ლიტურგიკა - საეკლესიო სანთლების შესახებ - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
საეკლესიო სანთლების შესახებ
საეკლესიო სანთლები
საიდან მოვიდა ჩვენში ხატებთან სანთლების დანთების ჩვეულება, და როგორია მისი აზრი? არსებობს თუ არა სანთლების ანთებისა და ჩაქრობის რაიმე საეკლესიო წესი? მოდი, გავერკვეთ ამ საკითხში.
 
შესაძლოა ყველამ არ იცის, მაგრამ ადრე, ძველ ქრისტიანებში სანთლებსა და კანდლებს წმიდად საყოფაცხოვრებო დანიშნულება ჰქონდათ. მანამ, სანამ გამოიგონებდნენ ელექტრობას, ნებისმიერი სადგომი და სათავსო მხოლოდ ბუნებრივი ნათლით ან შესაძლო ანთებული ლამპრებით (სანთლებით, კანდლებით, ჩირაღდნებით) ნათდებოდა. ასევე, როდესაც ქრისტიანები საიდუმლოდ ლოცულობდნენ, დევნულების შიშით, ისინი სალოცავად ირჩევდნენ უცხოთაგან მოშორებულ, დაფარულ ადგილებს, სხვადასხვა სახის კატაკომბებს, გამოქვაბულებს და სხვა. საჭირო იყო ამ სათავსოთა განათება. ამისთვის ჰქონდათ სწორედ კანდლები და ლამპრები, სწორედ ასე გამოჩნდნენ ისინი საეკლესიო ყოფა-ცხოვრებაში.
 
დაახლოებით შუასაუკუნეებიდან, ლამპრებთან ერთად, ტაძრებში აქტიურად დაიწყეს სანთლების გამოყენებაც. როგორც განათების სხვა ხელოვნური საშუალებები, მათდამიც თავიდანვე წმიდად უტილიტარული დამოკიდებულება არსებობდა. მათ პრაქტიკული დანიშნულებისთვის იყენებდნენ (მაგ. წიგნების ან სხვა წასაკითხი ტექსტების გასანათებლად. იხ. ქვემოთ ფოტო).
 

 
მაგრამ, თანდათანობით სანთელმა მიიღო ის აზრობრივი დატვირთვა, რომელიც მას ახლა გააჩნია - ის ღმრთისადმი შეწირულობის ერთ-ერთი ფორმა გახდა. სანთელმა ასევე გარკვეული სიმბოლური მნიშვნელობა შეიძინა. სახარებაში ქრისტე საკუთარ თავს უწოდებს ნათელს, გარდა ამისა წმიდა წერილში გვხვდება სხვა სიმბოლოებიც, რომლებიც დაკავშირებულნი არიან  ცეცხლთან, მაგალითად, შეუწველი მაყვლოვანი, რომელშიც ღმერთი მოსეს გამოეცხადა, ან კიდევ ქრისტეს თეთრი, გაბრწყინებული სამოსი, როდესაც მან თაბორის მთაზე მოწაფეთა თვალწინ ფერი იცვალა. სანთელი, გარკვეულწილად, ყოველივე ამის სიმბოლოს წარმოადგენდა, და ქრისტიანებმა ის აღიქვეს, როგორც საღმრთო ნათლის გამომსახველი ხილული ნიშანი, ან კიდევ, როგორც ადამიანის სული, რომელიც რწმენითა და ქრისტესადმი სიყვარულით იწვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესიაში საერთო განათებასაც სწავლა-მოძღვრებითი დანიშნულება მიენიჭა, როგორც, საერთოდ ყველაფერს, რაც კი ეკლესიაშია და ამა თუ იმ ზომით ღვთისმსახურებაში გამოიყენება. მაგალითად, როდესაც ტაძარში პარემიები (საკითხავები ძველი აღთქმიდან (ზოგჯერ ახალი აღთქმიდან)) ან ფსალმუნები იკითხება (მაგ.: ექვსი ფსალმუნი, კაფიზმები და სხვა), მაშინ ტაძარში განათება კლებულობს, რადგან ქრისტეს ნათელი ჯერ არ მოჰფენია ქვეყნიერებას, ხოლო როდესაც ტაძარში სამოციქულო და სახარება იკითხება, ან სამწმიდაო იგალობება, - მაშინ ნათება ეკლესიაში მაქსიმუმს აღწევს, რადგან ქრისტე მოევლინა ქვეყნიერებას; ადამიანებმა მიიღეს თავიანთი სულების საღმრთო განათლება.
 

 
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სანთლის ერთ-ერთი დანიშულება - შეწირულობაა. ეს არის ერთგვარი საჩუქარი, ის, რასაც ჩვენი ნებისაებრ ვჩუქნით იმ ეკლესიას, რომელშიც ლოცვისთვის მივედით. ადამიანი - სოციალური არსებაა, როდესაც ის გრძნობს სიყვარულსა და მადლიერებას ვინმეს მიმართ ცდილობს არა მარტო სიტყვიერად გამოხატოს ეს გრძნობა, არამედ გარეგანი ქმედებითაც და თუნდაც ნივთიერი სახითაც. აქედან მოდის ნივთების ჩუქების ტრადიცია ადამიანთა შორის. ასე უფრო მარტივად გამოიხატება ადამიანის შინაგანი განწყობა.
 
შეგვიძლია მოვიტანოთ ასეთი მაგალითიც. ბავშვს უყვარს თავისი მშობლები. თავიდან ის თავის სიყვარულს ღიმილითა და სიცილით გამოხატავს, შემდეგ კი, ცოტა რომ წამოიზრდება, უკვე სხვა ფორმებითაც ცდილობს თავისი სიყვარულის გამოვლინებას. მაგალითად, რაიმეს ჩუქნის თავის მშობლებს. პატარა სასეირნოდ გადის და დედისთვის მინდვრის ყვავილები მოაქვს; ის დედას უზიარებს იმას, რაც გააჩნია. შემდეგ სხვა რამეებსაც სწავლობს, მაგალითად, ხატვას, ძერწვას, ქსოვას და სხვა. და უფრო დახვეწილ საჩუქრებს ამზადებს მისთვის ძვირფასი ადამიანის გულის გასახარად.
 
ზრდასრული ადამიანი აგრძელებს ამ მშვენიერ ტრადიციას და ახლობლებსა და მეგობრებს უზიარებს იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასია - ჩუქნის მათ თავისი შრომის ნაყოფს. როდესაც კაცი ღმერთსა და მის ეკლესიას შეიყვარებს, ყოველთვის ცდილობს თავისი სიყვარული და მადლიერება გარეგნულადაც გამოხატოს. ძველად ქრისტიანებში მიღებული იყო ტაძარში საკუთარი შრომის ნაყოფის მიტანა, ყოველივე საუკეთესოს ღმერთს სწირავდნენ.
 
დიდი ხნის განმავლობაში ადამიანები დაკავშირებულნი იყვნენ ნატურალურ მეურნეობასთან, ამიტომაც ფულს იშვიათად სწირავდნენ ეკლესიას. უფრო მზა პროდუქტები მოჰქონდათ - ღვინო და ფქვილი ევქარისტიისთვის, სანთელი და ქონი კანდლების და ტაძრის გასანათებლად, საჭმელი ღარიბთათვის და სხვა. მდიდრებიც კი მარტო ფულს კი არ აგდებდნენ შემოწირულობათა ყუთში, არამედ რაიმე მზა და ფასეულ საგანსაც სწირავდნენ, რათა მათ შეწირულობას ტაძარში რაიმე გამოყენება ჰქონოდა.
 
და აი, ჩნდება ვითარება: ეკლესიაში მოდის მეფუტკრე, დურგალი და, მაგალითად, მასწავლებელი. მეფუტკრეს შეუძლია თაფლი შეწიროს ტაძარს, დურგალს - თავისი ნაკეთობის მიტანა შეუძლია, ან რაიმეს შერემონტება და შელამაზება. მაგრამ რა შეწიროს მასწავლებელმა? ის ხომ არაფერს აწარმოებს. მისი შრომა - გონებრივია.
 
სანთლის, როგორც შეწირულობის ფორმა, ნაწილობრივ ხსნის ამ პრობლემას. მისი შეწირვა ყველას შეუძლია. ანთებული სანთელი ათბობს სულს და საჭირო ლოცვით განწყობაზე აყენებს ადამიანს. არსებითად, ნაპოვნი იქნა ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება, სანთელი უნივერსალური საშუალება გახდა მლოცველი ადამიანის ემოციური განწყობისა და ღმრთისადმი შეწირული მსხვერპლის გამოსახატავად. ამიტომაც დღემდე ადამიანთა უდიდესი ნაწილი ტაძარს იქვე ნაყიდ სანთელს სწირავს (თუმცა, აკრძალული არ არის მოტანილი სანთლის დანთებაც, თუ ის სუფთაა და ღვთისმსახურების შესაბამისია).
 
თუმცა, აქაც ვერ აიცილეს ადამიანებმა მსხვერპლის დამახინჯებული გაგება.
 
როდესაც ადამიანი გულწრფელად მადლობს - ეს ერთი საქმეა. მაგრამ ხშირად ისე ხდება, რომ ადამიანებს თავში მოსდით აზრი შეწირული სანთლებით და სხვა სახის შემოწირულობებით მოალბონ ღმერთი, დაითანხმონ ის რაიმე წყალობაზე. მრავალ მორწმუნეს ჰგონია, რომ სანთლების რაოდენობა პირდაპირ კავშირშია ღმრთის მიერ მოვლენილ წყალობასთან. ეს, რა თქმა უნდა, შეცდომაა. მსხვერპლი - ეს არის სრულიად ნებაყოფლობითი მოქმედება. არც სანთლის საფასური, არც მათი რაოდენობა არ გვაძლევს გარანტიას იმისა, რომ მისი შემწირველის სურვილი "ასრულდება".
 
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სანთლის ერთ-ერთი დანიშნულება შეწირულობაა. სანთლის შეწირვით შემოსული თანხა შესაძლებლობას აძლევს ტაძრის ხელმძღვანელობას გადაიხადონ სხვადასხვა გადასახადები, ჩაატარონ რემონტი, გარკვეული საფასური გადაუხადონ ეკლესიის მსახურებს და სხვა. ხოლო ღმრთის სიყვარული არანაირად არის დამოკიდებული სანთელთა რაოდენობაზე ან ჩვენი ქისის თუ ჯიბის სისქეზე, - ღმრთის სიყვარული ყველაზე და თითოეულ ადამიანზე ერთნაირად ვრცელდება. ასეთივე უპირობო სიყვარულს ელოდება ღმერთის ჩვენგანაც, - გულწრფელსა და წმიდას, და არა ისეთს, როგორიცაა: "შენ - მე, მე კი - შენ". და საერთოდ, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, სანთლის გარეშეც შეიძლება ლოცვა. ამისი დასტური უხვადაა ძველ წმიდა მამათა ცხოვრებაში. შეიძლება ნებისმიერი თანხა შევწიროთ ტაძარს, გავიღოთ მოწყალება გარდაცვლილთათვის ან ცოცხალთა კეთილდღეობისათვის. მაგრამ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, უფალი ადამიანის გულს უყურებს, და არა მის ჯიბეს. შეწირულობის ოდენობა ისე მნიშვნელოვანი არ არის, როგორც კეთილი განწყობა და სიყვარულით ავსებული გული. გაიხსენეთ ღატაკი ქვრივის შემთხვევა, რომელმაც ტაძარს ორი ლეპტა შეწირა. იესუმ მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ საწყალმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩააგდო საგანძურში. ვინაიდან ყველა აგდებდა იმას, რაც ზედმეტი ჰქონდა, ხოლო მან ჩააგდო მთელი თავისი სისაწყლე, მთელი თავისი საბადებელი" (მკ. 12:41-44).
 
საგანგებოდ უნდა შევჩერდეთ აშკარად წარმართულ ცრურწმენებზე, რომლებიც სანთლებს უკავშირდება. ვაი, რომ ისინი მრავალ ქრისტიანულ ტაძარში არსებობს და დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ვითარდება.
 
მაგალითად, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ სანთელი მხოლოდ მარჯვენა ხელით უნდა აანთლო; ან სანთლის ანთება მხოლოდ კანდლიდან შეიძლება და ეს უეჭველად პირადად უნდა გააკეთო; სხვაგვარად, ამ ადამიანების აზრით, ამგვარ შეწირულობას (სანთელს) ღმერთი არ მიიღებს. ასევე გავრცელებულია ცრურწმენა, თითქოსდა არ შეიძლება სულის შებერვა სანთლებზე, საჭიროა მათი ხელით ჩაქრობა ან ანთებულ ძაფზე ხელის მოჭერა. გულახდილად გეტყვით, - ეს ყველაფერი წმიდა წყლის ცრურწმენებია, რომელთაც არანაირი კანონიკური და ლოგიკური ახსნა არ გააჩნიათ.
 
მეტიც, ასეთი აშკარად წარმართული შეხედულებები დიდი ცოდვაა და უფრო რომელიღაც არაქრისტიანულ ხუმრობებთან (ან მაგიურ მოქმედებებთან) აქვთ კავშირი, ვიდრე რწმენასთან და ეკლესიასთან. ამიტომ, მოდი, ერთხელ და სამუდამოდ დავიმახსოვროთ, - სანთელი ეს სიმბოლოა, შეწირულობაა და არა რაღაც მაგიური საგანი. მათი ანთება შეიძლება სხვა სანთლებიდან, ჩაქრობაც შეიძლება ისე, როგორც მოგიხერხდებათ, შეიძლება ხელის დაქნევით, სულის შებერვით, სხვა სანთლის შეხებით, სპეციალური ჩამქრობით ან ანთებულ ძაფზე ხელის მოჭერით. ამასთან აუცილებელია გვქონდეს გულწრფელი ლოცვა სულში, რწმენა უფლის მიმართ და არა რომელიღაც ცრურწმენებისადმი და ხალხური ჭორებისადმი.
 
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველაზე სწორია - სანთლები დავდგათ მსახურების დაწყებამდე. როდესაც ადამიანები ლოცულობენ ეკლესიაში სიარული და სხვა მლოცველებისთვის ხელის შეშლა დაუშვებელია. თუ ვინმე დაგვიანებით მიდის ღვთისმსახურებაზე, მაშინ მლოცველმა სანთლის დანთება უნდა სთხოვოს მომსახურე სტიქაროსანს. ტაძარში მიმდინარე ღვთისმსახურებისას ყველაფერი წეს-განგების მიხედვით უნდა ტარდებოდეს: გალობაც, მსახურებაც, სანთლების ანთებაც და ქრისტიანთა შორის ურთიერთობაც.
 
ხოლო თუ გაგიჩნდებათ რაიმე კითხვა ან ეჭვი, ნებისმიერ საგანთან ან მოქმედებასთან დაკავშირებით, მსახურების შემდეგ უნდა მიხვიდეთ ტაძრის მოძღვართან და მისგან შეიტყოთ ამა თუ იმ საგნისა და მღვდელმოქმედების დანიშნულება. ასე თქვენ კომპეტენტური წყაროსგან მიიღებთ სანდო ინფორმაციას.

 
წყარო: Facebook. Древлеправославна Україна.
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому