სხვადასხვა - უნდა იცვლებოდეს თუ არა მართლმადიდებლობა? - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
უნდა იცვლებოდეს თუ არა მართლმადიდებლობა?
უფალი იესუ ქრისტე
კითხვა: გამარჯობა! მე არ ვარ ძველმართლმადიდებელი, ახალმოწესეთა ოფიციალური, მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლში ვირიცხები, მაგრამ ძიების პროცესში ვარ. ამასწინათ მქონდა პოლემიკა. ლაპარაკი შეეხო სიახლეებს, რომლებიც (ინტერნეტში არსბული პუბლიკაციების მიხედვით) ხან აქ, ხან იქ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაშიც გვხვდება. ჯერ-ჯერობით საქმე არ მქონია ახალ მიდგომასთან, მაგრამ ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ამ სიახლეებს ყველა წააწყდება. "ახალი მიდგომა", როგორც ჩანს, ეხება ყველაფერს - ტაძრის არქიტექტურიდან დაწყებული ვიდრე მარხვამდე, ზიარების საიდუმლომდე და ა. შ. ხდება თავისუფლების საკრალურობის შეცვლა განახლების არაჯანსაღი მოსურვებით. ეს ყველაფერი მოტივირებულია მით, რომ თურმე იცვლება დროება და "მასალის მისაწოდებლად" სხვაგვარი მიდგომაა საჭირო. გამაკვირვა იმან, რომ როდესაც გამოვთქვი აზრი ყოველივე ამის მიუღებლობის შესახებ, გამომიჩნდნენ ოპონენტები იმათი რიგებიდანაც კი, ვისზეც ვფიქრობდი, რომ ჩემსავით უნდა ეაზროვნათ. სხვა მომენტი, რომელმაც ასევე გამაოგნა, - არიან ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ განმაახლებლობა - ბოროტებაა, მაგრამ, ჩემს რეპლიკაზე, რომ 17-ე საუკუნეში მოხდა ერთგვარი განახლება, ოღონდ ამ ფაქტს რატომღაც გვერდს უვლიან და ეთანხმებიან კიდეც, ჩემს წინააღმდეგ იმრიზებიან და ამ საგანზე არაფრის მოსმენა სურთ. ეს მცირედი შენიშვნა ჩემი "სულის ყივილია". რაც შეეხება კითხვებს:
 
1. არსებობს თუ არა ჩემ მიერ აღწერილი (ან სხვა მსგავსი) პრობლემა ძველმართლმადიდებლობაში? თუ ძველმოწესეებში უკვე თავიდანვე არსებობს "აცრა" ამგვარი სიახლეებისგან?
 
2. იყო თუ არა განხეთქილებები 17-ე საუკუნემდე?
 
3. როგორ ფიქრობთ, უნდა იცვლებოდეს თუ არა მართლმადიდებლობა? მომიტევეთ თუ ბუნდოვნად ვწერ. თუკი ჩემი შეკითხვები თქვენი ყურადღების ღირსია, იქნებ მიპასუხოთ, მადლობელი დაგრჩებით.
პასუხი: თქვენ მშვიდობა! ჯერ რამოდენიმე სიტყვით შევეხებით თქვენი "სულის ყივილს". სრულიად სამართლიანად აღნიშნეთ ის წინააღმდეგობრიობა, რომელსაც იჩენენ ახალმოწესეები. ჩვენ არაერთხელ (თუ ყოველთვის არა) გვიწევს იმისი დაფიქსირება ახალმოწესეებთან დიალოგებში, რომ ასეთ "ორმაგ სტანდარტებს" მიჰყვებიან: შეუძლიათ დაგმონ თანამედროვე სიახლეები, მაგრამ როდესაც ელაპარაკები განუზომლად დიდ სიახლეებზე, რომლებიც ნიკონ პატრიარქმა დაამკვიდრა, იქვე "გიმხედრდებიან", როგორც ეს თქვენც აღნიშნეთ. არსებობს ცბიერი განმარტებები, რომლებითაც "ამშვიდებენ" სინდისს და მეტიც, ძველმოწესეთა დასჯასაც კი ურიგდებიან და ამართლებენ კიდევაც მათ. იფიქრეთ ამაზე და კიდევ უფრო მეტად დააკვირდით თქვენთან არსებულ ამგვარ მიდგომას.
 
ახლა მოკლე პასუხები თქვენს შეკითხვებზე:
 
1. დიახ, შეიძლება ითქვას, რომ ძველმოწესეებს, გარკვეული აზრით, მართლაც "აცრილები" არიან განმაახლებლობისგან. ჩვენ მტკიცედ გვახსოვს მოციქულთა დარიგება "იღვწოდეთ რწმენისათვის, ერთხელ რომ მიეცა წმიდათ" (იუდ. 1:3)ს; "მაგრამ ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს" (გალატ. 1:8) და სხვა. ასევე წმიდა მამათა სიტყვები იმის შესახებ, რომ დაუშვებელია რაიმე შევმატოთ ან დავაკლოთ ჩვენი რწმენის მართლმადიდებლურ გადმოცემას. დევნულებატა და რწმენაში მტკიცე დგომის გამოცდილებამ გაგვაკაჟა. თუმცა, საცთურები მაინც მოქმედებს. მტერს არ ძინავს და გვცდის ხან ერთი, ხან მეორე მხრიდან, თესავს უთანხმოებებს და განხეთქილებებს.
 
2. სამწუხაროდ, განხეთქილებებიც ხდებოდა ეკლესიაში; და არა მარტო რუსეთში, არამედ მთელ მსოფლიოში. მათგან ყველაზე ტრაგიკული განხეთქილება იყო ეკლესიის დაყოფა დასავლეთის და აღმოსავლეთის ეკლესიებად. ამის შესახებ ჯერ კიდევ მოციქულები გვაფრთხილებდნენ. აი, უკვე ნახსენები მოციქული იუდა შემდეგ თავის ეპისტოლეში წერს: "ვინაიდან შემოგვეპარნენ ზოგიერთნი, ადრიდანვე რომ ეწერათ ეს სასჯელი; უღმერთონი, გარყვნილებად რომ აქციეს ჩვენი ღვთის მადლი და უარყოფენ ჩვენს ერთადერთ მბრძანებელსა და უფალს იესო ქრისტეს" (იუდ. 1:4).
 
მოციქული პავლე ამბობს: "... ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ შემოგესევიან მძვინვარე მგლები, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს. და თვით თქვენგანაც აღდგებიან კაცნი, რომელნიც ილაპარაკებენ უკუღმართად, რათა მოწაფეები გადაიბირონ" (საქმე 20:29-30). ამგვარი მწვალებლები ისტორიაში მრავლად იყვნენ. ჩაუღრმავდით ეკლესიის ისტორიას. შეგვიძლია მოგცეთ რეკომენდაცია გაეცნოთ ბასილ ბასილის ძე ბოლოტოვის ნაშრომს "ლექციები ძველი ეკლესიის ისტორიაზე" ("Лекции по истории Древней Церкви"), ხოლო რუსეთის ეკლესიის ისტორიიდან ე. ე. გოლუბინსკის, ნ. თ. კაპტერევის და ა. ვ. კარტაშევის ნაშრომებს.
 
3. მართლმადიდებლობა უცვალებლად რჩება. მაგრამ მისი სიწმიდე რომ შევინარჩუნოთ, აუცილებელია შევისწავლოთ იგი და მის თანხმიერად ვიცხოვროთ. ცხოვრება ახალ ამოცანებს აყენებს ჩვენს წინაშე, და, მათი გადაწყვეტისას, არსებობს საშიშროება ჩავვარდეთ საწინააღმდეგო უკიდურესობებში. პირველი - ეს არის მოდერნიზმი, ის, რის შესახებაც ლაპარაკობდით თქვენ ჩვენდამი მოწერილ შეკითხვაში, როდესაც ეკლესიის მამათა მემკვიდრეობა დაძველებულად და არათანამედროვედ მიიჩნევა. სანაცვლოდ კი "ახალ მიდგომას" გვთავაზობენ. სხვა უკიდურესობა - ეს არის აზრი, რომ ყველაფერი უკვე ნათქვამია წმიდა მამათა მიერ და ჩვენ არანაირი აზრობრივი ძალისხმევა უკვე აღარ გვჭირდება სხვადასხვა საკითხების გადასაწყვეტად. მაგრამ ჩვენი ამოცანაა - ერთგულები ვიყოთ წმიდა მამებისეული მემკვიდრეობის, მისი ასოსა და სულის. ამ ერთგულებაშია ჩვენი პასუხები თანამედროვეობის გამოწვევებზე. ეს რთული ამოცანაა, მაგრამ შესრულებადი.
 
გულწრფელად გისურვებთ, რათა თქვენმა ძიებამ მიგიყვანოთ ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიამდე.
 
წყარო: https://ruvera.ru/vopros/menjaetsja_li_pravoslavie
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому