აპოლოგეტიკა - ვიდრე ჰხუალ... მორწმუნეო_დანართი_1 - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
არქიეპისკოპოსი პავლე

ვიდრე ჰხუალ... მორწმუნეო?

საღვთისმეტყველო დიალოგი ალმანახ "ივერიის გაბრწყინებასთან" (დიალოგი I)
ძველმართლმადიდებლური ლიტურგია


დანართი 1

ჭეშმარიტების საძიებლად და არა ერთურთის დასამარცხებლად

ქართველ მორწმუნე საზოგადოებას უკვე ეუწყა იმ საღვთისმეტყველო დისპუტის შესახებ, რომელიც დაიწყო გაზეთ „ივერიის გაბრწყინების“ რედაქციასა და ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შორის. იგი ამ გაზეთის და ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ბიულეტენის, მართლმადიდებელის“-ს ფურცელზე გაიმართება. „ივერიის გაბრწყინების“ 1998 წლის მე-3 (24) ნომერში რედაქციის ხელმოწერით დასტამბულია წერილი „დისპუტის წინაპირობა“, სადაც ავტორები აცხადებენ, რომ მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდებიან ჩვენთან, ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებთან კამათს, თუ გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას ქართული ძველმართლმადიდებლური ეკლესიის პირველიერარქის, მეუფე იონას (ერისკაცობაში მურთახ-იოანე ჩახავას) წიგნისადმი „რა უნდა ვაკეთოთ“ (ვფიქრობთ, „დისპუტის წინაპირობის“ ავტორები საკმაოდ ზერელედ გაცნობიან ამ წიგნს და იქ მხოლოდ მათთვის სასარგებლო მასალები შეუმჩნევიათ, რაც იქიდანაც დასტურდება, რომ მეუფე იონას წიგნის სათაურიც კი წერილში ყველგან შეცდმით - „რა ვაკეთოთ“ არის დაფიქსირებული). როგორც წერილის ავტორები აცხადებენ, ჩვენი ამ წიგნისადმი დამოკიდებულების გამჟღავნებით მათ შესაძლებლობა მიეცემათ, განსაზღვრონ „სქიზმატიკოსები ვართ თუ სექტანტი ერეტიკოსები“. ამ პირობას კი გვიყენებენ, მაგრამ პასუხს აღარ ელოდებიან და, ჩვენს ერეტიკულობაში ღრმად დარწმუნებულნი, მიზნად ისახავენ ენერგიულად იბრძოლონ „ამ ერესის დარღვევისათვის“. მათი აზრით, ქართველი ძველმართლმადიდებლები იმდენად დაშორდნენ თავიანთ წინაპრების პირვანდელ სტატუსს, რომ „რასკოლნიკებად“ ანუ სქიზმატებად არანაირად აღარ მოიაზრებიან და უკვე ღრმა ერეტიკოსებად წარმოდგებიან“.

ოპონენტები რუსი „სტაროვერების“ – კონფესიური მართლმადიდებლებისგან განსხვავებით რატომღაც სექტანტებს გვიწოდებენ და ირწმუნებიან – მეუფე იონას წიგნს „რა უნდა ვაკეთოთ“ სარწმუნოებრივი აღსარების სტატუსს ანიჭებთო.

ჩვენი ვინაობის ამგვარი წარდგინების შემდეგ, რაც, უეჭველია, მკითხველის ფსიქოლოგიური განწყობის შესაქმნელად კეთდება, „ივერიის გაბრწყინების“ რედაქცია (ალბათ, ჩვენს „ერეტიკულობაზე“ უკვე მიწოდებული ინფორმაციის გასაძლიერებლად) ეპისკოპოს იონას წიგნიდან განიხილავს მართლაცდა მეტად დასანან ცთომილებებს.

რადგან ოპონენტები დისპუტის წინაპირობად და ჩვენი ეკლესიის სტატუსის განსაზღვრისათვის ამ ნაშრომისადმი ჩვენი დამოკიდებულების დაფიქსირებას ითხოვენ, ოფიციალურად ვაცხადებთ: არ ვიზიარებთ ეპისკოპოს იონას მიერ ზემოთხსენებულ ნაშრომში გამოთქმულ არც ერთ მცდარ გამონათქვამსა და განმარტებას.

ახლა იმ ბრალდებებზე, რომელთაც „დისპუტის წინაპირობის“ ავტორები გვიყენებენ. ჩვენი ეკლესიისაგან საკმაოდ შორს მდგომ და მის შინა ცხოვრებაში ჩაუხედავ პიროვნებათაგან ისეთი ბრალდების წამოყენება, რომლის თანახმადაც თურმე ზემოთხსენებულ წიგნს ჩვენში „სარწმუნოებრივი აღსარების სტატუსი ენიჭება“, მეტისმეტი სითამამეა, რადგან ამისი არავითარი საფუძველი არ არსებობს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეპისკოპოს იონას წიგნს „რა უნდა ვაკეთოთ“ ქართული ძველმართლმდადიდებლური ეკლესიისათვის არასოდეს ჰქონია სარწმუნოებრივი აღსარების სტატუსი! ეს მტკიცება ერთგვარად შეურაცხმყოფელიც კია, რამეთუ ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ ქრისტეს და არა მეუფე იონას სწავლების მიმდევრები. ჩვენთვის სწავლა-მოძღვრებითი და აღმსარებლობითი სტატუსი აქვს სულიწმიდით განბრძნობილ წმიდა მამათა სწავლა-დადგინებებს და არა ჩვენი პირველიერარქის ნაშრომს, მით უფრო, ამ ნაშრომში დაშვებულ ცთომილებებს.

ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში ეს წიგნი აღიქმება, როგორც ერთი კონკრეტული პიროვნების ნააზრევი და შეუძლებელია მას ზოგადასაეკლესიო სწავლების სტატუსი გააჩნდეს.

მთელი ეკლესიის დადანაშაულება ამა თუ იმ ერესში მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც ის ერეტიკულ მოსაზრებას სრულიად გაითავისებს. ასეთია, მაგალითად, პაპისტური (ე.წ. „კათოლიკრი“) ეკლესია, სადაც ერეტიკოსი პაპებისა და კარდინალების ცთომილი სწავლებანი თითოეული კათოლიკეს აღმსარებლობაა, მაგრამ, რაც შეეხება ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას, მის დიდ ნაწილს ამ წიგნში გამოთქმულ ცთომილებაზე წარმოდგენაც კი არა აქვს, განსაკუთრებით მის არაქართველ წევრებს, რომლებიც ქართულის უცოდინრობის გამო ამ წიგნს ვერ ეცნობიან.

ასე, რომ ოპონენტთა მონდომება, ერეტიკულად წარმოადგინონ ჩვენი ეკლესია, ხოლო მისი წევრები უკვე მხილებულ მწვალებლებად – სურვილი უფროა, ვიდრე რეალობა. იგივე უნდა ითქვას ხიბლის შესახებ. მთელი ეკლესია რომ მოხიბლულად გამოცხადდეს, უნდა დავადასტუროთ, რომ მისი ყველა წევრი ამგვარ სულიერ მდგომარეობაშია (ამის კლასიკური მაგალითებია წარსულში მონტანისტების დაჯგუფება, ხოლო დღეისათვის ორმოცდაათიანელთა სექტა. მათი ხიბლი ქარიზმატული „ნიჭების“ მისაღებად გამიზნულ ექსტატიურ ქმედებებში გამოიხატება). ასე, რომ სრულიად გაუგებარია, რა მოტივით აცხადებენ ოპონენტები ჩვენს კონფესიას „მოხიბლულად“. აქვე გვინდა განვაცხადოთ, რომ კარგა ხანია ვმუშაობთ ჩვენი პირველიერარქის დასახელებულ ნაშრომში მოხვედრილ მწვალებლურ გამონათქვამთა უარსაყოფად და მათი ერეტიკულობის წარმოსაჩენად. დღეისათვის უკვე მზადაა მასალები, რომელთა მეშვეობითაც შევეცდებით უმთავრესი და უმძიმესი ცთომილებების უარყოფას და რომლებიც ძველმართლმადიდებლური ეკლესიის უახლოეს გაერთიანებულ კრებაზე იქნება წარმოდგენილი და განხილული.

ამავე დროს, ჩვენს ბიულეტენში „მართლმადიდებელი“ რეგულარულად განიხილება ის სწავლებანი, რომლებიც მართლმადიდებლური ეკლესიისათვის არასოდეს ყოფილა მისაღები, რითაც ამა თუ იმ სადავო ან აშკარად ერეტიკული საკითხისადმი ჩვენს შეხედულებებს ვაფიქსირებთ; მათ შორის არის მეუფე იონას წიგნში გამოთქმული ზოგიერთი მოსაზრების კრიტიკა ან სრული უარყოფაც. თვით მეუფე იონა გაგებით უდგება ამგვარ დამოკიდებულებას და მზად არის, რომელიმე მოაზრების ცთომილების დამტკიცების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიიღოს ჩვენი შენიშვნები, რათა წიგნის მეორე გამოცემაში გაასწოროს ისინი. ეს გარემოება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ეპისკოპოსის ერეტიკოსად გამოცხადების უფლებას არავის აძლევს. ეს მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, თუკი ჩვენი პირველიერარქი, წარმოდგენილი მტკიცებების მიუხედავად, ჯიუტად იდგებოდა თავის პოზიციაზე და აშკარად მამხილებელ წყაროებს არ დაეთანხმებოდა. ამგვარად, მართალია, ჩვენი ეკლესიის პირველიერარქის წიგნში არის ერეტიკული ცთომილებები, თვით იერარქი მართლაღმსარებლობას ინარჩუნებს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ამ 800-გვერდიან წიგნში ბევრი რამ საგულისხმოა და მათ შორის უპირველესად მიგვაჩნია ოფიციალური ეკლესიის უღვთოებისა და მასონური უსჯულოების მხილება. ასე, რომ თუ „ივერიის გაბრწყინების“ რედაქცია“ერეტიკოსების“ და „სექტანტების“ ყადაღად არ მოაცილებს ძველმორწმუნე ქრისტეანთ, უფლებას ვიტოვებთ, დავეჭვდეთ მათ კეთილსინდისიერებასა და ობიექტურობაში. საქმე იმაშია, რომ ჩვენს კონფესიას, ძველ, მართლმადიდებლურ დოგმატურ ღვთისმეტყველებაში (საეკლესიო წეს-ჩვეულებებზე აღარაფერს ვამბობთ) არავითარი ცვლილება არ განუცდია, მას არ დაუმკვიდრებია არავითარი ახალი სწავლება და ოდენ წმიდა მოციქულთა, წმიდა მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა და წმიდა და ღმერთშემოსილ მამათა სწავლებაზეა დაფუძნებული. თუ ვინმე ასეთ ეკლესიას ერეტიკულად შერაცხავს, იგი შეურაცხჰყოფს მამათა სწავლებას; ამგვარად მოაზროვნეთა ქმედება კი შეფასდება, როგორც სულიწმიდის გმობა და უმძიმესი ერესი.

გვესმის, რომ მრავალწლოვანმა დაძაბულმა დავამ ერთგვარად დამუხტა ატმოსფერო ჩვენს კონფესიებს შორის და ერთობ ნაჩქარევი დაკვნები გამოგატანინათ. ერეტიკული ეკლეზიოლოგია თქვენს პუბლიკაციებშიც შეიმჩნევა, მაგრამ ჯერ-ჯერობით (რადგანაც თქვენთან პოლემიკის შანსი გვეძლევა) არ ვჩქარობთ და, მართლმადიდებლობისკენ თქვენი მოქცევის იმედით, ამ შეცდომაზე არ გამოგეკიდებით. შეცდომებისაგან არავინაა დაზღვეული.

თქვენ ბრძანეთ, რომ გიყვართ თავისი ზუსტი სახელი უწოდოთ საგნებს, - ეს კარგია, მაგრამ ჩვენთვის გაუგებარი რჩება, რატომ არის სიტყვა „სექტა“ ქართველ ძველმართლმადიდებელთა „ზუსტი სახელი?“ ეჭვს გამოვთქვამ, რომ ესეც მკითხველის წინასწარი იდეოლოგიური „დამუშავების“, მასზე ფსოქოლოგიური ზემოქმედების სურვილით არის ნაკარნახევი.

სექტა, სექტორი, სექცია ერთი და იგივე სიტყვიდან იწარმოება და მთელის ნაწილს აღნიშნავს. სიტყვა „სექტა“-დან არის ნაწარმოები „სექტორიც“, რაც მთლიანი ნაგებობის ან სივრცის რაღაც ნაწილს გულისხმობს. მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლების მთლიანობა შეიძლება წარმოვიდგინოთ იმ შენობად, რომლის მხოლოდ ერთ მცირე ნაწილს ჩაბღაუჭებია სექტა. ამ თვალსაზრისით ყველა სექტანტური სწავლება ამ მთლიანი შენობის ერთ ნაწილს ცნობს. ბაპტისტები, იეღოვისტები, ორმოცდაათიანელები.. მართლმადიდებლური სწავლების ერთ რომელიმე ნაწილს აღიარებენ (მაგ. წმ სამებას, პრესვიტერიუმს, ძველ და ახალ აღთქმას, ზოგიერთ საეკლესიო საიდუმლოს), მაგრამ ამ სწავლების მთლიანობაში კი არა, არამედ მისგან მოწყვეტით. ასე, რომ შეიძლება ითქვას, ისინი ჭეშმარიტი ქრისტეანული სწავლების ამა თუ იმ სექტორში იმყოფებიან და ამიტომაც არიან კიდევაც სექტანტები. ამასთან, ნებისმიერი სექტა, როგორც მართლმადიდებლური სწავლების მთლიანობის უარმყოფელი, აუცილებლად ერეტიკულია. არაერეტიკული სექტა არ არსებობს!

ზოგიერთს ქრისტეს მოძღვრებაში შეაქვს საკუთარი სწავლება, რაც ერესად იწოდება. ესენი ერეტიკოსები არიან. ერეტიკოსი შესაძლებელია ჯერ კიდევ არ იყოს სექტანტი. მართლმორწმუნეთაგან მათ საეკლესიო მოძღვრების მთლიანობა კი არ განასხვავებთ (ეს სექტანტთა თვისებაა), არამედ საერთო აღმსარებლობით საკითხთა მათებური ინტერპრეტაცია. ისინი ამახინჯებენ ქრისტეანულ მოძღვრებას, მეტიც, ზოგჯერ „ავსებენ“ მას ახალ-ახალი მოძღვრებებით (მაგ. პაპისტური სწავლებანი რომის პაპის პრიმატზე, ე.წ. „ზედმეტი დამსახურებების“, განსაწმენდელის და სხვათა შესახებ). სექტანტურ და კონფესიონალურ ერესებს შორის განსხვავებისთვის საკმაოდ კარგად და მოსწრებულად ბრძანებს მღვდელმსახური: „ვფიქრობ, რომ კათოლიციზმში ბევრად უფრო მეტია ტყუილი, ხოლო პროტესტანტიზმში ბევრად უფრო ნაკლებია სიმართლე. პროტესტანტიზმს ბევრი რამ არ ჰყოფნის (მართალი სწავლებიდან – არქიეპ.პ.), მაშინ როდესაც კათოლიციზმში ბევრი რამაა შერყვნილი“ (Антоний Митр. Сурожский. «О встречи» СПБ 1994 с. 84 цит. Диакон Андрей Кураев. «Традиция, догмат, обряд.» Москва-Клин 1995 г.с. 147).

ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას კიდევაც რომ გაეთავისებინა მეუფე იონას ცთომილებები, შეუძლებელი იქნებოდა “სექტა” გეწოდებიანთ მისთვის, რამეთუ ამ შემთხვევაში მთლიანი, საეკლესიო სწავლების უარყოფასთან და მისი რომელიმე ნაწილის აღიარებასთან, ანუ ნაკლოვან მოძღვრებასთან კი არ გვექნებოდა საქმე, არამედ ამა თუ იმ დოგმატური საკითხის არასწორ გაგებასთან, რაც ჭეშმარიტად იქნებოდა კიდეც ერესი. ასეთ შემთხვევაში ჩვენი ეკლესია იქნებოდა ერეტიკული, მაგრამ არა სექტანტური.

ამავე მიზეზით შეუძლებელია „ბეზპოპოვცებთან“ ჩვენი შედარება. მეტიც, მე თუ მკითხავთ, მათ საერთოდ აღარ შეიძლება ძველმორწმუნეებიც (Староверы) კი ეწოდოთ, რამეთუ ძველი სარწმუნოებისაგან თითქმის აღარაფერი შერჩათ.

ასე, რომ სულაც არ არის მოსაწონი, როცა საკუთარი ავტორიტეტის ასამაღლებლად ნაცად ხერხს – მეტოქის დამცირებას მიმართავთ და წერთ, თითქოსდა ჩვენი ღვთისმეტყველება „მშვინვიერ შრეში იწყება და იქვე მთავრდება“. „მშვინვიერი ღვთისმეტყველება“ სწორედ ის არის, როდესაც ადამიანის მსჯელობა საღმრთო საგნებზე პირადი ემოციების ზღვარს ვერ სცილდება. ასე რომ არ იყოს, მაშინ არ გვიწოდებდით არათუ სექტანტებს, არამედ ერტიკოსებსაც კი, რამეთუ ჩვენ ვცნობთ ჭეშმარიტი ქრისტეანულ-მართლმადიდებლური სწავლების მთლიანობას და არავითარ სიახლეს არ ვამკვიდრებთ. აქვე ვსარგებლობ შემთხვევით და ფართო რელიგიური საზოგადოების საყურადღებოდ ვიტყვი, რომ არც ერთი რელიგიური დაჯგუფება, რომელიც ეკუმენიზმის გამო გამოეყო ოფიციალურ საპატრიარქოს ამ ბოლო პერიოდში, ზემოთ დასახელებული მიზეზების გამო, სექტა არ არის! შესაძლებელია მათს ერეტიკულობაზე საუბარი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დამტკიცდება, რომ მათ შეცვალეს ესა თუ ის საეკლესიო სწავლება ან დაამკიდრეს სრულიად ახალი ცთომილებანი.

რაც შეეხება სქიზმას (განხეთქილებას), უნდა ითქვას, რომ სქიზმატურად (თუნდაც ამა თუ იმ ოფიციალურ ან არაოფიციალურ კონფესიასთან მიმართებაში) გამოცხადდება ის მხარე, რომელიც სქიზმის მიზეზია (ეს მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ერეტიკული საეკლესიო წეს-ჩვეულებები, რიტუალები, ასევე დოგმატური და ის საეკლესიო თუ ზნეობრივი ხასიათის უწესივრობანი, რომელთაც, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, დასასრული არ უჩანს). წმ. მამათა თხზულებებში მოიპოვება ამ აზრის დამადასტურებელი მოწმობები; თუ ჩვენი ოპონენტები შეეხებიან ამ თემას, ჩვენც აუცილებლად დავურთავთ სათანადო განმარტებას, აქ კი ზოგადად ვიტყვით, რომ დაუსაბუთებლად არც რომელიმე კონფესიის თუ კონფესიური დაჯგუფების სქიზმატურად გამოცხადებაა შესაძლებელი.

მაშასადამე, საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც თავის სამოციქულო წარმომავლობასა და უბიწოებას ამტკიცებს, „ჯოჯოხეთის ბჭით“ დაუძლეველი ეკლესიაა და არა „სექტა“ ან „განხეთქილების მოქმედი“.

ახლა კი რამდენიმე სიტყვა თვით პოლემიკასა და იმ პირობებზე, რომლებითაც ეს პოლემიკა წარიმართება.

კონკრეტულ პიროვნებასთან, მით უფრო, ადამიანთა ჯგუფთან პოლემიკა ყოველთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა; თუ მთელი საზოგადოების საყურადღებოდ გამოთქმული მოსაზრება ზოგადია, მეტ-ნაკლები ობიექტურობით ხასიათდება და ნაკლებად ემოციურია, კონკრეტული ოპონენტისადმი მიმართული გამოთქმა (დადებითი და ნაყოფიერი ურთიერთობისათვის) ყოველთვის დიდ დაფიქრებას მოითხოვს, რამეთუ აქ ადრესატისადმი აღძრული სიმპათია-ანტიპათია განსაკუთრებული სიცხადით შეიგრძნობა, რასაც, თავის მხრივ, ადამიანის აზროვნებაზე და განსაკუთრებით მასთან განსახილველ და საკამათო საკითხზე ობიექტური ან სუბიექტური ხასიათის ზემოქმედების მოხდენა შეუძლია.

ყოველივე ამის აღნიშვნა იმისთვის გვჭირდება, რომ ხშირად ცალკეულ პიროვნებასა და საზოგადოებაში უკვე მყარად ფესვგადგმულია აზრი, რომელიც საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა, არსობრივად დადებითი და უარყოფითი მოვლენების ზეგავლენით ყალიბდებოდა და საეკლესიო რეცეფციის სახით მიეწოდებოდა (და მიეწოდება) მორწმუნეებს. ამდაგვარად ჩამოყალიბებული (ზოგჯერ სრულიად მცდარი) შეხედულება პოლემიკაში ხშირად ამოსავალ წერტილადაც იქცევა ხოლმე და პოლემისტზე დიდ ზეგავლენას ახდენს, რითაც მეტად ემოციურ და ნეგატიურ დამოკიდებულებას აყალიბებს.

სწორედ ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას ქართველი მორწმუნე საზოგადოება საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან მიმართებაში და ამის დასტურია ქართული პრესის ფურცლებზე ოფიციალური ეკლესიის წარმომადგენელთაგან ჩვენთან (უფრო სწორად, ჩვენს წინააღმდეგ) გამართული პოლემიკის ისტორია – 1989 წლიდან მოყოლებული დღემდე. კრიტიკის საფუძვლად აქ ძირითადად გამოყენებული იყო გაბატონებული რუსული ნიკონიანური საკრებულოს მიერ ე.წ. „სტაროვერებისადმი“ საუკუნეების მანძილზე გამომუშავებული „კრიტერიუმები“, მათდამი კრიტიკული მიდგომის გარეშე.

ძველმართლმადიდებელთა სიმართლის დანახვა შეუძლებელია რუსულ-ნიკონიანური საკრებულოს მიზანმიმართული თავის მართლებისა და ამის საფუძველზე გამომუშავებული ურთიერთგამომრიცხავ არგუმენტებზე დაფუძნებული „კრიტერიუმების“ მიხედვით. ამიტომაც მრავალთათვის ძველმართლმადიდებელთა გაფრთხილებანი დარჩა „ხმად მღაღადებლისად უდაბნოსა შინა“, ხოლო გაბატონებული „ეკლესიის“ არგუმენტაციებს უცთომელობისა და უეჭველობის პრეზუმფცია მიენიჭა. ასეთ ვითარებაში დიალოგი პრაქტიკულად შეუძლებელია.

ასეთ „პოლემისტებთან“ ურთიერთობისას ჩვენი მიზანი მხოლოდ მათი თვალთახედვით დანახულ საკითხთა კრიტიკა არ არის, არამედ მათი შეხედულებების ამოსავალ წერტილებთან შეხება და მათი მართებულობის განსაზღვრაც.

ელემენტარული ლოგიკის მიხედვით მცდარი ამოსავალი შეხედულების ლოგიკური განვითარებაც ცთომილია. შეიძლება ითქვას, რომ ეს ნებისმიერი ერესის მექანიზმიცაა, რამეთუ მცდარი ამოსავალი წერტილიდან გამოყვანილი მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ბოლო უცილობლივ მცდარი დასკვნაა. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს იმ მომენტს, რომ პოლემიკისას გვაინტერესებს არა მოპირისპირე მხარის მიერ შემუშავებული ეკლეზიოლოგიიდან გამომდინარე ლოგიკური დასკვნების განხილვა, არამედ თვით მათი ეკლეზიოლოგია. თუ პოლემიკა განსახილველ საკითხებს ამ გაგებით არ შეეხო, ის არაფრისმომცემ დემაგოგიად გადაიქცევა.

ყოველ საკითხზე მსჯელობა მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ, წმიდა მამათა და მსოფლიო საეკლესიო კრებათა მიერ განმტკიცებულ სწავლებაზე დაფუძნებით უნდა წარიმართოს და არა თანამედროვე სქოლარული ღვთისმეტყველებისა, რომელშიც თვით თანამედროვე ნიკონიანელმა ღვთისმეტყველებმაც კი მართლმადიდებლური სწავლებიდან უამრავი გადახრა შეამჩნიეს.

ჩვენი დისპუტის მიზანი არ არის ოპონენტების „დამარცხება“ ან „განადგურება“, ასეთ შემთხვევაში ჩვენი მსჯელობა თვითმიზნური იქნებოდა, სრულებითაც არ არის გამორიცხული, რომ პოლემიკის დასრულების შემდგომაც ორივე მხარე მაინც თავის შეხედულებათა ერთგული დარჩეს. ჩვენი მიზანია, საკითხებისადმი ობიექტური დამოკიდებულებით საზოგადოებას პრობლემა წარმოვუჩინოთ იმ კუთხით, რომლითაც მას ამ პრობლემისთვის არასოდეს შეუხედავს.

დასასრულ, ორივე (როგორც თქვენი, ასევე ჩვენი ეკლესიის) მხრიდან გამოთქმულ ობიექტურ, საქმიან და კეთილ შენიშვნებს, შეცდომათა ობიექტურ, სამართლიან კრიტიკას მადლობით მივიღებთ.

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის კოლხეთის ეპარქიის
ეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

ბიულეტენი „მართლმადიდებელი“

#4 (15) 1998 წ.

სხვა დანართები იხ. შინაარსი:
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому