სხვადასხვა - იმპერატრიცა ეკატერინე დიდის სიტყვა ძველმოწესეობის შესახებ - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
იმპერატრიცა ეკატერინე დიდის სიტყვა ძველმოწესეობის შესახებ

წარმოთქმული 1763 წლის 15 სექტემბერს სინოდისა და სენატის გაერთიანებულ კონფერენციაზე
ნიკონიანური რეფორმა
მაღალყოვლადუსამღვდელოესნო მღვდელმთავარნო და ბ-ნო სენატორებო!

რუსეთის იმპერიაში, რომელიც ჩვენს მმართველობას მიენდო ღმრთის განგებით, დიდი ხანია გრძელდება უთანხმოება და განხეთქილება მღვდელმთავართა და ხალხს შორის. მე, რამდენადაც შემეძლო, შევეცადე ჩავწვდომოდი უთანხმოების მიზეზს და, ვიმედოვნებ, სწორად გავიგე პრობლემის არსი. ცნობილია ის მაღალყოვლადუსამღვდელოესობათათვისაც, ხოლო თქვენ, ბატონო სენატორებო, ჩვენ აგიხსნით.

როგორც კი ზეცის შთაგონებით მშობლად აღვიქვი დიდი რუსი ერი და გავითავისე მისი ჭირ-ვარამი, სულის სიღრმემდე შემძრა იმ განხეთქილებამ, რომელიც არსებობს რუს ხალხსა და მის მღვდელმთავრებს შორის. ამ დღიდან გულში ჩავიდე - მივმართო ყოველ ღონეს ამ ჭრილობის განსაკურნებლად, როემლიც ღრღნის და ჭამს სახელმწიფოს ორგანიზმს.

თითოეულ მღვდელმთავარსა და სწავლულს ვეკითხებოდი: რის გამო და როგორ აღმოცენდა ეს მტრობა ამ ორ მხარეს შორის, რომელიც ამდენი ხანია გრძელდება? ყველასგან მესმოდა ასეთი პასუხი: რადგან რუსული ეკლესიას არ ჰქონდა საკმარისად მჭიდრო ურთიერთობა აღმოსავლელ პატრიარქებთან, მან, რამოდენიმე საუკუნის განმავლობაში, ნელ-ნელა, დაჰკარგა წეს-ჩვეულებათა სიწმინდე; თანაც ჩვენს დაცემას თვითონ კი არ მივხვდით, არამედ ბერძენმა და კიეველმა მამებმა მიგვახვედრეს, რომლებმაც 1649 წლიდან უხშირეს სტუმრობას მოსკოვში. პირველი იმ ცთომილებათაგან, რომელზეც ისინი "საყვედურებითა" და განკითხვებით უთითებდნენ, იყო ორი თითით პირჯვრისწერის წესი.

ვეცნობოდი რა ამ ჩვენს ვითომცდა "დაცემას" გავიგე, რომ ბერძენ და კიეველ მამებს აღმოუჩენიათ კიდევ რამოდენიმე საწესჩვეულებო განსხვავება როგორიცაა, მაგალითად, სიტყვა "ჭეშმარიტის" დამატება "უფლის" შემდეგ სარწმუნოების სიმბოლოში (იგულისხმება "მრწამსის" მე - 8 წევრი: "და სული წმინდა უფალი ჭეშმარიტი და ცხოველმყოფელი…" - მთარგმნ.); თურმე "Иисус" - ის ნაცვლად, ვამბობდით "Исус" - ს, სამჯერადი ალილუიას ნაცვლად ორჯერადს, მზის მიმართულების საწინააღმდეგო მოძრაობის ნაცვლად ვმოძრაობდით მისი მიმართულების თანხვედრილად; ლიტურგიას ხუთის ნაცვლად შვიდი სეფისკვერით ვატარებდით, ხოლო პროსფორებს მრგვალი ბეჭდით აღვბეჭდავდით და არა კვადრატულით; იესუს ლოცვაში ("უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი" - მთარგმნ.) ვამბობდით "ძეო ღმრთისაო"- ს და არა "ღმერთო ჩვენოს".

ბატონო სენატორებო! თქვენ ეხლა ეცნობით დიდ გასაჭირს, ჩვენი ეკლესიის აღმაშფოთებელ "დანაშაულს" აღმოსავლელ პატრიარქთა წინაშე, რომელიც გახდა განხეთქილების მიზეზი. რაც შეგვეხება ჩვენ, გაგვახსენდა გულივერის მოგზაურობა, რომელიც მისი გემის დაღუპვის შემდეგ აღმოჩნდა ლილიპუტების ქვეყანაში, სადაც ცხოვრობდნენ 3 ან 4 გოჯის სიდიდე ადამიანები. "ამ ქვეყნის ხალხი, - ყვება გულივერი, - მთელი საუკუნე იტანჯებოდა სასტიკი სასჯელებითა და სიკვდილით მხოლოდ იმიტომ, რომ არ ასრულებდა უმაღლესი ხელისუფლების ბრძანებას უცილობლივ მახვილი კუთხიდან გაეტეხათ კვერცხი; ვინც კვერცხს გატეხავდა ბლაგვი კუთხიდან, სარზე აცვამდნენ ან ცოცხლად წვავდნენ".

მაშ, ბატონო სენატორებო, ბერძენი და კიეველი მამების მთელი ეს პრეტენზიები ჩვენს წეს-ჩვეულებებთან დაკავშირებით ხომ არ ჰგავს ლილიპუტების დავას და უთანხმოებას ურთიერთშორის თუ რომელი მხრიდან გაეტეხათ კვერცხი? ხომ არ არის ეს ყოველივე ამაოება, ამპარტავნება და ბერძენი და კიეველი მამების მიდრეკილება იყონ რუსების მასწავლებლები და ჩვენი ეკლესიის ყურის ამწევები? განა უგუნურება არ არის გაძარცვო ჩვენი ხალხი და მეფეები იმისათვის, რომ ვითომცდა აქ მეცნიერების ნერგავდი და მაცხოვნებელ სწავლებას ქადაგებდი?! ერთი სიტყვით - მათი სურვილი იყო წარმოეჩინათ თავიანთი უპირატესობა ჩვენ წინაშე და ჩაებეჭდათ ჩვენს ცნობიერებაში თუ რამდენად საჭირონი არიან ჩვენთვის.

ამიტომაც, ბატონო სენატორებო, ჩემი აზრით, უნდა გაეყარა მოსკოვიდან ეს ბერძენი მამები მეფე ალექსი მიხეილის ძეს და რუსეთში შემოსვლაც კი აეკრძალა მათთვის, რათა არ ჰქონოდათ მათ აქ მშფოთვარებისა და არეულობის ორგანიზების შესაძლებლობა, ხოლო კიეველი მამები დაეპატიმრებინა და მონასტრებში განემწესებინა მორჩილებად. ვერ დავუშვებ, რომ კაცობრიობა და საერთოდ, ქრისტეანობა, თავის ყველაზე ცნობილ წარმომადგენელთა სახით დაუშვებდა მის ასეთ სამარცხვინო დამცირებას.

ჩვენ მოვითხოვეთ 1667 წლის საეკლესიო კრების ნამდვილი საქმენი - წარმოგვიდგინეს 13 მაისის კრების აქტი რომლითაც, დააგვირგვინა ამ კრებამ, როგორც აგვიხსნეს, ძველი წეს-ჩვეულებების 1649 წლიდან მოყოლებული ყველა ადრინდელი გმობა, აკრძალვა და წყევლა-კრულვანი. როდესაც ვკითხულობდით ამ აქტს, წავაწყდით ერთ ახალ თავისებურებას, რომლის შესახებაც მამებს ჩვენთან კრინტიც არ დაუძრავთ. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ კრების მამებმა, წყევლა-კრულვითა და აკრძალვებით აიკლეს ყველა, ვინც იესუს ლოცვაში "ღმერთო ჩვენოს" ნაცვლად "ძეო ღვთისაო" - ს იტყვის. იმედია გესმით ამ წყევლა-კრულვის მთელი უაზრობა. მაგრამ ეს კიდევ არაფერი, აი კიდევ რა ვიპოვეთ ამ აქტში: მამებმა წყევლა-კრულვით "ძეო ღვთისაოს" წარმოთქმას კრძალავენ მხოლოდ ტაძარში, ანუ კერძო და საზოგადო ღვთისმსახურებაზე, დანარჩენ შემთხვევაში კი ყველას აძლევენ უფლებას თქვან იესუს ლოცვაში "ძეო ღვთისაო". გამოდის, რომ ამ შემთხვევებში "ძეო ღვთისაო" ღვთისთვისაც სათნო ყოფილა და მაცხოვნებელიც. არ გაცბუნებთ ბატონებო, ეს მომენტი, ეს აქტი, ეს მაისი, ეს 13 რიცხვი? მე მაცბუნებს!

ამ კრების მამები ჩემს თვალში არიან ურჩხულები, მხეცები, ჯოჯოხეთის ნარწყევნი, რომელთაც ქრისტეანული რწმენის შეურაცხყოფა დაუსახავთ მიზნათ კაცობრიობის საცთუნებლად!

შემდეგ, ბატონო სენატორებო, გამოვკითხეთ მაღალყოვლადუსამღვდელოესი მწყემსმთავრებიც. მათ ვკითხეთ: არის თუ არა ქრისტეანობის საწინააღმდეგო 13 მაისის აქტში დაგმობილი წეს-ჩვეულებები და რატომ იცავენ ასე გამწარებით ამ წყევლა-კრულვებს, თანაც ისეთი აზარტით, რომ 1722 წლის 15 მაისის დადგენილებით გადაწყვიტეს მოეკვეთათ ზიარებიდან და ეკლესიიდან ყოველი, ვინც კი პირჯვარს დაიწერდა ორი თითით? ამასო, გვიპასუხეს, 1667 წლის წმინდა კრებისადმი მორჩილებით ვაკეთებთო, რომელმაც ორი თითით პირჯვრისმაწერლებს დაადო ეს კრულვები. ასე, რომ სამყარო უფრო ადრე დაიქცევა და მოისპობაო, ვიდრე დაირღვევიანო ეს კრულვანი, რომლებიც ძალაში იქნებიანო უკუნითი უკუნისამდე.

დიახ, ბატონებო, მე უკვე ვთქვი, რომ წავიკითხე ეს საბედისწერო აქტი და ვადასტურებ, რომ მამები სწორად იმოწმებენ მას. მაგრამ რამდენად სწორია თვით ეს კრულვანი და რამდენად გონივრულნი არიან აკრძალვანი? უსამართლო წყევლა განა არ უბრუნდება თვით მაწყევარს? ყველა ეს წყევლა-კრულვა კოღოს ნაკბენზე უმეტესი არ არის: კოღო გიკბენს მაინც, მაგრამ რას გავნებს უგუნური წყევლა? ბაზრის მოვაჭრეთა ურთიერთლანძღვასავითაა, და ძაღლების ყეფასავით ეს წყევლა-კრულვანი!

დიახ, ბატონო სენატორებო, დიახ, მაღალყოვლადუსამღვდელოესნო მამანო! მართლმადიდებლურ ეკლესიაში თუ არის სამართლიანი წყევლა, ღირსია 13 მაისის აქტსა და მის შემდგენელთ მიუვიდეს იგი…

დიახ, დიახ, მაღალყოვლადუსამღვდლოესნო მამანო, ამ თქვენს აქტში საკუთარი წყევლის ვითომ სამართლიანობისა და დაურღვევლობის ნიშნად კიდევ წერია, რომ: "ვინც მოკვდესო თავის სიჯიუტეში (ანუ ვინც არ მიატოვოსო ძველი გადმოცემები, რომელიც კრებამ დასწყევლა - მთარგმნ.), სიკვდილის შემდეგაც ნუ ეღირსოს მიტევება და იყოს მისი სული ჯოჯოხეთში იუდას, არიოზისა და სხვა ურჯულო მწვალებლების გვერდით. ქვა და ხე დაირღვეს და დაიშალოს, ის კი დარჩეს საუკუნოდ მიუტევებელი და გაუხსნელი. ამინ!"

ეს კი, ბატონებო, ნიშნავს, რომ 13 მაისის მამებისადმი დაუმორჩილებელ გარდაცვლილთა სხეულები მეორედ მოსვლამდე უნდა იყონ განუხრწნელნი, რომ მათ, როგორც იტყვიან მიწაც კი არ მიიღებს. ამას კრების მამები გვპირდებიან დიდი ღმერთის სახელით. სწორად გავიგეთ მაღალყოვლადუსამღვდელოესნო მამანო 13 მაისის თქვენი აქტი? (დუმილი). რატომ არ გისმინათ ღმერთმა და არც დღეს გისმენთ, რატომ დღემდე არ გვინახავს ამგვარი საშინელი ნიში? ბატონებო, თუ გსმენიათ სადმე, ან ოდესმე რომელიმე ძველმოწესე არ მიეღოს მიწას?

ღირნო მამანო! გვაჩვენეთ ასეთი სასწაული, გვაჩვენეთ ასეთი გვამები, თუნდაც ერთი მიცვალებული გვიჩვენეთ, თუ არადა უკან წაიღეთ თქვენი წყევლანი და აკრძალვანი.

წყევლით და კრძალავთ! - მაგრამ რას? არა მხოლოდ უბრალო და პატიოსან საგნებს, ღვთისთვის სათნოთა და მაცხოვნებელთ, არამედ უფრო გააზრებულთა და მოფიქრებულთ, ვიდერე მითითებულია ეს კრების მიერ. ხორციელი სასჯელები და სიკვდილით დასჯები, როზგები და მათრახებ, გაჯორვები, ენების ამოკვეთა, სარზე წამოცმა, ნაჯახები, სახრჩობელები, კოცონები, აჩეხვები - და ეს ყველაფერი ვის წინააღმდეგ? იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვისაც მხოლოდ ერთი, მამათა სარწმუნოებისა და გადმოცემებისადმი ერთგულება სურთ! მაღალყოვლადუსამღვდელოესო მამებო! რატომ უნდა გავმხეცდეთ და გავსატანდეთ ასე? მაინტერესებს, თქვენ, ადამიანობის, სინდის-ნამუსის, გონიერებისა და ღვთისა და კაცისადმი შიშის ნატამალი მაინც თუ გაგაჩნიათ? ეს თქვენ ხართ ეპისკოპოსები? ეს ქრისტეანები არიან ასე რომ გამხეცებულან და გასატანებულან? ადამიანები არიან თუ მხეცები ჩემს თვალწინ ქრისტეს სამწყსოს დასაგლეჯად რომ მიისწრაფვიან და ჩვენდამი მონდობილი დედა ეკლესიის საფუძვლების შერყევას რომ ცდილობენ?!

ჩვენს შემდგომ შეკითხვაზე: აქვს თუ არა უფლება და არის თუ არა მოვალე სინოდი და მღვდელმთავრობა გაასწოროს თავის წინამორბედთა შეცდომები, დაახლოებით ასე გვიპასუხეს: კრება ეკლესიის ხმა, ან თვით ეკლესია არისო, ეკლესია კი უცთომელიაო. როცა ხალხი გაიგებს, რომ 1667 წლის კრებამ შესცოდა, მას შეერყევაო რწმენა თავისი ეკლესიისადმი.

სრულიად ნათელია, ბატონო სენატორებო, რომ მაღალყოვლადუსამღვდელოესი მამები გვითითებენ არა ჭეშმარიტ ეკლესიაზე, არამედ ყალბსა და ცრუზე. არა იმ ეკლესიაზე, რომელიც თავის ჭეშმარიტებას ქრისტესა და მოციქულთა სწავლებასთან შეთანხმებით წარმოაჩენს, არამედ იმ ეკლესიაზე, რომელიც კრების ძალმოსილებისადმი ბრმა რწმენის საფუძველზე ცდილობს თავისი უგუნურების გამართლებას და მის განსაზღვრებების ჭეშმარიტებასა და ღირსებაში დაეჭვების უფლებას არავის აძლევს. პირდაპირ და ცხადად ვიტყვი: არა იმ ეკლესიაზე, რომელსაც უფლება აქვს გაასწოროს თავის წინამორბედთა შეცდომები, არამედ იმაზე, რომლის მღვდელმთავრები არა თუ არავის აძლევენ უფლებას ამხილონ მათი შეცდომები, არამედ აიძულებენ კიდევაც ირწმუნონ ეს შეცდომები, როგორც ღმრთის ნაკარნახევნი. მაგრამ არც საყდარი, არც სახელმწფო შეუძლებელია იყოს მყარი, თუკი ის დგას ტყუილსა და სიცრუეზე.

ბ-ნო სენატორებო, მაღალყოვლადუსამღვდელოესნო მამებო! მე, ღმრთის შეწევნით, ყოველ სიტყვაზე უარვყოფდი და ვარცხვენდი მათ. მიუხედავად ამისა, ყველა ჩვენს წინადადებას გაესწორებინათ ძველი ცთომილებანი, - კატეგორიულ უარყოფდნენ. აი, ბ-ნო მმართველო სენატო, წმ. სინოდთან ერთად დღევანდელი ჩვენი კონფერენციის მიზანი.

დღეს, თქვენი დახმარებით, ვიმედოვნებთ დავძლიოთ მათი სიჯიუტე, თქვენ კი, ბ-ნო სენატორებო, მოწმენი იქნებით მამულის წინაშე, რომ ღონისძიებები, რომელსაც ჩვენ მოსალოდნელ სიჯიუტესთან დაკავშირებით შეიძლება მივმართოთ, გამოწვეული იქნება მათ მაღალყოვლადუსამღვდელოესობათა გაჯიუტებით. მივმართავ წმ. სინოდს და მასთან ერთად 1722 წლის 15 მაისის თქვენს განსაზღვრებას. გეკითხებით: განა სიბრძნეზე, განათლებულობაზე და სულიერი სამწყსოს მწყემსობაზე მოწმობს ეს აქტი?

მიკვირს თქვენი სიბრმავე: ხალხი აწყდება ეკლესიას და, რა თქმა უნდა, პირჯვარს იწერს თავისი სულიერი მამების მიერ გადმოცემული ორი თითით, მღვდელმთავრები კი როგორც ბოროტმოქმედებს ხვდებიან მათ და იკლებენ წყევლა -კრულვითა და ათასგვარი შემაძრწუნებელი სატანჯველებითა და სასჯელებით. მაშ, ვინ არის თქვენს შორის "რასკოლნიკი" და ბოროტმოქმედი? იქნებ ახლა მაინც ჩამოვრეცხოთ ეს ლაქა, სიბინძურე და სირცხვილი ჩვენს საიმპერატორო პორფირს, სამამულო ეკლესიას, მის წმინდა იერარქიას და ბოლოს, თქვენს სახელსაც, ძვირფასო და მაღალყოვლადუსამღვდელოესო მამებო? თუმცა ვიცი, კი ამ ლაქის ჩამოშორებაზე გაფიქრებაზეც კი გაჟრჟოლებთ და შიშისა და მრისხანებისგან თრთით! არ ვეხები თქვენს არც აკრძალვებს, არც წყევლა-კრულვებს: თქვენს თავზე მოწეულიყოს ის და მიგეღოთ იქ, სადაც ღირსეულად არიგებენ. მიპასუხეთ, მაღალყოვლადუსამღვდელოესნო მამებო, ხართ თუ არა თანახმანი დაუთმოთ მართლმადიდებელ რუს ხალხს, დაგვითმოთ მხოლოდ ჩვენთვის ძვირფასი ორი თითით პირჯვრისწერის წესი? ხართ თუ არა თანახმა შეცვალოთ 15 მაისის თქვენი აქტი, მისი საწინააღმდეგო დადგენილებით?

- თვითმპყრობელო იმპერატრიცავ, მამულის დიდო დედავ! - ერთხმად შესძახეს სინოდის წევრებმა.

- წმინდა ეკლესია უცთომელია, კრება კი ხმაა მისი. დიდმა და წმინდა კრებამ წყევლა-კრულვით აკრძალა ორი თითით პირჯვრისწერა, ეს კრულვა გამოთქვა თვით ეკლესიამ; გვწამს ქრისტესი, გვწამს მისი ეკლესიისაც. შენს ძალაუფლებას, დიდო იმპერატრიცავ, უპყრია ჩვენი სიცოცხლე, მაგრამ ეს სიცოცხლე ქრისტე და მისი ეკლესიიაა, რომლისთვისაც მზად ვართ მოვკვდეთ. ორი თითით პირჯვრისწერის ამოძირკვა ჩვენი სიცოცხლისა და ჩვენი მღვდელმთავრობის ამოცანაა. ამიტომაც, გააკეთე რაც გსურს, ოღონდ უჩვენოდ.

- გესმით, ბ-ნო სენატორებო? - აგრძელებს ბრძენი ეკატერინე. - გესმით, როგორ ლანძღავენ მღვდელმთავრები ქრისტს და მის ეკლესიას, როგორ სვრიან ლაფით და პირდაპირ პირისახეში ესვრიან, როდესაც ქრისტეს ეკლესიას უწოდებენ თავიანთი ფანატიზმისა და ურჯუკობის ნარწყევს? ვიცი, მაღალყოვლადუსამღვდელოესო მამებო, რომ წმინდა ეკლესია უცთომელი, ხოლო კრებები მისი სიტყვა რომ არის. მაგრამ ხომ არ შეიძლება წმინდა იყონ ყაჩაღთა კრებებიც? არადა, ასეთია თავისი შინაარსითა და შედეგებით 1667 წლის კრებაც. მე განა ვასამართლებ მას, კრებათა გასამართლების უფლება ეკუთვნის ეკლესიასა და მის კრებებს. ამიტომაც, 1667 წლის კრება დე იყოს წმინდა ყველა დანარჩენში, მაგრამ რაც შეეხება 13 მაისის მის აქტს, ბ-ნო სენატორებო, ეს სხვა არაფერია თუ არა უმეცრების, ამპარტავნების, ღვარძლის, ბოროტების, ძალადობისა და ურჯუკობის ამონთხევა! თვით წმინდა სინოდმა, აქ, თქვენი თანდასწრებით, აღიარა, რომ 1722 წლის 15 მაისის აქტი 1667 წლის 13 მაისის აქტის სისხლხორცეული პირმშოა, რა ღირსება გააჩნია თითოეულ მათგანს თქვენ კარგად მოგეხსენებათ. კი, ბატონო, სინოდის წევრებისთვის, ყველა რუსი და ბერძენი მღვდელმთავრისთვის დიდი და წმინდა იყოს ეს კრება (იგულისხმება 1667 წლის კრება - მთარგმნ.). მაგრამ, რა საქმე მაქვს მე, რუსი ხალხის იმპერატრიცას, კრების სიდიადესთან და სიწმიდესთან, თუკი მისი დადგენილებები უგუნურია? განა ისტორია და შთამომავლობა პასუხს არ მოგვთხოვს ყოველივე ამისთვის? სად დავემალებით ჩვენს სინდისს, თუკი მას წინ დავუყენებთ, ერთის მხრივ კრებით დადგენილებათა და წყევლა-კრულვათა უსამართლობასა და უგუნურებას, მეორეს მხრივ კი - ამ დადგენილებებისადმი პროტესტის სამართლიანობასა და უდიდეს ენერგიას?

"დიდი და წმინდა" კრების აქტი თავისი წყევლა-კრულვებით, ათასგვარი მუქარებითა და სასჯელებით, მავალდებულებს მაინცა და მაინც პირჯვარი გადავიწერო სამი თითით. მაგრამ რა ვქნა თუკი პირჯვრის გადასაწერად თითების ძველებური წესი, ორი თითის აღმართვით, ჩემთვის ძვირფასმა დედა ეკლესიამ მასწავლა და თანაც განმიმარტა, რომ ეს არის ძველ მამათა გადმოცემა და თუკი დავიცავ მას, პატივს მივაგებ მათ ხსოვნას და გამოვიჩენ ეკლესიისადმი მოწიწებას, რითაც გარდამოვა ჩემზე ზეცის კურთხევა?

განა შემთხვევით გვამცნო ღმერთმა ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში: "პატივი ეც დედასა შენსა და მამასა შენსა". მაგრამ ვცეთ პატივი მამას და დედას, თუკი ვაფურთხებთ ბებიასა და ბაბუას (პაპას), ყველა ახლო თუ შორეულ წინაპარს, თუკი მათი სწავლება არაფრით ჩამოცილებია ეკლესიის სწავლებას. როდესაც ამას ვამბობ, შევდივარ თითოეული მოქალაქის, ქალისშვილისა და დედის გრძნობაში. ახლა გეტყვით როგორც იმპერატრიცა. სახელმწიფოს საძირკველი არის ოჯახი, ოჯახის სიმტკიცე, ეფუძნება მშობლებისადმი ერთგულება, თავის მხრივ, მთელი ოჯახისა და სახელმწიფოს სიმტკიცე წინაპართა ხსოვნის პატივისცემას. მივცემთ კი ვინმეს უფლებას დაარღვიოს ეს უმნიშვნელოვანესი საფუძველი სახელმწიფოებრიობისა, და ლაფში ამოვასვრევინოთ და ცეცხლოვანი ისრები დავაშენინოთ წინაპართა მართლმადიდებლური რწმენისა და ჩვეულებებისადმი?

მაღალყოვლადუსამღვდელოესნო მამებო და ბ-ნო სენატორებო, აი ჩემი ორი თითი! აი ჩვენი აღსარება ჯვარცმულისა! აი, მე ყველა თქვენთაგანის თვალწინ პირჯვარს ვიწერ ორი თითით, მტკიცედ და შეურყევლად, როგორც იწერდნენ პირჯვარს ჩვენი მამები და წინაპრები, როგორც იწერს ახლა პირჯვარს სახალხო პროტესტი. ნახეთ? გაბედავს კი წმინდა სინოდი, რომ მე ვარ ერეტიკოსი, რომ მე ვარ "რასკოლნიკი", რომ მე გავხლიჩე ქრისტეს ეკლესია? დიახ, მე ვეწინააღმდეგები და მძულს, ოღონდ ქრისტე და მისი ეკლესია კი არა, არამედ თქვენი უგუნურება, წმინდა სინოდო და მღვდელმთავრებო, თქვენი 13 მაისის დადგენილებითურთ, რომელიც წყევლის ღირსია.

მე თვითონ ვაღიარებ ჯვარცმულს, მაგრამ მეზიზღება თქვენი კრებითი და სინოდალური ბოდვები, თუმცა ამით განა განვიკითხავ მართლმადიდებელ რუს ხალხს, განა განვიკითხავ ძველმოწესეობას, სახალხო პროტესტს, რომელსაც თქვენ "რასკოლი" შეარქვით?!

ძვირფასო მმართველო სინოდო! აი, მეორჯერაც გადავიწერ პირჯვარს და ღმერთკაცისადმი რწმენის ამ ნიშნით, ჯვარცმულისადმი სიყვარულის ამ სიმბოლოთი, გიმოწმებთ გულთამხილველი ღმრთის წინაშე, რომ არ დავუშვებ, რათა იმპერიაში, რომელიც მოგვენდო უზენაესის განგებულებით, გაგრძელდეს ეს უმეცრება, რომ ჩვენი მეფობის პერიოდში ისტორია დანაგვიანდეს მათი მაღალყოვლადუსამღვდელოესთა უმსგავსო საქციელით.

აჰა, მესამეჯერ ვიწერ პირჯვარს, და მესამედ ვმოწმობ, რომ ეს ჩვენი განზრახვა აღსრულებული იქნება, რომ დღესვე, არა უგვიანეს ამ სხდომისა, რუსი მართლმადიდებელი ხალხი მიიღებს სრულ თავისუფლებას ჯვრისა და წესისა. კიდევ ერთხელ მოგმართავთ, წმიდა სინოდის წევრებო, დაგვითმეთ, დაუთმეთ კეთილ, ჩვენს ერთგულ რუს ხალხს მისი მშობლიური, სამამულო და ძვირფასი ორი თითით პირჯვრისწერის წესი.

- ყოვლადმოწყალეო დედოფალო! - პასუხობს სინოდი. - დიდი გულისყურით მოვისმინეთ შენი აღმსარებლობა, მორჩილად მივიღეთ შენი მხილება და ჩვენი სინდისის სიღრმეში ურყევად ვაღიარებთ ორი თითით პირჯვრისწერის ჭეშმარიტებას. მაგრამ აქ, საერთო შეკრებაზე, სენატთან ჩვენ მოვალენი ვართ ეს საკითხი განვიხილოთ არა მხოლოდ როგორც მოძღვრებმა, არამედ როგორც სახელმწიფო მოხელეებმა და ადმინისტრატორებმა. მხედველობაში მიიღე, დედოფალო, რუსი ხალხის უმეცრება და სიუხეშე. და თუ რამეს შეუძლია მისი შეკავება, ეს არის შიში და ძალა. როგორი ძალა უნდა იგრძნოს და რა შიში უნდა ჰქონდეს ხალხს მთავრობისადმი, რომელიც ღმრთისა და მისი ეკლესიის სახელით მის მიერვე გამოთქმულ განკარგულებებს არაფრად აქცევს, განკარგულებებს, რომლებსაც პატიოსნად და მრისხანედ იცავდნენ წინამორბედი ხელისუფლებანი? ნება შენია და ძალაც შენია. მაგრამ, დიდო დედოფალო, ჩვენ, სრულიად რუსეთის სინოდი, პასუხს ვაგებთ ჩვენს თავზე და რუსეთის ეკლესიის მთელ სამღვდელოებაზე, ამჟამინდელზეც და მომავალზეც, ვბედავთ და გეუბნებით, რომ არ მივიღებთ მონაწილეობას შენს მიერ მართლმადიდებლური ეკლესიისა და შენივე საკუთარი ტახტის დანგრევაში.

- გესმით, ბ-ნო სენატორებო! - მიმართა სენატს იმპერატრიცამ. - მღვდელმთავრებისა და ეკლესიის საბოლოო განაჩენით, თურმე ტახტიც კი დაინგრევა თუ ჩვენ სამართლიანად მოვეპყრობით ჩვენს ხალხს, პატივს მივაგებთ იმას, რაც მისთვისაც არის და ოდითგანვე იყო წმინდა; თუ ჩვენ მივცემთ თავისუფლებას ხალხს დაიწეროს პირჯვარი ორი თითით, პატივს მივაგებთ მის წმინდა წინაპრებსაც, გავაათკეცებთ სახელმწიფოს ძალასა და სიმტკიცეს. წმ. სინოდის სიტყვით, ეკლესიასა და საიმპერატორო ტახტს დამხობა ემუქრება, თუ ვიმოქმედებთ გონიერად, განათლებულად და სამართლიანად ვიმოქმედებთ კაცობრიობის მიმართ. წმინდა სინოდის აზრით, ეკლესია და ტახტი მხოლოდ ძალადობით, წყევლა-კრულვითა და სიკვდილით დასჯით შეიძლება განმტკიცდეს, თანაც მხოლოდ ორი თითით პირჯვრისწერის გამო და იმ ლოცვის გამო, რომელ ლოცვაშიაც მაცხოვარს "ძეს ღმრთისას" ვუწოდებთ და ა. შ. მე შემეძლო უსასრულოდ გამეგრძელებინა, მაგრამ დღეისთვის ჩვენმა ენამაც ბევრი რამ გამოთქვა და თქვენმა სმენამაც საკმარისი ისმინა, ამჟამად, ბატონებო მმართველი სენატიდან, გვიბოძეთ საკუთარი აზრი.

- ყოვლადმოწყალეო დედოფალო! - პასუხობს სენატი. - ეს სამი საათი, რომლის განმავლობაშიც ჩვენ აღვივსენით შენი ჭეშმარიტად ღმრთივშთაგონებული სიტყვით, და ეს დღეც, 15 სექტემბერიც, არა მარტო ზეცასა და ცხოვრების წიგნში, არამედ აქ, დედამიწაზეც, შენი ხალხისა და მისი ისტორიის გულებში ჩაიწერება. რაც შეეხება წმინდა სინოდის განმარტებებსა და შეხედულებებს, მასში რაიმე მყარი და საფუძვლიანი ვერ ვპოვეთ. ამიტომაც შენ მოიქცევი როგორც ჭეშმარიტი დედა შენი მამულისა, თუ ყოვლადმოწყალე მანიფესტით, წმინდა სინოდის დამოკიდებულებისდა მიუხედავად, რუს ხალხს გამოუცხადებ ჯვრისა და წეს-ჩვეულების თავისუფლებას, რაც უკვე შეჰპირდი მას.

- გმადლობ, მმართველო სენატო, - პასუხობს დედოფალი. - გმადლობ შენი გადაწყვეტილების გამო: მასში გამოხატულია სიბრძნეც და ხალხის კეთილდღეობაზე მზრუნველობაც, რომელიც ყოველთვის დამახასიათებელი იყო შენთვის. მაგრამ ჩვენ ვერ მივიღებთ თქვენს გადაწყვეტილებას. მართალია, როგორც იმპერატრიცა და რუსი ხალხის თვითმპყრობელი წარმომადგენელი მისი ეკლესიისა და სახელმწიფოს საქმეებში, როგორც თვით ხალხი, ჩვენ ღმრთისგანაც და ხალხისგანაც უფლებამოსილნი ვართ ძალაუფლებით დავამყაროთ ყოველივე მისთვის სასარგებლო და გავათავისუფლოთ ის ყოველივე იმისგან, რაც მისთვის არადამახასიათებელია, და, დავამატებ, თქვენს მიერ შემოთავაზებული ზომის მიღებით ჩვენს სახელმწიფოს უფრო მეტ ბრწყინვალებას მივანიჭებდით და, რაც მთავარია, თვით საიმპერატორო ტახტსაც. მაგრამ ჩვენ არ გვსურს ხალხის თვალში დავაკნინოთ წმ. სინოდი, ეს - უკეთესის არქონის გამო, - უმაღლესი საეკლესიო დაწესებულება, როდესაც არა მარტო მისი გვერდის ავლით არამედ, პირდაპირ მის საწინააღმდეგოდ ვღებულობთ ასეთ უდიდესი მნიშვნელობის საეკლესიო გადაწყვეტილებას.

არ გვსურს წმ. სინოდს დავამჩნიოთ აღუხოცელი ლაქა ისტორიაში და რაც უფრო მნიშვნელოვანია, უცხოტომელთა თვალწინ წარმოვაჩინოთ ჩვენი შინაგანი ნაკლი. ჩვენ მიღებული გვაქვს ზომა, რომელიც არ ეხება წმ.სინოდის არც უფლებებს, არც მის შეხედულებებს, მიუხედავად ამისა, გვაძლევს შესაძლებლობას ეხლავე შევასრულოთ ჩვენს მიერ დადებული დაპირება, - დღესვე მიეცეს რუს ხალხს ორი თითით პირჯვრისწერის უფლება, - პირობა, რომელიც ჩვენ საზეიმოდ და სამჯერ, პირჯვრისწერით დავამტკიცეთ და, როგორც თქვენ ნახეთ, არა სინოდალური თითების წყობა, რომელიც ოდესღაც რუს ხალხს ძალდატანებით უმეცრებითა და ურჯუკობით თავს მოახვიეს. წყობა, რომელიც შემოტანილია ყველაზე უსაზიზღრესი წყევლა-კრულვით და სასიკვდილო განაჩენებით.

ხალხს, ჩვენს საყვარელ და ძვირფას ხალხს, არა უმეცარს და უხეშს, როგორც ფიქრობენ მასზე მაღალყოვლადუსამღვდელოესი მამები, მივცეთ წეს-ჩვეულების თავისუფლება, რომელშიაც ისე გულითადად და ღრმად არის ფესვგადგმული ქრისტესადმი სარწმუნოება, რომ მსგავსს ვერსად იპოვით. ეს ზომა, ბ-ნო სენატორებო, არის სახელმწიფო რელიგიის გაუქმება და აღმსარებლობათა სრული თავისუფლების აღიარება. თავმჯდომარევ, დაბრძანდით და დაწერეთ ჩვენი ყოვლადმოწყალე მანიფესტი.

- ყოვლადმოწყალეო დედოფალო! - მუხლებზე დავარდნილებმა შეჰღაღადეს მას, სინოდის წევრებმა. - რას ჩადით? თქვენ ანგრევთ ეკლესიასაც და ტახტსაც.

- ეს რა ეკლესიაა? - შეეპასუხა დედოფალი. - რა ეკლესიაა ის, რომელიც მხოლოდ იმპერატორის მფარველობასა და მის მახვილში ხედავს თავის ცხოვნებას და ერთობას? მაშ ასე, მამებო, როგორი ყოფილა თქვენი ეკლესია, ეს ჩვენ ჯერ კიდევ არ გვცოდნია! არ მინდა ვიყო ასეთ ეკლესიაში. მე ვიცი ერთი, საყოველთაო, სამოციქულო ეკლესია; ვიცი ეკლესია, რომელშიც იმყოფება უფალი თავის მამასთან და სულიწმიდასთან ერთად და რომელსაც იმპერატორი თავისი მახვილით, ხოლო უფალი სულით იცავს და საუკუნოდ დაიცავს განხეთქილებისგან და თვით ჯოჯოხეთის ბჭეთაგან.

დიახ, დღეს მე ვირწმუნე ეროვნული ეკლესია; ვირწმუნე, რომ უფალი მას, როგორც საყოველთაო ეკლესიის წევრს, იცავს, სინოდი კი მე მაყენებს ქრისტესა და სულიწმიდის ადგილზე და ჩემგან, ჩემი საიმპერატორო მახვილისგან, როგორც პაპიზმისგან, თავისი ეკლესიის განუყოფლობას იმედოვნებს?! თუ მე ვიცავ ეკლესიის განუყოფლობას. შედეგად, მე ეკლესიაზე უფრო მაღალი და უფრო ძლიერი ვყოფილვარ! ჩვენი გულისთვის უცხოა ეს დანაშაულებრივი ამაოება. განა საკმარისი არ უნდა იყოს ჩვენთვის ჩვენი დიდი იმპერია, რათა კეთილი ვუყოთ კაცობრიობას. რატომ უნდა წავეპოტინოთ ეკლესიას, ქრისტეს მონაპოვარს? გვეცოტავება ჩვენი იმპერია? ქრისტე მოგვცემს კონსტანტინოპოლს და, შესაძლოა მთელ აღმოსავლეთსაც. თქვენ, მაღალყოვლადუსამღვდელოესნო მამებო, კარგად იგრძნობთ თავს თქვენი ეკლესიითურთ ჩემი საიმპერატორო მახვილის უკან, ჩვე კი რა ვქნათ? რატომ უნდა დავრჩე ან როგორღა ვიყო მე უბედური ეკლესიის გარეშე? ბ-ნო სენატორებო, რომელ ეკლესიაში გსურთ ყოფნა? იმაში, რომლის განუყოფლობას მე დავიცავ თუ იმაში, რომელსაც თვით ქრისტე იცავს? თუ ამ უკანასკნელში, მაშინ გეპატიჟებით ყველას, მოდით და ერთად მოვძებნოთ ის, სად არის ეს ეკლესია.

ჩვენ გვაქვს საყოველთაო ეკლესია, მაგრამ უშუალოდ მასში ყოფნა სადმე კონკრეტული ეკლესიის გარეშე შეუძლებელია, ეს კონკრეტული ადგილი ჩვენთვის დღემდე იყო რუსეთის ადგილობრივი ეკლესია! მაგრამ რუსული ეკლესია იყოფა ორად: ძველ და ახალ ეკლესიებად. ახალი ეკლესია, ძველი ეკლესია, - არადა ორივე რუსულია. როგორ ეუხეშება ეს სიტყვები ჩვენს სმენას, როგორ ხლიჩავს ჩვენს გულებს! ო, განგებავ! განანათლე ჩვენი გული და გონება ჩვენთვის უწმინდეს ამ წუთებში! ო, განგებავ! გმადლობ მოწყალებისთვის! ბ-ნო სენატორებო! მე ყოველთვის მთელი გულით მწამდა განგებულებისა, რომელმაც არც ამ წუთებში დამტოვა ეულად: მან მიჩვენა ეკლესია და მიჩვენა არა როგორც ახალი, არამედ ძველი და თანაც ეროვნული, თუმცა არა სინოდალური. თქვენ ახლახან ისმინეთ ჩვენი ეროვნული ეკლესიის წარმომადგელნეთა სიტყვები, რომ მას იცავენ მეფეები თავიანთი საიმპერატორო მახვილის ძალით. მაგრამ განა ასეთი იყო ის სინოდის დაარსებამდე? განა ასეთი რწმენა მივიღეთ ჩვენ, რუსებმა თავიდანვე? არამც და არამც! მაშასადამე, დღევანდელი ჩვენი სახელმწიფო ეკლესია არის ახალი.

როდიდან, რომელი მომენტიდან შეიქნა ის ასეთად? რა კატასტროფა შეიძლება დასტყდომოდა თავს ჩვენს ძველ ეკლესიას? ნუთუ ასეთი გრანდიოზული რეფორმა შეიძლებოდა ჩატარებულიყო პროტესტის გარეშე, ბრძოლის გარეშე, და ისტორიაში არ დაეტოვებინა არც კვალი არც ხსოვნა მის შესახებ? სად დაიკარგა ჩვენი ძველი ეკლესია, - ეკლესია, რომელიც ჩვენ მივიღეთ რუსული მიწის პირველ განმანათლებელთაგან, რომელიც არ ჩავარდნილა ქრისტეს გმობაში, რომელსაც ქრისტეს ადგილზე არ დაუყენებია მეფეები, რომელსაც ყოველთვის სწამდა ქრისტესი, როგორც საკუთარი თავისა და მცველისა და რომელიც, ამიტომაც, იყო წევრი საყოველთაო ეკლესიისა და თვითონაც იყო მონაწილე განუყოფელობის იმ აღთქმისა, რომელიც უფალმა ეკლესიას აღუთქვა?

მაშ, სად არის ახლა ჩვენი ძველი დედა? ო, განგებავ! გმადლობ, ორმაგად გმადლობ, არა ასწილ გმადლობ, არა - ათასწილ, მეტიც, ჩემი სიცოცხლის ბოლომდე არ შევწყვეტ მადლობას და ყოველთვის დავიხსომებ, ამ დღეს შენი ბრწყინვალე ნათლით როგორ განმანათლე!

ბ-ნო სენატორებო! მოდით და შევეცადოთ გავიხსენოთ, იქნებ წარსულში ვპოვოთ ჩვენთვის სანუკვარი და საძიებელი ეკლესიის კატასტროფის მსგავსი უბედურება, მისი მიხედვით კი იქნებ გავიდეთ ჩვენი ძველი დედა ეკლესიის კვალზე, ან გვესმას მისი ხმა. ბატონებო, ყურადღება! რა არის ჩვენი რასკოლი? რა არის ძველმოწესეობა? ვიხსენებ მოვლენებს და მათ თანამიმდევრობას:

მართლმადიდებელი რუსი ხალხი ოდითგანვე იწერდა პირჯვარს ორი თითით. არ ჩამოვთვლი სხვა წეს-ჩვეულებებს. ეს ყველაფერი იყო მშვენიერი, ღვთივსათნო და მაცხოვნებელი. ჩვენ არაფერში გვჭირდებოდა ბერძნების წეს-ჩვეულებები, ხოლო ბერძნებს არაფერი ესაქმებოდათ ჩვენს წეს-ჩვეულებებთან. მაგრამ ორივე ეკლესია, - ბერძნულიც და ჩვენიც, - ცხოვრობდნენ მშვიდობითა და ერთობით. აღმოსავლელი მაები, ეპისკოპოსები, მიტროპოლიტები, პატრიარქები, როდესაც ჩვენთან, მოსკოვში ჩამოდიოდნენ, აქებ-ადიდებდნენ რუსულ ღვთისმოსაობას, ადარებდნენ მას მზეს, რომელიც სამყაროს ანათებს. მაგრამ, უეცრად, საპატრიარქო საყდარზე ნიკონის ასვლის შემდეგ, რუსეთში ჩამოსვლას იწყებენ ბერძენი და კიეველი მამები. ჯერ დაწუნეს და განიკითხეს აქამომდე თვით ბერძნებისთვის პატიოსანი ორი თითით პირჯვრისწერა. ნიკონს მხარში ამოუდგა მისი განუყრელი მეგობარი, მეფე ალექსი მიხეილის ძე. "დაწუნება და გაკიცხვა" პირდაპირ აკრძალვებში გადაიზარდა. შემდეგ ამას მოჰყვა ანათემა და წყევლა-კრულვანი; მათ - "ფიზიკური დასჯა" და ტანჯვა-წამებანი ბოლოს კი, სამოქალაქო სასჯელები, ანუ სიკვდილით დასჯა.

რას ნიშნავს ეს ყოველივე? მაშასადამე, ძველი გადმოცემების დაწუნება რუს ხალხში გადააწყდა დიდ წინააღმდეგობას და აღშფოთებას, რაიც მთავრობამ და ეკლესიამ, - და, ვაი, რომ მაღალმა საზოგადოებამაც, უგულებელჰყო. ეს კიდევ არაფერი. მთავრობა მიემხრო უცხოტომელ აგიტატორებს და ავანტიურისტებს, მთავრობა წავიდა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და მოითხოვა მისგან ორი თითით პირჯვრისწერისა და ძველი ჩვეულებების უარყოფა, უარის თქმა თავისუფლებაზე, საკუთარ ღირსებაზე, წინაპრებზე, ღვთისმოსაობაზე და ხალხურობაზე.

ხელისუფლებამ სრული შემადგენლობით უღალატა სამშობლოს და ამ ღალატისთვის პასუხი ხალხს აგებინა. ხალხი, ცხადია, მას შეეწინააღმდეგა, ხელისუფლება ამით გონს კი არ მოეგო, არამედ თავისი მოთხოვნები "გაამაგრა" საეკლესიო ანათემებითა და წყევლა-კრულვებით, რომელსაც სახალხო პროტესტმა ანალოგიურად უპასუხა და სამართლიანადაც. როდესაც საეკლესიო ანათემები და კრულვანი ასე უგუნურად რიგდება, ისინი არ შეიძლება განხილულ იქნას წმინდა და საეკლესიო ღონისძიებად, არამედ მხოლოდ ლანძღვა-გინებად. თუ განათლებული და მაღალყოვლადუსამღვდელოესი მღვდელმთავრებმა პირველებმა დაიწყეს ხალის ლანძღვა და გინება, შეიძლება თუ არა დავადანაშაულოთ ხალხი, თუკი მანაც ანალოგიურად უპასუხა?

განა კარგი გაკვეთილი არ უნდა მიეღოთ მწყემსმთავრებს თავიანთი უგუნურებისთვის? ხელისუფლებისთვის ჯერ კიდევ არ იყო გვიან დაფიქრება, დამშვიდება, უკან მიბრუნება და შერიგება ხალხის პირჯვრისწერასთან და სხვა ჩვეულებებთან. მაგრამ ასეთი არ იყო მაშინდელი დროება: საკუთარი შეცდომების გასწორების ნაცვლად, ხელისუფლება გასასტიკდა სახალხო პროტესტის მიმართ. ნიკონისგან სხვა არც იყო მოსალოდნელი.

"როდესაც მოსკოვში მივდიოდი, - წერს მეფეს თავის გამოსამშვიდობებელ წერილში პაისი ლიგარიდი****, ღაზის მიტროპოლიტი, - წინასწარ აღმაფრთოვანებდა იმაზე გაფიქრება, რომ შევხვდებოდი დიდ ნიკონს, მაგრამ, როდესაც პირველად ჩამოვედი და ეს ადამიანი ვნახე, ბედნირად ჩავთვალე ისინი, რომლებიც ბრმებად დაბადებულან და არ ჰქონიათ უბედურება ეს გამხეცებული ადამიანი ეხილათ". ასეთი იყო ნიკონი. მაგრამ არ შემიძლია არ გამიკვირდეს მეფე ალექსი მიხეილის ძისა. არ შეიძლება არ მიკვირდეს მისი სიჩლუნგე და უსულგულობა. ნიკონი და ალექსი თავს დაატყდნენ სახალხო პროტესტს სატანჯველებით და სასიკვდილო განაჩენებით. მწარედ დაიგმინა რუსეთი მიწამ ორი ტირანისგან: "უწმინდესისგან" და "უწყნარესისგან" (რუს. “тишайшаго”). სწორედ ამ წყობას, ხალხისადმი ორივე (საეკლესიო და საერო - მთარგმნ.) ხელისუფლების ასეთ დამოკიდებულებას შევესწარით ჩვენ, როდესაც ავედით სრულიად რუსეთის საიმპერატორო ტახტზე; ჩვენს თვალწინ კი მაღალყოვლადუსამღვდელოესი მღვდელმთავრები აგრძელებენ მძვინვარებას, განხეთქილება კი, მიუხდავად ამ ორი, საერო და საეკლესიო ხელისუფლების ტირანიისა და გააფთრებისა სულ უფრო და უფრო მტკიცდება.

მამანო მღვდელმთავარნო! საით შეიყვანეთ, სანამდე მიიყვანეთ, ან სად მიგყავთ თქვენი ეროვნული ეკლესია, რუსი მართლმადიდებელი ერი და ჩვენ?

- დიდო დედოფალო, - გაისმა ხმა სინოდის მხრიდან, - ტანჯვა და სხეულებრივი დასჯა ჩვენს ხელში არ არის, ჩვენ კი არ ვსჯიდით მათ (ძველმოწესეებს - მთარგმნ.), არამედ ჩვენამდე მყოფი ხელისუფლება.

- როგორ? - შეეპასუხა იმპერატრიცა. - კი მაგრამ 1722 წლის აქტი თქვენი ხელის ნამოღვაწარი არ არის? ფიზიკური დასჯა და სამოქალაო სასჯელები, განა თქვენ არ აკურთხეთ საკრებო დადგენილებებით და მეფეები, განა თქვენი შთაგონებითა და წაქეზებით არ ესხმოდნენ თავს საკუთარ ხალხს და ტანჯავდნენ მას ათასგვარი სატანჯველებით?

ო, მეფენო, წარსულნო და მომავალში მყოფნო! აჰა თქვენც ატესტატი ურჯუკებთან, ჯალათებთან და ბოროტმოქმედებთან თქვენი თანხმობისთვის! მაგრამ, ბ-ნო სენატორებო, შეკითხვას გაძლევთ: შეიძლება თუ არა უფლის მადლი და ჭეშმარიტება იყოს იმ ეკლესიაში, რომელშიაც მწყემსმთავართა ადგილას ჯალათები და სისხლისმსმელები დაგანან? შეიძლება თუ არა იქ, სადაც მძვინვარებს ასეთი ბოროტება იყოს ქრისტე? მოდით, ერთი წუთით შევჩერდეთ. "დაწუნება და განკიცხვა", ასევე აკრძალვები და წყევლები, ყველაფერი ეს იყო - რაც წარმოუდგენელია, უგუნურია და დანაშაულებრივია. მაგრამ ბრძოლა ჯერ კიდევ არ გასცდენოდა ეკლესიის საზღვრებს. მაგრამ, როდესაც საეკლესიო და საერო ხელისუფლება ერთობლივად შეუდგა ხალხის ტანჯვა-წამებას და დასჯას, მაშინ, ცხადია, ეს ბრძოლა გასცდა ეკლესიის ფარგლებს, მაშინ თვით ხელისუფლება დადგა ეკლესიის გარეთ.

მართალია, ხელისუფლებასა და კრებებს უკან, ნებით თუ უნებლიეთ, გაჰყვა ხალხის უმრავლესობაც, მაგრამ ყველანი მაინც წავიდნენ ეკლესიისგან; ეს უმრავლესობა - მღვდელმთავრები და იმპერატორებია. მაგრამ სად წავიღოთ პროტესტი, რომელიც ადგილიდან არ დაძრულა და ამიტომაც იმსახურებს ყურადღებასა და პატივისცემას. ქრისტესთან არ არის არავითარი ტანჯვა და სასჯელი, არ უნდა იყოს ის არც ეკლესიაში. ქრისტეს ამისი უფლება არ მიუცია არც მოციქულთათვის და არც მათი მემკვიდრეებისთვის. ამიტომაც, ცხადია ტანჯვისა და სასჯელებისთვის მღვდელმთავრებმა მიმართეს არა ქრისტეს, არამედ მეფე ალექსი მიხეილის ძეს, მიიწვიეს რა რუსეთის ეკლესიის განუყოფლობის დასაცავად და დააყენეს ქრისტეს ადგილზე, ალექსიმ კი გამოიჩინა უძლურება და უგუნურება, რადგან დათანხმდა ამ შემოთავაზებაზე.

და სად გავექცევით კითხვას: სად, ამ ორი ეკლესიიდან რომელში დარჩა ქრისტე? ორივეში, ცხადია, ის ვერ იქნება. აშკარაა, რომ ქრისტე დარჩა პროტესტის მხარეს; როგორ და რატომ უნდა დარჩენილიყო სახელმწიფო ეკლესიასთან, როდესაც მეფემ და მღვდელმთავრებმა ის ეკლესიიდან უპატივოდ გააძევეს! ვიმედოვნებ, ბატონებო, რომ ახლა მაინც გესმით, საით, რატომ და რისი გულისთვის გვსურს ვიაროთ და თქვენც აქეთ რატომ გეპატიჟებით.

მაგრამ, ბ-ნო სენატორებო! ვხვდები თქვენს ფიქრებს. შესაძლოა გეჩვენებათ, რომ ძველი ეკლესიისკენ მიწვევით გეპატიჟებით რასკოლში. მოვალე ვარ განგიმარტოთ. ყოველივე, რაც ახლა ვილაპარაკეთ ეკლესიის შესახებ, არ უნდა გავიგოთ ბუკვალურად; ეკლესიად, რომელში ყოფნაც მე არ მსურს, ვუწოდებ იმ წარმოდგენას, როგორიც შექმნეს მასზე მღვდელმთავრებმა. ჩვენ გვსურს ისეთი ეკლესია, როგორც უნდა იყოს და როგორსაც ითხოვს სახალხო პროტესტი; პირდაპირ და ნათლად რომ ვთქვათ, ჩვენ ვისურვებდით ჩვენს სახელმწიფო ეკლესიაში აღგვედგინა ყოველივე ის, რის გარეშეც ეკლესია არ შეიძლება იწოდებოდეს ქრისტეს ეკლესიად, არ შეიძლება იყოს სახელმწიფოს საყრდენი და საყდრის მცველი; აღგვედგინა ის, რაც მას ოდესღაც უეჭველად ჰქონდა, რაც მისთვის უბედურ დროს დაიკარგა მღვდელმთავრებისა და უზნეო ნიკონის, ასევე მიამიტი და უგულო ალექსი მიხეილის ძის წყალობით; მაგრამ თავს მოვალედ ვთვლი არაფერი დაგიმალოთ, ბ-ნო სენატორებო. შევეცდები გადავჭრა, სიმართლე გითხრათ, ეს არცთუ ადვილი ამოცანა. ამ საკითხში ჩვენ მივიწევთ ხელის ცეცებით.

ბატონებო, მაგალითად, რომ დაგვჭირვებოდა რომელიმე ძველი ტაძრის აღდგენა, რომელიც თითქმის დანგრეულია, ავსებულია ნაგვით და დაფარულია ველური მცენარეებით, უპირველეს ყოვლისა ჯერ ამ ტაძარში შესასვლელს გავწმენდდით, შემდეგ, გაწმენდისდა კვალად, გამოგვიჩნდებოდა ტაძრის შიდა მხარე, მისი თითოეული ნაწილის ზომა და ადგილი და ა. შ. ჩვენ ასეც მოვიქეცით. ჩვენი დიადი ეკლესიის შენობა გავათავისუფლეთ საუკუნეობრივი ნაგვისგან და მისთვის სრულიად არასაჭირო მინაშენებისგან, რომლებიცაა საწესჩვეულებო აკრძალვები და კრებითი წყევლა-კრულვები, რომლებიც წარმოითქვა მეფე ალექსის დროებაში და შემდეგაც, სინოდის 1722 წლის 15 მაისის დადგენილებებში, რომელმაც ამავე სულისკვეთებით მიიღო საეკლესიო აქტები და გაატარა მთელი რიგი ღონისძიებები.

ამჯერად, როდესაც გამოიწმინდა ამ შენობის შიდა მხარე, შევიხედოთ მასში და შევეცადოთ სხვადასხვა ნიშნებით ამოვიცნოთ როგორი იყო ჩვენი ეკლესია ნიკონისა და ალექსის რეფორმამდე, - მცველი და მატარებელი მადლისა და ჭეშმარიტებისა; რომელიც იყო ხალხის მასწავლებელი, სახელმწიფოს მცველი, აღმაშენებელი და გამამთლიანებელი, ტახტის ძლიერება და დიდება. ამ ეკლესიის იდეის არსი იყო არსებითი შეკავშირება და ცოცხალი და მტკიცე ერთობა ერისა. რითი იყო ძლიერი ეს გულითადი ერთობა? მეფეთა და მღვდელმთავართა სწორი მიმართებით მორწმუნე ერისადმი, გულისხმიერებით მისი საჭიროებებისადმი, პატივისცემით მისი ხალხურობისა და თავისუფლებისადმი, როგორც საეკლესიო, ასევე სახელმწიფო უერთიერთობებში. შეძლებისდაგვარად, ხალხი ითხოვდა მღვდელმთავრებისგან ღვთისმოსაობასა და სიწმინდეს, მეფეთაგან კი სიფხიზლეს, რათა მღვდელმთავართა და ხალხს შორის თავისუფალი ურთიერთობის ჰარმონია არ დარღვეულიყო.

მაგრამ აი, მოვიდა ნიკონი; ვაღიარებ, მეზიზღება ეს პიროვნება. ბედნიერი ვიქნებოდი, მისი სახელიც კი არ გამეგო. მან დაიწყო თავისი ეკლესიის რეფორმირება და გადაკეთება საკუთარი სურვილების მიხედვით. როგორი საძირკველი დადო მან ამ თავისი გარდაქმნებისთვის? ხალხის უსიტყვო მორჩილება სასულიერო დასისადმი, სასულიერო დასისა - მღვდელმთავრებისადმი, ამ უკანასკნელთა კი - პატრიარქისადმი.

ნიკონი ცდილობდა დაემორჩილებინა მეფეც კი. მას სურდა გამხდარიყო პაპი. ერის დაპყრობა ნათლად ჩანს მისთვის წინაპართა გადმოცემების წართმევაში, რომელიც შეამაგრა კრულვებით, ტანჯვებითა და სასჯელებით; მღვდელმთავრების დაპყრობა გამოიხატა ეპისკოპოს პავლე კოლომნელის უსჯულო, ერთპიროვნულ დამხობაში და მის მოკვლაში, რომელიც შემოსა უდიდესი იდუმალებით. მეფეთა დაპყრობა მას განეზრახა მათში იმ აზრის შტაგონებით, თითქოსდა ისინი მოვალენი არიან თავიანთი მახვილით მესახურონ ყოვლისმპყრობელ პაპ-პატრიარქს, მახვილითვე დაიმორჩილონ პაპ-პატრიარქისადმი დაუმორჩილებელი ხალხი და ეპისკოპოსები.

და რა გამოვიდა აქედან? ერი აღსდგა თავისი ძველი გადმოცემების, სამოციქულო ეკლესიურობის და ძველი გულითადი ერთობის დასაცავად, რომელიც დაფუძნებულია რწმენას, ღვთისმოსაობას, სიყვარულსა და თავისუფლებას. აღსდგა ერთ ადამიანში საპატრიარქო და საერო ძალაუფლების გაერთიანების წინააღმდეგ. ნიკონმა შემოიტანა მშფოთვარება და განყოფა ერთ დროს, მის გაპატრიარქებამდე მშვიდ და ერთიან ეროვნულ ეკლესიაში. ერთ მხარეს აღმოჩნდნენ მღვდელმთავრები თავიანთი რეფორმებითა და ძალადობით, თავიანთი სამი თითით პირჯვრისწერით და წყევლა-კრულვებით, მეორე მხარეს კი - ხალხი მისთვის ჩვეული ინსტინქტით დაიცვას წინაპრებისგან გადმოცემული ჩვეულებები, ყველაზე უმეტესად კი თავისუფლება.

ცნობილი ჩვევა, ისევე როგორც ნებისმიერი საგანი, თვით მართლმადიდებლური წესიც კი, რომელიც ღმრთითსათნოა და მაცხოვნებელი, მოძალადეებისა და სასტიკი ხელისუფლების ხელში, თუკი ის გადაიქცევა ერის დაპყრობის იარაღად, მისთვის საძულველი გახდება, როგორც მისი დაპყრობის სიმბოლო და ბაირაღი.

უნდა შევიდეთ ერის გრძნობებში, ასეთი იყო მისთვის სამი თითით პირჯვრისწერის წესი, რომელიც ბერძნებმა თავს მოახვიეს მას ათასგვარი კრულვებით, წამებითა და სასიკვდილო განაჩენებით. ხალხისთვის ის გახდა დაპყრობის სიმბოლო, მღვდელმთავრებისთვის - ხალხზე გამარჯვებისა და ძლევის ნიშანი. თუ გადავინაცვლებთ იმ მომენტში, როდესაც ტარდებოდა რეფორმა და ჩავიხედავთ თითოეული მათგანის სინდისში, ვისაც მოუწია ძველი ორი თითით პირჯვრისწერის დათმობამ აღნიშნულ სამი თითით პირჯვრისწერაზე, უმეტესობაში აღმოვაჩენთ უმეცრებას, რომლებმაც გულუბრყვილოდ დაუჯერეს რეფორმატორებს, თითქოსდა ორი თითით პირჯვრისწერა იყო ცოდვა, არამართლმადიდებლური, არაღმრთითსათნო და არამაცხოვნებელი (ამ უგუნურ და უმეცარ მღვდელმთავრებსა თუ რიგით ბერებს შორის იყვნენ ოფიციალური, სახელმწიფო ეკლესიისათვის პატივსაცემი და წმინდანად შერაცხილი მღვდელმთავრები იოანე კრონშტადტელი, დიმიტრი როსტოველი, თეოფანე დაყუდებული, ეგნატე ბრიანჩანინოვი, ასევე საკმაოდ პოპულარული სერაფიმე საროველი. საყოველთაოდ ცნობილია მათი უარყოფითი დამოკიდებულება, მთელი ძველი გადმოცემებისა, ძველმოწესეებისა და კონკრეტულად ორი თითით პირჯვრისწერისადმი - მთარგმნ.) და ჯერ მიამიტურად, შემდეგ კი შემდეგ კი ტანჯვა-წამების შიშით მიჰყვა ხელისუფლების ამ კურსს, რაც არა თუ სამარცხვინოა, არამედ დასაგმობიც.

ახლა კი, ბატონებო, გავარჩიოთ, ამ კატეგორიებიდან რომელს ეკუთვნის თითოეული ჩვენთაგანის წინაპარი. ვინც ორი თითით პირჯვრისწერა შეცვალა სამთითიან პირჯვრისწერად, ყოველ შემთხვევაში, არ ვფიქრობ რომელიმე ჩვენთაგანი ამაყობდეს მისი "გმირობით", და თუ ამასთანავე გავიხსენებთ, რა იდეა იყო დაკავშირებული სამი თითით პირჯვრისწერის დამკვიდრებასთან, გავიგებთ მის არსსაც და ეროვნული პროტესტის სიმართლესაც და უძლეველობასაც პირჯვრისწერის ამგვარი ფორმის წინააღმდეგ. გავიგებთ ასევე რატომ უწოდებენ ძველმოწესენი სამი თითით პირჯვრისმაწერალებს "პეშვიანებს". დაბოლოს, ნიკონმა ეკლესიაში შეიტანა განხეთქილება და განჰყო ერთურთისგან სამეფო ტახტი და ხალხი. მანმდე მეფეებს ერი ხალხის მამად მიიჩნევდა, რომლებიც მართლმადიდებლობის, სიყვარულისა და თავისუფლების თვითმპყრობელი მცველნი იყვნენ; მჭიდრო იყო სამეფო ტახტისა და ხალხის ერთობა, ერთი იყო ძველ მამათა გადმოცემათადმი ერთგულება. ნიკონმა კი მამა-მეფისგან ტირანი და საკუთარი ხალხის მტარვალი გამოძერწა. და როგორი ხალხის წინააღმდეგ? რომლის მსგავსი, მეფისადმი ერთგულების თვალსაზრისით, მეორე არ არსებობს დედამიწის ზურგზე. რად გადააქცია ალექსი მიხეილის ძემ საკუთარი ხალხი? ერმა თავის მეფეებში ჭეშმარიტების დამცველები კი ვერ დაინახა, არამედ - ანტიქრისტეები, და ვერც დავადანაშაულებთ: ერმა ჭეშმარიტად იწვნია ამ უკანასკნელთა მსახვრალი ხელი. და რისთვის ეს ყოველივე? რატომ უღალატა ალექსიმ თავის ხალხს, უღალატა ყველა მეფეთა საერთო მოვალეობას ერის წინაშე? რათა თავისი მეგობრის, ნიკონის გული მოეგო, რათა მის ფერხთ ქვეშ გაეგო იერარქებიც, სასულიერო დასიც და მთელი ერიც, შემდეგ კი მისგან და მომავალი პატრიარქებისგან შეექმნა ტახტისა და თვითმპყრობელობის მტრები.

მიკვირს ალექსი მიხეილის ძისა, მისი ახლომხედველობისა: მიჰყვება ნიკონს, როგორც დამნაშავე ბავშვი თავის დამსჯელ აღმზრდელს! აი, ნიკონის რეფორმის დამსახურება ტახტისა და თვითმპყრობელობის წინაშე! სახელმწიფოს არ შეეძლო და არც უნდა მოეთმინა მეორე, "სასულიერო" მეფე და პირველი ვინც ამას მიხვდა იყო ამ ალექსის ძე. პეტრე დიდმა პატრიარქი შეცვალა სინოდით. შესაძლოა ჩვენ ეს არ გვექნა, რადგან, პირდაპირ ვიტყვი, პატრიარქებს შეეძლოთ დარჩენა და ერის წინამძღოლობა; მაგრამ, სახელმწიფო ხელისუფლება მათ არ ეკუთვნით. მე ასე არ მოვიქცეოდი. მაგრამ აი, ჩვენს წინაშეა წმ. სინოდი. და რა ინსტიტუტია ეს? ამასწინათ ვისმენდით, როგორ აყენებს ის იმპერატრიცას ეკლესიაში ქრისტეს ადგილზე, და ჩვენში, ჩვენს საიმპერატორო მახვილში ეძიებს ქრისტეს მიერ შეპირებულ უძლეველობას.

შეიგნეთ, რომ წმ. სინოდი ჩვენ ჯეროვნად არც გვიცნობს; არ იცის რაში ვხედავთ ჩვენი მეფობის ძალასა და სიმტკიცეს; ჯერ კიდევ ვერ გაუგია, როგორი დამოკიდებულება გვაქვს ზოგიერთ თავადთა მიმართ, მათი საიმპერატორო მახვილის მიმართ. წმ. სინოდმა ჯერ კიდევ არ იცის, როგორი დამოკიდებულება გვაქვს მეფეთა შორის სამაგალითო ალექსის ამ უზარმაზარი მნიშვნელობის მოღვაწეობასთან, რომელმაც ხალხის ორგანიზმში ჩაღვარა ამ უსულგულო ინსტიტუტის სიმახინჯე.

წმ. სინოდმა ჯერ კიდევ არ იცის, როგორ არ ახასიათებს ჩვენს გონებასა და გულს, როგორ სძულს ჩვენს სულს ჩაჰკლას ხალხში სული და სიცოცხლე, სინდისი, აზრი და თავისუფლება. და აი, სინოდი, ჩვენთან პირველივე შეხვედრაში სულსწრაფობს და ცდილობს გახდეს მისი წინასწარგანსაზღვრულობა და შეინარჩუნოს ურყევობა, მაგრამ ვისგან ან რისგან? ძველი "საყვედურებისგან", განსჯისგან, წამებისა და სასიკვდილო განაჩენებისგან, რომლითაც ის დევნიდა და აწამებდა ძველმორწმუნეთ და ეს ყოველივე ორი თითით პირჯვრისწერისა და სხვა მსგავს ძველმოწესეობრივ წეს-ჩვეულებათა გამო. ერთის სიტყვით, სინოდი ცდილობს ძველ და ახალ უმსგავსობათა ურყევობა შეინარჩუნოს. სინოდს თავის განგებაში ავყევართ, განგებაში საკუთარი ეკლესიისა! აი, როგორი მომსახურეობისთვის გვიწვევს ჩვენ ეს კოლეგიუმი. მაგრამ ვინ გაბედავს ასეთი სიურპრიზის მიღებას? რას უნდა ელოდო ამ ეკლესიისგან? ამ უსიცოცხლო და მკვდარი ინსტიტუტისგან, რომელსაც მეფის მთელი ძალაუფლება გადასცემია? მაგრამ, მოდი, ამის შესახებ დღეს არ ვილაპარაკოთ.

"თქვენო, - გვეუბნება წმ. სინოდი, - ანგრევთო ეკლესიას!" ბ-ნო სენატორებო! ჩვენ მხოლოდ ნაწილობრივ დავათვალიერეთ ამ ეკლესიის შენობა, მხოლოდ ნაწილობრივ გულისხმავყავით, რა არის ეკლესია და რა მოეთხოვება დიდი ერის ეკლესიას, რათა ის ჭეშმარიტად იწოდებოდეს ეკლესიად. მაგრამ, თქვენ ალბათ უკვე ხვდებით, რომ ჩვენი სამამულო ეკლესია ნანგრევებში წევს, საერთოდ თუ შერჩა მას სიცოცხლის ნიშანწყალი. ცხადია, რომ მღვდელმთავრები ცდილბენ გზაკვალი აგვიბნიონ, გვაშინებენ ეკლესიის სრული დანგრევით, რომელიც თვითონ კარგა ხანია რაც დაანგრიეს.

"თქვენო, - გვეუბნება უწმინდესი სინოდი, - ანგრევთო საყდარს!" მაგრამ, ბატონები, ჩვენ უკვე ვნახეთ, როგორი სამსახური გაუწია რუსულმა მღვდელმთავრობამ სამეფო ტახტს ნიკონის დროიდან მოყოლებული და როგორი უფსკრული გათხარა მასსა და ხალხს შორის. ყველაფერი, რაც კი იმ დროს საუკეთესო გააჩნდა რუს ხალხს, დიდსულოვნება, სიცოცხლე, ენერგია, პატიოსნება, ყველაფერი პროტესტის მხარეს დადგა. ხოლო ნიკონს მიდევნებული ბატონები აღმოჩნდნენ თავქარიანნი, რომლებმაც ხალხს აიძულეს მათში დაენახათ ტირანები და ანტიქრისტეები.

ბატონებო! თქვენთვის ნათელი უნდა იყოს პროტესტის სიმართლე. სინდისი თვითონ გკარნახობთ, რომ არა ახალი, სინოდალური ეკლესია, არამედ სახალხო პროტესტი დარჩა თავის ადგილზე; რომ ხალხი კი არა, სახალხო პროტესტის უგულებელმყოფელი მღვდელმთავრები გახდნენ განხეთქილების მოქმედნი, და რომ, საბოლოოდ, ძველმოწესეობის წინააღმდეგ აღმართული ყველა ბრალდება არის ტყუილი და ცილისწამება შეთითხნილი ამპარტავნებით გადიდგულებული და გაბოროტებული მღვდელმთავრების მიერ.

მაგრამ თქვენ, ალბათ, გებადებათ კითხვა: თუკი სახალხო პროტესტი მართებულია, როგორღა მიატოვა ის ქრისტემ, დატოვა რა ისინი ეპისკოპოსების, და შედეგად, ეკლესიის გარეშე, იმ დროს, როდესაც მოჯანყეთა და სქიზმატიკოსთა მხარეს, სადაც მრავალი ეპისკოპოსი იყო, უფლება აქვს ეკლესიად იწოდებოდეს? როდესაც უფალმა აღუთქვა თავის ერთგულ მორწმუნეებს, რომ მათთან იქნებოდა აღსასრულამდე სოფლისა, მიტოვა თავისი ერთგულნი, ეკლესიის ჭეშმარიტი დამცველნი და როგორღა დაუშვა რომ ჯოჯოხეთის ბჭეს დაეძლია იგი? ო, განგებავ! გმადლობ, გმადლობ, გმადლობ შენ უფალო! თქვენი გულისთქმა, ბ-ნო სენატორებო, მოკლედ უნდა განიმარტოს. დატოვა რა სახალხო პროტესტი ეპისკოპოსთა გარეშე, თვითონ როდი მიატოვა იგი. ჯერ ერთი, პროტესტს მან უბოძა პატივი დაეცვა თავისი პატარძლის, რუსეთის ეკლესიის, ჩვენი პატიოსანი დედის უძლეველობა. რომ არა პროტესტი, რუსეთი ეკლესიის ეკლესიურობა სამუდამოდ გაპარტახდებოდა, როგორც ამას ვხედავთ დღეს, ჩვენს თვალწინ.

მართალია, მისი ეკლესიურობა დაიშალა, ნანგრევებში წევს და სულს ღაფავს, მაგრამ ჯერაც არ მომკვდარა; სანამ ცოცხალია სახალხო პროტესტი, არავის შეუძლია თქვას, რომ რუსეთის ეკლესია სამუდამოდ დაეცა და აღესრულა. შესცოდა არა მან, არა რუსეთის ეკლესიამ, რომელიც არის სამოციქულო ეკლესიის წევრი, არამედ მისმა ერთმა ნაწილმა, - იერარქიამ. მეორეც, მთელი იერარქია დაეცა და პრაქტიკულად, ეკლესიურობის ერთგული დარჩა მხოლოდ ერი და მეტიც, ნაწილი ერისა. გესმით თუ არა თქვენ, ბატონებო, ამ სახალხო წინააღმდეგობის მნიშვნელობა, მთელი სიწმიდე და ღირსება? მისი სიდიადე და დამსახურება მშობლიური და საყოველთაო ეკლესიის წინაშე?

დიახ, უბრალო და გაუნათლებელმა ხალხმა ეკლესიურობის ბრწყინვალე გაკვეთილი მისცა თავის მღვდელმთავრებს, რომელიც არის ჯიუტი და ბოროტი. სახალხო პროტესტს თავს დაატყდა მათი წყევლა-კრულვანი, წამებანი და სასჯელები; ხალხი კი, გიკვირდეთ, ბატონო სენატორებო, - საუკუნეებია მტკიცედ დგას მართალ სარწმუნოებაში! ეს არის ჭეშმარიტად საკვირველი სანახაობა; სანახაობა ღირსი არა მიწისა, არამედ ცისა. ჯოჯოხეთი და ქრისტე ჩვენს ეროვნულ რუსულ ეკლესიაში ღიად ებრძვიან ერთურთს: პირველის ხელთ არის მთელი სიმძლავრე, მთელი ბოროტება, სამყაროს ყოველი მზაკვარება სასულიერო ხელისუფლების სახით, მოტყუებული მეფეებისა და მღვდელმთავრების სახით; მეორე მხარე კი აღჭურვილია მდუმარე მოთმინებითა და თავმდაბლობით. ვინ გაიმარჯვებს ამ ორთაბრძოლაში? მე არ ვიქნებოდი ეკლესიის გულწრფელად მორწმუნე დიადი რუსი ერის ღირსი შვილი, რომელიც პატიოსნად ატარებს წმიდა რუსეთის სახელს, თუკი წამითაც კი დავეჭვდებოდი ქრისტესა და ხალხის გამარჯვებაში, პროტესტის გამარჯვებაში, ძველმოწესეობის გამარჯვებაში.

ო, განგებავ! დაე მოტყუებულმა მღვდელმთავრების მიერ მეფეებმა თვით მღვდელმთავრებთან ერთად გააათკეცონ თავიანთი ბოროტება და ღვარძლი; დაე ეს ბრძოლა უძველეს ბოროტებასა და მარადიულ სიკეთეს, ჯოჯოხეთსა და ზეცას შორის, გაგრძელდეს კიდევ ასი, ან ორასი წელი. რაც უფრო მძიმეა განსაცდელი, რაც უფრო ხანგრძლივია ტანჯვა, მით უფრო დიადი და შთამბეჭდავია გამარჯვება, მით უფრო დასამახსოვრებელი და ჭკუის სასწავლებელია გაკვეთილი, მით უფრო ბრწყინვალეა ქრისტეს სიტყვები, ეკლესიისა და პროტესტის შემართება... მხოლოდ, ბ-ნო სენატორებო, პირობა უნდა დავდოთ, რომ არ ვიქნებით ჯოჯოხეთის იარაღი ჩვენი ერთგული ხალხის წინააღმდეგ, რუსეთის დიადი ეკლესიისა და ქრისტეს წინააღმდეგ.

გაიგეთ თუ არა, ბოლოს და ბოლოს, ბ-ნო სენატორებო, რას ნიშნავს წახვიდე სინოდალურ-სახაზინო ეკლესიიდან და ეძებო ძველი ეკლესია, რაც თქვენ მოგეჩვენათ მიპატიჟებად განხეთქილებაში? ჩვენ აღვადგენთ ჩვენს დიდ ეკლესიაში ყოველივე იმას, რაც მასში ბარბაროსულად იყო დანგრეული; ჩვენ აღვადგენთ მის კათოლიკე ეკლესიურობას. შეუქცევლად და ყველა დროისთვის ვაძლევთ უფლებას ყველას დაიწეროს პირჯვარი ისე, როგორც ამას თვითონ ჩათვლის საჭიროდ და ყოველ საეკლესიო თემსა და სამრევლოში იყოს ის ჩვეულება, რომელიც მას სურს. ყოველ თემსა და სამრევლოს ვაძლევთ უფლებას გულის კარნახით აირჩიოს თავისი მოძღვარი და დააკისროს მას ყველა იმ მოვალეობათა აღსრულება, რაც ეკლესიის მოძღვარს ეკუთვნის; იყოს პასუხისმგებელი ყოველი მისი ნაბიჯისთვის, ხოლო თავისი მოვალეობებისგან თავის არიდების შემთხვევაში, დაამხონ იგი პატივისგან. მხოლოდ ასეთ მოძღვრებს ვაღიარებთ ჭეშმარიტ მოძღვრებად და თავიანთი სამწყსოსა და ეპარქიის ჭეშმარიტ წარმომადგენლებად.

სწორედ მაშინ შევძლებთ, ბ-ნო სენატორებო, ერის მართვას, რომელიც გვარგუნა განგებამ. გამოცოცხლდება ერის ცხოვრება, გაიფურჩქნება და ასწილად კეთილ ნაყოფს გამოიღებს თვით უფლისა და მაცხოვრის იესუ ქრისტესა და მისი წმიდა ეკლესიის წინამძღოლობით, რომელიც მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიქნება აღმზრდელი და დამპურებელი დედა, ხოლო მისი მოძღვრები - მზრუნველნი და მასწავლებელნი, მსაჯულნი და მამანი გახდებიან თავიანთი ერისა. სწორედ მაშინ დამყარდება ეს გულითადი კავშირი ხალხსა და საყდარს შორის, კავშირი, რომელსაც თვით საგანთა ბუნება მიგვანიშნებს, კავშირი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, რომელიც ზეცის გასახარად, ქვეყნის გასაკვირად და მტრის დასაფრთხობად, თვით უფალმა აკურთხა და შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის იმპერიის მმართველ მეფეთა და მის მართლმადიდებელ ერს შორის!

- დიდო ხელმწიფეო! - უპასუხეს სინოდის წევრებმა. - თვით ღმერთი მეტყველებს თქვენი პირით, ქედს ვიხრით შენი უზენაესი მოძღვრობის წინაშე. ვძრწით შედეგთა გამო, მაგრამ გზას ვუთმობთ ორი თითით პირჯვრისწერას შენი შეუვალი ნებით. შენი შეურყეველი ნება იქნება ჩვენი გამამართლებელი ჩვენი სინდისის, ეკლესიისა და შთამომავლობის წინაშე. მაგრამ, ო, ხელმწიფეო! დაივიწყე, დაივიწყე აღმსარებლობათა თავისუფლება, დაივიწყე ყოველივე, რაც ჩვენ დღეს შენგან მოვისმინეთ, და მოგვეც ნება ჩვენც დავივიწყოთ იგი.

- გმადლობთ, მაღალუსამღვდელოესნო მამანო! დროთა განმავლობაში მიხვდებით, როგორი სამსახური გაუწიეთ ეკლესიასა და სახელმწიფოს თქვენი თანხმობით. ამჯერად ვღებულობ თქვენგან მთელი ჩვენი ხალხისთვის მხოლოდ ორი თითით პირჯვრისწერას. ხოლო სხვა დანარჩენს თქვენი სინდისის ხმას მივანდობ. მაღლად იპყარით თქვენი ბაირაღები, თქვენი 1667 წლის 13 მაისი. ჩვენ ვისურვებდით, რომ თქვენი ღვაწლი ამ მიმართულებით, თუნდაც დრო და დრო, საცნაური გახდეს ჩვენთვის; განსაკუთრებით გვაინტერესებს თქვენი კრების დადგენილება იესუს ლოცვის შესახებ. გარწმუნებთ, რომ ყოველთვის, როდესაც შევიტყობთ თქვენი ღვაწლის შესახებ, სიხარული შეგვიპყრობს სამეფო კაბინეტებიდან ვიდრე სამრეცხაომდე. მაგრამ ჩვენს მიერ ნათქვამის დავიწყების უფლებას არ მოგცემთ. პირიქით, ბ-ნო სენატორებო! ყოველ თქვენთაგანს ვთხოვ დაიცვას ხსოვნა ჩვენი დღევანდელი კონფერენციის შესახებ, რათ თვითონვე შეგახსენოთ, თუკი ოდესმე, დავიწყებას მიეცემა ეს ამბავი. მდივანო დაწერე:

"სენატისა და სინოდის ერთობლივ კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდა 1763 წლის 15 სექტემბერს, მიღებულ იქნა განსაზღვრება: მათ, ვინც ღმრთის ეკლესიას ყოველივეში ემორჩილებიან, ჰყავთ სულიერი მოძღვრები და ყოველ ქრისტეანულ მოვალეობას აღასრულებენ, მაგრამ პირჯვარს იწერენ მხოლოდ ორი თითით, საეკლესიო საიდუმლოებანი არ უნდა მოაკლდეთ, განხეთქილების მოქმედად არ იწოდნენ და ორმაგი გადასახადისგან გათავისუფლდნენ".


რუს გამომცემელთა შენიშვნა:

1722 წლის 15 მაისს, რუსეთის მმართველმა სინოდმა გამოსცა შემდეგი მითითება: "ვინც წმიდა ეკლესიას ემორჩილება და მის ყველა საიდუმლოს შეიწყნარებს, მაგრამ ჯვარს ორი თითით გამოისახავს, და არა სამით, უგუნურებით იქმოდეს ამას თუ შეგნებით, ყველაფრის მიუხედავად განხეთქილების მოქმედად შეირაცხოს" (Собрание постановлений по части раскола, кн. I, стр. 35).

ამ განკარგულებაში გამოხატულია გაბატონებული ეკლესიის უმაღლესი სასულიერო დასის შეხედულება ორი თითით პიჯვრისწერის ჩვეულებაზე. ის იმდენად სახიფათოდ და იმდენად მწვალებლურად მიიჩნეოდა, რომ არც ეკლესიისადმი მორჩილება, არც მისი საიდუმლოებების ცნობა არ ათავისუფლებდა ორი თითით პირჯვრისმაწერალ წევრებს სქიზმატიკოსის დამღისგან. "მიუხედავად ყოველივესი", სინოდმა ბრძანა განხეთქილების მოქმედად შეერაცხათ ყოველი მათგანი. ეს იყო თითქმის სასიკვდილო განაჩენი, რადგან "განხეთქილების მოქმედად" შერაცხვა ორი თითით პირჯვრისმაწერალთ აყენებდა საშინელ პირობებში, მათ დევნიდნენ, სჯიდნენ ენით აუწერელი სასჯელებთ და ციხეში გამომწყვდეულთ ნელი ტანჯვითაც კი უღებდნენ ბოლოს, ან უბრალოდ სჯიდნენ ჩამოხრჩობით ან თავის მოკვეთით.

ძველმოწესეთა და საერთოდ ორი თითით პირჯვრისმაწერალთა წინააღმდეგ აღმართულ თავის დევნულებაში სინოდს იმდენად ავიწყდებოდა ღმრთის შიში და იმდენად აჭარბებდა თავის სისასტიკეს, რომ ზოგჯერ სახელმწიფო ხელისუფლება იძულებული იყო შეეჩერებინა სინოდი თავის ანტიქრისტეანულ თავგამოდებაში.

სინოდის თავაშვებულობის სწორედ ამგვარ შეკავებას წარმოადგენს იმპერატრიცა ეკატერინეს ეს ცნობილი სიტყვა, რომელიც მან წარმოთქვა სინოდისა და სენატის ერთობლივ კონფერენციაზე (1763 წლის 15 სექტემბერს). რუსეთის ამ ბრძენმა მმართველმა აიძულა სინოდი გამოეცა სხვა განკარგულება ორი თითით პირჯვრისმაწერალ ქრისტეანებთან დაკავშირებით, რომელიც ზემოთდამოწმებული, ადრინდელი, 1722 წლის 15 მაისს გამოცემული განკარგულების საწინააღმდეგოა. თავისი ახალი განკარგულებით სინოდი, რა თქმა უნდა, კმაყოფილი არ იყო, მაგრამ მას არ ეყო გამბედაობა წასულიყო დიდი იმპერატრიცას ნების წინააღმდეგ. ბრძენი იმპერატრიცა კი მრავალ საეკლესიო საქმეებსა და საკითხებში აიძულებდა სინოდს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, მას გაჰყოლოდა.

"სინოდის ძალაუფლება, - ნათქვამია "საღვთისმეტყველო ენციკლოპედიაში", - ძლიერ იქნა შევიწროვებული ეკატერინეს მიერ. საერო ხელისუფლების ზეგავლენით სინოდი ხშირად იყო იძულებული გაეუქმებინა თავისი ადრინდელი დადგენილებები" (т. V, стол. 339). იმპერატრიცა ეკატერინე II უყვარდა სასულიერო ხელისუფლების ჭკუის დარიგება, ის ხშირად წარმოთქვამდა თავის სიტყვებს თვით სინოდშიც და პირდაპირ ამხელდა სასულიერო პირებს "მომხვეჭელობაში" (იქვე.столб. 341). სასულიერო ხელისუფლების უკანონობის მამხილებელ თავის გამოსვლებში ეკატერინე იყო პირდაპირი, გულღია და ზოგჯერ მკაცრიც. ეს თვისებები განსაკუთრებული სიმკვეთრით გამოვლინდა მის იმ სიტყვაში, რომელიც მან წარმოთქვა სინოდისა და სენატის ერთობლივ კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა 1763 წლის 15 სექტემბერს. ამ დოკუმენტს ვაქვეყნებთ მთლიანად, ისე, როგორც ის გამოაქვეყნა ცნობილმა ერთმორწმუნე ("единоверец") მღვდელმა იოანე ვერხოვსკიმ. პირველად ეკატერინეს სიტყვა დაიბეჭდა ვ. მ. კარლოვიჩის კრებულში სახელწოდებით: "Исторические изследования, служащия к оправданию старообрядцев", III ტომში. აქედან არის აღებული ჩვენი ტექსტიც.

ჩვენი მინაწერი: ამ ტექსტიდან შესრულდა წინამდებარე თარგმანიც. თარგმნა არქიეპ. პავლემ. 2011 წ. 18 თებერვალი.
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому