უბედურებათა საფუძველი
(მართლმადიდებლობის სიწმიდისათვის მებრძოლთ)
ბორის პავლეს ძე კუტუზოვი - ცნობილი ისტორიკოსი და პუბლიცისტი, ძველმოწესეობის მკვლევარი, მოსკოვის მაცხოვრის სახელობის ტაძრის (ყოფილი სპასო-ანდრონიკოვის ყოფილი მონასტრის) რეგენტი, სადაც მიმდინარეობს ძველრუსული საეკლესიო გალობის აღორძინება. ბ. პ. კუტუზოვს ახასიათებს ისტორიის, ძველრუსული ლიტერატურის, საეკლესიო-სლავური დამწერლობის წყაროთა ჭეშმარიტად ენციკლოპედიური ცოდნა. ამიტომაც მისი შრომები მეტად დამაჯერებელია.
ბ. პ. კუტუზოვის კალამს ეკუთვნის წიგნები: "Церковная "реформа" XVII века", "Знаменный распев - поющее богословие", "Византийская прелесть", "Русское знаменное пение", ასევე მრავალი სტატია. 17-ე საუკუნის სეკლესიო განხეთქილებისადმი მიძღვნელი ბ. პ. კუტუზოვის შრომები, გამოირჩევიან საკითხთა ღრმა წვდომით, გულწრფელი მისწრაფებით გარკვეულ იქნას ის ისტორიული რეალიები, რომლებიც სადღეისოდ ბევრწილ დამახინჯებული და გადმოყირავებულია. მის წიგნებსა და სტატიებში მოცემულია საეკლესიო განხეთქილების, როგორც ქვეყნის სულიერი და კულტურული ცხოვრების ფენომენის ობიექტური ანალიზი. ამ განხეთქილებამ დიდი გავლენა მოახდინა რუსი ხალხის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე.
ჩვენს საიტზე გადავწყვიტეთ მკითხველს გავაცნოთ ამ ობიექტური ისტორიკოსის ზოგიერთი ნაშრომი, რომელიც 17-ე ს-ის რუსეთის საეკლესიო განხეთქილებას ეძღვნება და, რომელმაც, თავის მხრივ, დიდი გავლენა მოახდინა ქართულ მართლმადიდებლობაზეც და საქართველოს მომავალ ხვედრზეც.
მართლმადიდებლობის სიწმიდის თანამედროვე დამცველთაგან ხშირად გვესმის: "არა პაპიზმს! არა კათოლიციზმს! არა უნიას! არა ეკუმენიზმს!"... მაგრამ, რატომ არ გვესმის - "არა ნიკონიანელობას!"? ყველაფერი ხომ სწორედ მისგან დაიწყო. ეს არის მართლმადიდებლობის სიწმიდისთვის ჩვენი მებრძოლების გასაოცარი ახლომხედველობა და უმეცრება.
განა ნიკონიანელობამ არ მისცა დასაბამი რუსული მართლმადიდებლობის ლათინიზაციას? განა ნიკონიანელობამ არ გაუხსნა გზა ეკუმენიზმს? განა ნიკონიანელობამ არ დაანგრია რუსული მართლმადიდებლობის მკაცრი კანონები, რომლის შემდეგაც ყველაფერი ნებადართულ იქნა - ხატწერა იტალიურ სტილში, საღვთისმსახურებო გალობა კათოლიკურ-პროტესტანტულად, დასხმითი ნათლობა შთაფლვის ნაცვლად, და მკრეხელური, თვითნებური მოპყრობა საღვთისმახურებო წეს-განგებისადმი ფორმულით - "თუკი მოძღვარი ინებებს", რომელსაც საკმაოდ ვრცელი განმარტება ეძლევა.
სად არის კრებითობა? - ის ნიკონამდელი საეკლესიო ყოფიერების კორდონს მიღმა დარჩა. კრებითობის ნაცვლად გვაქვს - მასწავლებელი ეკლესია, რომელიც ყველაფერზე უცთომელად მიგვითითებს და მოსწავლე ეკლესია, რომელიც უტყვი, პასიურ-ნებაწართმეული ფარაა. ამიტომაც არ არის კრებების საჭიროება, მათ უკვე დიდი ხანია აღარ იწვევენ. ყველაფერზე ხომ დამმოძღვრელი ეკლესია ზრუნავს, და აუცილებელ დადგენილებებსაც იღებს, კეთილ რომაელ-კათოლიკეთა მსგავსად.
სამაგიეროდ მოსწავლე და ნებაწართმეულ ფარას (მრევლს) დღეს გააჩნია ტენდენცია დამრიგებლებად და ხელმძღვანელებად აირჩიოს "მხცოვნები" ("სტარცები") და არა მღვდელმთავრები, თუმცა ამგვარი გადახრა - დაავადებისა და სიმახინჯის მომდევნო ფაზაა.
კრებითობის ნაცვლად დამკვიდრდა ავტორიტარული ხელმძღვანელობა ვერტიკალური ხაზით.
აკაფისტოების ლავა, რომლებიც მიღებულია უნიატობიდან.
გალობა ეკლესიაში თავისი სტილით თითქმის არაფრით განსხვავდება საკონცერტო, ოპერული გალობისგან.
როგორ გინდათ გადარჩეთ, მართლმადიდებლობის სიწმიდისთვის მებრძოლებო, თუკი პროტესტს არ გამოუცხადებთ ამ აშკარა ისტორიულ ზარალს?
ამ რამოდენიმე ხნის წინ, პროტესტანტული თემიდან მართლმადიდებლობაში გადმოსულმა ფინელებმა, რომელთაც გააჩნიათ მყარი, ისტორიულად ჩამოყალიბებული იმუნიტეტი კათოლიციზმისადმი, ასევე გამძაფრებული ალღო კათოლიციზმზე, მართლმადიდებლებად თავმომწონე რუსებს განუცხადეს, რომ: "თქვენ კიდევ უფრო დიდი კათოლიკეები ხართ, ვიდრე თვით კათოლიკეები"-ო.
მართლმადიდებლობის სიწმიდისთვის მებრძოლები რატომღაც ამ ყველაფერს ვერ ხედავენ, მათი მღელვარების საგანი მხოლოდ და მხოლოდ რომის პაპია.
მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ ნიკონიანელობამ უცხო გავლენებს გაუხსნა ყველა კარი და დარაბა, რომლებიც სამოციქულო კანონებით და განწესებებით ოდითგანვე იცავდნენ მართლმადიდებლობის სიწმიდეს.
ამ დროს ძველმართლმადიდებლობა (ძველმოწესეობა) საეკლესიო ზღუდეს ხელუხლებლად, ყოველგვარი სიახლეების გარეშე იცავს. როგორც ეს იყო დიდი წმინდანების პეტრეს, ალექსის, იონას, ფილიპეს და ერმოგენეს (1) დროს, რომლებიც "სამოციქულო გადმოცემათა ჭეშმარიტი მცველები" იყვნენ, - ისეა ახლაც.
______________________
1. XIII-XIV საუკუნეების რუსი წმინდანები - რედ.
______________________
ძველმართლმადიდებლებში ეკუმენისტური ლოცვების ნიშანწყალიც კი არ მოიპოვება, უნიას ძველმართლმადიდებლურ გარემოში წარმატების არანაირი შანსი არ გააჩნია, გალობის სტილი ჭეშმარიტად საეკლესიოა, ხატები - კანონიკურია (ყოველგვარი მონეს, მანეს და სხვა იმპრესიონისტების გარეშე), კრებებს ყოველწლიურად იწვევენ, და ისიც ჭეშმარიტ, ნამდვილ კრებებს, ერისკაცთა მონაწილეობით, და არა მხოლოდ მღვდელმთავრებისას.
მრევლი მკაცრად აკონტროლებს (როგორც ამას ბოლო წლების კრებები აჩვენებს) თავიანთ მოძღვართა საქმიანობას, საეკლესიო ერი არ იყოფა დამმოძღვრელ და მოსწავლე ნაწილებად. ეკლესიები შენდება და იკურთხება მართლმადიდებლური საეკლესიო კანონების მიხედვით, სადაც არ არსებობს არავითარი მასონური სიმბოლიკა და კათოლიკურ-პროტესტანტული გავლენა. ხოლო "სტარცობის" და მითუმეტეს "მლადოსტარცობის" სნეულება ძველმართლმადიდებლური საეკლესიო ცხოვრებისთვის საერთოდ უცხოა.
წყარო: https://web.archive.org/web/20130914024820/http://kutuzov-bp.ru/koren_bed.htm