საეკლესიო შერიგების სიგელი
ჩვენ, რუსეთისა და საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსები, ჩვენი კლერიკოსებისა და ერისკაცების თანხმობითა და მოწონებით, ოდესღაც ცნობილი მიზეზების გამო ოც წელზე მეტ ხანს გაყოფილნი, ხოლო აწ სულიწმიდის მიერ ერთ აზრად შეკრულნი, დავიწყებას ვაძლევთ ყოფილ მტრობას და კვლავ ერთ სხეულად, ერთ წმიდა ეკლესიად შეკრებილნი, ვადგენთ და ვაცხადებთ:
1. მივსდევთ რა ჩვენი უფლის, ღმრთისა და მაცხოვრის, იესუ ქრისტეს მცნებას, რომელმაც ბრძანა: "მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაითა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაითა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას" (იოანე 13:34), "მშვიდობასა დაგიტევებ თქუენ, მშვიდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ" (იოანე 14:27) - ვივიწყებთ ყველა კანონიკურ დავას და ურთიერთის მიმართ გამოთქმულ ყველა მაძაგებელ წერილსა თუ გამონათქვამს, ვის მიერაც და როდესაც უნდა იყოს ის შედგენილი, დაწერილი ან გამოთქმული. ყველა უთანხმოებას, რომელიც კი არსებობდა ჩვენს სულიერ წინაპრებს შორის, აწ სრულიად დაძლეულად ვაცხადებთ. დე, არავინ ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთაგან არასოდეს აძაგოს მეორე მასში რაც ადრე იყო. დაე, ნუ იგმობიან ჩვენი წინამორბედებიც. არამედ, ღმრთის შეწევნით, ვტოვებთ რა ყოფილ მტრობას, ერთი სარწმუნოებითა და სიყვარულით, წმიდა წერილისა და საღმრთო განწესებების მტკიცე ზღუდით შემოსაზღვრულნი, ღმრთისმოშიშებით განვვლოთ წუთისოფელი.
2. მადლმოსილად და ქმედითად იქნას აღიარებული რუსეთისა და საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიათა ყველა წარსულში აღსრულებული და დღეს აღსრულებადი მღვდელმსახურებანი. ამიტომაც, მოვუწოდებთ ყველა ძველმართლმადიდებელ ქრისტეანს, ყოველგვარი განსხვავების გარეშე, დაუბრკოლებლად, სიყვარულითა და რწმენით მიმართოთ სულიერი მოთხოვნილებების დასაპურებლად როგორც რუსულ, ასევე ქართულ ძველმართლმადიდებლურ ეკლესიათა მღვდელმსახურებს, როგორც ქრისტეს ეკლესიის ჭეშმარიტ მწყემსებს.
3. რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესია, როგორც ადგილობრივი და სრულიად დამოუკიდებელი, თანასწორ უფლებიანად (ავტოკეფალურად) აღიარებს საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიას, რადგან როგორც ანტიოქიის პატრიარქი ნეტარი ბალსამონი მოწმობს "ივერიის არქიეპისკოპოსს დამოუკიდებლობის პატივი მიაგო ანტიოქიის კრებამ. ამბობენ, რომ თეოპოლისის, ანუ ანტიოქიის უწმიდესი პატრიარქის, უფალ პეტრეს დროს, კრებითად გადაწყდა ივერიის ეკლესიას, რომელიც იმ დროს ანტიოქიის პატრიარქის დაქვემდებარებაში იყო, თავისუფლება და დამოუკიდებლობა (ავტოკეფალია) მისცემოდა" (II-ე მსოფლიო საეკლესიო კრების, მე-2 კანონის განმარტება). საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობის (ავტოკეფალურობის) სასარგებლოდ მეტყველებს აგრეთვე საქართველოს ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული საეკლესიო ცხოვრება.
4. რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს გააჩნია პატივის უპირატესობა. ძველმართლმადიდებლურ ეკლესიათა დიპტიქში მას უპყრია პირველი ადგილი. რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი თავმჯდომარეობს რუსეთისა და საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიათა საერთო კრებებს, ხოლო ღმრთისმსახურების ერთობლივად აღსრულების დროს გააჩნია პირველობის პატივი. საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის პირველიერარქს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიათა დიპტიქში უპყრია მეორე ადგილი.
5. საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსს ან მიტროპოლიტს ირჩევს საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წმიდა კრება; მათ ხელდასხმას აღასრულებენ საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსნი. საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი აირჩევა საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წმიდა კრების მიერ, ხოლო მისი აღსაყდრება საპატრიარქო კათედრაზე აღესრულება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის ძველმართლმადიდებლური პატრიარქის მიერ, რადგან თვით მოციქულებრივი მემკვიდრეობა საქართველოს ძველმართლმადიდებლურმა ეკლესიამ რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესიის იერარქთაგან მიიღო.
6. საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციას განეკუთვნება ყველა ის ძველმართლმადიდებლური თემი და რელგიური ჯგუფები, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე. თითოეულ ადგილობრივ ეკლესიას გააჩნია ვალდებულება და თანაბარი უფლება იქადაგოს ძველმართლმადიდებლური სარწმუნოება მსოფლიოში; ამასთანავე, თავიანთი იურისდიქციის საზღვრებს გარეთ ეპარქიათა დაარსება და გაუქმება მათ ერთმანეთს უნდა შეუთანხმონ. ყველა დანარჩენი ეკლესიათაშორის ურთიერთობის საკითხი რეგულირდება საეკლესიო სამართლის ნორმების მიხედვით.
7. საქართველოს რესპუბლიკის ლანჩხუთის რაიონის, სოფ. გრიგოლეთის ძველმართლმადიდებლური სამრევლო იმყოფება რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრის პირდაპირ დაქვემდებარებაში. ყოვლადწმიდა ღვთისმსობლის საფარველის სახელობის სამრევლო ტაძარს გააჩნია სტავროპიგიალური სტატუსი, ანუ თვითონ ტაძარი და მისი ქონების განმკარგულებელი არის მოსკოვის ძველმართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი.
დიდება უფალს ჩვენი შერიგებისთვის. უფლისა არს დიდება საუკუნოდ. ამინ!
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ალექსანდრე
თბილისის ეპისკოპოსი პავლე
ფოთის ეპისკოპოსი ბასილი
მღვდელი ალექსანდრე რაზუვანოვი ბელორუსიისა და უკრაინის ეპისკოპოსის, უსამღვდელოეს იოსების წარმომადგენელი.
ციმბირის ეპისკოპოსი სერგი.
ნიჟნივოლჟსკის ეპისკოპოსი სავინი.
მღვდელი სერგი ნოვიკოვი, სიონისა და დასავლეთ ევროპის ეპისკოპოსის, უსამღვდელოეს იაკობის წარმომადგენელი.
ვერხნევოლჟსკელი ეპისკოპოსი ბასილი.
3/16 მაისი 2009 წ. ღირ. თეოდოსი კიევო-პეჩორელის ხსენების დღე.