სწავლანი - საეკლესიო წესები და ძველმოწესეები - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
საეკლესიო წესები და ძველმოწესეები

ძველმართლმადიდებლობა
თანამედროვე ვითარება და საზოგადოებრივი ქცევა შეუძლებელია არ ასახულიყო ძველმოწესეობაზე, განსაკუთრებით მის ახალგაზრდა თაობაზე, სკოლის მოსწავლეებსა და სკოლამდელ ბავშვებზე. ძველ კეთილ ბურჯს ახალგაზრდა თაობისთვის უკვე არა აქვს ის ძალა და სიმტკიცე, როგორც ძველად. მოსწავლე ახალგაზრდობა, თავის მეგობართა წრიდან რომ არ გამარგინალდეს და "წარმართთა დასაცინი" არ გახდეს, ცხოვრებას თავისებურად იადვილებს, ხოლო ისინი ვინც არ სწავლობენ - თავისებურად, საკუთარ გარემოში. ერთსაც და მეორესაც ახალგაზრდა და ფუქსავატური გარემო ადუნებს, რომელშიც ისინი ტრიალებენ; ერთიც და მეორეც თანაშეეწყობიან თანამედროვე საზოგადოებას, ბაძავენ მის მანერებს და მიჰყვებიან გარემომცველი ქვეყნიერების მოდურ მიმდინარეობებს. ეს შეიმჩნევა, როგორც ზნეობრივ-ყოფით, ასევე საეკლესიო-საწესჩვეულებო ცხოვრებაში, როდესაც საქმე ეხება წეს-ჩვეულების გარეგან გამოხატულებას რწმენითა და სულით უცხო ადამიანებს შორის, ამის შემდეგ კი საკუთარ გარემოშიც, რადგან ყოველი საქმე ჩვეულებად იქცევა, რომლის აღმოფხვრა შემდგომ არცთუ იოლი ხდება.
 
ჯერ-ჯერობით მკითხველის ყურადღებას მივაპყრობთ საეკლესიო წეს-ჩვეუელებებს, რომლებიც არცთუ იშვიათად უგულებელყოფილია თვით ზოგიერთი ძველმოწესის მიერაც, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან გულსატკენია და სამწუხარო.
 
ტანჯვით დაცული და მთელი ასწლეულების განმავლობაში შემონახული გადმოემების უგულებელყოფა, ყველაზე უმცირესი, გახლავთ ისეთი დანაშაული, რომლის გამართლება ყოვლად დაუშვებელია არც პრინციპული, და არც დისციპლინარული თვალსაზრისით. პრინციპული მხრიდან - საეკლესიო წეს-ჩვეულება - ეს არის ეკლესიის გადმოცემა ანუ დადგენილება, და როგორც ასეთი აუცილებელია შესასრულებლად, როგორც აწმყოში, ასევე მომავალშიც.
 
საეკლესიო წეს-ჩვეულება თავისი დასაბამიერობით არის ეკლესიის გადმოცემა, ხოლო მისი პრაქტიკული გამოყენებით - ჩვეულება. მისი დისციპლინარული მხარე - მკაცრად სწორი და აკურატული შესრულებაა მათ მიერ, ვის მოვალეობასაც ის ეხება, როგორც შინაურ ცხოვრებაში, ასევე საეკლესიო-საზოგადოებრივ ყოფიერებაშიც.
 
საეკლესიო წეს-ჩვეულებას არ შეიძლება ვუყუროთ, როგორც მხოლოდ პრაქტიკულ-საწესჩვეულებო დაწესებას, რომელიც თითქოსდა არ ეხება ქრისტიანული ეკლესიის ძირითად საფუძვლებს და, რომელიც, ღმრთის სიტყვით, არის დოგმატური ავტორიტეტი ქრისტეს ყველა მიმდევრისთვის. რადგან ქრისტემ თქვა: "თუ არც ეკლესიისას შეისმენს, მაშინ იქნება იგი შენთვის როგორც მებაჟე ან წარმართი" (მთ. 18:17). ანუ, ვინც არ უსმენს ეკლესიას მის დადგენილებებსა და განწესებებში, ის არ შეიძლება იწოდოს ქრისტიანად; ასეთი, არც მეტი არც ნაკლები, კერპთაყვანისმცემელივითაა და ზნეობრივად დაცემულ მეზვერეს ემსგავსება.
 
ამიტომაც ამბობს ასეთი დაბეჯითებით მოციქული: "მაშ, მტკიცედ იდექით, ძმანო, და ხელთ გეპყრათ სწავლა, სიტყვით თუ წერილით რომ გადმოგეცით" (2 თესალონიკ. 2:15); ასევე, როგორც უთხრა მან თავის მოწაფეს ტიმოთეს: "ო, ტიმოთე, გაუფრთხილდი, რაც მოგენდო" (1 ტიმ. 6:20). ხოლო მათზე, ვინც არ იცავს საეკლესიო გადმოცემას, მოციქული ბრძანებს: "მცნებად გისახავთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, განეშოროთ ყველა ძმას, უწესოდ მოარულს და არა იმ მოძღვრებისამებრ, ჩვენგან რომ მიგიღიათ" (2 თესალონიკ. 3:6). საეკლესიო მოძღვართა მრავალრიცხოვანი და მკაცრი შეხსენებანი ეკლესიის განწესებათა განუხრელი შესრულების შესახებ დღეისთვის უცხო არავისთვისაა, ამიტომაც აქ აღარ დავიმოწმეთ ისინი.
 
ჩვენ არც იმათ შესახებ ვისაუბრებთ, ვისაც ფორმალურად განვეშორებით, როგორც "უწესოდ მოარულთ, და არა იმ მოძღვრებისამებრ, მოციქულთაგან და მათ მემკვიდრეთაგან რომ მიგვიღია" (შეად. 2 თესალონიკ. 3:6). მოცემულ შემთხვევაში ჩვენი მიზანი ეს არ არის.
 
ჩვენ გვსურს მხარი დავუჭიროთ თვით ძველმოწესეებს, ანუ, უფრო სწორედ, ზოგიერთ მათგანს, ვინც ძველმოწესის მხოლოდ სახელსღა ატარებს, სინამდვილეში კი - ძველი წეს-ჩვეულებების ცუდი მიმდევრები არიან.
 
ძველმოწესე - ეს არის ქრისტეს, მოციქულებისა და ძველი, მართლმადიდებლური ეკლესიის მცნებათა მკაცრი მიმდევარი. ხოლო რაკიღა ის ასეთია, მაშინ მართლაც ასეთი უნდა იყოს. ხოლო თუ ის სინამდვილეში არ არის ასეთი, ანუ ცუდად და დაუდევრად იცავს ძველ წეს-ჩვეულებებს, მაშინ ვის შეიძლება შევადაროთ იგი? ის იქნება პირმოთნე და მატყუარა, ეკლესიისადმი დაუმორჩილებელი და მისი განწესებების გამქელავი.
 
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძველმოწესეობა ძლიერი და ნაყოფიერია ძველ გადმოცემათა მკაცრი შესრულებით. აქედან გამომდინარე ძველი საეკლესიო წესების დაუდევრად შემშრულებელი ცოდავს ძველი და თანამედროვე ეკლესიების წინაშე: პირველისთვის ის არის დაუმორჩილებელი, ხოლო მეორისთვის - დაუმორჩილებელიც და მისი განვითარების შემაფერხებელიც.
 
მაგალითად, ძალიან გულსატკენია უყურებდე ისეთ ძველმოწესეებს, რომლებიც დაუდევრად იწერენ პირჯვარს და მხოლოდ თავს აქნევენ მეტანიების ნაცვლად. და ეს შეიძლება შევამჩნიოთ ყველა ასაკის მორწმუნეში. განა ისინი შეიძლება ჭეშმარიტ ძველმართლმადიდებლებად ჩავთვალოთ? - არა, ისინი მხოლოდ თავს ასაღებენ ასეთებად.
 
ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მოძღვართა და ნაწილობრივ ეკლესიის თითოეული წევრის მოვალეობა - უპირველეს ყოვლისა, მდგომარეობს იმაში, რომ თვითონ უნდა წარმოადგენდეს მაგალითს სხვებისთვის, და ამით იყო ჭეშმარიტი ეკლესიის ნამდვილი და არა პირმოთნე წევრი. ძალიან გულსატკენია, როდესაც ხედავ ჭაღარით დამშვენებულ მოხუცს, რომელიც არაფერს დაარიგებს მის გვერდით მდგომ ახალგაზრდა დაუდევარ მლოცველს. არადა წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს: "ყველაფერს მასწავლებლებს ნუ მიანდობთ, ყველაფერს მღვდლებს ნუ დააკისრებთ; თქვენც შეგიძლიათ, ერთმანეთს ასწავლოთო. იმავეს წერდა იგი (მოციქული) თესალონიკელებსსაც: "ნუგეში ეცით და შეაგონეთ ერთიმეორეს" (1 თესალონიკ. 5:11); და კიდევ: "ანუგეშეთ ერთიმეორე" (1 თესალონიკ. 5:11; 4:18).
 
ჩვენც ახლა იმავეს გირჩევთ. თქვენ შეგიძლიათ, თუ მოინდომებთ, ერთმანეთისთვის ჩვენზე მეტი გააკეთოთ. თქვენ უფრო ხშირად ურთიერთობთ, თქვენი საქმეები ჩვენზე უკეთ იცით, ერთმანეთის ნაკლოვანებებს ხედავთ, მეტი გაქვთ გულახდილობა, სიყვარული და თანაზიარობა; ხოლო ეს სწავლებისთვის მცირე მნიშვნელობის არ არის, არამედ უდიდეს და კეთილისმყოფელ პირობებს ქმნის.
 
თქვენ ჩვენზე უკეთ შეგიძლიათ ერთმანეთის მხილებაც და დარწმუნებაც. გარდა ამისა, მე ერთი ვარ, თქვენ კი - ბევრნი და თქვენ, ყველას, რამდენიც ხართ, შეგიძლიათ, მასწავლებლები იყოთ. ამიტომ გარწმუნებთ, ასეთ ნიჭს ნუ უგულებელყოფთ; თითოეულ თქვენგანს ჰყავს ან ცოლი ან მეგობარი ან მსახური ან მეზობელი; ამხილე იგი, დაარწმუნე.
 
განა უგუნურება არ არის - გამასპინძლებისთვის თავყრილობებსა და სამეგობროებს აწყობდე, ერთმანეთთან შესახვედრად დღე გქონდეს დანიშნული, ერთის დანაკლისს საერთო სახსრებით ავსებდე... ხოლო სათნოებათა შესასწავლად ეს არ გააკეთო?" (წმ. იოანე ოქროპირი. წმ. პავლე მოციქულის ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს განმარტება. 30-ე ჰომილია).
 
ასეთია მსოფლიო მასწავლებლის დარიგება, რომლის მიყოლა სასარგებლოა დღევანდელობაშიც. ეს არც ერთი თქვენთაგანისთვის ძნელი არ არის, არც უპატიობაა და არც უტაქტობა საეკლესიო ღვთისმოსაობის დასაცავად კეთილი შენიშვნა მისცე შენს თანამოძმეს, ეს ხომ ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიის წევრის წმიდათა წმიდა მოვალეობას წარმოადგენს.
 
 
წყარო: https://semeyskie.narod.ru/otv.html
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому