ნათლობა - წმიდა მელიტონ სარდელი ნათლისღების შესახებ - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
წყალპკურებითი და წალგადასხმითი "ნათლობების" მხილება
წმ. მელიტონ სარდელი (II ს.)

ნათლისღების შესახებ
ნათლისღება
წმ. მელიტონ სარდელი ნათლისღებას განიხილავს "კოსმიურ ასპექტში": წმინდანის თანახმად, მთელი დედამიწა "განიბანება" (λούεται – "ბანაობს", ანუ "ინათლება") მდინარეებითა და წვიმებით; ოკეანეს "მზის ბაპტისტერიუმსა" (το του ήλιου βαπτιστήριον) და "მთვარის საბანელს" უწოდებს (το της σελήνης λουτρόν), რომელშიაც ორივენი, ვარსკვლავებთან ერთად "საიდუმლო ნათელს იღებენ". მაგრამ თუკი ზეციური მნათობნი, - სვამს კითხვას წმ. მელიტონი, ამგვარ ნათლობას ღებულობენ, რატომ არ შეეძლო ქრისტეს მონათლულიყო იორდანეში? რადგან ის არის მეფე ცათა, თავი ქმნილებისა (κτίσεως ήγεμών), "მზე აღმოსავლეთისა", ანუ "ერთადერთი მზე", რომელიც აღმოუბრწყინდა მიცვალებულთ ჯოჯოხეთში, და მოკვდავთ წუთისოფელში. ნათლობის საიდუმლოს ხედვის, მსგავსი, "კოსმიური პერსპექტივა" წმ. მელიტონთან აიხსნება მისი პოლემიკით "ფსევდოგნოსტიკოსებთან", რომლებშიც ამ საიდუმლოს უარყოფა ფართოდ იყო გავრცელებული (ა. სიდოროვი. პატროლოგიის კურსი).
რომელი გავარვარებული ოქრო, ვერცხლი, სპილენძი ან რკინა არ შთაიფლვის წყალში? ჯერ ერთი იმისთვის, რათა ფერით გაბრწყინდეს, და მეორეც - შთაფლვით გამოიწრთოს; და განა მთელი დედამიწა წვიმებითა და მდინარეებით არ განიბანება? ხოლო რაკიღა განიბანება - ბრწყინვალედ მუშავდება. მსგავსადვე, ეგვიპტის მიწა, როდესაც ნაპირებიდან გადმოსული მდინარეებით განიბანა, გაპოხიერდა. ბრწყინვალედ მოირწყა (განიბანა) და ასწილაც მოისხა, აღივსო თავთავით; და თვით ჰაერიც ხომ განიბანება წვიმის წვეთებით. განიბანება მრავალფერადი ცისარტყელაც, დედა წვიმათა, ტენიანი პნევმით გამოწვეული, მდინარეებს რომ მოსდრეკს ჩანჩქერივით.

თუ გსურს იხილო როგორ შთაიფლვიან ზეცის მნათობნი, ისწრაფე ოკეანისკენ, და იქ გიჩვენებ საკვირველ სანახაობას, ზღვას უსამანოს, გამოუკვლეველ სიღრმეს, წმიდა წყალსა და უვრცელეს ოკეანეს - ემბაზს მზისა, ვარსკვლავთა განბრწყინვებას, მთვარის საბანელს; ხოლო როგორ განიბანებიან საიდუმლოდ - ჩემგან შეიტყვე.

როდესაც ცეცხლოვან ეტლში შებმული მზე დაასრულებს თავის სრბოლას, წრეზე რბოლისგან ალმოდებული და სანთელივით ანთებული, თავისი რბოლით დღის (მერიდიანის, შუა ზონის) განმახურვებელი, თითქოსდა შეშინდაო - მიწა არ დავწვა ჩემი სხივმტყორცნი სიმხურვალით, - ჩაესვენება ოკეანეში.   

როგორც ცეცხლით გავარვარებული სპილენძის ბურთი ცივ წყალში განბანვისას გამოსცემს ხმაურს (შიშინს) და მხურვალებით ბრწყინავს, შინაგანი ცეცხლი კი არ ქრება, არამედ, კვლავ გამოანათებს, ელვასავით გახურებული მზეც, ცივ წყალში განბანვისას კი არ კვდება, რადგან დაუშრეტელია მისი ცეცხლი, არამედ, საიდუმლო შთაფლვით განბანილი, ხარობს, რადგან წყალია მისი მზრდელი და მკვებავი. ერთი და იგივე მზე კვლავ და კვლავ აღმოუბრწყინდება კაცთა მოდგმას განბანვით განწმენდილი. განდევნის ბნელს და ბადებს ნათელს.

მზის კვალად რბიან მთვარე და ვარსკვლავებიც, და ისინიც მზის საბანელში განიბანებიან, ვითარც ბეჯითი მოწაფენი, და მთვარის მიყოლებით ერწყმიან მზის სუფთა ნათელს.

მაშ, თუკი მზე, მთვარე და ვარსკვლავები ოკეანეში განიბანებიან, რატომ არ შეეძლო ქრისტეს განბანილიყო იორდანეში? ცათა მეფე და ქმნილების წინამძღოლი, მზე აღმოსავლეთისა, რომელიც ჯოჯოხეთშიც გამოჩნდა და წუთისოფელშიც მოევლინა მოკვდავთ, ხომ ერთადერთი მზეა ცის კამარაზე.

წყარო: Сочинения древних христианских апологетов. Мелитона, епископа Сардийского, "О крещении", стр. 648-649. Изд. Фонд "Благовест" / Фонд "Алетейя". Санкт-Петербург. 1999).

რუსულიდან თარგმნა არქიეპისკოპოსმა პავლემ
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому