ლიტურგიკა - როგორ ვილოცოთ არაძველმართლმადიდებელთათვის? - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
როგორ ვილოცოთ არაძველმართლმადიდებელთათვის?
 
ვისი მოხსენიება შეიძლება ლოცვებში და ვისი არა?
წმიდა ევქარისტია
ლოცვა ყველაფრის საწყისი და დასაბამია
 
სხვადასხვა მიზეზთა გამო პარაკლისების ჩატარების ღვთისმოსავი ტრადიცია ოდითგანვე ახასიათებდათ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, მაგრამ ბოლო დროს ამგვარი დამატებითი მსახურებანი ისე ხშირად აღარ აღესრულება, როგორც ადრე.
 
მიუხედავად იმისა, რომ პარაკლისის ღმრთისმსახურება კიდევ საათნახევარს ამატებს ისედაც ხანგრძლივ საკვირაო მსახურებას (ლიტურგიას), ყოველთვის გამოჩნდებიან მასში მონაწილეობის მსურველები და მიაწვდიან მღვდელს ბარათებს პარაკლისებში მოსახსენიებელ ქრისტიანთა სახელებით (მიცვალებულთათვის პარაკლისი არ ტარდება. მათთვის დაწესებულია პანაშვიდები).
 
მაგრამ მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა იციან, რომ არსებობს სხვადასხვა სახის აკრძალვები და შეზღუდვები იმ პირებთან დაკავშირებით, რომელთა ჩაწერაც შეიძლება გვსურდეს მოსახსენიებელ ბარათებში. მრავალ მორწმუნეს უკვე აღარ ახსოვს საკუთარი "უფლებები". დღეს ჩვენს მკითხველებს შევახსენებთ, რომ: ეკლესიაში არსებობს ლოცვის კანონიერი ფორმა მათთვისაც, ვინც ეკლესიაში არ დადის.
 
არსებობს ძველი წმიდა მამებისეული პრაქტიკა, რომლის თანახმადაც ძველმორწმუნე ქრისტიანთ არ ეკრძალებათ აღასრულონ საჯანმრთელო პარაკლისები, მათ შორის სხვაგვარად მორწმუნეთა და განკვეთილთათვისაც. საშინაო ლოცვის გარდა ამისთვის განკუთვნილია სპეციალური პარაკლისები.
 
ამ საკითხში ეკლესია მიჰყვება მოციქულ პავლეს დარიგებას: "ამრიგად, უწინარეს ყოვლისა, შეგაგონებთ, ჰყოთ ვედრებანი, ლოცვანი, შუამდგომლობანი და მადლიერებანი ყველა ადამიანისათვის, მეფეებისა და ყველა მბრძანებლისათვის, რათა მშვიდად და წყნარად ვიცხოვროთ სრული ღვთისმოსაობით და პატიოსნებით, ვინაიდან ეს კეთილი და სათნოა ჩვენი მაცხოვარი ღვთისათვის, რომელსაც ნებავს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების ცოდნას" (1 ტიმ. 2:1-4).
 
ასევე წმ. იოანე ოქროპირის განმარტება: "ნუ გეშინია წარმართებისათვის ილოცო: ეს ღმერთსაც სურს. მხოლოდ სხვების დაწყევლის გეშინოდეს, იმიტომ, რომ მას ეს არ სურს. ხოლო თუკი წარმართებისთვის უნდა ვილოცოთ, მაშინ, აშკარაა, რომ ერეტიკოსებისთვისაც, იმიტომ, რომ საჭიროა ყველა ადამიანისათვის ლოცვა და არა მათი დევნა" (წმ. იოანე ოქროპირი. შრომები. XVII ტ. ტიმოთეს მიმართ მეორე ეპისტოლეს განმარტება. მეშვიდე ჰომილია. § 2. თბილისი 2018. გვ. 68).
 

ვისთვის და როგორ ვილოცოთ?
 
