ძველმართლმადიდებლობის ისტორია საქართველოში
ა) საქართველოში რუს ძველმოწესეთა გადმოსახლება და ძველმოწესეობრივი თემების დაფუძნება
საქართველოში თანამედროვე ძველმოწესეობრივი თემები ძირითადად თავს იყრიან შავიზღვისპირეთის რამოდენიმე სოფელში. კერძოდ, გრიგოლეთში (ლანჩხუთის მუნიციპ.), შეკვეთილში (ოზურგეთის მუნიციპ.) და მალთაყვის დასახლებაში (ქ. ფოთი), ასევე საქართველოს დედაქალაქ თბილისში (ცალკეული წევრები და ოჯახები ცხოვრობენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც).
შავიზღვისპირეთის რუსულ თემთა წარმოშობის ისტორია პირდაპირ არის დაკავშირებული დაღესტანში ძველმოწესეთა თემის დაფუძნებასთან და დონისპირეთიდან ძველმოწესეთა მიგრაციასთან 1930-იანი წლების დასაწყისში, რომელიც გამოწვეული იყო იძულებითი კოლექტივიზაციით (А. И. Зудин. Н. А. Власкина. Русская связь. История и культура старообрядчества юга России и зарубежья. Приморско-Ахтарск. 2016 г. Стр. 68).
მაგრამ ეს ძველმოწესეთა პირველი ჯგუფები როდი იყო საქართველოს შავიზღვისპირეთში. ცნობილია, რომ ამ ადგილებში დაფუძნება არაერთხელ უცდიათ კაზაკ-ნეკრასოველებს, რომელთაც XX ს-ის დასაწყისში მეფის ხელისუფლებამ მიწის ნაკვეთები უბოძა ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრაში. მაგრამ ოქტომბრის რევოლუციასთან დაკავშირებული პოლიტიკური პერიპეტიების გამო ნეკრასოველები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ მათ მიერ დაფუძნებული ორი თემი - ვოსკრესენოვკა და ვოზნესენოვკა და 1918 წ-ს გადასახლებულიყვნენ ყუბანში, სადაც 1920 წ-ს დააფუძნეს ნოვონეკრასოვსკის ხუტორი (დღეს კრასნოდარის მხარის პრიმორსკო-ახტარსკის რაიონი).
15 წლის შემდეგ (1933 წ.) ნეკრასოველთა მიტოვებულ სამოსახლოებზე, რკინიგზის სადგურ ნატანების ახლოს, თავისი თავშესაფარი ჰპოვა ძველმოწესეთა ახალმა ჯგუფმა. ნ. გ. ვოლოკოვასა და ლ. ვ. ზასედატელევას მიერ მოტანილი ცნობებით, სოფ. შეკვეთილში ძველმოწესეობრივი თემი დააფუძნა დონიდან ჩამოსახლებულმა 40-მა ოჯახმა, რომლებიც იქ თურქეთიდან გადმოვიდნენ. მაგრამ ისინი არაფერს ამბობენ ძველმოწესეთა მეორე დასახლებაზე, რომელიც, იმავე ვითარებებში, სავარაუდოდ აღმოცენდა 1930 წელს - სოფ. ანაკლიაში, სადაც დაფუძნდნენ ტბა მაინოსის (თურქეთი) ნაპირებიდან გადმოსახლებული ძველმოწესეები (იქვე. გვ. 69). ანაკლიის ძველმოწესეობრივი თემი დაფუძნდა ქ. ზუგდიდიდან 30 კმ-თი დაშორებულ ამავე სახელწოდების სოფელში, რომელიც მდ. ენგურის შესართავთან მდებარეობს.
სამწუხაროდ, ანაკლიაში გადმოსახლებულ კომლთა რაოდენობა უცნობია, მაგრამ შეკვეთილის ძველმოწესეებთან ერთად ისინი წარმოადგენდნენ დონის ოლქის ნეკრასოვსკ-მეჩეტინის ხუტორის მოსახლეთა დაახლოებით ნახევარს. ძალიან მალე ანაკლიისა და შეკვეთილის ძველმოწესეობრივი თემები შეივსო ყუბანიდან, ხუტორ ნოვოპოკროვსკაიადან კოლექტივიზაციას გამოქცეული ძველმოწესეებით.
სოფ. შეკვეთილში დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა ერთგვარი ანტაგონიზმი პირველმოსახლე, ანუ "დონელ" ძველმოწესეებსა და - მოგვიანებით ჩამოსულ "ყუბანელ" ძველმოწესეებს შორის. ეს ანტაგონიზმი, ხანდაზმულთა თქმით, გამოწვეული იყო კონფესიონალური განსხვავებებით: "ყუბანელები" იყვნენ "პოპოვცები" (поповцы - მღვდლიანები), ხოლო "დონელები" – "ბეზპოპოვცები" (безпоповцы - უმღვდელონი).
ანაკლიაში ძველმოწესეთა ჩამოსახლებიდან რამოდენიმე წელიწადში დაიწყო მალიარიის ეპიდემია, რამაც აქაურ ძველმოწესეთა დიდი ნაწილი აიძულა დაეტოვებინა სოფელი და გადასახლებულიყო მდინარე სუფსის შესართავისკენ, რომლის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის სანაპიროს გასწვრივ, სოფ. გრიგოლეთში მათ დააფუძნეს თავიანთი თემი.
უნდა აღინიშნოს, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, ძველმოწესეობრივი თემები ანაკლიაში ჯერაც ცხოვრობდნენ. ხანდაზმულთა გადმოცემით, ანაკლიას ძველმორწმუნეები ტოვებდნენ იმ განზრახვით, რომ გადაელახათ თურქეთის საზღვარი, მაგრამ ამას ხშირად ხელს უშლიდა ადიდებული სუფსა და ბილიკების არარსებობა მთებში.
წლების განმავლობაში, სოფ. გრიგოლეთში ძველმოწესეობრივი მოსახლეობის გამრავლებისდა კვალად, ოჯახთა ნაწილმა სახლეები აიშენა სუფსის მარცხენა მხარეს. ანაკლიიდგან გამოსულმა სხვა ნაწილმა კი კომპაქტური დასახლება შექმნა სოფ. ურეკის ახლოს (დღეს ოზურგეთის მუნიციპ. მაგნიტიტის ან, რუს. ტრანსკრიფციით, "მაგნიტოს" დასახლება). ძველმოწესეებმა აქ იცხოვრეს 1960-ანი წლების დასაწყისამდე. სანატორიუმის დაფუძნებამ ისინი აიძულა დაეტოვებინათ ეს ადგილი, თუმცა, ურეკის ძველმოწესეთა ნაწილი თავის ერთმორწმუნეებს შეუერთდა სოფ. გრიგოლეთში, სხვა ნაწილი კი გადმოსახლდა ქ. ფოთის ახლოს მალთაყვის დასახლებაში (რუსები მას "მალტავკას" ეძახიან).
ამით საქართველოში ძველმოწესეობრივი ანკლავის ჩამოყალიბება არ დამთავრებულა. 1940-იანი წლების მიწურულსა და 1950-იანი წლების დასაწყისში ძველმოწესეთა თემს შეუერთდა ძველმოწესეთა რამოდენიმე ოჯახი, რომლებიც საბჭოთა კავშირში ჩამოსახლდნენ 1947 წელს რუმინეთის ტერიტორიიდან ძველმოწესეთა მასობრივი რეპატრიაციის შედეგად. ისინი ძირითადად მოხვდნენ ხერსონისა და დონეცკის ოლქებში. გადმოსახლებულებს პრობლემა შეექმნათ იმით, რომ ახლო-მახლო არ არსებობდა ძველმოწესეობრივი ეკლესია, რის გამოც სულიერი ნავთსაყუდელის ძიებას შეუდგნენ. შედეგად რუმინეთიდან რეპატრირებული ოჯახების ნაწილი თავის ერთმორწმუნეებთან გადმოსახლდა ყუბანში, ხუტორ ნოვოპოკროვსკაიაში, ხოლო სხვა ნაწილი აღმოჩნდა საქართველოში. ძირითადად ესენი იყვნენ ნოვოზიბკოვის იერარქიის მიმდევრები ტულჩის (რუმინეთი) ოლქის სოფლიდან სლავა ჩერკესსკაია (Слава черкесская).
1960-იან წლებში სტავროპოლიდან მალთაყვაში ჩამოსახლდა კაზაკ-ნეკრასოველების კიდევ რამოდენიმე ოჯახი, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ კოლმეურნეობებში არსებული მძიმე შრომითი ექსპლუატაციით და მათთვის საცხოვრებლად გამოყოფილ ადგილებზე სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პრობლემებით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პრაქტიკულად საქართველოში ჩამოსახლებული ბელოკრინიცელი ნეკრასოველები უმტკივნეულოდ გადავიდნენ ნოვოზიბკოვის იურისდიქციაში (იქვე. გვ. 69-72).
საქართველოში მცხოვრები რუსი ძველმოწესეები მჭიდრო ნათესაურ ურთიერთობას ინარჩუნებდნენ ყუბანის ნოვოპოკროვსკის თემის ძველმოწესეებთან, საიდანაც არც თუ იშვიათად ჩამოჰყავდათ პატარძლები ან პირიქით, ყუბანში ათხოვებდნენ თავიანთ ქალიშვილებს.
არსებობს ცნობები, რომ საქართველოში რუს ძველმოწესეებს პატარძლები სტავროპოლიდანაც ჩამოჰყავდათ, სადაც თურქეთიდან ჩასული "დუნაკები" (დუნაელი ძველმოწესეები) ცხოვრობდნენ და, რომლებიც საბჭოთა კავშირში ნეკრასოველ კაზაკთა ბოლო ჯგუფებთან ერთად დაბრუნდნენ. ნაწილობრივ ასეთი საქორწინო სტრატეგია აიხსნება მჭიდრო ნათესაური ურთიერთობებით, რომლებიც დამყარებული იყო საქართველოში მდებარე თემებსა და მათ წევრებს შორის.
ახალ საცხოვრებელ პირობებში სწრაფი სამეურნეო ადაპტაციის გარდა, ძველმოწესეებმა სწრაფადვე მოაწესრიგეს საეკლესიო ცხოვრებაც. გადმოსახლებულთა უმეტესი ნაწილი სამღვდელოების მიმღები იყო (ე. წ. "პოპოვცები" – поповцы), რომლებიც ძირითადად ეკუთვნოდნენ რუსეთის ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას (ნოვოზიბკოვის იერარქია). შეკვეთილის რამოდენიმე ოჯახი ეკუთვნოდა "ბეზპოპოვცებს" (უმღვდელოებს), თუმცა არსებითად ისინიც "პოპოვცები" იყვნენ, ოღონდ არ აღიარებდნენ ნოვოზიბკოვის და ბელოკრინიცის იერარქიებს.
სამღვდელოების მიმღებ ძველმოწესეებს საქართველოში ცხოვრების დაწყებიდანვე ჰყავდათ თავიანთი მღვდლები. პირველი მათგანი იყო მ. ნაზარი (გოლუბიცკი). 1937 წლიდან საქართველოში ძველმოწესეებს უკვე ჰყავთ თავიანთი ეპისკოპოსიც, რომელიც მეთაურობდა აზოვო-შავი ზღვის ეპარქიას. ეს იყო მეუფე ტრიფონი (ეპიშევი), რომელიც აქ 1940 წლამდე მსახურობდა.
საეკლესიო ცხოვრების პირველი ათეული წლები არცთუ უღრუბლო იყო საქართველოში მცხოვრები ძველმოწესეებისთვის. რელიგიური ცხოვრება პერიოდულად იძაბებოდა სასულიერო პირთა დევნულებებით. პოლიტიკურმა ფაქტორმა და შიდა უწესივრობებმა 1943 წ-ს აიძულა მ. ნაზარი გოლუბიცკი კვლავ ყუბანში დაბრუნებულიყო.
მ. ნაზარის ნოვოპოკროვსკის ხუტორში გადაყვანის შემდეგ საქართველოში მცხოვრებ ძველმოწესეთა სულიერი დაპურება დაევალა მ. პანტელეიმონ მაშინინს, რომელიც დიაკვნად ხელდასხმულ იქნა 1938 წელს, ხოლო 1948 წელს მღვდლად. საქართველოში მან იმსახურა 1969 წლამდე, თანაც 1966 წლიდან (მეუღლის გარდაცვალების შემდეგ) - პონტოსა და აზოვო-შავი ზღვის ეპარქიის ეპისკოპოსად. ბერად აღკვეცისას სახელად ეწოდა პავლე.
1969 წელს მეუფე პავლე მოსკოვში დაიბარეს, სადაც ის ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურად აირჩიეს. სრულიად რუსეთის ძველმართლმადიდებელთა არქიეპისკოპოსის ხარისხში მეუფე პავლემ იმსახურა 1977 წლამდე, რის შემდეგაც, უკვე ხანდაზმული გადავიდა ე. წ. მყუდროებაში (ანუ ჩამოშორდა ეკლესიის მეთაურობას) და დარჩენილი ცხოვრება გაატარა სოფ. გრიგოლეთში, სადაც 1980 წელს დაკრძალეს კიდეც ძველმოწესეთა ადგილობრივ სასაფლაოზე.
მეუფე პავლეს (მაშინინი) რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურად დანიშვნისა და მისი მოსკოვში გადასვლის შემდეგ საქართველოს თემს მემკვიდრეობითად ემსახურებოდნენ მღვდლები - ადგილობრივი თემების წარმომადგენლები: მ. ფიოდორ (თევდორე) გონჩაროვი (მღვდლად მსახურების წლები: 1969-1980) (შემდეგში საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ფოთის ეპარქიის ეპისკოპოსი ფილარეტი), მ. ლეონტი (სკაჩკოვი) (მსახურობის წლები: 1980-1988) და მ. ილარიონი (ხარნანიკინი) (მსახურების წლები: 1988-1989).
საქართველოს ძველმოწესეობრივ თემებში მსახურობდა ასევე ყუბანელი მღვდელი ნოვოპოკროვსკის ხუტორიდან პოლიევქტ ეფიმოვი. მის სახელს უკავშირდება ძველმართლმადიდებლური ეკლესიისკენ შეკვეთილში მცხოვრებ ბეზპოპოვეცთა მოქცევა 1990-იანი წლების დასაწყისში.
როგორც დაღესტანში, ასევე საქართველოში ძველმოწესეებს არ გააჩნდათ სრულყოფილი ტაძარი. თავდაპირველად ისინი ლოცულობდნენ ქოხში, რომელშიც მოწყობილი იყო საკურთხეველი. პირველი ასეთი საკურთხევლიანი სალოცავი მათ გააშენეს სოფ. ურეკში, ომის შემდეგ. ტაძარი იკურთხა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელზე და წარმოადგენდა მ. პანტელეიმონის (მაშინინი) მუდმივი მსახურების ადგილს. ურეკში, 1960-იანი წლების დასაწყისში, ძველმოწესეობრივი თემის ლიკვიდაციისა და იქ სალოცავის დანგრევის შემდეგ მ. პანტელეიმონი საბოლოოდ გადადის სოფ. გრიგოლეთში. მალე აქ კერძო, მაგრამ ეკლესიისთვის შეწირულ ნაკვეთზე აგებულ იქნა და იკურთხა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი. ისიც სალოცავ სახლს წარმოადგენდა, ოღონდ უკვე აგურის ღორღის ბლოკებისგან აშენებულს. გრიგოლეთის ტაძართან 1990-იანი წლების დასაწყისამდე არსებობდა მონაზონთა სკიტე.
რადგან ძველმოწესეობრივი ტაძრები საქართველოში კერძო ნაკვეთებზე შენდებოდა, ოფიციალურად მათ საკულტო ნაგებობებად არ არეგისტრირებდნენ. თუმცა, საბჭოთა პერიოდში არც ძველმოწესეთა თემი იყო რეგისტრირებული. ეს იმიტომ, რომ ერთი მხრივ, ძველმოწესეები გაურბოდნენ ნებისმიერ რეგისტრაციას, ხოლო მეორე მხრივ - ადგილობრივი პარტიული ორგანოები თვალს ხუჭავდნენ თემის რელიგიურ ცხოვრებაზე. ეკლესიის დევნულების პერიოდი შემოიფარგლება მოკლევადიანი გამოხდომებით, რაიმე მნიშვნელოვანი შედეგების გარეშე. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის პირველ წლებში და ხრუშოვის მმართველობის პერიოდში, როდესაც სოფ. გრიგოლეთში ტაძარში მსახურება იკრძალებოდა, მორწმუნეები საიდუმლოდ იკრიბებოდნენ ერთმორწმუნეთა სახლებში.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ ყოფით დონეზე ქართველთა უმრავლესობას თბილი დამოკიდებულება ჰქონდა რუს ძველმოწესეებთან. ქართველები განსაკუთრებულად აფასებდნენ მათში პატიოსნებას, შრომისმოყვარეობას და სარწმუნოებრივ გულანთებულობას. საქართველოში მცხოვრები რუსი ძველმოწესეები დიდი სითბოთი იხსენებენ ქართველებსა და რუსებს შორის ურთიერთობას საბჭოურ პერიოდში, რაც ბევრწილ განპირობებული იყო საქართველოში რელიგიისადმი დამოკიდებულებითაც.
საერთო ჯამში, სხვებთან შედარებით, საქართველოში მცხოვრებ რუს ძველმოწესეთა ცხოვრება იყო საკმაოდ კომფორტული და თავისუფალი და ეს ეხებოდა, როგორც ეკონომიკურ მდგომარეობას, ასევე რელიგიასაც. მკვეთრი ცვლილებები მოხდა გორბაჩოვისეული "პერესტროიკისა" და ეროვნული სუვერენიტეტების ჩამოყალიბების პერიოდში, რასაც მოჰყვა ეკონომიკის ნგრევა და რუსოფობიის ზრდა. საქართველოში მცხოვრები რუსი ძველმოწესეების მდგომარეობა დამძიმდა იმითაც, რომ მათი თემები აღმოჩნდა შეიარაღებული კონფლიქტის არეალში. სამოქალაქო ომმა საქართველოში და ბანდიტიზმის პარპაშმა 1991-1993 წლებში ძლიერ გაართულა აქ რუს ძველმოწესეთა ცხოვრება. დაიღუპა რამოდენიმე ძველმოწესე, იძარცვებოდა სახლები. ყოველივე ამის შედეგად 1990-იან წლებში რუსი ძველმოწესეები მასობრივად გადასახლდნენ კრასნოდარის მხარეში.
მიუხედავად ასეთი რთული პერიოდისა, აღინიშნა საკმაოდ საინტერესო ტენდენციაც: ძველმოწესეობით დაინტერესდნენ ქართველებიც, რაც გამოწვეული იყო საქართველოში საეკლესიო ცხოვრების აღორძინებითა და რელიგიისადმი საზოგადოების დაინტერესებით (იქვე. გვ. 72-88).
1980-იანი წლების დასაწყისში ცალკეული ქართული ოჯახები უკვე გადმოდიან ძველმოწესეობაზე. 1991 წლის 30 იანვარს დაფუძნდა საქართველოს (ივერიის) ძველმართლმადიდებლური ეკლესია, რომელსაც მაშინ სათავეში ედგა ეთნიკური ქართველი, ეპისკოპოსი იონა (ჩახავა), რომელიც მას 2001 წლამდე მეთაურობდა. 2001 წელს საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში მოხდა განხეთქილება და ფოთისა და თბილისის სამრევლოების უმეტესი ნაწილი დარჩა ეთნიკური ქართველისა (აფხაზეთიდან) და იმ დროისთვის ფოთის ეპისკოპოსის პავლეს (ხორავა) მხარეს. 2003 წელს ეპისკოპოსი იონა გარდაიცვალა ისე, რომ საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას არ შერიგებია.
დღეისთვის საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას მეთაურობს არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა). 2009 წლის მაისის თვეში აღდგა ევქარისტული ერთობა საქართველოსა და რუსეთის ძველმართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის. საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის შემადგენლობაშია ფოთის ეპისკოპოსი ბასილი (მაშინინი), არქიეპისკოპოს პავლეს (მაშინინი) შვილიშვილი. დღეისთვის ფოთის (მალთაყვის) ძველმოწესე ქრისტიანებს გააჩნიათ ბაზილიკის ტიპის სრულყოფილი ახალი ტაძარი. საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია დაახლოებით ორ ათასზე მეტ მიმდევარს ითვლის. მასთან კანონიკურ ერთობაშია ასევე სოფ. გრიგოლეთის სოფლის მრევლი, რომელიც რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციაში შედის.
ამგვარად, საქართველოში შეიქმნა უნიკალური ვითარება, - დღეს ეთნიკური რუსები შედიან საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის შემადგენლობაში, სადაც მორწმუნეთა უმრავლესობაც ეთნიკური ქართველია. ამ გარემოებას გააჩნდა თავისი ისტორიული მიზეზები, რომლებიც ნაწილობრივ ზემოთ ვახსენეთ, ხოლო ნაწილობრივ განმარტებული იქნება ქვემოთ, მეორე (ბ) ქვეთავში, რომელიც ეძღვნება საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ჩამოყალიბების ისტორიას.
წყარო: მასალა ძირითადად აღებულია ნაშრომიდან: А. И. Зудин. Н. А. Власкина. Русская связь. История и культура старообрядчества юга России и зарубежья. Приморско-Ахтарск. 2016 г.