წყალპკურებითი და წალგადასხმითი "ნათლობების" მხილება
მრგვლივმოსავლელი ეპისტოლე ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეეკლესიისა
ყველა მართლმადიდებელ ქრისტეანთადმი
(1848 წ.)
(ამონაწერი)
"დასავლეთის ეკლესიაში... ნელ-ნელა დამკვიდრდა სხვადასხვა სიახლენი, რომლებიც უმეტესწილად ეწინააღმდეგებიან სახარებაში ნათლად გამოხატულ მცნებებს ჩვენი მაცხოვრისა, რომელსაც მანამდე გულმოდგინედ იცავდნენ იმ ეკლესიებში, სანამ არ დაამკვიდრეს ეს სიახლენი, როგორიცაა: პკურება შთაფლვის ნაცვლად, ღვთაებრივი ბარძიმისგან ერისკაცთა ჩამოშორება და მხოლოდღა პურის სახით მათი ზიარება; აფუებული პურის ნაცვლად უფუარი მაცით ზიარება; კურთხევის, ანუ ყოვლადწმიდისა და ყოვლისაღმასრულებელი სულიწმიდის ღვთაებრივი მოწოდების ამოღება საღმრთო ლიტურგიიდან; ასევე საყოველთაო ეკლესიის ძველი სამოციქულო წეს-ჩვეულებების დარღვევა, როგორიცაა: ყრმათა მირონცხებისა და ზიარების უარყოფა, მღვდლების უქორწინებლობა, პაპის უცდომელობა და მისი ქრისტეს ადგილნაცვალობა და მრავალი სხვა. ასე გაირყვნა ძველი სამოციქულო წესი თითქმის ყველა საიდუმლოს აღსრულებისა და ყველა საეკლესიო დაწესებისა; წესი, რომელსაც ოდითგანვე პყრობდა რომის ძველი, წმიდა და მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც მაშინ წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის უწმიდესი წევრი იყო" (§ 4).
"მაგრამ ამაზე არ შეჩერებულა პაპიზმი, როდესაც ხელყოფდა იგი მშვიდობას ღვთის ეკლესიისა; არამედ, პირიქით, ყოველგან აგზავნიდა თავის ე. წ. "მისიონერებს", ყოველგვარი მზაკვრობით აღსავსე ადამიანებს, რათა გადაელახათ მთები და ზღვები თუნდაც ერთი ადამიანის "მოსაქცევად", სინამდვილეში კი იმისათვის, რათა ეცთუნებინათ მართლმადიდებელნი, შეერყვნათ მოძღვრება უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, უკეთური დამატებით შეებილწათ სიმბოლო წმიდისა სარწმუნოებისა, ზედმეტად მიეჩნიათ ღვთითგარდმოცემული შთაფლვა ნათლისღების საიდუმლოში... და მრავალი სხვა" (§ 8).
"აქედან კი გულისხმავყოფთ, ძმანო და ჩვენნო სულიერნო შვილნო, რაოდენ დიდი მადლი მოჰფინა ჩვენს ერთ, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიას, რომელიც, ვითარც ქმრის ერთგული დედა, გვზრდის უბიწოდ და შეურყვნელად. წერილში ნათქვამია: "თვინიერად და მოწიწებით მიუგოთ ყველას, ვინცა გთხოვთ თქვენი სასოების ახსნას" (1 პეტრე 3:15). რით მივაგოთ უფალს, ჩვენ, ცოდვილებმა, ყოველივე იმისთვის, რაც მან მოგვაგო ჩვენ? დაუშრეტელი მადლით ჩვენმა ღმერთმა თავისი სისხლით მოგვისყიდა და წმიდა მამათა უბიწო სარწმუნოებისადმი მთელი სულითა და გულით ჩვენი ერთგულების გარდა არაფერს ითხოვს; არაფერი სურს ჩვენგან მართლმადიდებლური ეკლესიისადმი ერთგულებისა და სიყვარულის გარდა, რომელმაც გვშვა და არა ახალგამოგონილი პკურებით, არამედ სამოციქულო შთაფვლის ღვთაებრივი საბანელით აღგვაღორძინა; ქრისტეს პატიოსანი ხორცით გვაპურებს ჩვენი მაცხოვრის მარადიული აღთქმის თანახმად და ვითარც ჭეშმარიტი დედა უხვად გვასმევს მის პატიოსან სისხლს, რომელიც ჩვენი და მთელი სამყაროს საცხოვნებლად დაიღვარა".
1848 წლის, 6 მაისი.
დედანს ხელს აწერენ პატრიარქები:
ანთიმოზი, მსოფლიო პატრიარქი, კონსტანტინოპოლისა და ახალი რომის არქიეპისკოპოსი.
იეროთეოზი, ალექსანდრიისა და სრულიად ეგვიპტის პატრიარქი.
მეთოდე, ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი.
კირილე, იერუსალიმისა და მთელი პალესტინის პატრიარქი.
ეპისკოპოსები:
კონსტანტინოპოლის სინოდი:
პაისი (კესარიელი); ანთიმოზ (ეფესელი); დიონისე (ჰერაკლიელი); იოაკიმე (კიზიკელი); დიონისე (ნიკომიდიელი); იეროთეოს (ქალკიდონელი); ნეოფიტე (დერკოველი); გერასიმე (ადრიანოპოლელი); კირილე (ნეოკესარიელი); თეოკლიტე (ბერიელი); მელეტი (პისიდიელი); ათანასე (სმირნელი); დიონისე (მელენიკელი); პაისი (სოფიელი); დანიელი (ლიმნოსელი); პანტელეიმონ (დრიინუპოლელი); იოსებ (ერსეკელი); ანთიმოზ (ვოდენელი).
ანტიოქიის სინოდი:
ეპისკოპოსები: ზაქარია (არკადიელი); მეთოდე (ემესელი); იოანიკე (ტრიპოლელი); არტემი (ლაოდიკიელი).
იერუსალიმის სინოდი:
ეპისკოპოსები: მელეტი (პეტრაელი); დიონისე (ბეთლემელი); ფილიმონი (ღაზელი); სამუელი (ნეაპოლელი); თადეოსი (სებასტიელი); იოანიკე (ფილადელფიელი); იეროთეოს (თაბორელი).
სრული ტექსტი იხ. აქ: http://www.pagez.ru/olb/027.php