ნათლობა - წმიდა იოანე ოქროპირი ნათლისღების შესახებ - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
წყალპკურებითი და წალგადასხმითი "ნათლობების" მხილება
წმ. იოანე ოქროპირი

ნათლისღების შესახებ

რა არის ნათლისღება, რისთვის დაწესდა და რა სიკეთეს გვანიჭებს

(ამონაწერი ჰომილიიდან "სანათლავად გამზადებულთათვის", ჰომ. 1)
ნათლისღება
2. ვინც წმიდა და საშინელ საიდუმლოთ მიეახლება, ფხიზლად და მხნედ უნდა იყოს, ყოველგვარი ამსოფლიური საზრუნავისგან გათავისუფლდეს, აღივსოს უდიდესი უბიწოებით და მოშურნეობით, რათა, როგორც თვით მეფის მიმღებმა, განაგდოს გონებიდან საიდუმლოთათვის მიუღებელი ყოველგვარი ავი ზრახვა, და საკუთარი თავი იმ ტაძრად გარდაქმნას, რომელიც წმიდა იქნება ყოველი მიმართებით.

ასე უნდა მომზადდეს თქვენი გონება, თქვენი ზრახვები, ასეთი უნდა იყოს თქვენი სულიერი განწყობა. ამგვარი ბრწყინვალე განწყობისთვის კი ელოდეთ ღმრთისგან ღირსეულ ჯილდოს, რომელიც თავისი მოწყალებით მისდამი მორჩილთა დამსახურებებს აღემატება. მაგრამ, რადგან მსახურთაც მართებთ ჯეროვანი პატივი მიაგონ თავიანთ უფალს, ჩვენც ღირსეული საბოძვარი უნდა მივაგოთ მას, უფრო ზუსტად, - არა ჩვენი, არამედ უფლისა, რადგან "რა გაქვს ისეთი, - ამბობს მოციქული, - რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი, თითქოს არ მიგეღოს" (1 კორინთ. 4:7)?

უპირველეს ყოვლისა ვისურვებდი ამეხსნა თუ რატომ აირჩიეს მთელი წლიდან ჩვენმა მამებმა ეს პერიოდი ეკლესიის შვილების მოსანათლად (ძველ დროში, ქრისტეანებს ნათლავდნენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე - მთარგმნ.) და რისთვის დაუწესეს მათ ტანთგახდილებს დამოძღვრის შემდეგ, რათა ასე, გახდილებს, პერანგის ამარა ესმინათ შემფუცველთა სიტყვები. ცხადია, უმიზეზოდ და უბრალოდ როდი დააწესეს მათ ამგვარი ჟამი და სახე ნათლისღებისთვის; ერთსაც და მეორესაც საიდუმლო და ღრმა მნიშვნელობა გააჩნია. ვისურვებდი ამეხსნა ეს თქვენთვის, მაგრამ ვხედავ, საუბარი სხვა უფრო საჭირო საგნისკენ გვიწვევს. უნდა გამცნოთ რა არის ნათლობა, რისთვის არის ის დაწესებული ჩვენს ცხოვრებაში, და როგორ სიკეთეს მიგვაახლებს.

მაგრამ, თუ გსურთ, მოდი, ჯერ ამ საიდუმლო განწმენდის სახელწოდებაზე ვისაუბროთ, ის ხომ მარტო ერთი სახელით არ იწოდება, არამედ მრავლითა და განსხვავებულით. ასე, მაგალითად, ამ განწმენდას ეწოდება მეორედ შობის საბანელი: "მან გვიხსნა", ამბობს მოციქული, "ხელახლა შობის განბანითა და სული წმიდის მიერ განახლებით" (ტიტეს 3:5). იწოდება იგი განათლებად, როგორც ამას ბრძანებს იგივე პავლე: "გაიხსენეთ უწინდელი დღენი, როცა განათლდით და დაითმინეთ ვნებათა დიადი ღვაწლი"; და კიდევ: "რადგანაც შეუძლებელია, რომ ერთხელ უკვე განათლებულნი, რომელთაც იგემეს ციური ნიჭი და ეზიარნენ სულიწმიდას, მაგრამ მაინც დაეცნენ, - კვლავ განახლდნენ სინანულისთვის..." (ებრ. 6:4, 6); იწოდება ნათლის-ღებად: "ვინაიდან ყველანი, ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტეთივე შეიმოსენით"(ძვ. ქართ.: "რამეთუ რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ") (გალატ. 3:27); იწოდება დამარხვად, რადგან მოციქულის თქმით "მასთან ერთადვე დავიმარხეთ სიკვდილში ნათლისღებით" (რომ. 6:4); იწოდება წინადაცვეთად, რადგან: "მასშივე ხართ წინადაცვეთილნი ხელთუქმნელი წინადაცვეთით: ესაა განძარცვა ცოდვილი ხორციელი სხეულისაგან - ქრისტესეული წინადაცვეთა" (კოლას. 2:11); ჯვრადაც იწოდება იგი, ვინაიდან: "ჩვენი ძველი კაცი ჯვარს ეცვა მასთან ერთად, რათა გადაგებულიყო ცოდვის სჯული და აღარასოდეს დავმონებოდით ცოდვას" (რომ. 6:6).  შეგვიძლია მივუთითოთ მრავალი სხვა სახელწოდებაც, მაგრამ, მთელი დრო რომ ამგვარი ნიჭის სახელწოდებათა ჩამოთვლაში არ დავხარჯოთ, შევწყვიტოთ მსჯელობა ამ საგანზე, მის პირველ სახელწოდებას მივუბრუნდეთ და მისი მნიშვნელობა გულისხმავყოთ.

არსებობს ყველა ადამიანისთვის საერთო განბანვა აბანოში, რომლითაც ადამიანები ჩვეულებისამებრ სხეულებრივ უწმიდურებას იბანენ. არსებობს იუდეველური განბანვაც, რომელიც თუმც პირველზე მნიშვნელოვანია, მაგრამ მადლისმიერ განბანვაზე უკნინესი, - რამეთუ ისიც ხორციელ უწმინდურებებს ჰბანს, თუმა, არა მარტო ხორციელს, არამედ მასზე დამოკიდებულ სინდისის უძლურებასაც. არსებობს მრავალი ნივთი, რომელიც თავისთავად კი არ არის უწმინდური, არამედ ამდაგვარი ხდება სინდისის უძლურებით. მაგალითად, ნიღბები და მათი მსგავსი საფრთხობელები თავისთავად კი არ არიან საშიშნი, არამედ ბავშვებს ეჩვენებათ ამგვარად მათი ბუნების უძლურების გამო; ან კიდევ მკვდარი სხეულისადმი შეხება თავისთავად კი არ არის უწმინდური, არამედ მაშინ, როდესაც ადამიანს სინდისის უძლურება შეიპყრობს და ამგვარ შეხებას უწმინდურს გახდის.

ეს საქმე თავისთავად უწმინდურება რომ არ არის გვიჩვენა თვით მოსე სჯულმდებელმა, რომელიც მკვდარ იოსებს მოასვენებდა, თუმცა ამის გამო არ გაუწმიდურებულა. ამიტომაც, პავლე, როდესაც არა ბუნებისგან, არამედ სინდისის უძლურებიდან მომდინარე უწმიდურებათათვის მსჯელობს, ასე ბრძანებს: "ვიცი და მწამს უფალ იესოს მიერ, რომ თავისთავად არაფერია უწმინდური, არამედ უწმინდურია მხოლოდ მისთვის, ვინც უწმინდურად მიიჩნევს მას" (რომ. 14:14). ხედავ, რომ უწმინდურება ნივთთა თვისებისგან კი არა ზრახვათა უძლურებისგან მოდის? და კიდევ: "საჭმლის გულისთვის ნუ დაარღვევ ღვთის საქმეს. ყველაფერი წმიდაა, მაგრამ ბოროტია კაცისთვის, ვინც საცდუნებლად ჭამს" (რომ. 14:20). ხედავ, რომ თვით ჭამა კი არ არის უწმიდურება, არამედ საცდუნებელი ჭამა ხდება უწმიდურების მიზეზი?  

3. ამდაგვარ უწმიდურებას ჰბანდა იუდეველური განბანვა; ხოლო მადლისმიერი ბანვა ამგვარ უწმიდურებას კი არ ბანს, არამედ ნამდვილს, რომელიც უდიდეს გაუწმიდურებას იწვევს და ხორცთან ერთად სულსაც აბინძურებს; ის წმიდად შეიქს არა მათ, ვინც მკვდარ სხეულებს ეხება, არამედ მათ ვინც ეხება მკვდარ საქმეებს; გარყვნილიც რომ იყოს ვინმე, ან მემრუშე, ან კერპთმსახური, ან სხვა ბოროტების მოქმედი, ან კიდევ ყველა ადამიანურ ვნებებს მოიცავდეს, როგორც კი წყლის საბანელში შევა, ამ ღვთაებრივი ჭავლიდან მზის სხივებზე უფრო განწმენდილი აღმოვალს. ნათქვამი გადაჭარბებულად რომ არ მოგეჩვენოს, ისმინე პავლესი, რომელიც ამ საბანელის ძლიერებაზე ბრძანებს: "ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. " (1 კორ. 6:9-10). მაგრამ, შეიძლება მკითხოთ, როგორ ეხება ეს ზემოთნათქვამს? უნდა ვაჩვენოთ, განწმენდს თუ არა ყოველივე ამას ემბაზის ძალა. მაშ ისმინე: "ოდესღაც ზოგიერთი თქვენგანი ასეთი იყო, მაგრამ განიბანეთ, მაგრამ განიწმიდეთ, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით" (1 კორინთ. 6:11).

მე დაგპირდით მეჩვენებინა თქვენთვის, რომ ამ საბანელში შემსვლელი კაცი ყოველგვარი ბიწიერებისგან განიწმინდება, მაგრამ ჩვენმა მსჯელობამ მეტიც აჩვენა, ანუ ის, რომ ამდაგვარნი არა მარტო განიწმინდებიან, არამედ წმიდად და მართლად შეიქნებიან; მან არა თუ თქვა: "განიბანეთო", არამედ დაამატა: "განიწმიდეთ და გამართლდითო". რა შეიძლება იყოს იმაზე საკვირველი, როდესაც ყოველგვარი შრომისა და ძალისხმევის, ან კიდევ კეთილი საქმეების გარეშე მიიღებ გამართლებას? მაგრამ, ასეთია ღმრთის კაცთმოყვარეობის ნიჭი: ის ძალისხმევის გარეშეც გამართლებს; თუ მეფის განკარგულება, რომელიც ორიოდ სიტყვით ათავისუფლებს ურიცხვ დანაშაულებში ბრალდებულებს, სხვებს კი აწინაურებს, მით უფრო ყოვლადძლიერი სული ღმრთისა, რომელიც ყოველგვარი ბოროტებისგან გვიხსნის, გამართლებას გვანიჭებს და უდიდესი მოშურნეობით აღგვავსებს.  

როგორც უკიდეგანო ზღვაში ჩავარდნილი ნაპერწკალი უმალ ქრება და უჩინარდება, ღმრთის წყაროში შთაფლული და ჩაძირული ადამიანური ბიწიერებაც იმ ნაპერწკალზე უფრო იოლად და სწრაფად ქრება და უჩინარდება. შესაძლოა კვლავ იკითხოს ვინმემ, მაშ თუ ნათლისღება ყველა ჩვენს ცოდვას განუტევებს, რატომ არ იწოდება იგი ცოდვათა განმწმენდ საბანელად, არამედ იწოდება საბანელად "მეორედ შობისა"? იმიტომ, რომ ის ცოდვებს ის უბრალოდ კი არ მოგვიტევებს, უბრალოდ კი არ განგვწმენდს ბიწიერებისგან, არამედ ამას ისე აკეთებს, თითქოსდა ხელახლა ვიშვებოდეთ. ჭეშმარიტად, ის ხელახლა გარდაგვქმნის და განგვაახლებს, ოღონდ ამჯერად ამას კვლავ მიწისგან კი არ აკეთებს, არამედ სხვა სტიქიისგან, წყლის ბუნებისგან; ის უბრალოდ კი არ განწმენდს ჭურჭელს, არამედ თავიდან ადნობს და განაახლებს.  

განბანილი ნივთი, ზედმიწევნითაც რომ განიწმიდოს, თავის თვისებებსა და უწმინდურების ნარჩენებს მაინც ინარჩუნებს; მაგრამ ცეცხლის ღუმელში შეგდებული ნივთი, რომელიც ცეცხლით განახლდება, იქიდან გამოღების შემდეგ ყოველგვარი უწმიდურებისგან განწმენდილია და ახლად ჩამოსხული ნივთივით ელვარებს.

როგორც ცეცხლის ღუმელში შეგდებულ ოქროს ქანდაკებას უბრუნდება ელვარება, რომელიც დროთა განმავლობაში კვამლის, მტვრისა და ჟანგისგან დაბინძურებულა, ასევე ღმერთმაც, აიღო რა ცოდვის ჟანგისგან დაზიანებული ჩვენი ბუნება, შთააგდო წყალში, ვითარც ღუმელში და გადაადნო, ცეცხლის მაგიერ გარდამოუვლინა სულიწმიდა და იქიდან ისეთი განახლებულნი და გარდაქმნილნი აღმოგვიყვანა, რომ ბრწყინვალებით მზის სხივებსაც კი ტოლს არ ვუდებთ. ასე დაამსხვრია უფალმა ძველი კაცი და განაახლა, გარდაქმნა იგი უფრო ბრწყინვალედ, ვიდრე იყო.

წყარო: Творения святаго отца нашего Иоанна Златоуста, архиепископа Константинопольскаго в русском переводе. Том второй. Кн. Первая (изд. Второе). С.-Петербург. Издание с.-Петербургской Духовной Академии. 1809 г. Стр. 253-256, §§ 2-3).

რუსულიდან თარგმნა არქიეპისკოპოსმა პავლემ
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому