სწავლანი - ქრისტოცენტრიზმი თუ ეპისკოპოცენტრიზმი? - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
ქრისტოცენტრიზმი თუ ეპისკოპოცენტრიზმი?
ქრისტე მაცხოვარი
რადგან ზოგიერთი დაბეჯითებით ცდილობს თავს მოგვახვიოს შეხედულება, რომლის მიხედვითაც "სადაც არ არის ეპისკოპოსი, იქ არ არის ეკლესია" და მით ფარავს იერარქთა ნებისმიერ განდგომილებას არა მარტო საეკლესიო კანონებისგან, არამედ დოგმატიკისგანაც, მოგვიწევს შევახსენოთ მათ ეკლესიის სწავლება საკუთარ თავზე.
 
ამ ბოლო დროს იერარქები მუდმივად ამახინჯებენ წმ. ეგნატე ღმერთშემოსილის სიტყვების აზრს - "... ეპისკოპოსის გარეშე ეკლესია არ არსებობს", მას ეპისკოპოსთა მისამართით იაზრებენ და ამბობენ, რომ წმინდანმა ეს თქვაო ეპისკოპოსებზე. მაგრამ წმინდანის სიტყვები სხვა რამეს ნიშნავს. წმინდანი ამბობს: "ყველამ პატივი მიაგეთ დიაკვნებს, როგორც იესუ ქრისტეს მცნებებს, ხოლო ეპისკოპოსს, როგორც იესუ ქრისტეს, ძეს მამა ღმრთისა, და პრესვიტერებს, როგორც ღმრთის კრებულს და გუნდს მოციქულთა. მათ გარეშე არ არსებობს ეკლესია" (Св. Игнатий Антиохийский Трал. 3, С. 5, 677А. ციტ.: https://apologet.spb.ru/ru/2519.html // Ιγνατίου Αντιοχείας Τραλλιανοίς, 3, PG 5, 677A. https://www.aparatorul.md/rekomenduem-prekrashhenie-cerkovnogo/#sdfootnote1sym).
 
ეკლესია არ არსებობს არც დიაკვნების, არც პრესვიტერების და არა მარტო ეპისკოპოსების გარეშე.
 
გარდა ამისა, წმ. ეგნატე ასწავლიდა: "ნებისმიერი, ვინც გადმოცემის საწინააღმდეგოდ ასწავლის რასმეს, ნდობის ღირსიც რომ იყოს, ან მმარხველი ან უბიწოდ მცხოვრები, გინდ სასწაულებს იქმოდეს და წინასწარმეტყველებდეს, დე იყოს შენთვის როგორც ცხვრის ქურქში გახვეული მგელი, რადგან სულის წარწყმედისთვის იღვწის... ამდაგვარმა მთელი თავისი ქონება ღარიბებსაც რომ დაურიგოს, მთები გადააადგილოს, და თავი მოწამეობისთვის დადოს, მაინც საძაგელი იყოს შენთვის, თუკი აკნინებს სჯულსა და წინასწარმეტყველთ, რომელთა სიტყვებიც ქრისტემ დედამიწაზე თავისი მოვლინებით აღასრულა. ამგვარს უყურე როგორც ანტიქრისტეს..." (Τhesaurus Linguae Graecae [TLG], Ignatius Scr. Eccl., Epistulae interpolatae etepistulae suppositiciae (recensio longior) [Sp.] Epistle 10, chapt. 2, section 1, line 1. // Словарь греческого языка [СГЯ], Игнатиус «Церковные Писания», Фальсифицированные письма, предполагаемые письма (доп. цензура) [Сп.] Послание 10, гл. 2, раздел 1, строка 1). და ეპისკოპოსები - გამონაკლისები როდია, ეს მათაც ეხებათ.
 
მართლმადიდებლური ეკლესია ქრისტოცენტრულია, და არა ეპისკოპოცენტრული. როდესაც ცისკარზე სახარებას ვკითხულობთ, ქრისტე უხილავად მყოფობს ეკლესიაში და ლაპარაკობს ტაძარში, ეპისკოპოსი იხდის თავის ომფორს, რითაც, წმ. სიმეონ თესალონიკელის თქმით, აჩვენებს, რომ ისიც ისმენს და ემორჩილება მღვდელმთავარ ქრისტეს.
 
წმ. ათანასე დიდი წერდა: "უცთომელი და მაცხოვნებელი გზით მავალნო, განვაგდოთ ჩვენგან თვალი მაცდური, მაგრამ არა გრძნობისმიერი, არამედ გონისმიერი; ასე მაგალითად, თუკი ეპისკოპოსი ან პრესვიტერი, როგორც თვალნი ეკლესიისა, უკეთურად ცხოვრობენ და ერს აცთუნებენ, ჯერ არს მათი განგდება, რამეთუ უმჯობეს არს მათ გარეშე შევიკრიბოთ სალოცავ სახლში, ვიდრე მათთან ერთად, ვითარცა ანასთან და კაიაფასთან ერთად შთავცვივდეთ ცეცხლის გეჰენაში" (Часть 4, стр. 479. Творения св. Афанасия Александрийского, т. 4. Москва 1994 г. Из бесед на Евангелие от Матфея, гл. 5, стр. 429). ეს სიტყვები უთითებს იმის შესაძლებლობაზე, რომ ადგილობრივი ეკლესია, მწვალებლობის დროს შეიძლება უეპისკოპოსოდ დარჩეს და ამგვარი რამ ხშირად ხდებოდა.
 
ამავე დასკვნამდე მივყავართ მისსავე სიტყვებს: "თუკი ვინმე თავს იკატუნებს, თითქოსდა აღიარებს ჩვენს რწმენას, სინამდვილეში კი, ურთიერთობა აქვს ბოროტმორწმუნეებთან, განეშორეთ მასთან ურთიერთობას. თუკი პირობას დებს, რომ შეწყვეტს ამას, ძმად ჩათვალეთ. ხოლო თუ ეწინააღმდეგება გამოსწორებას - გაექეცით მას" (Μ. θανασίου, Τος τν μονήρι βίον σκοσι… // Св. Афанасий Великий, Ведущим уединенную жизнь…).
 
წმ. ათანასე დიდი წერდა, რომ I მსოფლიო კრების მამები თავიანთ ეპისტოლეებში შეგვახსენებდნენ, რათა "არ ვყოფილიყავით შემწყნარებელნი მათთან, ვინც ცდილობს სარწმუნოებაში სიახლეების დამკვიდრებას". ათანასე დიდის დროს ოფიციალური (არიანული) "ეკლესიის" მხრიდან მართლმადიდებელთა დევნულების პერიოდში ყველა მართლმადიდებელი ეპისკოპოსი და მღვდელი გადასახლებულ იქნენ, დარჩნენ მხოლოდ მწვალებელი მაჩანჩალები, რომლეგიც ამტკიცებდნენ, რომ სწორედ ისინი არიან ჭეშმარიტი მართლმადიდებლები. წმ. ათანასე წერდა: "უფლის ტაძრებში ამჯერად მწვალებლები სხედან... სატანის თანამშრომლები". მაგრამ ფორმალურად იმ დროის ტაძრებში არსებობდნენ გარეგნულად კანონიკური მღვდლები და ეპისკოპოსები; აქედან გამოდის, რომ მწვალებლობის დროს ეკლესია უეპისკოპოსობის დროსაც კი არსებობს, თუკი იქ იმყოფება თუნდაც ერთი მართლმადიდებელი ქრისტიანი; ასე რომ არა, მაშინ წმინდანი იტყოდა: "ყველაფერში თქვენს ეპისკოპოსებს მიჰყევით ადგილებზე, აღასრულეთ ის, რასაც გეტყვით, და არ მიატოვოთ ის მანამ, სანამ არ მოიწვევენ კრებას, რომელიც მას დასჯის". მაგრამ მას ასეთი სწავლება არ მოუცია! პირიქით, წმ. ათანასემ თქვა: თუკი ეპისკოპოსი ან პრესვიტერი, როგორც თვალნი ეკლესიისა, უკეთურად ცხოვრობენ და ერს აცთუნებენ, ჯერ არს მათი განგდება, რამეთუ უმჯობეს არს მათ გარეშე შევიკრიბოთ სალოცავ სახლში, ვიდრე მათთან ერთად, ვითარცა ანასთან და კაიაფასთან ერთად შთავცვივდეთ ცეცხლის გეჰენაში" (Часть 4, стр. 479. Творения св. Афанасия Александрийского, т. 4. Москва 1994 г. Из бесед на Евангелие от Матфея, гл. 5, стр. 429).
 
აღსანიშნია წმინდა ათანასეს სიტყვა ეპისკოპოსებისადმი, რომლებიც გადასახლებებითა და სასჯელებით ემუქრებოდნენ მართლმადიდებელთ. წმინდანი ამ ოფიციალურ ეპისკოპოსებს "ეშმაკისა და მისი დემონების მეგობრებს" უწოდებს. შეუძლიათ თუ არა მათ ჰქონდეთ "ქრისტეს ხატი" და ეკუთვნოდნენ ქრისტეს მაცხოვნებელ ეკლესიას? - რა თქმა უნდა, არა! წმ. ათანასე, განმარტებაში სიტყვებისა: "ეკრძალეთ ცრუ წინასწარმეტყველთ, რომელნიც მოვლენ თქვენთან ცხვრის სამოსით, ხოლო შიგნით არიან მტაცებელი მგლები" (მათე 7:15), მწვალებელ ეპისკოპოსებზე წერს: "ძმაო, ადამიანი კეთილსახოვანი გარეგნობით კი არ შეაფასო, იმას კი არ უყურო, ცხვრის მატყლში არის თუ არა შემოსილი, ატარებს თუ არა მღვდლის, ეპისკოპოსის, დიაკვნის ან მოსაგრის სახელს, არამედ შეეცადე გაიგო მის საქმეებზე, არის თუ არა უბიწო, პატიოსანი, სტუმართმოყვარეა თუ არა იგი, არის თუ არა მოწყალე, მოყვარული, ლოცვაში გულმოდგინე, არის თუ არა მომთმენი. თუ მისი ღმერთი - მუცელია, ხორხი კი - ჯოჯოხეთი, თუკი ფულს არის დახარბებული და ვაჭრობს ღვთისმოსაობით, დატოვე იგი - ის არ ყოფილა ბრძენი მოძღვარი, არამედ მტაცებელი მგელი. თუკი შეგიძლია ხე ნაყოფით იცნო - როგორი ჯიშისაა, გემოსი და ხარისხის, - მით უფრო უნდა შეგეძლოს ქრისტეს გამყიდველთა ცნობა მათი საქმეების მიხედვით, რადგან ისინი, თუმც კი ატარებენ ღვთისმოსაობის ნიღაბს, სული აქვთ დემონური. შენ ხომ არ ჰკრიფავ ეკლიდან ყურძენს ან ლეღვიდან თალგამს, მაშ რატომ გგონია, რომ შეგიძლია დამნაშავეებისგან მოისმინე რაიმე კეთილი და მოღალატეებისგან გაიგო რაიმე სასარგებლო? მაშ, განეშორე მათ, როგორც არაბეთის მგლებს, როგორც ამპარტავნების ეკლებს, მზაკვრის ხის უსამართლო მეთალგამეებს..." (Βεπεσ 33, 197. // Вепес 33, 197).
 
კიდევ უფრო თვალსაჩინო მაგალითი შეგვიძლია ავიღოთ წმ. მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრებიდან: "როდესაც მაქსიმეს მიუთითეს, რომ უკვე მთელმა ქრისტიანულმა სამყარომ კანონიერად აღიარა კონსტანტინოპოლის მონოთელიტი პატრიარქი და ყველა აღმოსავლელ პატრიარქს და მათ ადგილნაცვლებს უკვე ერთობა გააჩნიათ მასთან; და რომ, რომის პაპის სრულუფლებიანი წარმომადგენლები (რომი მაშინ ჯერაც მართლმადიდებლური იყო), მისი აპოკრისტარიოსები პატრიარქთან ერთად მსახურობენ და ეზიარებიან და, ამგვარად, მთელ მსოფლიოში მხოლოდ ის ერთიღაა (ანუ ბერი მაქსიმე), რომელიც არ ცნობს პატრიარქს, მაქსიმემ უპასუხა: "მთელი სამყაროც რომ ეზიაროს პატრიარქთან, მე არ ვეზიარები, რადგან სულიწმიდისგან ვიცი მოციქულ პავლეს მიერ, რომ ანგელოზებიც კი შეგვიძლია გადავცეთ ანათემას, თუკი ისინი გვიქადაგებენ სხვა, არასწორ სწავლებებს".
 
როდესაც იმპერატორმა ნახა, რომ წმ. მაქსიმე მტკიცედ იდგა ჭეშმარიტების გზაზე, ბრძანება გასცა სასტიკად ეწამებინათ იგი. ამის შემდეგ კი მაქსიმეს ენა ამოაჭრეს, ჩაქუჩით დაუფშვნეს მარჯვენა ხელის მტევანი და იდაყვამდე მოაჭრეს იგი".
 
ამრიგად, წმიდა ბერი პატიმრობაში იყო და თუმც ატყუებდნენ, რომ მარტო ის დარჩა მსოფლიოში, რომელიც არ შეიწყნარებდა პატრიარქს, გარეგნულად თითქოსდა სჯულიერს და ჯერაც განუსჯელს, ის მზად იყო შეგუებოდა მარტოდ დარჩენას, ოღონდ არ გაეცა ჭეშმარიტი სარწმუნოება, რადგან ჭეშმარიტება არის თვით ქრისტე. წმინდანმა უარყო ყველა, ვინც კი იხსენიებდა იმ დამნაშავე პატრიარქს. ასეთ შემართებას ვუსურვებ ყველა ქრისტიანს - დარჩეთ ქრისტეს ჭეშმარიტების ერთგულნი.
 
ეკლესიის ჭეშმარიტი მღვდელმთავარი არის ქრისტე და თუმც კონკრეტულ ადგილას არ იყოს მართლმადიდებელი ეპისკოპოსი, უფალს ძალუძს შეინარჩუნოს სამღვდელოება, როგორც ეს იყო სხვა ადგილობრივ ეკლესიებში, ან სინანულით წმ. კანონთა სიწმიდისკენ და ჭეშმარიტი სარწმუნოებისკენ მოაქციოს შეცთომილნი.
 
მოვა დრო და უფალი გამოავლენს თავის ძალას მისი ჭეშმარიტების მაძიებლებზე, რომლებიც მხურვალედ და გაბედულად დგანან უფლის მართალი სარწმუნოების სადარაჯოზე.

მომზადებულია ინტერნეტ მასალების მიხედვით.
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому