როგორ ასწავლიან ძველმოწესეები ანტიქრისტეს შესახებ?
არსებობს თუ არა ერთობა ამ საკითხში?
სამღვდელოების მიმღები ძველმართლმადიდებელი ქრისტიანები აღიარებენ ორთოდოქსალურ ესქატოლოგიას (მართლმადიდებლური სწავლება სამყაროს აღსასრულის შესახებ), რომელიც ეფუძნება წმიდა წერილს და წმიდა მამათა სწავლებებს.
ამ რწმენის მოკლე შინაარსი ასეთია. ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ სამყაროს მოევლინება ანტიქრისტე, რომელშიც მრავალნი მოიაზრებენ მესიას. ეს იქნება კაცობრიობის მთავარი ცთომილება. ანტიქრისტე, ანუ "ცოდვის კაცი", იგივე "წარწყმედის ძე" შეაცდენს ადამიანთა უზარმაზარ რაოდენობას და ისინიც თაყვანს სცემენ მას როგორც ღმერთს. მაგრამ მოგვიანებით ანტიქრისტე თავის ნამდვილ არსს გამოავლენს.
შემდეგ ბიბლიური წინასწარმეტყველება ლაპარაკობს "დიდ ჭირზე, რომელიც დასაბამიდან არ ყოფილა" და "გატიალების სისაძაგლეზე", რომლებიც მცირე და მოჩვენებითი სიმშვიდისა და კეთილდღეობის შემდეგ დაისადგურებს. პირველ რიგში დაიწყება ყველა იმათი დევნა, ვინც ცრუ მესიას არ შეიწყნარებს. მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდება ქრისტე მთელი თავისი დიდებით.
მთელი ქრისტიანული სწავლება გაჟღენთილია ესქატოლოგიზმის სულისკვეთებით. წინათგრძნობა სამყაროს აღსასრულის შესახებ ყოველთვის მძაფრდება საზოგადო ჭირვების პერიოდში, კატაკლიზმების დროს, როგორებიცაა: ომები, შიმშილი, ბუნებრივი კატაკლიზმები და ტირანული მმართველობები.
მაგალითად, ცნობილია, თუ როგორი უსასტიკესი მეთოდებით ინერგებოდა პატრ. ნიკონის რეფორმა XVII ს-ში (რუსეთში - რედ.), ამის გამო ფიქრები სამყაროს აღსასრულის შესხებ ძალზედ აქტუალური იყო სახალხო მასებში. მაგრამ რაოდენ საშინელიც იყოს ნებისმიერი დევნის ხასიათი, ქრისტიანებს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ ერთი რამ: ანტიქრისტეს გამოჩენისა და შემდგომ ჩვენი მაცხოვრის, იესუ ქრისტეს დიდებით მოსვლის ზუსტი დრო უცნობია. ეს ფაქტი დაფარულია კაცთათვის და ანგელოზთათვის.
ზომიერი ძველმოწესეები (სამღვდელოების მიმღებნი - რედ.) სამყაროს ოპტიმისტური თვალთახედვით უმზერდნენ და ახალ რეალიებში ეკლესიური ცხოვრების აღმშენებლობის გზებს მაინც ჰპოვებდნენ. ხოლო რადიკალურად განწყობილი ქრისტიანები (არა მარტო ძველმოწესეები) დარწმუნებულნი იყვნენ ანტიქრისტეს გამოჩენის მოახლოვებაში და ხედავდნენ მას არა მარტო ნიკონ პატრიარქსა თუ მეფე ალექსი მიხეილის ძეში, არამედ პეტრე I-ში, ნიკოლოზ I-ში, და თვით ლენინსა და საბჭოურ ხელისუფლებაშიც კი.
მოცემული განწყობა ძველმოწესეთა შორის თავიდანვე არსებობდა იმ ნაწილში, რომელსაც "უმღვდელოებს" (ანუ "ბეზპოპოვცებს", რუს. безпоповцы) უწოდებდნენ. დროთა განმავლობაში, როდესაც ძველმოწესეთა დევნის აქტიურმა ფაზამ გადაიარა, ბეზპოპოვცებმაც სხვადასხვა ადგილას დააფუძნეს თავიანთი სულიერი ცენტრები. ჩამოაყალიბეს მეტ-ნაკლებად მკაფიო ეკლესიოლოგიური პოზიცია, გამოიმუშავეს თავიანთი დოგმატიკა. ამ მომენტიდან მკაფიოდ იცვლება სწავლებაც ანტიქრისტეს შესახებ. კერძოდ, ბეზპოპოვცებში ანტიქრისტე-პერსონის ნაცვლად ჩნდება სწავლება სულიერ ანტიქრისტეზე, რომელიც მსოფლიოში მწვალებლობათა სახით ბატონობს. ამგვარ შეხედულებას ინარჩუნებენ ბეზპოპოვცები დღემდე.
გამოყენებული წყარო: https://rpsc.ru