სხვადასხვა - მღვდელმსახურთა გრძელთმიანობის შესახებ (1) - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)
 
 
მღვდელმსახურთა გრძელთმიანობის შესახებ
 
ანუ
 
შეიძლება თუ არა მღვდელმსახურები ატარებდნენ გრძელ თმებს?
 
 
ნაწილი I
მღვდელმსახურები
ნაწილი I
 
 
ხშირად გვეკითხებიან: უნდა ატარებდნენ თუ არა მღვდელმსახურები გრძელ თმებს? ზოგიერთი ქრისტიანი ცდუნდება მით, რომ ჩვენი ეკლესიის დიაკვნები, მღვდლები და ეპისკოპოსები გრძელ თმებს ატარებენ. მაგრამ არიან ისეთი ძველმორწმუნეებიც, რომლებიც იხრებიან საპირისპირო აზრისკენ და ამტკიცებენ, რომ - მღვდელმსახურები გრძელ თმებს არ უნდა ატარებდნენ. ამგვართა რიგს მივეკუთვნებით ჩვენც.
 
მოდი, განვიხილოთ ეს საკითხი დეტალურად და გადმოვცეთ ის ძირითადი მომენტები და მოწმობები, რისგანაც შედგება ჩვენი შეხედულება მღვდელმსახურთა მოკლეთმიანობის შესახებ. დავიწყოთ ყველაზე უპირველესი და უმთავრესი წყაროთი - წმიდა წერილითა და მისი წმიდა მამებისეული განმარტებებით.
 
 
წმიდა წერილი და ეკლესიის წმიდა მამები გრძელი თმების შესახებ, რომელსაც ატარებენ, როგორც ერისკაცნი, ასევე მღვდელმსახურნიც
 
 
ჩვენ გვაქვს კანონიკური მასალები ამ საკითხის გადასაწყვეტად. მათ საფუძველზე თამამად შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ყველა მღვდელმსახური (მათ შორის ეპისკოპოსებიც) თმებს უნდა იჭრიდნენ. ამასთან დაკავშირებით არსებობს წმიდა მამათა საკმაოდ მკაცრი განწესებები.
 
 
1. დედაკაცებივით გრძელი თმების მოშვება ეკლესიაში აკრძალულია თვით წმიდა მოციქულ პავლეს მიერ. ის, კორინთელთა მიმართ 1-ელ ეპისტოლეში (თ. 11) ამბობს:
 
"ჩემი მომბაძავი იყავით, როგორც მე — ქრისტესი. ამისათვის გაქებთ თქვენ, ძმანო, რომ ყველაფერში გახსოვართ და ინახავთ მოძღვრებებს, როგორც გადმოგეცით. მაგრამ ასევე მინდა იცოდეთ, რომ ყოველი მამაკაცის თავი ქრისტეა, დედაკაცის თავი — ქმარი და ქრისტეს თავი — ღმერთი. ყოველი მამაკაცი, რომელიც თავდაფარული ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავის თავს ირცხვენს. და ყოველი დედაკაცი, რომელიც თავდაუფარავი ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს, ვინაიდან ეს იგივეა, რომ გადაპარსული იყოს. ვინაიდან, თუ დედაკაცი თავს არ დაიფარავს, გადაიპარსოს. ხოლო თუ დედაკაცს რცხვენია, იყოს გაკრეჭილი ან გადაპარსული, თავდაფარული იყოს. ამგვარად, მამაკაცმა მართლაც არ უნდა დაიფაროს თავი, ვინაიდან ის ღვთის ხატება და დიდებაა. დედაკაცი კი ქმრის დიდებაა. ვინაიდან მამაკაცი კი არ არის დედაკაცისაგან, არამედ დედაკაცი — მამაკაცისაგან. ასევე მამაკაცი კი არ შექმნილა დედაკაცის გულისათვის, არამედ დედაკაცი — მამაკაცის გულისათვის. ამიტომ დედაკაცი ვალდებულია, თავზე ჰქონდეს ხელმწიფების ნიშანი ანგელოზების გულისათვის. თუმცა არც ქმარია ცოლის გარეშე და არც ცოლია ქმრის გარეშე უფალში. ვინაიდან, ისევე, როგორც დედაკაცი მამაკაცისაგან არის, მამაკაციც დედაკაცის მეოხებით არის. ხოლო ყოველივე ღვთისაგან არის. თქვენ თვითონ განსაჯეთ, შეშვენის დედაკაცს ღვთის წინაშე თავდაუფარავად ლოცვა? ანდა, განა თვით ბუნებაც არ გასწავლით, რომ მამაკაცის გრძელთმიანობა სამარცხვინოა მისთვის? მაგრამ დედაკაცის გრძელთმიანობა დიდებაა მისთვის. გრძელი თმა მას საბურველის ნაცვლად აქვს მიცემული. და თუ ვინმე განიზრახავს იდაოს, ჩვენ არა გვაქვს ასეთი ჩვეულება, არც ღვთის ეკლესიებს" (1 კორ. 11:2-16).
 
2. მოციქულის აზრი, ნეტ. თეოფილაქტეს განმარტებით, მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ გრძელი თმები ეს არის საფარველისა და მორჩილების ნიშანი. დედაკაცმა თმები ქმრისადმი მორჩილების ნიშნად უნდა იზარდოს, რადგან უფალმა კაცი მის თავად დააწესა, ამიტომაც მისი თავი დაფარული უნდა იყოს მორჩილების ნიშნად, ხოლო საფარველად მას ებოძა გრძელი თმები. ამიტომაც, თუკი დედაკაცი მათ იჭრის, ეს უპატივობაა მისთვის, რადგან ამით ის თითქოსდა თავის დაუმორჩილებლობაზე აცხადებს, რაც უპატიო ჰყოფს მას.
 
დედაკაცისგან განსხვავებით კაცს "უკრძალავს თავის დაფარვას არა ყოველთვის, არამედ მხოლოდ ლოცვისა და წინასწარმეტყველების ჟამს". მაგრამ, რადგან გრძელი თმები - ეს საფარველის ნიშანია, ხოლო დაფარული თავი მორჩილებისა, მამაკაცისთვის გრძელი თმების მოშვება "სამარცხვინოა მისთვის" (1 კორ. 11:14). ამიტომაც, ნეტ. თეოფილაქტეს განმარტებით, მან "თავი არ უნდა დაიბუროს არა მარტო ტანისამოსით, არამედ თმებითაც" (URL: https://ekzeget.ru/bible/1oe-poslanie-k-korinfanam-ap-pavla/glava-11/tolkovatel-feofilakt-bolgarskij-blazennyj/).
 
დედაკაცისგან განსხვავებით პავლე მოციქული მამაკაცს უკრძალავს თავის დაბურვას არა ყოველთვის, არამედ მხოლოდ ლოცვისა და წინასწარმეტყველების ჟამს. მაგრამ, რადგან გრძელი თმები ნიშანია თავის დაბურვისა, ხოლო თავის დაბურვა, თავსი მხრივ, ნიშანია მორჩილებისა, მამაკაცისთვის გრძელი თმების მოშვება "სამარცხვინოა მისთვის" (ძვ. ქართ.: "უშუერება არს მისა") (1 კორ. 11:14). ამიტომაც, ნეტ. თეოფილაქტეს განმარტებით, მან "არა მარტო თავსაბურავით (მაგ.: ქუდით - არქიეპ. პ.) არ უნდა დაიბუროს თმა, არამედ გრძელი თმითაც".
 
"რატომ არცხვენს საკუთარ თავს მამაკაცი თავის დაბურვით? - კითხულობს ნეტ. თეოფილაქტე და თვითვე იძლევა ამის განმარტებას, - "იმიტომ, რომ, როდესაც ის დადგენილია თავად და მეუფედ ყოველი ქმნილებისა, საკუთარ თავს აყენებს ქვეშევრდომის მდგომარეობაში. თავის დაბურვა ნიშნავს მეურვეობის ქვეშ ყოფნის აღიარებას. თავსაბურავი იკავებს მბრძანებლის ადგილს და წარმოადგენს ნიშანს ქვეშევრდომობისა".
 
 
"როგორ შეიძლება ითქვას თმამოშვებულ მამაკაცზე საკუთარ თავს არ არცხვენსო, როდესაც ის იღებს ქალის იერსახეს და, მბრძანებლად დადგენილი, თავს ქვეშევრდომის მდგომარეობაში იყენებს?" - ვიკითხავთ ჩვენც ნეტ. თეოფილაქტესთან ერთად. და თუ ეს ერისკაცთათვის უშვერებაა, განა უფრო სამარცხვინო არ უნდა იყოს სამღვდელოთათვის, რომლებიც არა მარტო ბუნებით, როგორც მამაკაცები, არიან დადგენილნი მეთაურებად, არამედ სამღვდლო უფლებამოსილებითაც?
 
ის რაც ბუნებით არის უპატივობა და უშვერება ერისკაცისთვის, როგორ შეიძლება პატივი იყოს მღვდლისთვის? და პირიქით, როგორ შეიძლება პატივი იყოს მღვდლისთვის ის, რაც ერისკაცისთვის "უშვერებაა" და პატივია მხოლოდ დედაკაცებისთვის და ისიც, როგორც ნიშანი მამაკაცისადმი მორჩილებისა და დაქვემდებარებისა?
 
დოგმატურად და კანონიკურად, მღვდელმა სწორედ იმიტომაც არ უნდა მოუშვას გრძელი თმა, რომ არა მარტო მამაკაცია ბუნებით, არამედ მწყემსიცაა, თავისი მრევლის მეთაურია, ეკლესიის ეპისკოპოსია. ჩვენი აზრით, გრძელთმიანი ეპისკოპოსი დედაკაცზე უფრო კნინია და უპატივოა უფლის წინაშე.
 
მოდი ვნახოთ, რას ამბობენ ამ საკითზე წმ. მამები:
 
 
3. ღირ. ნიკონ შავმთელი (Νίκωνος τοῦ Μαυρορείτου) (XI ს.) ბრძანებს, რომ მონასტრებში მცხოვრებთანგან ბევრს მოსწონდა თავი გრძელთმიანობით... და იქცეოდნენ ერისკაცთა შორის პატივის მოსახვეჭად... არადა მოციქულის თანახმად "მამაკაცის გრძელთმიანობა სამარცხვინოა მისთვის" (ძვ. ქართ.: "მამაკაცმან თუ გარდაუტეოს თმაჲ გრძელად, უშუერება არს მისა") (1 კორინთ. 11:14) (Пандекты. По­ча­ев, 1795. Сло­во 37).
 
 
4. ეზეკიელის წინასწარმეტყველების განმარტებაში, ნეტ. იერონიმე (დაახლ. 347 - 419/420) წერს, რომ ქრისტეანმა მღვდელმსახურმა თავზე თმა არ უნდა გაიპარსოს იზიდასა და სერაპისის კულტის მსახურებივით, მაგრამ არც გრძელი თმები უნდა მოუშვას, "გალანტურ" ადამიანთა, ბარბაროსთა და მოჭიდავეთა მსგავსად. მღვდელმსახური უნდა იყოს უბრალო და თავმდაბალი; გარდა ამისა, მათ არ უნდა დაიწნან თმები თავზე გვირგინებად, ან გადაიხოტრონ თავი სრულიად, არამედ მხოლოდ შეიკრიჭონ თმა, რათა თავი ამოძრაონ თავისუფლად" (Migne, s. I, t. 25, соl. 427-448. См. так­же Блаж. Иероним. Тол­ко­ва­ние на про­ро­ка Иезекииля. Мо­ск­ва, 1889. Ч. 1. Гл. 44. стр. 273).  
 
 
5. ის, რომ ბერ-მონაზონნი და სამღვდელონი თმას იკრეჭდნენ ნათლად ჩანს VI მსოფლიო კრების 21-ე, 42-ე და 69-ე კანონებში (უფრო დაწვრილებით იხ. ქვემოთ).
 
 
6. წმ. აპოლონიოსი, როგორც რუფინუსი (დაახლ. 345-411) გადმოგვცემს, "კიცხავდა მათ, ვინც თმამოშვებული დადიოდა ან ყელზე რკინის ჯაჭვი ჰქონდა ჩამოკიდებული, ან, საერთოდ, რაიმე ისეთს აკეთებდა, რითაც მოყვასს დააბრკოლებდა"
 
(პრესვიტერი რუფინუსი. მეუდაბნოე მამათა ცხოვრება. გამომც. "ბეთანია". თბილისი 2016 წ. გვ. 305).
 
 
7. ღირ. თევდორე სტოდიელი (დაახლ. 759-826) ასევე იჭრიდა თმას და დავაც კი გაუმართვს ამ საკითხზე პატრიარქთან. აი რას ვკითხულობთ მის მიმართვაში პატრიციუს ნიკიტასადმი:
 
"თქვენს კეთილშობილებას ძმასთან ულაპარაკნია თმასთან დაკავშირებით, რომელსაც ვეპყრობით განსაზღვრულად. უნდა ითქვას, რომ საჭიროა ვიცხოვროთ განწესებათა შესაბამისად და არ გადავლახოთ მამათა მიერ დადგენილი ზღვრები... ასე, რომ, ბატონო, არსებობენ საღმრთო კანონები და განწესებანი, რომლითაც ხელმძღვანელობს ყველა ღვთისმოსავი და რომელთაც ვერც ვერაფერს შევმატებთ და ვერც მოვაკლებთ. ისინი, ბევრ სხვა საკითხთან ერთად, ჩვენს ცხოვრებას წარმართავენ თმის მოშვებასთან დაკავშირებითაც.
 
განა შენი ძალაუფლება არ ცდილობს დაიცვას ჩვენი ღვთისმოსავი მეფეების მიერ დადგენილი კანონები? განა მყის არ ასრულებ ნაბრძანებს, არ იჭერ და არ აძევებ, და თანაც ყოველივე ამას განა განწესებულისამებრ არ აკეთებ? თანაც,  არანაირი დაბრკოლება, არც დიდი და არც პატარა არ გაშინებს, - ზუსტად ასევე, დამღუპველია და უფრო საშიში ჩვენთვის, მღვდლობას მიწევნულთათვის, არ შევასრულოთ ის ყოველივე, რაც ღმრთისა და უფლისგან გვებოძა და საღმრთო განწესებათა სახით არის დაწესებული ღირსპატივსაცემ მამათა მიერ.
 
ხოლო თმების შესახებ საღმრთო ბრძანება რომ არსებობს ამას, უპირველეს ყოვლისა, გვაჩვენებენ ჯერ მოციქული (1 კორინთ. 11:14), შემდეგ მოციქულთა განწესებანი (წიგნი I, თ. მე-3), შემდეგ ოქროპირი, რომელიც ამტკიცებს, რომ უცილობელი ცოდვაა მამაკაცისთვის თმების მოშვება (Толкование на первое Послание к коринфянам. Творения в русском переводе. Т.X, кн.1, стр. 252. СПб., 1904) და, ბოლოს, მეექვსე მსოფლიო კრების (96-ე - არქიეპ. პ.) განწესება, რომელშიაც ნაბრძანებია დაუმორჩილებელთა განკვეთა. ასე, რომ უწყოდე ჩვენ, ცოდვილნი, განწესებათა საწინააღმდეგოს არაფერს ვაკეთებთ. ახლა კი არ დაგვიწყია ამ განწესების დაცვა, არამედ დიდი ხნის წინათ. ეს ცნობილი იყო წინამორბედი პატრიარქისთვისაც, რადგან საკმაოდ ილაპარაკა ჩვენთან და კი არ განიკითხა ჩვენი მიდგომა, - რადგან, როგორ განიკითხავდა, როდესაც არსებობს განწესება (ანუ VI მსოფლ. კრების 96-ე კანონი - არქიეპ. პ.)? მეც ის დავიმოწმე, თუმც არავინ ისმინა ჩვენი" (Послание 27. К Никите патрицию).
 
ამრიგად, ღირ. თევდორეს სიტყვებიდანაც ცხადი ხდება, რომ იმ დროს ბერ-მონაზვნები თმებს იკვეცავდნენ (ანუ გრძელ თმებს არ ატარებდნენ). ღირსი მამა, ამართლებს რა ამ მონასტრულ ჩვეულებას, იმოწმებს წმ. მოციქულ პავლეს, მოციქულთა განწესებებად ცნობილ წიგნს, წმ. იოანე ოქროპირს და მეექვსე მსოფლიო კრებას (კანონი 96-ე). ამ წყაროებს ვეყრდნობით ჩვენც. როგორც ჩანს, ღირ. მამა, ზემოთდამოწმებულ წყაროებში გამოთქმულ აკრძალვებს გრძელი თმების ტარების თაობაზე განუკუთვნებს არა მარტო საერო, არამედ სასულიერო პირებს. ამიტომ, ჩვენც პრინციპულად არ შევიწყნარებთ ზოგიერთის მოსაზრებას იმის შესახებ, თითქოსდა მოციქული პავლე, თავის ეპისტოლეში, გულისხმობდა ერისკაცებს და არა მღვდელმსახურებს.
 
 
* * *
 
 
არ ვიცი, რის საფუძველზე, მაგრამ ჩვენ გვეუბნებიან, რომ თუ თმას შეიკვეცავს მღვდელმსახური, მაშინ უცილობლივ თავზე გვირგვინიც უნდა ამოიკვეცოსო. გვედავებიან ზოგიერთ განწესებასთან დაკავშირებითაც.
 
მაგალითად, VI მსოფლიო კრების 42-ე კანონი ბრძანებს:
 
"მეუდაბნოედ სახელდებულთა შესახებ, რომლებიც ძაძით შემოსილები და თმაწამოზრდილები დადიან ქალაქში, ერისკაც მამაკაცთა და ქალთა შორის ტრიალებენ და თავიანთ აღთქმას შეაგინებენ, ვადგენთ, რომ თუ სურთ, გაიკრიჭონ თავზე თმა, სხვა მონაზონთა სახე მიიღონ, მონასტრებში დამკვიდრდნენ და ძმათა რიცხვს მიემატონ. ხოლო თუ არ მოისურვებენ ამას, ქალაქიდან მთლად განიდევნონ და იძულებით უდაბნოში იქნენ დამკვიდრებულნი, რადგან მეუდაბნოედ სახელდებით მოისურვეს სახელის მოხვეჭა" (დიდი რჯულისკანონი. საქ. საეკლ. კალენდარი. 1987 წ. გვ. 327-328 // იხ. ასევე: მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები. ნიკოდიმოს მილაშის განმარტებით. თბილისი 2020. I ტომი. გვ. 479 // ასევე: Алфавитная Синтагма М. Властаря. Москва 1996 г. стр. 337. О пустынниках).
 
VI მსოფლიო კრების 42-ე კანონის განმარტებაში იოანე ზონარა წერს: "იყვნენ ძველად ვიეთნიმე, რომლებიც იცმევდნენ შავ სამოსს და არ იკრეჭდნენ თმას, არამედ კულულებად უშვებდნენ მკერდზე და მხრებზე და ასე იარებოდნენ ქალაქებში, ტრიალებდნენ რა ერისკაც მამაკაცთა და ქალებს შორის, რითაც შეაგინებდნენ თავიანთ ბერ-მონაზვნურ აღთქმას. ამდაგვართ კრებამ უბრძანა შეიჭრან თმა და წავიდნენ მონასტრებში, რათა იცხოვრონ და იღვაწონ მონაზვნებთან ერთად" (Правила Святых Вселенских Соборов с толкованиями. Правила Святого Вселенского Шестого Собора. Москва 1877 г. Репр. Паломник. 2000 г. Стр. 426-427).
 
ხოლო არისტინეს მიხედვით "შავი სამოსითა და გრძელი თმებით მავალნი, თუ არ შეიჭრიან თმას და არ შეემატებიან მონასტრებს, გაძევებულ იქნენ ქალაქიდან" (იქვე).
 
ზონარასა და არისტინეს სიტყვები სხვა როგორ უნდა გავიგოთ თუ არა იმ ფაქტის აღიარებად, რომ უბრალო მონაზვნებიც, მონასტრებში, თმებს იჭრიდნენ და მეუდაბნოე მამათა მსგავსად გრძელ თმებს არ ატარებდნენ.
 
მაგრამ, ზოგიერთებმა ჩვენ შემოგვთავაზეს სხვა განმარტება (საკუთარი, ცხადია). მათი აზრით ვითომცდა 42-ე განწესებაში ლაპარაკია არა განდეგილებზე, რომლებიც არღვევდნენ თავიანთ აღთქმას, არამედ ვიღაც აფერისტებზე, რომლებიც იცმევდნენ შავ სამოსს და, აცხადებდნენ რა საკუთარ თავს ბერებად, ერში, მამაკაცთა და დედაკაცთა შორის ქადაგებდნენ. ამით ალბათ იმის თქმა სურდათ, რომ მოცემული განწესება ეხება არა მონაზვნებს, არამედ მხოლოდ ერისკაც-აფერისტებს, რომლებსაც უბრძანა კიდევაც კრებამ ან აღკვეცილიყვნენ ბერებად ან წასულიყვნენ უდაბნოში. როგორც ჩანს, ისინი შეცდომაში შეიყვანა სიტყვამ "მაცდურნი", რომელიც მოცემულია პატრ. ბალსამონის განმარტებაში.
 
ბალსამონი წერს: "შავ სამოსში გამოწყობილი და თმამოშვებული მრავალი მაცთური (რუს. თარგმანშია: обольстители - არქიეპ. პ.) გადიოდა ხალხში, რომლებიც ძონძებით შემოსილნი მოაჩვენებდნენ რა თავს მმარხველებად, აცთუნებდნენ მარტივ ადამიანებს (რუს. თარგმანშია: обольщая людей более простых - არქიეპ. პ.) და შეაგინებდნენ ბერ-მონაზვნურ აღთქმას. ერთნი ამათთგან, ტრიალებდნენ რა ერისკაც მამაკაცებსა და დედაკაცებს შორის, ქადაგებდნენ დემონურ სწავლებებს, თითქოსდა ლოცულობდნენ ერისთვის და სინანულს ქადაგებდნენ. ხოლო სხვები ამბობდნენ, რომ უდაბნოდან გამოვიდნენ უფლის ბრძანებით, რათა იწინასწარმეტყველონ მომავალზე და უსირცხვილოდ, ფულისა და მოსახვეჭელის გამო, მარტივ ადამიანებს მომავალ სიკეთეს აღუთქვამდნენ. მაშ ასე, სწორედ ამდაგვართა გამო განსაზღვრა კრებამ, რათა მათ შეეჭრათ თავიანთი თმა და წასულიყვნენ მონასტრებში, რათა ეცხოვრათ მონაზვნური ცხოვრებით. ხოლო, თუ ამას არ ისურვებდნენ, მაშინ გაძევებულ უნდა ყოფილიყვნენ ქალაქიდან, რათა ეცხოვრათ უდაბნოში იმ მოწოდებისდა თანახმად, რომელიც აურჩევიათ არა ჭეშმარიტი სურვილით, არამედ შეცდომითა და უგუნურებით..."
 
მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ მაცთური ყოველთვის არ ნიშნავს ერისკაც-"აფერისტს". მაცთური შეიძლება აღმოჩნდეს მონაზონიც, რომელიც იქადაგებს მწვალებლობას. განმარტებიდან ჩანს, რომ მეუდაბნოედ წოდებულთაგან ზოგიერთი სწორედ ასეც იქცეოდა და "ქადაგებდა დემონურ სწავლებებს", სხვები კი ამბობდნენ, რომ "მოვიდნენ უდაბნოდან ღმრთის განგებით, რათა ეწინასწარმეტყველათ მომავალი"  და ფულისა და მოსახვეჭელის გამო, შეცდომაში შეჰყავდათ გონებით მარტივნი და მათ "მომავალ სიკეთეს აღუთქვამდნენ" (ბალსამონი).
 
არ ვიცი რა მიზეზით დარჩა მხედველობის მიღმა ის, რომ განწესებაც და კომენტატორებიც ლაპარაკობენ სწორედ მეუდაბნოეებზე, რომლებიც თავიანთი საქციელით შეაგინებდნენ "თავიანთ აღთქმას".
 
მოცემულ განწესებაში "აფერისტებზეც" რომ იყოს ლაპარაკი, მაინც ასეთი გაგება არანაირად ეჭვქვეშ არ აყენებს ჩვენს მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ მონასტრებში მონაზვნები გრძელ თმებს არ ატარებდნენ. ხომ უბრძანა კრებამ ამ განწესებით ხსენებულ "აფერისტებს" "გაიკრიჭონ თავზე თმა და სხვა მონაზონთა სახე მიიღონ" (ზონარა, არისტინე, ბალსამონი).
 
სამივე კომენტატორთან ლაპარაკია სწორედ თმის გაკრეჭაზე, და არა მონაზვნურ აღკვეცაზე. ამ მაცთურებს ("აფერისტებს") ან უნდა გაეკრიჭათ თმები, წასულიყვნენ მონასტერში და დანარჩენ მონაზონთა იერსახე და ცხოვრების წესი მიეღოთ ან უნდა წასულიყვნენ უდაბნოში და ეცხოვრათ იმ ცხოვრებით, რომელიც იმთავითვე აირჩიეს (VI. 42. არისტინე, ზონარა, ბალსამონი).
 
მაშ ასე, ვფიქრობ გავარკვიეთ თუ რა არის ნათქვამი VI მსოფლიო კრების 42-ე კანონში. ახლა გადავიდეთ ამავე კრების 21-ე კანონზე.
 
VI-ე მსოფლიო კრების 21-ე კანონი ბრძანებს: "სამღვდელო პირი, რომელიც დანაშაულის გამო დაისჯება სამარადისო განკვეთით და ერისკაცთა რიგებში მოხვდება, თუ თავისი ნებით ინანებს ამ დანაშაულს და თავს აარიდებს იმ ცოდვას, რომლის გამოც დაკარგა მღვდლობა, უნდა იკრეჭდეს თმას ისე, როგორც სამღვდელონი იკვეცენ. ხოლო თუ არ ინანებს თავისი ნებით, უნდა გაიზარდოს თმა ერისკაცთა მსგავსად, ვინაიდან სოფელში ყოფნას უფრო პატივსა სცემს იგი, ვიდრე ზეციურ მოქალაქობას".
 
აქ პირდაპირ არის მითითებული, რომ სამღვდელო პირნი თმას იკვეცდნენ, რაც იქიდანაც ჩანს, რომ შემცოდე კლერიკოსს, თუ ის საკუთარი ნებით შეინანებს, უფლებას აძლევდნენ შეეკვეცა თმა "სამღვდელოთა მსგავსად".
 
არისტინეს განმარტებაში ვკითხულობთ: "პრესვიტერი, ან დიაკვანი, რომელიც დაემხობა თავისი პატივისგან, მაგრამ მონაწილეობას ღებულობს კათედრის პატივში (ანუ უფლებას აძლევენ მიიღოს წმ. ზიარება საკურთხეველში - არქიეპ. პ.), თმას სხვა კლერიკოსთა მსგავსად უნდა იკრეჭდეს" (იგივეს ვკითხულობთ ზონარასა და ბალსამონის განმარტებებში - არქიეპ. პ.).               
 
ეს განწესება თმის შეკვეცასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ დავას  არ იწვევდა, მაგრამ დაგვიწყეს მტკიცება, რომ, თმის შეკვეცის შემთხვევაში, თავზე აუცილებლად უნდა ამოკვეცილიყო ე. წ. გვირგვინი (ე. წ. ტონზურა (ლათ) ანუ პაპალიტრა (ბერძნ.)) და ჯიუტად დადგნენ ამ იდეაზე.
 
საქმისადმი ასეთი დამოკიდებულება არასწორად მიგვაჩნია. გვირგვინთან დაკავშირებით ჩვენთვის ცნობილია, რომ ის ჯერ დასავლეთის, შემდეგ კი აღმოსავლეთის ეკლესიაში მკვიდრდება VI-ე საუკუნიდან. სადღაც, XV-ე ან XVI-ე საუკუნიდან, ისიც თანდათანობით, შემოდის გრძელთმიანობა.
 
ადრე, სამღვდლო ხელდასხმის დროს, ხელდასასხმელ კანდიდატს ამოუკვეცავდნენ თავზე გვირგვინს წრის სახით, რაც იყო მინიშნება მაცხოვრის ეკლიან გვირგვინზე. ამოკვეცილი ნაწილი იფარებოდა პატარა ქუდით, რომელსაც ბერძნულად ეწოდა - სკუფია. ეს ჩვეულება, რომელსაც დასაბამი დასავლეთში მიეცა, გავრცელდა აღმოსავლეთშიც. რუსეთში გვირგვინის ამოკვეცის ჩვეულება შენარჩუნდა მე-17 საუკუნემდე (ზოგიერთის მტკიცებით მე-19 საუკუნემდეც), რომლის შემდეგაც უკვალოდ გაქრა. ეკლესიის განწესებებში არაფერია ნათქვამი გვირგვინის (ტონზურის, პაპალიტრის) აუცილებელი ტარების შესახებ, მაშინ როდესაც გრძელი თმების ტარება აკრძალულია მოციქულთა დროიდან.
 
ის, რომ ძველად (VI საუკუნიდან), ხელდასხმისას მღვდელს ამოუკვეცავდნენ გვირგვინს, - დამტკიცებული ფაქტია და ამაზე არავინ დავობს. საკითხი იმაშია, რამდენად აუცილებელია იგი? ჩვენ გვიმტკიცებენ, რომ ტონზურის, იგივე გვირგვინის ამოჭრა სავალდებულოა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მღვდელმსახური თმას შეიჭრის. ჩვენ კი, პირიქით, მივიჩნევთ, რომ გვირგვინის ამოკვეცა თმების შეჭრასთან არანაირ კავშირში არ არის და არც სავალდებულოა. ეს ჩვეულება გაქრა, ამიტომაც მისი აღდგენის რაიმე საჭიროება არ არსებობს (თუმც, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვეწინააღმდეგებით მის აღდგენას). გარდა ამისა, პაპალიტრა იმდენად დამახასიათებელია რომაელი პაპისტებისთვის, რომ მისი აღდგენის შემთხვევაში, შესაძლოა ჩვენ, ძველმორწმუნე ქრისტეანებმა, კიდევ ერთი საბაბი მივცეთ ჩვენს მტრებს სასაყვედუროდ.
 
ჩვენ ასევე გვაცნობეს, რომ ტონზურის ამოკვეცა, თითოსდა დაკანონებულ იქნა VI მსოფლიო საეკლესიო კრებაზე და, ამიტომაც, ამ ჩვეულების დაცვა სავალდებულოა. მაგრამ, ჩვენ შეგვიძლია რამოდენიმე საინტერესო გარემოებაზე მივუთითოთ.
 
ჯერ ერთი, VI მსოფლიო კრებას გვირგვინის ამოკვეცა არ დაუკანონებია (თუ ვინმე ამაში არ გვეთანხმება, მიგვითიოს განწესება, თანაც უნდა აგვიხსნას რის საფუძველზე გააუქმა მაშინ ეკლესიამ თავისივე კანონი და დაამკვიდრა გრძელი თმების ტარება, რომელსაც მოციქულები და წმიდა მამები ასე ეწინააღმდეგებიან).
 
მეორეც, გვირგვინის ამოკვეცის ჩვეულება მართლმადიდებლურ ეკლესიაში იმდენად მიივიწყეს, რომ ის უკვე თითქმის აღარავის ახსოვს. მეტიც, ჩვეულებაში დამკვიდრდა სასულიერო პირთა გრძელთმიანობა. მაშ, რატომ უნდა ამოვიკვეცოთ ახლა გვირგვინი, თუკი თვით ეკლესიას ამოუღია იგი თავისი პრაქტიკიდან? რატომ გვიყენებენ ვიეთნიმე ულტიმატუმად გვირგვინის ამოკვეცას, თუ ჩვენ მივიღებთ თმის შეჭრის გადაწყვეტილებას? ჩვენ ხომ არ ვითხოვთ გრძელი თმების უცილობელ შეკვეცას (იმ მიზეზით, რომ ეს ჩვეულება საკმაოდ მყარად არის დამკვიდრებული ეკლესიაში და მისი ნაჩქარევი ამოღება შესაძლოა გახდეს მძაფრი წინააღმდეგობის მიზეზი). ჩვენ გვსურს, რომ ეკლესიაში იყოს სამივე ჩვეულება. თმის შეჭრაც (გვირგვინის შეჭრის გარეშე, როგორც იყო ეს პირველ საუკუნეებში), გვირგვინის ამოჭრაც და გრძელი თმის ტარებაც (განდეგილ სასულიერო პირთათვის). მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგიერთი ამის კატეგორიული წინააღმდეგია (ამ საკითხში კი კატეგორიულობას არავის ვურჩევთ).
 
რაც შეეხება VI მსოფლიო კრებას, უნდა ითქვას, რომ არსებობენ განსაზღვრებანი (სხვათა შორის, სხვა მსოფლიო კრებებისაც), რომლებიც, მიუხედავად მათი სიმკაცრისა, ყოველთვის განუხრელად არ სრულდებოდნენ. მითუმეტეს, მათ არ ასრულებდნენ იმ სიმკაცრით, რა სიმკაცრითაც ითხოვს ზოგიერთი ამ დაუწერელი კანონის (ვგულისხმობ გვირგვინის ამოკვეცას) შესრულებას და ულტიმატუმადაც კი გვიყნებს (თუმცა არ ითხოვენ გვირგვინის ამოკვეცას იმ შემთხვევაში, თუ მღვდელმსახურნი არ შეიკრეჭენ თავიანთ თმას).
 
მაგალითად, VI მსოფლიო კრების მე-14 და მე-15 კანონები, ასევე IV მსოფლიო კრების მე-15 და კართაგენის მე-16 (22-ე) კანონები, განაწესებენ სამღვდლო ხარისხებში ხელდასასხმელ კანდიდატთა წლოვანებას. ამ განწესებების მიხედვით ხელდასასხმელი პრესვიტერი უნდა იყოს 30 წლის, დიაკვანი 25 წლის, დიაკონისა 40 წლის, ხოლო იპოდიაკვანი 20 წლის. VI მსოფლიო კრება პატივის აყრასაც კი განაწესებს იმისა, ვინც განსაზღვრულ ასაკამდე მიიღებს სამღვდლო ხელდასხმას. იგივეს ამბობს პრესვიტერის ხარისხში ხელდასასხმელი კანდიდატის წლოვანებაზე ნეოკესარიის მე-11 კანონი, რომელსაც ზედმიწევნით იმეორებს VI მსოფლიო კრების მე-14  განწესება (М. Властарь. Альфавитная Синтагма. Начало буквы Н. Гл. 2. о возрасте рукополагаемых. См. также в 5-й главе буквы Д).
 
 
აი, მეექვსე მსოფლიო კრების ხსენებული მე-14 და მე-15 განწესებანი:
 
განწესება 14: "ჩვენი წმინდა და ღმერთშემოსილი მამების კანონები მტკიცედ უნდა დავიცვათ იმის შესახებაც, რომ მღვდელი ხელდასხმულ უნდა იქნეს არა უადრეს ოცდაათი წლისა, თუნდაც ყოველმხრივ ღირსი კაცი იყოს, რადგანაც უფალმა იესუ ქრისტემ ოცდაათი წლისამ ნათელ-იღო და დაიწყო დამოძღვრა. ასევე დიაკვანი ნუ იქნება ხელდასხმული ოცდახუთ წელზე ადრე, ხოლო დედათდიაკვანი (დიაკონისა) -  ორმოც წელზე ადრე".
 
განწესება 15: "კერძოდიაკვანი ნუ იქნება ხელდასხმული ოც წელზე ადრე. თუ ვინმე სამღვდელოთაგანი ამ განსაზღვრულ დროზე ადრე იქნეს ხელდასხმული, სასულიერო პატივისგან განიკვეთოს" (სლავ.  "да будет извержен").
 
რას იტყვით ამაზე? განწესებები, რომლებიც მიღებულია ყველა დროისთვის და ითხოვენ მათ მკაცრ შესრულებას, ყოველთვის არ სრულდებოდა. ცნობილი ახალმოწესე კანონისტი ნიკოდიმოს მილაში ამის შესახებ წერს (მის განმარტებას აქ ვიმოწმებთ იმ თვალსაზრისით, რომ შეიცავს მრავალ საინტერესო ისტორიულ მოწმობას):
 
"მეექვსე მსოფლიო კრების ორივე ეს განწესება (მე-14 და მე-15), ლაპარაკობენ ერთი და იგივე საგანზე, ანუ ხელდასასხმელ კანდიდატთა ასაკზე. პირველ განწესებაში (მე-14) მეორდება და დასტურდება ნეოკესარიის კრების მე-11 განწესება, რომელიც ეხება პრესვიტერის ხარისხში ხელდასასხმელი კანდიდატის ასაკს. ტრულის (მეექვსე) მსოფლიო კრების ეს ორი კანონი განაწესებს ასაკს, დიაკვნისთვის, იპოდიაკვნისთვის და დიაკონისასთვისაც, თანაც დიაკვნისთვის ითხოვს 25 წელს, იპოდიაკვნისთვის 20, ხოლო დიაკონისასთვის 40; ხოლო ვინც ხელდასხმული იქნება ამ ასაკზე უადრეს, მამები იმუქრებიან მისი დამხობით სასულიერო პატივისგან.
 
ძველ აღთქმაში განწესებული იყო, რათა ლევიტელნი მსახურებას შედგომოდნენ 25 წლის ასაკიდან (რიცხვ. 4:3; 8:24 და 25); ეს იყო საზოგადო განწეება ყველასათვის ძველაღთქმისეულ ეკლესიაში. ქრისტეანულ ეკლესიაში კი, სხვადასხვა იერარქიული ხარისხისთვის, ასევე უნდა დაწესებულიყო შესაბამისი კანონიკური წლოვანება (canonica aetas), როდესაც ხელდასასხმელი კანდიდატები უნდა აეყვანათ ამა თუ იმ სასულიერო ხარისხში. მოციქულთა პერიოდისთვის ამ ასაკის დადგენა ძნელი იყო იმ ვითარებათა გამო, რომელშიაც იმყოფებოდა ეკლესია, თანაც ის ჯერ კიდევ ჩანასახის მდგომარეობაში იყო.
 
მსახურებაზე ჩვეულებისამებრ მიიღებოდნენ უფრო ხანში შესული ადამიანები; თუ ჩვენ ვხედავთ, რომ ტიმოთე ძალიან ახალგაზრდა ასაკში იქნა ხელდასხმული ეპისკოპოსად (1 ტიმ. 4:12), უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს იყო ცალკეული შემთხვევა, რომელიც ენება საღმრთო განგებას. დიაკონისებზე წმ. წერილი ამბობს, რომ ისინი უნდა იყვნენ 60 წლისა (1 ტიმ. 5:9); ეს კი აჩვენებს, რომ იმ დროს, საერთოდ, ღვთისმსახურებისთვის ვარგისად მხოლოდ ხანშიშესული ადამიანები მიაჩნდათ.
 
პირველ საუკუნეებში ამგვარი გადაწყვეტილება მიენდობოდა ეკლესიის წინამძღვრის გონიერებას და ის, თავისი შეხედულებისამებრ აწესებდა კანდიდატებს ამა თუ იმ სასულიერო ხარისხებში, ეკლესიის მოთხოვნილებისდა შესაბამისად; მხოლოდ საეკლესიო კანონმდებლობით იქნა დადგენილი მუდმივი ნორმები ამ სფეროში.
 
პირველი კანონიკური განწესება ამ საკითხზე მოიპოვება ნეოკესარიის მე-11 კანონში, რომლის თანახმადაც პრესვიტერად არ უნდა დაინიშნოს ის, ვისაც ჯერ კიდევ 30 წელი არ შესრულებია, თუნდაც ყოველმხრივ დადებითი და ღირსეული პიროვნება ყოფილიყო. ამ გადაწყვეტილების უმთავრეს საფუძვლად განწესება უთითებს ქრისტეს მაგალითს, რომელიც საქადაგებლად გამოვიდა 30 წლისა. ამ ასაკს, საერთოდ, მნიშვნელობა გააჩნდა ეპისკოპოსთან დაკავშირებითაც. მოციქულთა განწესებებში (II, 1) ნათქვამია, რომ საეპისკოპოსო კანდიდატი უნდა იყოს 50 წლისა, მაგრამ ამ ნორმას არ იცავდნენ და ეკლესიის ცხოვრების დასაწყისშივე 30 წელი ეპისკოპოსის ხელდასასხმელად, მისაღებ ასაკად მიიჩნეოდა. ამას მოწმობს მრავალი მაგალითი ეკლესიის ისტორიიდან. თუმცა ამ ნორმიდანაც იყო გადახვევა.
 
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველსა (IV ს.) და მის ძმაზე ათენოდორზე ისტორია გვამცნობს, რომ ორიგენესთან მეცნიერებათა 5 წლიანი შესწავლის შემდეგ, ისინი, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდები, ხელდასხმულ იქნენ ეპისკოპოსებად (Euseb., Hist. eccl. VI,30 [Migne, s.g., t.20, col.589).
 
სრულიად ახალგაზრდას დაასხეს ხელი ახოლიოსს, ანტიოქიელ ეპისკოპოსს (Ambros., Ep. 60. Migne, s.l., t.16, col.1183), პავლე ალექსანდრიელს  (Socrat., Hist. eccl. II,5. Mignе, s.g., t.67, col.192), ათანასე ალექსანდრიელს (Theodoret., Hist. eccl. I,26 [Migne, s.g., t.82, col.981) და მისი დროების სხვა მრავალ ეპისკოპოსს.
 
მათ ასაკზე ისტორია არ იძლევა ზუსტ ცნობებს, მაგრამ ქრონოლოგიური შედარებიდან, წმ. ათანასე დიდთან დაკავშირებით, მაგალითად, ცნობილი ხდება, რომ 326 წელს, როდესაც ის არჩეულ იქნა ალექსანდრიის არქიეპისკოპოსად მხოლოდ 30 წლისა იყო.
 
VI საუკუნეში ბერძნულ-რომაულმა კანონმდებლობამ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოსცა განკარგულება. ერთ-ერთ თავის ნოველაში იუსტინიანე განაწესებს, რომ არავინ უნდა იქნეს არჩეული ეპისკოპოსად თუ, უკიდურეს შემთხვევაში, 35 წლისა მაინც არ იქნება (Nov. CXXIII, c.1). თუმცა, სხვა ნოველაში საეპისკოპოსო კანდიდატისგან ითხოვენ 30 წელს (Nov. CXXXVII, c.2). საბოლოოდ ამაზე შეჩერდნენ; მაგრამ, მომდევნო საუკუნეების პრაქტიკა აჩვენებს, რომ 30 წლიანი ასაკი საკმაოდ ახალგაზრდულ ასაკად მიიჩნეოდა, რადგან ამ ასაკში იშვიათად თუ ასხამდნენ ხელს ვინმეს ეპისკოპოსად. ჩვეულებისამებრ, ეპისკოპოსებად ხელს ასხამდნენ უფრო მოწიფული ასაკის მქონეთ.
 
დიაკვნებისთვის ტრულის კრების მე-14 კანონი აწესებს 25 წლის ასაკს (ეს განწესებული იყო ჯერ კიდევ კართაგენის კრების მიერ 401 წელს). იპოდიაკვნისთვის კი 20 წლის ასაკს. ამავე ასაკს აწესებს იპოდიაკვნისთვის იმპერატორ ლეონ ფილოსოფოსის ორი ნოველა (Nov. XVI (Zаchаriae, Jus gr.-rom, III,88). Nov. LXXV (там же, р.172-173).
 
რაც შეეხება დიაკონისებს, ტრულის კრება იმეორებს მეოთხე მსოფლიო კრების მე-15 კანონს, რომლის მიხედვითაც დიაკონისად შეიძლება დაწესდეს დედაკაცი, რომელიც არის 40 წლისა. ამ კანონის განმარტებაში ბალსამონი ახსენებს წიგნისმკითხველებსაც და ბასილიკონზე დაყრდნობით (III, I, 28. რაც შეესაბამება იუსტინიანეს CXXIII-ე ნოველის მე-13 თავს), შენიშნავს, რომ წიგნისმკითხველად შესაძლებელია მხოლოდ იმის დაწესება, ვისაც 18 წელი შეუსრულდა (Аф. Синт., II,338).
 
ამ ნორმას არ მისდევდნენ VI მსოფლიო კრების შემდგომაც. მაგალითად, დეკანოზი ამბაკუმი, რომლის გრძელთმიანობას ამ ჩვეულების კანონიკურობად წარმოგვიჩენენ, დიაკვნის ხარისხში ხელდასხმულ იქნა 21 წლის ასაკში, მღვდლისა კი 25-საში. მეექვსე საეკლესიო კრების ზემოთხსენებული განწესებების თანახმად მისთვის დაუყოვნებლივ უნდა აეყარათ პატივი, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ეს არავის უქნია და არც ამბაკუმისთვის და არც მისი ხელდამსხმელებისთვის პატივი არავის აუყრია.]
 
დეკანოზ ამბაკუმის ხელდასხმა საჭირო ასაკამდე არ გახლავთ ცალკეული შემთხვევა, არამედ რუსეთის იმდროინდელ ეკლესიაში (და არა მხოლოდ) მეტად გავრცელებული პრაქტიკაა.
 
განვიხილოთ კიდევ რამოდენიმე განწესება:
 
მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრების მე-2 კანონში ვკითხულობთ: "რადგანაც ჩვენ ფსალმუნთა გალობებში აღვუთქვამთ ღმერთს: „სიმართლეთა შენთასა ვიწურთიდე და არა დავივიწყო მე სიტყუაჲ შენი“ (ფს. 118,16), ამიტომაც, ყველა ქრისტიანისათვის ამის დამარხვა მაცხოვნებელია, უფრო მეტად კი სამღვდელო პატივის მქონეთათვის, და ამის გამო განვაჩინებთ: ვინც ღირსი გახდა გამორჩეული ყოფილიყო აღსაყუანებლად ეპისკოპოსის ხარისხში, აუცილობლად უნდა იცოდეს ფსალმუნნი, და აგრეთვე მთელი თავისი საეკლესიო დასი უნდა განაწყოს მის შესასწავლად. ამიტომ გულმოდგინედ უნდა გამოიკვლიოს იგი მიტროპოლიტმა: აქვს თუ არა მას მონდომება და სწავლის უნარი, რომ არაზერელედ იკითხოს მან წმიდა წერილი, წმიდა სახარება და ეპისტოლები საღმრთო მოციქულებისა და ყველა საღმრთო წერილი; მოიქცეს ღმრთის მცნებათა თანახმად და განსწავლოს მასზედ რწმუნებული სამწყსო ერი, რამეთუ არსს, ჩვენი იერარქიისას, ღმრთივმოცემული სიტყვები შეადგენენ, ანუ ჭეშმარიტი მეცნიერჰყოფა საღმრთო წერილებისა, - როგორც ეს დიდმა დიონისემ გამოთქვა. თუ კანდიდატი მერყეობს და არ გულმოდგინეობს ასეთი ცხოვრებისა და შემეცნებისათვის, ხელდასხმული არ იქნეს, ვინაითგან წინასწარმეტყველურად წარმოთქვა ღმერთმა: "...განიშორე მეცნიერება, და მეცა განგიშორო შენ და არღარა მღდელობდე ჩემდამო..." (ოს. 4,6).
 
მაგრამ რომელი ჩვენთაგანი იქნა ასე ხელდასხმული? ბევრი იცით ისეთი, რომლებმაც ზედმიწევნით იციან ფსალმუნი და მისი წმინდამამებისეული განმარტებები? მე არ ვიცი. მართალია, დიდია სურვილი ჩვენში და ჩვენთან არსებულ ხელდასასხმელ კანდიდატთა შორისაც ისწავლონ ფსალმუნი, მაგრამ ხელდასხმის მომენტში ასეთი ცოდნა ჩვენ არ გვქონია. შესაძლოა თუ არა დღეს ეს განწესება აღმოჩნდეს დაბრკოლებად კლერიკოსთა ხელდასხმის საქმეში? თუ ჩვენ ვითარებათა გაუთვალისწინებლად, მექანიკურად მივუდგებით განწესებებს, ისე, როგორც აკეთებენ ამას ზოგიერთები შესაძლაო საერთოდ უმღვდლოდ და უეპისკოპოსოდაც დავრჩეთ.

ან რას იტყვით, ორგზისი კრების მე-2 განწესებაზე? ამ კანონის მიხედვით არავინ უნდა იქნეს აღკვეცილი ბერად, თუ მასთან ერთად არ იქნება ის, ვინაც მორჩილებაში უნდა აიყვანოს იგი და იზრუნოს მისი სულის ცხონებაზე. ანუ, იმდაგვარი, გამოცდილი ბერი, ან იღუმენი, რომელიც თვითონ გამოწრთობილია სათნობათა ქმნაში და შეუძლია სხვისი დამოძღვრა ბერ-მონაზვნურ მოსაგრეობაში. ხოლო, მათ, ვინც აღიკვეცებიან ბერად ავადმყოფობის ან იმისთვის, რათა მოიხვეჭონ პატივი და დიდება, რჩებიან სახლებში და სრულიადაც არ ზრუნავენ სულიერ მოღვაწეობაზე, განწესების მიხედვით მორჩილებად უნდა განაწესონ იმ მონასტრებში, რომელთაც ინებებს ეპისკოპოსი. ხოლო ის ადამიანი, ვინაც ასე დაუფიქრებლად და ნაჩქარევად აღკვეცა ამდაგვარი, უნდა დაემხოს პატივისგან, როგორც საღმრთო განწესებათა დამრღვევი და მონაზვნური კეთილსახოვნობის შეურაცხმყოფელი, რამეთუ ასეთი დაუფიქრებელი და ნაჩქარევი აღკვეცით შეიგინება მონაზვნური ცხოვრება და ჩნდება ღვთის გმობის საბაბი"  (М. Властарь. Синтагма. Начало буквы(М. а)ного ще несколько правил: ого возраста не единичный какой либо случай, а распространенная практика русской (и не только) «М», гл. 15).
 
გვყავდა კი ჩვენ, როდესაც აღვიკვეცეთ ბერად, ან გამოცდილი ვინმე მოღვაწე ან იღუმენი? ვის მორჩილებაში იყვნენ ეპისკოპოსები იონა და ფილარეტი, როდესაც ბერად აღიკვეცნენ? და თუ არავინ ყოფილა ისეთი, ვინც მორჩილებაში აგვიყვანდა (აღარაფერს ვამბობ იღუმენზე, რომელიც დე გვაღირსოს ღმერთმა უახლოეს მომავალში), ნუთუ ამის გამო არა ვართ კანონიერი მღვდელმთავრები? ხომ არ განვსაჯოთ (ნუმც იყოფინ!) ჩვენი ხელდამსხმელები, - დაწყებული ჩვენი ყოფილი ეპისკოპოსებიდან ვისგანაც მღვდლობა მიგვიღია, - იმისთვის, რომ არ ჰქონდათ ამ განწესების მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობები?
 
ამგვარი განწესებების დამოწმება მრავლად შეიძლება, მაგრამ დამოწმებულიც ცხადყოფს, რომ ყოველთვის შეუძლებელია ეკლესიისთვის, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, განწესებით დაყენებული პირობების აღსრულება და, თუკი ასეა და, თუკი ეკლესია, როგორც ძველად, ასევე ჩვენს დროში, ყოველთვის არ იცავდა მსოფლიო და ადგილობრივი კრებების მიერ მიღებულ პირობებს, რაღა პაპალიტრის დაცვა გახდა ესოდენ აუცილებელი? ის თუ არ ვნებს ჩვენს ხელდასხმებსა და ეკლესიას, რომ ვერ ვიცავთ განწესებებში გადმოცემულ ყველა დისციპლინარულ პირობას, ნუთუ პაპალიტრის უგულებელყოფა დაგვაზიანებს? მის გარეშე არ არის ცხოვნება შესაძლებელი? განა პაპალიტრაშია ჩაქსოვილი სულის ცხოვნება?
 
დაბოლოს, განა თანამედროვე მღვდელმსახურთა გრძელთმიანობა არ აჩვენებს, რომ პაპალიტრაც არ ყოფილა სავალდებულო ნორმა ეკლესიისთვის? ეკლესია, პაპალიტრის გარეშე სულის ცხოვნებას რომ არ იაზრებდეს, მაშინ განა ყოველთვის მკაცრად არ დაიცავდა მას და ამოიღებდა თავის ჩვეულებათაგან?
 
ან როგორ გავიგოთ ორგზისი კრების მე-2 კანონში მოცემული სიტყვები, რომ "ზოგიერთები მოჩვენებით შეუდგებიან მონაზონებრივ ცხოვრებას... მხოლოდ თმას იკრეჭენ, თავისსავე სახლებში იმყოფებიან და არც ერთ სამონაზვნო კანონსა და წესდებას არ ასრულებენ". რას ნიშნავს "მხოლოდ თმას იკრეჭენ", თუ არა იმას, რომ ბერ-მონაზონნი მონასტრებში გრძელ თმებს არ ატარებდნენ?! (შეად. VI მსოფ. კრ. 42-ე კანონს. ზემოთ).
 
მოკლედ, როგორც ხედავთ, ყველა განწესება როდი სრულდებოდა ყოველთვის ისეთი ზედმიწევნით ან სიმკაცრით, როგორც თვით განწესებებშია მოცემული. ამიტომაც, იგივეს ვამბობთ VI მსოფლიო კრების 21-ე კანონზეც, სადაც ნათქვამია კლერიკოსთა თმის შეკრეჭაზე (მოკლედ შეკრეჭა და ტონზურის, ანუ გვირგვინის ამოკვეთა). ასე დღეს არავისაა აქვს თმა შეკრეჭილი, მას არავინ იცავს და ამიტომაც, სრულიად გაუგებარია რატომ გვიყენებენ მას ულტიმატუმად. ჩვენ არ ვართ ვალდებულნი დავიცვათ ამგვარი ულტიმატუმები.
 
თუკი მივყვებით ჩვენი ზოგიერთი სულიერი ძმის მოთხოვნას, შეიძლება აღმოვჩნდეთ უფსკრულის პირას, საითაც მტერს აღარ გაუჭირდება ჩვენი გადაგდება. შეიგნეთ, საყვარელნო, ყველა კანონის ყოველთვის შესრულება როდია შესაძლებელია. არსებობს კანონთა, გადმოცემათა და ქრისტიანობის გარეგნობასთან დაკავშირებულ ნორმათა გარკვეული კატეგორია, რომელთა ყოველთვის და ყველა დროებაში შესრულება არა თუ შესაძლებელი, არამედ ეკლესიის მიერ რეკომენდირებულიც კი არ არის. აი ამისი მტკიცებულება:
 
ერთხელ პატრ. გენადის (სქოლარიუსს), სინას მთის ბერებმა ეკლესიის ჩვეულებათა შესახებ ჰკითხეს: "განუხრელად უნდა დავიცვათ თუარა ეკლესიის ყველა ჩვეულება?" პატრიარქმა უპასუხა: "გარწმუნებთ უფალში, რომ ვინც ჩვენს დროში მოითხოვს ეკლესიის ყველა ჩვეულებისა და განწესების მკაცრ აღსრულებას, როგორც ეს იყო ქრისტიანთა თავისუფლების პერიოდში, ის ქრისტიანობის მტერია და უღელს ადგამს უძლურთ; ხოლო ვინც მიუტევებს მცირედს, რათა შეინარჩუნოს მთლიანი, მას გააჩნია მოციქულებრივი სული" (В. Т. Зеленков.Выписки из святоотеческих и других книг, служащия к изучению различных сторон церковной жизни. Часть I, вторая половина. Стр. 38. § 513 Летопись церковных событий архимандрита Арсения, изд. С.-Пб. 1899 г., лето 1460, стр. 553. Ответы св. Геннадия патр. Схолария на запросы синайских монахов).
 
ამრიგად, რა ვუწოდოთ მას, ვინც მხოლოდ იმითაა დაკავებული, რომ ეძიებს - რომელი კანონი დადოს დაბრკოლების ქვად ეკლესიაში მისი განუხრელი აღსრულების მოთხოვნით? პატრიარქი გენადი ამგვართ ქრისტიანობის მტრებს უწოდებს! და ჩვენ სრულიად თანხმიერნი ვართ მისი!
 
 

* * *
 
ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ზოგიერთებისგან გვესმის დამატებითი არგუმენტები მღვდელმსახურთა გრძელთმიანობასთან დაკავშირებით. რატომღაც წმ. მოციქულ პავლეს სიტყვები, კორინთელთა მიმართ მისი პირველი ეპისტოლედან, დამაჯერებელი არ აღმოჩნდა. მხედველობაში არ იღებენ ან ედავებიან წმიდა მამათა თხზულებებს, თანაც იმის საფუძველზე, რომ, თურმე, ისინი გამოცემულია არა ძველმოწესეთა, არამედ ახალმოწესეთა მიერ.
 
გრძელი თმების ტარების მომხრეებს თავიანთ სასარგებლოდ ასევე მოჰყავთ მაგალითები ზოგიერთი წმიდა მამის ცხოვრებიდან, რომლებიც ან თვითონვე ატარებდნენ გრძელ თმებს, ან კიდევ ასეთები იყვნენ მათ მოწაფეებსა და მიმდევრებში.
 
ყველამ უნდა იცოდეს, რომ ზოგჯერ ცდებოდნენ ძველი მოსაგრეებიც და წმიდა მამებიც კი, რის გამო არ შეიძლება განსჯისა და გამოკვლევის გარეშე მივიღოთ ყველაფერი, რაც კი შეიძლება ამოვიკითხოთ ისტორიულ წიგნებსა და წმიდა მამათა ცხოვრებებში. თანაც ბევრი რამ სწორად უნდა გავიგოთ. ისეც ხდება, რომ მრავალს ჩვენს ქრისტიანს, სამწუხაროდ, არასწორად ესმის ასკეტური ცხოვრების ზოგიერთი მომენტი. ახლა მე არ შევჩერდები კონკრეტულ მაგალითებზე, რადგან ეს არ არის ჩვენი დავის საგანი, უბრალოდ მივუთითებ მხოლოდ ერთ საგანზე, თუ რატომ ცდებოდნენ ზოგჯერ თვით ღირსი და წმიდა მამებიც.
 
ერთხელ წმმ. ბარსონუფი დიდსა და იოანეს ჰკითხეს თუ რატომ ცდებოდნენ ზოგჯერ კერძო საკითხებში თვით წმიდა მამებიც და ეწინააღმდეგებოდნენ ერთურთს? მათ უპასუხეს:
 
"წმიდა მამები, როცა მოძღვრები გახდნენ, ან თავისთავად ან სხვა კაცთა მიერ ამისადმი იძულებულნი, ფრიად წარემატნენ, თავიანთ მასწავლებლებს აღემატნენ და, ზეგარდმო რომ დარწმუნდნენ, მათ გადმოსცეს ახალი სწავლება; მაგრამ, ამასთანავე, ისიც დაიცვეს, რაც თავიანთი უწინდელი მასწავლებლებისგან მიიღეს, ანუ არამართალი სწავლება.
 
რომ წარემატნენ, შემდგომში, და გახდნენ სულიერი მოძღვრები, მათ არ ულოციათ ღმრთისადმი, რომ მათთვის მას გამოეცხადებინა თავიანთი პირველი მასწავლებლების თაობაზე - იყო თუ არა სულიწმიდის მიერ შთაგონებული ის, რაც მასწავლებლებმა მათ გადმოსცეს, არამედ, როცა მათ შერაცხდნენ ბრძენ და გონიერ მამებად, ისინი არ იკვლევდნენ მათ სიტყვებს; და ამგვარად, თვიანთი მასწავლებლების აზრები შეერია თავიანთ საკუთარ სწავლებას, და ეს წმიდა მამები ამბობდნენ ხან იმას, რაც თავიანთი მასწავლებლებისგან ისწავლეს, ხან კი - იმას, რასაც კეთილგანმსჯელობით სწვდებოდნენ საკუთარი გონებით; ხოლო შემდგომში, ის და ეს სიტყვები მათ მიაწერეს; რომ სწავლობდნენ სხვებისგან და წარემატნენ და გახდნენ უკეთესები, წმიდა მამები სულიწმიდით ამბობდნენ იმასაც, რაც მათ თვიანთი უწინდელი მასწავლებლების მიერ გადაეცათ, არ იკვლევდნენ რა მათ სიტყვებს, მაშინ როდესაც უნდა გამოეკვლიათ ისინი, და ღვთისადმი ლოცვის მეშვეობით და იმ წმიდა მამებისადმი კითხვის მეშვეობით, რომლებიც სულიწმიდით იყვნენ განათლებულნი, დარწმუნებულიყვნენ, მართლები იყვნენ ისინი თუ არა. ამგვარად ერთმანეთში აირია სწავლებანი, და ყველაფერი, რასაც ეს წმიდა მამები ამბობდნენ. მათ სახელს მიეწერებოდა.
 
ასე რომ, როდესაც რომელიმე მათგანი ამბობს თავისი თავის შესახებ ჩვენ გასაგონად, რომ ის სულიწმიდისგან მოსმენილს გვაუწყებს, მაშინ ეს უეჭელია, და მას ჩვენც უნდა ვერწმუნოთ. ხოლო თუ წმიდა მამა ამბობს ზემოხსენებული აზრების შსახებ, მაშინ ვერ ნახავ, რომ ის თვის სიტყვას ამტკიცებდეს, თითქოს ზეგარდმო ჰქონდეს დარწმუნება, არამედ ის აზრები წარმოშვა თავისი უ წინდელი მასწავლებლის სწავლებამ, და თვითონ, როცა მის ცოდნას და სიბრძნეს ენდობოდა, არ ეკითხებოდა ღმერთს, ჭეშმარიტია თუ არა ეს" (ღირსი მამების ბარსანუფი დიდის და იოანეს სულიერი ცხოვრების სახელმძღვანელო. კითხვა-პასუხი 610. გამომც. გურჯაანის ყოვლადწმიდას მონასტერი. 2020 წ. გვ. 152).
 
 
გაგრძელება იქნება.
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому