არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)
ეპისკოპოსის გასამართლების შესახებ
ეპისკოპოსის გასამართლების შესახებ
ზემოთ ფოტოზე: წმ. ილია წინასწარმეტყველის სახელობის ძველმართლმადიდებლური ტაძარი (უმოქმედოა).
საღმრთო რჯულისკანონი, რომელიც "სულის საყვირთა მიერ არის დასხმული", ყოველ საქმეში სამართლიანობასა და სიმართლეს ითხოვს, ხოლო "სიმართლე, ეს მტკიცე და მუდმივი ნებელობაა, მიაგოს ყველას საქმეთა მათთაებრ". ამიტომ, მისი პრინციპია: პატიოსანი ცხოვრება, არ ავნო სხვას და სამართლიანად მიაგო ყველას. სიმართლის სიბრძნე კი მდგომარეობს საღმრთო და კაცობრივ საგანთა ცოდნაში და უსამართლობისა და სიმართლის გარკვევაში (Матфей Властарь. "Синтагма", буква "Д". О правде. Москва 1996 г., стр. 182).
მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს იმდენად დაკნინებულია საეკლესიო სამართლის ცოდნა მართლმორწმუნეთა შორის, რომ ხშირად ეკლესიის წიაღში გაჩენილი უთანხმოებების გარკვევისას მარცხენას მარჯვენისგან და მტყუანს მართლისგან ვერ არჩევენ. და ეს მოსდით არა მხოლოდ რიგით მორწმუნეებს, არამედ თვით სამღვდელოთაც კი, ვისაც ღმერთმა "შეკვრისა და გახსნის" უფლებამოსილება მიანიჭა.
წმიდა ეკლესიის ისტორიაში მრავლად ყოფილა საეკლესიო სჯულმდებლობის ბოროტად, მართლმადიდებელ ქრისტეანთა და იერარქთა საწინააღმდეგოდ გამოყენების შემთხვევები და, არა იმიტომ, რომ თვით საღმრთო სჯული იძლევა ამის საბაბს ან საფუძველს, არამედ იმიტომ, რომ თვით ზოგიერთი მზაკვრულად იყენებს ამა თუ იმ განწესებას, რომელსაც სინამდვილეში უნდა დაეყრდნოს სიმართლის დასადგენად.
ეკლესიის ისტორიიდან საეკლესიო სჯულმდებლობის არასწორად და ბოროტად გამოყენების კლასიკურ მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს თეოფილე ალექსანდრიელის მოქმედებები წმ. იოანე ოქროპირის საწინააღმდეგოდ. არის სხვა მაგალითებიც, მაგრამ ესეც საკმარისია იმის საჩვენებლად თუ რარიგ უბედურებას შეიძლება ეწიოს ეკლესია, როგორ განსაცდელში შეიძლება ჩავარდეს მორწმუნე ერი, როდესაც საეკლესიო მმართველობის უმაღლეს საფეხურებზე ავლენ ამბიციური, ამპარტავანი და ბოროტი იერარქები, რომლებიც არას დაგიდევენ არც საღრთო სამართალს, არც საეკლესიო განწესებათა ზუსტ ცოდნას, ოღონდაც თავიანთი ბოროტი ზრახვები აისრულონ.
ძველმორწმუნე ქრისტეანთა ჯგუფმა მომმართა თხოვნით ჩვენს საიტზე მოკლედ მაინც შევხებოდით საეკლესიო ცხოვრების ამ რთულ და უმნიშვნელოვანეს სფეროს, რათა შესაბამისი ცოდნით აღჭურვილნი, სხვათა უსამართლო გადაწყვეტილებებს არ დაექვემდებარონ და უმეცრებით თვითონაც ვინმე არ დაჩაგრონ. ჩვენ მიზნად არ ვისახავთ საეკლესიო სამართლის კურსის გადმოცემას, უბრალოდ, შევეცდებით წარმოვადგინოთ მხოლოდ ის ზოგადი პრინციპები და კანონები, რომლებიც გასათვალისწინებელია ამა თუ იმ შემთხვევაში საერო და სასულიერო პირების გასამართლების დროს.
ამ საკითხით დაინტერესებულებს შევთავაზებთ როგორც საეკლესიო განწესებებს, ასევე მათ კომენტარებს და თვით ისტორიულ მოწმობებსაც, რაც მათ ამა თუ იმ შემთხვევაში გასათვალისწინებელ ვითარებებს გააცნობს. ამჯერად, გთავაზობთ ეპისკოპოსის (ზოგადად კი ნებისმიერი ქრისტეანის) გასამართლების ზოგად პრინციპებს. მკითხველს ვთხოვ გაითვალისწინოს, რომ ქვემოთ მოტანილი მსჯელობა კონკრეტული საქმის წარმოების მხოლოდ სქემატური (და არა დეტალური) წარმოდგენაა, რადგან ყველა სასამართლო საქმეს თავისი განსაკუთრებული და სპეციფიკური თავისებურებები გააჩნია, რომელიც უფრო გამოწვლილვით და დეტალურ გარჩევას ითხოვს და შეუძლებელია ზოგადი სქემის ჩარჩოებში მოექცეს.
იმის შესახებ თუ რისი გათვალისწინება გვმართებს ეპისკოპოსის გასამართლებისას.
ასევე, ვინ შეიძლება იყოს ეპისკოპოსის ბრალმდებელი და ვინ გამოდგება მოწმედ
წმიდა კირილე ალექსანდრიელი ბრძანებს: "როდესაც ჩვენი საქმეები ღვთისმოსაობის კანონებს მისდევს, შფოთის არავითარი მიზეზი არ წარმოიშობა ჩვენში, არამედ გვიხსნიან ზოგიერთების გაკიცხვისგან და, უფრო მეტიც, კეთილგონიერი ადამიანების ქებასაც მოგვანიჭებენ; რამეთუ - ვინ არ მიიღებს მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას, როდესაც ის სამართლიანად არის წარმოთქმული? ან როგორ არ იქნება უნაკლოდ შერაცხილი, უფრო მეტიც, ყოველგვარი ქების ღირსი, კანონიერი და მართალი სამართალი?" ("დიდი სჯულისკანონი", წმ. კირილე ალექსანდრიელის კანონიკური ეპისტოლე დომნოს. იხ. აგრეთვე: Правила свв. Отцов с толкованиями).
შესაბამისად, თუკი ჩვენი საქმეები და სასამართლო ღვთისმოსაობის კანონთა მიმდევარი არ იქნება, უსამართლოდ შეირაცხება, გაკიცხვას დაიმსახურებს და, რაც მთავარია, საეკლესიო შფოთს დაუდებს სათავეს. მაშ, როგორი სიფრთხილე გვმართებს ეპისკოპოსებს ამა თუ იმ გადაწყვეტილების და, მით უმეტეს, სასამართლო განჩინების მიღებისას, რამეთუ, წმ. კირილე ალექსანდრიელის სამართლიანი განსაზღვრებისამებრ თუ არ მოვიქცევით, ეკლესიაში შფოთს დავამკვიდრებტ და მართლმორწმუნეთაგან სამართლიან გაკიცხვასაც ვეწევით.
როდესაც საეკლესიო სასამართლოზე ეპისკოპოსისა და კლერიკოსის, ან თუნდაც ერისკაცის საქმეს იხილავენ, აუცილებელია მოცემული საქმის საღვთო კანონებთან შეჯერება, ბრალდების დეტალური განხილვა და მოწმეების ჩვენებათა ანალიზი, რათა საბოლოო დასკვნისა და განაჩენის გამოტანისას გადაწყვეტილება მიუკერძოებელი და სამართლიანი იყოს.
ამიტომაც, გაგაცნობთ იმ უფლებებსა და აკრძალვებს, რომელსაც ეპისკოპოსი ექვემდებარება და რომელთა გაუთვალისწინებლად ეპისკოპოსის (ასევე, ნებისმიერი მართლმადიდებელი ქრისტეანის) წინააღმდეგ აღძრული არც ერთი საქმე (მით უფრო განჩინება) სამართლიანად არ ჩაითვლება.
კართაგენის კრების 8-ე კანონის თანახმად: "მრავალია ისეთი არაკეთილი ქცევისა და ზრდილობის მქონე, რომლებიც თავს მოვალედ თვლიან, ყველა ხელსაყრელ შემთხვევაში ბრალი დასდონ მამებსა და ეპისკოპოსებს". ამიტომაც, ამ კრების მონაწილე ყველა ეპისკოპოსმა განაცხადა: "მხილებული და ბოროტებაში შემჩნეული ნუ ჩაითვლება ბრალმდებლად" ("დიდი სჯულისკანონი", თბილისი, საეკლესიო კალენდარი. 1987 წ. გვ. 240).
ამ კანონს არისტინე ასე განმარტავს: "არ შეიძლება გამოუკვლევლად ეპისკოპოსთა ბრალმდებლად მოწმეთა დაშვება, არამედ ჯერ უნდა გამოძიებულ იქნას მათი სარწმუნება, რათა მწვალებლები არ აღმოჩნდნენ ისინი, შემდეგ კი მათი ქცევა, ხომ არ იყვნენ ადრე განკიცხულნი, ან დამხობილნი, ან გაკვეთილნი ზიარებისგან, ან კიდევ რაიმე დანაშაულში ხომ არ არიან მხილებულნი და დანაშაულის ბიწისგან ჯერ არ განწმენდილან. ასე, რომ წინამდებარე განწესებით მიღებულია: არავინ, დანაშაულში ბრალდებული, დაშვებული არ იქნეს ეპისკოპოსის ბრალმდებლად".
იგივეს ბრძანებს სლავური "კორმჩაიაც" – "Речено бысть в шестом правиле второго вселенского собора, иже в Константинополе граде собравшихся святых отцев, без истязания на епископа клеветы не принимати, аще первое не истязати какова их вера, да не будут еретици" - და შემდეგ გრძელდება ისე, როგორც ზემოთაა. ე. ი. სლავური "კორმჩაიას" მიხედვითაც "ეპისკოპოსის წინააღმდეგ მიმართული ბრალდება მანამ არ უნდა შევიწყნაროთ, სანამ არ გამოვიკვლევთ ბრალმდებლის სარწმუნოებას, რათა (ბრალმდებელი) მწვალებელი არ აღმოჩნდეს".
ამის თაობაზე ბრძანებს კართაგენის ადგილობრივი წმიდა კრების 128 (143), 129 (144), 130 (145) და 131 (146)-ე განწესებანი. გავეცნოთ ამ განწესებებს და მათ განმარტებებს:
კართაგენის კრების 128 (143)-ე კანონის თანახმად: "ეპისკოპოსთა და კლერიკოსთა ბრალდების უფლება ყველას არა აქვს, არამედ მხოლოდ მათ, ვინც უბიწოა და მართლმადიდებელია..." ეპისკოპოსს ვერ დაადანაშაულებს ისიც, ვინც უზიარებლობის მძიმე ეპითიმიით არის დასჯილი (იხ. ზონარას განმარტება).
კართაგენის კრების 130 (145)-ე კანონის თანახმად, ბრალმდებელმა თუ წარდგენილი ბრალდებებიდან პირველივეს დამტკიცება ვერ შესძლო, მისგან სხვა ბრალდება არ მიიღება. "თუ სასულიერო პირს ბრალმდებელთაგან მრავალი ბრალდება ექნება წაყენებული და პირველი დანაშაული ვერ დაუმტკიცდება, ამის შემდეგ სხვა ბრალდებებს ნუღარ ექნება ძალა" ("დიდი სჯულისკანონი". იქვე. გვ. 295). ზონარას განმარტებით, თუ ვინმე, კლერიკოსის ან ეპისკოპოსის წინააღმდეგ სხვადასხვა ბრალდებას წარმოადგენს და ამ ბრალდებათაგან რომელიმე ერთი წარმოდგენილი იქნება განსახილველად, ანუ გამოსაძიებლად და დაუმტკიცებელი დარჩება, განწესების მიხედვით, ბრალმდებელი სხვა ბრალდებათა წარსადგენად არ დაიშვება.
კართაგენის კრების 129 (144)-ე განწესების მიხედვითაც: "არ შეიწყნარებიან ბრალმდებლებად ისინი, ვინც "...ბიწიერნი არიან უპატივობის ლაქით, როგორებიც არიან მიმოსები, უწესოებისა და სიბილწის მოქმედნი... მწვალებელნი, წარმართები, ურიანი (იუდეველნი)..." ("დიდი სჯულისკანონი", დასახ. წყარო. გვ. 295).
ხოლო კართაგენის კრების 131 (146)-ე კანონის თანახმად: "არ შეიძლება ბრალმდებლად მიღებულ იქნეს ის, ვისაც ბრალმდებელი მოიყვანს თავისი სახლიდან" (იქვე).
ახლა კი თვით მეორე მსოფლიო კრების 6-ე კანონს მოვუსმინოთ: "კონსტანტინოპოლის წმიდა კრების ეპისკოპოსებმა დაადგინეს, რომ ის, ვინც ბრალს დასდებს ეპისკოპოსს, არ უნდა იქნეს შეწყნარებული გამოძიების გარეშე, არც ეპისკოპოსის ყველა ბრალმდებლის მიღება შეიძლება, არც ყველა ბრალმდებლის უკან გაბრუნება, ვინაიდან ბევრს აქვს სურილი, არევ-დარევა შეიტანოს საეკლესიო წესიერებაში, ააღელვოს მრევლი და ცილი დასწამოს ეპისკოპოსს მტრობით, რათა შეარყიოს სასულიერო პირთა ავტორიტეტი.
საეკლესიო დანაშაულის დაბრალების შემთხვევაში, გამოძიებულ უნდა იქნეს, ხომ არ არის ბრალმდებელი მწვალებელი. მწვალებელს არა აქვს უფლება ბრალი დასდოს მართლმადიდებელ ეპისკოპოსს საეკლესიო საქმეების გამო. მწვალებლებს (ერეტიკოსებს) ჩვენ ვუწოდებთ ძველთაგანვე ეკლესიისგან გაუცხოებულებს და შემდეგ ჩვენს მიერ ანათემირებულებს. მათ გარდა მწვალებლებად ვხმობთ მათაც, რომლებიც, თუმც მოჩვენებითად (გარეგნულად - არქიეპ. პ.) აღიარებენ ჩვენს სარწმუნოებას, მაგრამ, წმიდა კირილე იერუსალიმელის თქმით, ბრძანდებიან "ფარული ერეტიკოსები", რადგანაც, მისივე თქმით, თუ ადრე აშკარა მწვალებლები იყვნენ, ამჯამად ეკლესია ფარული ერეტიკოსებით გაივსო" ("კატეხეტური სიტყვა", თ. 15. "ანტიქრისტეს შესახებ", § 9).
იგივე საკითხს ეხება კირილე ალექსანდრიელი ნესტორიოსისადმი გაგზავნილ ეპისტოლეში, სადაც ის წერს: "არ იქნება საკმარისი, შენი ღვთისმოსაობა ჩვენთან ერთად მხოლოდ აღიარებდეს სარწმუნოების სიმბოლოს, რომელიც ოდესღაც სულიწმიდით გაბრძნობილმა წმიდა და დიდმა კრებამ გამოთქვა და რომელიც გარკვეულ გარემოებათა გამო შეიკრიბა ნიკეაში; რამეთუ, თუმც სიტყვით ისე აღიარებ, როგორც გადმოგვეცა, მაგრამ ვერ გაგიგია და არათუ არასწორად განგიმარტავს, არამედ დაგიმახინჯებია კიდეც იგი. ამიტომაც, საჭიროა, წერილობით დაადასტურო, რომ წყევლი შენს ბოროტ და ბილწ სწავლებას და შეუდგები მის გადმოცემას და სწავლებას ისე, როგორც ვასწავლით ჩვენ ყველანი - დასავლელი და აღმოსავლელი ეპისკოპოსები, მოძღვრები და ერის წინამძღოლები".
ამრიგად, მსოფლიო კრების 6-ე კანონისა და კართაგენის კრების 143, 144, 145 და 146-ე კანონების თანახმად:
ეპისკოპოსის ბრალმდებლებად არ მიიღებიან:
1. მწვალებლები; 2. უზიარებელნი; 3. ანათემირებულნი; 4. უპატივობის ლაქით შებილწულნი; 5. ისინი, ვინც თვით არიან ბრალდებულნი ვინმესგან, სანამ არ დაამტკიცებენ თავიანთ უდანაშაულობას (II, 6). თუ ბრალმდებელი უბიწოა, ან არც მწვალებელია, არც უზიარებელი, არც ბრალდებული ვინმესგან... იმან ბრალდება უნდა წარუდგინოს სამთავროს ეპარქიის ყველა ეპისკოპოსს და მათ წინაშე დაამტკიცოს ბრალდებები (II, 6). (ჩვენი მხრიდან დავამატებთ, რომ ისეთ შემთხვევებში, როდესაც ეკლესიას ჰყავს მხოლოდ ორი ეპისკოპოსი და აქედან ერთს დავა აქვს მეორესთან, მოდავემ თვითნებურად რომ არ გადაწყვიტოს საკითხი, მთელი ეკლესიის კრებას უნდა გააცნოს თავისი ბრალდებები, რითაც დაცული იქნება ამ კრების მოთხოვნის ფორმალური მხარე და სიმართლისა და სამართლიანობის პრინციპები - არქიეპ. პ.).
ამავე II მსფლიო კრების 6-ე კანონის თანახმად: "ბრალმდებელმა ბრალდების წარდგენამდე უნდა დადოს წერილობითი პირობა, რომ, იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ დაამტკიცებს მის მიერ წაყენებულ ბრალდებას, თვით დაისჯება იმ სასჯელით, რომლითაც დაისჯებოდა ბრალდებული ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში. თუ არადა, აღმოჩდნება ცილისმწამებელი. "ხოლო თუ ვინმე დაარღვევს და არ შეასრულებს ამ კანონს... ის არ იქნება მიღებული ბრალმდებლად, როგორც კანონის შეურაცხმყოფელი და საეკლესიო კეთილწესიერების გამრყვნელი" (ციტ. იქვე. გვ. 84-85).
ბრალდების წარმოდგენისას აუცილებელია მოწმეებიც. წმიდა მოციქულთა 75-ე კანონი განაწესებს: "თუ ეპისკოპოსს ბრალს სდებს მწვალებელი, ნუ იქნება მიღებული ეს ბრალდება. ნურც მხოლოდ ერთი მორწმუნის ბრალდება იქნება შეწყნარებული, რადგან "ორი, ან სამი მოწმის პირით დამტკიცდება ნათქვამი" (მეორე სჯ. 19:16; მათე 18:16; ტიმ. 5:19). მაგრამ, ზონარას განმარტებით: "ამჯამად, იმგვარი ბრალდების წარდგინებისას, რომლის დამტკიცების შედეგად მღვდელმსახურთ შეიძლება აეყაროთ პატივი - ორი მოწმე საკმარისი არ არის, თუნდ მართლმადიდებელნი და უბიწონიც იყვნენ ისინი". ხოლო პატრ. ბალსამონი კიდევ უფრო აკონკრეტებს თუ რამდენმა მოწმემ უნდა ამხილოს ეპისკოპოსი. ის ბრძანებს: "ეპისკოპოსის წინააღმდეგ საქმე თუ ფულადი საქმის გამოა აღძრული, შეიძლება ფიცის დადების შემდეგ მოწმედ დადგეს ორი პატიოსანი და უბიწო მართლმადიდებელი; თუ საქმე ეხება ორმოცდაათამდე ლიტრს (საზომი ერთეული - არქიეპ. პ.) მაშინ - სამი და თუ საქმე აღიძვრება არა ფულადი თანხის, არამედ დანაშაულისთვის, მაშინ ამგვარი ბრალდება (ან ბრალდებები) ეპისკოპოსის წინააღმდეგ ფიცის ქვეშ უნდა დამტკიცდეს ხუთი მართლმადიდებელი და უბიწო (პატიოსანი) მოწმის მეშვეობით.
მოწმეებად ვერ გამოდგებიან:
1. 14 წელზე (ბალსამონის განმარტებით - 20 წელზე) ნაკლები ასაკის მქონენი;
2. ისინი, რომლებიც არ დაიშვებიან ბრალმდებლად;
3. ბრალმდებლის შინაურები;
4. სხვათა წინაშე ბრალდებულნი;
5. მწვალებლები (მოც. 74. ბალსამონისა და სხვათა განმარტებანი, II, 6; მოც. 61 და სხვა).
6. ერთი უბიწო მართლმადიდებელი (ზოგჯერ, როგორც ზემოთ ვნახეთ, ბრალდების სიმძიმის მიხედვით საკმარისი არ არის 2 და 3 მოწმეც კი, არამედ, საჭიროა 5 მოწმე).
ამრიგად, ჩვენ განვიხილეთ ის განწესებები, რომელებიც ეხება ბრალის წაყენების შემთხვევაში ბრალმდებელთა და მოწმეთა რაოდენობასა და ვინაობის საკითხს. ამჯერად განვიხილოთ ისიც, თუ:
ეპისკოპოსის ან კლერიკოსის გასამართლებისას გასათვალისწინებელი ვითარებები
კართაგენის კრების 9-ე კანონის განმარტებაში ბალსამონი ბრძანებს, რომ კლერიკოსები დამხობას ან განკვეთას უნდა დაექვემდებარონ არა წინდაუხედავად (ნაჩქარევად, გამოუძიებლად - არქიეპ. პ.), არამედ ჩადენილი ცოდვის შესაბამისად (იხ. კართაგენის კრების 9-ე კანონი). ხოლო ამისთვის, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საჭიროა:
1. ბრალდების წარდგინება დამნაშავისთვის მისი წინასწარ გაცნობისა და გამოძიების შემდეგ;
2. ცხოვრებით უბიწო (ანუ მართალი და პატიოსნად მცხოვრები) მართლმადიდებელი ბრალმდებლები;
3. ბრალდების სიმძიმის შესაბამისად, კრებათა მიერ განსაზღვრული თვისებების მქონე (პატიოსნება, მართლაღსარება) საჭირო რაოდენობის მოწმეები.
აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ პირველი მსოფლიო კრების 5-ე კანონის თანახმად: "გამოძიებულ უნდა იქნეს, ხომ არ მოხდა სასჯელის დადება ეპისკოპოსის სულმოკლეობის, უთანხმოების ან რაიმე მსგავსი უკმაყოფილების გამო". ამიტომაც, ეს კრება განაწესებს, რომ "წელიწადში ორჯერ ჩატარდეს ეპისკოპოსთა კრება და ასეთი სადავო საქმე მთელი სამთავროს საერთო შეკრებაზე იქნას განხილული" (იქვე. I, 5).
გავიხსენოთ ის განმარტებებიც, რომლებიც მიუთითებენ:
უსამართლოდ მოქმედ ეპისკოპოსთა შესახებ
VII მსოფლიო კრება 4-ე კანონში განაწესებს: "არარსებული ცოდვების მომიზეზებით სიხარბით აღძრულმა ეპისკოპოსმა არ უნდა განიზრახოს ოქროს ან ვერცხლის, ან სხვა რაიმეს მოთხოვნა მისდამი დაქვემდებარებულ ეპისკოპოსთაგან, რამეთუ მოციქული ბრძანებს: "უსამართლოები ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს" (1 კორინთ. 6:9). ამიტომაც, "თუ აღმოჩნდება, რომ ვინმე ოქროს ან სხვა რაიმეს ჩამორთმევით, ან საკუთარი ვნების გამო (სასულიერო პირს) აუკრძალავს მსახურებას, ან ვინმეს განკვეთს საკუთარ კლერიკოსთაგან, ან ჩაკეტავს ტაძრის კარებს, რომ იქ აღარ შესრულდეს საღვთო მსახურება, რომელიც უგრძნობელი საგნების (ე. ი. ტაძრის - არქიეპ. პ.) მიმართაც აღავლენს თავის მრისხანებას, ნამდვილად უგრძნობელია და უნდა დაექვემდებაროს იმავე სასჯელს, რითაც სხვებს სჯიდა: "და მიეცეს სალმობაი იგი თავსა მისსა" (ფსალმ. 7:17).
არისტინეს მიხედვით: "თუ ვინმე საკუთარი ძალაუფლების გამოყენებით, საკუთარი ვნებით აღძრული, განკვეთს ვინმეს ან დაუქვემდებარებს ეპითემიას, სამართლიანად დაექვემდებარება იმავე სასჯელს, რაც სხვას განუწესა, რათა ისწავლოს, რომ სხვათა უსამართლოდ დასჯა არ ეგების" (VII, 4. არისტინე).
პატრიარქი ბალსამონი ამ საკითხთან დაკავშირებით წერს: "განწესება ავალდებულებს მღვდელმთავრებს, რათა მათ არ იმბრძანებლონ მათდამი დაქვემდებარებულ კლერიკოსებზე, ანუ არ გამოიყენონ ისინი მონებად ან მსახურებად, არამედ ყოველგვარი იძულებისა და მიკერძოების გარეშე დამწყემსონ".
"გულისხმაყავ, ბრძანებს პატრიარქი, რომ მღვდელმთავარი განიკვეთება არა მხოლოდ ქრთამის გამო, არამედ იმ შემთხვევაშიც, თუ ვნებით ან სხვა რომელიმე უკანონო (უსჯულო) მიზეზით აღძრული მოიმოქმედებს რაიმე ამის მსგავს უსამართლობას".
ამაზე უფრო საყურადღებოა კეთილმსახური მეფის, იუსტინიანეს განწესება, რომელიც მოთავსებულია კანონთა კრებულ "ბასილიკონში" (წიგნი 3. 1 ტიტლოსი, თ. 17) და საიდანაც თვით ბალსამონს მოჰყავს ეს ციტატა. მაშ ასე, კეთილმსახური მეფე იუსტინიანე ბრძანებს: "ყველა ეპისკოპოსს და პრესვიტერს ვუკრძალავთ საკუთარი ვნებით ვინმეს განყენებას წმ. ზიარებისგან მანამ, სანამ არ დამტკიცდება მისი ბრალეულობა!... თუ ვინმე გაბედავს და ამის საწინააღმდეგოდ განაყენებს ვინმეს წმ. ზიარებისგან, უმაღლესი მღვდლის მიერ ამგვარი გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ უსამართლოდ დასჯილი ზიარების ღირს იქმნას, ხოლო ის, ვინაც წმ. ზიარებისგან უდანაშაულოს განყენება გაბედა, ყოველგვარი ღონისძიებიტ უნდა განეყენოს ზიარებისგან იმ მღვდელმსახურის მიერ, რომელსაც ექვემდებარება და თანაც იმ დროით, რა დროითაც საჭიროდ ჩათვლის ამას თვით მისი მოძღვარი, რათა სამართლიანად განიცადოს ის, რაც უსამართლოდ განაცდევინა სხვას" (შეად. II, 6).
ასე, რომ განმკვეთელი თვით განიკვეთოს, ხოლო ვინც ტაძარს დაკეტავს, უნდა დაექვემდებაროს უმეტეს სასჯელს, ვიდრე ზიარებისგან განკვეთაა... რამეთუ ეპისკოპოსმა თუ უსჯულო ან თუნდაც სჯულიერი მიზეზით დაკეტოს ტაძარი, უნდა დაექვემდებაროს სასჯელს, როგორც ეს ზემოთ ითქვა" (VII, 4 - ბალსამონი).
ასე რომ, უსამართლოდ სხვისი დამსჯელი თავადვე უნდა დაისაჯოს, ტაძრის დაკეტვა, სამართლიანი მიზეზიც რომ ჰქონდეს, არავინ უნდა გაბედოს, ხოლო თუ გაბედავს, მართალიც რომ იყოს, სასტიკად დაისჯება.
მათე ბლასტარისი თავის "სინტაგმაში" (ასო "A", თ. 18) პატრ. თევდორე ბალსამონზე დაყრდნობით გვასწავლის: "ამ განწესებაზე დაფუძნებით ზოგიერთი ამტკიცებს, რომ განკვეთილს, რომელიც განკვეთილი იქნა არა საღვთო კანონთა შესაბამისად, არამედ განმკვეთელის (მსაჯულის) უგუნური სურვილის შესაბამისად, დაუბრკოლებლად შეუძლია უგულებელყოს განყენება (ან აკრძალვა). მეტიც, სასჯელს უნდა დაექვემდებაროს ის, ვინც (უდანაშაულო) განკვეთა, რამეთუ, ეპისკოპოსს განურჩევლად თუ მიეცემა კლერიკოსთა და საეროთა განკვეთის უფლება და აკრძალულთა ისეთ ყოფაში ჩაყენება, რომ მისი ეშინოდეთ და შიშის გამო დაემორჩილონ - მაშინ, ეპისკოპოსები ერთპიროვნულად მიისაკუთრებენ ძალაუფლებას, აბუჩად აიგდებენ თვით ღვთისმოსაობას, რითაც საღვთო კანონები უამრავი უბედურების მიზეზად შეიქმნება, ეს კი მწვერვალია უგუნურებისა... იგივეს ბრძანებს ღვთაებრივი დიონისე არეოპაგელი: "ღმერთი არ მისდევს მღვდელმსახურთა უგუნურ მისწრაფებას" (Матфей Властарь. Синтагма. Москва 1997, стр. 87. იხ. აგრეთვე VII, 4. არისტინე, ბალსამონი).
იმის შესახებ, რომ ეპისკოპოსმა არ უნდა თქვას ისეთი რამ, რისი დამტკიცებაც არ შეუძლია!
გონიერი და ღვთისმოშიში ეპისკოპოსი უნდა მოერიდოს ვინმეს შესახებ ისეთი რამის თქმას, მით უმეტეს, დადგენილების გამოტანას, რომლის დამტკიცებაც სხვათა წინაშე არ შეუძლია. ამას ითხოვს კართაგენის კრების 145-ე კანონი.
თეოფილე ალექსანდრიელის თქმით: "არ არის ჯეროვანი ამაო დასმენის აყოლა" (თეოფილე ალექს. 5 (6)-ე კანონი)... ამიტომაც, ადამიანი უნდა გავასამართლოთ "დაწვრილებითი გამოძიების შემდეგ, და არა ჭორიკნობა-მაბეზღრობით გამოწვეული ეჭვების შედეგად" ("დიდი სჯულისკანონი", დასახ. წყარო. გვ. 449. იხ. აგრეთვე Правила свв. отцев с толкованиями). ბალსამონიც ამბობს, რომ "დაუშვებელია ვინმეს განსჯა ჭორიკნობა-მაბეზღრობით, ან საიდუმლო ცილისწამებით, ან ბოროტმეტყველებით" (იქვე. ბალსამონი). სინოპსისი კი განმარტავს: "არ უნდა ვისმენდეთ ცრუ (ე. ი. გადაუმოწმებელ - არქიეპ. პ.) საყვედურებს" (იქვე), ამიტომაც ბრძანებს "სინტაგმა": "უმჯობესია ცოდვის მოქმედის დაუსჯელად დატოვება, ვიდრე უდანაშაულოს დასჯა" (გვ. 384).
ამგვარი ცრუ დასმენებისა და ჭორიკნობა-მაბეზღრობის შედეგად ვინმეს წინააღმდეგ აღძრული ეპისკოპოსი უსამართლოდ მოქმედი აღმოჩნდება და სასტიკად დაისჯება. წმ. სიმეონ მესვეტის ცხოვრებიდან ცნობილია თუ როგორ დააბრმავა ეშმაკმა ერთი უსამართლოდ მოქმედი ხუცესი (მღვდელი), რომელსაც ცხრა წელიწადს ტანჯავდა. ბოლოს ის წმიდა სიმეონმა განკურნა და დაბრმავების მიზეზიც აუწყა: "წმ. საკურთხეველთან სიწმიდეს ღვთის შიშის გარეშე, შეურაცხმყოფლადაც კი ექცეოდი. ცილისმწამებლებს, რომლებიც მახლობლებს ფარულად განსჯიდნენ, ჭეშმარიტების გარკვევამდე უსმენდი და უდანაშაულოებს, რომელთაც ცილს სწამებდნენ, წმ. ზიარებისგან განყენებით შეურაცხყოფდი და ყოველივე ამით კაცთმოყვარე ღმერთს წყენას აყენებდი, ხოლო ეშმაკს ფრიად ახარებდი, ამიტომ ეშმაკმა შენზე ძალა მოიპოვა" (ცხოვრება ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩვენისა სიმეონ მესვეტისა. თბილისი. 1996 წ.).
აპელაციის შესახებ
ამრიგად, ჩვენ ვნახეთ თუ რამდენი პირობის დაცვაა საჭირო, რათა ეპისკოპოსს და, საერთოდ, ნებისმიერ ბრალდებულს, დაუმტკიცდეს ესა თუ ის ბრალდება და ყოველივე ამას საღვთო სჯულმდებლობა განაწესებს იმისთვის, რომ ან ბოროტი აღძრულობით, ან შურით, ან პირველობისა და ცუდმედიდურობის სენით შეპყრობილებმა, ეკლესიის წესრიგსა და სიმწყობრეს ამხედრებულებმა ჩირქი არ მოსცხონ ეპისკოპოსთა და სხვა ღვთისმსახურთა პატიოსან სახელს და შფოთისა და არეულობის შეტანით არ დაარღვიონ ეკლესიის მშვიდობიანი შიდა ცხოვრება. მით უმეტეს, რომ, როგორც სარდიკიის კრების 17-ე კანონი ბრძანებს, ეპისკოპოსთა დევნის მიზეზი შეიძლება გახდეს: მისი ღრმა ცოდნა ან კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიის აღიარება, ან კიდევ ის, რომ უსამართლობას და უწესივრობას ამხედრებული იცავს ჭშმარიტებას.
ეკლესიის ისტორიამ ამგვარი უსამართლო დევნის მრავალი მაგალითი იცის. მრავლისმეტყველია წმ. იოანე ოქროპირის, წმ. ბასილი დიდი, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის, წმ. ათანასე დიდის, წმ. მაქსიმე აღმსარებლის მაგალითებიც. ამიტომაც, საღვთო სჯული იცავს ეპისკოპოსს (ასევე ნებისმიერ მართლმორწმუნეს) და გამოუძიებლად მისდამი წაყენებული ბრალდებების დამტკიცების უფლებას არ იძლევა! ითხოვს ბრალმდებელთა და მოწმეთა სიმართლეს, მართლმაღმსარებლობას და პატიოსნებას! მაგრამ, ამავე დროს, რადგან უცთომელი არავინ არის კაცთაგან, უსამართლო შეხედულებებისა და ზოგჯერ ყალბი ცნობების აცილებაც ვერ ხერხდება. ყოველივე რომ საღმრთო სამართლის საკადრისად აღსრულდეს, სულიწმიდამ ბრალდებულებს თავის გამართლების, უფრო სწორედ, საკუთარი სიმართლის წარმოჩენის უფლებაც დაუწესა. ამიტომაც, განაჩენის გამოტანის შემდეგაც კი ბრალდებულს ვერავინ წაართმევს აპელაციის უფლებას, ანუ მას შეუძლია უფრო მაღალ ინსტანციაში გაასაჩივროს გამოტანილი მსჯავრი - ამას ბრძანებს "დიდი სჯულისკანონის" მრავალი განწესება (იხ. მაგ.: ანტიოქიის კრების 6-ე კანონი. არისტინეს განმარტება).
ასე იცავს ეკლესია სულიერ მოძღვრებს უპირატესთაგან მრისხანებით გამოთქმული მსჯავრისგან. ასეთ ვითარებაში აკრძალული მღვდელმსახური საქმის ჯეროვან განხილვამდე, უცებ არ აიკრძალება (იხ. სარდიკიის კრების 14-ე კანონი. ზონარა), თუმც აკრძალულმა მისი საქმის გარჩევამდე თავი უნდა შეიკავოს მსახურებისგან (იქვე. არისტინე). ბალსამონის განმარტებით, "განკვეთილი იმწუთასვე არ უნდა მივიჩნიოთ განკვეთილად, რადგან მაცხოვარს მოციქულთათვის ის კი არ უთქვამს, უდანაშაულონი დასაჯეთო, არამედ თქვა: "მიიღეთ სულიწმიდა, უკეთუ ვიეთნიმე მიუტევნეტ ცოდვანი, მიეტევნენ, და უკეთუ ვიეთნიმე შეიპყრენით, შეპყრობილ იყვნენ" (იოანე 20:23). განკვეთილს უფლება აქვს მიმართოს მიტროპოლიტს, ხოლო სასჯელის გამომთქმელმა უნდა დაითმინოს და თავისი განკარგულების დადასტურებას დაელოდოს. აკრძალულმა კი თავი შეიკავოს ღვთისმსახურებისგან, რათა თვითმსაჯული არ აღმოჩნდეს (იქვე. ბალსამონი).
აქვე აღსანიშნავია, რომ განაჩენის გამომტანი ეპისკოპოსისთვის შეურაცხმყოფელი არ უნდა იყოს ის, რომ განკვეთილი იძიებს მიზეზს თავისი განკვეთისა... ეპისკოპოსიც უნდა დაელოდოს გამოძიებას (სარდ. 14. ბალსამონი) და "თუ უსამართლოდ იქნა გამოტანილი სასჯელი - გასწორდება".
იგივეს ბრძანებს კართაგენის 139-ე კანონი. კერძოდ, მრისხანებით აღძრული ეპისკოპოსის მიერ უსამართლოდ აკრძალული არ უნდა დაემხოს თავისი პატივისგან. ამგვარ საქმეებს წელიწადში ორჯერ განიხილავს საეკლესიო კრება (I, 5) (აპელაციისთვის იხილეთ, აგრეთვე, კართაგენის კრების 38-ე დადგენილება და ზონარასა და ბალსამონის განმარტებანი).
იმ შემთხვევაში, როდესაც ეკლესიას ჰყავს მხოლოდ ორი ეპისკოპოსი და ხელდასხმითი უპირატესობის მქონე (ეპისკოპოსი) აკრძალავს მეორეს, ამ უკანასკნელს შეუძლია იმოქმედოს ზემოთხსენებული განწესების მიხედვით, ანუ მიეცეს მთელი საეკლესიო კრების წინაშე თავის გამართლების შესაძლებლობა. რაც შეეხება სასულიერო ხარისხთაგან დამხობას, კართაგენის კრებამ დაადგინა, რომ მხოლოდ ერთი ეპისკოპოსი საკუთარ მსჯავრს ვერ დაამტკიცებს. სლავურ "კორმჩაიაში" ეს განწესება ასეა ფორმულირებული: "Да не настоит един епископ на решение своего суда" (Карф. 107 (121). იხ. არისტ. ბალს. განმარტ. IV მსოფლ. კრების 9-ე კანონი. ზონ.).
ამ მიმართებით საგულისხმოა კართაგენის კრების 12-ე კანონი, სადაც ვკითხულობთ: "თუ ვინმე ეპისკოპოსი გასასამართლებელი გახდეს და მრავალრიცხოვანი კრების მოწვევა შეუძლებელი იყოს, თორმეტმა ეპისკოპოსმა მოისმინოს მისი საქმე. მღვდელი ექვსმა ეპისკოპოსმა და მისმა ეპისკოპოსმა გაასამართლონ, დიაკვანი კი - სამმა". განმარტება: "თუ ეპისკოპოსს ბრალი დასდონ რაიმე ცოდვაში, იმ ოლქის ეპისკოპოსებმა განსაჯონ მისი საქმე. ხოლო ყველა ეპისკოპოსის შეკრება თუ შეუძლებელი იყოს, მაშინ თორმეტმა ეპისკოპოსმა განსაჯოს და ამაზე ნაკლები რაოდენობა ნუ იქნეს; ცოდვაში ბრალდებულ მღვდელს, რომლითაც მას დამხობა ემუქრება, ექვსი ეპისკოპოსი და მეშვიდე მისი ეპისკოპოსი უნდა ასამართლებდეს, ხოლო დიაკვანს სამი სხვა და მეოთხე მისი ეპისკოპოსი გაასამართლებს". იგივეს ადასტურებს კართაგენის 20-ე და 128-ე განწესებებიც.
შეიძლება ვინმემ იკითხოს, როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ქრისტეს ეკლესია აღმოჩნდება დევნულებაში ან მძიმე შევიწროვებაში და არ ეყოლება არც 12 და 7 ეპისკოპოსი? ასეთ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ მღვდლის და ეპისკოპოსის პატივაყრა არავის ძალუძს. შესაძლებელი იქნება მხოლოდ მისი აკრძალვა მღვდელმსახურებაში ან ეკლესიის ერთობიდან განკვეთა.
ამდენად, ერთ ეპისკოპოსს (თუნდაც არქიეპისკოპოსს ან პატრიარქს) უფლება არა აქვს ერთპიროვნულად აჰყაროს პატივი მეორეს და, თუ ამას ვინმე მოიმოქმედებს ზემოთ აღწერილი კანონის საწინააღმდეგოდ, ღმრთის საიდუმლო, უხილავი მსჯავრი მას არ დაამტკიცებს. აკრძალვის მიზეზად ან საფუძვლად ვერ გამოდგება ასეთი მსჯელობა: "რადგან ქრისტეს ეკლესიას სადღეისოდ არ ჰყავს 12 ეპისკოპოსი, მათ უფლებამოსილებას ერთი (თუნდაც პირველიერარქი) უნდა იღებდეს". მაშინ, ამავე 12 ეპისკოპოსის არყოფნის (თუ არარსებობის) გამო, აპელაციის უფლების საფუძველზე, საკუთარი სიმართლის დამტკიცება-გამართლების უფლებამოსილებას განსასჯელი ეპისკოპოსიც აიღებს, რამეთუ, წინააღმდეგ შემთხვევაში ირღვევა სამართლიანობის ის პრინციპი, რომლის შესახებაც საეკლესიო სჯულმდებლობა ბრძანებს (იხ. ქვემოთ).
ასეთ ვითარებაში, ბრალმდებლად, ადვოკატად და მოსამართლედ იქცევა გამსამართლებელი ან ბრალმდებელი ეპისკოპოსი (მით უმეტეს, თუ ის პირველიერარქია), რითაც ერთი ადამიანის ხელში მოექცევა მთელი სასამართლო-საპროცესო მხარე. ამგვარი სჯულმდებლობა კი დაუშვებელია, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ერთი პიროვნების ხელში მოექცევა მთელი სამართალი, რომელიც მეორეს, ანუ გასასამართლებელს, თავის მართლების საშუალებასაც კი არ დაუტოვებს და, მეორეც, თავიც რომ იმართლოს, ერთი მსაჯული ეპისკოპოსის მსჯავრში ჩავარდნილ ბრალდებულ ეპისკოპოსს ეს გარემოება სრულიად გასაგები მიზეზების გამო გამართლების არავითარ შანსს არ დაუტოვებს. ასეთ ვითარებაში ჩავარდნილ ეპისკოპოსს მისი პატივაყრის მუქარის შემთხვევაში დარჩება მხოლოდ ერთი გზა - გამოეყოს უსამართლობის მოქმედს (იხ. მოციქულთა 31-ე კანონი, ზონ. ბალს. და კართაგენის 11-ე კან. ბალს. განმარტებებით).
ამრიგად, ამა თუ იმ საეკლესიო საკითხის გამო საქმის უსაფუძვლოდ აღმძვრელი, ამავე საქმის უსამართლოდ, კანონთა შეუსაბამოდ მწარმოებელი და, შედეგად, უსამართლო განაჩენის გამომტანი, თავად დაექვემდებარება იმავე სასჯელს, რაც განაწესა. უფრო ზუსტად, II მსოფლიო კრების 6-ე კანონის თანახმად, "საქმის დამწყებმა, ანუ ეპისკოპოსის ბრალმდებელმა ბრალდების წარდგენამდე უნდა დადოს წერილობითი პირობა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ დაამტკიცებს თავის მიერ წაყენებულ ბრალდებას, თვით დაისჯება იმავე სასჯელით, რომლითაც დაისჯებოდა ბრალდებული ეპისკოპოსი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში" ("დიდი სჯულისკანონი" ახ. ქართ. ენაზე. საეკლ. კალენდ. 1987 წ. გვ. 212).
მათე ბლასტარისი თავის "სინტაგმაში" ამ კანონს ასე განმარტავს: "არ შეიძლება ბრალდება წარდგენილ იქნას მანამ, სანამ ბრალმდებელნი წერილობით არ დადებენ პირობას, რომ თვითონ დაექვემდებარებიან განსასჯელისთვის დაწესებულ სასჯელს, თუკი საქმის გამოძიების შემდეგ აღმოჩნდება, რომ ეპისკოპოსის ცილისწამებაში იმხილებიან" (М. Властарь. "Синтагма", М. 1996 г. Стр. 193). ხოლო კართაგენის 145-ე კანონის თანახმად, უსამართლო ბრალდების წარმომთქმელი და მისი ვერდამამტკიცებელი ამ წერილობითი პირობის არდადების შემთხვევაშიც კი დაისჯება.
საღმრთო სჯულისკანონი, რომელიც "სულის საყვირთა მიერ არის დასხმული", უსამართლობას არ ითმენს, ხოლო "სიმართლე ეს მტკიცე და მუდმივი ნებელობაა მიაგოს ყოველს საქმეთა მათთაებრ". ამიტომაც, მისი პრინციპებია: პატიოსანი ცხოვრება, არ ავნო სხვას და მისი საქმეების შესაბამისად მიაგო ყოველს. ხოლო სიმართლის სიბრძნე მდგომარეობს საღმრტო და კაცობრივ საგანთა ცოდნაში და ასევე უსამართლობისა და სიმართლის გარკვევაში" (Матфей Властарь. "Синтагма", буква "Д". "О правде". Москва 1996 г., стр. 182).
მაშ, თუკი სიმართლეს "დიდი სჯულისკანონის" თანახმად ვეძებთ, ხომ არ შეიძლება ეს უფლება სჯულმა მიანიჭოს მოდავეთაგან მხოლოდ ერთს და მეორეს წაართვას? განა ეს სიმართლე იქნება? და ვინც იტყვის, რომ უსამართლოა სჯული და უსამართლობას ამკვიდრებს, მას შეუცოდავს ღვთის წინაშე - ბრალდებათაგან თავის დაცვის უფლება სამართლისა და სიმართლის ელემენტარული ნორმაა. "დიდი სჯულისკანონი" ღვთის წინაშე შემცოდესაც აძლევს ამ უფლებას და მისი სიტყვის მოსმენამდე და სამართლიან მხილებამდე მსჯავრს არ ადებს.
ამრიგად, აპელაციის უფლება ეძლევა ყველას, ვინც კი ჩათვლის, რომ ის უსამართლოდ განიკითხეს. მივმართოთ წმ. კირილე ალექსანდრიელს, რომელიც ერთ-ერთი კრების მიერ გასამართლებული და მომჩივანი ეპისკოპოსის, პეტრეს, გამო წერს: "საჭიროა გავიგოთ ისიც, რას ამბობს იგი: რომ მას (ე. ი. პეტრეს - არქიეპ. პ.) შეეძლო თავის გამართლება და მასში შეტანილი ეჭვის გაბათილება, მაგრამ მისთვის არავის მიუცია პასუხისგების დრო და არ შეუთავაზებია საქმის განხილვა კანონისამებრ" (ახ. ქართულში ეს ადგილი თარგმნილია არაზუსტად, კერძოდ, იქ წერია: "მისთვის არავის მიუცია პასუხისგების დრო და ადგილი კანონიერი გასამართლებისა" - არქიეპ. პ. იხ. "დიდი სჯულისკანონი". საქ. საეკლ. კალენდ. 1987 წ.).
ეპისკოპოსი თუ ასე არ წარმართავს სასამართლო ძიებას და შეეცდება ერთპიროვნული ულტიმატუმების ენით ამტკიცოს თავისი ბრალდებები მეორე ეპისკოპოსის ან ერისკაცის წინააღმდეგ, მას:
1. მთელი ეკლესიის წინაშე მოეთხოვოს პასუხი უსამართლო კრების მოწვევისა და მართლმორწმუნის ცილისწამებისთვის, რაც გამოიხატება გამოუძიებელ-დაუსაბუთებელი ბრალდებების წამოყენებაში.
2. გამოკვლეულ იქნას რამდენად საფუძვლიანად აღძრა საქმე ეპისკოპოსმა ბრალდებულის წინააღმდეგ. აქვე ნაჩვენები იქნეს, არის თუ არა კონკრეტული საქმის აღძვრა იმ მუხლების შესაბამისი, რომელზეც აფუძნებს ბრალდებებს.
3. ხოლო იმისთვის, რათა ნაჩვენები იქნას კანონთა შესაბამისად წარმოებდა თუ არა საეკლესიო სასამართლო, კრებაზე წარმოდგენილ უნდა იქნას:
ა) ბრალდებათა ნუსხა;
ბ) ბრალდებათა სინამდვილე;
გ) ბრალმდებელთა ვინაობა;
დ) მოწმეთა ვინაობა და რაოდენობა;
ე) ბრალმდებლის ხელწერილი;
ვ) განაჩენის სამართლიანობა;
ზ) განაჩენის ვადები;
თ) განხილულ იქნა თუ არა აპელაცია;
ი) საბოლოო დასკვნა.
ამ მოთხოვნათა დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია ევქარისტული კავშირის შეჩერება მოსამართლე ეპისკოპოსთან, რათა კიდევ ერთხელ მიეცეს მას სამართლიანი მსჯავრის გამოტანის შესაძლებლობა და საქმე არ მივიდეს საბოლოო განხეთქილებამდე.
4. თუ ეპისკოპოსი ამ მოთხოვნებსაც არ დააკმაყოფილებს, მოციქულთა 31-ე კანონისა და ამ კანონის ბალსამონისეული განმარტების, ასევე, კართაგენის კრების 11-ე კანონის და მისი ბალსამონისეული განმარტების, III მსოფლიო კრების 3-ე კანონისა და კონსტანტინოპოლის ორგზისი კრების 15-ე კანონის საფუძველზე, უნდა გაწყდეს ყოველგვარი კავშირი უსამართლობის მოქმედ ეპისკოპოსთან.