იღუმენი კირილე სახაროვი
რაც უფრო მალე დავუბრუნდებით ნიკონამდელ საღვთისმსახურებო განაწესს, მით უკეთესი
ავტორის შესახებ: იღუმენი კირილე (სახაროვი) - რუსეთის ოფიციალური მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი, მოსკოვში, ბერსენევკაზე წმიდა ნიკოლოზის სახელობის ძველი განაწესით მოქმედი ტაძრის მოძღვარი. პუბლიცისტი, საზოგადოებრივი მოღვაწე. ღვთისმეტყველების კანდიდატი.
სინანული - ეს არის პირველი, რაც გადაუდებლად უნდა გავაკეთოთ. როგორც ეს გააკეთა საზღვარგარეთის რუსეთის ეკლესიამ თავის კრებაზე 2000 წელს. ნახეთ, რა გამოდის: რეპრესირებული იყო ძველი ღვთისმოსაობის ათასობით დამცველი, არსებობს უდავო დოკუმენტები იმისა, რომ ოფიციალური ეკლესიის სასულიერო პირები თანამონაწილეობდნენ ამ დევნულებებში. საკმაოდ მძვინვარე დევნულებები იყო იმპერატრიცების სოფიას და ანნა იოანეს ასულის, ასევე ნიკოლოზ I-ის დროს, აღარაფერს ვამბობ პეტრე I-ზე.
ეკატერინე II-ის და შემდეგ პავლე I-ის მმართველობის დროიდან თანდათანობით დაიწყო ძველრუსული საღვთისმსახურებო განაწესის გადასინჯვა, რომელსაც გააჩნდა სერიოზული დარღვევები. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 1929 წლის კრებამ ძველმოწესეობაზე დადებული საშინელი კრულვები მოხსნა, ხოლო 1971 წლის ადგილობრივმა კრებამ ეს გადაწყვეტილება დაამტკიცა. და აი, ახლა ძველმოწესეებს ეუბნებიან - მოდი დავძმაკაცდეთ, შემოგვიერთდით, კიდევ რაღა გინდათ?!
კი, მაგრამ, ეს როგორ? დაიღვარა სისიხლის მდინარეები იმათი, ვინც ეწინააღმდეგებოდა ნიკონის საეჭვო რეფორმას, რომელმაც დაამკვიდრა ლათინური გავლენა ჩვენს საეკლესიო ორგანიზმზე, "დასავლური ფუფხი", ეპ. ეგნატე ბრიანჩანინოვის თქმით. რეფორმის მოწინააღმდეგეებს, რომლებიც იცავდნენ მშობლიურ ღვთისმოსაობას, ბიზანტიისგან რომ მივიღეთ ნათლისღებასთან ერთად, უწოდებდნენ სქიზმატებს ("რასკოლნიკებს"), ერეტიკოსებს, დამნაშავეებს. ჭრიდნენ თითებს ორთითიანი წყობით პირჯვრისწერისთვის, გლეჯდნენ ცხვირის ნესტოებს, ანაწევრებდნენ, და ა. შ. ახლა კი ეუბნებიან - იცით, ეს შეცდომა იყო, ვიწროდ, ცალსახად ვუყურებდით ამ საკითხს, შეიძლება ასეც ილოცო და ისეც...
მაშ, რისთვის მოაწყვეს ეს დავიდარაბა, რატომ დაიღუპა ამდენი რუსი მართლმორწმუნე? როდესაც დღეს ამბობენ, ნუ დავიწყებ წარსულის ქექვას, მოდი ვიმეგობროთ - მაგონებს ვითარებას, როდესაც ერთმანეთს წაეკიდა ორი მეზობელი, ერთმა შეურაცხყო მეორე, სცემა და შემდეგ უთხრა: "მოდი, დავივიწყოთ ეს ყველაფერი და ვიმეგობროთ". იქნება კი ასეთი მიდგომა ნაყოფიერი? ხომ არ გვეთხოვა ჯერ პატიება და შემდეგ შერიგება?
ნაწყვეტი ინტერვიუდან: "Чем скорее вернемся к дониконовскому богослужебному укладу, тем лучше".
თარგმანი: საიტი "ძველმართლმადიდებლობა". თბილისი. 2022. დეკემბერი.