აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი. I_დასკვნა - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ნაწილი I

შთაფლვა თუ დასხმა?!


შთაფლვითი ნათლობის კანონიკურობისა და დასხმითი ნათლობის უკანონობის შესახებ
მაცხოვრის ნათლისღება იორდანეში
მკითხველო, წინამდებარე წიგნი, რომლის ინტერნეტ-ვერსიასაც ჩვენს ოფიციალურ საიტზე გთავაზობთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგებგა და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება.

წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე  საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.

წიგნი გამოიცა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.


დასკვნა

ამრიგად, ნათლისღების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ოფიციალური ეკლესიის სასულიერო აკადემიის პროფესორის, ფილოლოგის, პატროლოგისა და თეოლოგის, ედიშერ ჭელიძის  თხზულებებზე: "ეკლესია - სძალი უფლისა" (თბილისი 1990 წ.) და "სული - ცხოველი" (თბილისი 2012 წ.) გამოთქმულ მოსაზრებებზე ასეთ დასკვნას გთავაზობთ:

ეს ნაშრომები არ წარმოადგენს მეცნიერულ თხზულებებს მეცნიერული ნაშრომისთვის შეუფერებელი ტონის, ოპონენტთა პიროვნული ღირსების შეურაცხყოფის, სოფისტიკის, ფაქტებისა და მოვლენების, მით უფრო ნათლისღების საიდუმლოს არსის გაყალბების გამო, რაც ძირითადად გამოიხატება შთაფლვისა და დასხმა-პკურების მნიშვნელობათა ურთიერთგათანაბრებაში.

მეტიც, ე. ჭელიძეს შემოაქვს მართლმადიდებლობისთვის უცხო სწავლება ტერმინ "შთაფლვის" ვითომცდა სულიერი მნიშვნელობის შესახებ, რომელიც თანაბრად გულისხმობს ნათლისღების საიდუმლოს როგორც შთაფლვით, ასევე დასხმით და პკურებით ფორმებსაც კი. მსგავსი სწავლება მართლმადიდებლობაში არ არსებობს! ის მთლიანად გახლავთ ე. ჭელიძის გამონაგონი!

არც ერთი წმიდა მამა არსად არ ასწავლის, რომ სიტყვები "შთაფლვა" და "დასხმა", როდესაც ლაპარაკია ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებაზე, თანაბარმნიშვნელოვანი ტერმინებია; რომ სიტყვა "შთაფლვა" არის სულიერი გაგების და მასში დასხმაც და პკურებაც უნდა ვიგულისხმოთ.

ე. ჭელიძის ნაშრომები: "ეკლესია - სძალი უფლისა" და "სული - ცხოველი" აღსავსეა მეცნიერისა და მეცნიერული ნაშრომის პრეტენზიის მქონე თხზულებისთვის სრულიად შეუფერებელი უტიფრობით და სოფიზმებით. მათი ავტორი, ე. ჭელიძე, რომელიც საკმაოდ ხმაურიან ტიტულებს ატარებს, გარდა იმისა, რომ სრულიად დაუსაბუთებლად გვიყენებს ბრალს კონკრეტულ ქმედებებში და მეცნიერისთვის შეუფერებელი ფრაზეოლოგიით აფასებს ჩვენს ნააზრევს, აშკარად, ქრისტეანული, ადამიანური და მეცნიერული ეთიკის დარღვევით გვესხმის თავს, როგორც "ცრუებს", "ბოროტების მთხზველებსა" და "ურწმუნოებს", რომლებიც თურმე ანგარიშს არ უწევენ (?) წმიდა მამათა არანაირ (?) სწავლებას და წმიდა კრებათა არანაირ (?) დადგენილებას, რაც, როგორც უკვე წინამდებარე ნაშრომიდან  ვნახეთ, გახლავთ ელემენტარული ცილისწამება და სიცრუე.

ე. ჭელიძის მიმდევართაგან ხშირად გვესმის, და ამას თვითონაც ხშირად იმეორებს, თითქოსდა არაფრის შესმენა არ გვსურს, რომ სრულიად უაზროდ ვეწინააღმდეგებით ჩვენი ოპონენტების "საფუძვლიან" არგუმენტებს და ამ წინააღმდეგობას ჩვენს "ფანატიზმად" რაცხენ. ოპონენტთა ამგვარი მტკიცებულებებიდან და დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ჩვენი მოვალეობა იყო, გვეჩვენებინა, თუ რის საფუძველზე არ შევიწყნარებთ ე. ჭელიძისა და მისნაირ "მეცნიერთა" "დასაბუთებულ არგუმენტებს".

ჩვენ ვაჩვენეთ, რომ უმთავრესი მიზეზი ამ "არგუმენტაციის" შეუწყნარებლობისა არის მათი სიცრუე და სიყალბე, რაც გამოიხატება ისტორიულ თუ ლიტურგიკულ საკითხთა სოფისტური ხრიკებითა და გაყალბებით გადმოცემაში.

იმის საჩვენებლად, თუ როგორი უნდა იყოს მეცნიერული, ლოგიკური და ნორმალური მსჯელობა, ჩვენი წიგნის პირველი თავი დავუთმეთ ლოგიკის პრინციპებისა და ლოგიკაში აკრძალული მეთოდების აღწერას, რადგან, ე. ჭელიძე, თუ პირველს აშკარად არღვევს, მეორეს დიდი მონდომებით იყენებს და მკითხველის ცნობიერების მანიპულაციით (მაგ.: ფსიქოლოგიური ზემოქმედებით) მას ცრუ და ყალბ "არგუმენტაციაში" არწმუნებს.

თავის ნაშრომებში "ეკლესია - სძალი უფლისა" და "სული - ცხოველი" ე. ჭელიძე არა მარტო აქტიურად იცავს ლათინურ დასხმით-პკურებით "ნათლობას", არა მარტო იშვიათ ან ვითარებით გამოწვეულ ნათლობებზე დაყრდნობით ცდილობს მათ გამართლებას, არამედ ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებს უტევს კიდეც და მათ, მკითხველზე მეტი ეფექტის მოსახდენად, საშინელ განჩინებებს განუწესებს. ძველმართლმადიდებელთა წინააღმდეგ ე. ჭელიძის ასეთი გამოხდომების უსაფუძვლობის მიუხედავად, ყველაზე გამაოგნებელი მაინც ის ბრალდებაა, რომლის თანახმადაც ე. ჭელიძე წყალდასხმულთა გადანათვლის ძველმართლმადიდებლურ პრაქტიკას "ურწმუნოებას", "დაბრმავებულ ეპილეპტიკოსთა" ქმედებას და "მეორედნათლობის სიბილწეს" (იქვე. გვ. 119) უწოდებს. აყენებს მათ მრავალგვარ სიტყვიერ შეურაცხყოფას და "მაცხოვრის ხელმეორედ ჯვარმცმელებად" აცხადებს.

მეტი ეფექტისა და მკითხველზე ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოსახდენად ავტორი არაერთხელ ერთხელ აფიქსირებს თავის ამ მტკიცებულებას და ამბობს: "... უაღრესად მკაფიოდ და აზრგამჭვირვალედ არის რჯულდებული, რომ მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით მონათლული კვლავ მამის, ძის და სულიწმიდისადმი მონათვლა ესაა მეორედ ნათლობა და მაცხოვრის ხელმეორედ ჯვარმცმელობა".

და კვლავაც: "... მამის, ძისა და სულიწმიდისადმი ანუ ყოვლადწმიდა სამებისადმი სამგზისობით (სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა") მონათლულთა კვლავ მონათვლა უმძიმესი დანაშაულია, რადგან ამგვარნი წარმოგვიდგებიან როგორც მაცხოვრის ხელმეორედ ჯვარმცმელნი".

დიახ, ჭეშმარიტად ნათელღებულის ხელმეორედ მონათვლა ქრისტეს ხელმეორედ ჯვარცმის ტოლფასი ქმედებაა, მაგრამ არის კი დასხმითი ნათლობა ჭეშმარიტი ნათლობა? ძველმართლმადიდებელთა პრაქტიკა ეფუძნება იმ რეალობას, რომ დასხმით-
პკურებითი ნათლობა ეკლესიას არასოდეს მიუჩნევია კანონიკურ ნათლობად; ის არასოდეს ყოფილა ნათლისღების საიდუმლოს ნორმა, საეკლესიო საიდუმლო. მეტიც, ძველი საუკუნეების მართლმადიდებლური ეკლესია თვითონ ითხოვს დასხმითად მონათლულთა თავიდან ნათლობას, რაც არაერთი დადგენილებითაც ვაჩვენეთ.

აუცილებლად აღსანიშნავია და საგულისხმოა ის გარემოება, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიას არსად, არც ერთ საეკლესიო განწესებაში არ დაუცავს დასხმით-პკურებითი ნათლობა, განსხვავებით შთაფლვითი ნათლობისგან, რომელსაც საეკლესიო განწესებები ყველგან ახსენებენ და შეაჩვენებენ ნებისმიერ იერარქს, ვინც ნათლობის ამ ფორმას დაარღვევს.

წმიდა მამებიც, რომლებიც მრავალმხრივ განმარტავენ ნათლისღების საიდუმლოს, არსად ახსენებენ დასხმა-პკურებას, არსად განმარტავენ და არსად იცავენ მას, როგორც საეკლესიო საიდუმლოს. არსებობს სულ რამდენიმე გამონაკლისი, ვინც დასაშვებად მიიჩნევდა დასხმითად ნათლობას, მაგრამ ისიც რთული ვითარებით გამოწვეულ პირობებში და არა ზოგადად. თუმცა, ამ შემთხვევაშიაც კი მიუთითებენ, რომ ეს მათი კერძო აზრია და არა ზოგადი სჯულმდებლობა და ყველას აქვს უფლება, იმოქმედოს საკუთარი შეხედულების თანახმად. რაც მთავარია, ეკლესიამ არ შეიწყნარა ასეთი - მათ შორის, წმ. კვიპრიანეს - აზრი დასხმით ნათლობაზე და ის არსად, არც ერთ თავის საეკლესიო დადგენილებაში არ გაამყარა.

წინამდებარე ნაშრომის მეორე თავში: "საეჭვო ნათლისღება, ანუ შთაფლვითი ნათლობის საფუძვლები და დასხმითი ნათლობის უსაფუძვლობა", თვალსაჩინოდ წარმოვაჩინეთ, რომ დასხმით-პკურებითად "მონათლულთა" თავიდან ნათლობის პრაქტიკას მისდევდნენ არა მხოლოდ ძველმართლმადიდებლები, არამედ თვით ოფიციალური, გაბატონებული ბერძნულ-სლავური ეკლესიებიც.

თანამედროვე და ძველი ღვთისმეტყველების უამრავი გამონათქვამისა და დადგენილების მიხედვით ნათელია, რომ დასხმითი "ნათლობა" არავითარ საიდუმლოს არ წარმოადგენს და ამგვარად მონათლულს აუცილებლად სჭირდება თავიდან ნათლობა. ამას განაწესებენ XVI-
XIX და უფრო ადრინდელი საუკუნეების საეკლესიო დადგენილებები და აღმოსავლელ პატრიარქთა ოროსები. ამიტომაც, ე. ჭელიძის ყველა ის შეურაცხმყოფელი გამონათქვამი, რომელიც მან წყალპკურებულთა თავიდან ნათლობის გამო თავს დაატეხა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთ, მიექცევა მისავ ეკლესიის თვალსაჩინო წარმომადგენელთა და წმინდანებად შერაცხულ მოღვაწეთაც, რომლებსაც ანალოგიური დამოკიდებულება ჰქონდათ დასხმი-პკურებითი "ნათლობის" მიმართ. ამ კუთხით, ე. ჭელიძე წარმოჩინდება, არა მარტო როგორც ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა, არამედ საკუთარი ეკლესიის წმინდანთა და ავტორიტეტულ ღვთისმეტყველთა, ძველ და ახალ მწყემსმთავართა უტიფარი შეურაცხმყოფელი.

ე. ჭელიძე საკმაოდ მკაფიოდ ავლენს ნათლისღებისადმი პროლათინურ დამოკიდებულებას და ამტკიცებს, რომ "ყოვლადწმიდა სამების (მამის, ძისა და სულის) სახელით აღსრულებული ნათლისღების განმეორებაა მაცხოვრის ხელმეორედ ჯვარცმა და, შესაბამისად, ყოვლად დაუშვებელი და ყოვლითურთ აკრძალული". მაგრამ კვლავ და კვლავ მალავს წმიდა მამათა იმ განმარტებას, რომ ნათლისღება მარტო წმიდა სამების სახელით როდი აღსრულდება, ის ასევე უნდა გამოხატავდეს სამი დღე ქრისტეს საფლავში დების სახეს, რადგან ის არის ძველი კაცის საფლავში დამმარხველი და ახალი კაცის აღმომშობი და ამაღორძინებელი. ამიტომაც უწოდებდა წმ. კირილე იერუსალიმელი ნათლისღებას "კუბოს და დედას". ე. ჭელიძის ხსენებულ განმარტებაში კი მთელი აქცენტი გადატანილია სწორედ სამების ფორმულაზე და არა "დამარხვაზე", რაც, წმიდა მამების განმარტებით, ნათლისღების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა, თანაც იმ ზომით, რომ, ვინც წყალში არ "დამარხულა" (ანუ არ შთაფლულა) ქრისტესთან ერთად, ის არც "აღმოშობილა" "დედის", ანუ წყლის წიაღიდან.

ამრიგად, ნათლისღების საიდუმლოში უფლის ჯვარცმით მონიჭებული გამოსყიდვის ნიშანი არის წყალში დამარხვა, დაფლვა. ამიტომაც, უფლის ხელმეორედ ჯვარცმა ნათლისღების საიდუმლოს მთლიანი სახის (ყოველ შთაფლვაზე წმ. სამების პირთა მოწოდწების) განმეორებაა და არა მისი რომელიმე ცალკეული ნაწილისა. ამდენად, ქრისტეს ხელმეორედ ჯვარს აცვამს სწორედ ის, ვინც სწორად მონათლულს, ანუ ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ მიწაში დამარხვისა და აღდგომის სახედ წყალში შთაფლულს ისევ შთაფლავს და ამ საიდუმლოს გაიმეორებს. რაც შეეხება წმ. სამების პირთა მოწოდებას, ეს მაგიური ფორმულა როდია, ნათლობის გარეგანი სახის დარღვევისდა მიუხედავად მაინც მოქმედებდეს. ნათლობა ორი თანაბარმნიშვნელოვანი მხარისგან შემდგარი მთლიანობაა - ერთი მხრივ, ის აღესრულება ქრისტეს ჯვარცმის, დამარხვის და მკვდრეთით აღდგომის სახედ და მეორე მხრივ, რაც ასევე აუცილებელი პირობაა, წმიდა სამების - მამის, ძის და სულიწმიდის მოწოდებით ყოველ შთაფლვაზე. ამ ორიდან ერთი რომელიმეს გაუქმება აუქმებს ნათლობას, ხოლო ქრისტეს მეორედ ჯვარცმა ამ მთლიანობის, უფრო ზუსტად, სწორად შესრულებული ამ ფორმის განმეორებაა.

ამრიგად, ჩვენს წინამდებარე ნაშრომში გადმოცემულ შეფასებებში, რასაც აძლევენ შთაფლვასა და დასხმას (ცალ-ცალკე) წმიდა მამები და თანამედროვე თუ გასული საუკუნეების ცნობილი ღვთისმეტყველები, თვალსაჩინოდ ვნახეთ, რომ ეს მათი "კერძო აზრი" კი არ გახლავთ, არამედ პირველი რვა საუკუნის მამათა, განსაკუთრებით კი შვიდი მსოფლიო კრების დოგმატური სწავლების საფუძველზე გამოთქმული მართლმადიდებლური შეხედულება. გამომდინარე აქედან, ვამტკიცებთ:

1. დასხმითი ნათლობების ის სიმრავლე, რომელსაც ე. ჭელიძე ახსენებს, უმეტესწილად სასწაულებრივად აღსრულებული ნათლობებია, რომელიც მრავლად არის აღწერილი წმიდა მოწამეთა ცხოვრებაში (განსაკუთრებით III საუკუნიდან). საზეიმოდ აღწერილი წმიდანთა ცხოვრება (სადაც მათი სასწაულებრივი ნათლობებიც არის მოხსენიებული) სულაც არ ნიშნავს ნათლისღების დასხმითი წესის საეკლესიო წესად გამოცხადებას. ეკლესიამ მრავალი გამონაკლისი იცის და არა მარტო ნათლისღების საიდუმლოში ისინიც წმიდანთა ცხოვრებაშია აღწერილი და საზეიმოდ გადმოცემული. მაგრამ ეს როდი ნიშნავს იმას, რომ რაკიღა ამა თუ იმ წმინდანის ცხოვრებაში რომელიმე საიდუმლო არასრული ფორმით აღსრულდა და მასზე ჰაგიოგრაფებმა მინიშნებები და კომენტარები არ გააკეთეს, ავტომატურად შეწყნარებულია. ეს ასე ესმის ე. ჭელიძის მანიაკალურ ცნობიერებას, თუ არადა, მაშინ ყველა ის ფორმა, რაც კი წმინდანთა ცხოვრებაშია აღწერილი და რომლებიც ამა თუ იმ საიდუმლოს ეხება, მისაღები და კანონიკური ყოფილა. ამის დასტური კი ჩვენ არც ერთი წმიდა მამისგან და არც ერთი წმიდა კრებისგან არ გვაქვს.

2. ე. ჭელიძის მტკიცებას, რომ ეკლესია "ამავე მღვდელმოქმედებას" (დასხმით "ნათლობას" - არქიეპ. პ.) გამოხატავს "ხატწერითად (ფრესკულად)", რითაც "რჯულმდებლობს დასხმითი ნათლისღების სრულ მადლისმიერ იგივეობას შთაფლვითი სახით აღსრულებულ ნათლობასთან", ან კატაკომბური ხატწერის ვერგაგების, ან კიდევ მათი ფოტოგრაფიული აღქმის შედეგია და საერთო არაფერი აქვს ეკლესიის მიერ დასხმითი ნათლობის მოწონებასთან. და ბოლოს:

3. სრული ცრუპენტელობაა მტკიცება იმისა, რომ ეკლესია თურმე "პირდაპირ სახელდებს დასხმით ნათლობას "შთაფლვად", ანუ "ჩაძირვად"", რადგან ამგვარი სწავლება არც პირველი რვა საუკუნის მამებს გამოუთქვამთ, არც მერვე საუკუნის შემდგომ მცხოვრებს წმინდანებს. ამგვარი სწავლება არ მოუცია არც ერთ წმიდა საეკლესიო კრებას (მსოფლიოს თუ ადგილობრივს). ამგვარი "სწავლება" თავიდან ბოლომდე ე. ჭელიძის გამოგონებაა. ეს არის იშვიათ, გამონაკლის ან საგანგებო შემთხვევებში დაშვებული ფაქტების ე. ჭელიძისეული ინტერპრეტაცია.
>>>
40
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому