სხვადასხვა - "პირველი აპრილის" ბილწი ისტორია - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
"პირველი აპრილის" ბილწი ისტორია
უფალი იესუ ქრისტე
ავტორი: ეპისკოპოსი ინოკენტი (უსოვი).
 
სიცრუე - ყოველთვის ცოდვაა. მაგრამ რატომღაც პირველ აპრილს მრავალთა თვალში ის ცოდვიდან "უწყინარ" ხუმრობად იქცევა. რითი ავხსნათ ზნეობრიობის ასეთი გარყვნილი მეტამორფოზა?
 
წარმართებს ჰყავდათ ცრუ ღმერთები და ღმერთქალები, სხვადასხვა ცოდვების მფარველები. მათ განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ და განსაკუთრებულ დღეებსაც უძღვნიდნენ. ამ დღეებში წარმართები გახელებულად ეძლეოდნენ იმ ცოდვას, რომლის მფარველადაც მიიჩნეოდა კონკრეტული ღვთაება.
 
ასე, მაგალითად, ბახუსი ან დიონისე ლოთობის მფარველებად მიაჩნდათ, მათი დღესასწაულობა კი თავაშვებული ღრეობითა და ლოთობით აღინიშნებოდა. წარმართებს ჰყავდათ ასევე ღმერთქალი ვენერა ანუ დიანა, რომელიც გარყვნილებასა და მეძაობას მფარველობდა, მისი დღის ზეიმობისას წარმართები თავშეუკავებლად ეძლეოდნენ სამარცხვინო აღვიარახსნილობას და ყოველგვარი სახის სიძვა-მრუშობას, თუმცა სხვა დროს ეს უზნეო და ცოდვილ საქმედ მიაჩნდათ. იყო სხვა მსგავსი მრავალი ღვთაება და დღესასწაული, რომელთა ჩამოთვლის საჭიროება ახლა არ გვაქვს.
 
რაღაც მსგავსს ჩადიან ყველანი, რომლებიც განსაკუთრებულ დღეს, კერძოდ პირველ აპრილს, უძღვნიან მოტყუების ცოდვას, და მას სინდისის ყოველგვარი ქენჯნის გარეშე ეძლევიან. პირველსააპრილო მოტყუების მიმდევარნი თავს ვერ გაიმართლებენ მით, თითქოსდა მათ არ ჰყავთ სიცრუის ღმერთი, როგორც ეს წარმართებს ჰყავდათ.
 
მაგრამ სიცრუის ღმერთი სინამდვილეში არსებობს. მისი სახელი საშინელი და ამაზრზენია, ასე რომ მისი წარმოთქმის სურვილიც კი არ გვაქვს. მაგრამ აუცილებლობა გვაიძულებს ამის გაკეთებას. მისი სახელია: ეშმაკი, ანუ სატანა. ის არის პირველი და უმთავრესი მატყუარა. მან პირველმა აღასრულა დედამიწაზე სიცრუე: მან მოატყუა ადამი და ევა, როდესაც უთხრა მათ, რომ, როგორც კი შეჭამდნენ აკრძალული ხის ნაყოფს, ღმერთებივით შეიქნებოდნენ, და ეცოდინებოდათ სიკეთე და ბოროტება. აი ვის ბაძავენ, ვის მისდევენ და ემსახურებიან მატყუარები, განსაკუთრებით კი - პირველი აპრილის, როგორც სიცრუის დღის მოზეიმენი.
 
თავის გასამართლებლად პირველი აპრილის მატყუარები ამბობენ, რომ ჩვენო ამას ეშმაკის სამსახურებლად კი არ ვაკეთებტ, არამედ ხუმრობისთვისო. მაგრამ ეს საკმაოდ უძლური თავის მართლებაა და სრულიად არადამაჯერებელია. განა შეიძლება ცოდვით ხუმრობა? "ცეცხლს ნუ ეთამაშები", - ამბობს ხალხური სიბრძნე. არადა ცოდვა ყოველგვარ ცეცხლზე უფრო საშიშია. ვინმემ ხუმრობით შხამი გადაგაყლაპოთ ან სხვა რამ მავნეობა, განა არ დააზიანებს იგი თქვენს ჯანმრთელობას? დიახ, და ასეთმა "ხუმრობამ" შეიძლება ფატალური შედეგიც გამოიწვიოს. დაუშვებელია ცოდვით გახუმრება.
 
მთავარი კი აი რაშია: გიფიქრიათ ოდესმე, თუ ვის მიერ არის დაწესებული საპირველაპრილო მოტყუების დღესასწაულობა? ვის სახსოვრად არის ის დაწესებული? რისი მიღწევა სურდათ ცოდვის ამ ზეიმობის დამფუძნებელთ? ვინმე იტყვის, რომ ამგვარი შეკითხვებით თავი არ შეუწუხებია. არადა, ამაოდ. უნდა შეეწუხებინა...
 
ჩვეულებისამებრ, ჩვენ რატომღაც ყვველაფერს უგუნური პირუტყვებივით უპასუხისმგებლოდ და გაუცნობიერებლად ვეპყრობით, მხოლოდ სხვების მიბაძვით, განუსჯელად, არც ვფიქრობთ კარგია ეს თუ ცუდი. ეს რომ არა, ანუ ჩვენ რომ ყველაფრისადმი შეგნებული მიდგომა რომ გვქონოდა, ყველა ჩვენს ქცევას რომ დავკვირვებოდით, ან ყველა დაწესება და ზეიმობა შეგვესწავლა, ადვილად ავიცილებდით თავიდან ყოველგვარ შეცდომებსა და ცოდვებს, და ჩვენი ცხოვრება ბევრად ნათელი და უკეთესი იქნებოდა.
 
მაგრამ ცხოვრებისეულ გზას სწორედაც რომ სიბნელეში, ხელის ცეცებით, უაზროდ, დაუნანებლად და სიზარმაცით გავდივართ, ისე, რომ არც კი გვაინტერესებს, როგორც ჩვეულებრივ, ასევე უჩვეულო მოვლენებში გარკვევა; არ გვსურს ჩავწვდეთ, როგორც საკუთარ ასევე სხვა ადამიანთა უგუნურ ქცევას.
 
ეს სრულიად შეეფერება პირველი აპრილის, როგორც სიცრუის დღისადმი მიძღვნილი დღის ზეიმობას. თუ გნებავთ, მოისმინეთ ამ სულელური და სულისწარმწყმედელი ჩვეულების წარმომავლობის განმარტება.
 
შესაძლოა საპირველაპრილო ზეიმობის წარმომავლობის სხვა განმარტებებიც არსებობდეს, მაგრამ ეს ალბათ ყველაზე უფრო რეალურია.
 
დიდ საეკლესი განაწესში (ტიპიკონში) ნათქვამია, რომ "ჩვენი უფალი იესუ ქრისტე ჯვარც ეცვა 5533 წლის 30 მარტს, პარასკევს, დღის მე-6 (12) საათზე". ხოლო, როგორც ცნობილია, ის აღდგა ამის შემდეგ მესამე დღეს. მაშასადამე, მაშინ აღდგომამ სწორედ პირველ აპრილს მოუწია.
 
ხედავთ, თურმე რა ჰქონიათ მხედველობაში მათ ვინც პირველი აპრილი შეგნებული მოტყუების დღედ დააწესა? მათ სურდათ ქრისტიანთა ცხოვრების ისეთი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი დღის დისკრედიტირება და დაცინვა, როგორიცაა ქრისტეს აღდგომა მკვდრეთით, რომლის გარეშე ქრისტიანობა თავისთავად დიდი სიცრუე იქნებოდა.
 
ბ-ნო პირველმეაპრილე მატყუარებო და მასხარებო! რას იქმთ ამას? დაფიქრდით, ვის მისდევთ და რას მიაღწევთ? თქვენ ხომ ქრისტეს აღდგომას დასცინით?! თუკი ამას შეუგნებლად აკეთებთ, მით უარესი თქვენთვის. რომაელი ჯარისკაცებიც გაუცნობიერებლად ცემდნენ ქრისტეს, ანუ არც კი იცოდნენ, რომ ის ქრისტეა; მისი ჯვარმცმელებიც უგუნურად მოქმედებდნენ, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ის არ არის ქრისტე, არ არის ძე ღმრთისა, არამედ უბრალო ადამიანია. ეს დაადასტურა თვით მაცხოვარმა, როდესაც მათ შესახებ ჯვრიდანვე თქვა: "არა იციან, რას იქმან". მაშ, ვინ აპატიებს მათ ამ მკრეხელურ უცოდინრობას, ვინც ჩათვლის, რომ მათ არ შეუცოდავთ, როდესაც ქრისტე ჯვარს აცვეს? ასევე საპირველაპრილო მასხრობა და მატყუარობა თავს ვერ გაიმართლებს იმითი, რომ "არა უწყიან, რას იქმან".
 
და მართლაც, ეს ცოდვა იმდენად დიდია, რომ ღმერთი ამისთვის ამ ცხოვრებაშიც კი სჯის მატყუარებს, მომავალ საუკუნეზე რომ აღარაფერი ვთქვათ. შეიძლება მრავალი ფაქტის და მაგალითის დამოწმება ამის დასადასტურებლად. ტყუილებს უმძიმესი შედეგების მოტანა შეუძლიათ. ხუმრობას ბევრჯერ უბედურება და ცრემლები მოჰყოლია.
 
მაშ, გეშინოდეთ ვინმეს მოტყუებისა, ხოლო პირველ აპრილს - განსაკუთრებით, რადგან ამით თქვენ აამებთ ყოველგვარი სიცრუისა და მასხრობის "ღვთაებას" - ეშმაკს, ვისგანაც ღმერთმა გიხსნათ თავისი საღმრთო მადლით და კაცთმოყვარებით. ამინ.

წყარო: Епископ Иннокентий Усов. Нижегородский и Костромской, Сочинения, том 1, стр. 257-259.
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому