სხვადასხვა - გავამარჯვებინოთ სიყვარულს! - 3 - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე

გავამარჯვებინოთ სიყვარულს!

საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში 2001 წელს მომხდარი განხეთქილების ისტორია. 1999-2001 წლის მოვლენები. ეპისკოპოს იონას († 2003 წ.) დაპირისპირება ეპისკოპოს პავლეს წინააღმდეგ: ფაქტები და განმარტებები.
იესუ ქრისტე
წინამდებარე ნაშრომი 2001 წლის ივნისში, ანუ საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის 2001 წლის განხეთქილებამდე 3 თვით ადრე, შესასწავლად და გასათვალისწინებლად გადაეცა ეპისკოპოს იონას. თხზულებაში დეტალურად არის განხილული ვითარება, რომელიც ეპისკოპოსმა იონამ შექმნა თავისი ხიბლისმიერი მდგომარეობით და ეკლესიაში დიქტატურული რეჟიმის დამყარების მცდელობით. მკითხველი დეტალურად გაეცნობა საქმის ვითარებას და ორივე მხარის არგუმენტაციას. 2001 წლის განხეთქილების წინაისტორიასა და პირობებს, რამაც მოამზადა ეს სამწუხარო აქტი.

გარდა ამისა, ჩვენი ეკლესიის სიმართლესა და ობიექტურობაში დაეჭვებულებს ვაძლევთ შესაძლებლობას უფრო დაწვრილებით გაეცნონ იმ დოკუმენტებს, რასაც ეყრდნობოდა ჩვენი მხარე ეპისკოპოს იონას მხილებასა და მასთან ევქარისტული ერთობის შეჩერებაში. ჩვენ არ გვსურს ეს ისტორია იდუმალებით მოცული დავტოვოთ ფართო საზოგადოებისთვის და მით დაეჭვების საბაბი გავუჩინოთ ვინმეს ჩვენი ეკლესიის სიმართლესა და ობიექტურობაში.

წინამდებარე თხზულებას ვაქვეყნებთ იმ მიზნით, რათა ფართო საზოგადოება გაეცნოს საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ისტორია; გაეცნოს ეპისკოპოს პავლესა და ეპისკოპოს იონას შორის 1999-2001 წლებში წარმოქმნილი უთანხმოების მიზეზებს და ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მოქმედების პრინციპებს მსგავსი პრობლემების წარმოქმნისას; უწყოდეს იმ უსამართლობის შესახებ, რაც განიცადა ფოთის იმდროინდელმა ეპისკოპოსმა პავლემ, რომელსაც ზოგიერთი პირები დღემდე ადანაშაულებენ ეპისკოპოს იონასადმი უსამართლო მოპყრობაში. ასეა თუ არა ეს დე, ამ ისტორიის მკითხველმა განსაჯოს.

ნაწილი მეორე

"ხუთი სიცრუის" განმარტება


(ყოველივეს გადმოვცემთ მაქსიმალური სიზუსტით)

(გაგრძელება)


"მეხუთე სიცრუის" განხილვა და ზოგიერთი მკრეხელობანი

ამრიგად, მივადექით თქვენეული სქემის პირველი პუნქტის ბოლო ნაწილს, რომელსაც ეწოდება "მეხუთე სიცრუე". ამ პუნქტში თქვენ აცხადებთ: "თუ წმიდა მამის მიერ ერეტიკოსის ცეცხლით დასჯის ფაქტი, რომელიც კრებაზე მაგალითად მოიყვანა მეუფე პავლემ, ნორმად აღიქმება და არავითარ შინაგან პროტესტს არ იწვევს მასში, ე. ი. არ აღაშფოთებს სიმკაცრითა და უგულობით (? - ეპ. პ.), მით უმეტეს, რაოდენ გაუგებარია მისი აღშფოთება (? - ეპ. პ.) იმ შვიდ ერეტიკოსთა სატანისადმი გადაცემის გამო".

"მე, - წერთ თქვენ, - რწმენით, არათუ სულის (? - ეპ. პ.) დაწვა და სამარადისო ცეცხლში შთანთქმა გამოვთხოვე ღმერთს, როგორც ეს იქ წმიდა მამამ ინება და გაუფრთხილებლად დაუქვემდებარა უმკაცრეს სასჯელს ერეტიკოსი. მე კი მათი მკვდარი სულების გადარჩენა მოვითხოვე უდარესი (? - ეპ. პ.) სასჯელით - წინარე გაფრთხილებებითა და მუქარით ისევე, როგორც ეს ინება თავად პავლე მოციქულმა ერეტიკოს ჰიმენევსისა და ალექსანდრეს დასჯისას, რათ მათ შეეწყვიტათ მართალი სწავლების გმობა. გაუგებარია, რა საპროტესტო (? - ეპ. პ.) მგზნებარება გაუჩნდათ იმ შვიდი ერეტიკოსის სატანისადმი გადაცემის გამო, როცა კარგად იცოდნენ, რომ ჯერ კიდევ კათაკმევლობისას მათ მიერ ანათემირებული იყო მთელი ერეტიკული სამყარო, რამეთუ სჯულის მიხედვით წყეულია ერეტიკოსი და ყველა ერესი (II მსოფლიო კრების 1-ლი კანონი)".

სამწუხაროდ, ამ ე. წ. "მეხუთე სიცრუეშიც" უამრავი უზუსტობაა დაშვებული.

დავიწყოთ იმით, რომ ხსენებულ კრებაზე დავიმოწმე მაგალითი ღირ. იოსებ ვოლოკოლამელის "პროსვეტიტელიდან" (ქართ.: "განმანათლებელი") მე-13 სიტყვა, სადაც შეკრებილია მოწმობები იმის შესახებ, რომ "მწვალებელთა არათუ განკითხვა, არამედ შეჩვენებაც გვმართებს". სწორედ ამ სიტყვაშია დამოწმებული ის ფაქტი, თუ როგორ დაწვა ლოცვით წმ. ლეონ კატანელმა მწვალებელი ილიოდორე, მაგრამ სანამ ამ ფაქტზე ვისაუბრებდე, აუცილებლად უნდა გავარკვიოთ თუ როდის და რა პირობებში იქცეოდნენ ასე მართლმადიდებლები.

წმ. იოანე ოქროპირის მიხედვით: "როდესაც მწყემსმთავარნი ხედავენ უსჯულოს ან მწვალებელს, რომლებიც არავითარ ზიანს არ აყენებს მართლმორწმუნეთა სულიერებას, თავიანთი სულიერი საძოვრისგან დაპურებულებმა მშვიდად და მოთმინებით უნდა დაარიგონ უსჯულონი. მაგრამ, თუკი ერეტიკოსები ნადირზე უმეტესად გამძვინვარდებიან და მწვალებლური და იუდაისტური მოძღვრებებით ქრისტეანთა შერყვნას შეეცდებიან, მაშინ გვმართებს ყოველგვარი მოშურნეობა და ყველა ძალის მოკრება, რათა ნადირის მიერ ერთი ცხვარიც კი არ იქნეს წარტყვევნილი ქრისტეს სამწყსოსგან.

როდესაც არას ერჩიან მართლმორწმუნეს უსჯულონი და მათ შეცდენას არ ცდილობენ, არ გვმართებს რაიმე ვნება მივაყენოთ მათ, მაგრამ როდესაც მწვალებელნი მართლმორწმუნეთა შეცდენას ცდილობენ, მაშინ არაოდენ შეძულება, ანუ განკითხვა, არამედ წყევლა, შეჩვენება და მათი ფიზიკური მოწყვლით ჩვენი ხელების კურთხევაც გვმართებს". ყოველივე ამის შესახებ მეტად ვრცლად მსჯელობს ღირ. იოსები, რომლის ეს სიტყვა ჩვენც გადმოვთარგმნეთ და ჩვენი გაზეთის, "მართლმადიდებლის" 1998 წლის მე-4 (15) ნომერში გამოვაქვეყნეთ, მაგრამ, როგორც ჩანს, თქვენ ამ ნომერს არ გაცნობიხართ.

ამდენად, როგორც ვხედავთ მწვალებელს წყევლას და მეტიც, სიკვდილს სწორედ მაშინ უქვემდებარებენ, როდესაც ისინი ერეტიკული სწავლებებით ეკლესიის არევას და ცრუ სწავლებებით ქრისტეს ერის შერყვნას ცდილობენ. გთხოვთ დააკვირდეთ, მწყემსმთავარნი არას ერჩიან მწვალებლებს, როდესაც ისინი თავიანთთვის არიან და მართლმადიდებელთა სულიერებას ზიანს არ აყენებენ. მაგრამ, როგორც კი მათ ცდუნებას შეეცდებიან, წმიდა მამები მათი სიცოფის აღსაკვეთად ყოველგვარ სულიერ ხერხსა და მათთვის უფლის მიერ მინიჭებულ ძალაუფლებას იყენებენ. აი, რას წერს ღირ. იოსები:

წმ. მოციქულთა საქმეებში წერილ არს, როდესაც მოციქულები პეტრე და იოანე სამარიას ჩამოვიდნენ, სიმონ მოგვმა მოუტანა მათ ფული და უთხრა: "მეც მომეცით ეგ ძალა, რომ ჩემგან ხელდასხმულმაც მიიღოს სული წმიდა" (საქმე მოციქულთა. 8:19). წმ. მოციქულთ ამის გამო სასიკვდილოდ როდი გაწირეს იგი, სიკვდილით ის მაშინ დაისაჯა, როდესაც სრულ უკეთურებამდე დავიდა და ღვთისმოსავ მორწმუნეთა გახრწნა და ცდუნება იწყო" (ცხოვრება წმ. პეტრესი. ხს. 29 ივნისს. შემდგომში, წმინდანთა ცხოვრების დამოწმებისას მხოლოდ რიცხვსა და თვეს მივუთითებთ).

ასევე მოიქცა წმ. იოანე ღვთისმეტყველი, სანამ კვინოპი თავისთვის იყო და არ ეხებოდა მართლმორწმუნეთ, მოციქულს იგი არ განუკითხავს, მაგრამ როდესაც ქალაქში მართლმორწმუნეთა საცთუნებლად ჩამოვიდა, სიკვდილით დაისაჯა (26 სექტემბერი).

ასე მოიქცა ფილიპეც, რომელიც მანამ არ შეხებია მღვდელმთავარს, სანამ არ დარწმუნდა, რომ იგი მართლმორწმუნეთა საცთუნებლად იყო ჩამოსული. აი, მაშინ კი დაისაჯა სიკვდილით. ასევე, არც მოციქულ პავლეს უძებნია ელიმა მოგვი დასასჯელად და არც განუკითხავს, მაგრამ როგორც კი იხილა მისი მზაკვრობა - რამეთუ ანტიპათეს შეცდენა სურდა - დააბრმავა იგი (საქმე მოციქულთა. 13:6-11).

ზუსტად ასე იქცეოდნენ წმიდა და ღმერთშემოსილი მამები, ჩვენი მოძღვრები და მღვდელმთავარნი. ასე, მაგალითად, წმ. იოანე ოქროპირი (13 ნოემბერი) სანამ დარწმუნებული იყო, რომ კონსტანტინოპოლში მცხოვრები არიანელები ჯერ კიდევ არას ერჩოდნენ მართლმორწმუნეთ, არ ცდილობდა რაიმე ვნება მიეყენებინა მათთვის, მაგრამ, როგორც კი იხილა, რომ არიანელებმა ხალხის ცდუნება და გარყვნა იწყეს და ერთარსობის საწინააღმდეგო ერთგვარი კითხვა-მიგებაც კი შეთხზეს, მაშინ მღვდელმთავარი მეფეს ამ უკანასკნელთა ქალაქიდან გაძევებას შეევედრა.

წმ. პორფირეს, ღაზელ ეპისკოპოსს (26 თებერვალი) მანამ არ განუკითხავს ღაზაში მცხოვრები მანიქეველნი, ვიდრე ისინი მართლმორწმუნეთა შერყვნას დაიწყებდნენ, მაშინ წმ. პორფირემ ჯერ დაამუნჯა, ხოლო შემდეგ სიკვდილით დასაჯა ისინი. მსგავსადვე წმ. ლეონ კატანელსაც (20 თებერვალი) უცებ არ განუსჯია სასიკვდილოდ მწვალებელი ილიოდორე, მაგრამ როდესასც ეს უკეთური ათასგვარი საცდურის საქმნელად მივიდა ეკლესიაში და მართლმორწმუნეთა დაბრკოლებას შეუდგა, გამოვიდა ლეონი ეკლესიიდან და ლოცვით ცეცხლს მისცა ილიოდორე, შემდეგ კი ისევ ტაძარში შევიდა და საღმრთო წირვა აღასრულა".

მაშასადამე, წმ. ლეონ კატანელს ერეტიკოსი ილიოდორე მანამ არ დაუსჯია, სანამ ეს უკანასკნელი საცდურის საქმნელად არ მივიდა ეკლესიაში და მართლმორწმუნეთა დაბრკოლებას არ შეუდგა. სამწუხაროა, რომ თქვენ არ გასცნობიხართ ჩვენი გაზეთის ამ პუბლიკაციას, თორემ წმ. მამაზე ასეთ სიტყვებს არ მომწერდით და წმინდანის ქმედებას არ უწოდებდით აღმაშფოთებელს, მკაცრს და რაც მთავარია, უგულოს! საინტერესოა მაინც, რატომ უნდა აღვეშფოთებინეთ წმინდანის სრულიად სამართლიან საქციელს? მისი ქმედება ხომ სრულიად მისაღებია?!

მეორეც: როგორც ხედავთ, მწვალებელი გაუფრთხილებლად არ დაუსჯია! ის მრავალგზის შეაგონებდა მას მანამ, სანამ ეს უკეთური იმდენად არ გათავხედდა, რომ თვით ეკლესიაშიც კი მოვიდა მართლმორწმუნეთა საცდუნებლად.

მესამეც: წმინდანის განჩინება, ცეცხლისთვის მიეცა ერეტიკოსი, არის არა მარტო წმ. ლეონის განჩინება, არამედ ღმრთისაც, რამეთუ, ღმერთს რომ არ მოსწონებოდა წმ. ლეონის გადაწყვეტილება, მას არ დაამტკიცებდა და ცეცხლს არ ჩამოაგზავნიდა ციდან წმინდანის ვედრების აღსასრულებლად. ამდენად, იხილეთ თქვენი მცდარი შეხედულების სიმძიმე, რომლის მიხედვითაც თურმე წმინდანმა "სიმკაცრითა და უგულობით უმკაცრეს სასჯელს დაუქვემდებარა ერეტიკოსი", რადგან ეს სიტყვები პირდაპირ მიმართულია ღმრთისკენ, წმიდა ლეონ კატანელის ვედრების აღმასრულებლისკენ.

მეოთხე: ტერმინი "ნორმად აღიქმება" არაზუსტია. უნდა იყოს "ნორმალურად აღიქმება", რადგანაც, ამგვარი დასჯა ერეტიკოსებისა საეკლესიო ნორმა ნამდვილად არ არის; მაგრამ ნორმალურია იმ გაგებით, რომ მწვალებლებს ეკლესიაში შემოჭრისა და მორწმუნეთა ცდუნების ჟამს, მწყემსს უფლება აქვს შეაჩვენოს ისინი და, თუ სასწაულთმოქმედების მადლითაც არის დაჯილდოებული, ლოცვით მოკლას კიდევაც ისინი. აი, ამის დამადასტურებელი კიდევ რამდენიმე მაგალითი ღირ. იოსების ხსენებული ნაშრომიდან:

მოციქულმა პეტრემ ლოცვით მოაკვდინა ერესიარქი სიმონ მოგვი; ასე მოიქცა წმ. იოანე ღვთისმეტყველიც, რომელმაც ლოცვის ძალით ზღვაში ჩაახრჩო მოგვი კვინოპე, ხოლო წმ. მოციქულმა ფილიპემ უბრძანა მიწას შთაენთქა მღვდელმთავარი, რომელიც უფალ იესუ ქრისტეს აძაგებდა; წმიდა მოციქულმა პავლემ სიტყვით დააბრმავა ელიმა მოგვი, ხოლო ჰიმენესი, ფილიტე და ალექსანდრე მჭედელი სატანას მისცა; იგი ბრძანებს: "თუკი მოსეს რჯულის უარმყოფელს, ორი თუ სამი კაცის მოწმობით, უწყალოდ უსჯიან სიკვდილს, როგორ გგონიათ, რამდენად უფრო მძიმე იქნება მისი სასჯელი, ვინც ფეხქვეშ თელავს ძეს ღვთისას, უღირსად მიიჩნევს აღთქმის სისხლს, რომლითაც განიწმიდა, და აგინებს მადლის სულს?" (ებრ. 10:28, 29). ეს კი აჩვენებს, რომ მოსეს სჯულის უარმყოფელზე უმკაცრეს სასჯელს უნდა ექვემდებარებოდნენ ღმრთის ძის მოკიცხარნი; წმიდა მოციქული იუდა, ძმა იაკობისა, ბრძანებს: "ზოგიერთ მეჭველს სწყალობდეთ. ზოგიერთი ცეცხლს გამოსტაცეთ და იხსენით: ზოგის მიმართაც შიშნარევი სიბრალული გქონდეთ. გძულდეთ ხორცისაგან შებღალული თვით სამოსელიც" (იუდა 1:22, 23).

წმ. ალექსანდრემ, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა (30 აგვისტო) ლოცვით მუცელი გაუხეთქა ბილწ არიოზს; დიდი საკვირველმოქმედის, ეპიფანე კვიპრელის (12 მაისი) სიტყვამ დაამუნჯა მწვალებელი აიეტი, ხოლო მეშვიდე დღეს სიკვდილსაც კი მისცა. წმ. თევდორე ედესელმა (9 ივლისი) სიტყვით დაამუნჯა ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს მაგინებელი ებრაელი. მოსემ ლოცვით დაახრჩო ფარაონი, ხოლო ილია წინასწარმეტყველმა ზეციურ ცეცხლს მისცა ორი ორმოცდაათისთავი. წმ. მოციქულმა პეტრემ სულიწმიდისგან მონიჭებული ძალაუფლებით სიკვდილს გადასცა ანანია და საპფირა (იხ. "მართლმადიდებელი", 1998 წ. 5, გვ. 22).

მეხუთე: თქვენი აქტის წმიდა მამის ქმედებასთან პარალელის გავლებით წარმოჩინდება თვენი ჰუმანურობა მწვალებელთადმი, მაშინ როდესაც ამ შედარებაში წმიდა მამა იხატება, როგორც მკაცრი და შეუბრალებელი, რლმლის ქმედება თქვენი სიტყვებით რომ ვთქვათ, "შინაგან პროტესტს" უნდა იწვევდეს ჩვენში. კერძოდ, წმ. მამა ერეტიკოსს სჯის გაუფრთხილებლად (როგორც ზემოთ ვნახეთ, თქვენ ამაში ცდებით), თქვენი კი მათი (ერეტიკოსების) დაჯა გადაწყვიტეთ წინასწარი გაფრთხილების შემდგომ; წმ მამის მიერ მწვალებლის დაწვა არის უმკაცრესი საქციელი (რაც ასევე არასწორია, თუ რატომ, განმარტებულია ღირ. იოსების ხსენებულ სიტყვაში), ხოლო თქვენი ქმედება, წმ. მამის ქმედებისგან განსხვავებით არის "უმდარესი" (რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს. სატანაზე კაცის გადაცემა ერთ-ერთი უმკაცრესი სასჯელია. უმდარესად შეიძლება მივიჩნიოთ: დაბრმავება, დამუნჯება და სხვა ამგვარი სახის სასჯელნი. სიცოცხლეში და სიკვდილის შემდეგ ეშმაკით შეპყრობილობა არის ჭეშმარიტად ერთ-ერთი უმძიმესი მდგომარეობა და სასჯელი!).

მეექვსე: რა პროტესტზეა ლაპარაკი? ჩვენ არ გამოგვითქვამს არავითარი პროტესტი! საქმე იმაშია, რომ ჩვენ ვაწარმოებდით წერილობით და სიტყვიერ პოლემიკას ოფიციალური ეკლესიისა და ასევე ზოგიერთი კონფესიის წარმომადგენლებთან. სწორედ ამ დროს გამოცხადებულ იქნა, რომ "წყვეტთ ყოველგვარ პოლემიკას მათთან" და გადასცემთ სატანას "სატანჯველად ხორცითა", რათა მათი სულები გადარჩეს განკითხვის დღეს და "მთელმა მსოფლიომ იხილოს, თუ ვისთან დგას ღმერთი".

რადგან გაზეთმა "რეზონანსმა", როგორც უკვე აღვნიშნეთ, თქვენს წერილს მიაწერა "სტაროვერები მოძღვრებს სატანაზე გადაცემით ემუქრებიან", ამ საქმეში გარეულები აღმოვჩნდით ყველანი. ამდენად, რაკიღა მკითხველისთვის და თვით გაბატონებულ და მისგან გამოყოფილი კონფესიებისთვის უცნობი გახდა თუ ვინ იღებდა კონკრეტულად პასუხისმგებლობას ამ წერილზე და, რადგანაც თქვენგან განსხვავებით ჩვენ (მე და ზ. ნოდია) არ ვაპირებდით პოლემიკის შეწყვეტას მწვალებლებთან, საჭიროდ მივიჩნიეთ აღგვენიშნა, რომ თქვენს ამ დამოუკიდებელ ნაბიჯს ვემიჯნებით. ამდენად, ჩვენს ამ განცხადებაში არ არის არავითარი პროტესტი.

ასე, რომ თქვენი აღშფოთება და გულისწყრომა კვლავ და კლავ, უკვე მერამდენედ ეფუძნება პირად ეჭვებს და ამ ეჭვიანობის გამო, სამწუხაროდ, იბადება სრულიად უსაფუძვლო ბრალდებანი.


რას ნიშნავს "სატანაზე გადაცემა" და ერეტიკოსთა ანათემირებისთვის (წყევლისთვის)


ახლა კი რაც შეეხება "კათაკმევლობის დროს ჩვენს მიერ ანათემირებულ მთელ ერეტიკულ სამყაროს". იმთავითვე ვიტყვით, რომ აბსოლუტურად არასწორი პარალელია გავლებული თქვენს მიერ განხორციელებულ აქტსა (7 მწვალებელი მღვდლის სატანაზე გადაცემისა) და მოსანათლავ მორწმუნეთა მიერ, კათაკმევლობის მიღებისას წარმოთქმულ უარყოფის ლოცვას შორის, სადაც ანათემას (და არა სატანას) გადაეცემიან ერეტიკოსები.

წმ. პავლე მოციქული ბრძანებს: "როგორც ამბობენ, დაწყებულა თქვენში მრუშობა და თანაც ისეთი მრუშობა, რომლის მსგავსი არ სმენიათ თვითონ წარმართთაც, რომ ვიღაცას მამის ცოლი თურმე ცოლად ჰყავს. თქვენ კი ქედმაღლობთ, ნაცვლად იმისა, რომ გეგლოვათ და მოგეკვეთათ ამნაირი საქმის ჩამდენი. ხოლო მე - თუმცა შორსა ვარ ხორცით, მაგრამ თქვენთან ვარ სულით, - უკვე მსჯავრი დავდე, როგორც თქვენს შორის მყოფმა, ამ უკეთურების მოქმედს. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, როცა თქვენთან იქნება ჩემი სული, უფალ იესუს ძალით, - სატანას მიეცეს ხორცით სატანჯველად, რათა სული ხსნილ იქნეს უფალ იესოს დღეს" (1 კორინთ. 5:1-5).

"გადაეცეს ეშმაკს (სატანას)" - ეს გამოთქმა გვხვდება კიდეევ ტიმოთესადმი მიწერილ ეპისტოლეში (1 ტიმ. 1:20). კომენტატორთაგან ერთნი ამ გამოთქმაში ეკლესიიდან უბრალო მოკვეთას ხედავენ, მაგრამ ასეთი კომენტატორები ყურადღების მიღმა ტოვებენ გამოთქმებს: "უფალ იესუს ძალით... ხორცით სატანჯველად" (1 კორ. 5:1-5). გარდა ამისა ტიმოთესადმი მიწერილ ეპისტოლეში (1 ტიმ. 1:20) მოხსენიებული ჰიმენესი და ალექსანდრე სატანას გადაეცნენ, რათა ღმერთი არ ეგმოთ, მაგრამ განა ეკლესიიდან მოკვეთა აიძულებდა მათ, არ ეგმოთ ღმერთი? სხვები სიტყვებში "სატანჯველად ხორცითა", ხედავენ დამნაშავის გადაცემას სატანაზე, რათა ამ უკანასკნელმა მისთვის დამახასიათებელი ბოროტებითა და სისასტიკით ტანჯოს ცოდვილი... და ამ სხეულებრივმა, ხორციელმა სატანჯველებმა, რომლებიც უნდა განიცადოს ცოდვილმა ეშმაკისგან (ეს სატანჯველი შეიძლება იყოს რაიმე დაავადებაც), გონს უნდა მოიყვანოს იგი და შთააგდოს სინანულში" (Толковая Библия, или коментарий на все книги Св. Писания Ветхого и Нового Завета, кн. 3. Новый Завет, С. Петербург. 1911-1913. Репр. Стокгольм. 1987 г.).

ამრიგად, სატანაზე გადაცემა, ეს არის განსაკუთრებული ქმედება, როდესაც სატანაზე გადაცემულში შედის ეშმაკი ან ეძლევა უფლება რაიმე დაავადებით დააუძლუროს ადამიანი, ან მოკლას თუ არ შეინანებს (შეად. საქმე 5:1). მეორეს მოსვლის წინ, უფლის დაშვებით ბორკილაყრილ ეშმაკს გადაეცემა უკეთურ საქმეებსა და განდგომილებას მიცემული მთელი კაცობრიობა. "აპოკალიფსისში" აღწერილი აპოლიონის ჯარი ამოსვლა ჯურღმულებიდან ამის ნათელი დასტურია. მაშინ, იმ უმძიმეს ჟამს, უმწარესად დაისჯებიან სწორედ ეკლესიისგან განდგომილი, ღვთის მგმობნი და წარმართები. ის, რაც დღემდე თითო-ოროლა ცოდვილზე ვრცელდება, მაშინ მასობრივად მოიწევა უღვთოებზე.

თქვენ ამბობთ, რომ სატანაზე გადაცემის აქტში არაფერია უკანონო, რადგან კათაკმევლობის მიღებისას, უარყოფის ლოცვებში ჩვენც დაგვიწყევლია და ანათემაზე გადაგვიცია უამრავი მწვალებელი. დიახ, ეს მართალია! უკანონო აქ ნამდვილად არაფერია, მაგრამ არსებობს ერთი გარემოება, რაც ერთმანეთისგან განასხვავებს უარყოფის ლოცვებში წარმოთქმულ ანათემატიზმებს თქვენს მიერ განხორციელებული აქტისგან. კერძოდ, ზემოთ აღვნიშნე, რომ ანათემა, ან ეკლესიიდან მოკვეთა მართლაც გულისხმობს სატანაზე გადაცემას, ანუ, როდესაც ადამიანს წმ. ეკლესიიდან მოიკვეთავენ, ის სატანას გადაეცემა, რამეთუ მას ჩამოსცილდება ბოროტ ძალთაგან დამცავი მადლისმიერი ზღუდე და ადვილად მოწყვლადი ხდება. ამ თვალსაზრისით, სატანაზე გადაცემა და ეკლესიიდან მოკვეთა თითქმის იდენტური შინაარსის შემცველი ცნებებია.

წმ. იოანე ოქროპირი თავის ჰომილიაში "წყევლის შესახებ" (იხ. Творения. Т. I, кн. 2) ბრძანებს, რომ მართლმადიდებელ ადამიანს საერთოდ არ უნდა უთხრა ანათემა, რამეთუ ეს სრულიად მოჰკვეთს მას და გადასცემს ეშმაკს. ასე, რომ ამდაგვარს უკვე სულის ცხოვნებისთვის ადგილიც კი (ე. ი. ეკლესია - ეპ. პ.) აღარ რჩება, რამეთუ ის, ვინც ანათემირებულ იქნა, გაუცხოებულია ქრისტესგან, მართლმორწმუნეთა საკრებულოსგან და სატანის ლუკმად მიიქცევა. და, როგორც ღვთისადმი შეწირული გამოეყოფა ჩვეულებრივ საგნებს, ასევე სატანაზე გადაცემულიც (ოღონდ პირიქით) ღვთაებრივს გამოეყოფა" (იხ. მათე ბლასტარისის "სინტაგმა". A. თავი 7-ე).

როდესაც უარყოფის ლოცვებში ანათემას ვუთვლით ერეტიკოსებს და მათაც, ვინც ცნობით თუ უმეცრებით ეწინააღმდეგება საეკლესიო სწავლებას, ამით ჩვენ კი არ გადავცემთ მათ სატანას, არამედ, ჯერ ერთი, ჩვენს ხმას ვუერთებთ ეკლესიას და წმ. მამათა მიერ ერეტიკოსებზე გამოთქმულ განჩინებას ვადასტურებთ; და მეორეც, ყველ ადამიანი, ვისაც ნებაყოფლობით დაუყენებია თავი ეკლესიის გარეთ, ვაფრთხილებთ, რომ ისინი თავიანთი მდგომარეობის გამო გადაცემულნი არიან სატანას და ამით სინანულად და ამ უბადრუკი მდგომარეობიდან გამოსვლისკენ აღვძრავთ და ვაუწყებთ, რომ მოკლებულნი არიან ცხოვნებას, თუ ეკლესიას არ შემოუერთდებიან.

ამრიგად, ის უმთავრესი მომენტი, რომელიც ერთმანეთისგან განასხვავებს თქვენს აქტს (ერეტიკოსის სატანაზე გადაცემას, რაც თავის მხრივ წმ. პავლე მოციქულის ქმედებას ეფუძნება), კათაკმევლობის მიღებისას წარმოთქმულ უარყოფის ლოცვისგან - არის სიტყვები: "ძალითურთ უფლისა... მიეცეს ეშმაკს სატანჯველად ხორცითა". ამ სიტყვებს უარყოფის ლოცვებში არსად ვამბობთ! კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ანათემა (ეკლესიიდან მოკვეთა და მით სატანაზე გადაცემა), როგორც ეკლესიიდან სრული მოკვეთის აქტი, განსხვავდება სატანაზე ამგვარი გადაცემისგან, როდესაც ადამიანი ეშმაკს გადაეცემა ხორცით სატანჯველად! რაც, სხვათა შორის, ღვთის უხილავი მსჯავრით და ხილული, ეკლესიური თუ პიროვნული მსჯავრით (როგორც ამას წმ. მოციქულები და სასწაულთმოქმედი წმ. მამები იქმოდნენ) შესაძლებელია ეკლესიიდან მოუკვეთლად (ანუ ანათემის გარეშეც) ეკლესიის წევრზეც აღსრულდეს (როგორც მოხდა ეს, მაგალითად, ერთ-ერთ ჩვენთვის კარგად ცნობილ თქვენს სულიერ შვილზეც და ამის მაგალითები საკმაოდ ბევრია).

ამრიგად, თქვენს მიერ 7 კაცის სატანაზე გადაცემა "სატანჯველად ხორცითა", რათა სული გადარჩეს განკითხვის დღეს, კათაკმევლობაზე, უარყოფის ლოცვების წარმოთქმისას განჩინებულ ანათემისგან ძირეულად განსხვავდება და პირდაპირ გულისხმობს სატანის, ანუ ეშმაკის მიერ კაცის ხორციელად დატანჯვას. ამის აღსრულება, მათდამი მინიჭებული სასწაულთმოქმედების ძალით შეეძლოთ მხოლოდ წმ. მოციქულებსა და მამებს.

ახლა რაც შეეხება იმას, თუკი ამ საკითხებზე ასეტი შეხედულება გვქონდა, წინასწარ რატომ არ გაგაფრთხილეთ. მოგახსენებთ: ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: მე გამოვთქვი ეჭვი შესძლებდით თუ არა ასეთი სასწაულის აღსრულებას. წინააღმდეგობის გაწევა არ შემეძლო, რადგან ღრმად იყავით დარწმუნებული, რომ ჭეშმარიტად ეს ხალხი სატანას მიეცემოდა სატანჯველად. ჩემს გასამტყუნებლად ახლა ადვილია ამაზე ლაპარაკი თუ რა უნდა მომემოქმედნა მაშინ, მაგრამ არავინ არ ითვალისწინებს ჩემს მდგომარეობას.

ჯერ ერთი, მე დარწმუნებული არ ვიყავი, რომ მართლა ვერ შეძლებდით ამას; მიუხედავად იმ კანონზომიერი სვლებისა, რაც სულიერ ცხოვრებაში ამაღლებას და მადლშემოსილობას გულისხმობს, ღმრთის ნება ყოველთვის ერთნაირად არ ვლინდება. ესეც არ იყოს, ჩემთვის უცნობია თქვენი დაფარული ღვაწლი. შესაძლოა მე ხიბლად მივიჩნიო ესა თუ ის გადაწყვეტილება, მაგრამ წინააღმდეგობას მას ვერ გავუწევ, რადგან არ ვიცი, რის საფუძველზე ღებულობს ადამიანი ამგვარ გადაწყვეტილებას. მისი სისწორე თუ ცდომილება მხოლოდ განზრახულის სისრულეში მოყვანის შემდეგ თუ დადგინდება.

ამიტომაც, დაველოდე ამ აქციის ჩატარებას და იმაზე მეტი წინააღმდეგობა არ გამიწევია, ვიდრე ეს ეჭვის გამოთქმაა. შეიძლება ეს ჩემი გამოუცდელობის ბრალიცაა, ამისთვის ნუ განმიკითხავთ და ნურც რაიმეს მიწყენთ. მეტიც, ნუ მაბრალებთ, თითქოსდა "ხაფანგის" მომწყობი ვიყო. ხაფანგს ის აწყობს, ვინც კაცს ჯერ ცუდ საქმეზე წააქეზებს, შემდეგ კი შედეგის გამო თავზე დააცხრება. მე არც ერთი მიქნია და არც მეორე!

მეორეც, მე თქვენ არ წამიქეზებიხართ! პირიქით, ეჭვიც კი გამოვთქვი, შეძლებდით თუ არა ჩანაფიქრის აღსრულებას. თქვენ წაგაქეზათ თქვენმა სულიერმა შვილმა, ირინამ, როგორც თავად მაუწყა და ამიხსნა, რომ მარალია, თქვენ არ გინდოდათ მათი სატანისთვის გადაცემა, მაგრამ მან (წმ. წერილის მისეულ, მცდარ გაგებაზე დაფუძნებით) მთელი ორკვირიანი დაჟინების შემდეგ, ამ ნაბიჯის გადადგმა გადაგაწყვეტინათ.

რაც შეეხება საქმის შემდგომ მსვლელობას, მე არც ამ აქტის გამოცხადების შემდეგ "ჩამიწიხლავს" და "შემირცხვენია" ჩემი პირველი იერარქი, როგორც ცდილობს ამის წარმოჩენას და სხვების დარწმუნებას ზოგიერთი თქვენი "კეთილმოსურნე".



არქიეპისკოპოსი იონა (უკანა პლანზე, ზის ამბიონზე დადგმულ მაგიდასთან) და ახალმოწესე ეპისკოპოსი ქრისტეფორე წამალაიძე (დგას კათედრასთან და ქადაგებს) ბაპტისტურ ტაძარში ე. წ. "სიყვარულის საღამოზე". წამალაიძის უკან ზის ქართველი ბაპტისტების ლიდერი მალხაზ სონღულაშვილი. თბილისი, 2002 წ. (სურათი გადაღებულია 2001 წლის განხეთქილების შემდეგ).


ზოგიერთი კანონიკური საკითხის შესახებ

ამრიგად, ჩვენი ე. წ. "ხუთი სიცრუის" ჩამოყალიბებისა და ამ "სიცრუეებში" ჩვენი "მხილების" შემდეგ (სადაც, როგორც ნახეთ, არ აღმოჩნდა არავითარი სიცრუე, რასაც თვალნათლივ ქვემოთ სხვა მხრივაც დაგიმტკიცებთ - და სადაც თავად აღმოგაჩნდათ უამრავი შეცდომა) თქვენი სქემის ამ პირველი ნაწილის დასკვნით პუნქტებში ერთგვარი კანონიკური ხასიათის ბრალდებებსაც აყალიბებთ. აი ისინიც (ნუმერაცია ჩვენია - ეპ. პ.):

"1) ეპისკოპოსი, რომელიც თავის სამრევლოს უულებელყოფს, მოკლებული უნდა იქნეს ზიარებას (იხ. ქართული სჯულისკანონი. კართაგენის 123-ე კანონი, საქ. ეკლესიის "კალენდარი", 1987 წ.).

2) თუ ეპისკოპოსი თავის განსაგებელში, ე. ი. სამრევლოში არ იზრუნებს მწვალებლებთან ბრძოლასა და მათ მოქცევაზე, იგი უნდა ამხილონ მეზობელმა ეპისკოპოსებმა და აუწყონ მისი დაუდევრობა, რათა სიტყვის შებრუნებაც ვერ მოახერხოს. ხოლო თუ მხილების დღიდან 6 თვის განმავლობაში იგი ეპარქიაში იმყოფება და არ იზრუნებს კათოლიკურ ერთობაზე იმათ მოქცევის შესახებ, რომელთათვის საჭიროა მისი ზრუნვა, ამნაირ ეპისკოპოსს ნუ ექნება ერთობა სხვა ეპისკოპოსებთან და მღვდლებთან, სანამ არ შეასრულებს მისდამი წაყენებულ მოთხოვნებს, ხოლო, თუ ორგულობითა და მზაკვრული მოსაზრებით იმ ადგილას არ მივა, თავის სახელს ნუღარ დაწერს ეპისკოპოსად" (კართაგენის 123-ე კანონი).

3) აკი თავად ხედავთ, რჯულის კანონი კატეგორიულობით მოითხოვს ეპისკოპოსისთგან მწვალებელთა მოქცევას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩინის აყრით ემუქრება. მეუფე პავლეს ევალებოდა არა ჩემი განკითხვა, ერეტიკოსთა დასჯის გამო, არამედ პასუხის მოთხოვნა მათი დაუსჯელობის შემთხვევაში.

4) და თუკი მე არ ვიზრუნებდი ჩემს სამწყსოში მგოფ ერეტიკოსთა მოქცევაზე, კანონი მე თვითონ დამსჯიდა.

5) იგივე სასჯელი დამედებოდა, თუ არ ვეცდებოდი კომუნისტების გაქრისტიანებასაც, რაც ერთხელ და სამუდამოდ კარგად უნდა გაიგონ ზედმეტად მეჭველებმა.

6) განა ზემოთ წარმოჩენილი კანონები იმავე სასჯელს არ ადებენ მეუფე პავლეს? მან კი ერეტიკოსთა დაცვის გამო, საკუთარი ეკლესიის ნგრევა (? - ეპ. პ.) დაიწყო.

7) ზოგს შეიძლება ჰგონია, რომ ერეტიკოსებში იგულისხმება მხოლოდ ეკლესიის წიაღიდან გასული წევრები, რომლებიც ეზიარნენ ცრუ სწავლებას. ვნახოთ, როგორ განმარტებას იძლევა ზონარა: (трехтолковая Кормчая. Карфаген. 137), რაც შეეხება ქართულ სჯულის კანონს, კართაგენის 123-ე კანონსა და "კორმჩაიას" 123: "დონატისტებს" ჰყავდათ თავიანთი ეპისკოპოსები და გააჩნდათ თავიანთი მეტრიკები, ანუ აღწერა იმისა, რაც მათ ეკლესიებს ეკუთვნოდა. ამრიგად, კანონი ამბობს, რომ, თუ მართლმადიდებელი ეპისკოპოსი დაუდევრობს ერეტიკოსთა კათედრების მითვისებაში და არ იზრუნებს მათზე, რომელიც მოქცეულ უნდა იქნენ კათოლიკე ეკლესიაში... მაშინ არავინ არ უნდა იქონიოს მასთან ერთობა".

8) ამ შემთხვევაში დონატისტებთან შეიძლება გავაიგივეოთ ნიკონიანური ეკლესია თავისი კათედრებით, რომელთა მოქცევაც, როგორც ხედავთ, ჩვენი სამოძღვრო ღვაწლის კომპეტენციაში შედის.

9) ყოველივე ამის შემდეგ, შეიძლება დავადგინოთ: ეს ცრუ აჩუყება გულისა კიდევ ერთი შტრიხია ჩემი, როგორც გულქვა და ამპარტავანის პორტრეტის დასახატად, ხოლო მეორე მხრივ, საკუთარი თავის წარმოსაჩენად გულმოწყალედ და ლმობიერად".

ყოველივე ამაზე უნდა ითქვას, რომ:

1) ერეტიკოსთა დასჯის მოთხოვნის უფლება მე მხოლოდ მაშინ მაქვს, როდესაც ეს ერეტიკოსები აშკარად ან ფარულად შეეცდებიან ჩვენს ეკლესიაში შემოჭრას და დაიწყებენ მორწმუნე ერის, ანუ ჩვენი ეკლესიის მრევლის ცდუნებას. სხვა შემთხვევაში, როგორც ეს ზემოთ ვნახეთ, როდესაც ერეტიკოსები ჩვენ ხელს არ გვიშლიან, არიან თავისთვის და არ გვირევენ ეკლესიას, მათ დასჯას ვერავის მოვთხოვთ. უფრო დეტალურად როდის, და რომელ შემთხვევაში სჯიან ეპისკოპოსები ერეტიკოსებს, იხ. "მართლმადიდებელი", 1998 წ. № 4. ღირ. იოსებ ვოლოკოლამელის 13-ე სიტყვა.

2) სხვადასხვა მწვალებელთა დასჯასა და მოქცევაზე მსჯელობისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ:

დასჯა გულისხმობს ადამიანის (ჩვენს შემთხვევაში ერეტიკოსის) დაპატიმრებას, სიკვდილით დასჯას (რასაც ქრისტეანული მთავრობა ახორციელებს), ეშმაკზე გადაცემას (თუ ეპისკოპოსი ან პრესვიტერი სასწაულთმოქმედია, ის განახორციელებს კიდეც ამას, მეტიც, ამგვარი აქტის შესრულება ძალუძს სასწაულთმოქმედ და მადლშემოსილ ბერ-მონაზვნებსაც. ეკლესიას ამისი მრავალი მაგალითი მოეპოვება), ეკლესიიდან მოკვეთა (თუ ერეტიკოსი ეკლესიის წევრი აღმოჩნდება) და ა. შ.

ხოლო მოქცევა გულისხმობს სიტყვიერ შეგონებას, მართლმადიდებლური სწავლების მიწოდებას, მწვალებელთა ცრუ სწავლების მხილებას. თუ გვეტყვით, რომ "ხორცით სატანჯველად" სატანაზე გადაცემა იმ მიზნით, რომ სული გადარჩეს განკითხვის დღეს, ასევე მოქცევის საშუალებაა, ვფიქრობ ეხება ეკლესიაში "მოღვაწე" ერეტიკოსებს და არა მის გარეთ მყოფთ, რამეთუ თუკი ერეტიკოსი სატანის მიერ დაისჯება განკითხვის დღემდე (ანუ სიკვდილამდე) და სიკვდილის შემდეგ ის განკითხვის დღეს აღდგება პასუხისგებად, ერეტიკოსადვე დარჩენილის სული რანაირად ცხონდება?

ხოლო თუ ის ამ სატანჯველთა შიშით სიცოცხლეშივე მოექცევა, ცხადია, ცხონდება. მაგრამ ზემოთ დამოწმებული წმ. მამები ერეტიკოსთა მოსაქცევად დასჯის ამ მეთოდს იშვიათად მიმართავდნენ. თანაც დასჯა (დაპატიმრება ან სიკვდილით დასჯის შიში) ერეტიკოსის მოქცევის საკმაოდ არაეფექტური მეთოდია, რამეთუ დასჯის შიშით ის შეიძლება "მოექცეს", ანუ დათანხმდეს მართლმადიდებლურ მრწამსს, მაგრამ ფარულად, გულის სიღრმეში ერეტიკოსადვე დარჩეს. ამის კლასიკური მაგალითია არიოზი, რომელიც ჯერ დასაჯეს (საპყრობილეში ჩაამწყვდიეს), ხოლო "სინანულის" შემდეგ გაათავისუფლეს და რა, - მიიღეს ფარული ერეტიკოსი, რომელიც უფრო მეტი სიფრთხილით და მონდომებით შეუდგა თავის ბილწ საქმიანობას.

საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ასევე პატივის აყრითა და დაპატიმრებით დასაჯა ერეტიკოსი კათალიკოსი ანტონ პირველი, მაგრამ თუ რა მოხდა ამ მისი "სინანულისა" და გათავისუფლების შემდეგ, კარგად უწყით (იხ. ჩემი "ქართული ეკლესიის რუსული ფიზიონომიის შემოქმედი". ანტონ პირველი კათალიკოსი. თბილისი. 1999 წ.).

რაც შეეხება დასჯის მეორე ფორმას, სატანაზე გადაცემას "სატანჯველად ხორცითა" ან რაიმე სხვა სხეულებრივი ავადმყოფობით მოწყვლას და ა. შ. ეს მხოლოდ საკვირველთმოქმედ და მადლშემოსილ მამებს ძალუძთ და არა ჩვენ, ჩვეულებრივ ეპისკოპოსებს, რომელთაც ამგვარ მადლშემოსილობამდე წინ საკმაოდ დიდი მანძილი გიძევს.

3) თუ პასუხის მოთხოვნაზეა ლაპარაკი, მეც შემიძლია მოგთხოვოთ პასუხი თქვენი სიტყვებისთვის, რომ "რეზონანსში" თქვენი წერილის პუბლიკაციის შემდგომ წყვეტთ პოლემიკას ერეტიკოსებთან. თუ ერეტიკოსებთან სიტყვიერ და წერილობით პოლემიკას შეწყვეტთ, მაშინ გამოდის, რომ თავს თქვენი სასწაულთმოქმედების ძალით ინუგეშებთ, რომ როგორც სასწაულებით მოპაექრეს, მათთან სიტყვიერი და წერილობითი პოლემიკა უკვე აღარ დაგჭირდებათ. მე ასეთი გადაწყვეტილება ხიბლისმიერად მეჩვენება. მანამ სანამ სასწაულთმოქმედი გახდებოდეთ, გთხოვთ სიტყვით და კალმით იბრძოლოთ, თუ არადა კართაგენის ხსენებული კრების 123-ე კანონი ნამდვილად შემოგიბრუნდებათ, როგორც ერეტიკოსების წინააღმდეგ დადუმებულ ეპისკოპოსს.

4) ხსენებული 7 ერეტიკოსი თქვენს სამწყსოს არანაირად არ განეკუთვნება და ვერ გამიგია, რის საფუძველზე წერთ: "თუკი არ ვიზრუნებდი ჩემს სამწყსოში მყოფ ერეტიკოსთა მოქცევაზე კანონი მე თვითონ დამსჯიდა"? სატანაზე გადაცემული 7 ერეტიკოსი გაბატონებული, "მართლმადიდებელი" კონფესიის წევრები არიან და როგორ ახერხებთ მათ "ჩემი სამწყსო" უწოდოთ?

თქვენი სამწყსო შემოიფარგლება მხოლოდ ჩვენი ეკლესიის წევრი ძველმართლმადიდებელი ქრისტეანებით! და ის არანაირად არ ვრცელდება სხვა კონფესიებზე, როგორც პირიქით, მათი სამწყსო და იურისდიქცია არ ვრცელდება ჩვენზე! თუ თქვენ ამ 7 ახალმოწესე ერეტიკოსს კი არა, ნამდვილად თქვენს სამწყსოში არსებულ ერეტიკოსებს გულისხმობთ, გვიკვირს, რატომ დღემდე არაფერი მსმენია მათზე? ვინ არიან ისინი? რატომ არ იცნობს მათ ეკლესია? თქვენ არა გაქვთ უფლება დაფაროთ მათი ვინაობა! არადა ეს ვითარება შეიძლება კიდევ ერთი ბრალდების საფუძველი გახდეს.

5) კომუნისტების გაქრისტეანება კარგია, მაგრამ მხოლოდ ახალმოწესეებზე და კომუნისტებზე რომ "ზრუნავთ", ე. წ. "კათოლიკეებმა", ბაპტისტებმა, იეღოველებმა, გრიგორიანელებმა (სომხებმა) და სხვა ათასი რჯულის სექტანტებმა "რაღა დააშავეს"? ისინი რატომ არ გადაეცით სატანას? იქნებ ისინიც მოქცეულიყვნენ?!

6) ზემოთ წარმოდგენილი კანონები მე, ეპისკოპოს პავლეს, არავითარ შემთხვევაში სასჯელს არ მადებენ, რადგან:

1. ერეტიკოსები (არც ახალმოწესე "მართლმადიდებლები" და არც სხვა რომელიმე) არასოდეს დამიცავს (ნუმც იყოფინ!). ზემოთ უკვე აღვნიშნე და აქ კვლავ გულისტკივილით გავიმეორებ, რომ მიუხედავად იმისა, ჩვენი გაზეთი "მართლმადიდებელი" აგერ უკვე სამი წელიწადია გამოიცემა, მის არც ერთ ნომერს არ გასცნობიხართ! არ გაცნობიხართ ჩემს არც ერთ პუბლიკაციას! არც ანტონ პირველ კათალიკოსის მოღვაწეობის სამხილებელ ბროშურას და არც ბ-ნ გ. გაბაშვილის სამხილ წიგნს "ვიდრე ჰხუალ... მორწმუნეო?!"-ს.

დიახ, არ გასცნობიხართ! რომ გასცნობოდით, ასეთ აბსურდულ ბრალდებებს არ წამომიყენებდით! თანაც, ასე გაბედულად "ერეტიკოსთა დაცვის (!) გამო, საკუთარი ეკლესიის ნგრევაც" კი დამწამეთ. მესმის, შეიძლება რაღაც გეწყინოს ადამიანს, რაღაც ვერ გაიგო, მაგრამ წამოაყენო ასეთი უმიზეზო ბრალდება, ნიშნავს, საერთოდ არ იცნობდე ვინ დგას შენს გვერდით! თუ დღემდე ვერ შეგინიშნავთ ერეტიკოსებს ვებრძვი თუ ვეხმარები, ან ეკლესიას ვანგრევ თუ ვაშენებ, გთხოვთ გაეცნოთ ჩემს პუბლიკაციებს, გაესაუბროთ ჩემს მრევლს, ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში ჩემს მიერ მოქცეულ მორწმუნეებს! აქვე იმასაც გეტყვით, რომ თუ თქვენს კონკრეტულ ღონისძიებას ვემიჯნებით (თუ რატომ ზემოთ მოგახსენეთ), ეს სრულიადაც არ ნიშნავს ეკლესიის დანგრევას და ერეტიკოსთა დაცვას. უბრალოდ, მე მათთან ბრძოლის სხვაგვარი მეთოდი ავირჩიე და ეს ჩემი უფლებაა!

გთხოვთ, ერეტიკოსებთან ბრძოლის საკუთარ მეთოდებს ან გზებს, რომელთაც თქვენ უპირატესობას ანიჭებთ, ნუ დაისახავთ ერთადერთ გზად, თორემ ბრძოლის მისგან განსხვავებული მეთოდების შეფასებისას ყოველთვის დაუშვებთ ასეთ შეცდომებს, რაც თქვენს, როგორც განათლებული ადამიანის იმიჯს არ წაადგება.

7) როდესაც დონატისტებსა და ახალმოწესე ნიკონიანელებს ერთმანეთს ადარებთ და წერთ თითქოსდა კართაგენის 137-ე კანონის მიხედვით უფლება გაქვთ მიითვისოთ ერეტიკოსთა კათედრები და ყოველივე, რაც მათ აღწერის მიხედვით ეკუთვნით... და ა. შ., დიდად სცდებით.

ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ხსენებულ კანონში ლაპარაკია ისეთ სქიზმაზე (დონატისტებზე), რომლებიც თავიანთი ტაძრებითურთ გამოეყვნენ ეკლესიას. ცხადია, ეს ტაძრები, აშენებული მართლმადიდებელთა მიერ, ეკუთვნოდა მართლმადიდებლურ ეკლესიას და არა დონატისტებს, რომელთაც ის მიისაკუთრეს. ამიტომაც, ეპისკოპოსებს უნდა ეზრუნათ მათ (დონატისტთა) მოქცევაზეც და ტაძართა დაბრუნებაზეც.

მეორეც, ჩვენ ასეთ ღონისძიებებს (ვგულისხმობ ტაძრების დაბრუნებას) ვერ ჩავატარებთ, რადგან ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის დიდი ნაწილი დღეს ეკუთვნის ძეგლთა დაცვის სამმართველოს, ნაწილი კი გაბატონებულ ეკლესიას. თანაც ამ ტაძრის დიდ ნაწილს რესტავრირება ჩაუტარეს სწორედ მათ, რის გამოც მათი დაბრუნება მეტად ძნელ საქმედ მესახება. თუ თქვენ შეგიძლიათ თუნდაც ერთი ტაძრის დაბრუნება, სცადეთ, მე ამ საქმესი უცილობლივ მხარში ამოგიდგებით. ხოლო თუ აქ ლაპარაკია არა უბრალოდ ტაძარზე, არამედ კათედრაზე, რაც ამასთან ერთად, კონკრეტული მწვალებლური სამწყსოს მოქცევას გულისხმობს, სიტყვა მითვისება დღევანდელ სიტუაციაში მეტად უადგილოდ ჟღერს.

საგულისხმოა, რომ ამგვარი პრეტენზიები (ჩემს ეპარქიაში რატომ ქადაგებენდა ტაძარს რატომ აშენებენო) გამოდიოდა ახალმოწესე, ოფიციალური ეკლესიის ფოთის ეპარქიის ე.წ. "ეპისკოპოსი" გრიგოლი და ცდილობდა ხელი შეეშალა ჩვენთვის. თქვენმა ამგვარმა განცხადებამ კი შესაძლებელია ანალოგიური ღონისძიების სურვილი აღუძრას ბ-ნ გრიგოლს. მოდი, კარგად დავფიქრდეთ, რას ვწერთ და რას ვითხოვთ. ასე, რომ "ერეტიკოსთა კათედრების მითვისებას" ნუღარ ვჩივით, იმას ვეცადოთ, საკუთარი სახსრებით აშენებული ტაძრები არ დავკარგოთ.

8) რაც შეეხება ახალმოწესე "მართლმადიდებელთა" მოქცევას, ამ საქმეში ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.

9) არ მესმის, გული ვისზე აგვიჩუყდა, - ერეტიკოს ახალმოწესეებზე? ნუ მიწყენთ, მაგრამ ასეთი დასკვნა თქვენი გულაჩვილების და ჩვენი განცხადების ვერგაგების შედეგია. ვფიქრობ, ასეთი ირონიული პასუხები თქვენი მიამიტური წყენიაობიდან გამომდინარეობს და მას არავითარი რეალური საფუძველი არ გააჩნია.

რამდენად "გვიჩუყდება" გული ნიკონიანელ სატრაპებზე, რომლებიც გასაქანს არ აძლევენ ჩემს ბროშურებს, ჩვენი ეკლესიის გაზეთს, კარგად ჩანს "მართლმადიდებელის" ბოლო, 1999 წლის 1 ნოემბრის ნომრიდან, სადაც მოთავსებულია ჩემი კერძო მიმართვა "პატრიარქ" ილია II და ქ-ნ შორენა დარჩიასადმი, რომელიც სექტანტებს გვეძახის (იხ. "ბოროტეულის გამამართლებელი და მართლის გამამტყუნებელი"). სხვათა შორის ვაპირებ ჩემი წერილების რუსულად თარგმნასაც და მათ გამოქვეყნებას ეპარქიის გაზეთში, რათა რუსებმაც გაიგონ, როგორ "ვეფერებით" და როგორ "გვიჩუყდება გული" ნიკონიანელ ერეტიკოსებზე.

რაც შეეხება იმას, თითქოსდა ჩვენ ვცდილობთ დავხატოთ თქვენი, როგორც გულქვა და ამპარტავანი ადამიანის პორტრეტი, ვფიქრობ, ეს კვლავ თქვენი ეჭვიანობის და ჩვენი განცხადების ვერგაგების შედეგია. ჩვენს საკმაოდ მცირე მოცულობის განცხადებაში "დახატული" არ გახლავთ არავითარი "პორტრეტი".
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому