ცხოვრება დეკანოზ ამბაკუმისა
მისგანვე დაწერილი
წიგნის ანოტაციიდან:
ქართველი მკითხველი პირველად ეცნობა მე-17 საუკუნის რუსული ლიტერატურის ამ შესანიშნავ ძეგლს - ძველმოწესეთა ერთ-ერთი უდიდესი იდეოლოგის, დეკანოზ ამბაკუმის ავტობიოგრაფიას. ნაწარმოები მიმართულია რუსული ეკლესიის მიერ მე-17 საუკუნის II ნახევარში გატარებული რეფორმების წინააღმდეგ. თხზულება ძირითადად სასულიერო პირთა ცხოვრებას ეხება, მაგრამ მასში რეალურად აისახა, აგრეთვე, რუსეთის ყოფა, საერო პირთა ცხოვრება, წარმოჩინდა იმდროინდელი რუსი ადამიანის ხასიათი. შესანიშნავი ენითა და სტილით შესრულებული ნაწარმოები ძველი რუსული მწერლობის შედევრად ითვლება.
ქართული თარგმანი. "საბჭოთა საქართველო", 1987 წ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო ია მელიქიძემ.
მთარგმნელის წინასიტყვაობა
"ცხოვრება დეკანოზ ამბაკუმისა" XVII საუკუნის II ნახევრის რუსული მწერლობის ერთი უბრწყინვალესი ნიმუშია. იგი დაწერილია თვით დეკანოზ ამბაკუმის მიერ და რუსულ ლიტერატურაში ავტობიოგრაფიული მოთხრობის ჟანრის პირველი ცდაა. შესანიშნავი ენითა და მაღალმხატვრული ოსტატობით შესრულებული ნაწარმოები ამავე დროს იმდროინდელი რუსეთის ყოფა-ცხოვრების ამსახველი რეალური ისტორიული ძეგლია.
XVII საუკუნის II ნახევარი რუსეთის ცხოვრებაში რთული ისტორიული ეპოქაა, განსაკუთრებით - რელიგიური ცხოვრების თვალსაზრისით.
40-იან წლებში მოსკოვში შეიქმნა "ღვთისმოსაობის დამცველთა" ჯგუფი, ძირითადად პროვინციული კულტის მსახურებს - ამბაკუმს, დანიელს, ლაზარეს, ლოგინს, ნიკონს, ივან ნერონოვსა და სხვებს რომ აერთიანებდა. მათ სეკლესიო ყოფის გაჯანსაღება, საღვთისმსახურო წიგნების ძველი ხელნაწერების მიხედვით გადასინჯვა, აგრეთვე, წარმართული ჩვეულებების ამოძირკვა დაისახეს მიზნად.
ღვთისმოსაობის დამცველებს თვით მეფე ალექსი მიხეილი ძე მფარველობდა და იგი თავად გახლდათ გარდაქმნების ინიციატორი. რეფორმას, მისი აზრით, ხელი უნდა შეეწყო რუსეთის ცენტრალიზაციისა და ბერძნულ ეკლესიასთან მისი დაახლოებისთვის, აგრეთვე საგარეო პოლიტიკის უკეთ წარმართვისთვის.
1652 წელს პატრიარქად აკურთხეს ნიკონი. იგი 1653 წლის მარტიდანვე შეუდგა რეფორმის გატარებას. პატრიარქს პირადი მიზნებიც ამოძრავებდა, რაც ეკლესიის სახელმწიფო მმართველობისგან გათავისუფლებას და შეუზღუდველი ძალაუფლების მოპოვებაში მდგომარეობდა. რამდენიმე წელიწადში ყოველივე ცხადი შეიქნა სამეფო კარისთვის და 1667 წელს ნიკონს პატრიარქის გვირგვინი ჩამოართვეს. ეკლესიის სათავეში ფაქტობრივად მეფე აღმოჩნდა. მაგრამ მის მიერ წარმოწყებულ გარდაქმნებს უფრო სერიოზული წინააღმდეგობა სწორედ "ღვთისმოსაობის დამცველებმა" გაუწიეს. ისინი თავიდანვე გაბედულად გამოვიდნენ ნიკონის რეფორმების წინააღმდეგ. პატრიარქსა და მის მომხრეებს მწვალებლებად, ჭეშმარიტი სჯულისგან განდგომილებად თვლიდნენ და საკუთარ განკერძოებულ საზოგადოებებს ქმნიდნენ.
ასე წარმოიშვა "რასკოლი" (განყოფა). ძველი ტრადიციების დამცველთა წინააღმდეგობამ მეტად სერიოზული ხასიათი მიიღო.
რეფორმები ხელს უწყობდა ხელისუფლების ცენტრალიზაციას, განამტკიცებდა პატრიარქის ერთმმართველობას და სულაც არ ეხებოდა თვით საეკლესიო ყოფას, არ ითვალისწინებდა ხალხის ინტერესებს. "სტაროობრიადელებს" მხარი დაუჭირეს ხალხთა მასებმა და მათი წინააღმდეგობა სახალხო მოძრაობაში გადაიზარდა და მოსკოვისა და სოლოვეცის აჯანყებები, დონის კაზაკების ამბოხება "ძველი რწმენის" დაცვის ლოზუნგით მიმდინარეობდა.
დეკანოზი ამბაკუმი, "სტაროობრიადელების" ყევლაზე დიდი იდეოლოგი, ამავე დროს მეტად თვალსაჩინო ლიტერატურული ტალანტის მქონე ორიგინალური მწერალია. მისი მემკვიდრეობა 50-ზე მეტ ნაწარმოებს მოიცავს; ესენია: საუბრები, სწავლანი, საღვთისმეტყველო თხზულებები, ბიბლიურ წიგნთა განმარტებბეი, ეპისტოლეები და სხვა სახის თხზულებები. ისინი ახალი საეკლესიო კანონების სიძულვილითაა გაჟღენთილი. ავტორი ნიკონსა და მის მომხრეებს ანტიქრისტეს მოციქულებს უწოდებს, ჯოჯოხეთითა და სატანის მახვილით ემუქრება მათ.
ამბაკუმის მთავარი ნაწარმოებია მისივე "ცხოვარება". ძეგლი მრავალმხრივ არის საყურადღებო. ავტორის უდიდესი დამსახურებაა, რომ მან დაამსხვრია რუსულ ლიტერატურაში გაბატონებული "ცხოვრებათა" ტრადიციუილ ფორმა და თამამად გამოიყენა ცოცხალი ხალხური მეტყველება.
თხზულება ცხადად გვიხატავს XVII საუკუნის რუსეთის ყოფას. მასში ერთმანეთს ერწყმის რელიგიური, მოწამეობრივი იდეები და საეკლესიო ხელისუფალთა სიძულვილი, სოციალური პროტესტი.
ამბაკუმი სახეების ძერწვის დიდოსტატია. განსაკუთრებით საინტერესოა მთავარი პერსონაჟის - თვით ამბაკუმის ავტოპორტრეტი, "არსებითად დასრულებული ფსიქოლოგიური ავტოპორტრეტის პირველი ცდა ძველ რუსულ ლიტერატურაში" (Житие протопопа Аввакума, под общей редакцией Н. К. Гудзия, 1960. Вступительная статья В. Е. Гусева, стр. 40). საკუთარი სახის შექმნით ავტორმა საოცარ ინდივიდუალობას და მრავალმხრივობას მიაღწია. ამბაკუმი - თხზულების მთავარი გმირი - ჰუმანისტია, იცავს ხალხის ინტერესებს, წინ აღუდგება უსამართლობას, უკომპრომისო მოწინააღმდეგეებთან ბრძოლაში. საინტერესოა აგრეთვე მისი მეუღლის - ნასტასია მარკის ასულის სახე. მათი ურთიერთობა ცოლქმრული სიყვარულის, სულიერი ერთიანობისა და მეგობრობის ნიმუშია.
ორიგინალურად გვიხატავს ამბაკუმი სხვა პერსონაჟებსაც, გვახედებს მათს სულში. თუ არ ჩავთვლით რელიგიურ მიკერძოებას, მოქმედ პირთა დახასიათებისას ავტორი პირუთვნელია. მისი ხატვის მანერა შორსაა სქემატურობისგან, ერთფეროვნებისგან, რაც ესოდენ დამახასიათებელია შუა საუკუნეების ლიტერატურისთვის. ამაშია მწერლის დიდი დამსახურება.
თავისებურია "ცხოვრების" კომპოზიცია. საღვთისმეტყველო პრობლემებს ენაცვლება ყოფითი სიტუაციები, ავტორის ინტიმური განცდები, მისი უეცარი აღშფოთება, რეფორმატორების გინება, რასაც კვლავ თხრობა მოსდევს, და ასე გრძელდება ბოლომდე.
ამბაკუმი ძველ რუსულ ლიტერატურაში სტილის ნოვატორად ითვლება. საეკლესიო მაღალ სტილს ოსტატურად ენაცვლება უბრალო ხალხური, ზოგჯერ - საკმაოდ უხეში მეტყველება. ნაწარმოები მდიდარია არა მარტო ბიბლიური ციტატებით, არამედ ხალხური გამონათქვამებითა და ანდაზებითაც. ავტორის წერის მანერა ძალზე თავისუფალი და შეუზღუდავია. ზმნებით მდიდარი მოკლე, ლაკონური ფრაზები, შორისდებულების ხშირი გამოყენება საოცარ დინამიკას ქმნის.
ამბაკუმის ტალანტს დიდად აფასებდნენ ლ. ნ. ტოლსტოი, ფ. მ. დოსტოევსკი, ნ. ს. ლესკოვი, მ. გორკი, ა. ნ. ტოლსტოი და სხვები. "ცხოვრება", აკადემიკოს დ. ს. ლიხაჩოვის სიტყვები რომ გავიმეოროთ, "იმ წიგნებს მიეკუთვნება, საუკუნობით რომ არ ძველდებიან" (Дм. Жуков. П. Пушкарев. Русские писатели 17-го века, 1972. Введение акад. Д. С. Лихачева, стр. 13).
თუმცა ნაწარმოების იდეა საკმაოდ კონსერვატულია (ხაზგასმები ყველგან ავტორისაა - "ძველმართლმ." რედ.), თავისი მაღალმხატვრული სახეებით, საოცარი სტილითა და შესანიშნავი ენით, იგი სამართლიანად ითვლება ძველი რუსული ლიტერატურის შედევრად, მისი ავტორი კი - სიტყვის განუმეორებელ ოსტატად. ამიტომ გადავწყვიტეთ მისი გადმოღება ქართულ ენაზე.
ია მელიქიძე.
"ცხოვრება დეკანოზ ამბაკუმისა, მისგანვე დაწერილი". გამომც. "საბჭოთა საქართველო". თბილისი 1987 წ. გვ. 5-9.
გაგრძელება იქნება.