აპოლოგეტიკა - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მოკლე ისტორია - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მოკლე ისტორია
ფოთის ძველმართლმადიდებლური ეკლესია
საქართველო (ივერია) - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვერი ქვეყანაა. მართლმადიდებლური გადმოცემით და ქართული მატიანის მიხედვით: "ამაღლების შემდეგ მოციქულები უფლის დედასთან, მარიამთან ერთად შეიკრიბნენ სენაკში, სადაც ელოდნენ აღთქმული ნუგეშინისმცემელის გარდამოსვლას. აქ მოციქულებმა წილი ყარეს, თუ ვინ სად წასულიყო ღვთის სიტყვის საქადაგებლად.

წილისყრაში მონაწილეობის მიღების სურვილი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმაც გამოთქვა. როდესაც წილი ყარეს, ღვთისმშობელს ივერია შეხვდა. უდიდესი სიხარულით მიიღო თავისი ხვედრი დედამ ღვთისა და უკვე მზადაც იყო გასულიყო საქადაგებლად, რომ გამოეცხადა მაცხოვარი, რომელმაც უთხრა: დედაო, არ უარვყოფ შენს ხვედრს და არ დავტოვებ შენს ხალხს ზეციურ სიკეთეთა უზიარებლად; წარაგზავნე შენს ნაცვლად შენს წილხვედრ ქვეყანაში ანდრია პირველწოდებული და გაატანე შენი ხატი, რომელიც აღიბეჭდება დაფაზე შენი სახის მიდებით, და ის ხატი იქნება იქ შენს მაგიერ, რომელიც დაიცავს შენს ერს საუკუნოდ.

ამგვარი საღმრთო გამოცხადების შემდეგ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა მოუწოდა თავისთან წმინდა ანდრიას და გადასცა მას უფლის სიტყვა, რომელზედაც მოციქულმა უპასუხა: "იყავნ საუკუნოდ, წმიდა ნება უფლისა ჩემისა და დედისა მისისა". ღვთისმშობელმა დაიბანა პირისახე და მიადო დაფას, რომელზედაც იმწამსვე აღიბეჭდა მისი წმიდა ხატი, დაუსაბამო ყრმით ხელში".

წმ. ანდრიამ სახარების ქადაგებით მოიარა მთელი (დასავლეთი და აღმოსავლეთი) საქართველო. ქ. აწყურში, დღევანდელი ახალციხის ახლოს, მკვდრეთით აღადგინა ერთი ქვრივი დედაკაცის შვილი, რომელიც მის მოსვლამდე გარდაცვლილიყო. ამ სასწაულმა იმდენად იმოქმედა იქაურ მოსახლეობაზე, რომ მრავალმა ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. წმ. ანდრიამ ახალმონათლულთათვის ხელი დაასხა ეპისკოპოსს, მღვდლებს და დიაკვნებს, ხოლო თავად მოსახლეობას ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი დაუტოვა. წმ. მოციქულ ანდრიას გარდა საქართველოში ქადაგებდნენ წმ. მოციქულები სიმონ კანანელი და მატათა. ძველი წყაროების მიხედვით, საქართველოშივე უქადაგიათ წმ. მოციქულ ბართლომესა და თადეოზს.

"ძველ საეკლესიო მწერალთა გადმოცემით, ამიერკავკასიაში ქადაგებდა ხუთი მოციქული: ოთხი თორმეტ მოციქულთაგან - (წმინდა ანდრია, წმინდა მატათა, წმინდა ბართლომეოსი, წმიდა სიმონ კანანელი - რედ.) და ერთი სამეოცდაათთაგანი - წმინდა თადეოსი. პირველმა, წმ. ანდრია მოციქულმა, შემოიარა შავი ზღვის მთელი სანაპირო ოლქები და როდესაც მიაღწია ამიერკავკასიას, ქრისტეანობა აქ,  კოლხეთსა და აფხაზეთშიც იქადაგა. აფხაზეთში მან საკმაოდ დიდხანს დაჰყო. აქედან, კავკასიის მთების გავლით, სადაც დაკრძალეს მისი თანამეგზური სიმონ კანანელი, წმინდა მახარობელი გადავიდა აზოვის ზღვის არეალში მცხოვრებ ზიქებთან. ივერიაში (აღმოსავლეთ საქართველოში - რედ.) მან იქადაგა მხოლოდ მის დასავლეთ ნაწილში, რასაც ადგილობრივი მატიანეც ადასტურებს, დიდ სომხეთსა და ალბანეთში კი საერთოდ არ ყოფილა.

წმიდა მატათაც კოლხეთში ქადაგებდა, რასაც აშკარად გვიდასტურებენ დოროთე ტირონელი (507-522) და ნიკიტა პაფლაგონიელი (დაახლ. 873), როცა ამბობენ, რომ მატათა, რომელიც თორმეტ მოციქულთა შორის ჩაირიცხა იუდა ისკარიოტელის ნაცვლად, მახარობლობდა, გარდაიცვალა და დაკრძალულია პირველ ეთიოპიაში; ხოლო ეთიოპიაში ძველად კოლხეთსაც გულისხმობდნენ. ის, რომ მატათა კოლხეთში ქადაგებდა, უფრო მკაფიოდ ჩანს სოფრონისა (დაახლ. 390) და ეკუმენიოსის (Xს.) თხზულებებში"þ საქართველოში წმ. მოციქულთა მობრძანებასა და ქადაგებას ადასტურებენ როგორც ადგილობრივი, ქართული ქრონიკები, ასევე ბერძნული და ლათინური საელესიო ავტორები: ორიგენე (2-3 სს.), დოროთე (IVს.), ეპიფანე კვიპროსელი (IVს.), ნიკიტა პაფლაგონიელი (IXს.), ეკუმენიოსი (Xს.) და სხვები. მოციქულთა ქადაგების შედეგად საქართველოში, როგორც ამას მრავალი სხვადასხვა წყარო, მ. შ. არქეოლოგიური მასალებიც ადასტურებს, უკვე I-III საუკუნეებში არსებობდა ქრისტეანული ეკლესიები; ირინეოს ლიონელის (II.ს) შრომებში, სხვა ქრისტეან ხალხებთან ერთად მოხსენიებულნი არიან იბერებიც (ანუ ქართველები).

წმინდა მოციქულთა შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოში ქრისტეანობა კიდევ ერთხელ იქადაგა წმ. ნინომ, რომელმაც სრულიად მოაქცია წარმართობისკენ მიქცეული ერი და ქრისტეს ნათელი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანასაც მიაღებინა. მეფე მირიანმა წმ. ნინოს რჩევით ააგო ტაძარი და იმპერატორ კონსტანტინესთან ელჩები წარგზავნა თხოვნით გამოეგზავნათ ეპისკოპოსი და კლერიკოსნი საეკლესიო ღვთისმსახურების აღსასრულებლად. ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა მეფე მირიანის, მისი ოჯახისა და ერის მოსანათლავად წარმოაგზავნა სასულიერო პირნი ეპისკოპოს იოანეს მეთაურობით. ამ დროს მცხეთაში აიგო ტაძარი (სვეტიცხოველი), რომელშიც, გადმოცემით, განისვენებს უფლის ხელთუქმნელი კვართი.

ქვეყანაში ქრისტეანობის ოფიციალურად აღიარების შემდეგ იმპერატორმა კონსტანტინემ და წმ. ელენემ საქართველოში გამოაგზავნეს წმიდა და ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილები და ფეხსადგამი დაფა, რომელზეც ფეხი მიუჭედეს მაცხოვარს, ასევე გამოაგზავნეს მაცხოვრის ხატი. საქართველოს ეკლესია სასულიერო პირთა საქართველოში ჩამობრძანებას და ერის ნათლისღებას 326 წლით ათარიღებს. ამას ადასტურებს მე-5 საუკუნის ისტორიკოსი სოზომენე, ცნობილი "საეკლესიო ისტორიის" ავტორი, რომელიც აღნიშნავს, რომ ქართველებმა ქრისტეანობა ოფიციალური მიიღეს პირველი მსოფლიო კრების დამთავრებისთანავე, ანუ 325 წ. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, აქ მე-4 საუკუნის პირველი ნახევრისთვის ქრისტეანობა უკვე გავრცელებული იყო, რასაც გვიდასტურებს ის, რომ ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაში მონაწილეობდა ბიჭვინთელი ეპისკოპოსი სტრატოფილე.

კონსტანტინეს მიერ გამოგზავნილმა ეპისკოპოსმა იოანემ და მღვდლებმა გააგრძელეს ქართველთა მოქცევა. ამ მიმართულებით დიდად იღვაწა მირიან მეფის მემკვიდრემ, მეფე ბაქარმა (342-364). სწორედ მის დროს გადაითარგმნა მრავალი საეკლესიო-საღვთისმსახურებო წიგნი ბერძნულიდან ქართულად. პირველ საუკუნეებში ქრისტეანობას საქართველოში დევნიდნენ. მეორე საუკუნის დასაწყისში აქ აწამეს წმ. სუქია და მისი რაზმი (ხს. 15აპრილს). ამის მიუხედავად, 326 წლისთვის ქრისტეანობა ივერიაში იმარჯვებს და წმ. ნინოს ქადაგების წყალობით ადის სახელმწიფო რელიგიის რანგში.

თავდაპირველად ქართული ეკლესია ანტიოქიის ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ იყო, მაგრამ V საუკუნიდან ის უკვე ავტოკეფალურია. IX საუკუნიდან, აფხაზეთის მეფის თეოდოსის დროს, საქართველოში ჩნდება რამდენიმე დამოუკიდებელი კათოლიკოსი, რომელთა შორის უპირატესობას ყოველთვის ფლობდა მცხეთის ეპისკოპოსი. ქრისტეანული საქართველო ყოველთვის განიცდიდა თავდასხმებს ძლიერ მეზობელთაგან. სასანიდების დროს აქ ამკვიდრებდნენ ზოროასტრიზმს, მათ მემკვიდრეთა დროს კი ისლამს, რის გამოც მართლმადიდებლობა ძლიერ ზარალდებოდა. ეკლესია კარგავდა თავის სამფლობელოებს, ნადგურდებოდა ტაძრები და მონასტრები. სამღვდელოებაში მრავლად იყო ისეთი, რომელსაც არ ჰქონდა განათლება, არ იცოდა როგორ აღესრულებინა საეკლესიო საიდუმლონი, სახარებასაც კი ვერ კითხულობდა სწორად. ხშირად ერთ ტაძარში მსახურობდა საჭირო რაოდენობაზე მეტი მღვდელმსახური. მიუხედავად ამისა, ეკლესია ყოველთვის იდგა ქართული ეროვნული ქრისტეანული კულტურის სვეტად და იყო ერის ფიზიკური გადარჩენის ერთადერთი გარანტი.

საქართველოს ისტორია - ეს არის გამუდმებული ბრძოლა დამპყრობელთა წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობდნენ არა მარტო ქვეყნის დაპყრობას და ერის დამორჩილებას, არამედ ქრისტეანობის ამოძირკვასაც. მაგალითად, 1227 წ. თბილისის შემოესივნენ ხვარაზმელნი ჯალალ ედ დინის მეთაურობით. Mმტერმა ხიდზე გამოიტანა წმიდა ხატები და აიძულებდა ქართველებს ეფურთხებინათ ხატებისთვის. იმ დღეს 100 000 ქრისტეანი არ დაემორჩილა მტრის ბრძანებას და მიიღო მოწამეობრივი აღსასრული. ამგვარ უკიდურეს მდგომარეობაში მყოფი ქართველები XV საუკუნიდან მოყოლებული დროდადრო იძულებულნი იყვნენ, დახმარების თხოვნით მიემართათ ერთმორწმუნე რუსეთისთვის. XIX საუკუნის დასაწყისში საქართველო შეუერთეს რუსეთის იმპერიას, ხოლო ქართულ ეკლესიას წაართვეს ავტოკეფალია. შამაგიეროდ, დააარსეს საქართველოს საეგზარქოსო, რომელსაც მეთაურობდა ეგზარქი მიტროპოლიტის ხარისხში, მოგვიანებით კი - არქიეპისკოპოსისაში.

რუსეთთან ნებაყოფლობითი მიერთების შემდეგ (1783 წ.) ეგზარქოსებად, როგორც წესი, აქ ინიშნებოდნენ რუსი მღვდელმსახურები. რუსეთმა იმთავითვე მიჰყო ხელი ქართული ეკლესიის რუსიფიკაციას. რუს ეგზარქოსთა უმეტესი ნაწილი იყო ფანატიკოსი ნაციონალისტი. საეგზარქოსოს არსებობის პერიოდში, ღვთისმსახურებიდან ქართული ენა მიზანმიმართულად იდევნებოდა. სემინარიებშიც რუსულ ენაზე ასწავლიდნენ. შემცირდა ეპარქიათა რიცხვი.

ასწლეულების წინათ, მანამდე, ვიდრე საქართველო რუსეთს შეუერთდებოდა, ბერძნულ - რუსული ეკლესია, პატრიარქ ნიკონის ზეობის პერიოდში, სრულიად არასაჭირო რეფორმების შედეგად დაეცა ახალმოწესეობრივი მწვალებლობით. რუსი ერის მცირე ნაწილმა შეინარჩუნა ძველი ღვთისმოსაობა და ძველმართლმადიდებლური გადმოცემები. რუსეთის ეკლესიის ბედს ვერც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ასცდა. ანტონ I კათალიკოსმა, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებაში, დიდი მონდომებით გადმონერგა ქართულ საეკლესიო ნიადაგზე ნიკონიანური სიახლენი და ქართული ეკლესია "გაამდიდრა" ახალბერძნული საეკლესიო პრაქტიკით. ქართული ეკლესია არათუ ევქარისტულ ერთობაში აღმოჩნდა ბერძნული სიახლეებით "გაპატიოსნებულ" ამ ეკლესიასთან, არამედ, როგორც ავტოკეფალობა დაკარგული, გახდა მისი შემადგენელი ნაწილი.

XVIII საუკუნეში, საქართველოს რუსეთთან მიერთების შემდეგ, ქართლის კათალიკოსმა ანტონ I-მა რუს თანამოაზრეებთან ერთად (რომელთაც არ ესმოდათ ქართული, ისე როგორც არ ესმოდა რუსული ანტონს), არა მხოლოდ "შეასწორა" ახალბერძნულ-ნიკონიანურის მიხედვით ქართული საეკლესიო-საღვთისმსახურებო წიგნები, არამედ კიდევ უფრო დაამახინჯა საეკლესიო, ლიტურგიკული ტექსტები. ანტონ I-მა რუსულ-ნიკონიანურ რეფორმატორულ სიახლეთა მიხედვით გადააკეთა ქართული ლიტურგიკული ტექსტები, ანუ მთელი ლიტურგიკული პრაქტიკა მიუსადაგა ახალრუსულს. ანტონის ლიტურგიკულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით თავიანთ აღშფოთებას ვერ მალავენ თვით გაბატონებული ეკლესიის წევრებიც კი. ცნობილი პროფესორი და ენათმეცნიერი აკაკი შანიძე წერდა: შესაძლებელიაო შეირყვნას წიგნი, მაგრამ იმგვარი შერყვნა, როგორიც ეს ანტონისა და მის მოწაფეთაგან "შესწორებულ" წიგნებს ახასიათებს, წარმოუდგენელია" (გაზეთი "მადლი", 1996 წ. # 26, მარტი. გვ. 4).

რუსი მართლმადიდებლები ცეცხლზე და მახვილზე მიდიოდნენ ძველი ღვთისმოსაობის დასაცავად; ძველად ქართველ მართლმადიდებელთაც არაერთი თავდადება და გმირობა გამოუჩენიათ სარწმუნოებისთვის. ასიათასობით ადამიანს თავი გაუწირავს მართლმადიდებლობისთვის, ქრისტეს აღსარებისთვის, მაგრამ ბოლო ასწლეულებში ქართველი ერი, სამწუხაროდ, მიეცა სულიერ მთვლემარებას და უსიტყვოდ მიიღო ახალბერძნულ-ნიკონიანური სიახლეები. XX საუკუნის მიწურულს ერმა გამოღვიძება იწყო და შემოუბრუნდა ძველ მართლმადიდებლობას, რომელიც ამ დროისთვის მხოლოდ რუს ძველმორწმუნეებში აღმოჩნდა შენარჩუნებული. ასობით ქართველმა ზურგი აქცია ახალმოწესეთა გაბატონებულ კონფესიას და ძველმართლმადიდებლობას მიაშურა. ერის ეს გამოღვიძება დაიწყო ქ. ფოთიდან...

საქართველოს ტერიტორიაზე დიდი ხანია რაც არსებობდა სამრევლო, რომელიც კანონიკურად "რუსეთის ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას" (ნოვოზიბკოვის საარქიეპისკოპოსო) ექვემდებარებოდა. ძველმართლმადიდებლობის ცენტრი საქართველოში ლანჩხუთის რაიონის სოფ. გრიგოლეთში, ქ. ფოთის ახლოს.  აქ 10 წლის განმავლობაში მსახურობდა მღვდელი თევდორე გონჩაროვი.

1979 წელს მამა თევდორე დაქვრივდა, რის შემდეგაც მას შესთავაზეს ეპისკოპოსის ხარისხი, რაზეც გარკვეული მიზეზებით უარი თქვა. ამ უარისთვის ღვთისმსახურება აუკრძალეს. გრიგოლეთის სამრევლოში სხვა მღვდელი დანიშნეს, ხოლო მამა თევდორე გადაიყვანეს ქ. ლგოვში; გარკვეული დროის შემდეგ მამა თევდორეს განმეორებით შესთავაზეს ეპისკოპოსობა, რის შემდეგაც მან მსახურება დაიწყო. ქ. ლგოვში 9 თვის განმავლობაში ელოდა აქ ის შეპირებულ ეპისკოპოსობას, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო იმდროინდელი არქიეპისკოპოსი გენადი აყოვნებდა მის ხელდასხმას. ქ. ლგოვში მსახურების 9 თვის განმავლობაში მამა თევდორე ძველმართლმადიდებლური იერარქიის თვითნებობის თვითმხილველი და მომსწრე გახდა (მაგალითად, რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმთავრობა აიძულებდა მას, წესი აეგო სინანულის გარეშე გარდაცვლილი, წვერგაპარსული კომუნისტური პარტიის წევრისთვის). "როგორც ჩანს, წმიდა მამათა ცნებებით მცხოვრები მამა თევდორე ვერ მოერგო ნოვოზიბკოველ იერარქთა ახალ საეკლესიო კონტექსტს. მალე, მშობლიურ სოფელში დაბრუნებულმა მამა თევდორემ, თავისი მრევლის მხარდაჭერით, განცალკევებით დაიწყო ღვთისმსახურების აღსრულება (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ მომენტისთვის გრიგოლეთში უკვე დანიშნული იყო სხვა მღვდელი, მ. ტროფიმე რასოლოვი)".

პრობლემის მთელი სირთულე ის არის, რომ XX საუკუნის 70-იან წლებში რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში მთელი რიგი გარეგანი ფაქტორების ზეგავლენით შეიქმნა საკმაოდ მძიმე და არასასიამოვნო სიტუაცია. "1971 წელს რუსეთის გაბატონებულმა ეკლესიამ მოხსნა 1666 - 1667 წლების საეკლესიო კრებების მიერ ძველმორწმუნეთა წინააღმდეგ გამოთქმული კრულვები. მაგრამ ამ კრულვათა მოხსნის დროიდან დღემდე გასულმა პერიოდმა აჩვენა, რომ რსმე-ს ამ აქციისგან რაიმე სასურველ შედეგს არ უნდა ველოდოთ. "ძველმორწმუნე ქრისტეანთა" ეკლესიის ხელმძღვანელობა, რომელიც ხედავდა თავის მცირერიცხოვნობასა და უძლურებას, დაინტერესდა გაბატონებულ ეკლესიასთან ურთიერთობის გაუმჯობესებით. როგორც ჩანს, ამისკენ იყო გამიზნული არქიეპისკოპოს პავლეს (მღვდელმთავრობდა 1969-1977 წლებში) მცდელობაც როგორმე  განემტკიცებინა თავისი ეკლესიის პოზიციები. მაგრამ ამგვარმა მცდელობამ, არქიეპისკოპოსისთვის არასაურველი და მოულოდნელი შედეგი გამოიღო - რუსეთის ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას გამოეყო და ე. წ. ბელოკრინიცელთა იერარქიას შეუერთდა კურსკის ოლქის ზოლოტუხინოს რაიონის სოფ. პერვოე სკოროდნოეს მთელი მრევლი (139 კაცი) მღვდელ სემენიხინის მეთაურობით, რომელმაც დაანადაშაულა არქიეპისკოპოსი ნიკონიანელ მწვალებლებთან თანამშრომლობასა და ძველი სარწმუნოებიდან გადახვევაში"

გაურკვევლობამ მოიცვა რუსეთის  ძველმართლმადიდებლური ეპარქიები. მორწმუნე ერმა ჯერ ის ვერ გაიგო თუ რა პოზიცია ეჭირა არქიეპისკოპოს პავლეს გაბატონებული ეკლესიის მიმართ, რასაც შემდეგ დაემატა არქიეპისკოპოს გენადის არანაკლებ უცნაური და მიუღებელი ქმედებები. გაბატონებული რუსულ-ნიკონიანური ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ჟურნალში (მოსკოვის საპატრიარქოს ჟურნალი, # 8, 1971 წ. გვ. 33) გამოქვეყნებულია ფოტო, სადაც აღბეჭდილია რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესიის პირველიერარქი, რომელიც რუსეთის გაქრისტეანების 1000 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაზე ანთებული სანთლით ხელში დგას ოფიციალური ეკლესიის კლერიკოსთა შორის. აქვე განვმარტავთ, რომ წმიდა მამათა განწესებათა და სწავლების თანახმად სხვაგვარად მორწმუნეთა ლოცვაზე ანთებული სანთლით ხელში დგომა, რომელიც არის შინაგანი სულიერი განწყობის გარეგანი გამოხატულება, მწვალებლებთან ლოცვითი ერთობის ნიშნად მიიჩნევა.

"გაისმა განგაშის პირველი ხმა, რომელზეც საარქიეპისკოპოსომ ადეკვატურად რეაგირება ვერ მოახერხა. ძალიან მალე რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესიის საარქიეპისკოპოსოსთან ევქარისტული კავშირი გაწყვიტეს მოსკოვის ეპისკოპოსმა ფლაბიანემ, პერმის ეპისკოპოსმა ლეონტიმ ორ მღვდელთან და ერთ დიაკვანთან ერთად, ასევე მღვდელმა თევდორე გონჩაროვმა (საქართველო. სოფ. გრიგოლეთი) და მღვდელმა ლეონტი სკაჩკოვმა (საქართველო. ფოთი)".

რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი უკმაყოფილებას გამოთქვამდა არამარტო ოფიციალურ ეკლესიასთან დამოკიდებულების გამო. აშკარა იყო შიდასაეკლესიო კანონიკური ცხოვრებაში არსებული დარღვევებიც. როგორც ზემოთ ითქვა, ეს ყოველივე გადაიზარდა 1988 წლის განხეთქილებაში რაც გამოიწვია იმან, რომ რუსეთის ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში ბოლო დროს შესაძლებლად მიიჩნიეს წვერგაპარსულთა დაშვება ზიარებაზე; შეცვალეს საზიარებელი ღვინისა და სეფისკვერების შემადგენლობა; დაწესდა დიდი აიაზმის ორჯერ კურთხევა და მრავალი სხვა.

თითოეული ძველმორწმუნისათვის საეკლესიო საიდუმლოს გარეგანი ფორმა პირდაპირ არის დაკავშირებული მის შინაარსთან, თანაც ეს კავშირი ორმხრივია. საიდუმლოს  ხილული ფორმის შეცვლით უხილავად იცვლება მისი მისტიკური შინაარსი და პირიქით, შინაარსის ცვლილებას მოსდევს გარეგანი ფორმის შეცვლა. აქედან, საიდუმლოს ფორმა და შინაარსი განუყოფელ კავშირშია ერთმანეთთან და ორივე ამ პარამეტრს გააჩნია განუზომლად დიდი მნიშვნელობა. გარდა ამისა, გარეგანი გამოხატულება საიდუმლოსი წარმოადგენს სიმბოლოს მთელი რიგი ცნებებისა. აქედან გასაგები  უნდა იყოს ის რუდუნება, რომელსაც იჩენდა მართლმადიდებლობის ერთგული ეპისკოპოსი ლეონტი საეკლესიო საიდუმლოთა და წეს-ჩვეულებათა დაცვა-აღსრულებისას და ის  მეჭველობა, რომლის საფუძველზეც გაწყვიტა მან ევქარისტული ერთობა საეკლესიო საიდუმლოთა შემრყვნელ და სიახლეთა დამამკვიდრებელ არქიეპისკოპოს გენადისთან. ეპისკოპოსი ლეონტი მოქმედებდა იმ საეკლესიო განწესებათა თანახმად, რომელნიც ბრძანებენ: "ვინც დააკნინოს საღმრთო გადმოცემიდან რაიმე წერილობითად თუ გადმოცემით ბოძებული, ანათემა; ან ვინც უარყოს დაწერილი თუ დაუწერელი საეკლესიო გადმოცემა, ანათემა" (Деяния Вселенских Соборов, т. 7, стр. 610 и Евлогия Папы Александрийского).

1988 წლის 19-21 ოქტომბერს (იმის შემდეგ, რაც ეპ. ლეონტი გამოეყო ნოვოზიბკოვის იურისდიქციას) ქ. ნოვოზიბკოვში შედგა კრება, რომელზეც ეპისკოპოს ლეონტის დაუსწრებლად "აჰყარეს" პატივი და "აუკრძალეს" ღვთისმსახურება. ამ დადგენილებას წინ აღუდგა მოსკოვის ეპისკოპოსი ფლაბიანე, რომელმაც ამხილა კრების გადწყვეტილების არაკანონიკურობა;  მეტიც, მან თვითონ წაუყენა სამი ბრალდება ნოვოზიბკოველ იერარქებს საეკლესიო ლიტურგიკულ პრაქტიკაში დანერგილი სიახლეების გამო, რომელიც გამოიხატებოდა საზიარებელი ღვინისა და პროსფორის შემადგენლობათა შეცვლაში; ასევე მირონცხების საიდუმლოს დარღვევაში. მოსკოვში დაბრუნებულმა  ეპისკოპოსმა ფლაბიანემ, რომელმაც ვერ მიიღო მხარდაჭერა სხვა სასულიერო პირთაგან, ასეთი შინაარსის წერილი გაუგზავნა ნოვოზიბკოვის არქიეპისოპოს გენადის:

"ნოვოზიბკოვის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა არქიეპისკოპოსს გენადის: მე, მოსკოვის ეპისკოპოსი ფლაბიანე გაუწყებთ, რომ 1988 წლის 13 ნოემბრიდან გავდივარ თქვენი იურისდიქციიდან იმის გამო, რომ თქვენი მწვალებლური მოქმედებებით ქრისტეს ეკლესია განხეთქილებამდე მიიყვანეთ". ნოვოზიბკოვის საარქიეპისკოპოსო უძლური აღმოჩნდა ყოველისმომცველი და დასაბუთებული პასუხი გაეცა მისი დაქვემდებარებიდან გასული ეპისკოპოსების ბრალდებებზე. აი, ის ძირითადი მიზეზები, რომელთა საფუძველზეც ჯერ მამა თევდორემ, ხოლო შემდეგ ეპისკოპოსებმა ლეონტიმ, ფლაბიანემ და რამდენიმე მღვდელმა  მწვალებლობაში ამხილეს ნოვოზიბკოვის არქიეპისკოპოსი გენადი და, როგორც მწვალებელს, გამოეყვნენ მას.

1991 წლის 30 იანვარს ძველმართლმადიდებელმა ეპისკოპოსმა ლეონტიმ თბილისის კათედრისთვის ხელი დაასხა ეპისკოპოს იონას (ერისკაცობაში მურთაზ ჩახავას). საქართველომ ასწლეულების შემდეგ მოიპოვა პირველი, ძველ სარწმუნოებაში მყარად მდგომი ძველმართლმადიდებელი მღვდელმთავარი. იმავე წელს ეპისკოპოსებმა ლეონტიმ და იონამ საეპისკოპოსო ხელდასხმა უბოძეს საქართველოში მოღვაწე მღვდელ თევდორე გონჩაროვს და დააწესეს ქ. ფოთში. ამ ორი მღვდელმთავრის  ხელდასხმის შემდეგ ფუძნდება საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია.

ქართველ ძველმორწმუნეთა პირველიერარქის, ეპისკოპოს იონას ენერგიული ქადაგებების წყალობით ათასამდე ქართველმა მიიღო ძველმართლმადიდებლობა. მათ დატოვეს ადრინდელი ახალმოწესეობრივი ცთომილება და შეუერთდნენ ჭეშმარიტ და ძირძველ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. მრავალი ქართველი მოინათლა ჭეშმარიტი, მართლმადიდებლური ნათლობით, რომელიც დიდი ხანია საქართველოში მივიწყებულია და რომელიც აღესრულება წყალში სამჯერადი შთაფლვით. ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას შემოუერთდნენ დედაქალაქის ინტელიგენციის წარმომადგენლები და ზოგიერთი იმდროინდელი მინისტრიც კი, მაგრამ სახელმწიფოს უმაღლეს ეშელონებში აღმოჩნდნენ არაკეთილმოსურნენიც, კერძოდ, ნაციონალისტები, რომელთაც ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში წამყვანი თანამდებობები ეპყრათ.

თვით პრეზიდენტიც უკმაყოფილო იყო "რუსოფილების" (ასეთი ეპითეტით "ამკობდნენ" იმ დროს ძველმორწმუნე მართლმადიდებელთ) წარმატებით. როდესაც ძველმართლმადიდებლებმა თბილისში ტაძრის მშენებლობა დაიწყეს, მშენებლებს სამხედრო ფორმებში გამოწყობილმა ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა მთავრობის სახელით მშენებლობის შეწყვეტა მოითხოვეს, რადგან თურმე მის აშენებაზე "კურთხევა" არ გაუცია ილია II-ს, საქართველოში გაბატონებული ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქს. მშენებლობაზე ოფიციალური ნებართვის მიუხედავად, ქალაქის ფარგლებში ტაძრის აშენება შეუძლებელი გახდა. ტაძარი მოგვიანებით მაინც აშენდა ქ. თბილისის გარეუბანში, თბილისის წყალსაცავის (ე. წ. "თბილისის ზღვის") მიდამოებში, კერძო ნაკვეთში.

ქ. ფოთში, მალთაყვის დასახლებაში, ეპისკოპოს ფილარეტის კერძო ნაკვეთზე, სადაც ძველმორწმუნენი პატარა სახლის ეკლესიაში ლოცულობდნენ დღეს აღმართულია შესანიშნავი ტაძარი, რომელიც ააშენეს ქართველმა ძველმორწმუნეებმა იქ მცხოვრებ ქრისტეანთათვის. ეპისკოპოსი იონა, რომლის ხელმძღვანელობით აშენდა ტაძრები თბილისსა და ფოთში, იმ დროისთვის ძველმორწმუნეობის მთავარი წარმმართველი ძალა და მქადაგებელი იყო. ძალიან მალე მან შემოიმტკიცა მრავალი ერისკაცი, რომლებიც გულანთებულები იცავდნენ ძველმართლმადიდებლობას და ერს ძველ და თანამედროვე საეკლესიო პრობლემებზე ესაუბრებოდნენ. იმ შფოთიან და არეულ პერიოდში (ეს იყო ე. წ. "პერესტროიკისა" და ცნობილი დისიდენტის, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდი) გაბატონებული ეკლესიისა და მისი საპატრიარქოს უსჯულოებათა საჯარო მხილება გმირობის ტოლფასი ქმედება იყო.

ქართველ ძველმორწმუნეებს, როგორც ეპ. იონას, ასევე მის თანამბრძოლებსაც (რომელთაგან განსაკუთრებით გამოვყოფთ ნიჭიერ მწერალს, პოეტსა და პუბლიცისტს, აწ განსვენებულ ზურაბ (ნათლისღებით აკაკი) ნარმანიას) უწოდებდნენ "ერის მოღალატეებს", "რუსოფილებს", "სუკის აგენტებს" და ა. შ. ქართველ ძველმორწმუნეებს იარაღის მუქარით შეაწყვეტინეს ეკლესიის მშენებლობა თბილისის გარეუბანში, წყალსაცავის შემოგარენში. ამავე დროს ისინი დაიბარეს საქართველოს პარლამენტში, სადაც შეხვდნენ ქართველ მღვდელსა და დეპუტატს არჩილ მინდიაშვილს. ყოველივე ამას დაემატა ისიც, რომ რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსმა გენადიმ, საქართველოს ახალმოწესეთა ეკლესიის პატრიარქ ილია II-ს გამოუგზავნა წერილი, რომელშიც ივერიის ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ასაღორძინებლად მიმართულ ღონისძიებას "მბოდვიარე ქმედებას" უწოდებდა და ითხოვდა ქართველ ძველმოწესეთა მოღვაწეობის აღკვეთას. მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველოს პარლამენტში, გაბატონებული "მართლმადიდებლური" ეკლესიის "მღვდელმა" და დეპუტატმა მინდიაშვილმა აუწყა ქართველ ძველმორწმუნეებს, რომ ძალიან მალე მათს საქართველოს ტერიტორიიდან გაასახლებდნენ.

მაგრამ უფალმა სხვაგვარად განსაჯა! ძალიან მალე პრეზიდენტ გამსახურდიას მოწინააღმდეგეებმა დაამხეს მისი მმართველობა. საქართველოში უწინდელზე უარესი პერიოდი დადგა: შიმშილი, უმუშევრობა, ენეგეტიკული პრობლემები, თავაშვებულობა, დამნაშავეობის ზრდა, მოროდიორობა… და აი, ასეთ მძიმე პერიოდში ღმრთისმოიმედე ქართველი ძველმორწმუნეები კიდევ ერთხელ შეეცადნენ საკუთარი ძალებით ტაძრის აშენებას და ააშენეს კიდეც თბილისის წყალსაცავის ერთ-ერთ ფერდობზე.

ეპისკოპოს იონასა და ქართველ ძველმართლმადიდებელთა ურთიერთობის პრობლემა მდგომარეობდა არა მარტო იმაში, რომ მას წიგნში აღმოაჩნდა მრავალგვაროვანი მწვალებლობანი, არამედ იმაშიც, რომ, სამწუხაროდ, ეპისკოპოსი იონა შთავარდა ხიბლში და, რაც ყველაზე საწუხარია - აღმოაჩნდნენ მიმდევრებიც, რომლებიც ფანატიკურად იცავდნენ და დღემდე იცავენ მის მცდარ შეხედულებებს. მაგრამ ეკლესიაში არსებობდა ჯანსაღი ნაწილიც, რომელიც არ ურიგდებოდა არსებულ მდგომარეობას და გამუდმებით ცდილობდა, შეეგონებინა ხიბლში შთავარდნილი პირველიერარქი. იყო ისეთი მომენტებიც, როდესაც ეკლესიის ეს ნაწილი გადადიოდა შეტევაზე და კატეგორიულად ითხოვდა იონასაგან ყველა სიზმრისეული "ხილვებისა" და ცთომილებების უარყოფას, რომელიც მას თავის თხზულება "რა უნდა ვაკეთოთ"- ში აღმოაჩნდა...

2001 წლის სექტემბერს, თბილისის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ძველმართლმადიდებლურ ტაძარში, შედგა საეკლესიო კრება, რომელზეც ეპისკოპოსმა პავლემ დანარჩენ ქრისტეანებთან ერთად მწვალებლობასა და მთელ რიგ კანონიკურ დარღვევებში ამხილა ეპისკოპოსი იონა და მასთან ევქარისტული ურთიერთობა შეწყვიტა. ეპისკოპოს იონასთან ევქარისტული კავშირის გაწყვეტის შემდეგ ეპისკოპოსმა პავლემ ყველა კლერიკოსისა და საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წევრთა საერთო თანხმობით სამღვდელმთავრო კათედრა ქ. ფოთიდან გადაიტანა ქ. თბილისს, ხოლო ქ. ფოთის ეპისკოპოსად ხელი დაასხა მღვდელმონაზონ ბასილს (მაშინინი). ძველმართლმადიდებლური ეკლესიისდან მოკვეთის შემდეგ ეპ. იონამ თავისი საზოგადოებისთვის ხელი დაასხა რამდენიმე მღვდელმსახურს... ეპისკოპოს პავლეს მხარეს დარჩნენ მღვდელმონაზონი ბასილი (მაშინინი) (შემდგომში ქ. ფოთის ეპისკოპოსი) და მღვდელი გრიგოლი (მახარაძე).

2003 წელს ეპისკოპოსი იონა ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა, მოგვიანებით კი ეპისკოპოსი მიქაელი, რომელიც იმხანად ეპისკოპოს იონას მხარეს იყო, მთელი თავისი ოჯახითა და ნათესავებითურთ ეპისკოპოს პავლეს შეუერთდა. ეპისკოპოს პავლეს შეუერთდნენ ასევე მედავითნეები დავით გურგენაშვილი და ალექსანდრე ფილაური, შემდეგ კი თვით ეპისკოპოს იონას ოჯახის წევრები. მოგვიანებით იოანიტთა ბანაკში მოხდა განხეთქილება. მათი საზოგადოება დატოვა მღვდელმა გიორგი გიგაშვილმა (გორი), რომელიც შეუდგა სამხედრო სამსახურს და მღვდელმა ვადიმ კოროვინმა (კურსკი), რომელიც ე. წ. ბელოკრინიცელთა იერარქიას შეუერთდა. იოანიტების მხარე დატოვეს ასევე ბერმა ილია თოდუამ (ამჯერად იმყოფება გაბატონებული ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ) და დიაკვანმა ქრისტეფორემ, რომელიც ასევე გაბატონებული ეკლესიის მხარეს გადავიდა.

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია სადღეისოდ შედგება ორი, - თბილისისა და ფოთის, - ეპარქიებისგან. ეკლესიას მეთაურობს პირველიერარქი, თბილისისა და სრულიად საქართველოს ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა). საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის შემადგენლობაში არიან აგრეთვე: ეპისკოპოსი ბასილი ფოთელი (მაშინინი), მღვდელი გრიგოლ მახარაძე (თბილისი); კლერიკოსები: დავით გურგენაშვილი, ალექსანდრე (ბადრი) ფილაური ათანასე (გიორგი) ქასრაშვილი, სოლომონ (მამუკა) ცენტერაძე, სტეფანე ნოზაძე (ყველა თბილისი); ფოთში მედავითნეებად მოღვაწეობენ: პავლე ტიმოფეევი, ილია დუბოვი, თევდორე დუბოვი და იოანე (გოჩა) ნოდია.
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому