აპოლოგეტიკა - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დადგენილება იოანე (ვალერი) გოგნაძის მოქმედებებთან დაკავშირებით - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის

2019 წლის საგანგებო საეკლესიო დადგენილება იოანე (ვალერი) გოგნაძის უკანონო მოქმედებებთან დაკავშირებით


(2019 წლის 18 ნოემბრის (ახ. სტ. 1 დეკემბრის) კრების მასალები)
სასანთლე
2019 წლის 1 დეკემბერს, თბილისის წმიდა დიდმოწამე ირინას სახელობის სალოცავში ჩატარდა საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის თბილისის ეპარქიის კრება, რომელზეც განხილულ იქნა ეკლესიის რიგითი წევრის, იოანე (ვალერი) გოგნაძის საკითხი.

ცნობილი, რომ ძველმართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც მტკიცედ მისდევს უძველეს საეკლესიო კანონიკურ და ზნეობრივ დაწესებებს, უდიდეს ყურადღებას უთმობს ადამიანის გარეგნობას და ქრისტიანისთვის შესაფერისად არ მიიჩნევს მამაკაცური ღირსების, წვერ-ულვაშის შეკვეცა-გაპარსვას. ამ გარემოებას იმდენად ექცევა ყურადღება ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში, რომ ძველმართლმადიდებლობისკენ მოქცეული ყოველი მამაკაცი აუცილებლად წარმოთქვამს ანათემატიზმებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია ასე:

ვინც უარყოს მოციქულთა და წმიდა მამათა გადმოცემები, რომელსაც იცავს ძველმართლმადიდებლური ეკლესია, და ასწავლის თითქოსდა საეკლესიო განწესებები დაძველდნენ და მათი დარღვევა დასაშვებია, - ანათემა.

ვინც უარყოს წმიდა მამათა ღვთითკურთხეული თხზულებები, რომლებიც კრძალავენ წვერის შეკვეცა-გაპარსვას, - ანათემა.

იოანე (ვალერი) გოგნაძე, ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან შემოერთების დღიდან, მიუხედავად იმისა, რომ მას წარმოთქმული აქვს ზემოთხსენებული ანათემატიზმები, დაუოკებლად უარყოფს წვერის შეკვეცის აკრძალვას და ამტკიცებს, რომ წვერის შეკვეცა დასაშვებია. ამგვარი შეხედულება მოტივირებულია იმით, რომ:

ა) წვერის შეკვეცა-გაპარსვა აკრძალული იყო ძველაღთქმისეულ რჯულში, რომელიც ახალაღთქმისეულ პერიოდში უკვე გაუქმდა (ამ შემთხვევაში გაუქმებულად უნდა გამოაცხადოს მან თვით წვერის გაპარსვის აკრძალვაც, რადგან ძველი აღთქმის რჯულში ისიც აკრძალულია).

ბ) წვერის შეკვეცა-გაპარსვა ძველაღთქმისეულ რჯულში წარმოადგენდა მხოლოდ წეს-ჩვეულებას, რომლის დაცვა ახალ აღთქმაში არასავალდებულოა.

ბ) წვერის შეკვეცა-გაპარსვაზე არ არსებობს მსოფლიო საეკლესიო კრებათა განწესებები, რის გამოც ის არასავალდებულოა.

იოანე (ვალერი) გოგნაძის ზემოთხსენებულ შეხედულებებს მოკლედ ვპასუხობთ (უფრო ვრცლად ის წარმოდგენილი იქნება სპეციალური, თემატური მოხსენების სახით):

ძველაღთქმისეულ სჯულში წვერის შეკვეცა-გაპარსვა აკრძალული იყო, როგორც უძველესი გადმოცემის დარღვევა და წარმართულ ჩვეულებათადმი მიმბაძველობა (იხ. ლევ. 19:21; ლევ. 21:5). გარდა ამისა, წვერის პარსვა, როგორც ეს ჩანს ძველი აღთქმის წმიდა წერილიდან და, ასევე, ახალაღთქმისეული ეკლესიის წმიდა მამათა სწავლებებიდან, წარმოადგენს მოქმედებას, რომელიც მიმართულია უზნეობისა და გარყვნილებისკენ. წვერის შეკვეცა-გაპარსვის ჩვეულებას ეწინააღმდეგებოდნენ არა მარტო ძველი, მართლმადიდებელი მამები, არა მარტო ძველმართლმადიდებლური ეკლესიის იერარქები, არამედ თვით ახალმოწესე რეფორმატორებიც კი.

წმიდა მამათა და საეკლესიო მწერალთა სწავლებით ღმერთმა მამაკაცი წვერმოსილად შექმნა, რაზეც მიანიშნებს კლიმენტი ალექსანდრიელი, როდესაც ბრძანებს, რომ "წვერი ევაზე უძველესია" (იხ. "პედაგოგი"), ამიტომაც, წვერის შეკვეცა-გაპარსვა წარმოადგენს არა ძველაღთმისეული სჯულის საწესჩვეულებო და სარიტუალო განგების ელემენტს, არამედ ზნეობრივ ნორმას, რომელიც, როგორც ძველ აღთქმაში, ასევე ახალ აღთქმაშიც დასაცველია, რადგან ძველაღთქმისეული პერიოდის ზნეობრივი ნორმები ღმერთს უარესობისკენ კი არ შეუცვლია (შორს ჩვენგან ასეთი აზრი!), არამედ სრულყოფისა და სიმკაცრისკენ მიმართა (მაგალითად: თესლის აღდგენის ჩვეულება ძველ აღთქმაში, მრავალცოლიანობა და სხვა).

ამრიგად, წვერის შეკვეცა-გაპარსვის საკითხში, იოანე (ვალერი) გოგნაძე ეწევა წმიდა წერილის თვითნებურ განმარტებას, ამ საგანთან დაკავშირებით უარყოფს წმიდა მამათა სწავლებას და მიიჩნევს მას  არასავალდებულოდ.

როგორც ერთ-ერთ საეკლესიო-საკრებო სხდომაზე ვაჩვენეთ, ადამიანის გარეგნობას და მით გარშემომყოფთა ცთუნების საგანს ეხება VI მსოფლიო კრების 96-ე კანონი. სადაც ნათქვამია, რომ "... არავინ უნდა იქონიოს თავის თავში მტრისგან წარმოქმნილი ბიწიერების არავითარი ნარჩენი. ვინც ამ კანონის საწინააღმდეგოდ მოიქცეს, წმიდა ზიარებიდან განკანონდეს". ბიწიერების ნარჩენში წმიდა მამები აუცილებლად გულისხმობდნენ გარყვნილების მოყვარე გარეგნობის ნებისმიერ გამოვლინებას, რომელთა შორისაა წვერის პარსვისა და შეკვეცის ჩვეულებაც, რომელზეც საკმაოდ დეტალურად მსჯელობს ბიზანტიელი კანონისტი იოანე ზონარა.

ვ. გოგნაძე პირდაპირ უარყოფს VI მსოფლიო კრების 96-ე კანონის მთელ აზრს და იმის საფუძველზე, რომ, რაკიღა კანონში არაფერია ნათქვამი წვერზე, ირწმუნება, რომ თითქოსდა მისი შეკვეცა დასაშვებია. მაგრამ, კანონში არაფერია ნათქვამი სხვა უზნეობებსა და უმსგავსობებზეც, რომლებიც შეიძლება ადამიანებმა ჩაიდინონ თუნდაც თავიანთ გარეგნობასთან მიმართებაში, და მით საცთურნი გახდნენ გარშემომყოფთათვის. სიტყვები "არავინ უნდა იქონიოს საკუთარ თავში ბიწიერების არავითარი ნიშანი" კრძალავს ნებისმიერ გარყვნილებისკენ წამბიძგებელ გარეგნობას, რომელთა შორის ერთ-ერთი უპირველესი ადგილი წვერის შეკვეცა-გაპარსვასაც უჭირავს.

მეტიც, თავისი მცდარი შეხედულების დასამტკიცებლად, და იმის საჩვენებლად, რომ არქიეპისკოპოსი პავლე, საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მწყემსმთავარი, ცდება და არასწორად (ან ზედმეტი სიმკაცრით) უდგება ხსენებულ საკითხს, ვ. გოგნაძემ დახმარებისთვის მიმართა მწვალებელ თეოლოგებს, რათა მათი შემწეობით "დაამტკიცოს" სრულიად მართლმადიდებლური მოთხოვნის "უსამართლობა".

იმ დროს, როდესაც, დიდი სჯულისკანონი და მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდა მამები ყველგან და ყოველთვის კრძალავდნენ მწვალებლებთან ურთიერთობას, თანამლოცველობას, თანაზიარობას, მეგობრობას და ერთად ტრაპეზობასაც კი (არ იგულისხმება ყოფითი, სავალდებულო ურთიერთობები), იოანე (ვალერი) გოგნაძე, პირიქით, მწვალებლებს დახმარებისთვის მიმართავს და, თანაც, იმისთვის, რომ დაამტიცოს თავისი მართლმადიდებელი მოძღვრის მცდარობა ხსენებულ საკითხში.

იოანე (ვალერი) გოგნაძე მიმართავს იმ მწვალებლებს, რომლებისთვისაც ძველმართლმადიდებელი ქრისტიანები არიან მინიმუმ სქიზმატიკოსები, ხოლო მაქსიმუმ სექტანტები და მწვალებლები. მეტიც, თვით ეს ერეტიკოსები, რომელთაც იოანე (ვალერი) გოგნაძე დახმარებისთვის უხმობს, გაპარსულები ბრძანდებიან და, როგორც ჩანს, საერთოდ არც იზიარებენ წვერის დანიშნულების მართლმადიდებლურ თვალსაზრისს.

იოანე (ვალერი) გოგნაძე ერთი მხრივ უარყოფს წვერის პარსვას და ეთანხმება იმ აზრს, რომ მართლმადიდებელ ქრისტიანს წვერი აუცილებლად უნდა ჰქონდეს, რომ ის მხოლოდ წვერის შეკვეცას ეწინააღმდეგება, რომ შეკვეცა, გაპარსვისგან განსხვავებით, დასაშვებია (თუმცა ამისი დამადასტურებელი არავითარი კანონიკური მოწმობა ან წმიდა მამათა სწავლება არ არსებობს), ხოლო მეორე მხრივ ის დახმარებისთვის მიმართავს მწვალებლებს, რომლებიც წვერს იპარსავენ და არც წვერის პარსვას მიიჩნევენ სავალდებულოდ. როგორც იტყვიან: "ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს".

ეკლესიის ისტორიიდან ჩვენთვის უცნობია შემთხვევა მართლმადიდებელ ქრისტიანს თავისი მართლმადიდებელი მოძღვრის დასამარცხებლად, მისი მოჩვენებითი სიმცდარის დასამტკიცებლად, მწვალებლებისთვის მიემართოს და მწვალებელთა დახმარებით გაემართლებინოს თავისი უღვთო ცხოვრება. ამგვარ რამეს მხოლოდ ფარული მწვალებლები იქმან.

აი რას ბრძანებენ წმიდა მამები მწვალებლებთან ურთიერთობის შესახებ:

წმ. იოანე ოქროპირი: "ვისაც ურთიერთობა აქვს მწვალებლებთან, თავის ცხოვრებაში უხორცო ძალთაც რომ ჰბაძავდეს, უცხო ექმნება მეუფე ქრისტეს".

სხვა ადგილას ის ასევე ამბობს: "საყვარელნო, მრავალგზის გამცნებდით თქვენ უღვთო მწვალებელთ შესახებ და ახლაც გევედრებით ნუ თანაეზიარებით მათ ნურც საჭმელში, ნურც სასმელში, ნურც მეგობრობით, ნურც სიყვარულით, რამეთუ ვინც ასე იქცევა ის საკუთარ თავს აუცხოებს ქრისტეს ეკლესიისგან. ანგელოზურ ცხოვრებასაც რომ ეწეოდეს ვინმე, მაგრამ მეგობრობისა თუ სიყვარულის საკვრელებით იყოს შეკრული მწვალებლებთან - უცხო იქნება უფალ ქრისტესთვის. როგორც ვერ ვძღებით ქრისტესადმი სიყვარულით, ასევე არ შეგვიძლია გავძღეთ მისი მტრებისადმი სიძულვილითაც. რადგან თვითონვე ბრძანებს: "ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა" (მთ.12"30).

წმ. კირილე იერუსალიმელი: ვინაიდან სიტყვა "ეკლესია" სხვადასხვა აზრით იხსენიება, როგორც მაგალითად, ეფესოში სანახაობაზე შეკრებილი ხალხის შესახებ წერია: "და ესე ვითარცა თქუა, განუტევა კრებული (ეკლესია) იგი" (საქმე 19:40); რამდენადაც სამართლიანად შეიძლება ეწოდოს მაცდურთა ეკლესია მწვალებელთა თავყრილობებს: მარკიონელებს, მანიქეველებს და სხვებს, ამიტომაც სიმბოლო სარწმუნოებისა, მრწამსი, გასაფრთხილებლად ასე გვასწავლის: "ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია", რათა შეგინებულ თავყრილობებს გაექცე და იმყოფებოდე წმიდა, კათოლიკე ეკლესიაში, რომლის წიაღშიც შენ იშვი... ნუ იკითხავ უბრალოდ: "სად არის ეკლესია", არამედ იკითხე: "სად არის კათოლიკე ეკლესია", რამეთუ ესაა სახელი ჩვენი წმიდა და საყოველთაო დედა ეკლესიისა, რომელიც არის სძალი უფლისა ჩვენისა (Огласительное поучение XVIII, 26).

წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი: "წმიდა მამები გვასწავლიან, რათა ყოველ ადამიანს არ ვენდოთ, რომელიც თავს სულიერს უწოდებს, არამედ ჯერ მისი ცხოვრება და საქმეები განვიხილოთ, ეთანხმიებიან თუ არა მისი სიტყვები და საქმეები წმიდა მამებს, და მხოლოდ ამის შემდეგ შევიწყნაროთ იგი და ვისმინოთ მისი სიტყვა, როგორც ქრისტესი".

წმ. ათანასე დიდი: "ძალზედ მნიშვნელოვანია გავექცეთ იმ ადამიანთა საზოგადოებებს, ვისი პოზიციას ამაზრზენია. მაგრამ, როგორც იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს, თუ ვინმე მოვა თქვენთან და მოიტანს მართალ სარწმუნოებას, მიესალმეთ მას და შეიწყნარეთ როგორც ძმა. ხოლო თუ ვინმე მაჩვენებლობს, თითქოსდა აღიარებს ჩვენს რწმენას, სინამდვილეში კი ურთიერთობს მათთან, ვინც ბოროტმორწმუნეობაშია, განეშორე მასთან თანაზიარობას. თუკი პირობას დადებს, რომ შეწყვეტს ამ ბოროტებას, საკუთარ ძმად ჩათვალეთ. ხოლო თუ ეწინააღმდეგება გამოსწორებას - გაექეცით მას..."

ნეტ. იერონიმე: "არასოდეს ვინდობდი ერეტიკოსებს და ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი, რაც შემეძლო, რათა ეკლესიის მტრები ჩემი მტრები ყოფილიყვნენ" (Беседа против пелагианъ прологъ 2).

წმ. ბასილი დიდი: "რაც შეეხება მათ, რომლებიც ამბობენ, რომ აღიარებენ მართლმადიდებლურ რწმენას, მაგრამ ურთიერთობენ სხვაგვარად მორწმუნე ადამიანებთან, თუკი გაფრთხილებულნი არიან და მაინც ჯიუტობენ, არა მარტო თანაზიარობა არ უნდა ვიქონიოთ მათთან, არამედ ძმებიც არ უნდა ვუწოდოთ" (Patrologia Orientalis, Vol. 17, с. 303).

"ისმინეთ, წმიდა წერილში დამოძღვრილნო, უნდა გამოვცადოთ, რას ქადაგებენ მოძღვარნი და მივიღოთ ყოველივე, რაც წერილთან თანხმიერია, ხოლო რაც არა უარვყოთ, ამგვარი სწავლებების მიმდევართ კი უფრო მეტად განვეშოროთ" (Творения. Часть 3. М. 1846. С. 478).

"არ უნდა ახალი სწავლებების მქადაგებელნი, რომლებსაც გულუბრყვილოთა საცთუნებლად თავი მართლმადიდებლებად მოაქვთ. "ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ" (მათე 24:4-5). "მაგრამ ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს. რაც უწინ მითქვამს, ახლაც იმასვე ვიტყვი: ვინც სხვა რამეს გახარებთ და არა იმას, რაც მიგიღიათ, წყეულიმც იყოს" (გალატ. 1:8-9) (там же, с. 409).

წმ. კვიპრიანე კართაგენელი: "თუკი მწვალებლებს ირგვლივ სხვას არაფერს უწოდებენ, თუ არა მტრებსა და ანტიქრისტეებს, თუკი ისინი იწოდებიან ადამიანებად, რომელთაც უნდა გავურბოდეთ, რომლებიც გარყვნილნი არიან და თვითდასჯილ, განა უფრორე ღირსნი არ არიან ისინი განვიკითხოთ, თუკი მოციქულთა წერილისგან გვსმენია, რომ საკუთარი თავის დამსჯელები არიან?" (Письмо 74).

წმ. იოანე მმარხველი: "ხორციელი სიბილწეა იმათთან ურთიერთობა, ვინც აკრძალულს იქმს; ხოლო სულიერი სიბილწეა გულგრილობა მათდამი, ვინც ასე ფიქრობს და იქცევა. მათგან წმიდაა კაცი, როდესაც ემორჩილება მოციქულს, რომელმაც ბრძანა: "პურიც კი არ ჭამოთ მასთან" (1 კორ. 5:11) (Творения. Часть 5. СТСЛ. 1901. С. 202).

ღირ. თევდორე სტოდიელი: "იმავე მოციქულ პავლესგან გვაქვს მცნება, რომ თუკი ვინმე გვასწავლის ან გვარწმუნებს მოვიქცეთ იმის საწინააღმდეგოდ, რაც გადმოცემით მიგვიღია, იმის საწინააღმდეგოდ, რასაც განსაზღვრავენ მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა კანონები, არ მივიღოთ ამდაგვარი და არ ჩავთვალოთ იგი კლერიკოსთა დასის წევრად" (Письма. 24., Феоктисту министру).

"არა მარტო მწვალებლებს, მრუშებს, მეძავებს და მსგავსი უწესობის მოქმედთ მიითვალავს გველი თავის სამფლოებელოში, არამედ იმათაც, ვინც განურჩევლად შედის მათთან ურთიერთობაში, რამეთუ უტყუარია სიტყვა: "რომელი შეეხოს ფისსა, გაშავდეს, და რომელი ეზიაროს ამპარტავანსა, მიემსგავსოს მას" (ზირ. 13.1)".

ასევე: "როდესაც ბატონობს მწვალებლობა და ჯერაც არ მოწყლულა მართლმადიდებლური კრებისგან, აუცილებელია გამოვიკვლიოთ მავანის ვინაობა როგორც ევქარისტიის, ასევე საერთო ტრაპეზობის დროსაც, რადგან ამ მიმართებით ადგილი არ უნდა ჰქონდეს არც მორიდებას და არც დაყოვნებას"

წმ. მარკოზ ეფესელი: "ეკლესიის ყველა მოძღვარი და ყველა კრება, მთელი საღმრთო წერილი გვირჩევს გავექცეთ მწვალებლებს და მათთან თანაზიარობას". "მაშ, ძმანო, გაექეცით ლათინთა სიახლეებს და მათ დამამკვიდრებლებს, არამედ სიყვარულით შეერთებულნი ჩვენი საერთო თავის - იესუ ქრისტეს გარშემო შეიკრიბენით".

ღირ. ეფრემ ასურელი: "მწვალებლებს, როგორც მგმობარებსა და ღვთის მტრებს, წმიდა წერილი ადამიანებს კი არ უწოდებს, არამედ ძაღლებს, ღორებს, მგლებსა და ანტიქრისტეებს, როგორც უფალი ამბობს: "ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს" (მათე 7:6). ხოლო იოანე ბრძანებს: "აწ უკვე მრავლად არიან ანტიქრისტენი" (1 ინ. 2:18). სწორედ მათი შეყვარება არ გვმართებს, არც მათი გამოკვება, არც ლოცვა მათთან ერთად და არც ჭამა, არც სახლში უნდა შევიწყნაროთ ისინი, არც მივესალმოთ მათ, რათა მათ მზაკვარ საქმეთა მოზიარენი არ აღმოვჩნდეთ. არასოდეს დაუმეგობრდე მწვალებლებს, არც ჭამო და დალიო რამე მათთან ერთად, ნუ ექმნები მათ თანამეგზურ, ნუ შეხვალ მათ სახლში, ნურც მათ საკრებულოში, რადგან მათში ყველაფერი უწმინდურია, როგორც მოციული პავლე ბრძანებს: "ბილწთა და ურწმუნოთათვის არაფერი არ არის წმიდა, არამედ შებილწულია მათი გონებაც და სინიდისიც" (ტიტ. 1:15). ამრიგად, დაიცავ შენი თავი, საყვარელო; ნუ დაუმეგობრდები მწვალებლებს, რათა მათ საზოგადოებას არ თანაეზიარო. მათ, როგორც უფალმა ბრძანა, შედეგად კი, მათთან მყოფთაც, ცოდვები არც ამქვეყნად მიეტევებათ და არც იმქვეყნად. რამეთუ ყოველი მოიმკის იმას, რაც დათესა" (Симфония по творениям преподобного Ефрема Сирина. Еретик. Москва. 2008. Стр. 106).

მაშ, თუკი მწვალებლებთან მეგობრობასაც კი გვიკრძალავენ წმიდა მამები, რაღა უნდა ითქვას იმ შემთხვევაზე, როდესაც მავანი პიროვნება, ანუ იოანე (ვალერი) გოგნაძე თავის მართლმადიდებელ ეპისკოპოსთან დასაპირისპირებლად დახმარებისთვის მიმართავს მწვალებელს? რა ეკუთვნის მას ამგვარი ქმედებისთვის?

ლაოდიკიის კრების 34-ე კანონში ვკითხულობთ: "არც ერთმა ქრისტიანმა არ უნდა მიატოვოს ქრისტეს მოწამე და არ უნდა წავიდეს ცრუ მოწამესთან, რომლებიც ან მწვალებლები იყვნენ, ან მწვალებელთა შორის იყვნენ, რადგან ერეტიკოსები უცხონი არიან ღმრთისთვის. ამიტომ მათთან მისული შეჩვენებულ უნდა იყოს".

მაშ, თუკი მართლმადიდებელ ქრისტიანს ეკრძალება გარდაცვლილ მწვალებელ მოწამესთან, ანუ ცრუ მოწამესთან მისვლა და ეკუთვნის შეჩვენება, განა იგივე შეჩვენება არ ეკუთვნის მას, ვინც ჯერაც ცოცხალ მწვალებელთან მიდის მართლმადიდებელი ეპისკოპოსის წინააღმდეგ შესაამხანაგებლად?

მართლმადიდებელი არქიეპისკოპოსის წინააღმდეგ მწვალებლისთვის დახმარების თხოვნა ისეთი უზნეობის დასაცავად, როგორიცა წვერის შეკვეცა-გაპარსვაა, იოანე (ვალერი) გოგნაძის ერთადერთი მწვალებლური გამოხდომა როდია. სულ ახლახან სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ქრისტიანის გვერდზე, სადაც გამოქვეყნებული იყო ახალმოწესე კათალიკოსის ამბროსი ხელაიას ფოტო, ვ. გოგნაძემ გააკეთა წარწერა: "აფსუს ამბროსი რა კათალიკოსი გვყავდა. უფალმა გაანათლოს მისი უკვდავი სული. ამენ" (არქივში გვაქვს ამ სიტყვების ფოტოასლი).

თითქოსდა ამ კომენტარში საგანგაშო არაფერია, ვ. გოგნაძე აღნიშნავს, რომ მან ამგვარი კომენტარი ამბროსი ხელაიას პატრიოტული ღვაწლის გამო გააკეთა. მაგრამ, ჯერ ერთი, - როგორ გავიგოთ, თუნდაც პატრიოტული ღვაწლის გამო ერეტიკოსი კათალიკოსის უკვდავი სულის "განათლება"? სულის განათლება - ცათა სასუფეველში სულის ცხონებას ნიშნავს. მაშ, როგორ არის შესაძლებელი მწვალებელის სულის ცხონება, თანაც პატრიოტიზმის გამო? როგორ არის შესაძლებელი მართლმადიდებელს უწოდებდეს თავს კაცი, რომელიც გარდაცვლილი ახალმოწესე რეფორმატორის, ძველმართლმადიდებლობის მტრის "სულის განათლებაზე" ოცნებობს?

იოანე (ვალერი) გოგნაძის ეს გამოხდომა აშკარად ეწინააღმდეგება მართლმადიდებელ მამათა სულისკვეთებას, გამოხატულს დიდ სჯულისკანონში, რომლებიც, როგორც ზემოთ უკვე ვნახეთ, მწვალებელ მოწამეთა საფლავებზეც კი გვიკრძალავენ გასვლას. XII ს-ის ცნობილი კანონისტის არისტინე ლაოდიკიის კრების 34-ე კანონის განმარტებაში ბრძანებს: "ვინც მწვალებელთა ცრუმოწამეს პატივს მიაგებს, დე იყოს ანათემა. ვინც ღმრთისგან განშორებულს პატივს მიაგებს, როგორც მოწამეს, ის თვითონაც უნდა იქნას განშორებული ღმრთისგან".

მიუხედავად იმისა, რომ მწვალებლის მიმართ დაუფარავი სიმპათიის გამო იოანე (ვვალერ) გოგნაძეს არქიეპისკოპოსის მხრიდან პირად მიმოწერაში მიეცა მკაცრი შენიშვნა (როგორც მოძღვარს არქიეპისკოპოსს ამისი სრული უფლება გააჩნია) და ემცნო, რომ მოძღვარი მისგან ელოდა სინანულს ამ საქციელის გამო. სანაცვლოდ იოანე (ვალერი) გოგნაძემ რამოდენიმე საათში გამოაქვეყნა იმავე მწვალებლის წერილი საკუთარი ეკლესიის შესახებ, სადაც ის მიმართავს თავის მრევლს და გაძლიერებისკენ მოუწოდებს. ეს უკვე აშკარად სასულიერო ღვაწლის გამომხატველი მიმართვაა, რომელიც მით უფრო არ უნდა გაეპიარებინა ძველმართლმადიდებელ ქრისტიანს. ამის გამო, ჩვენი ეკლესიის მედავითნემ, დავით გურგენაშვილმა მას დაუსვა შეკითხვა თუ რომელ ეკლესიას განაკუთვნებდა თავს იოანე (ვალერი) გოგნაძე, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. ვ. გოგნაძემ არ გამოხატა თავისი ძველმართლმადიდებლობა და კითხვა უპასუხოდ დატოვა. მეტიც, ამის შემდეგ მან კიდევ გააპიარა მორიგი, ნახევრად გაპარსული ბლანჟეიანი "პატრიოტი მღვდელი" გრიგოლ ფერაძე, გააპიარა ვიდეო, სადაც მის დამსახურებებზეა ლაპარაკი და მის მოწამეობაზე ნაცისტთა საკონცენტრაციო ბანაკში.

პატრიოტიზმის მომიზეზებით მწვალებელთა გაპიარება შეიცავს ორ დარღვევას:

1) პატრიოტული ღვაწლი მწვალებელს ავტორიტეტს ვერ შესძენს სარწმუნოებრივ საკითხებში და მართლმადიდებელთა მიერ მათი გაპიარება საცთურის შემცველია, რადგან მწვალებელი, თუ ის ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიას არ შემოერთებია, მაინც მწვალებლად რჩება;

2) ჭეშმარიტი პატრიოტიზმი მართლმადიდებლობაში მოიაზრება ზეციურ სამშობლოსთან მიმართებაში, რომელსაც მწვალებელი (მითუმეტეს გარდაცვლილი) სრულიად მოწყვეტილია. ამიტომაც, ამგვარი "პატრიოტების" გაპიარება ორმაგი საცთურის შემცველია და მართლმადიდებელ ქრისტიანთა დამაბნეველია.

მწვალებელ პატრიოტთა და მოწამეთა მიმართ ამგვარი განურჩევლობა იყო მიზეზი იმისა, რომ მრავალი მართლმადიდებელი ქრისტიანი მათ საფლავებზე დაიარებოდა და მათგან სასწაულებრივ განკურნებასაც კი ელოდა, რაც მკაცრად დაგმო ლაოდიკიის კრებამ (იხ. ამ კრების მე-9 და 34-ე კანონები).

ამ ვითარების გამო იოანე (ვალერი) გოგნაძის ძველმართლმადიდებლურობა ეჭვქვეშ დადგა და ეკლესიის ერთ-ერთ გასულ საკვირაო სხდომაზე მოეთხოვა მას დაეგმო ხსენებული ახალმოწესე მწვალებლები, რაც მან გააკეთა, მაგრამ, როგორც ჩანს ფორმალურად.

საქმე იმაშია, რომ ვ. გოგნაძე შინაგანად არ დათანხმებია ეკლესიის მოთხოვნას შეენანა მწვალებელთა გაპიარება და მიტევება ეთხოვა ეკლესიისთვის. მეტიც, თურმე მან გულში ბოღმა ჩაიდო და ხელსაყრელ დროს დაელოდა, რათა თავს დასხმოდა ეკლესიის არქიეპისკოპოს პავლეს და მით, სამაგიერო გადაეხადა მისთვის მწვალებელი კათალიკოსის ანათემირებისთვის. ვ. გოგნაძის აზრით ასეთი შესაძლებლობა მას მიეცა 23 ნოემბერს, წმიდა გიორგის ხსენების დღეს.

არქიეპისკოპოსმა პავლემ, როგორც ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მწყემსმთავარმა, ხსენებული დღესასწაული ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს მივულოცა, თუმცა მილოცვაში გამოყენებული იყო მხოლოდ სიტყვა "ყველას", დაკონკრეტების გარეშე. იოანე (ვალერი) გოგნაძემ ჩათვალა, რომ ქრისტიანული დღესასწაულები ყველასთვის მილოცვა მძიმე დარღვევაა, რადგან ყველაში იგულისხმებიან ერეტიკოსებიც, წარმართებიც და იუდეველებიც. მან სოციალურ ქსელში დაიწყო არქიეპისკოპოსის ამ მილოცვის საჯარო (ვიმეორებ საჯარო) კრიტიკა, რაზეც მწყემსმთავარს სულიერი შვილები გამოეხმაურნენ და ვ. გოგნაძეს განუმარტეს კიდეც სიტყვა "ყველას" მნიშვნელობა და კორექტულობისკენ მოუწოდეს.

ამისკენ მოუწოდა მას არქიეპისკოპოსმაც და სთხოვა შეეწყვიტა დავა ამ თემაზე, რათა საკითხის განხილვა ეკლესიაში გაგრძელებულიყო და არა საჯარო სირვცეში. იოანე (ვალერი) გოგნაძე ამ მოთხოვნას არ დაემორჩილა და არქიეპისკოპოსის მიერ გამოყენებულ სიტყვაზე ("ყველას") პასუხი ეკლესიის წევრს ლალი ჩოჩიშვილს მოსთხოვა.

მაშინ ვ. გოგნაძეს მიეცა განმარტება, თუ რას ნიშნავს ქრისტიანული, მართლმადიდებლური დღესასწაული, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის დღესასწაულები საყოველთაოა, რადგან ისინი აღბეჭდილნი არიან ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლით, რომლის მიერაც მთელ კაცობრიობას, მთელ სამყაროს მიეცა დიდი წყალობა. დამოწმებულ იქნა წმ. იოანე ოქროპირი, რომელიც თავის სააღდგომო ეპისტოლეებში აღნიშნავს აღდგომის დღესასწაულის საყოველთაოობას და მნიშვნელობას ნებისმიერი ადამიანისთვის. მისი თქმით: პასექის დღესასწაული "არა მხოლოდ მიწის ბინადართა დღესასწაულია, მას ზეცაშიც ზეიმობენ, სიხარულია დედამიწაზე! სიხარულია ზეცაშიც! და თუ ერთი ცოდვილის ღვთისკენ მოქცევას უდიდესი სიხარული ახლავს ჩვენშიც და ზეცაშიც, მით უფრო მეტია სიხარული დღეს, როდესაც მთელმა სამყარომ დააღწია თავი ეშმაკის კლანჭებს. დღეს ზეიმობენ ანგელოზნი, დღეს ხარობენ მთავარანგელოზნი, ზეიმი აქვთ ქერუბიმებსა და სერაბიმებს". თავის სააღდგომო ჰომილიაშიც ულოცავს ყველას წმიდა იოანე ოქროპირი ამ დღესასწაულთა დღესასწაულს.

სრულიად მართლმადიდებლური მილოცვის გამო არქიეპისკოპოს პავლეზე თავისი საჯარო თავდასხმით ვ. გოგნაძემ დაამცირა არქიეპისკოპოსის ღირსება და საკამათო გახადა ის, რაც არავისთვის იყო და არც არის საკამათო. ვ. გოგნაძის საჯარო აურზაურმა გამოიწვია ის, რომ საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი და რიგითი ქრისტიანები გახდნენ მწვალებელთა, არაძველმართლმადიდებელთა განსჯისა და გაქილიკების საგანი. ასე, მაგალითად, ერთმა ქალბატონმა ვ. გოგნაძის მიერ ატეხილ მთელ აურზაურს და ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წევრთა პასუხებს მისდამი "ენერგიის უაზრო ფლანგვა" უწოდა და სხვა უფრო შესაფერის ადგილას მისი გახარჯვისკენ მოუწოდა.

მეტიც, ვ. გოგნაძეს გამოესარჩლა ვინმე "საღვთო სჯული" (ჩვენი ეჭვით ეს თვით ვ. გოგნაძეა, ოღოდნ სხვა ნიკით (ანუ სახელით)), რომელმაც პირდაპირ დააკნინა არქიეპისკოპოსის წოდება და გამოაცხადა ის "არაკომპეტენტურად", ქრისტიანთა სამართლიან აღშფოთებას კი "ბოროტთა საზოგადოება" უწოდა (არსებობს ამისი დამადასტურებელი ფოტომასალა).

გამომდინარე ყოველივე აქედან, იოანე (ვალერი) გოგნაძე უნდა დაექვემდებაროს მწვალებლებთან ურთიერთობისთვის დაწესებულ მკაცრ კანონებს. მითუმეტეს ამას გვავალდებულებს სარდიკიის კრების 20-ე კანონი, რომელიც ბრძანებს (ამონაწერი): "ღავდენტიოს ეპისკოპოსმა თქვა: ეს, რაც შესაფერისად, ჯეროვნად და საცხოვნებლად დაადგინეთ თქვენ, ღმრთისა და კაცთათვის სათნო მღვდელმა, თავის ძალასა და სიმტკიცეს ვერ აჩვენებს, თუ არ დაშინდებიან გამოსული დადგენილებების დამრღვევნი..."

სარდიკიის მე-20 კანონს კომენტატორები ნათლად განგვიმარტავენ და მღვდელმსახურთა პასუხისმგებლობაზე მიგვანიშნებენ.

წმიდა მამები და სჯულის კომენტატორები უცილობელ პირობად გვიყენებენ, რომ პრაქტიკაში ავამოქმედოთ სულის მაცხოვნებელი კანონები, რათა ჩვენს მიერ დაშვებული თუნდაც ერთი დაუსჯელობის პრეცედენტით დანაშაული არ გავუადვილოთ ვინმეს და ამგვარი დანაშაულისკენ არ ვუბიძგოთ მრავალს. ე. ი. არ ვავნოთ სამწყსოს. სწორედ კანონის ამოქმედების პასუხისმგებლობაზე მიგვანიშნებენ კომენტარები შემდეგ ციტატებში:
"თუკი ამ დადგენილებას არ მოსდევს დასჯისა და ეპითიმიის შიში" - ეს კანონი ქმედითუნარიან და მაცხოვნებელ ძალას იძენს დამნაშავეთა დასჯის შემთხვევაში, რამეთუ "კანონთა დამრღვევთ ჰქონდეთ შიში ეპითიმიისა" და ამ შიშმა აღკვეთოს მათში ამპარტავნებით აღძრული დანაშაულის ჩადენის სურვილი. ამიტომ, სამღვდელოებას შეაგონებენ - თუ ისინი "თავის ძალასა და სიმტკიცეს არ აჩვენებენ, თუ არ დაშინდება დანაშაულის ჩამდენი..." დაუსჯელობა საცთურად იქცევა მრავალთათვის.

სწორედ ეს პასუხისმგებლობა მაიძულებს დღეს მეც, როგორც არქიეპისკოპოსს, დამნაშავეთა მიმართ გამოვიყენო ღმრთისგან ბოძებული ეპითემიის დადების ძალაუფლება, რათა დაუსჯელობით არ ვაცთუნო სხვები და მომავალში ეკლესიას ზიანი არ მივაყენო.

ზემორე კანონი (სარდიკიის მე-20) გარკვევით მიუთითებს სხვა გარემოებებზეც, რომელიც დასჯის საბაბად იქცევა. კერძოდ: ურცხვობით, უპატიოსნობით გამქილიკებელი - "ერთეულთა ურცხვობით დიდი და პატიოსანი სახელი მღვდლობისა მრავალთაგან განსჯისა და განკითხვის საგანი ხდება" (სარდიკიის 21-ე კანონი. ზონარას განმარტება).

ამრიგად, საეკლესიო პირები ვალდებულნი არიან მკაცრად დასაჯონ საეკლესიო დადგენილებათა დამრღვევნი.

ამგვარი მოქმედებისკენ მოგვიწოდებენ ცალკეული წმიდა მამებიც, მაგალითად, ღირ. ისიდორე პელუსიელი ბრძანებს:

"ეპისკოპოსმა თვით საკუთარი სახელწოდებიდან უნდა გულისხმაჰყოს თავისი მოვალეობა. მას მართებს ფზიხლად ადევნოს თვალი აშკარა და უხილავ მხეცთა შემოსევას, ეკლესიის წევრთა დაუდევრობას, სიზარმაცეს ბერ-მონაზვნებში, უსამართლო ადამიანთა ძალადობას, ქვრივთა საქმეებში წარუმატებლობას, ობოლთა სიღატაკეს, საკურთხევლის მსახურთა საეჭვო საქციელს, მომსახურეთა არაკეთილ განწყობას, ახალგაზრდათა ცუდ ქცევებს, ხანდაზმულთა ბოროტგანზრახულობას - ერთი სიტყვით, უნდა იყოს თვალი ეკლესიისა, რომელიც ყველაფერს ხედავს და არაფერს უშვებს მხედველობის არიდან ისეთს, რაზეც, თუკი ამ ყოველივეს დაიზარებს, არა მარტო თვითონ დაისჯება, არამედ მასთან ერთად მთელი ეკლესიაც. ხოლო თვით ეპისკოპოსი დასჯილ იქნება იმისთვის, რომ უდარდელმა გაბედა ღმრთისმსახურად ყოფნა და ნებაყოფლობით, მეტიც, უგუნურებით იყიდა თავისთვის ამგვარი საქმე; სხვები კი დაისჯებიან იმისთვის, რომ ამგვარ უღირს ადამიანს უბოძეს მღვდლობა" (О епископах и епископском служении. 149. Епископу Трибуниану).

ამრიგად, როგორც ეს დამოწმებული მაგალითებიდან ცხადყოფილია, იოანე (ვალერი) გოგნაძე, შეურაცხყოფს მთელს ეკლესიას, რაც გამოიხატება საკუთარი მცდარი შეხედულების დაცვასა და ძველმართლმადიდებელ კლერისკოსებთან თუ რიგით ქრისტიანებთან საჯარო კინკლაობაში, ასევე იმითაც, რომ საკითხთა ყალბი განმარტებით, წმიდა წერილისა და წმიდა სჯულისკანონის ყალბი ინტერპრეტაციით, საქმე ისე წარმოაჩინა, თითქოდა არქიეპისკოპოსი პავლე ეკლესიაში ამკვიდრებდეს რაიმე ცთომილებას. მაშინ როდესაც, თვითონ აკნინკებს მართლმადიდებლურ დღესასწაულებთან დაკავშირებულ სწავლებას, თვითონაც ულოცავს "ყველა" მართლმადიდებელს საერთო საეკლესიო დღესასწაულებს, სხვა არაძველმართლმადიდებელთაგანაც იღებს მოლოცვებს და ეჭვ ქვეშ აყენებს ყველა ადამიანისთვის ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლის საყოველთაოობას, ხოლო აქედან გამომდინარე, საეჭვოს ხდის საეკლესიო საუფლო დღესასწაულთა საყოველთაო დანიშნულებასაც. ამგვარი გამოხდომა ჩვენს მიერ შეფასებულია მწვალებლობად.

ამდენად, ზემოთმოტანილი ფაქტებიდან გამომდინარე ცხადყოფილია, რომ ვ. გოგნაძის გამოხდომა ჩვენს წინააღმდეგ არის მწვალებლური კადნიერების, ცილისწამისა და არქიეპისკოპოსის ღირსების დაკნინების შემცველი ქმედება.

ვ. გოგნაძეს ეკუთვნის სასჯელი, რაც ყველაზე მკაფიოდ და ცხადად არის გამოთქმული ნომოკანონის 121-ე განწესებაში: "უბრალო კაცი არ უნდა ამუნათებდეს (საყვედურობდეს) მღვდელმსახურს, ან რაიმეს უკრძალავდეს მას, ან ლანძღავდეს, ან ცილს სწამებდეს, ან კიდევ პირისპირ ამხელდეს. თუ ვინმე ერისკაცთაგან ამგვარს მოიმოქმედებს რასმე, მართალიც რომ იყოს გადაეცეს ანათემას და განიდევნოს ეკლესიიდან. მოკვეთილ იქნეს ის წმიდა სამებას და დაიმკვიდროს მან იუდას ადგილი ტარტაროზში. რადგან ნათქვამია, "შენი ერის მთავარს ნუ შეურაცხყოფ" (ნომოკანონი. განწესება 121).

ჩემთვის მოცემული სამღვდელმთავრო ძალაუფლებიდან გამომდინარე და ნომოკანონის 121 კანონზე დაფუძნებით, ვ. გოგნაძე სრულიად უნდა იქნას მოკვეთილი ეკლესიიდან, ანუ გადაეცეს ანათემას! "მოკვეთილ იქნას ის წმიდა სამებას და იუდას ადგილი დაიკავოს ტარტაროზში, რადგან "უფლის ერის მთავრებს შეურაცხყოფა მიაყენა"" (დიდი კურთხევანი. ნომოკანონი. განწესება 121-ე).

ანათემაზე იოანე (ვალერი) გოგნაძის გადაცემისას ასევე გათვალისწინებულ იქნა:

1) წმიდა წერილის თვითნებური განმარტებებით არქიეპისკოპოს პავლეს და ეკლესიის მრევლის საჯარო, უსამართლო კრიტიკა, მათი ურთიერთ წაკიდების მცდელობა და წვერთან და დღესასწაულებთან დაკავშირებული თავისი მწვალებლური შეხედულებების გავრცელება ეკლესიის წიაღში.

2) წმ. წერილისა და წმ. დიდი სჯულისკანონის ყალბი განმარტება.

3) მართლმადიდებელი არქიეპისკოპოსის წინააღმდეგ მწვალებლების მოხმობა.

გამომდინარე აქედან, ვ. გოგნაძის სინანულის შემთხვევაში, დადგინდეს მისი ეკლესიაში მიღების წესი, კერძოდ:

ეკლესიაში ვ. გოგნაძის მიღება უნდა მოხდეს მისი ჯეროვანი სინანულის შემდეგ, ასევე წერილობითი აღიარებით, რომ მან:

1) არასწორად, საკუთარი შეხედულებისამებრ განმარტა წმიდა წერილის ადგილები და საეკლესიო დადგენილებები;

2) უარჰყო მის მიერ ეკლესიაში წარმოთქმული ანათემატიზმას წვერ-ულვაშის შეკვეცა-გაპარსვასთან დაკავშირებით და აქტიურად ეწეოდა წვერის შეკვეცის პროპაგანდას ეკლესიის მრევლში.

3) ყურად არ იღო მოწოდება დმორჩილებოდა არქიეპისკოპოსის მოთხოვნას ეღიარებინა საეკლესიო გადმოცემა და მოეშვა წვერი, რის გამოც სამართლიანად იქნა განკვეთილ მართალებთან თანაზიარობისგან და დაყენებულ იქნა კათაკმეველთა სადგომში;

გარდა ამისა, იოანე (ვალერი) გოგნაძე:

4) პოპულარიზაციას უწევდა სქიზმატ და მწვალებელ სასულიერო პირებს და პირდაპირ დაუმორჩილებლობას უცხადებდა არქიეპისკოპოს პავლეს; მიიჩნევდა, რომ თავის მოქმედებებში სრულიად თავისუფალია და არაფერს უთანხმებდა მწყემსმთავართან, რითაც არღვევდა VI მსოფლიო კრების 64-ე კანონს.

5) დააკნინა არქიეპისკოპოს პავლეს ღირსება მით, რომ საეჭვო გახადა მისი სადღესასწაულო მილოცვა, თან საჯაროდ.

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე ვადგენთ: ვ. გოგნაძის ეკლესიისკენ მობრუნების შემთხვევაში აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ზემოთაღნიშნული ვითარებები.

1. ვ. გოგნაძეს წერილობითი დადასტურებით უნდა მოეთხოვოს საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიისა და მისი იერარქების ავტორიტეტის აღიარება, რაც გამოხატულ უნდა იქნას მათდამი სრულ, საეკლესიო მორჩილებაში;

2. სოციალურ ქსელ "ფეისბუკში", საკუთარ გვერდზე (თუკი იმ მომენტისთვის ამისი შესაძლებლობა იქნება) ბოდიში მოიხადოს არქიეპისკოპოს პავლესა და ეკლესიის წინაშე და აღიაროს თავისი კადნიერი მოქმედება;

მან ასევე უნდა დადოს პირობა, რომ:

3. უსაფუძვლოდ, წინასწარ საკრებო განხილვის გარეშე არ შეაშფოთებს სულიერ მოძღვრებს თავისი გამოხდომებით და შეწყვეტს საჯარო ვიდეო და წერილობით ქადაგებებს, რომლის უფლება ერისკაცს არ გააჩნია.

4. უნდა დაგმოს წვერის შეკვეცა-გაპარსვის გარყვნილი ჩვეულება და უარყოს ადრინდელი თავისი შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირებით;

5. პატიება სთხოვოს ეკლესიას მღვდელმთავრისა და ეკლესიის წევრთათვის საჯაროდ მიყენებული დამცირებისთვის და მორჩილად აიღოს განსაზღვრული ეპითიმია. წინააღმდეგ შემთხვევაში ვ. გოგნაძე საეკლესიო ერთობაში შეწყნარებული არ იქნება.

გარდა ამისა, მოქცევის შემთხვევაში ვ. გოგნაძე უნდა დაექვემდებაროს მძიმე შემცოდეთათვის დაწესებულ ეტაპობრივ მკურნალობას. განესაზღვროს მას შეტირილში, მსმენელობაში და შევრდომაში ყოფნის ვადები, რომლის შემდეგაც მიეცემა მას თანამდგომარეებთან დგომის უფლება ზიარების გარეშე. ზიარებას კი ის მიიღებს ჯეროვანი სინანულის ჩვენების შემდეგ, სჯულისკანონით დადგენილი საეკლესიო ეპითიმიების შესაბამისად.

თბილისი. წმიდა დიდმოწამე ირინეს სახელობის სამლოცველო. ძვ. საეკლესიო სტილით 18 ნოემბერი (ახ. სამოქალაქო სტილით - 1 დეკემბერი).
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому