სხვადასხვა - ტოლერანტობის ცენტრის არატოლერანტული გამოცემა - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
ტოლერანტობის ცენტრის არატოლერანტული გამოცემა
დეკანოზ ამბაკუმის დაწვა
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე, განყოფილებაში "ლექსიკონები", მოცემულია ძველმართლმადიდებლობის, როგორც რელიგიური მიმდინარეობის განმარტება (http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=15719).



ეროვნული ბიბლიოთეკის ინტერნეტ-საიტის მესვეურებს უსარგებლიათ საქ. სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის გამოცემით (გამომც. ბექა მინდიაშვილი; რედ. ზურაბ კიკნაძე, ლევან ბრეგაძე. საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008), სადაც ძველმართლმადიდებლობის შესახებ ვკითხულობთ, რომ ის თურმე ყოფილა ანტირეფორმატორული მიმდინარეობა, რომელიც წარმოიშვა რუს ხალხში, XVII საუკუნის შუა წლებში. წიგნის შემდგენლები მკითხველს არწმუნებენ თითქოსდა ძველმართლმადიდებლობის "დამაარსებლები" იყვნენ: "სპირიდონ პოტიომკინი, პროტოპოპი ამბაკუმი, ეპ. პავლე კოლომნელი, ბერი აბრაამი, დიაკონი ფიოდორი და სხვანი", რაც სრულიად აბსურდული მტკიცებაა. ეს იმის ტოლფასია, მაგალითად, კათოლიკეებმა თქვან, "მართლმადიდებლობა არის ანტიპაპისტური მიმდინარეობა, რომელიც გაჩნდა XI საუკუნის საბერძნეთში (1053-1054 წლებში) და მისი დამაარსებელია პატრიარქი მიქაელ კერულარიოსი".

წიგნის დილეტანტ შემდგენლებს (უკიდურეს შემთხვევაში ძველმართლმადიდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებში) გვსურს შევახსენოთ, რომ ძველმართლმადიდებლობას არ ჰყავს არანაირი "დამაარსებელი". ის არის იმ მართლმადიდებლური საეკლესიო სწავლებისა და გადმოცემის ბუნებრივი გაგრძელება, რომელიც რუსეთში გაქრისტეანების დღიდან არსებობდა. დამაარსებელი ჰყავს ე. წ. რუსეთის "მართლმადიდებელ" ეკლესიას, კერძოდ, XVII საუკუნის რუსეთის ეკლესიის პატრიარქი ნიკონი და მეფე ალექსი მიხეილის ძე. ამ ეკლესიის დაარსებაში ქმედითი როლი ითამაშეს აგრეთვე იეზუიტების აგენტებმა: პაისი ლიგარიდმა, არსენ ბერძენმა და სხვა, საკუთარი კათედრებიდან ჩამომხობილმა ბერძენმა იერარქებმა. მათი რჩევით, ახალი, "მართლმადიდებელი" ეკლესიის დამაარსებელმა პატრიარქმა ნიკონმა უარყო უძველესი საეკლესიო გადმოცემები, ლიტურგიკული პრაქტიკა, გამოაცხადა ისინი მწვალებლობად და გადასცა ანათემას. ხოლო ძველი ღვთისმოსაობის დამცველებზე ნამდვილი ნადირობა გააჩაღა... სამაგიეროდ, მიიღო ახალბერძნული საეკლესიო წესები, რომლებიც უცხოა ძველი მართლმადიდებლობისთვის. ასეთი ამ ეკლესიის დაარსების მოკლე ისტორია და "კანონიკური" საფუძვლები.

ხსენებული კრებულის ავტორები წერენ, რომ ძველმართლმადიდებლობის საფუძველია "ძველი წეს-ჩვეულებებისა და რჯულმოძღვრებისადმი განსაკუთრებული ერთგულების გამოვლენა", რაც უნებლიედ ხაზს უსვამს იმ ჭეშმარიტებას, რომ ნიკონ პატრიარქის მიერ ახლადდაარსებულ ეკლესიას "ძველი წეს-ჩვეულებებისა და რჯულმოძღვრებისადმი განსაკუთრებული ერთგულება" არ ჰქონია და არც აქვს. არადა სწორედ ასეთი ერთგულება იყო დამახასიათებელი წმიდა მამებისა და ნებისმიერი დროის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის.

შემდეგ წიგნის ავტორები წერენ, რომ ძველმართლმადიდებლობა "ცნობილია სხვა სახელითაც: "სტაროვერები" (ძველმორწმუნეები), "სტაროობრიადცები" (ძველმოწესეები), "რასკოლნიკები" (სქიზმატები) და არსად აღნიშნავენ, რომ ეს ზედწოდებები ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებს ახალი ეკლესიის დამაარსებლის, ნიკონ პატრიარქის ფანატიკოსებმა შეარქვეს. თუმცა მათ არც "სტაროვერები" დაურჩნენ ვალში და თავის მხრივ, ოფიციალურ, ახლადგამომცხვარ ეკლესიას შეარქვეს: "ნიკონიანური", "ბერძნულ-რუსული", "ახალმოწესეობრივი", "სინოდალური" და სხვა.

ამ მწირ ინფორმაციაში, რომელიც ღიმილის მომგვრელი უფროა, ვიდრე სიბრძნისა და ცოდნის მომცემი, ასეთი ტყუილიც წერია, თურმე ძველმართლმადიდებლობას "ახასიათებს მძაფრი ესქატოლოგიური მოლოდინი, მეტწილად – კონკრეტულ თარიღზე მინიშნებით". თუმცა აქ მითითებული არ არის კონკრეტული ფაქტები. მაგალითად, არ წერია სად, როდის და ძველმართლმადიდებლობის რომელი მიმართულების წარმომადგენლებმა მიუთითეს მეორედ მოსვლის კონკრეტული თარიღი. ეს ძალიან გულსატკენია, რადგან შესაძლებლობა მოგვეცემოდა უფრო მეტად გავხალისებულიყავით წიგნის შემდგენელთა დილეტანტურობის დემონსტრირებით. რაც შეეხება მეორედ მოსვლის თარიღებს, ის შეუძლიათ საკუთარი ეკლესიის "წმინდანთა" წინასწარმეტყველებებში მოიძიონ, რომლებიც ოქტომბრის რევოლუციის პერიოდიდან მოყოლებული დღემდე წინასწარმეტყველებენ სამყაროს აღსასრულს, რის მალე დადგომასაც უფალს ვევედრებით, რათა გადაშალოს წიგნები თავისი მეორედ მოსვლისა და საუკუნო სამსჯავროს დღეს და განიკითხოს მტყუან-მართალი.

"ჰე, მოვიდოდე უფალო იესუ!" (გამოცხ. 22:20).
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому