წყალპკურებითი და წალგადასხმითი "ნათლობების" მხილება
კონსტანტინოპოლის პატრიარქ აგათანგელოზის ეპისტოლე
წმიდა ნათლისღების შესახებ
(1829 წ.)
წმიდა ნათლისღების შესახებ
(1829 წ.)
სახელმწიფოებრიობის საზღვრებში მდებარე კაცობრივი საქმეები დროისა და ვითარებების შესაბამისად მრავალჯერ ექვემდებარებიან ცვლილებას, მაგრამ ის, რაც საღმრთო და წმიდა მოციქულთა გადმოცემებით არის დამტკიცებული, უპირველეს ყოვლისა ჩვენი უბიწო სარწმუნოების დოგმატები და საიდუმლოებები, დროის ცვალებადობას არ ექვემდებარებიან და ამაზე ფიქრიც კი დაუშვებელია. ამის უფლება არა აქვს თვით ანგელოზსაც კი, რადგან მცირედმა გადახრამაც კი შეიძლება უდიდესი საფრთხე წარმოქმნას და მართლმორწმუნეთა სულები დააზიანოს, რომლებიც უფალმა გამოისყიდა თავისი უპატიოსნესი სისხლით.
ეს უნდა ითქვას წმიდა ნათლისღების საიდუმლოს შესახებაც, რადგან სხვა მხარეში მცხოვრებმა ღვთისმოსავმა მორწმუნეებმა ჩვენს ეკლესიას ჰკითხეს თუ რომელი ნათლობაა ჭეშმარიტი და რომელია უბიწო და შეუგინებელი, რადგან იმ მხარეში ამის შესახებ დავობდა ორი მღვდელმსახური, რომლებიც უთანხმოებაში იყვნენ ამ საკითხთან დაკავშირებით. ნათლისღების დროს ერთი მათგანი აღავსებს წმიდა ემბაზს წყლით, აიყვანს ყრმას ორივე ხელით და წარმოთქმით: "ინათლება მონა ღვთისა (სახელი)", - მთლიანად შთაჰფლავს წყალში, ამოყვანის დროს კი ამბობს "სახელითა მამისათა, ამინ", - შემდეგ კვლავ შთაჰფლავს მას და ამოყვანისას იტყვის: "და ძისათა, ამინ" და ბოლოს, მესამედ შთაჰფლავს მოსანათლ ყრმას წყალში და ამოყვანისას ნათლისღების წეს-განგებას ამთავრებს მესამე მოწოდებით: "და წმიდისა სულისათა, ამინ".
მაგრამ მეორე მღვდელმსახური ემბაზს მხოლოდ ერთ მესამედზე აღავსებს, აიყვანს მოსანათლ ყრმას და შთაფლავს მას წელამდე უჭირავს რა ყრმა მარცხენა ხელით, მარჯვენათი კი თავზე წყალს აპკურებს და პირველი მოწოდების დროს: "სახელითა მამისათა", - სამჯერ დაასხამს და ასე აკეთებს მეორე და მესამე მოწოდების დროსაც.
ხსენებულმა ქრისტეანებმა, რომლებიც დაბნეულნი არიან და ბრკოლდებიან იმის გამო, რომ ამ მღვდელმოქმედებას ორი მღვდელი განსხვავებულად აღასრულებს და ერთმანეთში დავობს: პირველი ამტკიცებს, რომ სწორია ნათლობის მხოლოდ პირველი ფორმა, მეორე კი მიიჩნევს, რომ ის წესი, რომელსაც ის მისდევს, პირველისგან არაფრით განსხვავდება, არამედ უფრო უსაფრთხოა და უვნებელი ყრმათათვის, ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენ მოგვმართეს და ჩვენს მსჯავრს მიანდეს განაჩენის გამოტანა, და მოითხოვეს წერილობითად დაგვედასტურებინა თუ რომელია ამ ორი ფორმიდან ნათლობის საიდუმლოს ჭეშმარიტი და კანონიკური ფორმა. გარდა ამისა, მათ გვთხოვეს უარგვეყო ნათლობის ის წესი, რომელიც არ არის ჭეშმარიტი, რადგან მათ უკვე აღარ ძალუძთ ითმინონ ორაზროვნების სიბნელე და დაეჭვებულნი იყონ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საიდუმლოსთან დაკავშირებით. ეს ღვთისმოშიში ქრისტეანები სწორად მიიჩნევენ, რომ მართლმადიდებლობიდან მცირედით გადახრასაც კი სრულიად საწინააღმდეგო შედეგებამდე მივყავართ.
ამიტომაც, მოვიწონეთ რა მათი ღვთისმოშიშებრივი თხოვნა, რომელიც მათ ქრისტეანულ მოშურნეობას წარმოაჩენს საეკლესიო საიდუმლოთა შესრულებასთან დაკავშირებით, სულის სიღრმიდან ვაგვირგვინებთ მას ჩვენი ლოცვით, იერუსალემისა და მთელი პალესტინის უნეტარეს და უწმიდეს პატრიარქთან, ბატონ ათანასესთან და მის თანამსახურ ძმებთან ერთად, წინამდებარე საპატრიარქო და კრებითი მიმართვით ადასტურებს, რომ ღვთაებრივი და წმიდა ნათლისღება, როგორც ყველგან, ასევე ხსენებულ ქრისტეანებთანაც უნდა აღსრულდეს ძველი, საეკლესიო დადგენილებისა და კანონიკური წესის მიხედვით. კერძოდ, ემბაზის წყლით ავსების შემდეგ, მღვდელი ხელზე აიყვანს მოსანათლავ ყრმას და მოწოდებით: "ინათლება მონა ღვთისა (სახელი) სახელითა მამისათა", - ჩააყვინთებს ანუ შთაჰფლავს მას სრულიად და ფრთხილად წმიდა ემბაზში ისე, რომ თავიც კი დაიფაროს წყალში, ხოლო იმის შემდეგ რაც აღმოიყვანს, იტყვის: "ამინ"; შემდეგ შთაჰფლავს მას მეორედ და იტყვის: "და ძისათა", - და როგორც კი აღმოიყვანს, იმწამსვე იტყვის: "ამინ". შთაჰფლავს რა მესამედაც სიტყვებით: "და წმიდისა სულისათა", აღმოიყვანს და იტყვის: "ამინ".
აი ასეთია ძველი გადმოცემა წმიდა და საღმრთო ნათლისღების შესახებ, რომელიც შეესაბამება მოციქულთა კანონებს და ღმერთშემოსილ მამათა კრებსით დადგენილებებს: მოსანათლავის ნათლობისას აუცილებელია მისი სამი სრული შთაჰფლვა თავითურთ, სადაც პირველი შთაფლვისა და აღმოყვანის დროს მღვდელი იტყვის: "ინათლება მონა ღვთისა (სახელი) სახელითა მამისათა, ამინ", - მეორე შთაფლვისა და აღმოყვანის დროს: "და ძისათა, ამინ", - და მესამე შთაფლვისა და აღმოყვანის დროს: "და წმიდისა სულისათა, ამინ".
სწორედ ასეთი ნათლობა მიიჩნევა სრულ, სახარებისა და მოციქულთა კანონების შესაბამის და უფლის მიერ მოციქულებისთვის მიცემული მცნების თანხმიერ ნათლობად, რომელმაც ბრძანა: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა" (მათე 28:19). უფალმა სთქვა "ნათელ-სცემდით"-ო, და არა "აპკურებდით"-ო" ან "დაასხამდით"-ო, რადგან სიტყვების "ნათელ-სცემდით" (ბერძნ. ბაპტისმა - რედ.) პირდაპირი მნიშვნელობა და აზრი სხვა არაფერში მდგომარეობს თუ არა მოსანათლავის შთაფლვაში, მარტივად რომ ვთქვათ მის ჩაყვინთვაში ისე, რომ წყალმა სრულიად დაჰფაროს იგი, და, როგორც მოციქულთა კანონები და კრებათა განწესებები გვამცნებენ წმიდა ნათლისღების შესახებ, ყოველი შთაფლვისა და აღმოყვანის დროს მკაფიოდ უნდა ითქვას წმიდა სამების ერთ ერთი იპოსტასის სახელი.
ის, ვინც სხვაგვარად მონათლავს უნდა დაემხოს თავისი პატივიდან წმიდა მოციქულთა 49-ე კანონის შესაბამისად , სადაც ნათლად წერია: "თუ ვინმე ეპისკოპოსმა ან მღვდელმა ნათელ-სცეს არა უფლის განწესების შესაბამისად მამისა, ძისა და სულიწმიდის მიმართ, არამედ სამი დაუსაბამოს, ან სამი ძის, ან სამი ნუგეშინისმცემლის მიმართ, განიკვეთოს". რადგან მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღოს სწავლება ერთი დაუსაბამო მამის შესახებ, რომელსაც არა აქვს გაჩენის მიზეზი და თვითონ არის მშობელი ძისა და გამომავლინებელი ნუგეშისმცემელი სულიწმიდისა, რომლის მამისგან გამოსვლა მიწვდომელია და გამოუთქმელი. ამას ადასტურებს იერარქთა შორის უდიდესი ბასილი, რომელიც ბრძანებს: "ნათლისღების საიდუმლო აღესრულება სამი შთაფლვით და მათი თანაბარი სამი მოწოდებით" (Св. Василий Великий. О святом Духе, гл. 15). იქვე განმარტავს რა თუ რატომ ვინათლებით მამის, ძის და სულიწმიდის სახელით, ის ამბობს: "მაშ ასე, წმიდა სამება ააღორძინებს ყოველ ჩვენგანს: მოვინათლეთ რა "სახელითა მამისათა" ღმრთის შვილებად ვიწოდენით; "და ძისათა" - ქრისტე შევიმოსეთ და "წმიდისა სულისათა" - ზეცითგან ვიშვენით".
ამრიგად, აი რას იცავს აღმოსავლეთის ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესია წმიდა ნათლისღების სრულ და ჭეშმარიტ საიდუმლოსთან დაკავშირებით, რომელიც არიგებს, ასწავლის და უბრძანებს ყველა მართლმადიდებელ ქრისტეანს, რათა მათაც განუხრელად ასე აღასრულონ ეს საიდუმლო. წელამდე შთაფლვა, მარჯვენა ხელით ყრმის თავის პკურება სამჯერ პირველ მოწოდებაზე ("სახელითა მამისათა"), სამჯერ მეორე მოწოდებაზე ("და ძისათა") და სამჯერ მესამე მოწოდებაზე ("და წმიდისა სულისათა"), რომელიც ყოველდღიურობაში გვხვდება, - არასწორი და მიუღებელია, რადგან არანაირად არ არის დამტკიცებული ძველი საეკლესიო გადმოცემით და სრულიად მიუღებელია ჩვენი, აღმოსავლური და მართლმადიდებლური ეკლესიისთვის. ის ეწინააღმდეგება მოციქულთა და კრებათა კანონებს, არღვევს თვით ჩვენი უფლის მცნებას ნათლისღებასთან დაკავშირებით , როგორც ეს ზემოთ იყო ნაჩვენები.
ამიტომაც ის, ვინც ყოველდღიურობაში მისდევს და იცავს ეკლესიისთვის ამ მიუღებელ და არასწორ მოქმედებას და არ სწორდება, უნდა დაექვემდებაროს მოციქულთა მიერ დაწესებულ ეპითემიებს. სწორედ ამის დასამტკიცებლად ვწერ წინამდებარე საპატრიარქო მიმართვასაც.
1829 წელი, სექტემბერი, მესამე ინდიქტიონი.
აგათანგელოზი, კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსი, ახალი რომისა და მსოფლიოს პატრიარქი.
ხელს აწერენ აგრეთვე:
იერუსალემის პატრიარქი
ზაქარია, ქალკედონის არქიეპისკოპოსი
ნიკიფორე, დერკის არქიეპისკოპოსი
(სინოდის სხვა წევრთა სახელები ჩამოთვლილი არ არის).
შენიშვნა: ნათლობის საიდუმლოსთან დაკავშირებით პატრიარქ აგათანგელოზის მსგავსი განკარგულებები გაუციათ კალინიკე ნიკიელსაც და გრიგოლ სმირნელსაც.