წმიდა მამათა სწავლების თანახმად, საშინაო ლოცვებში, შეიძლება ვილოცოთ ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობისა და ცხონებისათვის, თუნდაც ეს ადამიანი მოუნათლავი იყოს, "ვინაიდან ეს კეთილი და სათნოა ჩვენი მაცხოვარი ღვთისათვის, რომელსაც ნებავს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების ცოდნას" (1 ტიმ. 2:3-4). ეკლესიაშიც სრულდება საზოგადო ლოცვანი "ყველა ადამიანისათვის, მეფეებისა და ყველა მბრძანებლისათვის, რათა მშვიდად და წყნარად ვიცხოვროთ სრული ღვთისმოსაობით და პატიოსნებით" (1 ტიმ. 2:1-2), - ოღონდ ურწმუნოთა, მწვალებელთა და მოუნათლავთა კერძო სახელების წარმოუთქმელად.
 
მთლიანობაში, მართლმადიდებლურ ეკლესიაში ჩამოყალიბდა შემდეგი პრაქტიკა:


"ეკლესიის სხეული"
 
თუკი თქვენი მშობლები ან ახლობელი ადამიანები ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წევრები არიან, ჰყავთ სულიერი მოძღვარი და რეგულარულად დადიან აღსარებაზე, მათთვის შესაძლებელია ლიტურგიაზე (პროსკომიდიაზე) მოსახსენებელი ბარათის შეგზავნა.
 
იგივე წესი ვრცელდება გარდაცვლილებზეც: იმ შემთხვევაში, თუკი ისინი გაპატიოსნებული იყვნენ ძველმართლმადიდებელი მღვდლის მიერ. მოსახსენებელი ბარათის ან შეკვეთის მიცემისას აუცილებლად გკითხავენ, თუ როგორ ცხოვრებას ეწევიან ან ეწეოდნენ ბარათში მოხსენიებული პირები.
 
თავის მხრივ, გადაწყვეტილებას ამა თუ იმ პირის გაპატიოსნების შესახებ იღებს მღვდელი. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება იმას, თუ როგორ გაატარა ადამიანმა თავისი ცხოვრება.
 
ძველმართლმადიდებლობაში გარდაცვლილის გაპატიოსნება-არგაპატიოსნების საკითხი არ წყდება მიცვალებულისადმი ან მათი ახლობლებისადმი პატივისცემის საფუძველზე. ამგვარი პრაქტიკა ძველმართლმადიდებლობაში არ არსებობს.
 
წვერის შეგნებული უარყოფა (არ იგულისხმება საპატიო ან განსაკუთრებული შემთხვევები, როდესაც მორწმუნეს წვერის პარსვას სასწავლო დაწესებულებებში ან კიდევ სამსახურეობრივად ავალდებულებენ), ასევე აღსარებაზე მთელი წლის განმავლობაში არყოფნა (თუ ეს ხარვეზი არ გასწორდება) ადამიანს მართლმადიდებლურ ლიტურგიაზე მოხსენიების შანსს უკარგავს.
 
ზემოთხსენებულის გარდა, დაუშვებელია პროსკომიდიაზე სეფისკვერიდან ნაწილის ამოღება და სახელობითად მოხსენიება იმათი, ვინც უწესივროდ ცხოვრობს, არ მარხულობს, ბილწსიტყვაობს, მკითხაობს ან ჯადოქრობს (ან მათ მისდევს), კერპთაყვანისმცემლობს (აქ იგულისხმებიან სამსახიობო პროფესიის მქონენი, მოცეკვავეები და ა. შ.), შებილწულია მძიმე ცოდვებით, რომელთაც არ ინანიებს და არაქრისტიანულად ცხოვრობს.
 
ამგვარ ადამიანთათვის არ შეიძლება პროსკომიდიაზე (ლიტურგიაზე) მოსახსენებელი ბარათის შეგზავნა. ყოველი კერძო შემთხვევა სულიერმა მოძღვარმა უნდა განიხილოს და თუ კონკრეტული პიროვნება აღსარებაზე დადის და თავის ცოდვებს ინანიებს, შეუძლია კვერექსებში მოიხსენიოს.
 
დასასრულ, ცოცხალთა თუ გარდაცვლილ ქრისტიანთა მოსახსენებელი ბარათების მიწოდებისას ისეთი პიროვნებების ჩაწერა, რომლებიც არ ეწეოდნენ ქრისტიანულ ცხოვრებას ან არ ეკუთვნოდნენ ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას, და ამით სასულიერო პირთა შეცდომაში შეყვანა უმძიმესი ცოდვაა. ამგვარი პიროვნებები დამატებით ცოდვას აკისრებენ საკუთარ სულებს და ეს უნდა გაითვალისწინონ, რომ თავიანთი სულის ცხონების დამაბრკოლებელნი არ შეიქნან.


"თანამგრძნობნი"
 
თუკი არსებობს ვინმე ჯანმრთელი მართლმადიდებელი ადამიანი, რომელიც ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაშია მონათლული, მაგრამ მოცემულ პერიოდში მას არ ჰყავს მუდმივი მოძღვარი და არაქრისტიანულად ცხოვრობს, შეიძლება მოხსენიებულ იქნას სპეციალურ პარაკლისში. ამგვარი ადამიანებისთვის უნდა შევუკვეთოთ სპეციალური პარაკლისები.
 
იგივე ითქმის ძველმართლმადიდებლობაში გარდაცვლილ პიროვნებებზეც, რომლებიც რაღაც მიზეზების გამო საეკლესიო დაკრძალვას ვერ ეღირსნენ. ამდაგვართათვისაც შესაძლებელია სპეციალური პანაშვიდების შეკვეთა (აქ არ იგულისხმებიან ეკლესიის გარეთ გარდაცვლილი მწვალებლები. მათთვის პანაშვიდები არ შესრულდება).
 
როგორც ზემოთ ითქვა, ადამიანი წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ამბობდეს აღსარებას, რათა ეკლესიისგან განდგომილთა რიცხვში არ მოხვდეს.
 
ღმრთისადმი გულგრილობამ შეიძლება გადაიაროს, თუკი კაცისთვის გულმხურვალედ ილოცებენ მისი ახლობლები.


"გარეგანნი"

თუკი თქვენი ნათესავები და ახლობლები სულაც არ არიან ძველმართლმადიდებლები, მათთვის, სამწუხაროდ, მოსახსენებელი ბარათების შეგზავნა ლიტურგიაზე ან პარაკლისზე დაუშვებელია.
 
მოსახსენებლებში ასევე არ იწერება იმ ადამიანთა სახელები, რომლებიც იყვნენ ურწმუნოები, ათეისტები, თვითმკვლელები. არ მოიხსენიებიან ასევე მოუნათლავად გარდაცვლილი ბავშვები.
 
მოცემულ შემთხვევაში ჩვენი ეკლესია ხელმძღვანელობს XV ს-ის წმინდანის, ეკლესიის ნეტარი მამის სიმეონ თესალონიკელის დარიგებით, რომელმაც განაზოგადა იმ დროს არსებული ტრადიცია: "საღმრთო პროსკომიდიაში ჩვენ, გარკვეული სახით, ვხედავთ თვით იესუს და ვჭვრეტთ მის ერთ ეკლესიას... აქ იხილვება მომავალი სასუფეველი და მარადიული ცხოვრების გამოცხადება. ღმერთი იხილვება და მიიღება ჩვენს მიერ! აქ არ არის ურწმუნოთა და სხვაგვარად მოაზროვნეთა ადგილი. რადგან "რა აქვს საზიარო ნათელს ბნელთან?" (2 კორინთ. 6:14);
 
ნათქვამია, რომ ანგელოზები მართალთა გარემოდან აღხოცავენ ბოროტეულთ. ამიტომ მღვდელი საერთოდ არ უნდა იღებდეს ნაწილს (პროსკომიდიაზე - "ძველმ." რედ.) არამართლმადიდებელთათვის, ან იხსენიებდეს მათ. ასევე არ შეიძლება ნაწილთა ამოღება აშკარად შემცოდეთა და მოუნანიებლად მცხოვრებთათვის, რადგან ასეთ შემთხვევაში შეწირვა მათ (მღვდლებს - "ძველმ." რედ.) ცოდვად შეერაცხება, ისევე როგორც ცოდვად შეერაცხება იმათი ზიარება, ვინც სინანულის გარეშე მიეახლება საშინელ საიდუმლოთ, როგორც გვასწავლიდა ამას ღვთაებრივი პავლე მოციქული (2 კორინთ 11:29)".
 
 

შეიძლება თუ არა ვილოცოთ მწვალებელთა და სხვათა ჯანმრთელობისთვის?
 
მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლების მიხედვით, მიუხედავად ზემოთმოტანილი ციტატისა, სწორი პასუხია - "დიახ".
 
ეკლესია უნდა ლოცულობდეს და ლოცულობს საერთოდ ყველა ადამიანისთვის, ანუ არა მარტო მართლმადიდებელთა, არამედ საეკლესიო მიღმა მყოფთათვისაც, როგორებიც არიან - არამართლმადიდებლები და ათეისტები. ამის შესახებ ბრძანებს მოციქული პავლე: "უწინარეს ყოვლისა, შეგაგონებთ, ჰყოთ ვედრებანი, ლოცვანი, შუამდგომლობანი და მადლიერებანი ყველა ადამიანისათვის, მეფეებისა და ყველა მბრძანებლისათვის, რათა მშვიდად და წყნარად ვიცხოვროთ სრული ღვთისმოსაობით და პატიოსნებით, ვინაიდან ეს კეთილი და სათნოა ჩვენი მაცხოვარი ღვთისათვის, რომელსაც ნებავს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების ცოდნას" (1 ტიმ. 2:1-4).
 
მაგრამ მოცემულ შემთხვევაში უფლისადმი აღვლენილი საზოგადო ლოცვები არ უნდა აგვერიოს იმგვარ ლოცვებში, როდესაც მღვდელი მოსახსენიებელ ბარათებში ჩაწერილ სახელებს ახსენებს, და კრებითი მოხსენიებისთვის არის განკუთვნილი.
 
ყოველდღიურ საშინაო ლოცვებშიც კი ჩვენ ვლოცულობთ ყველა "მოძულეთა და მაჭირვებელთა ჩვენთათვის". ცისკრისა და მწუხრის საშინაო ლოცვების შემდეგ ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ "საჯანმრთელო" ლოცვები მათთვის (სახელების მოხსენიებით), ვინც ყველაზე ძვირფასია ჩვენთვის. ხოლო წმიდათადმი მართლმადიდებლურ საგალობლებში არც არის გათვალისწინებული ადგილები, სადაც შევძლებდით ვინმეს მოხსენიებას!
 
მოციქულ პავლეს ზემოთხსენებული სიტყვების განმარტებაში, როგორც ეს ზემოთაც ვნახეთ, წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებს: "ნუ გეშინია წარმართებისათვის ილოცო: ეს ღმერთსაც სურს. მხოლოდ სხვების დაწყევლის გეშინოდეს, იმიტომ, რომ მას ეს არ სურს. ხოლო თუკი წარმართებისთვის უნდა ვილოცოთ, მაშინ, აშკარაა, რომ ერეტიკოსებისთვისაც, იმიტომ, რომ საჭიროა ყველა ადამიანისათვის ლოცვა და არა მათი დევნა" (წმ. იოანე ოქროპირი. შრომები. XVII ტ. ტიმოთეს მიმართ მეორე ეპისტოლეს განმარტება. მეშვიდე ჰომილია. § 2. თბილისი 2018. გვ. 68).
 
ზემოთთქმულის სულისკვეთებით ვმოქმედებთ ჩვენც და ეკლესიის მიღმა დარჩენილ ადამიანებს სახელობითად ვიხსენიებთ პირად (საშინაო) ლოცვებში, ხოლო საეკლესიო ლოცვებში (მსახურებაზე) მათთვის განწესებულია ზოგადი ლოცვა-ვედრებანი სახელობითად მოხსენიების გარეშე. ეს ნიშნავს, რომ ეკლესია მათ ბედს ყოვლადსამართლიან და მიუკერძოებელ უფალს, მის უსაზღვრო კაცთმოყვარებას ანდობს.
 
გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას და სულის ცხონებას!

 
დამატება
 
როგორ მივაწოდოთ მღვდელს ცოცხალთა და მიცვალებულთა მოსახსენებელი ბარათები
 
ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში დაცულია "საჯანმრთელო" და "მიცვალებულთა" მოსახსენებელი ბარათების მიწოდების ტრადიცია.
 
ქაღალდზე (სადაც იწერება მოხსენიების თხოვნა) ჯვარი არ გამოისახება, არამედ სათაურად იწერება მხოლოდ შესაბამისი დანიშნულება: ცოცხლად მყოფთათვის - "საჯანმრთელოდ", ხოლო საიქიოდ წასულთათვის - "განსვენებისთვის". ჩვეულებისამებრ სათაური გამოიყოფა ხაზგასმით.
 
მოსახსენებელი ქრისტიანის სახელი უნდა ჩავწეროთ მისი სრული საეკლესიო-წიგნიერი ფორმით, რომელიც ხშირად ჩვეულებრივი სალაპარაკო მეტყველებისგან განსხვავდება. მაგალითად, სახელები ინა, რიმა და პიმა (II ს.) (ხს. 20 იანვ. (ძვ. სტ.) // 2 თებ. (ახ. სტ.) - მამაკაცთა სახელებია, რომლებიც ბევრგან, უკვე რევოლუციის შემდეგ, შეცდომით არის გავრცელებული, როგორც ქალთა სახელები. ნათლისღების დროს ეკლესია არანაირად არ მისცემს ამგვარ სახელს ქალს ან გოგონას.
 
საეკლესიო კალენდრებში არ არსებობს სახელები: ზაზა, მერაბი, ჯამბული, მზია, მზევინარი და ა. შ. ხოლო მამაკაცის სახელი სერაფიმი მოცემული არ არის არც ერთ ძველმართლმადიდებლურ კალენდარში, რადგან ის ცნობილი არ ყოფილა არც განხეთქილებამდე და არც მოგვიანებით, რადგან ანგელოზთა დასის სახელწოდებას წარმოადგენს და არა კერძო სახელს.
 
მოსახსენებელ ბარათებში, კითხვის დროს, წეს-განგების და ხარისხის მიხედვით მოსახერხებელი რომ იყოს ცოცხალთა და გარდაცვლილთა მოხსენიება, სასურველია სამღვდელო პირები გამოყოფილ იქნან საეროთაგან, მამაკაცები კი დედაკაცთაგან, ასევე ცალკე იქნან მოხსენიებულნი მამრობითი და მდედრობითი სქესის ბავშვები.
 
პირველად იწერება ეპისკოპოსთა სახელები, შემდეგ მათ მოსდევენ: მღვდელმონაზვნები, დეკანოზები, მღვდლები, არქი და პროტოდიაკვნები, დიაკვნები, წიგნისმკითხველები (მედავითნეები), შემდეგ ბერები და მონაზვნები, მამაკაცები, ქალები, ქალწულები, და ბოლოს მამრობითი და მდედრობითი სქესის ყრმები.
 
 
მოუნათლავად გარდაცვლილთა მოხსენიების შესახებ
 
ვუბრუნდებით რა საკითხს აკრძალვებზე, ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, თუკი ვინმე მოუნათლავად გარდაიცვლება. ნათლობაში ჩვენ ვგულისხმობთ სრულ სამგზის შთაფლვას წყალში, წმიდა სამების სახელთა მოწოდებით (სახელითა მამისათა, და ძისათა და წმიდისა სულისათა, ამინ), რადგან დღეს ზოგიერთ კონფესიაში არსებული დასხმით-პკურებითი წესის "ნათლობა" ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში აღიარებული არ არის.
 
მაშ, შეიძლება თუ არა ვილოცოთ მოუნათლავად გარდაცვლილ ყრმათათვის, რომლებსაც ჰყავდათ ქრისტიანი მშობლები, მაგრამ საკუთარი ნების გარეშე მოუნათლავად გარდაიცვალნენ? აქვთ თუ არა მათ ცხონების სასოება?
 
ამ კითხვას პასუხობს თვით წმიდა სახარება: "ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში" (იოანე 3:5). ანუ მოუნათლავთაგან ვერავინ - ვერც ზრდასრული და ვერც ყრმა - მარადიულ, ნეტარ სუფევას ვერ დაიმკვიდრებს.
 
ამგვარად, მოუნათლავი ყრმა შეუძლებელია მოხსენიებულ იქნას საერთო მოსახსენებელ ლოცვებში, მითუმეტეს, რომ მათ ქრისტიანული სახელებიც კი არ შერქმევიათ.
 
ხოლო მშობლები, რომლებიც დამნაშავენი არიან იმაში, რომ თავიანთ შვილებს მოაკლეს ზეციური სასუფეველი, ამ ცოდვისთვის მკაცრად დაისჯებიან. განსაკუთრებულად მძიმე ტანჯვა ელის იმ დედებს, რომლებიც წინასწარგანზრახვით მოაკლებენ თავიანთ შვილებს, როგორც მიწიერ, ასევე ზეციურ ცხოვრებას და აბორტის, რაიმე წამლის თუ ჯადოქრობის მეშვეობით უსპობენ სიცოცხლეს.
 
რა უნდა ვქნათ, თუკი შვილის მკვლელობაში დამნაშავე დედა შეინანებს თავის შეცოდებას, გლოვობს თავის გარდაცვლილ შვილზე ან მის მიერ მოკლულ ყრმაზე და მთელი გულით ევედრება ღმერთს მათ გადარჩენას, რათა ასე მაინც აღასრულოს თავისი დედობრივი და ქრისტიანული ვალი?
 
ასეთ შემთხვევაში მან სულით უნდა იღაღადოს ღმრთისადმი ამგვარ გარდაცვლილთათვის, და ჰქონდეს ღმრთის უსაზღვრო მოწყალებისადმი სასოება, ასევე რწმენა უფლის მიუწვდომელი განგებულებისა თითოეულ ადამიანზე, მითუმეტეს ყრმებზე.
 
წმიდა წერილი მრავალგზის მეტყველებს ყრმათა მიმართ არსებულ განსაკუთრებულ საღმრთო განგებულებაზე: "დაიცავს ჩჩჳლთა უფალი" (ფსალმ. 114:6); "რამეთუ შენ დაჰბადენ თირკმელნი ჩემნი და შემიწყნარე მე დედისმუცლით ჩემითგან" (ფსალმ. 138:13); "რამეთუ შენ ხარ, რომელმან გამომიყვანე მე საშოჲთ, სასოო ჩემო, დედის ძუძუთ ჩემითგან" (ფსალმ. 21:10).
 
თუმცა, როგორც უკვე ითქვა, საღმრთო ლიტურგიის ჩატარება და საერთოდ, ეკლესიაში მოუნათლავ სულთათვის, მკვდრადშობილთათვის ან ნააბორტალ ყრმათათვის ლოცვა დაუშვებელია, ოღონდ უნდა ვიცოდეთ, რომ ლოცვებს, რომელსაც ეკლესია აღავლენს ყველა გარდაცვლილ მართლმადიდებელ ქრისტიანთათვის, სარგებლობა ამ ყრმათა სულებისთვისაც მოაქვს.

საიტ "ძველმართლმადიდებელის" რედაქცია. პუბლიკაცია მომზადებულია ძველმართლმადიდებლურ წყაროთა გამოყენებით.
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому