ნათლობა - "წყეულიმც იყოს, ვინც დაუდევრად აკეთებს უფლის საქმეს!" - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
"წყეულიმც იყოს, ვინც დაუდევრად აკეთებს უფლის საქმეს!"
(იერ. 48:10)
ძველი სანათლავი ემბაზი
ჩვენი წიგნის "გზა - მართლად სავალი" პირველ ნაწილში, რომელიც ნათლისღების საიდუმლოს ეხება, ჩვენი ოპონენტების საყურადღებოდ გამოვაქვეყნეთ ოფიციალური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილ მოღვაწეთა განკარგულებანი და სწავლებანი ნათლისღების შესახებ, სადაც ისინი ამხელენ მღვდლებს, რომლებიც ამახინჯებენ ნათლისღების საიდუმლოს შესრულების წესს და ადამიანებს წყალპკურებით და წყალდასხმით ნათლავენ.
 
საღვთო ჭეშმარიტებების დამახინჯება და საეკლესიო საიდუმლოებების შერყვნა რომ ერს უბედურებად შეუტრიალდება რატომღაც მივიწყებულია დღევანდელი "ყველაფრისმცონდე" თეოლოგებისა თუ სასულიერო პირების მიერ.
 
მოდი, გავიხსენოთ ეს ელემენტარული ჭეშმარიტება:
 
"სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ ნათქვამი ყველა იუდაელზე, ვინც ეგვიპტის ქვეყანაში ცხოვრობდა ... ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: თქვენ თავად ნახეთ ყველა უბედურება, რაც იერუსალიმს და იუდას ქალაქებს დავათიე. აჰა, უკვე დანგრეულია და უკაცრიელი იმ ბოროტების გამო, რასაც ჩემს გასაჯავრებლად ჩადიოდნენ...  ახლა ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: რატომ სჩადიხართ დიდ ბოროტებას თქვენივე თავის წინააღმდეგ, რომ ამოგეძირკვოთ იუდადან მამრი და დედრი, ბავშვები და ძუძუმწოვრები, ისე რომ თქვენი ნატამალიც აღარ დარჩეს?... დღემდე არ გამტყდარან და არ შეშინებულან, არ შედგომიან ჩემს რჯულსა და წესს, რომელიც თქვენთვის და თქვენი მამა-პაპისთვის მაქვს მიცემული" (იერ. 44:1-3, 7, 10).
 
"წყეულიმც იყოს, ვინც დაუდევრად აკეთებს უფლის საქმეს!" (იერ. 48:10);
 
ეს ძველაღთქმისეული გაფრთხილება იმ სულიერი კანონზომიერების გამოხატულებაა, რომელიც ახალ აღთქმაშიც მოქმედებს: წმიდა წერილის, უფლის რჯულისა და გადმოცემების (წეს-ჩვეულებების), ასევე საეკლესიო საიდუმლოებების შერყვნა-დამახინჯება, როგორც საანათემო სითამამე - ღმრთის სასჯელს იმსახურებს.
 
ნათლისღების საიდუმლოს უცილობელ და უცვალებელ გარეგნულ ფორმას, რომლის გარეშე ეს საიდუმლო გაუქმებულია, წარმოადგენს მოსანათლავის წყალში სამ-გზისი დაფლვა. ყოველი სხვაგვარი "ნათლობა", იქნება ეს "წყალპკურებითი" თუ "წყლის თავზე დასხმითი", ნათლობად ვერ ჩაითვლება. მართლმადიდებელ ხალხებში ის ლათინობიდან (პაპიზმიდან) შემოიჭრა.
 
ნათლობა - ეს არის ჩვენი სიკვდილი და აღდგომა ქრისტესთან ერთად, მაცხოვრის დაფლვისა და აღდგომის სახე, მისი მეშვეობით კი წინასახე მომავალი ადამიანის აღდგომისა და ცხოვნებისა.
 
მოციქული პავლე ამბობს: "მასთან ერთადვე დავიმარხეთ სიკვდილში ნათლისღებით, რათა როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით მამის დიდებით, ჩვენც ასევე ვიარებოდეთ ახალ სიცოცხლეში. რადგან თუ სიკვდილის მსგავსებით მასთან თანაშეზრდილნი ვართ, აღდგომითაც მივემსგავსებით... ხოლო თუ ქრისტესთან ერთად მოვკვდით, გვწამს, რომ სიცოცხლითაც ერთად ვიცოცხლებთ. რადგანაც ვიცით, რომ ქრისტე, მკვდრეთით აღმდგარი, აღარა კვდება: სიკვდილი ვეღარ უფლობს მასზე" (რომ. 6:4- 9).
 
იმას, რომ წყალპკურებითი ან წყალდასხმითი "ნათლობა" ნათლისღების საიდუმლოს დარღვევაა თვით ოფიციალური ეკლესიის სასულიერო პირებიც და მისიონერებიც წერენ:
 
აი, რას წერდა, მაგალითად, ოფიციალური ეკლესიის წმინდანად შერაცხილი მოღვაწე ლუკა ვოიონო-იასენეცკი წყალპკურებით და წყალდასხმით "ნათლობაზე": "ჩემდა სამწუხაროდ, ვიგებ ხოლმე, რომ დღემდე, ჩემი მრავალჯერადი გაფრთხილებებისდა მიუხედავად, ნათლობის საიდუმლოს ზოგიერთი მღვდელი დასხმით აღასრულებს"...
 
შემდეგ ეს მოღვაწე აღნიშნავს:"ღმრთისგან ბოძებულ საკუთარ მოვალეობად მიმაჩნია, აღმოვფხვრა დასხმითი ნათლობა ჩემს ეპარქიაში. ღმრთის მღვდლები, მიეჩვივნენ რა გადასხმით ნათლობას, უკვე იმ დონემდე მიდიან, რომ გადასხმით ნათლობას ცვლიან ტანისამოსში მდგომი მოსანათლავის თავზე წყლით დასხმით და პკურებითაც კი ("... обливание заменяют поливанием водою или даже окроплением"). ასე უკეთურად "მონათლულები", ცხადია, უნდა გადაინათლონ, რადგან მათზე საიდუმლო არ აღსრულებულა (!!!)" ("Так нечестиво "крещенных", конечно, надо перекрещивать, ибо таинство над ними не совершено") (ციტ. В. Смирнов. Учение восточной православной Церкви о крещении, второкрещенстве, перекрещивании и обливанстве. Часть 1: https://ustav.livejournal.com/126251.html // Часть 2: https://ustav.livejournal.com/126658.html იხ. ასევე: http://drevlepravoslavie.forum24.ru/?1-20-0-00000817-000-10001-0).
 
აი ფოტოფაქტიც დიაკვან ანდრია კურაევის საიტიდან, სადაც ბლაგოვეშენსკის და ტინდის ეპისკოპოსი ლუკიანე კუცენკო ამურისპირეთის გუბერნატორ ალექსანდრე კოზლოვს, სრულად ჩაცმულს, "კეფაზე წყლის დასხმის" მეთოდით "ნათლავს".



ქვემოთ იხილეთ სხვა ფოტო: 2015 წლის 28 ივლისს, წმიდა მოციქულთასწორ თავად ვლადიმირის ხსენების დღეს, ციმბირისა და ნოვოსპასკის მიტროპოლიტ ანასტასის კურთხევით ულიანოვსკში ჩატარდა მასობრივი ნათლობა:


 
არადა, ამ დროს, ზრდასრულებს მდინარეში ნათლავდნენ! თუმცა, თუ ვიმსჯელებთ მღვდლის ტანისამოსის დასველების ზომისა და იმ სიღრმის მიხედვით, რომელშიც დგანან მოსანათლავები, აქაც მათი არასრული "შთაფლვა", უფრო სწორედ წყლის თავზე გადასხმა მოუხერხებიათ.



შედარებისთვის - აი მდინარის ან წყალსაცავის სიღრმე, რომელშიც უნდა შევიდეს მღვდელმსახური და მოსანათლავი ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებისას, რათა მოსანათლავის სრული შთაფლვა მოხერხდეს:


 
კვლავ ახალმოწესეთა წმინდანს, ლუკა ვოინო-იასენეცკის მოვუსმინოთ: "ნათლისღების უდიადესი საიდუმლო უკიდურესად კნინდება ასე მოქმედი მღვდლების მიერ, რომლებიც ბედავენ და ნათლისღების წეს-განგებას ამოკლებენ, მეტიც მას არა სრული სასულიერო ტანისამოსით, არამედ მხოლოდ ეპიტრაქილით შემოსილნი ასრულებენ"...



ვკითხულობთ (ამონარიდი გამოცემიდან "Православие и мир" – "მართლმადიდებლობა და სამყარო"): "სამაჯურებს მღვდელმსახურები იცმევენ ორივე ხელზე (მაჯაზე), რაც ღმრთის ძლიერებას, სიმტკიცეს და სიბრძნეს ნიშნავს, მღვდელმსახურებს საღმრთო საიდუმლოთა შესასრულებლად რომ ენიჭებათ. ხოლო ჯვრის ნიშანი სამაჯურებზე მიანიშნებს, რომ საეკლესიო საიდუმლოს მღვდელმსახურთა ხელი კი არა, თავისი საღმრთო ძლიერებით თვით უფალი აღასრულებს.
 


მღვდელმსახურთა სამაჯურები
 
 
სამაჯურთა ეს მნიშვნელობა ასახულია ლოცვაში, რომელიც მათი ჩაცმისას იკითხება. მარჯვენა სამაჯურის ჩაცმისას: "მარჯვენე შენი, უფალო დიდებულ არს ძალითა შენითა, მარჯვენემან ხელმან შენმან მოსრნა მტერნი, და სიმრავლითა დიდებისა შენისათა შემუსრნა სუპოსტატნი". ეს ლოცვა შეიცავს აზრს იმის შესახებ, რომ სამაჯურები, როგორც ღმრთის ძლიერების სიმბოლო მღვდელმსახურებს საიდუმლოთა აღსრულების ჟამს დემონთაგან იცავენ. მარცხენა სამაჯურის ჩაცმისას იკითხება ასეთი ლოცვა: "ხელთა შენთა შემქმნეს მე, და დამბადეს მე, გულისხმა-მიყავ, და ვისწავლნე სიმართლენი შენი".
 
ეპისკოპოსი ლუკა (ვოინო-იასენეცკი): "ღმრთისგან ბოძებულ საკუთარ მოვალეობად მიმაჩნია, აღმოვფხვრა დასხმითი ნათლობა ჩემს ეპარქიაში. ღმრთის მღვდლები, მიეჩვივნენ რა გადასხმით ნათლობას ("Божия священники, привыкнув крестить обливанием"), უკვე იმ დონემდე მიდიან, რომ გადასხმით ნათლობას ცვლიან ტანისამოსში მდგომი მოსანათლავის თავზე წყლით დასხმით და პკურებითაც კი ("... обливание заменяют поливанием водою или даже окроплением"). ასე უკეთურად "მონათლულები", ცხადია, უნდა გადაინათლონ, რადგან მათზე საიდუმლო არ აღსრულებულა".
 
ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ, ერთ-ერთი ახალმოწესე მისიონერი საიტზე "К истине" ("ჭეშმარიტებისკენ") წერს:
 
"თუ ეპისკოპოს ლუკას ამ სიტყვებს მივიღებთ, გასაგები ხდება, თუ რატომ არის, რომ მონათლულ რუსთა 80%-დან კვირაობით, ჩვენს ტაძრებში ლიტურგიებზე, ესწრება მხოლოდ 0,5%... დანარჩენები კი.... არ არიან ქრისტიანები და წარწყმედის გზას არიან შედგომილნი" (https://k-istine.ru/daily_reflection/daily_reflection-218.htm)
 
"ხოლო იესუმ მიუგო: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება ხელახლა, ვერ იხილავს ღმრთის სასუფეველს" (იოანე 3:3).
 
"ღვთისაგან შობილი არავინ სცოდავს, ვინაიდან მასში რჩება ღვთიური თესლი, და არ შეუძლია სცოდოს, რადგანაც ღვთისაგან არის შობილი" (1 იოანე 3:9).
 
მაგრამ იმათგანაც კი, ვინც ეკლესიაშია, მხოლო ყოველმა ოცდამეათემ იცის, რაზეა ლაპარაკი მათეს სახარების პირველ თავში, ხოლო სად იმყოფება "მთაზე წარმოთქმული უფლის ქადაგება" (იხ. მათე 5 - 7). არავინ იცის (ეს ჩემი მისიონერული მოგზაურობებიდან და კითხვებიდან გამომდინარე).
 
ეპისკოპოსი არის ეკლესიის საძირკველი. ტერტულიანეს თქმით "ეპისკოპოსის გარეშე არ არის ეკლესია", ეპისკოპოსი ეს არის ქრისტეს ეკლესიის სჯულიერების სვეტი. მაშ, რა დაემართება ეკლესიას, თუკი მისი საფუძველი უსჯულო გახდება?" (იქვე).
 
შემდეგ იგივე ავტორი ბრძანებს: "გავიმეორებ თეზისს, რომ დაუშვებელია თანამედროვე რუსული მართლმადიდებელი (და ასევე ქართული თუ სხვა ადგილობრივი) ეკლესიების კლირიკოსებს ფარისევლები ვუწოდოთ! ეს იქნება უდიდესი და დაუმსახურებელი ქება! რადგან ქრისტეს დროის ფარისევლები - სჯულის მოშურნენი იყვნენ, ჩვენთან კი ახლა საყოველთაოდ (ანუ ყველგან) ფეხქვეშ იქელება საღმრთო სჯული (ზოგიერთის აზრით, ჩვენში, ძველ მამათაგან მსოფლიო და ადგილობრივ კრებებზე მიღებული ათასობით კანონისგან ირღვევა 413 კანონი)!
 
უფალი ამხელდა მისი დროის მღვდლებსა და ფარისევლებს: "ვაი თქვენდა, ვინაიდან აშენებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს, ხოლო თქვენმა მამებმა დახოცეს ისინი.  ამით ემოწმებით და იწონებთ კიდეც თქვენი მამების საქმეებს, ვინაიდან მათ დახოცეს ისინი, ხოლო თქვენ სამარხებს უშენებთ" (ლუკა 11:47-48).
 
მაგრამ ჩვენი პირმოთნეობა აღემატება ფარისევლურს! ისინი თუნდაც აღიარებდნენ თავიანთ მამათა შეცდომებს და შეინარჩუნეს წინასწარმეტყველთა მხილებანი. ჩვენ კი განვადიდეთ რწმენის აღმსარებელნი, ეპარქიიდან ეპარქიაში დავატარებთ მათ წმიდა ნაწილებს, ვიღებთ მათზე ფილმებს, მაგრამ საქმით ვქელავთ აღმსარებელთა და მოწამეთა სწავლებებს, მათ სიმართლეს, მათ ქრისტიანულ ცხოვრებას.
 
"გახსოვდეთ თქვენი წინამძღვარნი, რომელნიც გიქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, და მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურენი ჰბაძავდეთ მათ რწმენას" (ებრ. 13:7).
 
"წყეულიმც იყოს, ვინც დაუდევრად აკეთებს უფლის საქმეს!" (იერ. 48:10);
 

 
ადრექრისტიანული ბაპტისტერიუმი კართაგენში (თანამედროვე ტუნისის ტერიტორიაზე)

"მე კარგად მესმის პროტოდიაკვან ანდრია კურაევის ახლანდელი ქცევა, - აგრძელებს დამოწმებული ავტორი. - ძნელია დადო ნახევარი სიცოცხლე ადამიანთა მოწოდებაში მართლმადიდებლობისკენ (და ნიჭიერ მოწოდებაში!), და შემდეგ გაიგო, რომ "პერესტროიკისა" და რწმენის თავისუფლების დაწყებიდან 25 წლის განმავლობაში ეკლესია აივსო, როგორც ლუკა ვოინო-იასენეცკელი წერდა, "ღმრთის შიშის არმქონე" მღვდელმსახურებით, რომლებიც ქელავენ ჩვენს უძველეს კანონებს და ადამიანებს წყალდასხმით ნათლავენ. სხვა რამეებზე (სოდომიაზე, მევახშეობაზე, ტირანიაზე) ხომ ლაპარაკიც კი ზედმეტია... სრულიად დაივიწყეს მოციქულის სიტყვები: "ნუ ეუფლებით ღვთის სამკვიდრებელს, არამედ მაგალითი მიეცით სამწყსოს" (1 პეტრე 5:3) (იხ. პროტოდიაკვან ა. კურაევის ბლოგი)" (იქვე).
 
"რა უნდა ვქნათ? - სვამს კითხვას ავტორი და პასუხობს: - მინიშნება აი აქ არის: "მღვდელმთავრები და მწიგნობრები შეეცადნენ მაშინვე ხელი დაედოთ მისთვის, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ" (ლუკა 20:19). ეპისკოპოსები ერთმანეთს არ ამხელენ და არ შეაგონებენ, მღვდლები მონური შიშით დუმან, და თვითონაც მოხარულნი არიან ხელი გაისვარონ უსჯულოებაში. რჩება ხალხი...
 
მაგრამ, თუ ხალხიც დადუმდება? ...
 
"როდემდის უნდა ვითხოვდე შველას, უფალო, და არ ისმენდე? შემოგჩიოდე ძალადობის გამო და არ მშველიდე? რისთვის მაყურებინებ სიცრუეს და მახილვინებ სიავეს? ძარცვა-გლეჯა და ძალადობაა ჩემს წინაშე, მტრობა და შუღლია ჩამოვარდნილი. ამიტომაც გაცუდდა რჯული და აღარ ჭრის სამართალი; რადგან უსამართლო ჯაბნის მართალს; ამიტომაც გამოდის უკუღმართი მსჯავრი" (ამბ. 1:2-4), ამიტომაც "აჰა, აღვძრავ ქალდეველებს, ხალხს სასტიკსა და ფიცხელს, და მოივლიან მთელს დედამიწას, რომ დაეპატრონონ საცხოვრებლებს, რომლებიც მათ არ ეკუთვნით" (ამბ. 1:6)...
 
"თქვენა ხართ მარილი მიწისა: და თუ მარილი გამტკნარდა, რაღათი დაამარილებ? აღარად ვარგა, თუ არა გადასაყრელად და კაცთა მიერ ფეხით სათელად" (მათე 5:13).
 
"ხოლო ამჟამად ხალხს ვარწმუნებ თუ ღმერთს? ან იქნებ ვცდილობ ხალხს ვაამო? ეს რომ კვლავაც ჩემი მიზანი იყოს, აღარ ვიქნებოდი მონა ქრისტესი" (გალატ. 1:10).

მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.

საიტი "ძველმართლმადიდებლობა". 2022 წ. ივლისი.
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому