აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. I_ზოგადი აკრძალული მეთოდები - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი I

შთაფლვა თუ დასხმა?!


შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ
გზა - მართლად სავალი
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.

თავი I
____________________________________________________________________________________________________________________

ვიწყებთ დავას, ანუ პოლემიკის აკრძალული ხერხები

"ჩვენ ძალიან ბევრს და  ხშირად ვდავობთ ხოლმე, - წერს ალექსანდრე ნიკიფოროვი ნაშრომი "ლოგიკა" -ვდავობთ ოჯახში, სამსახურში კოლეგებთან, ვედავებით გამყიდველს მაღაზიაში... დისკუსიებით სავსეა მასობრივი საინფორმაციო საშუალებები. ტელევიზიით ვისმენთ დავას სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიათა წარმომადგენლებს შორის. გაზეთებში ერთმანეთს ერთბაშად რამდენიმე ავტორი ედავება... მაგრამ რატომ ტოვებს ეს დავა მეტად მძიმე შთაბეჭდილებას მსმენელებში და თვით მონაწილეებშიაც? რატომ გადადის ის ასე ხშირად შეურაცხყოფაში? რატომ არის ეს დავები არაფრის მომცემი და უნაყოფო? იქნებ, იმიტომ, რომ ადამიანებს, უბრალოდ, არ გააჩნიათ დიალოგის კულტურა? მაშინ ჯეროვანია ვისწავლოთ ეს და გავარკვიოთ, რა არის დავა და რა მეთოდებს მიმართავენ ადამიანები დავისას".


1. რა არის დავა?

ყოველგვარი დავა მიმდინარეობს, სულ ცოტა ორ ადამიანს შორის მაინც. როდესაც ვიღაც წარმოთქვამს სიტყვას, სხვები კი უბრალოდ უსმენენ, - ეს მონოლოგად იწოდება. აქ არ არის დავა. მაგრამ ყოველგვარი გასაუბრებაც დავა როდია; თუ ერთი მოსაუბრე ლაპარაკობს, მეორე კი აქეზებს ან იწონებს - ეს საუბარია და არც აქ არის დავა. საუბარი მაშინ იქცევა ასეთად, როდესაც მოსაუბრეებს სხვადასხვა შეხედულებები აქვთ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით და უჩნდებათ აზრთა სხვაობა. თუმცა, აზრთა სხვაობაც არ არის საკმარისი იმისთვის, რათა საუბარს დავა ვუწოდოთ. აზრთა სხვადასხვაობა დავაში რომ გადაიზარდოს საჭიროა, მოსაუბრეებს გაუჩნდეთ სურვილი ამ განსხვავების გადალახვისა, სურვილი იმისა, რომ მიიღონ ერთი რომელიმე თვალსაზრისი ან იპოვონ მესამე გადაწყვეტილება, რომელსაც ორივე დაეთანხმებოდა.

ამგვარად, დავა არის დიალოგი, რომლის საფუძველიც თვალსაზრისთა (შეხედულებათა, გადაწყვეტილებათა) განსხვავებაა და სადაც არსებობს ურთიერთსწრაფვა ამ განსხვავებათა გადასალახავად.

ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის ან უბრალოდ, ორ სხვადასხვა თვალსაზრისს შორის შეკამათების აღმნიშვნელი სხვადასხვა ტერმინი არსებობს - დისკუსია, პოლემიკა, დავა, დებატები, თუმცა განსხვავება მათ შორის არცთუ მკაფიოა. ჩვეულებრივ, დისკუსიას უწოდებენ შემეცნების განსაკუთრებულ მეთოდს, რომლის არსია სხვადასხვა შეხედულებათა შეპირისპირება ჭეშმარიტების გამოსავლენად ან იმისთვის, რომ მიაღწიონ შეთანხმებას. დისკუსია, პოლემიკა - ეს რაღაც რესპექტაბელური, ამაღლებული სამეცნიერო დავაა. მაგრამ, რადგან წარმოდგენა ამაღლებულსა და მდაბიოს შორის საკმაოდ სუბიექტურია, ჩვენ არ დავიწყებთ ყველა ამ ტერმინს შორის განსხვავების ძიებას და მათ, უბრალოდ, სინონიმებად განვიხილავთ.

ნებისმიერი დავის ლოგიკური ჩონჩხი - მტკიცებულება და უარყოფაა: ერთი ადამიანი აყენებს გარკვეულ თეზისს და ცდილობს მისი ჭეშმარიტების დასაბუთებას, სხვა კი თავს ესხმის ან ამ თეზისს, ან მის საფუძვლიანობას. ზემოთ უკვე გავეცანით მტკიცებულებას და უარყოფას, ამდენად, დავის ლოგიკური საფუძვლები ჩვენთვის ცნობილია. თუმცა ეს ცოტაა. დავაში ადამიანები მხოლოდ ლოგიკით რომ შემოიფარგლებოდნენ, მაშინ დავას მანქანებიც აწარმოებდნენ. შაქმეც ის გახლავთ, რომ ადამიანთა დავაში იჭრება ფაქტორები, რომლებიც ლოგიკის მიღმა დევს. დავა ხომ, უბრალოდ, წმიდა იდეების შეტაკება არ არის - ეს არის იმ ადამიანების შეტაკება, რომლებსაც აქვთ გარკვეული ცოდნა, ღირებულებითი ორიენტაციები, განსხვავებული ხასიათი და ა. შ. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის პიროვნებათა შეტაკება, რომელთა ინდივიდუალური თავისებურებანი უცილობლივ ემჩნევა სიტყვიერ შეპაექრებას. სწორედ ეს ვითარება ხდის დავას ემოციურს და საინტერესოს, მაგრამ იმავე ვითარებას გაჰყავს ის მეცნიერების საზღვრებიდან და აქცევს მას ხელოვნებად. აქედან გამომდინარე კი, როგორც ყოველგვარ ხელოვნებაში, ცოტაა, ფლობდე ლოგიკურ ცოდნას, საჭიროა, იცოდე მათი გამოყენებაც, მეტიც, უნდა ფლობდე სწრაფ რეაქციას, მტკიცე ხასიათს და მოთმინებას.


2. დავის აკრძალული ხერხები

ძნელია დავის წარმართვა მისაღები მეთოდებისა და არგუმენტების ჩარჩოებში. ზოგჯერ სიფიცხე ძლევს ადამიანს, ზოგჯერ კი იმისი არცოდნა, რომ ესა თუ ის მეთოდი პოლემიკის (თუ დავის) ჩარჩოებს სცილდება. განსაკუთრებით ძნელია კორექტულობის შენარჩუნება, როდესაც ვიღაც (ჩვენს შემთხვევაში, ე. ჭელიძე) გრძნობს, რომ ოპონენტის პოზიცია მის პოზიციაზე უფრო მყარია, რომ ჭეშმარიტება არ არის მის მხარეზე.

ხშირად თავმოყვარეობა და ამპარტავნობა არ აძლევს ადამიანს იმის აღიარების შესაძლებლობას, რომ გარკვეული თეზისის დაცვისას ცდებოდა. ასეთ ადამიანს ერთი გზაღა რჩება: გაიმარჯვოს ნებისმიერი მეთოდებით! სწორედ ასეთ დროს მიმართავენ არაკეთილსინდისიერი პოლემისტები ხრიკებსა და გაყალბებებს. ჭეშმარიტება, რომლის კრიტიკისგან დაცვა სრულიად ჭეშმარიტი და კორექტული მეთოდებით არის შესაძლებელი, მათ არ აინტერესებთ. სიცრუის დაცვას კი სულ სხვა მეთოდები სჭირდება. სწორედ ასე იქცევა ჩვენი ოპონენტი ე. ჭელიძეს, რაშიც თვალნათლივ დავრწმუნდებით განსახილველ საკითხებზე მსჯელობისას.


3. პარალოგიზმები და სოფიზები

შეცდომები, რომელთაც მტკიცებულებებში უშვებენ, მრავალგვარი შეიძლება იყოს; თუ შეცდომაარაწინასწარგაზრახვით არის დაშვებული - ვთქვათ, უცოდინრობის, უყურადღებობის ან სიფიცხის გამო, მასპარალოგიზმს უწოდებენ (ასეთი შეცდომები ხშირია ცოცხალ, პირდაპირ (ინტერნეტში ე. წ. "ონლაინ" (ონ ლინე)) პოლემიკებში და მისგან არავინ არის დაზღვეული. სხვათა შორის, ე. ჭელიძე მოხერხებულად იყენებს ამგვარ პარალოგიზმებს ფორუმ church.ge-ს წევრებთან ჩატარებული ჩვენი დიალოგებიდან, რაც განსახილველ საკითხებში მის უსუსურობასა და უმწეობას წარმოაჩენს. ჩვენი მხრიდან განვაცხადებთ, რომ პარალოგიზმები უნდა გამოაშკარავდეს და გასწორდეს, მაგრამ, საერთო ჯამში, ის მისატევებელია, რადგან უცდომელი და შეცდომებისგან დაზღვეული არავინ არის!

მაგალითად, ასეთი სახის კრიტიკას ძველმართლმადიდებელთა წინააღმდეგ გამოცემულ თავის პირველ წიგნში გამოთქვამს პროფ. ე. ჭელიძე ადრინდელი ძველმართლმადიდებელი პოლემისტის მურთაზ ჩახავასფრაზაზე: «თქვენი ერეტიკული სითამამის გამკიცხავნი არიან... "კირილე იერუსალიმელი, რომლის მიერ გამოცემული ფსალმუნი ორი თითით პირჯვრისწერის წერას იუწყება (შესავალში)"» (იხ. ღვთიური გზა. 3, გვ. 8).  

"ვინც ქრისტიანული მწერლობის ისტორიას იცნობს, - პასუხობს ე. ჭელიძე, - არ შეიძლება არ შეაცბუნოს ზემორე ცნობამ. რა კავშირი აქვთ ერთმანეთთან წმ. კირილე იერუსალიმელს და ფსალმუნის გამოცემას? ... აღნიშნული სიტყვები აშკარად ცხადყოფს, რომ მ. ჩახავასთვის სრულიად უცნობია, თუ ვინ იყო და როდის ცხოვრობდა წმ. კირილე იერუსალიმელი. მკითხველს შევახსენებთ, რომ იგი მოღვაწეობდა IV ს.ში, რის გამოც მას, ცხადია, არავითარი კავშირი არ შეიძლებოდა ჰქონოდა ფსალმუნის გამოცემასთან და საერთოდ გამოცემებთან" (ე. ჭელიძე. "ეკლესია - სძალი უფლისა". თბ. 1990 წ. გვ. 179).

ცოტა ქვემოთ ე. ჭელიძე ასევე აღნიშნავს: "...წყაროში (იგულისხმება მ. ჩახავას მიერ თავის ნაშრომში მითითებული წყარო - არქიეპ. პ.) კიდეც რომ ყოფილიყო პირდაპირი მითითება კირილეს მიერ ფსალმუნთა დაბეჭდვაზე, განა ვერ უნდა მიმხვდარიყო მ. ჩახავა, რომ წიგნის დამბეჭდველი არ შეიძლებოდა ყოფილიყო წმ. კირილე იერუსალიმელი, რადგანაც IV - V სს-ში ჯერ კიდევ არ არსებობდა არც ბეჭდვა და არც ნაბეჭდი ფსალმუნები?" (იქვე. გვ. 180).

აქ თუ სიტყვა "გამოცემა" ტოვებს სტამბური წესით წიგნის ბეჭდვის ასოციაციას (ან ე. ჭელიძეს სურს, ამგვარად დაინახოს ეს გამონათქვამი) და გამანადგურებელ კრიტიკას ატეხს თავს ხსენებულ პოლემისტს, მაშინ იგივე უნდა ითქვას თვით ე. ჭელიძეზეც, რომელიც იმავე ნაშრომში ერთგან წერს: "რამ გამოიწვია 50-ეე სამოციქულო კანონის შექმნა? ნუთუ ამ კანონის გამოცემით მოციქულები შთაფლვის მართებულობისა და დასხმითი წესით ნათლობის უმართებულობის დადგენას განიზრახავდნენ?" (ე. ჭ. "ეკლესია - სძალი უფლისა". თბ. 1990 წ. გვ. 108). მაშასადამე, ე. ჭელიძის სიტყვების პერიფრაზირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვით ე. ჭელიძისთვისაც სრულიად უცნობი ყოფილა, "თუ ვინ იყვნენ და როდის ცხოვრობდნენ წმ. მოციქულები. მკითხველს შევახსენებთ, რომ ისინი მოღვაწეობდნენ I ს.- ში, რის გამოც მათ, ცხადია, არავითარი კავშირი არ შეიძლებოდა ჰქონოდათ კანონების გამოცემასთან და საერთოდ გამოცემებთან", რადგან თუკი "IV - V სს-ში ჯერ კიდევ არ არსებობდა არც ბეჭდვა და არც ნაბეჭდი ფსალმუნები", მით უმეტეს ვერ იარსებებდა "ნაბეჭდი კანონები" I საუკუნეში და ეს ისეთ მეცნიერს, როგორიც ე. ჭელიძეა, უნდა ცოდნოდა.

ცხადია, ჩვენ ე. ჭელიძეს არ წავუყენებთ იმ ბრალდებას, რაც მან წაუყენა მ. ჩახავას, რადგან მართლაც, პირველ საუკუნეთა ნაწერებზე შეუძლებელია ითქვას, რომ ისინი ვიღაცას "გამოუცია". ეს თანამედროვე, სტამბურად გამოცემულ ნაშრომებზე ითქმის და აქ, ორივე შემთხვევაში, საქმე გვაქვს პარალოგიზმთან. მაგრამ ე. ჭელიძე ისე ერთობა თავის ოპონენტებთან დავაში, რომ არათუ პირდაპირ, ცოცხალ პოლემიკაში, არამედ ხანგრძლივად ნაფიქრ და წერილობით გადმოცემულ წიგნშიც კი (არადა, ასეთია სწორედ ნებისმიერი ბეჭდვითი გამოცემა, რომელსაც წინ ფიქრი, განსჯა და აწონ- დაწონვები უძღვის) ავიწყდება, რომ ოპონენტს საყვედურობს იმგვარ შეცდომას, რაც თვითონაც დაუშვია. ეს კი ელემენტარული არაობიექტურობის ნიშანია.

ჩვენ ე. ჭელიძესავით "თითზე არ დავიხვევთ" მის ამ უყურადღებობას, მაგრამ იქცევა კი ასე ე. ჭელიძე ჩვენ მიმართ? ხედავს ან ითვალისწინებს თუ არა ის პარალოგიზმებს "ძველმართლმადიდებელის" ნაწერებში, რომელიც პირდაპირი, ცოცხალი ინტერნეტდიალოგების ნაყოფია? თუ ვერა, მაშინ ის ან უყურადღებოდ კითხულობს, რაც მიუტევებელი არაობიექტურობა იმგვარი პოლემისტისთვის, რომელიც მეცნიერის ტიტულს ატარებს და ათასობით მორწმუნე ადამიანის დარწმუნება განუზრახავს; ხოლო, თუ ხედავს და შეგნებულად არათუ უგულებელყოფს, როგორც პარალოგიზმს, არამედ პირიქით, ოპონენტის მყარ მეცნიერულ დებულებადაც კი ასაღებს და მისგან შესაბამის პასუხს ითხოვს, მაშინ არაობიექტური და უკულტუროპოლემისტი ყოფილა, რომელიც ორთაბრძოლის მოსაგებად ნებისმიერ (ხშირად არაეთიკურ) ხერხებსმიმართავს. ამაში ჩვენ მკითხველს წინამდებარე ნაშრომიდანაც დავარწმუნებთ, როდესაც ე. ჭელიძის "მეცნიერულ" "არგუმენტაციას" უფრო დაწვრილებით გავეცნობით.

უნდა ითქვას ისიც, რომ შეცდომა ვიღაცამ შესაძლოა შეგნებულადაც დაუშვას, ანუ, როცა ადამიანს ესმის და შეგნებული აქვს, რომ ასე მსჯელობა არ შეიძლება, რომ ასეთი არგუმენტის გამოყენება არ შეიძლება, და მაინც ასე იქცევა (ეს ე. ჭელიძის უსაყვარლესი მეთოდია). მაშინ ჩვენ საქმე გვაქვს არა შეცდომასთან, არამედსოფიზმთან - აკრძალულ ხერხთან, რომელიც არ იმსახურებს მიტევებას (ცხადია, თუ ოპონენტი ბოდიშს არ მოიხდის თავისი არაკორექტულობისთვის).  

ის, ვინც დავაში სოფიზმებს იყენებს, შეგნებულად რყვნის ჭეშმარიტებას და ამკვიდრებს სიცრუეს. ასეთ პოლემისტს არანაირი გამართლება არა აქვს, ისევე, როგორც არანაირი გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს სპორტსმენს, რომელიც წინასწარგანზრახვით აყენებს ტრავმას მეტოქეს, ან ბიზნესმენს, რომელიც შეგნებულად მიასაღებს კომპანიონს უვარგის საქონელს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად ადვილი როდია იმისი გაგება, რასთან გვაქვს საქმე - შეცდომასთან თუ სოფიზმთან? ცდება ოპონენტი თუ შეგნებულად ცდილობს ჩვენს შეცდომაში შეყვანას, ჩვენს გაბრიყვებას? შეგვეძლო ე. ჭელიძის მიმართ გამოგვეყენებინა ე. წ. "უდანაშაულობის პრეზუმფციის" პრინციპი და გვეთქვა, რომ არ ვიცით, ე. ჭელიძე გულწრფელად ცდება თუ იტყუება, მაგრამ, მისი სამეცნიერო ტიტულატურა და პრეტენზიები ოპონენტებთან დავისას, ასევე პოლემიკის ის მეთოდები, რაც მან ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენა, ამ ფიქრის შესაძლებლობას არ გვაძლევს, მეტიც, იძულებულნი ვართ განვაცხადოთ, რომ ე. ჭელიძის სახით საქმე გვაქვს ცრუპენტელა, კვაჭიკო-"მეცნიერთან" და ამას არაერთხელ დავასაბუთებთ.


4. სოფიზმი

ეს არის გამოგონილი, მახვილგონივრული, მოწინააღმდეგის ცდუნების მიზნით კამათში საგანგებოდ ბუნდოვნად ჩამოყალიბებული წანამძღვრებიანი ან გაუმართავი არაკორექტული დასკვნა, ბჭობა, რომელიც თავისი ფორმულირებით მოწინააღმდეგეს უქმნის სწორის შთაბეჭდილებას. მაგალითად, "რაც არ დაგიკარგავს, გაქვს". ამგვარ დასკვნა-დასაბუთებებს იყენებდნენ განსაკუთრებით გვიანდელი ხანის სოფისტები. თვითნებურად არჩეული ალტერნატივიდან აკეთებდნენ ასევე თვითნებურ წინასწარ სასურველ დასკვნებს, ე.ი. სოფიზმი დასკვნა-დასაბუთების ისეთი სახეობაა, რომელშიც ტერმინები განსხვავებული მნიშვნელობით არის გამოყენებული და ამის გამო დარღვეულია ლოგიკის კანონები, რაც გარეგნულად არ ჩანს, ე.ი. გამომდინარეობის წესის დარღვევა შენიღბულია.
სოფიზმის საფუძველზე განვითარდა სოფისტიკა, როგორც კამათის ხელოვნება, რომლის მიზნად იქცა არა ჭეშმარიტების დადგენა, არამედ კამათი კამათისთვის, მოკამათის მოჩვენებითი დამარცხება ტერმინების შეცვლის ან თვითნებური ალტერნატივების აგების საფუძველზე. სოფიზმის ბუნება ამხილეს პლატონმა და არისტოტელემ.
სოფიზმისგან უნდა გავარჩიოთ ანტინომია და პარადოქსი. სოფიზმი წარმოიშობა ლოგიკური სემანტიკური წესების დარღვევის შედეგად. მაგალითად, დასაბუთებაში იგი ჩნდება ისეთი შეცდომებისგან, როგორიცაა "თეზისის შეცვლა", "ყალბი გამომდინარეობა", "ტერმინების გაოთხმაგება" და სხვა. სემანტიკური თვალსაზრისით სოფიზმში ყველაზე მეტად გავრცელებულია სიტყვის მრვალმნიშვნელოვნება (პოლისემია)" (უცხო ტერმინთა მცირე ლექსიკონი. http://www.orthodoxy.ge/tsnobarebi/terminta.htm).

განვაგრძობთ რა დავაში აკრძალული მეთოდების გამოყენების თემას და აქვე ვიტყვით, რომ სამწუხაროდ, აკრძალული ხრიკები კორექტულ არგუმენტებსა და ხერხებზე უფრო მეტია. მათი საზოგადოდ მიღებული კლასიფიკაცია დღემდე არ არსებობს და არც არის სავარაუდო, რომ მალე გამოჩნდება. ამიტომაც ჩვენ მათ, უბრალოდ, ორ ჯგუფად დავყოფთ: 1) აკრძალული საზოგადო ხერხები და 2) აკრძალული არგუმენტები.

ჩვენ სულაც არ ვესწრაფვით ვინმეს სოფისტიკაში განსწავლას, მაგრამ, ვაი რომ, სწორი დასკვნების გასაკეთებლად, სწორი აზროვნების ჩამოსაყალიბებლად და შეცდომებისგან თავის დასაცავად დიდი ძალისხმევაა საჭირო, ხოლო ოპონენტის ლანძსღვასა და სოფისტიკას თითქმის ინსტინქტურად აღვიქვამთ. წარმოიდგინეთ ასეთი დიალოგი მაღაზიაში: მომხმარებელი ყიდულობს ბანანს და ხედავს, რომ კილოგრამზე გამყიდველი მხოლოდ სამ ცალს დებს. "კილოგრამზე სამი ბანანი, - ეუბნება მყიდველი. - ცოტა იქნება!" "რაა? - ეწინააღმდეგება გამყიდველი. - ცოტა? თვალი გაახილე! შენ, ალბათ, მთვრალი ხარ და ვერ აზროვნებ! აიღე შენი ბანანები და გაეთრიე აქედან, თორემ პოლიციას დავუძახებ!"

ვინ ასწავლა გამყიდველს ასეთი სოფისტიკა? არავინ - თვითონ ისწავლა.

რას წერს ჩვენი მისამართით წყალპკურებითი "ნათლობის", ამ ყალბი "ბანანის" გამყიდველი ე. ჭელიძე? როგორ პოლემიკას მართავს "ბანანთან" დაკავშირებით სამართლიანი პრეტენზიის მქონეებთან? - ის ჩვენ არც კი გველაპარაკება, რადგან ჩვენთან დიალოგს წინასწარვე უაზრობად აცხადებს იგი თავის თანამოაზრეებს, ოფიციალური ეკლესიის მსახურთ არიგებს ჭკუას და ეუბნება, რომ "სტაროვერები" არიან "დაბრმავებული ეპილეპტიკოსები" (გვ. 109) და მათი განსწავლის მცდელობა "მხოლოდ წყლის ნაყვაა"... ესენი არიან "ურწმუნოების ახალ-ხმანი", რომლებიც თურმე "ავად მოხარულობენ, ვნება-ჟინით მოლიზღარობენ, გავიმარჯვეთო, განვაცრუეთო ჭეშმარიტება" (ე. ჭელიძე. "სული - ცხოველი". გვ. 110)...

რა არის ეს? - ეს ბ-ნ ე. ჭელიძის სოფისტიკაა!

ხომ არ გაგონებთ ის ბანანების გამყიდველის ზემოთ დამოწმებულ "ლოგიკას"?

ვინ ასწავლა ამგვარი მსჯელობა ე. ჭელიძეს? არავინ - თვითონ ისწავლა!

უნდა გვახსოვდეს - ასეთი ხრიკების მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი გახდეს, ამიტომაც არის საჭირო მათი ცოდნა, რათა ვამხილოთ და ადვილად მოვიგერიოთ თანამედროვეობის "მიუნჰაუზენები" და "კვაჭიკო"-მეცნიერები.
5
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому