36) ბრძანებს, ეს იყო განივი დაფა, რომელიც ქრისტეს ფეხქვეშ იმყოფებოდა. ამგვარად, ჯვრის თითოეული ნაწილი შესაძლოა დამზადებულ ყოფილიყო ჩამოთვლილ ხეთა ნებისმიერი სახეობისგან. ამ განსხვავებაზე მიუთითებს მოციქული, როდესაც ამბობს: "რათა, სიყვარულით დამკვიდრებულთ და დაფუძნებულთ, ყველა წმიდასთან ერთად შეგეძლოთ სიგრძისა თუ სიგანის, სიღრმისა თუ სიმაღლის წვდომა" (ეფეს. 3:18) (Legenda Aurea LXVIII De Inventione Sanctae Crucis.  Золотая легенда LXVIII Об Обретении Святого креста.  Эпоха. Художник. Образ. Ирина Кувшинская. История Святого креста:  фрески Пьеро делла Франческа  в церкви ჩвятого Франциска в Ареццо. С. 355. http://sias.ru/upload/isk/343-369_Kuvshinskaya%20top.pdf).

----------------

36. დასავლეთის ეკლესიის წმინდანი გრიგოლ ტურინელი (საერო სახელი გიორგი ფლორენციელი (ლათ.: Georgius Florentius) (538 /9 - 593/4. დას. ეკლესიაში მოიხსენიება 17 (30) ნოემბერს). ის იყო ტურინის ეპისკოპოსი, საეკლესიო მწერალი, თეოლოგი, ისტორიკოსი და აგიოგრაფი (იხ. Православная Энциклопедия.  http://www.pravenc.ru/text/168077.html) (URL-ის მიმართვის თარიღი: 07.10.2020).

----------------

"ამ სიტყვებს სახელგანთქმული განსწავლული კაცი (იგულისხმება დასავლელი წმიდა მამა გრიგოლ ტურინელი (VI ს.) - არქიეპ. პ.) ასე განმარტავს: "უფლის ჯვარი - ეს არის სივრცე, ანუ განივი ძელი, რომელზეც უფლის ხელები გაიშალა; სიგრძე, ამომავალი მიწიდან ვიდრე განივ ძელამდე, მასზე ხელებს ქვემოთ მიემსჭვალა თვით სხეული იესუ ქრისტესი; სიმაღლე, ეს ის არის, რაც სივრციდან მაღლდება და რომელზეც განისვენებდა თავი უფლისა, და სიღრმე, რომელიც შეჭრილი იყო მიწაში. სწორედ ამიტომ ჯვრის გამოსახვით იკურთხება ყოველი ქრისტეანის ნებისმიერი საქმე, რათა იქმოდეს სიკეთეს ქრისტეში, და მოშურნეობით მისდევდეს მას, სასოებდეს ზეცას და არ ბილწავდეს სიწმიდეს. ეს უძვირფასესი ძელი ჯვარისა ჩამალულ იყო მიწის ქვეშ ორას წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რომელიც შემდეგ მოიპოვა ელენემ, იმპერატორ კონსტანტინეს დედამ..." (Legenda Aurea LXVIII De Inventione Sanctae Crucis.  Золотая легенда LXVIII Об Обретении Святого креста.  Эпоха. Художник. Образ. Ирина Кувшинская. История Святого креста:  фрески Пьеро делла Франческа  в церкви ჩвятого Франциска в Ареццо. С. 355. http://sias.ru/upload/isk/343-369_Kuvshinskaya%20top.pdf) (URL-ის მიმართვის თარიღი: 07.10.2020).

ჩვენ აქ გამოვტოვებთ იერუსალიმში ჯვრის აღმოჩენის ამბავს, რადგან ის მეტ-ნაკლებად ყველასთვის ცნობილია, აღვნიშნავთ მხოლოდ იმას, თუ როგორ ამოიცნეს ქრისტეს ჯვარი ავაზაკთა ჯვრებისგან. "ამის შემდეგ იუდამ (ვინც გადმოცემით იცოდა თუ სად იყო დამარხული უფლის ჯვარი - არქიეპ. პ.) დაიწყო თხრა და ოცამდე ფუტის სიღრმემდე რომ ჩავიდა, იქ ჩამალული სამი ჯვარი იპოვა, რომლებიც მაშინვე მიუტანა დედოფალს. რადგან არავინ იცოდა როგორ გაერჩიათ ქრისტეს ჯვარი იმ ჯვართაგან, რომლებზეც დაეკიდნენ ავაზაკნი. სამი ჯვარი ქალაქის შუაში დაასვენეს და დაელოდნენ, რომ უფალი თვით გამოავლენდა თავის დიდებას. დაახლოებით ცხრა საათზე იქვე ახლოს გარდაცვლილი ყმაწვილის ცხედარი გამოასვენეს. იუდამ გააჩერა სამგლოვიარო პროცესია და გარდაცვლილს პირველი და მეორე ჯვრები მიადო, მაგრამ ყრმა არ გაცოცხლდა. მაშინ იუდამ მიადო მას მესამე ჯვარი და მიცვალებული სიცოცხლეს მეყვსეულად დაუბრუნდა" (იქვე. გვ. 360).  

ხსენებული ნაშრომის მიხედვით, არსებობს ჯვრის ამოცნობის სხვა ვერსიებიც, კერძოდ: "საეკლესიო ისტორიაში" შეიძლება წავიკითხოთ, რომ იმ დროს რომელიღაც დედაკაცი ცოცხალმკვდარი ესვენა თავის სარეცელზე. როდესაც იერუსალიმის ეპისკოპოსი მაკარი შეეხო მას პირველი და მეორე ჯვრით, არაფერი მოხდა, მაგრამ, როდესაც მესამე ჯვარი შეახო, ქალმა თვალები გაახილა და განკურნებული დაუყოვნებლივ წამოდგა. ხოლო ამბროსი ჰყვება, რომ მაკარიმ უფლის ჯვარი დანარჩენი ჯვრებისგან პილატეს მიერ მასზე დაკრული წარწერიანი ფიცრით იცნო, რომელიც მოძებნა და წაიკითხა" (იქვე. გვ. 360).

"უნდა აღინიშნოს, - წერს Legenda Aurea LXVIII De Inventione Sanctae Crucis-ის რუსულ ენაზე მთარგმნელი ირინა კუვშინსკაია, - რომ "ოქროს ლეგენდის" ტექსები, წმიდა ფრანცისკის ეკლესიის ფრესკების შექმნამდე 70 წლით ადრე, საფუძვლად დაედო ფლორენციის სანტა-კროჩეს მონასტრის მაჯორეს კაპელას მოხატულობას" (იქვე. გვ. 345).





Altare a Chiesa di San Francesco
არეცოს (იტალია) წმიდა ფრანცისკის სახელობის ტაძრის საკურთხეველი.
რვადაბოლოებიანი ჯვარცმა (13-ე ს.)

მასალა აღებულია საიტიდან:


(URL-ის მიმართვის თარიღი: 07.10.2020)

საგულისხმოა აღინიშნოს, რომ დასავლეთში რვადაბოლოებიანი ჯვრები ჯერ კიდევ XIII საუკუნემდე. განსაკუთრებულად მკითხველის ყურადღებას ვამახვილებთ ჯვრის ფეხსადგამზე (ანუ დაფაზე, რომელზეც მიმსჭვალულია მაცხოვრის ფეხები), რადგან ზოგიერთი რუსი და, მათი წაბაძვით, ქართველი ავტორიც უარყოფს ქრისტეს ჯვარზე ფეხსადგამის არსებობის ფაქტს, რითაც, ცხადია, უარიყოფა რვადაბოლოებიანი ჯვრის ისტორიული ხასიათი.

ფეხსადგამის არსებობის ფაქტი და კიდევ ის, რომ ჯვარი შედგებოდა სამი ძელისგან, როგორც ამას გადმოსცემს ესაია წინასწარმეტყველი, როგორც ბრძანებს მოციქული პავლე ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში (ეფეს. 3:18) და როგორც ამას განმარტავენ დასავლელი და აღმოსავლელი მამები, ეჭვს არ ტოვებს, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას და თვით დასავლეთის ეკლესიასაც კი დიდი განხეთქილებიდან რამდენიმე საუკუნის განმავლობაში წმიდად სწამდა და ასწავლიდა, რომ მაცხოვრის ფეხები მიმსჭვალული იყო ფეხსადგამზე. ვიხილოთ ამის დამადასტურებელი რამოდენიმე დასავლური ნიმუში:



არეცოს (იტალია) სან-დომენიკოს ტაძარი (1268-1271)



სანტა-კროჩეს ბაზილიკა 1287-1288 წ.



ბერლინგიერ დი მილანეზე: დაახლ. 1220 წ. ვილლა გვინიჯის მუზეუმი.



ბონავენტურა ბერლინგიერი. XIII ს.-ის პირველი ნახევარი.
ტერელიო, სანტა მარია ასუნტას (შანტა Mარია Aსსუნტა) ტაძარი



ანონიმი ავტორი. დაახლ. 1200 წ. პიზა, სან მატეოს მუზეუმი



კოპპო დი მარკოვალდო. 1261 წლის შემდეგ. სან ჯიმინიანო. პინაკოთეკა



გვიდო დი სიენა. 1275-1280 წწ. სიენა, ეროვნული გალერეა.



ჯუნტა პიზანო. დაახლ. 1250 წ. სან-დომენიკოს ეკლესია. ბოლონია.



უგოლინო დი ტედიჩე. დაახლ. 1250 წ. ერმიტაჟი.



ლურჯი ჯვარცმების ოსტატი. დაახლ. 1250 წ. სან ფრანჩესკოს ეკლესია ასიზში.

მასალები აღებულია საიტიდან:


(URL-ის მიმართვის თარიღი: 07.10.2020).

ამრიგად, წმ. წინასწარმეტყველ ესაიას და წმ. მართლმადიდებელ მამათა განმარტებით უეჭველი ხდება, რომ ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი მიამსჭვალეს, სამი ძელისგან იყო შემდგარი. ამ ჯვარს დღემდე განადიდებს წმ. მართლმადიდებლური ეკლესია. "На кипарисе, и певге, и кедре вознеслся еси Агньче Божий, да спасаеши покланяющияся вольному Твоему распятию" (Октай. Глас 3-й. В паяток на утрени, седален); ან კიდევ: "Цекрви вопиет Ти Христе Боже, на кедре, певге и кипарисе покланяющихся Тебе" (Октай. Глас 7, в среду на утрени, седален). და რაც საგულისხმოა, თვით ჩვენი ოპონენტი პროფ. ე. ჭელიძეც კი აღიარებს, რომ "რვაკიდურიანი ჯვარი ეკლესიაში ყოველთვის იყო და არის უდიდესი სიწმიდე" (ე. ჭ. "ეკლესია - სძალი უფლისა".გვ. 248).

შესაძლოა ვინმემ გვითხრას, რომ ლიტურგიკულ ტექსტებში განიდიდება ექვსდაბოლოებიანი, ე. წ. "წინასწარმეტყველური" ჯვარი (იხ. სურ. ქვემოთ) და არა რვადაბოლოებიანი, რადგან საღვთისმსახურებო ტექსტებში ნახსენებია ესაიას წინასწარმეტყველების სიტყვები, რომლებშიც ჯვრის სამნაწილედობაა ნახსენები.



ექვსდაბოლოებიანი, "წინასწარმეტყველური" ჯვარი

მაშ, საიდან აღმოცენდა რვადაბოლოებიანი ჯვარი, რომელსაც ძველმართლმადიდებლები მაცხოვრის ჯვრად მიიჩნევენ?


რვადაბოლოებიანი მართლმადიდებლური ჯვარი

ჯერ ის აღვნიშნოთ, რომ, როგორც ლიტურგიკული ტექსტებიდან ჩანს, ძველმორწმუნენი ჭეშმარიტად აღიარებენ და პატივს მიაგებენ "წინასწარმეტყველურ", ანუ ექვსდაბოლოებიან ჯვარს, რომელზედაც მიამსჭვალეს მაცხოვარი და აშკარად ცრუობს "არქიმანდრიტი", როდესაც აღნიშნავს, თითქოსდა მხოლოდ რვადაბოლოებიან ჯვარს მივაგებდეთ პატივს.

რაც შეეხება რვაკიდურიან ჯვარს, ის ჭეშმარიტად მაცხოვრის ჯვარია. ჯვრის სამ შემადგენელ ნაწილზე უკვე ვისაუბრეთ, რაც შეეხება მეოთხე ნაწილს, ეს გახლავთ დაფა, რომლის შესახებაც ნათქვამია თვით სახარებაში: "და დაწერა პილატე ფიცარი და დასდვა ჯუარსა მას ზედა. და იწყო წერილი ესრე: იესუ ნაზარეველი, მეუფე ჰურიათა" (იოანე 18:19). ამ ტიტლოსით, ანუ ფიცრით უსრულყოფილესად გამოიხატება გოლგოთის მოვლენა.

იოსებ პატრიარქის (XVII ს.) დროს გამოცემულ "მცირე კატეხიზმოში" ვკითხულობთ: "საუკუნოდ მეუფეს უწოდებს ქრისტეს მახარობელი ანგელოზი (ლუკა 1:32-33) და "მისცეს მას უფალმან ღმერთმა საყდარი დავითის, მამისა თვისისა, და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისასა საუკუნოდ, და სუფევისა მისისაი არა იყოს დასასრულ" (ლუკა 1:32-33), როგორც მოწმობს ამას ჯვარზე დაკრული ფიცარი წარწერით: "იესუ ნაზარეველი, მეუფე ჰურიათა" (იოანე 19:19) (Лист 7 и оборот., оъяснение 2-го артикула Символа) (ამასვე ითხოვს "Большой соборник" гл. 48. იხ. წმ. იოანე ოქროპირის ჰომილია ვნების შვიდეულში. Лист 527 об. - 528. ციტ. Ф. Мельников. Краткая история древлеправославной церкви. Барнаул. 1999 г., стр. 74. სქოლიო).

რაც შეეხება ოთხდაბოლოებიან ჯვარს, ცნობილია ამ ჯვრის ორი ვარიანტი, 1) ე. წ. "ბერძნული ჯვარი" და 2) "ლათინური".

"ბერძნული ჯვარი" (იხ. სურ. ქვემოთ) ტოლგვერდოვანი ჯვარია, ანუ მისი ვერტიკალური ძელი ტოლია ჰორიზონტალურისა, მაშინ როდესაც "ლათინურში" ვერტიკალური ძელი ჰორიზონტალურზე უფრო გრძელია.



"ბერძნული" ჯვარი



"ლათინური" ჯვარი

"ბერძნული" ჯვრები ხშირად არის გამოსახული მღვდელმსახურთა ტანისამოსზე და მიღებულია მართლმადიდებლობაში. როგორც ჩანს ჯვრის ამ ფორმებს კონფესიური სახელწოდებები "ბერძნული" და "ლათინური", დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიათა დიდი განხეთქილების შემდგომ მიენიჭათ.

ახალმოწესე მართლმადიდებლები უმეტესწილად ატარებენ არა მაცხოვრის (რვადაბოლოებიან) ჯვარს, ან ექვსკიდურიან, ან ოთხკიდურიან "ბერძნულ" ჯვარს, არამედ სწორედ ამ "ლათინურს".

მეტიც, ხშირად ამ "ლათინურ" ჯვარზე (ცხადია, რომელსაც არა აქვს არც "ფეხსადგამი" და არც "ფიცარი") გამოსახულია ვინმე ჯვარცმული, რომელშიც მაცხოვარს გულისხმობენ. ამგვარი რამ მიუღებელია მართლმადიდებელთათვის.

მოგეხსენებათ, რომ მაცხოვართან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკიც, რომელთა ჯვრებს, ქრისტეს ჯვრისგან განსხვავებით, ფიცრები დაკრული არ ჰქონიათ. აი, რას ბრძანებს ამის შესახებ წმ. იოანე ოქროპირი: "... არა უჯერო იყო საქმე იყო (ე. ი. ფიცრის დაკვრა ჯვარზე - არქიეპ. პ.), გარნა, ვინაითგან დაიფლვოდეს ჯუარნი და ეგულებოდა შემდგომად ჟამთა მრავალთა ძიებაი მათი და პოვნაი, რამეთუ სამნივე ერთბამად ყოფად იყვნენ. რაითა არა უცნაურ იყოს ჯუარი იგი მეუფისაი, ამისთვის განგებულებით დაადგრა ფიცარი იგი, რაითა მის მიერ იცნან იგი (მაცხოვრის ჯვარი - არქიეპ. პ.), რამეთუ ავაზაკთა თანა ფიცარნი არა იყვნეს" (წმ. იოანე ოქროპირი. განმარტება იოანეს სახარებისა. თბილისი 1993 წ. ნაწილი II. ინ. 19:19 გვ. 308). ე. ი. საღმრთო განგებულებით დაშვებულ იქნა, რომ წარწერიანი ფიცარი პილატეს დაეკრა მხოლოდ ქრისტეს ჯვრისთვის, რადგანაც უწყოდა უფალმა, რომ დამალავდნენ ამ ჯვრებს ებრაელნი და, როდესაც დაიწყებდნენ მათ ძებნას, თავისი ფორმით ავაზაკთა ჯვრებისგან მაცხოვრის ჯვარი ადვილი გამოსარჩევი გახდებოდა.

იმავეს ბრძანებს წმ. ამბროსი მედიოლანელი (IV ს.): "მაშ ასე, როდესაც გათხარა მიწა, ნეტარმა ელენემ იპოვა სამი ჯვარი, ნანგრევებში მტრის მიერ დამარხულნი, მაგრამ განა შესაძლებელი იყო აღხოცილიყო ქრისტეს ძლევამოსილების ნიში? ელენე ეჭვობს, როგორც დედაკაცი, მაგრამ არწმუნებს სულიწმიდა, რომ მასთან ერთად ჯვარცმულ იქნა ორი ავაზაკიც. ამიტომაც, ეძებს შუა ჯვარს, რადგანაც ჯვრები შემთხვევით იყვნენ გადაადგილებულნი. კითხულობს სახარებას და პოულობს, რომ შუა ჯვარზე დაწერილ იყო: "იესუ ნაზარეველი მეუფე იუდეველთა" (ინ. 19:19). სწორედ ამ წარწერით იპოვა მან ცხოველმყოფელი ჯვარი. იუდეველთა მოთხოვნას, არ გაეკეთებინათ დაფაზე წარწერა, პილატემ უპასუხა: "რომელი დავწერე, დავწერე" (იოანე 19:22), ანუ მე დავწერე არა ის, თქვენ რაც მოგწონთ, არამედ დავწერე მომავალ საუკუნეთათვის, რითაც თითქოსდა ასე ეტყოდა: "რათა ამ წარწერით ელენემ იპოვოს უფლის ჯვარი"" (Св. Амвросий Медиоланский. О Покаянии. О надежде воскресения. Москва. 1999 г. С. 274-275).

ამგვარად, როგორც ვხედავთ, მაცხოვრის ჯვარს ფეხსადგამის გარდა დაკრული ჰქონია ფიცარი წარწერით, რითიც განსხვავდებოდა იგი ავაზაკთა ჯვრისგან. ელენე დედოფალს ის ჯვარი კი არ ამოუღია სამარხიდან, რომელიც ხელში მოხვდა, არამედ სწორედ ფიცარდაკრული ჯვარი და პატივი ოდენ მისთვის მიუგია. მაშ, ვიკითხოთ, ვინ არის გაკრული "ლათინურ" ჯვარზე, რომელსაც ახალმოწესე "მართლმადიდებლები" ატარებენ - ქრისტე თუ ავაზაკი? ცხადია, ახალმოწესეები ქრისტეს ცხოველმყოფელი ჯვრის ნაცვლად მკერდით ჯვარცმული ავაზაკის ხსოვნას ატარებენ, ხოლო, თუ იტყვიან ქრისტეს ფიგურააო, მაშინ იუდეველთა და წარმართთა მსგავსად მაცხოვარი ავაზაკად მიუჩნევიათ, "რამეთუ ავაზაკთა თანა ფიცარნი არა იყვნეს" (წმ. იოანე ოქროპირი. იხ. ზემოთ). პილატემ ქრისტეს ფიცარი მაინც აღირსა, რომელსაც დააწერა: "იესუ ნაზარეველი, მეუფH ჰურიათაY" (იოანე 19:19), ხოლო ახალმოწესე "მართლმადიდებლებმა" ეს ფიცარიც წაართვეს მაცხოვრის ჯვარცმას და მით ღმრთისმგმობარ იუდეველთ მიემსგავსნენ.

ასე რომ, წმ. მართლმადიდებლური ეკლესია სამი ძელისგან შედგენილ და ფიცარდაკრულ ჯვარს განადიდებს, - ზემოთ დამოწმებულ და სხვა მართლმადიდებელ მამათა თანახმად, - რასაც მოწმობს ჯვარცმის მართლმადიდებლური გამოსახულებები. სამძელიან (ექვსდაბოლოებიან) ჯვარს წარწერიანი ფიცარი რომ არ ჰქონოდა დაკრული ზემოდან, ამგვარი, რვადაბოლოებიანი ჯვრის სახეს არ დააკანონებდა ეკლესია და არც მის სადიდებელ ჰიმნებს შექმნიდა.

მაგრამ, როგორც ღირ. იოსებ ვოლოკოლამელი ბრძანებს, წმ. მართლმადიდებლური ეკლესია არა მხოლოდ იმ ჯვრის განდიდებასა და თაყვანისცემას ბრძანებს, რომელზედაც ეწამა მაცხოვარი, არამედ ყოველ ჭეშმარიტ ხატს ქრისტეს მაცხოვნებელი ჯვრისა, მის მსგავსად შექმნილს, მისსავე თანასწორად მიიჩნევს და მის განდიდებას ბრძანებს (Преподобный Иосиф Волоцкий. Просветитель Слово седьмое) (https://azbyka.ru/otechnik/Iosif_Volotskij/prosvetitel/7) (URL-ის მიმართვის თარიღი: 07.10.2020).

ახლა გავარკვიოთ, რა დამოკიდებულება აქვს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას ორნაწილიან, ანუ ოთხდაბოლოებიან ჯვართან და რატომ უწოდებს ამ სახის ჯვარს "ლათინურს"?

"ოთხდაბოლოებიანი ჯვარი ითვლება მაცხოვრის ჯვრის "შემოკლებულ" სახედ და მასში ზოგადად არის გამოხტული ჯვარცმის მისტერია. ის "შემოკლებულ" ჯვრად ითვლება და გამოიყენება მირონცხებაში, ზეთისცხებაში, სამღვდლო ან სამღვდელმთავრო კურთხევაში, პირჯვრისწერაში, ასევე სამღვდლო ტანისამოსზე (ე. წ. "ბერძნული ჯვრები" - არქიეპ. პ.), დაფარნებზე და სხვა საეკლესიო ნივთებზე. მაშინ როდესაც რვადაბოლოებიანი ჯვარი, როგორც უფლის ჯვარცმის სრული გამოსახულება, იდგმება და გამოისახება ყველა მნიშვნელოვან და თვალსაჩინო ადგილას: ტაძრების გუმბათებზე, საკურთხევლებში, ანტიმინსებზე (ოდიკებზე), პროსფორებზე, ღამისთევის პურებზე, არტოსზე (37), პანაღიარულ პურზე (38) და სხვა.

___________

37.  არტოსი (ბერძნ. άρτος - პური) - მართლმადიდებლურ ეკლესიაში აღდგომის შვიდეულში (პასექის პირველ დღეს) ნაკურთხი აფუებული პური. ის განასახიერებს თვით პასექს, ტარიგს, `ამქვეყნიურ ცოდვათა ამღებს~. ტიბიკონის მიხედვით, არტოსი - ეს არის მთლიანი პროსფორა (ნაწილის ამოუღებლად), რომელზეც ჯვარია გამოსახული. რუსულ პრაქტიკაში არტოსი დიდი ცილინდრული პურია, რომლის ცენტრში გამოსახავენ ქრისტეს აღდგომას, მაშინ როდესაც ათონური მონასტრების პრაქტიკაში ეს არის მცირე ზომის პური, იმის მსგავსი, როგორსაც აკურთხებენ ღამისთევით ლოცვაზე (М. С. Желтов, Ю. И. Рубан. Артос // Православная энциклопедия. Том III. М.: Церковно-научный центр «Православная энциклопедия», 2001. С. 470-472). არტოსის გამოყენების შესახებ პირველი ცნობები გვეძლევა ევერგეტიდის ტიბიკონში (XII ს. პირველი ნახევარი). მის თანახმად, არტოსი იკურთხება ბრწყინვალე ორშაბათის ლიტურგიის შემდეგ დაწესებული წეს-განგებით, შემდეგ იდგმება მაცხოვრის აღდგომის ხატის წინ. ბრწყინვალე შვიდეულის მსახურებაზე, ლიტანიობას (ეკლესიის გარშემო მსვლელობას) აღასრულებენ არტოსით. მორწმუნეებს არტოსს ურიგებენ ბრწყინვალე შვიდეულის შაბათს. მსგავს მითითებებს ვხვდებით იერუსალიმის ტიბიკონშიც.

38. პანაღიარული პური - ღვთისმშობლის პროსფორა.

___________

ოთხდაბოლოებიან ჯვარზე არ გამოისახება უფლის ჯვარცმა, ის მხოლოდ ექვსდაბოლოებიან და რვადაბოლოებიან ჯვრებზეა. ექვსდაბოლოებიანი, ანუ სამნაწილიანი ჯვარი, ეკლესიის სწავლების მიხედვით, წარმოადგენს წმიდა სამების სიმბოლოსაც, როგორც ეს საეკლესიო საღვთისმსახურებო ტექსტებშია ნათქვამი. ჯვრის სამი ნაწილი (ვერტიკალური, ჰორიზონტალური და ფეხსადგამი) წმიდა სამების სამი იპოსტასის სიმბოლოს გამოხატავს. ღვთისმსახურებაზე მრავალგან ჯვრის ფეხსადგამიც განიდიდება, ოთხდაბოლოებიან ჯვარს ამგვარი მოწოდება ვერ მიესადაგება, რადგან მას ფეხსადგამი არ გააჩნია.

აი, ასე ადიდებდა ყველა დროის ძველმართლმადიდებლური ეკლესია ქრისტეს ჯვარს და მისი ყველა სახეობისთვის თავისი ადგილი ჰქონდა მიჩენილი. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიათა განყოფის შემდეგ (1054 წ.) რვადაბოლოებიანი ჯვარი მართლმადიდებლობის სიმბოლო გახდა, ხოლო ოთხდაბოლოებიანი - ლათინობისა. სწორედ ამიტომაც მიიღო მან "ლათინური" ჯვრის სახელწოდება. დასავლეთის ეკლესიაში დღეს ვერსად ნახავთ ვერც რვადაბოლოებიან და ვერც ექვსდაბოლოებიან ჯვრებს, აქ მხოლოდ ოთხდაბოლოებიანი ჯვარია გაბატონებული" (Федор Мельников. Краткая история древлеправославной (старообрядческой) церкви. Барнаул. 1999 г., стр. 73-76).
>>>
20
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому